სიახლეები

როგორ მოვუაროთ ციკლომენს, გაზაფხულის პირველ ყვავილს

13.02.2019 • 4356
როგორ მოვუაროთ ციკლომენს, გაზაფხულის პირველ ყვავილს

ციკლომენი, შეიძლება ითქვას, გაზაფხულის პირველი ყვავილია. იგი სწორედ ახლა ყვავილობს და მისი ყვავილობა მარტის ბოლომდე გრძელდება. იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვუაროთ ამ მცენარეს, გვესაუბრა ეკატერინე წილოსანი, ფლორისტი ყვავილების მაღაზია „მილანიდან“.

– ციკლომენი იგივე ყოჩივარდის ჰიბრიდული ჯიშია. არის გარე მცენარე, აივნის, არ უყვარს სითბო, უნდა იყოს სიგრილეში, ამიტომ არ უნდა გავაჩეროთ ოთახში. კარგი მოვლის პირობებში ყვავის დაახლოებით სამი-ოთხი თვის განმავლობაში. ყვავილობას იწყებს იანვარში.

მორწყვა: განსაკუთრებით, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ ნებისმიერი მცენარის მოვლისას, არის სწორად მორწყვა. ციკლომენი მხოლოდ და მხოლოდ უნდა მოვრწყოთ მაშინ, როდესაც მიწა ძალიან გამოშრება და მოწყენას დაიწყებს. ზედმეტი მორწყვა მავნებელია ნებისმიერი მცენარისთვის, განსაკუთრებით ბათუმის პირობებში, სადაც მაღალი ნესტიანობაა. ხშირად მცენარის ფესვები ზედმეტი მორწყვისგან ზიანდება და იწყებს ლპობას. ციკლომენი, თუ ნიადაგი ძალიან არ არის გამომშრალი, სასურველია მოვრწყოთ შემდეგი მეთოდით: ჭურჭელში ჩავასხათ ერთი დღის გაჩერებული წყალი და შიგ ქოთნით ჩავდგათ მცენარე. თუ ნიადაგი ძალიან გამომშრალია, შესაძლოა პირდაპირ ქოთანშივე დავუსხათ წყალი. სასურველია მცენარეს ერთხელ დავუსხათ წალი, გაიჟღინთოს და დაველოდოთ გამოშრობას, ვიდრე ყოველდღე მოვრწყოთ. რეკომენდებულია თვეში ერთხელ დავეხმაროთ ვიტამინებით.

გამრავლება: ძირითადად მრავლდება ბოლქვებით, რომელსაც კარგი მოვლის პირობებში ფესვებში გამოისხამს.

გადარგვა: იწყება ადრე გაზაფხულიდან. თუმცა ყვავილობის დროს მცენარის გადარგვა რეკომენდებული არ არის. იგი უნდა გადავრგოთ  მას შემდეგ, როცა დაასრულებს ყვავილობას. ციკლომენი არის მრავალწლიანი მცენარე და მისთვის ნიადაგის შეცვლა რეკომენდებულია წელიწად-ნახევარში-ორწელიწადში ერთხელ. ნიადაგის შეცვლის დროს ფრთხილად უნდა ამოვიღოთ ქოთნიდან მიწიანად და გადავიტანოთ ოდნავ დიდ ქოთანში, ძალიან დიდი ქოთანი ციკლომენს არ სჭირდება. და ზოგადად, ქოთანი უნდა გაიზარდოს მცენარესთან ერთად.

ნიადაგი: საკმარისია ჩვეულებრივი ტყის კარგი მიწა. დასაწყისში მას სხვა დანამატები არ სჭირდება, შემდეგ კი შესაძლებელია ნიადაგის გამდიდრება სხვადასხვა სპეციალიზებული ვიტამინით, თვეში ერთხელ.

მომზადებულია ნაზიბროლა ზოსიძის მიერ

გადაბეჭდვის წესი