მთავარი,სიახლეები

„ჯერ ქმარს ვაკითხავდი ციხეში, მერე ძმას“ – საქმიანი ქალის გამოცდილება

11.02.2019 • 3226
„ჯერ ქმარს ვაკითხავდი ციხეში, მერე ძმას“ – საქმიანი ქალის გამოცდილება

„იმ წელს ბათუმში დიდი თოვლი მოვიდა. ჩემი მეუღლე, ძმა – ორივე დაჭერილი იყო, ორივე თბილისში იხდიდა სასჯელს, ქმარი მატროსოვზე, ძმა – გლდანში. ზუსტად იმ წელს შეეძინა დეიდაშვილს ცერებრალური დამბლით ბავშვი, იაშვილში იწვნენ. ჩავდიოდი თბილისში, ჯერ ქმარს მივაკითხავდი ციხეში, მერე – ძმას, ბოლოს პატარას დავხედავდი ბავშვთა საავადმყოფოში და გული მშვიდად მქონდა: ჩემი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი ადამიანი, ვისაც იმ დროს უჭირდა, ნანახი მყავდა.

ბოლოს ლილოსკენ მივუყვებოდი გზას, რომ პროდუქტი წამომეღო ბათუმში. რა მაძლევდა ამხელა ძალას, არ ვიცი. ახლა რომ იმავეს გაკეთება მთხოვოს ვინმემ, ალბათ ვერ შევძლებდი. ერთი წუთითაც არ დამიყრია ფარ-ხმალი. რკინა ვიყავი“, – ამას ია ბერიძე, პრობაციონერ ზაზა დუმბაძის მეუღლე გვიყვება. ფიქრობს, რომ მეუღლისა და ძმის პატიმრობის წლები მას სილამაზის პატარა სალონმა გადაატანინა, სადაც ინტერვიუს დროს შევხვდით.

„სილამაზის სალონმა გაგვატანინა პატიმრობის წლები, არჩინა ოჯახი, სილამაზის სალონი აფინანსებს ჩემი შვილების სწავლა-განათლებასაც. სალონს ძირითადად მე ვუძღვები, ჩემი მეუღლე, მართალია, თავად სტილისტი არ არის, მაგრამ საორგანიზაციო და მნიშვნელოვან საქმეებს აგვარებს“, – ამბობს ია ბერიძე.

იამ და ზაზამ ერთმანეთი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიცნეს. ორი შვილი გაუჩნდათ და გადაწყვიტეს საოჯახო ბიზნესი დაეწყოთ. გახსნეს სილამაზის სალონი და უფროსი შვილის სახელი – „ოთო“ დაარქვეს.

ამის შემდეგ იას მეუღლე საპატიმროში მოხვდა, მაგრამ სალონი არ დაუკეტავს და დღემდე 5 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ამბობს, რომ ყველას საკუთარი ოჯახის წევრებად მიიჩნევს.

მეუღლის გათავისუფლების შემდეგ ოჯახმა სურსათისა და ტანსაცმლის მაღაზიების ამუშავებაც სცადა, თუმცა ბოლოს ორივე დახურეს, სალონი კი დარჩა.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტიდან ზაზასა და იას დაუკავშირდნენ და დახმარება შესთავაზეს, რადგან პროექტი ყოფილ პატიმრებს, პრობაციონერებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს, გარდა ბევრი სხვა მიმართულებისა, მცირე ბიზნესის განვითარებაშიც ეხმარება.

ია არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტში“ სემინარებს დაესწრო, სადაც ბიზნესის პოპულარიზაციისა და გაფართოების, მომხმარებლამდე ინფორმაციის ეფექტურად მიტანის ნიუანსებზე შეიტყო.

ბოლოს პროექტის ფარგლებში მას სალონისთვის აუცილებელი ინსტრუმენტების – სტერილიზაციის აპარატი გადასცეს. მეუღლე, ზაზა დუმბაძე კი, შარშან პროექტის მიერ მოწყობილ გასვლით ღონისძიებაში ჩაერთო და დასავლეთ საქართველოს ღირსშესანიშნაობები მოინახულა.

ია ამბობს, რომ მას და მის მეუღლეს კიდევ არაერთი გეგმა აქვთ და მხოლოდ სალონის მუშაობით არ შემოიფარგლებიან. ზაზა სეზონურ, დროებით სამუშაოებსაც ასრულებს და მალე მეუღლის სალონთან ახლოს საკონდიტროს გახსნას გეგმავს.

ოჯახი, რომელმაც პატიმრობის წლები მცირე ბიზნესის საშუალებით გაიმარტივა, მზადაა, სტილისტის საქმე ნებისმიერ პრობაციონერს, ყოფილ პატიმარს უფასოდ შეასწავლოს და პრაქტიკის საშუალებაც მისცეს.

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: