მთავარი,სიახლეები

საზოგადოებრივი მაუწყებელი ბათუმის ოფისის ყიდვისთვის დახარჯული თანხის ოდენობას ისევ მალავს

06.10.2017 • 2836
საზოგადოებრივი მაუწყებელი ბათუმის ოფისის ყიდვისთვის დახარჯული თანხის ოდენობას ისევ მალავს

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მალავს, თუ რა ფასად იყიდა ბათუმში საოფისე ფართობი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში. თუმცა, ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, მაუწყებელმა გახარჯული თანხის ოდენობა არ დაასახელა. მაუწყებლის მიერ გამოგზავნილ წერილში, რომელსაც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, დიმიტრი ბერძენიშვილი აწერს ხელს, მიგვითითეს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებაზე, რომლშიც აღნიშნულია „ფართის სავარაუდო ოდენობა და 1 კვ.მ.-ის სავარაუდო ღირებულება“.

მითითებული წერილი გვამცნობს იმის თაობაზე, რომ მაუწყებლის დირექტორს მიეცა თანხმობა „რეგიონალური სტუდიის მოწყობის მიზნით ბათუმში, ცენტრალურ უბნებში, შეიძინოს დაახლოებით 500 კვ.მდე ფართის [+-10%] უძრავი ქონება მშენებლობის ნებართვით [1 კვ.მ.-ის ღირებულება სავარაუდოდ 200 აშშ დოლარი [ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში], რომელიც უნდა იყოს განთავსებული ქალაქის ცენტრის მაღალსართულიანი შენობის ზედა სართულზე, ოთხმხრივი ხედით ქალაქზე, საიდანაც მოხდება ქალაქის იერსახის მახასიათებელი ადგილების იდენტიფიცირება და ტელეკამერებს ექნებათ წვდომა ქალაქის ყველა მნიშვნელოვან წერტილთან“.

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, მაუწყებელმა ოფისისთვის ახალაშენებულ მრავალსართულიან კორპუსში 492,2 კვ/მ ფართობის ტერასა, მიმდინარე წლის აგვისტოში შეიძინა, რაზეც „ბათუმელები“ ერთი თვის წინ წერდა. მშენებელ კომპანიაში „ბათუმელებს“ მაშინ უთხრეს, რომ აღნიშნულ კორპუსში 1 კვ/მ ფართობი 500-დან 650 დოლარამდე ღირდა. შესაბამისად, მაუწყებელს საოფისე ფართობში მინიმუმ 250 ათასი და მაქსიმუმ 320 ათასი დოლარი უნდა ჰქონდეს გადახდილი.

დახარჯული თანხის ზუსტი ოდენობის დასადგენად „ბათუმელები“ საზმაუს გენერალურ დირექტორს, ვასილ მაღლაფერიძესაც დაუკავშირდა. მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.


იმის გარკვევა, თუ კონკრეტულად რა თანხა გადაიხადა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბათუმში ოფისისთვის შეძენილ ქონებაში, ერთი თვის წინაც ვცადეთ მაუწყებელში. ტელევიზიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამ კითხვაზე პასუხს დაგვპირდნენ, თუმცა აღარ გვიპასუხეს.

ბათუმის ოფისისთვის გადახდილი კონკრეტული თანხის ოდენობა რომ გაგვეგო, საზოგადოებრივ მაუწყებელში საჯარო ინფორმაციის ოფიციალურად გამოთხოვა, ანუ წერილობით მიმართვა მოგვთხოვეს. შესაბამისი წერილის ელექტრონულად გაგზავნის შემდეგ კი სატელეფონო საუბარში „განგვიმარტეს“, რომ კანცელარია, „სავარაუდოდ“, ელექტრონულად გაგზავნილ წერილს არ გაატარებდა რეგისტრაციაში და ამიტომ აჯობებდა წერილი მიგვეტანა პირადად, ან ამობეჭდილი ვერსია/ფურცელი გაგვეგზავნა ფოსტით.

„გთხოვთ, თქვენი განცხადება წარმოგვიდგინოთ ოფიციალურად. განცხადების ოფიციალურად წარმოდგენის შემდეგ საჯარო ინფორმაციის გაცემა განხორციელდება მოქმედი კანონმდებნლობით დადგენილი წესის შესაბამისად“ – „არაოფიციალურად“, ანუ ელექტრონულად მოგვწერეს საზმაუდან.

„ოფიციალურად გაგზავნილი“ წერილით „ბათუმელებმა“ თანხის ოდენობასთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლისგან სხვა ინფორმაციის მიღებაც ითხოვა:

[crosslist]

  • როგორც ვიცით, აღნიშნულ ფართობში უნდა განთავსდეს მაუწყებლის რეგიონალური ოფისი/სტუდია. იყო თუ არა შესაძლებელი და თუ არა რატომ, მაუწყებლის ოფისი განთავსებულიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარგებლობაში არსებულ შენობაში?
  • ხომ არ იგეგმება ბათუმში ახალშეძენილ ფართობში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განთავსება?
  • საქართველოს რომელ რეგიონებში [კონკრეტულად სად] იგეგმება მაუწყებლის რეგიონალური ოფისების გახსნა? რა თანხა აქვს ამისთვის გათვალისწინებული ჯამში მაუწყებელს?
  • ამ დროისთვის სად და რამდენად აქვს შეძენილი ქონება მაუწყებელს რეგიონალური ოფისებისთვის?

[/crosslist]

საზოგადოებრივ მაუწყებელმა არცერთ ამ კითხვას პასუხი არ გასცა, თუმცა „დამატებით გვაცნობა“, რომ „განმარტების გაკეთება ამა თუ იმ საკითხებზე და იმის შესახებ, თუ რას აპირებს და გეგმავს მომავალში საზოგადოებრივი მაუწყებელი რეგიონალური სტუდიების მოწყობასთან დაკავშირებით, არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის კატეგორიას“.

საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ განაცხადში აღნიშნავდა, რომ ბათუმში შეძენილი უძრავი ქონება წარმოადგენს იმავე მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობის არსებით შემადგენელ ნაწილს, ხოლო თავად შენობა-ნაგებობის პროექტის ავტორი გიორგი გაბაშვილია. ამიტომ, საავტორო უფლების გათვალისწინებით, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ უნდა განახორციელოს ექსკლუზიურად, გიორგი გაბაშვილისგან „ტერასაზე ასაშენებელი რეგიონალური ოფისის პროექტის შექმნის მომსახურების შესყიდვა, სავარაუდო ღირებულებით 23 600 ლარი“.

გამარტივებული შესყიდვით პროექტის შეძენაზე საზმაუს თანხმობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 11 სექტემბერს მისცა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების გეგმის მიხედვით, რომელიც ახალმა მენეჯმენტმა წლის დასაწყისში წარმოადგინა, მაუწყებელი მთლიანობაში ცხრა რეგიონული ოფისის გახსნას გეგმავს. 

შენობა ბათუმში ფიროსმანის ქუჩაზე, რომლის ბოლო სართული/მანსარდა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ოფისისთვის იყიდა

შენობა ბათუმში ფიროსმანის ქუჩაზე, რომლის ბოლო სართული/ტერასა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ოფისისთვის იყიდა

შენობა ბათუმში ფიროსმანის ქუჩაზე [მარცხნივ], რომლის ბოლო სართული/მანსარდა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ოფისისთვის იყიდა

შენობა ბათუმში ფიროსმანის ქუჩაზე [მარცხნივ], რომლის ბოლო სართული/ტერასა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ოფისისთვის იყიდა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: