მთავარი,სიახლეები

ქუჩები ბათუმში, სადაც პარკირება შესაძლოა აიკრძალოს

30.06.2017 • 14823
ქუჩები ბათუმში, სადაც პარკირება შესაძლოა აიკრძალოს

ბათუმის ახალი სატრანსპორტო კონცეფციის მიხედვით, რომელიც ბათუმისთვის გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში მზადდება, ჭავჭავაძის, აბუსერიძის, გორგილაძისა და ბარათაშვილის ქუჩებზე კერძო ავტომობილების პარკირება აიკრძალება. მათ ადგილზე კი ავტობუსებისთვის ცალკე ხაზი მოეწყობა, რომელიც მათ შეუფერხებელ მოძრაობას შეუწყობს ხელს. ქალაქის ცენტრალურ ადგილებში პარკირების ფასი ერთი ლარით ან მეტით განისაზღვრება. რა ცვლილებები იგეგმება ახალი კონცეფციით? – „ბათუმელებთან“პროექტის ხელმძღვანელი, ლაშა ნაკაშიძე საუბრობს.

ბატონო ლაშა, რას ცვლილებები იგეგმება ახალი სატრანსპორტო კონცეფციის მიხედვით ქალაქში?

ამ კონცეფციის მთავარი მიზანია პირველი – უსაფრთხოების გაზრდა, მოქალაქეებისთვის გადაადგილების ალტერნატიული საშუალებების შეთავაზება და მესამე – ურბანული ტრანსპორტის უარყოფითი ზემოქმედების შემცირება  გარემოზე და ადამიანების ჯანმრთელობაზე. პროექტი მოიცავს შვიდ ძირითად  მიმართულებას – პარკირება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ველოსისტემები, ელექტრონული ტრანსპორტის განვითარება, გადაადგილების მართვა და ა.შ

დავიწყოთ პარკირების თემით, რომელიც საკმაოდ პრობლემურია ქალაქში. როგორ არის ეს საკითხი გადაწყვეტილი თქვენს კონცეფციაში?

პარკირებასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სრულიად ახალი კონცეფცია. პირველ ეტაპზე ქალაქი უნდა დაიყოს სამ ზონად:  ძველი ბათუმი, ნინოშვილიდან ჭავჭავაძის ჩათვლით მონაკვეთი და ჭავჭავაძიდან ბაგრატიონის ჩათვლით მონაკვეთი. პრინციპი არის შემდეგი, რომ სამივე ზონაში უნდა მოქმედებდეს სხვადასხვა საფასო პოლიტიკა. ერთის მხრივ უნდა შენარჩუნდეს მაცხოვრებლის პარკირების ნებართვა, რომ ადამიანს შეეძლოს საცხოვრებელ არეალში გააჩეროს მანქანა, მაგრამ ეს წლიური პარკირების ნებართვა უნდა მოქმედებდეს მისი საცხოვრებელი ადგილიდან გარკვეულ რადიუსში. როგორც კი ის ამ რადიუსს დატოვებს, მან პარკირების საფასური საათობრივად უნდა გადაიხადოს.

რამდენი იქნება საათობრივი საფასური?

ჩვენ გავაანალიზეთ ევროპაში არსებული პარკირების ფასები, იქაური საშუალო შემოსავლის დონე და საქართველოსთან კოლერაცია როცა გავაკეთეთ, დაახლოებით ერთი საათი, საშუალოდ ერთი ლარი გამოდის. ამ საფასურის დადგენის მთავარი მიზანია, რომ ადამიანს ჰქონდეს ნაკლები სტიმული კერძო ავტომობილით გადაადგილდეს ქალაქში.

ადამიანი, რომელიც ცხოვრობს, ვთქვათ, ბაგრატიონის ქუჩაზე, ან ქალაქგარეთ და მუშაობს ქალაქის ცენტრში, მას მინიმუმ 7-8 საათი მოუწევს ავტომანქანის გაჩერება და ალბათ ყოველდღიურად მოუწევს ამდენივე ლარის გადახდა პარკინგისთვის. როგორ ფიქრობთ, ეს არ შექმნის პრობლემას?

მაშინ უნდა ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ეს მოქალაქის არჩევანია. მესმის რომ ეს მტკივნეული რეფორმაა, მაგრამ ეს არის ის გზა, რომელიც ქალაქმა უნდა გაიაროს თუ გვინდა, რომ ჯანსაღი ურბანული ტრანპორტის სისტემა გვქონდეს.

არსებობს ასეთი გამოთქმა – კვალიფიციური მოთხოვნა პარკირებაზე, რაც ნიშნავს, რომ ვისი მოთხოვნა უფრო პრიორიტეტულია პარკირებაზე და ყველაზე უფრო ნაკლებად პრიორიტეტული არის ის ადამიანი, რომელიც სამსახურში მიდის მანქანით და რვა საათით აყენებს ავტომობილს. ის ავტომობილი მინიმუმ იკავებს 15 კვ/მეტრ საზოგადოებრივ სივრცეს რვა საათის განმავლობაში და იმ პარკირების ადგილით სხვა ადამიანი ვეღარ სარგებლობს.

გამოდის, ეს სიტემა აიძულებს ადამიანებს იმგზავრონ მუნიციპალური ტრანსპორტით და კერძო ავტომანქანით?

გარკვეულწილად აიძულებს. თუმცა, ამის პარალელურად, ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპტიმიზაცია, რომ ის გახდეს ადამიანებისთვის მიმზიდველი, უნდა იყოს კომპორტული და უნდა იყოს სწრაფი.  როცა ადამიანი შეამჩნევს, რომ კერძო ტრანსპორტით გადაადგილების დროს მას საცობში ეხარჯება დიდი დრო, მაშინ როცა ავტობუსისთვის არსებობს ცალკე ხაზი და მას არანაირი შეფერხება არ აქვს, დროთა განმავლობაში მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ფინანსურადაც და დროის ეკონომიის თვალსაზრისითაც ისარგებლოს კარგი, გამართული ავტობუსით.

ანუ, ახალი კონცეფციით, ავტობუსის ხაზი ცალკე იქნება?

დიახ. ჭავჭავაძის, აბუსერიძის, გორგილაძის და ბარათაშვილის ქუჩებზე პარკირება უნდა აიკრძალოს და აქ უნდა მოეწყოს ავტობუსის სწრაფი ხაზი, რომელზეც ავტობუსი ივლის შეუფერხებლად. გზაჯვარედინებზე, შუქნიშნების დროს უნდა ჰქონდეს პრიორიტეტი, რომ არ შეფერხდეს და უფრო სწრაფად მივა დანიშნულების ადგილზე, ვიდრე, ვთქვათ, კერძო ავტომანქანა.

 დაახლოებით თუ იცით, რამდენი ავტომანქანა პარკინდება მაგალითად გორგილაძის ქუჩაზე?

გორგილაძეზე როგორც ვიცი 300-მდე ადგილია გამოყოფილი.

და სად მიგყავთ ეს 300 მანქანა და ისინიც, რომლებიც ჩამოთვლილი ქუჩებზე პარკინგდება თუკი მათ ადგილზე ავტობუსის ხაზი გაივლის?

ბუნებრივია, ქალაქის ცენტრში პარკინგი იქნება, თუმცა იქნება ძვირი, რადგან ქალაქის ცენტრში პარკირება არის პრემიუმ ხარისხის სერვისი. ამიტომ, თუ თქვენ გიღირთ საკუთარი ავტომობილით მოძრაობა, მაშინ იმ 1 ლარსაც გადაიხდით საათში.

