მთავარი,სიახლეები

„მშობლებო, აიცერით და აცერით თქვენი შვილები“ – წითელას შემთხვევები ისევ იზრდება

15.02.2018
„მშობლებო, აიცერით და აცერით თქვენი შვილები“ – წითელას შემთხვევები ისევ იზრდება

აჭარაში წითელას შემთხვევათა რაოდენობა ისევ იზრდება. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, 2018 წლის იანვრიდან დღემდე აჭარაში წითელას 182 შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევათა უმრავლესობა ბათუმზე მოდის.

მედიკოსები მოსახლეობას ვაქცინაციის აუცილებლობაზე მიუთითებენ. ბავშვების და 40 წლამდე ასაკის მოსახლეობის ვაქცინაცია უფასოა. წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება პოლიკლინიკებშია შესაძლებელი.

აუცრელი ბავშვები, განსაკუთრებით ჩვილები, წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს წითელათი დაავადების,  გართულებების და გარდაცვალების მხრივ. ასევე, დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან აუცრელი ორსული ქალები.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ვაქცინაციის აუცილებლობას უსვამს ხაზს. „მშობლებო, აიცერით და აცერით თქვენი შვილები, რათა ერთად შევაჩეროთ წითელა!“ – აღნიშნულია ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულ პრესრელიზში.  აქვე ვკითხულობთ:

„• წითელა ჰაეროვანი გზით გადამდები ვირუსული დაავადებაა, ამიტომ დაინფიცირების რისკი განსაკუთრებითმაღალია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (საბავშვო ბაღები, სკოლები, დაწესებულებები).

• წითელას ვირუსი იწვევს ცხელებას, კანსა და ლოყის ლორწოვანზე დამახასიათებელ გამონაყარს. იგი ხშირად რთულდება ყურის, ფილტვების და თავის ტვინის ანთებით. მძიმე გართულებებიდან ყოველი მე-4-5 შემთხვევამთავრდება სიკვდილით.“

წითელას სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, ხველება, ცემინება, კონიუნქტივიტი, ყელის ტკივილი. სიმპტომების განვითარებიდან მესამე-მეხუთე დღეს ჩნდება წითელი ლაქისებრი ბრტყელი გამონაყარი სახეზე, თმის საფარველის გასწვრივ კისერზე, მხრებსა და მთელ სხეულზე.

გავრცელების გზა: წითელა ჰაერწვეთოვანი გზით, დაინფიცირებული პირისგან ცემინებისა და ხველების დროს ვრცელდება. ვირუსი ორი საათის განმავლობაში ცოცხლობს ჰაერში და იწვევს გარშემომყოფი პირების დაინფიცირებას ჰაერის ან დაბინძურებულ საგნებთან შეხების საშუალებით.

დაინფიცირებული პირი სიპტომების გამოვლენამდე ოთხი დღის და გამოვლენის შემდეგ კიდევ ოთხი დღის განმავლობაში შესაძლებელია იყოს ვირუსის გამავრცელებელი.

წაიკითხეთ ამავე თემაზე: 

ვისთვის არის სავალდებული აცრა – წითელას 149 შემთხვევა აჭარაში

რა არის წითელა და როგორ ავიცილოთ იგი თავიდან 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: