მთავარი,სიახლეები

მოწმეები „ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე“ ჩვენებებს ცვლიან

12.02.2019 • 2209
მოწმეები „ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე“ ჩვენებებს ცვლიან

„ყველა სიტყვას არ ვეთანხმები, კაი ბიჭი ვარ და ასე შემდეგ არ მითქვამს…“ – უთხრა პროკურორს სასამართლოში მოწმის სახით დაბარებულმა მანუჩარ ბერიძემ. ის ერთ-ერთია, ვინც ამ საქმეში ჩვენება შეცვალა.

დღეს, 12 თებერვალს, მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ 5 მოწმის ჩვენება მოისმინა. პროკურორმა დღევანდელ სხდომაზე მოწმე მანუჩარ ბერიძეს თავიდან ბოლომდე წაუკითხა ის ჩვენება, რომელიც მან სასამართლო პროცესების დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე გამოძიებას მისცა. ჩვენებაში მოწმე ამბობდა, რომ ბრალდებული მას „ქურდულ ცხოვრებაზე“ ესაუბრებოდა. პროკურორმა მოწმეს ხელმოწერაც აჩვენა, ეს ხომ თქვენიაო, თუმცა მოწმემ თქვა, რომ პოლიციის განყოფილებაში არ წაუკითხავს, რას მოაწერა ხელი. ადვოკატები გამამართლებელ განაჩენს ელიან, რადგან საქმეში ბრალდებულების საწინააღმდეგო მტკიცებულებები აღარ რჩება.

ქურდული სამყაროს წევრობისა და ქუჩურ გარჩევებში მონაწილეობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 11 პირი 17 ივლისს ბათუმში დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები ემუქრებოდნენ დაზარალებულებს, სცემდნენ და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ ქურდული „ობშიაკის“ შესავსებად. საქმის მასალებში არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალიც – კანონიერ ქურდობაში ბრალდებულები „დაზარალებულებს  ემუქრებოდნენ სახელის გამტეხი ცნობების გავრცელებით“.

გამოძიების ვერსიით, მანუჩარ ბერიძეს, რომელმაც დღეს ჩვენება მისცა სასამართლოს, ბრალდებული მარად წითელაძე აიძულებდა თანხის გადახდას კონკრეტული პირისთვის. მანუჩარი ბოლო 10 წელია ავტომანქანების ექსპორტითაა დაკავებული.

ვიდრე მანუჩარ ბერიძე პროცესზე გამოცხადებოდა, მოსამართლეს მოწმის სახით ჩვენება თბილისიდან ჩამოსულმა დედა-შვილმაც მისცა. „მე მანქანის შეძენა მინდოდა და დახმარება მანუჩარმა შემომთავაზა. ის ჩემი შვილის მეგობარია, „ფეისბუქში“ გაიცნო. მანუჩარს ჩემთვის ML-ის მარკის მერსედესი უნდა ჩამოეყვანა ამერიკიდან და 8 ათასი დოლარი ჩავურიცხე… აღმოჩნდა, რომ მანქანა ვერ ჩამოიყვანა, პრობლემა შემექმნაო. შევთანხმდით, რომ თანხას დამიბრუნებდა და 4500 დოლარი დამიბრუნა, შემდეგ კიდევ 1000 და 2500 დამრჩა ასაღები… ვეღარ ვუკავშირდებოდი მანუჩარს და ახლობლის მეუღლეს ვთხოვე, იქნებ ვინმეს იცნობ ბათუმში… მერე მასაუბრეს კონკრეტულ პირს, რომელმაც მითხრა სექტემბრის ბოლომდე მანუჩარი თანხას გადაიხდისო,“ – უთხრა მოსამართლეს მოწმე მაია კანდელაკმა.

ავტომანქანის ჩამოყვანა რომ პრობლემა გახდა და მარად წითელაძეს მართლაც რომ შეხვდა, ეს მანუჩარ ბერიძემაც დაადასტურა, თუმცა მისი მონათხრობის მიხედვით, იძულებას ადგილი არ ჰქონია და მას, უბრალოდ, თანხის დაბრუნება სთხოვეს.

მას შემდეგ, რაც პროკურორ ფრიდონ ქარცივაძის თითქმის ყველა შეკითხვაზე ადვოკატებმა აცილების შუამდგომლობა დააყენეს, პროკურორმა კანონმდებლობის მიხედვით გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების გამოქვეყნება მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. პროკურორმა სრულად წაიკითხა ის ჩვენება, რაც მანუჩარ ბერიძემ სამართალდამცველებს სასამართლო განხილვის დაწყებამდე უთხრა.

„დამირეკა და მითხრა, მარად წითელაძე ვარ, მშვიდობიან საქმეზე მინდა საუბარიო… სამი თუ ოთხი დღის შემდეგ შემხვდა და მითხრა, შენ მაიას თუ იცნობ, თბილისში რომ ცხოვრობსო, იმ ქალს ემალები… თბილისელმა კაი ბიჭებმა მთხოვეს ამ საქმის მოგვარება და უნდა მოვაგვაროო… მარადმა მითხრა, ქუჩის ბიჭი ვარ, ქურდულად ვცხოვრობო… მერე ვიღაცას ტელეფონით დაურეკა და უთხრა, ჩემთან აქვს სიტყვა ნათქვამი, სექტემბერს არ გადასცდებაო,“ – დაახლოებით ამ სიტყვებით აღწერდა მოწმე ბრალდებულ მარად წითელაძესთან ურთიერთობას გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში.

ამავე ჩვენებაში მანუჩარ ბერიძე საუბრობდა სხვა შემთხვევაზეც, როცა მას ავტომანქანის დათმობას აიძულებდნენ.

მოსამართლეს მოწმე მანუჩარ ბერიძემ უთხრა, რომ მხოლოდ კონკრეტულ ფრაზებს, რაც ქურდული სამყაროს წევრობას ეხება, არ ეთანხმება. მისი განმარტებით, მარად წითელაძე მას მხოლოდ თანხის დაბრუნებაზე ესაუბრა. მოწმეს არც ის უთქვამს, რომ პოლიციის განყოფილებაში აიძულეს ვინმესთვის სასარგებლო ჩვენების მიცემა.

„ხომ არ ყოფილა რაიმე სახის ზეწოლა მარად წითელაძის მხრიდან?“ – ჰკითხა მოწმეს ადვოკატმა მზია დიასამიძემ. მოწმეს უარყოფის ნიშნად მხოლოდ თავი გაიქნია.

„მოწმეები ჩვენებებს კი არ ცვლიან, არამედ აზუსტებენ ფაქტებს,“ – გვითხრა ადვოკატმა ზაზა პაპიძემ პროცესის დასრულების შემდეგ. ის ელის, რომ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დადგება, რადგან მოწმეები ბრალდებულების საწინააღმდეგოს არაფერს ამბობენ. საქმეშია ასევე სატელეფონო ჩანაწერები, რომლებსაც თავიდანვე სადავოდ მიიჩნევდა დაცვის მხარე. ადვოკატების თქმით, ხმები, რაც ჩანაწერებში ისმის, ბრალდებულებს არ ეკუთვნით.

ხომ არ დაწყებულა გამოძიება მოწმეების წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემის ან მოწმეებზე ზემოქმედების კუთხით? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვით პროკურატურას მიმართა, თუმცა ამ დრომდე პასუხი უწყებიდან არ მიგვიღია.

ამ თემაზე:

“შენ ქურდებს არ სცემდი პატივს… გოგოები გეზრდება…“ – კადრები ქურდული სამყაროს საქმეში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: