მთავარი,სიახლეები

ბათუმის დრამატული თეატრი 450 ათას ლარად Steinway-ის მარკის როიალს ყიდულობს

13.02.2019 • 2764
ბათუმის დრამატული თეატრი 450 ათას ლარად Steinway-ის მარკის როიალს ყიდულობს

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი 450 ათას ლარად ერთი Steinway-ის მარკის როიალის ყიდვას ტენდერის გარეშე აპირებს. თეატრმა შესყიდვების სააგენტოს თანხმობის მისაღებად უკვე მიმართა.

განაცხადში ნათქვამია, რომ თეატრს 2019 წლის ივლის-აგვისტოში გათვალისწინებული აქვს საერთაშორისო რანგის კლასიკური მუსიკის ფესტივალის ჩატარება, „შესაბამისად, მონაწილეების მოთხოვნათა შორის პირდაპირ მითითებულია Steinway-ის ინსტრუმენტის არსებობა“.

„მსოფლიო არტსცენის შესაბამისი სტანდარტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბათუმის დრამატულმა თეატრმა ღირსეულად დაიმკვიდროს რესპექტაბელური სცენის იმიჯი და უზრუნველყოს Steinway-ის ინსტრუმენტის შეძენა, რათა შეძლოს ამბიციურ საერთაშორისო პროექტებში ჩართვა და მონაწილეობა. საქართველოში Steinway&Sons-ის ოფიციალურ წარმომადგენლობას ახორციელებს ერთი კომპანია, შპს „აი ემ ტი სი მიუზიკ“, იგივე კომპანია ახორციელებს ინსტრუმენტის მიწოდებას და შესაბამის საგარანტიო მომსახურებას ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით… გთხოვთ, დაგვრთოთ ნება საერთაშორისო ხარისხის გარანტიის უზრუნველყოფის მიზნით შესყიდვა განვახორციელოთ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით“, – აღნიშნულია თეატრის დირექტორის მიერ შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილ წერილში.

თეატრში მიიჩნევენ, რომ „ელექტრონული ტენდერის პროცედურების მეშვეობით შესყიდვა გამოიწვევს ინსტრუმენტის შეძენის ვადების გაჭიანურებას. გარდა ამისა, გაიზრდება საგარანტიო მომსახურების ხარისხიანობის რისკები და, საერთოდ, შესყიდვის ხარისხის საიმედოობა“.

შპს „აი ემ ტი სი მიუზიკი“ თბილისში 2015 წლის დეკემბერშია რეგისტრირებული. კომპანიის 50-50%-ს რაკეშ შიამ კირპალანი [ინდოეთი] და მამუკა ბაზაძე ფლობენ. კომპანიის დირექტორი გელა ნიკურაძეა.

აჭარის 2019 წლის ბიუჯეტით სსიპ „ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი“ 3 მილიონ 151 ათას 900 ლარით არის დაფინანსებული. აქედან, 1,4 მილიონი ლარი ხელფასებისთვისაა გათვალისწინებული.

დრამატული თეატრის შენობა ბათუმში ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით გარემონტდა. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თეატრი 2018 წლის 25 ნოემბერს გახსნა, თუმცა არ შემდგარა გახსნის ოფიციალური ცერემონია და შეხვედრა მსახიობებთან მედიისთვისაც დახურული იყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: