მთავარი,სიახლეები

მშენებლობის ნებართვა შეუჩერდება კომპანიას, რომელიც უსაფრთხოების ნორმებს ვერ აკმაყოფილებს

12.02.2019
მშენებლობის ნებართვა შეუჩერდება კომპანიას, რომელიც უსაფრთხოების ნორმებს ვერ აკმაყოფილებს

მერიის გაფრთხილება: კომპანიებს, რომლებიც მშენებლობის დროს უსაფრთხოების სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ, მშენებლობის ნებართვა შეუჩერდებათ. ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა მშენებელი კომპანიების გასაფრთხილებლად სპეციალური განცხადება დღეს, 12 თებერვალს, გააკეთა.

ირაკლი მოქიას განმარტებით, ბოლო პერიოდში ბათუმში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ მშენებელი კომპანიები უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებენ. ამიტომაც  კომპანიებს, რომლებიც ამ პრობლემას ვერ მოაგვარებენ, სამშენებლო ნებართვა შეუჩერდებათ.

„მერიამ გადაწყვიტა, ჯერჯერობით, გაფრთხილებით შემოიფარგლოს. გაფრთხილების ჩაბარებიდან არაუმეტეს ერთი თვის განმავლობაში კონკრეტული ობიექტები, რომლებიც სამშენებლო უსაფრთხოების კუთხით არ იქნებიან წესრიგში, მათზე დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება და მშენებელ კომპანიებს შეუჩერდებათ მშენებლობის გაგრძელების უფლება“, – აცხადებს მერიის ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელი, ირაკლი მოქია.

ზედამხედველობის განყოფილება კომპანიისგან ითხოვს,  როგორც მშენებლობაზე დასაქმებული პერსონალის უსაფრთხოებას, ასევე, მშენებლობის დროს, მაღლივი სართულიდან ვარდნის საშიშროების აღკვეთას, როგორც ამას საქართველოს მთავრობის 477 დადგენილება ითვალისწინებს.

ზედამხედველობის განყოფილებამ გაფრთხილების წერილი 79 სამშენებლო კომპანიას უკვე ჩააბარა.  საერთო ჯამში, ასეთი გაფრთხილება 200-მდე კომპანიას მიუვა.

გაფრთხილების ვადის გასვლის შემდეგ, ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და მშენებლობის ნებართვის შეჩერების შემთხვევაში, კომპანია მშენებლობის გაგრძელების უფლებას მანამდე ვერ მიიღებს, ვიდრე უსაფრთხოების მოთხოვნილ ნორმებს არ უზრუნველყოფს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: