ვის აწყობს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის გაუქმება

ხომ არ უქმდება უმაღლესი საარჩევნო კომისია, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს ატარებს? – ეს კითხვა მას შემდეგ დაისვა, როცა აჭარის კონსტიტუციის პროექტში, მოქმედი რედაქციისგან განსხვავებით, განსაკუთრებული გამგებლობის საკითხების ჩამონათვალიდან გაქრა ტექსტი: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარება“.

სამოქალაქო სექტორში მიიჩნევენ, რომ თუ ამ ვარიანტს საბოლოოდ დაამტკიცებს უმაღლესი საბჭო, უმაღლესი საარჩევნო კომისიის გაუქმებას ან მის ცესკო-ზე დაქვემდებარებას არაფერი შეუშლის ხელს.

აჭარის კონსტიტუციის პროექტში უსკო-ს შესახებ მხოლოდ ეს ჩანაწერია: „უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემაჯამებელ ოქმს, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია“.

ამ ჩანაწერის საფუძველზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, კონსტიტუციის საჯარო განხილვების დროს არაერთხელ თქვა, რომ უსკო-ს გაუქმებას არავინ აპირებს და რადგან შემაჯამებელ ოქმს ეს ორგანო შეადგენს, არჩევნებსაც ის ჩაატარებს.

„ეს ჩანაწერი არის სრულიად ბუნდოვანი,“ – მიიჩნევს არჩილ ხახუტაიშვილი, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი. ის არ არის ერთადერთი, ვინც ამას ამბობს კონსტიტუციაში ახალ ჩანაწერზე უსკო-ს შესახებ. სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ უმაღლესი საარჩევნო კომისიის გაუქმებას სამართლებრივად არაფერი შეუშლის ხელს.

არჩილ ხახუტაიშვილი: „ეს ჩანაწერი არ ნიშნავს იმას, რომ ინსტიტუციურად არსებობს უმაღლესი საარჩევნო კომისია, რომელსაც აჭარის საკანონმდებლო ორგანო აკომპლექტებს. საჯარო განხილვების დროს გააქტიურდა კითხვა: ხომ არ იქნება არჩევნების ჩამტარებლის განსაზღვრის პრობლემა? ვიცით, რომ უმაღლესი საბჭოს არჩევნები ემთხვევა საპარლამენტო არჩევნებს. ცესკოს დამატებითი პრობლემა არ ექმნება, თუკი უმაღლესი საბჭოს არჩევნებსაც ჩაატარებს, რადგან საარჩევნო სიები მაინც ცენტრალიზებულად მზადდება, ოლქები და უბნები მიბმულია ცესკოს რეგულაციებს, რჩება მხოლოდ საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვისა და დაცვის საკითხი. თან საუბარია იმაზე, რომ რას აკეთებს ეს უსკო ოთხი წლის განმავლობაში, რომ მას ფუნქცია არ აქვს. ისე გამოდის, თითქოს უსკოს შენარჩუნების მომხრე ვართ, მაგრამ რადგან არსებობს ავტონომიური რესპუბლიკა, უნდა არსებობდეს შესაბამისი ორგანოც, რომელიც ირჩევს. შესაძლებელია, ეს ორგანო შეიქმნას დროებით საარჩევნო წელს, ან არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე, ეს სხვა მსჯელობის საკითხია.“

„რაღაც გეგმა არსებობს და ჩვენ არ ვიცით,“ – გვითხრა კონსტიტუციონალისტმა, მალხაზ ნაკაშიძემ. ისიც მიიჩნევს, რომ უსკოს გაუქმება სამართლებრივად მარტივდება. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ არჩევნების შედეგები შესაძლოა შეაჯამოს უსკომ, მაგრამ იგი არ იყოს ავტონომიის ორგანო. „კონსტიტუციის საჯარო განხილვების დროს ვერ მივიღე პასუხი კითხვაზე: რატომ არ ჩაწერეს კანონმდებლებმა პირდაპირ, რომ არჩევნებს აჭარაში უმაღლესი საარჩევნო კომისია ატარებს,“ – ამბობს მალხაზ ნაკაშიძე.

უსკოს გაუქმების არა, მაგრამ მისი ცესკოზე სრულად დაქვემდებარების მოლოდინი აქვს პეტრე ზამბახიძეს, უმაღლესი საბჭოს წევრს „ევროპული საქართველოდან“. დეპუტატი აქცენტს უსკოს დაკომპლექტებაზე აკეთებს, რომელიც ამჟამად აჭარის უმაღლეს საბჭოზეა დამოკიდებული და არა ცესკოზე.

„ეს იქნება ცესკოს ფილიალი, რომელსაც ერთპარტიულად დააკომპლექტებენ და აჭარის ხელისუფლება ამაში ვერავითარ მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ფორმალური კონკურსიც კი, რაც ახლა ტარდება, ისიც აღარ ჩატარდება,“ – ამბობს პეტრე ზამბახიძე.

პეტრე ზამბახიძე განმარტავს, რომ უსკოს ამჟამინდელი შემადგენლობა კონკრეტული ვადით არის არჩეული და ამჯერად მათი დათხოვნა შეუძლებელი იქნება, „მაგრამ წლების შემდეგ იგი ცესკოს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეული იქნება და მის დაკომპლექტებას ავტონომიის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ვეღარ განახორციელებს. თუ კანონში შესაბამისი ცვლილება განხორციელდება, ცესკოს შეუძლია, უბრალოდ, დაიქვემდებაროს იგი. ამ ნაბიჯით ხელისუფლებამ უარი თქვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გაზიარებაზე. ევროპული პრაქტიკა, რომ ავტონომიას აქვს არჩევითი ორგანო და ამ ორგანოს არჩევა არის რეგიონის კომპეტენცია. უსკო ეფექტურია თუ არა, ეს სხვა მსჯელობის საკითხია. მე ვამბობ, რომ თუ ეს საკითხი ბოლომდე გავიდა, იქნება დიდი უკანგადადგმული ნაბიჯი…“, – აღნიშნავს პეტრე ზამბახიძე.

ელოდებიან თუ არა უსკოს გაუქმებას თავად უსკოში – პარმენ ჯალაღონიამ, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გვითხრა, რომ უსკო არ არის ორგანო, რომელსაც შეუძლია პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილება შეაფასოს, მაგრამ „უპრიანი იქნება, თუ ჩაიწერება ატარებს და აჯამებს. უსკოს ძირითადი ფუნქცია არჩევნების ჩატარებაა“, – ამბობს ის.

უსკოს თავმჯდომარეს სჯერა, რომ კონსტიტუციის პროექტში ჩანაწერი კანონის წერის ტექნიკის ამბავია და არა ვინმეს სურვილი, რომ უსკო გააუქმოს.

პარმენ ჯალაღონია: „თუ მიზანი არის ის, რომ აჭარას არ ჰქონდეს ცალკე საარჩევნო ადმინისტრაცია, კონსტიტუციაში ფარული ჩანაწერი საჭირო არ იყო. უმაღლესი საბჭო პოლიტიკური ორგანოა და ამის თქმა შეეძლო ღიად და პირდაპირ. ამ ჩანაწერით საფრთხეს ვერ ვხედავ. საფრთხეები შესაძლოა არსებობდეს, მაგრამ ასე შეფარულად არ იქნებოდა ამის გაკეთება საჭირო. იმდენი პოლიტიკური პასუხისმგებლობა კი აქვს უმაღლეს საბჭოს, რომ ეს პირდაპირ ეთქვა. მე ვესაუბრე უმაღლესი საბჭოს წევრებს, მათ შორის, თავმჯდომარეს – დავით გაბაიძეს. განწყობა ისაა, რომ გაუქმებაზე საუბარი არ არის“.

აპირებს თუ არა უმაღლესი საბჭო აჭარის კონსტიტუციის პროექტში არჩევნების საკითხის დაზუსტებას საჯარო განხილვების შემდეგ – ამ კითხვის დასმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისთვის გვინდოდა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა. უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ სატელეფონო კომენტარს დავით გაბაიძე არ აკეთებს.

უმაღლესი საარჩევნო კომისიისთვის გასულ წელს აჭარის ბიუჯეტიდან 627 200 ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში კი უსკოსთვის 636 600 ლარია გათვალისწინებული, საიდანაც 590 000 ლარი შრომის ანაზღაურებისთვის, ანუ ხელფასებისთვის. 2016 წელს [უმაღლესი საბჭოს არჩევნების წელი] კი უსკოს ბიუჯეტი 3 მილიონ 250 ათას 500 ლარი იყო.

 

შსს: ხელვაჩაურში ახალშობილი დაკრძალულია, გამოძიება უკანონო აბორტზე მიმდინარეობს

შს სამინისტროს ინფორმაციით, ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში ახალშობილი არ დაკარგულა, იგი პოლიციას სახლში გარდაცვლილი დახვდა. შსს-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გარდაცვლილ ახალშობილს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა და იგი ოჯახმა დაკრძალა.

სიუჟეტი ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში ახალშობილის გაუჩინარების შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გუშინ, 20 თებერვალს გავიდა. სიუჟეტის თანახმად, 20 წლის სტუდენტმა გოგომ სახლში, მალულად იმშობიარა, ახალშობილი კი ვერ იპოვეს. მისი ფეხმძიმობის შესახებ ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 133-ე  მუხლით მიმდინარეობს, უკანონო აბორტი – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან სამას საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ორ წლამდე.

მშობიარობის შემდგომ გოგო კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს. „მედინას“ ხელმძღვანელი, მეან-გინეკოლოგი ჯუმბერ უნგიაძე ამბობს, რომ ბავშვის წონიდან გამომდინარე ეს აბორტი ვერ იქნებოდა:

„ბავშვის წონა, როგორც მაცნობეს, 3,600 იყო და როგორ შეიძლება ეს აბორტი ყოფილიყო. 500 გრამზე მეტი უკვე ითვლება, რომ მშობიარობაა. მეცხრე თვეში იყო თუ არა პაციენტი, რთული სათქმელია, მაგრამ დროული ბავშვი იყო“.

 

 

ფატი და ტიტე

ავტორი: ნათია ზოიძე

ფატი  პირველად  გაზაფხულზე მოინახულეს, ერთი შეხედვით ის არაფრით იყო განსაკუთრებული,  მისი სინორჩეც არ მოგხვდებოდა თვალში. მაგრამ ვისაც დაკვირვებული თვალი ჰქონდა ადვილად შეამჩნევდა, მის სახეს ახალგაზრდული ვნებები როგორ გადაუქროლებდა ხოლმე. თითქოს ფესვები კარგად ღრმად ჰქონდა გადგმული ფატის, ამიტომაც სიო კი არა – ქარიშხალიც ვეღარ აშინებდა. შუა ასაკს მისთვის საკუთარი თავის რწმენა მოეტანა. აი, სიმაღლის გამო კი იქცევდა ფატი ადამიანის ყურადღებას. თუ დააკვირდებოდი: ხასხასა მწვანე, მოკლე, უბრალო კაბა მის აშოტილ ტან-ფეხს შესამჩნევს ხდიდა, მის ირგვლივ უფრო ნორჩებიც კი თავს უხერხულად გრძნობდნენ, ფატის სრულყოფილება მათ გამოუცდელობას უფრო მეტად  უსვამდა ხაზს.

ფატი დილით ზღვის და მთის სურნელს ერთად გრძნობდა, ვერც მთის და ვეღარც ზღვის გარეშე წარმოედგინა ცხოვრება. თავს არ უტყდებოდა, მაგრამ ტკბილად ღიღინებდა, როცა მთას გაჰყურებდა, ეპრანჭებოდა, იმედი ჰქონდა,  რომ მიწვდებოდა, ამის გამო თავს ბედნიერად გრძნობდა.

ფატი თავს საჭიროდ მიიჩნევდა და არც შრომა ეზარებოდა, ფიქრის დროც რჩებოდა, განცდა იმისა, რომ მისი შრომა და არსებობა სასარგებლოა – აბედნიერებდა. ფიქრობდა, რომ ეს ბრძოლაა, ჰოდა იბრძოდა ფატი მაშინაც კი, როცა არ იცოდა რა იქნებოდა შედეგი. ზოგჯერ ღრმად ამოისუნთქავდა, გულს და ფილტვებს ამოაყოლებდა ხოლმე, ამ ამოსუნთქვაზე მეზობლებს ფატის წარსული ახსენდებოდათ: ფატის მშობლები არ ჰყავდა, სევდიანი ამბავი იყო ეს – დედა რომ გარდაეცვალა 5 წლის იყო, ახალგაზრდა ქალი ნაჯახით მოკლეს, მამა კი უსიყვარულობით გახმა. არც და ჰყოლია, არც ძმა, ასე დარჩა ობლად.

რომ არ შეცოდებოდათ ყველაზე ადრე იღვიძებდა, არსებობისთვის საჭირო წყალს იმარაგებდა – ღრმად სუნთქვა, რომ შეძლებოდა ჯერ თავისი, შემდეგ კი სხვისი სიცოცხლისთვის ბრძოლა. როცა სხვისი სიცოცხლისთვის ბრძოლა დაიწყო, მაშინ მიხვდა რატომაც გადარჩა, როცა მისი მშობლები მოკვდნენ.

ამ თვისებების გამო უყვარდათ ფატი მეზობლებს…

ბოლო პერიოდში ჩოჩქოლი და ჭორაობა ატყდა, მეზობლები ჩურჩულებდნენ, რომ გავლენიანი ტიტე ფატის სანახავად დადიოდა, ბევრს მსჯელობდნენ: ზოგი ფიქრობდა, რომ ფატის ბედი გამოუჩნდა და „ობლის კვერი გამოცხვა“, სხვებს კი მიაჩნდათ, რომ „ობლის კვერი ცხვა, ცხვა და ვერ გამოცხვა“. ჩოჩქოლის ეტაპმა როცა გაიარა, ფატის მეზობლები დადუმდნენ. ზოგს ტიტესი შეეშინდა, სხვებიც ტიტემ მოისყიდა.

ფატიმ მოსვენება დაკარგა, მას ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა, აქამდე მას წასვლაზე არასდროს უფიქრია, ვერც იმას იგებდა, რატომ აქციეს ზურგი ახლობლებმა ან რატომ შურდათ მისი? რატომ უნდოდათ მეზობლებს, რომ ფატის ნაცვლად მათი შვილი ყოფილიყო, მათ ხომ მხოლოდ ის იცოდნენ, რომ ფატი მიჰყავდათ, მაგრამ არ იცოდნენ სად? ფატის სწყინდა, მიტოვებულად გრძნობდა თავს. უსიყვარულოდ ყოფნამ შეშალა.

ტიტეს აზრი არავისთვის უკითხავს, არც ფატისთვის…

მივიდოდა მოსაღამოვებულზე და სიყვარულით სავსე თვალებს შეავლებდა;

ტიტემ გრამატიკის წესები არ იცოდა;

ტიტემ არც  ლაპარაკი იცოდა და ფატი ვერ უგებდა მას, მაგრამ გრძნობდა ზრახვებს…

ტიტემ ფიქრის გამოცნობაც არ იცოდა, თორემ მიხვდებოდა, რატომ იყო სასოწარკვეთილი ფატი…

ფატი ავად გახდა, ძალა გამოელია, ნელ-ნელა სუნთქვის, ბრძოლის უნარი დაკარგა.

ფატი მარტო იყო…

ტიტე  არ იყო  მარტო…

ტიტეს ხალხი დღე-ღამე მუშაობდა…

ფატი ზღვით გაიტაცეს…

დუნია-მემლექეთი გამოვიდა ამის სანახავად, ადამიანებმა შუბლზე ხელი მიიჩრდილეს და ისე გაჰყურებდნენ ზღვაზე „მიმავალ“ სევდიან ფატის. ზოგი ქირქილებდა, ზოგი აღტაცებული იყო, ზოგმაც მოიწყინა. ერთი ხანი ფატის მოუნდა, რომ შტორმი ამოვარდნილიყო, მაგრამ შტორმი სხვების სიცოცხლესაც ხომ შეიწირავდა? ფატი საკუთარ თავს აღარ ჰგავდა. ფატის საკუთარ თავთან ომი ჰქონდა, სინანულს გრძნობდა, რომ ბრძოლაზე უარი თქვა.

ფატი კი არ  მიცურავდა – მიაცურებდნენ. იცოდა, რომ ვერ გაძლებდა სიყვარულისა და სამშობლოს გარეშე…

ტიტე ბედნიერი იყო, სხვებს უკვირდათ – რა არ სმენოდათ ადამიანის და ბუნების, ქალის და კაცის, დედის და შვილის სიყვარულზე, მაგრამ ასეთი არც დასიზმრებიათ…

ახალ სამშობლოში ფატი მხოლოდ ზღვას ხედავდა, მთა ენატრებოდა, მაგრამ შიშით არ ამბობდა…

ტიტე მიხვდა, რომ ფატი კვდებოდა და ფატის სამშობლოდან სხვების გადმოსახლება დაიწყო.

ფატი სხვისი სიცოცხლისთვის ბრძოლას მიჩვეული იყო, ახლა კი რა გამოდიოდა? მას რომ ეცოცხლა, სხვები რჩებოდნენ სიყვარულის და სამშობლოს გარეშე.

ფატის სამშობლო დაცარიელდა…

ფატის ძველი დიდბუნებოვნობა შემორჩენილი ჰქონდა, მაგრამ არ შეეძლო ტიტეს სიყვარული  და არც თანაგრძნობა.

ამ დარდით ფატი გარდაიცვალა. ტიტეს აკვიატებულ სიყვარულს შეეწირა… უსამშობლო ფატის პანაშვიდი არ გაუმართიათ…

ხალხი დიდხანს ლაპარაკობდა: ფატის მამის ბედი ერგოო.. მამაც გახმა.

ტიტეს ფატის საფლავი რომ არ ენახა, კაცებმა ფატის ცხედარი დაწვეს.

შოთა გუჯაბიძის ფოტო

_______________________________________________

მთავარი ფოტო: ირაკლი ძნელაძე

 

 

სტუდენტთა იმუნიზაცია წითელას წინააღმდეგ ბსუ-ში

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში წითელას წინააღმდეგ სტუდენტთა იმუნიზაცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები არიან უნივერისტეტი და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. აიცრებიან ის სტუდენტები, რომელთაც აცრა ჩატარებული არ აქვთ.

აცრა უფასოა.

აცრის გაკეთება შესაძლებელია ბსუ-ს მედპუნქტში (ოთახი #101),  21-დან 23- თებერვლის ჩათვლით, 12:00- 15:00 საათამდე.

დღეს, 21 თებერვალს, იმუნიზაციას უნივერსიტეტში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძეც დაესწრო.

აჭარაში სტუდენტების წითელათი ვაქცინაცია დაიწყო

აჭარაში წითელას ეპიდაფეთქებაა. ბოლო მონაცემებით რეგიონში წითელას 222 შემთხვევა გამოვლინდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით კი ეს მაჩვენებელი 300-ზე მეტია.

სპეციალისტების განცხადებით, წითელას თავიდან ასაცილებლად დროული ვაქცინაცია გადამწყვეტ როლს თამაშობს. საქართველოში წითელას საწინააღმდეგო აცრის გადასახადს 40 წლამდე მოსახლეობაში სახელმწიფო ფარავს  და, როგორც დაავადებათა კონტროლის ევრონულ ცენტრში აცხადებენ, მას არ გააჩნია უკუჩვენება. მათივე თქმით, წითელა იმდენად გადამდებია, რომ 40 წელს გადაცილებული მოსახლეობის უმეტესობას დაავადება უკვე გადატანილი აქვს და ისინი სარისკო ჯგუფს არ წარმოადგენენ.

წითელას წყარო არის დაავადებული ადამიანი, რომელიც განსაკუთრებით საშიშია დაავადების ადრეულ პერიოდში. ვირუსის ინკუბაციის პერიოდი ინფიცირებიდან პირველ სიმპტომამდე შეადგენს 7-18 დღეს, ინფიცირებულები გადამდებად ითვლებიან გამონაყრიდან 4 დღის და გამონაყრის დაწყებიდან 4 დღის განმავლობაში. გარდაა ამისა, ვირუსს ახასიათებს მაღალი მიმღებლობაც, 24-საათიანი კონტაქტის პერიოდში ავადდება ინფექციის მიმღები კონტინგენტის 40%; 48-საათიანი კონტაქტის პერიოდში – 60% , ხოლო 72-საათიანი კონტაქტის პერიოდში  – 80%.

წითელას ტიპური შემთხვევა საკმაოდ მწვავედ იწყება, ტემპერატურის მომატებით, სიმპტომებიდან დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ პირის ღრუში შეიძლება გაჩნდეს წვრილი, თეთრი გამონაყარი, 5-6 დღის შემდეგ კი ავადმყოფის სხეულზე ჩნდება გამონაყარი. თუმცა, რაც უფრო ასაკოვანია დაავადებული, მით უფრო რთულია სიმპტომების გადატანა.

ამავე თემაზე: 

„მშობლებო, აიცერით და აცერით თქვენი შვილები“ – წითელას შემთხვევები ისევ იზრდება 

რა არის წითელა და როგორ ავიცილოთ იგი თავიდან  

 

 

საზმაუს ბათუმის სტუდიის მშენებლობაზე მილიონიანი ტენდერი შესაძლოა ჩაიშალოს

„საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ბათუმის სტუდიის აშენებას ორი კომპანია სთავაზობდა: შპს „ალიგატორი 1“ – 800 ათას 228 ლარად და შპს „გზამშენი“ – 800 ათას ლარად. „გზამშენს“, რომელიც პრეტენდენტთან შედარებით ნაკლებ თანხას ითხოვდა სამუშაოების შესრულებაში, საზმაუს სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა. „ალიგატორი 1“-ს კი ხარჯთაღრიცხვა/დაზუსტებისთვის სამდღიანი ვადა განუსაზღვრა.

ამონარიდი საზმაუსგან „ალიგატორი 1“-სთვის გაგზავნილი წერილიდან / წყარო: შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდი

სამდღიანი ვადა გუშინ, 20 თებერვალს ამოიწურა. სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე კომპანიას დამატებით დოკუმენტები არ აუტვირთია.

შპს „ალიგატორი 1“-ის დირექტორმა, ჯემალ გორგაძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ კომპანია ტენდერში მონაწილეობის გაგრძელებას აღარ აპირებს: „დამატებითი დოკუმენტაცია არ აგვიტვირთია. იყო რაღაც ჩვენი მიზეზები და არ დაგვიზუსტებია – ამ ეტაპზე მხოლოდ ამ განცხადებით შემოვიფარგლები“.

კომპანია „გზამშენს“ „ბათუმელები“ ვერ დაუკავშირდა.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბათუმის სტუდიის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 29 იანვარს დასრულდა. მაუწყებელს ბათუმის სტუდიის მშენებლობისთვის 1 მილიონ 284 ლარი აქვს გათვალისწინებული. სატენდერო პირობებით, სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 185 დღეში უნდა დასრულებულიყო.

ვინაიდან ტენდერი ფაქტობრივად ჩაიშალა – სტუდიის მშენებლობაზე ხელახალი ტენდერი გამოცხადდება, თუ სამუშაოებს ტენდერის გარეშე შეისყიდიან, ამას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ გადაწყვეტს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ბათუმის სტუდიის მოსაწყობად ახალაშენებულ, 25-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე 26-ე სართულს დააშენებს. ფართობში, რაზედაც ბათუმის სტუდიისთვის ერთი სართული უნდა დააშენოს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 88  596 აშშ დოლარი გადაიხადა. მაუწყებელი ამ თანხის ოდენობას არ ასაჯაროებდა. თუმცა „ბათუმელებმა“ მოახერხა ნასყიდობის ხელშეკრულების მოპოვება.

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, ახალაშენებულ მრავალსართულიან კორპუსში 492,2 კვ/მ ფართობის ტერასა [კორპუსის სხვენი] მაუწყებელმა ბათუმის სტუდიის მოსაწყობად გასული წლის აგვისტოში შეიძინა.

ბათუმი, ფიროსმანის 18-ში მდებარე კორპუსი, რომლის თავზე საზმაუს სტუდია უნდა აშენდეს / ფოტო: თედო ჯორბენაძე

 

სოფლის პეიზაჟი თამბაქოს ფოთლების ასხმით [ფოტო]

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოში თამბაქოს მოშენება ისევ პოპულარული მას შემდეგ გახდა, როცა გამომშრალი და დაჭრილი თამბაქოს ჩაბარების ფასი ადგილობრივ ბაზარზე გაიზარდა. აქ ძაფზე აკინძულ თამბაქოს თითქმის ყველა სახლსა და დამხმარე ნაგებობაზე ნახავთ, მათ შორის მიტოვებულ სახლებზეც.

ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო

ხულოში, სოფელ პანტნარში საცხოვრებელი სახლი იწვის

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პანტნარში საცხოვრებელი სახლი იწვის. საციხურის თემის რწმუნებულის, ბეჟან ბოლქვაძის ინფორმაციით, მიხეილ მუშარბაძის საცხოვრებელ სახლს ხანძარი დაახლოებით 15 წუთის წინ გაუჩნდა და ამ დროისთვის სახლის 80% განადგურებულია. მიხეილ მუშარბაძის ოჯახი შვიდსულიანია.

„სახლის გადარჩენის შანსი აღარ არის, თითქმის 80% დაიწვა, 3-4 სოფლის მოსახლეობა ჩართულია ხანძრის ჩაქრობაში, რომ ცეცხლი სხვა სახლებსა და დამხმარე ნაგებობებზე არ გადავიდეს. ხანძარი სახლს რამდენიმე წუთის წინ გაუჩნდა, სამაშველო სამსახურიდან მოვიდნენ, სახანძროს ველოდებით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ლევან ბოლქვაძემ.

 

ლაშა კომახიძე ახალი მეჩეთის მშენებლობაზე: შესაძლოა, პროცესი სასამართლოს გარეშე დასრულდეს

ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს, მოლოდინი აქვს, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი სასამართლოს გარეშე გადაწყდება. მეჩეთის მშენებლობის საკითხის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს იმ მოტივით გადადო, რომ ბათუმის მერმა მუსლიმ თემთან მოლაპარაკების გამართვის სურვილი გამოხატა.

„სასამართლო პროცესი არის მოცემულობა, რომელიც ჩვენ დაგვხვდა. მთავრობის თავმჯდომარეს არაერთხელ განუცხადებია და მეც მითქვამს, რომ შეიძლება ეს პროცესი დასრულდეს ყოველგვარი სასამართლოს გარეშე. ჩვენ მზად ვართ და დაწყებული გვაქვს დიალოგი. ამაზე წინასაარჩევნოდ რამდენჯერმე განმიცხადებია, რომ გვაქვს ინტენსიური კავშირი მუსლიმ მრევლთან. ოფიციალურად ახალ მერთან და ახალ თვითმმართველობასთან საუბარი ამ თემაზე არ ყოფილა და ეს ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინსტრუმენტი მოგვიტანს კონკრეტულ შედეგებს და ყველა მხარე იქნება კმაყოფილი,“ – აღნიშნა ლაშა კომახიძემ.

ბათუმის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ააიპ „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა“ შეიტანა.

ბათუმის მერიამ 2017 წლის 5 მაისს მუსლიმ თემს უარი უთხრა ქალაქში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე.

სასამართლოს მუსლიმმა თემმა გასული წლის 10 ივნისს მიმართა.

ზურაბ პატარაძე ახალი მეჩეთის მშენებლობაზე: შეთანხმება ზეპირსიტყვიერად მიღწეულია

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე განმარტება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ გააკეთა. დღეს, 20 თებერვალს, სასამართლო პროცესი ბათუმის მერიის მოთხოვნით გადაიდო. მერიამ მუსლიმ თემთან მოლაპარაკების მზადყოფნა გამოხატა.

„შეთანხმება ზეპირსიტყვიერად ფაქტობრივად მიღწეულია,“ – ამბობს ზურაბ პატარაძე, თუმცა მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს არ დააკონკრეტა, რომელ მხარეებს შორის შედგა შეთანხმება და გასცემს თუ არა მერია მშენებლობის ნებართვას ქალაქში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე.

ზურაბ პატარაძე: „ჩვენ დაგიდასტურებთ, რომ კომუნიკაცია არსებობს ჩვენს სამუფთოსთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. პერმანენტულად ვაწარმოებთ შეხვედრებს და ეს შეხვედრა ფაქტობრივად ბოლოშია გასული. მზად ვართ, კონკრეტული შეთავაზება გავაკეთოთ. ეს შეთავაზება მისაღებია გარკვეულწილად სამუფთოსთვისაც და ერთობლივად ჩვენ ძალიან მალე მივიღებთ გადაწყვეტილებას. შეთანხმება ზეპირისიტყვიერად ფაქტობრივად მიღწეულია, ამას ჩვენ ცალკე შეხვედრას მივუძღვნით“.

„შეთანხმება არსებობს მხოლოდ იმ საკითხზე, რომ ახალი მეჩეთი უნდა აშენდეს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა, ბეგლარ ქამაშიძემ. მისი თქმით, შეთანხმების საგანია, აშენდება თუ არა მეჩეთი იმ ადგილას, რომელიც „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა“ შეიძინა.

„ვმუშაობთ მიწის საკითხზე. ბათუმის მერს მხოლოდ ერთხელ შვხვდით და ეს იყო ზოგადი საუბარი. შეთანხმება უნდა შედგეს მიწის საკითხზე, რომელ ადგილას აშენდეს ახალი მეჩეთი,“ – ამბობს ბეგლარ ქამაშიძე.

ბათუმის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ააიპ „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა“ შეიტანა.

ბათუმის მერიამ 2017 წლის 5 მაისს მუსლიმ თემს უარი უთხრა ქალაქში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე.

სასამართლოს მუსლიმმა თემმა გასული წლის 10 ივნისს მიმართა.

პატარაძის განმარტება ასლან აბაშიძის გარემოცვისთვის k2-ის შუამდგომლობაზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მანამ, სანამ იმის შესახებ  განაცხადებდა, რომ დღეიდან k2-ზე [მშენებლობის დაგეგმილზე მეტით სიმაღლეში გაზრდა] შუამდგომლობის გაცემას აღარ გეგმავს და ამ ფუნქციას მთლიანად ბათუმის მერიას უბრუნებს,  უკვე გაცემულ შუამდგომლობებზე განმარტა.

ზურაბ პატარაძის თქმით, ეს იყო მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის შუამდგომლობები და არ იყო „მითითება, ბრძანება ან კარნახი“, რომ მათი შესრულება სავალდებულო ყოფილიყო. მეორეს მხრივ კი, მან თქვა, რომ ეს იყო ინვესტიციის მოზიდვის სწორი პოლიტიკა.

„ის კოეფიციენტები, რომლებზეც დღემდე გაცემული იქნა შუამდგომლობები, ძირითადად, მოიცავს შემოერთებულ ტერიტორიებს, ასევე მახინჯაურის მიმართულებით ლოკაციებს. „გეოგრაფიკის“ მიერ შემუშავებული დოკუმენტი ჩვენ დაგვიცავს, რომ იქ არ აშენდეს მაღალი შენობები, რომ იყოს ეს ტერიტორია მაქსიმალურად დაცული. ჩვენ საკმაოდ სკურპულოზურად ვიმუშავეთ ამ საკითხზე და სწორი მუშაობის შემდეგ შევიმუშავეთ გეგმა, თუ როგორ და რას ვაპირებთ ამ მიმართულებით“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, შუამდგომლობაზე უარი ხომ არ უკავშირდება ბოლო დროს მის მიერ ასლან აბაშიძის გარემოცვის მფლობელობაში არსებული კომპანიებისთვის  შუამდგომლობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას და ეს ხომ არ უქმნის მას უხერხულობას? – ზურაბ პატარაძემ უპასუხა:

„არავითარ შემთხვევაში. ჩვენ ვუყურებთ არათუ პერსონებს, არამედ ინვესტიციების მოცულობას. რეგიონის განვითარებას და ქვეყნის გაძლიერებას. ჩვენ ვღებულობთ გადაწყვეტილებას კომისიის დასკვნის საფუძველზე. ეს არის სპეციალისტების მიერ დაკომპლექტებული ჯგუფი. ხოლო მას შემდეგ ჩვენ გადავდივართ ინიციატივით ქალაქის მერიაში. და აქ არანაირი გამონაკლისები არ გვაქვს. თუმცა. დღეიდან, ეს პროცესი უფრო გამჭვირვალე იქნება. საზოგადოება დაინახავს თუ რომელი ჯგუფის და თაობის წარმომადგენლები ღებულობენ მონაწილეობას. ჩვენთვის მთავარია სწორი განვითარება“.

გარდა ამისა, დღეს აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს „გეოგრაფიკის“ დოკუმენტზე, რომლის დამტკიცებამ, მთავრობის თავმჯდომარის განმარტებით, ძველი ბათუმისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა უნდა უზრუნველყოს.

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა იმაზეც, რომ „გეოგრაფიკის“ მიერ შემუშავებული დოკუმენტის დამტკიცება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „ბათომის“, ასევე დარგის სპეციალისტების პირდაპირი მოთხოვნა იყო.

ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის განმარტებით. მერიას დრო დასჭირდება იმისთვის, რომ ჩამოაყალიბოს ხედვა, თუ როგორ უპასუხებს მერი კ2-ის გაზრდაზე სამშენებლო კომპანიების მოთხოვნებს.

 

„კაცი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა“- 20 თებერვალი კურტ კობეინის დაბადების დღეა

„კურტ კობეინი 51 წლის გახდებოდა. კაცი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო,“ – 20 თებერვლის დადგომისთანავე გამოაქვეყნა პოსტი „ნირვანას“ ბასისტმა, კრის ნოვოსელიჩმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

პოსტის ქვეშ ფანების უამრავი კომენტარი გაჩნდა:

„დაბადების დღეს გილოცავთ კურტ!“, „სიეტლში ვარ, ველოდები სად აღნიშნავენ დღეს კობეინის დაბადების დღეს“, „გვიყვარხარ კურტ!“, „გვენატრები, ვერავინ დაიკავებს შენს ადგილს ჩვენს გულებში!“.

მსოფლიო აღიარების და მსმენელების საყოველთაო სიყვარულის მიუხედავად, „თაობის ხმად“ აღიარებულმა, 27 წლის კურტ კობეინმა 1994 წლის 8 აპრილს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. „ნირვანას“ ფანები დღემდე არ აკლდება, კობეინი სამუდამოდ დარჩა მსმენელების მეხსიერებაში 90-იანი წლების როკ მუსიკის ყველაზე მნიშვნელოვან პერსონად. თუმცა მისი სიკვდილის შემდეგ „ნირვანას“ ფანების უმეტესობა მიიჩნევდა, რომ კობეინი თვითმკვლელობით საკუთარი სიმღერის პერსონაჟად იქცა, კაცად, რომელმაც გაყიდა მსოფლიო.

რეკრეაციულ სივრცეს სკვერის სტატუსი პეტიციის საფუძველზე მიენიჭა

2018 წლის 15 თებერვალს გამართულ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ბათუმში არსებულ ერთ-ერთ რეკრეაცულ სივრცეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სკვერის სტატუსი მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საკრებულოსთვის წარდგენილი პეტიციის საფუძველზე მიენიჭა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის სკვერი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სკვერი

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ი. ჯავახიშვილის ქ. N2-8-ში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სამი ნაკვეთისათვის სკვერის სტატუსის მინიჭების საკითხი ბათუმის საკრებულოსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს მიერ გამართული ღია შეხვედრების – „შენი ხმა საბჭოში“ – ფარგლებში გამოვლენილ ინიციატივებს შორის გამოიკვეთა. აღნიშნული ინიციატივის განსახორციელებლად, შეხვედრების მონაწილეებისგან შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომლებმაც საკრებულოში პეტიციის წარსადგენის მიზნით ბათუმის მერიისგან გამოითხოვეს შესაბამისი ფორმა და დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება.

მოქალაქეთა პეტიციას საკრებულოს წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს
მოქალაქეთა პეტიციას საკრებულოს წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს

ჯგუფმა აღნიშნული პეტიციით ბათუმის საკრებულოს  2017 წლის თებერვალში მომართა. ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიამ მოქალაქეთა მიერ წარდგენილ პეტიციას საკომისიო განხილვაზე მხარი დაუჭირა, რის შემდეგაც საკითხი შესათანხმებლად გადაეგზავნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებულ გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას. სწორედ ამ კომისიიდან მიღებული თანხმობის საფუძველზე, 2018 წლის 15 თებერვლის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრებმა  მოქალაქეთა მიერ წარდგენილ პეტიციას  უკლებლივ დაუჭირეს მხარი.