კონცეფციის მიხედვით, პარკირება უნდა გაკეთდეს ქალაქის შემოსასვლელებში, რადგან იქ ტურისტებმა შეძლონ ავტომობილების გაჩერება და ქალაქის ცენტრში ექსპრეს ავტობუსებით გადაადგილდნენ. პირველ ეტაპზე პარკირება უნდა იყოს უფასო, რადგან ტურისტებისთვის ეს გახდეს სტიმული. ჩვენი სტრატეგიით, ასევე გათვალისწინებულია ქალაქში მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობა თბილისის მოედანზე, იუსტიციის სახლთან და ლეონიძის ქუჩის ბოლოში. თბილისის მოედანზე როცა გადავზომეთ, ერთ საერთულზე  80 ავტომანქანა ეტეოდა. თუმცა, იუსტიციის სახლთან უფრო დიდი მიწის ფართობებია და იქ უფრო დიდი მოცულობის პარკინგის გაკეთება შეიძლება. თუმცა, მრავალსართულიანი პარკირება უნდა ღირდეს უფრო იაფი, ვიდრე ქუჩაზე პარკირება. რაც შეეხება ძველ ბათუმს, იქ მხოლოდ მაცხოვრებლებს უნდა შეეძლოთ ავტომანქანის პარკირება.

კიდევ რას ითვალისწინებს კონცეფცია, რაც მოსახლეობის ინტერესებზე იქნება ორიენტირებული?

ფასი ისე უნდა არეგულიროს მუნიციპალიტეტმა, რომ პარკირების სივრცეების ხუთი პროცენტი იყოს მხოლოდ მუდმივად შევსებული და 15 პროცენტი უნდა იყოს თავისუფალი. ამ შემთხვევაში, როცა ადამიანი ეძებს მოკლევადიან პარკირებას, ყოველთვის იპოვის თავისუფალ სივრცეებს და პარკირების მაძიებელი აღარ შეანელებს საავტომობილო ნაკადს.

მსგავსი კონცეფცია განხორციელებულია რომელიმე ქალაქში თუ ეს კონკრეტულად ბათუმზეა მორგებული?

ბუნებრივია ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ. ამსტერდამი, სტრასბურგი, ბარსელონა, ლიონი, პარიზი, ლონდონი – ყველა ამ ქალაქში მოქმედებს მსგავსი სისტემა. ეს გამოცდილება უკვე მრავალი წელია მუშაობს ევროპის ქვეყნებში და მოვარგეთ ბათუმსაც. ამ ქალაქებში სადაც ჩავდივართ, ყველგან თვალშისაცემია ავტომობილებისგან განტვირთული ქალაქის ცენტრები, მაღაზიებია და ღია კაფეებია ძირითადად. ეს მოსწონს ტურისტს. რაც უფრო განტვირთული იქნება ქალაქი ავტომობილებისგან და ეკოლოგიურად სუფთა გარემო იქნება, მით უკეთესი.

ამ კონცეფციაზე უკვე მიღწეულია შეთანხმება მერიასთან თუ კიდევ უნდა მოხდეს მსჯელობა?

შემიძლია ვთქვა, რომ მიდის ძალიან ინტენსიური კონსულტაციები მერიასთან, რადგან ეს პროექტი ჩვენ გავაკეთეთ მერიის დაკვეთით და ცალკე არ გვიმუშავია. მერიაში გვაქვს შიდა სამუშაო შეხვედრები, რომ საბოლო სახე მივცეთ და შემდეგ დიდი იმედი მაქვს, რომ მერია საკრებულოს წარუდგენს დასამტკიცებლად.

2017 წელს მოხდება ამ დოკუმენტის მიღება?

იმედი მაქვს, რომ მაქსიმუმ ერთი თვის ფარგლებში მოხდება ამის მიღება. თუმცა, ეს კონცეფცია გაწერილია 2030 წლამდე და კონცეფციაში გათვალისწინებულია პირველ და შემდგომ ეტაპებზე განსახორციელებლი გეგმები.

პარკირების თემა რომელი ეტაპია?

გორგილაძის, აბუსერიძის, ჭავჭავაძის და ბარათაშვილის ქუჩებზე პარკირების აკრძალვა და ავტობუსების ცალკე ხაზის მოწყობა პირველი ეტაპია, რათა ადამიანები დარწმუნდნენ, რომ ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, ნამდვილად მოქალაქეების ინტერესებშია. საბოლოოდ მოქალაქე რჩება მოგებული და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში იცხოვრებს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: