მთავარი,სიახლეები

სამშენებლო კომპანიამ გონიოში მოასფალტებული გზა დააზიანა

11.02.2019 • 1923
სამშენებლო კომპანიამ გონიოში მოასფალტებული გზა დააზიანა

კომპანია „რმგ გრუპი“ გონიოში, სვიმონ კანანელის ქუჩაზე, #65ა-ში რვასართულიან საცხოვრებელ სახლს აშენებს. კომპანიამ სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას სახლებთან მისასვლელი, კაპიტალურად მოასფალტებული გზა ისე დააზიანა, რომ ამ გზაზე ავტომანქანით გადაადგილება სახიფათო გახდა.

ერთ-ერთი აქ მცხოვრების, რესან კონცელიძის ინფორმაციით, მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, კომპანია ყოველგვარი რეაგირების გარეშე აგრძელებდა მუშაობას, რის გამოც ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. პოლიციასთან ერთად ვითარების შესასწავლად 2019 წლის იანვარში ადგილზე გავიდა ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული განვითარების სამსახურის მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილებაც.

სახლებთან მისასვლელი გზა სვიმონ კანანელის ქუჩაზე, სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ

„როგორც ვიცით, ოცდღიანი ვადა მისცეს [კომპანიას], რომ გამოასწორონ ის, რაც გააფუჭეს. თუმცა ვადა გავიდა და მხოლოდ ღობე  გააკეთეს, რითაც თავიანთი სამშენებლო მოედანი შემოსაზღვრეს, გზა იგივე მდგომარეობაში“, – ამბობს რესან კონცელიძე.

ბათუმის მერიის ზედამხედველობის განყოფილების მითითება 2019 წლის 23 იანვრით თარიღდება. დოკუმენტით ირკვევა ასევე, რომ კომპანიამ მითითება შეასრულა, რადგან ზედამხედველობის განყოფილების მიერ მიცემულ წერილობით გაფრთხილებაში ვკითხულობთ:

„მშენებლობა მიმდინარეობს უსაფრთხოების ნორმების დარღვევით, კერძოდ არაა ღობე. დაუყონებლივ შეაჩერეთ სამშენებლო სამუშაოები და ობიექტი მოიყვანეთ უსაფრთხოების ნორმების შესაბამისობაში“.

კომპანიამ მერიის ოფიციალური დავალება შეასრულა – დაზიანებული გზის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა კი მისთვის არავის დაუვალებია. შესაბამისად, მოსახლეობის მოთხოვნა უგულებელყოფილი დარჩა.

რესან კონცელიძე გვიყვება იმის შესახებაც, რომ კომპანიამ არამხოლოდ სამანქანო გზა დააზიანა, არამედ მოთხარა იქ არსებული მწვანე ნარგავებიც. მან ამის დამადასტურებელი ფოტომასალაც მოგვაწოდა.

მწვანე ხეები ღობის გასწვრივ მშენებლობის დაწყებამდე

მშენებლობის დაწყების შემდეგ

რატომ მოსთხოვა მერიის ზედამხედველობის განყოფილებამ მხოლოდ სამშენებლო მოედნის ღობით შემოსაზღვრა კომპანიას და რატომ არ დაავალა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გზის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა? – ამ კითხვაზე პასუხი მერიაში ვერ მივიღეთ, ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა მოუცლელობის მიზეზით არ გვიპასუხა.

კომპანიის წარმომადგენელი, გუჯა თურმანიძე კი ირწმუნება, რომ კომპანია გზის აღდგენას უახლოეს მომავალში გეგმავს: „ ჩვენ მივეცით პირობა ზედამხედველობის სამსახურს და მოსახლეობასაც, რომ ამ გზას აღვადგენთ. უახლოეს პერიოდში დავასრულებთ საძირკვლის ჩამოსხმის სამუშაოებს და მერე გზასაც მოვაწესრიგებთ – აღვადგენთ ჯებირს პირვანდელი მდგომარეობით და ასევე დავაბრუნებთ მწვანე ნარგავებს, რომლებიც დროებით სხვაგან გადავრგეთ.“

შპს “რმგ გრუპი“ 2017 წლის დეკემბერში, გონიოში მშენებლობაზე ნებართვის მიღებამდე ერთი თვით ადრე დააფუძნეს – კომპანიამ ჯერ ნებართვა მიიღო, შემდეგ კი k2 კოეფიციენტის 3,8-მდე გაზრდის უფლება მისცეს. კომპანია რვასართულიან სახლს 783 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე აშენებს.

კომპანიის წილებს სამი მესაკუთრე ინაწილებს – 33.33%-ის მფლობელი და დირექტორი მამუკა დოლიძეა, 33.33%-ს გენადი დოლიძე ფლობს, 33.34%-ის მფლობელი კი რუსეთის მოქალაქე რომან შარაძეა.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: