აქვს თუ არა უფლება გამყიდველს, უარი გითხრათ ბარათით გადახდაზე

არაერთ მარკეტში, სადაც განთავსებულია პოს-ტერმინალები და გადახდა ელექტრონული ბარათებითაა შესაძლებელი, მომხმარებელს ამ ფორმით მომსახურებაზე, დაბალი თანხის შემთხვევაში, უარს ეუბნებიან. ამ შემთხვევაში თანხის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდას ითხოვენ.

ზღვარი, რომლის ქვემოთაც ბარათით ვერ გადაიხდით, სხვადასხვა მარკეტში სხვადასხვაა და 1-დან 5 ლარამდე მერყეობს. ანუ ამ მარკეტებში ბარათით გადახდა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუ შესაძენ პროდუქტში ან 1 ან 5 ლარზე მეტი გაქვთ გადასახდელი.

„ერთ ლარზე ქვემოთ თუ არის ღირებულება, ბარათით არ ვახდევინებთ“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ერთ-ერთ სუპერმარკეტში. „მიზეზი? –  ქაღალდის ეკონომიას ვაკეთებთ“. უფრო დამაჯერებელი პასუხი გაგვცეს სხვა მარკეტში, სადაც გვითხრეს, რომ 3 ლარზე ქვემოთ ელექტრონული ბარათით ვერ გადავიხდიდით: „პროცენტები მიაქვს ტერმინალს. მე რაღაცას 10 თეთრს თუ ვამატებ და ბარათით გადამიხადეს, ეს 10 თეთრი მომსახურებაში მიდის და მოგება არ მრჩება“.

თითოეულ ტრანზაქციაზე, ანუ ბარათის გატარებაზე, სავაჭრო ობიექტი შესაბამის ბანკს უხდის საკომისიო გადასახადს. პოს-ტერმინალები, რომლებიც სავაჭრო ობიექტებშია განთავსებული, ამა თუ იმ კომერციული ბანკის საკუთრებაა და მომსახურების პირობებიც სავაჭრო ობიექტსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განისაზღვრება.

ხელშეკრულების მიხედვით, აქვს თუ არა მოლარე-გამყიდველს უფლება, უარი უთხრას კლიენტს გარკვეული ღირებულების ფარგლებში პლასტიკური ბარათით გადახდაზე? – „ბათუმელები“ რამდენიმე ბანკს დაუკავშირდა.

„ბანკი არ დებს ორგანიზაციასთან ისეთ ხელშეკრულებას, სადაც განსაზღვრულია თანხის მინიმალური ოდენობა, რომლის ქვევითაც მომხმარებელს არ ახდევინებენ ბარათით,“ – განაცხადეს „საქართველოს ბანკში“. აქედან გამომდინარე, მომხმარებელს მოლარემ, წესით, უარი ბარათით გადახდაზე არ უნდა უთხრას, მიუხედავად იმისა, პროდუქტი, რომელსაც შეიძენს, ღირს 1 ლარამდე ან 5 ლარამდე.

„საქართველოს ბანკის“ „საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დანართი N10 – პოს-ტერმინალით მომსახურება“ – მიხედვით, სავაჭრო ობიექტი ვალდებულია „გარდა ტექნიკური შეფერხებით გამოწვეული მიზეზებისა, მომხმარებელს არ განუცხადოს უარი ავტორიზაციის განხორციელებაზე“.

სავაჭრო ობიექტის მიერ ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია დააკისროს ობიექტს პირგასამტეხლო, 300 ლარის ოდენობით, თითოეულ დარღვევაზე.

ასეთი დარღვევისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება შეუძლია სავაჭრო ობიექტისთვის „თიბისი ბანკსაც“, თუმცა ბანკი ამ შემთხვევაში იტოვებს უფლებას ობიექტს პირგასამტეხლო საკუთარი შეხედულებისამებრ დააკისროს ან არ დააკისროს.

სავაჭრო ობიექტი ვალდებულია, „გარდა ტექნიკური შეფერხებით გამოწვეული მიზეზებისა, კლიენტს არ განუცხადოს უარი ბარათით ანგარიშსწორებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი დაარღვევს ამ პირობას, „ბანკი“ უფლებამოსილია დააკისროს, ხოლო ობიექტი ვალდებულია თითოეულ ასეთ შემთხვევაზე ბანკს გადაუხადოს პირგასამტეხლო 100 ლარის ოდენობით. ასეთი უფლებით ბანკს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ და იგი არ წარმოადგენს მის ვალდებულებას,“ – აღნიშნულია „თიბისი ბანკის“ ვებგვერდზე ატვირთულ „პოს-ტერმინალით მომსახურების საერთო დებულებებში“.

დეტალებთან დაკავშირებით „თიბისი ბანკში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაგვიკავშირდებიან და დამატებით განმარტებას გააკეთებენ.

„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ მათი პოს-ტერმინალებით გადახდისას „თანხაზე შეზღუდვა არ არსებობს“. შესაბამისად, მოლარეს ხელშეკრულების მიხედვით არანაირად არ აქვს უფლება უარი უთხრას ბარათით გადახდაზე და არ მოემსახუროს მომხმარებელს მცირე თანხის შემთხვევაში. „შეგიძლიათ გვითხრათ რომელ მარკეტში გითხრეს უარი და თუ ჩვენზეა დამოკიდებული, გამოვასწორებთ“, – გვითხრეს „ლიბერთი ბანკში“.

განსხვავებული პოზიცია დააფიქსირეს „ვითიბი ბანკში“, სადაც „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ „მათი პოს-ტერმინალების შემთხვევაში მაღაზიას აქვს უფლება, დააწესოს გარკვეული თანხა და დაბალ თანხაზე ბარათი არ გაატაროს“.

საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ამ სფეროს, ანუ პოს-ტერმინალით გადახდას, რაიმე ფორმით არ არეგულირებენ.

 

შრეკი ეკრანზე ბრუნდება

2010 წლის შემდეგ შრეკის ახალი, მეხუთე სერია ეკრანებზე მალე გამოჩნდება.  „საზიზღარი მეს“ შემქმნელმა და კინოსტუდია Illumination Entertainment-ის დამფუძნებელმა პროდიუსერმა, კრის მელედანდრიმ ამის შესახებ პირველად გამოცემა Variety-სთან 6 ნოემბერს ისაუბრა. ანიმაციას მაიკ მაიერსი, ედი მერფი და ანტონიო ბანდერასი გაახმოვანებენ.

„შრეკის” პირველი ოთხი სერია კინოსტუდია DreamWorks-ს ეკუთვნის. სტუდიას შრეკის მეოთხე სერიამ 750, მეორემ კი 920 მილიონ დოლარზე მეტი მოგება მოუტანა.

„შრეკის” საგის გაგრძელების უფლება Illumination Entertainment-მა DreamWorks-ისგან შეისყიდა.

18 მქარგველი ქალი ფეისბუქიდან საგამოფენო სივრცეში

დღეს, 8 ნოემბერს, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში ნაქარგების გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები 18 ქალის ნაქარგები იყო წარმოდგენილი.

მქარგველი ქალები სხვადასხვა ქალაქიდან ფეისბუქჯგუფმა – „ქარგვა ხელოვნებაა“ გააერთიანა. ჯგუფში ქალები ერთმანეთს საკუთარ ნამუშევრებს უზიარებდნენ, მოგვიანებით კი გაჩნდა გამოფენის იდეა. პირველი გამოფენა თელავში ჰქონდათ, მეორე კი დღეს ბათუმში გაიხსნა.

ნაქარგების გამოფენა ბათუმში

გამოფენაზე ბათუმში მცხოვრები ნანა კარგიშვილის ნამუშევრებიც იყო წარმოდგენილი. ნანა ამბობს, რომ ფეისბუქზე შემთხვევით ნაპოვნმა ჯგუფმა მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეები შეიტანა, გაიცნო ახალი ადამიანები და საკუთარი ნამუშევრები ფართო აუდიტორიამდე მიიტანა.

„დღეს გამოფენაზე ჩემი ორი ნამუშევარია – ერთი ცხენი, რომელზეც შვიდი თვე ვმუშაობდი, იმდენად რთული საქარგი იყო და მეორე – ხატი. საეკლესიო ხატებსაც ვქარგავ,“ – ამბობს ნანა.

„ფეისბუქჯგუფი – „ქარგვა ხელოვნებაა“ 2013 წელს ნინო მდინარაძემ შექმნა. ეს გამოფენა ჩვენი ჯგუფის მიერ ჩატარებული მეორე გამოფენაა, სამომავლოდაც, დიდი გეგმები გვაქვს სხვადასხვა ქალაქში. ბევრი არ მისდევს ქარგვას, ხატვა უფრო ფასობს. გვინდა პოპულარიზაცია გავუწიოთ ხელოვნების ამ მივიწყებულ დარგს,“ – ამბობს გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მაია არაყიშვილი.

ნაქარგების გამოფენა ხელოვნების მუზეუმის გალერეაში 11 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ნაქარგების გამოფენა ბათუმში
ნაქარგების გამოფენა ბათუმში
ნაქარგების გამოფენა ბათუმში
ნაქარგების გამოფენა ბათუმში

უნივერსიტეტი პროკურატურას ულტიმატუმს უყენებს – 8 ნოემბრის აქცია მეთერთმეტედ გაიხსენეს

8 ნოემბრის აქცია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მეთერთმეტედ გაიხსენეს. ამჯერადაც აჩვენეს კადრები და ფოტოები, თუ როგორ შევარდნენ სპეცრაზმელები 2007 წლის 8 ნოემბრის დილას უნივერსიტეტის აუდიტორიებში და დაარბიეს სტუდენტები, ლექტორები…

დარბეული და ამ დრომდე გამოუძიებელი აქცია კიდევ ერთხელ გაიხსენეს ამ აქციის თვითმხილველებმა. „ზოგი მათგანი ცოცხალიც კი აღარ არის,“ – დასძინა რექტორმა, მერაბ ხალვაშმა თავის გამოსვლაში და ხელისუფლებას „8 ნოემბრის საქმის“ დროული გამოძიებისკენ მოუწოდა. ამჯერად უნივერსიტეტის რექტორმა საჯარო მიმართვის დროს „ულტიმატუმიც“ ახსენა.

„ჩვენ არ გვაქვს დღეს პასუხი, რომ ვთქვათ, ვინ დაგეგმა, ვინ აგო პასუხი. მე ცალსახად ვუერთდები სტუდენტების შეხედულებას… დღეს ჩვენ კიდევ უფრო მკვეთრად გამოხატული პოზიციით უნდა მივმართოთ ხელისუფლებას, გარკვეული ვადა მივცეთ, რომ მოხდეს დროულად ამ საქმის გამოძიება. ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ, ერთიანი შეთანხმებით მოვამზადოთ, ულტიმატუმი იქნება თუ რა იქნება, არ ვიცი, ეს უნდა მოვითხოვოთ,“ – აღნიშნა მერაბ ხალვაშმა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა.

რექტორის თქმით, 2016 წლიდან ამ დრომდე უნივერსიტეტმა სამჯერ მიმართა წერილობით პროკურატურას და ითხოვა პასუხი კითხვებზე: რატომ არ სრულდება 8 ნოემბრის საქმის გამოძიება? რა ეტაპზეა ძიება? პროკურატურასაც სამჯერ ერთი და იმავე შინაარსის პასუხი გამოუგზავნია: „მიმდინარეობს გამოძიება“.

რატომ გახდა უნივერსიტეტის მოთხოვნა რადიკალური ახლა? გუშინ „ბათუმელებს“ ამავე აქციის მონაწილემ „ნაციონალური მოძრაობიდან“ უთხრა, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ქულების დასაწერად ახსენდებათ მხოლოდ ეს პროცესი და სინამდვილეში „8 ნოემბრის“ გამოძიებას არავინ აპირებს, რადგან ადამიანები, რომლებიც არბევდნენ ან პასუხი მოეთხოვებოდათ იმაზე, რაც მოხდა, დაწინაურდნენ და ისევ ხელისუფლებაში არიან.

„ასე არ არის, ჩვენ ყოველწლიურად ვიხსენებთ 8 ნოემბერს… ჩვენ ვსაუბრობთ ულტიმატუმზე, რადგან შეუძლებელია ათწლეულობით ამის გაგრძელება. ეს იყო უნივერსიტეტის ავტონომიურობის, ინსტიტუციის შეურაცხყოფა,“ – გვითხრა მერაბ ხალვაშმა.

8 ნოემბრის გახსენებისთვის უნივერსიტეტს მადლობა ცოტნე ანანიძემ გადაუხადა, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა.  2007 წლის 8 ნოემბრის აქციის მონაწილე ისიც არის. გამოუძიებელი საქმის ფონზე დეპუტატმა თქვა, რომ „გახსენება დიდი პრევენციაა“.

„განსაკუთრებული მადლობა თქვენ, რომ ამას იხსენებთ, ეს გახსენება არის ძალიან დიდი პრევენცია, რომ სამომავლოდ, ღმერთმა დაიფაროს და მსგავსი რამ აღარ მოხდეს ჩვენს ქვეყანაში,“ – მიმართა ცოტნე ანანიძემ უნივერსიტეტში შეკრებილებს.

რატომ არ გამოიძია ხელისუფლებამ ამ დრომდე „8 ნოემბრის აქციის საქმე“? – დეპუტატმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ უმაღლესი საბჭო გამოძიებაზე საპროცესო ზედამხედველობას არ ახორციელებს, ხოლო პროკურატურასთან კომუნიკაციის დროს მან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო.

„რამდენჯერაც მქონდა კომუნიკაცია აჭარის პროკურატურასთან და ეს არ უკავშირდება მხოლოდ 7 და 8 ნოემბრის აქციებს, მივიღე პასუხი, რომ საქმე არის აღძრული, თუმცა იგი არაა სამწუხაროდ ბოლომდე მიყვანილი. საკმარისი დრო იყო სამართალდამცავი ორგანოებისთვის, ჩემი აზრით, რომ მისულიყო ბოლომდე. ვერ გეტყვით რა აფერხებს ამას, რომელიმე პიროვნება, თუ პოლიტიკური ნება,“ – ამბობს ცოტნე ანანიძე.

საქმის გამოუძიებლობის მიზეზი ხომ არ არის ის, რომ დარბევის ორგანიზატორები ახლა „ოცნების“ ხელისუფლებაში არიან? „ბათუმელებმა“ ცოტნე ანანიძეს მაგალითისთვის დავით ბედია დაუსახელა, რომელიც 8 ნოემბრის აქციის დარბევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, დავით ბედია ისევ სუს-ში მუშაობს.

„დავით ბედიასთან დაკავშირებით არის საუბრები, რომ იქ იმყოფებოდა, მე პირადად არ მახსოვს… დავით ბედია რაღაც პერიოდი არ მუშაობდა რომელიმე სამართალდამცავ უწყებაში, მაშინ რა უშლიდა ხელს გამოძიებას, რომ შედეგზე გასულიყო? მე იმას ვიტყვი, რომ „სამართლიანობის აღდგენა“ იყო ჩვენი ხელისუფლების არა მხოლოდ დაპირება, არამედ ეს ხელისუფლების ვალდებულებაა. ეს არის ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელსაც არ გავექცევი და არც არავინ უნდა გაექცეს. მთავარი არის, უფლებამოსილმა ორგანომ რაც შეიძლება მალე დაასრულოს ამ საქმის გამოძიება და გადავიდეს საქმე სასამართლოში. სასამართლო განსჯის ვინ არის დამნაშავე,“ – გვითხრა ცოტნე ანანიძემ.

უნივერსიტეტში 8 ნოემბრის აქციის გახსენებაზე არ გამოჩენილან სხვა პოლიტიკოსები, ასევე ადამიანები, რომლებიც თერთმეტი წლის წინ იყვნენ სტუდენტები. „ბათუმელებმა“ მოსაზრების გამოხატვა რამდენიმე სტუდენტს სთხოვა, ვინც ახლა სწავლობს ბათუმის უნივერსიტეტში – რას ნიშნავს ამ დრომდე უნივერსიტეტის დარბევის გამოუძიებლობა?

„არ ვიცი, პოლიტიკაში არ ვერევი, მაგრამ ცუდი ფაქტია. ეტყობა, არ აწყობთ და ამიტომ არ გამოიძიეს,“ – გვითხრა ნათია ბერიძემ.

სტუდენტების ნაწილს აღარ სჯერა გამოძიების დასრულების და არც კომენტარის გაკეთება სურს. შეგვხვდნენ ისეთებიც, რომლებმაც არც კი იცოდნენ, რას აპროტესტებდნენ დღეს უნივერსიტეტის მთავარ ფოიეში შეკრებილები. „აქციის დარბევაზეა ეს შეხვედრა? მე მეგონა, ტელევიზია რომ დახურეს, მაგაზე იყო პროტესტი“, – თქვა ერთ-ერთმა, რომელიც შეხვედრას უკვე ტოვებდა, როცა კითხვა დავუსვით.

პედოფილია კათოლიკურ ეკლესიაში – საფრანგეთში საკითხის გამოსაკვლევად კომისია შექმნეს

ეპისკოპოსებისგან შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, რომელიც გუშინ, 7 ნოემბერს შეიქმნა, საფრანგეთში კათოლიკურ ეკლესიებში 1950 წლიდან მომხდარი პედოფილიის ფაქტები უნდა შეისწავლოს. კვლევის შედეგები დამოუკიდებელმა კომისიამ ორ წელიწადში უნდა გამოაქვეყნოს.

კომისიამ კვლევის დასასრულს რეკომენდაციები უნდა შეიმუშავოს და შეისწავლოს გარემოებები და მიზეზები, რამაც კათოლიკურ ეკლესიებში პედოფილიის ფაქტების მომრავლება განაპირობა.

კომისიის შექმნის აუცილებლობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც 3 ნოემბერს  საფრანგეთის ეპისკოპოსებისა და კათოლიკურ ეკლესიებში პედოფილიის მსხვერპლთა შეხვედრა გაიმართა.

კომისია მოისმენს და შეისწავლის პედოფილიის მსხვერპლთა ისტორიებს, მონათხრობს, რათა შესაძლებელი გახდეს პრობლემის გამომწვევი მიზეზების დადგენა.

დამოუკიდებელი კომისია, კვლევის საბოლოო შედეგის დადგომამდე,  პედოფილიასთან ბრძოლის პერიოდულ ანგარიშებსა და პუბლიკაციებს გამოაქვეყნებს.

საფრანგეთში, კათოლიკურ ეკლესიებში, პედოფილიის მსხვერპლთა ფინანსური კომპენსაციაც იგეგმება, მორალური ზიანის სანაცვლოდ.


წყარო: Le Monde

ბათუმის შემოსასვლელში, ესტაკადაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ბათუმის შესასვლელში ესტაკადაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

8 ნოემბრის საღამოდან 9 ნოემბრის დილის 09:00 საათამდე, ბათუმის მიმართულებით მოძრავი მანქანებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული შემოვლითი გზით.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, საგზაო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ.

რამდენი ლარით გაიზრდება მასწავლებლის საბაზისო ხელფასი 2019 წელს – მინისტრის განმარტება

საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, დღეს, 8 ნოემბერს, მთავრობის სხდომის შემდეგ კომენტარი გააკეთა მასწავლებლების ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით.

„ნეტგაზეთის“ კითხვაზე, რამდენი ლარით გაიზრდება მასწავლებლის საბაზისო ხელფასი 2019 წელს და ნამდვილად იგეგმება თუ არა ზრდა, მინისტრი ამბობს, რომ ვის და რამდენი ლარით გაეზრდება ხელფასი, დეტალები ბიუჯეტის პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი.

„ამაზე კონკრეტულ ინფორმაციას მოგაწვდით წლის ბოლოს, როცა დასრულდება ბიუჯეტზე მუშაობა. იცით, რომ მიმდინარეობს ბიუჯეტების განხილვა, ჩვენც ვმუშაობთ ამაზე ინტენსიურად და ძალიან მალე წარმოვადგენთ კონკრეტულ გათვლებს და ციფრებს.

რაოდენობაზე, პოზიციებზე, ადმინისტრაციულ პერსონალსა და რესურსცენტრებზეც მოგაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ წარმოგვიდგენია ხელფასების მატება წლების მიხედვით“.

„ნეტგაზეთმა“ მინისტრს ასევე ჰკითხა, ხელფასების ზრდაში იგულისხმება საბაზისო ხელფასის მატება, თუ მასწავლებლის კარიერული სქემით გათვალისწინებული დანამატის ზრდა. „ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“, – თქვა მინისტრმა კითხვის პასუხად.

ბოლო დღეებია განათლების სამინისტრო აქტიურად აანონსებს მასწავლებლებისთვის ხელფასების მომატებას. შესაბამისად, განათლების მინისტრს აქედან გამომდინარე ვკითხეთ, როდის და რამდენით იგეგმება ხელფასების გაზრდა.

კიდევ ერთი მშენებლობა ბათუმში, რომელმაც გვერდით სახლში მცხოვრებლებს ფანჯრები ჩაუბნელა

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ახალაშენებული მრავალბინიანი სახლის აივნებსა და ფანჯრებს კედელი მიაშენეს. მშენებლობას ამ სახლში მცხოვრებლები აპროტესტებენ. ამ საკითხს კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელ ფეისბუქშიც. ადგილზე გამოკრული არ არის საინფორმაციო დაფა, მშენებლობის ზედამხედველმა კი ჩვენს კითხვებს არ უპასუხა.

ვინ და ვისი ნებართვით აშენებს ახალ  მრავალბინიან სახლს ბაგრატიონის ქუჩაზე, ამ თემაზე „ბათუმელები“ მუშაობს და ინფორმაციას დღესვე გამოვაქვეყნებთ.

მიმდინარე მშენებლობა ბაგრატიონის ქუჩაზე

„სახურავების შეცვლის“ მიზნობრივი პროგრამით ქედაში 149 ოჯახმა უკვე ისარგებლა

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში „საცხოვრებელ სახლებზე ამორტიზებული სახურავების შეცვლის“ მიზნობრივი პროგრამა მესამე წელია რაც ფუნქციონირებს და პროგრამით ჯამში 149 ოჯახმა უკვე ისარგებლა.

პროგრამა აქტუალურია მოსახლეობის მიერ ყოველწლიურად თვითმმართველობაში შემოსული ათეულობით განცხადების შესაბამისად. განმცხადებლებს არ შეუძლიათ საკუთარი სახსრებით შეაკეთონ საცხოვრებელი სახლების სახურავები. აღნიშნული სოციალური პროგრამა კი მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი და სტიქიით დაზარალებული ოჯახების  საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობას.

პროგრამის ფარგლებში თუნუქის ფურცლების გაცემა კომისიური წესით ხორციელდება. ინფრასტრუქტურის, ზედამხედველობის, არქიტექტურისა და სოციალური სამსახურების, მერის წარმომადგენლის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში და საკრებულოს წევრებისაგან შემდგარი სპეციალური კომისიის თავმჯდომარე მერის მოადგილე გურამ ბერიძეა.

წელს პროგრამის ბიუჯეტი 30 000 ლარს შეადგენდა და 33-მა ოჯახმა უკვე ისარგებლა პროგრამით, მათ შორის ხანძრის შედეგად დაზარალებულმა 4-მა ოჯახმა.

ქედის მუნიციპალიტეტის ფოტოები
ქედის მუნიციპალიტეტის ფოტოები

ნაგავსაყრელი პოლიგონის თანამშრომელს 500 ლარის უკანონოდ მიღებას ედავებიან

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ერთ-ერთი ნაგავსაყრელი პოლიგონის თანამშრომელი პასუხისგებაში მიეცა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა ქართლის ტერიტორიაზე მდებარე კომპანიის კუთვნილ ნაგავსაყრელზე, ხელშეკრულების გაფორმების გარეშე ნარჩენების დაყრის სანაცვლოდ, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი“.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

„კომპანიამ გაგვაცურა, პროკურატურა არ რეაგირებს“ – მოქალაქეები თანხის დაბრუნებას ითხოვენ

აჭარაში ათეულობით მოქალაქე პროკურატურისგან თაღლითობის ფაქტზე რეაგირებას ითხოვს. დღეს, 8 ნოემბერს, ისინი „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ აპირებენ  შეხვედრას ორგანიზაციის – „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელთან, თამაზ ბაკურიძესთან. მოქალაქეები კონკრეტული კომპანიისგან თანხის დაბრუნებას ითხოვენ და შეხვედრაზე უნდა დაგეგმონ, რა გზით დაიწყონ სამართლებრივი დავა.

„წლის დასაწყისში ჩავრიცხე კომპანია HD Forex-ის ანგარიშზე 5 ათასი დოლარი, ზოგმა მეტი, ზოგმა – ნაკლები ჩარიცხა… ეს იყო საბროკერო კომპანია. გვითხრეს, რომ თანხას თუ ჩავდებდით, ამით საფონდო ბირჟები ისარგებლებდნენ და ჩვენ ყოველთვიურ სარგებელს მივიღებდით. თავდაპირველად მართლაც დაირიცხა მოგება 200 დოლარი, ზოგჯერ სამასიც იყო, მაგრამ ამის გამოტანის უფლებას არ გვაძლევდნენ, კომპანიას დასტური უნდა მოეცა, რომ თანხა აგეღო… მე არ მიცდია მოგების გამოტანა, მაგრამ სხვამ რომ სცადა, უთხრეს, რა გეჩქარება, დაგროვდეს კარგად, არ გირჩევნიაო? შექმნილი იყო თბილისის  და ბათუმის ტრეიდერთა ჯგუფები. სექტემბერში ამ ჯგუფში დაწერა კომპანიის დირექტორმა, რომ გაკოტრდა. მას შემდეგ ტელეფონებს აღარ პასუხობენ, პროკურატურას სექტემბერშივე მივმართეთ, მაგრამ ამ დრომდე არც დაუკავებიათ ვინმე და არც თანხას გვიბრუნებენ. მე, პენსიონერმა ქალმა მოვახერხე და შევიტანე 5 ათასი, ვიფიქრე, დავეხმარები რაღაცით ოჯახს-მეთქი და ასე დამემართა,“ – გვითხრა ერთ-ერთმა დაზარალებულმა, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს.

დაზარალებულების თქმით, ათეულობით ადამიანი ამ გზით ბათუმსა და თბილისში დაზარალდა.

გაწყებულია თუ არა გამოძიება თაღლითობის ფაქტზე, პროკურატურას ამ საკითხზე კომენტარი „ბათუმელებისთვის“ ჯერჯერობით არ მოუწოდებია.

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8  ნოემბრის  21 საათიდან 9  ნოემბრის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის სანაპიროზე 17.2 გრადუსია. ტალღის სიმაღლე 5-10 დმ [2-3 ბალი].

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

შსს: დაკავებულია პირი, რომელმაც ტელევიზორები და მანქანის მაგნიტოფონი მოიპარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის სამმართველოს თანამშრომლებმა 1978 წელს დაბადებული ზ.მ., ქურდობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 4-დან 7  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შს სამინსიტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის ოქტომბერში სარფში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროდან ტელევიზორები, მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანიდან კი მაგნიტოფონი და მეხსიერების ბარათი მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ზ.მ. ზუგდიდში დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

პაციენტის აქცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს კიბეზე

  • სტატია წაშლილია აქციაში მონაწილე პირის მოთხოვნით. თავად ეს პირი თვლის, რომ მას აქცია არ გაუმართავს ჟურნალისტებისთვის, იმის მიუხედავად, რომ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან მისულმა თავად ჩართო ფეისბუქლაივი.

„სამუშაოების განახლებას გვთხოვენ“ – რას აპირებს კომპანია კარიერზე, სადაც 6 წლის ბავშვი დაიღუპა

„ჩვენ სამუშაოების განახლებას გვთხოვენ“, – უთხრა „ბათუმელებს“ კომპანია „ალბაირაქის“ წარმომადგენელმა, გია ღოღობერიძემ. ეს კომპანია მოიპოვებდა ამ დრომდე სამშენებლო მასალას ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში, სადაც 31 ოქტომბერს კლდის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა. მოპოვებული მასალით ბათუმში სანაპიროს ხელოვნურად ამყარებენ.

სამშენებლო მასალების მოპოვებას ქედაში „ალბაირაქი“ კომპანია “სტრუიკ გრუპ ჯორჯიას” დაკვეთით ახორციელებს. „სტრუიკ ჯორჯია“ ჰოლანდიური კომპანიაა და მას აქვს კარიერზე მუშაობის ლიცენზია. 31 ოქტომბრის ტრაგედიის შემდეგ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ აფეთქება უწყებასთან შეთანხმებული არ იყო და ეს სპეციალურ თანხმობას საჭიროებდა.

განაგრძობს თუ არა ქედაში კომპანია მუშაობას – „ალბაირაქის“ წარმომადგენელი, გია ღოღობერიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის სამუშაო შეჩერებულია, თუმცა მის განახლებას დამკვეთი ითხოვს, ასევე სოფლის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც კარიერზეა დასაქმებული.

„ჩვენ ველოდებით დაზარალებულ ოჯახთან შეთანხმების მიღწევას… გარკვეული დრო უნდა გავიდეს. „სტრუიკ ჯორჯია“ ითხოვს სამუშაოს გაგრძელებას, რადგან ჯამში 165 ათასი კუბ. მეტრი მასალის გამოტანაა დაგეგმილი, ამ დროისთვის კი, მხოლოდ 30 ათასია გამოტანილი. სამუშაოები მომავალი წლის ზაფხულისთვის უნდა დასრულდეს,“ – აღნიშნავს გია ღოღობერიძე.

„ალბაირაქის“ წარმომადგენლის თქმით, მისთვის გაურკვეველია, რა შეთანხმებას და ლიცენზიას ითხოვს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. გია ღოღობერიძე ირწმუნება, რომ ყველა შესაბამისი დოკუმენტი აქვს შპს “სტრუიკ გრუპ ჯორჯიას”, რომელიც სახელმწიფოსთან არის ანგარიშვალდებული.

„ბათუმელებმა“ გასაუბრება კომპანია შპს “სტრუიკ გრუპ ჯორჯიასთან“ სცადა. კომპანიის ბათუმის ოფისში გვითხრეს, რომ ხელმძღვანელი პირები დაკავებული არიან და დაგვირეკავენ, როცა ამის დროს გამონახავენ. დღის ბოლომდე კომპანიიდან არავინ შეგვხმიანებია.

გაიცა თუ არა ნებართვა მორიგ აფეთქებაზე? – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსიტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ არავითარი დოკუმენტი სამუშაოების წარმოებაზე სამინისტროს არ გაუცია. პრესცენტრის ინფორმაციით, სამინისტროს არც კომუნიკაცია ჰქონია კომპანია „სტრუიკ ჯორჯიასთან“ იმის შესახებ, თუ რა ბედი ელის კარიერზე მუშაობას, ან ნაპირგამაგრებას, რისთვისაც 30 მილიონი ლარია გამოყოფილი.

პირველ ნოემბერს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ თქვა, რომ ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში სამუშაოები შესაძლოა გაგრძელდეს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დღეს, 7 ნოემბერს გვითხრეს, რომ ისინი „სამართლებრივი პროცესების დასრულებას ელოდებიან“.

ამ სამინისტროს, ასევე სხვა რომელიმე უწყებას ამ დრომდე არ განუმარტავს, კონკრეტულად ვისი ბრალეულობა იყო ის, რომ უკანონოდ აფეთქებდნენ კლდეს და ამან ადამიანის სიცოცხლეც იმსხვერპლა.

აფეთქებას კარიერზე კომპანია „დინამიტ ლ.დ.“ ახორციელებდა. ის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე „ალბაირაქმა“ დაიქირავა. ამ დრომდე გამოძიებას მხოლოდ „ალბაირაქის“ სამი მუშა ჰყავს დაკავებული. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით, რაც გულისხმობს 2-დან 5-წლამდე პატიმრობას და უფრო მსუბუქ სასჯელებსაც ითვალისწინებს. პროკურატურა არ გამორიცხავს იმას, რომ ამ საქმეზე დამატებით სხვა პირების პასუხისმგებლობაც დადგეს.

 

 

 

რა ელით ჟურნალისტებს გამოცხადებული დეზინფორმაციის მარათონში

რას ნიშნავს, როცა დამოუკიდებელი მედია საგანგებო მდგომარეობას აცხადებს? როგორ უნდა მოიქცნენ ჟურნალისტები, როდესაც მედიამფლობელი ჟურნალისტებს საკუთარი პოლიტიკური თუ ფინანსური ინტერესების გასატარებლად იყენებს? რა არჩევანი აქვთ ჟურნალისტებს და სად არის გამოსავალი – ეს არის საკითხი, რომელზეც „ბათუმელები“ მედიის სპეციალისტს, ზვიად ქორიძეს ესაუბრა.

  •  2018 წლის 30 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედმა“ საგანგებო რეჟიმზე გადასვლა დააანონსა. მენეჯმენტის ამ გადაწყვეტილებით ტელევიზიაში დასაქმებულები ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ არჩევანით – ან დარჩნენ ტელევიზიაში და აიღონ პასუხისმგებლობა არხის სარედაქციო პოლიტიკაზე, ან წავიდნენ. ოფიციალურად ტელევიზიიდან ორი ჟურნალისტი წავიდა, სხვების გადაწყვეტილების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. რა უნდა გააკეთოს ასეთ ვითარებაში ჟურნალისტმა. როგორ უნდა მოიქცეს?

ეს პირველი შემთხვევა არ არის ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში, როდესაც ჟურნალისტებს, ჟურნალისტურ ჯგუფებს და მთლიანად სარედაქციო პოლიტიკას, ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები იყენებენ საკუთარ ხელში პოლიტიკურ იარაღად. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში აისახება თავად ამ ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების სანდოობაზე და მათ მდგრადობაზე.

ხშირად მედიასაშუალებები ან იქმნებიან არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდში, ან თუ ისინი არიან ცოტა უფრო გრძელვადიანი პოლიტიკური პროექტის ნაწილები, აგრძელებენ ამ თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგის დაცვას შემდგომაც. ეს არის პრობლემა და ჩვენ, სამწუხაროდ, ამ საყმაწვილო სენისგან ვერ განვთავისუფლდით დღემდე. ამიტომაც 2018 წელს, როდესაც გვიდგას საარჩევნო ფაზა, ისევ ვიმეორებთ იმავე ტიპის შეცდომას, როდესაც ჟურნალისტმა უნდა შეასრულოს რომელიღაც კონკრეტული პოლიტიკურ-ფინანსური ჯგუფის დავალება, მისი ინსტრუქტაჟით უნდა შეარჩიოს ამბები და გააშუქოს ისე, როგორც სურს მედიამფლობელს. ის, რაც არ სჭირდება მას, დამალოს, მიჩქმალოს და საზოგადოების არაინფორმირებულობას შეუწყოს ხელი.

რაც უფრო იწევს პოლიტიკური დაპირისპირების ხარისხი, მით უფრო იზრდება მედიაზე ზეწოლის სიმძიმე. პირველი ტურის დროს, როდესაც არ იყო ასე მკვეთრად გამოხატული პოლარიზებული პოლიტიკური ბრძოლა, მედიასაშუალებები მეტ-ნაკლებად ახერხებდნენ ლავირებას. მაგრამ როგორც კი მეორე ტურში გადავედით და ორი პოლუსი მივიღეთ – თეთრი და შავი, იქ მედიასაშუალებებს ძალიან კონკრეტული ამოცანა დაუდგათ: გააშუქონ პროცესები ისე, როგორც ეს უნდა პოლიტიკურ დამკვეთს.

ბევრად უფრო მობილიზებული და ბევრად უფრო მონოლითურია „რუსთავი 2“, რადგან პრაქტიკა და გამოცდილება აქვს. სხვათა შორის, იმის გამოცდილებაც აქვს, რომ პოსტსაარჩევნო ფაზაში გააგრძელოს არსებობა, გააგრძელოს არსებობა იმ პირობებში, როდესაც მისი პარტნიორი პოლიტიკური ჯგუფი მმართველობაშია და გააგრძელოს მაშინაც, როცა მისი პარტნიორი გუნდი ოპოზიციაშია.

„იმედს“ ამის პრაქტიკა ნაკლებად აქვს და, შესაბამისად, იძულებულები გახდნენ, რომ მათ ეს მესიჯი ჩუმად კი არ ეთქვათ, ან სარედაქციო თათბირებზე კი არ შეესაღებინათ, არამედ საჯაროდ განაცხადეს.

ის ორი კანდიდატი, რომლებიც დარჩნენ მეორე ტურში, არ ჩანან და ჩანან მედიები, რომლებიც საკუთარი პოლიტიკური დავალებებით ერთმანეთს ებრძვიან, ექიშპებიან და ცდილობენ, ასე მოიპოვონ აუდიტორია.

  • ჟურნალისტებმა რა უნდა ქნან ასეთ დროს?

ამოცანა არის ძალიან მარტივი – ჟურნალისტმა უნდა დაიცვას პროფესიული სტანდარტები და პროფესიული ეთიკა. თუ ჟურნალისტი ამას აკეთებს, მაშინ მასზე ვერანაირი მენეჯმენტი, ვერანაირი პოლიტიკური დამკვეთი ვერ მოახდენს გავლენას. ეს არის ოქროს წესი, ასე მუშაობს მედია ყველგან. იმ სივრცეებშიც კი, სადაც პოლიტიკური დაპირისპირების მაღალი ხარისხია, ვიდრე ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოში. მაგრამ იქ ჟურნალისტები იცავენ სტანდარტებს, იცავენ ამ ეთიკურ ნორმებს და მათ ვერანაირი მენეჯმენტი ვერ აიძულებს, რომ რაღაცა დამალონ, რაღაცაზე თვალი დახუჭონ, მიჩქმალონ და რაღაცები გააშუქონ ისე, როგორც უნდა დამკვეთს და არა აუდიტორიას.

აუდიტორიას რა უნდა? – ზუსტი, უტყუარი, გადამოწმებული და მიუკერძოებელი ინფორმაცია. ასეთი აუდიტორია გვჭირდება ჩვენ პოლიტიკური ბრძოლისთვის, რადგან ასეთი აუდიტორია აკეთებს ინფორმირებულ არჩევანს.

სამწუხაროდ, ჩვენ დეზინფორმაციის ხარისხს ვიღებთ ძალიან ბევრ ტონალობაში. შეიძლება ინფორმაცია, რომელსაც ვაწვდით აუდიტორიას, არ იყოს აუცილებლად ცრუ ინფორმაცია, მაგრამ ის იმ ფორმით იყოს მიწოდებული, ის ტონალობა იყოს შერჩეული, ის მნიშვნელოვანი ელემენტები, დეტალები იყოს მიჩქმალული ცალკეულ სიუჟეტში ან სტატიაში, რომ ამან ირიბად მოახდინოს გავლენა აუდიტორიაზე და მათ დეზინფორმირებას შეუწყოს ხელი.

თუ ამას გააკეთებენ ჟურნალისტები და მენეჯმენტი მათ მოსთხოვს, რომ არა, თქვენ ახლა უნდა გააკეთოთ ის, რასაც გვავალებენ  პოლიტიკური ან ფინანსური დამკვეთები ზემოდან და თუ ამას არ გააკეთებთ, ჩვენ დაგითხოვთ… ვერ დაითხოვენ მთლიანად ჟურნალისტებს. ჩვენი პრობლემა ზუსტად ის არის, რომ არის ჟურნალისტთა ნაწილი, ვინც იცავს პროფესიულ სტანდარტებს, ეთიკას და ისინი, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში იძულებული არიან წავიდნენ. და არიან ჟურნალისტები, რომლებიც რჩებიან. შესაბამისად, ისინი ასრულებენ იმ დავალებას, რომელიც აუდიტორიის ინტერესებში არ შედის.

  • ანუ თუკი დღეს ტელევიზიაში მომუშავე ჟურნალისტი აღმოჩნდება პრინციპული და არ გადაუხვევს ეთიკურ სტანდარტებს, მას ასე ხელაღებით მენეჯმენტი ვერ გაათავისუფლებს?

მთელ სარედაქციო გუნდს ვერ დაითხოვს ვერანაირი მენეჯმენტი. ეს გამორიცხულია. ამიტომ მთავარია, რომ ის ჟურნალისტები, რომლებიც მუშაობენ ამა თუ იმ მედიასაშუალებაში, იყვნენ პროფესიული სტანდარტების მიმართ ერთგულები. არა რაღაც ლოგოს მიმართ ერთგულები, არამედ პროფესიული სტანდარტების მიმართ.

მე ვერ გამოვყოფ ახლა ცალკე „იმედს“, რადგან „იმედი“, უბრალოდ, იძულებული გახდა ეს ღიად ეთქვა, სხვანაირად ის ვერ მიიპყრობდა ყურადღებას. ამიტომ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, ყველა ჟურნალისტი, ყველა პროდიუსერი, ასრულებს თუ არა თავის სამუშაოს ეთიკური ნორმების დაცვით. თუ ისინი რაღაცას ეგუებიან და ამ შეგუების სანაცვლოდ იღებენ გარანტიებს, რომ სამსახურიდან მათ არავინ დაითხოვს, არავინ შეუქმნის პრობლემას. გამოდის, მათ თავად არ უქმნით პრობლემას ის, რომ ისინი პროფესიულ სტანდარტებს არღვევენ. გამოსავალი არის ის, რომ მედიამ თქვას: – მე არ ვუღალატებ პროფესიულ სტანდარტებს. ჟურნალისტმა თქვას ეს, ოპერატორმა თქვას ეს, პროდიუსერმა თქვას ეს და ამას ვერავინ ვერ გადავა.

ამ დასკვნის საშუალებას იძლევა მსოფლიო მედიის პრაქტიკა. დამკვეთი იქნება ეს, უშუალო მენეჯერი თუ გარეთ არსებული პოლიტიკურ-ფინანსური კონგლომერატი, ისინი აუცილებლად დამარცხდებიან, რადგან ვერაფერი დაუდგება წინ პროფესიული, ღირსებით სავსე მედიათანამეგობრობას, რომელთა მთავარი ინტერესია მაყურებელი მშვიდ გარემოში მიიყვანოს საარჩევნო უბნამდე და მიიყვანოს ინფორმირებული, რაც ყველაზე მთავარია.

ახლა ჩვენ გვაქვს გამოცხადებული დეზინფორმაციის მარათონი, რომლის შედეგი არ ვიცით რა იქნება. ვაკვირდები, ხანდახან ისეთ დასკვნებს აკეთებენ სიუჟეტებში ან თოქშოუებში მოწვეული რესპონდენტები, რასაც მიმდინარე ყოველდღიურობაში, საჭორაო სივრცეშიც შეიძლება ვერ წააწყდე. ახლა მოცემულობა გვაქვს ასეთი: მედიამ მარტო ის უნდა უთხრას აუდიტორიას, რაც აწყობს მის პოლიტიკურ დამკვეთებს.

  • დღეს მაყურებელს საქართველოში უწევს კონკრეტული სიუჟეტის ყურებისას ამოიცნოს, არის თუ არა სწორი ინფორმაცია, რასაც აწვდის კონკრეტული არხი, არის თუ არა განზრახ დამახინჯებული ფაქტები,  არის თუ არა სიუჟეტი ვინმეს წინააღმდეგ მიმართული.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტები და ეს არის ზუსტად იმის მაჩვენებელი, რომ მედიაწიგნიერების ხარისხი ჩვენს საზოგადოებაში იზრდება. ანუ მაყურებელი, მკითხველი, ჩვენი მედიის აუდიტორია აღარ არის გულუბრყვილო ბარტყივით პირდაფჩენილი, რა ლუკმას გადმოუგდებენ. ჩვენი აუდიტორია ფიქრობს, აზროვნებს, აფასებს და ისე გამოაქვს დასკვნა.

აქ მედიას ავიწყდება ერთი რამ – აი, ამ დამატებით სამუშაოს შესრულებით პრაქტიკულად განიზიდავს აუდიტორიას.

  • ხშირად მაყურებელი მედიას ჰყოფს მისთვის მისაღებ და მიუღებელ კატეგორიად. მინახავს, როგორ არ აძლევენ ინტერვიუს ჩვეულებრივი მოქალაქეები კონკრეტული არხების ჟურნალისტებს და ეუბნებიან, რომ მას არ ენდობიან. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, როგორ აისახება მედიაგარემოზე?

ამ მოკლევადიან წინასაარჩევნო პროცესში მედიის მიმართ აუდიტორიის დამოკიდებულებას კარგად ვერ დავინახავთ. მაგრამ თუ ამას გრძელვადიან პერსპექტივაში დავაკვირდებით, დავინახავთ – ჩვენ ამის მაგალითები გვქონია, როგორ ხდება მედიისგან განზიდვა. ამ საარჩევნო ბატალიების დასრულების შემდეგ – მიუხედავად იმისა, რა შედეგი დადგება, მთლიანად მედიისადმი გაჩნდება დიდი უნდობლობა, არა კონკრეტულად ერთი არხის, არა კონკრეტულად ერთი მედიაპორტალის მიმართ, არამედ ზოგადად.

სხვათა შორის, დღეს, როდესაც დიდი მედიაკონგლომერატები იბრძვიან, ყველა ვხედავთ, რომ მთავარი ლიდერები არიან „რუსთავი 2“ და „იმედი“, ასევე სხვადასხვა აფილირებული მედია მათთან, ანუ ისე ნუ შევხედავთ, რომ ერთი გაილაღებს და მეორე დაიჩაგრება ამ საარჩევნო ბატალიების დასრულების შემდეგ. არა, მთლიანად მედიის მიმართ იქნება უნდობლობის ხარისხი მაღალი ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენ ეს დრო დაგვიდგება საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ.

არ არის გამორიცხული ეს მიდგომა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი თავად იმ პოლიტიკური გუნდებისთვის, რომლებიც დღეს ეჯახებიან ამ მთავარ პოლიტიკურ ტატამზე ერთმანეთს. შეიძლება მათი მომავალი სურვილიც მომავალი პოლიტიკური საქმიანობისთვის იყოს ის, რომ აი, ამ საზოგადოებას, რომელიც დღეს არჩევანს აკეთებს, ხვალ და ზეგ აღარ ჰქონდეთ სანდოობის რაიმე მაჩვენებელი ქართული მედიის მიმართ. ისინი შემდგომ, უკვე სხვა პოლიტიკურ დავალებებს, სხვა პოლიტიკურ ამოცანებს გაცილებით მარტივად გადაჭრიან იმ პირობებში, როდესაც მედიისადმი ნდობის ხარისხი იქნება დაბალი.

ეს საბოლოო ჯამში ურტყამს დემოკრატიის ხარისხს ქვეყანაში, თავისუფალი განვითარების ხარისხს და ეს არ არის ჩვენი საზოგადოების მომავლისთვის სასარგებლო. ჩვენ ეს რისკი ახლავე უნდა დავინახოთ და მგონია, რომ საუკეთესო საშუალება არის მოვყვეთ ამბავი, რაც ხდება, გავაშუქოთ ისე, როგორც არის, არ დავარღვიოთ მიუკერძოებლობისა და სიზუსტის წესები, დავიცვათ პროფესიული ეთიკა.

  • რთულია ამის გაკეთება?

დარწმუნებული ვარ, ამ მედიასაშუალებებში, ვისაც ჩვენ ახლა ვხედავთ ბაზარზე, რომლებიც ახლა ქმნიან კონკრეტულ მედია დღისწესრიგს, იქ მუშაობს უმრავლესობა ჟურნალისტების, რომლებმაც ეს კარგად იციან.

უბრალოდ, სამწუხაროდ, ისინი ხშირ შემთხვევაში მიმდინარე მოთხოვნებს ადვილად უყურებენ და შედეგად იღებენ იმას, რასაც იღებენ. იღებენ იმას, რომ საკუთარი წამიერი კეთილდღეობა და უზრუნველი ყოფა მედიასაშუალებაში დაიმკვიდრონ აი, ასეთი სარედაქციო პოლიტიკით, როგორსაც ახლა არჩევნების წინ გვთავაზობენ.

ეს გამოწვეულია იმითაც, რომ ეს მედიასაშუალებები მთელი ამ პერიოდს თუ გადავხედავთ, არ არიან მდგრადები, ანუ ისინი არ ქმნიან იმ პროდუქტს, რომელსაც მოაქვს იმაზე მეტი შემოსავალი, ვიდრე მათი საჭიროებისთვის არსებული ხარჯებია: ტელევიზიები, მედიაპორტალები, გაზეთები, ხშირ შემთხვევაში არიან დოტაციური იმ პოლიტიკური, ფინანსური ჯგუფებისგან, რომლებიც საკუთარ დაკვეთას სთავაზობენ. და როდესაც ისინი ამას სთავაზობენ, შედეგს იღებენ სათანადოს. მოვიდა არჩევნების ფაზა და მოდი არჩევნებზე მოვიქცეთ ისე, რომ მეტი ფული ვიშოვოთ.

მაგრამ დააკვირდით, ამ პოლიტიკური ბრძოლის ფონზე, ჩვენ ვხედავთ, რომ – ეს მედია საშუალებები იმდენად კარგავენ სანდოობის ხარისხს, შეიძლება ხვალ და ზეგ გაუჩნდეთ რეკლამის დეფიციტი, სხვა შემოსავლის მიღების დეფიციტი და დადგნენ გაკოტრების პირას.

  • აქამდე ტელევიზიები იხურებოდა არჩევნების შემდეგ და გარკვეულწილად იყო დამოკიდებული არჩევნების შედეგზე. იბერიის შემთხვევა განსხვავებულია, არჩევნებამდე დაიხურა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ აქაც ჟურნალისტები მედიამფლობელის ინტერესების გამტარები აღმოჩნდნენ…

როდესაც მიმოვიხილავთ იბერიის შემთხვევას, უნდა ვთქვათ, რომ ეს არის პოლიტიკური აქტი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მედიასაშუალება არ იყო მთავარი და ეს მედიაბიზნესი არ იყო მთავარი ბიზნესი. ეს მედიაბიზნესი მას სჭირდებოდა თავისის ძირითადი სხვა ბიზნესის მეხამრიდად და იმ პრობლემების მოსაგვარებლად ან იმ პრობლემებზე სავაჭროდ, რომელიც ძირითად ბიზნესში გაჩნდებოდა.

ტელეკომპანია „იბერიას“ მფლობელმა,  თავისი ბიზნესპრობლემების, თავისი კრიზისული ვითარების გასავრცელებლად თემის აქტუალიზება მოახდინა უფრო გავლენიან არხზე, „რუსთავი 2“-ზე. სწორედ მაშინ დაკარგა „იბერიამ“ თავისი მედიამფლობელისთვის ფასი. შესაბამისად, ამ თემით ის მივიდა იქამდე, რომ მან საკუთარი არხი დახურა. მან მოაგვარა თავისი ბიზნესპრობლემები, არ ვიცი სრულად, ნაწილობრივ, დროებით თუ როგორ, მან მოაგვარა ის პრობლემები, რაც აწუხებდა, მან თავისი ძირითადი ბიზნესი აამოქმედა, ქარხანა აამუშავა, ფინანსთა სამინისტროსთან დაალაგა ურთიერთობა, რის შედეგადაც რა მივიღეთ? მან დახურა მედიასაშუალება. აღმოჩნდა, რომ სწორედ ეს მედიასაშუალება იმ დონეზე და იმდენად სჭირდებოდა მას, რამდენადაც სჭირდებოდა თავისი ბიზნესის საჭიროებებისთვის.

დღეს ჩვენ ვერ ვეტყვით მთავრობას პირდაპირ, რომ მან დახურა ტელეკომპანია „იბერია“, რადგან, ფაქტობრივად, მესაკუთრემ დახურა. მაგრამ თუ კონტექსტს დავინახავთ, ჩანს, რომ იქ, ერთი მხრივ, მთავრობის ზეწოლა იყო, მეორე მხრივ, მთავარი პრობლემა იყო მედიამდგრადობა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არ არის. ჟურნალისტებს სარედაქციო ამოცანების შესრულებისთვის ხელს უშლის ის, რომ პროფესიული სტანდარტების ეთიკის სანაცვლოდ მათ სთავაზობენ მორჩილებას და, რა თქმა უნდა, როდესაც მათ მორჩილების  ამოცანა შეასრულეს რაღაც ეტაპზე, მეორე ეტაპზე ადგნენ და დაუხურეს ტელევიზია. მორჩა. ეს უფრო გლობალურ პრობლემებს გვანახებს ჩვენ, ვიდრე მარტო მექანიკურად ვთქვათ, რომ მედია დახურა მთავრობამ. მთავრობა, როგორც აქტორი ამ პროცესში არ უნდა გამოვრიცხოთ, მაგრამ დავინახოთ კიდევ სხვა პრობლემები, რომელიც ამას თან სდევს.

  • ცოტა ხნის წინ გვქონდა რეალობა, როდესაც ყველა გავლენიანი არხი ემორჩილებოდა ხელისუფლებას და ამ არხთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო „რუსთავი 2“. დღეს კი „რუსთავი 2“-ს ვერ აკონტროლებს ხელისუფლება. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლებაში მოვა ძალა, რომელიც გააკონტროლებს ამ ტელევიზიას? 

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არსებითად პოლიტიკურ ცხოვრებაში ბევრ რამეს არ ცვლის. ეს მოხდება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მაგრამ არჩევნებამდე ეს სტატუსკვო – მედია პროპაგანდისტული ომისა, გაგრძელდება. „რუსთავი 2“-იც პროპაგანდაა, ოღონდ სხვა პოზიციიდან. მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მივაღწევთ საპარლამენტო არჩევნებამდე და მერე დადგება ამოცანა, თუ ვინ გაიმარჯვებს, ვინ გახდება სამთავრობო გუნდი და  ვინ ვისთან შექმნის კოალიციას და ა.შ. მერე უკვე ეს პირდაპირპროპორციულად აისახება ამ მედიასაშუალებებზე.

რა თქმა უნდა, თუ გაიმარჯვებს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, „რუსთავი 2“-ისთვის იქნება საკმაოდ სერიოზული ფორა, ის აი ამ კოჰაბიტაციის ახალ პროცესში შეეცდება მოიზიდოს აუდიტორია ისევ ელექტორალური თვალსაზრისით და არა პროფესიული. თუ წააგო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა არჩევნები, მაშინ, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან სერიოზული შტურმი „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ უკვე გაერთიანებული ფრონტით – პრეზიდენტიც, პარლამენტიც, ყველა იქნება აკუმულირებული ერთი პოლიტიკური გუნდის ხელში და ეს პოლიტიკური გუნდი უკვე გადავა ბოიკოტირების რეჟიმში და ისინი მოახრჩობენ „რუსთავი 2“-ს როგორც ტელევიზიას, რომელსაც უკვე საიმისო რესურსი, გაუწიოს წინააღმდეგობა აი ამ დიდ შტურმს, ნაკლებად ექნება. ეს უკვე გაცხადებულად ჩანს პოლიტიკურ შეფასებებშიც, რომ „რუსთავი 2“-ს მაგალითად მთავრობა, მმართველი გუნდი არ განიხილავს ტელევიზიად, განიხილავს როგორც ნაწილს მოწინააღმდეგე პოლიტიკური გუნდის ერთიანი სტრატეგიისა, იმ პრინციპით, რომ თავად ასეთივე მიდგომა აქვთ. „იმედს“ განიხილავს არა როგორც ტელევიზიას, არამედ როგორც თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის, პოლიტიკური სტრატეგიის შემადგენელ ნაწილს. ამიტომაც აიძულეს „იმედი“, რომ გამოეცხადებინა საგანგებო, ყაზარმულ რეჟიმზე გადასვლა.

  • რისთვის?

იმიტომ, რომ რაღაც „შეცდომა“ მოუვიდა მმართველ გუნდს და ვერ გაიყვანა პირველივე ტურში თავისი კანდიდატი. ეს ავარია უნდა გამოსწორდეს და გამოსწორდეს რითი? ტელევიზია, რომელსაც ის ინახავს, გამოიყენოს ახლა როგორც მთავარი დამრტყმელი ძალა.  ის თავის ტელევიზიასაც განიხილავს სტრატეგიული პროცესის შემადგენელ ნაწილად, ოპონენტის ტელევიზიასაც განიხილავს მისი პოლიტიკური ოპონენტის სტრატეგიული კამპანიის ნაწილად. ამიტომ ამოცანა მმართველი გუნდის, თუ მისმა კანდიდატმა გაიმარჯვა იქნება არა მარტო პოლიტიკურ გუნდს გაუსწოროს ანგარიში, არამედ გაუსწოროს ანგარიში იმ ტელევიზიასაც, რომელსაც ის ხედავს აი ამ როლში – როგორც მთავარ პოლიტიკურ პროპაგანდისტულ იარაღს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში. ამ ბრძოლის ფონზე კი აუდიტორია რჩება დაზარალებული.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლისა” და ბათუმის №1 საჯარო სკოლის ურთიერთგაგების მემორანდუმი

დღეს, 7 ნოემბერს, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლსა” და ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი  №1 საჯარო სკოლის დირექტორმა, ნატალია მგელაძემ და  „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” გამგეობის თავმჯდომარემ, ასლან ჭანიძემ მოაწერეს.

შეთანხმების მიხედვით, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ სკოლასთან ერთად სემინარებს, კონფერენციებსა და გამოფენებს მოაწყობს, სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს გამოცხადებული პროექტებისა და კონკურსების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას და, ასევე, სურვილისამებრ ჩართავს სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს სხვადასხვა ტიპის სამოქალაქო აქტივობაში.

სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები გაეცნობიან „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ მომზადებულ სტატიებს, სიუჟეტებსა და გადაცემებს.

ბათუმის №1 საჯარო სკოლას „თავისუფალ ჟურნალისტთა” სახლმა საჩუქრად 100-მდე დასახელების წიგნი, მათ შორის სამეცნიერო, საგანმანათლებლო. მხატვრული და საინფორმაციო ლიტერატურა გადასცა.

ბათუმის №1 საჯარო სკოლას „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვასა და მომზადებაშიც  დაეხმარება.

მემორანდუმი სამწლიანია და ორგანიზაციის ინიციატივით განხორციელებულ ყველა პროექტსა და აქტივობას „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ დააფინანსებს.

შეთანხმების მიზანი ახალგაზრდების ცნობიერების გაზრდაა შესაბამისი საინფორმაციო კამპანიების განხორცილების გზით.

ბათუმის #1 საჯარო სკოლის დირექტორი ნატალია მგელაძე და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” გამგეობის თავმჯდომარე, ასლან ჭანიძე

შეხვედრის დასასრულს ბათუმის №1 საჯარო სკოლას „თავისუფალ ჟურნალისტთა” სახლმა საჩუქრად 100-მდე დასახელების წიგნი, მათ შორის სამეცნიერო, საგანმანათლებლო, მხატვრული და საინფორმაციო ლიტერატურა გადასცა.

რუსთაველის ქუჩაზე ორ მოქალაქეს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, სასტუმრო „ჰოლტონთან“ ორ მოქალაქეს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ადგილზე მყოფი მოქალაქეების თქმით, მანქანა ცოლ-ქმარს დაეჯახა ქუჩის გადაკვეთის დროს.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულ ქალს მოტეხილობები ჰქონდა სხეულის სხვადასხვა ადგილზე და ის ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, მამაკაცის მდგომარეობა კი მძიმეა. იგი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

სად არიან ის ადამიანები, რომლებმაც 8 ნოემბერს ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები დაარბიეს

„8 ნოემბერი მხოლოდ პოლიტიკური ქულების დასაწერად ახსენდებათ. 11 წლის განმავლობაში ერთი დეტალი გამოიძია მაინც ვინმემ ამ საქმიდან? ვინმემ პასუხი აგო? ისინი საკუთარ თავს ვერ დასჯიან, ის ადამიანები ისევ ხელისუფლებაში არიან,“ – ამბობს რეზო ხარაზი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი აჭარაში. იგი 2007 წლის 8 ნოემბერს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მომსახურების სამსახურში მუშაობდა და კარგად ახსოვს ადამიანები, ვინც აქციას არბევდნენ და დღემდე ხელისუფლებაში არიან. ხვალ, 8 ნოემბერს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფოტოგამოფენით კიდევ ერთხელ გაიხსენებენ 2007 წლის 8 ნოემბერს ამ უნივერსიტეტის სტუდენტების დარბევის ფაქტს.

ხელისუფლების წარმომადგენლები სოციალურ ქსელში სხვადასხვა ფოტომასალას აზიარებენ, ოპოზიცია კი მათ „სამართლიანობის აღდგენას“ ახსენებს – დაპირებას, რომლითაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. ამ დარბევის ერთ-ერთი თვითმხილველი იყო რეზო ხარაზიც.

  • რეზო, რატომ იყავით თქვენ 8 ნოემბრის აქციაზე. თქვენ ხომ მაშინაც მიხეილ სააკაშვილს გულშემატკივრობდით?

იმ დილით ჩვეულებრივ მივედი სამსახურში დილის ცხრაზე, უკვე საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული. ძალიან დაძაბული იყო მდგომარეობა, ზოგადად, თუმცა უნივერსიტეტში არაფერი იგრძნობოდა, მიდი-მოდიოდა ხალხი… ცოტა ხანში უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბა ხალხი და გავიგეთ, რომ იგეგმებოდა აქცია. არ ვიცოდი კანონი რას ითვალისწინებდა ამ დროს, რადგან საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული და უნივერსიტეტის მაშინდელ კანცლერს, მალხაზ ნაკაშიძეს შევხვდი. მან მითხრა, რომ ეს საფრთხე იყო.

მივედი ეზოში შეკრებილებთან და ვუთხარი, რომ აქციის გამართვის ნაცვლად, იქნებ სააქტო დარბაზში შეკრებილიყვნენ. მაშინ აგრესია და გაღიზიანება მოჰყვა ამას და მე მესმის მათი. მეც მქონდა პროტესტის გრძნობა, მაგრამ მე უნივერსიტეტის ადმინისტრაციას წარმოვადგენდი მაშინ. იქ იყო კაკო ძნელაძე, გია მასალკინი, ვახტანგ ღლონტი და სხვები.

ამასობაში, ეზოში შავებში ჩაცმული ადამიანები გამოჩნდნენ, ისინი არ იყვნენ სპეცრაზმელები. მათთან მე და ლაშა ბაჟუნაიშვილი, მაშინდელი სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე მივედით. ვკითხეთ, რა ხდებოდა, მაგრამ მოგვიცილეს, თქვენ ვინ გეკითხებათო. მერე მოგვაკითხეს და გვითხრეს, რომ სტუდენტური საცხოვრებლისკენ უნდა გავყოლოდით ქუჩის მხარეს. იქ, ქუჩის კუთხეში, დავით ბედია გველოდებოდა, ის მაშინ პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო.

დავით ბედიამ თქვა, აქცია არ უნდა შედგესო. ვუთხარი, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რა უნდა ვუთხრა სტუდენტებს-მეთქი. არ ვიცი, აქცია არ გამოვაო…

ამასობაში აქციის მონაწილეები ქუჩის მხარეს გადმოვიდნენ, უნივერსიტეტის წინ. მე და ლაშას, სხვათა შორის, სტუდენტებმა დაგვიჯერეს და ეზოში შევიდნენ. სტუდენტებს ვუთხარით, რომ აქციის დარბევის საფრთხე დიდი იყო. აქციის მონაწილეები აღარც ქუჩაში იყვნენ და არც სააქტო დარბაზში შევიდნენ. შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა და ყველას კარგად ახსოვს. ეს იყო ძალიან ცუდი ფაქტი.

  • ეს იყო ცუდი ფაქტი, თუ დანაშაული? 

კი, ეს იყო დანაშაული, მაგრამ რა გამოიძიეს ამ 11 წლის მანძილზე, რომელი დეტალი გამოიძიეს? ის დავით ბედია დღეს სუს-ის მაღალჩინოსანია, პირიქით, დააწინაურეს…

ჩემი სათქმელი დღეს არის ის, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში 2012 წელს სამართლიანობის აღდგენის დაპირებით. დაპირების შესრულების ნაცვლად, პირიქით, ის ადამიანები, ვისაც 8 ნოემბერზე პასუხისმგებლობა უნდა ეგრძნო მინიმუმ, ხელისუფლებაში დარჩნენ ან დაწინაურდნენ. მე დღესაც მხვდებიან ის სტუდენტები, რომლებიც 8 ნოემბერს დაარბიეს. ისინი მუშაობენ ბანკებში, საჯარო სექტორში და ასე შემდეგ. როცა ერთმანეთს ვხედავთ, პირველ რიგში, ეს აქცია გვახსენდება, მაგრამ არც ერთ მათგანს დღეს აღარ სჯერა, რომ სამართლიანობა ამ კუთხით აღდგება.

რეალურად 8 ნოემბერი ახსენდებათ მხოლოდ მაშინ, როცა პოლიტიკური ქულების დაწერაა საჭირო. წინა წლებში არ იყო 8 ნოემბერი? მაშინაც იხსენებდნენ, მაგრამ ისე, რომ ვერც გაიგებდი. ან თუ რექტორი ვარ და მაწუხებს ეს საკითხი, რატომ დაველოდები 8 ნოემბერს, ხომ შეიძლება ნებისმიერ დროს მოვთხოვო პასუხი ხელისუფლებას, რატომ არ გამოიძიე ამ დრომდე ეს საქმეო.

  • დავით ბედიას გარდა, კიდევ ვინ გახსენდებათ 8 ნოემბრის აქციის დარბევიდან, ვინც ახლა ხელისუფლებაშია? 

იმ პერიოდში, როცა უნივერსიტეტი დაარბიეს, სოდ-ის ერთ-ერთი უფროსი იყო არჩილ ჩიქოვანი, რომელიც ახლა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსია. აქციიდან ასევე მახსოვს უჩა შანიძე, ის უშუალოდ დარბევის შემდეგ გამოჩნდა. უჩა მაშინ უშიშროების წარმომადგენელი იყო და ახლა „ოცნების“ აქტივისტია. თორნიკე რიჟვაძის მამა – დავით რიჟვაძე მაშინ აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს კრიმინალურ პოლიციაში იყო და ზურაბ პატარაძე ვინ იყო, ხომ ვერ შემახსენებს ვინმე? ზურაბ პატარაძე ელჩი იყო. ახლა გული შესტკივა თურმე ხალხზე და ჩამოვიდა წინასაარჩევნოდ აჭარაში… და მაშინ რატომ არ ჩამოვიდა ხალხთან გვერდში დასადგომად, რატომ არ თქვა, ხალხო, რაღაც ცუდი მოხდაო? უმაღლესი საბჭოს წევრი და „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი ირაკლი ჭეიშვილი სად იყო მაგ დროს? გამოვიდეს და თვითონ თქვას, ირაკლი ჭეიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ უკრავდა ტაშს, ისევე როგორც მერაბ კარანაძე. მერაბ კარანაძე იმ დროს „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორი იყო და რომ დაეძახათ, ისიც ტაშის კვრით მიესალმებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“. დღეს დეპუტატი ცოტნე ანანიძე როცა ამ აქციის კადრებს აზიარებს, მის გვერდით ზის მერაბ კარანაძე, ის მისი თანაგუნდელია ახლა და იქნებ იმას დაუსვას კითხვა, რატომ არ ჰქონდა რეაქცია ამ ყველაფერზე.

  • თქვენ პასუხს სთხოვთ ადამიანებს იმაზე, რომ პროტესტი არ ჰქონდათ, რომ ვიღაცის მამა თანამდებობის პირი იყო მაშინ? 

მე რატომ მთხოვენ აბა პასუხს, ესაა ლოგიკური? მეც რეალურად დაზარალებულად აღვიქვამ ჩემს თავს… „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აგო ამისთვის პასუხი პოლიტიკურად, 2012 წლიდან უნდა დაწყებულიყო დასჯის პროცესი იმ ადამიანების, ვინც ეს აქცია დაარბია. დასჯილი არავინ გვინახავს და მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერას ნუ ცდილობენ, ამას ვამბობ მე.

_______

მთავარ ფოტოზე: გაზეთ „ბათუმელების“ პირველი გვერდი, 2007 წლის 14 ნოემბრის ნომერი 

მამაკაცმა ქალს ვალუტის ჯიხურთან ფული წაართვა და წაიქცა

ბათუმში, გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში, ქალს ფული წაართვეს. თვითმხილველის თქმით, ქალს ვალუტის გადაცვლის ჯიხურიდან გამოჰქონდა ფული, როცა მას ახალგაზრდა კაცი თავს დაესხა. მამაკაცმა ქალს ფული ჩანთასთან ერთად გამოსტაცა და გაიქცა.

თვითმხილველების თქმით, კაცი, რომელმაც ქალს ფული წაართვა, რამდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ, მეორე სკოლის წინ, ტროტუარზე წაიქცა – მან ბოძკინტს წამოჰკრა ფეხი.

წაქცეულ კაცს გაქცევის საშუალება ქუჩაში მყოფმა მოქალაქეებმა არ მისცეს. ის უკვე დააკავა საპატრულო პოლიციამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის შესაბამისად, რაც ძარცვას გულისხმობს.

ბათუმის გამწვანების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

დღეიდან, 7 ნოემბრიდან, ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. სამსახურის დირექტორად დავით დიასამიძე დაინიშნა. სამსახურის ინფორმაციით, ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს ბათუმის ვიცე-მერმა, თენგიზ პეტრიძემ წარუდგინა.

დავით დიასამიძე პროფესიით იურისტია. წლების განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში და ბიზნესსექტორში მუშაობდა.  ბოლოს კი ის თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში მუშაობდა.

2018 წლის  პირველი იანვრიდან 5 ნოემბრამდე სამსახურის უფროსის მოვალეობას მოადგილე – შავლეგ ფხაკაძე ასრულებდა.

 

სახელმძღვანელოების გრიფირებაზე სამინისტრომ ახალი კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს განათლების სამინისტრო საბაზო და საშუალო საფეხურების სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსს აცხადდებს.

2018 წელს კონკურსი მე-7 კლასის სახელმძღვანელოების გრიფირებაზე გამოცხადდება, 2019 წელს  – მე-8 და მე-9 კლასების სახელმძღვანელოების გრიფირებაზე, ხოლო 2020 წელს, ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო საფეხურის მიმდინარე რევიზიის დასრულების შემდეგ, კონკურსი საშუალო საფეხურის სახელმძღვანელოებზე.

სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის, მარიამ ჩიქობავას განცხადებით, ახალი კონკურსის პირობები პროცესის დასაწყისშივე ცხადი და მკაფიო იქნება ყველასთვის და „ადგილი არ ექნება გზადაგზა განხორციელებულ არსებითი ხასიათის ცვლილებებს“. ჩიქობავას თქმით, გამომცემლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციების შემდეგ დამტკიცდება რეცენზირების წესი, ასევე, შეფასების შინაარსობრივი და ტექნიკური კრიტერიუმები.

მისივე თქმით, „წინა გრიფირებისგან განსხვავებით, შემფასებლების შერჩევის პროცესი  სრულიად გამჭვირვალე იქნება და სახელმძღვანელოებს შეაფასებს არა დამატებითი კომისია, გამსწორებელთა მხოლოდ ერთი ჯგუფი“.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სახელმძღვანელოები შეფასდება რამდენიმე მიმართულებით: ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა; შინაარსობრივი გამართულობა; სტრუქტურული გამართულობა; ენობრივი გამართულობა; სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობა; მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობა.

„განათლების სისტემაში  მიმდინარე რეფორმის საფუძველზე, ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განსაკუთრებული აქცენტი არა მხოლოდ შინაარსის დამახსოვრებაზე, არამედ მის კრიტიკულ გააზრებაზე, კვლევითი, შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარების განვითარებაზეა გაკეთებული.

შესაბამისად, ამ კომპონენტებთან ერთად, გრიფირების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სახელმძღვანელოების ხარისხის უზრუნველყოფას. მნიშვნელოვანია, რომ სახელმძღვანელოების ავტორებისთვის მოთხოვნები მკაფიო  იყოს,“ –  განაცხადა მარიამ ჩიქობავამ ბრიფინგზე.

გრიფირების პროცედურაში შესული ცვლილებების მიხედვით, სახელმძღვანელოების წერისთვის გამომცემლებს უფრო მეტი დრო ექნებათ, მხოლოდ მე-7 კლასის სახელმძღვანელოსთვის – 4 თვეზე მეტი.

„ასევე მეტი დრო დაიხარჯება თავად ავტორებზე. კერძოდ, მათთვის ინტენსიურად ჩატარდება საგნობრივი კონსულტაციები, კონკრეტული საგნის სტანდარტის გააზრებისა და შეფასების კრიტერიუმების გაგება-გააზრებისთვის. ავტორებისთვის თემატურ სამუშაო შეხვედრებს ჩაატარებენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რადგან სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, რომ მათთვის არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი,“ – აღნიშნა მარიამ ჩიქობავამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ რაოდენობრივად შემცირდა შინაარსობრივი კრიტერიუმები, რომლებიც უფრო მოქნილი, მკაფიო და ეროვნულ სასწავლო გეგმაზე ორიენტირებული გახდა.

________________

ფოტოზე: მარიამ ჩიქობავა 

 

ბერლინის სახელმწიფო ოპერამ სეზონი კოლხი მედეას თემაზე შექმნილი ოპერით გახსნა

ბერლინის სახელმწიფო ოპერამ შემოდგომის სეზონი კოლხი მედეას თემაზე შექმნილი, ლუიჯი კერუბინის ფრანგულენოვანი ოპერის პრემიერით გახსნა.

იტალიური წარმოშობის ფრანგი კომპოზიტორი, ლუიჯი კერუბინი, ბეთჰოვენის თანამედროვეა. ოპერა „მედეა“ მან საფრანგეთის რევოლუციიდან მალევე, 1797 წელს დაწერა პიერ კორნელის ტრაგედიის მიხედვით.

ბერლინის სახელმწიფო ოპერის პრემიერაზე მედეას როლი ბულგარელმა სოპრანომ, სონი იონჩევამ შეასრულა.

არგონავტებზე მითის მიხედვით მსოფლიოში არაერთი ტექსტია დაწერილი სხვადასხვა ენაზე. მსოფლიო სცენაზე ოპერები და სპექტაკლები მედეას თემაზე დღემდე იდგმება.

სიმონ ჯანაშია: სკოლებში ასწავლიან არსებული აზრის გამეორებას და არა აზროვნებას

რატომ არ ისწავლება საჯარო სკოლებში აკადემიური წერა, რომელიც მოიცავს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას, მსჯელობას საკვანძო საკითხებზე და რატომ უჭირთ ფორმალური კომუნიკაცია როგორც მოსწავლეებს, ასევე აკადემიურ პერსონალს? ქართული განათლების გამოწვევებზე „ბათუმელებთან“ განათლების სპეციალისტი, სიმონ ჯანაშია საუბრობს.

  • ბატონო სიმონ, რა არის ძირითადი მიზეზი იმის, რომ ქართულ სკოლებში არ ისწავლება აკადემიური წერა?

ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებში არის გარკვეული ასპექტები, რომლებიც მოითხოვს აკადემიური წერის სტანდარტებს. თუმცა ეს სფერო, ზოგადად, ძალიან განუვითარებელია არა მარტო სკოლებში, უნივერსიტეტებშიც. ეს არ არის მარტო განათლების პრობლემა, არამედ დამოკიდებულების პრობლემაცაა, რადგან წლების განმავლობაში აკადემიურ წრეებში ფიქრობდნენ, რომ  უფრო მნიშვნელოვანია, ვთქვათ, წყაროების მიხედვით ზუსტად წერა, ვიდრე ხედვის და აზრის ჩამოყალიბება. ამას ასწავლიდნენ, მაგალითად, უმაღლესშიც, თუ როგორ უნდა გადაიწერო ავტორიტეტული წყარო მითითების გარეშე.

  • ანუ პლაგიატი გახდა ნორმა?

დიახ, ასწავლიდნენ სტუდენტებს, როგორ დაეპლაგიატებინათ სხვადასხვა შინაარსი. რამდენიმე წლის წინ ჩავატარეთ კვლევა პლაგიატთან დაკავშირებით და დავინახეთ, რომ პროფესორებიც კი საერთოდ ვერ ხედავენ ამაში პრობლემას.ზოგიერთი მათგანი ფიქრობს, რომ თუ სტუდენტმა ტექსტთან ახლოს დაწერა, ეს მის განათლებაზე მეტყველებს და არა მაინცადამაინც იმაზე, რომ სხვისი აზრი მიითვისა.

ზოგიერთ პროფესორს არც რცხვენოდა პირდაპირ ეთქვა, რომ „ჩვენ ორიგინალურ ნაშრომს არ ვწერთ, რადგან დაბალი ხელფასი გვაქვს“. როცა ამას პროფესორი ამბობს საჯაროდ, ნიშნავს, რომ საერთოდ არ აქვს ღირებულება და, შესაბამისად, ეს მასწავლებლებიც ამ გარემოში არიან აღზრდილები. ამ დროს გვინდა, რომ განსაკუთრებულ შედეგებზე გავიდეთ.

  • აკადემიური წერა მოითხოვს არა ემოციებზე აგებულ ნაშრომს, არამედ გონებაზე დაფუძნებულს. სკოლებში კი, ჩვენი დაკვირვებით, დღემდე პათეტიკურად იწერება დავალებები.

აკადემიურ ნაწერს სტრუქტურა უნდა ჰქონდეს გამართული. არა მხოლოდ მთლიან ნაწარმოებს, არამედ თითოეულ აზრს. ამას ნაკლებად ასწავლიან. სკოლებში უფრო შემოქმედებით წერას ასწავლიან და იმასაც წესიერად არა. მაგალითად, აშშ-ის სკოლებში იმასაც ასწავლიან, როგორ იწერება ლექსი.

ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ ჩვენთან წლების განმავლობაში პრაქტიკულად არ ისწავლებოდა საინფორმაციო ტექსტები. მოსწავლეებს არ აქვთ იმის ცოდნა, თუ როგორ იწერება ესე, სტატია და ა.შ. ერთადერთი საინფორმაციო ტექსტი, რაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში გვხვდებოდა, იყო ბიოგრაფია ან ტექსტის ძალიან მცირე ანალიზი. მაგრამ როგორ უნდა გაკეთდეს პერიფრაზი, როგორ უნდა დაიწეროს წიგნის განხილვა, სტატიის განხილვა, ეს არ ისწავლება.

უბრალოდ, ასწავლიან სხვისი აზრის გამეორებას. თუ გაიმეორებდი ავტორიტეტების მიერ შეთანხმებულ აზრებს, მაშინ აღარ გესაჭიროებოდა მტკიცების ჩამოყალიბების ცოდნა. ალტერნატიული მოსაზრებების განხილვა არ ხდებოდა.

  • თუმცა წიგნებში, ისტორიის სახელმძღვანელო რომ ავიღოთ მაგალითად, არის მოცემული დავალებები, რომლებიც ითხოვს მოსწავლისგან წყაროებთან მუშაობას, მსჯელობას, ფაქტების ანალიზს. თუ აკადემიური წერა არ ისწავლება და მოთხოვნებში არსებობს, მაშინ რა ჰქვია ასეთი განათლების სისტემას?

ჩვენთან ისტორიის საგანში მსჯელობას ნაკლებად ასწავლიან, უფრო ცდილობენ, რომ ჩამოაყალიბონ მოსწავლეები პატრიოტებად და ჰგონიათ, რომ თუ გავრცელებულ აზრს მოსწავლე გაიზიარებს პირდაპირ, აზროვნების გარეშე, ის რეალურად უფრო იქნება პატრიოტი, ვიდრე მსჯელობის შემდეგ. ჰგონიათ, რომ ქართული ლიტერატურის და ისტორიის სწავლების ძირითადი მიზანიც პატრიოტიზმის გაღვივებაა და არა აზროვნების სწავლება. ეს არის პრობლემა.

  • მოაზროვნე ადამიანს პატრიოტული გრძნობები არ აქვს, თუ რატომ ფიქრობენ ასე?

პირიქით მგონია, რომ ადამიანებს, რომლებსაც უკეთესად შეუძლიათ აზროვნება, უფრო უყვართ სამშობლო, ვიდრე მათ, ვინც რომელიმე ავტორიტეტის ნაკარნახევით სწავლობს ამ სიყვარულს.

შემდეგ აღმოჩნდება, რომ იმის ნაცვლად, თვითონ გადაწყვიტოს კრიტიკულ ვითარებაში, როგორ უნდა მოიქცეს საკუთარი ხალხის სასარგებლოდ, ელოდება სხვა რას ეტყვის, რა იქნებოდა საუკეთესო ნაბიჯი.

სწავლების მიზნებია ხშირად მცდარი, რადგან ავტორიტეტების მორჩილებაა მიზანი და არა აზროვნება, საინფორმაციო ტექსტებთან არ მუშაობენ, არ ხდება კარგი მაგალითების მიწოდება და განხილვა. პრობლემაა ისიც, რომ ქართული ენის გარდა, სხვა მასწავლებლები წერას პრაქტიკულად საერთოდ არ ასწავლიან ბავშვებს. იგივე საბუნებისმეტყველო საგნებში, ისტორიაში, გეოგრაფიაში უნდა მიექცეს აკადემიურ წერას ყურადღება.

  • როგორც ვიცი, თქვენ მუშაობთ სკოლაშიც, სადაც ამერიკული განათლების სისტემაა დანერგილი. რა პარალელების გავლება შეგიძლიათ ამერიკულ და ქართულ სისტემას შორის, თქვენთან თუ ისწავლება აკადემიური წერა?

გარდა იმისა, რომ ყველა საგანში არის წერითი დავალებები, რა თქმა უნდა, ასწავლიან აკადემიურ წერასაც. მაგალითად, მე-9 კლასის ისტორიაში ასწავლიან არგუმენტირებული ესეს დაწერას, სადაც მოსწავლემ უნდა შეიმუშაოს საკუთარი თეზისი, ხოლო არგუმენტები ეხმარება ამ თეზისის მტკიცებაში.

მე-12 კლასისთვის ფორმალური აკადემიური წერის ელემენტები ინტეგრირებულად ისწავლება, სხვადასხვა კურსში სწავლობენ. საკმაოდ დიდი ძალისხმევა და ბევრი მასწავლებლის შეთანხმებული მუშაობა სჭირდება ამას. იქაც უჭირთ მოსწავლეებს, მაგრამ კარგი მდგომარეობაა იმ მხრივ, რომ მასწავლებლების უმრავლესობას კარგ უნივერსიტეტებში აქვთ მაგისტრატურა გავლილი.

  • გამოდის, რომ სკოლა ვერ ამზადებს მოსწავლეს კონკურენტული გარემოსთვის?  

სხვა ქვეყნებსაც აქვთ პრობლემები, მაგრამ არიან ქვეყნები, რომლებიც კომპენსირებას აკეთებენ სხვა ცოდნით. ჩინელ სტუდენტებს აქვთ ხოლმე მსგავსი პრობლემები, როცა აშშ-ის უნივერსიტეტებში აბარებენ, რადგან არ აქვთ ფორმალური წერის, ანალიზის გამოცდილება, თუმცა მათ მაღალი კომპეტენციები აქვთ, მაგალითად, მათემატიკაში.

ანალიზი მოითხოვს შეპირისპირებას, შედარებას ნაწილების და საერთო ჯამში, აზრის გამოტანას, რაც ხშირად მასწავლებლებსაც უჭირთ. აკადემიური კი არა, გარკვეულ ნაწილს, საკომუნიკაციო უნარებიც კი არ აქვთ. მასწავლებლებთან ხშირად მაქვს ურთიერთობა და ჩანს, რომ კომუნიკაციის ეტიკეტიც არ იციან.

მაგალითად, ელექტრონულ წერილს რომ აგზავნიან, აგზავნის ასპექტს, მაგრამ ეს არ არის წერილი. იმიტომ, რომ არ აქვს სათაური, არ წერია „გამარჯობა“, „ნახვამდის“, ხშირად არ აწერია, ვინ აგზავნის და იმეილიდან შეუძლებელია ამის გარკვევა.

არის შემთხვევები, როცა სმს-ით სთხოვ რაღაცის დადასტურებას. გწერენ, -„მოვდივარ“, „ვინ ხარ?“, „რატომ მწერ?“… ასეთი რაღაცები უჭირთ, არ უსწავლიათ. მაგალითად, ამერიკაში პრობლემურ სკოლებში მოსწავლეს არათუ აკადემიურ წერას, იმასაც კი ასწავლიან, როგორ უნდა დარეკოს ტელეფონზე უფროსთან, როგორ უნდა მიესალმოს, დაემშვიდობოს, როგორ უნდა თქვას, რასთან დაკავშირებით რეკავს და ა.შ. ეს არის კომუნიკაციის უნარები. აკადემიურ წერასაც სჭირდება გარკვეული საკომუნიკაციო უნარები.

  • ვისი ბრალეულობა უფრო მეტია ამაში, პედაგოგების თუ განათლების სისტემის?

ყველანაირი პრობლემა არის განათლების პოლიტიკის შედეგი. უნივერსიტეტებში არ ხდება წახალისება, რომ აკადემიური წერა პრიორიტეტული გახდეს, მასწავლებლების სქემა რომ ავიღოთ, სავსეა პლაგიატით და ამას ყურადღებას არავინ აქცევს. საუკეთესო გზა იქნებოდა ამ სქემის ფარგლებში, რომ ეჩვენებინათ მასწავლებლებისთვის, როგორ უნდა წერო. აქაც საჭიროა შეთანხმება, რომ პროფესორებმა გაუწიონ მენტორობა და ასწავლონ პედაგოგებს, როგორ იმუშაონ, მაგრამ არ აინტერესებს ეს სახელმწიფოს.

უნივერსიტეტები ახლა ცდილობენ პირველ კურსზე გააკეთონ აკადემიური წერის კომპენსირება, მაგრამ, რადგან ბევრი პროფესორი არ არის ამ საქმეში გაწაფული, ესეც რჩება ფორმალობად.

სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული იქეთ, რომ უნივერსიტეტების აკადემიური კულტურა შეიცვალოს, რომ შემდეგ მათ გავლენა იქონიონ სკოლებზე.

სკოლებში უნდა შეიცვალოს განათლების მიზნები და აკადემიური წერა უნდა ისწავლებოდეს არა მარტო ქართულ ენაში, არამედ სხვადასხვა საგანში.

სწავლის მიზანი უნდა გახდეს არა პატრიოტიზმის გაღვივება, არამედ წერა-კითხვის და აზროვნების სწავლება.

______________________

მთავარ ფოტოზე: სიმონ ჯანაშია. აღებულია რესპონდენტის ფეისბუქგვერდიდან მისივე თანხმობით.

პაატა იმნაძე: საქართველოში ამჟამად სამი ვირუსი ცირკულირებს

დაავადებათა კონტროლის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში ჯერჯერობით გრიპის ვირუსის შემთხვევები არ დაფიქსირებულა – ამ თემაზე მან თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

პაატა იმნაძის განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში ძირითადად ცირკულირებს სამი ვირუსი, რომელთაც გრიპისმაგვარი სიმპტომები ახასიათებს. ეს ვირუსებია: რინოვირუსი, რომლის დროსაც ადამიანს აღენიშნება სურდო; პარავირუსი, რამაც შეიძლება ბავშვებში ცრუ კრუპის მოვლენები გამოიწვიოს და მეტაპნევმოვირუსი, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში რთულად მიმდინარეობს.

„არის 200-მდე ვირუსი, რომელსაც შეუძლია გაციებას რასაც ვეძახით, ის გამოიწვიოს. აქედან 20-მდე ვირუსი იწვევს გრიპისმაგვარ დაავადებებს ყველაზე ხშირად. ამ ვირუსებზე სულ არის მეთვალყურეობა ქვეყანაში. ამჟამად ეს სამი ვირუსია, „გაციების ვირუსებში“, ასე ვთქვათ, წამყვანი“  – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისივე განცხადებით, რეკომენდაციები ვირუსებთან დაკავშირებით, უცვლელია:

„გრიპი იქნება თუ გაციება, რაც უფრო ნაკლებად მივა ასეთი ადამიანი სამსახურში, მით უფრო ნაკლებად გაავრცელებს ვირუსს.

როცა ცივა, ვირუსი გარემოში ცოცხალი რჩება 7 საათის განმავლობაში. ხველის და ცემინების დროს უნდა მივიფაროთ [პირზე] ერთჯერადი ხელსახოცი. მაგალითად, ვიღაცამ დაახველა, დააცემინა, მოხვდა მაგიდაზე [ვირუსი], მერე სხვამ ამას ხელი დაადო, მოისვა ცხვირზე ან თვალზე … ასე გადადის ძირითადად როგორც გრიპის ვირუსი, ისე გაციების ვირუსი. ამიტომ მეორე რეკომენდაცია არის ხელების ხშირად დაბანა. გარეთ თუ ვართ და ხელის დაბანას ვერ ვახერხებთ, არის ხელის დასამუშავებელი სითხეები ან სველი ხელსახოცები, რომლებიც გარკვეულ მადეზინფექცირებელ საშუალებებს შეიცავენ. თავდაცვის ერთ-ერთი საშუალება არის ვაქცინაცია“.

პაატა იმნაძემ ასევე აღნიშნა, რომ გრიპის ვირუსის გააქტიურება დაახლოებით 1-2 კვირაშია მოსალოდნელი, თუმცა ეს დამოკიდებულია ამინდზეც:

„რაც უფრო მეტი მზიანი დღე იქნება, მით უფრო ნაკლები იქნება ყველანაირი ვირუსი, მათ შორის გრიპის ვირუსი. თებერვლამდე არ ველოდებით გრიპის შემთხვევების მატებას. ჯერ ევროპის უმრავლეს ქვეყნებში, ფინეთში და ნორვეგიაშიც არ დაწყებულა გრიპის აქტიური სეზონი,“ – განაცხადა მან.

 

 

 

რატომ არ იწყება ჭაობის ქუჩების რეაბილიტაცია ბათუმში – დავა ექვსმილიონიანი ტენდერისთვის

აქვს თუ არა ტენდერში მონაწილე ერთ-ერთ კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტისადმი დავალიანება? – მხოლოდ ამ ერთი შეხედვით მარტივ კითხვაზე პასუხის შემთხვევაში გადაწყდება 6-მილიონიანი ტენდერის ბედი, რომლის ფარგლებშიც ბათუმში, „ჭაობის დასახლებაში“ რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს. სახელმწიფო უწყებებში ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ, ტენდერის პროცედურა კი მეოთხე თვეა გრძელდება.

ტენდერის მოსაგებად ამ ეტაპზე ორი კომპანია – „დაგი“ და „ზიმო 7“ იბრძვის. სატენდერო პირობის თანახმად, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ბიუჯეტისადმი დავალიანება არ უნდა ჰქონდეს. დოკუმენტების მიხედვით კი, შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულია ორი ცნობა, რომლის მიხედვითაც ერთ შემთხვევაში არ ჩანს, რომ ერთ-ერთ პრეტენდენტს – „დაგს“ გააჩნია ასეთი დავალიანება, მეორე შემთხვევაში კი კომპანიას დავალიანება აქვს.

ტენდერის მოსაგებად ამ ორ კომპანიას შორის დავა შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში მიმდინარეობს, რომელსაც საჩივრით ხან ერთი კომპანია მიმართავს და ხან – მეორე.

„დაგს“ სატენდერო კომისიამ თავდაპირველად დისკვალიფიკაცია მისცა. კომპანიამ კომისიის გადაწყვეტილება დავების საბჭოში გაასაჩივრა, საბჭომ კი მისი საჩივარი დააკმაყოფილა. აქედან გამომდინარე, კეთილმოწყობის სამმართველო იძულებული გახდა შეეცვალა თავისი გადაწყვეტილება და „დაგი“, რომელსაც ადრე დისკვალიფიკაცია მისცა, მიიწვია ხელშეკრულების გასაფორმებლად.

თავის მხრივ, კომისიის ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ტენდერში მონაწილე მეორე პრეტენდენტმა – „ზიმო 7“-მა, რომელიც შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე აცხადებს, რომ „დაგს“ სახელმწიფო ბიუჯეტისადმი დავალიანება აქვს.

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისიამ „დაგს“ ხელახლა მისცა დისკვალიფიკაცია, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ერთ-ერთი ცნობის საფუძველზე მიიჩნია, რომ კომპანიას გააჩნდა ბიუჯეტისადმი დავალიანება. კომისიის გადაწყვეტილება კომპანიამ კვლავ გაასაჩივრა.

[red_box]დავების საბჭოში წარდგენილი დოკუმენტებიდან:[/red_box]

„თავად შემსყიდველმა [სატენდერო კომისიამ – ავტ.] აღნიშნა, რომ წარმოდგენილი იყო ორი ცნობა, გაცემული ერთი თარიღით, რომელთაგან ერთის შესაბამისად ფიქსირდება დავალიანება, ხოლო მეორე საწინააღმდეგოზე მიუთითებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყვიტეს თავად გამოეთხოვათ ცნობა და საკითხში გარკვეულიყვნენ. მიღებული პასუხის შესაბამისად, ორი კონკრეტული თარიღის მონაცემებით, ჩვენს კომპანიას ერიცხება სალდირებული ზედმეტობა, აღრიცხულია თანხები, რომლებიც აღიარებული არ არის და არსებობს შეთანხმება, რომლის შესაბამისად, ვალდებულების გადახდის თარიღი არის 2019 წლის 7 აპრილი…

დავალიანება არის ვადამოსული ვალდებულება, როდესაც რისი გადახდის ვალდებულებაც მქონდა, ის დროულად არ გადავიხადე, ხოლო ჩვენ შემთხვევაში არსებობს ვალდებულება, დადგენილია ვადები და გადახდაც შესაბამისად ხორციელდება.

ის დოკუმენტი, რომელიც შემსყიდველმა გამოითხოვა, ჩვენი თანხმობით გაიცა, რადგან კონფიდენციალურ ინფორმაციას შეიცავს. თანხმობა გავეცით უფრო მეტი თვალსაჩინოებისათვის და ახლა უკვე აშკარა უნდა იყოს, რომ შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ჩვენ გვერიცხება სალდირებული ზედმეტობა და გაფორმებული გვაქვს შეთანხმება, რომლის შესაბამისად კონკრეტული გრაფიკით ვიხდით ვალდებულებას. აქ აქცენტი სწორედ იმაზე უნდა გაკეთდეს, რომ ვალდებულებაზეა საუბარი და არა დავალიანებაზე“, – აცხადებს „დაგი“.

„ვერ გავიზიარებთ საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ „კომპანიის აღიარებული საგადასახადო დავალიანება გარდაიქმნა კომპანიის საგადასახადო ვალდებულებად“, ვინაიდან საგადასახადო დავალიანების ტრანსფორმაციის შესაძლებლობას არც საგადასახადო კოდექსი და არც კანონქვემდებარე აქტები არ იცნობს…

არ ვამბობთ იმას, რომ მომჩივან ორგანიზაციას ცუდი ფინანსური მდგომარეობა გააჩნია და ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში სამუშაოებს ვერ შეასრულებს. ლაპარაკი გვაქვს სუფთა სამართლებრივ მხარეზე – დადგენილია, რომ პრეტენდენტს სახელმწიფოს მიმართ დავალიანება არ უნდა გააჩნდეს და ამას მომჩივანი ვერ აკმაყოფილებს“, – ეს „ზიმო 7“-ის პოზიციაა.

დავების საბჭომ თავი აარიდა იმას გარკვევას, გააჩნდა თუ არა დავალიანება „დაგს“. კომპანიის ბოლო სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისიას დაავალა, წარდგენილი დოკუმენტაცია ხელახლა განიხილოს.

ამონარიდი დავების საბჭოს გადაწყვეტილებიდან:

„საბჭო აღნიშნავს, რომ სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ მიერ გაცემული ცნობები წარმოადგენს თანაბარი მნიშვნელობის დოკუმენტებს… სატენდერო კომისია არ მსჯელობს იმ საკითხზე, თუ რის საფუძველზე მიანიჭა უპირატესობა მხოლოდ ერთ ცნობაში მითითებულ ინფორმაციას და მასზე დაყრდნობით რატომ მიიღო გადაწყვეტილება… სატენდერო კომისიას დეტალურად უნდა ემსჯელა ზემოხსენებულ საკითხზე და მხოლოდ ამის გათვალისწინებით მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

შპს „დაგიმ“ წარმოადგინა შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 29 აგვისტოს წერილი, რომელშიც მითითებულია: „შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით (29.08.2018 წლის მდგომარეობით) გაცნობებთ, რომ შპს „დაგი“-ს 17.08.2018 წლის მდგომარეობით ერიცხება სალდირებული ზედმეტობა 284 662.51 ლარი. ამასთან, შპს „დაგის“ პირადი აღრიცხვის ბარათზე დამატებით დარიცხული თანხები, რომლებიც არ არის აღიარებული (17.08.2018 წლის მდგომარეობით) შეადგენს 3 372 395.96 ლარს.“

შპს „ზიმო-7“-ის მიერ კი წარმოდგენილი იქნა შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 8 ოქტომბრის წერილი, რომელშიც მითითებულია: „შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემებზე დაყრდნობით გაცნობებთ, რომ 2018 წლის 31 ოქტომბრის 10:53 სთ-ის მდგომარეობით შპს „დაგის“ სახელზე ფიქსირდება საგადასახადო დავალიანება 3 354 041.79 ლარის ოდენობით, ხოლო 2018 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით ფიქსირდება საგადასახადო დავალიანება 3 087 737 ლარის ოდენობით.“

ხაზგასასმელია, რომ შპს „დაგის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ შემოსავლების სამსახურის ცნობაში მითითებულ თარიღამდე – 2018 წლის 17 აგვისტომდე, შემოსავლების სამსახურსა და შპს „დაგის“ შორის საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე (2018 წლის 15 აგვისტოს) გაფორმდა საგადასახადო შეთანხმების აქტი.

საბჭო მიიჩნევს, რომ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ სატენდერო კომისიამ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უნდა იმსჯელოს იმ საკითხზე, თუ რამდენად ჰქონდა შპს „დაგის“ ბიუჯეტის წინაშე დავალიანება ზემოხსენებულ ცნობაში მითითებული თარიღისთვის – 2018 წლის 17 აგვისტოსთვის. ასევე, რამდენად მიიჩნევა შემოსავლების სამსახურსა და შპს „დაგის“ შორის გაფორმებული საგადასახადო შეთანხმება ბიუჯეტის წინაშე დავალიანების ქონად (რის საფუძველზე) და რამდენად გათვალისწინებულია (ან საერთოდ უნდა იყოს თუ არა გათვალისწინებული) აღნიშნული თანხა შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 17 აგვისტოს ცნობაში და მხოლოდ აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობის შედეგად მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება“.

რამდენად მიიჩნევა შემოსავლების სამსახურსა და შპს „დაგის“ შორის გაფორმებული საგადასახადო შეთანხმება ბიუჯეტის წინაშე დავალიანების ქონად – ამ საკითხის გასარკვევად „ბათუმელები“ შემოსავლების სამსახურს დაუკავშირდა.

„საგადასახადო შეთანხმების დეტალებისა და კონკრეტული კომპანიების შესახებ ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, ვინაიდან ეს არის საიდუმლო ინფორმაცია. რაც შეეხება იმას, თუ ზოგადად, ასეთი შეთანხმება შედგა და დავალიანების მქონე ამა თუ იმ კომპანიას განესაზღვრა გარკვეული პერიოდი მის დასაფარად, ეს ცალსახად ნიშნავს, რომ ამ კომპანიას გააჩნია დავალიანება, მიუხედავად ასეთი შეთანხმებისა“, – გვითხრეს შემოსავლების სამსახურში.

„სატენდერო კომისია საკითხზე მსჯელობს და თავის გადაწყვეტილებას ამ დღეებში გაასაჯაროებს“, –  უთხრეს „ბათუმელებს“ მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისიაში.

„დაგი“ ასევე აცხადებს, რომ „გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენი კომპანია თეთრ სიაში იყო აქამდეც და ახლაც, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა ჩვენი კეთილსინდისიერი პრეტენდენტების სიაში ყოფნა. მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება თავად დავების საბჭოს უნდა მიეღო და არ არსებობდა საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი. თუკი ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდება, ფაქტი იქნება, რომ შემსყიდველს მიღებული აქვს არასამართლიანი გადაწყვეტილება, ხოლო დავების საბჭომ ამაზე თვალი დახუჭა“.

„თეთრ სიაში ყოფნას რაც შეეხება, ჩემმა მარწმუნებელმა [ზიმო 7“-მა – ავტ.] არ გადააბიჯა ბიზნესეთიკის გარკვეულ ნორმებს და იგივე ცნობა, რომელიც კომპანიის დავალიანებას ადასტურებდა, თეთრი სიიდან მათი ამოღების პროცესის დასაწყებად, გამიზნულად არ წარადგინა“, – აღნიშნულია „ზიმო 7“-ის წარმომადგენლის განცხადებაში.

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ „ჭაობის დასახლებაში“ გარკვეული ქუჩების კეთილმოსაწყობად ტენდერი 2018 წლის 7 ივლისს გამოაცხადა, თუმცა გამარჯვებული ამ დრომდე გამოვლენილი არ არის. ამ ტენდერზეა დამოკიდებული შემდეგი ქუჩების მოწესრიგება: ბაგრატიონის შესახვევი; გურამიშვილის ქუჩა; გურამიშვილის შესახვევი; მელიქიშვილის I შესახვევი; ოსტროვის I შესახვევი; სააკაძის ქუჩა; სააკაძის შესახვევი; ჩოლოყაშვილის II შესახვევი.

სარეაბილიტაციო ქუჩები „ჭაობის დასახლებაში“ / ფოტო სატენდერო დოკუმენტებიდან

ლოს ანჯელესში ზაზა ხალვაშის „ნამეს” პირველი ჩვენება გაიმართება

დღეს, 7 ნოემბერს, აშშ-ში, ლოს ანჯელესში „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ კამპანიის ფარგლებში ზაზა ხალვაშის ფილმის, „ნამეს“ პირველი, ოფიციალური ჩვენება გაიმართება.

ეროვნული კინოცენტრის ცნობით, დამატებით ორ ჩვენებას 11-15 ნოემბერს EFP (European Film Promotion) გაუწევს ორგანიზებას. ჩვენებებს ამერიკის კინოაკადემიის წევრები, კინოფესტივალის წარმომადგენლები, ცნობილი უცხოური გამოცემების ჟურნალისტები და საერთაშორისო ბაიერები დაესწრებიან.

„ნამეს“ მსოფლიო პრემიერა ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე 2017 წელს შედგა.

აჭარის მთიანეთში გადაღებული ფილმი ოსკარისა და ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის იბრძოლებს. კონკურსის ამ ნომინაციაზე წელს ოთხმოცზე მეტი ქვეყნიდან წარადგენენ ფილმებს.

„ნამეს“ პირველ, ოფიციალურ ჩვენებაზე დღეს ამერიკაში ფილმის რეჟისორი, ზაზა ხალვაში და მთავარი როლის შემსრულებელი, მარისკა დიასამიძე წარადგენენ.

ოსკარის ნომინანტთა სია 2019 წლის იანვარში გახდება ცნობილი, ოქროს გლობუსის ნომინანტებს კი 2018 წლის დეკემბერში გამოავლენენ.

 


მთავარ ფოტოზე: კადრი ფილმიდან „ნამე”

ამავე თემაზე:

ცისნამი – შიშთან ბრძოლაში გამარჯვებული გოგო ზაზა ხალვაშის ფილმიდან „ნამე”

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა სამენოვანი ტურისტული გზამკვლევები გამოსცა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ ახალი საპრომოციო-სარეკლამო გზამკვლევები დაბეჭდა.

„მთიანი აჭარა“, „გასტრონომიული აჭარა“, „ბათუმის გზამკვლევი“, „ზღვისპირა აჭარა“ და „აჭარა“ – ასე ჰქვია გზამკვლევებს, რომლებშიც წარმოჩენილია აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტები, სამზარეულო და ტურისტული ღირსშესანიშნაობები.

დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული მასალები დაეხმარება ტურისტებს სრულად მიიღონ ინფორმაცია თუ რისი ნახვა შეიძლება რეგიონში, რითია აჭარა ტურისტულად გამორჩეული, სად და როგორ შეიძლება იმოგზაურონ და რა კერძები დააგემოვნონ.

გზამკვლევების გარდა დეპარტამენტმა ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოსთან ერთად დაამზადა ჯიბის თემატური გზამკვლევები, ტურისტული მარშრუტების რუკები და გზამკვლევები, რომლებიც ტურისტებს აჭარაში მოგზაურობას უმარტივებს და ინფორმაციის მიღებაში ეხმარება.

გზამკვლევები სამენოვანია: ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე და ძირითადად, ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებსა და საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე გავრცელდება.

 

„ჩვენი შემოსავალი გასამმაგდა“ – რა შეიცვალა ბათუმის თოჯინების თეატრში

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრს თემურ მახარაძე წელიწადი და ორი თვეა რაც ხელმძღვანელობს, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კი გიორგი ჩხაიძეა. რა შეიცვალა ბოლო წლის განმავლობაში ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში? – ამის შესახებ „ბათუმელები“ თეატრის დირექტორს, თემურ მახარაძეს ესაუბრა.

  • თემურ, რა შეიცვალა თეატრში თქვენი მოსვლის შემდეგ?

ბევრი რამ შეიცვალა. გახმოვანების აპარატურა არ ვარგოდა და მთლიანად შევცვალეთ, რაც დაახლოებით 74 ათასი ლარი დაგვიჯდა. შევცვალეთ განათების სისტემა, რისთვისაც 235 ათასი ლარი დაიხარჯა; დავიწყეთ რემონტი, შევცვალეთ შიდა ინტერიერი, რადგან ძველი არ შეესაბამებოდა თეატრალურ გარემოს. თეატრს ერთი სცენა აქვს, სპექტაკლები კი მოთხოვნადია, მაყურებელი არ გვაკლია და დავიწყეთ ფიქრი ალტერნატიულ სცენაზე. ჯამში, სარემონტო სამუშაოებზე, 90 000 ლარი გამოიყო.

რაც მეამაყება, თეატრის შემოსავალი წინა წლებში იყო 40-50 ათას ლარამდე და უკვე გავხდით დღგ-ეს გადამხდელები, ანუ ერთი წლის განმავლობაში ჩვენი შემოსავალი უკვე აღემატება 100 ათას ლარს.

ახლა ვემზადებით საახალწლო სპექტაკლისთვის, გიორგი ჩხაიძე დგამს „მერი პოპინსს“. წინა წელს, საახალწლო სპექტაკლზე – „კონკია“ – გავყიდეთ დაახლოებით 5 000 ბილეთი, რომელსაც თან საჩუქარი მოჰყვებოდა და 2 ათასი ბილეთი  – საჩუქრის გარეშე. წელს 6 500 ბილეთს ვბეჭდავთ საჩუქრით და დანარჩენს საჩუქრის გარეშე, ანუ უფრო მეტ ბავშვს ველოდებით.

  • ბილეთების გაყიდვით მიღებული შემოსავალი რამდენად სერიოზულია თოჯინების თეატრისთვის? 

თეატრის შემოსავალი გასამმაგდა. აქვე აღვნიშნავ, არ შეცვლილა ჩვენი ბიუჯეტი, დაფინანსება, რასაც ვიღებთ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან. თანხა იგივე დარჩა სადადგმო ნაწილში, ამ თანხით ადრე კეთდებოდა ორი საპრემიერო სპექტაკლი, მაგრამ ამ თანხას ჩვენ დავამატეთ ჩვენი შემოსავლები და შედეგად მივიღეთ ის, რომ წელს თეატრი გამოუშვებს მეშვიდე საპრემიერო სპექტაკლს და გიორგი ჩხაიძე დაიწყებს მუშაობას მერვე სპექტაკლზე, ანუ წელს სულ 8 რვა ახალი სპექტაკლი გვექნება.

  • ვინ არის თქვენი მაყურებელი? რა ასაკის ბავშვები არიან ძირითადად? 

ჩვენი მაყურებელი, ძირითადად, 3-დან 16 წლამდეა. ამ რვა საპრემიერო სპექტაკლიდან 3 მოზარდებზეა გათვლილი, 5 – პატარებზე. მაგალითად, „რომეო და ჯულიეტა“ და „მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ“ გათვლილია მე-9-მე-10 კლასელებისთვის და უფროსებისთვის, 3-4 წლის ბავშვი ამას ვერ გაიგებს, რა თქმა უნდა.

ისეთი სპექტაკლი, როგორიც „რომეო და ჯულიეტაა“, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თოჯინების თეატრს ჯერ არ ჰქონია. სპექტაკლის სცენოგრაფია გიორგის ეკუთვნის, რეჟისურა კი ნიკა ჩიკვაიძეს.

  • ამჟამად რატომ არ აჩვენებთ ამ სპექტაკლს? 

ახალი განათების სისტემა გვაქვს, რომელიც რობოტებზეა, ყველაფერი უნდა ჩაიწეროს. რა თქმა უნდა, მეტი შესაძლებლობა აქვს ახალ სისტემას, ამიტომ ყველა სპექტაკლი არის გადასაწყობი. ამ ეტაპზე ვართ ახლა. ჯამში 23-მდე სპექტაკლია რეპერტუარში, ყველა მათგანზე უნდა გადაეწყოს განათება ხელახლა. ამიტომ შაბათ-კვირას საღამოს არის სპექტაკლები. თეატრიდან ამის გამო გავდივართ დილის ოთხზე, ხუთზე.

  • სამომავლოდ თუ გეგმავთ მოზარდებისთვის სხვა წარმოდგენებს? 

გაზაფხულზე „რომეო და ჯულიეტა“ გვინდა გავიტანოთ ქალაქში, ღია სივრცეში მოვაწყოთ ჩვენება. ჩვენი მარკეტინგის მენეჯერი მუშაობს, რომ უკვე ბათუმში მდებარე უმაღლეს სასწავლებლებთან დაიწყოს ისეთივე თანამშრომლობა, როგორც გვაქვს ბაღებთან და სკოლებთან, რომ მოზარდები მოვიზიდოთ.

  • ბილეთებს როგორ ყიდით? 

ჩვენი მარკეტინგის მენეჯერი დადის სკოლებში, ბაღებში, აფიშებით, სთავაზობს სპექტაკლებს, რის ჩვენება შეგვიძლია, რა არის ახალი, უთანხმდება სკოლას ან ბაღს და იგეგმება ჩვენება. ღია სალაროს  რეკლამირება ხდება ფეისბუქგვერდით, ელექტრონული ბილეთებიც იყიდება, biletebi.ge-ზე ვართ რეგისტრირებული. დარბაზში სულ 186 ადგილია, მაგრამ არ გვყოფნის.

  • უკვე წლებია საუბრობენ თეატრებში იმაზე, რომ მაყურებლის რაოდენობა მცირდება. თქვენთან რის ხარჯზე მოხდა მაყურებლის გასამმაგება? 

გვყავს სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელმაც იცის, რა უნდა მიაწოდოს ბავშვებს, აქვს ხედვა, გვაქვს ძალიან საინტერესო და ლამაზი სპექტაკლები. გიორგიმ პირველად „კონკია“ დადგა აქ, რომელიც ნახა 7 000-მა ადამიანმა, უყვებოდნენ თავიანთ მეგობრებს რამდენად კარგი სპექტაკლი ნახეს და გაჩნდა ინტერესი.

გიორგი ჩხაიძე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ფოტო ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის ფეისბუქგვერდიდან
  • თვეების მიხედვით სტატისტიკის აღმავლობა და ვარდნა თუ შეიმჩნევა და რაზეა ეს დამოკიდებული?

ყველაზე მაქსიმალური არის დეკემბერსა და იანვარში. სხვა თვეებში სტაბილურია და არის ვარდნა ზაფხულში, აგვისტოში თეატრი ისვენებს, ისვენებენ სკოლები, ბაღებიც და ნაკლები გვყავს მაყურებელი, თუმცა ტურისტული სეზონისთვისაც უკვე დაგეგმილი გვაქვს ერთი სიახლე. ერთი თვის წინ გვქონდა ავთო ვარსიმაშვილის სპექტაკლის პრემიერა – „მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ“. ამ სპექტაკლში არის ხმა მთლიანად ჩაწერილი, მსახიობები მარიონეტებს ათამაშებენ მხოლოდ. ახლა იწერება ამ სპექტაკლის ინგლისური ვერსია და ივლისსა და აგვისტოში ვაჩვენებთ ინგლისურენოვან სპექტაკლს, გვინდა ეს ორი თვეც ამოვქაჩოთ.

კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ ამ თეატრსა და შენობაში არასოდეს არ ყოფილა კაფე. გვქონდა სივრცე, რომელსაც შემოქმედებითად ვერ ვიყენებდით, უნდა გაგვეკეთებინა კაბინეტი. ზოგადად, კაბინეტები მაქსიმალურად შევამცირეთ, მეც და სამხატვრო ხელმძღვანელიც ერთ კაბინეტში ვსხედვართ, რადგან საქმე არის თეატრში და არა კაბინეტში. გვაქვს პირველ სართულზე სივრცე, რომელსაც აქვს ისტორიული აივანი და გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა თეატრალური კაფე. აუდიტმა შეაფასა, შენობის მფლობელისგან [აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო] ავიღეთ ნებართვა, გავიტანეთ აუქციონზე და გაქირავდა კაფე ერთი წლით.

რაც შეეხება სახელწოდებას, გვკითხეს, რა სახელი დაერქვათ კაფესთვის. როცა თეატრმა მესამედ განაახლა თავისი არსებობის ისტორიაში მუშაობა, ეს იყო 1981 წელს, მაშინ პირველი სპექტაკლი დაიდგა „ხეტიალა“, გივი სარჩიმელიძის მიერ და ამის საპატივცემულოდ კაფესაც ვუწოდეთ „ხეტიალა“.

  • წელს ითქვა, რომ თოჯინების თეატრში მოსულ ბავშვებს სპექტაკლის ნახვის გარდა სხვა გასართობიც ექნებათ – თოჯინების მუზეუმი და საბავშვო ატრაქციონი – ელექტრომატარებელი. რა ხდება ამ მიმართულებით, ეს სერვისები უკვე მუშაობს? 

ჯერ არ ამუშავებულა, ჩასასვლელი ვერ მოვასწარით. ამჟამად თოჯინების თეატრის ღია სივრცე იხურება, ხარაჩოებია ახლა, რომელიც უნდა დაიშალოს და გაკეთდება ჩასასვლელი მუზეუმში. იქნება დიდი ოთახი, სადაც გამოფენილი იქნება აფიშები, ფოტოები და შემდეგ გადავალთ დიდ სივრცეში, სადაც დადის ელექტრომატარებელი. თავიდან ეს იქნება უფასო, შემდეგ უკვე დავარეგულირებთ ფასებს, რადგან რთულია წინასწარ განსაზღვრა, რა დატვირთვა ექნება, რამდენი ბავშვი მოვა და ა.შ. გვქონდა სარდაფში სივრცე და ვფიქრობდით რა გაგვეკეთებინა. ეს იყო სამხატვრო ხელმძღვანელის იდეა, გიორგიმ თქვა, რომ დეკორაცია უნდა დავალაგოთ ლამაზად და აქ უნდა იაროს მატარებელმა ბავშვებისთვის. თავიდან გაგვეცინა, მაგრამ ბოლოს კარგი რაღაც გამოვიდა.

  • რა მოხდება მას შემდეგ, რაც დასრულდება სამუშაოები და თეატრის შიდა ეზო გადაიხურება მინით? როგორ აპირებთ ამ სივრცის გამოყენებას? 

ჩვენ გვაქვს ჩემოდნის სპექტაკლები, რომელსაც დიდი სცენა ნამდვილად არ სჭირდება, პატარა სცენა კი არ გვაქვს. ერთხელ, როცა დიდი სცენა დაკავებული იყო, დიდ ოთახში გავაკეთეთ სპექტაკლი, რაც არ მოეწონათ არც ბავშვებს, არც მშობლებს. ღია სივრცე გვქონდა, მაგრამ წვიმის დროს გარეთ ვერ გავიდოდით. ახლა კი წვიმა იქნება, ქარი, თოვლი თუ მზე, ჩემოდნის სპექტაკლები გვექნება პატარა სივრცეში.

  • ამ დროისათვის რამდენი ადამიანი მუშაობს თეატრში და რამდენია თქვენი ბიუჯეტი? 

ახლა თეატრში მუშაობს 69 ადამიანი, სულ 70 შტატი გვაქვს. რაც შეეხება მსახიობების ანაზღაურებას, სხვადასხვაა, მაქსიმალური ხელფასია 840 ლარი, მინიმალური – 505 ლარი. ბიუჯეტი არის 650 ათას ლარამდე, აქედან 550 ათასი ლარი არის შრომის ანაზღაურება, დანარჩენი თანხა არის გადანაწილებული კომუნალურ ხარჯებზე, სადადგმო, სამეურნეო ხარჯები და ა.შ. ბიუჯეტიდან გვაქვს გამოყოფილი 35 ათას ლარამდე სადადგმო ბიუჯეტისთვის, რითაც ფიზიკურად შეუძლებელია 7-8 სპექტაკლის მომზადება. ამიტომ შემოსავლის ძირითადი, 90 პროცენტი მიემართება სადადგმო ხარჯებზე.

  •  თქვენი აზრით, რა სჭირდება ამჟამად ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრს განვითარებისთვის? 

ალტერნატიული სივრცეები, რაზეც ვფიქრობთ. თუ მოგვცემენ უფლებას, გვინდა მესამე სართულზე ვიფიქროთ, რომ დიდი სივრცე და სახელოსნო გავაკეთოთ. ასევე, ორ სპექტაკლზე თუ მუშაობდა სამი ადამიანი, შვიდზე იმუშავა იგივე სამმა ადამიანმა. მათ სჭირდებათ სივრცე, შტატების გაზრდა ვთხოვეთ სამინისტროს და თუ დაგვიმატებენ, კიდევ უფრო მეტ სპექტაკლზე შეგვიძლია ვიფიქროთ. მეტი სივრცე რომ გვექნება, პარალელური სპექტაკლების დანიშვნა შეიძლება, შესაბამისად, უფრო მეტი მაყურებელი გვეყოლება და მეტი შემოსავალიც გვექნება.

__________

მთავარ ფოტოზე: თემურ მახარაძე 

„საერთო მტრის წინაშე ყველამ უნდა დაივიწყოს წყენა“ – არჩილ ხაბაძის საარჩევნო სტრატეგია 

„ჩვენი გვარდია დიდია, ყველა წყენა გვერდით უნდა გადავდოთ და გავერთიანდეთ, რომ მეორე ტურში დავდოთ სასურველი შედეგი“, – ამ მიზნით აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი, არჩილ ხაბაძე ბათუმში ამომრჩეველთან შეხვედრებს მართავს. ამომრჩეველთან შეხვედრებს ქობულეთში მართავს აჭარის  მთავრობის კიდევ ერთი ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ პატარაძეც.

რა სტრატეგიით აპირებს „ძველი და ახალი, გაერთიანებული დიდი გვარდია“ არჩევნების მოგებას, ამაზე არჩილ ხაბაძეს ვკითხეთ.

ბატონო არჩილ, როგორც გავიგეთ „ქართული ოცნების“ ბათუმის შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იქნებით და კოორდინირებას გაუწევთ შტაბის მუშაობას ბათუმში. გვითხარით, რას აპირებთ?

პირდაპირი მნიშვნელობით ვერ ვიტყვით, რომ შტაბში კონკრეტული პოზიცია ან პირდაპირი დავალება მაქვს, მაგრამ ბატონ ზურაბ პატარაძესთან და თორნიკე რიჟვაძესთან ერთად მთავარი დღეს არის, მოვახდინოთ ძალების კონცენტრირება ერთი მიმართულებით, რომ მაქსიმალურად ყველა, სადაც სისუსტე იყო, გამოვიჩინოთ ჩვენი გამოცდილება და რესურსები – ეს არის მთავარი მოტივი. ვინ სად იქნება, ეს უფრო მეორეხარისხოვანია, სადაც საჭირო იქნება, თითოეული იქ დავდგებით. მთავარია, კოორდინირებას მოქმედი თავმჯდომარე თავისი რესურსებით გაუძღვება და ჩვენ სადაც ვიქნებით საჭირო,  სისტემის დალაგებაში თუ კოორდინაციის ამაღლებაში, თუ მოსახლეობასთან შეხვედრებში, ამ რესურსს ჩვენ მთლიანად გამოვიყენებთ.

საჭიროა მოქმედი მხარდამჭერებისა და ჩვენი ძველი მოქმედი გვარდიის გაერთიანება, ასევე ყველაფრის უკან გადადება, რომ ჩვენ ჩვენს ამომრჩევლამდე მივიტანოთ ის ყველაფერი, რაც გვიკეთებია ამ ექვსი წლის განმავლობაში თითოეულს და ერთად.

რატომ დასჭირდა პარტიას არჩევნების წინ მიიტანოს ამომრჩეველთან სათქმელი თუ რას აკეთებს, ამ დრომდე ამომრჩეველთან კომუნიკაცია გაწყვეტილი იყო? – თქვენ ასევე ახსენეთ სიტყვა სისუსტე, რა იგულისხმეთ?

მე მინდა დავაფიქსირო, რომ 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგები მთლიანად საქართველოში და მათ შორის აჭარაში იყო მანიშნებელი, რომ ჩვენ სადღაც შეცდომები დავუშვით, სადღაც არ მივაქციეთ ყურადღება პრობლემებს და მივიღეთ ეს შედეგი. მხედველობაში მაქვს მთლიანად ექვსი წლის მუშაობა, ეს იქნება საინვესტიციო მიმართულება, ბიზნესთან დამოკიდებულება თუ ნებისმიერი სხვა. მათ შორის შტაბში მენეჯერული პრობლემებიც – ეს ყველაფერი იყო გამოსასწორებელი. ჩვენ გავერთიანდით, ერთად შევიკარით, ყველამ გადადო სხვა საქმიანობა. ბატონი ზურა ჩამობრძანდა აზერბაიჯანიდან, ჩვენ აქ ვართ, საქართველოში და ჩავებით ბოლომდე, რომ გამოვასწოროთ ეს სისუსტეები და ნაკლოვანებები რაც არის – დავუდგეთ გვერდით პარტიას, ეს არჩევნები უნდა მოვიგოთ და დავდოთ შედეგი.

ნაკლოვანებებს ახსენებთ, მაგრამ არავინ აკონკრეტებს თუნდაც ყველაზე მეტად რაზე გაგიბრაზდათ ამომრჩეველი. რა არის ის საკითხები, რომლებიც, თქვენი აზრით, გამოსასწორებელია?

რამდენიმე კომპონენტს გამოვყოფ, რასაც ჩვენი ამომრჩეველი ყოველთვის აფიქსირებდა და „ქართული ოცნებიდან“ ელოდებოდა რეაქციას. ეს, პირველ რიგში, იყო სამართლიანობის აღდგენა, რაშიც ალბათ ჩვენი სისუსტე გამომჟღავნდა, სათანადო ყურადღება შეიძლება არ მიექცა ამას. ამასთან დაკავშირებით სადღაც 3-ათასამდე განცხადება იყო შემოსული. როგორც მახსოვს, ექვსასამდე დაკმაყოფილდა. ბევრისთვის იყო ალბათ ეს საკითხი პრობლემატური, იმ რეჟიმის პერიოდში განაწყენებული და დაჩაგრული ადამიანების მოთხოვნები დასაკმაყოფილებელია.

ასევე შემიძლია გამოვყო, რომ ის მთავარი მიმართულებები, რაც გაკეთდა „ოცნების“ პერიოდში, მოსახლეობამდე ბოლომდე არ არის მიტანილი, გამოსასწორებელია. პიარს ვგულისხმობ, ამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი დავიწყეთ, შემოვლითი გზა, ესტაკადა ბათუმამდე, ხულო-ადიგენის გზა გაკეთდა, რაც გააკეთა მთავრობამ და „ოცნებამ“, ბოლომდე არ არის მიტანილი მოსახლეობამდე.

როგორც პარლამენტარმა მინდა აღვნიშნო, რომ 13 ნოემბერს გვექნება მესამე მოსმენა პარლამენტში და ვაპირებთ გამკაცრებას იმ მუხლებისა, რაც არის ნარკოტიკებთან დაკავშირებით და ასევე  პარტიის გადაწყვეტილებაა, მარიხუანის კულტივაციასთან დაკავშირებით კანონპროექტის უკან გაწვევის საკითხი.

ისევ ვამბობ, რომ გვქონდა კომუნიკაციის პრობლემა ამომრჩეველთან. ბატონი ბიძინას პარტიაში დაბრუნების შემდეგ ნელ-ნელა გამოსწორდება ყველაფერი, მათ შორისაა საკადრო ამბებიც, ეს ყველაფერი  უნდა გამოსწორდეს და მოსახლეობამ უნდა გაგვიგოს.

ბევრი პოსტი წავიკითხეთ შერიგებაზე, ყოფილი თანამდებობის პირი მერაბ ნაგერვაძე შემიძლია დაგისახელოთ მაგალითად – ამ ადამიანებს გულისხმობთ, როცა ძველ გვარდიას ახსენებთ?

კი ბატონო, მენეჯმენტის კუთხით ზუსტად ამას გამოვყოფდი, იყო პრობლემა, რომ ჩვენი ამომრჩეველი ვერ მივიყვანეთ საარჩევნო ყუთებამდე. იყო სხვა ფსიქოლოგიური მომენტიც, რომ მაინც გაიმარჯვებს მმართველი პარტია და ჩემი ერთი ხმა არ იქნება გადამწყვეტი და ასე შემდეგ, ნიჰილიზმი ნამდვილად იყო.

2013 წლიდან 2018-ის ჩათვლით ვინც გუნდიდან განაწყენებული გავიდა რაღაც პრეტენზიებით, სამართლიანად, სუბიექტურად თუ ობიექტურად, ზუსტად ეს არის მთავარი, რომ დღეს გავერთიანდეთ საერთო ოპონენტების წინააღმდეგ. დღეს გამოიკვეთა ისევ ორი ძალა – ეს არის „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. შესაბამისად, საერთო მტრის წინაშე ყველამ უნდა დაივიწყოს ყველა წყენა და ისე როგორც 2012 წელს, უნდა მოხდეს გაერთიანება.

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ყოფილი პატიმარი გამოსახლების მოლოდინში

60 წლის მალხაზ ბაკურიძე ორ მცირეწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად ბათუმში ორსართულიან, კერძო სახლში ცხოვრობს, საიდანაც გამოსახლებით ემუქრებიან. მისი სახლი იპოთეკითაა დატვირთული და რთული სასესხო და საბანკო ოპერაციების შემდეგ, სადავო სახლის მფლობელი საბოლოოდ კერძო იპოთეკარი, საფრანგეთში მცხოვრები ქართველი, ლორანს კრისტიან ჩხაიძე აღმოჩნდა. ეს უკანასკნელი მისგან სახლის სანაცვლოდ 60 000 დოლარს ითხოვს, რაც ოჯახს არ აქვს.

„თავდაპირველად ჩემი და მოატყუა ერთ-ერთი ბანკის ერთ-ერთმა საკრედიტო  ოფიცერმა – დას სასწრაფო სესხი სჭირდებოდა. ამ ოფიცერმა გამოატანინა მას ბანკიდან თანხა, 5000 მას მისცა, 2000 კი თავად დაიტოვა, მერე კი ქვეყნიდან წავიდა. ბოლოს აღმოჩნდა, რომ 10-12 ადამიანს გაუკეთა ასე. ბანკის ეს ვალი ბოლოს ისე გაიზარდა, რომ 25 000 დოლარის მარტო პროცენტი გვაქვს გადახდილი.

ბანკის ვალის დასაფარად სახლი უძრავი ქონების სააგენტოში იპოთეკით დავტვირთეთ და 50 000 გამოვიტანეთ. სააგენტომ კი, ეს ვალიც რომ ვერ დავფარეთ, თავის მხრივ სახლი აუქციონის წესით გადაუფორმა ლორანს კრისტიან ჩხაიძეს, რომელიც სახლიდან გამოსახლებით მემუქრება, ან 60 000 დოლარი უნდა გადავუხადო, ესაა სასამართლოს გადაწყვეტილება,“ – ამბობს მალხაზ ბაკურიძე.

მალხაზი ყოფილი პატიმარია. ორჯერ ნასამართლევი. საპატიმროში 4 წელი გაატარა ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით. ამჯერად პირობითი სასჯელი აქვს და, შესაბამისად, არ აქვს ქვეყნის დატოვებისა თუ ავტომობილის მართვის უფლება.

პატიმრობამდ მალხაზ ბაკურიძის შემოსავლის ძირითადი წყარო ტაქსის მძღოლობა იყო, ახლა კი ეს საყრდენიც გამოეცალა. სახლის ეზოში ლიმნის ბაღი აქვს, იმედოვნებს, რომ 150-200 კილოგრამს მაინც დაკრეფს და ასე თავს ცოტა ხნით მაინც გაიტანენ. არავინ იცის რა იქნება 5 თვის შემდეგ, აპრილის თვეში. მალხაზ ბაკურიძემ მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ამ დროს უნდა დატოვოს მამისეული სახლი, როგორც მას აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აცნობა.

ყოფილი პატიმარი იურიდიულ დახმარებასა და კონსულტაციებს „დემოკრატიის ინსტიტუტისგან“ მიიღებს. ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი სხვა სერვისებთან ერთად ამ ტიპის დახმარებასაც სთავაზობს, როგორც ყოფილ პატიმრებს, ასევე პრობაციონერებსა და მათ ოჯახის წევრებს.

„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა” უზრუნველყოფს:

  • ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას 
    • იურიდიულ დახმარებას
  • ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში
    • ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით
  • ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მცირე სამეწარმეო ინიციატივების წახალისებას.
  • სამიზნე ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობას

ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებს და პრობაციონერებს. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:

აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

იმერეთში – აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61

გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

თანაზიარი – რუსთაველის ქ. 88 /ტელ: (0415) 22 10 78

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

 

 

შუახევში საჩითილე, ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობები მოეწყობა

შუახევის მუნიციპალიტეტში ვაზისა და ხეხილის, ასევე, საჩითილე მეურნეობის მოწყობისთვის აჭარის აგროსერვისცენტრმა ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 836 640 ლარია.

საჩითილე მეურნეობა დაბა შუახევში მოეწყობა, ვაზის სანერგე მეურნეობა ახალდაბაში, ხოლო ხეხლის სანერგე მეურნეობა – ქიძინიძეებში.

ტენდერში გამარჯვებულმა მეურნეობები ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღეში უნდა ააშენოს იმ პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, რაც სატენდერო დოკუმენტაციას თან ახლავს.

სატენდერო პირობების მიხედვით, ექსპლოატაციის ნორმების დაცვის შემთხვევაში მიმწოდებელი მიწოდებული საქონლისა და შესრულებული სამუშაოს ხარისხზე იძლევა გარანტიას: სამშენებლო-კონსტრუქციულ სამუშაოებზე – მინიმუმ 20 წელი; საჩითილე სათბურის სამუშაოებზე: სასათბურე ფირი – მინიმუმ 3 წელი; სათბურის კონსტრუქციის მდგრადობა და გამძლეობა – მინიმუმ 10 წელი; დანადგარ-მოწყობილობებზე – მინიმუმ 3 წელი; ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები – მინიმუმ 5 წელი; სხვა დანარჩენი სამუშაოები – მინიმუმ 3 წელი.

საგარანტიო ვადის ათვლა იწყება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან.

ამასთან, საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული წუნი გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენიდან გონივრულ ვადაში აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.

ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 21 ნოემბერს დაიწყება და 26 ნოემბერს დასრულდება. ტენდერი ორწლიანი შესყიდვითაა გამოცხადებული: 2018 წელს – 580 000 ლარი და 2019 წელს – 256 640 ლარი.

ვაზის სანერგე მეურნეობა
საჩითილე / მაკეტი
მთავარი ფოტო: ვაზის სანერგე მეურნეობის ადმინისტრაციული შენობის მაკეტი პროექტიდან

 

„ბელჰაუსი“ – მოდური და ხარისხიანი ავეჯი ფასდაკლებითა და 0%-იანი განვადებით

ავეჯის სახლი „ბელჰაუსი“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არჩევანია იმ მომხმარებელთა შორის, რომლებიც უპირეტესობას ანიჭებენ ხარისხს, ფასსა და მრავალფეროვნებას.

ბრენდი ბათუმში ერთი და თბილისში სამი ფილიალითაა წარმოდგენილი. ყველა ფილიალი გთავაზობთ ინტერიერისა და ექსტერიერის ავეჯის სრულ ასორტიმენტს.

რატომ უნდა აირჩიოთ ბელჰაუსი?

[checklist]

  • შეგიძლიათ ერთ სივრცეში შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ტიპის როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერის ავეჯი. გარდა წარმოდგენილი ვარიანტებისა, შესაძლებელია კატალოგში არსებული სასურველი დიზაინის, ფერისა და ზომის ავეჯის შერჩევა
  • მიუხედავად იმისა, რომ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა უმაღლესი ხარისხის ევროპული ავეჯი შეიძინოთ, იხდით ხარისხთან და კონკურენტ მაღაზიებთან შედარებით დაბალ ფასს
  • წლის ნებისმიერ დროს კოლექციების თითქმის სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება სხვადასხვა სააქციო ფასები – შეიძლება თქვენთვის სასურველი ნივთი იმაზე გაცილებით დაბალ ფასად შეიძინოთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ
  • სასურველი ავეჯის შერჩევა შეგიძლიათ როგორც ადგილზე, მაღაზიებში, ასევე კომპანიის ფეისბუქ და ვებგვერდებზე, სადაც კოლექციები სრულადაა წარმოდგენილი
  • შერჩეულ და შეძენილ ავეჯს საქართველოს ტერიტორიაზე სახლში მოგიტანენ უფასოდ, მიუხედავად იმისა, თუ საქართველოს რომელ რეგიონში ცხოვრობთ. შეძენილ ნივთზე მოქმედებს როგორც საბანკო 0%-იანი განვადება, ასევე საგარანტიო მომსახურება. მაღაზიებში ტარდება ნებისმიერი საკრედიტო ბარათი. ბრენდი, ასევე, „უნიქარდის“ პარტნიორია და, შესაბამისად, უნიქარდის მომხმარებლები აქ ავეჯის შეძენის დროს აგროვებენ ქულებს

[/checklist]

დამატებითი ინფორმაციისთვის გვიპოვეთ ფეისბუქზე:ბელჰაუსი Belhouse

ან გვეწვიეთ მისამართებზე: ბათუმი, გორგილაძის ქუჩა N88, ბათუმი მოლი, მე-3 სართული.

თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა N14 ; თბილისი, ლუბლიანას ქუჩა N11; თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი N12

ტელ.: +995 32 230 95 50

8 პროცესი ერთ დღეში ოჯახში ძალადობაზე ბათუმის სასამართლოში

„დუმილის უფლებას ვიყენებ მე,“ – უპასუხა მოსამართლეს ბრალდებულმა მიხეილ კ.-მ. მას გამოძიება ოჯახში ძალადობას ედავება. გამოძიების ვერსიით, მიხეილმა ქალს სცემა, ვისთან ერთადაც ცხოვრობდა და ვისთანაც 5 წლის შვილი ჰყავს. მიხეილი არაა ერთადერთი, ვისაც დღეს მოსამართლემ ჰკითხა: „ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?“ ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 6 ნოემბერს, ოჯახში ჩადენილ დანაშაულზე 8 სისხლის სამართლის საქმე განიხილა. „ბათუმელები“ რამდენიმე პროცესს დაესწრო.

ბრალდებული, რომელმაც სასამართლოში ვენები გადაიჭრა

მიხეილ კ. ის ბრალდებულია, რომელმაც წინასწარი პატიმრობის შეფარდების დროს ვენები ენის ქვეშ დამალული ნივთით გადაიჭრა. „ამის გამო მაკავებთ, არ გრცხვენიათ?“ – მიმართა მან მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს.

პატიმრობის შეცვლის საკითხი დღეს უკვე მოსამართლე ლევან გელოვანმა განიხილა წინასასამართლო სხდომაზე. ადვოკატმა ჯიმშერ არობელიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე აღარ არსებობს და ბრალდებულის გათავისუფლება ითხოვა 5 ათასი ლარის სანაცვლოდ. პროკურორი მოთხოვნას არ დაეთანხმა. მოსამართლემ მიხეილ კ. პატიმრობაში დატოვა, თუმცა ეს გადაწყვეტილება პატიმარს აღარ გაუპროტესტებია.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობის, ასევე სადავოობის საკითხი განიხილა მოსამართლემ. პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები დაცვის მხარემ დასაშვებად მიიჩნია, მაგრამ სადავოდ. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე გამოძიების ეტაპზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებს მოისმენს, მათ შორის, ქალის, რომელიც მიხეილ კ.-მ სახეში სცემა.

მიხეილ კ. გურიიდანაა, ნაცემი ქალი კი უზბეკეთის მოქალაქეა. საერთო შვილს, რომელიც ახლა უკვე 5 წლისაა, გურიაში ბებია ზრდის. დაზარალებულად ცნობილი ქალი დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დასწრებია.

ადვოკატი: არ უცემია, ძაღლზე მოეშალა ნერვები და ცოლი დივანზე დასვა

ადვოკატს და პროკურორს შორის ხმამაღალი კამათით დასრულდა მორიგი პროცესი ოჯახში ძალადობაზე. ამ შემთხვევაში ოჯახში ძალადობას გამოძიება თურქეთის მოქალაქეს – რეჯებ ჯ.-ს ედავებოდა. დაზარალებულად ცნობილი ქალი არც ამ პროცესზე გამოჩენილა.

„შერიგებული არიან უკვე, მას არ უნდა, რომ ქმარი დაისაჯოს, არც ყოფილა არაფერი,“ – გვითხრა პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა პაატა შავაძემ.

ამ საქმეში 112-ში შესული სატელეფონო ზარის აუდიოჩანაწერი დევს. ჩანაწერში ქალის ხმა ისმის. ის ამბობს, რომ ქმარმა სცემა და პოლიციის დახმარებას ითხოვს.

იმ ღამით პოლიციელებმა რეჯებ ჯ. დააკავეს, თუმცა მალევე გირაოს – 10 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. რეჯებ ჯ.-მ ასევე დადო პირობა, რომ პასპორტს პოლიციელებს ჩააბარებდა და კვირაში ერთხელ პოლიციაში გამოცხადდებოდა.

„მას არ ჩაუბარებია პასპორტი, ასევე არ გამოცხადებულა პოლიციაში, რაზეც შედგენილია შესაბამისი ოქმები,“ – მიმართა მოსამართლეს პროკურორმა გიორგი რამიშვილმა. მანვე დააყენა შუამდგომლობა და გირაოს პატიმრობით შეცვლა მოითხოვა.

„ეს აბსურდული განცხადებაა,“ – წამოიყვირა ადვოკატმა პაატა შავაძემ. ადვოკატის თქმით, ბრალდებულს პირადობის მოწმობა ამ დრომდე არ აქვს, ხოლო პოლიციაში ბრალდებულს არავინ შეხვდა.

„იყო მისული განყოფილებაში და უთხრეს, არ გვცალიაო, ხვალ მოდიო, მერე ზეგ მოდიო, რა ექნა?“ – იკითხა ადვოკატმა.

ადვოკატის საპასუხოდ პროკურორმა ხელი ბრალდებულისკენ გაიშვირა და თქვა: „დააკვირდით პერანგის ჯიბეს, იქ უდევს ბრალდებულს პასპორტი“.

ადვოკატმა პროკურორს უთხრა, რომ ის არაკორექტულია, პროკურორმა კი პასპორტის ჩვენება დაჟინებით მოითხოვა.

„კი, მაქვს პასპორტი,“ – თქვა ბოლოს ბრალდებულმა, თუმცა დასძინა, რომ პოლიციელები მართლაც არ დაელაპარაკნენ.

„მითხრეს, მთავარია საზღვარი არ გადაკვეთოო და არც წავსულვარ სადმე,“ – აღნიშნა ბრალდებულმა.

რეჯებ ჯ.-ს საერთო შვილი ჰყავს ქალთან, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნაცემია.

„არ უცემია ცოლი, უბრალოდ, იმ დროს ძაღლზე მოეშალა ნერვები და ცოლი დივანზე დასვა. ხელი მოკიდა და დასვა, მეტი არაფერი,“ – გვითხრა ადვოკატმა პაატა შავაძემ. მას ვკითხეთ, რატომ დარეკა მაშინ ქალმა პოლიციაში და რატომ ითხოვა შველა.

„ეგ არ ვიცი,“ – გვიპასუხა მოკლედ ადვოკატმა.

როგორც სხვა ბევრ შემთხვევაში, აქაც დაზარალებულად ცნობილი ქალი სასამართლოსთვის ჩვენების მიცემას აღარ აპირებს. მთავარი მტკიცებულება ახლა მხოლოდ 112-ის ჩანაწერია, რომლის დაუშვებლად ცნობა დღეს ასევე მოითხოვა ადვოკატმა.

„ოჯახში ძალადობა ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიაა. ამ კატეგორიის საქმეში არ უნდა იყოს წარმოდგენილი ფარული სატელეფონო ჩანაწერი, ეს დაუშვებელია,“ – თქვა მან.

პროკურორმა გიორგი რამიშვილმა კი განმარტა, რომ აუდიოჩანაწერში იგივე ისმის, რაც ბეჭდურ ვერსიაში. „შესაბამისად, ფარულობის პრინციპი ამ ნაწილზე არ უნდა გავრცელდეს,“ – დასძინა პროკურორმა.

მოსამართლე ლევან გელოვანმა ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 112-ის ჩანაწერი, სადაც ქალმა თქვა, რომ ქმარმა სცემა, საქმეში დარჩა.

„მან მოხუც მამას სახეში თავი ჩაარტყა“ – ბრალდებული პროცესზე არ მოვიდა 

„მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება,“ – უთხრა პროკურორმა მოსამართლე ლევან გელოვანს, როცა ის ბრალდებულის სხდომაზე გამოუცხადებლობით დაინტერესდა. დავით წ.-საც გამოძიება ოჯახში ძალადობას ედავება.

პროკურატურის ვერსიით, დაახლოებით ერთი თვის წინ დავით წ.-მ მოხუც მამას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, სახეში თავი ჩაარტყა. ბრალდებულის ხმამაღალი გინება მეზობლებმა გაიგეს და პოლიციაში დარეკეს.

ოჯახში მისულ პოლიციელებს მოხუცმა უთხრა, რომ შვილი ყოფით პრობლემებზე ეჩხუბებოდა, ბოლო უთანხმოების საგანი კი, გაფუჭებული ტელევიზორი გახდა. მოხუცს ტელევიზორის შეკეთება სურდა და ნივთის გადაგდების წინააღმდეგი იყო.

„მან შემთხვევით მიარტყა თავი კედელს,“ – უთხრა პოლიციელებს ჩვენების მიცემის დროს ბრალდებულის ძმამ, რომელიც ამ კონფლიქტის თვითმხილველია. ოჯახში ძალადობას კიდევ ერთი თვითმხილველი ჰყავს – ბრალდებულის დედა. მან გამომძიებლებს არ დაუმალა, რომ შვილმა ჩაარტყა თავი მამას.

დავით წ. სასამართლოს 5 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ ჰყავს გათავისუფლებული, მას ადვოკატი არ ჰყავს. გირაოს პატიმრობით შეცვლა დღევანდელ პროცესზე პროკურორს არ მოუთხოვია.

შშმ პირთა საოჯახო სახლი დაიხურა – მთავრობა დაფინანსებას აჭიანურებს

თბილისში შშმ პირთათვის განკუთვნილი საოჯახო ტიპის სახლი დაიხურა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხუთი ადამიანი, რომლებიც აქამდე ამ სახლში ცხოვრობდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ხელი ხელს“ სხვა საოჯახო სახლებში გადაიყვანა.

აქამდე ორგანიზაციას – „ხელი ხელს“ ფსიქიკური და მენტალური პრობლემების მქონე პირთათვის ექვსი საოჯახო ტიპის სახლი ჰქონდა: სამი თბილისში და სამიც – გურჯაანში. საოჯახო სახლებში სულ 28 შშმ პირი ცხოვრობდა – თითო სახლში 5-6 ბენეფიციარი. თბილისში განთავსებული ერთი სახლის დახურვის შემდეგ ბენეფიციარები ხუთ სახლში გადაანაწილეს, რაც, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, არ იყო სასურველი, რადგან ადამიანები შეჩვეულ გარემოს მოსწყდნენ.

ორგანიზაციას აქამდე ძირითადად ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ აფინანსებდა, თუმცა ფონდი 2018 წლიდან ამცირებს ამ მიმართულებით დაფინანსებას. ორგანიზაციის განცხადებით,  დღეისთვის, სახელმწიფო დაფინანსება შშმ პირთა საოჯახო სახლებში მცხოვრებთა საჭიროების მხოლოდ 50% ფარავს, რაც არ არის საკმარისი.

„კმაყოფილება, ღირსების შეგრძნება, ჯანმრთელობის ხარისხი საოჯახო ტიპის სახლებში მაღალია. დიდ ინსტიტუციებში მცირდება ადამიანის დამოუკიდებლობის ხარისხი, უარესდება  მენტალური მდგომარეობა, ადამიანი ხდება სხვაზე დამოკიდებული, არ არის ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში და იზოლირებულია. პრაქტიკულად არ არსებობენ ეს ადამიანები, როგორც საზოგადოების წევრები. თუ 70-80 %-მდე გვჭირდებოდა გარედან თანადაფინანსება, ახლა 50 %-მდე დავიდა ეს მაჩვენებელი, რადგან ჩვენი ბინადრები მუშაობენ, რეალიზდებიან, ხელფასი აქვთ და საკუთარ, ელემენტარულ საჭიროებებს ხშირ შემთხვევაში უზრუნველყოფენ,“ – გვეუბნება მაია შიშნიაშვილი, ორგანიზაცია „ხელი ხელს“  დამფუძნებელი.

მისივე თქმით, სახელმწიფოს ურჩევნია დააფინანსოს დიდი ინსტიტუციები, რომლებიც არაეფექტური, მოუქნელი და დისკრიმინაციულია და არ აწყობს მცირე საოჯახო ტიპის სახლების დაფინანსება, რადგან ამ ტიპის სახლებზე მოთხოვნა მაღალია. გარდა ამისა, მისი თქმით, სისტემას აქვს ერთგვარი შიშიც სიახლეებისა, ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ შშმ პირთა საკითხები აქტუალურია მხოლოდ მათთვის, ვისაც ეს პრობლემები პირადად, პირდაპირ ან ირიბად ეხება: ჰყავს შშმ ოჯახის წევრი, ახლობელი ან თავად აქვს გარკვეული უნარი შეზღუდული.

თამარა საოჯახო ტიპის სახლში ცხოვრობს. თავად ყვება, როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება ამ გარემოში, როგორ დასაქმდა და საზაფხულო დასვენების  როგორი გეგმები აქვს.

5 ნოემბერს მენტალური და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების უფლებდამცველებმა და ოჯახის წევრებმა ღია წერილით მიმართეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და მოითხოვეს, რომ სახელმწიფომ ხელი შეუწყოს შშმ პირთა საცხოვრებლების დეინსტიტუციონალიზაციას და ისეთი ტიპის საოჯახო სახლების საბაზისო დაფინანსების ვალდებულება აიღოს, როგორშიც თამარა ცხოვრობს.

„საქართველოში 730 ადამიანი ცხოვრობს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ დიდი ზომის ინსტიტუციებში. მათგან, 448 ადამიანი ფსიქიატრიულ კლინიკებში, 252 კი პანსიონატებსა და სათემო ორგანიზაციების დიდი ზომის საცხოვრისებშია მოთავსებული.

წლების წინ ამ ადამიანების საზოგადოებაში ინკლუზიის ხელშეწყობის მიზნით წამოწყებული სათემო ორგანიზაციების დაფინანსება კი დღეს იმდენად არაადეკვატურია, რომ ასეთი ორგანიზაციების განვითარება კი არა, უკვე არსებულთა ყოფნაც თავის მოტყუება და პროფანაციაა. ამ ფონზე დღეს საქართველოში მხოლოდ 25 ადამიანი იმყოფება მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, საოჯახო ტიპის, ღირსეულ საცხოვრებელ გარემოში, სადაც ხდება მათი ნამდვილი ინკლუზია და მაქსიმალური ხარისხით შესაძლებლობათა რეალიზაცია.“ – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც კოალიციამ – „მოძრაობა ცვლილებებისთვის“ გამოცემა „ლიბერალის” საშუალებით 5 ნოემბერს გაავრცელა.

მამუკა ბახტაძისადმი მიმართვის წერილში მენტალური და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების უფლებდამცველები და ოჯახის წევრები მოითხოვენ:

  1. მოხდეს 2019 წლის ბიუჯეტის სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ,,შშმ პირთა დამოუკიდებელი, ოჯახური ტიპის საცხოვრებლის“ კომპონენტის დაფინანსების გაზრდა 16 ლარიდან 32 ლარამდე (რეალური ხარჯთაღრიცხვის გათვალისწინებით);
  2. შეიქმნას მულტისექტორული და მულტიდისციპლინური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ადამიანის უფლებების გეგმის ზემოაღნიშნული პუნქტების შესაბამისად, დეინსტიტუციონალიზაციის (როგორც ფსიქიკური ჯანდაცვის, ასევე სოციალური პროგრამებით დაფინანსებული ინსტიტუციების) სამოქმედო გეგმაზე იმუშავებს. ჯგუფში სათანადო წარმომადგენლობა უნდა ჰქონდეთ შშმ პირებს და მათი ოჯახის წევრებს,  სოციალური მომსახურების სპეციალისტებს, უფლებადამცველებს. შშმ პირთა უფლებების ბაზისური პრინციპია, რომ არც ერთი გადაწყვეტილება შშმ პირთა შესახებ არ უნდა მიიღებოდეს მათი მონაწილეობის გარეშე;
  3. შემუშავდეს „ჭიშკრის დარაჯობის მექანიზმები“, რათა არ მოხდეს ყველა ქრონიკული პაციენტის განთავსება ფსიქიატრიულ კლინიკებში.

 

მთავარ ფოტო: ორგანიზაცია „ხელი ხელს” ფეისბუქგვერდიდან.

40 ათასი ლარი საბაგიროს დემონტაჟისთვის მწვანე კონცხზე

ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა მწვანე კონცხზე მდებარე საბაგირო გზის დემონტაჟისთვის  ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. დემონტაჟისთვის 40 ათასი ლარია გათვალისწინებული. ახალი საბაგირო გზის აშენებას აქ ბიძინა ივანიშვილის კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტი“ გეგმავს, რომელიც ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის ადგილზე კომპლექს „მაგნოლიას“ აშენებს, რომლის პროექტის ინიციატორი და ინვესტორიც ასევე ბიძინა ივანიშვილია. კომპანია 49 წლით მწვანე კონცხის პლაჟსაც ითხოვდა.

ძველი საბაგირო გზის დემონტაჟისთვის ხელახალი ტენდერის გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პირველად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, დემონტაჟზე გაცემულ ნებართვას კი ვადა გაუვიდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ხელახლა გაცემულ დემონტაჟის ნებართვას ამჯერად ვადა 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით აქვს. სატენდერო პირობებით კი, საბაგირო გზის დემონტაჟი გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 20 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება 14 ნოემბერს შეწყდება.

დემონტაჟის შედეგად მიღებული ლითონის [ჯართის] წონა 8816 კილოგრამი იქნება. საიდანაც ზღვით [ბარჟით] გასატანია 5216 კგ, ხოლო სახმელეთო გზით – 3140 კგ ლითონი. რაც შეეხება ბეტონს, ზღვით გასატანი იქნება 36,9 ტონა, ხოლო ხმელეთით – 73,5 ტონა. უშუალოდ ბაგირის სავარაუდო წონა არის 3200კგ. ბაგირზე დაკიდული სკამების სავარაუდო რაოდენობა კი – 45 ცალი.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ახალი საბაგირო გზის მშენებლობის ნებართვასაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გასცემს. სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მათთვის მწვანე კონცხზე საბაგირო გზის მშენებლობის ნებართვისთვის ამ დრომდე არავის მიუმართავს.

საბაგირო მწვანე კონცხზე / ფოტო „ბათუმელები“

 

Exit mobile version