Batumelebi | რა იცვლება „იაფი სახლის“ კრიტერიუმებში და ვინ ისარგებლებს პროგრამით რა იცვლება „იაფი სახლის“ კრიტერიუმებში და ვინ ისარგებლებს პროგრამით – Batumelebi
RU | GE  

რა იცვლება „იაფი სახლის“ კრიტერიუმებში და ვინ ისარგებლებს პროგრამით

ბათუმის მერიამ საკრებულოს უკვე გადაუგზავნა პროექტი, რომლის დამტკიცების შემდეგ „იაფი სახლის“, ანუ ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამით მოსარგებლეთა შერჩევის პროცესი დაიწყება. საკითხს საკრებულო უახლოეს სხდომაზე განიხილავს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „ბათუმის მერია მიზანშეწონილად თვლის დამტკიცდეს „ხელმისაწვდომი საცხოვრისით სარგებლობის კრიტერიუმები და ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტი“, რის შემდეგადაც მერია ხელმისაწვდომი საცხოვრისით მოსარგებლეთა შერჩევის პროცესის დაწყების მიზნით, უზრუნველყოფს დაინტერესებულ პირთა განცხადებების მიღების, განხილვის, ბენეფიციართა შერჩევისა და მათთვის ბინების გადაცემის მარეგულირებელი შესაბამისი აქტებისა და პროექტების მომზადებას და საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას“.

[მერიაში დამატებით შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებისა და საკრებულოს მიერ მათი დამტკიცების შემდეგ დაიწყება პროგრამის ფარგლებში ბინების შეძენაზე განცხადებების მიღებაც].

მერიიდან საკრებულოში გადაგზავნილ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია: „იმის გათვალისწინებით, რომ კრიტერიუმების შემუშავების დროს პროგრამის ბენეფიციართა მიერ ყოველთვიურად გადასახდელი თანხები დაანგარიშებულია 2016 წლის მდგომარეობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს თანხების დღეის მდგომარეობით დაანგარიშება“.

ბათუმის მერიამ „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ კრიტერიუმები 2018 წლის 25 მაისს წარმოადგინა. მაშინდელი კრიტერიუმებით ერთ და ორსულიან ოჯახს [ერთოთახიან ბინაში] თვეში 189 ლარის გადახდა უწევდა, სამ ან ოთხსულიან ოჯახს [ოროთახიან ბინაში] – 287-301 ლარის, ხოლო ხუთ ან მეტსულიან ოჯახს [სამოთახიან ბინაში] – 374 ლარის გადახდა. თანხის დაფარვის პერიოდად 15 წელი იყო განსაზღვრული.

ამ თემაზე ვრცლად იხილეთ ბმულზე: ვის შეუძლია ბათუმში „იაფი სახლის“ ყიდვა – მერიამ კრიტერიუმები წარმოადგინა,
ხოლო 
დეტალური ინფორმაცია „ხელმისაწვდომ საცხოვრისზე“ იხილეთ ამ ბმულზე. 

ყოველთვიური გადასახადის ოდენობა მერიას ამ დროისთვის ჯერ დაანგარიშებული არ აქვს. „ბინის თვითღირებულება ხელახლა უნდა დაითვალოს და შემდეგ მოხდება ყოველთვიური გადასახადის დაანგარიშება“ – გვითხრეს მერიაში.

ადრე მოთხოვნებში იყო, რომ ოჯახი, რომელიც ბინას ქირაობს, ქირაში არ უნდა იხდიდეს „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ ყოველთვიური მინიმალური შენატანის სამმაგ ოდენობაზე მეტს.

დღეს კი პროექტში, რომელიც მერიამ საკრებულოში გადააგზავნა, ბინის ქირავნობა საერთოდ ამოღებულია და დატოვებულია მხოლოდ გირაო. ანუ, ბინას ვერ მიიღებს ის ოჯახი, რომელიც ბინას გირაობს და ამასთან ეს გირაო შეადგენს ხელმისაწვდომი საცხოვრისის საერთო ღირებულების ნახევარზე მეტს.

მერიაში აცხადებენ, რომ ქირის [თუ რამდენს არ უნდა იხდიდეს პროგრამით მოსარგებლე] ოდენობა მას შემდეგ დაზუსტდება, როცა ხელახლა განისაზღვრება ბინის ღირებულება.

„იაფ სახლთან“ დაკავშირებით ვრცლად იხილეთ ბმულზე

ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამის ფარგლებში ოთხი კორპუსი, ე.წ. იაფი სახლები, ბათუმში, ჯავახიშვილის N78ა-ს მიმდებარედ აშენდება. აქ ორი [„გ“ და „დ“] კორპუსის მშენებლობა თითქმის დასრულებულია, ახალი ტენდერით კი, დანარჩენი ორი სახლი [„ა“ და „ბ“ კორპუსები], ხელშეკრულების დადებიდან 360 დღეში უნდა აშენდეს.

„ა“ და „ბ“ სახლების მშენებლობისთვის სატენდერო თანხა 2 461 751 ლარია. წინადადებების მიღება 2019 წლის 23 თებერვალს დაიწყება და 28 თებერვალს დასრულდება.

„გ“ და „დ“ კორპუსებს პირველ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მტმ“-ი აშენებს. მასთან მერიამ ხელშეკრულება 2 349 999 ლარზე 2018 წლის აპრილის დასაწყისში გააფორმა. სახლების მშენებლობა 2019 წლის 29 მარტამდე უნდა დასრულდეს.

ამ თემაზე:

ბათუმში კიდევ ორი „იაფი სახლის“ მშენებლობა იწყება – 2,4-მილიონიანი ტენდერი

„იაფი სახლი“ ბათუმში, „გ“ და „დ“ კორპუსები უკვე აშენებულია, აქ ასეთი კიდევ ორი კორპუსი უნდა აშენდეს / 12.02.2019 / ფოტო: „ბათუმელები“

„იაფი სახლი“ ბათუმში, „გ“ და „დ“ კორპუსები უკვე აშენებულია, აქ ასეთი კიდევ ორი კორპუსი უნდა აშენდეს / 12.02.2019 / ფოტო: „ბათუმელები“

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com