Batumelebi | ნაფიცი მსაჯულების უმოქმედო დარბაზი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების უმოქმედო დარბაზი ბათუმის საქალაქო სასამართლოში – Batumelebi

ნაფიცი მსაჯულების უმოქმედო დარბაზი ბათუმის საქალაქო სასამართლოში

მაგიდა 12 სავარძლით, მიკროფონები და ვიდეოკამერები, სათათბირო ოთახი, სასადილო – ბათუმის საქალაქო სასამართლო მზადაა, პროცესი ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. მიუხედავად იმისა, რომ დარბაზი აქ დაახლოებით ოთხი წლის წინ მოეწყო, ჯერ არც მსაჯულები გამოჩენილან და არც პირი, ვინც მოსამართლის ნაცვლად, სიმართლის დადგენას ნაფიც მსაჯულებს მიანდობდა.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში 2009 წლიდან ამოქმედდა და საქმის განხილვა მსაჯულებს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდეს ბრალდებულებმა. 2012 წლის ოქტომბრიდან აღმოსავლეთ საქართველოს საქმეების განხილვა თბილისში, ხოლო დასავლეთ საქართველოს – ქუთაისის სასამართლოში შეიძლებოდა. ამავე წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოშიც მოეწყო დარბაზი ნაფიცი მსაჯულებისთვის. კანონის მიხედვით, აქ მხოლოდ „სამოხელეო დანაშაულებში“ ბრალდებულთა საქმეები უნდა განეხილათ.

რატომ არ გაუჩნდა სურვილი „სამოხელეო დანაშაულში“ ბრალდებულ რომელიმე პირს, ესარგებლა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტით? – ადვოკატები ამბობენ, რომ ბრალდებულების უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია ამ ინსტიტუტის შესახებ, ასევე კონკრეტულად იმაზე, რომ „სამოხელეო დანაშაულში“ ბრალდებულების საქმის განხილვა ქვეყნის მასშტაბით ნაფიც მსაჯულებს მხოლოდ ბათუმის სასამართლოში შეეძლოთ. „მე რამდენიმე მყავს „სამოხელეო დანაშაულში“ ბრალდებული პირი, მაგრამ არც ერთ მათგანს გამოუთქვამს ამის სურვილი. ადამიანების დიდი ნაწილი უფრო ენდობა მოსამართლეს, ვიდრე ნაფიც მსაჯულს, რომელიც სისხლის სამართლის მცოდნე არ არის“, – გვითხრა ადვოკატმა ედიშერ მახარაძემ.

„თქვენგან გავიგე ამის შესახებ, რომ შეიძლებოდა ამ უფლებით მესარგებლა. არ ვიცი, მივმართავდი თუ არა ნაფიც მსაჯულებს, რომ მცდონოდა წინასწარ“, – გვიპასუხა არჩილ ვანაძემ, რომელიც ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილეა და მას პროკურატურა სამსახურებრივ გულგრილობას ედავება.

ახლა უკვე ვინმეს სურვილიც რომ გაუჩნდეს, ოქტომბრამდე ნაფიც მსაჯულებს ვერ მიმართავს. ბოლო ცვლილება კანონში 2015 წლის გაზაფხულზე შევიდა, რომლის მიხედვით ბათუმში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 2016 წლის ოქტომბრამდე გადაიდო. საკანონმდებლო ცვლილების განმარტებით ბარათში ვკითხულობთ: „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ აღნიშნული ცვლილებების განხორციელება განაპირობა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადი სისხლის სამართლის საქმეების დიდმა რაოდენობამ და ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურის პრაქტიკულმა პრობლემებმა… ნაფიც მსაჯულთა განსჯადობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეთა განხილვას აჭიანურებს შერჩევის პროცედურა.

სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ შერჩევის სხდომაზე ცხადდება კანდიდატთა 50%-მდე, რაც არასაკმარისი რესურსია ობიექტურ მსაჯულთა შესარჩევად… ნაფიც მსაჯულთა შესარჩევად სასამართლოს უხდება დამატებით შერჩევის რამდენიმე სხდომის ჩატარება, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია ფინანსურ, ადამიანურ და დროის დანახარჯებთან. დღეის მდგომარეობით, სასამართლოების წარმოებაშია არაერთი სისხლის სამართლის საქმე, სადაც ბრალდებულთა მიერ განხორციელდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არჩევა, თუმცა ჭიანურდება შერჩევის პროცესი, მაშინ როცა აღნიშნულ საქმეებზე წინასასამართლო სხდომები გაიმართა რამდენიმე თვის წინ. აღნიშნული გარემოება იწვევს კანონმდებლობით დადგენილი გონივრული ვადის დარღვევას და უმეტეს შემთხვევაში გადის 9-თვიანი საპატიმრო ვადა, რაც იწვევს პირის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ბრალდებული პირი რჩება აღკვეთის ღონისძიების გარეშე“.

„ხელისუფლება შეგნებულად აკნინებს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს“, – ასე აფასებს ნაფიც მსაჯულთა ცარიელ დარბაზს გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგარზდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ქართული სამართლებრივი სივრცისთვის არის სრულიად ახალი ინსტიტუტი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს მართლმსაჯულების განხორციელებაში. საწყის ეტაპზე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედებას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო დონეზე, მაგრამ მის სრულ ამოქმედებას ამაოდ ელის საზოგადოება.

კანონში ვადების გადაწევამ და ნაფიც მსაჯულთა მოქმედების არეალის შემცირებამ დააკნინა ინსტიტუტის მნიშვნელობა. მაშინ, როდესაც საზოგადოების მზაობა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში ჩართულობასა და გადაწყვეტილების მიღებაზე არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. თუ საზოგადოებას ამ ინსტიტუტის მიმართ ექნება ნეგატიური დამოკიდებულება, მაშინ მივიღებთ ფუჭად დახარჯულ სახელმწიფო რესურს, რაც ისევ მართლმსაჯულებას დააზარალებს. საჭიროა სახელმწიფომ გადადგას რეალური ნაბიჯები და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დამკვიდრებას შეუწყოს ხელი. შეიძლება, ბრალდებულებს, რომელთა საქმეებიც არ განიხილება ქუთაისსა და თბილისში ჰქონდეთ სურვილი იმისა, რომ მათი საქმეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს, მაგრამ მათ ამის უფლება კანონით შეზღუდული აქვთ. ეს შეიძლება განვიხილოთ დისკრიმინაციულ მოპყრობად“.

საკანონმდებლო ცვლილებაში, რომლითაც ბათუმში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლებამოსილება შეჩერდა, ასევე წერია, რომ ცვლილების ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა „თანამდებობის პირთა ბრალდების საქმეების სიმრავლე“.

პროკურატურის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული მონაცემებით, სამსახურებრივ გულგრილობისთვის 2014 წელს 40 პირი მიეცა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში, 2015 წელს – 21. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის კი, სისხლის სამართლებრივი დევნა 2013 წელს 97 პირის, 2014 წელს – 40, ხოლო 2015 წელს – 1 პირის მიმართ დაიწყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი