მთავარი,სიახლეები

ლეოგრანდში დაზარალებულის შვილი: მამაჩემი ამბობს, რომ კვამლი უცებ შევარდა ფიტნეს დარბაზში

25.11.2017 •
ლეოგრანდში დაზარალებულის შვილი: მამაჩემი ამბობს, რომ კვამლი უცებ შევარდა ფიტნეს დარბაზში

24 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“  გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. 21 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანძრის ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, გამოძიებას ჯერ ოფიციალური ვერსია არ გაუცხადებია.

„ბათუმელები“ ერთ-ერთი დაზარალებული პირის შვილს, ნიკა კახიძეს ესაუბრა, რომელიც ხანძრის დროს მამის დასახმარებლად მივიდა სასტუმროში:

„იმ დღეს მე და მამაჩემი სპაში ვაპირებდით ერთად წასვლას, თუმცა მე აღარ წავსულვარ. როცა გავიგე ხანძრის ამბავი, მოვედი მამაჩემის დასახმარებლად. ვკითხე რა მოხდა-მეთქი. უცებ ჩამოვარდა კვამლი, პანიკა იყოო. მამაჩემი გამოიქცა და ლიფტის საშუალებით ჩამოვიდა ქვემოთ.

როგორც მე ვიცი, ვინც საუნაში იყო იმ ადამიანებმა გამოსვლა ვერ მოახერხეს. ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ შიგნით. ზუსტად არ ვიცი რატომ, მაგრამ საუნას სპეციფიკური კარები აქვს, რომელიც, როგორც ჩანს, ჩაიკეტა.

ტრენერი ბიჭი იყო იქ ერთი, რომელსც ვესაუბრე. მან გაუწია ორგანიზება პანიკაში მყოფ ადამიანებს და გარეთ გამოიყვანა. ლიფტით ჩამოიყვანა ეს ადამიანები, თორემ უფრო მეტი იქნებოდა დაღუპული.

ერთადერთი, რაც დაზუსტებით ვიცი, კვამლი უცებ შემოვარდა ფიტნეს დარბაზში და კიდევ ის, რომ მამაჩემმა მოახერხა გამოქცევა. რამდენი ადამიანი იყო დარბაზში არ ვიცი. ვიცი, რომ კვამლისგან ბევრი მოიწამლა და მამაჩემის გადაყვანაც მომიწია საავადმყოფოში“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: