ხელვაჩაურის საბავშვო ბაღის თანამშრომლის თქმით, ბაღში დასაქმებულებს ყოველკვარტალური დანამატი მესამე კვარტალის ბოლოს არ აუღიათ და ვერც წინასაახალწლოდ მიიღებენ: „გამგეობაში დავრეკეთ და მხოლოდ ის გვითხრეს, არ გეკუთვნით და ვერც მიიღებთ, თუ არ გაწყობთ, კარი ღიაა და მიბრძანდითო. სად გვიშვებენ, არ ვიცით. ვიცით, რომ ბათუმში დარიგდა და ჩვენ შემთხვევაში ვერ გავარკვიეთ რა ხდება.“ ბაღში დასაქმებულის თქმით, ის ხელზე 235 ლარს იღებს, დანამატს კი, 110 ლარს, სამ თვეში ერთხელ იღებდა.
„2017 წლისთვის საპრემიო ფონდში გაწერილი გვქონდა ხელფასის 100% წლის განმავლობაში და ეს თანხა მთლიანად აიღეს ჩვენი ბაღების თანამშრომლებმა პირველ და მეორე კვარტალში. შესაბამისად, მესამე კვარტალში დარიგდა მხოლოდ ხელფასი, იმიტომ, რომ საპრემიო ფონდი ამოიწურა,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა, ნატო შერვაშიძემ.
რაც შეეხება მეოთხე კვარტალს, დირექტორის თქმით, „შესაძლებელია შევიდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილება და გამოგვიყონ დამატებით თანხა, რათა წინასაახალწლოდ გავცეთ დანამატი. კონკრეტული დეტალები, რამდენს დავარიგებთ და როდის, უახლოეს დღეებში გვეცოდინება“.
ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ კი, „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში მხოლოდ ის განაცხადა, რომ ხელვაჩაურის ბაღების გაერთიანებისთვის წინასაახალწლოდ დამატებით თანხის გამოყოფა დაგეგმილია.
რაც შეეხება ქალაქ ბათუმის საბავშვო ბაღებს, გაერთიანების დირექტორის, ნატალია ზაქარეიშვილის ინფორმაციით, ბაღის თანამშრომლები კვარტალში ერთხელ იღებენ დანამატს ხელფასის 25%-ის ოდენობით, ხოლო მეოთხე კვარტალში, წინასაახალწლოდ აიღებენ დანამატს ხელფასის 100%-ის ოდენობით.
ბათუმის ბაღებში დასაქმებულები ხელფასს ბათუმის ბიუჯეტიდან იღებენ, ხოლო ხელვაჩაურში – ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, შაბათ-კვირას, 2-3 დეკემბერს, აჭარის შავიზღვისპირეთში თბილი ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების თქმით, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ, სანაპირო რაიონებში დღისით ტემპერატურა 13-18 გრადუსი იქნება, ღამით – 3-8 გრადუსი.
აჭარის მთიანეთში დღისით ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა 7-12 გრადუსი, ღამით – 0-5 გრადუსი ყინვა.
ზღვის წყლის ტემპერატურა დღეს 11 გრადუსია.
სინოპტიკოსების თქმით, თბილი ამინდი 5 დეკემბრამდე შენარჩუნდება.
აზერბაიჯანმა 2017 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 127 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. შესაბამისად, წელს აზერბაიჯანი საქართველოსთვის ნომერ პირველი ინვესტორია. აზერბაიჯანის მოქალაქეები აჭარაშიც არიან წარმოდგენილები – ისინი რეგიონში ეწევიან ბიზნესს და საცხოვრებელ სახლებსაც ყიდულობენ. მაგალითად, მწვანე კონცხზე საცხოვრებელ კომპლექსს იშენებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მამიდას ოჯახი.
ნახიჩევანის გუბერნატორის ოჯახის ინვესტიცია ბათუმში
აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარის თანამდებობას ვასიფ თალიბოვი უკვე 24 წელია იკავებს. ვასიფ თალიბოვის უფროსი ვაჟი – ზრა თალიბოვი კი, როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, 2015 წლიდან აზერბაიჯანის სახელმწიფო საემიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზეა დანიშნული. აზერბაიჯანული მედიისავე ცნობით, ზრა თალიბოვი ასევე არის ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ თალიბოვების ოჯახი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მამიდის ოჯახია.
ნახიჩევანსა და აჭარას მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ. ზრა თალიბოვი, ისევე როგორც მამამისი, რამდენჯერმე იმყოფებოდნენ ოფიციალური ვიზიტით აჭარაში.
ზრა თალიბოვი
ნახიჩევანის პირველი პირის ოჯახი სხვადასხვა სახის ბიზნესით არის წარმოდგენილი აჭარაში. ამ დროისთვის ვასიფ თალიბოვის ოჯახი ვილას იშენებს მწვანე კონცხზე. კომპლექსის მშენებლობა ზღვის ხედით უკვე დასასრულს უახლოვდება.
ვასიფ თალიბოვი
საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია MAQRO-მ მწვანე კონცხზე 9 019 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი საკუთრებაში 2016 წლის შემოდგომაზე დაირეგისტრირა. ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, მიწა კომპანიას სამმა კერძო პირმა მიჰყიდა. იქედან მოყოლებული MAQRO მწვანე კონცხზე აშენებს სამსართულიან ვილას, რომლის საერთო ფართობი, ოფიციალური მონაცემებით, 900 კვადრატული მეტრია. მთავარი ნაგებობის გვერდით ეზოში შენდება ორსართულიანი დამხმარე ნაგებობაც. მთელ ტერიტორიას ორ რიგად შემოვლებული აქვს გალავანი – გარეთა კედლის სიმაღლე დაახლოებით სამ მეტრს აღწევს, შესაბამისად, როცა მშენებლობა დასრულდება, იმის დანახვა, თუ რა ხდება ამ მიდამოში, გარედან შეუძლებელი იქნება.
მშენებარე ვილა მწვანე კონცხზე. მანანა ქველიაშვილის ფოტოვილა მწვანე კონცხზე. მანანა ქველიაშვილის ფოტო
საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია MAQRO, რომელიც კომპლექსს აშენებს მწვანე კონცხზე, 2012 წელს დაუფუძნებია თურქეთის მოქალაქე უჩარ ემინს. ის ასევე ფლობს ამ კომპანიის წილების 100-ვე პროცენტს. შესაბამისად, სადამფუძნებლო დოკუმენტებში არ ჩანს, რომ ეს კომპანია უკავშირდება თალიბოვების ოჯახს.
ჩვენ გვინდოდა მწვანე კონცხის კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით კომპანიაში შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირისთვის შეკითხვები დაგვესვა. ტელეფონის ნომერი, რომელზეც კომპანიის ყოფილ დირექტორს (ის სამი თვის წინ გაათავისუფლეს) დავუკავშირდით, გამორთული იყო. კომპანიაში სხვა თანამდებობის პირებმა კი გვითხრეს, რომ არ არის საჭირო ამ მშენებლობით ჟურნალისტების დაინტერესება, რადგან MAQRO, როგორც აზერბაიჯანული ჯგუფი, კიდევ აპირებს საქართველოში ინვესტიციების შემოტანას.
„მედიის ნებისმიერი დაინტერესება ამ ადამიანებში უნდობლობას გააჩენს, რამაც შეიძლება ქვეყნებს შორის ურთიერთობა დააზარალოს“. შესაბამისად, არ ღირს „ერთი დაჩის გამო“ ამის გაკეთება. ამ პირებმა ასევე დაადასტურეს, რომ მწვანე კონცხზე მშენებარე კომპლექსი სწორედ ზრა თალიბოვის საკუთრებაა.
MAQRO-ს კავშირებზე აზერბაიჯანულ მხარესთან საქართველოს საჯარო სივრცეში ერთი ოფიციალური დოკუმენტი იძებნება – 2012 წლის 6 მარტს უჩარ ემინს სწორედ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნოტარიუსთან (გვარად აბიშოვიჩი) მოუმზადებია მინდობილობა, ასევე თურქეთის მოქალაქე ოსმან ერტუნგისთვის, „მასზედ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მისი სახელით დააფუძნოს შპს“. მინდობილობის გაცემის ადგილად მითითებულია ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი ნახიჩევანი.
MAQRO, როგორც ინვესტორი, საქართველოში 2013 წლიდან არის წარმოდგენილი.
კომპანია MAQRO-ს ვებგვერდზე „მაქრო ქონსთრაქშენი“ წარმოდგენილია როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი: „კომპანიის პირველი პროექტი აჭარის რეგიონში, 10 000 კვ.მეტრზეა განლაგებული ავეჯის ქარხანა Glorya Forniture, რასაც მოჰყვა ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო Mercure Tbilisi Old Town-ი, რომელიც ფრანგული ბრენდის „აკორ გრუპის“ წევრია. მომავალში „მაქრო ქონსთრაქშენი“ პარტნიორ „აკორ გრუპთან“ ერთად თბილისში სასტუმრო Ibis styles-ის მშენებლობას გეგმავს.
„მაქრო ქონსთრაქშენის“ უმსხვილესი პროექტი, 45 მილიონ დოლარად შეფასებული ინვესტიცია საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ბუდაპეშტია“, რომელიც 2016 წლის მაისში დასრულდა.
„მაქრო ქონსთრაქშენი“ იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას. ეს არის საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ალმასი“ თბილისში, რომელიც მოიცავს 1772 ბინას, ღია და დახურულ სპორტულ დარბაზებს, საცურაო აუზებს, საბავშვო ბაღს, სკოლასა და სავაჭრო ობიექტებს”.
MAQRO-ს საქმიანობა საქართველოში მხოლოდ მშენებლობით არ შემოიფარგლება. ეს კომპანია აწარმოებს ავეჯსაც. მაღაზიები, სადაც MAQRO-ს წარმოებული ავეჯი იყიდება, ბათუმში ცნობილია, როგორც აზერბაიჯანული ავეჯი. ამის შესახებ თავად სავაჭრო ქსელებში, გამყიდველების დონეზეც, ადასტურებენ.
თალიბოვებთან, კონკრეტულად ზრა თალიბოვთან დაკავშირებული კიდევ ერთი ბიზნესის შესახებ ბევრად მეტი ოფიციალური დოკუმენტი არსებობს საქართველოში. ზრა თალიბოვი დამფუძნებელია იმ კომპანიისა, რომელმაც ძველ ბათუმში სასტუმრო „დივანი“ ააშენა.
სასტუმრო „დივანი“, მანანა ქველიაშვილის ფოტო
სასტუმრო „დივანი“ ძველ ბათუმში ეკუთვნის შპს LTD KERVAN TURIZM/„ქერვან ტურიზმს“. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ კომპანიის დამფუძნებელი და, შესაბამისად, სასტუმრო „დივანის“ მფლობელიც ზრა თალიბოვია. ზრა თალიბოვს კომპანია 2013 წელს აქვს დაფუძნებული, სასტუმრო „დივანი“ 2014 წელს იმ ტერიტორიაზე აშენდა, სადაც ყოფილი სასტუმრო „ლონდონი“ იყო განთავსებული. ეს სასტუმრო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყო.
ალიევის ცოლის მეგობრის ბიზნესი
კიდევ ერთი ზღვისპირა სასტუმრო კომპლექსი – „გაზელი“ (ე.წ. „სემირამიდას ბაღები“) ბათუმში ჯერ კიდევ 2013 წლის აგვისტოს უნდა გახსნილიყო. სასტუმროს მშენებლობა დასრულებულია, მაგრამ მისი გახსნა მფლობელმა ვერც წლევანდელ ტურისტულ სეზონზე მოახერხა.
ბათუმში, ზღვისპირა ზოლში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სასტუმრო „მარინასა“ და „აკვაპარკს“ შორის ერთ ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი აზერბაიჯანის მოქალაქე ზარიფა ჰამზაევას 2011 წლის ივნისში აჭარის მაშინდელმა მთავრობამ 1 ლარად გადასცა. ზარიფა ჰამზაევას ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 თვეში 100-ნომრიანი თანამედროვე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა და 100 მოქალაქის დასაქმება დაევალა.
2015 წელს, როდესაც უკვე შეცვლილი იყო საქართველოში ხელისუფლება, მცირე რყევები აზერბაიჯანულ ინვესტიციასაც შეეხო. „საქართველოს მთავრობა დღეს ჩვენი მეგობრისა და სტრატეგიული პარტნიორის, აზერბაიჯანის გაზს ცვლის ჩვენი მტრების, პუტინის რუსეთის, ქვეყნის, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს 20%, იმის ძვირადღირებულ გაზში“, – ასე აფასებდნენ ხელისუფლების ოპონენტები ვითარებას 2015 წელს. სწორედ მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „გაზელი“ ყიდდა თავის „სემირამიდების ბაღს“.
თუმცა, საბოლოოდ, კომპანიას ეს გადაწყვეტილება არ მიუღია.
ე.წ. „სემირამიდას ბაღები“. მანანა ქველიაშვილის ფოტო
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დღეს აცხადებენ, რომ მფლობელი ახალი სასტუმროს გახსნას 2018 წლის მაისიდან აპირებს და სასტუმროს გახსნის თარიღის გადავადების თხოვნით უკვე მიმართა მათ უწყებას. აქ იმასაც აცხადებენ, რომ კომპანიამ მშენებლობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული 10 მილიონი დოლარის ნაცვლად 50 მილიონი დოლარი დახარჯა, ხოლო 100 ადამიანის დასაქმების ნაცვლად, 200 ადამიანს დაასაქმებს.
რადიო „თავისუფლების“ აზერბაიჯანული ბიუროს ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ილჰამ ალიევის მეუღლისა და ზარიფა ჰამზაევას ჰოლდინგში 23 კომპანიაა გაერთიანებული და ავიაციის სფეროს მომსახურებაში დომინანტური როლი აქვს. ზარიფა ჰამზაევა აზერბაიჯანის ნაციონალური ავიაგადამზიდავი ავიაკომპანიის – „აზალის“ პრეზიდენტის, ჯანგირ ასკეროვის ცოლია.
პოლიტიკა და ფული ორი ქვეყნის ურთიერთობაში
პოლიტოლოგების შეფასებით, აზერბაიჯანსა და საქართველოს სახელმწიფოებს შორის საუკეთესო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა არსებობს. აზერბაიჯანის სახელმწიფოსგან საქართველომ განსაკუთრებული მხარდაჭერა 2006 წლის ცივ ზამთარში მიიღო, როცა რუსულმა სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ საქართველოს გაზის მოწოდება შეუწყვიტა. მაშინ თბილისსა და სხვა ქალაქებს არც ელექტროენერგია მიეწოდებოდა.
სწორედ ამ პერიოდიდან საქართველოში რუსული გაზის ჩანაცვლება დაიწყო აზერბაიჯანული „სოკარით“. დღეს კი საქართველო გაზის 90 პროცენტს აზერბაიჯანიდან იღებს. გარდა ამისა, აზერბაიჯანული გაზის ტარიფი ევროპის ქვეყნებში არსებულ ფასებთან შედარებით საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე იაფია.
შესაბამისად, „სოკარი“ დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ აზერბაიჯანულ ინვესტორად საქართველოში.
2015-2016 წლების ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანი საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობით პირველობას ინარჩუნებდა. 2016 წელს აზერბაიჯანული ინვესტიციის მოცულობა 558 მილიონი დოლარი იყო, ხოლო 2015 წელს – 549 მილიონზე მეტი.
კრიტიკული მედია აზერბაიჯანში მათი ქვეყნიდან ფულადი ნაკადის საქართველოში მატებას გარკვეულწილად აფასებს, როგორც რისკს საქართველოში დემოკრატიისთვის. ასე ფიქრობს, მაგალითად, ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა, რომლის მეუღლე – აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი წელს, 29 მაისს, თბილისიდან გაიტაცეს და ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. მუხთარლის მეუღლემ მაშინ თქვა, რომ ჟურნალისტი საქართველოში ილჰამ ალიევის ოჯახისა და მისი გარემოცვის ბიზნესებთან დაკავშირებით ჟურნალისტურ გამოძიებას აწარმოებს.
აფგან მუხთარლი დღემდე ბაქოს ციხეშია, საქართველოში წარმოებულ გამოძიებას კი ჯერაც არაფერი უთქვამს, როგორ აღმოჩნდა ჟურნალისტი საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩიდან ბაქოს ციხეში. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ საქართველოდან წავიდნენ ან წასვლას გეგმავენ ალიევის რეჟიმს გამორიდებული აზერბაიჯანელი აქტივისტები, რომლებიც საქართველოს აფარებდნენ თავს და ვისთვისაც საქართველო სამხრეთ-კავკასიაში დემოკრატიის ერთგვარი ოაზისი იყო. ახლა მათთვის ეს ქვეყანა უსაფრთხო აღარ არის.
სწორედ ამ მიზეზით დატოვა საქართველო მუხთარლის ცოლმაც – ლეილა მუსტაფაევა ევროპაში საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებითწავიდა.
თამარ უჩანეიშვილი ბავშვის ადრეული განვითარების სპეციალისტი და „საქართველოს პორტიჯის ასოციაციის“ თანამშრომელია. ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან და მათ მშობლებთან მუშაობს. როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა შშმ ბავშვების ადრეული განვითარების მიმართულებით და როგორ უნდა ვიპოვოთ მათთან ურთიერთობისა თუ მუშაობისას დროს ოქროს შუალედი? თამარ უჩანეიშვილს „ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა.
ქალბატონო თამარ, რა პრობლემები გვხდება შშმ ბავშვების ადრეული განვითარების ეტაპებზე, როგორ უმკლავდებიან მშობლები სირთულეებს და რაში გამოიხატება სახელმწიფოს ზრუნვა ამ ბავშვების მიმართ?
ჩვენ ვმუშაობთ 0-იდან 7 წლამდე დაუნის სინდრომის, აუტისტური სპექტრის თუ სხვა არატიპური განვითარების მქონე ბავშვებთან. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ინკლუზიური განათლების, ინკლუზიური მიდგომის, ინკლუზიური ხედვის თუ ფილოსოფიის ხელშეწყობაა.
დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საჯარო ბაღებსა თუ სკოლებში მიღება პრობლემას აღარ წარმოდგენს, რაც ნებისმიერი ჩვენგანისთვის ძალიან მისასალმებელი და სასიხარულოა. მნიშვნელოვანია, რომ ინკლუზიური განათლება ბაღის ასაკიდან იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტიპური და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ერთ ჯგუფში არიან, რაც სამომავლოდ ორივე მათგანის განვითარებას უწყობს ხელს. პრობლემას საჯარო ბაღების არასაკმარისი რაოდენობა წარმოადგენს, თითოეულ ჯგუფში 35-40 ბავშვია, რომლებთანაც ორი აღმზრდელი მუშაობს. უცნაურია ის, რომ ყველანი თითქოს ვაღიარებთ, რომ 0-7 წლამდე ასაკი, ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია პიროვნების განვითარებისთვის, მაგრამ აქვე ვხედავთ, რომ ეს საკითხი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს.
საზოგადეობის მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისადმი განწყობას რაც შეეხება, აქ ხშირად რადიკალურ დამოკიდებულებასთან გვაქვს საქმე – გვიჭირს ადამიანები მივიღოთ ისეთებად, როგორებიც არიან. უმრავლესობას განსხვავებულთან შეხება/შეხვედრისას გარკვეულ შიში ან მიუღებლობა გვიპყრობს.
მთავარი პრობლემა ალბათ იმის აღიარებაა, რომ ადამიანები სხვადასხვა აღმსარებლობის, სხვადსხვა სექსუალური ორიენტაციის, სხვადსხვა მდგომარეობის მქონენი ვართ და ნორმას სწორედ ეს ჩვენი მრავალფეროვნება და განსხვავებულობა წარმოადგენს და არა ის, რაც უმრავლესობისთვისაა დამახასიათებელი. იმ შემთხვევაში კი, როდესაც გადავწყვეტთ და მივიღებთ, მაგალითად, დაუნის სინდრომის მქონე პირს ისეთად როგორიც არის, მაშინ ხშირად აქაც რადიკალურები ვხდებით და ნეგატიური დისკრიმინაცია პოზიტიურში გადაგვდის. ერთი სიტყვით, ვფიქრობ, ჩვენს მთავარ პრობლემას ბალანსის ვერ პოვნა წარმოადგენს.
მშობლები თუ ახერხებენ ამ შუალედის პოვნას, როგორ ეხმარებით მათ ამაში?
შუალედის პოვნა ძალიან ძნელია, არა აქვს მნიშვნელობა შშმ ბავშვთან გვაქვს შეხება თუ ტიპურ განვითარებასთან. ჩვენ რასაც ვცდილობთ, ეს არის ბავშვს მივცეთ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამომჟღავნების საშუალება. მშობელი ხშირად ვერ ხვდება, რომ ბავშვის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მის მიერ დამოუკიდებლად რაიმეს გაკეთების მცდელობების ხელშეწყობა: მაგალითად, ფეხსაცმლის ჩაცმის, კბილის გახეხვის, ბოთლიდან ჭიქაში წყლის ჩასხმის, კიბეზე ასვლის, სკამიდან მაგიდაზე გადაძრომის და სხვა მცდელობები. მშობელი, რომელიც უყურებს თავის 2 წლის ბავშვს, რომელიც წინდის ჩაცმას, ან საჭმლით სავსე კოვზის პირთან მიტანას ცდილობს, ხშირ შემთხვევაში მივა და „დაეხმარება“ მას. ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ ჩააცმევს, თვითონ აჭმევს – ანუ მის მაგივრად გააკეთებს, რაც სამომავლოდ ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხს დააქვეითებს და მშობელზე, უფროსზე დამოკიდებულს გახდის.
ბევრ მშობელს არ აქვს განათლება ადრეული განვითარების შესახებ, რაც გასაგებიცაა. სწორედ ამისთვის ვარსებობთ ჩვენ და მათთან ერთად განვიხილავთ ისეთ თემებს როგორიცაა: ბავშვის განვითარების თავისებურებები, თამაშისა და დამოუკიდებლობის ხარისხის მნიშვნელობა და სხვა.
ხშირად მშობლებს არასწორი ინფორმაცია აქვთ სამედიცინო პერსონალისგანაც, ალბათ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი ექიმების ცნობიერების ამაღლების მხრივ, რომ მათ არ დააშინონ მშობლები და ადეკვატური ინფორმაცია მიაწოდონ თავიანთი შვილების შესახებ.
სამედიცინო პერსონალის ცნობიერების ამაღლებაზე თუ უმუშავია თქვენს ორგანიზაციას?
რამდენიმე წლის წინ პოლიკლინიკებსა და პედიატრებთან ვითანამშრომლეთ, ასევე დავარიგეთ საინფორმაციო ბროშურები. თუმცა, არ ვიცი, რამდენად იყენებენ ამ ინფორმაციას დღეს ექიმები. ზოგადად, ვერ ვიტყვით, რომ არაფერი კეთდება ამ მიმართულებით – ადრეული განვითარების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციები საკმაოდ აქტიურები არიან, მაგალითად, ბათუმის „სთეფ ფორვარდის“, დამსახურებაა, რომ ბავშვების სმენის შემოწმება (სკრინინგი) აჭარასა და სხვა რეგიონებში დაბადებისთანავე უტარდებათ და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი ჩარევა ხდება.
როგორია სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა შშმ ბავშვების მიმართ. რამდენი ლარია გამოყოფილი მათი მკურნალობა-რეაბილიტაციისთვის.
ჩვენს ცენტრში: „საქართველოს პორტიჯის ასოციაცია“ 100-მდე ბავშვი დადის. მომლოდინეთა რიგი საკმაოდ გრძელია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სახელწიფოს დაფინანსება და ცენტრების რაოდენობა არ არის საკმარისი.
რამდენ საათს მუშაობთ ხოლმე ბავშვთან და რამდენი საათი უნდა დაეთმოს რეალურად?
ყველა ბავშვი სხვადასხვა ტემპით ვითარდება, სხვადასხვა მდგომარეობა აქვს და ამ ყველაფრის გათვალისწინებით უნდა დადგინდეს მათთან მუშაობის ხანგრძლივობაც. ჩვენ კვირაში ორჯერ ვხვდებით მათ. ერთხელ ინდივიდუალურად მშობელთან ერთად, რომელსაც რეკომენდაციებს ვაძლევთ და ვუტოვებთ თამაშ-დავალებების. ასევე კვირაში ერთხელ ბავშვთა სოციალიზაციის მიზნით ვატარებთ ჯგუფურ შეხვედრებს.
ზოგადად, სოციალიზაცია და ბავშვთა ან მოზარდთა ჯგუფებთან მუშაობა აუცილებელია მათი სოციალურ-ემოციური განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ შევქმენით ბავშვთა კლუბი, სადაც მხოლოდ ჯგუფური აქტივობები ტარდება. კლუბის ძირითადი მიზანი სოციალური ინკლუზიაა, ამ კლუბში ტიპური განვითარებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ერთად დადიან, ახორციელებენ სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობას, გადიან ცეკვისა და იოგის საბაზისო კურსებს.
მშობლები რამდენად ახერხებენ თქვენი რეკომენდაციების შესრულებას და ამ ბავშვების ბუნებრივი გარემო როგორია?
აქ ზოგად პრობლემებთან მივდივართ ისევ, რადგან ოჯახის ჩართულობაში იგულისხმება ოჯახის ყველა წევრის ჩართულობა ბავშვის ადრეული განვითარების პროცესში. სინამდვილეში კი რა ხდება, ოჯახი დაიყვანება ერთ ადამიანთან და ეს არის დედა. ხშირ შემთხვევაში მთელი ტვირთი და პასუხისმგებლობა გადადის მხოლოდ ქალებზე. პრაქტიკა აჩვენებს (1-2 გამონაკლისის გარდა), რომ მამები იშვიათად არიან ჩართული ამ პროცესში.
არის შემთხვევები, როცა მთელი ოჯახი ჩართულია და შეთანხმებულად მუშაობს ბავშვთან. თუმცა გუნდურობაც პატარა პრობლემას წარმოადგენს და საკმაოდ რთულია ოჯახის ყველა წევრმა გაითვალისწინოს რეკომენდაციები და შეიმუშაოს ერთობლივი სტრატეგია. უფრო ხშირად მთელი პასუხისმგებლობის აღება, სამწუხაროდ, მხოლოდ დედებს უწევთ.
აჭარის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი თანხის ანუ ტრანსფერის მოცულობა 23 მილიონით მცირდება. 2017 წელს ჯამში აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტს აჭარის ბიუჯეტიდან 71 მილიონ 208 ათასი ლარი ჰქონდა გამოყოფილი, მომავალ წელს კი, მუნიციპალიტეტებისთვის სულ 48 მილიონის გადაცემა იგეგმება.
ყველაზე მეტი თანხა ბათუმსa და ქობულეთს დააკლდება. ბათუმისთვის გამოყოფილი ტრანსფერის ოდენობა 35 მილიონიდან 25-მდე მცირდება, ქობულეთი კი, 20 მილიონის ნაცვლად 13 მილიონს მიიღებს.
უცვლელი მხოლოდ ქედისთვის გამოყოფილი ტრანსფერია და იგი ზუსტად 3 მილიონს შეადგენს.
რატომ ამცირებს მთავრობა მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერის ოდენობას? – უმაღლესი საბჭოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ტრანსფერი არ უნდა შემცირდეს და შენიშვნა აჭარის მთავრობას უკვე მისწერა.
ტრანსფერის შემცირებას არც უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია ეთანხმება. გია აბულაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მიიჩნევს, რომ ტრანსფერების შემცირების მიზეზი ნაშთია, რომელიც მუნიციპალიტეტებს რჩებათ. „მაგრამ ტრანსფერის შემცირება არ არის გამოსავალი. პრობლემაა ისიც, რომ მუნიციპალიტეტებს მილიონობით თანხა აუთვისებელი რჩებათ. ეს არის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობისა და აჭარის მთავრობის პრობლემაც,“ – აღნიშნავს გია აბულაძე.
თეა ჯანაშია, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი „ბათუმელებთან“ საუბრის დროს განმარტავს, რომ „ტრანსფერის ოდენობის განსაზღვრის დროს აჭარის მთავრობამ მხედველობაში მიიღო მუნიციპალიტეტებისგან მიღებული ინფორმაცია და რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური მდგომარეობა. გარდა ამისა, როგორც იცით, გვაქვს მუნიციპალური განვითარების პროექტების ფონდი, საიდანაც ასევე დაფინანსდება მუნიციპალიტეტების მიერ მოთხოვნილი პროექტები.“
აჭარის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, აჭარის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით, მხოლოდ 10 მილიონი ლარითაა განსაზღვრული.
რა იგულისხმება მუნიციპალიტეტებისგან მიღებულ ინფორმაციაში? – თეა ჯანაშიას თქმით, მუნიციპალიტეტებმა წინა წლისგან განსხვავებული ოდენობის ტრანსფერი მოითხოვეს: „სავარაუდოდ მოხდება ტრანსფერის ოდენობის გაზრდა, ჩვენ უკვე მივიღეთ შენიშვნები უმაღლესი საბჭოსგან და მოხდება კორექტირება. ხელახლა დამუშავდება ეს ციფრები… რამდენით გაიზრდება ტრანსფერი, ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით“.
2016 წელს ყველაზე მეტი თანხა ქობულეთს დარჩა დაუხარჯავი. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნაშთი გასულ წელს 2 მილიონ 259 ათასი ლარი იყო.
„არ მგონია, ეს ციფრი ზუსტი იყოს. რამდენი იყო, ახლა ვერ გეტყვით… ხდებოდა ისე, რომ ზოგჯერ ეს თანხა იყო გარდამავალი, მაგალითად, მახსოვს სამხარაულის ბიუროს დასკვნა კომპანიამ დროულად ვერ წარმოადგინა და ამიტომ მას თანხა მეორე წლის დასაწყისში ჩაერიცხა. ასევე იყო შემთხვევა, როცა მოსახლეობამ საზაფხულო სეზონის გამო სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერება გვთხოვა, სექტემბერშიც ხალხიაო და ვერ დავიწყეთ. თანხა იყო და არ დაიხარჯაო, ამის თქმა არაა სწორი,“ – გვითხრა ქობულეთის ყოფილმა გამგებელმა, სულხან ევგენიძემ.
შუახევის მუნიციპალიტეტმა გასულ წელს მილიონ 466 ათასი ლარი ვერ დახარჯა.
ტარიელ ებრალიძე, შუახევის ყოფილი გამგებელი: „თავს შევიკავებ კომენტარისგან, რადგან გამგებელი აღარ ვარ… როგორც მახსოვს, ბიუჯეტის 95 პროცენტი შესრულდა და მუნიციპალიტეტების სამეულში შუახევი იყო, სადაც ბიუჯეტი წარმატებით შესრულდა. კონკრეტულ პროექტზე მილების შემოტანა დაგვიანდა, წყალსაცავს უკავშირდებოდა ეს. მილები უცხო ქვეყნიდან უნდა შემოეტანათ და ამის გამო დაგვრჩა მაშინ ეს თანხა“.
2016 წელს ბათუმს 104 ათასი ლარი ჰქონდა ნაშთი, ხელვაჩაურს – მილიონ 559 ათასი, ქედას – 382 500, ხულოს – 675 ათასი ლარი.
ამ დროისათვის აჭარაში აივ/შიდსის დიაგნოზით 570 პაციენტი იმყოფება აღრიცხვაზე. წელს აჭარაში 73 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 62 იმყოფება არვ თერაპიაზე. მხოლოდ ბოლო თვის მანძილზე გამოვლინდა აივ/შიდსის ცხრა ახალი შემთხვევა – ასეთია ბათუმის ინფექციური პათოლოგიების, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის მონაცემები.
2017 წლის 1-ელი დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია აივ/შიდსის 6711 შემთხვევა, მათგან 5013 მამაკაცი და 1698 ქალია. 2017 წლის პირველ 11 თვეში გამოვლინდა აივ/შიდსის 577 ახალი შემთხვევა, მკურნალობას იტარებს 3994 პაციენტი, მათგან 41 – ბავშვია.
საქართველოში აივ/შიდსის მკურნალობა უფასოა.
დღეს, პირველ დეკემბერს, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. გაეროს შიდსის პროგრამის მოწოდებით, 2017 წლის შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის დევიზია „ჩემი ჯანმრთელობა, ჩემი უფლება!“, რაც გულისხმობს, რომ ყველა ადამიანს აქვს ჯანმრთელობის უფლება. ყველასათვის სამედიცინო მომსახურება და მკურნალობა უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და დისკრიმინაციის გარეშე.
UNAIDS-ის მონაცემებით, 2016 წელს მსოფლიოში 36.7 მილიონი აივ/შიდსით ავადმყოფი იყო, გასულ წელს დაინფიცირდა 1.8 მილიონი და გარდაიცვალა 1 მილიონი ადამიანი, ხოლო 20.9 მილიონი იმყოფება არვ თერაპიაზე.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, საქართველო, მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, კვლავ მიეკუთვნება დაავადების დაბალი გავრცელების ქვეყნებს. შიდსის პირველი შემთხვევა ჩვენს ქვეყანაში 1989 წელს დაფიქსირდა. აივ/შიდსით ავადმყოფების სავარაუდო რიცხვია 12000, შიდსი განუვითარდა 3648 ავადმყოფს და 1339 გარდაიცვალა. უკანასკნელი წლების დინამიკა მიუთითებს, რომ ქვეყანაში აღინიშნება აივ/შიდსის ახალი შემთხვევების ნელი, მაგრამ სტაბილური ზრდა.
„მათთან არავის მუშაობს, ძირითადად რჩებიან განათლების გარეშე და ხშირად არიან ძალადობის მსხვერპლები, ამიტომ გვინდა, რომ ისინი გაძლიერდნენ,“ – ამბობს ნინო ხაჩიძე, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროგრამის კოორდინატორი ორგანიზაციის ახალი პროექტის შესახებ, რომელიც არასრულწლოვან ასაკში დაქორწინებული ახალგაზრდა ქალების გაძლიერებას ისახავს მიზნად აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში.
პროექტის – „ახალი შესაძლებლობები ახალგაზრდა დედებისთვის აჭარაში“ განხორციელება ნოემბერში დაიწყო. პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტებში ტრენინგები ჩატარდება არასრულწლოვან ასაკში დაქორწინებული ახალგაზრდა ქალებისათვის.
კითხვაზე, რა საკითხებზე გაიმართება ტრენინგები, ნინო ხაჩიძე პასუხობს:
„გვაქვს ოთხი მიმართულება. ვიცით, რომ არასრულწლოვან ასაკში დაქორწინებული გოგონების მხრიდან არის მიმართვიანობა აბორტზე, მათ ხშირად ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები, არა მარტო დედებს, არამედ ბავშვებსაც, ამიტომ გადავწყვიტეთ მათ ჯანმრთელობის საკითხებზე მივაწოდოთ ინფორმაცია: ესაა ორსულობის დაგეგმვა, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, თავის დაცვა, 1-დან 12 წლამდე ბავშვის მოვლა, კვება, ვარჯიში… მოწვეული, პროფესიონალი ექიმი ჩაუტარებს მათ ტრენინგს ამ თემაზე.
შემდეგი მიმართულება სამოქალაქო უფლებებია, სადაც განხილული იქნება მათი უფლებები, მათ შორის: საარჩევნო უფლებები, პირადი საკუთრების, ვის უნდა მიმართონ ძალადობის შემთხვევაში, როგორი რეაგირება უნდა ჰქონდეთ, რომ სახელმწიფო მათ იცავთ და ა.შ.
ტრენინგის მონაწილეებს ასევე მივაწოდებთ ინფორმაციას განათლების მიღების შესაძლებლობებთან დაკავშირებით. სტატისტიკურად ყოველი მეორე არასრულწლოვან ასაკში დაქორწინებული გოგონა, ყოველი თუ არა, წყვეტს განათლების მიღებას, რაც არის სერიოზული გამოწვევა. მიუხედავად იმისა, რომ დაოჯახებულნი არიან და შვილები ჰყავთ, მათ შეუძლიათ იარონ სკოლაში, შეუძლიათ მიიღონ ზოგადი განათლება და ასევე, გააგრძელონ განათლების მიღება, რომ ჰქონდეთ პროფესია. ტრენინგის მონაწილეებს გავაცნობთ იმ რესურსებს, რაც არის რეგიონში. არის პროფესიული სასწავლებლები, სადაც ჩაბარება მარტივია საკმაოდ და მათ შეუძლიათ შეიძინონ პროფესია. ერთი სიტყვით, ჩვენ მათ ვაჩვენებთ გზას, როგორ უნდა მოახდინონ რეალიზება და გაძლიერდნენ.“
ტრენინგების შემდეგ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ტრენინგის აქტიურ მონაწილეებს, მომავალ ლიდერებს შეარჩევს, რომლებიც დამატებით გაივლიან ტრენინგებს ქედაში მდებარე ორგანიზაციის ოფისში და უკვე თავად შეეცდებიან საჭიროების შემთხვევაში ადვოკატირება გაუწიონ სხვა ქალებს მათსავე თემში.
ნინო ხაჩიძე აღნიშნავს, რომ ტრენინგების შემდეგ თუ მონაწილეებს ექნებათ შეკითხვები, რომელთა დასმა საჯაროდ არ სურთ, მათ ექნებათ საშუალება ცალკე ესაუბრონ ტრენერებს, იურისტსა და ექიმს და საჭიროების შემთხვევაში ადვოკატირებაც მიიღონ.
პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ MERCY CORPS-თან, მუნიციპალიტეტში არსებული „ქალთა ოთახებთან“ პარტნიორობით ახორციელებს.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც ორგანიზატორები პროექტის განხორციელებისას შეხვდნენ, ახალგაზრდა ქალების პასიურობაა.
„ჩვენ გვინდა რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ქალი იყოს ამ პროექტში ჩართული. ბევრი იკავებს თავს. მობილიზატორები არიან ჩვენი პარტნიორები, „ქალთა ოთახების“ წარმომადგენლები, როგორც გვითხრეს, მიზეზად ასახელებენ მოუცლელობას. ძალიან ცოტამ თქვა, ვერ წამოვალთ, რადგან არ სიამოვნებთ ოჯახშიო. სავარაუდოდ ეს მიზეზია და არის ის მომენტიც, რომ ეს ადამიანები მიჩვეულნი არიან ყოველდღიურობას და ტრენინგი მათთვის არის რაღაც ახალი. „ქალთა ოთახის“ წარმომადგენლები ცდილობენ დაწვრილებით აუხსნან, რის შესახებაა ტრენინგი, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, ზოგი თავს იკავებს.“
პროექტის ფარგლებში თითოეულ მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ერთი შეხვედრა. პროექტი 2018 წლის თებერვლამდე გაგრძელდება.
მთავარ ფოტოზე: ნინო ხაჩიძე, პროექტის პრეზენტაცია ხელვაჩაურში. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ფოტო
„წიაღისეული ეკუთვნის თითოეულ ჩვენგანს, ეს საზოგადოებრივი სიკეთეა… როგორ შეიძლება საზოგადოებრივი სიკეთე ეკუთვნოდეს ხალხს და ხალხს არ ჰქონდეს ინფორმაცია სიკეთეზე?“ – ეს შეკითხვა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ დაუსვა. სასამართლო „მწვანე ალტერნატივას“ სარჩელს განიხილავს.
თავდაპირველად სარჩელის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დაიწყო. დღეიდან განხილვას პლენუმი გააგრძელებს, რომელმაც უნდა თქვას – არის თუ არა ინფორმაცია ბუნებრივი წიაღისეულის შესახებ საიდუმლო.
„მწვანე ალტერნატივამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, როცა “საყდრისის საქმეზე” კომპანია “არემჯი გოლდმა” ინფორმაცია წიაღისეულის შესახებ არ გასცა. “მწვანე ალტერნატივას” სარჩელი არ დააკმაყოფილეს საერთო სასამართლოებმა – საკუთრების დაცვისა და კონკურენციის დაცვის მოტივით.
„მწვანე ალტერნატივა“ წიაღის შესახებ საქართველოს კანონის იმ ნაწილის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს, სადაც წერია: „სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში დაცული ინფორმაცია წიაღის გეოლოგიური აგებულების, წიაღისეულის მარაგების და რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და სხვა თვისებების, ან პარამეტრების შესახებ, არ არის საჯარო“.
„სადავო ნორმა ბუნდოვანია. ასევე ტერმინი „საინფორმაციო ფონდი“ არ არის განმარტებული კანონმდებლობაში,“ – მიიჩნევს მოსარჩელის ინტერესების დამცველი, ვახუშტი მენაბდე. მისი განმარტებით, შეუძლებელია საკუთრების უფლება ვრცელდებოდეს წიაღისეულზე.
„არსებობს ასეთი გამოთქმა: მიწაში გინდა ოქრო იყოს, გინდა ქვაო,” – მიმართა ვახუშტი მენაბდემ მოსამართლეებს და დაამატა: „ასე საზოგადოებრივი სიკეთის ცნება დაკარგავს აზრს… თუ საზოგადოება არ ფლობს ინფორმაციას საზოგადოებრივ სიკეთეზე, მაშინ ის აღარაა საზოგადოებრივი სიკეთე.”
„წიაღისეული არის საზოგადოებრივი სიკეთე, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ ინფორმაციის დამუშავება წიაღისეულის შესახებ არ ხდება სახელმწიფოს მიერ,“ – ამბობს პარლამენტის იურისტი გიორგი ჩიფჩიური. მისი თქმით, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო არსებულ ნორმას გააუქმებს, ინვესტორი ინტერესს დაკარგავს და წიაღისეულის შესახებ ინფორმაციის დამუშავებაზე ფულს აღარ დახარჯავს.
„ეს არის სპეციალური ინფორმაცია, რომელიც არის სასყიდლით მოპოვებული. ის ბუნებაში ობიექტურად არ არსებობს და მისი მოპოვება არის დაკავშირებული საკმაოდ დიდ თანხებთან. ამ ინფორმაციის მოპოვება ათასობით, ზოგჯერ კი მილიონი ლარი ჯდება. შესაბამისად, ის წარმოადგენს ამ ინფორმაციის მომპოვებლის საკუთრების უფლებას. თუ ამ ინფორმაციის უფასოდ მოპოვება იქნება შესაძლებელი, ეს ღირებულებას გამოაცლის ამ სასყიდლით მოპოვებულ ინფორმაციას,“ – უთხრა გიორგი ჩიფჩიურმა „ბათუმელებს“.
პარლამენტის იურისტი ხაზს უსვამს მეწარმეობის კონსტიტუციით დაცულ უფლებას და კონკურენციის პრინციპს. მისი აზრით, თუკი ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, მაშინ კონკურენციის პრინციპი ვეღარ იმუშავებს და მეწარმე ამ ინფორმაციის მოპოვებას სახელმწიფოს მოსთხოვს.
„სახელმწიფო ამ ინფორმაციას არ ამუშავებს და ასე ხდება ყველა ნორმალურ ქვეყანაში. მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოიპოვებდა ინფორმაციას სახელმწიფო…. ტრაგედიის შექმნა იმისგან, რომ წიაღისეულის შესახებ ინფორმაცია არავის აქვს, არ არის სწორი, რადგან ინფორმაცია მიეწოდება ხელისუფლებას, რომელსაც საზოგადოება ირჩევს. საზოგადოებას ამ ინფორმაციის გამოთხოვა არ შეუძლია, რადგან, როგორც აღვნიშნე, ის არაა ჩვეულებრივი ინფორმაცია,“ – დასძინა გიორგი ჩიფჩიურმა.
სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბიზნესმენებს სასტუმრო „რედისონში“, დახურულ კარს მიღმა შეხვდა. შეხვედრას არ დასწრებია სასტუმრო „ლეოგრანდის“ მენეჯმენტი. „ჩვენ მოვუწოდეთ ბიზნესსექტორს, რომ ჩაატარონ ტრენინგები,“ – თქვა ზურაბ პატარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„ჩვენ მოვისმინეთ ბიზნესსექტორიდან რა ვითარება არის, მოვუწოდეთ მათ, რომ ჩაატარონ წვრთნები პერმანენტულად და მოხდეს პერსონალის გადამზადება. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ იმოქმედებს კრიტიკულ სიტუაციებში პერსონალი, წამიერი მოქმედება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა სასტუმრო და კვების ობიექტი უნდა იყოს აღჭურვილი შესაბამისი ინვენტარით,“ – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან.
რამდენმა მშენებელმა დაადასტურა პრობლემა სახანძრო უსაფრთხოების კუთხით, ან რატომ გაამახვილა ყურადღება ზურაბ პატარაძემ პერსონალის გადამზადებაზე? – აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ „ბათუმელების“ ამ კითხვებს კონკრეტულად არ უპასუხა. თქვა, რომ შეხვედრაზე დამსწრე ყველა ბიზნესმენმა გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი და შესაბამისი უწყება თითოეულ ობიექტში შეამოწმებს ვითარებას სახანძრო უსაფრთხოების კუთხით.
„დღევანდელი შეხვედრა უფრო იყო პრევენციული ხასიათის… შესაბამისი ქვედანაყოფი მოახდენს შემოწმებას, მათ შორის სახელმწიფო დაწესებულებების“, – განმარტა ზურაბ პატარაძემ.
რატომ დაიხურა ბიზნესმენებთან შეხვედრა, თუკი მთავრობის თავმჯდომარე მათ პრევენციაზე ესაუბრა? „ძირითადი მესიჯები ჩვენ გავაჟღერეთ, დანარჩენი საკითხები, რომლებიც აწუხებს ბიზნესს, ჩვენ გვინდოდა სამუშაო ფორმატში გვესაუბრა. მომავალში აუცილებლად გაიმართება მსგავსი შეხვედრები, რომლებსაც დაესწრებიან პრესის და მასმედიის თანამშრომლები“, – გვიპასუხა ზურაბ პატარაძემ. მან არც ის დააკონკრეტა, რა „წუხილზე“ ისაუბრებს ბიზნესმენებმა შეხვედრაზე.
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობაში სამუშაო ჯგუფის შექმნაზეც საუბრობს. „ზუსტი სახელწოდება მომავალი კვირის დასაწყისში გადაწყდება. ეს იქნება ეფექტური გუნდი, რომელიც იმუშავებს ოპერატიულად და ეფექტურად შესაბამის ქვედანაყოფებთან – სტიქია იქნება ეს, თუ ხანძარი. ამაში ჩართული იქნებიან მინისტრთა საბჭოს წევრები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და სწრაფ რეაგირებას მოახდენენ ამა თუ იმ მოვლენაზე,“ – დაამატა ზურაბ პატარაძემ.
აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ხვალ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან აპირებენ შეხვედრას. ზურაბ პატარაძე ამბობს, რომ შეხვედრის თემა საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავება იქნება სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე. თუკი ინიციატივა მომზადდება, აჭარის უმაღლესი საბჭო პარლამენტს მიმართავს.
2018 წლის თებერვალში ბეტი ფრიდანის „ქალურობის საიდუმლოს“ პირველი გამოცემიდან 55-ე წლისთავი აღინიშნება. ფრიდანი ლიბერალური ფემინიზმისა და ქალთა მოძრაობის მეორე ტალღის კლასიკოს ავტორადაა მიჩნეული.
წიგნმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა 20-ე საუკუნის 60, 70-იან წლებში მეორე ტალღის ქალთა განმათავისუფლებელ მოძრაობაზე.
1. ბეტი ფრიდანი – „ქალურობის საიდუმლო”
1963 წელს გამოცემულმა წიგნმა ფემინიზმის პირველი ტალღის ძირითად გზავნილს, ქალთა საარჩევნო ხმის უფლებას კვლევების საფუძველზე წარმოჩენილი ბევრი სხვა პრობლემაც დაუმატა: ქალთა რეპროდუქციული უფლებების საკითხი, სამუშაო ადგილები, სექსუალური თავისუფლება და სხვა.
ბეტი ფრიდანს წიგნის დაწერის იდეა მოულოდნელად გაუჩნდა, იგი 15 წლის იყო, როცა სკოლაში გამოკითხვას ატარებდა და სტატისტიკამ აჩვენა, რომ სმიტ-კოლეჯის მოსწავლე გოგონების უმრავლესობას არ ხიბლავდა საზოგადოებრივად არააქტიური, მეოჯახე ქალის პერსპექტივა. ფრიდანმა კვლევების ველი გააფართოვა და საკმარისი მასალის დაგროვების შემდეგ წიგნად გამოსცა.
2. სიმონა დე ბოვუარი – „მეორე სქესი”
ფრანგი ეგზისტენციალისტის, სიმონა დე ბოვუარის ორტომეული „მეორე სქესი“ 14 თვეში დაიწერა და 1949 წელს გამოიცა. ტექსტი ვატიკანის აკრძალული წიგნების ჩამონათვალში იყო შეტანილი.
ტექსტში ვითარდება სათაურშივე გამოტანილი ძირითადი იდეა: ქალთა სქესის „მეორეხარისხოვნების“ სოციალურ-კულტურული ასპექტები პატრიარქლურ საზოგადოებაში.
3. ივ ენსლერი – „ვაგინა მონოლოგები“
„ვაგინა მონოლოგები“ მონოლოგების სერიისგან შემდგარი პიესაა, რომლის პრემიერაც 1996 წელს შედგა ნიუ-იორკში. მონოლოგები მშობიარობის, ძალადობის, სექსის, სიყვარულის, სიძულვილის და ბევრ სხვა თემას მოიცავს, რომელიც ქალებს უკავშირდება.
4. ქეით მილეტი – „სექსუალური პოლიტიკა“
მილეტის 1970 წელს გამოცემული „სექსუალური პოლიტიკა“ ფემინისტურ ლიტერატურაში პირველი სამეცნიერო-კრიტიკული ტექსტი იყო, რომელიც ავტორის სადოქტორი დისერტაციას დაეფუძნა. ნაშრომში ქეით მილეტი დევიდ ლოურენსისა და ჰენრი მილერის ტექსტებში სექსისტურ განწყობებსა და მინიშნებებს გამოყოფდა.
ფემინიზმის მეორე ტალღის მოძრაობის დასაწყისში წიგნის გამოცემას მამაკაცებისგან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
5. ჟერმენ გრიგი – „ქალი-საჭურისი“
წიგნი 1970 წელს გამოიცა და მალევე იქცა მსოფლიო ბესტსელერად. სამეცნიერო-პოპულარული ტექსტი ავტორმა ოთხ ნაწილად დაჰყო: „სხეული“, „სული“, „სიყვარული“ და „სიძულვილი“. ჟერმენ გრიგმა ქალის თვითაღქმა შეისწავლა სხვადასხვა ეპოქის მიხედვით. 11 ენაზე თარგმნილი წიგნი 1970-იანი წლების ფემინისტური მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტი იყო.
6. ნაომი ვოლფი – „სილამაზის მითი“
ამერიკელი ნაომი ვოლფის „სილამაზის მითი“ ქალის იდეალურ გარეგნობაზე შექმნილ ილუზიას ამსხვრევს და ამხელს, რომ გარეგნობის სტადარტები სპეციალურად მოგონილი მარწუხებია საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე ქალთა ტალღის შესაჩერებლად: პატრიარქალური სისტემების წინასწარგანზრახული გეგმის მიხედვით ფემინური ენერგია იდეალური ფანტომის მიმსგავსებაში უნდა გაიხარჯოს და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ასპარეზის მნიშვნელოვანი წილი მამაკაცებს უნდა ექვემდებარებოდეს.
7.ელის უოკერი – „იისფერი“
წიგნს 1983 წელს პულიცერისა და ამერიკის ეროვნული პრემია აქვს მიღებული მხატვრული ლიტერატურის დარგში. ამერიკელი მწერლის რომანში სამხრეთში მცხოვრები აფროამერიკელი ქალების ცხოვრებაა ასახული 1930-იან წლებში. არსებობს რომანის მიხედვით გადაღებული სტივენ სპილბერგის ფილმი. სურათის ტელეეკრანებზე გამოსვლის შემდეგ წიგნს აკრიტიკებდნენ და ბრალს სდებდნენ, რომ ტექსტში აღწერილი ძალადობრივი სცენები მოძალადე შავკანიანი მამაკაცის სტერეოტიპს ამკვიდრებდა.
8. მალალა იუსაფზაი – „მე ვარ მალალა“
ნომელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი მალალა იუსაფზაი ავტობიოგრაფიული წიგნის „მე ვარ მალალას“ ავტორია. 14 წლის პაკისტანელ გოგონას ქალთა განათლების უფლებაზე ალაპარაკებისთვის თავში ესროლეს თალიბების რეჟიმის დამცველებმა. მალალა ახლა ინგლისში ცხოვრობს მშობლებთან ერთად და სამშობლოში ვერ ბრუნდება. მალალა 11 წლის იყო, როცა BBC-სთვის დაიწყო წერა საკუთარ ცხოვრებაზე, თალიბების მკაცრ რეჟიმსა და განათლების საკითხებზე პაკისტანში.
9. მაია ენჯელოუ – „ვიცი რად გალობს გალიის ჩიტი“
ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსის, მაია ენჯელოუს „ვიცი რად გალობს გალიის ჩიტი“ ახლა სასკოლო ლიტერატურის სახელმძღვანელოებშია შეტანილი. თუმცა თავიდან სკოლებში რომანი სასტიკად იკრძალებოდა. წიგნში ენეჯლოუ შავკანიანთა ცხოვრებას აღწერს 60-იანი წლების ამერიკაში, საკუთარ ცხოვრებას, რომელშიც ყველაფერი დიდი დოზითაა: ძალადობა, გაუცხოება, სიყვარული და სიძულვილი.
10. დორის ლესინგი – „ოქროს რვეული“
„ოქროს რვეული“ ფემინისტური ლიტერატურის კლასიკურ ტექსტადაა აღიარებული. ტექსტში თითქოს ჩვეულებრივი პროცესია აღწერილი, როგორ ცდილობს რომანის მთავარი გმირი, ანა, საკუთარი თავის პოვნას სექსში, პოლიტიკასა და საერთოდ, საზოგადოებაში. ნაწილებად იშლება მთელი მისი ცხოვრება და ძალების მობილიზებისთვის წითელ, ყვითელ, შავ და ლურჯ რვეულებში წერს დღიურებს, გამთლიანების სიმბოლოდ კი ბოლოს ნაწილებად დაშლილი ცხოვრების ძირითადი ჩანაწერი, ოქროს რვეული იკვეთება.
გასული კვირის დასაწყისიდან ინტენსიურად თოვდა აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, თოვლის საფარმა 0,5-1,2 მეტრს მიაღწია. მოკლე პერიოდში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას როგორც გადაადგილების მხრივ, ასევე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ინფრასტრუქტურა. უკვე შვიდი დღეა საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე ზედამხედველობდნენ დეპარტამენტის წარმომადგენლები. არსებული ტექნიკა სრულად იყო მობილიზებული და 38 მიმართულებით (ქედის მუნიციპალიტეტში-10 მიმართულებით, შუახევის მუნიციპალიტეტში-13 მიმართულებით და ხულოს მუნიციპალიტეტში-15 მიმართულებით) ერთდროულად მიმდინარეობდა გზების გაწმენდა. დეპარტამენტის წარმომადგენლების თქმით, ახლაც მიმდინარეობს გზების გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები.
იმ ლოკაციებზე, სადაც მეტეოროლოგიური პირობები და ამინდი იძლევა საშუალებას, აქტიურად მიმდინარეობს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ნოემბერში დასრულდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი.
მათ შორის ქედის მუნიციპალიტეტში დანდალო-არძენაძეების საავტომობილო გზის ერთკილომეტრიანი მონაკვეთის მოწყობა. გზის დასრულებული მონაკვეთი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, არჩილ ჩიქოვანმა, მოადგილესთან, რაულ ბერიძესთან ერთად დაათვალიერა. სამუშაოებს შპს „გზები“ აწარმოებდა და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 372 378 ლარს შეადგენდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყო 48 მ გაბიონი, 418 მ რკინაბეტონის კიუვეტი, 162 მ (154 ცალი) დამცავი ზღუდარები და 22 მ ლითონის მილი.
დანდალო-არძენაძეების გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, რაულ ბერიძემ, დაათვალიერა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის – 31 დეკემბრის ქუჩა-თანამგზავრი-ზედა ფერია – დასრულებული 1345-მეტრიანი ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. სამუშაოებს „გზები“ აწარმოებდა და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 386 908 ლარს შეადგენდა. მოეწყო 34 მ ბეტონის კედელი და 70 მ ცხაური.
31 დეკემრის ქუჩა-ზედა ფერიის გზის მონაკვეთი.
5 ნოემბერს დასრულდა ქედის მუნიციპალიტეტში ქედა-ზედა აქუცა საავტომობილო გზის 2900-მეტრიანი მონაკვეთის მოწყობა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 865 229 ლარს, სადაც მოეწყო 42 მ გაბიონი, 63 მ ბეტონის კედელი, 1180 მ რკინაბეტონის კიუვეტი და 62 მ ლითონის მილი.
ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკა და პრევენცია – ასე ეწოდება ბათუმის მერიის პროგრამას, რომელსაც საზღვაო ჰოსპიტალი ახორციელებსდა რომლის ფარგლებშიც ბათუმში რეგისტრირებული 30-დან 40 წლამდე და 70 წლის ზემოთ ასაკის ქალებისათვის მამოლოგის კონსულტაცია და მამოგრაფია უფასოა, ასევე, უფასოა ონკო მარკერებით გამოკვლევა; საშვილოსნოს, საკვერცხეების, მკერდის, ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიით და 60 წლის ზემოთ ასაკის ქალებისათვის საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა, კოლპოსკოპია და ექოსკოპია. ბათუმის მერიას ამ პროგრამის განსახორციელებლად 35 040 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული.
როგორია პროგრამის შედეგები? – უახლესი მონაცემები მერიაში ჯერ დათვლილი არ აქვთ, თუმცა, 2017 წლის დასაწყისიდან აგვისტოს ჩათვლით, პროგრამის ფარგლებში გინეკოლოგის კონსულტაცია, საშვილოსნოს ექოსკოპიური კვლევა და კოლკოსკოპია ჩაუტარდა 639 ადამიანს, ონკომარკერით კვლევა – 840-ს, მამოგრაფია კი – 20 ქალს. კვლევის შედეგად საშვილოსნოს პათოლოგია აღმოაჩნდა 17 ქალს, სიმსივნეზე ეჭვი მიტანილი იქნა ექვს შემთხვევაში.
ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის, სოფიო მიქელაძის თქმით, პროგრამა 2350 ბენეფიციარზეა გათვლილი:
„პროგრამა გაგრძელდება წლის ბოლომდე, ახლა ვაპირებთ, რომ პროგრამაში ჩავრთოთ მუნიციპალური სასადილოს ბენეფიციარი ქალები, რადგან ეს მნიშვნელოვანი პროგრამაა და გვინდა მოსახლეობამ ისარგებლოს. ვერ გეტყვით, რომ ძალიან კმაყოფილი ვართ [შედეგებით], მიუხედავად იმისა, რომ შესრულების მონიტორიგი განვახორციელეთ. სამწუხაროდ, მოსახლეობის აქტიურობა დაბალია, მომავალში სხვა კუთხითაც ვფიქრობთ ჩართვას, ეს იქნება აგიტაციები, კლიპი… ვფიქრობთ, წავიდეთ იმ დაწესებულებებში, სადაც ბევრი ქალი მუშაობს, ავუხსნათ ადამიანებს, როგორი მნიშვნელოვანია ამ დაავადებების გამოვლენა ადრეულ ეტაპზე, საინფორმაციო დაფები გავაკეთოთ… ეს კვლევები უფასოა ბათუმში და ისარგებლონ. მოსახლეობასთან ამისათვის დიდი მუშაობაა საჭირო. ჩვენ სანამ ძალიან ცუდად არ გავხდებით და სასწრაფოთი არ მიგვიყვანენ, მანამდე არ ვაქცევთ ყურადღებას ჩვენს ჯანმრთელობას.“
სოფიო მიქელაძის ინფორმაციით, ამ პროგრამას ბათუმის მერია 2018 წელსაც განახორციელებს და ერთ კომპონენტს, სარძევე ჯირკვლის ელასტოგრაფიას დაუმატებს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად ძუძუს კიბოს 650 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა რეგისტრირდება, უშუალოდ საქართველოზე კი ყოველწლიურად 1000-1200 ახალი შემთხვევა მოდის.
ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, სკრინინგის პროგრამის ფარგლებში ძუძუს კიბოს შემთხვევების 78% დაავადების I-II სტადიებზე გამოვლინდა, პირველ სტადიაზე გამოვლენილი დაავადების მკურნალობა კი 100-დან 98 შემთხვევაში სრული განკურნებით სრულდება.
ონკოლოგების თქმით, გამოკვლევა განსაკუთრებით ეფექტური მაშინაა, როცა ქალს არაფერი აწუხებს.
საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 30 ნოემბერს არაკონსტიტუციურად მიიჩნია სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი, რომელიც მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა. სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს სხვა ჩანაწერი, რომელიც მარიხუანას მომხმარებელს სასჯელს უწესებს.
„კოდექსში ისევ რჩება ის შინაარსი, რაც დღეს არაკონსტიტუციურად მიიჩნია სასამართლომ,“ – ამბობს სალომე ჯოხაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი მრჩეველი. მისი თქმით, საერთო სასამართლოების პრაქტიკაზე იქნება დამოკიდებული, როგორ გამოიყენებენ ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას „რადგან რეალურად 273-ე მუხლის შინაარსი გადასულია 273-ე პრიმა მუხლში“.
სალომე ჯოხაძე განმარტავს, რომ როცა მოქალაქის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო, პარლამენტმა რამდენიმე დღეში სადავო 273-ე მუხლი გააუქმა. ცვლილების შემდეგ მარიხუანას მოხმარებისთვის პასუხისმგებლობა 273-ე პრიმა მუხლში გაწერა. განსხვავება სასჯელშია. პრიმა მუხლი მხოლოდ ჯარიმას ითვალისწინებს და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 100-დან 120 საათამდე, ხოლო არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთასაც.
„არსებითად განსახილველად მიღებული იყო უკვე სარჩელი, როცა სისხლის სამართლის კოდექსის რედაქცია შეიცვალა. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გამომდინარე იქედან, რომ კანონმდებლობაში ზოგადად მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული შინაარსი მაინც რჩება, მან მნიშვნელოვნად მიიჩნია მსჯელობის გაგრძელება. საკონსტიტუტიო სასამართლო დღევანდელი გადაწყვეტილებით ვერ ეტყოდა საერთო სასამართლოებს, არაკონსტიტუციური არის თუ არა 273-ე პრიმა მუხლი. საერთო სასამართლოებს შეუძლიათ განმარტებისთვის მომართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ დაზუსტეს, უნდა ვრცელდებოდეს თუ არა საკონსტიუტუციო სასმართლოს გადაწყვეტილება 273-ე პრიმა მუხლზეც,“ – გვითხრა საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარმა მრჩეველმა სალომე ჯოხაძემ.
2018 წლიდან საჯარო სამსახურებში შრომითი ხელშეკრულებით ხალხის დასაქმება, შესაძლოა შეიზღუდოს. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონპროექტი ზღუდავს საჯარო დაწესებულებებში შტატგარეშე, ანუ ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების რაოდენობას და აწესებს ზღვრულ ოდენობებს, თუ რამდენი შტატგარეშე თანამშრომლის აყვანის უფლება ექნება კონკრეტულ უწყებას.
პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლების [მრჩეველი, თანაშემწე] რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კონკრეტულ უწყებაში შტატით დასაქმებულთა რაოდენობის 10%-ს, ხოლო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა [დამლაგებელი, მძღოლი, ექსპერტი, სპეციალისტი] რაოდენობა – შტატით დასაქმებულთა 5%-ს [ეს შეზღუდვა არ ვრცელდება წარმომადგენლობით ხელისუფლების ორგანოებში, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე].
მაგალითისთვის, 2016 წელს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში [ამავე წლის დეკემბრის მონაცემებით] 93 თანამშრომელი იყო შტატით, ხოლო 36 შტატგარეშე [დამლაგებელი, მექვაბე-ელექტრომექანიკოსი, დარაჯი, პროექტის ხელმძღვანელი, არქიტექტორი, დარგის სპეციალისტები, მრეცხავი, ექსპერტები და სხვ.] ამ მონაცემებით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა შტატით დასაქმებულთა რაოდენობის არა 5, არამედ 38%-ზე მეტი იყო.
სამინისტროში „ბათუმელებს“ არაოფიციალურად უთხრეს, რომ კანონპროერქტით განსაზღვრული 5% გაანგარიშებულია საქართველოს სამინისტროების მაგალითზე, სადაც გაცილებით მეტი ადამიანია შტატით. რაც შეეხება, ვთქვათ, აჭარის სამინისტროებს, აქ 5%-ზღვარი არ არის საკმარისი, ვინაიდან „ტექნიკური პერსონალი უწყებაში აუცილებელია და ამის შესაბამისი დასაბუთებაც, ალბათ, იქნება. 500-კაციან სამინისტროში 25 ტექნიკური პერსონალი ლოგიკურია, მაგრამ 100-კაციან სამინისტროში – 5, არ არის საკმარისი“. სამინისტროში ისიც გვითხრეს, რომ შრომითი ხელშეკრულებით თანამშრომლის აყვანა მხოლოდ კონკურსის გზით უნდა მოხდეს.
შტატგარეშე, ანუ ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლები დღეს იღებენ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ხელფასს, რაც არ არის ასახული ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების მუხლში. კონტრაქტით აყვანილი თანამშრომლების ხელფასები გაწერილია ბიუჯეტის სხვა მუხლში – „საქონელი და მომსახურება“.
აჭარის 2018 წლის ბიუჯეტში შტატში დასაქმებულთა რაოდენობა 252-ით შემცირებულია [ესეც იმიტომ, რომ ისინი მიმდინარე წლის ივლისიდან გადაიყვანეს კონტრაქტზე], ხოლო „შრომის ანაზღაურების“ მუხლი შემცირებულია 1,1 მილიონი ლარით. თუმცა, მომავალი წლიდან 5,5 მილიონი ლარით იზრდება „საქონელი და მომსახურების“ მუხლი ბიუჯეტში, საიდანაც ხელფასს ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლები აიღებენ.
შრომითი ხელშეკრულებით რამდენი ადამიანის აყვანის უფლება ექნება აჭარაში სამინისტროებს [მათ შორის ააიპ-ებსა და სსიპ-ებს], ეს აღნიშნული ზედა ზღვრების დამტკიცების შემთხვევაში გახდება ცნობილი.
2017 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში 96 ადამიანი იყო დასაქმებული. სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით, აქედან ორი – მინისტრის თანაშემწე და მრჩეველი, დასაქმებული იყო ადმინისტრაციული, ხოლო 16 – შრომითი ხელშეკრულებით. ანუ, სამინისტროში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა შტატით დასაქმებულთა რაოდენობის 20%-ს აღემატებოდა.
რამდენია საშტატო ნუსხა და ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა დღეს [30 ნოემბრისთვის] – ამ მონაცემებს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ველოდებით.
თუ აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს და ისევ ფინანსთა სამინისტროს მოვიყვანთ მაგალითად, ამ შემთხვევაში, ანუ 5%-იანი ზღვარის დროს, სამინისტროს უფლება ექნება შრომითი ხელშეკრულებით აიყვანოს მხოლოდ 4 ან 5 ადამიანი და არა 36, ან თუნდაც 16.
თუმცა, საქართველოს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, „ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობასთან დაკავშირებული შეზღუდვიდან გამონაკლისი ავტონომიური რესპუბლიკების საჯარო დაწესებულებებში დაიშვება შესაბამის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეთანხმებით [სახელმწიფო ბიუჯეტის და მუნიციპალიტეტების საჯარო დაწესებულებებში კი ასეთი გამონაკლისი დაიშვება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით].
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონპროექტით კი, შრომითი ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომლებზე 2018 წლიდან შესაძლებელი იქნება როგორც დანამატების, ასევე ფულადი ჯილდოს [პრემიის] გაცემაც. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტშია და ჯერ პირველი მოსმენითაც არ განუხილავთ, ადგენს ხელფასის, დანამატისა და ფულადი ჯილდოს მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობას და გაცემის წესს საჯარო დაწესებულებაში.
ერთი თვის წინ, 31 ოქტომბერს, პრივატულ შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ორგანიზაცია „ბათომს“ შეჰპირდა, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოს დაითხოვდა და ახალ საბჭოს დარგის სპეციალისტებით დააკომპლექტებდა.
„ბათომში“ მიიჩნევენ, რომ საჯარო მოხელეებით დაკომპლექტებული საბჭო ვერ მიიღებს კვალიფიციურ გადაწყვეტილებებს ძეგლებთან მიმართებაში, რადგან, უმეტეს შემთხვევაში, საბჭოს წევრებს დარგთან მხოლოდ ირიბი შეხება აქვთ. ორგანიზაციაში თვლიან, რომ ამ საბჭოს არაკომპეტენტურმა გადაწყვეტილებებმა ძველი ბათუმის იერსახე მნიშვნელოვნად დააზიანა.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს ფორმირების საკითხზე აჭარის განათლების სამინისტრო და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო მუშაობენ. მას შემდეგ კი, რაც ისინი მთავრობის თავმჯდომარეს შესაბამის წინადადებას წარუდგენენ, მთავრობის თავმჯდომარე, სავარაუდოდ, დანაპირებს შეასრულებს და მოქმედ საბჭოს დაითხოვს.
სააგენტოში განმარტეს, რომ ახალ საბჭოში მოიაზრებენსპეციალისტების მოწვევას სხვადასხვა ქალაქიდან, თუმცა, საბჭოს წევრობა ანაზღაურებადი არ არის. სააგენტოში საბჭოში მათი დისტანციური ჩართვის შესაძლებლობასა და ამ პროცესის იურიდიული მხარის მოგვარების საკითხებს განიხილავენ.
ორგანიზაცია „ბათომში“ მიიჩნევენ, რომ აჭარის მთავრობამ ამ საკითხის გადაწყვეტა უნდა დააჩქაროს, რადგან არსებული საბჭო საქმიანობას აგრძელებს, ამან კი შეიძლება კიდევ გაზარდოს მშენებლობებზე გაცემული ისეთი ნებართვების რაოდენობა, რაც ძეგლებს დააზარალებს.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო შვიდი წევრისგან შედგება. შვიდივე საჯარო მოხელეა და მათ შორის არქიტექტორი მხოლოდ ერთია.
საბჭოში შედიან, საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ასლანიშვილი, რომელიც ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელია, ის პროფესიით ისტორიკოსია, მირზა ცეცხლაძე სააგენტოს ძეგლებზე ნებართვების და მონიტორინგის განყოფილების უფროსი – იურისტი, ნუგზარ ძნელაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის უფროსი – არქიტექტორი, ზაალ მამუჭაძე – ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი – იურისტი, ალექსანდრე მითაიშვილი ბათუმის მერის ყოფილი მოადგილე – ეკონომისტი [მან დატოვა მერის მოადგილის თანამდებობა, შესაბამისად დატოვა საბჭოც] , ირაკლი ახალაძე – ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი – ინჟინერი და კახა შაშიკაძე აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთერთობის დეპარტამენტის უფროსი – ეკონომისტი.
მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით აღარავინ დაისჯება. საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებაზე გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
სარჩელის ავტორი მოქალაქე გივი შანიძე იყო. იგი სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ჩანაწერს ასაჩივრებდა, რომლითაც დასჯადი იყო მარიხუანას მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე.
მარიხუანას მოხმარებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა 2015 წელს გაუქმდა ბექა წიქარიშვილის გახმაურებული საქმის შემდეგ, თუმცა აქამდე ეს გადაწყვეტილება მხოლოდ 70 გრამამდე გამომშრალ მარიხუანას ეხებოდა.
დღეს, 30 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში მარიხუანას ოდენობა ნახსენები აღარ არის.
მარიხუანას მოხმარებაზე პირს შესაძლებელია მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისროს.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო სასაჩუქრე ნობათის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.
ხულოს მერია სასაჩუქრე ნობათს საბავშვო ბაღის ბავშვების, მრავალშვილიანი დედებისა და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ყიდულობს.
სატენდერო დოკუმენტაციით, ბაღის ბავშვებისთვის 725 შეფუთვა ტკბილეულს შეიძენენ. თითოეულ ბავშვს კარტოფილის ჩიფსი, ორცხობილა, ჟოლოს ბისკვიტი და ხილის კექსი შეხვდება.
საახალწლოდ საჩუქარს, ბავშვებთან ერთად, მრავალშვილიანი დედები და 18 წლამდე ასაკის შშმ პირებიც მიიღებენ, მთლიანობაში 195 ადამიანი. თითოეულს 5 კილოგრამი შაქარი, 1 ლიტრა ზეთი, 2 კილოგრამი პურის ფქვილი, 200 გრამი კარაქი, 100 გრამი კაკაო, შესქელებული რძე, ნახევარი კილოგრამი შოკოლადი, 2 რძიანი შოკოლადი და ერთი ქილა ხორცის კონსერვი შეხვდება.
საახალწლო ნობათის შეყიდვაზე ტენდერი ხულოს მერიამ 12 742 ლარზე 28 ნოემბერს გამოაცხადა. ტენდერი 6 დეკემბერს დასრულდება, ხოლო ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხულოს მერიას ნობათი 22 დეკემბრამდე უნდა მიაწოდოს.
1-3 დეკემბერს ბათუმში წიგნის საახალწლო ფესტივალი ჩატარდება. ფესტივალის ორგანიზატორი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაა”. ფესტივალზე მათ მიერ გამოცემული წიგნები 30%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.
წიგნის საახალწლო ფესტივალი ფარნავაზ მეფის 56-ში მოეწყობა.
ფასდაკლებული წიგნების კატალოგზე მუშაობა რამდენიმე საათში დასრულდება და დაახლოებით 6 საათზე გამოქვეყნდება.
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მეორე რანგის საჯარო მოხელის თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი იურიდიული და საკადრო საკითხთა განყოფილების უფროსის პოზიციაზეა გამოცხადებული.
ვაკანტურ პოზიციაზე სახელფასო სარგო 810 ლარია, საკონკურსო მოთხოვნებით, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ იმ კონკურსანტებს, რომლებსაც უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული იურიდიული მიმართულებით და აქვთ მუშაობის ორწლიანი გამოცდელება.
შუახევის საკრებულოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირები საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე: hg.gov.ge-ზე 13 დეკემბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ.
კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება. კონკურსის პირველი ეტაპი საბუთების გადარჩევა, მეორე – წერითი დავალება და ბოლო, მესამე ეტაპი გასაუბრებაა.
ხის ნალიაზე გაფენილი, თოკზე ასხმული ან როგორც აჭარაში ეძახიან „ანემსილი“ თამბაქოს ფოთლები წლის ამ დროს აჭარული პეიზაჟის განუყრელი ნაწილია. მაშინ, როცა ყველაფერი ფერს იცვლის, ყვითელსა და ყავისფერში გადადის, მხოლოდ თამბაქოს პლანტაციები ხასხასებს მწვანედ.
ზემო აჭარის სოფლებში ბოლო წლებში თამბაქოს კულტურის მოყვანა განაახლეს. თამბაქოს წლის განმავლობაში ხუთჯერ კრეფენ, ფოთლებს ძაფზე ასხამენ და ყველგან ფენენ, სადაც მზის სხივი ხვდება.
ისე ხდება, რომ თამბაქოს პლანტაციებში უმეტესად მუშაობა ქალებს უწევთ, ისინი ეზიდებიან ნედლი ფოთლებით სავსე გოდრებს და გასახმობად ფენენ.
მას შემდეგ, რაც თამბაქო გამოშრება, ის გასაყიდად ბათუმში ჩამოაქვთ და გადამყიდველებს აბარებენ. ერთი კილოგრამი თამბაქოს ჩაბარების ფასი საშუალოდ 30-70 ლარია. ფასი დამოკიდებულია თამბაქოს ხარისხზე. ცალკე გამოყოფენ ქედის თამბაქოს, რომლის ფასიც (1 კგ) სტაბილურად 50 ლარია.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით მეთამბაქოობა აჭარაში განსაკუთრებით პოპულარული გასული საუკუნის 80-იან წლებში იყო და ოჯახებისთვის მთავარ შემოსავლის წყაროს წაროადგენდა. მოგვიანებით კი დარგი მიივიწყეს. დღესდღეობით ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელში მოჰყავთ თამბაქო.
ფინკა ბანკი იწყებს ეფექტური გაყიდვების ტრენინგებს „გახდი გაყიდვების პროფესიონალი“. 2 დღიანი ტრენინგები უფასოა და მასზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ტრენინგები საქართველოს 5 ქალაქში თბილისში, სენაკში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება.
„ჩვენი მიზანია მოვძებნოთ და აღმოვაჩინოთ ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ გაყიდვების სფერო, არიან მოტივირებულები და ეძებენ სიახლეებს. ფინკა ბანკის ტრენერები ტრენინგის მონაწილეებს ინოვაციური და განსხვავებული მეთოდებით შეასწავლიან გაყიდვების ტექნიკებს. მთელი ტრენინგი აგებულია პრაქტიკულ მაგალითებსა და სავარჯიშოებზე. ხაზგასასმელია, რომ ტრენინგის მონაწილეები შეიძენენ ახალ უნარებსა და ცოდნას. გარმორჩეულ მონაწილეებს შევთავაზებთ საკრედიტო ოფიცრის 3 თვიან სტაჟირების პროგრამას შემდგომი დასაქმების შესაძლებლობით“ – ამბობს ფინკა ბანკის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლელა თოფურია.
ტრენინგზე განაცხადის გამოგზავნა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს საქართველოს ყველა ქალაქიდან, განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 3 დეკემბერი, 2017 წელი.
დაინტერესებული პირები სააპლიკაციო ფორმას ნახავენ www.finca.ge-ზე, ტრენინგის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, აპლიკანტთა შერჩევა მოხდება სპეციალური კრიტერიუმების საფუძველზე, როგორიც არის მაგ: სამოტივაციო წერილი, სტაჟირების გავლის სურვილი და სხვა.
ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ კანდიდატებს საკრედიტო ოფიცრებს სტაჟირების პროგრამაში მონაწილების შესაძლებლობა ექნებათ და შემდგომ რეალური შანსი დასაქმდნენ ფინკა ბანკში.
ფინკა ბანკის 2 დღიანი უფასო ტრენინგი 11 დეკემბერს თბილისში დაიწყება.
შუახევის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული მერისთვის, ფრიდონ ფუტკარაძისთვის, სავარძლის შესაძენად ელექტრონული ტენდერი შუახევის გამგეობამ უკვე გამოაცხადა.
შავი ფერის სავარძელთან ერთად შუახევის გამგეობა სახელმწიფო შესყიდვით ტანსაცმლის ერთ და წიგნების – ორ კარადას, 20 საოფისე სკამსა და სავარძლების სამეულს ყიდულობს.
შუახევის მერიაში განმარტავენ, რომ სამეულსა და ტანსაცმლის კარადას, მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო დაცვის თანამშრომლებისთვის ყიდულობენ. რაც შეეხება სავარძელს, შუახევის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი, ომარ აბუსელიძე განმარტავს, რომ ხელმძღვანელი პირისთვის სავარძელი გამგეობამ 4-5 წლის წინ შეისყიდა.
„არსებული სავარძელი მწყობრიდან გამოვიდა, ავეჯის შესყიდვაზე თანხმობა მთავრობისგან მივიღეთ,“ – ამბობს ის.
ავეჯის შესყიდვაზე შუახევის მერიის მიერ 2 490 ლარზე 27 ნოემბერს გამოცხადებული ტენდერი 5 დეკემბერს დასრულდება. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ავეჯი შუახევის მერიას 26 დეკემბრამდე უნდა მიაწოდოს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელ მოწყობილობათა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. 1982 წელს დაბადებული ქალი პოლიციამ ქობულეთში აიყვანა:
„სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 1 ხელყუმბარა და 40 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. პოლიციის მიერ ბათუმში, ფ.ო.-ს დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ამოღებულია „აკა-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდითა და 18 საბრძოლო ვაზნით.
სამართალდამცველებმა ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეში, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან, ფ.ო.-ს მიერ გადამალული, „აკა 74“-ის და „აკმ“-ის მოდელების 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა და 198 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ავტომატები, ხელყუმბარები და ვაზნები ცეცხლსასროლ იარაღთა, ასაფეთქებელ მოწყობილობათა და საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიეკუთვნება და ვარგისია სროლისთვის“, – აცხადებს შსს.
გამოძიება მიმდინარეობს ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელ მოწყობილობათა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).
თურქეთის მოქალაქეს, რომელიც ქობულეთში 25 ნოემბერს სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება 28 ნოემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მიიღო.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდებამდე პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ სხდომის დახურვა მოითხოვა. „ამ მოთხოვნას დავეთანხმეთ ჩვენ, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის თხოვნაა დეტალები არ გასაჯაროვდეს. საბოლოოდ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე მოსამართლემ უარი თქვა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბრალდებულის ადვოკატმა, ბიძინა ბერიძემ.
„საშინელი საკერავი მანქანა მქონდა, ტანჯვით უნდა გემუშავა. ფონდმა „თანაზიარმა“, დემოკრატიის ინსტიტუტის პროგრამის ფარგლებში, საკერავი მანქანა გადმომცა. ყველაფრის შეკერვა შემიძლია. ხშირად უფასოდ ვუკერავ ახლობელ-მეგობრებს. რაიონში ყველა ყველას ახლობელია. მიჭირს ნაცნობებს ჩემს ნაშრომში თანხა გადავახდევინო,“ -ამბობს 49 წლის ყოფილი პატიმარი, თამარ ინჯგია. ის სენაკში, ნათესავის სახლში, პენსიონერ დედასთან ერთად ცხოვრობს.
მარტვილში სახლი გაყიდა და თბილისში პატარა ბინას იშენებს. სამსახურის პოვნის და უკეთესი ცხოვრების იმედით, საბოლოოდ დედაქალაქში აპირებს გადასვლას.
სანამ თამარი საპატიმროში მოხვდებოდა, ოჯახს მარტვილში პატარა სავაჭრო ჯიხური ჰქონდა. თამარი სადაზღვევო კომპანიაში მუშაობდა, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, გამეფებული უსამართლობის გამო იქ დარჩენა გაუჭირდა და სამსახური დატოვა.
ციხიდან გათავისუფლების შემდეგ საჯარო სამსახურების მიერ გამოცხადებულ კონკურსებშიც მონაწილეობდა, ამ დროისთვის მას უკვე მოხსნილი ჰქონდა ნასამართლობა და კონკურსებში მაღალი ქულებიც მიიღო, თუმცა მარტვილის საჯარო სამსახურებში არ დაასაქმეს. ამბობს, რომ მაშინდელი კონკურსების შედეგად ახალი არავინ აურჩევიათ და იგივე ადამიანები დატოვეს პოსტებზე, რომლებიც ადრე მუშაობდნენ.
„დემოკრატიის ინსტიტუტის“ პარტნიორი ფონდის – „თანაზიარის“ შესახებ ყოფილი პატიმრისგან შეიტყო. საკერავი მანქანის მისაღებად პროექტი შეადგინა. პირველი შემთხვევა იყო, როცა დახმარება ითხოვა სხვისგან.
ორი წელია აბიტურიენტებს ამზადებს ფიზიკაში. სტაბილური სამსახური არ აქვს, თავისუფალ დროს ფილმებს უყურებს, კითხულობს, კერავს და ქსოვს. სენაკში გადასვლის შემდეგ, კვირაში ორჯერ, მარტვილში დადის აბიტურიენტებთან. რეპეტიტორობით მიღებული გასამრჯელოს დიდი ნაწილი ტრანსპორტის ხარჯს ხმარდება.
„ქსოვაც შემიძლია, სვიტერებს ვქსოვ, კარგ ძაფს ვიყენებ, ფერად ორნამენტებს, მხიარულ ფიგურებს ვაქსოვ, მაგრამ არა და არა, მარტვილსა და სენაკში არაფერი იყიდება. ახლაც რამდენიმე მაქვს სახლში და ვინახავ, რომ თბილისში წავიღო და სადმე ჩავაბარო, ალბათ, იქ უფრო გაიყიდება ხელით ნაქსოვი სამოსი“.
სახლიდან ბევრი რამ გაყიდა: ნივთები, ავეჯი, წიგნები… მაგრამ თანამედროვე ავტორების ახალი თარგმანები ვერ გაიმეტა.
,,ბორის ვიანის, პოლ ოსტერის და უელბეკის თარგმანებს ვერაფრის დიდებით ვერ გავყიდდი, უელბეკი ჩემსავით ნიჰილისტია, მიყვარს მისი მტკივნეული თემები და წერის მანერა. ისევე, როგორც ყველა მკითხველს, წიგნის სურნელიც კი მიყვარს. ქინდლიც სიამოვნებით მექნებოდა, მაგრამ სად არის ამის ფუფუნება“.
ვერ გამოემშვიდობა უნამუნოს, ბორხესს, აპდაიკს, კუტზეეს და კიდევ რამდენიმე ავტორის წიგნს, მაგრამ ბევრიც გაყიდა: სხვის სახლში, სადაც ამჯერად ცხოვრობს, დიდი ბარგით ვერ გადასახლდებოდა.
„2010 წლის ოქტომბერში დამაკავეს და 2012 წლის აპრილში გავთავისუფლდი. ციხეში ყველას კუჭი სტკიოდა. ნარჩენი ზეთისგან აკეთებდნენ კერძებს. სოსისის ნახევარს აგდებდნენ სოუსში და სულ ეს იყო დღის ულუფა. ციხის მაღაზიაში ყველაფერს ორმაგ ფასად ყიდდნენ – ყველაფერს ვადაგასულს. 42 კილოგრამს ვიწონიდი საპატიმროში.
ჯერ ქუთაისში ვიხდიდი სასჯელს, მერე რუსთავში გადამიყვანეს. საკანში ციხის ადმინისტრაციას მოსყიდული ჰყავდა ზოგიერთი პატიმარი, რომლებიც გვაკვირდებოდნენ და დასმენა ევალებოდათ. ისეთ პირობებს ქმნიდნენ, რომ პატიმრებს ერთმანეთისგან გვიწევდა თავდაცვა,“ – იხსენებს ყოფილი პატიმარი.
თამარი ციხეში ქალთა ამბოხის დროს დახეიბრებულ 22 წლის გოგოს იხსენებს, რომელსაც შიშისგან ხელ-ფეხი წაერთვა და დაინვალიდდა. რუსთავის ციხის მუდმივად სველი კედლების გამო თამარს ასთმა დაემართა და ჰაერის უკმარისობა დღემდე ახსენებს თავს. რთულ წლებზეც ენერგიულად, იმედიანი ხმით ყვება და ამბობს, რომ წუწუნი არ უყვარს, ურჩევნია ცხოვრება თუნდაც წვრილმანებით გაიხალისოს.
მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.
„მიზანშეწონილია, წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტში გადაიხედოს ის პროგრამები და ქვეპროგრამები, რომელთა შესრულების მაჩვენებლები მიმდინარე საანგარიშო პერიოდისთვის გამოირჩევა დაბალი აქტივობით და მოხდეს ამ პროგრამების და ქვეპროგრამების ფუნდამენტური ცვლილება და მორგება შესაბამის ბენეფიციარზე,“ – ეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ერთ-ერთ შენიშვნაა აჭარის ბიუჯეტის 2018 წლის პროექტზე. ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობას დღეს, 29 ნოემბერს დაუბრუნა.
უმაღლესი საბჭოს კომისიებიდან ყველაზე მეტი შენიშვნა საფინანსო კომისიას აქვს. რომელი პროგრამა დაუწუნა უმაღლესმა საბჭომ მთავრობას? – კომისიის თავმჯდომარე, გიორგი რომანაძე ამბობს, რომ ასეთი რამდენიმეა. „მაგალითად, ნივრის პროგრამა, რომელზეც ტენდერი რამდენჯერმე ჩავარდა. შესაძლოა ტენდერის ჩავარდნის გამო არ გააუქმო პროგრამა, მაგრამ გამოდის, რომ პრობლემა არსებობს და ეს გადასახედია, იქნებ სატენდერო პირობებშია პრობლემა, დოკუმენტაციაში. ასევე დაბალი აქტივობა ჰქონდა სტუდენტების სწავლების დაფინანსებას საზღვარგარეთ… ჩვენ არ ვითხოვთ ამ პროგრამების ამოღებას ბიუჯეტიდან. ვთქვით, რომ ყურადღება არის მისაქცევი,“ – ამბობს გიორგი რომანაძე.
აგროსესხების გაცემა – ესეც საფინანსო კომისიამ ჩაუწერა მთავრობას შენიშვნებში. „სასურველია ისეთი პროგრამის შექმნა, რომლის ფარგლებშიც ფერმერები მიიღებენ გრძელვადიან აგროსესხებს საშეღავათო პერიოდით (ბაღების გაშენების, ხილის მოსავლიანობის, ნერგების განაშენიანების მიზნით) და სესხის დაფარვა მოხდეს მოწეული მოსავლის რეალიზაციის შემდგომ პერიოდში“, – ვკითხულობთ კომისიის დასკვნაში.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე „ბათუმელებთან“ განმარტავს, რომ ეს ინიციატივაა, რომელსაც განხილვა სჭირდება.
„ეს იდეის დონეზე მივაწოდეთ მთავრობას და მოლოდინი არ გვაქვს, რომ უცებ დამუშავდება. პროგრამა თუ შემუშავდება, შესაძლებელია, მომავალ წელს, როცა ბიუჯეტში ცვლილება შევა, დაიწყოს ამ პროგრამის განხორციელება… საუბარია მთავრობის თანამონაწილეობაზე, ვთქვათ, ამ სესხის გარკვეული პროცენტი რომ იფარებოდეს ბიუჯეტიდან და ფერმერებმა მარტივად შეძლონ აგროსესხის აღება შესაბამისი პროექტის არსებობის შემთხვევაში,“ – გვითხრა საფინანსო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი რომანაძემ.
აგრარულ კომისიაში მიიჩნევენ, რომ უნდა გაიზარდოს ბიუჯეტში პროგრამის დაფინანსება, რომელიც ფაროსანას საწინააღმდეგო შემასხურებელი აპარატის შეძენას ითვალისწინებს. კომისიის აზრით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჯამში 2500 ასეთი აპარატი უნდა შეიძინოს. აგრარული კომისია ასევე ითხოვს 12 ტყის მცველის დამატებას.
მუსიკალური ცენტრის შენობის რეაბილიტაცია და აუდიოგიდები რამდენიმე ენაზე ბათუმის მუზეუმებში – ეს განათლების, კულტურისა და სპორტის კომისიის შენიშვნებია.
ჯანდაცვის კომისიის აზრით, სამთო-სათხილამურო კურორტებზე სამედიცინო დახმარების ორგანიზება უნდა მოახდინოს მთავრობამ, ასევე უნდა გაიზარდოს მაღალმთიან აჭარაში მომუშავე სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურება.
შრომის ანაზღაურებას ექიმებისთვის ითხოვს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“. ფრაქციის აზრით, თუკი ბიუჯეტიდან მაღალმთიან აჭარაში ექიმების ხელფასი თანადაფინანსების პრინციპით დაფინანსდება, რამდენიმე წელში საკუთარი შემოსავლებიც გაეზრდება იქ არსებულ კლინიკებს.
„ცნობილია, რომ არსებობს კვალიფიციური ექიმის პრობლემა მაღალმთიანეთში, პაციენტებიც პირდაპირ ბათუმში მოდიან. ჩვენი გათვლებით, თუკი ხულოს და შუახევის კლინიკას ბიუჯეტიდან გამოეყოფა 120 ათასი ლარი, შესაძლებელი იქნება პროფესიონალი ექიმების მიზიდვა. ამის შემდეგ ადგილობრივი მცხოვრები პირდაპირ იქ მივა და კლინიკებსაც ბიუჯეტის დახმარება აღარ დასჭირდება,“ – აღნიშნავს გია აბულაძე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.
„ნაციონალურ მოძრაობის“ შენიშვნების ჩამონათვალი გაცილებით დიდია, ვიდრე ყველა დანარჩენი კომისიის. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი სწორად დაგეგმილი არ არის და მთავარი დაპირებაც, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე, შეუსრულებელია.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს ციტრუსის ლოჯისტიკური ჰაბის შექმნას, რომლითაც მანდარინის ევროპულ ბაზარზე გატანა იქნება შესაძლებელი უკრაინის გავლით. ფრაქციის მოთხოვნაა ასევე ეკომიგრანტი ოჯახებისთვის გამოყოფილ – 25 ათასი ლარს დაემატოს თანხა.
„ამ თანხით უკვე შეუძლებელია საცხოვრებლის ყიდვა. რეალურად არც იმას არკვევს ვინმე, ვისაც 25 ათასი ლარი მისცეს, იყიდა თუ არა სახლი. ჩვენი აზრით, სადღაც 35 ათასი მაინც უნდა მივცეთ ეკომიგრანტებს,“ – დასძენს გია აბულაძე.
ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენელი ერთმანეთს ტრანსფერების ნაწილში ეთანხმებიან. ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გადასაცემი ტრანსფერების რაოდენობა ჯამში დაახლოებით 23 მილიონით მცირდება.
„ქობულეთის შემთხვევაში, მაგალითად, მცირდება 8 მილიონით. თუკი არგუმენტი არის ის, რომ ვინმე ამ თანხას ვერ ითვისებს და ნაშთი რჩებათ, ქობულეთს ნაშთი არ ჰქონია. პირიქით, ნაპირსამაგრი სამუშაოები ხორციელდებოდა, მათ შორის, ტრანსფერის საშუალებით. იმედი მაქვს, ამისთვის თანხა ისევ გამოიძებნება,“ – ამბობს გიორგი რომანაძე.
გია აბულაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „ფაქტია, რომ მუნიციპალიტეტებს რჩებათ ნაშთი. გასულ წელს დაახლოებით 90 მილიონი დარჩა აუთვისებელი, წელს 100 მილიონზე მეტი იქნება… ეს არის ძალიან ცუდი, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ მუნიციპალიტეტს ფული არ სჭირდება. პირიქით არის საქმე, ამ ოდენობის ნაშთი რომ რჩება, ეს მიანიშნებს დაგეგმვის პრობლემაზე. ვერ გეგმავს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და ვერც მთავრობა გეგმავს“.
ერზრუმი, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარე ქალაქი, თურქეთის რესპუბლიკის ამავე სახელწოდების პროვინციაში, ბათუმიდან დაახლოებით ექვსსაათიანი საავტომობილო გზითაა დაშორებული. მთიან რეგიონში მდებარე ქალაქისა და მთლიანად რეგიონის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ტურიზმის განვითარებაა.
სწორედ ტურიზმის მნიშვნელოვან მიმართულებას, სამედიცინო ტურიზმს შეეხებოდა ტურიზმისა და ინოვაციების მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ნოემბერში ერზრუმში გაიმართა.
კონფერენციას და საინფორმაციო ტურს, რომელსაც ერზრუმსა და მის მიმდებარედ სამედიცინო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების გაცნობას მოიცავდა, სამი ქვეყნის: საქართველოს, აზერბაიჯანისა და ირანის დელეგაციები ესწრებოდნენ. კონფერენციაზე აჭარიდან ჩასული დელეგაციის წევრები იყვნენ: აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ზურაბ თენიეშვილი, საზღვაო ჰოსპიტლის სამედიცინო დირექტორი, თამარ ქაჩლიშვილი და აჭარის ონკოლოგიური ცენტრის [მედცენტრი] კლინიკური მენეჯერი, მედეა ქაჯაია. კონფერენციასა და საინფორმაციო ტურს გასაშუქებლად ესწრებოდა „ბათუმელებიც“.
სამთო, სპორტული და სამედიცინო ტურიზმი – ამ მიმართულებების გასაძლიერებლად ერზრუმში დიდი ძალისხმევა იხარჯება. სწორედ სახელმწიფოს როლსა და ეკონომიკაში ტურიზმის ყოველწლიურად მზარდ მნიშვნელობაზე ისაუბრა ერზრუმის გუბერნატორმა სამედიცინო ტურიზმის კონფერენციის გახსნაზე:
„ტურიზმი, მეცნიერების შემდეგ, თავისი გლობალურობით ყველაზე მზარდი სექტორია. მსოფლიო ბანკის 2015 წლის მონაცემებით, ყოველწლიურად 1.5 მილიარდი ადამიანი ტურისტული მიზნით მოგზაურობს.
2023 წლისთვის ტურიზმის სექტორში კიდევ უფრო მრავალფეროვანი სერვისების შექმნა, მეტი შემოსავლის მიღება იგეგმება. ჯანდაცვა და ტურიზმი ძალიან დიდ როლს ითამაშებს ამ ყველაფერში. ცნობილია, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხებით შემოსული ტურისტი საშუალოდ 22-ჯერ მეტ თანხას ხარჯავს ქვეყანაში.
ჩვენს [ერზრუმის] რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან დიდი ინვერსტიციებია გათვალისწინებული. ქალაქ ერზრუმში მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი რეგიონული, სასწავლო და კვლევით საავადმყოფოს მშენებლობაზე 319 მილიონი ლირა დაიხარჯა. ამ ყველაფრის დამსახურებით, მეზობელი ქვეყნების უფრო დაახლოებას და ერზრუმის უფრო პოპულარულ ქალაქად გადაქვეცვას ვგეგმვათ,“ – განაცხადა ერზურემის გუბერნატორმა სეიფეთინ აზიზოღლუმ.
ერზრუმის რეგიონალური სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ჰოსპიტალი, რომელზეც მერმა ისაუბრა, 1200-პალატიანი იქნება და ერთ-ერთი უდიდესი რეგიონებს შორის მდებარე საავადმყოფოებიდან. ჰოსპიტალი მრავალპროფილურია და როგორც აქ გვითხრეს, გასულ წელს დაწესებულებას 2500-მდე უცხოელი პაციენტი ესტუმრა, მათ შორის შვიდი – საქართველოდან. ყველაზე მეტი პაციენტი ამ საავადმყოფოს ირანიდან და აზერბაიჯანიდან ჰყავს. ახლა საავადმყოფოს ძველი შენობის გვერდით უზარმაზარი, ახალი შენობა დგას, რომლის გახსნა რამდენიმე თვეში იგეგმება. ახალი, ცხრასართულიანი კორპუსი გვირაბით უკავშირდება ძველ შენობას.
კონფერენციისა და საინფორმაციო ტურის მონაწილეები. ფოტო: ლიზა თედორაძე
„ერზრუმი სტუდენტების ქალაქია, აქ 100 ათასი სტუდენტი ცხოვრობს,“ – ჩასვლისთანავე გვითხრა ანზორ ხოზრევანიძემ, რომელიც ქართულ დელეგაციას კონფერენციაზე და საინფორმაციო ტურის დროს თარჯიმნობას უწევდა. ანზორი ბათუმელია და მეოთხე წელია ერზრუმში სწავლობს, ათათურქის უნივერსიტეტში.
სწორედ ათათურქის უნივერსიტეტის სამედიცინო კლინიკა აღმოჩნდა ყველაზე დიდი და ხალხმრავალი საინფორმაციო ტურის ფარგლებში დათვალიერებულ საავადმყოფოებს შორის. საუნივერსიტეტო კლინიკა 1450-საწოლიანია და 25 საოპერაციო ბლოკი აქვს:
„ჩვენს საავადმყოფოს 2650 თანამშრომელი ჰყავს, აქედან 551 აკადემიური პერსონალია. ჩვენ ISO ხარისხის დიპლომებს გავცემთ, აქ ტარდება ძვლის ტვინის, ღვიძლისა და თირკმლის გადანერგვის ოპერაციები, სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო სამსახური იყოფა ორ განყოფილებად – უფროსებისა და ბავშვებისათვის, კლინკას აქვს დამწვრობის ცენტრიც და ბევრი სხვა მიმართულება. განვითარებული, მაღალი დონის მომსახურება გაგვაჩნია, კლინიკა აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით,“ – გვითხრეს საუნივერსიტეტო კლინიკაში გამართულ პრეზენტაციაზე, სადაც კლინიკის საქმიანობის შესახებ მოკლე ანგარიშიც წარადგინეს სლაიდშოუს სახით. აქედან გავიგეთ, რომ კლინიკაში ორგანოების გადანერგვა 2004 წლიდან ხდება და ამ ხნის მანძილზე ათათურქის საუნივერსიტეტო კლინიკის სპეციალისტებს 300 – თირკმელს და 200 ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია აქვთ გაკეთებული, კლინიკა, რომლის შენობებიც 165 ათას კვ მეტრზეა განთავსებული, 12 რეგიონს ემსახურება, სულ ოთხნახევარ მილიონ ადამიანს.
ფოტო: ლიზა თედორაძე
სახელმწიფო საავადმყოფოების გარდა ერზრუმში კერძო კლინიკებიცაა. სახელმწიფო კლინიკებთან შედარებით, აქ პაციენტების ნაკლებობა შეიმჩნევა, თუმცა, როგორც კერძო კლინიკებში ამბობენ, მათი პრიორიტეტი უფრო გამართული, პაციენტების მოთხოვნებზე მორგებული სამედიცინო სერვისი და კარგი რეპუტაციაა. სწორედ ამის გამო კერძო კლინიკებში ვერ ნახავთ რიგებს, აქ ჩაწერის და ექიმთან წინასწარ შეთანხმების სისტემა მუშაობს, ძირითადად, დაცულია პრინციპი – ერთი პალატა – ერთი პაციენტი. პალატა კომფორტულია და სასტუმროს ნომრის მსგავსადაა მოწყობილი.
ერზრუმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე კერძო კლინიკაა „ბუჰარა“. ეს კლინიკა სამედიცინო ბაზარზე 22 წელია მუშაობს და მისი მთავარი მიმართულება კარდიოლოგიაა. 96 საწოლზე გათვლილი „ბუჰარა“ განსაკუთრებითაა დაინტერესებული სამედიცინო ტურიზმით და კლინიკაში უცხოელი პაციენტების მოზიდვით.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც ერზრუმში სამედიცინო ტურიზმის შემაფერხებლად განიხილავენ, პირდაპირი ავიარეისების არარსებობაა ერზრუმის სამიზნე რეგიონებთან. იმისათვის, რომ, მაგალითად, საქართველოდან ერზრუმში ჩაფრინდეთ, თვითმფრინავის რამდენიმე რეისის გამოცვლაა საჭირო, ბათუმიდან ერზრუმამდე, საავტომობილო გზით, 300-მდე კილომეტრია, თუმცა თუ ამას დავუმატებთ ორი ქვეყნის, თურქეთისა და საქართველოს საზღვრის გადაკვეთისთვის საჭირო დროს, ამ რეგიონში ჩასასვლელად 6-9 საათია საჭირო.
კლინიკა “ბუჰარა“, ფოტო: ლიზა თედორაძე
რობოტი. ფოტო: ლიზა თედორაძე
კიდევ ერთი დიდი, საუნივერსიტეტო კლინიკა მდებარეობს ერზრუმიდან დაახლოებით ორი საათის სავალ გზაზე, ქალაქ ერზინკანში. ეს ვულკანურ მთებთან ახლოს მდებარე 100-ათასიანი ქალაქია, რომელმაც 90-იან წლებში დამანგრეველი მიწისძვრა გადაიტანა, ამიტომაც ქალაქში, ძირითადად, ოთხი და ხუთსართულიანი სახლებია. 2006 წელს აქ უნივერსიტეტი დაარსდა, რომელსაც საკუთარი კვლევითი საავადმყოფო აქვს.
ერზინკანის საუნივერსიტეტო კლინიკაში გვითხრეს, რომ აქ 1500 ადამიანი მუშაობს და დღეში, საშუალოდ, 500 პაციენტს იღებენ, რომლებიც არა მხოლოდ ქალაქიდან, არამედ ახლო რეგიონებიდან და ქვეყნებიდან ჩამოდიან სამკურნალოდ, ყველაზე ხშირად – ირანიდან.
ამავე ქალაქშია კერძო, მრავალპროფილური „ნეონ ჰოსპიტალიც“. 76-საწოლიან ჰოსპიტალში დაცულია კერძო კლინიკების ერთი-ერთი მთავარი მახასიათებელი – ერთი პაციენტისთვის ერთი პალატაა განკუთვნილი.
ერზრუმის რეგიონი, პირველ რიგში, მაინც სამთო ტურიზმითაა ცნობილი, ამიტომაც საინფორმაციო ტურის ნაწილი იყო სპორტული მოედნების, თერმული სპა-ცენტრების და ერზინკანთან ახლოს მდებარე მინერალური წყლების კურორტის მონახულებაც. სპორტული კომპლექსების სიმრავლით განსაკუთრებით გამოირჩევა ქალაქი ერზრუმი, სადაც ყინულის ექვსი მოედანია.
რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი კონფერენციისა და საინფორმაციო ტურის ფარგლებში? – „ბათუმელებმა“ ამის შეფასება აჭარის დელეგაციის წევრებს სთხოვა.
ზურაბ თენიეშვილი. ფოტო: ლიზა თედორაძე
ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე ურთიერთობების ჩამოყალიბებაა რეგიონებს შორის, მით უფრო, რომ შეხვედრაში ჩართული იყვნენ არა მხოლოდ თურქეთის, არამედ აზარბაიჯანისა და ირანის წარმომადგენლებიც – მიიჩნევს აჭარის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე, ზურაბ თენიეშვილი:
„ჯერჯერობით, სხვა რაიმე კონკრეტულის თქმა ძნელია, რადგან შესაფასებელია ყველაფერი, რაც ჩვენ ვნახეთ. საკმაოდ მოწესრიგებული და კარგად აღჭურვილი აქვთ სამედიცინო დაწესებულებები, პრაქტიკულად ყველა ის ოპერაცია კეთდება, რაც მოწინავე ქვეყნებში, მაგრამ რამდენად უკეთესია ჩვენს მედიცინაზე – ეს დროის ამბავია, რომ გავარკვიოთ.
ზოგადად, უნდა განვითარდეს სამედიცინო ტურიზმი, ეს აუცილებელია, რომ გავიზიაროთ და უფრო ხელმისაწვდომი იყოს ის სამედიცინო მომსახურება, რაც ჩვენთან არ არის.
სამედიცინო ტურიზმის განვითარება ემსახურება, პირველ რიგში, წვდომას, შემდეგ ფასებს და ასევე – ხარისხს. თუ ყველა ეს კომპონენტი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში იქნება ხელმისაწვდომი, სამედიცინო ტურიზმი უფრო სწრაფად განვითარდება.“
ყოველწლიურად რამდენი ქართველი მიდის უცხოეთში და მათ შორის, თურქეთში სამკურნალოდ, ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს. ზურაბ თენიეშვილი ამბობს, რომ პირიქითაც ხდება, როცა თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან პაციენტები საქართველოში, როგორც სამედიცინო მიმართულების ტურისტები. ეს, ძირითადად, ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკების პაციენტები არიან, რომელთაც საქართველოში ამ სფეროში არსებული, სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალი ფასები და ლოიალური კანონმდებლობა იზიდავთ.
ახალი კონტაქტების დამყარების თვალსაზრისით კონფერენცია და საინფორმაციო ტური საინტერესო აღმოჩნდა თამარ ქაჩლიშვილისთვის, საზღვაო ჰოსპიტლის სამედიცინო დირექტორისთვის. საინფორმაციო ტურის შეფასებისას მან ხაზი გაუსვა კერძო კლინიკებსა და სახელმწიფოს შორის არსებულ ურთიერთობასაც:
„საინტერესო იყო ეს ვიზიტი იმ კუთხითაც, რომ ჩანს, როგორ თანამშრომლობს სახელმწიფო კერძო კლინიკებთან.
საქართველოში კერძო კლინიკებს სჭირდება მეტი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. ეს ძალიან მარტივია – იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო დროულად დარიცხავს თანხას კერძო კლინიკაში, ბიზნესი ყოველთვის იზრუნებს თავისი კადრების განათლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, შესაბამისად, ამაში სახელმწიფოს მხარდაჭერა არაა საჭირო. მთავარია, დროულად გადაგვიხადონ თანხა, რომ მერე ჩვენ შევძლოთ ინფრასტრუქტურის განვითარება, ახალი სერვისების დანერგვა, კადრების სტაჟირება…
ქვეყანამ უნდა შეძლოს ისეთი რეგულაციების დაწესება, რომ კლინიკები არ დაიხრჩონ. ჩვენთან ხდება ისე, რომ შემოდის რეგულაცია, რომელიც მოითხოვს რეინვესტირებას, ამ დროს კი თანხა არ გერიცხება, რომ დროულად დააკმაყოფილო რეგულაციის მოთხოვნა, შესაბამისად, მიდიხარ ბანკთან და, ფაქტობრივად, იქმნება მანკიერი წრე, საიდანაც თავის დაღწევა კლინიკას უჭირს. თუ დაფინანსების სისტემა მოწესრიგდება, ჯანდაცვას კერძო ბიზნესი განავითარებს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირების სწორი ფორმებით.“
მედეა ქაჯაია, თამარ ქაჩლიშვილი. ფოტო: ლიზა თედორაძე
მედეა ქაჯაიას, აჭარის ონკოლოგიური ცენტრის კლინიკურ მენეჯერს, განსაკუთრებით საინტერესოდ მიაჩნია იმ თურქი პაციენტების მოტივაცია, რომლებიც კერძო კლინიკაში არჩევენ მკურნალობას:
„თურქეთის ჯანდაცვის სისტემაში, როდესაც ყველა მოქალაქე დაზღვეულია და შეუძლია ისარგებლოს ამ სერვისით, მაინც არსებობს კერძო სექტორი. მე ვკითხე რამდენიმე კერძო საავადმყოფოს დირექტორს, რით არსებობენ. საქმე იმაშია, რომ თურქეთში, სახელმწიფო საავადმყოფოებში არსებობს იგივე პრობლემები, რომლებიც არსებობს ჩვენთან: ეს არის რიგები, ექიმები, რომელთაც უწევთ დღეში 50 და ასი პაციენტის მიღება. ეს არ ხდება კერძო კლინიკებში, სადაც მაღალი კვალიფიკაციის ექიმები ჰყავთ, რიგები მოწესრიგებულია, მუშაობს ჩაწერის სისტემა და ეს ქმნის კომფორტს, ამიტომაც, ამ დაფინანსების სისტემაშიც, კერძო სექტორს აქვს თავის ადგილი და კარგი რეპუტაცია.
კლინიკა „ბუჰარაში“ ჩვენ ვნახეთ ძალიან ძლიერი ინტენსიური და რეანიმაციული სექტორი, ასეთი ძლიერი რეანიმაცია მე არ მინახავს სახელმწიფო დაწესებულებაში. არის რაღაც სერვისები, რომლებიც უფრო კარგად განვითარებულია კერძო კლინიკებში.
ჩვენთან ცოტა სხვა სიტუაციაა, მაგრამ მაინც ჰგავს [ამ მოდელს], ადამიანი თვითონ ირჩევს, სად მიიღოს სამედიცინო სერვისი, თუ სახელმწიფო კლინიკას მიმართავს, მას მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს, თუ კერძოში მიდის, სადაც მომსახურება ორჯერ უფრო ძვირია, მაგრამ მაინც აკეთებს ამ არჩევანს, მაშინ თავისი ჯიბიდან იხდის ამ თანხას. ჩვენთანაც ასეა, რაღაც ნოზოლოგიებს სახელმწიფო აფინანსებს, დანარჩენს პაციენტი ამატებს, მაგრამ ჩვენთანაც ირჩევს.
ზოგადად, ბიზნესს მეტი მოტივაცია აქვს იმისთვის, რომ დაიკავოს პირველობა ბაზარზე. ჩემი აზრით, სისულელეა, რომ ყველა საავადმყოფოში ერთი და იგივე სერვისი იყოს, რაც ჩვენთან ხდება, უნდა განვავითაროთ ის, რისი დეფიციტიცაა ჩვენთან. მაგალითად, ჩვენს კლინიკაში ონკოლოგიური მიმართულებაა მთავარი და ჩვენ პირველები უნდა ვიყოთ ამაში,“ – აღნიშნა მედეა ქაჯაიამ.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შპს Georgian industrial Asset Management Group-ი, შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს არასტანდარტულ მანდარინს. წარმოებული იქნება ციტრუსის კონცენტრატი, რისგანაც დამზადდება წვენი, რომელიც ექსპორტირებული იქნება აზიისა და ევროპის ქვეყნებში.
სამინისტრო იუწყება, რომ ხვალიდან, 30 ნოემბრიდან არასტანდარტული მანდარინის მიღებას ასევე დაიწყებს შპს TCF GEORGIA, რომელიც წელს გეგმავს 4 000 ათას ტონმდე არასტანდარტული მანდარინის მიღებას, რომლისგანაც დაამზადებს კონცენტრირებულ წვენს. რომელიც, მოხმარდება როგორც ადგილობრივ ბაზრებს, ასევე ექსპორტირებული იქნება რუსეთის, უკრაინის და ყაზახეთის ქვეყნებში.
კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდიას გადაუხდის, შესაბამისად სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 0.20 ლარი იქნება.
9-10 დეკემბერს ბათუმში, ყინულის მოედანზე, საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ჩემპიონატის მე-2 ტური გაიმართება.
ტურის განრიგი ასე გამოიყურება:
– შაბათი, 19:00-20:30 – 18 წლამდელთა ეროვნული ჩემპიონატი, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ბათუმისა და თბილისის გუნდები.
– შაბათი, 20:45-22:45 – ეროვნული ჩემპიონატი: ბაკურიანის “მიმინო” – თბილისის “რუხი მგლები”.
– კვირა, 09:00-10:30 – 18 წლამდელთა ეროვნული ჩემპიონატი, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ბათუმისა და ქუთაისის გუნდები.
– კვირა, 10:45-12:45 – ეროვნული ჩემპიონატი: თბილისის “ცეცხლოვანი ჯვაროსნები” – თბილისის “ყინულის რაინდები”
ქუთაისისა და ბათუმის გუნდები, ჯერჯერობით, მხოლოდ 18 წლამდელთა ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობენ, ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობენ თბილისის სამი და ბაკურიანის ერთი გუნდი.
„სასამართლო გაოცებას ვერ მალავს,“ – ამ ფრაზას გიორგი ოქროპირიძის იმ განაჩენში ნახავთ, რომელსაც მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა 10 ნოემბერს აწერს ხელს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ცრუ დასმენასა და ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე გაამართლა.
მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა გადაწყვეტილებაში არაერთხელ ახსენებს, რომ საქმეზე პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიება იყო „არასრულყოფილი“ და „არაეფექტური“.
ბათუმის მე-3 დაწესებულებაში ყოფნის დროს, გიორგი ოქროპირიძემ გამოძიებას მიმართა და უთხრა, რომ 2014 წლის 22 სექტემბერს ამ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს, აწამეს – დანაშაულის აღიარების მოთხოვნით. ამის შესახებ გიორგი ოქროპირიძემ მისწერა სახალხო დამცველსაც.
ბათუმის ციხის ადმინისტრაციამ გამოძიებას უთხრა, რომ გიორგი ოქროპირიძე არ უწამებიათ და რომ ბრალდებულმა თვითდაზიანებები მიიყენა და მათ გადააბრალა; ის შიმშილობდა, სუიციდისკენ იყო მიდრეკილი, მუდმივად იმყოფებოდა ვიდეოკონტროლის ქვეშ. პროკურატურამ სახალხო დამცველისთვის მიცემული ახსნა-განმარტების გამო გამოძიება ოქროპირიძის წინააღმდეგ დაიწყო, ცრუ დასმენის მუხლით.
მოწმეების მიერ ნახსენები „მუდმივი ვიდეოკონტროლის“ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ციხის ადმინისტრაციას არ ჰქონდა შენახული არც ერთი ფირი, რაც დაადასტურებდა თვითდაზიანების მიყენების ფაქტს. განაჩენის სწორედ ამ ნაწილში მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა წერს, რომ „გაოცებას ვერ მალავს“.
„სასამართლო გაოცებას ვერ მალავს, თუკი პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციისთვის წინაწარ განჭვრეტადი იყო, რომ პატიმარი გ. ოქროპირიძე მიიყენებდა თვითდაზიანებას, ხოლო შემდეგ დაზიანების მიყენებას დააბრალებდა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს, მყისიერად რატომ არ მოხდა ამ ვიდეოჩანაწერის დაარქივება, რომელზედაც პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ჩვენებების ნამდვილობა იქნებოდა ასახული“, – აღნიშნულია განაჩენში.
სასამართლომ ხაზგასმით თქვა, რომ გიორგი ოქროპირიძის საქმეზე, რაც ციხეში წამებას შეეხებოდა, სრულყოფილი გამოძიება არ ჩატარებულა. სასამართლოს გამოძიებამ მოწმეებად ბათუმის ციხის ადმინისტრაციის ის თანამშრომლები წარუდგინა, რომლებსაც გიორგი ოქროპირიძე წამებაში ადანაშაულებდა. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს:
„გამოძიებამ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ჩვენებები შესაძლოა სუბიექტური ყოფილიყო და სავარაუდოდ მიზნად ისახავდა მათი მხრიდან ბრალდებულის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ჩვენებები არ შეიძლება გაზიარებული და უტყუარად მიჩნეული იქნას“.
