ფოტოგრაფი, რომელსაც მილიონი გამომწერი ჰყავს ინსტაგრამზე

ჯეისონ პეტერსონი 25 წელია შავ-თეთრ ფოტოებს იღებს. მისი კადრები კომპოზიციური წონასწორობითა და შუქ-ჩრდილებთან თამაშით, ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზების  გამოყენებით ახდენს დამთვალიერებელზე შთაბეჭდილებას. ფოტოგრაფის ინსტაგრამის გვერდს მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

პეტერსონი Havas North America-ს რეკლამის მხატვრული რედაქტორია და ეს გამოცდილება საშუალებას აძლევს, ზუსტად განსაზღვროს პრიორიტეტები: იცის, როგორ ფიგურაზე უნდა დასვას აქცენტი და ვინ გამოიყვანოს ჩრდილიდან.

 

ორი ვაკანსია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ორი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა – სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტისა და ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პროგრამების მონიტორინგის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობებზე.

ორივე პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო 825 ლარია.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 6 დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაცია ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების მონიტორინგის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანსიის შესახებ, იხილეთ აქ, სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანსიის შესახებ დამატებითი ინფორმაციითვის კი, გადადით ამ ბმულზე.

ბათუმის ნავსადგურში ფრანგული სამხედრო გემი „გეპრატი“ შემოვიდა

ბათუმში თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული ფლოტის მრავალფუნქციური ფრეგატი  „გეპრატი“  შემოვიდა. ბათუმის ნავსადგურში საზეიმო დახვედრის ცერემონია გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ქალაქის მერიც ესწრებოდნენ.

ბათუმში ფარნგული სამხედრო გემი „გეპრატი“ შემოვიდა.

ოფიციალური ინფორმაციით, სამხედრო ხომალდის ბათუმის პორტში ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება ყვინთვის, ძებნა-გადარჩენის ცეცხლთან და წყალთან ბრძოლის ერთობლივი სწავლებები. ეკიპაჟის წევრებსა და საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის გაიმართება მეგობრული მატჩი ფეხბურთში.

საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ და ფრანგული ფრეგატის კაპიტანმა ჟაკ მალარმა, შეხვედრა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაშიც გამართეს. ოფიციალური ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე  საუბარი იყო თავდაცვის სფეროში საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ თანამშრომლობაზე.

„მნიშვნელოვნად შეფასდა ასევე NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო გემების განსაკუთრებული გააქტიურება შავ ზღვაში და ერთობლივი წვრთნების ჩატარება, რაც ხელს უწყობს რეგიონის უსაფრთხობისა და თავდაცვისუნარიანობის ზრდას“.

საფრანგეთის ეროვნული ფლოტის სამხედრო ხომალდი ნავსადგურს 25 ნოემბერს დატოვებს.

ნურიგელის ტბაში ჭრელი სქელშუბლას, თეთრი ამურისა და კობრის 1,5 ტონა ლიფსიტებს გაუშვებენ

ბათუმის ცენტრალური პარკის ტბაში [„ნურიგელის ტბა“] გათევზიანებისთვის ჭრელი სქელშუბლას, თეთრი ამურისა და კობრის ლიფსიტების შესაძენად ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს 20 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. ლიფსიტების შეძენასა და ტბაში გაშვებაზე შესაბამისი ტენდერი სააგენტომ უკვე გამოაცხადა.

ტბაში უნდა გაუშვან:

[checklist]

  • ჭრელი სქელშუბლა (Hypophthalmichtys molitrix) – თითოეული არანაკლებ 300 გრამი – 600 კილოგრამი;
  • თეთრი ამური (Ctenopharyngodon idella) – თითოეული არანაკლებ 50 გრამი – 600 კილოგრამი;
  • კობრი (Cyprinus carpio), თითოეული ლიფსიტა მინიმალური წონით – არანაკლებ 30 გრამი – 300 კილოგრამი.

[/checklist]

ლიფსიტების ტბაში გაშვება უნდა განხორციელდეს ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღეში. საქონლის მიწოდება კი, მოხდება სააგენტოს დავალებით განსაზღვრული კონკრეტული დროის შესაბამისად.


ნურიგელის ტბის გათევზიანებისთვის, ბათუმის ბიუჯეტიდან 20 ათასი ლარის გამოყოფაზე ბათუმის საკრებულომ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ივლისში მიიღი.

6 მაისის პარკში, ნურიგელის ტბაში, ბევრი მოქალაქე თევზაობს, თუმცა თევზჭერა აქ არ არის რეკომენდებული. სპეციალისტების რეკომენდაციით, ამ ტბაში დაჭერილი თევზი მხოლოდ კარგი თერმოდამუშავების შემთხვევაში არ არის საშიში ჯანმრთელობისთვის.

 

ყოფილი პატიმარი, რომელმაც მეწარმეობა ერთი ძროხით დაიწყო

ციხიდან გათავისუფლებული პატიმრების თვითშეფასება ხშირად განსხვავდება ერთმანეთისგან. ზოგიერთი ციხიდანვე გეგმავს მომავალ ცხოვრებას და ადვილად ივიწყებს წარსულს, ზოგიერთს უჭირს ყოფილ პატიმრებზე სტერეოტიპულ წარმოდგენებთან გამკლავება. 70 წელს მიტანებული ბედიშა ხარჩილავასთვის ციხეში გატარებულ პერიოდზე რთული, თავისუფლების  პირველი წელი აღმოჩნდა.

„გათავისუფლებიდან 6 თვის შემდეგ ჯერ 37 წლის ვაჟი გარდამეცვალა C ჰეპატიტით, ორმოცი დღეც არ იყო გასული და ქალიშვილიც დაგვეღუპა, თრომბით. ჩემი პატიმრობა დაღად დაესო მთელ ჩემს ოჯახს. შვილები ძალიან განიცდიდნენ ამ ამბავს. მგონია, რომ ყველაფერი ჩემზე ნერვიულობისგან დაემართათ. ამჯერად ეთნოგრაფიულ მუზეუმში ვმუშაობ მთავარ სპეციალისტად. ჯანდაბას ჩემი თავი… რა არის ორი შვილის დამკარგველი ქალის ცხოვრება. ჩემი ციხეში მოხვედრის შემდეგ დაემართა ბიჭს C ჰეპატიტი, ეს ქნა ჩემმა პატიმრობამ“, – ამბობს ბედიშა ხარჩილავა.

მიიჩნევს, რომ პატარა რაიონში, სადაც ყველა გიცნობს, თუ საეჭვო ამბებში გაეხვევი, მოუშორებელი ტკივილით უნდა იცხოვრო და დასმული დაღი ყოველთვის შეგახსენებს თავს.

„წარმოიდგინეთ, 10 წელი ვმუშაობდი უცხო ენის მასწავლებლად, 17 წელი წალენჯიხის რაიონული არქივის დირექტორად. ყველა მაფასებდა, კარგის მეტი ჩემგან არავის არაფერი ახსოვს. ამიტომაც განიცადეს ჩემი ამბავი შვილებმა მტკივნეულად,“ – გვიყვება ბედიშა ხარჩილავა, რომელიც პროფესიით ფილოლოგი, გერმანისტია და ციხის ამბებსაც იხსენებს.

„ორი წელი მომისაჯეს 2006 წელს ქრთამის აღების ბრალდებით. მაშინ წალენჯიხის რაიონული არქივის დირექტორად ვმუშაობდი. ვიღაც ქალი მომიგზავნეს, დოკუმენტს მთხოვდა, რომლის გაცემის უფლებაც არ მქონდა. თანხა შემომთავაზა, უარი ვუთხარი, მიუხედავად ამისა, დატოვა მაგიდაზე და გავიდა. დავედევნე, იქვე გამოჩნდა პოლიცია და  დამაკავეს. ეჭვი მაქვს და ბევრს უთქვამს, რომ ვიღაცას ჩემი ადგილი უნდოდა, თუმცა დღემდე არ ვიცი, ვის“.

ციხის ცხოვრებას თავიდან ვერ ეგუებოდა, პირველი 17 დღე უამრავ ადამიანთან ერთად გაატარა. მერე დაკავებულები პატიმრობის მოტივის მიხედვით დააჯგუფეს საკნებში  და როგორც ბედიშა ხარჩილავა ამბობს, „განათლებულები ცალკე საკანში მოათავსეს, ქურდობის, ნარკოტიკებისა და მკვლელობის მუხლით დაკავებულები – ცალკე. „რთული იყო მძიმე წარსულგამოვლილ ადამიანებთან ურთიერთობა, ვცდილობდი ყველასთან მეპოვა საერთო ენა. ყველა დაძაბული იყო, მაგრამ არავის ვპასუხობდი, ჩემთვის ვიყავი და, ძირითადად, წიგნების კითხვით გამყავდა დრო. ლექსებს ვწერდი ოჯახზე, თავისუფლებაზე და წალენჯიხის ადგილობრივ გაზეთში ვგზავნიდი ციხიდანვე, გამოსაქვეყნებლად“.

ყოფილი პატიმარი ამბობს, რომ ციხეში ცუდად არავინ ექცეოდა, დასძენს, რომ თვითონაც კანონმორჩილი იყო და პრობლემებს არ ქმნიდა. სასჯელი თბილისის ქალთა კოლონიაში მოიხადა.

როგორც ამბობს, საპატიმროში დედასავით ზრუნავდა ყველაზე. ტყუპისცალ ძმას ხშირად მიჰქონდა მასთან გემრიელი მეგრული კერძები და ყველას თანაბრად უმასპინძლდებოდა. ციხიდან გამოსვლისას თავისუფლება მიულოცეს, მაგრამ გულიც დასწყდათ: ვინღა გაგვანებივრებს შენსავით ელარჯითო.

გათავისუფლების შემდეგ გარემოსგან ზეწოლა არასდროს უგრძნია. ყველა ამხნევებდა, გვერდით ედგნენ ოჯახის წევრებიც.

„მეუღლე პენსიონერია, ტაქსის მძღოლია. ძალიან მამხნევებდა ციხეში ყოფნის დროს. ყოველთვის მაკითხავდა, ბავშვივით ტიროდა და ერთი სული ჰქონდა, როდის გავთავისუფლდებოდი“, – ამბობს ყოფილი პატიმარი. – „რაიონში არავისგან მიგრძნია ეჭვის თვალით შემოხედვა. ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს თანამშრომლებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან“.

დარდს კიდევ ერთი დიდი დარდი დაემატა: ჩემს გარდაცვლილ გოგოს ორი გოგონა ჰყავს. უფროსს მხედველობის პრობლემა აქვს, ერთ თვალზე ჰქონდა გართულებები და მეორეზეც გადაუვიდა, მეორეს ხერხემლის გამრუდება დაემართა. ორივეს მკურნალობა სჭირდება. სიძე კარგი ადამიანია, მაგრამ ყველა პრობლემას ვერ სწვდება. არ ვიცი, რით უნდა დავეხმაროთ“.

ფონდმა „თანაზიარმა“ „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროგრამის ფარგლებში ციხიდან გათავისუფლებულ ბედიშა ხარჩილავას ძროხა აჩუქა. პროექტ „აწარმოე საქართველოში“ გაიმარჯვა და სამი ძროხა მათგან მიიღო. ამზადებს ყველს, ნადუღს, სულგუნს, კარაქს და ხაჭოს. თბილისში ყველის ფესტივალზე, ორი წლის წინ სამეგრელოს ყველის მწარმოებლებს შორის პირველი ადგილი დაიმსახურა.

ბედიშა ხარჩილავა ყოველდღიურ ცხოვრებაზე გვიყვება.

„დილით შვიდ საათზე ვდგები, ძროხებს ვუვლი და სამსახურში მივდივარ. მეუღლე და უფროსი ვაჟიც მეხმარებიან. თუმცა მესაქონლეობით, ძირითადად, მე ვარ დაკავებული. ფონდ „თანაზიარის“ სოციალური მუშაკი ციხეშიც მაკითხავდა, მამხნევებდა. ძალიან მიყვარს, საკუთარი შვილივით. აუცილებლად დავწერ მის შესახებ და წალენჯიხის გაზეთში გამოვაქვეყნებ“.

ოჯახს თხილიც მოჰყავს, მაგრამ წელს მოსავალი ფაროსანამ გაანადგურა. საკარმიდამო ეზოში ოჯახისთვის სამყოფი ხეხილი მოჰყავთ. მეგრული ჯიშის ძროხების გარდა, რომელიც ცხიმიან, მაგრამ ცოტა რძეს იძლევა, ყოფილ პატიმარს სარძევე ჯიშის ძროხების შეძენაც სურს.

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სიმწარე ვიწვნიე, მაინც ვცოცხლობ. უფროსი ვაჟი, მისი ოჯახი და ჩემი მეუღლე მაძლებინებს. შვილიშვილი ანდრეა პირველ კლასშია და მამხნევებს, მახალისებს, სკოლაში, ცეკვაზე დავყვები და ასე მიდის ჩემი ცხოვრება“, – ამბობს ბედიშა ხარჩილავა და გვთხოვს, მისი ისტორიის წერისას სახელი და გვარი არ დავმალოთ. მიიჩნევს, რომ ყველაფერზე ღიად საუბარი ადამიანს შვებას გვრის და ტვირთს უმსუბუქებს.

 


მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

შუახევში სოციალურად დაუცველ ოჯახებს თუნუქის სახურავით დაეხმარებიან

შუახევის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახებისთვის თუნუქის სახურავებს შეისყიდის.
2 350 ცალი თუნუქის სახურავის შესყიდვაზე ტენდერი გამგეობამ 6 ნოემბერს გამოაცხადა. სატენდერო თანხა 40 000 ლარია.

შუახევის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით, სახურავებს იმ ოჯახებს გადასცემენ, რომელთა სარეიტინგო ქულა ერთიან მონაცემთა ბაზაში 100 000-ს არ აჭარბებს და მათი საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანებულია.

„მთავარი კრიტერიუმი სარეიტინგო ქულაა, თუმცა თანაბარ სიტუაციაში მყოფი ოჯახების შემთხვევაში უპირატესობა იმ ოჯახს მიენიჭება, სადაც შშმ. პირი ცხოვრობს, ასევე უპირატესობა მიენიჭება ისეთ ოჯახს, რომელთა საცხოვრებელი სახლის სახურავი უფრო მეტადაა დაზიანებული. რაც შეეხება ოჯახების მდგომარეობის შესწავლას, სპეციალური კომისია მას შემდეგ დაიწყებს, როცა სახურავებს შევისყიდით,“ – ამბობს ზაზა ზოიძე.

ამ დროისთვის შუახევის მერიაში საცხოვრებელი სახლებისთვის თუნუქის სახურავის მიღების მოთხოვნით 100 – მდე განაცხადია შესული.

კონკრეტულად ვინ მიიღებს თუნუქის სახურავს უსასყიდლოდ შუახევში,  კომისია გადაწყვეტს.

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის თუნუქის სახურავები შუახევში ბოლოს 2015 წელს შეისყიდეს.

მთავარი ფოტო: შუახევი, ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ბათუმში შაბათს გამოიდარებს

წვიმიანი ამინდი აჭარაში 25 ნოემბრამდე შენარჩუნდება. ბათუმში შაბათს ნაწილობრივ გამოიდარებს, კვირას კი უკვე მზიანი ამინდი იქნება. სინოპტიკოსების თქმით, ჰაერი 13 გრადუსამდე გათბება.

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალ დღის ბოლომდე სანაპირო ზოლში იწვიმებს, სუბტროპიკულ ზონაში სეტყვაა მოსალოდნელი, მაღალმთიანეთში კი ისევ ითოვებს. ზღვაზე შტორმი ამ დროისთვის 6 ბალია. სინოპტიკოსების ინფორმაციით, შტორმი ხვალაც შენარჩუნდება.

ობსერვატორიის მონაცემებით, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში დღეს და ხვალ დღისით, საშუალოდ, 8-13 გრადუსი იქნება, ღამით – 6-11 გრადუსი. მთაში ჰაერის ტემპერატურა 0-დან 5 გრადუსამდე მერყეობს, ღამით კი -5 გრადუსია.

 

 

ხულოს მერი: საჭიროების შემთხვევაში გზების გაწმენდა დაიწყება

აჭარის მაღალმთიანეთში თოვს. ხულოს მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 20 – 30 სმ-ს აღწევს და თოვას რომელიმე სოფელში გადაადგილების პრობლემა არ შეუქმნია.

„ამ დროისათვის გადაადგილება ყველა მიმართულებით შესაძლებელია, ადგილზე მობილიზებულია საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა და საჭიროების შემთხვევაში გზების გაწმენდა დაიწყება, თუმცა საავტომობილო გზის ნაწილზე თოვლის საფარი მაქსიმუმ 5-7 სმ-ია, მცირე პრობლემები შეიქმნა ელექტროენერგიის მიწოდებაში, თუმცა დროულად აღმოიფხვრა პრობლემები და როგორც მაცნობეს, ამ დროისთვის შუქი ყველა სოფელს მიეწოდება,“ – ამბობს გოჩა მელაძე.

ხულო, ღორჯომის ხეობა, სოფელი მერჩხეთი / 23.11.2017 / ზაზა ბერიძის ფოტო
ხულო, ღორჯომის ხეობა, სოფელი მერჩხეთი / 23.11.2017 / ზაზა ბერიძის ფოტო
ხულო, ღორჯომის ხეობა, სოფელი მერჩხეთი / 23.11.2017 / ზაზა ბერიძის ფოტო
ხულო, ღორჯომის ხეობა, სოფელი მერჩხეთი / 23.11.2017 / ზაზა ბერიძის ფოტო

 

შმაგი ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში გამართულ მსოფლიო 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა 1 ოქროს და 3 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

მსოფლიო ჩემპიონი შმაგი ბოლქვაძე (66 კგ) გახდა. შმაგი ბოლქვაძემ გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე ალენ მირზოიანთან მოიპოვა.

ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს: გელა ბოლქვაძემ (75 კგ), ლაშა გობაძემ (80 კგ) და ზვიად პატარიძემ (130 კგ).

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 51 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე რუსეთი გავიდა 50 ქულით, მესამეზე – თურქეთი 42 ქულით.

ამავე თემაზე:
20 წლის მსოფლიო ჩემპიონი ხულოდან 

მთავარ ფოტოზე: შმაგი ბოქლვაძე, ფოტო: ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

სასამართლომ ბათუმის მერია უკანონობაში ამხილა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის მერია უკანონობაში ამხილა. მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ გააუქმა ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის ხელმოწერილი აქტი, რომლის მიხედვითაც მან კონკრეტულ მოქალაქეს მიწის ნაკვეთის დოკუმენტაციის დადასტურებაზე უარი უთხრა.

მოქალაქე ეთერ გიგინეიშვილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას ითხოვს. მიწა მას მეჯინისწყლის სარეფორმო ფონდიდან გადასცეს 1995 წელს. ეთერ გიგინეიშვილს ყოფილი მეურნეობის რწმუნებულთა კრების ოქმი აქვს, რომელიც 2016 წლამდე არ ითვლებოდა მიწის საკუთრების მართლზომიერების დამადასტურებელ დოკუმენტად.

„2016 წელს მიწის სარეგისტრაციო რეფორმის შემდეგ ეს დოკუმენტი ითვლება მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტად, მაგრამ რწმუნებულთა კრების ოქმის ნამდვილობის დადასტურება დაევალა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს,“ – განმარტავს ნინო სიორიძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი. ეს ორგანიზაცია სასამართლოში ეთერ გიგინეიშვილის ინტერესებს იცავს.

მოქალაქემ 2016 წელს ბათუმის მერიას მიმართა, თუმცა მერიამ საკითხის განხილვაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ ეს მისი კომპეტენცია არ იყო. მერიის წინააღმდეგ მოქალაქემ სასამართლოს მიმართა იმის გასარკვევად, არის თუ არა მერიის კომპეტენცია რწმუნებულთა კრების ოქმის ნამდვილობის დადასტურება.

„დავის საგანი იყო მერიის კომპეტენციის დადგენა. მერიას უნდა დაედასტურებინა ოქმის ნამდვილობა, ან უარი უნდა ეთქვა კონკრეტული დასაბუთებით. მერიას უნდა დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება და შეესწავლა საკითხი, რაც არ გააკეთა,“ – ამბობს ნინო სიორიძე.

თუკი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბათუმის მერია არ გაასაჩივრებს, ამჯერად ახალ მერს ლაშა კომახიძეს მოუწევს ეთერ გიგინეიშვილის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება.

სოციალურ უფლებებზე საქართველოს გაეროსთვის ანგარიში ბოლო 15 წელი არ გაუგზავნია

„ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურის საკითხების პრობლემებზე ანგარიში საქართველოს გაეროსთვის 2002 წლის შემდეგ არ გაუგზავნია,“ – ამბობს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი ფანიაშვილი. მან ამის შესახებ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს, 22 ნოემბერს გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე ისაუბრა. შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე ისაუბრეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლემა შეხვედრის მონაწილეებს, განსაკუთრებით კი არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა პროცესში ჩაერთონ, რადგან სამინისტრო წლის ბოლომდე, ან მომავალი წლის დასაწყისში აპირებს თხუთმეტწლიანი პაუზის შემდეგ ანგარიში გაუგზავნოს გაეროს სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებზე, ასევე კულტურის საკითხებზე.

საქართველომ 1996 წლიდან აიღო ვალდებულება მსგავსი ანგარიშის წარდგენაზე. ოფიციალური ვალდებულების მიუხედავად, საქართველო გაეროს ანგარიშებს აწვდის პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებზე, სოციალური მიმართულებით – არა. ანგარიშის წარდგენის შემდეგ გაეროს შესაბამისი კომიტეტი საჯაროდ განიხილავს მას და დასკვნით მოსაზრებებს, ანუ რეკომენდაციებს უგზავნის ქვეყნის მთავრობას.

რის გამო არ გაუგზავნა საქართველომ ანგარიში გაეროს სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებზე? – „ბათუმელების“ ამ შეკითხვაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ აქამდე ამის მომზადება ვერ მოხერხდა, რადგან ძირითადი აქცენტი იყო პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებზე.

„სახელმწიფოს ამისთვის არ ეცალა… შესაძლებელი იყო ეს ანგარიში მოემზადებია არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, მაგრამ მათაც არ ეცალათ. ახლა ჩვენ ჩამოვიყვანეთ საქართველოში გაეროს წარმომადგენელი, რომელიც ტრენინგს უტარებს შესაბამის სამთავრობო უწყებებს, თუ როგორ უნდა მომზადდეს ეს ანგარიში. ჩვენ ასევე გვჭირდება მაღალი სამოქალაქო აქტიურობა,“ – აღნიშნა გიორგი ფანიაშვილმა. მისი თქმით, არ არის განსაზღვრული კონკრეტული სამთავრობო უწყება, რომელიც ანგარიშის გაგზავნაზე იყო პასუხისმგებელი.