პეტიცია  სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის პროექტის – „მართე შენი ქალაქის“ ფარგლებში მომზადდა და იგი  მხარდაჭერილი იყო აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ, EWMI Access-ის პროექტის ფარგლებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

სასჯელაღსრულების სამინისტრო: მერაბ ღოღობერიძეზე ჯერ რისკი არ შეფასებულა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მერაბ ღოღობერიძის მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მერაბ ღოღობერიძის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მას დახურული ტიპის დაწესებულებაში ტოვებენ.

სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, მერაბ ღოღობერიძის, როგორც მსჯავრდებულის რისკი ამ დროისთვის არ შეუფასებია მულტიდისციპლინარულ ჯგუფს, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, რომელი ტიპის დაწესებულებაში უნდა მოთავსდეს პატიმარი.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მულტიდისციპლინარულ ჯგუფს ჯერ კიდევ აქვს ვადა ამ საკითხის განხილვისთვის.

სასჯელაღსრულების სამინისტრო ასევე აზუსტებს, რომ მერაბ ღოღობერიძის ღია ტიპის დაწესებულებაში მოთავსებაზე სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია და დაწესებულების ტიპის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივა არ არის.

მერაბ ღოღობერიძე “ბათუმის აქციის საქმეზე” იხდის სასჯელს.

ივანიშვილის პარკისთვის ხე სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის საძირკველთან ამოთხარეს [ფოტოამბავი]

მწვანე კონცხზე, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელთან ახლოს, მრავალწლოვანი ხეა ამოთხრილი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, აქედან ხე ბიძინა ივანიშვილის ბაღისთვის ამოთხარეს, რაც საერთო საცხოვრებლის შენობას, სადაც ამ დრომდე ცხოვრობენ სტუდენტები, საფრთხეს უქმნის.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამბობენ, რომ ვითარებას ადგილზე გაეცნენ და ვიზუალური დათვალიერებით, შენობას ტექნიკური პრობლემა არ აქვს და შეფასება, რომ ის წარმოადგენს ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის საფრთხეს, მხოლოდ ვარაუდია.

ამ დროისათვის ამ შენობაში 60-მდე სტუდენტი ცხოვრობს. ისინი სექტემბერში, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ გადავლენ ახალ სტუდენტურ საცხოვრებელში.

ბსუ-ახალი საერთო საცხოვრებლის ასაშენებლად 2 592 082 ლარზე აქვს გაფორმებული ხელშეკრულება კომპანია „ვექტორთან“.

სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის შენობა ბსუ-ს აღარ ეკუთვნის. ბათუმში, მწვანე კონცხზე მდებარე ყოფილი აგრარული უნივერსიტეტისა და ბსუ-ს საერთო საცხოვრებლის შენობები პირობებიან აუქციონზე ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ „ბიზნეს დეველოპმენტმა“ 2017 წელს შეიძინა. აუქციონში მხოლოდ ეს ერთი კომპანია მონაწილეობდა, რომელმაც აღნიშნული ქონება 4 600 000 ლარად იყიდა.

 

 

მერაბ ღოღობერიძე: მე ისევ დახურული ტიპის დაწესებულებაში დამტოვეს

„სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მე ისევ დახურული ტიპის დაწესებულებაში ვარ, კონკრეტულად კი, მეორე დაწესებულებაში. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ჩაწერა გადაწყვეტილებაში, რომ უნდა ვიყო ღია ტიპის ციხეში. ჩემ მიმართ ხდება არაადამიანური მოპყრობა პოლიტიკური ნიშნით,“ -განაცხადა დღეს სასამართლო პროცესზე მერაბ ღოღობერიძემ.

მის წინააღმდეგ ამჯერად ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია დავობს სამოქალაქო წესით. დავის საგანი სარფში იჯარით გაცემული პლაჟის ნაკვეთია, რითაც მერაბ ღოღობერიძე სარგებლობდა დაპატიმრებამდე.

სამოქალაქო დავას მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი განიხილავს. მას სთხოვა ამ საკითხით დაინტერესება მერაბ ღოღობერიძემ. მოსამართლეს პატიმრის დახურული ტიპის დაწესებულებაში ყოფნაზე კომენტარი არ გაუკეთებია. მან ღოღობერიძეს სთხოვა, სამოქალაქო სარჩელზე ესაუბრა.

მერაბ ღოღობერიძე ირაკლი ჩხვირკიასთან ერთად გაასამართლეს “ბათუმის აქციის საქმეზე”. მათ მოსამართლე დავით მამისეიშვილმა თავისუფლების აღკვეთა წელიწადნახევრით შეუფარდა.

რატომ რჩება მერაბ ღოღობერიძე დახურული ტიპის დაწესებულებაში – სასჯელაღსრულების სამინისტროს ამ დრომდე არ განუმარტავს.

მთავარ ფოტოზე: მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლო პროცესი “ბათუმის აქციის საქმეზე”/ ფოტო “ბათუმელების” არქივიდან

 

მოძრაობის ახალი სქემა: მერია ტრაილერებისთვის მიმართულების მაჩვენებელს დაამონტაჟებს

გოგოლისა და ნონეშვილის ქუჩების კვეთაში, მერიის საგზაო მოძრაობისა და რეგულირების სამსახური მიმართულების წინასწარ მაჩვენებელს დაამონტაჟებს. იმის გამო, რომ ამ კვეთაში არ დგას შესაბამისი მაჩვენებელი, თბილისისკენ მიმავალი სატვირთო ავტომანქანები შეცდომით გოროდოკის დასახლებისკენ მიდიან. ასე საერთაშორისო გადაზიდვების ტრაილერები ხვდებიან ჩიხში და შემდეგ დიდი ძალისხმევა სჭირდებათ აქედან გასასვლელად. ქუჩის გარკვეულ მონაკვეთებში გარე განათებაც გამორთულია, შესაბამისად, ბნელა.

ბათუმში ავტოტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა 17 თებერვლიდან ამოქმედდა. 

“ამ საკითხის შესახებ ინფორმირებული ვართ, გამოსწორდება დაახლოებით 40 წუთში. აქ თბილისის მიმართულების ნიშანი არის საჭირო და ნიშანს დავაყენებთ”, – ამბობს ბათუმის მერიის საგზაო მოძრაობის და რეგულირების სამსახურის უფროსი, ირაკლი თოდუა.

ესტაკადის მშენებლობის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემის შესახებ ცოტა ხნის წინ ქალაქის მერმაც ისაუბრა და თქვა, რომ გარკვეული სამუშაოები ახალი საგზაო ნიშნების დამონტაჟების კუთხითაც ჩატარდება.

“ესტაკადის მშენებლობამ მნიშვნელოვნად შეცვლა არსებული სატრანსპორტო მოძრაობის სქემა. ინფორმირებულობის თვალსაზრისით ვაკეთებთ ყველაფერს ტელევიზიითაც და ფეისბუქითაც. შავშეთის, მაიაკოვსკისა და წერეთლის კვანძი, ასევე გოგოლის ქუჩა, კონტროლდება ჩვენი თანამშრომლების მეშვეობით, ცოცხალ რეჟიმში. საპატრულო პოლიციასთან ვმუშაობთ კოორდინირებულად, რითაც ვცდილობთ ეს პროცესები მაქსიმალურად შევამსუბუქოთ, რომ სატრანსპორტო გამტარიანობა იყოს მაქსიმალურად მოსახერხებელი. აქვე ვიზრუნებთ იმაზეც, რომ შესაბამისი საგზაო ნიშნები განთავსდეს”, – თქვა ლაშა კომახიძემ.

ვინ და როგორ შეარჩია სამეცნიერო-კვლევითი პროექტების გამარჯვებულები ბსუ-ში

ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შესარჩევი კონკურსის გამარჯვებულები უკვე ცნობილია. კონკურსში წარდგენილი 32 პროექტიდან საკონკურსო კომისიამ 10 პროექტი აარჩია. პროექტების განსახორციელებლად უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 180 ათასი ლარი დაიხარჯება.

კონკურსი ექვს მიმართულებაზე იყო გამოცხადებული – ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და აგრარულის, ეკონომიკისა და ბიზნესის, ჰუმანიტარული მეცნიერებების, საბუნებისმეტყველო, სოციალური მეცნიერებებისა და ინტერდისციპლინარული კვლევების მიმართულებით.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ნათია წიკლაშვილი ამბობს, რომ კონკურსის ყველა გამარჯვებული პროექტი ექვსივე მიმართულებისთვის ცალ-ცალკე შექმნილმა საკონკურსო კომისიებმა შეარჩიეს. კომისიები კი კვალიფიციური კადრებით იყო დაკომპლექტებული. თითოეულ პროექტში გასაცემი მაქსიმალური საგრანტო თანხა 20 ათასი ლარი იყო.

„პირველ ეტაპზე სრულად ვერ მოხერხდა გამოყოფილი თანხის ათვისება. ამიტომ მაღალი შეფასების მქონე პროექტები, რომლებიც პირველ ადგილზე ვერ გავიდნენ, მაგრამ კომისიებმა მაღალი ქულებით შეაფასეს, განმეორებით კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. შევქმენით გაერთიანებული კომისია, რომელთაც განიხილეს ეს პროექტები და გამარჯვებულები გამოავლინეს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნათია წიკლაშვილმა.

სამეცნიერო-კვლევით პროექტებზე უნივერსიტეტი გრანტებს მესამე წელია გასცემს. წლევანდელი გამარჯვებული პროექტების ნუსხა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

 

 

პარკირება – „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ 100 ათას 300 საჯარიმო ქვითარს ყიდულობს

„ბათუმის ავტოტრანსპორტს“ ბათუმში პარკირების წესების დარღვევებზე ავტომანქანის მფლობელების დასაჯარიმებლად შესაბამისი საჯარიმო ქვითრების მარაგი ამ ეტაპისათვის არ გააჩნია. „ავტოტრანსპორტში“ აცხადებენ, რომ დარჩენილი აქვთ იმ რაოდენობის ქვითრები, რაც დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ეყოფათ და სამსახური ჩვეულ რიტმში აგრძელებს მუშაობას.

ორი სახეობის 100 ათას 300 ერთეული საჯარიმო ქვითრის ბეჭდვა-შესყიდვაზე „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ ტენდერი აქვს გამოცხადებული, სადაც წინადადებების მიღება 22 თებერვალს დასრულდება. სატენდერო თანხა 13 ათას 186 ლარია. ტენდერის დასრულებამდე კი „ავტოტრანსპორტი“ 10 ათასი საჯარიმო ქვითრის შესყიდვას ტენდერის გარეშე აპირებს, რათა შესაბამის სამსახურს მუშაობაში ხელი არ შეეშალოს.

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ 100 % წილის მფლობელი ბათუმის მერიაა. მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის გამო და ბათუმის მერის 2018 წლის 23 იანვრის შესაბამისი ბრძანებით, ბათუმში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ დაევალა.

ბათუმის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილებით კი „ავტოტრანსპორტს“ ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1253-ე მუხლით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრების გამოწერის  უფლება  მიეცა. ადრე ამ ფუნქციას მერიის „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო“ ასრულებდა.

ბათუმში პარკირების კუთხით სერიოზული პრობლემებია. არასაკმარისია ავტოსადგომები, პარკირების წესების დარღვევისთვის კი, ყოველდღიურად ქალაქში ასობით მძღოლს აჯარიმებენ.

მნიშვნელოვანი პრობლემაა ასევე, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლები ვალდებულნი არიან, საცხოვრებელი სახლის პროექტში ავტომანქანებისთვის პარკინგი გაითვალისწინონ, თუმცა სანებართვო დოკუმენტის მიღების შემდეგ მშენებლები შეთანხმებას ცვლიან, რის გამოც პარკინგის ტერიტორიას სხვა დატვირთვა ეძლევა.

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, არჩევნებამდე „ბათუმელებთან“ აცხადებდა, რომ ბათუმში პარკირების შენობების მოწყობას აპირებს.

ამავე თემაზე:

ქუჩები ბათუმში, სადაც პარკირება შესაძლოა აიკრძალოს

გადაიხდით, მაგრამ ვერ გააჩერებთ

სახლები პარკინგის გარეშე

 

შენ, რა იცი ფაროსანას შესახებ? [ტესტი]

ვნახოთ რა იცი მავნე მწერის, ფაროსანას შესახებ. ტესტში მის ფოტოს ვერსად შეხვდები, მალე გაიღვიძებს და ისეც ხშირად ნახავ ხოლმე აპრილიდან.

ამავე თემაზე:

რომელ ქუჩაზე შეფერხდება წყლის მიწოდება ბათუმში

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბაქოს ქუჩაზე, ესტაკადის მშენებლობის გამო წყალმომარაგების მილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც 12:00-დან 18:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება ბაქოს ქ. #74-სა და მაქაცარიას ქუჩაზე მცხოვრებ აბონენტებს.

ცოლის ცემაში ბრალდებულის ადვოკატი: ისინი ისევ ერთად ცხოვრობენ

ოჯახში ძალადობას გამოძიება გურამ ბ.-ს ედავება. გამოძიების ვერსიით, მან გასული წლის 5 დეკემბერს, „ხელების მრავალჯერ დარტყმით, ცოლს მიაყენა ფიზიკური ტკივილი“. ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება.

„თავს დამნაშავედ ვცნობ,“ – მიმართა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს ბრალდებულმა ბრალის გაცნობის შემდეგ.

მოსამართლემ განმარტა, რომ ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 80-დან 150 საათამდე.

გურამ ბ. ნასამართლევი არ არის. ის სასამართლოს ორიათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ ჰყავს გათავისუფლებული.

საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნა, რაც ქალისთვის ფიზიკური ზიანის მიყენებას ადასტურებს, თუმცა სასამართლო არ მოისმენს რომელიმე ექსპერტის ან თავად ნაცემი ქალის ჩვენებას. დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, რაც პროკურატურამ წარმოადგინა. ასეთ დროს სასამართლო მხარეებისგან მხოლოდ შესავალ და დასკვნით სიტყვებს ისმენს, ბრალდებული კი, საბოლოო განაჩენს მოისმენს.

მხარეებს შორის ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმება მიღწეული არ არის.

„სასჯელის რა სახე იქნება სამართლიანი?“- ეს კითხვა „ბათუმელებმა“ ბრალდებულს სხდომის დასრულების შემდეგ დაუსვა. მან გვითხრა, რომ დუმილის უფლებას ირჩევს.

მოკლე კომენტარით შემოიფარგლა ადვოკატი პაატა ბერიძეც: „ცოლი უკვე შეურიგდა… ისინი ისევ ერთად ცხოვრობენ“.

გზა სოფელ ჩანჩხალოში [ფოტოამბავი]

ეს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოსთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზაა. ადგილობრივების თქმით, აქ მეწყერი ერთი წლის წინ ჩამოწვა და მას შემდეგ გზა ჩახერგილია.  
სოფელში ავტომობილები შემოვლითი გზიდან დადიან.
ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო

ლაშა კომახიძე მუსლიმ თემთან ახალი მეჩეთის მშენებლობაზე მოლაპარაკებას იწყებს

ბათუმის მეჩეთის საქმის განხილვა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ერთი თვით გადადო. ერთ თვეში ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, უნდა გადაწყვიტოს, მოაწერს თუ არა ხელს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვას.

ბათუმის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ააიპ „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა“ შეიტანა. ბათუმის მერიამ 2017 წლის 5 მაისს მუსლიმ თემს უარი უთხრა ქალაქში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. სასამართლოს მუსლიმმა თემმა გასული წლის 10 ივნისს მიმართა.

„ბათუმის ახალი მერი მზადაა მოლაპარაკება გამართოს. მოვითხოვთ სხდომის გადადებას,“ – მიმართა სხდომის დასაწყისში მოსამართლეს ბათუმის მერიის იურისტმა, ვახტანგ გედენიძემ.

მუსლიმი თემის ინტერესების დამცველმა, ეთერ გვრიტიშვილმა, მერიის შეთავაზების საპასუხოდ თქვა, რომ მათი ინტერესიც არ არის დავის სასამართლო გზით გადაწყვეტა.

„მთავარია, შედეგზე ორიენტირებული იყოს მოლაპარაკება მერთან და ამის გამო სასამართლო პროცესი ისევ არ გაჭიანურდეს ხელოვნურად,“ – დასძინა იურისტმა.

„პროცესი არ გაჭიანურდება. ეს საქმე უკვე სასამართლოს განრიგშია,“ – ჩაურთო მოსამართლემ. მან მხარეებს ახსნა-განმარტების უფლება მისცა, რაზეც მერიის იურისტმა უარი განაცხადა.

„არა მგონია, ახსნა-განმარტებებმა შეცვალოს შეხედულებები. უმჯობესია მოლაპარაკების ეტაპზე გადავიდეთ,“ – დასძინა მერიის იურისტმა, ვახტანგ გედენიძემ.

მოსამართლემ განმარტა, რომ დავის საგანი მშენებლობის პირველი ეტაპია, გასავლელი იქნება შემდეგი ეტაპები და „მხარეების კეთილგანწყობა საჭირო იქნება“.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მუსლიმი თემის კიდევ ერთი შუამდგომლობა დააკმაყოფილა – მერია ვალდებულია გასცეს ინფორმაცია მართლმადიდებლურ სალოცავებზე, რომლებზეც იმ ზონაში შენდება, სადაც მეჩეთი უნდა აშენებულიყო.

„ეს ინფორმაცია გასული წლის 30 მაისს გამოვითხოვეთ ბათუმის მერიისგან და იგი ამ დრომდე არ მიგვიღია. გვაინტერესებდა ნებართვები, რომლებიც სხვა საკულტო ნაგებობებზეა გაცემული,“- აღნიშნა იურისტმა, ეთერ გვრიტიშვილმა.

მუსლიმი თემი დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასაც ითხოვს სასამართლოში.

„თუ გაირკვა, რომ ნებართვა გაცემულია სხვა საკულტო ნაგებობებზე, დისკრიმინაცია იქნება?“- იკითხა მოსამართლემ.

იურისტმა ეთერ გვრიტიშვილმა ყურადღება გაამახვილა მოტივზე, რის გამოც მერიამ ახალი მშენებლობის ნებართვაზე უარი თქვა. მერიის არგუმენტი იყო ის, რომ ახალი მეჩეთი ფუნქციურ, ანუ იგივე საცხოვრებელ ზონაში ვერ აშენდებოდა.

„ჩვენ გვაინტერესებს, როგორია მერიის პრაქტიკა დომინანტი რელიგიური ჯგუფის მიმართ. თუ მშენებლობის ნებართვები გაცემულია საცხოვრებელ ზონაში, დავინახავთ დისკრიმინაციულ მიდგომას,“ – თქვა ეთერ გვრიტიშვილმა.

მოსამართლემ მერიის წარმომადგენლისკენ გაიხედა და მიმართა:

„დასაბუთებულია ეს მოთხოვნა და ის უნდა დაკმაყოფილდეს“.

მუსლიმი თემის ინტერესებს სასამართლოში „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“, ასევე „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ იცავენ.

„იქნებ ჩემს თანაშემწესაც შეატყობინოთ, როგორ დასრულდება მოლაპარაკებები მერთან,“ – თქვა მოსამართლემ, ვიდრე სხდომის დარბაზს დატოვებდა.

 

ზურაბ პატარაძე K2-ის შუამდგომლობაზე უარს ამბობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, დღეს, 20 თებერვალს, ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრაზე განაცხადა, რომ უარს ამბობს K2 კოეფიციენტის შუამდგომლობის მოთხოვნის უფლებაზე, რისი საშუალებაც მას, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ჰქონდა.

K2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტია, რომელიც შენობის სიმაღლეს განსაზღვრავს.

„ამ საკითხს მერია გადაწყვეტს“, – თქვა ზურაბ პატარაძემ და დასძინა, რომ აჭარის მთავრობა პროცესებს გარედან გააკონტროლებს. 

ერთ-ერთ სერიოზულ მიზეზად, რის გამოც ბათუმი „კასკადური შენობების ქალაქად“ გადაიქცა, სწორედ  K2 კოეფიციენტის მატება სახელდება. K2-ის გაზრდაზე მერიასთან შუამდგომლობის უფლება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ჰქონდა.

სამი გაუქმებული უნივერსიტეტი და აკრედიტაციის გარეშე დარჩენილი 12 პროგრამა

აკრედიტაციის საბჭომ 2018 წელს 38 პროგრამის აკრედიტაციის საკითხი განიხილა. 19 პროგრამას სრული აკრედიტაცია მიანიჭა, 7 პროგრამას პირობითი აკრედიტაცია მისცა, 12 პროგრამას კი უარი უთხრა აკრედიტაციაზე.

პირობითი აკრედიტაცია, როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, პროგრამას მაქსიმუმ ორი წლის ვადით ენიჭება, ამის შემდეგ სასწავლებელმა ისევ უნდა მიმართოს აკრედიტაციისთვის ცენტრს.

იმ შემთხვევაში, თუკი პროგრამა დადებითად არ შეფასდება, ის ხელმეორედ ვეღარ მიიღებს პირობით აკრედიტაციას.

დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში, სრული აკრედიტაცია პროგრამას ოთხიდან შვიდი წლის ვადით ენიჭება.

აკრედიტაცია ვერ გაიარა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, წმ. გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) გარკვეულმა პროგრამებმა. სულ 12-მა პროგრამამ.

როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ლაშა მარგიშვილი გვეუბნება, იმ პროგრამებიდან, რომლებმაც აკრედიტაცია ვერ მიიღო, რვა იყო ახალი და არ ხორციელდებოდა, დანარჩენი პროგრამებით კი სწავლება მიმდინარეობდა.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რადგან ამ პროგრამებმა ვერ მიიღო აკრედიტაცია, ნიშნავს თუ არა ეს, რომ სტუდენტებმა უხარისხო პროგრამით ისწავლეს? – ლაშა მარგიშვილი ამბობს, რომ ამ პროგრამებს აკრედიტაცია მიღებული ჰქონდათ 2012-2013 წლებში. ეს იმას ნიშნავს, რომ ის იმ დროინდელ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა.

„დღეს უკვე 2018 წელია და ბევრი რამ შეიცვალა. ამ პროგრამების ძირითადი ხარვეზების ნაწილი მოდიოდა პროგრამის შინაარსზე, შინაარსის განახლებაზე, სასწავლო რესურსების განახლებაზე და ადამიანური რესურსების გაძლიერებაზე“, – ამბობს მარგიშვილი.

დაწესებულებას შეუძლია აკრედიტაციის საბჭოს რეაკრედიტაციისთვის ისევ მიმართოს. კონკრეტული ვადები ამისთვის დადგენილი არ არის. „ბუნებრივია, თუ დაწესებულებამ ხარვეზები არ გამოასწორა, რეაკრედიტაციისთვის მიმართვას აზრი არ აქვს“, – ამბობს მარგიშვილი.

იმ პროგრამებზე, რომლებსაც აკრედიტაცია არ მიენიჭა, 2018 წელს უნივერსიტეტები სტუდენტების მიღებას ვერ შეძლებენ.

აკრედიტაციის საბჭომ 2018 წელს ორ უმაღლეს სასწავლებელს ავტორიზაციაც გაუუქმა. ესენია „ჰიპოკრატე“ და თბილისის საერთაშორისო აკადემია. ხოლო დეკემბერში, ავტორიზაცია გაუუქმდა ამერიკის ბიზნესის აკადემიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მოთხოვნით. „არ ფუნქციონირებდა ეს უნივერსიტეტი და თვითონ მოითხოვა აკრედიტაციის გაუქმება“, – ამბობს მარგიშვილი.

მისივე ინფორმაციით, „ჰიპოკრატეში“ და „თბილისის საერთაშორისო აკადემიაში“ დაახლოებით 500-მდე სტუდენტი სწავლობს, რომლებიც მობილობის მეშვეობით სხვადასხვა სასწავლებელში გადანაწილდებიან.

 

ამავე თემაზე:

რომელი პროგრამების აკრედიტაციაზე უთხრეს უარი უნივერსიტეტებს – მენეჯერების განმარტება

 

ზურაბ პატარაძემ ბიზნესმენებს ქონება პირდაპირ გადასცა, მათ შორის თავის მეგობარს

შპს „გთმ გროუპმა“ 5000 კვადრატული მეტრზე მეტი მიწის ნაკვეთი პირდაპირი წესით, აუქციონის გარეშე, 85 250 ლარად და ინვესტიციის განხორციელების პირობით შეისყიდა. გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით გადაცემაზე ზურაბ პატარაძემ მიიღო [ბრძანება #258 7/12/2017].

შპს „გთმ გროუპი“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეგობრის, ედნარ პაპუნაიშვილის კომპანიაა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებთან“ თავად ზურაბ პატარაძემ დაადასტურა.

„აჭარა პატარა რეგიონია და ყველა ყველას ნაცნობი ვართ და მეგობრები. რა თქმა უნდა, მე ვიცნობ ბატონ ედნარს, ვიცნობდი მთავრობის თავმჯდომარედ ჩემ დანიშვნამდეც. როცა ის მოღვაწეობდა თურქეთში, მე ვიყავი კონსული სტამბულში, შემდეგ ელჩი და უამრავი ღონისძიება მისი მხარდაჭერითაც გაიმართა. დაწყებული ყმაწვილკაცობიდან, ბევრს ვიცნობ და ბატონი ედნარიც არ არის გამონაკლისი. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ და ვიმეგობროთ ყველასთან, ვინც რეგიონისთვის წარმატებულ პროექტს განახორციელებს“, – განმარტა ზურაბ პატარაძემ „ბათუმელებთან“.

აჭარის მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ედნარ პაპუნაიშვილის კომპანიამ „გთმ გროუპმა“ ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი კურორტზე 11,65 ლარად შეიძინა, 4 მილიონ 500 000 ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელების პირობით.

ზურაბ პატარაძის მეგობრის კომპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება აჭარის ფინანსთა სამინისტრომ საბანკო გარანტიით დააზღვია, კომპანიამ აიღო ვალდებულება 250 000-ლარიანი საბანკო გარანტიის სამინისტროსთვის წარდგენაზე, რომელსაც 47-თვიანი ვადა ექნება.

კონკრეტულ გარემოში მიწის ნაკვეთის არა აუქციონით, არამედ პირდაპირი წესით გასხვისების გადაწყვეტილებას ზურაბ პატარაძემ „რეგიონის სტრატეგია“ და „სწორი გადაწყვეტილება“ უწოდა:

„რა ინვესტიციების განხორციელებაც დაიწყო იქ, ყველა არის პირდაპირი წესით გაცემული. როცა მე გავხდი მთავრობის თავმჯდომარე, სულ ორი განაცხადი იყო მიზერული საინვესტიციო თანხით. ზუსტად  დიდმა კომპანიებმა აწიეს თამასა და დღეს უკვე ხორციელდება რამდენიმე მილიონი ინვესტიცია მაღალმთიან აჭარაში. ყველა პროექტისთვის მიწის ნაკვეთი გაცემულია პირდაპირი წესით და დამერწმუნეთ, ამან მისცა ბიძგი, რომ დღეს გაჩნდა ინტერესი და ერთ ადგილზე უკვე ორ და სამ კომპანიას შემოაქვს განაცხადი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გამოცხადდება აუქციონი და წავალთ აუქციონის წესით.“

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, მყიდველმა  ხელშეკრულების გაფორმებიდან ექვსი თვის ვადაში შესყიდულ ნაკვეთზე არანაკლებ 13 კოტეჯის მშენებლობის ნებართვის მიღება უნდა შეძლოს. მას ნებართვის მისაღებად სამი თვის ვადა მისცეს, მშენებლობის დაწყებიდან 36 თვეში კი ცამეტივე კოტეჯის მშენებლობის დასრულება და მათი ამოქმედება უნდა უზრუნველყოს. ჯამში კომპანიამ არანაკლებ 4 მილიონ 500 000 ლარის ღირებულების ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველმა პროფილი 30 წლის განმავლობაში უნდა შეინარჩუნოს და დაასაქმოს საქართველოს არანაკლებ 20 მოქალაქე.

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არ შესრულების ან ვადების დარღვევის გამო მყიდველს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საპრივატიზებო საფასურის ერთი პროცენტი დაერიცხება, რაც დღეში 852,50 ლარია.

შპს „გთმ გროუპი“ 2014 წელსაა დაფუძნებული და მისი ასივე პროცენტის მფლობელი ედნარ პაპუნაიშვილია.

2016 წლის აგვისტოში კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ნაკვეთი პირდაპირი წესით „მეტრო ატლას ჯორჯიამაც“ შეისყიდა, 2017 წლის აგვისტოში ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანეს და კომპანიას პირობები დაუზუსტეს. დაზუსტებული პირობების მიხედვით, კომპანიამ კურორტზე  მიწის სამი ნაკვეთი შეისყიდა, მათ შორის ორი ნაკვეთი ჯამში 6172 კვადრატული მეტრი სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცა, ხოლო 4825 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი კომპანიას კურორტზე 77 200 ლარად მიჰყიდეს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „მეტრო ატლას ჯორჯიამ“ აიღო ვალდებულება 2017 წლის 11 აგვისტოდან ოცი თვის ვადაში უზრუნველყოს არანაკლებ 120-ნომერიანი სასტუმროს, კვების ობიექტებისა და 40 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგის ადგილის მშენებლობა. ამ ყველაფერში კომპანიამ 12 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

კომპანიამ აიღო ასევე ამ პროექტში 60 მოქალაქის დასაქმების ვალდებულება [მათი 90% საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს].

ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო კომპანია ყოველ გადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 5 პროცენტით დაჯარიმდება.

კურორტ „გოდერძზე“ საინვესტიციო მიწის ნაკვეთი შეისყიდა შპს „გოლდმაინმაც“, კომპანიამ  2969 კვ.მ-ში 130 000 ლარი გადაიხადა. ამ შემთხვევაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დაზღვევისთვის 200 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი მოითხოვა, 39-თვიანი საბანკო გარანტიით.

კომპანიამ ხელშეკრულების დადებიდან 14 თვის ვადაში არანაკლებ ასნომრიანი სასტუმროს მშენებლობა უნდა დაასრულოს.

კურორტ გოდერძიზე 3539 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი 56 625 ლარად შეისყიდა და ასნომრიანი სასტუმროს მშენებლობის ვალდებულება აიღო შპს „ნიუ გოდერძიმაც“. კომპანია 2017 წელსაა დაფუძნებული და მას უკრაინის მოქალაქე ოლგა ბაბკო ფლობს. აჭარის მთავრობასთან დადებული შეთანხმებით, ოლგა ბაბკო კურორტ გოდერძიზე 4 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების და, ზოგადად, კურორტისადმი გამოხატული ინტერესის საფუძველზე, უახლოეს 3 წელში კურორტზე ჯამში 200-ზე მეტი მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ეს გულისხმობს 800-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილს, მაღალი დონის სამთო-სათხილამურო კურორტს ფეშენებელური სასტუმრო კომპლექსებით (მათ შორის საერთაშორისო ბრენდის ოპერირებით) და თანამედროვე ინფრასტრუქტურით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ალიევმა ბათუმში აზერბაიჯანის ახალი კონსული დანიშნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ბათუმში აზერბაიჯანის გენერალური კონსულის პოსტზე ფარვიზ ჯაფარ ოღლუ ისმაილზადე დანიშნა. ალიევმა ბრძანებას ხელი 19 თებერვალს მოაწერა.

ისმაილზადე აქამდე  არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში მუშაობდა აზერბაიჯანის გენერალური კონსულის პოსტზე. იგი დუბაიდან ალიევმა 2018 წლის 29 იანვარს გაიწვია, სწორედ იმ დღეებში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ელჩები და კონსულები არაერთ ქვეყანასა და ქალაქში შეცვალა, მათ შორის ბათუმშიც. 

ვაზის გასხვლა სირაბიძეების ვენახში [ვიდეო]

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეებში სირაბიძეების ოჯახმა ვაზის მოშენება გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო. სირაბიძეებს 18-მდე სახეობის ვაზი დაახლოებით 6 ათას მეტრზე აქვთ გაშენებული. ვენახს ფრიდონ სირაბიძე უვლის.

ზამთრის მიწურულს ოჯახი ვაზის გასხვლას იწყებს. ტოტებს ინახავენ და ზაფხულში აქ მოსულ ტურისტებს წალამზე შემწვარ მწვადს სთავაზობენ.
სირაბიძეებს სახლის მეორე სართულზე საოჯახო სასტუმრო აქვთ, სადაც ერთდროულად 20-მდე ტურისტის მიღება შეუძლიათ. სახლის პირველ სართულზე ძველ მარანს ახლა ოჯახი სახელმწიფო დაფინანსებით აფართოებს. 

საჯარო შეხვედრა: რა არის აზიური ფაროსანა და როგორ ვებრძოლოთ მავნებელს?[ანონსი]

რა არის აზიური ფაროსანა და რა ეფექტური გზებით უნდა ვებრძოლოთ მავნებელს? – ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხების მისაღებად მობრძანდით საჯარო შეხვედრაზე: 23 თებერვალს, 17:00 საათზე ჩაქვში, სასტუმრო “ოაზისში” . შეხვედრას, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან, ფატი ხალვაშთან ერთად, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები გაუძღვებიან.

დასწრება თავისუფალია!

ლიფტი დენს გვარტყამს – რატომ ჩაიბარა მთავრობამ ლიფტები დამიწების გარეშე

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩის პირველ ნომერში მცხოვრები მოქალაქეები ამბობენ, რომ  მათი კორპუსის  ლიფტის კაბინა ზოგჯერ დენს ატარებს. ოჯახებს სპეციალისტმა უთხრა, რომ ოცივე ლიფტი, რომელიც ამ კორპუსშია, დამიწების გარეშე მუშაობს.

ნანა ვარშანიძე: დენის დარტყმის გამო ცუდად არავინ გამხდარა და სასწრაფოც არ გამოგვიძახებია, მაგრამ ხშირად ატარებს დენს ლიფტის კაბინა…

ლევან ბეშიტაიშვილი: 2015 წელს ჩაიბარეს ეს კორპუსი. თავიდანვე იყო პრობლემა. მამაჩემი ჩადიოდა ერთხელ და ისე სწრაფად წავიდა, რომ კინაღამ დაანარცხა პირველ სართულზე. ხშირად ფუჭდება და საერთოდ ჩერდება. ლიფტის ხელოსანმა გვითხრა, რომ დამიწება არ აქვს არც ერთ ლიფტს. ჩვენს სადარბაზოში უკვე გავაკეთეთ დამიწება და ამაში 380 ლარი გადავიხადეთ. ახლა დამიწება ყველა სართულზე, ლიფტის კართანაა გასაკეთებელი. მთლიანად 1180 ლარია საჭირო“.

ბათუმის მერიამ ხიმშიაშვილის ქუჩის პირველ ნომერში „გუმბათი ჯგუფის“ მიერ აშენებული კორპუსი 2015 წლის თებერვალში ჩაიბარა. ჩაბარება მოიცავდა ლიფტების ტექნიკური გამართულობის შემოწმებასაც.

„ჩვენ არ ვამოწმებდით ამ კუთხით ლიფტებს. ამას ეკონომიკის სამინისტრო აკეთებს,“ – გვითხრა ზაალ მამუჭაძემ, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის დასკვნის საფუძველზე ჩაიბარა მერიამ ბინა.

„დენი არტყამს რას ნიშნავს. მასე მანქანიდან როცა ჩამოვდივარ, მეც მარტყამს დენი. ვინმე ცუდად გახდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს? პრეტენზია ქაღალდზე დაწერილი ვიცი,“ – აღნიშნა დავით ბერიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა. 2017 წლის იანვრამდე ეს უწყება დებდა დასკვნას ახალ კორპუსებში ლიფტების ტექნიკურ გამართულობაზე, თუმცა დავით ბერიძის თქმით, პრაქტიკულად არც ეს უწყება ამოწმებდა.

„ჩვენ დამიწებას არ ვამოწმებდით, მაგრამ ვითხოვდით დოკუმენტს, იყო თუ არა დამიწებული ლიფტი. ამ დოკუმენტის გარეშე დასკვნას არ გავცემდით. ბინის მფლობელს უნდა წარმოედგინა დოკუმენტი,“ – განმარტავს დავით ბერიძე.

2017 წლიდან კორპუსებში ლიფტების ტექნიკურ გამართულობას აკრედიტებული საინსპექციო ორგანოები ამოწმებენ. ამ ორგანოს ახალი კორპუსის მშენებელი კომპანია ქირაობს. ბაზარზე ამ დროისთვის სულ ორი აკრედიტებული ორგანოა, რომელსაც შეუძლია დასკვნის დადება ლიფტების ტექნიკურ გამართულობაზე.

სად შეიძლება ვნახოთ დოკუმენტი ხიმშიაშვილის პირველში მდებარე კორპუსში ლიფტების დამიწების შესახებ? – ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა გვიპასუხა, რომ დოკუმენტი ლიფტის დამიწების შესახებ სამინისტროში არ ინახება და მისი შენახვის ვალდებულება სამინისტროს არ აქვს. „ასე ყველა დოკუმენტი რომ შევინახოთ, ერთი არქივი ცალკე დასჭირდება. კანონი არ გვავალებს შენახვას. ამხანაგობამ უნდა გაარკვიოს, სად წავიდა დოკუმენტი დამიწების შესახებ,“ – გვითხრა მან.

„დოკუმენტი ლიფტების დამიწების შესახებ ფორმალურად არსებობს,“ – აღნიშნავს ხიმშიაშვილის პირველში მცხოვრები რამდენიმე მოქალაქის ინტერესების დამცველი, ლინდა შალამბერიძე. ამ კორპუსში მცხოვრებთ ქონებრივი დავა აქვთ სასამართლოში ბათუმის მერიის და მშენებელი კომპანიის წინააღმდეგ. დავის ნაწილია ლიფტების ტექნიკური გაუმართაობაც.

„ფორმალურად წერია, რომ დამიწებაზე შემოწმებულია ლიფტები, მაგრამ ფაქტია, რომ იგი არ არსებობს. დამიწება გაკეთებული რომ ყოფილიყო, ხელოსანი  ხელახლა ხომ არ გააკეთებდა? ჩვენი ინფორმაციით, არათუ ამ კორპუსში, არამედ ახალაშენებული კორპუსების უმრავლესობაში ლიფტები დამიწებული არ არის. ჩვენ ვთხოვეთ დასკვნის დადება სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, მაგრამ უარი მივიღეთ. მოგვწერეს, რომ არ ჰყავთ ექსპერტი, რომელიც ლიფტებს დამიწებაზე შეამოწმებდა,“ – გვითხრა ლინდა შალამბერიძემ.

„დამიწება არ იყო, მაგრამ არა მგონია, განსაკუთრებული ხდებოდეს რამე ამ კორპუსში. თითქმის ყველგან ასეა ახალ კორპუსებში… უფრო ლიფტისთვის არის საფრთხე, ვიდრე ადამიანებისთვის, როცა დამიწება არ არის გაკეთებული. შესაძლოა, დამიწების გარეშე ლიფტი ნებისმიერ დროს გაჩერდეს“, – გვითხრა ლიფტების ხელოსანმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

„ამ მოქალაქეებმა პრეტენზია უნდა გამოხატონ იმ კომპანიის მიმართ, რომელიც ლიფტების გამართულად მუშაობაზეა პასუხისმგებელი. ჩვენ არცერთ თეთრს არ ვიღებთ ამაში,“ – გვითხრა კომპანია „გუმბათი ჯგუფის“ დირექტორის მოადგილემ, ლაშა ბალაძემ. ამბობს, რომ კორპუსი ეკონომიკის სამინისტროს კომპანიამ კი არა, იმ ფიზიკურმა პირმა ჩააბარა, რომელმაც „გუმბათი ჯგუფს“ მშენებლობა დაუკვეთა.

„ჩვენ ყველა დოკუმენტები გადავეცით ამ მოქალაქეს, მათ შორის, იქნებოდა დოკუმენტი დამიწებაზე, ზუტად არ მახსოვს,“ – გვითხრა ლაშა ბალაძემ.

 

ხიმშიაშვილის პირველში 468 ოჯახი ცხოვრობს.  მათ უმრავლესობას სხვადასხვა დროს, ექსპროპრიაციის წესი შეეხო და კერძო სახლები დათმეს. აქ ბინებს ფლობს ბათუმის მერიაც.

 

 

ფაროსანა იღვიძებს – რა ვქნათ?

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ბიფეტრინის ჯგუფის პრეპარატების დარიგებას სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობისთვის მონიტორინგის შედეგების მიღების შემდეგ განსაზღვრავს. 2018 წლის ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიით სრულმასშტაბიანი მონიტორინგია დაგეგმილი.  სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, დაარიგებენ თუ არა წელსაც პესტიციდებს.  პესტიციდები გამოიყენება ფოთლის მავნებლების, მათ შორის აზიური ფაროსანას, ყურძნის ჭიის, ტკიპების, ბუგრების, ნაყოფჭამიების, ხვატრების, ხოჭოების, მავნე კუსებურას და სხვა მავნებლების წინააღმდეგ ვაზში, ხეხილში, ბოსტნეულში, მარცვლეულში და პარკოსნებში.

ინსტრუქციაში, რომელიც სამინისტრომ გასულ წელს შხამთან ერთად დაურიგა მოსახლეობას, ნათქვამია, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბიფენტრინით წამლობა უნდა ჩატარდეს სხვადასხვა შემასხურებელი  მოწყობილობის მეშვეობით, მათ შორის სპეციალური ზურგსაკიდი შემასხურებელი აგრეგატით. ეს შეიძლება იყოს ვენახის შესაწამლი აპარატი.

რეკომენდირებულია, რომ 10 ლიტრ წყალში 30 მლ. პრეპარატი გაიხსნას. ინსტრუქციის მიხედვით, პრეპარატს არ გააჩნია მცენარეების მიმართ ფიტოტოქსიკურობა [მომწამვლელი არ არის], თუ მისი გამოყენებისას ნორმები დაცული იქნება.

ინსტრუქციის მიხედვით:

  • წამლობა უნდა ჩატარდეს მოსავლის აღებამდე 30 დღით ადრე მრავალწლიან კულტურებზე
  • 20 დღით ადრე მარცვლეულზე
  • 15 დღით ადრე ბოსტნეულსა და პარკოსნებზე
  • ამასთან, ბიფენტრინის ნარჩენების დონე მოსავალში არ უნდა აღემატებოდეს 0,04-0,4 მგ/კგ-ს.

წამლობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ დილის საათებში და არც ერთ შემთხვევაში ქარიან ამინდში. თუ ფუტკრის სკა გყავთ, დაუშვებელია პრეპარატის შესხურება ფუტკრის სკების მიმდებარედ.

საშიშია თუ არა ბიფეტრინი ადამიანისათვის?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ბიფენტრინი ადამიანის მიმართ საშიშროების II კლასს მიეკუთვნება.

არ უნდა შეინახოთ კვების პროდუქტებთან, ცხოველთა საკვებთან და ადამიანებისათვის განკუთვნილ სხვა პროდუქციასთან ერთად. შეწამვლის დროს, თუ საკარმიდამო ნაკვეთში გაქვთ ჭა, ის უნდა დახუროთ. არ უნდა მოხვდეს წყალსადენებში, ტბებში და ნაკადულებში.

შეწამვლის დროს პესტიციდი უნდა მოარიდოთ კანს და თვალებს. პროცესში დაუშვებელია საკვების მიღება, თამბაქოს მოწევა ან ალკოჰოლის მიღება. ამასთან, კონტეინერის გახსნისას სასუნთქი გზები დაფარული უნდა გქონდეთ სპეციალური დამცავი ნიღბით. როდესაც შეწამვლას დაამთავრებთ, საკვების, სითხის მიღებამდე ან სიგარეტის მოწევამდე სახე და ხელები კარგად უნდა დაიბანოთ საპნით. ცალკე უნდა გარეცხოთ ხელთათმანები, სახის დამცავი ნიღაბი და დაბინძურებული ტანსაცმელი.

მას შემდეგ, რაც ბიფეტრინით ნაკვეთს შეწამლავთ, ბოთლი, რომელშიც სითხე ესხა, უნდა გაანადგუროთ. თუ მეტალისაა უნდა დახვრიტოთ, პლასტმასის დატეხოთ და შესაბამის ნაგავსაყარზე განათავსოთ.

თუ მუშაობის პროცესში მოიწამლეთ, სასწრაფოდ უნდა გაიხადოთ დაბინძურებული ტანსაცმელი, თუ პრეპარატი თვალში მოხვდა, 15 წუთის განმავლობაში გამდინარე წყლით დაიბანოთ თვალები, თუ შეისუნთქეთ, სასწრაფოდ უნდა დატოვოთ სამუშაო ზონა, ხოლო თუ გადაყლაპეთ, პირი უნდა გამოირეცხოთ და დიდი ოდენობის სითხე მიიღოთ. ამასთან, ნებისმიერი ტიპის მოწამვლის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

 

წყალქვეშა ფოტოგრაფიის კონკურსზე 2018 წლის გამარჯვებულები გამოავლინეს

წყალქვეშა ფოტოგრაფიის კონკურსი ბრიტანეთში ყოველ წელს ტარდება, 2018 წლის გამარჯვებულები 14 თებერვალს დააჯილდოვეს. კონკურსში 5000 ფოტოგრაფი მონაწილეობდა, საუკეთესო ფოტოები 11 სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლინეს. ფოტოკონკურსის მთავარი პრიზი წელს გერმანელ ფოტოგრაფს, ტობიას ფრიდრიხს გადასცეს და ის 2018 წლის საუკეთესო წყალქვეშა ფოტოგრაფად დაასახელეს.

2018 წლის საუკეთესო ბრიტანელი წყალქვეშა ფოტოგრაფის ტიტული კი შოტლანდიელ გრანტ ტომასს ერგო.

1. ომის ციკლი

ფოტოზე ასახულია მეორე მსოფლიო ომის დროს წითელ ზღვაში ჩაძირული, დაკარგული გემი, რომელსაც საომარი მანქანები და Norton 16H-ის მოდელის მოტოციკლები გადაჰქონდა.

ფოტო: Tobias Friedrich/UPY 2018

2. შეყვარებული ფრინველები

ფოტო შოტლანდიაშია გადაღებული. „გედები საკვებს ერთად ეძებდნენ წყალში თავჩაყოფილები, კარგა ხანს მომიწია ლოდინი, სანამ იდეალურ მომენტს დავიჭერდი, გედების სიმეტრიული და სინქრონული მოქმედება რომ ამესახა,“ – ამბობს ფოტოგრაფი გრანტ ტომასი.

ფოტო: Grant Thomas/UPY 2018

3. ღრიალი

გველთევზა ემზადება ზღვის არსებების გადასაყლაპად. „დაახლოებით ნახევარ საათს ვიცდიდი, ეს კადრი რომ გადამეღო, თუმცა შედეგი ამად ნამდვილად ღირდა,“- ყვება ფოტოგრაფი მანბდ უიდივი.

ფოტო: ManBd UiDive/UPY 2018

4. კუზიანი ვეშაპი წყლიდან ხტება 

ფოტო წყნარი ოკეანის პოლინეზიაში, კერძოდ ტონგაშია გადაღებული „ყოველ წელს მივდივარ ტონგაში და იქ ვხვდები კუზიანი ვეშაპებით დაინტერესებულ, ბუნებაზე შეყვარებულ ტურისტებს. ტონგა საუკეთესო ადგილია ლურჯ, კამკამა წყალში კუზიან ვეშაპებზე დასაკვირვებლად. წელს განსაკუთრებით იღბლიანი წელი მქონდა, რადგან ეს ცნობისმოყვარე, მხიარული ძუძუმწოვრები ძალიან ახლოს მოდიოდნენ, გვაკვირდებოდნენ და ჩვენ თვალწინ პოზირებდნენ. მიუხედავად რამდენიმე ათეული ტონისა, ვეშაპები ძალიან სწრაფად ხტებიან წყლიდან და ამ დროს გასაკვირ მოქნილობას იჩენენ, ფოტოზე სწორედ ეს მომენტია ასახულიმ“-ამბობს ფოტოს ავტორი, გრეგ ლეკოერი.

ფოტო: Greg Lecoeur/UPY 2018.

 5. ცხენთევზები

„ადგილი, სადაც ეს ფოტო გადავიღემ ცხენთევზების განსაკუთრებული სიმჭიდროვით გამოირჩევა, რაც იშვიათობაა.  თუ სადმე ერთ ცხენთევზას მაინც გადაიღებ, გაგიმართლა, სამი კი ერთად აქამდე არასდროს მინახავს. დაველოდე, სანამ ისინი პლანქტონებს შეჭამდნენ, მერე ცოტათი მოითენთნენ და გადასაღებად დრო ვიხელთე. დაველოდე მომენტს, როცა სამივეს სილუეტს გადავიღებდი,“- ფოტოგრაფი შეინ გროსი.

ფოტო: Shane Gross/UPY 2018

6. „მეგობარია თუ საკვები?”

„გველთევზებს ბევრჯერ შევხვედრივარ და გადამიღია, მაგრამ ასე მხატვრულად მათი არც ერთი კადრი არ გადამიღია. ოდნავ სხვაგვარი ექსპოზიციაც კი ფოტოს ეფექტს დაუკარგავდა. გველთევზა მსხვერპლს დარაჯობს და ვერ გადაუწყვეტია, შეჭამოს თუ არა,“- ფოტოგრაფი სუნგდა კაი.

ფოტო: Songda Cai/UPY 2018.

 7. მეთევზე

„ზამთრობით ტოკიოდან ჩინეთში მიმავალი გემები ნახევარკუნძულ იძუსთან ახლოს ჩერდებიან და ამ დროს გეძლევა შესაძლებლობა, ამ იშვიათი ჩიტების თევზაობას დააკვირდე. მათ ისე სჭირდებათ საკვები, რომ ამ დროს სულ არ აინტერესებთ, ვინ იღებს კამერით და ყურადღებასაც არ გაქცევენ, ისე იჭერენ სარდინებს,“-ფოტოგრაფი ფილიპო ბორგი.

ფოტო: Filippo Borghi/UPY 2018.

 8. დამალვა

პატარა თევზი „მედუზაში იმალება“- ფოტოგრაფ სკოტ გათსს მეგობარმა უამბო, რომ მსგავსი რამ არსობებს და პატარა თევზები ხანდახან მედუზებს შეეფარებიან ხოლმე, მაგრამ სინამდვილემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ფოტოგრაფმა თვალით ნანახი კადრში ასახა.

ფოტო: Scott Gutsy Tuason/UPY 2018.

9სატყუარა თევზებით გარშემორტყმული ზვიგენი

„ყოველთვის მოუთმენლად ველი კარიბის ჩაძირულ გემებამდე ჩაყვინთვას და მრისხანე, მაგრამ ჭკვიანი ზვიგენების ნახვას. თუმცა ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: გადასაღებად მომზადებული შევესწარი უამრავი პატარა სატყუარა-თევზებით გარშემორტყმულ ზვიგენს, რომელიც ნელა მოძრაობდა ამ პატარა თევზებისგან შემდგარ „ბურთში“, – ყვება ფოტოგრაფი ტანია ჰოუპერმანსი.

ფოტო: Tanya Houppermans/UPY 2018.

10. ნიანგის ანარეკლი

„გამიმართლა, რომ გადაღებისას ნიანგი მშვიდი იყო და გადაღებას მაცლიდა, ბევრი კადრი გადავიღე ამ ეფექტის მისაღებად და ვფიქრობ, ფოტოს მხატვრულობას ძლიერი გრაფიკული ელემენტი განსაზღვრავს, რასაც აუცილებლად სჭირდებოდა ფოტოს შავ-თეთრად გადაწყვეტა,“ – ამბობს ფოტოგრაფი ბორუტ ფურლანი.

ფოტო: Borut Furlan/UPY 2018

11. თევზების ომი

„თევზები ამ ფოტოზე ერთმანეთს არ კოცნიან, ეს მათი ბრძოლაა დაწყვილების უფლების მოსაპოვებლად. ბრიტანული ზაფხული ამ ჯიშის თევზებისთვის გამრავლების პერიოდია და კონკურენცია ძალიან მაღალია. მამრების ეს ცისფერი შეფერილობა პარტნიორების მისაზიდად უმუქდებათ სპეციალურად ამ პერიოდისთვის,“-ფოტოგრაფი ჰენლი სპირსი.

ფოტო: Henley Spiers/UPY 2018.

12. თეთრი სელაპი

„კუნძულ ფარნიზე ატლანტიკის სელაპის სახელით ცნობილი ათასობით ნაცრისფერი სელაპი ბინადრობს, ყოველ შემოდგომაზე ასობით ახალშობილი იბადება. ნაცრისფერი სელაპი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, შესანიშნავად იყენებდა კუდს ცურვისთვის და მოუხეშავობის მიუხედავად, მოქნილად გადაადგილდებოდა წყალში,“-ფოტოგრაფი ვიკი პეინტერი.

ფოტო: Vicky Paynter/UPY 2018.

 

ხულოს მერის მოადგილედ დავით ვანაძე დაინიშნა

ხულოს მერმა, გოჩა მელაძემ, მოადგილის პოზიციაზე პროფესიით იურისტი, დავით ვანაძე დანიშნა. დავით ვანაძის დანიშვნის ბრძანებას ხელი მერმა დღეს, 19 თებერვალს, მოაწერა.

ხულოს მერიის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თორნიკე მიქელაძის ინფორმაციით, დავით ვანაძე 2009 წელს შპს „ტექსტილში“ იურისტად მუშაოდა, 2010-2015 წლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარა-გურიის სამმართველოს ინსპექტორ-გამომიძიებელის თანამდებობა ეკავა, ხოლო 2015 წლიდან დღემდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ინსპექტორი იყო.

მარცხნიდან: დავით ვანაძე, გოჩა მელაძე და ლაშა ბოლქვაძე [მერის პირველი მოადგილე] / ფოტო: ხულოს მერია

ცხოვრება სახლში, რომელიც ინგრევა

დაბა ხულოში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილი სასამართლოს ხის ერთსართულიან შენობაში ათი ოჯახი ცხოვრობს.

სახლი ავარიულ მდგომარეობაშია.

აქ მცხოვრებთა უმეტესობას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ოჯახები სოციალურად დაუცველები არიან და თვიდან თვემდე სახელმწიფოს დახმარებით გააქვთ თავი.

 

 

მარგალიტა დავითაძეს ოთხი წლის წინ, სხვენიდან ჩამოვარდნილი ძელი დაეცა. მას შემდეგ მოხუცი საწოლში წევს.

 

 

სევიე თავდგირიძე ავარიულ შენობაში წლებია მარტო ცხოვრობს. თავს პენსიითა და საარსებო შემწეობით ირჩენს. ამბობს, რომ ავარიულ შენობაში ორი წლის წინ თაგვმა დაკბინა.

ხულოს მერი, გოჩა მელაძე ამბობს, რომ რუსთაველის ქუჩაზე, ფიცრულში, მოქალაქეებს დიდხანს არ მოუწევთ ცხოვრება. მისი თქმით, ხულოს მერიამ ყოფილ სასამართლოს შენობაში მცხოვრები ოჯახებისთვის დაბაში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე  კორპუსში ათი ბინა შეისყიდა და ოჯახებს ბინებს უახლოეს პერიოდში გადასცემენ.

გაბაიძის გარდაცვალების საქმეში „ევექსის“ ექიმების პასუხისმგებლობაზე საბჭოს არ უმსჯელია

ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს ჯერ არ უმსჯელია იმ ექიმების პროფესიულ პასუხისმგებლობაზე, რომლებიც აჭარის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მოადგილეს, თემურ გაბაიძეს მკურნალობდნენ. თემურ გაბაიძე გასულ წელს, კუროტ „გოდერძიზე“ დაშავდა და რამდენიმე დღის შემდეგ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი სამედიცინო ისტორია საქართველოს სამედიცინო საქმიანობის სააგენტომ გარდაცვლილის ოჯახის მიმართვის საფუძველზე შეისწავლა და რამდენიმე დარღვევა დაადგინა.

კერძოდ:

სწორი დიაგნოზი დაისვა დაგვიანებით, ჩატარებული სამკურნალო ღონისძიებები კი არაადეკვატური იყო.

ოპერაციისას, ანესთეზიის დროს დაშვებული იყო შეცდომა და გამოყენებული იყო მინიმალურ დოზაზე ნაკლები პრეპარატი, ასევე ოპერაცია მიმდინარეობდა არასაკმარისი ანალგეზიის პირობებში.

არ ჩატარებულა ინფექციონისტის კონსულტაცია და ანტიკონვულსური (გვერდითი მოვლენები) თერაპია დაინიშნა არაადექვატური სქემით და ა.შ.

სამედიცინო საქმიანობის სააგენტომ პროფესიული განვითარების საბჭოს სამი ექიმის [შპს „ემერჯენსი სერვისის“ ექიმი, ხათუნა გელაშვილი, შპს „უნიმედი აჭარას“ ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმები: გიორგი კავთელაძე და მაია მამისაიშვილი] პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე მიმართა.

თემურ გაბაიძის ოჯახს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერში აცნობა, რა დარღვევები გამოიკვეთა პაციენტის სამედიცინო ისტორიაში, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ოთხი თვე გავიდა, საბჭოს ამ საკითხზე ჯერ არ უმსჯელია.

სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საკითხი საბჭოს არ განუხილავს და არც საბჭოს შეკრების ზუსტი თარიღი იციან.

პროფესიული განვითარების საბჭოს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭოს წევრები არიან მინისტრის მოადგილეები, დარგის სპეციალისტები და მოწვეული ექსპერტები. საბჭოს წევრია აჭარის ჯანდაცვის მინისტრიც.

თემურ გაბაიძის ოჯახმა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დასკვნა საგამოძიებო უწყებას გადასცა. გარდაცვლილის დედა, ნაირა დიასამიძე ამბობს, რომ სამედიცინო დაწესებულების წინააღმდეგ დავას სასამართლოშიც აპირებს.

ამავე თემაზე: 

ევექსის ექიმების პასუხისმგებლობა თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში – სააგენტოს დასკვნა

 

გიორგი ხაჭაპურიძის და ზვიად სახლთუხუცესის მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვა დაიწყო 

ბათუმში ორი ბიჭის – გიორგი ხაჭაპურიძისა [19 წლის] და ზვიად სახლთუხუცესის [25 წლის] მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ნიკა ბ.-სთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვა ახლახან დაასრულა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა.

საუბარია გასული წლის 5 აგვისტოს ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე. თბილისიდან დასასვენებლად ჩამოსული გიორგი ხაჭაპურიძისა და ზვიად სახლთუხუცესის ცხედრები ნაქირავებ ბინაში 8 აგვისტოს იპოვეს.

განზრახ მკვლელობას გამოძიება ორ ბიჭს ედავება. გამოძიების ვერსიით, მკვლელობა „კისრის არეში ხელის მიჭერის გზით მოხდა“. ერთ-ერთ ბრალდებულს, რუსლან ბ.-ს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ 16 თებერვალს შეუფარდა წინასწარი პატიმრობა.

“ბრალის დადასტურების შემთხვევაში, თქვენ გელოდებათ თავისუფლების აღკვეთა 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადოდ,” – მიმართა ბრალდებულ ნიკა ბ.-ს მოსამართლემ.

ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ და ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობენ. ბრალდებულები თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები არიან.

პროკურატურის ვერსიით, მკვლელობის შემდეგ ბრალდებულები თურქეთში წავიდნენ. “ისინი მას შემდეგ დაბრუნდნენ, როცა დარწმუნდნენ, რომ ეჭვი მათ მიმართ არ არსებობდა,” – დასძინა პროკურორმა, გიორგი რამიშვილმა.

საქმეში არსებობს ბრალდებულებს შორის სატელეფონო ჩანაწერი, რითაც, პროკურატურის ვერსიით, დასტურდება ანაბეჭდების განადგურების მცდელობა.

მოსამართლეს პროკურორმა უთხრა ისიც, რომ მკვლელობის ადგილიდან წაღებულია ნოუთბუქები და მობილური ტელეფონები.

სასამართლო სხდომას მოკლული ბიჭების ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. მათი თქმით, მკვლელობის ადგილიდან წაღებულია ფული – 8 ათასი ლარი და გაურკვეველია, რატომ არ საუბრობს ამაზე პროკურატურა.

ერთ-ერთი მოკლულის მამამ “ბათუმელებს” უთხრა, რომ ბრალდებულები გარდაცვლილებს იცნობდნენ და მკვლელობა ქურდობის მოტივით მოხდა.

 

 

Exit mobile version