არის თუ არა დაცული სახანძრო უსაფრთხოება ბათუმის დიდ სასტუმროებში

არის თუ არა სახანძრო უსაფრთხოების წესები დაცული ბათუმის დიდ სასტუმროებში? – „ბათუმელებს“ ყველა სასტუმროში უთხრეს, რომ დაცულია. სასტუმროების უმრავლესობამ ვერ გვიპასუხა კითხვებზე: რა სახით არის დაცული უსაფრთხოება და რომელმა უწყებამ შეამოწმა უსაფრთხოების ნორმები?

„დაცულია უსაფრთხოება,“ – გვითხრეს სასტუმრო „რედისონის“ მისაღებში. აქ უარი გვითხრეს უსაფრთხოების მენეჯერთან გასაუბრებაზე. „უსაფრთხოების მენეჯერმა იცის კონკრეტულად, რა და როგორ არის. მის ნომერს ვერ მოგცემთ, შაბათ-კვირას არ მუშაობს,“- დაამატეს მისაღებში.

ორშაბათამდე უსაფრთხოების კუთხით ინფორმაციის მოწოდებაზე უარი თქვა სასტუმრო „შერატონმაც“: „უსაფრთხოება დაცულია, ამას ამოწმებენ. რომელი სამსახური ამოწმებს არ ვიცი. უსაფრთხოების მენეჯერს შემიძლია ორშაბათს გაგასაუბროთ“.

სასტუმრო „ეიფორიაში“ დაცვის სამსახურის უფროსს დაგავლაპარაკეს: „ჩვენთან დაცულია უსაფრთხოების ნორმები, არსებობს ცალკე კიბე, რომელსაც შენობის უკანა მხარეს გაყავხარ… რომელი უწყება ამოწმებს, მაგდენი მე არ ვიცი, დაცვის თანამშრომელი ვარ“.

„ტურიზმის დეპარტამენტი ამოწმებს სახანძრო უსაფრთხოებას,“ – აღნიშნეს სასტუმრო „დივანის“ მისაღებში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ხარისხის  ნიშანს „რეკომენდებულია“ აძლევს სასტუმროს, სადაც უსაფრთხოების ნორმებიც უნდა იყოს დაცული. ხარისხის ეს ნიშანი სასტუმრო „ლეოგრანდსაც“ ჰქონდა მინიჭებული 2015 წელს.

სასტუმრო „დივანში“  ვერ დაგვიკონკრეტეს, შეამოწმა თუ არა უსაფრთხოების ნორმები საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ. ამ უწყებას აქვს სასტუმროების შემოწმების და რეაგირების უფლება სახანძრო უსაფრთხოების კუთხით.

სასტუმრო „აისში“ გვითხრეს, რომ აქვთ ცალკე გასასვლელი, ასევე საევაკუაციო გეგმა, ფოსფორის განათება იმ შემთხვევისთვის, თუკი შუქი გაითიშება. სასტუმროში აღნიშეს, რომ სახანძრო უსაფრთხოება საგანგეობო სიტუაციების მართვის სააგენტომ შეამოწმა.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი გუშინ 24 ნოემბერს მოხდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა.

 

 

შსს: გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე. ეს მონაცემები შსს-ს ინფორმაციით არ შეცვლილა.

სასტუმროში ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, ადგილზეა სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

სასტუმროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილი:
სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ხანძარი სასტუმრო ლეოგრანდში გუშინ, 24 ნოემბერს გაჩნდა.

პრემიერი ლეოგრანდის ხანძართან დაკავშირებით: ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება

მკურნალობის კურსს ხანძრის შედეგად დაშავებული რვა პაციენტი გადის

პატარაძე „ლეოგრანდში“ მომხდარ ხანძართან დაკავშირებით: კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა

დღეს, 25 ნოემბერს, სასტუმრო „ლეოგრანდში“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გუშინ მომხდარ ხანძართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. „თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე დროა, ყველა ძალიან ვღელავთ, მძიმე წუთებია ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის, ჩვენი ქალაქელებისთვის და მინდა ყველას მივუსამძიმრო, მართლაც დიდი ტრაგედია.

გამოძიება დაწყებულია, ახლახანს დავასრულე საუბაში შს სამინისტროს და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან, გავმართეთ სამუშაო შეხვედრა. არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, რომელსაც პასუხს გასცემს გამოძიება უახლოეს პერიოდში.

თუმცა მე მინდა განვმეორდე და კიდევ ერთხელ ხამამაღლა ვთქვა, რომ კანონის სრული სიმკაცრით დაისჯერა ყველა ის ადამიანი, არა აქვს მნიშვნელობა სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომლები იქნებიან, თუ კერძო კომპანიის წარმომადგენლები. იქნება მაქსიმალური რეაგირება, მაქსიმალური ჩართულობა ხელისუფლების და ძალიან მალე გვეცოდონება დეტალები“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

დღეს სასტუმრო „ლეოგრანდში“ საქართელოს პატრიარქი ილია მეორე იმყოფებოდა, მან დაღუპული სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. სასტუმროს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის წევრები და ქალაქის მერი.

„ბათუმელების“ კითხვაზე უნდა გამკაცრდეს თუ არა კანონი უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით, ზურაბ პატარაძე ამბობს, რომ დამატებით კომენტარებს ის გამოძიების დასრულების შემდეგ გააკეთებს.

ილია მეორემ სასტუმრო ლეოგრანდთან პანაშვიდი ჩაატარა

დღეს, 25 ნოემბერს, ბათუმში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, ილია მეორე ჩამოვიდა. მან სასტიმრო „ლეოგრანდთან“, სადაც გუშინ ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩაატარა.

24 ნოემბერს, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 – საქართველოს და 1 ირანის მოქალაქე დაიღუპა.

ხანძარი სასტუმროში საღამოს რვა საათზე გაჩნდა. სამაშველო სამსახურები მთელი ღამის მანძილზე მუშაობდნენ. ხანძრის შედეგად დაშავებულები ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფებიან.

ლელა დუმბაძის ფოტო
ლელა დუმბაძის ფოტო
ლელა დუმბაძის ფოტო

ხულოს საკრებულო: ხანძარს ხულოს ოთხი მკვიდრის სიცოცხლე ემსხვერპლა

„24 ნოემბერს ქალაქ ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ განვითარებულ ხანძარს ხულოს მუნიციპალიტეტის მკვიდრის 4 სიცოცხლით სავსე ახალგაზრდის ზაურ აბულაძის, დათო ქამადაძის, მარად შანთაძის და როინ ჯოყილაძის სიცოცხლე შეეწირა.ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, მუნიციპალიტეტს და სრულიად საქართველოს. ეს ტრაგედია უსაზღვრო და უმძიმესია თითოეული ჩვენთაგანისათვის“ – ამ განცხადებას, თანდართულ ფოტოებთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო აქვეყნებს.

24 ნოემბერს, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 10 – საქართველოს და 1 ირანის მოქალაქე.

ხანძარი სასტუმროში საღამოს რვა საათზე გაჩნდა. სამაშველო სამსახურები მთელი ღამის მანძილზე მუშაობდნენ. ხანძრის შედეგად დაშავებულები ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფებიან.

„ლეოგრანდში“ მომხდარი ხანძრის გამო საქართველოს პატრიარქი ბათუმში ჩამოდის

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მდივნის, თამარ ჩხაიძის ინფორმაციით, საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, თბილისიდან „წუთი-წუთზე უნდა გამოფრინდეს“. მისი ინფორმაციით, თვითმფრინავი 12 საათისთვის უნდა გამოფრენილიყო ბათუმში, თუმცა უამინდობის გამო, შესაძლოა დააგვიანოს.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, პატრიარქი  პირველიდან ორის ნახევრამდე უნდა ჩამოფრინდეს ბათუმში და პირდაპირ  „ლეო-გრანდში“ მიბრძანდება“-ამბობს თამარ ჩხაიძე.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი გუშინ 24 ნოემბერს მოხდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა.

 

ბათუმის ვიცე-მერი: ლეოგრანდს არაერთხელ მიეცა შენიშვნები და დაჯარიმდა კიდეც

11 ადამიანი გარდაიცვალა და 21 დაშავდა გუშინ, 25 ნოემბერს  სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ხანძრის შედეგად. ათი გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა, ერთი კი ირანის. ბათუმის ვიცე-მერის, თენგიზ პეტრიძის თქმით, სასტუმროში მყოფი პირები ქალაქის სხვადასხვა სასტუმროებშია გადანაწილებული.

ოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 21 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში, აქედან 13 პირი უკვე გაწერილია, რვა კი საავადმყოფოში რჩება.  „ლეოგრანდში“ იმყოფება ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, რომელიც ამბობს, რომ სასტუმროს არაერთხელ მიეცა შენიშვნები და დაჯარიმდა კიდეც.

„არის თუ არა სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების ნორმები დაცული, ამის თაბაზე შემიძლია გითხრათ, რომ სახანძრო უსაფრთოებაზე სასტუმრო შემოწმებულია და დაჯარიმებულიც კი იყო, თუმცა, დადასტურებით მაინც არ შემიძლია ამის თქმა, რადგან დოკუმენტურად ამ საკითხებს არ გავცნობივარ. ჩემთვის გადმოცემით არის ეს ინფორმაცია ცნობილი.

„ლეოგრანდში“ ექსპერტ-კრიმინალისტები და სამაშველო სამსახური მუშაობას ისევ აგრძელებენ.
ფოტო: ლელა დუმბაძე

ხოლო, დაცული იყო თუ არა სახანძრო უსაფრთხოება და არსებობდა თუ არა საევაკუაციო გეგმა, რამ გამოიწვია ეს ტრაგედია, ეს გამოძიების შემდეგ დადგინდება“-ამბობს პეტრიძე.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, ადგილზეა სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ხანძრის შედეგად „ლეოგრანდში“ 11 ადამიანი გარდაიცვალა და 21 დაშავდა.
ფოტო: ლელა დუმბაძე

სასტუმროები და სხვა შენობა-ნაგებობებს ექსპლუატაციაში ქალაქის მუნიციპალიტეტის მერია იღებს. თენგიზ პეტრიძე ვერ აზუსტებს, სასტუმროს ექსპლუატაციაში მიღების დროს შემოწმდა თუ არა ის სახანძრო უსაფრთხოებაზე. „ექსპლუატაციაში მიღებისთვის რა დოკუმენტებიც არის საჭირო, „ლეოგრანდს“ ყველაფერი გაკეთებული აქვს, მაგრამ უსაფრთხოების ნორმები ჰქონდა თუ არა დარღვეული ან მართებულად მოხდა თუ არა შენობის ექსპლუატაციაში მიღება, საგამოძიებო სამუშაოების შემდეგ დადგინდება“- ამბობს პეტრიძე.

სასტუმროს ტერიტორიაზე სასულიერო პირებიც იმყოფებიან. ისინი საქართველოს პატრიარქს ელოდებიან, რომელიც ხანძრის შედეგად დაღუპული ადამიანებისთვის პანაშვიდს გადაიხდის.

სასტუმრო „ლეოგრანდი“

ამავე თემაზე: 

შს სამინისტრო: დაღუპულია საქართველოს 10 და ირანის რესპუბლიკის 1 მოქალაქე

 

 

 

ბათუმში რობი კუხიანიძის კონცერტი გადაიდო

დღეს,  Black Sea Sound-ის ფარგლებში, თავისუფალი სივრცე / Free Space – ში დაგემილი რობი კუხიანიძის კონცერტი გადაიდო.

ორგანიზატორებმა ეს გადაწყვეტილება, გუშინ ღამით მომხდარი ტრაგედიის გამო მიიღეს, რომლის შედეგადაც ბათუმში, სასტუმრო ლეო გრანდიში განვითარებული ხანძრის შედეგად  11 ადამიანი დაიღუპა და 20–ზე მეტი დაშავდა.

ინფორმაცია ღონისძიების ჩატარების შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

 

სასტუმრო ლეოგრანდი ხანძრის შემდეგ [ფოტო]

24 ნოემბერს, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 10 – საქართველოს და 1 ირანის მოქალაქე.

ხანძარი სასტუმროში საღამოს რვა საათზე გაჩნდა. სამაშველო სამსახურები მთელი ღამის მანძილზე მუშაობდნენ. ხანძრის შედეგად დაშავებულები ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფებიან.

სასტუმროს გარე ფასადზე ხანძრის კვალი არ ეტყობა, თუ არ ჩავთვლით კვამლისგან გაშავებულ ფარდებს და კვამლის სუნს, რომელიც ამ დრომდე იგრძნობა გოგებაშვილის ქუჩაზე, იქ სადაც სასტუმრო მდებარეობს. გთავაზობთ ფოტოებს, თუ როგორ გამოიყურება „ლეოგრანდი“ ახლა.

 

სასტუმრო ლეოგრანდი 25 ნოემბრის დილას ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

სასტუმრო ლეოგრანდი
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

 

სასტუმროს გარეგნულად ხნძრის კვამლი არ ეტყობა. თუმცა მთელს მიმდებარე ქუჩაზე ამ დრომდე დგას კვამლის სუნი

 

სახანძრო-სამაშველო სამსახურის მანქანები სასტუმროს წინ მთელი ღამის განმავლობაში იყვნენ მობილიზებული

 

მკურნალობის კურსს ხანძრის შედეგად დაშავებული რვა პაციენტი გადის

 სასტუმრო “ლეოგრანდში” გუშინ, 24 ნოემბერს მომხდარი ხანძრის შედეგად ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის კურსს დაშავებული რვა პაციენტი გადის. აქედან ექვსი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალშია მოთავსებული, ორი პაციენტი კი კლინიკა “მედცენტრში”.
დაშავებულთაგან სამი საქართველოს მოქალაქეა, ორი თურქეთის რესპუბლიკის, ხოლო ერთი ისრაელის. აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ხანძრის შედეგად კლინიკებს ჯამში 21-მა პაციენტმა მიმართა. 13-მა მათგანმა სამედეცინო დაწესებულება უკვე დატოვა.

ოფიციალური ინფორმაციით, გუშინ ხანძრის შედეგად დაღუპული 11 ადამიანიდან 10 საქართველოს, ერთი კი ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა.

დაშავებულთა უმეტესობამ დაზიანება კვამლის შედეგად მიიღო. აღსანიშნავია, რომ აჭარის რეგიონში მოქმედ სამედიცინო კლინიკებში ძლიერი დამწვრობის მკურნალობის სერვისი არ მოქმედებს. კლინიკებში მხოლოდ პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაა შესაძლებელი. რეგიონში არც დამწვრობის სპეციალისტია. ხანძრით ძლიერი დამწვრობის შემთხვევაში, აჭარიდან პაიენტების გადაყვანა, თბილისის დამწვრობის ეროვნულ ცენტრში ხდება საჭირო.

ამავე თემაზე:

პრემიერი ლეოგრანდის ხანძართან დაკავშირებით: ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება

პრემიერი ლეოგრანდის ხანძართან დაკავშირებით: ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება

სასტუმრო ლეოგრანდში მომხდარი ხანძრის შემდეგ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში ჩამოვიდა. პრემიერმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს. მან ასევე მადლობა გადაუხადა სამაშველო და სახანძრო სამსახურის თანამშრომელს 100-მდე ადამიანის გადარჩენისთვის.

„მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომ მოხდეს გამომწვევი მიზეზების სწრაფად დადგენა. ამას მოყვება უმკაცრესი რეაგირება და დაისჯება ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტრაგედიაში“, – თქვა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღეს მომხდარ ხანძართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ქვეყნის პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

24 ნოემბრის ღამეს, ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილმა ხანძარმა 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის არის საქართველოს 10 მოქალაქე და ირანის 1 მოქალაე.

ლეორანდი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის სასტუმროა ბათუმში. 182-ნომრიანი სასტუმრო 2015 წელს გაიხსნა.

შს სამინისტრო: დაღუპულია საქართველოს 10 და ირანის რესპუბლიკის 1 მოქალაქე

შს სამინისტრომ  ახალ განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით დაღუპულია არა 12 ადამიანი, როგორც ეს უწყებამ თავდაპირველად გაავრცელა, არამედ 11 ადამიანი. მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე.

ხანძარი ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.

 

 

პრემიერი ბრიუსელიდან თბილისში ჩასვლის ნაცვლად ბათუმში ჩამოფრინდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში სასტუმრო “ლეო გრანდში” მივიდა. მომხდარი ხანძრის სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მას აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ლევან მაისურაძემ მიაწოდა.

პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავი, რომელიც ბრიუსელიდან თბილისში ბრუნდებოდა ბათუმში სასტუმრო ,,ლეო გრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა.

სამაშველო სამსახური: ლეოგრანდში ხანძარი ლიკვიდირებულია, ყველა ოთახი შემოწმებულია

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, სასტუმრო ლეოგრანდში ხანძარი ლიკვიდირებულია და ყველა სასტუმრო ნომერი შემოწმებულია. „მაინც კიდევ დამატებით ვამოწმებთ“, – უთხრეს „ბათუმელებს“ სამაშველო სამსახურში.

როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, 3 მეხანძრე-მაშველი გადაყვანილია საავადმყოფოში. ისინი თავს კარგად გრძნობენ.

ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებული იყო  15 სახანძრო სამაშველო ავტოსისტემა და ოთხი სამაშველო კიბე. მუშაობდა დამატებითი ჯგუფები იმერეთიდან, გურიიდან და სამეგრელოდან.

ხანძრის ჩასაქრობად სულ 120 მაშველი იყო მობილიზებული.

24 ოქტომბერს გაჩენილი ხანძრის შედეგად სასტუმრო ლეოგრანდში 12 ადამიანი დაიღუპა.

ლეოგრანდში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა

ლეოგრანდში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურში განუცხადეს. „გაიზარდა, მაგრამ ზუსტი ციფრი, ჯერჯერობით, არ ვიცით“, – უთხრეს ბათუმელებს სასწრაფო სამედიცინო სამსახურში.

შს სამინისტროს ინფორმაციით კი, „ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად წინასწარი ინფორმაციით გარდაცვლილია 12 ადამიანი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილები არიან ბათუმის კლინიკებში. სასტუმრო „ლეო გრანდში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით მოქმედებს მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს. მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.დაახლოებით ერთი საათის წინ ცნობილი გახდა, რომ დაღუპული იყო ოთხი ადამიანი“.

ლეოგრანდი 182-ნომრიანი სასტუმროა.

 

 

 

ხანძარი ლეოგრანდში: საავადმყოფოში გადაყვანილია 10 ადამიანი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმრო ლეოგრანდში მომხდარი ხანძრის შედეგად საავადმყოფოებში გადაყვანილია 10 ადამიანი. მათგან ორი მოტეხილობით, სხვებს დაკვამლიანებისგან ინტოკსიკაცია აღენიშნებათ.

სასტუმრო ლეოგრანდთან მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადები. ჯერჯერობით სასტუმროში კვლავ რჩებიან ადამიანები, რომელთა გამოყვანაზეც მუშაობენ სამაშველო სამსახურის ჯგუფები.

სასტუმრო ლეოგრანდში ხანძრის შედეგად დღეს ოთხი ადამიანი დაიღუპა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. თვითმხილველების თქმით ხანძარი სასტუმროს სამზარეულოს ბლოკში გაჩნდა.

ლეოგრანდი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასტუმრო ბათუმში.

შს სამინისტრო: ლეოგრანდში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით ცხელი ხაზი ამოქმედდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით ცხელი ხაზი აამოქმედა.  ცხელი ხაზის ნომერია: 595950925.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ შს მინისტრი ხანძართან დაკავშირებით ბათუმში გაემგზავრა.

შს სამინისტროს განცხადებას გთავაზობთ უცვლელად: „ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით უკვე ამოქმედდა საინფორმაციო მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს.

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ბათუმში გაემგზავრნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 20:01 სთ-ზე შევიდა შეტყობინება ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით. ადგილზე მობილიზებულია აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს 13 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი. ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთნენ მეხანძრე-მაშველები და სახანძრო-სამაშველო ტექნიკა გურიის და სამეგრელოს რეგიონებიდან. ხანძრის შედეგად არის მსხვერპლი. წინასწარი ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანილი არიან სასტუმროში მყოფი მოქალაქეები და სამი მეხანძრე-მაშველი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

სასტუმრო ლეოგრანდში ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, სასტუმრო ლეოგრანდში ხანძრის შედეგად ამ დროისთვის ოთხი ადამიანია დაღუპული. გარდაცვლილები ჯერჯერობით არ არიან იდენტიფიცირებულები.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის შვიდი ადამიანია საავადმყოფოში გადაყვანილი.

სასტუმრო ლეოგრანდში ხანძარი დღეს, რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. სასტუმრო 182-ნომრიანია, მასში ასევე საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი, კაზინო და სპა ცენტრია განთავსებული.

ხანძარი ლეოგრანდში: საავადმყოფოში გადაყვანილია სამი ადამიანი

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრის ზონიდან, ანუ სასტუმრო ლეოგრანდიდან საავადმყოფოში გადაყვანილია სამი პირი.

„დაკვამლიანებაა ჯერჯერობით, დამწვრობით არა“, – უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის წარმომადგენელმა, რომელიც თავადაც სასტუმროს მიმდებარედ იმყოფება.

თვითმხილველების თქმით, სასტუმრო ლეოგრანდში ხანძარი სამზარეულოდან გაჩნდა.

 

ბათუმში ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად ხვალიდან აღდგება

ბათუმის აბონენტების გაზმომარაგებაში მთელი დღის განმავლობაში შეფერხებები იყო. აბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირი ამ წუთებშიც არ მიეწოდება. მიმწოდებელ კომპანიაში მიზეზად მილსადენზე დაზიანება დაასახელეს, რომლის აღდგენაც მათივე ინფორმაციით, ხვალ, 25 ნოემბერს დაიწყება.

„სოკარ ჯორჯია გაზში“ აცხადებენ, რომ „წნევის ვარდნის გამო დაზიანდა მილსადენი, რის გამოც აბონენტების ნაწილს შეუწყდა გაზის მიწოდება. სამუშაოები ხვალ დილიდან დაიწყება. პარალელურად, ხვალიდან დაიწყება ბუნებრივი აირის მიწოდებაც და დღის ბოლომდე სრულად აღდგება“.

 

სასტუმრო ლეოგრანდში ხანძარია

სახანძრო სამსახურში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარია. სასტუმროსთან უკვე მობილიზებულია სამი სახანძროს მანქანა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ამ დროისთვის მიმდინარეობს ადამიანების ევაკუაცია.

ხანძარი საკმაოდ დიდია, ზუსტად ვერ გეტყვით მასშტაბების შესახებ, გვითხრეს სახანძროში.

სასტუმროსთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც. როგორც „ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, სახანძრო ჯგუფები გამოძახებულია ქობულეთიდან და ხელვაჩაურიდან.

სასტუმრო ლეოგრანდში ხანძარია

 

 

„აჭარის ტელევიზია“ ახალი სერიალისა და ფილმების შესაძენად 360 ათას ლარს დახარჯავს

360 ათას ლარად ახალი სერიალისა და ფილმების შეძენას საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზია“ აპირებს. შესყიდვა ტელევიზიამ დღეს, 24 ნოემბერს გამოაცხადა. სერიალის გარდა „აჭარის ტელევიზია“ რამდენიმე მხატვრულ, დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმს შეიძენს.

სერიალის მიმართ მოთხოვნების კატეგორიაში „აჭარის ტელევიზია“ აღნიშნავს, რომ სერიალი აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ესპანეთში ან უკრაინაში უნდა იყოს დამზადებული.  ტელევიზია ჯამში 120 სერიის შესყიდვას აპირებს და იგი მომავალ წელს გავა ეთერში. სერიალი 2000-დან 2017 წლამდე პერიოდში უნდა იყოს გადაღებული.

მხატვრულ ფილმებზე „აჭარის ტელევიზიის“ მოთხოვნა აქვს, რომ იმ ფილმებს შეისყიდის, „რომლის შექმნაში მონაწილეობა მიიღო კინემატოგრაფიაში მოღვაწე ცნობილმა ადამიანმა“, ასევე ფილმებს, „რომლებსაც აღებული აქვთ ცნობილი ფესტივალის ჯილდოები“. ტელევიზია სულ 56 მხატვრული ფილმის შეძენას აპირებს.

„აჭარის ტელევიზია“, სავარაუდოდ, 360 ათასი ლარით ასევე შეიძენს შემეცნებითი ჟანრის 40 დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმს [56 საათი].

აჭარის მთავრობა: დანამატი საჯარო სამსახურებში დაბალი ხელფასის გამო გაიცემა

აჭარის მთავრობა შრომის ანაზღაურების, მათ შორის, დანამატებისა და პრემიების საკითხს გამოეხმაურა. ამ თემაზე დღეს, 24 ნოემბერს, ბრიფინგი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამართა და ის მონაცემები გაასაჯაროვა, რაც პარტიას სხვადასხვა სამთავრობო უწყებამ მიაწოდა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ნაციონალური მოძრაობა კვლავ ახდენს ციფრებით მანიპულირებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მათ მიერ მიმდინარე წელს უკვე რამდენჯერმე გაკეთდა განცხადება აღნიშნულ თემაზე, მაშინ, როცა მოცემულობა არ შეცვლილა. აჭარის მთავრობის უწყებებში გასულ წელთან შედარებით  შემცირებულია ადმინისტრაციული ხარჯები. რაც შეეხება სახელფასო ფონდს, პრემიები არ მიუღიათ აჭარის  მთავრობის თავმჯდომარეს და მინისტრებს, ასევე მინისტრის მოადგილეებს და დეპარტამენტების უფროსებს. ზურაბ პატარაძეს არა მხოლოდ ბოლო 5 თვის მანძილზე, მას შემდეგ რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილებას შეუდგა, არც ერთხელ უსარგებლია პრემიით,“ – აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარაში მთავრობა მიიჩნევს, რომ ხელფასი საჯარო უწყებაში არის დაბალი. ამ არგუმენტით ცდილობს მთავრობა დანამატების გაცემის საჭიროების დასაბუთებას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელფასი  თვეში 3310 ლარია. ზურაბ პატარაძე ყოველთვიურად იღებს დანამატსაც – 2482 ლარს. დანამატს იღებენ მინისტრებიც. მინისტრების ანაზღაურება სტანდატულია და ხელზე დარიცხვით თვეში 2720 ლარს შეადგენს. ყოველთვიურად იღებენ მინისტრები დანამატსაც – 2040 ლარის ოდენობით.

„დანამატების გაცემა სამართლებრივად, წინასწარ არის გაწერილი და დადგენილი ყველა რანგის საჯარო მოსამსახურისთვის და ის შრომის ანაზღაურების შემადგენელი ნაწილია. იგი გაიცემა საჯარო სამსახურებში არსებული დაბალი სახელფასო ანაზღაურების გამო და პროფესიონალი კადრების შენარჩუნების  მიზნით,“ – წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია ასევე, რომ საკითხი 2018 წლიდან დარეგულირდება:

„საკითხი 2018 წლიდან დარეგულირდება, როდესაც ძალაში შევა საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, რომელიც  საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურების წესს და პირობებს განსაზღვრავს“.

რამდენად დააზიანა მანდარინი სეტყვამ

ციტრუსის მოსავლის რა ნაწილი დააზიანა სეტყვამ? – აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ ზუსტი მონაცემები ჯერ არ აქვთ. სამინისტრო მეციტრუსეებს მოუწოდებს, დროულად დარეკონ ცხელ ხაზზე, თუკი მოსავალი დაზღვეულია.

„მანდარინის სპეციფიკა ვიცით, სეტყვის დროს არ ეტყობა და ნაყოფს ემჩნევა სადღაც 7-8 დღის შემდეგ. ამ პერიოდში მოხდება ბაღების დათვალიერება და შემდეგ დავითვლით ზარალს. მეციტრუსეებს ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ გამოდარების შემდეგ აიღონ მოსავალი და 6-7 ძირი მანდარინი დატოვონ იმისთვის, რომ სპეციალისტებმა შეფასება გააკეთონ. თუკი მოსავალი დაზღვეულია, დროულად უნდა დარეკონ მეციტრუსეებმა ცხელ ხაზზე – 15 01,“ – ამბობს მამუკა თურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი.

წელს აჭარაში 2500 სადაზღვევო პოლისია გაცემული. სამინისტროს ინფორმაციით, დაახლოებით 1500 ჰექტარზე მეტი ციტრუსის ბაღია დაზღვეული. მამუკა თურმანიძის თქმით, დაზღვევის ანაზღაურება გასული წლის მსგავსად მოხდება და მეციტრუსეს კილოგრამ მანდარინში 50 თეთრს გადაუხდიან.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ზარალი დიდი ოდენობის არ იქნება. „ინტენსიური სეტყვა არ ყოფილა“, – ამბობს ციტრუსის შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი სირაბიძე. „ციტრუსმა წელს გვიან დაიწყო დამწიფება, ქერქი არის მაგარი და ვფიქრობთ, რომ დაზიანების მაჩვენებელი შეიძლება არ იყოს დიდი,“ – აღნიშნავს მამუკა თურმანიძე.

აჭარაში წელს ციტრუსის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 55 ათასი ტონაა. ციტრუსის შტაბის მონაცემებით, 23 ნოემბრის მდგომარეობით, ექსპორტზე გასულია მხოლოდ 1304 ტონა მანდარინი, აქედან რუსეთში 867 ტონა, სომხეთში – 257, უკრაინაში- 169 და ყაზახეთში – 12 ტონა.

ციტრუსის შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი სირაბიძის ინფორმაციით, არასტანდარტული მანდარინის მიმღები საწარმოები 27 ნოემბერს გაიხსნება. შტაბში არ აქვთ მონაცემები, რა ოდენობის სტანდარტული მანდარინი ჩაიბარეს ციტრუსის საწარმოებმა.

„ჯერ აქტიურად არ დაწყებულა ჩაბარება, ძალიან მცირე ოდენობით არის ჩაბარებული,“ – დასძენს გიორგი სირაბიძე.

„საქართველოს ფოსტა“ ისევ უკანონო გადაწყვეტილებაში ამხილეს

„საქართველოს ფოსტამ“ ხელახლა წააგო სასამართლო დავა ყოფილი თანამშრომლების წინააღმდეგ. სასამართლოს წინა გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემდეგ,  „საქართველოს ფოსტას“ ისევ უკანონო გადაწყვეტილებების მიღება დაუდასტურა სასამართლომ.

„საქართველოს ფოსტის“ ადმინისტრაციას 2012 წლიდან დღემდე არავინ სთხოვს პასუხს უკანონო გადაწყვეტილებების გამო. ადამიანის უფლებების დარღვევის გარდა იზრდება კომპენსაციის ოდენობა, რაც ამ სახელმწიფო შპს-მ უნდა გადაუხადოს ყოფილ თანამშრომლებს. „საქართველოს ფოსტამ“ ათობით თანამშრომელი 2012 წელს გაათავისუფლა.

მოსამართლე სალიხ შაინიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამჯერად „საქართველოს ფოსტის“ ყოფილი 6 თანამშრომლის სარჩელი დააკმაყოფილა. ექვსივე თანამშრომელს სასამართლოს ყველა ინსტანცია მოგებული ჰქონდა, თუმცა ფოსტამ ისინი ბათუმის ნაცვლად სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აღადგინა, მაგალითად, ხულოში, შუახევში, ოზურგეთში… სასამართლო პროცესზე „საქართველოს ფოსტის“ იურისტებმა შეგებებული სარჩელით ყოფილ თანამშრომლებს პირიქით, გაფიცვაში დასდეს ბრალი. სასამართლომ ეს არგუმენტი არ გაიზიარა.

სამსახურში აღდგენის გარდა „საქართველოს ფოსტამ“ განაცდური უნდა გადაუხადოს ყოფილ თანამშრომლებს და თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელფასის 0.07 %. სასამართლო ამ ვადას 2016 წლის 22 იანვრიდან ითვლის, როცა უზენაესმა სასამართლომ ფოსტის ყოფილი თანამშრომლების სარჩელი დააკმაყოფილა.

რა გამორიცხავს იმას, რომ ისევ იმავე წრეზე არ წავა „საქართველოს ფოსტა“? – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, მირზა მამულაძე ამბობს, რომ ასე თუ მოხდება, სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობასთან გვექნება საქმე, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

„ამჯერად სასამართლომ თქვა, რომ ბათუმის ოფისის ყოფილი თანამშრომლის ხულოში აღდგენა არ იყო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება,“ – აღნიშნავს მირზა მამულაძე.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ფოსტის ყოფილი თანამშრომლების ინტერესებს იცავს სასამართლოში.

„საქართველოს ფოსტის“ კიდევ ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა – ლელა  რაზმაძემ რამდენიმე თვის წინ მოუგო ხელახლა სასამართლო დავა დამსაქმებელს. ლელა რაზმაძეც ბათუმის ოფისში მუშაობდა და ის ხულოში აღადგინეს. ხელვაჩაურის სასამართლომ თქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ შესრულდა. „საქართველოს ფოსტამ“ ლელა რაზმაძის სამსახურში აღდგენის ნაცვლად, გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. ეს საქმე აღსრულების ეტაპზეა.

რას ნიშნავს, როცა სახელმწიფო შპს სასამართლოს გადაწყვეტილებას თავს არიდებს და უკანონო გადაწყვეტილების გამო ყოველდღიურად იზრდება კომპენსაციის ოდენობა?

მირზა მამულაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი: „ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა, რაც ხაზს უსვამს შრომითი უფლებების უთანასწორობას და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას. ჩემი აზრით, უნდა დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი“.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამჯერად ფოსტის სამი თანამშრომლის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ეს ის შემთხვევები იყო, როცა სასამართლოს გადაწყვეტილებით „საქართველოს ფოსტამ“ სამსახურში თანამშრომლები ბათუმთან შედარებით ახლოს – ქობულეთსა და ქედაში აღადგინა. მოსამართლე სალიხ შაინიძემ მიიჩნია, რომ ქობულეთისა და ქედის სერვისცენტრებში მოსარჩელეთა აღდგენა არ არღვევდა ტოლფასოვნების კომპონენტს. კიდევ ერთ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის მოტივით –  მან დამსაქმებელს გათავისუფლებიდან ერთი თვის შემდეგ მოსთხოვა დასაბუთება.

ამ თემაზე:

როგორ აარიდა თავი სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებას „საქართველოს ფოსტამ“

 

ესტაკადის მშენებლობისთვის ბათუმის საკრებულომ 53 035კვ/მ მიწა აჭარას გადასცა

ბათუმის პორტთან ესტაკადის მშენებლობისთვის ბათუმის საკრებულომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას მიწის ნაკვეთები, ჯამში, 53 035 კვ/მ, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა.

ბათუმის საკრებულომ გადაწყვეტილება დღეს, 24 ნოემბერს, სხდომაზე ერთხმად მიიღო.

გადაცემული ნაკვეთები ყოფილი ხის დამამუშავებელი კომბინატის, თევზის ბაზრისა და პორტის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს.


აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე, ესტაკადის მშენებლობის ეტაპების საექსპერტო შეფასებაზე ტენდერი აქვს გამოცხადებული. სატენდერო თანხა 38 ათასი ლარია.

ესტაკადის სამშენებლო სამუშაოებს ცალკე ტექნიკურ ზედამხედველობას კომპანია „ოიკო ჯგუფი“ გაუწევს, რომელთანაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 137 ათას ლარზე ხელშეკრულება მიმდინარე წლის 15 ნოემბერს გააფორმა.

ესტაკადა კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტ“-მა უნდა ააშენოს. მშენებლობაზე ხელშეკრულება სამინისტრომ, მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, 14 მილიონ 370 ათას ლარზე გააფორმა. ზედამხედველი და მშენებელი კომპანიები სამინისტრომ ტენდერით შეარჩია

ბათუმში, პორტის მიმდებარედ, ესტაკადა 2018 წლის 20 სექტემბრამდე უნდა აშენდეს.

არის თუ არა ესტაკადის მშენებლობაზე ნებართვა გაცემული? –  „კავკასუს როუდ პროჯექტ“-ის დირექტორის, ლევან ტრაპაიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს ესტაკადის მშენებლობისთვის.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით კი, იმ პროექტებთან მიმართებაში, რომლებსაც სამინისტრო ახორციელებს, მშენებლობის დაწყებისთვის საჭიროა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი ბრძანება – მშენებლობის შეთანხმების შესახებ. ესტაკადის შემთხვევაში ასეთი ბრძანება ჯერ გამოცემული არ არის და ის მომზადების ეტაპზეა.

მიწის ნაკვეთები, რომლებიც ესტაკადის მშენებლობისთვის გადასცა ბათუმის საკრებულომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას

 

 

პრემიები და დანამატები აჭარის მთავრობაში – ენმ-ს ბრიფინგი

„ესენი არიან ბიუჯეტის ფაროსანები,“ – აცხადებს რეზო ხარაზი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. მან დღეს, 24 ნოემბერს,  პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს აჭარის მთავრობაში გაცემული პრემიებისა და დანამატების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. რეზო ხარაზის თქმით, „აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არ ასრულებს დაპირებას იმის შესახებ, რომ იგი დანამატს არ აიღებდა“.

„ჩვენ გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით. ეს პერიოდი ემთხვევა წინასაარჩევნო თვეებს. აღმოჩნდა, რომ პრემიებისა და დანამატების კუთხით მატებაა, მთავრობა არაფრის კეთებაში იღებს ფულს. მთავრობის აპარატში ბოლო 5 თვის განმავლობაში შრომის ანაზღაურებამ 974 846 ლარი შეადგინა, აქედან პრემიებზე დაიხარჯა 111 866 ლარი, ხოლო დანამატებზე – 242 226 ლარი. ხუთივე თვეში ზურაბ პატარაძე იღებდა დანამატს. თვეში მისი შრომის ანაზღაურებისთვის ჩვენი ჯიბეებიდან იხარჯება 5792 ლარი,“ – ამბობს რეზო ხარაზი.

აჭარის სხვადასხვა სამინისტროს მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელფასი თვეში 3310 ლარია. ზურაბ პატარაძე ყოველთვიურად იღებს დანამატსაც – 2482 ლარის ოდენობით.

დანამატს იღებს ყველა მინისტრი. მინისტრების ანაზღაურება სტანდატულია და ხელზე დარიცხვით თვეში 2720 ლარს შეადგენს. ყოველთვიურად იღებენ მინისტრები დანამატსაც – 2040 ლარის ოდენობით. თითოეულ მინისტრს ბოლო 5 თვეში ხელზე 23 800 ლარი მიუღია [13 600 ლარი ხელფასი, 2040 ლარი – დანამატი].

განსხვავება მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროშია, სადაც მინისტრი შეიცვალა. ყოფილი მინისტრი ლაშა კომახიძე ბათუმის მერი გახდა. მინისტრობის დროს ლაშა კომახიძემ ივნისიდან აგვსიტოს ჩათვლით ხელფასის სახით  8160 ლარი აიღო, დანამატი – 6120 ლარი.

„ყველაზე მეტს ხარჯავს ეკონომიკის სამინისტრო. ბოლო ოთხ თვეში ამ უწყებამ ხელფასებში, პრემიებსა და დანამატებში თითქმის მილიონი – 948 688 ლარი დახარჯა. ეკონომიკური უძრაობის ფონზე მაინტერესებს რაში იღებენ ამხელა ხელფასს?“ – კითხულობს რეზო ხარაზი.

უმაღლეს საბჭოში ანაზღაურებადი სტაჟირება გააუქმეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატში ანაზღაურებად სტაჟირებას ვეღარ გაივლიან. შესაბამისი დადგენილება, რომელიც ანაზღაურებად სტაჟირებას ითვალისწინებდა, უმაღლესმა საბჭომ 16 ნოემბერს გააუქმა.

უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ამ დროისთვის საბჭოს აპარატში ანაზღაურებად სტაჟირებას არავინ გადის.  მხოლოდ ერთი სტაჟიორია იურიდიულ კომისიაში, რომელიც ანაზღაურებას არ იღებს. უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ არაანაზღაურებადი სტაჟირება აპარატში შესაძლებელი იქნება.


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესახებ დადგენილება უმაღლესმა საბჭომ 2014 წლის სექტემბერში მიიღო და ის 2015 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.

ამ დადგენილებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულებში საჯარო კონკურსის გზით შერჩეულ სტაჟიორთა რაოდენობა განისაზღვრა არაუმეტეს თითო სტაჟიორით; ამასთან, კონკურსის გზით შერჩეულ პირებს უმაღლესი საბჭოს აპარატში სტაჟირების გავლა საბჭოს საგაზაფხულო ან/და საშემოდგომო სესიების პერიოდში შეეძლოთ; თითოეული სტაჟიორის შრომის ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში ყოველთვიურად 125 ლარით იყო განსაზღვრული.

უამინდობის გამო ზოგიერთ სკოლასა და ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა

აჭარის მაღალმთიანეთში თოვს. თოვლის საფარი ზოგ სოფელში 1 მეტრზე მეტია. უამინდობის, უშუქობისა და ასევე, ბავშვების გამოუცხადებლობის გამო ზოგ ბაღსა და საჯარო სკოლაში სააღმზრდელო-სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს.

ხულოს ბაღების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი რიჟვაძის ინფორმაციით, უშუქობისა და ბავშვების გამოუცხადებლობის გამო ხულოს მუნიციპალიტეტის 20 საბავშვო ბაღიდან სააღმზრდელო პროცესი მხოლოდ 4  – მეკეიძეების, რიყეთის, საციხურისა და დაბის  – ბაღში განახლდა.

ელექტროენერგიის არ ქონის გამო შუახევის 6 ბაღში – ჭვანის, უჩამბის, ხიჭაურის, ბარათაულის, ჭალისა და წყაროთას ბაღებში სააღმზრდელო პროცესი არ მიმდინარეობს.

რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, ქედის ბაღების გაერთიანების დირექტორის, აიშე თებიძის ინფორმაციით, უშუქობას აქ პრობლემები არ შეუქმნია: „ყველა ბაღი მომარაგებულია შეშით, თუმცა 14 ბაღიდან ბავშვები მხოლოდ 4 ბაღში გამოცხადდნენ –  ხარაულის, დოლოგნის, მახუნცეთისა და ცხმორისის N2 ბაღში“.

აჭარის მთიანეთში სასწავლო პროცესი სულ 12 სკოლაში არ მიმდინარეობს – ხულოს ცხრა საჯარო სკოლაში, ქედის ერთ და შუახევის ორ სკოლაში. რესურსცენტრების ინფორმაციით,  11 სკოლაში სასწავლო პროცესი ბავშვების გამოუცხადებლობის გამო შეწყდა, ხოლო ხულოს ერთ  – თხილვანის საჯარო სკოლაში –  ელექტროენერგიის გათიშვის გამო.

პრობლემები დიდთოვლობის გამო აჭარის მაღალმთიანეთში

ქედა / 24.11.2017 / ეკა ბარამიძის ფოტოები

 

პრობლემები დიდთოვლობის გამო აჭარის მაღალმთიანეთში

შუახევის მერის, ფრიდონ ფუტკარაძის ინფორმაციით, ელექტროენერგიის ცენტრალური ხაზის დაზიანების გამო შუახევის მუნიციპალიტეტს ამ დროისთვის შუქი არ მიეწოდება, რაც შეეხება საავტომობილო მიმოსვლას, მერის თქმით, დაბალი ზონის სოფლებში მაღალი გამავლობის ავტომობილები გადაადგილდება.

„დაზიანდა როგორც ცენტრალური ელექტროხაზები, ასევე შიდა ქსელიც. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში ერთ მეტრს აჭარბებს, რაც შეეხება გადაადგილებას, დაბალი ზონის სოფლებში მაღალი გამავლობის ავტომობილები გადაადგილდებიან, მაღალ ზონაში კი პრობლემებია, ვიწყებთ გზების გაწმენდას,“ – ამბობს ფრიდონ ფუტკარაძე.

შუქი არ მიეწოდება ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებსაც. ქედის მერის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტროენერგია მხოლოდ მახუნცეთშია: „ვმუშაობთ, რომ დღის განმავლობაში მოხდეს შუქის აღდგენა, ცენტრალურ გზაზე, შეზღუდვით, თუმცა გადაადგილება შესაძლებელია,“ – ამბობს ლევან გორგილაძე.

რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტს, აქ თოვლის საფარი მაღალ სოფლებში ერთი მეტრი და 20-30 სმ-ია. ხულოს მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, „რიყეთის, დიოკნისისა და საციხურის თემებში შემავალ სოფლებს შუქი არ მიეწოდება. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, დღის 12 საათისთვის ვვარაუდობთ შუქის აღდგენას. რაც შეეხება გადაადგილებას, სოფლებში გუშინ გაიწმინდა გზები, რაც შეეხება დაბას, დავიწყეთ გაწმენდითი სამუშაობი, ნებისმიერი მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელია“.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის  გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 მონაკვეთზე  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

შუახევი, ჭვანის ხეობა / 24.11.2017
შუახევი, ჭვანის ხეობა / 24.11.2017
შუახევი, ჭვანის ხეობა / 24.11.2017
ქედა / 24.11.2017
ქედა / 24.11.2017
ქედა / 24.11.2017

24 ნოემბერს “შავი პარასკევია” – Black Friday

24 ნოემბერს  აშშ-ში  „შავი პარასკევი“, იგივე -Black Friday დგება.  დღე, როდესაც აშშ-ს ყველა სავაჭრო ცენტრი მყიდველებს დიდ ფასდაკლებას სთავაზობს. ქართველ მომხმარებელს კი ფასდაკლებული პროდუქციის ყიდვა ონლაინმაღაზიებში შეუძლია.

„შავი პარასკევი“ აშშ-ში ტრადიციულად მადლიერების დღის მომდევნო დღეს აღინიშნება. მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების დიდი ნაწილი გამთენიისას იხსნება, ხალხი კი, რიგის დაკავებას ღამე იწყებს. რიგები იმდენად დიდია, რომ „შავ პარასკევს“ უამრავი ადამიანი ტრავმას იღებს, ყოფილა შემთხვევები, როდესაც რიგში დგომა ადამიანის გარდაცვალებითაც დასრულებულა.

მაღაზიები ამ დღესთან დაკავშირებით ფასებსა და ფასდაკლებებს წინასწარ აანონსებენ, მათ შორის  Target.com, Amazon.com,  Best Buy, dell.com, samsung.com  და სხვა.  ამ საიტებზე პროდუქცია შესაძლოა 50% და 70%-იან ფასდაკლებითაც კი შეიძინოთ.

ამაზონზე ფასდაკლება არა მხოლოდ პარასკევს, არამედ მთელი კვირის განმავლობაში მოქმედებს. თუ  შენაძენის ღირებულება 25 დოლარზე მეტია, უფასო შიპინგით [Free Shipping] ისარგებლებთ.

მაგალითად, $ 109.99 ღირებულების ელექტრონული წიგნი “Kindle paperwhite” აქციის ფარგლებში ამაზონზე $79.99 ღირს.

Best Buy-ზე ფასდაკელებები 23-25 ნოემბერს იმოქმედებს. აქციის ფარგლებში მობილურ ტელეფონს – Samsung Galaxy note 8” -ყიდვისას 350 ამერიკულ დოლარს დაზოგავთ.

არსებობს ორი ვერსია, თუ რატომ დაერქვა ამ დღეს „შავი პარასკევი“. პირველის თანახმად, ფილადელფიის პოლიციის დეპარტამენტმა ეს ტერმინი გამოიყენა სწორედ მაღაზიებში არსებული რიგების, მყიდველთა ხალხმრავლობით გამოწვეული დიდი საცობებისა და არეულობების აღსაწერად. მეორე ვერსიის თანახმად კი, მეწარმეები ბუღალტერიის წარმოებისას წითელი და შავი ფერის კალამს იყენებდნენ. წითლით აღნიშნავდნენ წაგებას, შავით – მოგებას. ნოემბრის ბოლო პარასკევი კი ყოველთვის მომგებიანი იყო და ბუღალტრულ ანგარიშგებებში შავი კალმით იწერებოდა.

არ გამოტოვოთ „შავი პარასკევი“. ხოლო, თუ რომელიმე  ნივთზე თანხა გაკლდებათ, მიმართეთ სოლვას. Solva-ში თქვენ შეგიძლიათ, მიიღოთ 3000 ლარამდე ონლაინ სამომხმარებლო სესხი სახლიდან გაუსვლელად, ყოველგვარი ხელფასის ცნობის, გირავნობის დამადასტურებელი მოწმობის ან რაიმე სხვა დოკუმენტის გარეშე.

Solva.ge-ს სერვისით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ 20 წლის ასაკს მიღწეულ მოქალაქეს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სოლვას ქოლცენტრს: +995 322 50 00 22, მიწერეთ Facebook-ზე: www.facebook.com/SolvaGeo, ან ესტუმრეთ მის ვებგვერდს: www.solva.ge

Solva.ge საერთაშორისო სწრაფად მზარდი ჰოლდინგის, ID Finance-ის წევრი კომპანიაა. ID Finance გასცემს ონლაინ სესხებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ესპანეთში, რუსეთში, პოლონეთში, ბელორუსში, ყაზახეთსა და ბრაზილიაში.

ბათუმის ახალი ვიცე-მერი, თენგიზ პეტრიძე: პიროვნულად მეც არ მომწონდა ბევრი რამ

მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული შეფასებისა, რომ ბათუმი არც თუ ისე კეთილმოწყობილი ქალაქია, კეთილმოწყობის მიზნით შესრულებული სამუშაოები კი – არც თუ ისე ხარისხიანი, ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, მერიაში 15-წლიანი მუშაობის შემდეგ, დაწინაურება კიდევ ერთხელ მოახერხა. თენგიზ პეტრიძე ამჯერად მეორე პირად, ბათუმის ვიცე-მერად დაინიშნა. შესაბამისად, მისი პასუხისმგებლობის სფეროც გაფართოვდა. ბათუმის ახალარჩეულმა მერმა, ლაშა კომახიძემ, მას ქალაქის ინფრასტრუქტურული საკითხების ზედამხედველობა დაავალა.

ბატონო თენგიზ, რა სფეროც ჩაიბარეთ, რა გამოწვევებს ხედავთ, რა არის შესაცვლელი მერიის სამსახურების მუშაობაში?

გამოწვევები საკმაოდ დიდია. იმით დავიწყებდი, რომ დაწყებული პროექტები უნდა დასრულდეს. ეს არის შეუქცევადი პროცესი. რაც შეეხება მიწისქვეშა კომუნიკაციებს და ასევე გზების, ქუჩების კეთილმოწყობას და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს, რა თქმა უნდა, იქნება ნოვაციებიც. ბატონი ლაშას [ბათუმის მერი] წინასაარჩევნო დაპირებებშიც კი, მრავალი ახალი პროექტი იყო დაანონსებული. თუმცა ამ პროექტებზე კონკრეტული საუბრისგან თავს შევიკავებ, რადგან ამ ყველაფერს დამუშავება სჭირდება. დარწმუნებული ვარ, უფრო და უფრო მეტი გამოწვევა იქნება. კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა რომ დაიწყება, მირჩევნია მერე ვისაუბრო.

ბათუმში მუდმივად მსჯელობენ იმაზე, რომ კეთილმოწყობითი სამუშაოები ქალაქის ცენტრშიც კი დაუსრულებელ პროცესად იქცა – მერიის პასუხი  ყოველთვის იყო ის, რომ მსგავსი სამუშაოები უცებ არ სრულდება. 

გასაკვირი არც არის, კრიტიკა რომ ისმის. ეს არის ტექნოლოგიური პროცესი, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანისთვის მიუღებელია. რა თქმა უნდა, ეს ბევრ კითხვით ნიშანსაც ბადებს. – იგივე მიწისქვეშა კომუნიკაციების კეთილმოწყობა რომ ავიღოთ, ჭაობის, ბონის დასახლების, ბარცხანის ქუჩების გადათხრა – პირველ ეტაპზე მიმდინარეობს გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შეღავათიანი სესხის ფარგლებში წყლისა და  კანალიზაციის სისტემის მოწყობის სამუშაოები, რა დროსაც აუცილებლად უნდა გადაითხაროს ქუჩა, რათა მოეწყოს კომუნიკაციები, კანალიზაცია და წყალი. სანამ ტესტირება არ ჩატარდება, იქ სხვა ტიპის სამუშაოების შესრულება დაუშვებელია. კანალიზაცია სადაც ითხრება, ის სხვა ტრანშია, სანიაღვრე სხვა ტრანშით კეთდება – ერთი ქუჩაა, მაგრამ ერთმანეთის გვერდითაა სამუშაოები.

წყლისა და კანალიზაციის სამუშაოების დროს გაითხრება ქუჩა, ჩაიდება კომუნიკაციები და მოსწორდება, შემდეგ იწყება ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები, – გრუნტი, სანიაღვრე სისტემა იცვლება დამატებით. შემდეგ იწყება ასფალტირება, შემდეგ კი ბორდიური და ტროტუარი კეთდება. ამის მკაფიო მაგალითი ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ჭაობის დასახლებაში, სადაც ქუჩების დიდი ნაწილი უკვე კეთილმოეწყო. საბოლოო შედეგი სახეზეა.

რას იტყვით იმ ქუჩებზე, სადაც სამუშაოები დასრულდა, მაგრამ პრობლემები გვაქვს?

დიახ, არის, როცა ახალ რეაბილიტირებულ ქუჩებზეც იწყება ფილების დემონტაჟი, კანალიზაციის სისტემის დამონტაჟება და შემდეგ თავიდან მონტაჟი. ამის შესახებ მინდა გაცნობოთ, რომ ეს არის საკანალიზაციო სისტემა, რომელიც მოეწყო, მაგრამ სანამ „ბ“ კოლექტორი არ დამთავრდებოდა და ტესტირება არ ჩატარდებოდა, სისტემაზე მოსახლეობის დაერთება არ უნდა მომხდარიყო, შეუძლებელი იყო. გამომდინარე აქედან, ჩვენ უნდა დავლოდებოდით კიდევ ერთი წელი, როდის მოხდებოდა „ბ“ კოლექტორის დასრულება, შემდგომში საკანალიზაციო სისტემაზე მოსახლეობის დაერთება და ამის შემდეგ უნდა დაგვეწყო ქუჩების რეაბილიტაცია.

რა თქმა უნდა, მიზანშეწონილი იყო ის, რაც განხორციელდა. გაკეთდა ქუჩები, ტროტუარები, კიდევ ერთი წელი არ დარჩა მოსახლეობა გადათხრილ ქუჩებში და სავალალო მდგომარეობაში. კეთილმოეწყო ეს ქუჩები და ახლა ხდება ფილების დემონტაჟი და შემდგომში ისევ მონტაჟი. ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში შედეგი არის უკეთესი და მოსახლეობაზე ორიენტირებული.

რაც შეეხება ხარისხს?

რაც შეეხება ხარისხს, რომ ხშირად მწყობრიდან გამოდის, ფუჭდება და ასე შემდეგ… ნებისმიერი სამუშაო, რომელსაც ახორციელებს მერია, სამუშაოების დასრულების შემდგომ ბარდება ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ დაქირავებული ტექნიკური ზედამხედველი ამოწმებს ამ სამუშაოებს. მართალია, დაზღვევის მიზნით შესრულებული სამუშაოები გადის ექსპერტიზასაც, მაგრამ მაინც არ ვართ დაზღვეული იმისგან, რომ რაღაც ხარვეზი გამოვლინდეს. სახლშიც კი დავმდგარვართ ასეთი ფაქტის წინაშე რემონტის შემდეგ. ამისთვის მერიას აქვს მექანიზმი – ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტის ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია პირობები, ხდება თანხის დაკავება კონტრაქტორ კომპანიაზე საგარანტიო პერიოდის მოქმედების ფარგლებში და ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, თუ ეს ხარვეზი არ არის გამოწვეული მექანიკური დაზიანებით. თუ მანქანა დაეჯახა  და დააზიანა, რა თქმა უნდა, სამშენებლო ხარვეზი არ არის. სხვა შემთხვევაში კომპანია ვალდებულია, საგარანტიო პერიოდში გამოასწოროს ხარვეზი. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ჩამოეჭრება დაკავებული თანხა და ეს თანხა მიიმართება ისევ ამ ხარვეზის გამოსწორებას. ამაზე დამატებით მერია ერთ თეთრსაც კი აღარ დახარჯავს.

სხვა პრობლემებზეც მინდა გკითხოთ, ქალაქის ინფრასტრუქტურა არ არის მხოლოდ გზების რეაბილიტაცია. რა ვითარებაც გვაქვს ამ მხრივ დღეს ქალაქში, თქვენთვის დამაკმაყოფილებელია?

მე რომ მომწონდეს და თვითკმაყოფილებას მივეცე, ალბათ, ვეღარ განვვითარდებით და ვერაფერს ვეღარ გავაკეთებთ. კრიტიკული მე უფრო ვარ, ვიდრე სხვა.

მაინც რა არ მოგწონთ?

ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ბევრი რამ შეიძლება დასახვეწიც კი იყოს, რაზეც მუდმივად ვმუშაობთ, განახლებაზე ვართ ორიენტირებული და არა იმაზე, რომ რაღაც გავაკეთეთ და ამაზე გავჩერდეთ. იმის თქმა, რომ ყველაფერი იდეალურად არის, ნამდვილად არ იქნებოდა სწორი, მით უმეტეს ჩემი მხრიდან.

მაინტერესებს, კონკრეტულად რა არ მოგწონთ პირადად თქვენ?

ამისგან თავს შევიკავებ, რადგან ეს ჩემი აზრია. მე მირჩევნია მოვისმინო თქვენ რა არ მოგწონთ.

საინტერესოა ასევე თქვენი აზრი ქალაქში მიმდინარე მშენებლობებსა და მიშენებებზე…

ჩემთვის, როგორც ახალდანიშნული ვიცე-მერისთვის, ეს ახალი სფეროა – ადრე ამასთან შეხება არ მქონია, მე ვიყავი კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი, მოდი გავმიჯნოთ. მშენებლობები, რომლებსაც ახორციელებენ, ინვესტორი იქნება თუ დეველოპერი, არ შედიოდა კეთილმოწყობის სამსახურის კომპეტენციაში, არც მიშენებები.

მაგრამ ამ მიმართულებით ქაოსური პროცესი თქვენ, როგორც კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს, არ გაზარალებდათ? – აი, მაგალითად, ბათუმში ადამიანები ფიქრობენ, რომ ქალაქი თავის იერსახეს კარგავს…

პიროვნულად მეც არ მომწონდა ბევრი რამ, ეს სხვა თემაა, მაგრამ სამსახურებრივად ნამდვილად არ შედიოდა კეთილმოწყობის სამსახურის კომპეტენციაში და არც გადაკვეთა მქონდა. ამის შემდეგ კი ყველაფერი სულ სხვა კუთხით წარიმართება, ამაში დარწმუნებული ვარ.

თქვენ ამბობთ, რომ კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის სტატუსით აკეთებდით საქმეს. კეთილმოწყობა ხომ ნიშნავს კეთილმოწყობილ ქალაქს – თქვენ პასუხობდით ამ მიზანს?

ისევ იმას ვუბრუნდებით. მე ვხვდები თქვენი კითხვის არსს, მაგრამ ეს ყველაფერი გამიჯნულია თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე. კეთილმოწყობა და მიშენებები სხვადასხვა ჭრილში უნდა განვიხილოთ. გემოვნებაზე არ დავობენ, კაცია და გუნებაო, როგორც იტყვიან. რაღაც შენობები, რომლებიც აშენდა ქალაქში მეც არ მომწონს, რაღაცები მომწონს. როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე გეთანხმებით. ვერც იმას ვიტყვი, რომ ჩემი გაკეთებული საქმით კმაყოფილი ვარ და სულ ყველაფერი მომწონს.

მერი ალბათ ხშირად დაინტერესდება ვიცე-მერის მოსაზრებებით, რას ურჩევთ მას – მერიის რომელი სამსახური საჭიროებს განახლებას ან გაძლიერებას?

ისედაც ორი-სამი დღეა, რაც ვიცე-მერი ვარ. ზუსტად ახლა ვარ იმ ეტაპზე, როდესაც ვხვდები ჩემს დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებს, მინდა პრობლემების იდენტიფიცირება მოვახდინოთ, რომ დავსახოთ მიზნები, თუ სად რა ზომებია გასატარებელი, სად რაა გამოსასწორებელი და დასახვეწი. ამიტომ წინასწარ იმის თქმა, რომ დღეს უკვე გადავწყვიტე და ბატონ ლაშას [ლაშა კომახიძე] გეგმა დავუდე კონკრეტულ ცვლილებებზე, რომლებიც გასატარებელია, ჯერ არ შემიძლია.

თქვენ ხომ ამ სტრუქტურაში ხართ დიდი ხანია.

რა თქმა უნდა, მათ შესახებ ჩემთვის ცნობილია, მაგრამ თუ დეტალებში არ გავერკვევი და ჩამოვყალიბდები, მანამდე ნაადრევი იქნებოდა რაიმე კომენტარის გაკეთება ჩემი მხრიდან.

გამომდინარე იქედან, რომ მერიის ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელი იყავით წლების განმავლობაში, არ ფიქრობთ, რომ თქვენი მხრიდან უხერხულია იმის თქმა, რომ ახლა უნდა მოახდინოთ პრობლემების იდენტიფიცირება?

ზუსტად მაგას ვამბობ. სხვათა შორის, ზედამხედველობის სამსახურთან უკვე მქონდა შეხვედრა და გავიარე კონკრეტული საკითხები, დეტალებზე ვისაუბრეთ, სამუშაო რეჟიმში ვართ. ინფორმაციებს ველოდები, რომელსაც მიმზადებენ და, შესაბამისად, უფრო ნათელი სურათი მექნება, რომლის შემდეგაც უფრო მკაფიო ჩამომიყალიბდა ამ სამსახურის მუშაობა ეფექტურია თუ არაეფექტური.

 

 

საჯარო რეესტრი სანავიგაციო სისტემის დამუშავებას იწყებს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ეროვნული სანავიგაციო სისტემის დამუშავებას იწყებს. სააგენტო ციფრული კარტოგრაფირების სისტემური, ტექნიკური აპარატის გამოყენებას რამდენიმე დღეში დაიწყებს. საველე წესით შეგროვებულ გეოგრაფიულ მონაცემებს საჯარო რეესტრი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით დაამუშავებს და გეომონაცემებს საერთაშორისო სანავიგაციო კომპანია TomTom – ს მიაწვდის. ეს კომაპანია მონაცემებს ელექტრონული რუკების ინტერნეტ და მობილურ აპლიკაციებში, ასევე  ავტომობილების ბორტკომპიუტერებსა და სხვა სანავიგაციო სისტემებში ასახავს.

ციფრული კარტოგრაფირების აპარატი სააგენტომ 335 000 ლარად  შეისყიდა. იგი ჯიპიეს სისტემითაა აღჭურვილი და სივრცეში ადგილმდებარეობის განსაზღვრა შეუძლია. ხუთკამერიანი აპარატი ავტომობილის თავზე თავსდება და 360 გრადუსით მონაცემებს ციფრული სახით აფიქსირებს.

„ავტომობილმა, რომელზეც აპარატი განთავსდება, გადაღებისას საათში 40-50 კილომეტრი უნდა იმოძრაოს. ერთი გავლით აპარატურა გადაიღებს შენობა-ნაგებობების  ფასადურ მდგომარეობას, გზისა და საგზაო ინფრასტრუქტურას, ელექტრობოძებს, მწვანე ნარგავებს… აპარატი აღიქვამს 20-30 მეტრის მანძილზე ყველაფერს, მაგრამ აქ  გასათვალისწინებელია დაფარულობისა და მხედველობის დონე. თუ ხშირი მწვანე ნარგავებითაა დაფარული კონკრეტული მონაკვეთი, მის უკან მხედველობა არ იქნება, შესაბამისად, შესაძლებელია ქუჩის ორივე მხარის გადაღება. სპეციალისტები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ გადაღება, გადამზადდებიან და ამის შემდეგ დავიწყებთ გადაღების პროცესს. გადაღებული მასალა კი მოგვცემს ღირებულ მასალას გზათა ქსელის, საგზაო ნიშების ციფრული კატალოგის შესაქმნელად, რაც საშუალებას გვაძლევს, ადგილმდებარეობა დავათვალიეროთ კომპიუტერიდან,“ – ამბობს საჯარო რეესტრის სანავიგაციო სისტემის პროექტის კოორდინატორი, გიორგი პეტრიაშვილი.

პროექტის კოორდინატორის ინფორმაციით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო პირველ ეტაპზე ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალების მონაცემებს დაამუშავებს, რომლის ბაზაზე საგზაო ნიშნების ციფრული კატალოგი შეიქმნება.

„პირველ ეტაპზე ცენტრალური მაგისტრალების ზუსტი აღწერა განხორციელდება. ჩვენ კომპანია „ტომტომს“ უნდა მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც ტრანზიტს უზრუნველყოფს. ქვეყანაში შემოსულმა ტურისტებმა თავისუფლად უნდა შეძლონ გადაადგილება, შემდეგ ეტაპობრივად მოხდება გადაღებები სხვადასხვა მიმართულებით, შეიძლება გადავიღოთ ძველი თბილისი, პარალელურად გავაკეთოთ მუზეუმების მონაცემები, ამ კუთხით სამუშაო ბევრია… მნიშვნელოვანია ისიც, რომ მონაცემები ქალაქის მერიამ შეიძლება გამოიყენოს ურბანული განვითარებისთვის, დაგეგმარებისთვის, ელექტროკომპანიებმა კი – ელექტროხაზებისთვის,“ – ამბობს გიორგი პეტრიაშვილი.

ეროვნული სანავიგაციო სისტემის პროექტის ფარგლებში დამუშავებული მონაცემების გამოყენებას სხვადასხვა უწყება შეძლებს. პირველ ეტაპზე დამუშავებული მასალა პერიოდულად განახლდება.

 

 

 

თოლიები შტორმში [ფოტო]

ბათუმში ზღვაში ექვსბალიანი შტორმია. ზღვაზე თოლიები ჯგუფ-ჯგუფად იკრიბებიან და გამოდარებას ელიან.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

ლელა სურმანიძე: კომერციულ პროექტებში მერია ნაკლებად უნდა ჩაერთოს

რატომ არჩია მერიაში მუშაობა ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობას, როგორია მისი ხედვები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე და პროგრამებზე, – ბათუმის მერის ახალი მოადგილე ლელა სურმანიძე „ბათუმელების“ კითხვებს პასუხობს.

ქალბატონო ლელა, თქვენ ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილე იყავით, მერიაშიც მერის მოადგილედ დაინიშნეთ. რა უპირატესობა აქვს თვითმმართველ ორგანოში მუშაობას? 

უპირატესობა აქვს იმ მოსაზრებით, რომ ჩემთვის უფრო მეტი სამუშაო იქნება, რადგან დამემატა სხვა სფეროებიც გარდა ჯანდაცვისა. გარდა ამისა, ლაშა კომახიძისგან წამოვიდა წინადადება – მითხრა, რომ ჯანდაცვაში კარგად ვართმევდი თავს ამ სფეროს და იქნებ ქალაქშიც იმუშაოო. მეც დავთანხმდი.

თქვენი საკურატორო სფერო ძირითადად იქნება ჯანდაცვა. როგორია თქვენი დამოკიდებულება – უნდა შეიცვალოს რაიმე პროგრამებში თუ არა? 

ჩემი საკურატორო სფერო, გარდა ჯანდაცვისა და სოციალურისა, იქნება განათლება, კულტურა და სპორტიც. თუმცა, რა უნდა შეიცვალოს, ამ ეტაპზე ჩემგან ამაზე საუბარი არასწორი იქნება, – ორი დღეა, რაც შევუდექი მუშაობას და ჯერ უნდა ჩავიხედო კარგად ამ საქმეებში. ერთია, როცა გვერდიდან უყურებ, რაღაც მოგწონს, რაღაც არა, მეორეა, როცა უფრო ახლოდან ეცნობი. ამის შემდეგ შეიძლება ამ თემებზე საუბარი. ალბათ გამოჩნდება რაღაცები, რაც შესაცვლელია.

მერიის პროგრამებს ჯანდაცვის მიმართულებით რამდენად კარგად იცნობთ?

საკმაოდ კარგად ვიცნობ, შესაძლებელია გაიზარდოს სამომავლოდ მედიკამენტებით დახმარების პროგრამის ბიუჯეტი და დაემატოს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები. თუმცა ამ ყველაფერსაც სჭირდება კარგად გათვალა და ჩახედვა. სტატისტიკას უნდა ნახვა, რა ოდენობის ადამიანებს დასჭირდება მომსახურება და ა.შ.

შინმოვლის პროგრამა აქვს მერიას. როგორც ვიცი, ამ პროგრამაზე საკმაოდ მაღალია მოთხოვნა. თქვენი აზრით, რა კომპონენტი შეიძლება დაემატოს პროგრამას?

ვიცი, რომ პროგრამაზე მოთხოვნა არის და შესაძლებელია დამატებითი კომპონენტების შეტანაც. მაგალითად, ფსიქოლოგის მომსახურება, რადგან ფიზიკურის გარდა ვიზრუნოთ ამ ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეც. შესაძლებელია სოციალური მუშაკის ჩართვაც  იყოს მიზანშეწონილი. ამიტომ, ამაზე ფიქრია საჭირო და მომავალში ამაზეც ვიმუშავებთ აუცილებლად.

მერიას მოხუცთა სახლის პროექტი აქვს, რომლის განხორციელება 2 მილიონამდე ლარი ჯდება. თუმცა 2018 წლის ბიუჯეტში მშენებლობის თანხა გათვალისწინებული არ არის. თქვენ თუ დაინტერესდებით ამ საკითხით და ბიუჯეტის განხილვის დროს თუ დააყენებთ ამ საკითხს?

ჯერ დაიდოს ბიუჯეტის საბოლოო პარამეტრები და თუ ამ მიმართულებით იქნება საშუალება, რომ რაღაც ნაწილი თანხა მაინც გამოიყოს 2018 წელს, ამაზე ვიზრუნებ. თუმცა, ჯერ კარგად უნდა ჩავიხედო ბიუეჯეტში.

ბიუჯეტის პროექტს თუ იცნობთ და შენიშვნა თუ გაქვთ რაიმე?

ხვალ, 24 ნოემბერს ვაპირებთ ბიუჯეტზე მსჯელობას და განვიხილავთ ყველანი ერთად და ამის შემდეგ მეცოდინება.

რადგან ხვალ მსჯელობთ, ალბათ გაეცნობოდით პროექტს?

რა თქმა უნდა, გადავხედე, მაგრამ ჯერ განვიხილავთ და მერე უფრო მეცოდინება. ერთი გადახედვით, შესაძლებელია არასწორი დასკვნები გავაკეთო, ამიტომ ჯერ მოვისმენ არგუმენეტს და ამის შემდეგ შემეძლება დეტალური მსჯელობა.

ქალბატონო ლელა, თქვენ როგორც გვითხარით, განათლებისა და კულტურის მიმართულებითაც იმუშავებთ. როგორ ფიქრობთ, უნდა დააფინანსოს თუ არა მერიამ  სილამაზის კონკურსები, მოდის კვირეულები და ამ ტიპის ღონისძიებები. თქვენ პირადად თუ დაუჭერთ მხარს ამ ტიპის ღონისძიებების დაფინანსებას?

უმჯობესია, ახალგაზრდულ პროგრამებსა და ინიციატივებს დავუჭიროთ მხარი. ის, რაც კომერციული პროექტია და მისი ავტორებისთვის არის მომგებიანი, აქ ნაკლებად უნდა ჩაერთოს მერია. დავაფინანსებთ ალბათ უფრო ახალგაზრდებს, დამწყებ ხელოვანებს და ვისაც  რეალურად სჭირდება დახმარება პროექტების განსახორციელებლად. შემდეგ გადავხედავთ უფრო დეტალურად და კულტურის სამსახურთან ერთად შევჯერდებით ასეთ საკითხებზე. ასევე, ახალგაზრდობის მხარდაჭერა უნდა გაძლიერდეს საგანმანათლებლო პროგრამების სახით.

მინები, სარკეები და სავარძლები ახალი ავტობუსების შეძენამდე

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ საქალაქო ავტობუსებისთვის მინებს, სარკეებსა და მგზავრის სავარძლებს შეიძენს, რისთვისაც 201 640 ლარი აქვს გამოყოფილი.

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ზონდას მარკის ავტობუსისთვის 240 ერთეულ მინასა და სარკეს მაქსიმუმ 114 440 ლარად, ხოლო მგზავრის 800 სავარძელს [Zonda BUS და FAW CA6100D248-2 მარკის საქალაქო ავტობუსებისთვის] – 87 200 ლარად შეისყიდის. „ავტოტრანსპორტმა“ შესაბამისი ტენდერები უკვე გამოაცხადა.

ტენდერებში გამარჯვებულ[ებ]მა საქონლის მიწოდება უნდა განახორციელონ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში.


ბათუმის ავტოპარკში ამ დროისთვის 140 ავტობუსია. მოქალაქეები „ბათუმელებს“ ავტობუსებში დამტვრეული სკამების ფოტოებს ხშირად უგზავნიან. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ ორი კვირის წინ გვითხრეს, რომ პრობლემის შესახებ იციან, მაგრამ ქსელში არის დაახლოებით 15 ავტობუსი, რომლებსაც ახლი ავტობუსების შეძენის შემდეგ ჩამოწერენ.

ახალი ავტობუსების შეძენაზე კი ტენდერი „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ დღემდე არ გამოუცხადებია.

ახალი ავტობუსების შეძენას ბათუმის მერია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [EBRD] სესხით აპირებს.

დაზიანებული სავარძელი ბათუმის საქალაქო ავტობუსში

 

Exit mobile version