გაატარა თუ არა გაერომ რაიმე სახის სანქცია იმის გამო, რომ ანგარიში საქართველომ არ წარადგინა? – გიორგი ფანიაშვილმა ამ კითხვის პასუხად თქვა, რომ „აქამდე გაეროდან საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე რბილი შენიშვნის წერილი მიიღო.“

საინფორმაციო შეხვედრა ადამიანის უფლებებზე პროექტის „ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები ახორციელებენ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს თანამშრომლობით.

ავტობანი – ქონების ექსპროპრიაცია ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში მოქცეულ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა.

ამ შემთხვევაში ექსპროპრიაციის წესით, იძულებით ქონების ჩამორთმევას დაექვემდებარა:

[checklist]

  • უძრავი ქონება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიაში, რომლის მესაკუთრეა გოგიტა ბერიძე. საექსპროპრიაციო ფართობია 53 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნარგავები.
  • უძრავი ქონება ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მნათობში [მე-4 ქუჩა, № 8]. თანამესაკუთრეები: ილია პარასკევოპულო, ირინა პარასკევოპულო, მარია პარასკევოპულო, მილია პარასკევოპულო, ქრისტინა პარასკევოპულო. საექსპროპრიაციო ფართობია 2502 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობები და ნარგავები.

[/checklist]

„საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის თაობაზე წერილობით მიმართა ქონების მესაკუთრეებს. მესაკუთრეებს ასევე განემარტათ, რომ უარის შემთხვევაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იმოქმედებდა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი საკუთრების ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით, მიმართავდა კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს.

ვინაიდან, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება ზემოთ მითითებულ კერძო მესაკუთრეებთან, უძრავი ქონებების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება“ – აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში.

აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. ბრძანება მიმდინარე წლის 21 ნოემბერს გამოქვეყნდა.


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტს.

ბათუმის შემოვლითი გზა ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბიდან ფრიდონ ხალვაშის გამზირამდე გაივლის მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს. რაც შეეხება ხელვაჩაურიდან სარფამდე მონაკვეთს, თუ სად გაივლის ავტობანი, გადაწყვეტილი ამ დრომდე არ არის.

პროექტის ფარგლებში აშენდება 2-ზოლიანი ასფალტის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ფინანსდება აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში. ხელშეკრულების ღირებულება 329 630 734  ლარია.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო ბათუმსა და ხელვაჩაურში 19 მისამართზე ექსპროპრიაციას დაექვემდებარა მოქალაქეებსა და რამდენიმე კომპანიის უძრავი ქონება [მიწა, შენობა, ნარგავები].

მთავარი ფოტო: სამუშაოები მახინჯაური-ჩაქვის გვირაბთან / მანანა ქველიაშვილის ფოტო

2013 წლიდან გაჩერებული კანონი მომხმარებელთა უფლებებზე – მიმართვა პარლამენტსა და მთავრობას

30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის მიღებას სთხოვს. საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტსა და მთავრობას, კანონის „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ მიღებას.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე ჯერ კიდევ 2013 წელს იყო მზად, თუმცა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მისი ინიცირება 2015 წელს შეძლო.

„2016 წლის მარტში კანონპროექტის პირველი მოსმენით ერთხმად მიღების მიუხედავად, კომიტეტმა პროექტი გამოითხოვა, რაც მთავრობის მხრიდან წინააღმდეგობის შედეგი იყო. მას შემდეგ მიმდინარეობს კანონპროექტის დამუშავება, მაგრამ მისი ხელახალი განხილვა და მიღება დღემდე ვერ მოხერხდა,“ – ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

მესამე სექტორის შეფასებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა და სახელმწიფო ზედამხედველობის მექანიზმები ჩამორჩება თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკას: მომხმარებლისათვის რთულია შელახული უფლებების აღდგენა და ზიანის ანაზღაურება; სასამართლოს გარდა, არ არსებობს სახელმწიფო უწყება, რომელსაც  მომხმარებელი მიმართავს; გაყიდული პროდუქციის გარანტიის პირობები, ხშირ შემთხვევაში, უარესია პროდუქტის მწარმოებლის მიერ დაწესებულ პირობებზე; მომხმარებელი არ არის დაცული ხელშეკრულების უსამართლო პირობებისაგან, შეცდომაში შეყვანისაგან და სხვა.

ამავე თემაზე:  რა უნდა გავითვალისწინოთ ნივთის შეძენისას

შუახევის საკრებულოში კომისიის თავმჯდომარეებად ყოფილი თავმჯდომარეები აირჩიეს

შუახევის ახალარჩეულ საკრებულოში ხუთი კომისიიდან ორს წინა მოწვევის საკრებულოს კომისიების ყოფილი თავმჯდომარეები უხელმძღვანელებენ. ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარედ მეორედ აირჩიეს ზაზა დავითაძე, ხოლო საფინანსო კომისიას ისევ ედნარ კეჟერაძე უხელმძღვანელებს.

სამანდატო, საპროცედურო საკითხთა ყოფილი თავმჯდომარე – ფატი ჭაღალიძე კი, 2017 წლის მოწვევის საკრებულოში ქონების მართვის კომისიას ჩაიბარებს.

ახალი თავმჯდომარე ეყოლება ინფრასტრუქტურის და იურიდიულ საკითხთა კომისიებს. ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე გენადი მიქელაძეა, ხოლო იურიდიული კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს მირიან აბაშიძე. იგი აქამდე საკრებულოს აპარატში იურიდიულ და საკადრო საკითხთა განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

შუახევის საკრებულოში ორი პოლიტიკური ფრაქცია დარეგისტრირდა. ფრაქცია ეყოლება „ქართულ ოცნებას“, რომელშიც 19 დეპუტატია გაწევრიანებული და „ნაციონალურ მოძრაობას“, რომლის ფრაქციაც ამ დროისთვის სამი წევრითაა წარმოდგენილი.

2100 ჰელიუმის ბუშტი და კანფეტი „მამალო“ – ბათუმის მერია საახალწლოდ ემზადება

ბათუმის მერიამ საახალწლო ღონისძიებისთვის მზადება დაიწყო. ქალაქის მორთვისა და მთავარი სცენისთვის დეკორაციების შესყიდვის მიზნით, ბათუმის კულტურის ცენტრმა ელექტრონული ტენდერი დღეს, 22 ნოემბერს, გამოაცხადა, განცხადებების მიღების ბოლო ვადა 4 დეკემბერია. შესყიდვის ბიუჯეტი 317 000 ლარია.

სატენდერო პირობის მიხედვით, 2018 წლის  საახალწლო ღონისძიებისთვის მთავარი სცენის გაფორმებას მერია  ბათუმის „ღირშესანიშნავი შენობების“  მაკეტებით გეგმავს.  მერიაში მიიჩნევენ, რომ ეს შენობებია: შერატონის, რედისონის, პორტა ბათუმის, რედკოს შენობა, შუქურა, ანბანის კოშკი და  სასტუმრო პიაცა.

სატენდერო წინადადების მიხედვით, საახალწლო დღეებში მოეწყობა ოცდაერთი  წარმოდგენა ბათუმის დიდ ეზოებში, კონკრეტული ადგილები ჯერ დაზუსტებული არ არის. პრეტენდენტმა თითოეული წარმოდგენისთვის სატვირთო მანქანის სცენად გადაქცევა უნდა უზრუნველყოს.

მანქანა-დეკორაციას უნდა ამშვენებდეს სამმეტრიანი მორთული და განათებული ნაძვის ხე, ორი  დეკორატიული, საახალწლო მორთული და განათებული სახლი, ოთხი განათებული ირემი და სასაჩუქრე ყუთი, დეკორატიული სკამი და თოვლის ბაბუას წითელი სავარძელი.

40-წუთიანი საახალწლო საბავშვო შოუსთვის კი მიმწოდებელს დასჭირდება: 10 ანიმატორი, მათ შორის სანტა კლაუსი, ელფები, ზღაპრების გმირებით. თითოეული წარმოდგენის დროს  მონაწილეებმა ბავშვებს ჰელიუმის ბუშტები და კანფეტები ,,მამალო” უნდა დაურიგონ.

საბავშვო ღონისძიებების ჩამონათვალშია: ბავშვების სახეზე მოხატვა, ბუშტებისგან ფიგურების დამზადება, საახალწლო ფოტოსტენდი, სამაჯურების დამზადება, ტანგამი, საბურავებისგან გაკეთებული დიდი თოვლის ბაბუა, ხელნაკეთი ფიფქების დამზადება, ხატვის კონკურსის ორგანიზება. თამაშები: ოთხ მწკრივში მაგიდის ფეხბურთი, მაგიდის ჰოკეი, რბოლა, ბურთის სროლა, თევზაობა, ჯენგა,  ოჩოფეხები; მიმების და ზღაპრის გმირების წარმოდგენა.

45-წუთიანი საცირკო წარმოდგენა, რომელშიც უნდა მონაწილეობდნენ კოსტიუმირებულ ბაგირზე მოსიარულე, ილუზიონისტი, მონოციკლზე მოსიარულე, სახტუნარაზე მოსიარულე კლოუნები. პროგრამა უნდა იყოს გასართობი საბავშვო ხასიათის.

სატენდერო პირობები ითვალისწინებს კიდევ ოთხი საცირკო საახალწლო წარმოდგენის დადგმას; წარმოდგენა უნდა იყოს არანაკლებ 40-წუთიანი და მონაწილეობდეს არანაკლებ 15 მსახიობი; ღონისძიება უნდა შეიცავდეს ისეთ ელემენტებს, როგორიცაა: დასარტყამი ინსტრუმენტები, ცეცხლოვანი შოუ, აკრობატული ნომრები, ჟონგლიორები, მონოციკლი, საჰაერო აკრობატიკა, სპეციალური დეკორაცია და მუსიკა.

დაგეგმილია ასევე თევზების კარნავალი, ცეცხლოვანი შოუ, აკრობატი თოვლისა ბაბუებისა და თოჯინების თეატრის, ასევე მარიონეტების თეატრის წარმოდგენა. ქალაქის საახალწლოდ გაფორმებისთვის სატენდერო პირობების ჩამონათვალშია მისალოცი ბანერიც.  ბანერი უნდა იყოს ორმხრივი დეკორატიული ე.წ. შესასვლელი თაღის მსგავსი და განათებული.

 

38 ათასი ლარი ბათუმში ესტაკადის მშენებლობის ეტაპების ექსპერტიზისთვის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე, ესტაკადის მშენებლობის ეტაპების საექსპერტო შეფასებაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 38 ათასი ლარია.

„საექსპერტო შეფასების მიზანია მშენებლობის განხორციელების ეტაპების შეფასება უსაფრთხო და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს უზრუნველყოფისათვის… ექსპერტი, მშენებლობის ყოველი ეტაპის დასრულებისას, ახდენს მშენებლობის პროცესის მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებთან შესაბამისობის საექსპერტო შეფასებას… საბოლოო შეფასება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი,“ – აღნიშნულია ტენდერის პირობებში.

ესტაკადის მშენებლობის განხორციელების ძირითადი რიგის ეტაპებია:

[checklist]

  • მიწის სამუშაოები (მაგ.: მიწის ვაკისის, თხრილების, არხების, ჭების მოწყობა);
  • ხაზობრივი ნაგებობების ფუძის მოწყობის სამუშაოები;
  • როსტვერკის მოწყობის სამუშაოები;
  • მილსადენის ან საკაბელო და სხვა სადენების მოწყობის სამუშაოები;
  • ბურჯებისა და საყრდენების მოწყობის სამუშაოები;
  • მალების მოწყობის სამუშაოები;
  • საფარის, ფენილის ან ლიანდაგის მოწყობის სამუშაოები;
  • ხაზობრივი ნაგებობის გამოსაცდელი სამუშაოები;
  • კეთილმოწყობის სამუშაოები.

[/checklist]

მშენებლობის ეტაპების ვადები კი, სანებართვო პირობებით უნდა დაზუსტდეს.


ესტაკადის სამშენებლო სამუშაოებს ცალკე ტექნიკურ ზედამხედველობას კომპანია „ოიკო ჯგუფი“ გაუწევს, რომელთანაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 137 ათას ლარზე ხელშეკრულება მიმდინარე წლის 15 ნოემბერს გააფორმა.

ესტაკადა კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტ“-მა უნდა ააშენოს. მშენებლობაზე ხელშეკრულება სამინისტრომ, მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, 14 მილიონ 370 ათას ლარზე გააფორმა.

ზედამხედველი და მშენებელი კომპანიები სამინისტრომ ტენდერით შეარჩია

ბათუმში, პორტის მიმდებარედ, ესტაკადა 2018 წლის 20 სექტემბრამდე უნდა აშენდეს.

არის თუ არა ესტაკადის მშენებლობაზე ნებართვა გაცემული? –  „კავკასუს როუდ პროჯექტ“-ის დირექტორის, ლევან ტრაპაიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს ესტაკადის მშენებლობისთვის.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით კი, იმ პროექტებთან მიმართებაში, რომლებსაც სამინისტრო ახორციელებს, მშენებლობის დაწყებისთვის საჭიროა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი ბრძანება – მშენებლობის შეთანხმების შესახებ. ესტაკადის შემთხვევაში ასეთი ბრძანება ჯერ გამოცემული არ არის და ის მომზადების ეტაპზეა.

იყიდება თუ არა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო

იყიდება თუ არა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო? – საავადმყოფოს ადმინისტრაციასა და აჭარის ეკონომიკის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მსგავსი საკითხი არ განიხილება. აჭარის ჯანდაცვის მინისტრი კი ამბობს, რომ შეკითხვა უსაფუძვლო არ არის.

„მესმის, რატომაც გაჩნდა ეს შეკითხვა. ბიუჯეტში არ ჩანს თანხა საავადმყოფოს აღჭურვასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, არის საუბრები რესპუბლიკური საავადმყოფოს მართვის გადაცემაზე უცხოური კომპანიისთვის,“ – აღნიშნავს აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე. მისი თქმით, საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის, მაგრამ რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მართვის უფლების გადაცემაზე.

„ხაზგასმით ვამბობ, რომ საუბარია არა წილის გაყიდვაზე, არამედ მართვის უფლების გადაცემაზე. რამდენიმე საერთაშორისო კომპანიამ გამოთქვა სურვილი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საავადმყოფოს მართვაზე. ჩვენი ინტერესი არის საუნივერსიტეტო კლინიკა. ჩვენთან საკმაოდ ძლიერია და მზარდი უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, ამას სჭირდება მძლავრი ბაზა. ჩვენ რომელი მოდელით წავალთ, ჯერ არ ვიცი,“ – ამბობს ზაალ მიქელაძე.

რომელ კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება მართვის გადაცემაზე? – ჯანდაცვის მინისტრი დაინტერესებულ კომპანიებს არ ასახელებს. „ვიზიტით უნდა ჩამოვიდნენ და თუკი საბოლოოდ დაადასტურებენ ამ სურვილს, შემდეგ შეიძლება დეტალებზე საუბარი,“ – დასძენს ის.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისებას, მათ შორის, მართვის უფლების გადაცემას, კატეგორიულად გამორიცხავენ აჭარის ეკონომიკის სამინისტროში. მართვის უფლების გადაცემას ჭორს უწოდებს თავად „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დირექტორი, მალხაზ ხალვაში.  იგი რამდენიმე არგუმენტს ასახელებს, რის გამოც ფიქრობს, რომ საავადმყოფოს მართვის უფლების შეძენით კერძო კომპანია არ დაინტერესდება.

„საავადმყოფოს ტექნიკურ აღჭურვას სჭირდება დაახლოებით 25 მილიონი დოლარი. რა დროში უნდა ამოიღოს ეს თანხა კერძო კომპანიამ და კიდევ მოგება დარჩეს? უმთავრესი მაინც არის სოციალური დატვირთვა, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოს აქვს. მე ვარ დარწმუნებული, რომ სახელმწიფო საავადმყოფო სჭირდება ჩვენს რეგიონს, რადგან ბევრი ადამიანი არსებობს, ვისაც ზრუნვა სჭირდება. ეს საავადმყოფო თავისი არსით შემოსავლებზე ორიენტირებული ვერ იქნება. ამიტომაც მგონი საავადმყოფოს მართვის გასხვისება ჭორი,“ – გვითხრა მალხაზ ხალვაშმა.

„ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს“ მშენებლობა 2018 წლის მაისში უნდა დასრულდეს. ახალ საავადმყოფოს კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ აშენებს 22 მილიონ 172 764 ლარად. აჭარის ბიუჯეტში ამ ეტაპზე თანხა საავადმყოფოს ტექნიკურ აღჭურვილობაზე გათვლისწინებული არ არის.

საავადმყოფოს ახალ შენობას შპს „სტადიონი“ მართავს. ტექნიკაზე თანხა არც ამ ორგანიზაციას აქვს გამოყოფილი. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ ტექნიკურ აღჭურვილობის საკითხს ჯანდაცვის სამინისტრო სწავლობს და საბოლოო მონაცემების მიწოდების შემდეგ იქნება გათვალისწინებული ტექნიკის თანხა ბიუჯეტში.

ეკონომიკის სამინისტროსგან განსხვავებით, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია ახალი საავადმყოფოს ტექნიკურ აღჭურვასთან დაკავშირებით.

„აღჭურვილობასთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაციას არ ვფლობთ, რადგან ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება მხოლოდ არსებული საავადმყოფო. ახალს შპს „სტადიონი“ მართავს, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. მე არ მაქვს ინფორმაცია, არის თუ არა ამ შპს-ს ბიუჯეტში ჩადებული თანხა ახალი საავადმყოფოს ტექნიკურ აღჭურვაზე,“ – აღნიშნა ზაალ მიქელაძემ.

ახალი საავადმყოფოს ტექნიკურ აღჭურვაზე ინფორმაცია არც „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დირექტორის აქვს. მალხაზ ხალვაშმა გვითხრა, რომ ეს საკითხი მასთან არ წყდება. „მე ვიცი, რა დრო დამჭირდება მას შემდეგ, როცა ახალ ტექნიკას შევიძენთ. ჩემი გათვლით ამას სადღაც ნახევარი წელი დასჭირდება. ყველა მიმართულების სპეციალისტმა იცის, რა ტექნიკა სჭირდება. ჯერჯერობით ამ თემაზე საუბარი არ არის“, – დასძინა მან.

შენობა რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, სადაც ახალი საავადმყოფო უნდა განთავსდეს / 22.11.2017

 

 

 

 

 

 

 

 

 

მახინჯაურში ახალი სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში, ახალი სამედიცინო ცენტრი გაიხსნა. ცენტრი მოსახლეობას ამბულატორიულ მომსახურებას შესთავაზებს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო ცენტრი „მედალფა“ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობს და ხელმისაწვდომი იქნება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების უმეტესობა.

ჰოსპიტალური ქსელი „მედალფა“ 6 სამედიცინო დაწესებულებას აერთიანებს თბილისსა და სხვა რეგიონებში.  მახინჯაურში ახალი სამედიცინო ცენტრი თამარ მეფის მესამე შესახვევში, #17-ში მდებარეობს.

ახალი სამედიცინო ცენტრი მახინჯაურში/ 22.11.2017/ ფოტოები: აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

ტურიზმის ბრენდპლატფორმის შექმნა წლის ბოლოს უნდა დასრულდეს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბრენდპლატფორმაზე მუშაობს. როგორც ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სულხან ღლონტი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, ბრენდპლატფორმა გულისხმობს სარეკლამო ბაზრის შესწავლას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, კვლევის შედეგების მიხედვით კი, სარეკლამო სტრატეგია დაიგეგმება.

„იმისათვის, რომ სწორად მოხდეს ტურისტული პროდუქტის შეფუთვა და მიწოდება, ჯერ უნდა შეიქმნას ბრენდპლატფორმა. ჩვენ ვაგროვებთ 16 ქვეყნის შესახებ ინფორმაციას იქ, სადაც ხდება ჩვენი სარეკლმაო პროდუქტის გავრცელება, რომ ზუსტად ვიცოდეთ სწორად ვაწარმოებთ თუ არა სარეკლმაო კამპანიას.

კვლევის შემდეგ გვეცოდინება, ვთქვათ, რა აინტერესებთ პოლონეთში, გერმანიაში, რა სეგმენტზე უნდა იყოს გათვლილი რეკლამა. რა პლატფორმები უნდა გამოვიყენოთ, ინტერნეტს რამდენი მომხმარებელი ჰყავს, ტელევიზიას – რამდენი და აქედან სარეკლმაო პროდუქტით რა პროცენტია დაინტერესებული,“-გვეუბნება სულხან ღლონტი.

რაც შეეხება აჭარის ტურისტულ ლოგოს, სულხან ღლონტის თქმით, ამაზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყება, როცა ბრენდპლატფორმის შექმნა დასრულდება.

„ლოგოს რამდენიმე ვარიანტზე იმუშავებს ტურიზმის დეპარტამენტი და შემდეგ მოხდება ამ ვერსიების საჯარო განხილვა. ლოგო პირველ რიგში უნდა ასახავდეს რეგიონის სპეციფიკას და მეორე, უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს და ეხმიანებოდეს თანამედროვე ტენდენციებს“.

როგორც სულხან ღლონტი ამბობს, ტურისტული პალტფორმის შექმნა საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით მიმდინარეობს.

„ჩვენ რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელთან გვქონდა შეხვედრა და მათი ჩართულობა არის მნიშვნელოვანი. რამდენიმე საერთაშორისო გამოცდილება შევაჯერეთ და ამით ვამზადებთ ტექნიკურ დოკუმენტაციას. გამოვიყენეთ ხორვატიისა და მონტენეგროს მაგალითები, რადგან ხორვატიამ შექმნა ძალიან წარმატებული მიმართულება“.

სულხან ღლონტის თქმით, ბაზრის კვლევისა და ტურისტული პლატფორმის შექმნა ასი ათასი ლარი დაჯდება, რაც გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ბიუჯეტში.

მისი თქმით, 2017 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს ბრენდინგი, 2018 წელს კი 2018 -2025 წლების სტრატეგია უნდა იყოს მზად. „ეს არის ის ძირითადი დოკუმენტი,  რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს ტურიზმის განვითარების სტრატეგია“.

 

 

ხულოში თოვს – გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა

ხულოში თოვს. ხულოს მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის თოვლის საფარი 10 – 15 სმ-ს აღწევს და თოვას რომელიმე სოფელში გადაადგილების პრობლემა არ შეუქმნია.

„სოფლებში არსად გზა ჩაკეტილი არ არის. ელექტროენერგიის პრობლემა შეიქმნა მხოლოდ სოფელ თხილვანაში ბოძის წაქცევის გამო. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები,“ – გვითხრა გოჩა მელაძემ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს დილიდან ინტენსიური თოვისა და ქარბურქის გამო გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა.

 

სოფელი თხილვანა / 22.11.2017 / ბესო ქამაშიძის ფოტოები

ივა, აუტისტი გოგონა ბანგლადეშიდან

10 წლის გოგონა, ივა ბანგლადეშის პატარა სოფელში ცხოვრობს. მამა მძღოლია, დედა დიასახლისი. ივას აუტისტური სპექტრის დარღვევა აქვს. მოუსვენარია, გაურკვევლად ლაპარაკობს. მძიმე როკს, მეტალს უსმენს და დიდხანს შეუძლია ცეკვა.

ივას მშობლები ძალიან ნერვიულობდნენ, როცა გოგონამ 5 წლის ასაკშიც ვერ ისწავლა სიარული. ივას ლაპარაკიც უჭირდა და არ რეაგირებდა შეხებაზე. სოფლის მცხოვრებლებმა ივას მშობლებს შესთავაზეს აღთქმა დაედოთ ადგილობრივ ტაძარში. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები მუსლიმები იყვნენ, ივას დედამ ინდუისტურ ტაძარში აღთქმა დადო, რომ თუ გოგონა გაივლიდა, ის რძეს და ტკბილეულს შესწირავდა ტაძარს.

ივა ცეკვავს მძიმე მეტალის მუსიკის ფონზე

ივა ექვსი წლის იყო, როცა სიარული ისწავლა, მაგრამ იშვიათად ეკონტაქტებოდა და ეთამაშემოდა სხვა ბავშვებს. მშობლებმა გოგონა სამკურნალოდ ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში წაიყვანეს. სკრინინგისა და დიაგნოსტიკის შემდეგ ექიმები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ივა თავისი ასაკის სხვა აუტისტი ბავშვებისგან ბევრად განსხვავდებოდა. ივას მშობლები გაურკვევლობაში აღმოჩნდნენ და აღარ იცოდნენ რა საშუალებისთვის მიემართათ შვილის დასახმარებლად. ივას სიარული შეეძლო, მაგრამ მუდმივად შფოთავდა და მარტო წუთითაც ვერ ტოვებდნენ. ყველა შეეჩვია, რომ მეზობლები მას „გიჟად“ მოიხსენიებდნენ. უამრავი უმოქმედო წამლის შემდეგ ოჯახს გოგონას სოციალიზაციის იმედი საბოლოოდ გადაეწურა.

გოგონა სპეციალურ სკოლაში წასვლამდე ძირითადად დროს შინ, მარტო ატარებდა

ერთი წლის შემდეგ ივას მშობლებმა ახლობლებისგან სკოლის შესახებ შეიტყეს, სადაც მათი გოგონას მსგავსი ბავშვები სწავლობენ. ივას არ შეეძლო დამოუკიდებლად ჩაცმა და ყოველდღიური ჰიგიენის დაცვა. სკოლაში სიარულის შემდეგ კი მან ნელ-ნელა დაიწყო ყველაფრის კეთება. მშობლებისთვის დიდი მოულოდნელობა იყო შვილის ასე სწრაფად ამოქმედება.

ივას თავიდან სტრესი ჰქონდა და მისი არაკომუნიკაბელურობისა და ჩაკეტილობის მიზეზი ცუდი გამოცდილება იყო, რომელიც გარშემომყოფების დამოკიდებულებისგან მიიღო. სპეციალურ სკოლაში სიარულის შემდეგ კი მან  სხვა ბავშვებთან თამაში დაიწყო, შეუყვარდა სკოლა და მასწავლებლები. უყვარს წითელი კაბები და კოსმეტიკა.

გოგონა და თვალის ჩრდილები

ივას ორი და ჰყავს, თვითონ ყველაზე უმცროსია.უფროსი და მეცხრე კლასშია და სურს ჟურნალისტი გახდეს. ერთ დღესაც დაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა მას უნდა დაეკისროს და იცის, რომ ცხოვრების ამ პერიოდს ძლიერი და მომზადებული უნდა დახვდეს.

ივას დედა ქათმებს და იხვებს ზრდის, რომ გოგონას სამედიცინო და სხვა ტიპის ხარჯებს გაუმკლავდეს.

აუტისტი გოგონას ოჯახის წევრებს სჯერათ, რომ ღმერთმა ივა ყველასგან განსხვავებულ ანგელოზად გამოგზავნა, რომელსაც სიხარული უნდა აჩუქონ და დაიცვან.

ივა სპეციალური სკოლის სხვა მოსწავლეებთან ერთად 

ქედაში ხანძარი ლიკვიდირებულია

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, სოფიო ხაბაზის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ქედაში ლიკვიდირებულია.

ადგილზე მუშაობას კი სახანძრო და სამაშველო ბრიგადები, სულ ხუთი ბრიგადა აგრძელებს. ხანძრის ჩაქრობით სამუშაოებში სატყეო სააგენტოს თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა იყო ჩართული.

ამ დროისთვის ქედაში წვიმს.

 

ბათუმის საფეხბურთო სტადიონს სავარაუდოდ „ანაგი“ ააშენებს

ბათუმის საფეხბურთო სტადიონს, სავარაუდოდ, კომპანია „ანაგი“ ააშენებს.  კომპანიამ შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით შპს „სტადიონის“ მიერ გამოცხადებულ  ელექტრონულ ტენდერში ფასი 99 მილიონ 448 549 ლარამდე დაწია. შესყიდვის ბიუჯეტი 101 მილიონ  700 000 ლარი იყო.

ელექტრონული ტენდერის სამივე რაუნდი დასრულდა, რომლის შემდეგაც პროცედურა შემსყიდველის მიერ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დოკუმენტაციის შემოწმებას ითვალისწინებს, რის შემდეგაც ხელშეკრულება გაფორმდება.

ტენდერის დასრულებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ:

„რამდენიმე წუთის წინ რეგიონის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ისტორიული პროექტის მშენებლობის ელექტრონული ტენდერი დასრულდა. ტენდერი შედგა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასების ეტაპი, რომლის შემდეგაც გაირკვევა ვინ არის გამარჯვებული. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების წარმატებით დასრულების შემდეგ კი დაიწყება ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პროცესი – პროექტი, რომელსაც საზოგადოება ასეთი დიდი ინტერესით ელოდება“.

შპს „ ანაგი“  1995 წელს დაფუძნებული სამშენებლო კომპანიაა, კომპანიის ასივე პროცენტს ფლობს ნანა აროშიძე. ის აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრის ზაზა გოგოტიშვილის მეუღლეა.

გამამართლებელი განაჩენი თაღლითობის საქმეზე, სადაც დაზარალებული ჰესის მშენებარე კომპანია იყო

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა უდანაშაულოდ მიიჩნია მირიან ბოლქვაძე, რომელსაც პროკურატურა თაღლითობას ედავებოდა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა.

თაღლითობის საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს კომპანიას „აჭარისწყალი ჯორჯია“. ეს კომპანია აშენებს „შუახევი ჰესს“. გამოძიების ვერსიით, მოქალაქემ თაღლითური გზით სცადა კომპანიის ქონების დაუფლება.

საქმის მასალების მიხედვით, კომპანიას ჰესის მშენებლობისთვის მირიან ბოლქვაძის ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთი დასჭირდა ხულოში. საკომპენსაციო თანხის მისაღებად ხელშეკრულება მირიანის მამასთან გაფორმდა, რომელიც საკომპენსაციო თანხის ჩარიცხვამდე გარდაიცვალა.

„ამის შემდეგ მივიდა კომპანიაში მირიანი ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტაციით, რომ ის იყო პირველი რიგის მემკვიდრე,“ – გვიყვება ადვოკატი რამინ პაპიძე, – „კომპანიამ კომპენსაციით გათვალისწინებული თანხა – 12 500 ლარი მირიანს გასული წლის 5 დეკემბერს ჩაურიცხა, თუმცა 17 დეკემბერს კომპანიიდან დაურეკეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და უთხრეს, რომ შეცდომით დაურიცხეს თანხა, რადგან კომპენსაცია მამის ანგარიშზე უკვე დარიცხული იყო. მირიანს ამ დროისთვის ფული დახარჯული ჰქონდა და კომპანიას ვალის ნაწილ-ნაწილ დაბრუნება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.“

პროკურატურის მტკიცებით, როცა კომპანიამ კომპენსაცია ჩაურიცხა მირიანის მამას, ის უკვე გარდაცვლილი იყო. მირიანი კომპანიაში მივიდა და თანხის ხელახლა ჩარიცხვა მოითხოვა იმ პირობით, რომ 6 თვეში მემკვიდრის სტატუსს მიიღებდა და მამის ანგარიშზე ჩარიცხულ კომპენსაციას უკან დააბრუნებდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე თაღლითობის ფაქტი არ დაადასტურა. ადვოკატის განმარტებით, შესაძლებელია დაზარლებულმა კომპანიამ იდავოს სასამართლოში სამოქალაქო წესით და ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს, მაგრამ შეუძლებელია თაღლითობის დადგენა, რადგან კომპანიის მიერ ჩარიცხული თანხა დახარჯა მოქალაქემ და თაღლითური გზით მისი მითვისება არ მომხდარა.

კომპანიაში „აჭარისწყალი ჯორჯია“ გვითხრეს, რომ კომპანიას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ამ საქმესთან დაკავშირებით.

პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

მთავრობა ბათუმში კვადრატულ მეტრ მიწას 50 ლარად და უპირობოდ ყიდის 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, თამარის დასახლებაში 3 465 კვ/მეტრი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს უპირობოდ, ელექტრონული აუქციონით ყიდის. შესყიდვის საწყისი ფასი 160 000, ვაჭრობის ბიჯი კი 4000 ლარია. საწყისი ფასის მიხედვით, თუ ელექტრონულ ვაჭრობაში ნაკვეთის ყიდვის სურვილი მხოლოდ ერთმა პირმა გამოთქვა, ერთი კვადრატული მეტრს მსურველი დაახლოებით 50 ლარად შეიძენს. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ეს საბაზრო ფასია.

ამ ნაკვეთის გვერდით სამინისტრო კიდევ ერთ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს – 7 941 კვ/მეტრს, პირობადებული აუქციონით ყიდის. ნაკვეთის საწყისი ფასი 358 000 ლარია, რომლის მიხედვითაც კვადრატული მეტრის ფასი, დაახლოებით 46 ლარი, ვაჭრობის ბიჯი კი 10 000 ლარია. აუქციონის მთავარი პირობა ამ ტერიტორიაზე ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერების ცენტრის და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მოწყობა და ამისთვის მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებაა. მყიდველმა მშენებლობის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს ასევე არანაკლებ  საქართველოს ასი მოქალაქის დასაქმება და როგორც დასაქმებულების რაოდენობა, ასევე პროექტის პროფილი ხუთი წლის განმავლობაში უნდა შეინარჩუნოს.

არის თუ არა პირობები სამართლიანი მაშინ, როცა ერთსა და იმავე ტერიტორიაზე სამინისტრო ერთ კვადრატულ მეტს 50 ლარად უპირობოდ და მეორე შემთხვევაში მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების პირობით ყიდის? – სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გელა ცინცაძე განმარტავს, რომ პირობა სამართლიანია:

„ნაკვეთის ფასი განსაზღვრულია აუდიტის დასკვნის მიხედვით და მას აქვს არგუმენტები. რაც შეეხება იმას, სამართლიანია თუ არა ის, რომ ასევე თამარის დასახლებაში მეორე ნაკვეთი იყიდება ინვესტიციის განხორციელების ვალდებულების აღების პირობით – სამართლიანია, რადგან თვითონ ინვესტორმა, რომელსაც სურს ამ ნაკვეთის შეძენა, შემოგვთავაზა ეს პირობა. მეორე ნაკვეთს კი ყიდის სამინისტრო და თავისუფლებას ანიჭებს მყიდველს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ააშენებს იქ“, – განმარტა გელა ცინცაძემ.

სახელმწიფო ქონების გასხვისების ორივე ფორმას იწუნებს საიას ბათუმის ორგანიზაცია. საიას იურისტის ანა მდინარაძის შეფასებით, ორივე შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქონების ამ ფორმითა და ამ პირობით განკარგვა არ იქნება რაციონალური და იგი ხელს ვერ შეუწყობს ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას რეგიონში:

ნებისმიერი რესურსი არის ამოწურვადი, ამიტომ,მნიშვნელოვანია სახელმწიფომ მის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა მოახდინოს გრძელვადიანი პერსპექტივითა და საზოგადოებრივ, საყოველთაო სიკეთეზე ორიენტირებით. ანუ ქონების გასხვისებით პირდაპირ თუ ირიბად ისევ საზოგადოებამ უნდა მიიღოს სარგებელი. ამ შემთხვევაში, მოცულობითი მიწის ნაკვეთის განკარგვა ისე ხდება, რომ ერთ  შემთხვევაში ძალიან ზოგადი პირობა აქვს ქონების შემძენს წაყენებული, ხოლო მეორე შემთხვევაში, არავითარი პირობა არ არის დადგენილი“.

 

ბიულეტენზე ზოგმა სამკუთხედი უნდა დასვას, ზოგმა ოთხკუთხედი – საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნები შუახევში

შუახევის ახალარჩეულ საკრებულოს ორი დღე დასჭირდა, რომ თავმჯდომარე აერჩია. მმართველი გუნდის მიერ შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, გუშინ, 21 ნოემბერს დასახელებულ გიორგი დავითაძის კანდიდატურას, თანაგუნდელებმა მხოლოდ დღეს დაუჭირეს მხარი.

ჯერ კიდევ კენჭისყრის დაწყებამდე დეპუტატი სოსლან ზოიძეს „ნაციონაოლური მოძრაობის“, რომელსაც თანამდებობის პირების ასარჩევად ფარული კენჭისყრის შედეგები ორ წევრთან ერთად უნდა დაეთვალა, აცხადებდა, რომ პარლამენტარები და სუსის წარმომადგენლები ინდივიდუალურად შეხვდნენ შუახევის საკრებულოს მმართველი პარტიის წევრებს და გიორგი დავითაძის არჩევას აიძულეს. აქვე საკრებულოს წვერი დასძენდა, რომ დეპუტატებს ბიულეტენზე ნიშნულები გაეკეთებინათ, რითაც მათი იდენტიფიცირება მოხდებოდა.

ფოტო: აჭარის ტელევიზია

ამ განცხადებიდან რამდენმე საათში შუახევის საკრებულომ თანამდებობის პირები აირჩია, სხდომას საკრებულოს 24 წევრიდან ორი არ დაესწრო, ხოლო კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე უარი ორმა დეპუტატმა განაცხადა.

შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი დავითაძის კანდიდატურას კენჭისყრაში მონაწილე 20 წევრიდან ყველამ დაუჭირა მხარი, აქედან 19 „ქართული ოცნების“ წევრია, ერთი – „ევროპული საქართველოს“.

ხმის დამთვლელი კომისიის წევრი, სოსლან ზოიძე ამბობს, რომ ბიულეტენებზე ნიშნულები იყო გაკეთებული, ხოლო მისი მოთხოვნა, გაბათილებულიყო ნიშნულებიანი ბიულეტენები არ დაკმაყოფილდა.

„აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია წინასწარ გავაცხადე, რომ არ მომხდარიყო კენჭისყრაში მონაწილების იდენტიფიცირება და მათი ნების კონტროლი, თუმცა გაჟღერებული ინფორმაციის მიუხედევად ბიულეტენებზე ნიშნულები მაინც გააკეთეს, კენჭისყრაში, სადაც 20 დეპუტატი მონაწილეობდა ნიშნულები 16 ბიულეტენზე იყო გაკეთებული, წინასწარ იცოდნენ ვის რა ნიშნული უნდა გაეკეთებინა ბიულეტენზე. მოვითხოვე ნიშნულებიანი ბიულეტენების გაბათილება, თუმცა ჩემი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ნიშნულები საკრებულოს თანამდებობის პირების ასარჩევად გამართულ ყველა კენჭისყრის ბიულეტენს ჰქონდა გაკეთებული“, – ამბობს სოსლან ზოიძე და დასძენს, რომ „ამის ამსახველი ფოტომასალა არ მაქვს, თუმცა ვაჩვენე ტელევიზიის ჟურნალისტებს გადაეღო ეს ფაქტი“.

კომისიის წევრის თქმით, ბიულეტენებზე კანდიდატის გასწვრივ რიგითი ნომერი სხვადასხვა ფორმის ფიგურებით იყო შემოხაზული.

შუახევის საკრებულოს უხუცესი წევრი ნოდარ ქარცივაძე, რომელიც საკრებულოს მსვლელობას ხელმძღვანელობდა და რომელიც წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე და მმართველი პარტიის თავმჯდომარეა შუახევში, ბიულეტენების ნიშნულების გაკეთებას არ ადასტურებს.

„ჩემი ბიულეტენი მე თვითონ შემოვხაზე და ისე შემოვხაზე როგორც მე მინდოდა, სხვებმაც ისე გააკეთეს, როგორც მათ სურდათ, ნიშნული არ გამიკეთებია. არ გაგვჭირვებია საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა, შესვენება გამოვაცხადეთ და დღეს ავირჩიეთ თავმჯდომარე, გუშინ შესვენება გამოვაცხადეთ, შორს ცხოვრობენ ჩვენი დეპუტატები, გავუშვით და დღეს ჩავინიშნეთ სხდომა“, – ამბობს საკრებულოს უხუცესი წევრი.

რატომ ვერ აირჩია შუახევის საკრებულომ თავმჯდომარე გუშინ და რატომ ვერ მოიპოვა მმართველი გუნდის მიერ დასახელებულმა კანდიდატმა – გიორგი დავითაძემ თანაგუნდელების მხარდაჭერა, პარტიის წევრებს კითხვაზე პასუხი არ აქვთ. დეპუტატების ნაწილი ამბობს, რომ გუშინ გამართულ კენჭისყრაზე გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, ზოგი საუბარს  საერთოდაც თავს არიდებს.

„ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველმა ნომერმა, მირიან აბაშიძემ თქვა, რომ გუშინ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი: „პრობლემა არ არსებობს“.

„არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით, რატომ არ დაუჭირეს მხარი, ამის მიზეზი არ არსებობს, არც კონკრეტული პასუხი, გუნდი კიდევ ერთხელ შეიკრიბა, იყო შიდა პარტიული საუბრები, თუ მიზეზი რა შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ არ არის კონკრეტული მიზეზი დასახელებული“, – აცხადებს მმართველი პარტიის კიდევ ერთი წარმომადგენელი ფატი ჭაღალიძე.

სუს-ის ჩარევაზე საკრებულოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით, ფატი ჭაღალიძე ამბობს, რომ მსგავსი ჩარევები არ ყოფილა: „შიდა გუნდური პროცესი იყო, არანაირი სუსი და კუდის ჩართვა არ ყოფილა, უბრალოდ, გუნდს კი ჰქონდა შეხვედრა, მაგრამ ეს იყო მუნიციპალიტეტის დონეზე შიდა განხილვები“.

დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ვახტანგ ზოიძე აირჩიეს.

ოთხი გამარჯვებული და სამი ვაკანსია ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში ვაკანტური ადგილების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგად ოთხი ადამიანი დაასაქმეს, სამი ადგილი კი ისევ ვაკანტურია. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, მთავარი სპეციალისტის ვაკანსიაზე ანა დიასამიძე შეარჩიეს. კონკურსში ანას გარდა კიდევ სამი ადამიანი მონაწილეობდა.

კონკურსის შედეგების მიხედვით, სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის სამსახურში, განყოფილების მთავარი სპეციალისტი ადგილს ნათია ბერიძე დაიკავებს. ამ პოსტისთვისაც ოთხი კანდიდატი იბრძოდა.

ამავე სამსახურში მთავარ სპეციალისტად დასაქმდა გოჩა სურგულაძე. კონკურსში სულ ექვსი  კონკურსანტი მონაწილეობდა.

კონკურსის შემდეგ ისევ ვაკანტურია კულტურისა და სპორტის მთავარი და წამყვანი სპეციალისტების პოზიციები. ერთი ვაკანსია დარჩა საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურში. აქაც მთავარი სპეციალისტის შტატია ვაკანტური. საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის სპეციალისტის შტატზე კი კონკურსის შედეგების მიხედვით, მირიამ გიორგაძე აიყვანეს.

როგორც უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „ბათუმებელს“ უთხრეს, კონკურსში გამარჯვებულ პირებთან ხელშეკრულება  პირველ დეკემბერს გაფორმდება. მანამდე კი საპრეტენზიო კომისია საჩივრებს განიხილავს. იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე კონკურსანტი შედეგებს გააპროტესტებს.

დარჩენილ სამ ვაკანსიაზე განმეორებით კონკურსი ორი თვის შემდეგ გამოცხადდება. „მანამდე კი ვაკანტურ პოზიციებზე მოვალეობის შემსრულებლები იმუშავებენ“.

ბათუმის სახანძრო: „ფერიაში ეკალ-ბარდი იწვის, თხილნარში – ნაძვნარი“

ამ წუთებში ბათუმის სახანძრო-სამაშველო სამსახური ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ორ ლოკაციაზე მუშაობს. სახანძროს ინფორმაციით, ფერიაში ცეცხლი გაუჩნდა ეკალ-ბარდს, ხოლო თხილნარში დაიწვა ნაძვი და არის ცეცხლის  გავრცელების საფრთხე.

ამ დროისთვის ბათუმში და ქალაქის შემოგარენში ძლიერი ქარი ქრის და წვიმს.

მიწის რეგისტრაცია უფასოდ კიდევ 7 თვე გაგრძელდება

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც 2016 წლის პირველ აგვისტოს დაიწყო, შვიდ თვეში დასრულდება. ორკომპონენტიანი პროგრამის მეორე ეტაპი, რომელიც  საპილოტეა და მიწის სისტემურ რეგისტრაციას გულისხმობს, მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო  და ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 12 გეოგრაფიულ არეალში [11 სოფელსა და ერთ მუნიციპალიტეტში] ხორციელდება.

საპილოტე პროექტის ფარგლებში, მასშტაბებიდან გამომდინარე ყველაზე მეტ მიწის ნაკვეთს სახელმწიფო სისტემურად შუახევის მუნიციპალიტეტში დაარეგისტრირებს. როგორ მიმდინარეობს მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა, რა ქმნის ბარიერებს და რა სახის პრობლემები იკვეთება – ამ საკითხებზე „ბათუმელები“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს, პაპუნა უგრეხელიძეს ესაუბრა.

ბატონო პაპუნა, როგორ მიმდინარეობს მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა? რამდენი სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა?

სისტემური რეგისტრაციისთვის შერჩეულ 12 საპილოტე არეალში, მათ შორის შუახევის მუნიციპალიტეტშიც,  ამ დროისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც დაიწყება აზომვითი სამუშაოების განხორციელება, რაც შეეხება მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამის სპორადულ ნაწილს, მოქალაქეების მიერ ინდივიდუალური მომართვიანობის საფუძველზე, 2016 წლის 1-ელი აგვისტოდან დღემდე, 17 ნოემბრის მონაცემებით, 300 000-ზე მეტი სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა, უნდა აღინიშნოს, რომ მოქალაქეების დაინტერესება საკმაოდ გაზრდილია.

სახელმწიფო პროგრამით, მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველა სახის მომსახურება უფასოა, მათ შორის მიწის აზომვითი სამუშაოები, თუმცა ამზომველი კომპანიები მოქალაქეებს აზომვით სამუშაოების განხორციელებაში თანხას სთხოვენ, არის თუ არა შერჩეული კომპანიები, რომლებსაც აზომვითი სამუშაოების ვალდებულება აქვთ?

საამზომველო საქმიანობა სახელმწიფოს ხელში არ არის, სახელმწიფომ დაადგინა აზომითი სამუშაოების სავარაუდო ფასი, გამოთქვა მზადყოფნა და მისცა კომპანიებს შესაძლებლობა, რომ მიწის რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ამზომველ კომპანიებს შესრულებული სამუშაოების საფასურს გადაუხდის.

იმ შემთხვევაში, თუ ამზომველი კომპანიის მიერ აზომილი მიწის ნაკვეთი ვერ დარეგისტრირდება, სახელმწიფო თანხას არ ჩაურიცხავს კომპანიას?

პროგრამის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მხოლოდ დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ფინანსდება აზომვითი საქმიანობა.

თქვენ ახსენეთ, რომ 300 000 – ზე მეტი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა, რაც შეეხება აზომვით საქმიანობას, სულ რამდენი აზომვითი ნახაზი დაფინანსდა?

17 ნოემბრის მონაცემებით 170 000 აზომვითი ნახაზია სუბსიდირებული.

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა 2018 წლის ზაფხულში სრულდება, ხომ არ გადაიწევს ვადა?

თუ მოსახლეობის მხრიდან იქნება მოთხოვნა, რომ რეფორმა გაგრძელდეს და შესთავაზოს ის შეღავათები, რაც დღეს გვაქვს, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ პროექტი.

რა რაოდენობის თანხა ჩაიდო პროგრამის განსახორციელებლად და რომელი სახელმწიფო უწყება ახდენს სუბსიდირებას?

ეს არის სხვადასხვა უწების  მიერ სუბსიდირებული პროექტი, აზომვითი ნახაზების სუბსიდირებას ეკონომიკის სამინისტროს  ქონების მართვის სააგენტო ახორციელებს, სააგენტომ ნახაზების სუბსიდირებაზე უკვე 10 მილიონზე მეტი ლარი  გადაიხადა. უშუალოდ საპილოტე პროექტს, რომელიც მიწის სისტემურ რეგისტრაციას გულისხმობს 12 არეალში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის ფარგლებში ახორციელებს.

თუ ამზომველი კომპანიები აზომვითი საქმიანობის განხორციელებისთვის მოქალაქეებს თანხას მოსთხოვენ, შეიძლება თუ არა ეს ჩაითვალოს ქრთამად?

თავს შევიკავებ მკაცრი შეფასებიგან, ვინაიდან  ეს არის კერძო სექტორი, კერძო ბაზარი და თუ ამზომველი კომპანია მოქალაქეს თანხას მოსთხოვს აზომვით საქმიანობაში, მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ აზომვით საქმიანობას სახელმწიფო აფინანსებს და ისეთი კომპანია შეარჩიოს, რომელიც თანხას არ მოსთხოვს.

2012 წელს წინასაარჩევნოდ გაცემული მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები  დღეს პრობლემებს ხომ არ ქმნის მიწის რეგისტრაციისას? მიწების დასარეგისტრირებლად ისევ ის მოქალაქეები თუ მოგმართავენ ხელმეორედ?

2012 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში გაცემული 550 000 – მდე ამონაწერი დღეს მიმდინარე პროგრამის ყველაზე პრობლემური ნაწილია. ხელაღებით ვერ გავაუქმეთ ის დოკუმენტები, რომლებიც თავის დროზე ერთი ხელის მოსმით გაიცა და რომელსაც არანაირი სამართლებრივი დასაბუთება არ ჰქონდა. როცა მოქალაქე ასეთი დოკუმენტებით მოგვმართავს, ინდივიდუალურად განვიხილავთ და ინდივიდუალური გადაწყვეტილება გამოგვაქვს, გავაუქმოთ თუ არა იმ დროს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები.

550 000 გაცემული ცნობიდან რამდენი გაუქმდა?

100 000 – ზე მეტი გაუქმდა, რადგან აღმოჩნდა, რომ არ იყო სწორად გაცემული.

რა გეგმები აქვს ივანიშვილს ბათუმის „იახტკლუბთან“ დაკავშირებით

ბათუმის იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიისა და უშუალოდ იახტკლუბის განვითარებას ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდი“ გეგმავს.

დეტალური პროექტი, თუ რა იგეგმება იახტკლუბის, ბათუმის ნავსადგურისა და „ჭაჭის თაუერის“ ადგილზე და მათ მიმდებარედ, ჯერ არ არსებობს.

„იახტკლუბის განვითარების პროექტი გულისხმობს 4 კალენდარული წლის ვადაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იახტ-კლუბის ექსპლუატაციაში გაშვებასა და ამოქმედებას. კერძოდ: იახტ-კლუბის მოწყობა და მისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა [მათ შორის წყალგაყვანილობისა და ელექტრო კომუნიკაციების მოწყობა], ასევე იახტ-კლუბის მომსახურეობისთვის აუცილებელი სადგურის მოწყობა, ტექნიკური სერვისის ოფისისა და იახტების განსათავსებელი ე.წ. მშრალი დოკის მშენებლობა და ა.შ. ასევე მიმდებარე ტერიტორიის განვითარება და მოქცევა ერთიან პროექტში“, – მოგვწერეს „სილქ როუდ ჯგუფიდან“.

„იახტკლუბი“

„იახტკლუბის“ მიმდებარედ არსებული ტერიტორია „სილქ როუდ ჯგუფის“ საკუთრებაშია. ჯგუფი საკუთრების მიმდებარე ტერიტორიებსაც ითხოვს.

იახტკლუბის განვითარებასთან დაკავშირებით „სილქ როუდში“ აცხადებენ, რომ „პროექტი [რომელსაც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „საპარტნიორო ფონდი“ დააფინანსებს – ავტ.] ხელს უწყობს რეგიონში იახტინგის/საწყალოსნო სპორტის განვითარებას, ასევე საზღვაო სფეროში განათლების მქონე პირების დასაქმებასა და დატრენინგებას, ხელს უწყობს რეგიონში განსხვავებული პროფილისა და მაღალშემოსავლიანი ტურიზმის ზრდას და იძლევა აღმოსავლეთ შავ ზღვაში პატარა, მაგრამ ხარისხიანი იახტ კლუბის სახით ტურიზმისთვის დამატებითი მიზიდულობის ცენტრის შექმნის შესაძლებლობას“.

რამდენად აისახება ამ პროექტის განვითარება რეგიონში ტურიზმის განვითარებაზე?

„ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ტურისტულად ძალიან მიმზიდველი ობიექტი და მისი განვითარება აუცილებელია. ამ ფორმით მისი ყოფნა არ არის სწორი, ჩათვალეთ არის დაკონსერვებული, ინოვაცია, წინსვლა არ ეტყობა. მხარს ვუჭერთ იმას, რომ იყოს პროგრესირებადი, ჩაიდოს უფრო მეტი თანხა და დაინტერესდეს უფრო მეტი ადამიანი. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავაცოცხლოთ ზღვისპირა ზოლი და ამისთვის ისეთი ობიექტები როგორიც არის „იახტკლუბი“ არის ერთ-ერთი გამორჩეული ამ კუთხით. შესაბამისად, ამ პროექტს და ნებისმიერ მსგავსს, რომელიც იქნება ორიენტირებული განვითარებაზე, მივესალმებით“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სულხან ღლონტმა.

მოიაზრება თუ არა ამ პროექტის ფარგლებში ბათუმის ნავსადგურისა და პორტის აკვატორიის განვითარებაც – ანუ იახტკლუბის გაფართოება პორტისა და მიმდებარე ტერიტორიის ფარგლებში?

ბათუმის იახტკლუბი და პორტი

„ჩვენი ინფორმაციით, აჭარის ეკონომიკის სამინისტროში არის რამდენიმე წინადადება შესული დაინტერესებული მხარეების… გაყიდვაზე არ მიდის ლაპარაკი, ლაპარაკი არის იჯარით გადაცემაზე და ამ ბიზნესის განვითარებაზე იახტკლუბის ტერიტორიაზე. რაც შეეხება პორტს და ა.შ. ჩვენ ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს და ჩემი ინფორმაციით არც იგეგმება“, – აცხადებს სულხან ღლონტი.

„არსებული გეგმით გათვალისწინებულია მხოლოდ იატხკლუბის მიმდებარე და მომიჯნავე ტერიტორიების განვითარება და მოქცევა ერთიანი პროექტის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი არ მოიცავს ბათუმის ნავსადგურისა და პორტის აკვატორიას“, – მოგვწერეს „სილქ როუდ ჯგუფიდან“. მათივე ინფორმაციით, „ამ ეტაპზე პროექტი მოსამზადებელ ფაზაშია, მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და არქიტექტურული კონცეფციის დაზუსტება. მშენებლობა 2018-ში დაიწყება და 2020-ში დასრულდება“.

ბათუმის ე.წ. იახტკლუბს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „ბათუმის ნავსაყუდელი 2015“ მართავდა. მიმდინარე წლის 13 სექტემბერს კი „ბათუმის ნავსაყუდელის“ საწესდებო კაპიტალიდან ამოღებულ იქნა ქონება და ის აჭარის საკუთრებად დარეგისტრირდა.

საუბარია ბულვარსა და ნავსადგურს შორის არსებულ 3211 კვ/მ ტერიტორიასა და ნავსაყუდელის ნაგებობაზე, რომელიც მთლიანობაში 923 კვ/მ-ია.

„ბათუმის ნავსაყუდელში“ გვითხრეს, რომ ტერიტორია ნავსაყუდელთან ერთად ინვესტორს უნდა გადაეცეს. თუ ვის და რა ფორმით ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

„იახტკლუბის“ მიმდებარედ 10 226 კვ/მ მიწის ნაკვეთი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საპრივატიზაციო ქონების ნუსხაში უკვე აქვს შეტანილი.

მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს კი საქართველოს მთავრობამ აჭარას საკუთრებაში გადასცა 1736 კვ/მ ტერიტორია, უშუალოდ ნავმისადგომის ნაწილი „იახტკლუბთან“.

მიწის ნაკვეთი „იახტკლუბის განვითარების მიზნით“ აჭარის მთავრობას გადასცა ბათუმის მერიამაც. „იახტკლუბის მიმდებარედ მერიის საკუთრებაში არსებული მიწის მცირე ნაკვეთი გადავეცით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს. რაც შეეხება ჭაჭის თაუერს, მისი გასხვისება არ იგეგმება“, – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

ჭაჭის თაუერის გარდა, რეესტრის დოკუმენტების მიხედვით „იახტკლუბთან“ მერიის საკუთრებაშია 7 038 კვ/მ ტერიტორია, რომელიც თაუერსა და ნავსადგურის შენობას შორის მდებარეობს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიწის ნაკვეთები და „იახტკლუბი“ გასხვისებული ან იჯარით გადაცემული ამ დროისთვის არ არის.

ჭაჭის თაუერი

 

ბათუმის მერია მიტოვებულ შენობებს დაასუფთავებს

ბათუმის მერმა მიტოვებული შენობების მოვლა-დასუფთავების მიზნით საკრებულოს ახალი რეგულაციის დადგენისთვის მიმართა. ამის შესახებ დღეს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მერიის აპარატის უფროსმა ნუკრი დეკანაძემ ისაუბრა:

„მერის ინიციატივით განხორციელდება ტერიტორიების მონიტორინგი და შესაბამის სამსახურებს დაევალათ, რომ მოაწესრიგონ ეს ტერიტორიები, რაც გულისხმობს როგორც დასუფთავებას ისე ბალახის გაცელვას და სხვა სამუშაოების წარმოებას. იქედან გამომდინარე, რომ ეს ტერიტორიები არის კერძო საკუთრებაში, კანონმდებლობა შესაბამისი რეგულაციის გარეშე არ იძლევა საშუალებას ამ მიმართულებით სახსრების გამოყოფას. ამიტომ ამ განკარგულების მიხედვით დაევალება მერიას და ასევე, მიეცემა უფლება, რომ განახორციელოს ისეთი ტერიტორიების დასუფთავება, რაც ხელს შეუწყობს როგორც ქალაქის ისერსახის გაუმჯობესებას, ისე ტერიტორიის დაცვას“.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მერიას დასასუფთავებელი შენობების მონიტორინგი ჯერ არ დაუსრულებია, შესაბამისად, მერიას არ აქვს ინფორმაცია თუ დაახლოებით რამდენი მიტოვებული შენობაა ქალაქში.

განკარგულების პროექტში ნათქვამია, რომ მოუვლელი მიწის ნაკვეთები და მიტოვებული შენობა-ნაგებობები ქალაქში ქმნის ანტისანიტარიას და საფრთხეს უქმნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, ასევე ამახინჯებს ბათუმის, როგორც ტურისტული ქალაქის იერსახეს. გარდა ამისა, ეს ობიექტები მოუვლელობისა და უპატრონობის გამო ქცეულია ცხოველების, მღრღნელების, ქვეწარმავლების გავრცელების ადგილად. იმის გამო, რომ ამ ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებში შესაძლებელია მესამე პირების მოხვედრა, აღნიშნული ობიექტები ქცეულია მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის და სიცოცხლისათვის რისკის შემცველ ადგილებად.

განკარგულების დამტკიცების შემდეგ მერიის შესაბამის ორგანიზაციებს დაევალებათ ამ ტერიტორიების  დათვალიერება, დასურათება, მესაკუთრის შესახებ ინფორმაციის მოძიება და მოვლა-დასუფთავება.

მერიის ინფორმაციით, მერი ასევე აპირებს სწრაფი რეაგირების ჯგუფის შექმნას, რომელიც ორიენტირებული იქნება ადგილზე გასვლით შეისწავლოს მოსახლეობის მიერ მიწოდებული ინფორმაცია პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით.

 

შუახევის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი დავითაძე აირჩიეს

მმართველი გუნდის მიერ შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გუშინ დასახელებულ გიორგი დავითაძის კანდიდატურას, თანაგუნდელებმა დღეს დაუჭირეს მხარი.

დღეს, 21 ნოემბერს, საკრებულოს სხდომას შუახევში, 24 წევრიდან ორი არ ესწრება, ხოლო ორმა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

გიორგი დავითაძემ კენჭისყრაში მონაწილე საკრებულოს 20 წევრიდან ყველას მხარდაჭერა მიიღო. აქედან 19 „ქართული ოცნების“ წევრია, ერთი – „ევროპული საქართველოს“.

მმართველი გუნდის მიერ, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე არჩეული დაბის მაჟორიტარი, გიორგი დავითაძე, ტარიელ ებრალიძის გამგებლობის დროს დაბის რწმუნებული იყო.

შუახევის საკრებულოს სხდომა გრძელდება.


გიორგი დავითაძე 20 ნოემბრის სხდომაზე საკრებულომ თავმჯდომარედ ვერ აირჩია. მას გუშინ მხოლოდ 12-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

დღეს, სხდომის დაწყებამდე, შუახევის საკრებულოს პარტია  „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სოსლან ზოიძემ განაცხადა, რომ გუშინ საღამოდან დღემდე, პარლამენტარები და სუსის წარმომადგენლები ინდივიდუალურად ხვდებოდნენ შუახევის საკრებულოს მმართველი პარტიის წევრებს და გიორგი დავითაძის არჩევას აიძულებდნენ.

ქედაში ტყეში ხანძარია

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფლების ძენწმანისა და ორცვას საზღვარზე არსებულ მთაში, დღეს, 21 ნოემბერს, ცეცხლი გაჩნდა.

ქედის მერის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობია ცეცხლი რა ფართობზეა გავრცელებული, რადგანაც ხანძარი დასახლებული პუნქტიდან შორსაა და დაკვამლიანებაცაა.

„ხანძრის ჩასაქრობად წავიდა სასწრაფო-სამაშველო სამსახურის ქედის სრული შემადგენლობა, როგორც მაცნობეს, დამატებით ბათუმიდან წამოვიდა ბრიგადები, რაც შეეხება ცეცხლის მასშტაბებს, ამ დროისთვის ვერ დგინდება, რადგანაც დაკვამლიანების დონე მაღალია, ხანძართან მისასვლელი საავტომობილო გზასთან ახლოს არ არის. მობილიზება მოვახდინეთ მოსახლეობის და ადგილობრივი მოსახლეობა საჭიროებისამებრ ჩაერთვება ცეცხლის ლოკალიზებაში, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, რადგან ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული“ – ამბობს ლევან გორგილაძე.

მთავარი ფოტო: ხანძარი შავნაბადას მთაზე ხულოში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-დან უფლებემოსილების შეწყვეტას ითხოვს

ბათუმის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“  ევგენი კუნჭულია საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს. ამის თაობაზე მან საკრებულოს თავმჯდომარეს უკვე მიმართა. საკრებულოში მას „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიის მეხუთე ნომერი, ბიზნესმენი როინ ზოიძე ჩაანაცვლებს.

ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ბათუმის საკრებულო 24 ნოემბერს, პარასკევს, საკრებულოს სხდომაზე მიიღებს.

 

შუახევის საკრებულოს წევრი ზეწოლაზე: თავმჯდომარის არჩევაში სუსი ჩაერთო

შუახევის საკრებულოს პარტია  „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, სოსლან ზოიძის განცხადებით, გუშინ საღამოდან დღემდე, პარლამენტარები და სუსის წარმომადგენლები ინდივიდუალურად ხვდებიან შუახევის საკრებულოს მმართველი პარტიის წევრებს და გიორგი დავითაძის არჩევას აიძულებენ.

სოსლან ზოიძე ამბობს, რომ შუახევის საკრებულოში კანდიდატების დასახელება აჭარის მთავრობისგან არის მართული, ადგილზე დეპუტატებს არავინ არაფერი ჰკითხა, რამაც დეპუტატების განაწყენება გამოიწვია.

„გუშინ ჩვენ კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ იმიტომ მივიღეთ, რომ გვქონდა ინფორმაცია საკრებულოს ყველა  წევრი წინა დღით მთავრობაში დაიბარეს და დირექტივა მისცეს ვინ უნდა აერჩიათ, მათთვის არ უკითხავთ ვინ იყო მისაღები კანდიდატურა და ვინ არა, რაზეც განაწყენდნენ დეპუტატები. რომ არ მომხდარიყო იდენტიფიცირება თუ ვინ ვის აძლევდა ხმას, ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ ამიტომ მივიღეთ.

იქედან გამომდინარე, რომ გუშინ მათ დასახელებულ კანდიდატურას ხმა უმრავლესობამ არ მისცა, საკრებულოს წევრებს ინდივიდუალური დავალებები მისცეს, დღეს კენჭისყრისას, ბიულეტენებზე ზოგმა კითხვითი ნიშანი უნდა დასვას, ზოგმა სამკუთხედი, ზოგმა სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, რომ ამით გაიშიფროს ვინ არ დაუჭერს მხარს გიორგი დავითაძის კანდიდატურას. მე ხმის დამთვლელ კომისიაში ვრჩები, რომ ამ ზეწოლას ხელი შევუშალო და ამ ინფორმაციასაც წინასწარ ვაჟღერებ, თუ ბიულეტენებზე მსგავსი ნიშნულები იქნება გაკეთებული, გაბათილებას მოვითხოვ“, – ამბობს სოსლან ზოიძე.

კომისიაში, რომელმაც კენჭისყრის შედეგები უნდა დაითვალს სოსლან ზოიძის გარდა კიდევ ორი დეპუტატია, ორივე „ქართული ოცნებიდან“.

შუახევის საკრებულოს სხდომა, რომელმაც საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილეები და კომისიის თავმჯდომარეები უნდა აირჩიოს, დღეს, 21 ნოემბერს, ორი საათისთვისაა ჩანიშნული.

მთავარი ფოტო: შუახევის ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა, რომელზედაც საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს /20.11.2017 /

 

22 000 ლარი – ცესკოს თავმჯდომარის ხელფასი საარჩევნო თვეში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ოქტომბერში შრომის ანაზღაურების სახით 22 ათასი ლარი აიღო. 2016 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თამარ ჟვანიამ 27 500 ლარი მიიღო.

წელს, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ცესკოს თავმჯდომარემ ხელფასიც და დანამატიც გაორმაგებული ოდენობით აიღო. თამარ ჟვანიას ერთი თვის საშუალო ანაღაურება 5500 ლარია. ოქტომბერში თამარ ჟვანიას ხელფასი 11 000 გახდა, დანამატიც – 11 ათასი ლარი.

ხელფასი გაორმაგების და დანამატების გარეშე  ცესკოს თავმჯდომარეს წლის განმავლობაში მხოლოდ ორ თვეში – თებერვალსა და ივლისში აუღია.

თამარ ჟვანიამ იანვარში, მარტში, აპრილსა და ივნისში 11 ათასი ლარი მიიღო. აქედან 5500 ლარი ხელფასია, 5500 კი პრემია, ან დანამატი.

მაისში ცესკოს თავმჯდომარის შრომის ანაზღაურება 9 900 ლარი იყო, აქედან 4 400 ლარი დანამატი.

სექტემბერში ცესკოს თავმჯდომარემ გაორმაგებული ხელფასი ჩაურიცხეს – 11 ათასი ლარი, ამას 5 500 ლარი დანამატი დაემატა. თამარ ჟვანიას წინასაარჩევნო შრომის ანაზღაურებამ 16 500 ლარი შეადგინა.

ცესკოს მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილი ინფორმაციის მიხედვით, ცესკოში უკვე გაიცა ნოემბრის ხელფასიც. თამარ ჟვანიამ მიმდინარე თვეში შრომის ანაზღაურების სახით 15 766 ლარი აიღო.

Exit mobile version