მთავარი,სიახლეები

ბათუმის დამცავ ზონებზე სადავო დოკუმენტის ორ ვარიანტს 15 თებერვალს თბილისში განიხილავენ

12.02.2019 • 1290
ბათუმის დამცავ ზონებზე სადავო დოკუმენტის ორ ვარიანტს 15 თებერვალს თბილისში განიხილავენ

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტო ბათუმის მერიის მიერ წარდგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენისთვის შემუშავებულ დოკუმენტს 15 თებერვალს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაავრცელა.

დოკუმენტის განხილვასა და მის დამტკიცებას ბათუმში გასული წლის მეორე ნახევრიდან ელიან, თუმცა საკითხზე მსჯელობა ცენტრალურ უწყებებში მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ორგანიზაცია „ბათომმა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართა. 

ეს ის დოკუმენტია, რომელიც ბათუმის მერიის დაკვეთით „გეოგრაფიკმა” მოამზადა და შემდეგ ბათუმის მერიამ დააკორექტირა: უფრო კონკრეტულად კი, მერიამ დოკუმენტის დასამტკიცებლად წარდგენამდე, კვლევაში მოცემული საზღვრები შეცვალა.

სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევა, რომლითაც ბათუმში ისტორიული ზონის საზღვრები დაადგინეს, ბათუმის მერიამ თავისი შეხედულებისამებრ შეასწორა და ისე წარუდგინა საკრებულოს. საკრებულომ სწორედ ეს უკანასკნელი დოკუმენტი მოიწონა და დასამტკიცებლად საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს გადაუგზავნა.

ამ ცვლილების გამო მერიას სასამართლოში უჩივლა „ბათომმა“, რომლის ინტერესებსაც საქართველოს იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალი [საია] წარმოადგენს. საია იმ დადგენილების [#33]  გაუქმებას ითხოვს, რომლითაც საკრებულომ მერიის წარდგენით მოიწონა დოკუმენტი, რომელიც ბათუმში დამცავი ზონების დადგენას ითვალისწინებდა.

საიას განმარტებით, მერია სათანადო ექსპერტიზის გარეშე, თვითნებურად მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე, მაშინ, როცა ისტორიული საზღვრების დადგენას სჭირდება მეცნიერული კვლევა. მსგავსი დოკუმენტი კი, სპეციალისტების ჯგუფმა უნდა შეადგინოს.

თავდაპირველად არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც დოკუმენტი მოიწონეს, მშვიდად იყვნენ, რადგან ეგონათ, რომ საკრებულოში არა შესწორებული, არამედ დოკუმენტის პირველადი ვარიანტი იყო წარდგენილი. მათთვის დოკუმენტის შეცვლის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, როცა ეგრეთ წოდებული ჭაჭის კოშკის მიმდებარედ მერიაში ახალი სამშენებლო პროექტის განხილვა დაიწყეს. ამ ტერიტორიაზე [მერიამ სწორედ ეს ტერიტორია ამოიღო დამცავი ზონების საზღვრებიდან] ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია „ სილქ როუდ ჯგუფი“ ექვსი მაღლივი კოშკის მშენებლობას გეგმავს. 

უნდა ითქვას ისიც, რომ ცვლილების შემდეგ „გეოგრაფიკმა“ კვლევაზე თავისი ლოგოს მოხსნა მოითხოვა. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ეს სულ სხვა დოკუმენტია, ამიტომაც მას კომპანიის ლოგო არ უნდა ჰქონდეს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში სწორედ დაკორექტირებული დოკუმენტის განხილვა იგეგმება, ბათუმის მერიაში დაგვიდასტურეს. თუმცა გვითხრეს ისიც, რომ გადაგზავნილია პირველადი დოკუმენტიც. ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით კი, საბჭო ორივე დოკუმენტს განიხილავს და იმ საკითხსაც, თუ რის საფუძველზე ამოიღეს ეს ტერიტორია დამცავი ზონების საზღვრებიდან.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, მერიის მიერ გადაგზავნილ დოკუმენტს  გაფართოებული საბჭოს ფორმატში განიხილავენ.

„საკითხის კომპლექსურობიდან და აქტუალობიდან გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვას სააგენტო საბჭოს მუდმივ წევრებთან ერთად სფეროში მომუშავე ინსტიტუციებთან და ორგანიზაციებთან ერთობლივად გეგმავს“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

შეკრებაზე წარმოდგენილი იქნებიან:  ორგანიზაცია  ICOMOS საქართველო, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვისა და კვლევის ეროვნული ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო,  სსიპ – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, ბათუმის მერია და საკონსულტაციო ცენტრი „გეოგრაფიკი”.

განსახილველი თემის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სააგენტოს ინიციატივით საბჭოს სხდომას დაესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომის“  წარმომადგენლებიც.

სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენისთვის შემუშავებული დოკუმენტაციის განხილვის შედეგებს სააგენტო მოკლე დროშივე  გაასაჯაროვებს, რაც პროცესის მიმართ პროფესიული წრეებისა და დარგობრივი გაერთიანებების ინტერესს დააკმაყოფილებს.

 

მთავარი ფოტო: ტერიტორია, რომელიც მერიამ ბათუმის ისტორიული ზონის საზღვრებიდან ამოიღო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: