მთავარი,სიახლეები

რას უპირებს ლაშა კომახიძე პარკირებას და გამწვანებას

20.10.2017 • 2329
რას უპირებს ლაშა კომახიძე პარკირებას და გამწვანებას

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი ლაშა კომახიძე ბათუმში პარკირების შენობების მოწყობას აპირებს. ამბობს, რომ ამ საკითხზე უკვე ესაუბრა მშენებლებს და დაინტერესება არსებობს. ვერ ამბობს, რატომ არ გამოხატავდნენ აქამდე მშენებლები ამის სურვილს, თუკი პარკირების შენობა საინტერესოა, როგორც ბიზნესი – „ბათუმელები“ ლაშა კომახიძეს ბათუმში პარკირების და გამწვანების პრობლემაზე ესაუბრა.

ბატონო ლაშა, რას აპირებთ ქალაქში პარკირების პრობლემის მოგვარების კუთხით? თქვენს პროგრამაში მხოლოდ ეს ჩანაწერი ვიპოვეთ: „ქალაქში ეფექტური პარკირების სისტემის ამუშავება და ამოქმედება“.

პარკირება არის სერიოზული მსჯელობის საგანი. საუბარია რამდენიმე მიმართულებით მუშაობაზე. ერთია სატრანსპორტო ტერმინალების შექმნა ქალაქის შემოსასვლელსა და გასასვლელში, რომელიც მიიღებს უცხოეთიდან ჩამოსულ ტურისტებს თავიანთი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. პარკირების სისტემის მოგვარებაში იგულისხმება ავტოპარკის განახლებაც. მერია გეგმავს რამდენიმე ათეული ახალი ავტობუსის შეძენას, რომელიც იქნება ადაპტირებული სხვადასხვა ქუჩაში, ასევე სხვადასხვა ასაკის და შესაძლებლობის ადამიანისთვის. აქ იგულისხმება ასევე სპეციალური სატარიფო მიდგომა ქალაქის სხვადასხვა ზონაში მანქანების პარკირების დროს და საპარკინგე შენობების განთავსებას.

სად იქნება საპარკინგე შენობები?

ჩვენ უკვე გვაქვს რუკა, სადაც არის მითითებული რეკომენდებული წერტილები. ეს რუკა არის შემუშავებული გაეროს განვითარების პროექტის – „ბათუმი მწვანე ქალაქის“ ფარგლებში. ამას აკეთებდნენ ჩემი ყოფილი კოლეგები უცხოელ კვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად. მათ ასევე ბათუმის მერიას გადასცეს სპეციალური „სოფტი“, რომელიც ახდენს მოდელირებას სატრანსპორტო ნაკადებისა, მაგალითად, ვიცით რამდენბინიან სახლს ვაშენებთ და დაახლოებით რამდენპროცენტიანი დატვირთვა აქვს ამ მობინადრეებში ავტოსატრანსპორტო საშუალებებს. ამ მონაცემების შეყვანის შემდეგ სისტემა აკეთებს მოდელირებას, თუ რამდენად ამძიმებს ეს სახლი სატრანსპორტო მიმართულებებს. ეს იძლევა გადაწყვეტილების მიღების საშუალებას, სად იქნება უფრო ეფექტური საპარკინგე შენობების მოწყობა.

რა დაჯდება საპარკინგე შენობების მოწყობა და სად ნახავთ ამის ფულს? 

საპარკინგე შენობებზე ჩვენ განვიხილავთ ორ მიდგომას. ერთი ეს არის საბიუჯეტო სახსრები, მეორე არის კერძო სექტორი. მე უკვე გავაჟღერე ეს იდეა მშენებლებთან და ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰპოვა ამ იდეამ. მშენებლები არიან დაინტერესებულები შეხედონ ამას, როგორც ბიზნესს, ითანამშრომლონ სახელმწიფოსთან…

აქამდე რატომ არ ჰქონდათ ამის ინტერესი, თუ ეს საინტერესოა ბიზნესისთვის?

რა იცით, რომ არ ჰქონდათ, თქვენ გქონდათ საუბარი მშენებლებთან?

ჩვენ ვხედავთ, რომ შენდება ახალი საცხოვრებელი კორპუსები საპარკინგე ადგილების გარეშე.

მოცემულობა არ არის ამაზე პასუხი, რადგან მხარდამჭერთა კლუბში მე დაახლოებით 30 ბიზნესმენთან მქონდა შეხვედრა. ერთხმად ყველამ გამოხატა მზაობა, რომ შეხედონ ამას, როგორც ბიზნესს და  დაიწყონ ამის განხორციელება. მე არ ვიცოდი მანამდე ამ ხალხის აზრი. არ მაქვს პასუხი ბიზნესმენები აქამდე რატომ არ ინდომებდნენ ამის გაკეთებას. მე არ მინდა გავაკეთო შეფასებები და დასკვნები. მე მთლიანად ორიენტირებული ვარ მომავალზე…

თქვენს პროგრამაში ასევე მცირე და ზოგადი ჩანაწერია გამწვანებაზე, რომ პრიორიტეტი იქნება გამწვანება. კონკრეტულად რა გამწვანდება და რა ფასად, შეგიძლიათ გვითხრათ? 

არ ვიცი, თქვენ რას ეძახით მცირეს და ზოგადს. მნიშვნელოვანი იყო დაფიქსირებულიყო ჩემი მიდგომა, რომ გამწვანება არის ჩემი პრიორიტეტი.

ამას მერობის ყველა კანდიდატი ამბობს. კონკრეტულად რას აპირებთ, იქნებ ეს გვითხრათ. 

მე ვაპირებ სკვერების მოწყობის და რეაბილიტაციის პროგრამის დასრულებას. გარდა ამისა, ბათუმში არის ძალიან ბევრი დიდი ეზო, რომელთა გამწვანებაა საჭირო. ეზო არ უნდა იხრჩობოდეს ბეტონში. ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, როგორიცაა ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ასევე ახალსოფლის სასათბურე მეურნეობა, რომ ქალაქს შევმატოთ ძალიან ბევრი რეკრეაციული ზონა. დაგეგმილია ასევე მსხვილი რეკრეაციული ზონის მოწყობა, მაგალითად, გონიოს ნაგავსაყრელის კონსერვაციის შემდეგ იქ მოეწყობა სერიოზული სარეკრეაციო ზონა. ახალი ბულვარიც ძალიან კარგ საშუალებას იძლევა ფანტაზიისთვის, რომ ამ კუთხით განავითარო კონცეფცია.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: