ჯანმოს ტესტი ანტიბიოტიკებით მკურნალობაზე [quiz]

12-18 ნოემბერს ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული ტარდება.

კვირეული 2015 წლიდან იმართება. საქართველო თავიდანვე შეუერთდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ჯანმო-ს ინიციატივას ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ დაუყოვნებლივი მოქმედებების დაწყების შესახებ.

ვრცლად ამ თემაზე: რა გვემუქრება ანტიბიოტიკებით არასწორი მკურნალობის შემთხვევაში

„სიზმარშიც მოპედებს ვხედავ” – ხელოსანი ზუგდიდიდან

35 გიორგი თორდია ზუგდიდში ცხოვრობს და, ძირითადად, მოპედების შეკეთება-აწყობითაა დაკავებული. მთელ დღეს სახელოსნოში ატარებს და როგორც გვეუბნება, ღამით, სიზმარშიც მოპედებს ხედავს. გიორგის მთავარი გატაცება მოპედია.

2010 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც პატიმრობიდან გათავისუფლდა, სკუტერებს აწყობს და არემონტებს. ციხეში გიორგიმ სამ წელიწად-ნახევარი გაატარა.

მოპედით საქართველოში უკვე ბევრი გადაადგილდება. ეკონომიურობის, ხელმისაწვდომი ფასისა და იმის გამო, რომ ამ სატრანსპორტო საშუალების სამართავად მართვის მოწმობა საჭირო არ არის, მოპედი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

თუმცა ზემოთ ჩამოთვლილ სიკეთეებთან ერთად აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ საფრთხეებიც, რომლის წინაშეც შეიძლება მოპედის ტარებისას აღმოვჩნდეთ, თუკი უსაფრთხოების წესებს არ დავიცავთ.

„ბავშვობიდან სულ მყავდა მოპედები, თავიდან მხოლოდ რუსული, მერე თანდათან ფერადი, ევროპული მოპედები გამოჩნდა და ახლა უკვე სამი სხვადასხვანაირი მყავს. ზოგი ქალაქში გადასაადგილებლადაა მოსახერხებელი, ზოგიც შორ მანძილზე სამოგზაუროდ,“ – ამბობს გიორგი თორდია.

ბათუმში, მარტვილის კანიონზე და სვანეთშიც კი ყოფილა მოპედით მეგობრებთან ერთად. ზუგდიდიდან ბათუმამდე ჩამოსვლას მოპედით თურმე სულ 4 საათი სჭირდება (შესვენებებით). 100 კილომეტრის გავლისთვის კი მხოლოდ 3 ლიტრი ბენზინია საჭირო.

ზუგდიდში ვის მოპედსაც რაიმე დაუზიანდება, ყველა გიორგის სახელოსნოს მიაშურებს.

მოპედით დაინტერესებულებს გიორგი ურჩევს, რომ ტარების სწავლისას აუცილებელია არ ავჩქარდეთ და თავიდან რაც შეიძლება ნელა ვატაროთ, ასევე არ დაგვავიწყდეს ჩაფხუტი, სამუხლეები და სამკლაურებიც.

გიორგი სამეგრელოში მოქმედი ფონდის „თანაზიარის“ ბენეფიციარია, რომელიც „დემოკრატიის ინსტიტუტთან“ თანამშრომლობით ჩართულია ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში.

გიორგიმ ამ პროგრამის საშუალებით მოპედების სახელოსნოსთვის აუცილებელი ხელსაწყოები შეიძინა და მისი სამომავლო გეგმებიც მოპედებს უკავშირდება. აპირებს საკუთარი ხელით ააწყოს მოპედები ბავშვებისა და მოზრდილებისთვის, გააქირაოს და ასე გაზარდოს შემოსავალი.

გიორგი ფიქრობს, რომ მოპედების პარკი ზუგდიდს გამოაცოცხლებს.


„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა” მიზნად ისახავს:

  • ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას 
    • იურიდიულ დახმარებას
  • ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში
    • ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით
  • ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მცირე სამეწარმეო ინიციატივების წახალისებას
  • სამიზნე ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობას

 

ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებს და პრობაციონერებს. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:

აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

იმერეთში – აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61

გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

თანაზიარი – რუსთაველის ქ. 88 /ტელ: (0415) 22 10 78

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ()იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

რა გვემუქრება ანტიბიოტიკებით არასწორი მკურნალობის შემთხვევაში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება, რომ ანტიბიოტიკებისადმი  მდგრადობა სახიფათოდ მაღალ დონეს აღწევს მთელს მსოფლიოში. ყოველ წელს ანტიბიოტიკური მედიკამენტების მიმართ გამძლე ბაქტერიებით დაავადების გამო, მსოფლიოში დაახლოებით 700 000 ადამიანი კვდება.

საქართველოში ანტიბიოტიკები რეცეპტით გაიცემა, მაგრამ თვითმკურნალობის პრაქტიკა ჯერ კიდევ აქტუალურია. გარდა ამისა, ანტიბიოტიკებს ხშირად უადგილოდ, ზედმეტი დოზით ნიშნავენ ექიმები და ვეტერინარები. ჯანმო იუწყება, რომ სასწრაფო ზომების მიღების გარეშე პოსტ-ანტიმიკრობული ერა გველოდება, როცა ინფექციების გავრცელება და მცირედი ტრავმები კვლავ შესაძლოა სასიკვდილო გახდეს.

ყოველი წლის ნოემბერში მსოფლიო ანტიბიოტიკების სწორად გამოყენებს კვირეულს აღნიშნავს, რომლის მიზანია საზოგადოებას, მედპერსონალსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს გააცნოს ანტიბიოტიკური პრეპარატების მიმართ ორგანიზმის შეწინააღმდეგების უნარის საფრთხეები.

სისტემატური ირაციონალური და არასწორი გამოყენება ანტიბიოტიკებისა ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობის დასაცავად, გახდა მიზეზი ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობის განვითარებისა. ეს ხდება მაშინ, როცა მიკროორგანიზმები, მაგალითად, ბაქტერიები ხდებიან გამძლე იმ სამკურნალო საშუალებების მოქმედების მიმართ, რომლებსაც მკურნალობისთვის გამოიყენებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, გთავაზობთ 10 მნიშვნელოვან ფაქტს ანტიბიოტიკების მდგრადობის შესახებ:

1. ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობა დღეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საფრთხეა კაცობრიობის ჯანმრთელობისთვის.

2. სულ უფრო და უფრო მეტი ინფექციური დაავადება – მაგალითად, პნევმონია, ტუბერკულოზი, გონორეა და სალმონელოზი – სულ უფრო და უფრო რთული სამკურნალო ხდება სწორედ ანტიბიოტიკების ეფექტურობის კლების გამო.

3. ანტბიოტიკებისადმი მდგრადობა შეიძლება შეეხოს ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ ქვეყანაში.

4. ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობა ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა ადამიანების მიერ ანტიბიოტიკების არასწორი გამოყენება აჩქარებს ამ პროცესს.

5. ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობის შედეგია უფრო ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები, სამედიცინო ხარჯების ზრდა და სიკვდილიანობა.

6. ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებში ამ მიზეზით ყოველ წელს 33 000 ადამიანი კვდება, ეს რიცხვები მუდმივად იზრდება.

7. ბევრ მიკრობს (ბაქტერიები, ვირუსები, სოკო და პარაზიტები) შეუძლია გავრცელდეს გარემოში ისე, რომ დააავადოს როგორც ადამიანები, ისე ცხოველები. ადამიანების დაავადებების 60% ცხოველებიდან მოდის. ეს ნიშნავს, რომ თუ მიკრობებს ცხოველების ორგანიზმში უყალიბდებათ საკურნალო საშუალებების მიმართ რეზისტენტობა, ამ მდგრად მიკრობებს თავისუფლად შეუძლიათ ადამიანების დაავადებაც, რაც საგრძნობლად გაართულებს ასეთი ინფექციების მკურნალობას.

8. მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატები ფართოდ გამოიყენება მეცხოველეობაში, თანაც არა იმდენად მკურნალობისთვის, რამდენადაც ზრდის სტიმულირებისა ან ინფექციების პროფილაქტიკისთვის. ანტიბიოტიკების ასეთი დიდი დოზით გამოყენება ხელს უწყობს  მიკრობების მდგრადუნარიანობას ამ პრეპარატების მიმართ.

9. უმეტესად ადამიანებისა და ცხოველების მკურნალობისთვის გამოიყენება ერთი და იმავე კლასის ანტიმიკრობული პრეპარატები.

10. კვების ჯაჭვი, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი გზაა დაავადებების გადადებისა, საჭიროებს სისტემატიურ მონიტორინგს და კოორდინირებულ ძალისხმევას ამ ეფექტის შესამცირებლად.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით ანტიბიოტიკები უნდა მიიროთ მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული რეცეპტით. არავითარ შემთხვევაში არ გაუზიაროთ ანტიბიოტიკები ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.

 

 

 

ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს დღესვე გადაეგზავნება

ბათუმის საკრებულოს ლუკა ასათიანის სხდომათა დარბაზში ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის საჯარო განხილვა მიმდინარეობს. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით მომავალი წლის ბიუჯეტი ჯამში 154 361,6 ლარით განისაზღვრება. პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ რჩება მუნიციპალური იფრასტრუქტურის განვითარება, ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა,  ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარება, მუნიციპალური სერვისების განვითარება, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება.

ბიუჯეტის პროექტის განხილვას მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან ერთად ესწრებიან მრჩეველთა საბჭოს, არასამთავრობო სექტორის, მედიასაშუალებების წარმომადგენლები და დაინტერებული პირები.

განხილვის დასრულების შემდეგ, დღესვე, ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ბათუმის მერი განსახილველად საკრებულოში გადააგზავნის.

ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა
ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის” და ბათუმის საკრებულოს  რეგლამენტის შესაბამისად, საკრებულო მერის მიერ წარდგენილ პრიორიტეტების დოკუმენტს და ბიუჯეტის პროექტს  წარდგენიდან 2 დღის ვადაში საჯარო განხილვისთვის   გამოაქვეყნებს. პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტი ასევე წინასწარი განხილვისათვის გადაეცემა საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებს.

კანონმდებლობის შესაბამისად, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, იურიდიული პირების, მოქალაქეების წინადადებები, შენიშვნები და შეფასებები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტზე არა უგვიანეს 21 ნოემბრისა წერილობით უნდა ჩაბარდეს საკრებულოს აპარატს, რომელიც მოაახდენს მათ რეგისტრაციასა და სისტემატიზაციას დარგობრივი ნიშნის მიხედვით. აღნიშნული დოკუმენტაცია დაუყოვნებლივ (იმავე დღესვე) საკრებულოს თავმჯდომარის რეზულუციით გადაეცემა საკრებულოს შესაბამის დარგობრივ კომისიებს.

ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა
ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა

თავის მხრივ, საკრებულოს დარგობრივი კომისიები პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტზე თავის დასკვნას საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიას წარუდგენენ არა უგვიანეს 23 ნოემბრისა. საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისია არა უგვიანეს 24 ნოემბრისა ჩაატარებს გაფართოებულ სხდომას და შემაჯამებელ დასკვნას არა უგვიანეს 25 ნოემბრისა წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც იმავე დღეს დაუბრუნებს ქალაქის მერს ბიუჯეტის პროექტს შენიშვნით. თავმჯდომარის წერილთან ერთად მერს გადაეგზავნება საფინასო და ეკონომიკური განვითარების კომისიის შემაჯამებელი დასკვნის დამოწმებული ქსეროასლი ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნების თაობაზე.

ქალაქის მერი ვალდებულია განიხილოს ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნები და ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებული ვარიანტი შენიშვნებზე დასკვნასთან ერთად არა უგვიანეს 10 დეკემბრისა წარუდგინოს საკრებულოს დასამტკიცებლად.

მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე გელა ბოლქვაძემ ოქროს, რამაზ ზოიძემ კი ვერცხლის მედალი მოიპოვა 

ბუქარესტში 23-წლამდელ მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე გელა ბოლქვაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა მოჭიდავემ 82-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში რუმინელ მეტოქეს, ნიკუ სამუელ ოჯოგს სძლია. ბოლქვაძე 3:0-ს აგებდა, მაგრამ 30 წამით ადრე შეხვედრის შემოტრიალება მოახერხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთმა ადგილობრივმა სპორტსმენმა, რამაზ ზოიძემ (72 კგ) მოიპოვა ვერცხლის მედალი.

რამაზ ზოიძემ მეოთხე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ვერ შეძლო, ფინალში მხოლოდ ერთი გაფრთხილებით დამარცხდა თურქ ჩენგიზ არსლანთან. ზოიძემ გადამწყვეტ ბრძოლამდე ირანელ ალი რეიზოლა არსალანს, უზბეკ არამ ვარდანიანს, რუსეთის წარმომადგენელ ნარეკ ოგანიანს და ყაზახ კისიმეტოვს სძლია და შედეგად ვერცხლის მედალი აიღო.

ამავე თემაზე:

გელა ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონია

რამაზ ზოიძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა

 

100 წლის ქიმიის მასწავლებელი ქობულეთიდან

ფატი მანელიშვილს 100 წელი 10 ოქტომბერს  შეუსრულდა.  მისი ახალგაზრდობა მეორე მსოფლიო ომის პერიოდს დაემთხვა. პედაგოგიური სასწავლებელი ბათუმში დაამთავრა და განაწილებით ქობულეთში, ლეღვას საჯარო სკოლაში მოხვდა. 70 წელი ასწავლიდა საჯარო სკოლაში და მის ხელში რამდენიმე თაობა გაიზარდა.

“ლეღვაში რომ დამნიშნეს სამუშაოდ, ავწიე ცხვირი – მე ბობოყვათელი ვარ და ლეღვამდე დიდი მანძილია. მზია ქემხაძე იყო ინსტიტუტის დირექტორი, იმან მითხრა კარგი, პატიოსანი ხალხი ცხოვრობს სოფელში და უკან ნუ დაიხევო. 10 იანვარი იყო, ბოლო გამოცდა ჩავაბარე და 11 იანვარს უკვე სკოლაში ვიყავი,” – იხსენებს ფატი მანელიშვილი.

ფატი მანელიშვილი ფოტო: მანანა ქველიაშვილი|ბათუმელები

ახლა მთელ დროს სახლში ატარებს, უყვარს ეზოში სეირნობა და ახალი ამბების მოსმენა. მისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი კომუნისტურ ეპოქაში გავიდა. ამბობს, რომ ერთადერთხელ წავიდა საზღვარგარეთ – ბულგარეთში.

“53 მასწავლებელი გაგვგზავნეს საქართველოდან. 15-20 დღე დავრჩით ბულგარეთში. ისეთი რამეები ვნახეთ, რასაც ვერც წარმოვიდგენდი, რომ არსებობდა. ეგ იყო სულ ჩემი მოგზაურობა. სხვაგან არსად ვყოფილვარ,” – იხსენებს ფატი მანელიშვილი.

თავისი ცხოვრების მანძილზე მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, თუმცა თავად მთავარ ჯილდოდ  თავისი მოსწავლეების სიყვარულს მიიჩნევს.

100 წლის ქიმიის მასწავლებელი ქობულეთიდან - ფატი მანელიშვილი|Fati Manelishvili

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

როგორ იყიდა პროფკავშირის ქონება უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა

„გაგვცეს პასუხი, რატომ იყიდება პროფკავშირის ქონება და რატომ ყიდულობენ ამ ქონებას უმაღლესი საბჭოს დეპუტატები“, – ეს მოთხოვნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რეზო ხარაზმა დღევანდელ ბრიფინგზე გააჟღერა. მან კონკრეტული მონაცემი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც პროფესიული კავშირების ქონება უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ დავით ბაციკაძემ იყიდა. პროფესიული კავშირის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი კი ასევე დეპუტატი ილია ვერძაძეა. უმაღლეს საბჭოში ისიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს.

ქონება კურორტ ბეშუმში გასხვისდა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, დავით ბაციკაძემ პროფესიული კავშირის ქონება – 197 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი კურორტ ბეშუმში ახლახან დაირეგისტრირა. კოლეგებს შორის შეთანხმება დაახლოებით ერთი თვის წინ, ოქტომბერში შედგა.

„სხვა დეპუტატებიც იყვნენ მსურველი, მაგრამ მიწა აღარ დარჩა,“ – გვითხრა ილია ვერძაძემ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა და იმავდროულად პროფესიული კავშირების აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. პროფკავშირის ქონება მისი ხელმოწერით სხვისდება.

ილია ვერძაძე განმარტავს, რომ პროფესიული კავშირების ქონების ნაწილის გასხვისების შესახებ გადაწყვეტილება გამგეობამ 2009 წელს მიიღო და შესაბამისი დადგენილება გამოსცა.

„დავით ბაციკაძეს უფრო ძვირის გადახდა მოუწია, ვიდრე სხვებს, ვინც მანამდე იყიდეს. მანამდე, წინა წლებში კვადრატული მეტრი 15-20 ლარად იყიდებოდა, დავით ბაციკაძემ კვადრატულ მეტრში 30 ლარი გადაიხადა. ეს ცნობილია ყველასთვის, რომ ჩვენ ქონების ნაწილს ვყიდდით… თუ რამდენიმე მსურველი იქნებოდა ერთ მიწის ნაკვეთზე, მაშინ გამოვაცხადებდით აუქციონს. რაც შეეხება ჩემს ხელმოწერას, გამგეობის გადაწყვეტილებით, დირექტორი აწერს ხელს შესაბამის ხელშეკრულებას,“ – აღნიშნავს ილია ვერძაძე.

ვინ და რა ფორმით იღებს გადაწყვეტილებას პროფკავშირების ქონების გასხვისების შესახებ? – ილია ვერძაძის თქმით, გამგეობა ყოველწლიურად ადგენს, რა ფასად უნდა გასხვისდეს ქონება. „გამგეობაში ჩემ გარდა კიდევ 11 წევრია. როცა შემოდის განაცხადი, სამეურნეო ნაწილი სწავლობს და შემდეგ მე, როგორც ხელმძღვანელი, ვაწერ ხელს,“ – ამბობს ის.

რატომ სხვისდება პროფკავშირის ქონება – ილია ვერძაძე განმარტავს, რომ ქონება პროფესიული კავშირის სხვადასხვა ხარჯის დასაფარად სხვისდება. „ეს კეთდება იმისთვის, რომ დაიფაროს გადასახადები და ასე შემდეგ. ასეულობით ასეთი ქონებაა გასხვისებული,“ – გვითხრა ილია ვერძაძემ, რომელიც ნასყიდობის სხვა ხელშეკრულებების გაცნობას დაგვპირდა.

ამ თემაზე:

არღვევს თუ არა კანონს დეპუტატი, რომელიც პროფკავშირის ხელმძღვანელად რჩება

 

ბათუმში სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო ბილბორდზე ირაკლი კობახიძის ფოტოა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ორი კვირით ადრე სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანია ახალი სლოგანით მიმდინარეობს: „სალომე ზურაბიშვილი – პრინციპული არჩევანი“ და შეიცვალა ფოტოებიც – პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად მისსავე სარეკლამო ბილბორდებზე თბილისში ბიძინა ივანიშვილი, ხოლო ბათუმში, ბიძინა ივანიშვილის გარდა, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეა გამოსახული.

ფოტო: „ბათუმელები“, გურამ მურვანიძე

„არა დიქტატურას აირჩიე თავისუფლება“ – წერია სარეკლამო ბილბორდზე, რომელზეც ირაკლი კობახიძის ფოტოა და დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერია მითითებული.

ეს კი სალომე ზურაბიშვილის კიდევ სარეკლამო ბილბორდია ბათუმში, უკვე ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით.

ფოტო: „ბათუმელები“, გურამ მურვანიძე

______

მაღალმთიან სოფლებში თოვს [ფოტო]

დღეს, 15 ნოემბერს, ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვს. სინოპტიკოსების ცნობით, აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვა უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება.

სოფელი თხილვანა. თეიმურაზ ქამადაძის ფოტო
სოფელი თხილვანა. თეიმურაზ ქამადაძის ფოტო
სოფელი თხილვანა. თეიმურაზ ქამადაძის ფოტო
სოფელი რიყეთი, გიგლა ანთაძის ფოტო
სოფელი რიყეთი, გიგლა ანთაძის ფოტო
სოფელი თხილვანა, თხილვანა ბესო ქამაშიძის ფოტო
სოფელი ვაშლოვანი, ლადო აბულაძის ფოტო

 

დაკვამლიანების გამო მგზავრებს მუნიციპალური ავტობუსის დაცლა სთხოვეს

დღეს, 15 ნოემბერს, დილით, მუნიციპალურ ავტობუსს ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე გადაადგილების დროს, კვამლი გაუჩნდა. თვითმხილველის თქმით, სალონის დაკვამლიანების შემდეგ მგზავრებს ავტობუსის დაცლა სთხოვეს.

ავტობუსი მუნციპალურ ავტოსადგომზე გადაიყვანეს.

შპს „ბათუმის ავტოტრასპორტში“ განმარტეს, რომ ავტობუსი ტექნიკურად შემოწმებული იყო, თუმცა გაუთვალისწინებელი პრობლემა შეიქმნა, ავტობუსი სადგომზე უკვე შეაკეთეს და ისევ სამარშრუტო ხაზზე მუშაობს.

კვამლი ბათუმის N9 მუნიციპალურ ავტობუსში / თვითმხილველის ფოტო

_____________________

მთავარი ფოტო: მუნიციპალური ავტობუსი, ფოტო თვითმხილველმა მოგვაწოდა.

ირაკლი ჭეიშვილის სასამართლო დავა მედეა ვასაძისა და მურმან დუმბაძის წინააღმდეგ

„მე ვითხოვ იმავე მედია საშუალებით ჩემს შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას, ფინანსურ ნაწილს აღარ ვითხოვთ,“ – მიმართა მოსამართლეს უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა, ირაკლი ჭეიშვილმა. მას სიტყვა მედეა ვასაძემ შეაწყვეტინა: „ჩვენ არ გავმდიდრებულვართ ხელისუფლებაში, ალბათ, ამიტომ აღარ ითხოვთ…“ სასამართლო დავა პოლიტიკოსებს შორის დღეს, 14 ნოემბერს დასრულდა.

მხარეებს გადაწყვეტილების გამოცხადებას მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე 20 ნოემბრისთვის დაჰპირდა.

ეს სასამართლო დავა სამი წლის წინ დაიწყო. დავის საგანი 2015 წელს „რუსთავი 2“-ის ეთერში ირაკლი ჭეიშვილის შესახებ გასული სიუჟეტი გახდა, სადაც იმ დროისთვის უმაღლესი საბჭოს წევრი, მედეა ვასაძე ამბობს, რომ ირაკლი ჭეიშვილის მეგობარმა მისი დახმარებით აჭარაში ნარკოტიკული ნივთიერება შემოიტანა. იმავე სიუჟეტში იმ პერიოდისთვის პარლამენტარი მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ ნარკოტიკი ირაკლი ჭეიშვილის სამსახურებრივი ავტომანქანით შემოიტანეს.

ირაკლი ჭეიშვილი ამ ინფორმაციას საქმიანი რეპუტაციის შელახვად მიიჩნევს და ფაქტის საჯაროდ უარყოფას მოითხოვს.

საუბარია 2013 წლის 20 სექტემბრის ფაქტზე, როცა სარფის საბაჟოზე სამართალდამცველებმა კახაბერ კ. დააკავეს. იმავე დღეს სარფის საბაჟო ორჯერ გადაკვეთა ირაკლი ჭეიშვილის სამსახურებრივმა ავტომანქანამ. კახაბერ კ. ირაკლი ჭეიშვილის მეგობარია და იგი იმ პერიოდისთვის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო შტაბში მუშაობდა. ირაკლი ჭეიშვილი, როგორც ახლა, 2013 წელსაც საარჩევნო შტაბს ბათუმში ხელმძღვანელობდა. 2013 წელს ირაკლი ჭეიშვილი ასევე იყო აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი. ირაკლი ჭეიშვილი მაშინაც და ახლაც ირწმუნება, რომ მას ნარკოტიკულ დანაშაულთან არანაირი შეხება არ ჰქონია.

„მე მტკიცებით ფორმაში არაფერი მითქვამს. ვსაუბრობდი იმაზე, რომ აჭარის მთავრობის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა ფიგურირებდა საქმეში, რომელიც მიმაგრებული იყო ირაკლი ჭეიშვილს… თქვენს თავზე რატომ იღებთ?“ – ჰკითხა სასამართლო პროცესზე მედეა ვასაძემ ირაკლი ჭეიშვილს.

„მე ვარ საჯარო პერსონა. მე წარმოდგენაც არ მქონდა, ეს არის ადამიანის ზნეობის დარღვევის არ ვიცი რა მასშტაბი… ამ სიუჟეტის შემდეგ ბევრს უთქვამს, ნარკოტიკებთან დაკავშირებულ წარსულს მიხედეო. მე ნარკოტიკთან კი არა, ნიკოტინთანაც კი არ მაქვს შეხება“, – უთხრა მოპასუხეს ირაკლი ჭეიშვილმა.

ირაკლი ჭეიშვილის განმარტებით, მან მართლაც გადაკვეთა საქართველო-თურქეთის საზღვარი 2013 წლის 20 სექტემბერს. სარფში გადმოსვლის დროს კი, გამშვებ პუნქნტში შეხვდა მეგობარს – კახაბერ კ.-ს

„მას დაველაპარაკე და წავიდა. მე ველოდი ჩემს მძღოლს, რომელიც ავტომანქანით უნდა გადმოსულიყო. მე წამოვედი მანქანით, შემდეგ ის კახაბერი დაუკავებიათ,“ – აღნიშნავს ირაკლი ჭეიშვილი.

„რა დავიჯეროთ ახლა, რომ ღამის ორ საათზე თქვენ ფეხით გაუშვით მეგობარი და თქვენ სამსახურებრივი ავტომანქანით მარტო წამოხვედით?“ – იკითხა მედეა ვასაძემ და განაგრძო: „იმ კახაბერს 37 კვეთა აქვს… აი, თქვენ კი 2 დღეში ოთხჯერ გაქვთ გადაკვეთილი საზღვარი,“ – განაგრძო დისკუსია მედეა ვასაძემ.

„მთავარი არის ის, რომ არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი კახაბერ კ.-ს საქმეზე. ეს განაჩენი არცერთ მხარეს არ გაუსაჩივრებია. ამ საქმეში გამოიკვლიეს და დადგინდა ყველა ფაქტობრივი გარემოება,“ – თქვა პაატა გოგალაძემ. იგი სასამართლოში ირაკლი ჭეიშვილის ინტერესებს იცავს.

მედეა ვასაძეს და მურმან დუმბაძეს ადვოკატი არ ჰყავთ. „ვეთანხმები მედეა ვასაძეს“, – მხოლოდ ამ სიტყვებით შემოიფარგლა მურმან დუმბაძე პროცესზე მიმდინარე კამათის დროს. მედეა ვასაძე კი მოსამართლეს მოუყვა, რომ ინფორმაცია ოპერატიული მუშაკისგან მიიღო, რომლის ვინაობასაც ვერ დაასახელებს. მისი თქმით, ირაკლი ჭეიშვილის სამსახურებრივ ავტომანქანაში ნარკოტიკის ნახვის შესახებ ინფორმაცია პოლიციელების საერთო „ჩატში“ ჩააგდეს, თუმცა ინფორმაციის გადმოტანა და შენახვა ვერ მოესწრო.

„ყველა პოლიციელმა იცის ეს… რეალურად მანქანაში სხვა ნარკოტიკი იყო, მაგრამ ის ბოთე ოპერატიული მუშაკი დაიბნა…“ – დაამატა მედეა ვასაძემ.

კახაბერ კ.-ს საქმის მასალების მიხედვით კი, ბრალდებულს ნარკოტიკული ნივთიერება ჩხრეკის დროს აღმოუჩინეს, როცა იგი სარფის საბაჟოდან ბათუმისკენ ტაქსით მოდიოდა. სისხლის სამართლის საქმეში ირაკლი ჭეიშვილი არ ფიგურირებს.

„მე ვგრძნობ ამ პროპაგანდას… ახლაც არ ჩერდებიან, ბრიფინგებს აწყობენ და ისევ მინიშნებით ჩემზე საუბრობენ. წინა სხდომაზე მითხრა ქალბატონმა მედეამ, როგორ დაზარალდი, პირიქით, დაწინაურდიო, მაგრამ უმაღლეს საბჭოში პროპორციული წესით შევედი, მაჟორიტარული წესით რომ ვყოფილიყავი კანდიდატი, არ ვიცი, რა შედეგი დადგებოდა,“ – აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.

„იგივე იქნებოდა მაინც,“ – შენიშნა მურმან დუმბაძემ.

„თქვენ დაშალეთ „ქართული ოცნება“ აჭარაში, არ მომაყოლოთ ყველაფერი… ახლა მთლიანად თავზე გემხობათ…თქვენც ამბობთ ჩემზე, რომ თითქოს „ოცნებიდან“ გამრიცხეს, სინამდვილეში, მე წავედი პარტიიდან პროტესტის ნიშნად… არ შეიძლება ასე ტყუილებში ცხოვრება. მაღალი თანამდებობის პირი ხართ და გაგიჭირდებათ ქვეყნის მართვა,“ – მიმართა მოსარჩელეს მედეა ვასაძემ.

მედეა ვასაძემ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ირაკლი ჭეიშვილმა არ წარმოადგინა მტკიცებულებები იმის მიუხედავად, რომ მტკიცების ტვირთი სამართლებრივად ირაკლი ჭეიშვილზე იყო.

„თქვენ ახლა მსჯელობთ ჩემს მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე, რაც მე მოვიპოვე. ეს რომ არ მომეტანა, რა უნდა გეთქვათ?“ – იკითხა ისევ მედეა ვასაძემ.

„განაჩენია საქმეში, რომლის მიხედვითაც დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, მეტი რაღა გინდათ?“ – გაუმეორა მედეა ვასაძეს ირაკლი ჭეიშვილის ინტერესების დამცველმა სასამართლო პროცესის დასრულებამდე.

ამ საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე 20 ნოემბერს გამოაცხადებს.

ზურაბიშვილი – როგორც მომავალი მთავარსარდალი, პატივისცემას ვუცხადებ სამხედრო ძალებს

ძალიან სამწუხაროა, რომ ვიღაც ცდილობს, ხინჯი შეიტანოს მომავალ მთავარსარდალსა და სამხედროებს შორის, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის ძალიან დიდ პატივს სცემს სამხედრო ძალებს.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მას ჯარისკაცები არ დაუდანაშაულებია და განაცხადა, რომ პირები, რომლებიც ქალს ემუქრებიან, არ არიან ღირსი სამხედროს სახელით საუბრობდნენ.

„არც ერთი ჯარისკაცი არ დამიდანაშაულებია ამ კამპანიაში. მე პირიქით ვთქვი, რომ ის ლაჩრები, რომლებიც ემუქრებიან ქალს და მის შვილებს, არ არიან ღირსი, რომ წარმოადგინონ და აპელირება მოახდინონ სამხედროს სახელით. როგორც მომავალი მთავარსარდალი, ვუცხადებ პატივისცემას სამხედრო ძალებს. საერთოდ, ძალიან დიდ პატივს ვცემ სამხედრო ძალებს. სამწუხაროა, რომ ვიღაც ცდილობს, რაღაც ხინჯი შემოიტანოს მომავალ მთავარსარდალსა და სამხედროებს შორის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

4-ნახევარი საათი სარფიდან წითელ ხიდამდე – 3 მილიარდამდე ლარი ავტობანისთვის რიკოთზე

რიკოთის  მთლიან მონაკვეთზე ახალი ავტომაგისტრალის ასაშენებლად დაახლოებით 3 მილიარდი ლარი დაიხარჯება, თუმცა ეს თანხა სატენდერო პროცედურების შემდეგ დაზუსტდება – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში. აქვე ამბობენ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის გავლას, წითელი ხიდიდან სარფამდე [სიჩქარის შეზღუდვის გათვალისწინებით] დღეს, დაახლოებით 8 საათი სჭირდება, ამ პროექტის დასრულების შემდეგ კი ამ დერეფნის დაფარვა 4,5 საათში იქნება შესაძლებელი.

რიკოთის უღელტეხილზე, ჩუმათელეთიდან [დაბა სურამის უბანი] ზესტაფონის სოფელ არგვეთამდე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 51,6 კმ-მდე სიგრძის ოთხზოლიანი გზის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში აშენდება 96 ხიდი და 53 გვირაბი.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა ოთხ სექციად  არის დაყოფილი:

[checklist]

  • I სექცია – ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი – 11,7 კმ.
  • II სექცია – ხევი-უბისას მონაკვეთი – 12,2 კმ.
  • III სექცია – უბისა-შორაპანის მონაკვეთი – 13 კმ.
  • IV სექცია – შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი – 14,7კმ.

[/checklist]

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი ჩუმათელეთიდან არგვეთამდე / წყარო: გზების დეპარტამენტი

ჩუმათელეთიდან არგვეთამდე ახალი გზის მშენებლობა დონორებისგან მიღებული სესხით დაფინანსდება.

[highlight color=”green”]ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი[/highlight] მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიღებული სესხით აშენდება. მშენებლობაზე ტენდერი დეპარტამენტმა მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გამოაცხადა. სატენდერო თანხა 376 962 285 ლარია. წინადადებების მიღება კი 2019 წლის 11 იანვარს დაიწყება და 15 იანვარს დასრულდება.

[highlight color=”green”]ხევი-უბისას მონაკვეთის[/highlight] შემთხვევაში, რომელიც აზიის განვითარების ბანკისგან მიღებული სესხით აშენდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია. დეპარტამენტში გვითხრეს, რომ Hunan Road and Bridge Construction Group-ისგან ელოდებიან საგარანტიო წერილს, რის შემდეგაც გაფორმდება ხელშეკრულება გზის ამ მონაკვეთის მშენებლობაზე. კონკრეტული თანხა, რომელიც გზის აშენებისთვის არის საჭირო, დეპარტამენტის ინფორმაციით, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გასაჯაროვდება.

[highlight color=”green”]უბისა-შორაპნის მონაკვეთის[/highlight] შემთხვევაში, სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს და დეტალები [გამარჯვებული კომპანია, მშენებლობისთვის საჭირო თანხა და სხვა] დეპარტამენტის ინფორმაციით მოგვიანებით გახდება ცნობილი. გზის ამ მონაკვეთის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიღებული სესხით დაფინანსდება.

[highlight color=”green”]შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის[/highlight] სამშენებლო სამუშაოები, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, 2019 წელში დაიწყება. ამ შემთხვევაშიც ტენდერში წინადადებების მიღება დასრულებულია და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. ეს სამუშაოები კი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსგან მიღებული სესხით დაფინანსდება.

„როგორც პროექტის სირთულითა და მოცულობით, ასევე მისი ღირებულებით, ესაა ყველაზე მასშტაბური მშენებლობა, რომელიც აქამდე განხორციელებულა… მთლიანობაში, რიკოთის პროექტი, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილია, 2022 წელს დასრულდება“ – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

რამდენად რეალურია ასეთი მასშტაბის პროექტის დასრულება 4 წელში, რთული სათქმელია, მითუმეტეს, როცა აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის სხვა მონაკვეთებზე პრობლემებია და სამუშაოები, გრაფიკთან შედარებით ჩამორჩენით მიმდინარეობს.

ერთ-ერთი ასეთი მონაკვეთია სამტრედია-გრიგოლეთი, სადაც გზის მშენებლობაზე 4 კომპანია მუშაობდა. აქედან ერთ კომპანიას გზების დეპარტამენტმა საერთოდ შეუწყვიტა კონტრაქტი და დარჩენილ სამუშაოებზე ახალი კომპანია ტენდერით შეარჩია, სხვა კომპანიას პირგასამდტეხლო დააკისრეს, ხოლო ერთ-ერთმა კომპანიამ „ტოდინმა“ სამუშაოები ერთი წლის დაგვიანებით დაიწყო. ეს კომპანია კი სხვა 110 მილიონიან  ტენდერში გამოაცხადეს გამარჯვებულად.

ახალი ავტობანი სარფიდან წითელ ხიდამდე დაახლოებით ასე გაივლის [დაგეგმილი, მიმდინარე და განხორციელებული პროექტების მიხედვით] / წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ახალი ავტობანი სარფიდან წითელ ხიდამდე დაახლოებით ასე გაივლის [დაგეგმილი, მიმდინარე და განხორციელებული პროექტების მიხედვით] / წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
_____________________________

მთავარი ფოტო: ოთხზოლიანი მაგისტრალი ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე / ფოტომონტაჟი /წყარო: გზების დეპარტამენტი

ნომინაციაში „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცე“ 16 ქართველი მეზღვაურია წარდგენილი

მალტის მთავრობამ, სინგაპურისა მთავრობასა და ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2018 წლის ნომინაციაში – „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცე“ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საკრუინგო კომპანია Queensway Navigation Co. Ltd-ის კუთვნილებაში არსებული გემის MT Seapower-ის ეკიპაჟის წევრები წარადგინეს – მათ 2017 წლის 26 ივნისს უამინდობის გამო გასაჭირში მყოფი ტანკერ Rama 2-ის ეკიპაჟის ცამეტი წევრის კოორდინირებულ სამაშველო ოპერაციებში სამაგალითო ძალისხმევა და გამბედაობა გამოავლინეს.

დაჯილდოების ცერემონია ქ. ლონდონში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სათავო ოფისში 2018 წლის 6 დეკემბერს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ საკრუინგო კომპანია Queensway Navigation Co. Ltd  არის საქართველოში მეზღვაურთა ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი – კომპანიის გემების 90% ქართველი მეზღვაურებით არის დაკომპლექტებული. გემ MT Seapower-ის ეკიპაჟის 17 წევრიდან 16 საქართველოს, ერთი კი უკრაინის მოქალაქე იყო, გემის კაპიტანი – ლევან მამალაძე.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის მეზღვაურებს ყოველწლიურად აჯილდოებს. საქართველოსთვის აღნიშნული სახის ჯილდო პირველი არ არის – 2015 წლის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ტრაგიკულად დაღუპული არქიმანდრიტი ილია კარტოზია ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დააჯილდოვა.

არქიმანდრიტი ილია კარტოზია 2014 წლის 28 დეკემბერს იტალიურ ბორან „Norman Atlantic“-ზე გაჩენილი ხანძრის დროს დაიღუპა. გემზე ხანძრის გაჩენის დროს ბორტზე 487 მგზავრი, მათ შორის საქართველოს 8 მოქალაქე და  ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. მამა ილია იტალიაში, ქ. ბარიში, წმ. ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად მიემგზავრებოდა, უბედური შემთხვევის დროს, როდესაც ცეცხლმოკიდებული გემიდან მაშველებს სამაშველო ნავზე გადაჰყავდათ, მან თავისი ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო და თავად გემბანზე დარჩა. სამწუხაროდ, მამა ილიას გადარჩენა მაშველებმა ვეღარ მოახერხეს.

საქართველო ამაყობს ქართველი მეზღვაურების მიერ გამოვლენილი სიმამაცით, რამაც  13 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, ამ შემთხვევას დიდი გამოხმაურება ჰქონდა საერთაშორისო საზოგადოებაში. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი მეზღვაურების სიძლიერეს, გამბედაობას და მაღალ პროფესიონალიზმს.

„მთავრობის თავმჯდომარედ დავაბრუნებდი ლევან ვარშალომიძეს“ – ინტერვიუ მურმან დუმბაძესთან  

გაპრეზიდენტების შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძემ უნდა მოითხოვოს, რომ დაიწყოს პროცედურა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოსაცხადებლად, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, უნდა აღუდგინოს საქართველოს მოქალაქეობა – ეს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, მურმან დუმბაძის ხედვაა, რასაც ოპოზიციის კანდიდატს გაპრეზიდენტების შემთხვევაში ურჩევს.

  • ბატონო მურმან, ყოველი არჩევნებისას თქვენ ამომრჩეველთან ახალი შეთავაზებით გიწევთ მისვლა. აქამდე პოლიტიკური გუნდიდან წასვლის შემდეგ ამბობდით – არ ვიცოდი, სად მოვსულვარ, არ ვეთანხმები და მივდივარო. ამჯერად თუ იცით სად მიხვედით?

უნდა გითხრათ, რომ შეკითხვა ლოგიკური და დედუქციურია, მაგრამ უნდა გითხრათ ისიც, რომ შეკითხვაში არის მცდარი აზრიც. არასოდეს ამომრჩეველთან არ მითქვამს, რომ შევცდი. ვფიქრობ, 2012 წლის პირველ ოქტომბერს სწორი გადაწყვეტილება მიიღო ამომრჩეველმა, ხელისუფლებები უნდა დამთავრდეს, გუშინ სხვა ხელისუფლება იყო, დღეს სხვაა, ხვალ  სხვა იქნება. ერთპარტიული მმართველობა და ლიდერობა უნდა დასრულდეს და 2012 წლის პირველი ოქტომბერი იყო მცდელობა ამის დასრულებისა. როგორც დიდ, ისე მცირე პროგრამაში გვეწერა, რომ გადავიდოდით კოალიციურ რეჟიმზე, მაგრამ როგორც კი მივიდა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში, დაიწყო ფიქრი იმდაგვარად, როგორც წინა ხელისუფლებებმა.

ამომრჩეველთან არასოდეს ბოდიშს არ ვიხდი, პირიქით, მადლიერი ვარ, არავისთვის არაფერი მითხოვია, ერთადერთი მოთხოვნა მაქვს, რომ არჩევნების დღეს მომცენ ხმა. როგორ მხვდებიან იცით?! განსაკუთრებით ასაკოვნები, მეკითხებიან, ბატონო მურმან, არ დაიღალეთ? – მიხარია, რომ ამომრჩეველი გაიზარდა.

1990 წლის 28 ოქტომბერს სწორი გადაწყვეტილება მიიღო ამომრჩეველმა, ასევე 2003 წლის 23 ნოემბერსაც, 2004 წლის 6 მაისსაც. სახელმწიფო ვითარდება, ჩვენ არ ვართ ის, რაც ვიყავით 20 წლის წინ, თუმცა ტემპი შენელებულია, როგორც დავით უსუფაშვილი თავის რეკლამაში ამბობს – მეტი შეგვიძლია. ამ ხალხს კარგი ხელისუფლება ეკუთვნის.

2018 წლის 28 ოქტომბერს მარჯვენა და მარცხენა ხელმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ერთ მხარეს იდგა სიცრუე  და დიდი ფული, მეორე მხარეს – სიმტკიცე და პატიოსნება. მარჯვენა და მარცხენა ხელმა მოახერხა მილიარდერის დამარცხება. ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, ბრძოლა დემოკრატიისთვის, უკეთესი მომავლისათვის. ეს მარადიულია, შეცვლი რაღაცას და შეიძლება ხვალ ისევ შესაცვლელი დარჩეს, ეს მუდმივი პროცესია.

  • როგორ უხსნით ამომრჩეველს თქვენს გადაწყვეტილებას – მათ, ვისაც დიდ ხანს არწმუნებდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო დესტრუქციული და მასზე არჩევანის გაკეთება არ შეიძლებოდა.

მე ოპოზიციაში წავედი ძალიან მალე, მანამდე მივიღე პოლიტიკური თანამდებობა, რაც ჩემთვის არაფერია. ვერ მივიღე ის, რასაც დავპირდით მოსახლეობას. 2013 წლის თებერვლიდან უკვე ღრმა ოპოზიციაში ვიყავი, 2012 წლის ოქტომბერში სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ ხელისუფლება შეიცვალა საარჩევნო ყუთთან – ეს ხომ წინგადადგმული ნაბიჯია, ჩვენ ხელისუფლებებს ასე მარტივად ვერ ვცვლიდით… ეს დემოკრატიის ბრწყინვალე ზეიმია.

მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც მკაცრი ვერტიკალი ჰქონდა, ერთი ხელის აკვრით შეეძლო რაღაცნაირად შეეცვალა მონაცემები, მაგრამ დამარცხება აღიარა, იწამა მარჯვენა და მარცხენა ხელი, იწამა, რომ ხელისუფლების წყარო არის ქართული საზოგადოება.

2018 წლის 28 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა არ აღიარა დამარცხება, წინასწარი მონაცემებით 53 პროცენტი დაწერა, რაც არის მისი შეცდომა. თუ ასე გააგრძელებს მეორე ტურში, მე ვეუბნები მას, რომ ის არამარტო ხელისუფლებას დაკარგავს. მე არ მინდა, რომ საარჩევნო ბიულეტენის მიღმა გავიდეს მოქალაქე, მერე მას საქართველოს ხელისუფლება ვეღარ გააკონტროლებს. მე ვარ ბედნიერი, რომ ვარ ოპოზიციაში და სადაც ვარ, ყოველთვის მოგებაა.

  • თუმცა ბევრჯერ მოგიწიათ იმის აღიარება, რომ შეცდით. როგორ ფიქრობთ, თქვენ მიმართ ნდობას არაფერი მოაკლდა?

რადგან ეს შეკითხვა გაგიჩნდათ, ესე იგი, ვერ ავხსენი კარგად. მიმაჩნია, რომ სწორად ვიქცეოდი აბაშიძის, შევარდნაძის დროს, ასევე, სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დროსაც. წარმოიდგინეთ, იყო ხელისუფლებაში და თბილისის სუსხში კარავს არ აწვდიდე შვილმკვდარ მამას. 2009 წლის აპრილ-მაისში რუსთაველის ქუჩა გადავკეტეთ ოპოზიციონერებმა, ოცი კარავი გავშალეთ და თმის ღერი არავის ჩამოგვვარდნია. დემოკრატიის თვალსაზრისით უკან დახევა გვაქვს, მე არ მინდა ასეთი უმრავლესობის წევრობა, ხელისუფლებისთვის უმჯობესია, რომ ყური დაუგდოს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ასე, რომ მე დავამატე მარჯვენა და მარცხენა ხელს ჩემი მტკიცე ფეხი, სადაც მივალ, იქ ვიმარჯვებ.

  • 2011 წლის 26 მაისს თქვენ სასტიკად გაგისწორდათ ის პარტია, ახლა ვისთან ერთადაც იბრძვით, დაგაკავეს – გეძებდათ ოჯახი. როგორ მოახერხეთ ამის დავიწყება?  

ეს არასოდეს დამავიწყდება, 2011 წლის 26 მაისს დამაკავეს, თელავის იზოლატორში ვიყავი. არ ვიტყვი, რომ დამაკავეს, მე მაწამეს, ფრჩხილი მომაძვრეს, ნეკნები ჩამიმტვრიეს. მარცხენა თვალში დღესაც პრობლემები მაქვს. მე ეს მახსოვდა და 2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩემმა მარჯვენამ და მარცხენა ხელმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო – შევცვალეთ ხელისუფლება. დღეს, 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩვენ ახალი რეალობის წინაშე დავდექით.

  • ეს ყველაფერი თქვენმა კანდიდატმა შეაფასა როგორც შეცდომა, მაგრამ ჩვენ გვახსოვს, რომ ამ აქციაზე დაიკარგნენ ადამიანები, რომლებიც შემდეგ გარდაცვლილები იპოვეს სახურავზე – ეს შეცდომა იყო მხოლოდ?

დიახ, ეს უნდა შეფასდეს როგორც დანაშაული, სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დგას. ადამიანების გარკვეული ნაწილი ციხეშია. მათ უნდა აგონ პასუხი. მე ეს სიტყვები უკან არ მიმაქვს. მათ უნდა აგონ პასუხი და ეს პასუხისმგებლობა მე, მურმან დუმბაძეს, არ მეკუთვნის. ეს პასუხისმგებლობა ეკუთვნის მიმდინარე ხელისუფლებას. დღეს ხელისუფალი არის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“. მათია საგამოძიებო და სასამართლო სისტემა, ყველა ის სისტემა, რომელიც ასეთ პროცედურებს უნდა აწარმოებდეს. მე პირიქით მგონია – ყველა ის ადამიანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ამდაგვარი ყოფაქცევით იყო გამორჩეული, დღეს დაწინაურებულები არიან. აი, მაგალითად, პატარაძე, აყალბებდა არჩევნებს და დაგვისვეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ შემთხვევითი ლატარიის წესით, იმიტომ, რომ ის დათანხმდება ყველაფერს, რასაც ეტყვიან. რატომ დასვეს? იმიტომ, რომ მასთან ადვილია მუშაობა, ის ლოიალური იქნება ზემდგომის მიმართ. ის დათანხმდება ყველაფერს, რასაც ეტყვის უფროსი. სუსის უფროსის, ვახტანგ გომელაურის ჩამოსვლა და მასთან შეხვედრა ამის დასტურია. შეხვდეს ლევან ვარშალომიძესაც, ისიც  ხომ ყოფილი თავმჯდომარეა, კარგ რაღაცას იქნებ ისიც ასწავლის.

  • ანუ გამორიცხავთ, რომ იმავე  წრეზე ვბრუნდებით?

არა, გამორიცხულია. მე კი არ ვამბობ, რომ შეუძლებელია იმავეს მობრუნება, ჩვენ პოლიტიკოსებმა, ადამიანებმა, უნდა გამოვრიცხოთ ეს. უახლოეს პერსპექტივაში ერთპარტიული რეჟიმი საქართველოში უნდა დასრულდეს და უნდა გადავიდეთ კოალიციურობაზე, მრავალპარტიულობაზე, ამაზე თანხმდებიან ის პარტიები, რომლებმაც დააფუძნეს სამოქალაქო პლატფორმა „ძალა ერთობაშია“. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწერა ხელი, რომ ხელისუფლების დაკომპლექტების წესი უნდა შევცვალოთ.

  • „ქართული ოცნებაც“ ხომ პოლიტიკური პარტიების კოალიცია იყო. დარწმუნებული ხართ, რომ საქართველოში კოალიცია არჩევნების შემდეგაც კოალიციად დარჩება?

ადამიანი და პოლიტიკური პარტია თუ წარსულის შეცდომებზე არ სწავლობს, ის პარტია, უბრალოდ, დასრულდება. „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც ფავორიტია ამ კოალიციაში, ძალიან ბევრი მხარდამჭერი დარჩა. როცა მოქალაქეებს ვეკითხები, თქვენ არ გახსენდებათ 26 მაისი? 7 ნოემბერი გახსენდებათ? – ისინი ამბობენ, რომ ახსოვთ, რომ „ლატკიანი“ გზები ავტობანებად შეიცვალა, ახსოვთ გაჩახჩახებული ბათუმი, ანუ მათ ეკონომიკის ტემპი ახსოვთ, ახსოვთ საშემსრულებლო დისციპლინა და ნაკლები კორუფცია. თუმცა ამბობენ, რომ დარბევები, ზონდერები, კრიმინალები და არჩევნების გაყალბები არის პოლიტიკური შეცდომები. მე არ შემიძლია ეს შევაფასო, რადგან მე ვარ პოლიტიკოსი.

  • ახლა ვინ არის თქვენი ლიდერი?

საპრეზიდენტო კანდიდატია გრიგოლ ვაშაძე, საარჩევნო შტაბის უფროსია გიორგი ვაშაძე, რომელსაც მნიშვნელოვანი რეფორმები აქვს გატარებული „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. პოლიტიკაში ის საერთოდ არ ჩანდა, იუსტიციის სახლები მისი პროექტია, ასე რომ ლიდერები ვართ ჩვენ, ათეული, ვინც შევდივართ გაერთიანებაში. მიხეილ სააკაშვილი საერთოდ არ არის ამ ათეულში. ის არის ადამიანი, რომელიც განდევნილია საქართველოდან, რაც არის ღრმა შეცდომა. გრიგოლ ვაშაძეს ვუთხარი, რომ პირველი აქტი, რაც მან უნდა გამოსცეს, ეს უნდა იყოს შემდეგი: ჩვენ უნდა ვიყოთ მართლები ზვიად გამსახურდიასთან, ედუარდ შევარდნაძესთან, ასლან აბაშიძესთან და მიხეილ სააკაშვილთანაც. პირველი, რაც მან უნდა გააკეთოს, მიხეილ სააკაშვილს უნდა აღუდგინოს მოქალაქეობა. ეს არის პოლიტიკურ-მორალური, ზნეობრივი აქტი. შეაგდონ, გადააგდონ, დაიჭირონ – არ მაინტერესებს, მოქალაქის პასპორტი ჯიბეში უნდა ჰქონდეს, მას თავისუფლად უნდა შეეძლოს გადაადგილება საქართველოს სახელმწიფოში. მე სამართლებრივ ასპექტში არ შევდივარ, ასლან აბაშიძესაც რომ ჰქონდეს ჩამორთმეული მოქალაქეობა, მასზეც იმავეს ვიტყოდი. არ შეიძლება ღმერთის მიერ გაჩენილ ადამიანს, რომელიც იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ჩამოართვა მოქალაქეობა. იმ შედეგს, როცა ზვიად გამსახურდია გავაგდეთ საქართველოდან, დღესაც, 30 წლის მერეც ვიმკით. თუ საქართველოს პრეზიდენტი დასაჭერია, შენი მოვალეობაა ჩაატარო სამუშაოები და მიუსაჯო მას თავისუფლების აღკვეთა და არავითარ შემთხვევაში მოქალაქეობის ჩამორთმევა. ეს არის დამცირება, ამორალური საქციელი, რომელიც სასწრაფოდ უნდა გამოასწოროს გრიგოლ ვაშაძემ.

  • მიხეილ სააკაშვილი ვინ არის?

ის საერთოდ არ არის ამ ათეულში. ის განდევნილია საქართველოს სახელმწიფოდან, რაც არის ღრმა შეცდომა.

  • კიდევ რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს გრიგოლ ვაშაძემ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, თუ ის გახდება პრეზიდენტი?

ქვეყანა არის ღრმა სოციალურ კრიზიში, მისი უფლებამოსილება არის ძალიან დიდი. ის, რა ფუნქციებიც ჩამოართვა „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტს, არაფერს ნიშნავს. პრეზიდენტი არის ერთადერთი პოლიტიკური პირი საქართველოში, რომელიც იღებს უზარმაზარ თანამდებობას. მას აქვს პოზიციის უფლება, უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ ქვეყანა არის ღრმა სოციალურ-ეკონომიკურ, პოლტიკურ კრიზისში, გამოსავალი არ ჩანს და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და უნდა მიმართოს დღევანდელ ხელისუფლებას, რომ გაფორმდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. „ქართულ ოცნებაში“ ზის ხალხი, რომლის ნაწილი თანახმაა, რომ ამ კრიზისიდან გამოსვლის უებარი წამალი იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ასე ხდება ევროპაშიც. ჩვენ ისეთი უხეირო საარჩევნო სისტემა გვაქვს, ეს უნდა შეიცვალოს, ამას დასჭირდება დაახლოებით ერთი თვე – უნდა შევცვალოთ ისეთი სისტემით, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მოსპობს ერთპარტიულ დიქტატს.

  • და გჯერათ, რომ ამას პარლამენტი დაეთანხმება? 

ამას თუ არ გააკეთებს, მაშინ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ვიტყვით, რომ მისი ლეგიტიმაციის  ხარისხი არის სუსტი, მოქალაქეების ლეგიტიმაციის შესაბამისი ძალაუფლება უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას, ასეთია წესი. თუ შენ მიიღე ამომრჩევლისგან 30 პროცენტი და აბსოლუტურ უმრავლესობას ფლობ საქართველოს პარლამეტში, ეს ნიშნავს, რომ ლეგიტიმაცია გაკლია და საქართველოს მოქალაქესა და მთავრობას შორის არის მუდმივი დისკომფორტი. არის კონფრონტაციური მდგომარეობა და ეს არის მოსაწესრიგებელი.

  • თქვენი პროგნოზი რევოლუციურ სცენარსაც მოიაზრებს?

მე არ ვფიქრობ, რომ ეს ვარიანტი შესაძლებელია, საქართველოს მოქალაქეები ხომ გაიზარდნენ. ჩვენ წინ გადავდგით ნაბიჯი 1990 წლიდან 2012 წლამდე. 2012 წელს ხალხმა კარგად იმოქმედა, მაგრამ ხელისუფლების დინამიკა ჩამორჩა ხალხის აზროვნების დინამიკას. ახლანდელი დინამიკა მაფიქრებინებს, რომ მოქალაქეს ყური უნდა მივუგდოთ და შეუძლებელია, საარჩევნო ყუთის მიღმა იმოქმედო.

  • თუ „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდება ხელისუფლებაში, აჭარაში მთავარ პოსტს ლევან ვარშალომიძე დაიბრუნებს, თუ თქვენ დაიკავებთ ამ ადგილს?

რატომ გგონიათ, რომ ჩვენ ვართ „ნაციონალური მოძრაობა“, ჩვენ ვართ ოპოზიცია, ჩვენ ბევრნი ვართ და ამ გაერთიანებაში არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური სუბიექტი.

  • ანუ ამბობთ, რომ დომინანტი ამ გაერთიანებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის?

არა, შეუძლებელია. საქართველოს მოქალაქეები ამას არ დაუშვებენ. 2016 წელს ძალიან დაბალი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შედეგი არჩევნებზე, ახლა რატომ მოემატა? – იმიტომ, რომ ხალხმა გაერთიანების ძალა იგრძნო. მურმან დუმბაძე დაუჯდა მაგიდასთან ნიკა მელიას და მთავარში თანხმდებიან. რა არის მთავარი? – საძირკვლის მოსპობა, დღევანდელი პოლიტიკური ბალავარის მონგრევა და მოშლა, აი, ამაში ვთანხმდებით. ძალიან ბევრი ვიფიქრე, ეს სპონტანური გადაწყვეტილება არ იყო. თუ დარჩა ერთპარტიული სისტემა საქართველოში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ 26 მაისისკენ მივეშურებით და ფარცხალაძის სარდაფი გაფართოვდება. არ მინდა ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც აუდიტის სამსახურის უფროსს სცემენ რესტორანში, ამას მირჩევნია მიტინგზე მცემონ.

  • თუ ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში, აჭარაში მთავარ პოსტს ვინ ჩაიბარებს?

ამაზე არ მიფიქრია. მე, მაგალითად, არაფერი  მინდა. მე რომ მკითხოს კაცმა, აჭარის პირველი პირი არის მთავრობის თავმჯდომარე და ამ პოსტზე დავაბრუნებდი ლევან ვარშალომიძეს. მისი მენეჯერული ფუნქციები გამოჩნდა ბათუმში და მთლიანად აჭარაში. ამას პირველად ვამბობ, მე ამ  თემაზე არავისთან არ მითქვამს, არ მიკადრია პოსტების განაწილებაზე ლაპარაკი, ამიტომ შეიძლება ლევანს ეწყინოს, ამას რომ ვამბობ.

ბრძოლის მექანიკური საშუალებები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ

ტემპერატურის კლებასთან ერთად აზიური ფაროსანა ბაღებიდან და საკარმიდამო ნაკვეთებიდან სახლებსა და შენობებში ინაცვლებს. მოსახლეობას გადამწყვეტი როლი აქვს მოზამთრე ფაზაში მავნებლის წინააღმდეგ   ბრძოლაში. მნიშვნელოვანია საცხოვრებელ სახლებში გადანაცვლებული ბაღლინჯოს შეაგროვება და გაანადგურება. გთავაზობთ, მავნებლთან ბრძოლის მექანიკური საშუალებების ეფექტურ გზებს:

მეთოდი 1. აზიური ფაროსანას თავშესაფრის იმიტაცია

ეს მეთოდი  ერთ-ერთი ყველაზე მარტივია. მუყაოს ყუთში მჭიდრო მოვათავსოთ მუყაოს ფირფიტები ან ქაღალდი, ზემოდან ვაკრავთ წებოვან ქაღალდს, ისე რომ შიგნით  სიბნელე იყოს. რაც მთავარია მუყაოს ყუთს ყველა მხრიდან ვუკეთებთ ნასვრეტებს, სწორედ ამ გზით შედიან გამოსაზამთრებლად დაძრული ფაროსანები ყუთში. თავშესაფრის ასეთი იმიტაციები უნდა განთავსდეს სახლის და ცხოველთა სადგომების მიმდებარე ტერიტორიაზე, მშრალ ადგილებზე, რათა თავიდან ავიცილოთ მისი დასველება. ყუთში მოგროვილი ფაროსანების გასანადგურებლად საჭიროა მათი დაწვა. იხილეთ   ვიდეოგაკვეთილი.

მეთოდი 2. ე.წ. „მოიზიდე და მოკალი სადგური“

სახლის პირობებში ე.წ. „მოიზიდე და მოკალი“ სადგურის დამონტაჟებისას აუცილებელი პირობაა ფერომონი და ინსექტიციდით გაჟღენთილი ბადე-  ეს შეიძლება იყოს ძველი ფარდა, ზეწარი და ა.შ., რომელიც მაგრდება ხეზე ან ბოძზე,  საკარმიდამო ნაკვეთს, პლანტაციასა და მწერის პოტენციურ გამოსაზამთრებელ ადგილს  შორის არსებულ ტერიტორიზე. ამ დროს აუცილებელი პირობაა ბადე  ეხებოდეს ნიადაგს, რათა მავნებელმა, შეძლოს მასზე აცოცება.  შემდეგი ნაბიჯი მასზე 2-3 ერთეული  სატყუარას – ფერომონის განთავსებაა, რომელიც მიიზიდავს მავნებელს. ქიმიური პრეპარატით დამუშავებულ ბადესთან კოტაქტის შემდეგ ბაღლინჯო კვდება და ძირს ცვივა. მეტი ეფექტისთვის უმჯობესია მატერიასთან დამაგრდეს ნათურაც, ამ შემთხვევაში მავნებელი ღამეც იკრიბება მის გარშემო. სპეცილისტები მოსახლოებას ურჩევენ, რომ „მოიზიდე და მოკალი სადგური“ გარშემო ტეტიტორია შემოფარგლონ, რათა ძირს ცამოცვენილი ფარონა შინაურმა ფრინველებმა და ცხოველებმა არ შეჭამოს. იხილეთ  ვიდეოგაკვეთილი

მეთოდი 4. – საპნიანი წყალი

ნებისმიერი ფორმის ღრმა ჭურჭელს შემოვავხვევთ ე.წ. ფოლგას და  1/3 -ზე ვავსებთ წყლით. ვუმატებთ თხევად საპონს. ნივთიერების გასახსნელად ვურევთ, მანმადე სანამ წყალი არ აქაფდება.  შემდეგ წურჭელს, საპნიანი წყლით, ბნელ ოთახში დავდგავთ ნათურის ქვეშ. სინათლეზე გროვდება ფაროსანა. ჭურჭელში მოხვედრილი მავნებელი კვდება.   იხილეთ ვიდეოგაკვეთილი

მეთოდი 5. –  პოლიეთილენის  ბოთლი

ნებისმიერი დიდი ზომის პოლიეთილენის ბოთლი (1.5-2. ლ) გადავჭრათ,  ბოთლის ქვედა ნაწილი დავფაროთ მუქი ფერის წებოვანი ლენტით, მასში მოვათავსოთ  ანთებული ფანარი და მასში გადაჭრილი ბოთლის ზედა ნაწილი ჩავდოთ. სინათლე მიიზიდავს აზიურ ფაროსანს. ბოთლში მოგროვილი ფაროსანების გასანადგურებლად საჭიროა მათი დაწვა.  იხილეთ  ვიდეოგაკვეთილი.

მეთოდი 6. – მტვერსასრუტი

მექანიკური გზით  აზიური ფაროსანას გასანადგურებლად ყველაზე მერტივი ხერიხი, შენობებში გამოსაზამთრებლად შესული მავნებლის მტვერსასრუტით შეგროვება და მისი დაწვაა.

გახსოვდეთ – ერთი აზიური ფაროსანას განადგურება  მომავალი სეზონისთვის 200-მდე  ახალი მავნებლის მოსპობას ნიშნავს!

______________________________________________________________________

სტატია  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ისმხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორმედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

მოძველებული საინფორმაციო დაფები და სხვა შენიშვნები ბათუმის ავტოტრანსპორტის მისამართით

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი გადაადგილების ყველაზე იაფი საშუალებაა და ე.წ. ყვითელი და ლურჯი ავტობუსებით ბევრი მოქალაქე სარგებლობს, თუმცა ბათუმის ავტოტრანსპორტის მისამართით, რომელიც ბათუმის მერიის შპს-ეა, ისმის არაერთი საყვედურიც. ამჯერად „ბათუმელებმა“ მოქალაქეების რამდენიმე პრეტენზიაზე გაამახვილა ყურადღება.

[checklist]

  • გადატვირთული ავტობუსები პიკის საათებში 

[/checklist]

საღამოს საათებში რამდენიმე მარშრუტზე გადატვირთული ავტობუსები, განსაკუთრებით პიკის საათებში, მგზავრებისთვის სერიოზული პრობლემაა. როგორც ერთ-ერთმა მოქალაქემ გვითხრა, რამდენიმე დღის წინ #12 ავტობუსში ასვლა ვერც მგზავრმა შეძლო და ვერც კონტროლიორმა, რადგან ადგილი ფიზიკურად არ იყო.

ბათუმის ავტოტრანსპორტში გვითხრეს, რომ ქალაქში სულ 148 მუნიციპალური ტრანსპორტია, აქედან ყოველდღიურად ხაზზე 118 ავტობუსი გადის [დანარჩენი საჭიროებს გეგმით გათვალისწინებულ ტექდათვალიერებას] და იმის მიუხედავად, რომ პიკის საათებში ცალკეულ მარშრუტებზე ავტობუსები გადატვირთულია, ავტობუსის დამატებას ვერ ახერხებენ.

„თუ ახალი ავტობუსები მივიღეთ, გავზრდით, მაგრამ სხვაგვარად ეს ვერ მოხდება,“ – გვითხრეს ავტოტრანსპორტის პიარისა და მარკეტინგის სამსახურში. აქვე აღნიშნეს, რომ ასეთ შემთხვევაში მოქალაქეებმა სჯობს ქალაქის მერიას მიმართონ განცხადებით.

[checklist]

  • მოძველებული საინფორმაციო დაფები, გაჩერებებზე მითითებული არ არის მარშრუტი და დრო 

[/checklist]

მართალია, ზოგიერთ გაჩერებაზე ელექტრონული ტაბლო არის, მაგრამ რაც უფრო შორდებით ქალაქის ცენტრალურ უბნებს, მით უფრო იშვიათად გხვდებათ ელექტრონული ტაბლოები და თუ მგზავრმა ზუსტად არ იცის კონკრეტული ავტობუსის მარშრუტი, გაჩერებაზე სხვა მგზავრებს უნდა ჰკითხოს ან კიდევ მოძრავი ავტობუსის ტაბლოზე უნდა ამოიკითხოს, რაც მარტივი არ არის. ასევე, გაჩერებებზე არ არის მითითებული ავტობუსის მოძრაობის გრაფიკი და ზოგ ადგილას დაზიანებულია საინფორმაციო დაფაც.

ბათუმის ავტოტრანსპორტში ამბობენ, რომ ბოლო ხანს მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემაში ბევრი ცვლილება განხორციელდა და ამის ფონზე გარკვეული ხარვეზები ფიქსირდება. გარდა ზემოთ დასახელებული პრობლემისა, საინფორმაციო დაფა ზოგიერთ ადგილას აღარ ემთხვევა ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტს. „ველოდებოდით ოპტიმიზაციის დასრულებას, რომ დაფების გამოცვლა დავიწყოთ და ყველა ინფორმაცია იყოს გასწორებული,“ – გვითხრეს ავტოტრანსპორტში. თუმცა კონკრეტულად რა ვადებში იგეგმება დაფების განახლება და გამოცხადდება თუ არა ტენდერი, ამის შესახებ ავტოტრანსპორტში დაზუსტებით ვერ გვიპასუხეს.

„დაახლოებით 450 ნიშნულია ქალაქში, მათი უცებ, ერთი ხელის მოსმით გამოცვლა ვერ მოხერხდება, დასჭირდება რაღაც პერიოდი. ეს არ არის გრძელვადიანი, მაგრამ კონკრეტული ვადა, როდის უნდა დამთავრდეს – არ არის. ჩვენ შევეცდებით ჩვენი ძალებით, ტენდერის გარეშე გავაკეთოთ და თუ ვერ მოხერხდება, ტენდერს გამოვაცხადებთ. ჯერჯერობით, ვცდილობთ ჩვენი ძალებით აღმოვფხვრათ ეს პრობლემა,“  – გვითხრეს ავტოტრანსპორტის პიარისა და მარკეტინგის სამსახურში.

რაც შეეხება გაჩერებებთან ინფორმაციის განთავსებას იმის შესახებ, თუ როგორია კონკრეტული ავტობუსის მოძრაობის გრაფიკი, ბათუმის ავტორანსპორტში მიიჩნევენ, რომ ამის მითითებას შედეგი არ ექნება, რადგან ქალაქში პერიოდულად მოძრაობა გადატვირთულია და გრაფიკი ზუსტი ვერ იქნება.

„ ჩვენ გვინდა, რომ ბევრგან იყოს ელექტროტაბლო, ამაზე არის საუბარი. ინფორმაციის დაბეჭდვა და გაკვრა არ არის პრობლემა, ჩვენ დავწერთ დროს, მაგრამ საცობებია ქალაქში.  თუ ავტობუსისთვის ხაზზე გათვალისწინებულია 1 საათი, საცობის შემთხვევაში ეს დრო არ არის საკმარისი და სჭირდება საათი და 20 წუთი მაგალითად, რის გამოც ინტერვალი ავტომატურად იზრდება.  კი, მართალია, შემოვიდა ახალი ავტობუსები, მაგრამ ეს [ერთსაათიანი] ინტერვალები რომ შევინარჩუნოთ, ჯერჯერობით ამის საშუალება არ გვაქვს,“ – გვითხრეს ბათუმის ავტოტრანსპორტში.

[checklist]

  • გაჩერებებზე არ არის მითითებული, რომ მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ბარათით 

[/checklist]

ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში ელექტრონული ბარათით გადახდა პირველი აგვისტოდან ხორციელდება და ეს ინფორმაცია კარგადაა ცნობილი მათთვის, ვინც ყოველდღიურად სარგებლობს ავტობუსით, თუმცა არა ყველასთვის. ეს განსაკუთრებით პრობლემურია ქალაქში მყოფი ტურისტებისთვის, რადგან ინფორმაცია გაჩერებებთან მითითებული არ არის.

თუ მოქალაქე ავტობუსში გადახდას ვერ შეძლებს და კონტროლიორი შეამოწმებს, ჯარიმა ხუთი ლარია. ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ოქტომბრის თვეში დღეში საშუალოდ 50 ჯარიმა იწერებოდა.

ბათუმის ავტოტრანსპორტში ამბობენ, რომ ყველა ავტობუსში იქნება სამარშრუტო სქემა განთავსებული: „გარდა ამისა, ახალ ავტობუსებში საბედნიეროდ მონიტორები არის და მონიტორებზე ვაჩვენებთ, ბარათის აღება სად არის შესაძლებელი, როგორ აიღოს და მოიხმაროს ბარათი. ვებგვერდზეც არის წარმოდგენილი სად არის შესაძლებელი ბარათის ყიდვა.“

ჰაერის ტემპერატურა ბათუმში 11-16 გრადუსია – უახლოესი დღეების ამინდი პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 ნოემბრის 21 საათიდან 15 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება და წვიმა, მაღალმთიანეთში კი – თოვა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 11 – 16 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის სანაპიროზე 16 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

„რევოლუციის საფრთხე არ არსებობს“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„ქართული ოცნების“ ლიდერები ბოლო დღეებში ყველაზე მეტად ოპოზიციის „რევოლუციურ სცენარზე“ საუბრობენ. მანამდე ისინი სამოქალაქო ომის საშიშროების შესახებ უყვებოდნენ ამომრჩევლებს. ყოველდღე ახალ-ახალი ფეისბუქ სტატუსები ჩნდება ყოფილი სამხედრო პირებისგან, ასევე პატრულის თანამშრომლებისგან დაწერილი – მათ მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილი მთავარსარდალი არ შეიძლება იყოს.

რეალურად ჩანს თუ არა მოვლენების რევოლუციურად  განვითარების შესაძლებლობა – „ბათუმელები“ ისტორიკოს გრიგოლ გეგელიას ესაუბრა.

ბატონო გრიგოლ, ბოლოს თბილისის მერმა კახი კალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ისაუბრეს „რევოლუციურ სცენარზე“. „რევოლუციას და დესტაბილიზაციას ვერ ეღირსებიან,“ – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ. ფიქრობთ, რომ ეს არის წინასაარჩევნო სტრატეგიის ნაწილი, თუ რეალურად ჩანს პროცესების რევოლუციური განვითარების შესაძლებლობა? 

რევოლუციურ სცენარზე საუბარი გადაჭარბებულია, ობიექტური საფრთხე არ არსებობს. „ქართულ ოცნებას“ ამ ეტაპზე აქვს საერთო ე.წ. მესიჯ ბოქსი, რომ ყველამ ამაზე ისაუბროს, რომ აი, თუ არ ავირჩევთ „ქართულ ოცნებას“, რაღაც მკაფიო საფრთხეები არსებობს გადატრიალების… პირველ რიგში, ერთი რამ ცხადია, რომ ძალიან საშიში თამაში მიდის. რამდენიმე დღის წინ სრულიად არაეთიკურად „ოცნების“ ლიდერები აცხადებდნენ, რომ სამოქალაქო ომი შეიძლება დაიწყოს. ეს არის აბსოლუტური მავნებლობა,  ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით. ომს არავინ არ იწყებს, ჯერ ერთი და მეორე – ამას არც არავინ დაუშვებს. რეალურად გრიგოლ ვაშაძეს მისცა ძალიან ბევრმა ადამიანმა ხმა და მათ აქვთ საკმაოდ დემოკრატიული ლეგიტიმაცია. დღეს ხელახლა გადატრიალების საჭიროება არ დგას.

მიხეილ სააკაშვილის ჩანაწერი მოვისმინე, მის ხასიათში ზის ეს რევოლუციონიზმი და რევანშიზმი, რომელიც ქაოსისკენ მიიწევს, მას ქაოსი უყვარს, მაგრამ ობიექტურ რეალობას რომ შევხედოთ, საქართველოს ჰყავს ძლიერი ჯარი, რომელსაც შეუძლია დაიცვას კონსტიტუციური წესრიგი, თუკი ამის საჭიროება დადგა, საქართველოს ჰყავს სხვა ინსტიტუციები, პოლიცია, რომელიც არის გამართული და კარგად აღჭურვილი, არანაირი სამოქალაქო დაპირისპირების განწყობა არ არსებობს და არც რევოლუციის წინაპირობები არსებობს. შესაძლოა, სააკაშვილი კი ოცნებობდეს რაღაცებზე, მაგრამ აღარ არის 2003 წელი და მსგავს სცენარს აღარავინ ემხრობა.

გამორიცხავთ იმას, რომ შესაძლოა, არსებობდეს რევოლუციური სცენარი? 

ვერ გამოვრიცხავ ამას, რადგან შესაძლოა, სააკაშვილის გონებაში რაღაც მსგავსი იყოს, მაგრამ ამის წინაპირობები დღეს არ ჩანს და ყველა პოლიტიკოსს მოვუწოდებდი, რომ ამ მავნებლობას შეეშვან. მე, პირადად, არ მაქვს რევოლუციურად მოვლენების განვითარების მოლოდინი ბევრი მიზეზის გამო: რევოლუცია, როგორც წესი, არის მაშინ, როცა ერთი ძალისკენ იხრება ბალანსი, ახლა კი ამომრჩევლების ხმები გადანაწილებულია, არსებობს გამოკვეთილი ორი პოლუსი.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოში ხალხი გადაიღალა რევოლუციით და ქაოსით, ქუჩის პოლიტიკით. ნახეთ, როგორი სიმშვიდეა, პირველ ტურზე არც კი იგრძნობოდა ქვეყანაში, რომ სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე ვინმეს ვირჩევდით.

აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი – ხალხი ვერ გაჰყავს ქუჩაში ვერცერთ პოლიტიკურ ძალას. ჩვენ ვნახეთ 7 ნოემბერს „ოცნების“ უცნაური შეხვედრა და ვერ გაიყვანეს ხალხი, იგივე „ნაციონალურ მოძრაობის“ ჩართვამ ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის სოლიდარობის აქციაში ხალხი გააქცია, ეს ხომ აშკარაა. პრაქტიკულ დონეზე ხალხი ვერ გამოჰყავს ვერცერთ პოლიტიკურ ძალას. ხალხის დაკვეთა დღეს აღარაა რევოლუცია, ხალხს სურს ქვეყნის სტრუქტურული განვითარება: განათლება, სოფლის მეურნეობა, დასაქმება და ასე შემდეგ. საქართველოში ხალხი აღარაა რევოლუციის მხარე. თუ ვინმეს უნდა ამ ფონზე პოლიციის და უსაფრთხოების სამსახურების პოლიტიზება მოახდინოს, ეს არის დასჯადი და ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება.

ყოველდღიურად ყოფილი სამხედრო თანამდებობის პირები, ასევე პოლიციის ყოფილი თანამშრომლები სოციალურ ქსელში ერთი და იგივე შინაარსის განცხადებას აქვეყნებენ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ… 

ეს არის უპრეცედენტო რამ. 90-იანი წლების შემდეგ, ანუ სამხედრო გადატრიალების შემდეგ, არ ყოფილა შემთხვევა, როცა გენერალიტეტი გამოვიდა ასე ცალსახად და პოლიტიკური განცხადება გააკეთა. მე ვისურვებდი, რომ საერთოდ არ გაეკეთებინათ ეს განცხადებები, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა სრულიად დაუფიქრებელი და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით ერიც და ბერიც განაწყო თავისი თავის წინააღმდეგ. ამიტომ „ოცნებას“ უნდა დაენიშნა ცოტა ადეკვატური კანდიდატი და არ გვექნებოდა საქმე არაფერ მსგავსთან. სამხედრო პირების ეს განცხადებები გადატრიალებას არ ნიშნავს, სალომე ზურაბიშვილმა შეიარაღებულ ძალებს რეალურად დააბრალა საკუთარი მიწების დაბომბვა. ამის მერე იქნებიან მის წინააღმდეგ განწყობილი, აბა, როგორ იქნებიან?

ფიქრობთ, ეს მათი პიროვნული პროტესტია თუ საქმე გვაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიულ გათვლასთან? 

არ ვიცი, ამის შეფასება რთულია. მე, პირადად, ვიცნობ ქართველ სამხედროებს და ვიცი მათი ზოგადი ეთიკა. მე ძალიან გამიკვირდებოდა, რომ ისინი იყვენენ პარტიული პოლიტიკით ანგაჟირებული. ესენი არიან წესიერი და პრინციპული ხალხი. საზოგადოებასაც ვთხოვდი, რომ ფრთხილად მოეკიდოს მათ განცხადებებს, რადგან ეს არის ხალხი, ვინც ქვეყანას იცავს. მე მგონია, რომ ქართული ჯარი არის ფუნდამენტურად შეურაცხყოფილი და ამას მოჰყვა ეს განცხადებები. კიდევ იმას, რომ „ოცნების“ ლიდერებმა პროტესტის მოსმენის ნაცვლად, ირონია არჩიეს, როდის თქვა, არ უთქვამს მასეო, ან რაღაც მსგავსი. ამ რეაქციებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან აცდენილია მოთხოვნებს და განწყობებს. საქართველოში ხალხმა „ოცნებას“ კატეგორიულად უთხრა, რომ რაღაცებს არ მიიღებს.

ვთქვათ, „ქართულ ოცნებას“ არ ესმის ამომრჩევლის. „ნაციონალურ მოძრაობაში“ რამდენად ადეკვატურად გაიგეს ამომრჩევლის მოთხოვნა? 

ვფიქრობ, ორივე პოლიტიკური ძალა არაადეკვატურად უყურებს ამომრჩეველს, დაკარგული აქვთ რაიმეს გადაფასების, ცვლილების უნარი. ცალსახად ჩანს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ბოლო 6 წლის განმვლობაში არაფერი შეუცვლია… ჩვენ გვჭირდება სოციალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებული გამოსავალი, რომ სტრუქტურული პრობლემები დაიძლიოს: სიღარიბე, დასაქმება და ასე შემდეგ.

რეალურად რა საფრთხე შეიძლება შექმნას სამხედრო პირების, ასევე პოლიციის ყოფილი თანამშრომლების საჯაროდ იმის დაფიქსირებამ, რომ არ დაუშვებენ სალომე ზურაბიშვილის მთავარსარდლობას?

დაუშვებელია, თუკი ეს კერძო მოსაზრებები ინსტიტუტებთან იქნება ასოცირებული და ინსტიტუციურ პოზიციებად იქცევა. რეალურად ჯარი არ ირჩევს, ვინ იქნება მთავარსარდალი და ჯარი ნებისმიერ მთავარსარდალს უნდა დაემორჩილოს. დემოკრატია ირჩევს ვინ იქნება ქვეყნის მთავარსარდალი. კარგი იქნება, თუკი მაქსიმალურად თავისთვის შეინახავენ სამხედრო პირები საკუთარ პოზიციებს, რომ ეს არ გაიგივდეს ინსტიტუციებთან. როგორც წესი, ისინი ტყუილ-უბრალოდ არ აქტიურდებიან და მოსალოდნელი იყო, რომ მათ ეს პოზიცია ექნებოდათ. მთავარია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება, თუკი ინსტიტუციები, რომლებსაც აკრძალული აქვთ წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართვა, ჩაერთვებიან ამ პროცესში.

რევოლუციურ სცენარში, თუკი მართლაც არსებობს, რა საფრთხეს ხედავთ – რევოლუციურ სცენარს სხვები პროგნოზირებენ იმ შემთხვევაშიც, თუკი გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტი ვერ გახდება. 

მე ვერ ვხედავ საფრთხეებს, რადგან არ მესმის, რა საფრთხე უნდა გამოიწვიოს გრიგოლ ვაშაძემ, თუკი ის პრეზიდენტი გახდება. ყველაზე ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, მაგრამ ამისთვის შესაბამისი და კონკრეტული წინაპირობებია საჭირო. რაც შეეხება შეწყალებას, ის ხალხი, ჯერ ერთი, ამბობს, რომ შეწყალება არ უნდა. ვინც ამას არ ამბობს, უკვე გასდის პატიმრობის ვადა, მაგალითად, ახალაიას. კიდევ რა ტიპის ქაოსი უნდა შეიქმნას, ჩემთვის გაურკვეველია…

სიმართლე რომ ითქვას, რევოლუციური სცენარის თეორიული შესაძლებლობა ამ შემთხვევაში [თუკი გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტი ვერ გახდება] უფრო არსებობს. ამ დროს უფრო მეტი მოთხოვნა ექნება „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, მოვლენების რევოლუციურ განვითარებას, თავისი წინაპირობა სჭირდება, რაც ახლა არ არსებობს. ამიტომაც ვერ ვხედავ რევოლუციური განვითარების საფრთხეს.

 

ენერგოეფექტურობის გლობალურ პროექტში საქართველო ლიდერი საპილოტე ქვეყანაა

2018 წლის 13 ნოემბერს ჩინეთში, ქ. ჰანგზუში, გაიმართა ენერგოეფექტურობის გლობალური პროექტის დასკვნითი ღონისძიება, რომელსაც საქართველოს, როგორც ლიდერი საპილოტე ქვეყნის სახელით, დაესწრო საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე.

შეხვედრაზე განხილულ იქნა „გლობალური საზღვაო ენერგოეფექტურობის ურთიერთთანამშრომლობის (GloMEEP) პროექტის მიერ მიღწეული შედეგები, კერძოდ, პროექტის ფარგლებში ლიდერმა საპილოტე ქვეყნებმა წარადგინეს შემდეგი 3 სახის დოკუმენტი:

[checklist]

  • სახელმწიფოს შეფასება ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით;
  • ენერგოეფექტურობის ეროვნული ტრატეგიის სამუშაო ვერსია;
  • MARPOL VI – დანართის საიმპლემენტაციო კანონმდებლობა

[/checklist]

პროექტი დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ და განხორციელდა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გარემოს დაცვითი სამმართველოს ძირითადი პროექტების დანაყოფის მიერ.

პროექტის ფარგლებში, საქართველომ შეიმუშავა სამივე ზემოხსენებული დოკუმენტი და უახლოეს მომავალში დაიწყება მუშაობა კონვენციის სარატიფიკაციო პროცედურებზე.

აღსანიშნავია, რომ პარიზის კლიმატის შეთანხმების იმპლემენტაცია საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიაში სწორედ ხსენებული კონვენციის მეშვეობით ხდება. განსაკუთრებით კი აღსანიშნავია 2020 წლის მიზანი, რომ საზღვაო საბუნკერო საწვავში გოგირდის შემცველობა დავიდეს 0,5 m/m.-მდე MARPOL VI დანართი ასევე წარმოადგენს ძირითად დოკუმენტს, რომლითაც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) 2050 წლის სტრატეგია უნდა განხორციელდეს საზღვაო ტრანსპორტის საშუალებებიდან გამონაბოლქვის შემცირების შესახებ.

როგორ ეძებენ საქართველოში სექსს ინტერნეტით [ინფოგრაფიკა]

გუგლის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში ბოლო 12 თვის მანძილზე უმეტესად სოციალურ ქსელებს, ფილმების საიტებსა და თამაშებს (მათ შორის აზარტულს) ეძებენ. ცხადია, საქართველოში ყველაზე ხშირად დაგუგლულ პირველ 50 სიტყვაში აღმოჩნდა პორნოც. ძებნის პოპულარობით, 45-ე ადგილზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პორნოსაიტია.

გუგლტრენდის საძიებო სისტემაში, სექსთან დაკავშირებული რამდენიმე საკვანძო სიტყვა ჩავწერეთ, მათგან ყველაზე პოპულარული porno აღმოჩნდა. რუკაზე ნაჩვენებია ბოლო 12 თვის განმავლობაში ამ სიტყვის პოპულარობა რეგიონების მიხედვით. რაც უფრო მუქია გამოყოფილი რეგიონი რუკაზე, მით უფრო ხშირად გუგლავენ porno-ს იმ ადგილას. ყველაზე მაღალ მაჩვენებლად გუგლტრენდი სტანდარტულად 100 ქულას იღებს, რომელიც ამ შემთხვევაში სამეგრელო-ზემო სვანეთს მიენიჭა.  დანარჩენი რეგიონების მაჩვენებლები სწორედ ამ ქულასთან მიმართებაში ითვლება:

* აფხაზეთის რეგიონში იმავე საძიებოს სიტყვას რუსულად ეძებენ და მისი მაჩვენებელი რუკაზე 86-ია.

კიდევ რა სიტყვებით ეძებენ საქართველოში სექსს:

საქართველოში ამ თემატიკის სიტყვების მიმართ ინტერესი ინტერნეტის პოპულარობასთან ერთად გაიზარდა და 2004 წლიდან დღემდე ასე გამოიყურება:

საქართველოში ყველაზე პოპულარული 50 საიტი,  alexa.com-ის (ბოლო ერთი თვის) მონაცემებით ასე გამოიყურება (მათგან სექსუალური თემატიკის ვებგვერდი მხოლოდ ექვსია):

1.Youtube.com

2. Google.ge

3. Google.com

4. Facebook.com

5. Adjara.com

6. Myauto.ge

7. Google.ru

8. Yandex.ru

9. Wikipedia.org

10. Ok.ru

11. Flashscore.com

12. Crystalbet.com

13. Mail.ru

14. Myvideo.ge

15. Vk.com

16. Roblox.com

17. Yahoo.com

18. Aliexpress.com

19. Adjarabet.com

20. Mymarket.ge

21. Saitebi.ge

22. Lider-bet.com

23. Instagram.com

24. Europebet.com

25. Bongacams.com 

26. Ambebi.ge

27. Amindi.ge

28. Rs.ge

29. Rustavi2.ge

30. Tbconline.ge

31. Ebay.com

32. Betlive.com

33. Amazon.com

34. Imovies.cc

35. Txxx.com

36. Intermedia.ge

37. Fbcdn.net

38. File.ge

39. Livejasmin.com

40. Blogspot.com

41. Palitravideo.ge

42. Y8.com

43. On.ge

44. Xnxx.com 

45. Nplg.gov.ge

46. Friv.com

47. Upornia.com

48. Pornhub.com

49. WordPress.com

50. Livescore.com

რას ითხოვს სახელმწიფო მასწავლებლისგან – ახალი მოდელი, რომელსაც სამინისტრო გეგმავს

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ 2019 წლისთვის სკოლებში დაიგეგმება „განახლებული პროგრამები“ და „სრულიად ახალი მიდგომები“. რა იგულისხმება ახალ სტანდარტებში, რას ითხოვს სახელმწიფო სკოლისგან და რატომ ვერ ასრულებს სკოლა სახელმწიფოს დაკვეთას? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“  საქართველოს განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მარიამ ჩიქობავა საუბრობს.

  • ქალბატონო მარიამ, რას გულისხმობს სამინისტრო, როცა ამბობს, რომ სკოლებში „სრულიად ახალ მიდგომებს“ გეგმავს?

ვგულისხმობთ ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმას, რომელიც მე-7-9 კლასებში უკვე დამტკიცებულია, პირველ და მე-6 კლასებში კი დანერგვა მიდის და რეალურად ამაზეა აქ საუბარი.

სანამ ახალი მოდელი ყველა სკოლაში დაინერგება და გაზაფხულზე 50-მდე სკოლაში შევა, მანამდე ამ მოდელის პილოტირება თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში მიმდინარეობს.

მოდელი გულისხმობს იმას, თუ როგორ უნდა დაგეგმოს სკოლამ  სასკოლო კურიკულუმი, რომელიც დღეს, ფაქტობრივად, ქოფი-ფეისტით აქვთ პედაგოგებს გადატანილი. ახალი მოდელის მიხედვით, მასწავლებლებთან ყოველდღიურ რეჟიმში მიდის იმაზე მუშაობა, გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებულად როგორ უნდა დაგეგმონ სასწავლო პროცესი.

მეთოდოლოგია ასწავლის პედაგოგს, როგორ გადავიდეს სწავლების პედაგოგიკიდან სწავლის პედაგოგიკაზე, მასწავლებელზე ორიენტირებული პედაგოგიკიდან – მოსწავლეზე ორიენტირებულ პედაგოგიკაზე, ასწავლის ტექნოლოგიების მიზნობრივად გამოყენებას. ეს კომპონენტი ეხმარება პედაგოგებს ერთმანეთთან ურთიერთობაში და ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას კოლეგებს შორის.

მასწავლებლები რასაც გეგმავენ, ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ერთმანეთს უზიარებენ. ასეთი რამ სკოლებში იშვიათად ხდება. ამიტომ ამ ყველაფერს მწყობრი და თანამიმდევრული ხასიათი უნდა ჰქონდეს.

  • კიდევ რას გულისხმობს ახალი მეთოდი?

შემდეგი კომპონენტი არის განმავითარებელი შეფასება, რომელიც ფორმალურად სკოლებში ახლაც მიმდინარეობს, მაგრამ რეალურად, რა არის განმავითარებელი შეფასების არსი და დანიშნულება, ეს ნაკლებად აქვთ გააზრებული.  ძალიან იშვიათი შემთხვევების გარდა, განმავითარებელი შეფასებით მოსწავლეების პროგრესის გაზომვა და მათი დაკვალიანება არ მიმდინარეობს სკოლებში.

  • რატომ, რა უშლის ხელს?

ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნაში არის, მაგრამ რთულია მისი განხორციელება, რადგან სპეციალური გააზრებაა საჭირო, სტრატეგიების ცოდნა უნდა. განმავითარებელი შეფასება არ არის მხოლოდ კომენტარი დაუწერო მოსწავლეს და უთხრა „ყოჩაღ“. ან სიტყვიერად უთხრა – „არ ვარგა“, ან  – „კარგი ბიჭი ხარ“. მოსწავლეს უნდა დაანახო, რატომ აფასებ. შეფასება უნდა იყოს არგუმენტირებული, რომ მოსწავლემ დაინახოს მისი სუსტი და ძლიერი მხარეები. გუშინ რომ იქ იყო, დღეს სად არის; რატომ წავიდა წინ; რა გაუჭირდა; რამ შეუწყო ხელი და ა.შ.

ახლა ამ ყველაფრის პილოტირება მიდის ერთ კონკრეტულ სკოლაში. ყოველდღე დადიან  ექსპერტები და მიმდინარეობს შეფასება. პირველი სემესტრის შემდეგ დაიდება შეფასებითი ინსტრუმენტები, გზამკვლევები და ა.შ.

ახლა ამ სკოლაში დაიგეგმა ინტეგრირებული თემა. მაგალითად, შემოდგომა, სადაც ყველა საგნის მასწავლებელია შემოსული თავისი მიზნებით და ამ ერთი თემის ფარგლებში ხდება მიზნების გაერთიანება. შემდეგ დაიგეგმება სხვა თემა და ა.შ. ამ პროცესში არა მარტო ხედავენ პედაგოგები ერთმანეთის გეგმებს, ამით სწავლობენ კიდეც. ყოველი გაკვეთილის შემდეგ ჩვენ ვიკრიბებით სამინისტროშიც და ექსპერტები მსჯელობენ, რა უნდა გააკეთონ შემდეგში და როგორ.

  • რამდენად თავისუფალია პედაგოგი მეთოდოლოგიის შემუშავებაში?

ჩვენ არ შევდივართ გამზადებული რეცეპტებით.  ჩვენ ვეუბნებით მასწავლებელს რა არის სახელმწიფო სტანდარტი და მან უნდა გვაჩვენოს მისი ორიგინალური გზა. როგორ შეუძლია ამ სტანდარტზე გასვლა. როგორც კი პედაგოგებმა პირველი ვერსია მოხაზეს, შემდეგ დაიწყო მისი გარჩევა, კორექტირება. ეს არის სწორედ მთავარი, რომ იქ, შიგნით, სკოლაშივე დაიძრას შემოქმედებითი პროცესი. რაც მათი შექმნილია, მათი შემოქმედებითი ნაყოფია, ცხადია, ამის დანერგვა მათთვის უფრო ადვილი და მისაღებია.

  • თქვენ თქვით, რომ გაზაფხულზე ეს მეთოდი დაინერგება 50 სკოლაში, შემდეგ კი – ორას სკოლაში და ა.შ. თუ ერთი სკოლის მაგალითზე  გაამართლა პილოტმა, რატომ ყველა სკოლაში არ არ შედიხართ ერთდროულად?

ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხის, ინტენსიური კომუნიკაციის შენარჩუნება. ამისთვის დაგვჭირდება სხვა ადამიანების რესურსის მობილიზება, მხოლოდ სამინისტროს ექსპერტები ვერ გაწვდებიან. რა თქმა უნდა, პირველი სემესტრის ბოლოს ბევრი ინფორმაცია დაგროვდება, გაანალიზდება და შემდეგ უფრო მარტივია სხვა სკოლებში დანერგვაც.

  • თქვენ აღნიშნეთ, რომ პედაგოგები ხშირად იღებენ ასლებს, ახალი მეთოდი კი მეტ შემოქმედებაზეა ორიენტირებული. რა გარანტია არსებობს, რომ ამ მოდელის დანერგვის შემთხვევაშიც იგივე არ განმეორდება?

პილოტირების შემდეგ რაც დაიდება, ის, რა თქმა უნდა, ყოველთვის გაზიარდება, უფრო მეტი მასწავლებელი ნახავს და შეიძლება გამოიყენოს ნიმუშიც. თუმცა მასწავლებელი არ არის ვალდებული ზუსტად მიყვეს შედგენილ გეგმას. მას შეუძლია რაღაც გადააკეთოს, რაღაც დაიტოვოს ნიმუშიდან და შექმნას თავისი ორიგინალური ვერსია.

ამ მეთოდზე მუშაობისას მნიშვნელოვანია მიზნობრიობა. შეიძლება მასწავლებელმა მრავალფეროვანი აქტივობები ატაროს, მაგრამ ეს არის იყოს გრძელვადიან მიზნებთან დაკავშირებული, რაც არის ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგებით განსაზღვრული და რომელიც მიემართება მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების და პრობლემის გადაჭრის უნარების  განვითარებას.

  • ეს ყველაფერი დღეს სკოლებში არ ისწავლება?

ერთია, რა გვიწერია სტანდარტში და მეორე – მისი რეალიზება საკლასო ოთახში. ახალი სკოლის მოდელიც და ახლებური მიდგომა სწორედ იმას ემსახურება, რომ რაც დავწერეთ, ის აუცილებლად პრაქტიკაში უნდა განხორციელდეს. ცალკეული მასწავლებელი ახლაც აკეთებს ამას, მაგრამ ბევრისთვის მაინც პრობლემაა. ამ მეთოდის დანერგვის მიზანია დავეხმაროთ მასწავლებლებს, რომ ეს პროცესი დაიძრას.

  • დაახლოებით რამდენი წელი დასჭირდება, რომ ყველა სკოლაში დაინერგოს ეს მოდელი?

წესით, ხუთ წელიწადში ყველა სკოლაში უნდა დაინერგოს, მაგრამ რადგან ხარისხია ამ მოდელში მნიშვნელოვანი, საწყის ეტაპზე 50 სკოლაში დანერგვაც მნიშვნელოვანია.

_______________

მთავარ ფოტოზე: მარიამ ჩიქობავა.ფოტო პირადი ფეისბუქგვერდიდან. 

უფასო კონსულტაციებისა და სკრინინგის აქცია ბათუმის ენდოკრინოლოგიის ცენტრში

14 ნოემბერს, მსოფლიო დიაბეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ენდოკრინოლოგიის ცენტრის ექიმები 9:00 საათიდან 16:00 საათამდე უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ.
გარდა ამისა, შაქრიანი დიაბეტის რისკჯგუფის მქონე პაციენტებს (ჭარბი წონა, დამძიმებული მემკვიდრეობა) ჩაუტარდებათ სკრინინგი, გლუკოზის დონის განსაზღვრა სისხლში (საჭიროების შემთხვევაში, გლუკოზა-ტოლერანტული ტესტი).
უფასო კონსულტაციებითა და სკრინინგით სარგებლობისთვის მსურველები წინასწარ უნდა ჩაეწერონ შემდეგ ნომერზე: +995 555 77 44 00. მისამართი: პუშკინის 118 ნომერში.

„ვინ იჯდა საჭესთან?“ – შეკითხვა პოლიციელებს, რომელიც უპასუხო დარჩა იარაღის ტარების საქმეში

„მაშინ ვინ იჯდა საჭესთან?“ – ეს შეკითხვა ადვოკატს პოლიციელების ჩვენებების მოსმენის შემდეგ გაუჩნდა. პოლიციელებმა ერთ-ერთ საქმეზე ბრალდებულის დაკავება აღწერეს, თუმცა საბოლოოდ გაურკვეველი დარჩა: ვინ იჯდა პოლიციის მანქანის საჭესთან, რომლითაც ბრალდებული თამარის დასახლებიდან პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.

თამარის დასახლებაში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის წინ, 2018 წლის თებერვალში პოლიციელებმა გიორგი მ. დააკავეს. მას ხელჩანთიდან კალაშნიკოვის ცეცხლსასროლი ავტომატი ამოუღეს ტყვიებთან ერთად. გიორგის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, იგი ქუთაისიდან ბრუნდებოდა და ტაქსით თამარის დასახლებაში უნდა მისულიყო. სახლთან მისვლამდე, გიორგიმ ტაქსის მძღოლს მანქანის გაჩერება სურსათის მაღაზიასთან სთხოვა. მაღაზიიდან გამოსული გიორგი პოლიციელებმა შეაჩერეს და პოლიციის მანქანაში ჩაჯდომა მოსთხოვეს.

„ამ დროს გიორგის ჩანთა ტაქსიში დარჩა,“ – გვიყვება ადვოკატი რამინ პაპიძე. – „მას მანქანაში ეუბნებოდნენ, რომ დანაშაული უნდა აღიაროს… პოლიციელებმა ჩხრეკა დაიწყეს და ტაქსში დარჩენილი მანქანიდან იარაღს იღებენ. გიორგი ასევე ამბობს, რომ ერთ-ერთმა პოლიციელმა, რომელსაც ის არ იცნობს, ჩხრეკის დაწყებამდე უთხრა, რომ ასე იოლად ვერ დააღწევდა თავს პოლიციას. გიორგის მანამდე თამარის დასახლებაში მდებარე იგივე მეხუთე განყოფილება ქურდობას ედავებოდა, თუმცა დანაშაული ვერ დამტკიცდა და იგი სასამართლომ გაამართლა. გიორგის თქმით, იმ პოლიციელს ჩვენება არ მიუცია სასამართლოში და რეალურად სხვა პირები გამოჩნდნენ საქმეში, ისინი, ვინც დაკავებისა და ჩხრეკის პროცესში არ მონაწილეობდნენ“.

სასამართლო პროცესზე ჩვენებები პოლიციელებმა მისცეს, აქედან სამი პოლიციელი მეხუთე განყოფილებიდან იყო, ორი გამომძიებელი და ორიც ექსპერტ-კრიმინალისტი.

„ნახეთ საქმის მასალები… ერთი პოლიციელი ამბობს, რომ მანქანით მივდიოდით, ჩვენ წინ მიდიოდა ბრალდებული და დავაკავეთო. მეორე ამბობს, ჩავუარეთ ტაქსს, მოვიხედეთ უკან და ის გადმოვიდა მანქანიდან და მერე მივედით მასთანო, მესამე კი ყვება, რომ სადარბაზოსთან შედიოდა და ამ დროს დავაკავეთო… მთავარი მომენტი მაინც იყო ორი პოლიციელი მეხუთე განყოფილებიდან, რომლებმაც თქვეს, რომ გიორგის დაკავების შემდეგ, გამომძიებელი და ექსპერტები საკუთარი მანქანით წავიდნენ, ერთი პოლიციელი განყოფილებაში ფეხით დაბრუნდა, ხოლო ჩვენ დავაკავეთ მამულაძე და ორივე გვერდით მივუჯექით მანქანის უკანა სავარძელზეო. ჩემს კითხვას, ვინ იჯდა საჭესთან, პოლიციელებმა ვერ გასცეს პასუხი. „არ ვიციო“, – ასე მიპასუხეს,“ – აღნიშნავს რამინ პაპიძე.

საქმის განმხილველ მოსამართლეს, გიორგი გრატიაშვილს, ადვოკატმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება შეახსენა საქმეზე, სადაც ასევე დაფიქსირდა პოლიციელთა მხრიდან ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები. კობა კვირიკაძეს გამოძიება ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენას ედავებოდა. კობა კვირიკაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაამართლა იმ მოტივით, რომ შეფუთვაზე ბრალდებულის გენეტიკური პროფილი, ანუ თითის ანაბეჭდები არ ამოვიდა.

მოსამართლე დავით მამისეიშვილის ეს გადაწყვეტილება პროკურატურამ  გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციომ იგი ძალაში დატოვა. იგივე კობა კვირიკაძე განსხვავებული მოტივით მიიჩნია გამართლებულად უზენაესმა სასამართლომ – პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები და არა გენეტიკური პროფილი, რომელიც ექსპერტების თქმით, შესაძლოა ნივთზე ფიზიკური შეხების მიუხედავად მაინც არ დარჩეს.

„პოლიციელების ჩვენებების წინააღმდეგობა გიორგი მ-ს საქმეშიც დაადასტურა სასამართლომ, თუმცა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა თქვა, რომ ამის მიუხედავად, სასამართლო მაინც დარწმუნდა ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის ჩადენაში. რეალურად ვერ ახსნა სასამართლომ, რატომ მოხდა ასე, გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაგვბარებია“,  – გვითხრა ადვოკატმა.

იყვნენ თუ არა ე.წ. ნეიტრალური მოწმეები გიორგი მ-ს საქმეში? – ადვოკატის თქმით, პოლიციელების გარდა სასამართლოს ჩვენება მხოლოდ ტაქსის მძღოლმა მისცა, რომელმაც თქვა, რომ მანქანიდან ჩანთა თავად ბრალდებულმა გადმოიღო ჩხრეკის დაწყებამდე.

გიორგი მ.-ს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 4 წლით პატიმრობა შეუფარდა.

 

95 წლის ძეფირელი ვერდის „რიგოლეტოს” დგამს

ომანში, მასკატის ოპერის სამეფო თეატრში ფრანკო ძეფირელი ვერდის ოპერა „რიგოლეტოს“ დადგამს. მასკატის ოპერის თეატრში „რიგოლეტოს“ პრემიერა 2020 წლის სექტემბერში შედგება.

2020 წელს მასკარტის ოპერის – ათი და ომანის ხელისუფლებაში სულთნის მოსვლიდან 50 წლისთავი აღინიშნება.

ძეფირელის „რიგოლეტოს“ ომანის თეატრში ვერონას,  რომის, ვილნიუსისა და ზაგრების საოპერო თეატრებთან თანამშრომლობით დგამენ.

სხვადასხვა ქვეყნის საოპერო თეატრების ერთობლივი სპექტაკლის დადგმა ომანის სულთნის ინიციატივა იყო.

მასკარტის ოპერის სამეფო თეატრი უმდიდრესად მიიჩნევა. არაბი არქიტექტორის დაპროექტებულ თეატრს იდეალური აკუსტიკა აქვს, აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, მოსაპირკეთებლად კი მარმარილო და ხეა გამოყენებული.

მასკატის ოპერის სამეფო თეატრი

თეატრის, კინოსა და ოპერის რეჟისორი, ფრანკო ძეფირელი „რიგოლეტოს“ პრემიერისას, 2020 წელს, 97 წლის იქნება.

ლასკალაში, დალასსა და მეტროპოლიტენ ოპერაში სხვადასხვა დროს ძეფირელის მიერაა დადგმული საოპერო სპექტაკლები: „აიდა“, „ტრავიატა“, „დონ ჟუანი“, „ფალსტაფი“ და სხვები.


მთავარ ფოტოზე: ფრანკო ძეფირელი / ფოტო: gramilano.com

ბათუმის მერია კიდევ 150 ოჯახს შეშით მოამარაგებს

ზამთრის დაწყებამდე ბათუმის მერიას შეშის მოთხოვნით 225-მა ოჯახმა მიმართა. წინა წლების მსგავსად, ხეების გადაბელვის შედეგად დაგროვილი საშეშე მასალა მოსახლეობას უკვე დაურიგეს, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ 75 ოჯახი მომარაგდა შეშით.

რაც შეეხება დარჩენილ 150 ოჯახს, ბათუმის მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ მერია შეშას აჭარის მუნიციპალიტეტების სატყეო სამსახურებიდან შეიძენს, მოსაკრებლისთვის 42 845  ათასი ლარია გამოყოფილი. ბათუმის მერია ტენდერის გამოცხადებას გეგმავს შეშის ტრანსპორტირებისთვის. კომპანია, რომელიც ტენდერს მოიგებს, ვალდებული იქნება, შეშა მუნიციპალიტეტიდან ბათუმის მერიის საწყობამდე მიიტანოს. „შემდეგ მერია უზრუნველყოფს შეშის კონკრეტულ ოჯახამდე მიტანას“, – გვითხრეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში.

ბათუმის მერია სხვა მუნიციპალიტეტებში შეძენილ შეშას დეკემბერში დაარიგებს.

მერია შეშით სოციალურად დაუცველ ოჯახებს ამარაგებს, რომლებიც შესაბამისი მოთხოვნით მერიას მიმართავენ. მერია თითოეულ ოჯახს 2 – 2 კუბ. მეტრ შეშას უსასყიდლოდ აწვდის.

რატომ მოჭრეს ევკალიპტი კახაბრის ქუჩაზე [ფოტოამბავი]

ბათუმში, კახაბრის ქუჩაზე კიდევ ერთი ევკალიპტი მოჭრეს. როგორც „ბათუმელებს“ მერიის გამწვანების სამსახურში უთხრეს, ევკალიპტის მოჭრაზე მათ გასცეს ნებართვა. „მერიაში მოსახლეობიდან არაერთი წერილი შევიდა, რომ ხეს ტოტები მოტყდა და ამის გამო ავტომანქანები დაზიანდა. ამიტომ იქნა მიღებული ხის მოჭრის გადაწყვეტილება,“ – გვითხრეს გამწვანების სამსახურში.

„ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, რომ ხე დიდი ხნის იყო და ჩამოვარდნილი ტოტების გამო მანქანებიც დაზიანებულა შარშანწინ. აქვე ამბობენ, რომ შესაძლოა მერიას კიდევ ერთი ხის მოსაჭრელად მიმართონ.

როინ გუნდაძის ფოტო
როინ გუნდაძის ფოტო

თუ ბათუმის მერთან საქმე გაქვთ, დღეს მის ნახვას ლურჯ ავტობუსში შეძლებთ

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე დღეს, 13 ნოემბერს, საღამოს 8:30 საათიდან ლურჯი ავტობუსით გეგმავს მგზავრობას. ბათუმის მერიის განმარტებით, დაგეგმილია LIVE-მარშრუტი მერთან ერთად, ჟურნალისტების გარეშე – „ამ ინიციატივის მიზანია, მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან.“

„მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ლაშა კომახიძე უამრავ მოქალაქეს ხვდება, ამასთანავე, ყოველ ორშაბათს თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში აქვს შეხვედრები მოსახლეობასთან. ვფიქრობთ, რომ საჭიროა კიდევ მეტი კომუნიკაცია ხალხთან და ამ კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, გამოვიყენოთ სხვადასხვა პლატფორმა“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მერიის ინფორმაციით, ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია და ამ ტიპის შეხვედრები გაიმართება რეგულარულად. მერია არ ამხელს, რა მარშრუტს აირჩევს მერი. პრესსამსახურის ინფორმაციით, წინასწარ ეს გადაწყვეტილი არ არის და მერს შესაძლოა ნებისმიერი მიმართულებით მიმავალ ავტობუსში შეხვდეთ.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბათუმის მერი პარალალურად „ქართული ოცნების“ ბათუმის შტაბის ხელმძღვანელია, პირველი ტურის შედეგების  შემდეგ კი ის ამბობდა, რომ ხელისუფლებამ ამომრჩევლისგან მიღებული მესიჯები უნდა გააანალიზოს. რა მესიჯებს მიიღებს მერი დღეს საღამოს ავტობუსით მგზავრობისას, ამაზე კითხვების დასმის საშუალება ალბათ მარშრუტის დასრულების შემდეგ მოგვეცემა.

სარფის საბაჟოზე 51 474 ლარის ღირებულების ოქრო ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საბაჟო გამშვები პუნქტის – სარფის გავლით, საქართველოში მალულად შემოიტანა დიდი ოდენობით – 916 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ოქროს ნაწარმის საბაჟო ღირებულება 51 474 ლარს შეადგენს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

_______

ფოტო: ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახური 

გამშვები პუნქტი „სარფი“ 13-15 ნოემბერს შეფერხებით იმუშავებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, თურქეთის მხარეს საბაჟოზე მიმდინარე სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელება მოხდება შეფერხებით.

„კერძოდ; 13-15 ნოემბერს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეჩერებული იქნება საბაჟო პროცედურები. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფი“, ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით იმუშავებს. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთის გატარება შეუფერხებლად მოხდება,“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საქართველოს რკინიგზა“ წლის საუკეთესო ბიზნესპარტნიორად დასახელდა

„საქართველოს რკინიგზა“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018-ის გამარჯვებული, წლის საუკეთესო ბიზნესპარტნიორის ნომინაციაში გახდა. პროფესიული განათლების კვირეული დასრულდა. გამარჯვებულები ოთხ კატეგორიაში გამოვლინდნენ:
დაჯილდოების ცერემონიას ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული პირები ესწრებოდნენ.

„საქართველოს რკინიგზა სრულად იზიარებს სახელმწიფო პოლიტიკას პროფესიული განათლების უდიდესი მნიშვნელობის შესახებ, სწორედ ამიტომ დავაარსეთ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი. სადაც ისწავლება 8 ახალი სასწავლო პროგრამა და მისი მეშვეობით საქართველოში ინერგება დუალური სწავლების მეთოდი, რაც გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლას. მოგეხსენებათ საქართველოს რკინიგზა არის ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი და ძალიან გვეამაყება რომ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სარკინიგზო კოლეჯი საქართველოს რკინიგზას პროფესიულ კადრებს მოუმზადებს,“ – აღნიშნა სს „საქართველოს რკინიგზის“ კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ჯორბენაძემ.

„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინიციატივაა, რომელიც ხორციელდება პროექტის პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის – ISWD Project ფარგლებში და დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ. კონკურსის მიზანი პროფესიული განათლების პოპულარიზებაა.

„პროფესიული განათლების ეროვნული კონკურსის ფარგლებში ჟიურიმ გამოავლინა ოთხი გამარჯვებული, რომლებიც გაემგზავრებიან გერმანიაში და მონაწილეობას მიიღებენ სასწავლო პროგრამაში. ისინი ასევე დაესწრებიან ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო გამოფენას. იმედი გვაქვს მსგავსი პროექტები კიდევ უფრო ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას საქართველოში,“ – აღნიშნა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

პროფესიული განათლების კვირეულის ფარგლებში, რკინიგზის სატრანსპორტო კოლეჯში, ღია კარის დღე გაიმართა. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლობა პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, სიმულატორებს, ტექნიკურ აღჭურვილობას და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ.

მზად ვართ რუსეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად – ტერეზა მეი

ბრიტანეთი მზადაა რუსეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, იმ შემთხვევაში, თუკი ოფიციალური მოსკოვი შეწყვეტს მავნე ქმედებებს, რაც საერთაშორისო შეთანხმებებსა და უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება.

„მოსალოდნელია, რომ სწორედ ამ განცხადებას გააკეთებს დღეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ლონდონის ლორდ მერთან გამართულ ოფიციალურ ბანკეტზე, რომელიც ყოველწლიურად იმართება“ წერს BBC.

ბანკეტზე განსახილველი ყოველწლიური განცხადებები, ტრადიციისამებრ, წინასწარაა ცნობილი. ტერეზა მეის განცხადება დღეს ბრიტანულ პრესაში გავრცელდა.

2017 წელს ამავე ღონისძიებაზე ტერეზა მეიმ მოსკოვი აგრესიასა და საარჩევნო პროცესში ჩარევაში დაადანაშაულა. რუსეთის კრიტიკა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისგან სკრიპალების მოწამვლამდეც ისმოდა.

სახელმწიფოს მიერ მიღებულმა ზომებმა, მათ შორის რამდენი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით რუსეთის სადაზვერვო ოფიცრების აღმოჩენამ, ტერეზა მეი დაარწმუნა, რომ განვითარებული ქვეყნების კოორდინაცია მსგავსი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად უმნიშვნელოვანესია. პრემიერმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ევროკავშირის დატოვება ბრიტანეთისთვის იზოლაციურ პოლიტიკაზე გადასვლას არ ნიშნავს.

„როგორც ერთი წლის წინ განვაცხადე, ჩვენ არ გვსურს რუსეთთან ასეთი ურთიერთობა… სხვაგვარი ურთიერთობებისთვის ვართ მზად, ურთიერთობებისთვის, რომლის პირობებშიც რუსეთი შეწყვეტს მავნე ქმედებებს, რაც საერთაშორისო შეთანხმებებსა და უსაფრთხოებას  ეწინააღმდეგება. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი სწორედ ამ კურსს აირჩევს“, – ნათქვამია ტერეზა მეის განცხადებაში.

მთავარი ფოტო: BBC.

სტუდენტი, რომელიც ყველაფერს ასწრებს

„დიდი მადლობა ჩემს ტელეფონს, რომელიც მახსენებს დღის განმავლობაში რა არ უნდა გამომრჩეს“, – ასე გვიხსნის 22 წლის ანა შაინიძე თავისი დროის მენეჯმენტის საიდუმლოს. ანა ასწრებს ერთდროულად სწავლას, მუშაობას, სტაჟირებას, სხვადასხვა აქტივობაში ჩართვას, მეგობრების მონახულებას და გართობასაც კი. ამბობს, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან მარტივად შეთავსებადია და ამაში ტელეფონში წინასწარ შედგენილი გეგმა ეხმარება.

ანა ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია, ამავდროულად ერთ-ერთ სასტუმროში მიღება-განთავსების ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობს. პარალელურად ამავე სასტუმროს ონლაინსწავლების კურსის გავლას გეგმავს და ამბობს, რომ სამსახური არის ის, რაც მას განვითარებაში ეხმარება და დამოუკიდებლად ცხოვრების ხარჯებს სრულად უზრუნველყოფს:

„ახლახან სამსახურში მითხრეს, რომ დეკემბრიდან ახალ პოზიციაზე გადამიყვანენ და პარალელურად ორწლიან სასწავლო პროგრამაში ჩავერთვები, ონლაინ-პროგრამით ვისწავლი და თან  სხვადასხვა დეპარტამენტში ვიმუშავებ, გავეცნობი მათ მუშაობას ადმინისტრაციულ საკითხებში.“

ანას ყოველდღიურ განრიგშია ლექციები, სამსახური, მეგობრები და სხვა შემხვედრი აქტივობები, რომლებსაც ერთმანეთს მარტივად უთავსებს. ამბობს, რომ როგორც სამსახურში, ასევე უნივერსიტეტშიც ცდილობენ გრაფიკი ისე შეუდგინონ, რომ  ხელი არ შეეშალოს.

ანას პროფესიული არჩევანი ბაზრის მოთხოვნებმა განაპირობა, საერთაშორისო ურთიერთობებზეც გეგმავდა ჩაბარებას, თუმცა დიდი ფიქრის შემდეგ ტურიზმი აირჩია, სწავლის დაწყების შემდეგ კი მიხვდა, რომ ეს საქმე ძალიან მოსწონს და აინტერესებს:

„მივხვდი, რომ ბაზარს ამ სფეროში გამოცდილი კადრები სჭირდება, ამიტომაც გადავწყვიტე ამ მიმართულებით მესწავლა.“

თავის საქმიანობაში ყველაზე მეტად ადამიანებთან კომუნიკაცია მოსწონს, განსაკუთრებით, როცა უცხოელ ტურისტებთან ურთიერთობის, მათი კულტურის გაცნობის საშუალება ეძლევა. ანა ამბობს, რომ თავისუფლად საუბრობს ინგლისურად და რუსულად, იცის საკომუნიკაციო თურქული, ახლა გერმანულს  სწავლობს.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ანას სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების საშუალებაც მისცა, რითაც ის ძალიან კმაყოფილია: „არ ველოდი, იმდენად საერთაშორისო აღმოჩნდა ჩემი ოთხწლიანი სწავლა ბათუმის უნივერსიტეტშიო.“

გასულ წელს „ერასმუსის“ პროგრამით საბერძნეთში გაიარა სტაჟირება, პირველ კურსზე კი ერთი კვირით გერმანიაში, საზაფხულო სკოლაში გაუშვეს სასწავლებლად, შემდეგ ყირგიზეთში გაიარა აგროტურიზმის საკითხები, აქაც საზაფხულო სკოლის ფარგლებში, შემდეგ ისევ გერმანიაში გაიარა სამთვიანი სამუშაო პრაქტიკა:

„გერმანიაში საზაფხულო სკოლის თემა იყო ტურიზმის განვითარება ბერლინში, დეკემბერში ისევ მივდივარ საერთაშორისო სასტუმროთა მენეჯმენტის თემაზე“.

პირველი სამსახური ბათუმში, ერთ-ერთ კაფეში დაიწყო:

„მისაღები გამოცდების ჩაბარების შემდეგ ვეძებდი სეზონურ სამუშაოს, კაფეებში დავტოვე ჩემი მონაცემები და ამიყვანეს…“

ანამ  დასაქმების ადგილზე თავისი პოზიციების ეტაპობრივად შეიცვალა. ამბობს, რომ ძალიან კმაყოფილია: „გაცვლით პროგრამებში მონაწილეობასაც დიდი  მხარდაჭერით შეხვდნენ და ყველანაირად ცდილობენ, ხელი შემიწყონ განვითარებაში.“

ანა მაგისტრატურაში აპირებს სწავლის გაგრძელებას, პარალელურად მუშაობასაც გააგრძელებს: „მშობლების მაქსიმალური მხარდაჭერა მქონდა, რომ შემერგო სტუდენტობა, მაგრამ იმდენად მივეჩვიე მუშაობას, რომ ერთი სემესტრი საბერძნეთში როცა ვიყავი, სადაც მხოლოდ ვსწავლობდი და არ მუშაობდი, უჩვეულო იყო ჩემთვის.“

სამსახურში რვასაათიანი განრიგი აქვს. იშვიათად, თუმცა მაინც უწევს მუშაობა ღამის ცვლაში, რაც მოსწონს კიდეც: „ღამის ცვლაში მუშაობა საერთოდ არ მიჭირს, ამ დროს უფრო მეტი თავისუფლება მაქვს იმისთვის, რომ პარალელურად წავიკითხო, მოვამზადო რაიმე, ანუ ჩემი საქმეც გავაკეთო.“

 

 

 

ახალი თამაში ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის შემქმნელისგან

კინოთამაში კინომცოდნე ლევან გელაშვილის ახალი სამაგიდო თამაშია. ეს არის ვიზუალური ისტორია საინტერესო კითხვებით. ინტელექტუალური, სახალისო თამაში 9 წლის ასაკიდან ყველას შეუძლია ითამაშოს. თამაში იწყება კინოს ისტორიის დასაწყისიდან და სრულდება თანამედროვე კინოთი. როგორც ლევან გელაშვილი ამბობს, ამ ტიპის სამაგიდო თამაშები დამეგობრების კარგი საშუალებაა სკოლის მოსწავლეებისთვის და პროცესს აზარტულს, სახალისოს ხდის.

„თამაში სკოლებში დამაქვს, ათეულობით ფილმიდანაა კადრი და სულ რომ ვერც ერთ კითხვას ვერ უპასუხოს მოთამაშემ კინოს ისტორიიდან, კადრებს მაინც ამოიცნობს საიდანაა. ჩართული ვარ კინოცენტრის პროექტში – „კინო სკოლაში“, ეს პროექტი სკოლებში კინოჩვენებების მოწყობას ითვალისწინებს. ერთი წლის წინ გაკეთდა კინოთამაშის საცდელი ვარიანტი. ვაჩვენე კინოცენტრს, მოეწონათ და კულტურის მინისტრმა პროექტის დახურვაზე  გამარჯვებულ სკოლებს გადასცა საჩუქრად სამაგიდო თამაში. ბავშვებს, სკოლებს ძალიან მოეწონათ.

ეს არის წყალგამძლე რუკა, რომელიც არ ზიანდება მარტივად, მოყვება პატარა კინოკამერები, კითხვები და თამაშის წესები,“ – ამბობს ლევან გელაშვილი.

სამაგიდო კინოთამაში

სამაგიდო თამაშები სწავლების მეთოდებში დამატებითი, ალტერნატიული საშუალებაა და  დასავლეთში ამ მეთოდმა გაამართლა. არსებობს, მაგალითად, შერლოკ ჰოლმსისა და სხვა ტექსტების მიხედვით შექმნილი როგორც სამაგიდო, ასევე, კომპიუტერული თამაშები, რომელთა მიზანი ტექსტების სხვა კუთხით გააზრებაა.

ლევან გელაშვილის ასეთივე იდეა იყო ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშიც. სკოლებში მისი ინიციატივით ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის ჩემპიონატები ტარდება. ყველა სკოლას, სადაც ჩემპიონატს ატარებს, ვეფხისტყაოსნის თითო სამაგიდო თამაშს ჩუქნის. ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაში წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საბავშვო სტენდზე იყო წარდგენილი.

ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაში

მასწავლებლები შიშობენ, რომ სამაგიდო თამაშებს წიგნის საწინააღმდეგო ეფექტი ჰქონდეთ, თუმცა როგორც ლევანი გვეუბნება, „ვთამაშობ, მაშასადამე ვკითხულობ, ვმონაწილეობ ამბავში და პერსონაჟივით ვმართავ სიტუაციას“, მეტიც: ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის მიზანი მოთამაშის ტექსტით დაინტერესებაა.

„ინტერაქტიულ ეპოქაში ტექსტი მკითხველისკენ აღარ მიემართება სწორხაზოვნად და მხატვრული ტექსტების, კლასიკური ლიტერატურის ამ ფორმით მიწოდება აუდიტორიისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა,“ – ამბობს სამაგიდო თამაშების იდეის ავტორი.

შსს ყოფილ პოლიციელებზე, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს არ აძლევენ ხმას

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, პოლიციელი აღარ არის გიორგი ბაბუნაშვილი, რომელმაც „ფეისბუქში“ სტატუსი გამოაქვეყნა და წინასაარჩევნოდ თავისი პოლიტიკური არჩევანი დააფიქსირა.

„მე გიორგი ბაბუნაშვილი, საპატრულო პოლიციის ოფიცერი არ ვაძლევ ხმას სალომე ზურაბიშვილს. რუსეთი ოკუპანტია, დიდება გმირებს,“ – ეს სტატუსი გიორგი ბაბუნაშვილმა დაწერა. მას პოლიციელის სამსახურებრივი ფორმა აცვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ გიორგი ბაბუნაშვილი 2014 წლიდან აღარ არის პოლიციელი და იგი გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ანალოგიური შინაარსის პოსტი მოგვიანებით „ფეისბუქში“ გიორგი ლომსაძემ გამოაქვეყნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ლომსაძეც ყოფილი პოლიციელია. უწყების პრესცენტრის ცნობით, გიორგი ლომსაძე 2014 წლამდე საპატრულო პოლიციაში მუშაობდა, შემდეგ კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში იყო, საიდანაც 2017 წელს გათავისუფლეს.

ორგანიზაცია „იურიდიული მრჩევლის“ ხელმძღვანელის, გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, პოლიციელი იმ პირთა წრეში შედის, ვისაც საარჩევნო კანონმდებლობით აკრძალული აქვთ წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართვა. მსგავს შემთხვევებს საოლქო საარჩევნო კომისიები განიხილავენ და სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი შესაძლოა 2 ათასი ლარით დააჯარიმონ.

„ფეისბუქსტატუსიც თავისუფლად შესაძლოა განხილული იყოს, როგორც აგიტაციაში ჩართვა,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.

 

ბათუმის მერია: „ნაციონალური მოძრაობა“ ტყუის

დღეს, 12 ნოემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნოდარ დუმბაძემ მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, ბათუმის მერია სამშენებლო ნებართვებს არ გასცემს და მოქალაქეები ვერც იმის თაობაზე იღებენ ინფორმაციას, განიხილა თუ არა მერიამ მათი განცხადება.

„საუბარი გვაქვს იმ 600-ზე მეტ განცხადებაზე, რომლებიც მერიაშია შესული და მერია მშენებლობის ნებართვას არ იძლევა. როცა ვეკითხებით, თუ რატომ არ გაიცემა ნებართვები, მერიაში არ გვპასუხობენ,“ – ამბობს ნოდარ დუმბაძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, შეუძლია თუ არა დაასახელოს კონკრეტული მაგალითები, როცა მოქალაქემ შეიტანა განცხადება ნებართვასთან დაკავშირებით და ვერ მიიღო პასუხი, ნოდარ დუმბაძე ამბობს, რომ კონკრეტულ მაგალითებს შეგნებულად ვერ დაასახელებს, თუმცა დასძენს, რომ მერიაში შესული განცხადებების მხოლოდ 5 პროცენტზეა ნებართვა გაცემული.

„მოქალაქეებს არც პასუხს სცემენ, განიხილეს თუ არა მათი განცხადება, უარს ეუბნებიან, თუ განხილვის პროცესშია, რომ შემდგომი ნაბიჯები გადადგას, სასამართლოს მიმართოს ან თუ ხარვეზი არსებობს, ეს ხარვეზი გამოასწოროს“.

ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ტყუის. „batumi.ge-ზე განთავსებულია სტატისტიკა, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გაეცნოს გაცემული ნებართვების შესახებ ინფორმაციას. მათ შორის იმასაც, თუ ვინ არის განმცხადებელი, მისამართი, სადაც იგეგმება მშენებლობა, მომსახურების ტიპი – რას ითხოვს, ბრძანების გამოცემის თარიღი და რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებაც, დასრულდა დადებითად, უარი ეთქვა, თუ განხილვის პროცესშია“ – ამბობს, აკაკი გვიანიძე, მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსი.

მისივე თქმით, 2018 წელს მშენებლობის ნებართვის მოთხოვნით 4 651 განაცხადი შევიდა მერიის არქიტექტურის სამსახურში, „აქედან 4 266-ზე ანუ 91,7 პროცენტზე დასრულებულია წარმოება, 385 განაცხადზე კი – მიმდინარეობს. 67 პროცენტი დასრულდა დადებითად და მიეცა მშენებლობის ნებართვა, ხოლო 32,5 პროცენტი დასრულებულია უარყოფითად და ამის შესახებაც შეტყობინება განმცხადებლებს ეგზავნებათ ელექტრონულად,“ – ამბობს აკაკი გვიანიძე.

ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის, მირიან მეტრეველის თქმით კი, ნებისმიერი პროექტი, რომელიც ზონალურ კომისიაზე განხილვას მოითხოვს კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით, საჭიროებს ვადის გაგრძელებას.

„კომისიაზე განხილვას სჭირდება სამი თვე, ამ დროში შესაძლებელია მათ მიიღონ პასუხი, მაგრამ შესაძლებელია მიიღონ სამი თვის შემდეგ. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან დაკავშირებითაც არსებობს კონკრეტული ვადები. მაგრამ პრინციპულად, მშენებლობის ნებართვის გაჩერება, არ ხდება“ – ამბობს მირიან მეტრეველი.

მერიაში მიიჩნევენ, რომ ენმ-ს მხრიდან მსგავსი განცხადებების გაკეთება საარჩევნო პროცესს უკავშირდება, რომ „სახელმწიფო სამსახურების მიმართ მოსახლეობის მხრიდან ნეგატიური განწყობები წამოვიდეს“.

_____________

 

Exit mobile version