28 ნოემბერს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გაიხსნა, ღონისძიება საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და ვითიბი ბანკის მხარდაჭერით შედგა. ოლიმპიადა სკოლის მოსწავლეების ყველაზე მასშტაბური სპორტული შეჯიბრია, ის მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება.
წლევანდელ ოლიმპიადაში მონაწილეობას 1700 სკოლის ასი ათასამდე მოსწავლე იღებს. ღონისძიება საზეიმოდ გახსნა და შეკრებილ ბავშვებს სიტყვით მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ოლიმპიადა 9 სპორტის სახეობას აერთიანებს, ფინალში გამარჯვებული მოსწავლეები სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატებზე მიემგზავრებიან, რომლებიც მსოფლიოს სხვადსხვა ქალაქში იმართება.
2017 წელს სასკოლო სპორტული ოლიმპიადას უმასპინძლა ქუთაისმა, ხოლო 2018 წელს ეს საპატიო ფუნქცია თბილისს ერგო, რის აღსანიშნავადაც სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენელმა სიმბოლურად ოლიმპიადის დროშა თბილისის მერს, კახა კალაძეს გადასცა.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დახმარებით ხორციელდება.
ვითიბი ბანკის გენერალური დირექტორის, არჩილ კონცელიძის განაცხადებით, ვითიბი ბანკი ქართულ სპორტს ძალიან აქტიურად უჭერს მხარს:
„ჩვენ ხუთი სპორტული ფედერაციის და ასევე ეროვნული ნაკრებების სპონსორები ვართ. ამასთან ერთად დიდი სურვილი გვქონდა, კიდევ უფრო მეტად დაგვეჭირა მხარი საბავშვო სპორტის განვითარებისთვის საქართველოში, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი ჯანსაღი თაობის აღზრდისთვის. სასკოლო ოლიმპიადა ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიებაა მოზარდებისთვის, რომელიც საქართველოში იმართება, ამიტომ გადავწყვიტეთ გენერალური სპონსორობა გაგვეწია მათთვის,” – აღნიშნა კონცელიძემ.
დღეს, 29 ნოემბერს, ბათუმსა და აჭარის სანაპირო რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი. წვიმიანი ამინდი ხვალ, შუადღემდე შენარჩუნდება, შემდეგ კი გამოიდარებს.
„ღამით და ხვალ, დღის პირველ ნახევარში, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა, დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს და მომდევნო სამი დღის განმავლობაში იქნება უნალექო ამინდი, შედარებით დათბება დღისით, თუმცა ტემპერატურა ღამით ისევ დაბალი დარჩება, რადგან მთებში თოვლია,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის სინოპტიკოსმა, მარინე ქათამაძემ.
სანაპირო რაიონებში ტემპერატურა ღამით 3-8 გრადუსი იქნება, დღისით – 9-14 გრადუსი სითბო. მთაში მოსალოდნელია ღამით 2-7 გრადუსი ყინვა, დღისით – 2-7 გრადუსი სითბო. ზღვის წყლის ტემპერატურა დაახლოებით 10 გრადუსია.
20 წლის მამაკაცი, რომელსაც 27 ნოემბერს მიკროავტობუსი ტროტუარზე დაეჯახა, ისევ მართვით სუნთქვაზეა. ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის უცვლელია.
ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორის, ნათია ნუცუბიძის თქმით, ავარიის შედეგად დაშავებული გამოღვიძების დროს კონტაქტურია და ადეკვატური. იგი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და ფილტვების ტრავმის გამო რჩება მართვით სუნთქვაზე.
ავტოსაგზაო შემთხვევა ფარნავაზ მეფისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში 27 ნოემბერს მოხდა. თავდაპირველად მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა მიკროავტობუსს, მიკროავტობუსი კი ტროტუარზე შევარდა და 20 წლის ბიჭს დაეჯახა.
2017 წლის 14 ივნისს ლონდონის 24-სართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 80 ადამიანი დაიღუპა. მხოლოდ 34 გარდაცვლილის იდენტიფიცირება მოხერხდა. მეხანძრეებმა 65 ადამიანი გადაარჩინეს სიკვდილს.
პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ, 5 მლნ. ფუნტი სტერლინგი გამოყო გადარჩენილებისთვის საკვები პროდუქტების, სამოსისა და პირველადი მოხმარების ნივთების შესაძენად.
საზოგადოების მწვავე კრიტიკის ფონზე გადადგა კენსინგტონისა და ჩელსის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, ნიკოლას ჰოლგატი.
თანამდებობა დატოვა ასევე საბჭოს ლიდერმა, ნიკ პეიჯეტ-ბრაუნმა, მას შემდეგ, რაც საზოგადოება კენსინგტონისა და ჩელსის საქალაქო საბჭოს ბრალეულობაზე ალაპარაკდა.
გადადგა ამავე საბჭოს მიერ მართული ორგანოს, Kensington and Chelsea Tenant Management Organization-ის აღმასრულებელი დირექტორი.
ფოტო: ევროპული პრესფოტო სააგენტო. EPA/ANDY RAIN
ხელისუფლებამ შექმნა სპეციალური ფონდი, რომლის საშუალებითაც დაზარალებულები საცხოვრებლებით უზრუნველყვეს.
დაზარალებულთა დასახმარებლად სპეციალურმა ფონდმა 3 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეაგროვა.
შრომისა და პენსიის დეპარტამენტმა (DWP) ხანძრიდან მალევე ერთჯერადად გასცა 5000 ფუნტი სტერლინგი დაზარალებული ოჯახებისთვის.
ხელისუფლებამ 600-ზე მეტი საეჭვო შენობა შეამოწმა ინგლისის ქალაქებში, მათგან 259-მა ტესტირება ვერ გაიარა და საცხოვრებლად საშიშ სახლებად გამოცხადდა.
ხელისუფლებამ გადაუდებელ საჭიროებად მიიჩნია ასევე საავადმყოფოების, ოფისებისა და სხვა ტიპის შენობების უსაფრთხოების ნორმების გადამოწმება.
ხანძარი ლონდონში სოციალურ საცხოვრებელ Grenfell Tower-ში გაჩნდა, რომელშიც, ლონდონის პოლიციის მონაცემებით, ტრაგედიის დროს დაახლოებით 355 ადამიანი იმყოფებოდა. ხანძრის ჩაქრობის პროცესში 40 სახანძრო მანქანა და 200-ზე მეტი მეხანძრე იყო ჩართული. ხანძრის სრულად ჩასაქრობად მათ 24 საათი დასჭირდათ. მთლიანად დაიწვა მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლი და დაზიანდა შენობა-ნაგებობები მიმდებარე ტერიტორიაზე.
თავდაპირველად ლონდონის მერი, სადიქ ამან ხანი, აღნიშნავდა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.
მეხანძრეებმა მაღალსართულიანი სახლის მხოლოდ მეთორმეტე სართულამდე მოახერხეს ასვლა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ცეცხლი თავიდან Hotpoint-ის ფირმის მაცივარს გაუჩნდა , თუმცა ხანძარი გამიზნულად არავის დაუგეგმავს. როგორც გაირკვა, შენობაში სახანძრო განგაშის სისტემა არ ამოქმედდა, რის გამოც ადამიანებმა დროულად ვერ მოახერხეს მობილიზება.
BBC-ის ინფორმაციის მიხედვით, ხანძრის ჩაქრობა გართულდა, რადგან მეხანძრეები აქრობდნენ ცეცხლს და პარალელურად უნდა ჩამოეყვანათ მაღალი სართულებიდან ცოცხლად გადარჩენილი მცხოვრებლები.
წყლის ჭავლი არ იყო საკმარისად ძლიერი, მწყობრიდან გამოვიდა რადიოგადამცემები და სხვა ხელსაწყოები, რომლებმაც 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში გამართულად ვერ იმუშავა და შედეგად ხანძარი კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა.
ხანძარი განსაკუთრებულად გააძლიერა მასალამ, რომლითაც საცხოვრებელი სახლის ფასადი ხანძრამდე ცოტა ხნით ადრე იყო მოპირკეთებული. აღმოჩნდა, რომ სახლის რემონტისას გეგმით გათვლილი მისაპირკეთებელი საშუალებები რეალურად იაფფასიანი მასალით შეცვალეს. თუთიის ფირფიტების ნაცვლად, ნაკლებად ცეცხლგამძლე მასალა – ალუმინი გამოიყენეს, რის შედეგადაც სამშენებლო კომპანიამ 300 000 ფუნტი სტერლინგი დაზოგა.
ფოტო: ევროპული პრესფოტო სააგენტო. EPA/FACUNDO ARRIZABALAGA
ლონდონის ადგილობრივი თვითმმართველობის დეპარტამენტმა (DCLG) დაადასტურა, რომ არ შეიძლება პოლიეთილენის შიგთავსიანი ალუმინის ფირფიტების გამოყენება 18 მეტრზე მაღალი შენობის ფასადის მოსაპირკეთებლად.
სამშენებლო მასალების მწარმოებელმა კომპანია Arconic-მა აღიარა, რომ სწორედ პოლიეთილენის შიგთავსიანი ალუმინის კომპოზიტური ფირფიტები იყო გამოყენებული დამწვარი საცხოვრებელი სახლის ფასადის ძირითად მოსაპირკეთებელ მასალად.
საცხოვრებელი სახლი 1974 წელს ააგო კენსინგტონისა და ჩელსის საქალაქო საბჭომ. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები კი 2016 წლის მაისში ჩატარდა, რაც ითვალისწინებდა ფასადის მოპირკეთებას, ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობასა და ფანჯრების შეცვლას. რეკონსტრუქციისას შენობის სამშენებლო ბლოკი სახანძრო დეპარტამენტის მიერ „საშუალოდ ცეცხლსაშიშ“ სამშენებლო მასალად შეაფასეს.
ქალაქ ბათუმს, მერიის მონაცემებით, ამ დროისთვის 101 მილიონამდე ევროს ვალი აქვს, რაც დღევანდელი კურსით 327 მილიონ 644 ათასი ლარია. ეს ვალი ქალაქის ბიუჯეტიდან 2045 წლის ჩათვლით, ეტაპობრივად უნდა დაიფაროს.
ბათუმის ბიუჯეტიდან ვალდებულებების [სესხის ძირი თანხისა და პროცენტის] დაფარვას მომავალ, 2018 წელს, 18 მილიონ 242 ათასი ლარი დასჭირდება. ეს თანხა ბიუჯეტის პროექტში უკვე გაწერილია. მიმდინარე წელს ამ კუთხით 20 მილიონ 465 ათასი ლარია გათვალისწინებული, გასულ წელს კი – 12 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
ბათუმის მერიის დღევანდელი მონაცემებით, ქალაქს 93 მილიონ 748 ათას 920 ლარი ვალის [პროცენტთან ერთად] გადახდის გრაფიკი [პროგრამა] აქვს გაწერილი, რომლის მიხედვითაც ეს თანხა 2021 წლის ჩათვლით უნდა გადაიხადოს:
მომავალი წლისთვის ბიუჯეტიდან სესხების მომსახურებისთვის გათვალისწინებული 18 მილიონ 242 ათასი ლარიდან, ბათუმის მერიის ინფორმაციით, 196 600 ლარი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებული სესხების, 17 985 300 ლარი – გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან [KfW] მიღებული სესხების, ხოლო 60 100 ლარი – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან [EBRD] მიღებული სესხის მომსახურებისთვის დაიხარჯება.
დონორი ორგანიზაციის სესხებით ბათუმში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, სადაც თანადამფინანსებელი ბათუმის მერიაა. ამ პროექტების განხორციელება კი ბათუმში 2008 წლიდან მიმდინარეობს.
ქალაქის 2018 წლის ბიუჯეტში დონორების მიერ დაფინანსებულ საინვესტიციო პროექტებში თანამონაწილეობისა და თანადაფინანსების ხარჯებისთვის 7 540 200 ლარია განსაზღვრული. აქედან 1 891 500 ლარი ბათუმის ავტობუსების პროექტის, ხოლო 5 648 700 ლარი – ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსებისათვის.
წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციაში, ძირითადად, სესხად აღებული თანხები იხარჯება, თუმცა ქუჩების კეთილმოწყობა ცალკეულ უბნებში დროში იწელება. ერთ-ერთ ქუჩაზე, მერიის ინფორმაციით, წყლის სარეაბილიტაციო სამუშაო განხორციელდა და სისტემა ამჟამად სატესტო რეჟიმშია. გზა, სადაც ავტოტრანსპორტი ვეღარ მოძრაობს, სავარაუდოდ, ორი-სამი თვის შემდეგ მოშანდაგდება. მერიაში ვერ აკონკრეტებენ, როდის გამოძებნის მერია თანხას იუსუფ ფაღავას ქუჩის კეთილმოსაწყობად.
ბათუმის ბიუჯეტში წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიცაა შექმნილი, რომელშიც 2018 წელს 30 ათასი ლარი იქნება.
„წინა პერიოდში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარავად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2018 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის საბიუჯეტო ასიგნების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლის მიხედვით დამტკიცებული სახსრები, რისთვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციას“, – აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტში.
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, ACCESS-ის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“. პროექტის ფარგლებში იმართება დისკუსიათა ციკლი „საუბრები ევროპაზე“. 24-25 ნოემბერს კულტუროლოგმა, ცირა ელისაშვილმა, მარადიდის საჯარო სკოლასა და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხა ლექცია თემაზე – „კულტურული მემკვიდრეობის საერო და სასულიერო ასპექტები“.
გთავაზობთ ლექციის ნაწყვეტს.
ცირა ელისაშვილი:
არსებობს კულტურის ზოგადი და კონკრეტული აღქმა. თუ ვიტყვით – მე მომწონს დასავლური ან აღმოსავლური კულტურა, ეს ცოტა ზოგადი განაცხადია. მაგრამ შესაძლებელია დავაკონკრეტოთ და ვთქვათ, რომ აი, ევროპულ კულტურაში მომწონს გერმანული კულტურა და აქ უკვე კონკრეტიკაზეა აქცენტი გაკეთებული. კულტურა არის ყოფითი, ყოველდღიური მოვლენა. იმიტომ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა ტემბრით, რა რეგისტრში გესაუბრებით ახლა მე თქვენ. შესაძლებელია სხვა შემთხვევაში ეს ტემბრი ყოფილიყო ან უფრო მკაცრი, ან უფრო მაღალი და ამ თვალსაზრისით არ შემდგარიყო კავშირი ჩვენ შორის. ანუ არსებობს საუბრის კულტურა, არსებობს სმენის კულტურა, არსებობს ჭამის (როგორ ვჭამთ) და კვების (რას ვჭამთ) კულტურა და არსებობს შინაგანი კულტურა, რომელიც არსად ასე გაწერილი არ არის, მაგრამ ეს არის მარეგულირებელი ჩარჩო, რომლითაც ინდივიდუალურად თითოეული ჩვენგანი კონკრეტულ რეგულაციას უწესებს საკუთარ თავს და რაც რაღაცის გაკეთების საშუალებას გვაძლევს, ან პირიქით, რაღაცის გაკეთების უფლებას არ გვაძლევს.
აი, ამ კულტურის ერთ-ერთი ნაწილი არის უკვე გამომსახველობითი შინაარსის კულტურა, რომელსაც კულტურულ მემკვიდრეობას ვეძახით. კულტურული მემკვიდრეობა ეს არის კულტურის მხოლოდ ერთი სახე. კულტურულ მემკვიდრეობაში უამრავი შრეა. ეს არის მატერიალური კულტურა, არამატერიალური კულტურა. ეს არის ბუნების ძეგლი, ადამიანის ხელით შექმნილი ძეგლები, ეს არის მოძრავი და უძრავი ძეგლები. დღეს არქიტექტურულ ძეგლებზე გავაკეთებ აქცენტს, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მნიშვნელოვანი თემაა, როგორ ვითარდება ქალაქი ან სოფლის ტიპის დასახლება. შეიძლება დავიწყოთ წიგნის კითხვა, არ მოგვეწონოს და დავხუროთ. შეიძლება კინოფილმის ნახვა გადავწყვიტოთ, ასევე არ მოგვეწონოს და გადავრთოთ სხვა არხზე, მაგრამ არქიტექტურა არის ის, რომელზედაც თვალს ვერ დახუჭავ და რომელსაც ვერც დახურავ, იმიტომ, რომ ის ურბანულ გარემოშია. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, როგორ ვითარდება, მაგალითად, ქალაქი, რამდენად ღირებულია ის არქიტექტურა, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, თუნდაც თანამედროვეობაში, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი სარკე, ეს არის ის, რისი იგნორირებაც, ვიზუალური იგნორირება უბრალოდ ფიზიკურად ვერ ხერხდება. აი, ამ არქიტექტურული კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის ერთი ნაწილი არის საკულტო ნაგებობები. მაგრამ ჩვენ რაღაც, ზოგად ცნებებზე უნდა შევთანხმდეთ და შეიძლება მერე სხვადასხვა პოზიციაზე დავრჩეთ. მაგრამ ზოგადი ცნება ნიშნავს იმას, რომ კულტურული მემკვიდრეობისათვის არ არსებობს ფუნქციური დანიშნულების მიხედვით ღირებული ძეგლი.
ზოგადად, რა არის არქიტექტურული მემკვიდრეობა? არქიტექტურული მემკვიდრება არის რაიმე სახის მემკვიდრეობა, რომელსაც გააჩნია ისტორიული, კულტურული, მონუმენტური, საინჟინრო ან რაიმე სხვა სახის ღირებულება. მაგრამ ამ ჩამონათვალში არ ფიგურირებს სიტყვა ფუნქცია. კულტურული მემკვიდრეობის ფუნქციური დანიშნულება თავად ძეგლისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი არ არის.
როდესაც ურბანულ მემკვიდრეობაზე ვსაუბრობთ, ან ზოგადად, არქიტექტურულ მემკვიდრეობაზე, პირველი, რაც ახსენდებათ, მაინც არის სასულიერო ნაგებობები. ეს შეიძლება იყოს მეჩეთი, ეს შეიძლება იყოს სინაგოგა, კათოლიკური, მართლმადიდებლური ეკლესიები. ეს რაღაც ინფორმაცია ეტყობა ჩვენში დალექილია და პირველი მოდის წინ.
საქართველოს ერთ-ერთმა კულტურის მინისტრმა სრულიად გულწრფელად დასვა შეკითხვა ერთ-ერთ შეხვედრაზე. „ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი ჰქონდეს სვეტიცხოველს და ამავე დროს რაღაც შენობას თბილისში, რომელი შენობაც არის საცხოვრებელი სახლიცო“.
მისი ეს პოზიცია იყო სრულიად გულწრფელი, მაგრამ ჩვენ, ვინც იქ ვისხედით, შევშფოთდით, სხვა თვალსაზრისით, რომ ის იყო კულტურის მინისტრი, რომლის მთავარი ვალდებულება იყო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პირიქით, მისთვის უნდა ყოფილიყო ყველაზე ნათლად განსაზღვრული, რომ ძეგლის ფუნქციური დაყოფა არ შეიძლება.
საჯარო ლექცია მარადიდის სკოლაში
იუნესკოში საქართველოდან იყო შესული სამი ძეგლი. ეს იყო მცხეთის ისტორიული მონუმენტები – მცხეთის ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოველი და სამთავრო. სოფელი სვანეთში, ჩაჟაში, რომელიც ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია. გელათის სამონასტრო კომპლექსი და ბაგრატის საკათედრო ტაძარი, ერთ ძეგლად იყო შესული.
რატომ ვაკეთებთ აქცენტს ამაზე და რატომ ვამბობთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა ობიექტის ფუნქციურ დანიშნულებას. იმისათვის, რომ განვსაზღვროთ მისი არქიტექტურული ღირებულება. ბაგრატი იუნესკოში იყო შესული უფუნქციოდ. ის არ იყო ეკლესია, სადაც წირვა-ლოცვა აღევლინებოდა. ამ შემთხვევაში მას არ ჰქონდა მონოლითური, ერთიანი სახე, ის იყო ნაშთის სახით წარმოდგენილი. მაგრამ მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციამ აღიარა მისი უნივერსალური ღირებულება და თქვა, რომ იმ 1200 ძეგლიდან, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ჩემს სიაში არის შეყვანილი, ბაგრატი იმსახურებს, იყოს ამ შემადგენლობაში. თუმცა მაშინ, როდესაც ჩვენ მას დავუბრუნეთ ე.წ. ისტორიული ფუნქცია და ვაქციეთ ეკლესიად, გადავხურეთ ის როგორც ეკლესიის ხუროთმოძღვრებისთვის იყო საჭირო და მივეცით ერთიანი ფორმა, იუნესკომ განაცხადა, რომ ბაგრატი აღარ არის მისი ინტერესის სფერო და იღებს მას მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან. აქ საუბარია იმაზე, რომ თუნდაც ისტორიულად, ამა თუ იმ შენობას, თავის დროზე ჰქონდა მკვეთრად წარმოსახული საკულტო ნაგებობის ელფერი. ფუნქცია ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა შემთხვევაში ჩვენ ამ ფუნქციიდან უნდა ამოვიდეთ. იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ბევრი ძეგლი, რომლებსაც ფუნქცია დაკარგული აქვთ, მაგალითად, ციხე-სიმაგრეები, კონკრეტული საფორტიფიკაციო ნაგებობები ახლა უკვე არის ამ ფუნქციის გარეშე. მაგრამ როგორც ისტორიულ შენობებს, მათ დღემდე აქტუალობა და მნიშვნელობა არ დაუკარგავთ.
ანუ სინაგოგა არ ნიშნავს იმას, რომ მაინცადამაინც მოქმედი იყოს, ისე როგორც ეკლესია, ისევე როგორც მეჩეთი და განსაკუთრებით ეს უნდა გვესმოდეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო.
ისეთ საქართველოში, რომელსაც აქვს დედაქალაქი თბილისის სახით და ისეთ ქალაქში, რომელიც ქმნის განსხვავებულ კულტურას. თბილისური კულტურა სხვა არის, ზოგად ქართული კულტურა სხვა არის. რა თქმა უნდა, ეს მისი განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ასეთი იდენტური ცნება, რომელიც აიგივებს თბილისურ კულტურასა და ზოგად ქართულ კულტურას შორის, ეს მახასიათებლები ერთნაირი არ არის.
თბილისი იყო ტოლერანტობის ძალიან კარგი მაგალითი. მართლა ერთი ფეხის ნაბიჯზე ნახავდით კათოლიკურ ეკლესიას, მართლმადიდებლურ ეკლესიას და ეს შეიძლებოდა ყოფილიყო – ბერძნული, ქართული, რუსული ეკლესია. ვხვდებოდით სომხურ, გრიგორიანულ ეკლესიას და მეჩეთს. ასევემე მინდა ყურადღება გავამახვილო, ერთ ძეგლზე, ბეთლემის უბანში, გომის ქუჩა #3-ში დგას მეხუთე საუკუნის ძეგლი, რომელსაც ჰქვია ათეშგა. ათეშგაჰ – ეს არის ცეცხლის ადგილი, თარგმანში. ეს არის ზოროასტრიზმის ტაძარი, იმიტომ, რომ ისლამი მეშვიდე საუკუნის რელიგიაა და მანამდე რაც არსებობდა, რითიც შემოვიდნენ სპარსელები, ეს იყო ცეცხლთაყვანისმცელობა და აი, ამ ტიპის ნაგებობა, რომელზედაც ისტორიულ წყაროებში წერია, რომ ვახტანგ გორგასლის კარზე იჯდა სპარსი ეპისკოპოსი, ამ საკულტო ნაგებობის ქურუმზეა საუბარი, ეს ძეგლიც თბილისის ტერიტორიაზე არსებობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ამ ტიპის ძეგლები, მაგრამ თუ რაიმე მიზეზის გამო ფუნქცია დაკარგულია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფუნქციის დაკარგვის შემთხვევაში კნინდება ასეთი ძეგლების ისტორიული სახე და დანიშნულება. არ გამიგოთ ისე, მომხრე ვარ, რომ ზოგადად ამ ძეგლებს ფუნქცია საერთოდ არ ჰქონდეს, ასე არაა, მაგრამ თუ რეალობა უკვე არსებობს ისეთი, როგორიც გვაქვს, ამ შემთხვევაში საფრთხილოა ფუნქციის თემა, იმიტომ, რომ არ მოხდეს ის, რაც მოხდა ბაგრატის ტაძართან მიმართებაში.
არსებობს გრანადის ქარტია, ევროპული ქარტია არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, სადაც პირდაპირ წერია, რომ არქიტექტურული მემკვიდრეობის ფასეულობაზე, მის როლსა და მის მნიშვნელობაზე საუბარი უნდა იყოს სასკოლო ასაკიდან. მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე თბილისის სკოლების მაგალითზე შემიძლია საუბარი, ვერ გეტყვით ვერც ერთ სკოლას, სადაც ეს თემა, როგორც გაკვეთილების კურსი, იყოს ინტეგრირებული კურიკულუმში. უფრო მეტიც, საბაკალავრო დონეზეც კი ეს თემა არ განიხილება, უკვე უმაღლესი სასწავლებლის დარგში. ერთადერთი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) ამ კურსს ვუკითხავთ მომავალ საჯარო მოხელეებს. ამ კურსს ჰქვია კულტურული მემკვიდრეობა და ურბანული პოლიტიკა. იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ერთი ძალიან საინტერესო მაგალითი არსებობს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ერთადერთი არ არის, როდესაც ისტორიულ ძეგლს, რომელსაც თავის დროზე ჰქონდა ეკლესიის ფუნქცია, რომელიც წარმოადგენს ბიზანტიური კულტურის ძალიან მნიშვნელოვან ნიმუშს და მერე საუკუნეთა მანძილზე იყო იგივე ეკლესია მეჩეთად გადაკეთებული, მაშინ როდესაც დადგა საკითხი – რა უნდა გავაკეთოთ, უნდა დავუბრუნოთ ის ეკლესიას, თუ უნდა დაუბრუნდეს ის მუსლიმან თემს, აი, ამ შემთხვევაში მაშინდელმა პოლიტიკურმა მოღვაწემ, ეს არის ათათურქი, მიიღო ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება – მან აღიარა ორივე კონფესიის არსებობის უფლება, მაგრამ იმიტომ, რომ კონფლიქტურ სიტუაციაში არ გადაზრდილიყო „აია სოფიას“ კუთვნილების საკითხი, მან მიიღო გადაწყვეტილება და „აია სოფია“ დღეს არის მუზეუმი. აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თუ არსებობს რაიმე კამათის საგანი ძეგლთან მიმართებაში, მიღებული იქნას სწორი გადაწყვეტილება. უფრო მეტი მნახველი ჰყავს აია სოფიას, როგორც მუზეუმს ფუნქციური დანიშნულებით, ვიდრე ეყოლებოდა მაშინ, როცა ის იქნებოდა ან მეჩეთი, ან ეკლესია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საფრთხილო, ძალიან დელიკატური თემა, სადაც დაფიქრება გვმართებს.
ამდენად, უნდა ვაღიაროთ, რომ ძეგლს შეიძლება ჰქონდეს სასულიერო ან პოლიტიკური კონტექსტი და ეს საინტერესო იყოს ძეგლის ისტორიისათვის, მაგრამ ამ კონტექსტმა, ან ამ კონტექსტის უქონლობამ ვერ უნდა მოახდინოს გავლენა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის უნივერსალობასა და ღირებულებაზე. ვინაიდან, სასულიერო ფუნქციის დაკარგვის შემთხვევაშიც ობიექტის მნიშვნელობა არ კნინდება. ძეგლი რჩება საერო ობიექტად და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საგნად.
2018 წლის იანვრიდან საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირები ხელფასთან ერთად დანამატსაც მიიღებენ და პრემიასაც, რომელსაც ფულადი ჯილდო დაერქმევა. იმას, რომ თითქოს მომავალი წლიდან ხელფასთან ერთად დანამატები აღარ გაიცემა, შესაბამისი კანონპროექტი არ ითვალისწინებს. კანონპროექტი პარლამენტშია და როგორც საჯარო სამსახურის ბიუროში გვითხრეს, მისი დამტკიცება იანვრამდე უნდა მოესწროს.
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“კანონის პროექტზე ბიურომაც იმუშავა და წარდგენილი გვაქვს პარლამენტში მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით. პირველი მოსმენა პლენარულ სხდომაზე ჯერ არ ყოფილა. მიმდინარეობს კომიტეტებში განხილვა,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოადგილემ, თეიმურაზ ჩიხრაძემ.
მისივე ინფორმაციით, კანონპროექტი ადგენს თანამდებობრივი სარგოს, დანამატისა და ფულადი ჯილდოს [პრემიის] მაქსიმალურ ზღვრებს. მაგალითად, დანამატი წლის განმავლობაში, ჯამში არ უნდა აღემატებოდეს წლიური თანამდებობრივი სარგოს 20%-ს, ხოლო ფულადი ჯილდო – 10%-ს.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, თეიმურაზ ჩიხრაძის განცხადებით, „დანამატის შემთხვევაში ზედა ზღვარი არ გვაქვს. ბიუჯეტის შესახებ კანონში წერია, რომ შესაძლოა გაიცეს, ოღონდ შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში. ზედა ზღვარი არც თანამდებობრივ სარგოზეა და, ფაქტობრივად, პრაქტიკაზე დაყრდნობით მტკიცდება საშტატო ნუსხა. პრემიებთან დაკავშირებით კი, არსებობს მთავრობის დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს ზედა ზღვარს, პერიოდულობას და რაოდენობას. პრემიის ზედა ზღვარი დღეს არის თანამდებობრივი სარგოს 100% და შესაძლებელია გაიცეს კვარტალურად და სადღესასწაულო თარიღებთან დაკავშირებით – ჯამში პრემია შესაძლებელია გაიცეს წელიწადში 7-ჯერ“.
არსებული კანონპროექტით, თანამდებობრივ სარგოს განსაზღვრავს საჯარო დაწესებულება, დაწესებულების ხელმძღვანელი, თუმცა დადგენილია კოეფიციენტების მიხედვით მაქსიმალური ზღვარი თითოეული რანგისა და კატეგორიისთვის. ეს ეხება თვითმმართველობებსაც.
„კლასის დანამატი ექნება მხოლოდ საჯარო მოხელეს და კანონპროექტით გაწერილია პროცენტები პირველიდან-მეთორმეტე კლასამდე, თუ რამდენი შეიძლება გაიცეს ამა თუ იმ კლასის მოხელეზე. რაც შეეხება ფულად ჯილდოს [პრემიას – ავტ.] ის მიბმულია მოხელის შეფასებაზე – შეფასება კი შესაძლოა წელიწადში რამდენჯერმე მოხდეს, სწორედ ამ შეფასების საფუძველზე უნდა გაიცეს ფულადი ჯილდო,“ – ამბობს თეიმურაზ ჩიხრაძე.
რაც შეეხება დანამატს, კანონპროექტით შესაძლებელი იქნება ის ყოველთვიურადაც კი გაიცეს დასაქმებულზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ის ზეგანაკვეთურად მუშაობს და დამატებითი ფუნქციები აქვს დაკისრებული. თუმცა მიღებული დანამატის ჯამი წლის განმავლობაში არ უნდა იყოს წლიური სარგოს 20%-ზე მეტი.
როგორ დაითვლება ერთი თვის ხელფასი მომავალი წლიდან?
საჯარო სამსახურის ბიუროში განმარტავენ, რომ დადგინდება საბაზისო თანამდებობრივი სარგო, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო დაიანგარიშებს და რომელიც გაიწერება სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში. ეს საბაზისო თანამდებობრივი სარგო გამრავლდება შესაბამის კოეფიციენტზე და ეს იქნება ერთი თვის თანამდებობრივი სარგო, ანუ ერთი თვის ხელფასი.
თუ საბაზისო სარგო იქნება, დავუშვათ, 1000 ლარი, თითოეული მოხელის ერთი თვის ხელფასი დაიანგარიშება შემდეგნაირად: ეს 1000 ლარი გამრავლდება იმ კოეფიციენტზე, რაც კანონპროექტითაა დადგენილი. ეს კოეფიციენტები კი, სხვადასხვა რანგის თანამდებობის პირისთვის სხვადასხვაა.
მაგალითად, კანონპროექტის მიხედვით: პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის შემთხვევაში, ყოველთვიური ხელფასის ზედა ზღვარი არის – საბაზისო თანამდებობრივი სარგო გამრავლებული 10-ზე; ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეების შემთხვევაში – 8,5-ზე; საქართველოს მინისტრები – 8,5-ზე; ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები – 6-ზე; და ა.შ. ყველაზე დაბალი კოეფიციენტია საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე – 0,1-დან 0,8-მდე.
რას ცვლის ახალი კანონპროექტი ბიუჯეტებში შრომის ანაზღაურებისთვის საჭირო თანხის რაოდენობის მხრივ? – ფაქტობრივად, არაფერს. შრომის ანაზღაურებისთვის საჭირო თანხა მომავალი წლის ბიუჯეტების პროექტებში იმდენივეა, რამდენიც მიმდინარე წელს:
[checklist]
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს ხელფასს 116 757 ადამიანი იღებს, მომავალ წელს კი მათი რიცხვი 113 825-მდე მცირდება. მიუხედავად ამისა, შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული თანხა იზრდება: 1,393 მილიარდი ლარი მიმდინარე წელს, ხოლო 1,399 მილიარდი ლარია გაწერილი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში;
აჭარის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში, იმ საჯარო მოხელეების შრომის ანაზღაურებისთვის, რომლებიც ხელფასს ამ ბიუჯეტიდან იღებენ 35,8 მილიონი ლარია გაწერილი, ფაქტობრივად იმდენი, რამდენიც მიმდინარე წელს – 36,9 მილიონი. სხვაობა კი ძირითადად იმითაა განპირობებული, რომ დასაქმებულთა რაოდენობა 252 ადამიანით მცირდება.
ბათუმის ბიუჯეტიდან 2661 ადამიანი აიღებს ხელფასს მომავალ წელს. ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით სახელფასო ფონდი 19,2 მილიონი ლარითაა განსაზღვრული. მიმდინარე წლის ბიუჯეტის მიხედვით კი, მერიასა და საკრებულოში დასაქმებული 2614 ადამიანის ხელფასებისთვის 19,6 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
[/checklist]
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით: „დაუშვებელია 2018-2020 საბიუჯეტო წლებში საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურების ფონდის ზრდა 2017 წლის საკასო ხარჯის ჯამურ მაჩვენებელთან მიმართებაში… თუმცა, ამ ფონდის გაზრდა 2017 წელთან შედარებით შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, მხოლოდ შესაბამისი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში“.
მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან საჯარო სამსახურებში დანამატები და პრემიები არ უნდა გაცემულიყო, თუმცა მთავრობამ არსებული წესი 2018 წლის იანვრამდე დატოვა ძალაში.
რამდენიმე დღის წინ ხელფასებთან, დანამატებთან და პრემიებთან დაკავშირებით განცხადება აჭარის მთავრობამაც გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ დანამატები საჯარო სამსახურებში დაბალი ხელფასის გამო გაიცემა: „საკითხი 2018 წლიდან დარეგულირდება, როდესაც ძალაში შევა საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, რომელიც საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურების წესს და პირობებს განსაზღვრავს“.
შუახევის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება 1000 აბონენტს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აჭარის სადისპეტჩეროს წარმომადგენლის, თემურ მიქელაძის თქმით, სოფლებში გეგმიური სამუშაოები მიმდინარეობს:
,,შუახევის სოფლებში ავარიული გათიშვა არ არის, გეგმიური სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, შუქი ყველა სოფელში არის. დანარჩენი სხვასთან გაარკვიეთ,” – გვითხრა თემურ მიქელაძემ სატელეფონო საუბარში.
მიუხედავად სადისპეტჩეროს განცხადებისა, რომ ქედაში ელექტროენერგიის მიწოდებაში პრობლემა არ არის, ამ დროისთვის შუქი არ მიეწოდება სოფელ არსენაულს ქედაში. რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტს, აქ ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ ბეღლეთს.
ხულოს მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით: ,,პრობლემები იყო ბოძაურში, დანისპარაულსა და ბეღლეთში, ენერგოკომპანიის წარმომადგენლები რამდენიმე დღეა მუშაობენ, როგორც მაცნობეს, პრობლემა მოგვარდა”.
რემზი შარაძე იუსტიციის სამინისტროს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. დავის საგანი მინისტრის ბრძანებაა, რომლის მიხედვითაც იძულებითი აღსრულების დროს აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს 0 ლარს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ შესაძლებელია ძვირადღირებული ქონება შეუსაბამოდ დაბალ ფასად გაიყიდოს, რაც არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას.
სარჩელში აღნიშნულია, რომ რემზი შარაძის საცხოვრებელი ბინა 33 ათას დოლარად გაიყიდა საბანკო კრედიტის გადაუხდელობის გამო. სარჩელის მიხედვით, რემზი შარაძის ბინა 51 ათას დოლარად იყო შეფასებული.
„ეს ხომ ძარცვაა. სამწუხაროდ დღევანდელი ხელისუფლება და მთავრობა ხელმძღვანელობს მათ წინამორბედთა მიერ მიღებული ანტიკონსტიტუციური კანონებით, ბრძანებებითა და დადგენილებებით. მათ თავისუფლად შეუძლიათ მიიღონ ისეთი კანონი, ბრძანება და დადგენილება, რომლის მიხედვით ორმა პირმა (სუბიექტმა) ერთმანეთში ურთიერთშეთანხმებით, ან სასამართლოში ურთიერთშეთანხმებით მოვახდინოთ რეალურ საბაზრო ფასად ჩვენი ქონების რეალიზაცია და კრედიტორმა მიიღოს თავისი კუთვნილი თანხა… მოვალე საგრძნობლად არ უნდა დაზარალდეს და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირი არ გახდეს სახელმწიფოს დასახმარებელი, რაც ისედაც ასიათასობით ჰყავს,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სარჩელში.
საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს.
ვერ ახერხებს თუ არ ახერხებს სახელმწიფო შენობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტროლს და რა როლი აქვს ამაში არქიტექტორს, რომელმაც შენობის პროექტი შეადგინა? როგორ არეგულირებენ ამას ევროპაში? – ამ თემაზე „ბათუმელების“ კითხვებს არქიტექტორმა, ზურაბ ბაქრაძემ უპასუხა.
ვიცით, რომ კანონმდებლობა არქიტექტორს ავალდებულებს შენობის ნახაზის შედგენისას გაითვალისწინოს უსაფრთხოების ნორმები, იმ შემთხვევაშიც კი, როცა დამკვეთს ამაში ფულის დახარჯვა არ სურს. უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, რა ვალდებულებები აქვს ამ მიმართულებით არქიტექტორს და რა მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს შენობა უსაფრთხოების თვალსაზრისით?
არქიტექტორი ვალდებულია შენობა დააპროექტოს მშენებლობის ყველა ნორმის დაცვით, თუმცა არსებობს ორი სფერო, რომელთა ნორმების დაცვა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და სახელმწიფოც განსაკუთრებით უნდა ზრუნავდეს მათ დაცვაზე. ეს სფეროებია შენობა-ნაგებობათა მდგრადობა და მათი ხანძრისგან დაცვა. ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები ამას პასუხისმგებლობით უდგებიან, არსებობენ სახელმწიფოს ნდობით აღჭურვილი ექსპერტები ამ ორივე დარგში. ეს ოფიციალური სტატუსია.
ქალაქის მმართველობის შესაბამისი სამსახური არ გასცემს მშენებლობის ნებართვას გარკვეული კატეგორიის შენობების ასაშენებლად [ამ კატეგორიას განეკუთვნება თითქმის ყველა შენობა ბევრი მომხმარებლით, მაგალითად, სასტუმრო 12-ზე მეტი საწოლით], თუ არ არსებობს ასეთ ექსპერტთა მიერ შედგენილი მდგრადობისა და ხანძრისგან დაცვის სტანდარტი, ან თუ პროექტს არ ახლავს ამ ექსპერტთა მიერ შედგენილი დასკვნები. მაგალითად, მშენებლობის უფლება არ გაიცემა სკოლის ასაშენებლად, თუ პროექტში არ არსებობს მდგრადობისა და ხანძრისგან დაცვის დასკვნები, რომლებიც ამ ექსპერტების მიერ არის დამუშავებული. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა სურს დამკვეთს – მშენებლობის ნორმების დაცვა საზოგადოებრივი მოთხოვნაა და სახელმწიფო ამას საზოგადოების სახელით უნდა უზრუნველყოფდეს.
თქვენი ინფორმაციით, დღეს ბათუმში ახალ შენობებს დაახლოებით რამდენ პროცენტს შეიძლება ჰქონდეს ეს სტანდარტი დაცული?
ასეთ სტატისტიკურ მონაცემს არ ვიცნობ, მაგრამ ვფიქრობ, ბევრი შენობა სხვადასხვა სამშენებლო ნორმის უგულებელყოფითაა აშენებული, მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების ნორმების.
რატომ ვერ ხერხდება ამ წესების დაცვა?
იმიტომ ვერ ხერხდება, რომ სახელმწიფო არსებითად არ არის ხალხის, საზოგადოების წარმომადგენელი – ის უფრო ფინანსური და ეკონომიკური ელიტების ძალაუფლების უზრუნველყოფის ინსტრუმენტია. სამშენებლო ნორმების დაცვა კი, როგორც აღვნიშნე, საზოგადოებრივი საქმეა.
მართალია, რომ ხშირად საევაკუაციო კიბის და ასე შემდეგ სხვა უსაფრთხოების ნორმებისთვის საჭიროებებზე დამკვეთები ზედმეტი ხარჯის თავიდან ასაცილებლად ამბობენ უარს?
ეს ზუსტად არ ვიცი, თუმცა უსაფრთხოების ნორმების დაცვა მათი კეთილი ნების საქმე არ უნდა იყოს – შენობა-ნაგებობათა უსაფრთხო ექსპლუატაცია კანონით და მისი აღსრულებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
როგორ უნდა მოიქცეს ასეთ შემთხვევაში არქიტექტორი?
ევროპაში არქიტექტორი ვალდებულია დაიცვას მშენებლობის კანონის ყველა ნორმა, ეს არ უნდა აგვერიოს სამშენებლო ნორმებში, როგორებიცაა მაგალითად, DIN-ის ნორმები, რის გარეშეც მის მიერ გაკეთებულ განაცხადზე მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა. მისი ვალდებულებები საზოგადოების წინაშე განისაზღვრება შესაბამისი კანონითა და კანონქვემდებარე აქტებით და არა დამკვეთის ეკონომიკური ინტერესებით. ამით ყველაფერია ნათქვამი – თუ არქიტექტორი დამკვეთის სურვილით არ დაიცავს ამ პირობას, მშენებლობის უფლება არ გაიცემა, ხოლო თუ ნორმების მიხედვით დააპროექტებს, მაგრამ მშენებლობისას დაარღვევენ ამ ნორმებს, შესაბამისი კომუნალური სამსახური შენობას ექსპლოატაციაში არ მიიღებს. უფრო მეტიც, არქიტექტორის მოვალეობაა ყველა ღონე იხმაროს დამკვეთს სამართლებრივი ნორმები განუმარტოს და ყოველ მხრივ გამართული პროექტის ვარიანტები შესთავაზოს.
ჩვენში ჯერ ვერ ჩამოყალიბდა მშენებლობის მართვის გონივრული სამართლებრივი და აღმასრულებელი სისტემა, რადგან მშენებლობა განიხილება მხოლოდ სწრაფ და მაქსიმალურ მოგებაზე ორიენტირებულ ცალმხრივ ეკონომიკურ საქმიანობად, საზოგადოებრივი საზრისის გარეშე. არქიტექტორები, როგორც წესი, თავს ამ სისტემის ობიექტებად მიიჩნევენ, ე.ი. თავს ცალსახად მის პროდუქტად აღიქვამენ, ისინი მდგომარეობის შეცვლას არ შეეცდებიან. ესაა სამწუხარო რეალობა, რომელიც კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეს არქიტექტორი, მხოლოდ მორალისტური პასუხის შესაძლებლობას უტოვებს. არა მგონია, ასეთი პასუხი ვინმეს აინტერესებდეს. არქიტექტორი, როგორც წესი, ისე მოიქცევა, როგორც იქცევა, რადგან მშენებლობის მართვის სისტემა მისგან ამას მოითხოვს.
თუ უსაფრთხოების საკითხი უგულებელყოფილია, ან შენობა ისეა დაგეგმილი, რომ ვერ ხერხდება იქ უსაფრთხოების სისტემის სრულყოფილად გამართვა, ამ შემთხვევაში არქიტექტორს რა პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს?
საქართველოს კანონი არქიტექტურული საქმიანობის შესახებ ავალდებულებს არქიტექტორს დაიცვას „დაპროექტებისა და მშენებლობის სტანდარტები, ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსის მოთხოვნები“. ეს, ჩემი აზრით, იმდენად ბუნდოვანია, რომ არა მგონია, ასეთი შემთხვევაში იგი არქიტექტორის სამართლებრივ დევნას უშუალოდ იწვევდეს.
გარდა რეგულაციისა, არ არსებობს პროფესიული სტანადარტიც? – მაგალითად, პროფესიული მოთხოვნა არ არის, რომ არქიტექტორმა შექმნას კომფორტული და უსაფრთხო გარემო?
სამართლებრივად ქმედით ასეთ სტანდარტს არ ვიცნობ, ვფიქრობ, ის არც არსებობს. ჩემი აზრით, ამ მხრივ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჩვენში არ არსებობს ცნება არქიტექტორის სამართლებრივი დეფინიცია და მისი თანმიმდევრული ჩართვა სამშენებლო კანონმდებლობაში, რაც უზრუნველყოფდა არქიტექტორის უფლებებისა და მოვალეობების ერთმნიშვნელოვან განსაზღვრას.
სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის შენობის მფლობელი მაქსიმუმ 300 ლარით შეიძლება დაჯარიმდეს. ფიქრობთ, რომ ჯარიმის ოდენობის გაზრდა შეცვლის მფლობელების დამოკიდებულებას?
თუ ლაპარაკია ექსპლოატაციაში სწორად მიღებულ შენობაში შეტანილ ცვლილებებზე, რომლებიც სახანძრო უსაფრთხოებას ამცირებენ, ჯარიმის გაზრდა შეიძლება ეფექტური იყოს, თუ ის საფრთხის ადეკვატური, ე.ი. საკმაოდ მაღალი იქნება. თუ ლაპარაკია შენობის მფლობელ მენაშენეზე, რომლის მიერ აშენებული შენობა ჯერ ექსპლოატაციაში არ არის მიღებული, ჯარიმა საჭირო, თუმცა მეორეხარისხოვანი ინსტრუმენტია – მთავარია, ეს შენობა ექსპლოატაციაში არ იქნას მიღებული ნაკლის გამოსწორებამდე. თუ ეს წესი მკაცრად გატარდება, მენაშენეთა დამოკიდებულება უსაფრთხოების წესების დაცვისადმი სწრაფად შეიცვლება უკეთესობისკენ.
ქობულეთში 25 ნოემბერს სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ თურქეთის მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გამოაცხადა. დაკავებულ ქალს დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა ედება ბრალად. დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით აქვს წარდგენილი.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდებამდე პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ სხდომის დახურვა მოითხოვა. „ამ მოთხოვნას დავეთანხმეთ ჩვენ, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის თხოვნაა დეტალები არ გასაჯაროვდეს. საბოლოოდ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე მოსამართლემ უარი თქვა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბრალდებულის ადვოკატმა, ბიძინა ბერიძემ.
სასამართლო სხდომა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება დაიხუროს, მაგალითად, როცა განიხილება სახელმწიფო საიდუმლოება, ან მცირეწლოვანთან სექსუალური კავშირის შემთხვევაა. სასამართლო სხდომები არ იხურება ისეთ საქმეებზე, როგორიცაა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარება ან შენახვა.
გამოძიების ვერსიით, აქვს თუ არა ქობულეთის სპეცოპერაციას კავშირი თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან? – ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს. „პროკურორმა სხდომის დახურვა მოითხოვა იმ მოტივით, რომ მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები,“ – დასძინა ბიძინა ბერიძემ.
ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, იგი დაახლოებით ბოლო ერთი წელია ცხოვრობს ბათუმში. მას ასევე საცხოვრებელი ბინა ჰქონდა ნაქირავები ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, პირველი სკოლის წინ.
დაცვის მხარემ სასამართლოს ბრალდებულის გათავისუფლება შესთავაზა ორიათასლარიანი გირაოს უზრუნველყოფით, რაც სასამართლომ არ გაიზიარა.
დღეს, 3 საათზე, ბათუმის საკათედრო ტაძრიდან სასტურო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულებს გამოასვენებენ. საკათედრო ტაძრიდან ხანძრის შედეგად დაღუპულ ხუთ ადამიანს გამოასვენებენ.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სხვა დაღუპულებს სახლებიდან გაასვენებენ.
საკათედრო ტაძარში იმყოფებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და მთავრობის სხვა წევრები.
წინასწარი ინფორმაციით, ტაძარში მისვლას გეგმავს საქართველოს პატრიარქი ილია მეორე.
სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი 24 ნოემბერს, საღამოს გაჩნდა. ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 21 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულ ლაშა დეკანაძეს მოსამართლე ლევან გელოვანმა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი ერთადერთი ბრალდებული იყო, ვინც ამ საქმეზე დაკავებულებიდან წარდგენილი ბრალი არ აღიარა. მას სხვა 18 დაკავებულის მსგავსად, პროკურატურამ ჯგუფურ ძალადობაში დასდო ბრალი.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ წარდგენილ ბრალს კვალიფიკაცია შეუცვალა და უფრო მსუბუქი მუხლით გაასამართლა. ჯგუფური ძალადობის ნაცვლად მოსამართლემ ლაშა დეკანაძეს ხულიგნობის მუხლით შეუფარდა სასჯელი. ეს მუხლი თავისუფლების აღკვეთას ორიდან ხუთ წლამდე ითვალისწინებს.
ლაშა დეკანაძე გამოძიებამ 12 მარტს ადმინისტრაციული წესით დააკავა და სასამართლომ ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. რამდენიმე დღეში ლაშა დეკანაძე სისხლის სამართლის წესით დააკავეს.
ლაშა დეკანაძის ადვოკატი, დავით ჯაფარიძე წინა სასამართლო სხდომებზე აღნიშნავდა, რომ ამ საქმეში არ არის არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებს ლაშა დეკანაძის ბრალეულობას. ადვოკატის მტკიცებით, პროკურატურამ 300-მდე პირი დაკითხა, მაგრამ პოლიციელების გარდა ვერავინ თქვა, რომ ლაშა დეკანაძემ ესროლა ქვები პოლიციელებს. დავით ჯაფარიძემ მთავარი აქცენტი ტელევიზიების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებზე გააკეთა, სადაც არ ჩანს ლაშა დეკანაძის მხრიდან ძალადობა.
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულ 18 პირს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება ბრალის აღიარების შემდეგ გაუფორმა.
ამავე საქმეზე ბრალდებულები არიან მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკვიაც. მათ მასობრივი ძალადობის ორგანიზებას ედავება გამოძიება. დანაშაულს არც ეს ორი ბრალდებული აღიარებს. მათ საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს.
20 წლის მამაკაცი, რომელსაც დღეს ბათუმში მიკროავტობუსი ტროტუარზე დაეჯახა, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაშავებული მართვით სუნთქვაზეა და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
„მას აქვს თავის ქალის ტრავმა, ასევე გულ-მკერდის დაზიანება, დაზიანებული აქვს ქვედა კიდურებიც, დამწვრობასავით აქვს, როგორც ჩანს, მანქანამ ჩაითრია… მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა,“ – ამბობს ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორი, ნათია ნუცუბიძე.
ავტოსაგზაო შემთხვევა ფარნავაზ მეფისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში მოხდა. თავდაპირველად მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა მიკროავტობუსს, მიკროავტობუსი კი ტროტუარზე შევარდა და 20 წლის ბიჭს დაეჯახა.
ეს ქუჩა ბათუმშია, ბარცხანის დასახლებაში. იუსუფ ფაღავას ქუჩის მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა აქვს – ამ ქუჩაზე მიკროავტობუსიც აღარ მოძრაობს და ტაქსის მძღოლებიც იკავებენ თავს, როცა იუსუფ ფაღავას ქუჩიდან იღებენ შეკვეთას. ასფალტის საფარის დაზიანების გამო ქუჩა ყოველი წვიმის შემდეგ წყლითა და ტალახით ივსება.
„ფეხით გავლაც შეუძლებელია უკვე,“ – ამბობს იუსუფ ფაღავას ქუჩაზე მცხოვრები, თამაზ ხოზრევანიძე, – „ბარცხანის ხიდიდან „აჭარგაზთან“ მისვლამდე დაახლოებით კილომეტრ-ნახევარი არის დაზიანებული, არადა, ბავშვები ბაღში დადიან, სკოლაში. ამ ბოლოს უფრო გართულდა ვითარება, რადგან მარშუტკაც უარს ამბობს აქ გავლაზე. გზა განსაკუთრებით მაშინ დაზიანდა, როცა წყლის მილები ჩასვეს და თამარის დასახლებისკენ წყალი გაიყვანეს. გარდა ამისა, სამშენებლო ნარჩენებსაც აქ გვიყრიან. ასფალტის ნატეხები ჩემი სახლის გვერდით დაყარეს. ყველა უწყებას მივმართეთ, მაგრამ კაციშვილი მომსვლელი არ არის, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?“
ფაღავას ქუჩაზე მცხოვრებლების თქმით, ბარცხანაში მდებარე „აჭარგაზის“ ტერიტორიის შემდეგ გზის საფარი კარგია. ეს გზა ხელვაჩაურის სოფლებისკენ – ჩელტა, ჩაისუბანი, წიქარაული -მიდის.
ოთარ დუმბაძე: „აჭარგაზთან“ მისვლამდე გზა ბათუმს ეკუთვნის და მერიამ უნდა გააკეთოს. დაახლოებით 60 ოჯახს გვაქვს პრობლემა… ბარცხანის ხიდთან არის დისპეტჩერი და მას ვუკავშირდებით ტელეფონით, რომ ხაზის მიკროავტობუსი # 52 ამოვიდეს. ამ ბოლოს აღარ ამოდის, რომც დაურეკო. ტაქსიც უარს ამბობს აქეთ წამოსვლაზე. ზაფხულში უფრო დადიოდნენ, როცა წყალი არ დგებოდა და ტალახი არ იყო და ახლა მართლა შეუძლებელია გავლა.“
ბათუმის მერიაში ვერ გვითხრეს, როდის მოგვარდება გზის პრობლემა იუსუფ ფაღავას ქუჩაზე და როდიდან იმოძრავებს იქ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ქუჩაზე წყლის სარეაბილიტაციო სამუშაო განხორციელდა და სისტემა ამჟამად სატესტო რეჟიმშია, სავარაუდოდ, ორი-სამი თვის შემდეგ გზა მოშანდაგდება. მერიაში ვერ აკონკრეტებენ, როდის გამოძებნის მერია თანხას იუსუფ ფაღავას ქუჩის კეთილმოსაწყობად.
ფარნავაზ მეფისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, მიკროავტობუსს იმავე მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა, რის შემდეგაც #24 სამარშრუტო ხაზზე მოძრავი მიკროავტობუსი ტროტუარზე მდგომ მოქალაქეს დაეჯახა.
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ავარიის შედეგად ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში 4 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის, ერთი ახალგაზრდა ბიჭის მდგომარეობა მძიმეა. მას მიკროავტობუსი ტროტუარზე დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდას აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები და პოლიტრავმა. შედარებით მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა მიკროავტობუსში მყოფ სამ მგზავრს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულ 3 ადამიანი დაშავდა. მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით.
შემთხვევა ბათუმში დღეს, 27 ნოემბერს, რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
მეექვსე მცდელობა წარმატებით დასრულდა, ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა ბათუმში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 9 მილიონ 200 ათას ლარად და პირობით გაყიდა. ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
შენობა შპს „სთარ კაპიტალმა“ იყიდა. კომპანია 2015 წელსაა დაფუძნებული და მისი დამფუძნებელი, ასევე კომპანიის ასი პროცენტის მფლობელი, ზურა ნასყიდაშვილია.
ბოლო მცდელობისას სამინისტრო ძეგლს 15 მილიონ ლარად და პირობით ყიდდა, ამჯერად კი ძეგლის საწყისი ფასი 9 მილიონი ლარი იყო და ინვესტორმა ფასი ერთი ბიჯით – 200 000 ლარით გაზარდა.
აუქციონის პირობების მიხედვით, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, #25-სა და გამსახურდიას #12-ში გაიყიდა 2380, 7 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი, ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა და დამხმარე ნაგებობები, ჯამში, 2 623, 4 კვ.მ.
აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა საპრივატიზებო საფასური 2018 წლის 3 იანვრიდან 31 დეკემბრამდე უნდა დაფაროს. არაუმეტეს ხუთი თვის ვადაში კი, ძეგლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან გააფორმოს ხელშეკრულება.
მყიდველს ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში ევალება ასევე სამინისტროს წარუდგინოს საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში განთავსებული საათის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულება. საათი ბათუმის მერიის საკუთრებაა.
საპრივატიზებო პირობების მიხედვით, მყიდველმა 24 თვის ვადაში ამ შენობაში არანაკლებ ოცნომრიანი სასტუმრო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი უნდა გახსნას და არანაკლებ 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს;
გარდა ამისა, მყიდველს დაევალება 30 მოქალაქის დასაქმება სასტუმროს და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში. დასაქმებულთა არანაკლებ 90% უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.
შეცდომის გასწორება: ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიის [„ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა ბათუმში გაიყიდა”] თავდაპირველ ვერსიაში დაშვებული იქნა შემდეგი უზუსტობა, რომ ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა შეისყიდა შპს „სთარმა“, რომლის დამფუძნებელიც არის ირანის მოქალაქე. ეს ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.
პროგრამის ბენეფიციართა სამართლებრივ და იურიდიულ მხარდაჭერას დემოკრატიის ინსტიტუტის იურისტი, რამინ გვარიშვილი უზრუნველყოფს, რომელიც „ბათუმელებს“ პროგრამის იურიდიული სერვისების შესახებ ესაუბრა.
რა სახის იურიდიულ დახმარებას უწევთ პროგრამის ბენეფიციარებს?
კონსულტაციებს ვუწევთ ყოფილ პატიმრებსა და პრობაციონერებს, მათი ოჯახის წევრების, ასევე საპატიმროში მყოფი პატიმრების ოჯახის წევრებსაც, იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა უშუალოდ ოჯახის წევრ პატიმარს უკავშირდება, მაგალითად, შესაძლებელია პატიმარმა პატიმრობამდე აიღო სესხი და პატიმრობის შემდეგ საცხოვრებელ სახლს, რომელშიც მისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ, შეექმნა პრობლემა. ასეთ შემთხვევაში, ცხადია, ვეხმარებით პატიმართა ოჯახის წევრებს.
ჩვენი ბენეფიციარები არიან ასევე პრობაციონერები, რომლებმაც მინიმუმ ექვსი თვე გაატარეს საპატიმროში და პირობითი მსჯავრის მოხსნა სურთ. ნარკოტიკული დანაშაულით გასამართლებულ პატიმრებს, რიგ შემთხვევებში, ნარკოტიკული დანაშაულის კანონით, ჩამორთმეული აქვთ გარკვეული საქმიანობის უფლებები. ვეხმარებით ამ საქმიანობის უფლების ვადაზე ადრე აღდგენაში.
ვერევით ასევე თუკი პატიმრობის პერიოდში რაიმე სახის სამოქალაქო დავა აქვთ. შესაძლებელია გათავისუფლების შემდეგაც ხორციელდებოდეს პატიმრის სისხლის სამართლებრივი დევნა, ასეთ დროსაც მოქმედებს ჩვენი პროგრამა სასამართლო ინსტანციებში.
„დემოკრატიის ინსტიტუტის“ ამ პროექტის იურიდიული სფერო მოიცავს ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კუთხით იურიდიულ მომახურებას.
პრიორიტეტებია ასევე სოციალური კუთხით სწავლება, მცირე ბიზნესის დაფინანსება, გვყავს პარტნიორი ორგანიზაციები: „თანაზიარი“ – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, „აფხაზინტერკონტი“ – იმერეთში და „გურიის ახალგაზრდული რესურცენტრი“ – გურიაში.
როგორ ახერხებთ იურიდიული მომსახურების გაწევას რეგიონებში?
ბათუმიდანვე ვეხმარებით ზემონახსენებ ოთხ რეგიონს. საქმის სიმრავლისა და საჭიროების შემთხვევაში ადგილზევე ჩავდივართ. ძირითადად, კონსულტაციებს სატელეფონო კავშირით და ელექტრონული ფოსტის საშუალებით გავცემთ. საჭირო დოკუმენტებსაც ელექტრონული ფოსტით ვგზავნით და სოცმუშაკები გადასცემენ შემდეგ ბენეფიციარებს. თუმცა, ხშირად ჩავდივართ რეგიონებში.
როგორ იგებენ ,,ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭეის პროექტის“ შესახებ, ბევრი მოგმართავთ დასახმარებლად?
საკმაოდ ბევრი მოგვმართავს პროექტის ამოქმედების დღიდანვე სხვადასხვა საჭიროებითა და პრობლემით. ბათუმში მომართვიანობის დინამიკას თუ გავითვალისწინებთ, პროექტის დასასრულს, 2019 წლისთვის, ბევრი ადამიანის მოთხოვნას დავაკმაყოფილებთ და კიდევ მეტ ბენეფიციარს ექნება საშუალება ისარგებლოს ჩვენი სერვისებით. ვფიქრობთ, ეს ხელს შეუწყობს პატიმართა სოციალური მდგომარეობის გამოსწორებას, სამართლებრივი კუთხით სწორ გზაზე დაყენებას, საზოგადოებაში ინტეგრაციას, მათ დასაქმებას.
გარკვეული ტიპის სასჯელები ვალდებულებებს აკისრებს ბენეფიციარებს: ნასამართლობა და პირობითი მსჯავრი მათ ხელს უშლის სამსახურის დაწყებაში, საზღვარგარეთ გასვლაში, როცა ნასამართლობა ეხსნებათ, შედარებით მარტივია მათი დასაქმების პრობლემის მოგვარება.
-რა შემთხვევაში ეხსნებათ პირებს ნასამართლობა და პირობითი მსჯავრი?
ნასამართლობისა და პირობითი მსჯავრის მოხსნის რამდენიმე წესი არსებობს. პირობითი მსჯავრის მოხსნის კომისიაა შექმნილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომელმაც სასამართლო სისტემა ჩაანაცვლა. მსჯავრის ვადაზე ადრე მოხსნა შესაძლებელია გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მაგალითად, თუ ადამიანს დარჩა პირობითი მსჯავრის ნახევარი, ასეთ დროს შესაძლებელია მსჯავრის და ნასამართლობის ვადაზე ადრე მოხსნა. ასევე შესაძლებელია შეზღუდული უფლებების ვადაზე ადრე აღდგენა, თუ შეზღუდული უფლებების ვადის ერთი მესამედი მაინც გასულია. თუ ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს ბენეფიციარი, ვეუბნებით, რომ შეგვიძლია მივმართოთ შესაბამის კომისიას. კომისია გადაწყვეტილებას იღებს პირის მონაცემების, დოსიეს მიხედვით. თუ პატიმარი საფრთხეს არ უქმნის საზოგადოებას, აკვირდებიან. თუ მისი ქმედებები შესწავლას და დაკვირვებას არ საჭიროებს, ასეთ შემთხვევაში მოქმედი კომისია ვადაზე ადრე აღადგენს ჩამორთმეულ უფლებებს. პატიმრის პირობების, მისი სოციალური მდგომარეობის, ოჯახის, წარსულის, ნასამართლობის გადახედვით ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება. გარკვეული ხარვეზები ახლავს პროცესს. რეგულაციების წესებია განსაზღვრული – თუ, დავუშვათ, პირობითი მსჯავრის ან ნასამართლობის მოხსნის, ან კიდევ შეზღუდული უფლებების ვადაზე ადრე აღდგენის საკითხზე მივმართავთ და კომისია გვეტყვის უარს, ექვსი თვის ვადაში ხელახლა მიმართვის უფლება არ გვაქვს. ეს შეზღუდვა არსებობს, რაც დაბრკოლებაა ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერებისთვის. ვფიქრობ, დაიხვეწება კანონმდებლობა და ბენეფიციარებს საშუალება მიეცემათ, უარის შემთხვევაში თავიდან მიმართონ კომისიას. ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ შეგვიძლია მივმართოთ ე.წ. უდოს კომისიას, რომელიც ჩვენს განცხადებაში მითითებული გარემოებისა და დოკუმენტების გარდა, ამოწმებს როგორ ხასიათდება ყოფილი პატიმარი პრობაციის სააგენტოს მიერ. სწავლობენ, საფრთხესა და რისკებს შეიცავს თუ არა პირისთვის პირობითი სასჯელის მოხსნა. ხომ არ იქნება სახიფათო საზღვარგარეთ მისი წასვლა და ა.შ. ყველა წვრილმანს აანალიზებენ და მერე იღებენ გადაწყვეტილებას.
-პროგრამის ბენეფიციარებთან დაკავშირებული რომელი მნიშვნელოვანი საქმე შეგიძლიათ გაიხსენოთ?
ერთი ამბავი მახსენდება, საპატიმროში ყოფნის დროს პატიმარს ჩაუსვეს დროებითი სტენტი. ვადის გასვლის შემდეგ ითხოვდა ამოეღოთ, რადგან ვადაგასული უცხო სხეული სხვა ორგანოების დაზიანებასა და გაუსაძლის ტკივილს იწვევდა. პატიმარს უარი უთხრეს ოპერაციაზე და არწმუნებდნენ, რომ მუდმივი სტენტი ჰქონდა ჩასმული. აუტანელმა ტკივილმა ის აიძულა თვითდაზიანებები მიეყენებინა. ამ ადამიანმა საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ იჩივლა. ჩვენ მის ინტერესებს ვიცავდით სასამართლოში და დავა დადებითად გადაწყდა. გამოვლინდა, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „ჰელსი“, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებს სამედიცინო კუთხით უწევდა დახმარებას, გულგრილად ეკიდებოდა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ატყუებდნენ: გაირკვა, რომ მუდმივი სტენტი საერთოდ არ არსებობს და მსჯავრდებულს, უბრალოდ, „მესამეხარისხოვან ადამიანად“ აღიქვამდნენ, რომელიც დაიღუპებოდა, რომ არ ეაქტიურა. ჩვენი ბენეფიციარის უფლებები აღდგა და ახლა სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლას ველოდებით.
მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.
სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის საქმეს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, სასტუმროს თანამშრომლების დაკითხვა პოლიციამ დროებით შეაჩერა და დღეს შესაძლოა მეხანძრეები დაკითხონ.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, გამოძიება აპირებს სასტუმროს დოკუმენტაციის [ხელშეკრულებები თანამშრომლებთან, შინაგანაწესი და სხვ.] კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად ამოღებას, რის შემდეგადაც განახლდება თანამშრომლების დაკითხვა.
ჩვენი ინფორმაციით, ვინაიდან გამოძიებამ არ იცის კონკრეტულად რომელ თანამშრომელს რა ევალებოდა და რაზე იყო პასუხისმგებელი, მათთვის კითხვების დასმა ამომწურავად ვერ ხერხდება.
პარალელურად, გამოძიება ელოდება ექსპერტიზის დასკვნას, სასტუმროში ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც შემდგომ სასტუმროს თანამშრომლები დამატებით დაიკითხებიან – მათი მოვალეობიდან და პასუხისმგებლობიდან გამომდინარე.
სახანძრო სამსახურის თანამშრომლები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ სასტუმროს ნამდვილად ჰქონდა ორი საევაკუაციო კიბე და ცეცხლჩამქრობი სისტემაც: „თუმცა საკმარისად არ ჰქონდა ცეცლჩამქრობები და საევაკუაციო გეგმები“. ერთ-ერთი მეხანძრის თქმით, ხანძარი სასტუმროს საქვაბეში გაჩნდა.
სახანძრო სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დაქვემდებარებაშია.
შსს-ს ინფორმაციით, „ლეოგრანდში“ მომხდარ ხანძართან დაკავშირებით საქმეს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. დეპარტამენტში სასტუმროს თანამშრომლებისა და თვითმხილველების დაკითხვა გუშინ, 26 ნოემბერს დაიწყო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი [ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე].
სასტუმროს შენობაში ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
„სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ორგანიზაციაში [შპს „მერსინ ტურიზმი“, რომლის საკუთრებაცაა სასტუმრო „ლეოგრანდი“ – ავტ.] თვლიან, რომ ეს ნორმები დაცული იყო, თუმცა ყველა შეკითხვას პასუხს გასცემს ექსპერტიზა,“ – განაცხადა დღეს „ლეოგრანდის“ ადვოკატმა, კახა წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას. დღეს, 27 ნოემბერს, ხანძრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა სასტუმროს ერთ-ერთმა მეპატრონემ ეროლ ავგორენიმ.
27 ნოემბერი, ლეოგრანდში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოში გლოვის დღედაა გამოცხადებული.
სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი 24 ნოემბერს, საღამოს გაჩნდა. ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 21 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბოლო დაშავებული საავადმყოფოდან გუშინ გაწერეს.
ბათუმელი გიორგი მელიქაძე შვედეთში, უფსალას უნივერსიტეტში, განათლების სოციოლოგიას სწავლობს. გიორგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობდა, მაგისტრატურა კი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ადმინისტრირების მიმართულებით დაასრულა.
„ოთხჯერ მქონდა მცდელობა, ევროპულ უნივერსიტეტში რომ გამეგრძელებინა სწავლა, თუმცა სრული სტიპენდიის მოპოვება მხოლოდ წელს მოვახერხე. განათლების სოციოლოგიის მიმართულებით ნაკლები სპეციალისტი გვყავს, ამიტომ აქ მიღებული ცოდნა, ვფიქრობ, დამეხმარება სიღრმისეულად შევისწავლო ეს მიმართულება,“-გვეუბნება გიორგი მელიქაძე.
გიორგის თქმით, განათლების სოციოლოგიის მიმართულებით დღეს საკმაოდ ბევრი კითხვაა, „თუნდაც განათლების და ბაზრის დამოკიდებულება. მე ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი ამ საკითხის მიმართ, რადგან განათლებაში მხოლოდ ბიზნესპრინციპებით ხელმძღვანელობა და განათლების სფეროს მთლიანად საბაზრო მოთხოვნებზე დაქვემდებარება, არ მგონია სწორი და ეფექტური. შესაძლებელია ვცდები კიდეც, ამიტომ აქ სწავლა და საკითხის სიღრმისეული შესწავლა დამეხმარება გავთავისუფლდე სუბიექტური განწყობებისგან.
როცა საუბრობენ იმაზე, რომ „ყველაფერს ბაზარი არეგულირებს“, ვფიქრობ, ესეც ნაივური მსჯელობაა, რადგან გლობალური ბაზარი არ არის ისეთი სფერო, რომლის წინასწარმეტყველება ბოლომდე შესაძლებელია.
ბოლომდე არავინ იცის, რამდენ წელიწადში გახდება ესა თუ ის პროფესია ბაზარზე უფრო მოთხოვნადი. სიტუაცია რამდენიმე წელიწადში მნიშვნელოვნად იცვლება ხოლმე, ამიტომ პროფესიების წინასწარი სელექცია ხშირად ბუნდოვან დასკვნებზე დაყრდნობით კეთდება,“-გვეუბნება გიორგი.
გიორგის თქმით, 90-იან წლებში იყო მოსაზრება, რომ ბაზარს მხოლოდ იურისტები, ეკონომისტები და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები სჭირდებოდა. თუმცა წლების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ პროფესიებზე ჭარბმა არჩევანმა დასაქმების პრობლემა შექმნა.
„დღეს გვყავს უამრავი იურისტი, საერთაშორისო ურთიერთობებისა თუ სხვა სპეციალისტები, რომლებიც თავიანთი პროფესიით დასაქმებას ვერ ახერხებენ, ან სრულიად სხვა სფეროში საქმდებიან. ეს არის ბაზრის ილუზორული კვლევის შედეგი. ასეთი მიდგომები აიძულებს მოსახლეობას, აირჩიონ ე.წ. პრესტიჟული პროფესიები, შემდეგ კი დადგნენ უმუშევრობის წინაშე. ამიტომ დასაქმების ბაზრის შესახებ გულიბრყვილო წარმოდგენებს უნდა შევეშვათ და ადამიანებმა უნდა ისწავლონ და აკეთონ ის საქმე, რისი ნიჭიც აქვთ რეალურად. რეალური სიტუაცია გვაჩვენებს შემდეგ იმას, ვინ სად და როგორ გადანაწილდება შრომის ბაზარზე,“-ამბობს გიორგი მელიქაძე.
გიორგის აზრით, პოლიტიკის განმსაზღვრელი პირები უხეშად არ უნდა იღებდნენ უცხო ქვეყნის გამოცდილებას ამა თუ იმ სფეროში. „მთავარია, ლოკალური კონტექსტის კვლევა გაძლიერდეს ქვეყანაში, რომ ზუსტად ვიცოდეთ, რა სჭირდება ჩვენს მოსახლეობას და ჩვენს საგანმანათლებლო სფეროს, რადგან სპეციფიკური კულტურული, სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა განსხვავდება სხვა ქვეყნებისგან, მით უმეტეს განვითარებული ქვეყნებისგან.
ცოტა ხნის წინ განათლების სტრატეგიის დოკუმენტი დაიდო, ჯერ ბოლომდე არ გავცნობივარ დოკუმენტს. მაგრამ ვფიქრობ, დოკუმენტი, რომელმაც რეალური ცვლილებები უნდა მოიტანოს, მით უმეტეს როცა ეს განათლების სფეროს ეხება, და განათლების სფერო ვერ იტანს ხშირ ცვლილებებს, აუცილებლად უნდა ეყრდნობოდეს სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებულ არგუმენტებს და იმედს ვიტოვებ, რომ ეს დოკუმენტიც მსგავს კვლევებს ეყრდნობა.
ვერანაირი საერთაშორისო პრაქტიკა ვერ იქნება ბოლომდე ეფექტური, თუ არ იქნება გათვალისწინებული ლოკალური კონტექსტები,“-გვეუბნება გიორგი მელიქაძე.
გიორგი ამბობს, რომ საერთაშორისო განათლების ცენტრისგან მიღებული დაფინანსება ავალდებულებს, სწავლის დასრულების შემდეგ მინიმუმ სამი წელი საქართველოში იმუშაოს. „ასევე მაქვს ვალდებულება, ვასწავლო რომელიმე საგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუმცა მაქვს იმის შესაძლებლობაც, რომ ერთი წელი დავრჩე უცხოეთში და ვიმუშაო, ან სწავლა გავაგრძელო დოქტორანტურაში.“
შვედეთში, უფსალას უნივერსიტეტში, სასწავლო სტიპენდია გიორგი მელიქაძეს აჭარის განათლების სამინისტრომ დაუფინანსა. გიორგი ამ პროგრამაზე ორი წელი ისწავლის.
დღეს, 27 ნოემბერს, გლოვის დღეს, ქედაში, კოსტავას ქუჩაზე არსებულ პარკში, ადგილობრივმა მოსახლეობამ, საჯარო მოხელეებთან ერთად, პატივი მიაგო ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის დროს დაღუპული 11 ადამიანის ხსოვნას.
დაღუპულთა პატივსაცემად სანთლები აანთეს და ყვავილები მიიტანეს სტუდენტებმაც. ქედის კულტურის ცენტრთან არსებულმა ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლა საგალობელი შეასრულა.
წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულებს ხულოს საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებმაც.
ხანძარი სასტუმრო „ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს გაჩნდა. ხანძრის შედეგად საქართველოს ათი და ირანის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დაიღუპა.
„ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულებს პატივი მიაგეს ქედაში.ხანძრის შედეგად დაღუპულებს პატივი მიაგეს ქედასა და ხულოში.
დღეს, 27 ნოემბერს, გლოვის დღეს, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდის“ წინ სტუდენტებმა ყვავილები მიიტანეს და დაღუპულების ხსოვნას მიაგეს პატივი. 24 ნოემბერს სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 10 – საქართველოს და ერთი ირანის მოქალაქე.
ამ წუთებში სასტუმრო „ლეოგრანდის“ მეპატრონემ, ეროლ ავგორენიმ, სასტუმროში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. „11 ადამიანი დავკარგეთ და მინდა დიდი მწუხარება გამოვხატო აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ამ ფაქტიდან გამომდინარე არ გვიძინია, მათ მწუხარებას ჩვენც ვიზიარებთ.
დღეს არის გლოვის დღე და გარდაცვლილის ოჯახებს მოვინახულებთ სათითაოდ. რაც საჭირო იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ მათი ოჯახებისთვის. მათთან ერთად ვიზიარებთ მწუხარებას.
მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას, პოლიციას და სახანძრო სამსახურებს, რომ თავდადებით იმუშავეს. ჩვენ შევხვდით პრემიერ-მინისტრს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ვისაუბრეთ.
სასტუმროში დასაქმებულ პერსონალს სამსახურიდან არ გავათავისუფლებთ,“-განაცხადა სასტუმროს მფლობელმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების ნორმები დაცული, სასტუმროს მეპატრონემ, ეროლ ავგორენიმ თქვა, რომ სასტუმრო ნორმებს შეესაბამებოდა. დანარჩენ კითხვებს მან არ უპასუხა და განაცხადა, რომ ამაზე იურისტები გააკეთებენ კომენტარს.
„სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ორგანიზაციაში თვლიან, რომ ეს ნორმები დაცული იყო, თუმცა ყველა შეკითხვას პასუხს გასცემს ექსპერტიზა,“-განაცხადა „ლეოგრანდის“ ადვოკატმა, კახა წერეთელმა.
სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი 24 ნოემბერს, ღამით გაჩნდა. ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 21 საავადმყოფოში გადაიყვანეს. დღეს, 27 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გლოვის დღეა გამოცხადებული.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.
ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან ავტოტრანსპორტის მოსაბრუნებელი კვანძის მოწყობის ვადა 2018 წლის თებერვლამდე გადაიწევს. სამუშაოებისთვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2,5 მილიონი ლარი გამოყო და გადაუდებელი აუცილებლობის მიზეზით ხელშეკრულება შპს „გზა“-სთან, ტენდერის გარეშე გააფორმა. სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო.
„სამუშაოების საპროექტო მომსახურების შესყიდვა, დოკუმენტაციის დამუშავება და გზის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის სატენდერო პროცედურები მოითხოვს დროის საკმაოდ დიდ პერიოდს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მოცემულ მონაკვეთზე უსაფრთხოების ზომების გაზრდის უზუნველსაყოფად, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს აღნიშნული სამუშაოების განხორციელება პროექტირების პარალელურ რეჟიმში, რათა სამუშაოები დასრულდეს შემჭიდროვებულ ვადებში“ – აცხადებდა დეპარტამენტი მიმდინარე წლის ივლისში, ხელშეკრულების გაფორმებამდე.
საგზაო დეპარტამენტში ამჯერად აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა იმითაა განპირობებული, რომ „შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარმა სამმართველომ ტურისტული სეზონის გამო არ გასცა ნებართვა ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილის შეზღუდვაზე, რის გამოც შეუძლებელი შეიქნა საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა და შესაბამისად სამუშაოების დროულად დაწყება“.
გარდა ამისა, დეპარტამენტის ინფორმაციით, „ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლისას დადგინდა, რომ საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს ეროზიულ ზონას და ამის გამო, სრულყოფილი გეოლოგიური დასკვნის შედგენამ მოითხოვა დაგეგმილზე მეტი დრო. ამასთან, საპროექტო ტერიტორიაზე დაგეგმილი ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო, ჩაქვი-მახინჯაურის გზის მონაკვეთზე საავტომობილო გვირაბის მიმდებარედ შეუძლებელი ხდება მარცხენა მხარეს ასასვლელის მოწყობა შემოვლითი გზის გარეშე. ასევე აღსანიშნავია, რომ საპროექტო გზის ზონაში განთავსებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთები, რომლის გამოსყიდვის აუცილებლობა ზუსტდება საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის პროცესში“.
ავტოტრანსპორტის მოსატრიალებელი კვანძი გვირაბთან მახინჯაურის მხარეს გაკეთდება. „მახინჯაურიდან გასული ავტომანქანა, საჭიროების შემთხვევაში, გვირაბის მისასვლელიდან უკან დაბრუნებას ამ კვანძის საშუალებით შეძლებს. ეს კვანძი უფრო ქალაქში მოძრაობისთვისაა გათვლილი“ – ამბობენ დეპარტამენტში.
მთავარი ფოტო: მწვანე კონცხი. ამ ადგილიდან დაიწყება ბათუმის შემოვლითი გზა. აქვე მოეწყობა ავტომობილების მოსაბრუნებელი კვანძი. მანანა ქველიაშვილის ფოტო / არქივიდან
სასტუმრო „ლეოგრანდში“ გარდაცვლილი ირანის რესპუბლიკის მოქალაქის ცხედარი, „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დრომდე პროზექტურაშია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მათ არ აქვთ უფლება გაასაჯაროონ ინფორმაცია იმის შესახებ, გადაასვენეს, თუ ისევ პროზექტურაში რჩება ხანძრის დროს გარდაცვლილი ირანის მოქალაქის ცხედარი: „ის უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო და დეტალებზე საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა მიმართოთ“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში კი განაცხადეს, რომ ისინი აღნიშნულთან დაკავშირებით დაუკავშირდნენ ირანის საელჩოს და დახმარება შესთავაზეს: „ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია საქართველოში ირანის ელჩთან. რა თქმა უნდა, გამოვხატეთ ჩვენი სამძიმარი და ჩვენი დახმარება მაქსიმალურად შევთავაზეთ. ადგილზე, ბათუმში არის ირანის გენერალური კონსული, საკონსულო თავიდანვე იყო ჩართული პროცესში და, შესაბამისად, ელჩმა გვითხრა, რომ ამ ეტაპისთვის საქართველოს სახელმწიფოს ჩართულობა არ იყო საჭირო. თუმცა მადლობა გადაგვიხადა ყურადღებისთვის და თუ რამე დაგვიკავშირდებოდა. შესაბამისად, დეტალური ინფორმაცია საკონსულოს ექნება“.
ირანის გენერალურ საკონსულოში გვითხრეს, რომ დეტალურ ინფორმაციას ხვალ, 27 ნოემბერს, მოგვაწვდიან.
შსს-ს ინფორმაციით, „ლეოგრანდში“ მომხდარ ხანძართან დაკავშირებით საქმეს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. დეპარტამენტში სასტუმროს თანამშრომლებისა და თვითმხილველების დაკითხვა ამ წუთებშიც გრძელდება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილი:
სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
სასტუმროს შენობაში ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაღუპული საქართველოს მოქალაქეების დაკრძალვის ხარჯებს აჭარის მთავრობა გაიღებს. მთავრობის ინფორმაციით, თითოეული გარდაცვლილის ოჯახს 10 000 ლარი გადაეცემა. გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ გუშინ, 25 ნოემბერს მიიღო.
„ყველანი შეძრულები ვართ იმ ტრაგედიით, რაც ჩვენს ქალაქში მოხდა. ეს იყო ურთულესი წუთები, რომლებიც ყოველთვის დარჩება ჩვენი ქალაქის ისტორიაში და ყოველთვის გვემახსოვრება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს ობიექტური სიმართლე და გავიგოთ, თუ რა გახდა ამ დიდი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი. მინდა კიდევ ერთხელ გამოვთქვა ღრმა მწუხარება და ვუთანაგრძნო დაღუპულთა ოჯახებს“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ.
27 ნოემბერი საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში გლოვის დღედ გამოაცხადა.
24 ნოემბერს, ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 21 ადამიანი კი დაშავდა. გარდაცვლილი პირებიდან ათი საქართველოს, ერთი კი ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოებიდან ხანძრის დროს დაშავებული პაციენტები ყველა გაწერილია. ერთ-ერთმა დაშავებულმა, ისრაელის მოქალაქემ, კლინიკა დღეს, 26 ნოემბერს დატოვა, გუშინ კი 7 დაშავებული გაწერეს.
გუშინდელი მონაცემებით 21 დაშავებულიდან კლინიკებში 8 პაციენტი რჩებოდა. აქედან ერთი ისრაელის, 4 – თურქეთის და 3 საქართველოს მოქალაქე. სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულთა უმრავლესობას, ხანძრის შედეგად, ძირითადად ინტოქსიკაცია აღენიშნებოდათ, ორს კი მსუბუქი მოტეხილობა.
25 ნოემბერს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, ბათუმში „ლეოგრანდში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაშავებული პირები საავადმყოფოში მოინახულა.
27 ნოემბერი საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში გლოვის დღედ გამოაცხადა.
24 ნოემბერს, ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად11 ადამიანი დაიღუპა, 21 ადამიანი კი დაშავდა. გარდაცვლილი პირებიდან ათი საქართველოს, ერთი კი ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2017 წლის 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა.
საქართველოს მთავრობა, ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, აჭარაში, სასტუმრო ,,ლეო გრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს გლოვობს. გლოვის დღეს, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაეშვება სახელმწიფო დროშები“- აღნიშნული ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფეისბუკით გაავრცელა.
24 ნოემბერს, ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 21 ადამიანი კი დაშავდა. გარდაცვლილი პირებიდან ათი საქართველოს, ერთი კი ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა.
„ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება,“ – განაცხადეს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შემდეგ. მაღალი თანამდებობის პირებს არ დაუკონკრეტებიათ, ვინ, კონკრეტულად რომელი უწყება აგებს პასუხს მომხდარის გამო, ან რატომ ვერ შეცვალა აქამდე ხელისუფლებამ კანონი სახანძრო უსაფრთხოების შესახებ – ამ კუთხით გათვალისწინებული მაქსიმალური ჯარიმა 300 ლარია.
გიორგი კვირიკაშვილი, თანამდებობის სხვა პირების მსგავსად, საზოგადოებას რეაგირებას დაჰპირდა 2015 წლის 10 მაისსაც. მაშინ ქობულეთში, სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მაშინაც საჯაროდ დადეს პირობა, რომ შეცვლიდნენ კანონს და სახანძრო უსაფრთხოება კონტროლს დაექვემდებარებოდა.
2015 წელს მთავრობამ ახალი განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შეუძლია ის სასტუმროები შეამოწმოს, რომელიც 28 მეტრზე მაღალია და სადაც 100 ნომერზე მეტია, გაიწერა ტექნიკური რეგლამენტიც. ეს ცვლილება არ შეხებია მცირე ტიპის სასტუმროებს, როგორიც იყო, მაგალითად, სასტუმრო „არმაზი“ ქობულეთში.
ცვლილება შეეხო სასტუმრო „ლეო გრანდს“, რადგან აქ 182 სასტუმრო ნომერია. სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სასტუმრო „ლეო გრანდი“ 2017 წლის ივლისში 100 ლარით დაუჯარიმებია. სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სასტუმროს დაჯარიმების კონკრეტულ მიზეზებზე კომენტარი დღის ბოლოს გაკეთდება.
რა ბერკეტი აქვს სააგენტოს დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში და რამდენად ეფექტურია ჯარიმა? – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, პაატა დიასამიძე განმარტავს, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტოს სასტუმროს მაქსიმუმ 300 ლარით დაჯარიმება შეუძლია [სასტუმრო „ლეო გრანდში ერთი სტანდარტული ნომრის ფასი 190 ლარია]. რეაგირების სხვა ბერკეტი სააგენტოს არ აქვს. საიას იურისტის შეფასებით, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით ზედამხედველობის მექანიზმი არაეფექტურია.
„არაფექტურობა ჩანს იქედანაც, რომ სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს და შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმი. აქ ხაზგასმით წერია, რომ სააგენტო არაა ვალდებულია შეამოწმოს ყველა სასტუმრო. ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ორგანო არის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, მაგრამ მშენებლობის ნებართვები ხშირ შემთხვევაში ისეა გაცემული, რომ სახანძრო მანქანაც ვერ შედის,“ – აღნიშნავს პაატა დიასამიძე.
ვინ არის პასუხისმგებელი იმის გამო, რომ კანონი სახანძრო უსაფრთხოების კუთხით ეფექტური არ არის? – საიას იურისტის თქმით, ეს საკანონმდებლო ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. „თუმცა, მთავრობასაც შეეძლო გაეწერა მექანიზმები დადგენილებასა და რეგლამენტში. ზოგადად, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ეს“, – დასძენს პაატა დიასამიძე.
მაშინ, როცა სასტუმრო „ლეო გრანდი“ ბათუმის მერიამ ექსპლუატაციაში მიიღო, არ მოქმედებდა რეგულაცია, რომლითაც მერია სახანძრო უსაფრთხოებას შეამოწმებდა. 2017 წლის პირველი იანვრიდან ადგილობრივ მუნიციპალიტეტს უფლება აქვს მშენებარე კომპანიას მოსთხოვოს პროექტში სახანძრო უსაფრთხოების გათვალისწინება.
„ჩვენ ამას ვთხოვთ კომპანიებს პირველი იანვრიდან“, – გვიყვება ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი, ირაკლი ახალაძე: – „ეს ეხება მესამე და მეოთხე კლასის მშენებლობებს, ანუ შენობებს, რომლის სიმაღლეც 12 მეტრზე მეტია. სავალდებულოა, კომპანიამ წარმოადგინოს ცალკე ექსპერტიზის დასკვნა სახანძრო უსაფრთხოებაზე. ამის გარეშე მშენებლობის ნებართვა აღარ გაიცემა.“
არქიტექტურის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ეს რეგულაცია არ ვრცელდება 2017 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ მშენებლობის ნებართვებზე. ირაკლი ახალაძე განმარტავს, რომ ბათუმის მერია რეკომენდაციით მიმართავს იმ კომპანიებს, რომლებიც ქალაქში მომეტებული რისკის მქონე მშენებლობებს აწარმოებენ, ან აპირებენ მშენებლობას.
სასტუმრო ლეოგრანდში ხანძრის გაჩენისა და ევაკუაციის დაწყების დროს, თვითმხილველების თქმით, შუქი არ იყო გამორთული და ის მოგვიანებით გაითიშა. სასტუმროს ზოგიერთი პერსონალის თქმით, შუქის გათიშვამ ლიფტისა და ნომრის კარებების პარალიზება გამოიწვია: „ზოგიერთ ნომერში კარს ვერ აღებდნენ და ხალხი შველას ითხოვდა, ყველაფერი ჩაბნელდა“.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბათუმის ფილიალში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კომპანიას შუქი ხანძრის გამო არ გამოურთია და ის ადგილზე, სასტუმროში გათიშეს.
იყო თუ არა ელექტროენერგიის გამორთვის აუცილებლობა? – „ბათუმელები“ ერთ-ერთ მეხანძრეს დაუკავშირდა, რომელიც ხანძრის ჩაქრობაში იყო ჩართული.
„ელექტროენერგია ითიშება, მაგრამ ავარიულ განათებას და სახანძრო დანადგარებს რაც შეეხება, ასეთ დროს მუშაობს ცალკე რეჟიმში. სასტუმროს საევაკუაციო გზებში, ნაწილში ავარიული განათება იყო, თუმცა ძლიერი დაკვამლიანების გამო ეს ავარიული განათება არ იყო საკმარისი და მეხანძრეებს სპეციალური ფანრების გამოყენება დაგვჭირდა. ცეცხლსაქრობი ბალონები ხელმისაწვდომ ადგილებზე კი იყო, მაგრამ მეხანძრეებს არ გვისარგებლია, რადგან გვქონდა წყლის ჭავლი და სხვა საშუალებები“, – ამბობს მეხანძრე.
მისივე თქმით, ცეცხლის კერა სასტუმროს საქვაბეში იყო, „სადაც გათბობისა და ვენტილაციის დანადგარებია განთავსებული“.
ლეოგრანდში ხანძრის გაჩენის დროს ბათუმის მთელ რიგ უბნებს ბუნებრივი აირი არ მიეწოდებოდა. როგორც „ბათუმელებს“ სასტუმროს რამდენიმე თანამშრომელმა უთხრა, ბუნებრივი აირი ხანძრის გაჩენამდე არც სასტუმროს მიეწოდებოდა.
ევაკუაციის დაწყება ლეოგრანდში / არჩილ კახაძის ფოტოევაკუაციის დროს. სასტუმრო ლეოგრანდი / თედო ჯორბენაძის ფოტო
24 ნოემბერს ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 10 საქართველოს და ერთი ირანის მოქალაქე. სასტუმროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბათუმში „ლეოგრანდში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაშავებული პირები საავადმყოფოში მოინახულა. მინისტრის გარდა საავადმყოფოში მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქის მერი ლაშა კომახიძე და სხვა ოფიციალური პირებიც იმყოფებოდნენ.
ოფიციალური ინფორმაციით, ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის კურსს ამ დროისთვის დაშავებული ოთხი პაციენტი გადის. აქედან, ორი პაციენტი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალშია მოთავსებული, ორი პაციენტი კი კლინიკა „მედცენტრში“.
ხანძრის შედეგად კლინიკებში 21 ადამიანი გადაიყვანეს. მთავრობის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
24 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. 21 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანძრის ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, გამოძიებას ჯერ ოფიციალური ვერსია არ გაუცხადებია.
„ბათუმელები“ ერთ-ერთი დაზარალებული პირის შვილს, ნიკა კახიძეს ესაუბრა, რომელიც ხანძრის დროს მამის დასახმარებლად მივიდა სასტუმროში:
„იმ დღეს მე და მამაჩემი სპაში ვაპირებდით ერთად წასვლას, თუმცა მე აღარ წავსულვარ. როცა გავიგე ხანძრის ამბავი, მოვედი მამაჩემის დასახმარებლად. ვკითხე რა მოხდა-მეთქი. უცებ ჩამოვარდა კვამლი, პანიკა იყოო. მამაჩემი გამოიქცა და ლიფტის საშუალებით ჩამოვიდა ქვემოთ.
როგორც მე ვიცი, ვინც საუნაში იყო იმ ადამიანებმა გამოსვლა ვერ მოახერხეს. ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ შიგნით. ზუსტად არ ვიცი რატომ, მაგრამ საუნას სპეციფიკური კარები აქვს, რომელიც, როგორც ჩანს, ჩაიკეტა.
ტრენერი ბიჭი იყო იქ ერთი, რომელსც ვესაუბრე. მან გაუწია ორგანიზება პანიკაში მყოფ ადამიანებს და გარეთ გამოიყვანა. ლიფტით ჩამოიყვანა ეს ადამიანები, თორემ უფრო მეტი იქნებოდა დაღუპული.
ერთადერთი, რაც დაზუსტებით ვიცი, კვამლი უცებ შემოვარდა ფიტნეს დარბაზში და კიდევ ის, რომ მამაჩემმა მოახერხა გამოქცევა. რამდენი ადამიანი იყო დარბაზში არ ვიცი. ვიცი, რომ კვამლისგან ბევრი მოიწამლა და მამაჩემის გადაყვანაც მომიწია საავადმყოფოში“.
24 ნოემბერს სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის დროს სასტუმროში იყოფებოდა მსახიობი კახა მიქიაშვილი, რომელსაც „მის საქართველოს“ ღონისძიება უნდა წაეყვანა. ხანძრის გაჩენის დროს იგი სასტუმროს რესტორანში იმყოფებოდა და რამდენიმე ათეულ ადამიანთან ერთად ტერასაზე გავიდა. „ბათუმელებთან“ კახა მიქიაშვილი შემთხვევაზე საუბრობს:
„ხვალ უნდა ჩატარებულიყო „მის საქართველოს“ დასკვნითი ღონისძიება, მე უნდა ვყოფილიყავი წამყვანი, გუშინ შევუერთდი ჯგუფს. საღამოს შვიდ საათზე ჩავედით სავახშმოდ სასტუმროს მეშვიდე სართულზე განთავსებულ რესტორანში, რვას აკლდა წუთები, როცა უცებ ჩაქრა შუქი, ჯერ რესტორანში დავინახეთ კვამლი, გავიგეთ, რომ ხანძარია და უცებ გამოგვიყვანეს ტერასაზე, რომელიც რესტორანს ესაზღვრება. ხანძრის ეს მასშტაბი თუ იყო, ვერ წარმოვიდგენდით.
დაახლოებით 5-10 წუთში სასტუმროს ისეთი დაკვამლიანება მოხდა, რომ ვეცადე შიგნით შევსულიყავი და კიბით ჩავსულიყავი, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. ტერასიდან ვხედავდით რამდენიმე გაღებულ ფანჯარას, ხალხი შველას ითხოვდა, ზეწრებს იქნევდნენ, აქ ვართ, გადაგვარჩინეთო. ძირითადად უცხოელები იყვნენ და ერთი ქართველი გოგო, რომელიც არც ჩანდა, რადგან სასტუმროში უკვე შუქი გაითიშა. ქვემოდან ვამხნევებდით, დამშვიდდით, მოსულია სახანძრო. გადარჩნენ თუ არა, არ ვიცი, სამწუხაროდ, არ მაქვს ინფორმაცია.
მცირე პანიკა იყო, განსაკუთრებით უცხოელი ქალბატონები, ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ტერასაზე იყო, ხედავდა როგორ ითხოვდა მისი მეგობარი შველას ნომრიდან და წარმოგიდგნიათ, რა იქნებოდა?!
მერე ერთმანეთს ვამშვიდებდით და ერთ საათში ეს პანიკაც დაცხრა, მობილიზებული ვაყავით, ერთმანეთს დავხმარებოდით.
ვხედავდით, როგორ მოვიდნენ მეხანძრეები, მაგრამ საათნახევარის მანძილზე ვერ ამოვიდნენ კვამლის გამო. დაახლოებით ორ საათში კვამლი შეწყდა, როგორც ჩანს, კერა ჩააქრეს და ამწეები მოადგეს აივანს, მეხანძრეები ამოვიდნენ და ვინც ვიყავით აივანზე უვნებლად გაგვიყვანეს, დაახლოებით 50 ადამიანი ვიქნებოდით. ყველა ცოცხალი, საღ-სალამათი გამოვედით გარეთ. როცა მეხანძრეები ამოვიდნენ, ჩოჩქოლის გარეშე, ძალიან მობილიზებულად გამოვედით ყველა. გადაგვარჩინა იმან, რომ ახლოს ვიყავით ტერასასთან.
პირველივე წამებიდან ძალიან მობილიზებულნი იყვნენ რესტორნის თანამშრომლები. საუბარია უსაფრთხოების ზომებზე, მე არ ვიცი შიგნით რა ხდებოდა, მაგრამ რესტორანში როგორც კი კვამლი გაჩნდა, იმ წუთას ჩაირთო წყლის ჭავლი. ლაპარაკია იმაზე, კიბე იყო თუ არ იყო, მაგრამ რომც ყოფილიყო, ვერ ვისარგებლებდით, რადგან ისეთი კვამლი იყო, შენობაში ვერ შევდიოდით და ამ კიბეს მაინც ვერ დავინახავდით. ასევე, ნომრებში ჩაკეტილი ხალხი, რომლებიც შველას ითხოვდა, ნომრებიდან ვერ გავიდოდნენ და კიბით ვერ ისარგებლებდნენ. ქვემოთ, პირველ სართულზე, სადაც ჰოლია, ფაქტია, რომ დაკვამლიანება არ ყოფილა, როგორც ჩანს, ზევით გაჩნდა კვამლი.
რა მოხდა არ იცოდნენ არც ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, რომლებიც ძალიან გვედგნენ გვერდში. როცა კვამლი გაჩნდა, ვერც მათ გაიგეს რა მოხდა, უბრალოდ გთხოვეს, სასწრაფოდ გავსულიყავით გარეთ, მოიტანეს ცეცხლმქრობები და ეკავა ყველა თანამშრომელს, ის კი არა, რომ არ იცოდნენ რა ექნათ, შევარდნენ კვამლში, გამოგვიტანეს გადასაფარებლები, რადგან წვიმდა და მოგვაფარეს, რაც შეეძლოთ მაქსიმუმი გააკეთეს. მერე ვცდილობდით, რომ რესტორნის მინები ჩაგვეტეხა, რომ კვამლი გარეთ გამოსულიყო, ძალიან მობილიზებულნი იყვნენ, მაგრამ მიზეზი ვერავინ ვერ გაიგო. ყველა რომ გამოვედით, სულ ბოლოს ჩამოვიდნენ ადმინისტრაციის თანაშმრომლები.
ძალიან ბევრი რამ გააკეთეს ჩვენთვის ყველამ, მიმტანებმა, ადმინისტრაციის, დაცვის თანამშრომლებმა, მეხანძრეებმა, მაშველებმა. ძალიან მობილიზებული იყვნენ და მაქსიმალურად გვეხმარებოდნენ.“
24 ნოემბერს ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 10 საქართველოს და ერთი ირანის მოქალაქე.
ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, მერიის ზედამხეველობის სამსახურს სასტუმრო „ლეო გრანდი“ სახანძრო უსაფრთხოების წესების არ ქონის ან შესაბამისი წესების დარღვევის გამო არ დაუჯარიმებია. „ ეს ჩვენ არ გვეხება. ადრე დავაჯარიმეთ პროექტირების დარღვევისთვის, სახანძრო უსაფრთხოების გამართულობას ვინ ამოწმებს არ ვიცი, მეც მაინტერესებს და უნდა გავარკვიო“, – უთხრა მერიის ზედამხეველობის სამსახურის უფროსმა ზაალ მამუჭაძემ „ბათუმელებს“.
მუნიციალური სახანძრო და სამაშველო სამსახურები 2014 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ექვემდებარებიან და სასტუმროს შემოწმებაც სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სახანძრო სამსახურის კომპეტენცია იყო.
სახანძრო სამსახურის თანამშრომლები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ სასტუმროს ნამდვილად ჰქონდა ორი საევაკუაციო კიბე და ცეცხლჩამქრობი სისტემაც: „თუმცა საკმარისად არ ჰქონდა ცეცლჩამქრობები და საევაკუაციო გეგმები, რისთვისაც სასტუმრო დაჯარიმდა ასი ლარით და მიეცა გაფრთხილებაც. თუმცა, ეს ხარვეზი სასტუმროს მენეჯმენტს არ გამოუსწორებია.“
სახანძრო სამსახურს სასტუმრო „ლეოგრანდი“ ევაკუაციის გეგმების არ ქონისა და არასაკმარისი ცეცხლჩამქორობების გამო 2017 წლის ივლისში დაუჯარიმებია.
სატუმრო „ლეო გრანდი“ ბათუმის მერიამ 2015 წელს ჩაიბარა. მერიის არქიტექტურის სამსახურში განმარტეს, რომ იმ დროისთვის არ არსებობდა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ინვესტორს შენობის ექსლუატაციაში გასაშვებად სახანძრო უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებული დასკვნის წარდგენას დაავალდებულებდა. შესაბამისად, ასეთი დასკვნა ინვესტორს მერიისთვის არ წარუდგენია. რეგულაცია, რომელიც ესპლუატაციაში გასვლამდე შენობაში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის არსებობასა და მის გამართულობის დამადასტურებელი დასკვნის წარდგენას ითვალისწინებს ბათუმის მერიამ მხოლოდ 2017 წელს შეიმუშავა და ბათუმის საკრებულომ დაამტიკცა.