კიდევ ერთი ამონარიდი განაჩენიდან: „გამოძიება შემოიფარგლა… კონკრეტულად იმ პირების დაკითხვით, რომელთა უმრავლესობასაც პატიმარი გ. ოქროპირიძე ამხელდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევაში“.
განაჩენში ასევე წერია, რომ ბრალდებული შიმშილობისგან იმდენად დაუძლურებული იყო, რომ დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირდა. სწორედ ამ ნაწილში მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გამოძიების კიდევ ერთ სისუსტეზე წერს ხაზგასმით – „ბრალდებამ სათანადოდ არ შეაფასა, რამდენიმე კვირის მოშიმშილე პატიმარს, რომელიც მოწმეთა ჩვენებებით იყო იმდენად დაუძლურებული, რომ გადაადგილებაც კი უჭირდა, გონივრულად რამდენად შეეძლო ყველა იმ ფიზიკური აქტივობის განხორციელება, რაშიც მას ბრალდების მოწმეები ამხელს [ხელით კაფელის ჩამოტეხვა, პლასტმასის ბოთლის გატეხვა]“.
გიორგი ოქროპირიძის საქმეში ეს არაა პირველი შემთხვევა, რომელიც გამოძიების მიმართ კითხვის ნიშნებს აჩენს. გიორგი ოქროპირიძე მკვლელობის ბრალდებით 2014 წლის 12 სექტემბერს დააკავეს. 2015 წლის ივნისში გიორგი ოქროპირიძის მიმართ ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი ვერ გამოიტანეს. ნაფიც მსაჯულების მიერ ვერდიქტის ვერგამოტანა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირების კრიტიკის საგანი გახდა, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მოუწოდა სახელმწიფო სტრუქტურებს, გიორგი ოქროპირიძე ყველა ხერხით დაეტოვებინათ პატიმრობაში.
ვერდიქტის ვერმიღებიდან სამ დღეში ოქროპირიძეს ცხრათვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა ეწურებოდა. სწორედ ამ სამი დღის გასვლამდე გიორგი ოქროპირიძეს ახალი ბრალი წაუყენეს, ბათუმის მე-3 დაწესებულების თანამშრომლების მიმართ ცრუ დასმენისთვის და ისევ წინასწარ პატიმრობაში დატოვეს.
ხელახლა შეკრებილმა ნაფიცმა მსაჯულებმა გიორგი ოქროპირიძეს განზრახ მკვლელობისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. მსჯავრდებულმა განაჩენი ევროსასამართლოში გაასაჩივრა.
8 დეკემბერს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დოკუმენტური ფილმების ჩვენება მოეწყობა.
ნაჩვენები იქნება სამი მოკლემეტრაჟიანი ფილმი:
„აპოლო-ჯავახეთი“, ბაქარ ჩერქეზიშვილი
„კოცნა მხოლოდ კინოშია“, მერი შიხაშვილი
„ნახევრადშეჭმული ძროხა“, სალომე ჯაში.
სამივე ფილმის საერთო თემა ეთნიკური უმცირესობების ბავშვებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობაა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, თითოეული ფილმი ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული. მათი გმირები მოზარდები არიან, რომლებიც თავის გატანისა და გადარჩენისთვის იძულებულები არიან, თავიანთი ასაკისთვის შეუფერებელი მძიმე ტვირთი ატარონ: იშრომონ დაუღალავად ან გათხოვდნენ ნაადრევად და მოუარონ ოჯახებს. ამიტომ სკოლაში სიარულისა და სწავლისათვის მათ დრო თითქმის აღარ რჩებათ.
“სალომე ჯაშის ფილმში „ნახევრადშეჭმული ძროხა“, ადიგენის რაიონში მცხოვრები მოზარდები მწყემსობის დროს თავს გადახდენილი ფათერაკების შესახებ მოგვითხრობენ. ეს ისტორიები ლეგენდებივით ჟღერს, თუმცა ფილმში კარგად ჩანს, რომ იუმორით და მსუბუქად მოყოლილი ამბების უკან მოზარდების მიერ რეალურად განცდილი შიშები და მძიმე ცხოვრებაა.
სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 12 წლის ბიჭი, ბანდურა, ბაქარ ჩერქეზიშვილის „აპოლო-ჯავახეთის“ პროტაგონისტია. ოპერატორის კამერა ისე მიჰყვება მის ყოველდღიურ ცხოვრებას, რომ მაყურებელი მოწმე ხდება მისი მძიმე ფიზიკური შრომის, დედასთან ურთიერთობის, სკოლაში სწავლის პროცესისა და კოსმოსური ხომალდებით გატაცების. ამ ბიჭის ამბავი ერთდროულად სევდიანიცაა და იმედის მომცემიც, რადგან მაყურებელი ხვდება, რომ მიუხედავად ყველა სიძნელისა, მას ძლიერი ნებისყოფა აქვს ოცნების მისაღწევად.
„კოცნა მხოლოდ კინოშია“ – მერი შიხაშვილის ფილმი ქვემო ქართლის სოფელ ტალავერში მცხოვრები უფროსკლასელი გოგონების შესახებ მოგვითხრობს. ამ გოგონებიდან სწავლის გაგრძელების პერსპექტივა ცოტას თუ აქვს, უმეტესობის სახლის კარებზე წითელი ბაფთებია, რაც ნიშნავს, რომ ოჯახში მცხოვრები გოგონა დანიშნულია. ფილმი გვთავაზობს ინტერვიუების სერიას გოგონებთან და მათ დედებთან, რაც კარგად აჩვენებს ახალი თაობის შინაგან პროტესტს ადრეული ქორწინების მიმართ და იმ გარემოს, რომლის შეცვლაც არც თუ ისე მარტივია”.
დოკუმენტურ ფილმებს აჩვენებენ პროექტის ფარგლებში “ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში” , ევროკავშირისა და ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით.
მის.: ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. #62-64,
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი. ტელ.: 0 422 22 55 40
ბათუმის მერიამ ქუჩების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხიდან 792 ათასი ლარი ვერ დახარჯა. საუბარია ბონის დასახლების ქუჩების ნაწილზე, სადაც პროგრამით დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორციელდა. თემის განხილვას საკრებულოს სხდომაზე დღეს, 29 ნოემბერს ხმაური მოჰყვა.
„ეს არის კანონის დარღვევა. არ შეიძლება ცვლილებები სამუშაოს განხორციელების შემდეგ. თუ საჭირო იყო ეს ცვლილებები, თავიდანვე რატომ არ მოხდა მისი გათვალისწინება?“ – იკითხა ლევან ანთაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა. მისი აზრით, მერიამ გარკვეული ქუჩები წინასაარჩევნოდ გეგმის გარეშე მოაწყო და ახლა ამის გამო შედის ბიუჯეტში ცვლილება.
„თუ წინასაარჩევნოდ განვახორციელეთ ქუჩების რეაბილიტაცია პროგრამის გარეშე, მაშინ ბიუჯეტი უნდა გაზრდილიყო. მე კი გეუბნებით, რომ პირიქით, თანხა დაიზოგა. ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი“, – უპასუხა ოპოზიციას არჩილ ვანაძემ, მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა.
„წინასწარ თუ დაგეგმეთ, წინასწარ რატომ არ მოხდა ეს ცვლილება? ასე არ ხდება, რომ კომპანია თვითნებურად აკეთებს სამუშაობს, ან არ აკეთებს გარკვეულ ქუჩებს და შემდეგ აძლევს ვინმე ფულს,“ – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მირდატ ქამადაძემ.
„ეს გამოწვეული იყო ტექნიკური პრობლემებით. ბონის დასახლებაში რაც დაგეგმილი იყო, ვერ განხორციელდა, მაგრამ უფრო მეტი გაკეთდა ჭაობში. ჩვენ რა პროგნოზიც გვქონდა, ჯამში იმაზე მეტი გაკეთდა,“ – დასძინა მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა.
„მოკლედ, რატომ კარგად მუშაობთო, იმას გვეკითხებიან, ბატონო არჩილ,“ – ჩაურთო რეპლიკა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ნატალია ზოიძემ.
საბოლოოდ საკრებულომ მხარი დაუჭირა ქუჩების რეაბილიტაციაზე მორჩენილი თანხის სხვა პროგრამებისთვის გადანაწილებას. საკითხს მხარი დაუჭირა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა არჩილ მამულაძემაც, რომელმაც თავდაპირველ გამოსვლაში ამ ცვლილებას „დანაშაული“ უწოდა.
რატომ ვერ განხორციელდა იმ ქუჩების რეაბილიტაცია, რაც დაგეგმილი იყო? – არჩილ ვანაძემ გვიპასუხა, რომ შეფერხება გამოიწვია საკანალიზაციო სისტემის ტესტირების უარყოფითმა შედეგმა ზოგიერთ ქუჩაზე. „ტესტირებამ აჩვენა, რომ არსებობდა წნევის პრობლემა ამ საკანალიზაციო სისტემაში. იქ რომ ქუჩის რეაბილიტაცია მომხდარიყო, შემდეგ ხელახლა იქნებოდა გასაკეთებელი,“ – განმარტა არჩილ ვანაძემ.
რატომ დაგეგმა მერიამ იმ ქუჩების რეაბილიტაცია, სადაც საკანალიზაციო სისტემის გამართვა დასრულებული არ იყო? – მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ეს ტექნიკური დეტალებია, რასაც პასუხი კეთლმოწყობის სამსახურმა უნდა გასცეს და თითოეული ქუჩის შესახებ მას დეტალური ინფორმაცია არ აქვს.
„ბათუმის ბიუჯეტი ჯამში შემცირდა 369 ათასი ლარით. ცვლილება განპირობებული იყო იმით, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ბიუჯეტის შეცვლის უფლება არ გვქონდა, ამ დროს სხვადასხვა პროგრამაში არის ხარჯების ეკონომია, შემცირდა სხვადასხვა პროექტის დაფინანსება. დაზოგილი თანხით გადანაწილდება სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად, ჯანდაცვის პროგრამებზე, გაიზრდება ბენეფიციართა რაოდენობა მესამე შვილის შეძენის შემთხვევაში, ასევე მრავალშვილიან დედებზე. გაიზრდება ბათუმის ავტოტრანსპორტის დაფინანსებაც,“ – უთხრა არჩილ ვანაძემ ჟურნალისტებს.
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დაფინანსების გაზრდაზეც გაამახვილა ყურადღება ოპოზიციამ საკრებულოს სხდომაზე. ცვლილების მიხედვით, ამ უწყებას დაფინანსება ეზრდება დიზელის საწვავის შესაძენად.
„წლის დასაწყისში ცნობილი იყო, რომ გაიზარდა აქციზი დიზელზე. რატომ ვერ გათვალეთ წინასწარ, რომ დიზელის ფასზე ეს აისახებოდა?“ – იკითხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ.
„როცა დავგეგმეთ, მაშინ დიზელის ფასი იყო დაახლოებით 1.5, ახლა არის 2-ზე მეტი. წინასწარ ამის პროგნოზირება შეუძლებელია, საწვავის ფასის დინამიკას ვერ განსაზღვრავ,“ – მოკლედ უპასუხა შეკითხვას მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა.
მთავარ ფოტოზე: იუსუფ ფაღავას ქუჩა ბათუმში, სადაც ტრანსპორტი ვერ გადაადგილდება.
ბათუმში დაგეგმილ საახალწლო კონცერტებში, სავარაუდოდ, ჯგუფები -„მგზავრები“ და „გამოუვალი მდგომარეობა“ მიიღებენ მონაწილეობას, რისთვისაც ბათუმის ბიუჯეტიდან მათ, ჰონორარის სახით, 83 750 ლარს გადაუხდიან. ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, „მგზავრები“ 67 500 ლარს, ხოლო „გამოუვალი მდგომარეობა“ 16 250 ლარს მიიღებს.
„მგზავრების“ კონცერტი ბათუმში მიმდინარე წლის 31 დეკემბერსაა დაგეგმილი, ხოლო „გამოუვალი მდგომარეობის“ – მომავალი წლის 2 იანვარს. კულტურის ცენტრი მუსიკალურ ჯგუფებთან ხელშეკრულებების გაფორმებას გამარტივებული შესყიდვით აპირებს.
„ქალაქის საახალწლო-სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზების მიზნით ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომელსაც დაევალა საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიების მაღალორგანიზებულად ჩატარების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. კომისიის გადაწყვეტილებით ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტში მთავარ მონაწილედ დაგეგმილია მუსიკალური ჯგუფი „მგზავრების“ კონცერტი, რაც ხელს შეუწყობს ღონისძიების მასშტაბურობასა და მოსახლეობის დაინტერესების ზრდას,“ – აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ „ბათუმის მუსიკალური ცენტრის“ განაცხადში.
მუსიკალური ცენტრის ინფორმაციით, „მოლაპარაკებით და ურთიერთშეთანხმებით განისაზღვრა შესყიდვის სავარაუდო ღირებულება, რომლითაც გათვალისწინებულია ჯგუფის ყველა [7] წევრის ჰონორარი. მომსახურების გაწევა მოხდება 2017 წლის 31 დეკემბერს. ამასთან, ვინაიდან ჯგუფი არის მოთხოვნადი და საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით აქვთ სხვა შეთავაზებებიც, საჭიროა დროულად ხელშეკრულების გაფორმება“.
ჯგუფ „გამოუვალ მდგომარებაში“ 5 წევრია.
ბათუმის მერიამ საახალწლო ღონისძიებისთვის მზადება დაიწყო. ქალაქის მორთვისა და მთავარი სცენისთვის დეკორაციების შესყიდვის მიზნით, ბათუმის კულტურის ცენტრმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, განცხადებების მიღების ბოლო ვადა 4 დეკემბერია. შესყიდვის ბიუჯეტი კი – 317 000 ლარი.
ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის განცხადებით, 30 ნოემბერს დაგეგმილი ხილის ფესტივალი ბათუმში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო აღარ გაიმართება. 24 ნოემბერს სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.
„ბაღის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ყველა იმ პირს და ორგანიზაციას, რომლებმაც აქტიური მზაობა გამოხატეს აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობასთან დაკავშირებით,“-ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
სასტუმრო „ლეოგრანდის“ მფლობელმა, ეროლ ავგორენმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლითაც „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს კიდევ ერთხელ უცხადებს სამძიმარს და ასევე, განმარტავს თურქულ პრესაში გაჟღერებულ საკუთარ განცხადებას. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს:
„ძალიან ძნელია შევარჩიო სიტყვები, რომლებიც გამოხატავს ჩემს მწუხარებას მომხდართან დაკავშირებით. სასტუმრო „ლეოგრანდის“ მენეჯმენტის თითოეული წარმომადგენელი მზად ვართ, მივიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რათა სრულად დადგინდეს ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზები.
კომპანია მზადაა, გარდაცვლილთა ოჯახების თანხმობის შემთხვევაში, აღმოუჩინოს მათ მატერიალური მხარდაჭერა, იზრუნოს გარდაცვლილთა შვილების განათლებაზე თუ მათი ოჯახის წევრების დასაქმებაზე. გვესმის, ეს მათ ვერ აუნაზღაურებს ახლობლების დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს, თუმცა სხვა სახით თანადგომის გამოხატვა შეუძლებელია.
ამ მწუხარების ჟამს მადლობა გვინდა გადავუხადოთ სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სახელმწიფო სამსახურების თითოეულ თანამშრომელს და სასტუმროს პერსონალის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად იხსნეს უამრავი ადამიანის სიცოცხლე. ტრაგედიის დროს მე თავად ვიმყოფებოდი სასტუმროში და ჩემი თვალით ვნახე მათი თავდადება. ვნახე ნამდვილი გმირობის მაგალითები.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გავაკეთო განმარტება მიმდინარე წლის 27 ნოემბერს თურქულ პრესაში ჩემ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით. მე მხოლოდ გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ ძვირფასი წამები დაიკარგა, ვინაიდან მეექვსე სართულზე მყოფი სტუმრების ნაწილი სავარაუდოდ გაემართა გასახდელისკენ. ერთი წამითაც არ მქონია აზრად ვინმესთვის, განსაკუთრებით კი გარდაცვლილი სტუმრებისათვის, პასუხისმგებლობის გადაბრალება. ძალიან ვწუხვარ, თუ ჩემმა სიტყვებმა დატოვა ამგვარი ინტერპრეტირების შესაძლებლობა.
კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს. მიუხედავად იმისა, რა შედეგით დასრულდება გამოძიება, 11-ვე ოჯახს ვუხდი ბოდიშს იმისათვის, რომ ჩვენთან მოსული სტუმრების სიცოცხლე ვერ შევინარჩუნეთ”.