მთავარი,სიახლეები

რა ხდება „ოცნების ქალაქში“ – რეგისტრაცია ბინების მისაღებად დაპირისპირებების ფონზე

12.02.2019 • 2712
რა ხდება „ოცნების ქალაქში“ – რეგისტრაცია ბინების მისაღებად დაპირისპირებების ფონზე

„ოცნების ქალაქში“ სამთავრობო კომისიის მუშაობა, დღეს, 12 თებერვალს, დაპირისპირების ფონზე დაიწყო. გარკვეული პერიოდი მოსახლეობის მონაცემების მიღება საერთოდ შეჩერებული იყო. მიზეზი – „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებთა შორის ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას.

სამთავრობო კომისიის მუშაობას, რომელსაც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე ხელმძღვანელობს, ორი ჯგუფი აკვირდება, ერთის მხრივ ააიპ „ოცნების ქალაქი“, რომლის ხელმძღვანელი მარინა ბერიძეა და მეორეს მხრივ ამხანაგობა „შენება“, რომლის ხელმძღვანელი ნარგიზ დიასამიძეა. ორივე ორგანიზაციის დამფუძნებელი „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს. ორივე ორგანიზაციის წევრები ასევე „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლები არიან.

12 თებერვლის დილას მომხდარი კონფლიქტის შედეგად, სამთავრობო კომისიის მუშაობას ვეღარ აკვირდება ნარგიზ დიასამიძე. მას იმ შენობის დატოვება მოუხდა, სადაც მოსახლეობის მონაცემებს აგროვებენ.

რა იყო კონფლიქტის მიზეზი? – ამის გარკვევას „ბათუმელები“ ოცნების ქალაქში შეეცადა.

მარინა ბერიძის ვერსია

ააიპ „ოცნების ქალაქის“ ხელმძღვანელი მარინა ბერიძე ამბობს, რომ კონფლიქტის მიზეზი გახდა უცხო ადამიანის შესვლა იმ ოთახში, სადაც სამთავრობო კომისია მუშაობს.

„უცხო ადამიანი შემოვიდა, რომელსაც მარტო ნარგიზ დიასამიძე იცნობდა,“ – ამბობს მარინა ბერიძე. მისივე მტკიცებით, მას შემდეგ, რაც „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლებმა უცხო პირების შენობაში შესვლის შესახებ შეიტყვეს, გადაწყვიტეს რომ ამხანაგობა „შენების“ წარმომადგენლები, ნარგიზ დიასამიძე და მერაბ ჯოყილაძე აღარ უნდა დასწრებოდნენ კომისიის მუშაობას.

მარინა ბერიძის თქმით, ამჟამად სამთავრობო კომისიის მუშაობას მისი ნდობით აღჭურვილი პირები ესწრებიან, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას დასახლებაში მცხოვრები ყველა ოჯახის შესახებ.

ნარგიზ დიასამიძის ვერსია

ამხანაგობა „შენების“ ხელმძღვანელი ნარგიზ დიასამიძე ამბობს, რომ მარინა ბერიძე კონფლიქტის გამოწვევას სამი დღეა ცდილობდა, ის კი ითმენდა, რადგან არ უნდოდა სამთავრობო კომისიისთვის ხელი შეეშალა.

„როგორც აქ მცხოვრებმა რიგითმა ადამიანმა, როგორც ამხანაგობის თავმჯდომარე, ვიღებდი მონაწილეობას სამუშაო პროცესში. გუშინ, 11 თებერვალს, ორი აქტივისტი მოვიდა ამხანაგობა „შენებიდან“. თუ მარინა ბერიძე კომისიაში წარმოდგენილია 14 ადამიანზე მეტით, რატომ არ უნდა ყოფილიყო ჩვენი ორგანიზაციიდანაც ვინმე? ამაზე აგორდა ამბავი“.

კითხვაზე, რა ინტერესი ამოძრავებს მარინა ბერიძეს და რატომ უნდა ცდილობდეს კონფლიქტის პროვოცირებას, ნარგიზ დიასამიძე პასუხობს:

„მარინას მიაჩნია, რომ მე და ბატონი მერაბი, ვინც ვაკვირდებოდით კომისიის მუშაობას, ვართ „ჩამშვებები“, ვუკავშირდებით ხელისუფლებას და რაღაცეებს ვამცნობთ. გარდა ამისა, იქ [კომისიის მუშაობისას] იკვეთება ის, რომ ვიღაც ლობირებს ვიღაცას განცხადებების შევსებისას. ცხადია, რატომაც ვარ მათთვის მიუღებელი“.

ნარგიზ დიასამიძე ამბობს, რომ ამხანაგობა „შენებაში“ „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მცხოვრები 99 ოჯახია გაწევრიანებული. ეს ოჯახები აპირებენ განცხადებები ინდივიდუალურად, პირდაპირ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში შეიტანონ.

„ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლები აკვირდებიან სამთავრობო კომისიის მუშაობას

[red_box]როგორ პირობებში მუშაობს სამთავრობო კომისია „ოცნების ქალაქში“[/red_box]

სამთავრობო კომისია „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ აშენებულ შენობაშია განთავსებული. სამინისტროს სამი თანამშრომელი დღეში დაახლოებით 30-35 პირის რეგისტრაციას ახერხებს. თითოეული პირი, რომელიც აღრიცხვაზე დგება, დეტალურ ინფორმაციას აწვდის კომისიას მისი საცხოვრებელი ადგილის, ოჯახური მდგომარეობისა და სოციალური პირობების შესახებ. კომისიის მუშაობას „ოცნების ქალაქში“ „ბათუმელების“ მისვლისას 12 ადამიანი აკვირდებოდა. ყველა მათგანი იმ ორგანიზაციის წევრია, რომელსაც მარინა ბერიძე ხელმძღვანელობს.

„კომისია თანახმაა, რომ ვისაც სურვილი აქვს, დაესწროს კომისიის მუშაობას. თუ რამე კითხვები აქვთ, მოვიდნენ და ნახონ. ჩვენთან ერთად მუშაობენ, სურვილი გამოთქვეს, რომ ყოფილიყვნენ, თორემ ამ ბაინდერში ჩვენც ჩავალაგებთ [დოკუმენტებს]. ბოლო ოჯახს სანამ არ დავასრულებთ, მანამდე ვერ გეტყვით [მონაცემებს]. შაბათ-კვირასაც ვაპირებთ მუშაობას,” – ამბობს სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე.

სამთავრობო კომისიის მუშაობის პროცესი

[red_box]რატომ შეიქმნა და რას აკეთებს სამთავრობო კომისია?[/red_box]

6 თებერვალს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლებისთვის საცხოვრებელი კორპუსები აშენდება. აჭარის მთავრობის დავალებით შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელმაც უნდა აღწეროს და შეაგროვოს „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების მონაცემები. ამ მონაცემების დამუშავების შემდეგ კი გადაწყდება, ვინ როდის და როგორ მიიღებს საცხოვრებელ ფართობს ახალაშენებულ კორპუსში. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, პრიორიტეტი მიენიჭება უსახლკაროებს, ეკომიგრანტებსა და იმ კატეგორიის ადამიანებს, რომლებსაც საცხოვრებელი სახლი არ გააჩნიათ.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე, იგულისხმება 53-ე და 25-ე ბატალიონის ტერიტორია, ასევე ე.წ. ოპიზრების დასახლება, სულ 1727 სახლი/ჯიხურია აღწერილ-დანომრილი. სამინისტროს ინფორმაციითვე, ამ ქოხებიდან დაახლოებით 10-15%-ში არავინ არ ცხოვრობს.

აჭარის სამთავრობო კომისიამ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების განცხადებების მიღება 9 თებერვალს დაიწყო.

ადგილი, სადაც „ოცნების ქალაქი“ უნდა აშენდეს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: