თორნიკე რიჟვაძე – ჩვენი ამოცანაა ციტრუსის რეალიზაციის პროცესის წარმატებული მართვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ ციტრუსის კრეფის პროცესში მიიღეს მონაწილეობა. მათ ასევე დაათვალიერეს ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარო და ადგილზე გაეცნენ ციტრუსის რეალიზაციის პროცესს. მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა ციტრუსის სეზონთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები ფერმერებთან ერთად განიხილეს და შეაჯამეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ ციტრუსის კრეფის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ ციტრუსის კრეფის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, წელს ციტრუსის მოსავალი 3-ჯერ მეტია გასულ წელთან შედარებით. „თითოეულ ოჯახს განსაკუთრებული მოლოდინი აქვს სეზონის წარმატებით ჩატარებასთან დაკავშირებით და ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ მოლოდინები ბოლომდე გამართლდეს. პირად გავაკონტროლებ ციტრუსის დაბინავების პროცესს, რათა მოსავალი სრულყოფილად იქნეს რეალიზებული. ჩვენი ამოცანაა პროცესის წარმატებული მართვა“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ციტრუსის სუბსიდირებისთვის უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი აამოქმედა, რომლის ძირითადი მიზანია მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა. შტაბში მუშაობს ცხელი ხაზიც (1501), სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ ციტრუსის კრეფის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ ციტრუსის კრეფის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

25 ნოემბრიდან დაიწყება არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 10 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება.

მიმდინარე წელს ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი სავარაუდოდ 55-60 ათას ტონას შეადგენს.

დღეის მდგომარეობით უკვე ექსპორტირებულია (რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი) 317 ტონა სტანდარტული მანდარინი, რაც გასული წლის ამ პერიოდთან შედარებით 4 ჯერ მეტია.

 ძუძუს კიბოს მედიკამენტს 80%-იანი ფასდაკლებით მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტებიც  მიიღებენ

ძუძუს კიბოს ადრეული სტადიით (I, II, III) დაავადებული მოქალაქეების გარდა, სამკურნალო ორ მედიკამენტს – პერჯეტასა და ჰერცეპტინს 80%-იანი ფასდაკლებით ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტებიც მიიღებენ.  ეს ჯანდაცვის სამინისტროსა და მწარმოებელ კომპანია “როშეს” შორის მოლაპარაკების საფუძველზე გახდა შესაძლებელი.

“უკვე უახლოეს დღეებში ეს პროგრამა გააქტიურდება და საწყის სტადიასთან ერთად, მოიცავს მეოთხე სტადიასაც – მეტასტაზურ ფორმას. ეს მედიკამენტები ამ სტადიაზეც კი ეფექტურია,” – თქვა პრესკონფერენციაზე დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინსიტრმა დავით სერგეენკომ.

საქართველოში ყოველწლიურად ძუძუს კიბოს 1500-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. დაავადების სამკურნალო მედიკამენტის-ჰერცეპტინის ღირებულება, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის დაავადების რემისიას და სიცოცხლის ხანგრძლივობას, ერთ პაციენტზე წლიურად 72000-ზე მეტ ლარს შეადგენს. არსებული პროგრამა 2016 წლის თებერვლიდან დაიწყო და იგი მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს.

პროგრამაში ჩართული პაციენტები, რომლებიც დავადებულნი არიან ძუძუს კიბოს პირველი, მეორე და მესამე სტადიით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ძვირადღირებულ მედიკამენტებს 80%-იანი თანადაფინანსებით იღებენ, რაც წლიურად ერთ პაციენტზე 6000-მდე ლარს შეადგენს. პროგრამის დაწყებიდან დღემდე უკვე ისარგებლა 400-ზე მეტმა პაციენტმა. 

მეტასტაზური კიბოს მქონე პაციენტებმა სამკურნალო მედიკამენტის 80%-იანი ფასდაკლებით მისაღებად განცხადებით უნდა მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს.

ოშკის რეაბილიტაციის პროცესი [ფოტორეპორტაჟი]

თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიულ ტაოში ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის – ოშკის ტაძრის გუმბათის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო  ტაძარი ვიზიტორთათვის დაკეტილია. როგორც ტაძარზე შემოვლებულ ღობეზე გამოკრული საინფორმაციო აბრა იუწყება, ოშკის რეაბილიტაცია 2019 წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

ოშკი  მეათე საუკუნეში ააგეს და ის იმ პერიოდში მნიშვნელოვანი სამონასტრო ცენტრი იყო. ტაძრის რეაბილიტაცია 2018 წლის 4 მაისს დაიწყო. ამას წინ უძღოდა საქართველოსა და თურქეთის კულტურის მინისტრებს შორის 2017 წელს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელი ხელშეკრულებითაც ორმა ქვეყანამ აიღო მათ ტერიტორიაზე არსებული  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის  ვალდებულება.

გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ოშკიდან. ფოტოები 10-11 ნოემბერსაა გადაღებული.

ოშკის გუმბათი  ფოტო: ლაშა ბერეკაშვილი
ოშკი ფოტო: ლაშა ბერეკაშვილი
ფოტო: ლაშა ბერეკაშვილი
ოშკი ფოტო: ლაშა ბერეკაშვილი
ოშკი ფოტო: ლაშა ბერეკაშვილი
ოშკი ფოტო: ლაშა ბერეკაშვილი
ოშკის გუმბათი 2012 წელს. ფოტო თედო ჯორბენაძე

 

ამავე თემაზე: რეპორტაჟი ისტორიული ტაო-კლარჯეთიდან

ოშკი და იშხანი რესტავრაციის მოლოდინში – რეპორტაჟი ისტორიული ტაო-კლარჯეთიდან

როდის უნდა დანიშნოს ცესკომ არჩევნების მეორე ტური

როდის გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, ამ დრომდე უცნობია. მეორე ტურის თარიღს, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისია [ცესკო] ნიშნავს.

„ცესკომ 17 ნოემბრამდე უნდა შეაჯამოს პირველი ტურის შედეგები. შეჯამებიდან ორ დღეში კი, ცესკომ უნდა გამოსცეს განკარგულება მეორე ტურის თარიღის შესახებ“, – განმარტავს ანნა მდინარაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის უფროსი.

ცესკომ მეორე ტური არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამებიდან 14 დღის ვადაში უნდა დანიშნოს. საია-ს იურისტის თქმით, ამ შემთხვევაში კანონს არ აქვს შეზღუდვა სამუშაო დღეებთან დაკავშირებით – არჩევნების მეორე ტური ამ 14 დღის ვადაში ნებისმიერ დღეს შეიძლება ჩატარდეს.

თუკი ცესკო კანონით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ვადებს გამოიყენებს, მეორე ტურის გამართვის ბოლო ვადა 2 დეკემბერია.

როგორი იქნება აჭარის 2019 წლის ბიუჯეტი პროექტის მიხედვით

დღეს, 12 ნოემბერს, აჭარის უმაღლეს საბჭოში, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი და 2019-22  წლების პრიორიტეტები განიხილეს. უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, საკითხი კომიტეტის სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ წარადგინა.

მინისტრის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსულობები 11,6 მილიონი ლარით იზრდება, „რაც 4,3 %-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე“.

მისივე ინფორმაციით, მომავალ წელს მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები, „აკუმულირებული თანხები კი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე დაიხარჯება“.

პროექტის მიხედვით, გაიზრდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ინფრასტრუქტურული და სხვა პროგრამების დაფინანსება.

უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, მომავალი წლის პრიორიტეტებია  მცირე მთავრობის კონცეფცია და ინკლუზიური ეკონომიკის ზრდა.

„ასევე, გამართული ინფრასტრუქტურის შექმნა, მაღალმთიანი აჭარის განვითარება, სოციალური და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების მხარდაჭერაა აქტუალური“.

ბიუჯეტის პროექტის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გატანას ამ დროისთვის ორმა კომიტეტმა დაუჭირა მხარი.

ამავე თემაზე:

რას ნიშნავს, როცა ბიუჯეტი „გადაჭარბებით სრულდება“ – მინისტრის განმარტება

 

ბათუმში, ბარათაშვილის და გორგასლის ქუჩების კვეთაში სასწრაფოდ იყიდება ბინა

ბათუმში, ბარათაშვილის და გორგასლის ქუჩების კვეთაში, ძველ აშენებულ სამ სართულიანი სახლის მესამე სართულზე, იყიდება 75 კ/მ ფართობი ბინა. ძველი რემონტით. ბინას აქვს ორი დიდი ოთახი და დიდი აივანი.

ფასი: შეთანხმებით

მობ.:593 573 701

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12  ნოემბრის  21 საათიდან 13  ნოემბრის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით  – ზოგან, დღისით კი ყველგან  იწვიმებს.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის სანაპიროზე 17 გრადუსია. ტალღის სიმაღლე 5-10 დმ [2-3 ბალი].

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

„ჯივილში“ საზაფხულო კოლექციაზე ფასდაკლების აქცია გრძელდება

ბავშვთა ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიაში – „ჯივილი“ ორმაგი აქცია ერთგული მომხმარებლებისთვის ისევ ძალაშია: #აიღე 2 ერთის ფასად და #70 % ფასდაკლება.

აქცია გრძელდება საზაფხულო კოლექციის ამოწურვამდე.

ასევე, განსაკუთრებული ფასდაკლებაა ბავშვების ველოსიპედებსა და ავტომანქანის უსაფრთხოების სავარძლებზე.

#ჯივილშიუკეთესია

გვეწვიეთ მისამართზე: ბათუმი, ზ. გორგილაძის ქუჩა N88

ენმ: სუს-ის უფროსი აჭარის მთავრობაშია და მოქმედ და ყოფილ თავმჯდომარეებს დავალებებს აძლევს

აჭარის მთავრობის შენობაში შესვლას  ვერ ახერხებს ელგუჯა ბაგრატიონი. იგი უმაღლესი საბჭოს დეპუტატია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. დეპუტატის ინფორმაციით, მთავრობის სახლში შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] უფროსი ვახტანგ გომელაური მართავს.

„როგორც ჩანს, არჩევნების ჩატარება აჭარაში გომელაურს ჩააბარეს. ის ახლა მთავრობის შენობაში ხვდება თორნიკე რიჟვაძეს და ყოფილ თავმჯდომარეებს – ზურაბ პატარაძეს და არჩილ ხაბაძეს. სუს-ის უფროსი ამ ადამიანებს წინასაარჩევნო დავალებებს აძლევს“, – ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი.

აჭარის მთავრობის პრესცენტრში გვითხრეს, რომ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და ამ დროისთვის ვერაფერს გვეტყვიან. პრესცენტრში ვერც ის გვითხრეს, ამ დროისთვის სად იმყოფება ან მართავს თუ არა რაიმე შეხვედრას თორნიკე რიჟვაძე.

დეპუტატ ელგუჯა ბაგრატიონს აჭარის მთავრობის შენობაში შესვლის უფლებას  დაცვის სამსახური ამ დრომდე არ აძლევს. მსგავსი პრობლემა დეპუტატს 24 აგვისტოსაც შეექმნა. უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მიხედვით, უმაღლესი საბჭოს დეპუტატს აქვს უფლება, შეუფერხებლად შევიდეს ყველა სახელმწიფო ორგანიზაციაში, თუმცა იგივე რეგლამენტი ითვალისწინებს გამონაკლისებს. საია-მ მაშინ განმარტა, რომ მთავრობამ უნდა დაასაბუთოს, რატომ ეზღუდება დეპუტატს სახელმწიფო ორგანოში შეუფერხებლად შესვლის უფლება.

აჭარის მთავრობაში ვახტანგ გომელაურის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობის განმარტებას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

 

 

ახალი კლინიკისთვის აჭარის 2019 წლის ბიუჯეტში თანხა არ იქნება – რაში დაიხარჯება 65 მილიონი ლარი

შპს „სტადიონი“, რომლის 100% წილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ფლობს, აჭარის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2019 წელს 65 მილიონი ლარით დაფინანსდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული თანხა შემდეგი პროექტების დაფინანსებას მოხმარდება:

[checklist]

  • ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა – 33 მილიონი ლარი
  • მშენებარე სპორტული კომპლექსი ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე – 21 მილიონი ლარი
  • ბათუმის ახალი ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობა – 11 მილიონი ლარი

[/checklist]

ამ და ასევე ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას ბათუმში სწორედ შპს „სტადიონი“ კურირებს, რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსისთვის კი, აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში თანხა გათვალისწინებული არ არის.

აღნიშნული მსხვილი პროექტებიდან ორს – სპორტკომპლექსსა და საავადმყოფოს შპს „საბა კონსტრაქშენი“ აშენებს, საფეხბურთო სტადიონსა და ყინულის არენას [აუზთან ერთად] კი – შპს „ანაგი“. ოთხივე მშენებლობისთვის ხელშეკრულებები ჯამში 188 მილიონ ლარზე და 19,9 მილიონ აშშ დოლარზეა გაფორმებული.

[highlight color=”red”]რესპუბლიკური საავადმყოფო[/highlight]

ახალი საავადმყოფოს მშენებლობისთვის „საბა კონსტრაქშენთან“ ხელშეკრულება 2016 წლის 18 იანვარს 22 მილიონ ლარზე გაფორმდა და მშენებლობა მიმდინარე წლის 18 მაისამდე უნდა დასრულებულიყო. „სტადიონში“ ბათუმელებს დღეს, 12 ნოემბერს, უთხრეს, რომ მშენებლობა მომავალი წლის იანვრამდე დასრულდება.

თავდაპირველ ხელშეკრულებაში ცვლილება 10-ჯერ შევიდა და თანხაც 2 მილიონზე მეტი ლარით გაიზარდა. სექტემბრის თვის მონაცემებით, კომპანიისთვის უკვე გადარიცხულია 16 მილიონზე მეტი ლარი. დანარჩენ თანხას კი, დაახლოებით 8 მილიონ ლარს, კომპანიას მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაუხდიან.

მშენებლობის დასრულების შემდეგ უნდა დაიწყოს საავადმყოფოს ტექნიკური აღჭურვა, რაც საქართველოს ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს. კონკრეტულად რა თანხა იქნება საჭირო, როდის აღიჭურვება და დაიწყებს ფუნქციონირებას ახალი კლინიკა, ამ დრომდე არ არის გარკვეული.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, „ბათუმელებთან“ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვისთვის საჭირო ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბოლოს ან მომავალი წლის იანვარში ეცოდინებათ.

მინისტრის განცხადებით, საქართველოში უნდა შეიქმნას რამდენიმე კლინიკა, რომელიც იქნება სახელმწიფოს საკუთრებაში: „ეს კლინიკები იქნება: თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო; საჩხერის სამედიცინო ცენტრი; ზუგდიდის რუხის კლინიკა და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო“.

[highlight color=”red”]სპორტკომპლექსი[/highlight]

მეორე კონტრაქტი „საბა კონსტრაქშენთან“ ლეონიძის ქუჩაზე ახალი სპორტკომპლექსის აშენებაზეა გაფორმებული. ამ დრომდე ხელშეკრულებაში ცვლილება სამჯერ შევიდა. სექტემბრის მონაცემებით კომპანიისთვის სახელშეკრულებო თანხის მხოლოდ 40% იყო გადახდილი – 24,6 მილიონი ლარი, 61,9 მილიონი ლარიდან.

ახალი სპორტკომპლექსი ბათუმში საჭადრაკო ოლიმპიადის დაწყებამდე, ანუ 2018 წლლის სექტემბრისთვის უნდა დასრულებულიყო თუმცა ეს ვერ მოხერხდა.

არსებული ხელშეკრულების მიხედვით, სპორტული კომპლექსის მშენებლობა ლეონიძის ქუჩაზე 2019 წლის 9 ივლისამდე უნდა დასრულდეს.

[highlight color=”red”]ყინულის არენა და საცურაო აუზი[/highlight]

ვინაიდან ლეონიძის ქუჩაზე სპორტკომპლექსის მშენებლობა საჭადრაკო ოლიმპიადის დაწყებამდე ვერ ესწრებოდა, აჭარის მთავრობამ ოლიმპიადის ჩატარების მიზნით ბათუმში, არსებული ყინულის სასახლის ადგილზე ახალი ყინულის არენა და საცურაო აუზის აშენებაზე კანადურ კომპანია Westincor Limited-თან 19,9 მილიონ აშშ დოლარზე ხელშეკრულება ტენდერის გარეშე გააფორმა.

ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩაზე, N27-ში, მშენებლობას ქვეკონტრაქტორი „ანაგი“ ახორციელებს. ახალი ყინულის არენისთვის კაპიტალური შენობა უკვე აშენებულია, სადაც მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდა. ახლა ამ შენობის ყინულის არენად გადაკეთება და საცურაო აუზის მშენებლობა დაიწყება, რის გამოც არსებული ყინულის სასახლე უნდა დაიშალოს, 700-მდე სპორტსმენი და მოყვარული კი რამდენიმე თვე ყინულის მოედნის გარეშე დარჩება.

ყინულის არენა უნდა დასრულდეს 2019 წლის პირველი აპრილისთვის, ხოლო საცურაო აუზი – 2020 წლის პირველი აპრილისთვის.

[highlight color=”red”]საფეხბურთო სტადიონი[/highlight]

კომპანია „ანაგი“ აშენებს ბათუმში საფეხბურთო მოედანსაც. ხელშეკრულება კომპანიასთან 99,4 მილიონ ლარზეა გაფორმებული. მშენებლობა 2018 წლის იანვარში დაიწყო და კომპანიისთვის უკვე გადარიცხულია 48,7 მილიონი ლარი [აქედან 35,2 მილიონი ლარი ავანსად]. 

საფეხბურთო სტადიონი 10 თვის განმავლობაში ზედამხედველი კომპანიის გარეშე მიმდინარეობდა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია სტადიონის მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას მიმდინარე წლის ოქტომბრიდან შეუდგა.

აჭარის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის სამუშაოების ჯამური სავარაუდო ღირებულება 157 მილიონზე მეტი ლარია. სტადიონის მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.

________________________

მთავარი ფოტო: მშენებარე კლინიკა ბათუმში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ტექსტის ანალიზის გარეშე აბიტურიენტი ბარიერს ვეღარ გადალახავს – რა იცვლება ეროვნულ გამოცდებში

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე ცვლილებები იქნება. ცვლილება ოთხ გამოცდას – ქართულ ენასა და ლიტერატურას, ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს შეეხება.

ცენტრის ინფორმაციით, წინა წლების ტესტების ანალიზმა და პედაგოგებთან ერთად ამ გამოცდების შედეგების განხილვამ აჩვენა, რომ აბიტურიენტის ცოდნისა და უნარების უკეთ შესაფასებლად მიზანშეწონილია ამ საგამოცდო ტესტების ფორმატში გარკვეული ცვლილებების შეტანა. ცვლილებების  მიუხედავად, არ შეიცვლება მინიმალური კომპეტენციის პროცენტული ზღვარი.

რა შეიცვლება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში?

ტესტში იქნება მხოლოდ სამი დავალება: ტექსტის რედაქტირება (მაქსიმალური 16 ქულა), არგუმენტირებული ესე (მაქსიმალური 24 ქულა) და მხატვრული ტექსტის ანალიზი (მაქსიმალური 30 ქულა). ასე რომ, წინა წელთან შედარებით 2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტს მოაკლდება 15-ქულიანი არჩევითპასუხებიანი დავალება (წაკითხულის გააზრება), მხატვრული ტექსტის ანალიზს კი დაემატება 5 ქულა; შესაბამისად, საგამოცდო ტესტი იქნება 70-ქულიანი და არა 80-ქულიანი, როგორც ეს წინა წლებში იყო;

ტესტის დავალებების შემცირებასთან ერთად შემცირდება საგამოცდო დროც და გახდება 3 საათი და 45 წუთი.

უცხოური ენების გამოცდატესტიდან ამოღებულია  ერთ-ერთი დავალება. ეს არის მე-7 არჩევითპასუხებიანი დავალება, რომელიც გრამატიკის ცოდნას ამოწმებდა. გრამატიკის ცოდნა შემოწმდება ტესტში არსებული წერითი დავალებების საშუალებით.

საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 80 და არა 90, როგორც ეს წინა წელს იყო;

შესაბამისად, საგამოცდო დრო გახდა 2 საათი და 30 წუთი (დრო 10 წუთით შემცირდა).

ლიტერატურის გამოცდა:

ტესტიდან ამოღებულია ერთი წერითი დავალება, სამაგიეროდ გაიზრდება ღია კითხვების ბლოკი (მაქსიმალური ქულაა 40, ნაცვლად 30-ისა) და მხატვრული ტექსტის ანალიზის მაქსიმალური ქულა იქნება 30, ნაცვლად 25-ისა.

საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 70  და არა 80, როგორც ეს წინა წლებში იყო;

ტესტის დავალებების შემცირებასთან ერთად შემცირდება გამოცდისათვის განკუთვნილი დროც – 4 საათისა და 15 წუთის ნაცვლად იქნება 4 საათი.

გეოგრაფიის გამოცდა:

ტესტში გაიზრდება ე.წ. ღია დავალებების ხვედრითი წილი, რომლებიც კიდევ უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ცოდნის გამოყენებასა და ანალიზზე;

შემცირდება ე.წ. არჩევითპასუხებიანი კითხვების წილი და დაემატება 1, 2, 3 და 4-ქულიანი ღია დავალებების ბლოკი;

ტესტში უცვლელია შემდეგი დავალების ტიპები: კითხვა არჩევითი პასუხებით; რუკის ანალიზი (ფიზიკური და ტოპოგრაფიული); ინფორმაციის ანალიზი;

ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 60, ნაცვლად 59-ისა;

აბიტურიენტებს გამოცდაზე კვლავინდებურად დაურიგდებათ საქართველოსა და მსოფლიოს A3 ფორმატის ფიზიკური რუკები და შესაბამისი დავალებისათვის გათვალისწინებული ტოპოგრაფიული რუკები. 2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში სხვა ტიპის სიახლე არ იგეგმება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, კახა ჯამბურია „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ოთხ საგანში გამოცდების ფორმატის ცვლილება აუცილებელი იყო, რადგან დროთა განმავლობაში ტექსტები იშტამპება, „რის გამოც, აბიტურიენტები ზეპირი შპარგალკებით ცდილობენ ფონს გასვლას“.

„საგამოცდო ფორმატი დროთა განმავლობაში ძალიან იშტამპება  და ბავშვები ხშირად, ზეპირი შპარგალკებითა და შტამპებით ცდილობენ გავიდნენ ფონს. ხშირად ეს ფორმატი ცუდია იმისთვის, რომ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები გამოვავლინოთ. ამიტომ ყოველთვის საჭიროა გარკვეული ცვლილებების შეტანა საგამოცდო ტესტში,“-ამბობს ჯამბურია.

კახა ჯამბურიას თქმით, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტიდან ამოღებულია 15-კითხვიანი, არჩევითპასუხებიანი დავალება, რაც გარკვეულწილად ამარტივებს ტესტს, რადგან აბიტურიენტს მეტი დრო რჩება. „თუმცა ეს დრო მან უკვე წერით დავალებას უნდა მოახმაროს. აქამდე აბიტურიენტს შეეძლო წერითი დავალების გარეშე გადაელახა ბარიერი, მაგრამ ამჯერად ტექსტის ანალიზისა და არგუმენტირებული ესეს დაწერის გარეშე ბარიერს ვერ გადალახავს. ლიტერატურული ტექსტის ანალიზის გარეშე ახლა სათანადო ქულებს ვეღარ დააგროვებენ“.

კახა ჯამბურია ამბობს, რომ აბიტურიენტებმა ბევრი დრო უნდა დაუთმონ წერითი დავალებების შესრულებას სკოლაში.  „ჩვენ გამოვაქვეყნეთ არა მარტო ტესტის ნიმუში, არამედ განმარტებებიც, რომელიც არის მასწავლებლებისთვის, რადგან ამის მიხედვით იმუშაონ შემდეგში უცილებლად, რადგან ეს არის სახელმწიფოს მოთხოვნა და თუ აქამდე არ უთმობდნენ ამის სწავლებას დროს, ახლა უნდა დაუთმონ“.

კახა ჯამბურიას თქმით, თუ სკოლა ვერ ართმევს თავს ამ საკითხების მოგვარებას, ეს ძალიან ცუდია.

„ეს გამოცდა ძირითადად აგებულია საუნივერსიტეტო მოთხოვნებზე, ამიტომ, მასწავლებლებმა და სკოლამ თავიანთი მოვალეობები უნდა შეასრულონ და თუ არ აკეთებენ, რა თქმა უნდა, ეს დიდი პრობლემაა.“

საათები, ბიჟუტერია, ქანდაკება – რა მოიპარეს სუს-ის უფროსის, ირაკლი ერისთავის ბინიდან

„ქანდაკება, ბიჟუტერია, საათები…“ – ამ ნივთების ქურდობას სამ პირს ედავება გამოძიება. საუბარია ბათუმში სუს-ის უფროსის – ირაკლი ერისთავის ბინის ქურდობაზე. ბრალდებულებს უკვე შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა, თუმცა ისინი ბრალს არ აღიარებენ.

სუს-ის უფროსის, ირაკლი ერისთავის ბინის გაქურდვის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 ნოემბერს „რუსთავი 2“-ში გასული სიუჟეტის შემდეგ გაავრცელა. ამ დროისთვის უკვე ერთი კვირის დაკავებული იყვნენ ბრალდებულები, ქურდობის ფაქტი კი, მანამდე ორი დღით ადრე მოხდა.

გამოძიების ვერსიით, ირაკლი ერისთავის ბინაში, რომელიც ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარეობს, ორი პირი შევიდა – დ.ხ. და ი.ა, რომლებმაც სხვადასხვა ნივთი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ამავე საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს – ნ.უ., რომელსაც პირადი ჩხრეკის დროს სარეალიზაციოდ გამზადებული ნაქურდალი ნივთები აღმოუჩინეს. ნ.უ.-ს საცხოვრებელი ბინის და ავტომანქანის ჩხრეკისას დანარჩენი ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებულების ინტერესებს ადვოკატი მზია დიასამიძე დაიცავს. ის ამბობს, რომ საქმის მასალები ჯერ არ ჩაბარებია. აღკვეთის შეფარდების დროს სასამართლოში ბრალდებულებს ადვოკატი არ ჰყავდათ.

„დღეს, სავარაუდოდ, ჩავიბარებ მასალებს… ჯერ ბრალდებულებს არ შევხვედრივარ. საათებზე, მაგალითად, დაკავებულების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათი საკუთრებაა. საუბარია საათებზე, რომლებიც ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ამოიღეს,“ – გვითხრა ადვოკატმა.

ბრალდებულებიდან ერთ-ერთი დ.ხ. ქურდობის ამ შემთხვევამდე იყო მიცემული პასუხისგებაში. მას გამოძიება ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელი ბინიდან ფაიფურის თეფშების მოპარვას ედავებოდა. საპატიმრო ვადის გასვლამდე ცოტა ხნით ადრე, სასამართლომ დ.ხ. გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. ამ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს გასული კვირის ორშაბათს, 5 ნოემბერს უნდა გამოეცხადებინა.

„დასკვნითი სიტყვები არ იყო ნათქვამი. პროცესი გადაიდო, რადგან ის შაბათს დააკავეს… ჩვენ ამ საქმეზე გამამართლებელ განაჩენს ველით,“ – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე. იგი ბრალდებულის ინტერესებს იცავს წინა ქურდობის საქმეზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ხალვაში, რომელიც მანამდე პოლიციაში მუშაობდა, ამბობს, რომ დ.ხ.-ს ფარულად უთვალთვალებდნენ, რადგან მას ბრალს ვერ უმტკიცებდნენ და ამ გზით აღმოჩნდა, რომ ბრალდებული უფროსის სახლში შესულა.

„ის იმყოფებოდა ფარული მეთვალყურეობის ქვეშ, უთვალთვალებდნენ სუს-ის თანამშრომლები, თუმცა მან უფროსის სახლში შეღწევა მოახერხა,“ – გვითხრა ორი დღის წინ გია ხალვაშმა, როცა ბათუმში სუს-ის უფროსის ბინის გაქურდვის შესახებ ინფორმაცია გაჟღერდა.

 

„მწვანე სივრცე ყველა ეზოში“- ახალი ინიციატივა ბათუმის უბნებისთვის

„მწვანე სივრცე ყველა ეზოში“ – ახალი ინიციატივა, რომლის განხორციელებაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან და გამწვანების სამსახურის ახალ ხელმძღვანელთან დავით დიასამიძესთან ერთად დაიწყო.

ახალი ინიციატივა „მწვანე სივრცე ყველა ეზოში“ გრძელვადიანი პროექტია და ეტაპობრივად, ქალაქის ყველა უბანს მოიცავს.
ახალი ინიციატივა „მწვანე სივრცე ყველა ეზოში“ გრძელვადიანი პროექტია და ეტაპობრივად, ქალაქის ყველა უბანს მოიცავს.

პროექტი ითვალისწინებს ბათუმის მჭიდროდ დასახლებულ უბნებში ახალი სკვერების მოწყობას და გამწვანებით ღონისძიებეში მოსახლეობის ჩართულობას.

თამარის დასახლებაში მწვანე სივრცისათვის შერჩეულ ტერიტორიაზე თორნიკე რიჟვაძემ და ლაშა კომახიძემ ხე-მცენარეები ბავშვებთან ერთად დარგეს. თითოეული ნერგი სახელობითი იქნება, რაც პროექტისადმი ინტერესს მოსახლეობის მხრიდან განსაკუთრებით ზრდის. ამ ეტაპზე თამარის დასახლებაში დაირგო 100-მდე მარადმწვანე, ბუჩქოვანი და ყვავილოვანი ნერგი.

ახალი ინიციატივა „მწვანე სივრცე ყველა ეზოში“ გრძელვადიანი პროექტია და ეტაპობრივად, ქალაქის ყველა უბანს მოიცავს.
ახალი ინიციატივა „მწვანე სივრცე ყველა ეზოში“ გრძელვადიანი პროექტია და ეტაპობრივად, ქალაქის ყველა უბანს მოიცავს.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, ახალი ინიციატივა „მწვანე სივრცე ყველა ეზოში“ გრძელვადიანი პროექტია და ეტაპობრივად, ქალაქის ყველა უბანს მოიცავს.

„მნიშვნელოვანია მოქალაქეთა მხრიდან მწვანე სივრცების მოწყობაში თანამონაწილეობა. პროექტი ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას, ახალგაზრდა თაობაში გარემოს დაცვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას. ასეთი ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ შევუქმნათ ჩვენს შვილებს უკეთესი გარემო, მწვანე ქალაქი “ აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლიდან ახალი მწვანე სივრცეების მოსაწყობად 3000-ზე მეტი ნერგია გათვალიწინებული.

ახალი ინიციატივა „მწვანე სივრცე ყველა ეზოში“ გრძელვადიანი პროექტია და ეტაპობრივად, ქალაქის ყველა უბანს მოიცავს.

„კარავი და არა ნაძვის ხე“ – სოლიდარობის აქცია ბათუმში

„ხელისუფლებას არ სურს საზეიმო რიტუალის ჩატარება პროტესტის ფონზე, მაგრამ ადამიანების მკვლელები ხომ უნდა დაისაჯონ, ეს მარტივია…“ – ამბობს თომა კაკაბაძე. იგი ერთ-ერთია იმათგან, ვინც დღეს, 11 ნოემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე სოლიდარობის აქციაზე მივიდა. აქციაზე ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.

„კარავი და არა ნაძვის ხე,“ „სოლიდარობა შვილომოკლულ მამებს“ – ამ ტრანსფარანტებს იმ კარავზე ნახავთ, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბათუმშიც გაშალეს.

„ვაპროტესტებ იმას, რომ ამდენი ხნის განმავლობაში არ მოხდა მკვლელობის გამოძიება და დამნაშავეების დასჯა. ჩემთვის გაუგებარია, რა უშლის ხელს ამ პროცესს. არ ხდება გამოძიება და ამ ფონზე ადამიანებს ყოველ ჯერზე ექმნებათ ბარიერი პროტესტის გამოხატვის დროს, ამაშიც უშლიან ხელს. მე რომ წარმოვიდგინე ჩემი თავი შვილმოკლული მამების ადგილზე, ვფიქრობ, რომ შეიძლება უარესი გამეკეთებია,“- აღნიშნა თომა კაკაბაძემ.

მოქალაქის მსგავსად სიტყვას „გაუგებრობა“ ახსენებს მალხაზ ჭკადუაც, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული ოფისების კოორდინატორი. „თანაგრძნობის ნიშანწყალიც კი ვერ დავინახეთ ამ ადამიანების მიმართ. აბსოლუტურად გაუგებარია ხელისუფლების დამოკიდებულება“, – გვითხრა მან.

რასთან გვაქვს საქმე, როცა მკვლელობის კონკრეტულ საქმეებზე გამოძიება შედეგზე ვერ გადის, ხოლო საზოგადოებას პროტესტის გამოხატვის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას უზღუდავენ?

„ცხადია, ჩვენ ვერ ვხედავთ პოლიტიკურ ნებას, რომ ეს საქმე იქნება გამოძიებული. ეს ადამიანი ერთი წელია ითხოვს რეალური დამნაშავეების დასჯას. სისტემურ დანაშაულში გადავიდა უკვე ეს ყველაფერი, რადგან ცხადია, ხელისუფლების არცერთი შტო არ არის ადეკვატური რეაგირების დროს. ერთადერთი ადამიანი, ვინც გუშინ ისაუბრა კარვის გაშლის კანონიერებაზე უმრავლესობიდან იყო თამარ ჩუგოშვილი, თუმცა ეს ერთი განცხადება არ ცვლის მოცემულობას. აქ ვდგავართ იმიტომ, რომ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მისამართით არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ რეგიონებიდან. ჩვენ ყველას ერთნაირად გვტკივა ეს პროცესი და გვინდა ერთნაირად ყველგან სამართლიანობა დამყარდეს. ეს არის ჩვენი სათქმელი“ – ამბობს მალხაზ ჭკადუა.

რა ძალა აქვს ამ დროს სოლიდარობას?

ნათია სირაბიძე, მოქალაქე: „თითოეულმა ადამიანმა უნდა აიმაღლოს ხმა და სოლიდარობა გამოუცხადოს იმ ადამიანებს, რომლებიც ითხოვენ შვილების მკვლელების დასჯას, საქმის გამოძიებას. თუ ერთმანეთს არ დავუდგებით გვერდით, დრო მოვა და ჩვენ რომ შეგვემთხვეს რამე, არც ჩვენ დაგვიდგება ვინმე გვერდით. უნდა მივანიშნოთ ხელისუფლებას, რომ ხალხი არ დახუჭავს თვალს მსგავს უსამართლობაზე. ხელისუფლებას აღიზიანებს კარავი და ამას გვიზღუდავენ – თავიდან განცხადებები გაკეთდა, რომ არ ჰქონდათ უფლება, შემდეგ თქვეს, რომ ჰქონდათ. მე ვფიქრობ, უბრალოდ არ უნდათ, რომ მასობრივი სახე მიიღოს ამ ყველაფერმა და მოქალაქეებმა დაინახონ ყოველდღე ეს პროტესტი.“

გუშინდელ საპროტესტო აქციაზე კარვების გაშლის შეზღუდვას დღეს, 11 ნოემბერს, გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. მან თქვა, რომ დესტაბილიზაციის შესახებ ჰქონდა კონკრეტული ინფორმაცია.

გიორგი ხიმშიაშვილი, „იურიდიული მრჩევლის“ ხელმძღვანელი, შს მინისტრის განცხადებას არადამაჯერებელს უწოდებს და ფიქრობს, რომ ხელისუფლება ისევ ცდილობს სამოქალაქო სექტორის „მავნე ჯგუფად“ წარმოჩენას.

„საუბარი დესტაბილიზაციაზე, რომ თურმე იქ დანაშაულებრივი ქმედების პროვოცირებას ჰქონდა ადგილი, შეუსაბამოა რეალობასთან, რადგან გუშინდელი აქციის ორგანიზატორი იყო სამოქალაქო სექტორი. მინისტრის ეს განცხადება, ფაქტობრივად, გაგრძელებაა იმ პროცესის, რომელიც დაიწყო ბოლო ორი თვის განმავლობაში, როდესაც სამოქალაქო სექტორს წარმოადგენენ, როგორც საზოგადოებისთვის მავნე ჯგუფს. ის, რომ არსებობდა დესტაბილიზაციის საფრთხე, ამას სჭირდება მეტი დასაბუთება და არგუმენტაცია. შინაგან საქმეთა სამინისტრო წინა შემთხვევებზეც აცხადებდა, რომ დესტაბილიზაციის თავიდან არიდების მიზნით მოხდა კარვების დადგმისკენ ხელშეშლა, მაგრამ სასამართლო პროცესზე სამინისტრომ ვერანაირი ობიექტურად დასაბუთებული მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. ეს ამ უკანონობის გაგრძელებაა და ამან მიიღო შეუქცევადი ხასიათი. კონსტიტუციური უფლება არის უგულებელყოფილი. კონსტიტუცია არ არის მხატვრული ნაწარმოები, ის არის ფუნდამენტი ნებისმიერი ადამიანისთვის და სახელმწიფომ უდნა დაიცვას ნებისმიერი ადამიანის უფლება,“ – გვითხრა გიორგი ხიმშიაშვილმა.

„დესტაბილიზაციის მოწყობას აქ მხოლოდ პოლიცია ცდილობს,“ – ასე უპასუხა შს მინისტრის განცხადებას დღეს ზაზა სარალიძემ. საპროტესტო აქცია თბილისში გრძელდება.

 

სოლიდარობის აქცია ბათუმში / 11.11.2018

 

არასრულწლოვნებმა ბათუმში სამი მაღაზია გაქურდეს – წაღებულია ორი სათამაშო თოფი და ხურდა ფული

ბათუმში, ბერიძის ქუჩაზე, გუშინწინ ღამით სამი მაღაზია გაქურდეს, მეოთხეში – შესვლა ვერ შეძლეს.

„ნივთებზე ხელი არ უხლიათ, მხოლოდ ხურდები წაიღეს და ორი ცალი სათამაშო თოფი, 5-5 ლარში ვყიდდი მაგენს. ეტყობა, სხვების შესაშინებლად წაიღეს,“ – გვითხრა ერთ-ერთი მაღაზიის მესაკუთრემ, მერი ირემაძემ.

მაღაზიის მფლობელების თქმით, ქურდობის შესახებ მათთვის ცნობილი გუშინ, 10 ნოემბერს, დილით გახდა.

„მივედით და ბოქლომები დაგვხვდა დატეხილი… ჩვენთან კამერა არ არის და არც სიგნალიზაცია. მერე ვითვალეთ ნივთები და ცოდვას ვერ ვიტყვი, მხოლოდ ხურდებია წაღებული, რაც უჯრაში მქონდა დატოვებული. რამდენი იყო, ესეც არ ვიცი,“ – აღნიშნა ჩვენთან გასაუბრების დროს კიდევ ერთი მაღაზიის გამყიდველმა.

გაქურდულ მაღაზიებში გვითხრეს, რომ ჯამში სამივე მაღაზიიდან დაახლოებით 150 ლარის ხურდა ფულია წაღებული.

თავდაპირველად ბერიძისა და პუშკინის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე საცვლების მაღაზია გაქურდეს. აქ საღამოს 11 საათზე სიგნალიზაცია ჩართულა.

„ჩვენ სიგნალიზაცია გვაქვს. შეშინდნენ ეტყობა და გაიქცნენ. დაახლოებით 3 ლარის ხურდა მედო მაგიდაზე და ის წაუღიათ, სხვა არაფერი,“ – გვიყვება ამ მაღაზიის მესაკუთრე, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შესაბამისად, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების პრესცენტრის ცნობით, მხოლოდ ერთი მაღაზიის გაქურდვის შესახებ შევიდა მათთან ინფორმაცია და ამ დროისთვის დაკავებული არავინაა. გამოძიებამ რამდენიმე არასრულწლოვანი დაადგინა, როგორც დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი.

 

13 წლის გოგოსთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ კაცს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს, 11 ნოემბერს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული 55 წლისაა, მას 13 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედების ჩადენა ედება ბრალად.

აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი დახურულ სხდომაზე განიხილეს, რადგან დაზარალებული არასრულწლოვანია. ბრალდებულს ამ ეტაპზე ადვოკატი არ ჰყავს. წინასასამართლო სხდომა ამ საქმეზე 4 დეკემბერს გაიმართება.

ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენება საგამოძიებო ორგანოს უკვე მისცეს 13 წლის გოგომ და მისმა დედამ, ასევე თვითმხილველმა. გამოძიების ვერსიით, 55 წლის კაცმა გოგოს სექსუალური შევიწროება ავტობუსით მგზავრობის დროს სცადა.

ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად გაასამართლებენ, რაც გულისხმობს „ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან“.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, კაცს 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ელის.

„კარვის გაშლა კონსტიტუციური უფლებაა“ – აქცია 3 საათზე ბათუმის ევროპის მოედანზე

„კარვის გაშლა კონსტიტუციური უფლებაა – სოლიდარობა ზაზა სარალიძეს“ – საპროტესტო აქცია ამ მოთხოვნით დღეს, 11 ნოემბერს, ბათუმში გაიმართება. ევროპის მოედანზე შეკრებილები სოლიდარობას გამოუცხადებენ ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს. აქცია სამოქალაქო ორგანიზაციებმა დაგეგმეს და იგი 3 საათზე დაიწყება.

„ვითხოვთ სამართალს, ვითხოვთ დამნაშავეთა დასჯას, ვითხოვთ კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენებას,“ – აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორები.

ზაზა სარალიძე დედასთან ერთად პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე უკვე დაბრუნდა. მანამდე, ორივე მათგანმა რამდენიმე საათი დაჰყო ინგოროყვას კლინიკაში მას შემდეგ, რაც აქციაზე მომხდარი შეხლა-შემოხლის შემდეგ შეუძლოდ გახდნენ.

საპროტესტო აქცია გუშინ საღამოს 8 საათზე დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებდნენ სარალიძის და მაჩალიკაშვილისთვის პარლამენტის წინ, ტროტუარზე კარვების გაშლაში ხელშეშლას სახელმწიფოს მხრიდან, ასევე თბილისის მერიის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც საახალწლო ნაძვის ხის დადგმის გამო, აქციის მონაწილეებს ადგილი უნდა შეეცვალათ.

აქცია თბილისში პოლიციასთან შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. პოლიციელები ისევ შეეცადნენ, დემონსტრანტებისთვის ჯერ კიდევ გაუშლელი კარვები წაერთმიათ, რასაც მოქალაქეთა წინააღმდეგობა მოჰყვა. გაწევ-გამოწევისას  შეუძლოდ ზაზა სარალიძე, მოგვიანებით კი მისი დედა. საბოლოოდ, ორივე მათგანის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

კარვის გაშლის შეზღუდვას გამოეხმაურა სახალხო დამცველიც, რომელიც სახელმწიფოს ამ ქმედებას შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებაში ჩარევად აფასებდა. ომბუდსმენმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოშიც წარადგინა.

ბათუმში სუს-ის უფროსის – ირაკლი ერისთავის სახლი გაქურდეს

ბათუმში სუს-ის უფროსის ირაკლი ერისთავის საცხოვრებელი ბინა გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტს ადასტურებს. უწყების ცნობით, „ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით წარსულში ქურდობისათვის არაერთგზის ნასამართლევი, 1975 წელს დაბადებული დ. ხ. და 1984 წელს დაბადებული ი. ა. ხოლო წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღების ბრალდებით, 1959 წელს დაბადებული ნ. უ. დააკავეს“.

ინფორმაცია აჭარის სუს-ის უფროსის ბინის ქურდობის შესახებ თავდაპირველად „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გია ხალვაშის ინფორმაციით, რომელიც ადრე საპატრულო პოლიციაში მუშაობდა, ბრალდებულს დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ ედავებოდა პროკურატურა ქურდობის ჩადენას, თუმცა წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლამდე მას დანაშაულის ჩადენა ვერ დაუდასტურეს.

„ის იმყოფებოდა ფარული მეთვალყურეობის ქვეშ, უთვალთვალებდნენ სუს-ის თანამშრომლები, თუმცა მან უფროსის სახლში შეღწევა მოახერხა,“ – გვითხრა გია ხალვაშმა.

 „გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.ხ.-მ და ი.ა.-მ ბათუმში, მოქალაქის საცხოვრებელი ბინიდან სხვადასხვა ნივთები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ ორივე პირი მომხდარიდან 2 დღეში დააკავა. სამართალდამცველებმა ნ.უ.-ს პირადი ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული ნაქურდალი ნივთები, ხოლო მისი საცხოვრებელი ბინის და ავტომანქანის ჩხრეკისას დანარჩენი ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 186-ე მუხლებით,“ – იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ელით.

სუს-ის უფროსის, ირაკლი ერისთავის საცხოვრებელი ბინა ბათუმში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარეობს.

 

 

გაიგე, რისი შეცვლა შეუძლია ახალ პრეზიდენტს საქართველოში [ტესტი]

შეავსე ტესტი და შეამოწმე რა უფლებამოსილებები ექნება საქართველოს მეხუთე, საყოველთაო არჩევნების გზით არჩეულ ბოლო პრეზიდენტს. გაიგე, რისი შეცვლა შეეძლება უშუალოდ მას და რისი არა.

რატომ შემცირდა თაფლის მოსავალი

„წელს თაფლის მოსავალი განახევრდა, ყველგან ასეა,“ – გვითხრა ერთ-ერთმა მეფუტკრემ ქობულეთში, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს. მეფუტკრე დარწმუნებულია, რომ თაფლის მოსავლის შემცირება პირდაპირ უკავშირდება აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გამოყენებულ პრეპარატებს.

თაფლის მოსავალი რომ შემცირდა, ამას მეწარმე და მეფუტკრეთა ასოციაციის წევრი – მანანა ბოლქვაძეც ამბობს, თუმცა ის დარწმუნებული არაა შემცირება ფაროსანას საწინააღმდეგოდ განხორციელებულმა შეწამვლამ გამოიწვია, თუ სხვა დაავადებამ. მეწარმე მთავრობას საყვედურობს  იმას, რომ  მონაცემებს არავინ ითვლის, არც სწავლობს, ხოლო პრეპარატები, რასაც მეფუტკრეებს სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგო სთავაზობენ, არაეფექტურია. მანანა ბოლქვაძეს ფუტკრის სკები ქედასა და ხულოში აქვს.

„ჩემს შემთხვევაში დაახლოებით 20 პროცენტით შემცირდა თაფლის მოსავალი… ფუტკარი, რომელსაც უშუალოდ შეასხურეს ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი, დაიღუპა, მაგრამ ასეთი ბევრი არ არის. ჩემი დაკვირვებით, პარაზიტი ტკიპა გააქტიურდა, რომელიც წინა წლებშიც იყო, მაგრამ ახლა მასობრივი გახდა. ვფიქრობ, რომ მოსავლის შემცირება უფრო ამ ტკიპას უკავშირდება. ადგილობრივი წარმოების პრეპარატებმა ამ დაავადების წინააღმდეგ არ იმუშავა, ეს აშკარაა და ამას ყველა მეფუტკრე გეტყვით. უცხოური პრეპარატები ანადგურებენ ტკიპას, მაგრამ ცუდად მოქმედებს თაფლის ხარისხზე. მე პირადად ისევ ბუნებრივი მეთოდით ვცადე ფუტკრების გადარჩენა, ეს ევკალიპტის ან პიტნის ნაყენია, რომელიც მარტივად მზადდება,“ – გვიყვება მანანა ბოლქვაძე.

მეფუტკრის თქმით, პრობლემას ართულებს ინფორმაციის არქონა – მეფუტკრეებს შესაბამის ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვერ აწვდიან, მეფუტკრეებს არც ერთმანეთისთვის სურთ გამოცდილების გაზიარება.

„არაა ასე, რომ მიხვიდე სამინისტროში და რაღაც რჩევა მიიღო. პირიქით, რაღაცები უკვირთ, როცა უყვები… ზოგჯერ შეკრებები იმართება, მაგრამ მეფუტკრეებს ერთმანეთისთვისაც არ სურთ გამოცდილების გაზიარება. ყველას თავისი მეთოდი აქვს. არავინ იკვლევს, რამდენია მოსავალი, რამდენით შემცირდა, რატომ ვერ მუშაობს ეს პრეპარატები. სტატისტიკური მონაცემებიც ძირითადად ზედაპირულია,“ – აღნიშნავს მანანა ბოლქვაძე.

შემცირდა თუ არა თაფლის მოსავალი წელს აჭარაში? – აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვითხრეს, რომ ზუსტ მონაცემს მომავალი წლის მაისში გვეტყვიან. აქ განმარტავენ, რომ მონაცემებს მეფუტკრეებთან გასაუბრების გზით, ასევე თაფლის რეალიზების პროცესში აგროვებენ.

„თაფლის წარმოება არ შემცირებულა“, – ირწმუნება მამუკა თურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. მას ვკითხეთ, რის საფუძველზე ამბობს ამას, თუკი თაფლის მოსავალი სამინისტროში ჯერ არ დაუთვლიათ.

„მკვეთრი ზეგავლენა მეფუტკრეობის დარგზე არ მოუხდენია არაფერს. ცალკეულ კერებში, მათ შორის, ქედაში, იყო გამოვლენილი ვაროვატოზი ტკიპის სახით, რამაც გარკვეული ოჯახები დააზიანა, თუმცა ეს არაა ის მაჩვენებელი, რომელსაც შესაძლოა მთლიან მაჩვენებელზე მოეხდინა გავლენა. ჩვენ გვინდა, იქ მივიყვანოთ სპეციალისტები, რომ ეს არ გავრცელდეს,“ – ამბობს მამუკა თურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, აჭარის რეგიონში სულ 28 ათასი სკა აქვს 950 მეფუტკრეს. საშუალო მოსავალი წლის განმავლობაში 250 – 300 ტონა თაფლია.

მამუკა თურმანიძეს არ სჯერა მეფუტკრეების, რომლებიც ამბობენ, რომ ფუტკარზე უარყოფითად ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატების შესხურებამ იმოქმედა, თუმცა დასძენს: „ჩვენ იმ კერებში, სადაც სკებია, ღამის საათებში განვახორციელეთ შესხურება“.

რატომ ღამით, თუკი ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი ფუტკარს არ ვნებს? – მამუკა თურმანიძემ თქვა, რომ ამით რისკის დააზღვიეს, რადგან პირდაპირი კონტაქტის დროს, შესაძლოა, ამას უარყოფითად ემოქმედა ფუტკარზე.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ტკიპის გააქტიურება გასული თბილი ზამთრის ბრალია. „ზამთარი იყო თბილი და ამ დაავადებებმა ადვილად გამოიზამთრა, მოიმატა მათი რაოდენობა. არსებობს რეგისტრირებული პრეპარატები, რომლითაც შესაძლებელია მიიღო ეფექტური შედეგი,“ – ამბობს ის.

რაც შეეხება შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას მეფუტკრეებისთვის – მამუკა თურმანიძე აღნიშნავს, რომ ექსტენციის პროგრამის ფარგლებში სპეციალისტებმა მეფუტკრეებს უშუალოდ სოფლებში გაუწიეს კონსულტაცია. „ჩვენ გავაძლიერებთ ექსტენციის მომსახურებას და მივაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ საუბრის დროს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, მამუკა თურმანიძემ.

 

 

გაზის მიწოდება ბათუმში 7 ქუჩაზე შეწყდა

ბუნებრივი აირის მიწოდება ბათუმში ამ დროისთვის 7 ქუჩაზე შეწყვეტილია. კომპანიაში „სოკარ ჯორჯია გაზი“ ვერ გვითხრეს ზუსტი მონაცემი, რამდენ აბონენტია დარჩენილი გაზის გარეშე.

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ერთ-ერთ ქუჩაზე გზის საფარს აღდგენის სამუშაოებმა მილი დააზიანა, რის გამოც ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდათ ინასარიძის,  შერიფ ხიმშიაშვილის, კობალაძის ქუჩების მონაკვეთში მცხოვრებ მოსახლეობას.

ბუნებრივი აირის მიწოდება, „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, საღამოს 7 საათიდან აღდგება.

პატიმრის ცოლი: კარგი იქნება, თუკი პატიმრის ოჯახის წევრებს ვინმე დაეხმარება

„ცხოვრება ძალიან დაგვიმძიმდა მას შემდეგ, რაც გიორგი პატიმარი გახდა,“ – გვიყვება ბათუმში მცხოვრები ნელი ტაკიძე. მისი მეუღლე პატიმარია. ის, რასაც ნელი ამბობს, არაა იშვიათი – პატიმრის ოჯახის წევრებისგან ხშირად მოგვისმენია, თუ რამდენად გაურთულდათ ცხოვრება გისოსებს აქეთ პატიმრის ოჯახის წევრებს. მათ სახელმწიფო ამ ეტაპზე ვერაფერს სთავაზობს.

პატიმრების და ყოფილი პატიმრების, ასევე მათი ოჯახის წევრების გაძლიერების კუთხით არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ მუშაობს ევროკავშირის მხარდაჭერით. ნელი ტაკიძე პროექტში ჩართული ჯერ არ არის, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს მნიშვნელოვანია. ეკონომიკური გაძლიერების პროექტამდე, ნელის ვკითხეთ, მის შემთხვევაში რამდენად შეიცვალა ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა მეუღლის დაპატიმრების შემდეგ.

ნელის მეუღლე – გიორგი მხეიძე ეკონომიკური დანაშაულისთვის – ქონებრივი დაზიანება მოტყუებით – გაასამართლა ბათუმის საქალაქო სასამართლომ. მას 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. გიორგი კერძო კომპანიაში ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირად მუშაობდა და ხილ-ბოსტნეული სხვა ქვეყნებში გაჰქონდა.

„გიორგი წელიწადი და ორი თვე უკვე ციხეშია, ყველა თვეში ვერ ვახერხებ ჩასვლას, ქუთაისში იხდის სასჯელს… უკანასკნელად აგვისტოს ბოლოს ვნახე. ერთი ჩასვლას მინიმუმ 300 ლარი მაინც სჭირდება: საკვები უნდა ჩაიტანო, ტანსაცმელი, მგზავრობა… ციხიდან თვეში ოთხჯერ ტელეფონზე დარეკვის უფლება აქვს და გვირეკავს. თავიდან ძალიან გაუჭირდა, ახლა შედარებით უკეთაა, ასე მეუბნება…

ჩვენ ორი შვილი გვყავს – 12 და 13 წლის ბავშვები. საკუთარი ბინა არ გვაქვს, ახლობლის ბინაში ვცხოვრობთ დროებით. გიორგი იყო ძირითადი მარჩენალი ოჯახის და ძალიან დაგვიმძიმდა მდგომარეობა პატიმრობის შემდეგ. მანამდე მხოლოდ ბავშვების გაზრდით ვიყავი დაკავებული, ახლა ძიძად დავიწყე მუშაობა, რომ შვილები მშიერი არ დამრჩეს… მთელი დღე ბავშვები მარტო მყავს დატოვებული, რომ საღამოს რამე მივუტანო. მამაჩემი მეხმარება კიდევ სოფლიდან და ესაა.

ეკონომიკა მაქვს დამთავრებული, მაგრამ არ მიმუშავია, ყველაფერს გამოცდილება სჭირდება… სიამოვნებით ვიმუშავებდი სადმე, გააჩნია, რა იქნება,“- გვიყვება ნელი ტაკიძე.

პატიმრის ცოლმა ჩვენგან გაიგო „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის შესახებ, რაც ყოფილი პატიმრების გარდა, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ოჯახის წევრების გაძლიერებასაც ითვალისწინებს. ამ პროექტის ფარგლებში, შესაძლებელია პატიმრის ოჯახის წევრი პროფესიულად გადაამზადონ, მოამზადონ უცხო ენაში, დაეხმარონ ახალი სამსახურის მოძიებაში. ოჯახს შესაძლოა მცირე საგრანტო პროექტიც დაუფინანსონ, უკვე არსებული ბიზნესის გასაძლიერებლად.

„პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში პატიმრის შვილებსაც შეუძლიათ ჩართვა, მაგალითად, სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრება, ექსკურსიებზე წასვლა. მათთვის პროექტის ფარგლებში საჭიროების შემთხვევაში სასკოლო ნივთებსაც შეიძენენ.

„მთავარია, მათ იგრძნონ გვერდით დგომა… ყველაზე რთული, რაც ამ დროს ადამიანებს აქვთ, არის სტიგმა – „პატიმრის ცოლი“, „პატიმრის შვილი.“ ჩვენ ვცდილობთ, რომ სხვადასხვა კუთხით დავეხმაროთ პატიმრის ოჯახის წევრებს და მათ გაძლიერებას აქტიურად შევუწყოთ ხელი,” – ამბობს „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ კოორდინატორი, ნინო ხაჩიძე.

ნელი ტაკიძემ, პატიმრის მეუღლემ კი გვითხრა, რომ „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის შესახებ ამ დრომდე არ იცოდა და მოსწონს გაძლიერების შესაძლებლობა. „კარგი იქნება, თუ პატიმრის ოჯახის წევრებს ვინმე დაეხმარება… ციხიდან როცა გამოვა ადამიანი, მას სიცოცხლის ხალისი უკვე დაკარგული აქვს, ჩვენც ასე ვართ. ჩვეულებრივ რიტმში გააგრძელო ცხოვრება, ამას არაფერი სჯობს,“ – დასძინა მან.

მთავარი ფოტო: ნელი ტაკიძე გიორგი მხეიძესთან ერთად

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

 

ბათუმში ნარკორეალიზატორი დააკავეს

ბათუმში ნარკორეალიზატორი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ნარკორეალიზატორისგან „საკონტროლო შესყიდვის“ დროს ამოიღეს „მეტამფეტამინის“ შემცველი 3 აბი და „მდმა“-ს შემცველი 9 აბი 2 გრამამდე. დაკავებული ირანის მოქალაქეა და ის 26 წლისაა.

„პოლიციამ დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 90 აბი სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება და თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო… დანიშნულია ექსპერტიზა,“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს 8-დან 20 წლამდე პატიმრობა ელის.

 

 

აჭარის მუნიციპალიტეტებში ოქტომბერში დასრულებული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები

მიმდინარე წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ ასფალტობეტონის საფარი დაიგო 77 კმ სიგრძის საავტომობილო გზაზე, მოეწყო 264 ხელოვნური ნაგებობა, აშენდა 18 ახალი ხიდი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 3 არსებულ ხიდს.

ოქტომბრის თვეში დასრულებული პროექტები და სამუშაოები მოინახულა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა რაულ ბერიძემ, მოადგილესთან, ლაშა ჩიხლაძესთან ერთად და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.

ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა საავტომობილო გზების ბობოყვათი-მანელიშვილები-თემის კმ0+000-კმ0+750 და ბობოყვათი-მახარაძეების კმ0+000-კმ1+650 მონაკვეთებზე. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 717 000 ლარს. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო: 14 ერთეული 259 გრძივი მეტრი საყრდენი კედელი, 46 გრძივი მეტრი ლითონის მილი, 1110 გრძივი მეტრი რკინა-ბეტონის კიუვეტი და 8700 კვ/მ ასფალტობეტონის საფარი.

გვარა-კონდიდი-სოფ. ქობულეთის საავტომობილო გზის კმ2+100 მონაკვეთზე ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებული სამუშაოები
ახალაშენებული ხიდი გვარა-კონდიდი-სოფ. ქობულეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე

ასფალტობეტონის საფარის მოწყობა დასრულდა საავტომობილო გზის თეთროსანი-ჩავლეიშვილების კმ0+000-კმ1+500 მონაკვეთზე. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 647 000 ლარს. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო: 3 ერთეული 70 გრძივი მეტრი საყრდენი კედელი, 65 გრძივი მეტრი ლითონის მილი, 230 გრძივი მეტრი გოფრირებული მილი, 1121 გრძ. მეტრი რკინა-ბეტონის კიუვეტი და 6855 კვ/მ ასფალტობეტონის საფარი.

ოქტომბრის თვეში დასრულდა საავტომობილო გზის ოქტომბერი-მეძიბნა-აგოთას კმ0+000-კმ0+985 მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, მისი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 320 000 ლარს. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო: 162 გრძივი მეტრი საყრდენი კედელი, 18 გრძივი მეტრი ლითონის მილი, 30 გრძივი მეტრი რკინა-ბეტონის კიუვეტი და 4000 კვ/მ  ასფალტობეტონის საფარი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა საავტომობილო გზის გოდერძის უღელტეხილი-მწვანე ტბა-დიდაჭარის იაილას კმ0+000-კმ3+250 მონაკვეთზე. აღნიშნულ გზას ჩაუტარდა რეაბილიტაცია და მოეწყო ბეტონის საფარი. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 2 549 987 ლარს. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო: ლითონის მილი – 206 გრძივი მეტრი, რკინა-ბეტონის კიუვეტი – 700 გრძივი მეტრი, ლითონის დამცავი ზღუდარები – 2290 გრძივი მეტრი, ბეტონის საყრდენი კედელი – 76 გრძივი მეტრი, 25 მონაკვეთზე დამცავი გაბიონი – 1320 გრძივი მეტრი, 2 ახალი ხიდი – 18 გრძივი მეტრი, არმირებული ბეტონის საფარი (6828 კუბ.მ.) – 3250 გრძივი მეტრი.

საავტომობილო გზის გოდერძის უღელტეხილი-მწვანე ტბა-დიდაჭარის იაილა კმ0+000-კმ3+250 მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობის დასრულებული სამუშაოები
საავტომობილო გზის გოდერძის უღელტეხილი-მწვანე ტბა-დიდაჭარის იაილა მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობის დასრულებული სამუშაოები

ასევე დასრულდა საავტომობილო გზის ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს მიმართულებით ორი დიდი პროექტი, კერძოდ: აღნიშნული გზის კმ2+900-კმ3+250 მონაკვეთზე გზას ჩაუტარდა რეაბილიტაცია და მისი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 658 990 ლარს. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო: ახალი ლითონის ხიდი – სიგრძე 13,4 მეტრი და სიგანე 2,85 მეტრი, ბეტონის საყრდენი კედელი ორ ადგილზე 84 გრძივი მეტრი, გაბიონი 368 გრძივი მეტრი (2100 კბ.მ).

ასევე საავტომობილო გზის ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს კმ0+350-კმ3+200 მონაკვეთზე მოეწყო ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი და მისი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 1 416 859 ლარს. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო: ლითონის მილი – 80 გრძივი მეტრი, რკინა-ბეტონის კიუვეტი – 1070 გრძივი მეტრი, 10 ერთეული ბეტონის საყრდენი კედელი – 268 გრძივი მეტრი, სამი ერთეული ბეტონის პორტალური კედელი – 20 გრძივი მეტრი, ერთი ახალი ხიდი – 3,6 გრძივი მეტრი, 12 438 კვ/მ ასფალტობეტონის საფარი.

ბობოყვათი-მანელიშვილები-თემი კმ0+000-კმ0+750 და ბობოყვათი-მახარაძეები კმ0+000-კმ1+650 მონაკვეთებზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის დასრულებული სამუშაოები
ბობოყვათი-მანელიშვილები-თემი მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის დასრულებული სამუშაოები

ასევე დეპარტამენტის საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ქვეპროგრამის ფარგლებში დასრულდა ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები: მახო-დავითაძეები-სარიძეების საავტომობილო გზის კმ0+000-კმ0+277 მონაკვეთზე მოეწყო 277 გრძივი მეტრი ბეტონის საფარი და აჭარისწყალი-ზედა მაჭახლისპირის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოეწყო 400 გრძივი მეტრი ბეტონის საფარი.

გარდა გზების რეაბილიტაციისა, ოქტომბრის თვეში დასრულდა გვარა-კონდიდი-სოფ. ქობულეთის საავტომობილო გზის კმ2+100 მონაკვეთზე ახალი ხიდის მშენებლობა. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 63500 ლარს.

4 წლით პატიმრობა ტერორიზმის მოწოდების მუხლით ფეისბუქში 2 წლის წინ დაწერილი სტატუსის გამო

ოთხი წლით პატიმრობა ორხან აბბასოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ნოემბერს მიუსაჯა, ორი წლის წინ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული სტატუსის გამო. აბბასოვის ფეისბუქ სტატუსი სასამართლომ ტერორიზმისკენ მოწოდებად შეაფასა. მსჯავრდებული ექვსი თვის წინ დააკავეს სამართალდამცველებმა და 5 ნოემბრამდე გირაოს საფუძველზე ჰყავდათ გათავისუფლებული.

ორი წლის წინ, 2016 წლის აპრილში აბბასოვი აზეირბაიჯან-სომხეთის სამხედრო გადატრიალებას გამოეხმაურა. აბბასოვი ეთნიკურად აზერბაიჯანელია და ბოლნისში ცხოვრობს.

„სტატუსი უკვე წაშლილია. მან სტატუსი აზერბაიჯანულ ენაზე დაწერა და მიმართა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს, რომლებიც იმ ბრძოლების დროს წერდნენ, რომ ჩვენ წავალთ და ვიომებთო. აბბასოვმა ირონიით დაწერა, რომ თუ პრობლემის მოგვარება გინდათ, პრობლემის გადაჭრის ოპტიმალურ გზას გთავაზობთ – სომხეთის საელჩოს შემოარტყით ალყა, ხოლო ელჩი და მისი მოადგილეები აიყვანეთ ტყვედო. სტატუსში ასევე ეწერა, რომ 24-საათიანი ვადა მიეცათ დაკავებულებისთვის, აზერბაიჯანის მიწების დასატოვებლად,“ – გვიყვება მსჯავრდებულის ადვოკატი, ქამრალ ამჯანოღლი.

ადვოკატის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა სტატუსი დაწერიდან რამდენიმე დღეში წაშალა.

ორხან აბბასოვი სისხლის სამართლის კოდექსის 330-ე პრიმა ერთი მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით გაასამართლეს. ეს მუხლი ითვალისწინებს „ტერორისტული საქმიანობის ან/და ტერორისტული ორგანიზაციის საჯაროდ მხარდაჭერას, ან ტერორიზმისკენ საჯაროდ მოწოდებას“.

კანონი ითვალისწინებს ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისკენ „ზეპირად, წერილობით, ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდებას“ იმის მიუხედავად, ეს შეიცავს თუ არა დანაშაულის ჩადენისკენ პირდაპირ მოწოდებას.

ადვოკატი ქამრალ ამჯანოღლი ყურადღებას ამახვილებს ამ მუხლის ბოლო ნაწილზე, სადაც წერია: „თუ ეს ქმნის ტერორისტული საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს“. ადვოკატი ირწმუნება, რომ პროკურატურას ამ საქმეში არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა საფრთხის რეალურობას.

„აბსოლუტურად არანაირი სხვა მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ იყო… ამ საქმეს გრიფით საიდუმლო ედო და ყველა დეტალს ვერ მოვყვები, მაგრამ აშკარაა, რომ არავითარი საფრთხე ფესიბუქის ამ პოსტს არ შეუქმნია. ორხანის სტატუსს მის წაშლამდე ზუსტად რვა მოწონება ჰქონდა და 6 კომენტარი. ორხანი მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკური პატიმარია. იგი ბოლო დროს რამდენიმე აქციაში მონაწილეობდა, რაც პარლამენტთან გაიმართა თბილისში და რელიგიის საკითხებს ეხებოდა. ბოლოს იყო აქცია ამერიკის პრეზიდენტის განცხადებებზე იერუსალიმთან დაკავშირებით,“ – ამბობს ადვოკატი ქამრალ ამჯანოღლი.

2016 წლის აპრილში სულხან წულაძე [იგივე „სპლიყვი“] დააკავეს ინტერნეტ ფორუმზე დაწერილი სტატუსის გამო. მან ამერიკის შეერთებული შტატების ელჩზე თავდასხმის გამოგონილი ისტორია დაანონსა. მაშინ სულხან წულაძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ გამოეხმაურა. „განჩინება არის დაუსაბუთებელი, რადგან მასში განვითარებული მსჯელობა არის ზოგადი და აბსტრაქტული ხასიათის და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა და კანონიერება არის გამყარებული საქმეში არსებული კონკრეტული ფაქტებით და ინფორმაციის ერთობლიობით“, – აღნიშნული იყო საია-ს განცხადებაში.

დაკავებიდან რამდენიმე თვეში სულხან წულაძე პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. საქმის განხილვა დასრულებული ჯერ არ არის.

სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და ტერორიზმის მოწოდებას შორის? – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, პაატა დიასამიძე განმარტავს, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კანონიერი საფუძველი არსებობს, „თუკი შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატება შეზღუდვით მიყენებულ ზიანს“.

იურისტის თქმით, სასამართლოს შეფასების საგანია, რამდენად შეიცავდა აღნიშნული ფეისბუქ პოსტები ისეთი დანაშაულის ნიშნებს, როგორიცაა ტერორიზმისკენ მოწოდება. კითხვაზე, როგორ უნდა შეაფასოს მოსამართლემ, რამდენად შეიქმნა რეალური საფრთხე პოსტის დაწერის შედეგად, პაატა დიასამიძემ გვიპასუხა, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა მიიღოს, რაც ამას დაადასტურებს.

 

 

 

 

 

აზიური ფაროსანას გავლენა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე გურიაში

საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებები გრძელდება, ტემპერატურის კლებასთან ერთად მავნებელი საყანე და საკარმიდამო ფართობებიდან სახლებსა და შენობებში გამოსაზამთრებლად ინაცვლებს. სანამ მოსახლეობას ბაღლინოჯს მოზამთრე ფაზის დროს ბრძოლის მექანიკური საშუალებების შესახებ მივაწვდით ინფორმაციას, მანამ ვნახოთ როგორი იყო გურიაში აზიური ფაროსანას გავლენა სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე.

სიმინდი

გურიის სოფელ რცხმელისხიდში მცხოვრებ ზვიად გობრონიძეს მიმდინარე წელს სიმინდი ნახევარ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ჰქონდა დათესილი, გასულ წელს კი 1 ჰექტარზე გაშენებული კულტურა  აზიურმა ფაროსანამ დაუზიანა. გამოცდილების გათვალისწინებით, წელს მავნებლის წინააღმდეგ რამდენიმე წამლობა ჩაატარა და 3-ჯერ მეტი მოსავალი მიიღო.

სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ამბობს, რომ 2018 წელს მუნიციპალიტეტის სოფლებში მავნებლის წინააღმდეგ აქტიური ღონისძიებები არ განხორციელებულა და ზვიად გობრონიძის მსგავსად მოსავალი ადგილობრივების უმრავლესობას გაუფუჭდა. წელს როგორც სახელმწიფოს, ისე მოსახლეობის მხრიდან,  სადაც შესაბამის სამუშაოები – ყანების ქიმიური პრეპარატით დამუშავება განხორციელდა, ფერმერებმა სიმინდის საუკეთესო მოსავალი მიიღეს.

სიმინდი
სიმინდი
თხილი

გურიის მუნიციპალიტეტში 2018 წელს თხილის კულტურა ყველაზე მეტად დაზიანდა, სპეციალისტები ამბობენ, რომ  ამ პროცესში მავნებლის წილი მხოლოდ 20% იყო.

ლაბორატორიული კვლევის შედეგების თანახმად, წელს თხილის მოსავლის დიდი ნაწილი სოკოვანი დაავადებების შედეგად არის დაზიანებული. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სპეციალისტები გურიაში თხილნარის ფიტოსანიტარული მდგომარეობის შემოწმების შემდეგ აცხადებენ. მეცნიერების განმარტებით, პოზიტიური შედეგები დაფიქსირდა თხილის იმ მეურნეობებში, სადაც ფერმერებმა კომბინირებული შეწამვლის განრიგი დაიცვეს.

თხილის ბაღი
თხილის ბაღი

აქვე აცხადებენ, რომ წლევანდელი ზარალის ერთ-ერთი მიზეზი მოსახლეობის არაინფორმირებულობა იყო. ნინო შეწირული აცხადებს, რომ გურიასთან შედარებით სამეგრელოში თხილის უკეთესი მოსავალი მიიღეს და მიზეზებსაც განმარტავს.

ეს იმან განაპირობა, რომ შარშან აზიური ფაროსანას პოპულაცია სამეგრელოსთან შედარებიგურიაში შედარებით მცირე იყო, შესაბამისად მისგან მიყენებული ზარალიც. ამიტომ მოსახლეობამ პრობლემის სიმწვავე ჯეროვნად ვერ აღიქვა. ადგილობრივებს მანვნებლის წინააღმდეგ არც ქიმიური წამლობა და არც მექანიკური ღონისძიებები განუხორციელებიათ“,- ამბობს ნინო შეწირული.

ნინო შეწირული
ნინო შეწირული

რა პერიოდულობით და როგორ უნდა ჩავატაროთ თხილში აგროტექნიკური ღონისძიებები – გურიის რეგიონში მეთხილე ფერმერებისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს და „თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ მიერ საინფორმაციო შეხვედრები უკვე ტარდება. სპეცილიასტები ყურადღებას სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლის ხერხებსა და რა თქმა უნდა, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საჭირო ღონისძიებებზე ამახვილებენ.

მათი რეკომენდაციები გურიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მურთაზ სიხარულიძემ უკვე გაითვალისწინა. ფერმერს თხილის პლანტაცია 1.2 ჰექტარზე აქვს გაშენებული. 15-წლიანი თხილის ბაღში გასულ წელს მოსავალი გაზაფხულის ყინვის გამო ვერ მოიწია, წელს კი შედარებით უკეთესი ამინდის, სწორი აგროტექნიკური სამუშაოების ჩატარებისა და წამლობის შედეგად 1 800 კილოგრამი მოსავალი მიიღო.

წელს პირველი წამლობა მაისში ჩავატარე და 1 ჰექტარზე დაახლოებით 500 ლიტრი ქიმიური პრეპარატი გამოვიყენე. მეორეივნისის შუა რიცხვებში შევწამლე, ერთმანეთში აზიური აროსანას, ნაცრის და სიდამპლის საწინააღმდეგო საშუალებები შევურიე. თხილის პლანტაცია მესამედ, კომბინირებული წამლით ივლისში მოვწამლე.“- გვიყვება  მურთაზ სიხარულიძე.

ციტრუსი

გურიაში ნარინჯისფერი რთველისთვის ემზადებიან. მოსახლეობა მანდარინის მოსავალს იღებს. მათი ნაწილი აზიური ფაროსანას მიერ მიყენებულ ზარალზე საუბრობს, ნაწილი კი გვიყვება როგორ მიიღო სწორი წამლობის შედეგად კარგი მოსავალი და კულტურა მავნებლის დაზიანებისგან დაიცვა.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებების პარარელურად, აუცილებელია მოსახლეობის ჩართულობაც. უკვე გაგაცანით, სოფელ რცხმელისხიდის მკვიდრი ზვიად გობრონიძე,რომელმაც სიმინდის კარგი მოსავალი მიიღო. მისი ფერმერული საქმიანობა ამით არ შემოიფარგლება.

გობრონიძე მანდარინის პლანტაციებში ჩატარებული ოთხჯერადი კომბინირებული წამლობის შესახებ გვიყვება. კულტურების სხვადასხვა დაავადებაზე ქიმიური დამუშავების დროს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატსაც იყენებდა. ამბობს, რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად გასულ წელთან შედარებით, კარგი მოსავალი მიიღო.

მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული საინფორმაციო კამპანიისა, მოსახლეობაში კვლავ ინფორმაციის ნაკლებობაა, ჩემი თანასოფლელების ნაწილმა შეწამვლითი სამუშაოები არ განახორციელა და მოსავალი გაუფუჭდათ. გასულ წელს ფაროსანას წინააღმდეგ მანდარინიპლანტაცია მხოლოდ ერთხელ მოვწამლე და გამიფუჭდა, წელს სხვადასხვა დაავადებაზე რამდენიმე წამლობა ჩავატრე და ყოველ ჯერზე ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატს ვურევდი და შედეგიც კარგი მაქვს“ – ამბობს ზვიად გობრონიძე.

ფაროსანას წამლობა
ფაროსანას წამლობა

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ მიმდინარე წელს მავნებელთა ბრძოლის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები 2019 წლის სამქომედო სტრატეგიაში იქნება გათვალისწინებული. მოსახლეობამდე შესაბამისი რეკომენდაციების მიწვდენისთვის უფრო გააქტიურდება საინფორმაციო კამპანიაც.

იმედი მაქვს, წლევანდელი წელი ყველასთვის გაკვეთილი იქნება, რომ მომავალში ერთობლივი ძალით განხორციელდეს მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა და საკარმიდამო ნაკვეთები თავად დაამუშაონ.“- აცხადებს სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელიმ ნინო შეწირული.

მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

შსს არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობაზე კანონის გამკაცრებას ითხოვს

შინაგან საქმეთა სამინისტრო არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სამოქალაქო უფლებების შეზღუდვას და სასჯელის გამკაცრებას ითხოვს.

შსს-მ ამ საკითხზე სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ახალი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი წარუდგინა.

შსს-ს ცნობით, საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს მსჯავრდებულისთვის საგანმანათლებლო და აღმზრდელობით (სკოლა, ბაღი) დაწესებულებებში მუშაობის და სხვა სამოქალაქო უფლებების შეზღუდვას.

„შეიქმნება სქესობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა, რომლის მიზანი სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა კონტროლი და მათი მხრიდან მოსალოდნელი სექსუალური ძალადობისაგან არასრულწლოვნების დაცვა იქნება,“- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

24 850 ლარად 70 ადამიანს საკომუნიკაციო ინგლისურს შეასწავლიან

24 850 ლარად 70 ადამიანს საკომუნიკაციო ინგლისურს შეასწავლიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ინგლისური ენის მარტივ, ერთთვიან კურსს კურორტ „გოდერძსა“ და სოფელ სახალვაშოში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლები გაივლიან.

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, კურორტ გოდერძისთან ერთად სოფელი სახალვაშო იმიტომ შეირჩა, რომ აქ გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების მთავარი პლატფორმა მდებარეობს.

„იქ არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეები ევროპელ ტურისტებს 2012 წლიდან მასპინძლობენ და მათთვისაც ინგლისურის ცოდნა აუცილებელია“.

დეპარტამენტის ცნობით, ტრენინგ-კურსის მონაწილეებისთვის სასწავლო ვიდეორგოლებიც მომზადდა, რომელშიც ტურისტის მიღება, ტურისტული სერვისების შეთავაზება, განთავსება და გამასპინძლება მცირე სცენებით ინგლისურადაა წარმოდგენილი.

„აღნიშნული ვიდეორგოლები უკვე გადაეცა კურორტ გოდერძის  საოჯახო-სასტუმრო სახლებს. მისი გავრცელება ყველა მუნიციპალიტეტში იგეგმება“.

 

 

ძალადობაში ბრალდებული ქმარი: 10 წელი ცოლთან სექსი არ მქონია

ოჯახში ძალადობისთვის წინასწარი პატიმრობა ბათუმში მცხოვრებ გურამ ჩ.-ს შეუფარდეს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი მოსამართლე დავით მამისეიშვილმა განიხილა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ცოლზე ფიზიკურად იძალადა. დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის იგი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა – რამდენიმე თვის წინ გურამ ჩ. ისევ ოჯახში ძალადობისთვის გაასამართლეს. მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯა.

„მას თმები ჰქონდა გაშლილი, ხელი ვკარი, რომ გავსულიყავი გარეთ… ხელში მომყვა მისი თმები და გვერდით გავწიე,“ – ამბობს ბრალდებული. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში. გურამ ჩ. ყვება, რომ იმ საღამოს ნასვამი მივიდა სახლში და კონფლიქტის დაწყებამდე, უბრალოდ, დივანზე წამოწვა.

„ჩემს ცოლს ვთხოვე, როგორც ნორმალურ ცოლ-ქმარს შეეფერება, ვწოლილიყავით ერთად. ნ.-მ წინადადებაზე უარი მითხრა და მაფრთხილებდა, არ მელაპარაკა, რადგან ბავშვს არ გაეღვიძა… მინდა, აღვნიშნო, რომ ჩემს ცოლთან ბოლო 10 წელია სქესობრივი კავშირი არ მქონია“, – აღნიშნა გურამ ჩ.-მ თავის ჩვენებაში.

ბრალდებულის მონათხრობის მიხედვით, მას დილის ხუთის ნახევრისკენ გამოეღვიძა და სამზარეულოში მაცივრის კარის გამოღების შემდეგ ორი შუშის ქილა დაიმსხვრა, რამაც ცოლი გამოაღვიძა.

„ის მიყვიროდა, შენ ისევ ქალებში დაეთრევიო… ის წავიდა და უკან დედაჩემთან ერთად დაბრუნდა,“ – ყვება ბრალდებული.

გურამ ჩ.-ს ჩვენების მიხედვით, კამათი ნამსხვრევების მოწმენდას მოჰყვა. ცოლი მწნილის ქილის ნამსხვრევებს წმენდდა, თუმცა მან მეუღლეს გარეთ გასვლის საშუალება არ მისცა. გამოძიების ვერსიით, ამ დროს მიაყენა ფიზიკური ტკივილი გურამ ჩ.-მ დაზარალებულ ქალს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, გურამ ჩ.-ს მხოლოდ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვეღარ შეუფარდებენ, რადგან მას წინა სასჯელი მოხდილი არ აქვს. ბრალდებულს ერთიდან სამ წლამდე პატიმრობა ელის.

შსს: 55 წლის კაცი დაკავებულია მოსამართლის განჩინების საფუძველზე

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკვე დაკავებულია 55 წლის კაცი, რომელიც არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული.

მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების მუხლით პირის დაკავების შესახებ შსს სამინისტრომ „ბათუმელებს“ 14:51 წუთზე შეატყობინა. ანალოგიური ინფორმაცია უწყებამ დღეს დილით 11:10 საათზეც დაადასტურა, 14:00 საათისთვის კი ეს ინფორმაცია უარყო.

ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს 13 წლის გოგონამ, მისმა მშობელმა და თვითმხილველმა.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, როცა გოგონა ბათუმის ერთ-ერთი მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობდა, 55 წლამდე კაცმა მისი სექსუალური შევიწროება დაიწყო.

ამავე თემაზე:

შსს უარყოფს მოზარდთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით ბათუმში 55 წლამდე კაცის დაკავებას

2,5 მილიონი ლარი სესხის პროცენტისა და ძირის დასაფარად – აჭარის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი

2019 წელს აჭარის ბიუჯეტიდან 2 501 356 ლარი უცხოეთიდან მიღებული სესხების მომსახურებას [პროცენტს] და ამ სესხების ნაწილის [ძირი] დაბრუნებას მოხმარდება. 2019-2022 წლებში კი აჭარის ბიუჯეტიდან დაგეგმილია სესხის პროცენტისა და ძირი თანხის დაფარვა, ჯამში 11 406 085 ლარის ოდენობით.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ბიუჯეტი ორი ორგანიზაციისგან მიღებულ სესხს ფარავს. ეს ორგანიზაციებია: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), გამოყოფილი სესხის ოდენობა 3 მილიონი ევრო და გერმანიის განვითარების ბანკი (KfW), გამოყოფილი სესხის ოდენობა 10 მილიონი ევრო.

სამინისტროს ინფორმაციით, KfW-ის 10 მილიონი ევრო სესხი, მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, მთლიანად იყო ათვისებული. თანხა ბათუმის წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციას მოხმარდა [ეს პროექტი გრძელდება ცალკე, მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი სესხით, რომლის ძირი და პროცენტი ბათუმის ბიუჯეტიდან იფარება].

რაც შეეხება EBRD-ის სესხს, პირველი ოქტომბრისთვის მხოლოდ 10%, ანუ 30 ათასი ევრო იყო ათვისებული. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წელია ამ 3 მილიონი ევრო სესხის ათვისება ვერ ხერხდება, აჭარის მთავრობა რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მის პროცენტსაც იხდის და ძირ თანხასაც ფარავს.

EBRD-ის სესხით აჭარაში ახალი ნაგავსაყრელი უნდა მოწყობილიყო, რომლის აშენებაც ქობულეთის სოფელ ცეცხლაურშია დაგეგმილი. როდის დაიწყება მშენებლობა, ამ დრომდე გაურკვეველია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „ჰიგიენა 2009“-ში, რომელიც შესაბამის პროექტს კურირებს, მშენებლობის დაწყებას 2018 წლის სექტემბერში ვარაუდობდნენ, თუმცა დღეის მდგომარეობით, მშენებელი კომპანიაც კი არ არის გამოვლენილი.

აჭარის მყარი ნარჩენების პროექტზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო. 7 მილიონი ევროდან, რაც ნაგავსაყრელის პროექტს უნდა მოხმარდეს, 3 მილიონი ევრო EBRD-ის სესხია, ხოლო 4 მილიონი ევრო – შვედეთის სახელმწიფოს გრანტი.

სახელმწიფო აუდიტის ერთ-ერთ დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტით დაფინანსება ეზრდება ისეთ საინვესტიციო პროექტებს, რომელთა შესრულება 2018 წლის 9 თვის გეგმასთან მიმართებაში 50%-ზე დაბალია.

„განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი პროექტები, რომელთა ფარგლებშიც საერთოდ არ მომხდარა თანხების ათვისება როგორც 2017, ასევე 2018 წლის განმავლობაში,“ – აცხადებს აუდიტი. ასეთ პროექტებს შორისაა აჭარის მყარი ნარჩენების, ანუ ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტიც.

ამ თემაზე: 

„ჰიგიენა 2009“-დან 5 მილიონის მითვისების შემდეგ დირექტორი მეორედ შეცვალეს

 

 

 

 

„14 საათს გვამუშავებენ და დამატებით არ გვიხდიან,“ – საპროტესტო აქცია ხელვაჩაურში

ხელვაჩაურში, ოპიზრების ქუჩაზე, საპროტესტო აქციაა. კომპანია „ფოლად იოლის“ თანამშრომლები დამსაქმებლისგან შრომითი უფლებების დაცვას ითხოვენ, რამდენიმე მათგანი სამსახურიდან გუშინ გაუთავისუფლებიათ. აქციის მონაწილეების თქმით, კომპანია მაგისტრალზე ბეტონს ასხამს. აქციაზე ის ადამიანები გამოვიდნენ, ვინც ღამით ამ კომპანიის ტექნიკას და დანადგარებს დარაჯობენ.

„სულ 22 ვართ, 4 გუშინ გაგვიშვეს სამსახურიდან… მე, პირადად, ჯერ გაფრთხილება მომცეს, რადგან დილის 6 საათზე უფროსმა ჩაძინებული მნახა. საღამოს კი მითხრეს, რომ გათავისუფლებული ვარ სამსახურიდან, ბრძანების ჩაბარებაზე უარი ვთქვი, რადგან არაფერი დამირღვევია გაფრთხილების მერე,“ – გვიყვება აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ონისე დავითაძე.

აქციის მონაწილეების თქმით, დამსაქმებელი სისტემატურად არღვევდა შრომით უფლებებს. ხელშეკრულების მიხედვით, დასაქმებულს აქ მხოლოდ ღამის საათებში უნდა ემუშავათ სამ დღეში ერთხელ.

„რეალურად კი ყველა ღამე მიწევდა მორიგეობა. 14-15 საათი გვიწევდა მუშაობა, შენობაში შესვლის უფლებაც კი არ გვქონდა ჩვენ. ღამღამობით გარეთ ცეცხლს ვანთებდით და იქ ვიჯექით. არასდროს დამატებითი შრომის ანაზღაურება ჩვენთვის არ გადაუხდიათ. მე აგვისტოდან ვმუშაობ აქ და ექვსთვიანი კონტრაქტი მქონდა, ხელფასი 600 ლარია,“ – გვითხრა ონისე დავითაძემ.

კომპანიას ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია. „მე არა, სულ უფროსმა უნდა ისაუბროს,“ – გვითხრა სატელეფონო საუბარში კომპანიის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა, უსუფ მუშტაფიევმა.

აქციაზე გამოჩნდა უმაღლესი საბჭოს წევრი და იმავდროულად პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი – ილია ვერძაძე. ის კომპანიის წარმომადგენლებს ახლა ხვდება.

„როგორც გავიგე, კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ ეს ადამიანები გამოსაცდელი ვადით ჰყავდა აყვანილი და გაუშვა. ზეგანაკვეთურ მუშაობას ხელმძღვანელობა არ ადასტურებს. აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ, ისინი ფიქრობენ, პროტესტის რა ფორმას უნდა მიმართონ,“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე, ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი.

დეპუტატი და ამავდროულად პროფკავშირების ხელმძღვანელი აჭარაში, ილია ვერძაძე ტელეფონს არ პასუხობს.

ამ თემაზე:

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებული 40 მუშა გაიფიცა

შსს უარყოფს მოზარდთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით ბათუმში 55 წლამდე კაცის დაკავებას

„ბათუმელებმა“ დღეს, 11:00 საათზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „მოზარდთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით ბათუმში 55 წლამდე კაცი დააკავეს“. სტატია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადდა. ახლახანს, 14:00 საათზე შს სამინისტროდან კვლავ გვაცნობეს, რომ ამ ბრალდებით ბათუმში კაცი არ დაუკავებიათ და „სავარაუდო დამნაშავე ამ წუთებისთვის პოლიციაში იმყოფება გამოკითხვაზე“.

შს სამინისტროს დღეს განაცხადეს, რომ გარყვნილ ქმედებასთან დაკავშირებით შს სამინისტროში შეტყობინება შევიდა.

დღეს ორგანიზაცია „იალქანის“ ხელმძღვანელმა თეონა აბაშიძემ „ბათუმელებთან“ საუბარში თქვა, რომ მომხდართან დაკავშირებით მას ბავშვის დედა დაუკავშირდა.

„როგორც ბავშვის დედამ მითხრა, მისი 13 წლის გოგო თანაკლასელებთან ერთად ბათუმის ერთ-ერთი მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობდა, სადაც 55-წლამდე კაცმა გოგონას სექსუალური შევიწროება დაიწყო.

როგორც მითხრეს, თვითმხილველია ამ ბავშვის თანაკლასელი და სკოლის დარაჯიც, რომელმაც გუშინ ბავშვთან და ბავშვის დედასთან ერთად ჩვენება მისცა“, – გვეუბნება თეონა აბაშიძე.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ჩვენ 13 წლის გოგონას სკოლის დირექტორს და ამავე სკოლის დარაჯსაც დაუკავშირდა, თუმცა მაშინ მათ განაცხადეს,  რომ შემთხვევასთან დაკავშირებით არაფერი იცოდნენ.

 

ამავე თემაზე მოგვიანებით შსს-მ განაცხადა, რომ ბრალდებული დააკავეს:

შსს: 55 წლის კაცი დაკავებულია მოსამართლის განჩინების საფუძველზე

 

 

ავარია ბათუმში – დაშავებულია ქალი

რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა.

თვითმხილველის თქმით, დაშავდა დაახლოებით 30 წლის ქალი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული ქალი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ტრენინგი ნავსადურებში საერთაშორისო უსაფრთხოებაზე

2018 წლის 8 ნოემბერს ქ. ბათუმში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში დასრულდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, აშშ სანაპირო დაცვის საერთაშორისო პორტის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ნავსადურებში საერთაშორისო უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარების 4-დღიანი ტრენინგი.

ტრენინგს ესწრებოდნენ საქართველოში გემებისა და ნავსადგურების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლები.

ტრეინინგი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში
ტრენინგი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში

ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა ნავსადგურის უშიშროების გეგმით განსაზღვრული წვრთნებისა და ვარჯიშების სწორად დაგეგმვისა და განხორციელების შემუშავების მეთოდოლოგია, რომელსაც ითვალისწინებს გემებისა და ნავსადგურების დაცვის საერთაშორისო კოდექსი (ISPS Code).

ასევე, ტრენინგის ფარგლებში ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე ჩატარდა სპეციფიკური სწავლებები ნავსადგურის უშიშროების დაცვის დონის შესამოწმებლად, რის შედეგადაც აშშ სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგელების მიერ აღნიშნული იქნა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ნავსადგურის უშიშროების სამსახურების ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მაღალი დონე.

აღსანიშნავია, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან და აღნიშნული სახის ტრენინგი ატარებს სისტემატურ ხასიათს.

ტრეინინგი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში
ტრენინგი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში

ორი კომპანიისა და მერიის განმარტება მშენებლობაზე, სადაც ბინებს ფანჯრებთან მიაშენეს

ბათუმში, ბაგრატიონის #28-ში თოთხმეტსართულიანი სახლი შპს „ბბ ბალავარმა“ ააშენა. დაახლოებით შვიდი თვის წინ კი, მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე, ბაგრატიონის #26-ში, მრავალბინიანი სახლის მშენებლობა შპს „გზებმა“ დაიწყო. რამდენიმე სართულის აშენების შემდეგ „ბბ ბალავარის“ მიერ აშენებულ კორპუსში მცხოვრებლები მიხვდნენ, რომ ბინების ერთ მხარეს ფანჯრები დაუბნელდებათ – მშენებელი კომპანია მათი ფანჯრების მხარეს ღიობებს აწყობს. აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ მიმართეს მშენებელს და მერიასაც, თუმცა არაფერი გამოუვიდათ – მშენებლობა გაგრძელდა.

„ბბ ბალავარის“ კორპუსში მცხოვრებლები კომპანიის დირექტორს, ბადრი ბოლქვაძეს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მან დაგეგმილი მშენებლობის შესახებ იცოდა, თუმცა ისე გაყიდა ბინები, რომ საცხოვრებელი გარემოს მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მომავალ მფლობელებს არაფერი უთხრა.

ბადრი ბოლქვაძე არ უარყოფს, რომ ჯერ კიდევ მშენებლობის დაწყებამდე ნაკვეთების მფლობელებმა მოილაპარაკეს, ერთმანეთისთვის შენობების მოპირდაპირე მხარეს ღიობების მოწყობის ნებართვა მიეცათ. ეს დოკუმენტურადაც გააფორმეს.

„თუმცა არ მიფიქრია, რომ ასე ცუდად გამოვიდოდა. ეს რაც გაკეთდა, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, მაგრამ ვფიქრობ, ეს არქიტექტორის შეცდომაა. ცუდი რაღაცა მოხდა, იქ კიდევ ბევრი ფართი გვაქვს გასაყიდი, დავზარალდით იმიჯითაც და იმითაც, რომ ამხელა სანერვიულო საქმე დაგვემატა. ამის გამო ბევრი შეურაცხყოფა გადავიტანე, თითქოს მე ვიცოდი, რომ ასე გაკეთდებოდა“, – ამბობს „ბბ ბალავარის“ დირექტორი, ბადრი ბოლქვაძე. მისივე განმარტებით, სახლებს შორის ვიწრო გასასვლელი, რომელმაც გვირაბის ფორმა მიიღო, შესაძლებელი იყო ღია სივრცედ დარჩენილიყო.

„ამით მოვიგებდით იმას, რომ შესასვლელი ღია სივრცით ორივე ბინა ისარგებლებდა, თანაც ღიობები აღარ იქნებოდა ერთმანეთთან ისე ახლოს, როგორც ახლაა“, – ამბობს ბადრი ბოლქვაძე.

შპს „გზების“ ხელმძღვანელის ირაკლი აბაშიძის თქმით კი, მისი კომპანიაც დაზარალდა. ის ირწმუნება, რომ მისმა კომპანიამ არქიტექტორის მიერ მომზადებული პროექტი ისე წარადგინა მერიაში, რომ ნანახი არ ჰქონდა: „ქაღალდზე ეს არც ჩანს, თუ როგორ გამოვიდოდა, მაგრამ ახლა ვერაფერს შევცვლით, სამწუხაროდ.“

მერიაში განმარტეს, რომ ახალი რეგულაციებით მსგავს პროექტებზე ნებართვა აღარ გაიცემა – ამ კომპანიებს კი ნებართვები 2016 წელს აქვთ მიღებული.

„კერძო მესაკუთრეების შეთანხმება, რომ მათ ერთმანეთის საპირისპიროდ ღიობების მოწყობის უფლებას მისცენ, კანონით დასაშვებია დღესაც. ორივე პროექტი შეთანხმდა 2016 წელს, აქედან ერთ-ერთმა მოგვიანებით დაიწყო მშენებლობა. შედეგად იქ მცხოვრებლებს ჰგონიათ, რომ ვიღაცა ბოროტმა ძალამ მისცა უფლება, რომ აუშენონ გვერდით,“ – ამბობს მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელი მირიან მეტრეველი.

 

Exit mobile version