ამ დროისთვის საქართველოში სათამაშოების უსაფრთხოებას არც ერთი უწყება არ აკონტროლებს. თუმცა მომავალი წლიდან სახელმწიფო ვალდებული იქნება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე დაიწყოს პროდუქციის კონტროლი, მათ შორის, სათამაშოების. სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ევროკავშირის დირექტივების ძალაში შესვლის შემდეგ, ყველა სათამაშო გაივლის – ქიმიურ, ფიზიკურ, მექანიკურ, ელექტრო, რადიაქტიურ და ჰიგიენურ ანალიზს.
იქამდე კი, სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს გთავაზობთ – როგორ შეარჩიოთ უსაფრთხო სათამაშო ბავშვისთვის?
1. შეარჩიეთ სათამაშოები ბავშვის ასაკის, შესაძლებლობებისა და უნარების მიხედვით
სათამაშოებს, რომლებიც არ არიან განკუთვნილი სპეციფიკურ ასაკობრივ ჯგუფზე, ბავშვის დაზიანება შეუძლიათ. ყურადღება მიაქციეთ სათამაშოსთვის განსაზღვრულ ასაკს. [ევროკომისია]
2. არ იყიდოთ სათამაშოები პატარა დეტალებით სამ წლამდე ბავშვებისთვის, რადგან სათამაშოს პირში ჩადებისას ბავშვს შესაძლოა ასეთი დეტალი გადასცდეს. [ევროკომისია]
3. სიფრთხილე გმართებთ სათამაშოებთან, რომლებიც შეიცავენ ელემენტებსა და მაგნიტებს. მათი გადაყლაპვის შემთხვევაში, ბავშვმა შესაძლოა მიიღოს კუჭნაწლავის სერიოზული დაზიანებები. შესაძლოა შემთხვევა ლეტალური შედეგით დასრულდეს. [ამერიკის პედიატრთა ასოციაცია]
4. შეამოწმეთ პლასტმასი – მოერიდეთ სათამაშოებს, რომელთა შემადგენლობაშიც არის ვინილი [vinyl] და პოლივინილქლორიდი [PVC]. რბილი პლასტმასის სათამაშოები, როგორიცაა: აბაზანის სათამაშოები, ხელის მოსაჭერი სათამაშოები და თოჯინები, უმეტესად დამზადებულია ვინილისგან. ასევე, ერიდეთ პოლიკარბონატს [Polycarbonate plastic]. თუ სათამაშოს შემადგენლობაში არის დიდი რაოდენობით ქლორი [chlorine], მის შემცველობაში, ასევე, იქნება ვინილი [vinyl] და პოლივინილქლორიდი [PVC]. [ecologycenter].
5. უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივი მასალისგან დამზადებულ სათამაშოებს, მაგალითად, შეარჩიეთ ხის სათამაშოები, საღებავისა და ლაქის გარეშე. [ecologycenter].
6. ბუშტები შესაძლოა არანაკლებ საშიში აღმოჩნდეს პატარებისთვის, თუ ბუშტი დაზიანებულია და არ იბერება, შეიძლება ბავშვს გადასცდეს და ჩაკეტოს სასუნთქი გზები. ამიტომ რეკომენდებულია, რომ არ დართოთ ნება 8 წლამდე ასაკის ბავშვს ითამაშოს ასეთი ბუშტით.
„რას გაიგებ ხალხის აზრს, არ ამხელენ ვის აძლევენ ხმას ან დაგპირდება, მაგრამ არავინ იცის, სინამდვილეში რას ფიქრობს. ყველაფერი ყუთთან რომ მივა, მაშინ გადაწყდება,“ – გვიყვება „ოცნების“ ერთ-ერთი კოორდინატორი. რამინ აბულაძე ხულოს მუნიციპალიტეტის ვაშლოვნის თემის ზონის „ოცნების“ კოორდინატორია. ეს იმას ნიშნავს, რომ მას ამ თემში პარტიის სხვა კოორდინატორებისა და აგიტატორების მუშაობაზეც ეკისრება პასუხისმგებლობა.
ვაშლოვნის თემი ზემო და ქვემო ვაშლოვანს, ასევე, სოფლებს: თაგოსა და ჩაოს აერთიანებს. თემში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ოთხი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი – #18, 19, 20, 21.
ცესკოს მონაცემების მიხედვით, ამომრჩევლის რაოდენობის თვალსაზრისით, ყველაზე დიდი მე-18 საარჩევნო უბანია, სადაც 1 145 ამომრჩეველია რეგისტრირებული. აქედან პირველ ტურში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 695-მა ამომრჩეველმა, მათგან 310-მა სალომე ზურაბიშვილს მისცა ხმა, 230 ხმა მიიღო გრიგოლ ვაშაძემ. „ოცნების“ კოორდინატორებმა იციან, რომ მეორე ტურისთვის აქტიურად მუშაობენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორებიც, ამიტომაც ამ დროისთვის მათ პროგნოზის გაკეთება უჭირთ.
„ოცნების“ ზონის კოორდინატორის, რამინ აბულაძის თქმით, მეორე ტურისთვის პარტიამ კოორდინატორების დამატების გადაწყვეტილება მიიღო და, მეორე ტურის წინ, საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ვაშლოვანში 12 კოორდინატორი და ექვსი აგიტატორი მუშაობს. მათი მოვალეობები ერთმანეთისგან თითქმის არ განსხვავდება. ისინი კარდაკარ შემოვლის პრინციპით აკითხავენ ამომრჩეველს და არწმუნებენ, რომ 28 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნებზე აუცილებლად მივიდნენ საარჩევნო ყუთთან და არჩევანი სახელისუფლებო პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ გააკეთონ: „ჩვენ დაველაპარაკებით, დანარჩენი ამომრჩევლების გადასაწყვეტია.“
სოციალური პრობლემები, გაძვირებული პროდუქტი და საწვავი – ეს ის ძირითადი პრეტენზიებია, რისი მოსმენაც ხელისუფლებაზე განაწყენებული ხალხისგან როინ აბულაძეს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინაც მოუწია. ის „ოცნების“ აგიტატორია. მისივე თქმით, ამომრჩევლები იმავე პრობლემებს ასახელებენ მეორე ტურის წინაც, თუმცა განწყობა ოდნავ შეცვლილია.
„ხელისუფლების მცდელობები ხალხის განწყობებზეც აისახა. კმაყოფილიც ბევრია. სოფელში ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა, ბაგა-ბაღი აშენდა. ვაშლოვანი მაღალმთიანი სოფელია, პრობლემები აქვთ – გაჭირვებაა და სოციალური დახმარების მიღება უნდათ, ქულების მიხედვით კი დახმარება ბევრს არ მოუწია. გვთხოვენ, რომ დახმარების მიღება გაიოლდეს, ხელისუფლებამ ეს გაითვალისწინოსო“, – გვიყვება როინ აბულაძე.
როინ აბულაძე წინასაარჩევნო აგიტაციაში პირველად არ არის ჩართული. ამბობს, რომ მას ამ მხრივ დიდი გამოცდილება აქვს. მისთვის „ხელისუფლება ყოველთვის ხელისუფლებაა“ და მხოლოდ ხელფასის მისაღებად არ მუშაობს: „არც ვიცი რამდენს გადამიხდიან. მე უფასოდაც ვიმუშავებდი, ქვეყანას სჭირდება.“
ვაშლოვანის კოორდინატორების მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ კოორდინატორს უმეტესწილად პარტია ირჩევს და არა პირიქით, იმის მიხედვით, ვის როგორი ავტორიტეტი აქვს სოფელში.
„მე რომ ხალხს ვთხოვო პიროვნულად ჩემი მხარდაჭერა, უფრო მნიშვნელოვანია, ალბათ, ზოგჯერ – მეზობლობა, მეგობრობა, ყველაფერი მოქმედებს. ამ შემთხვევაში უფრო მე მიჭერენ მხარს, ასე გამოდის“, – ამბობს კიდევ ერთი კოორდინატორი ზვიად აბულაძე.
როგორც კოორდინატორები, ასევე, აგიტატორებიც ამბობენ, რომ დაპირებების გაცემა მათი საქმე არ არის. „ჩვენ დაპირებებს ვერ მივცემთ, დაპირებებზე ხელისუფლება ტელევიზორში ლაპარაკობს და მოისმენენ. ჩვენთვის მთავარია, ამომრჩეველი გააქტიურდეს და არჩევნებზე მივიდეს,“ – გვიხსნისსხვა კოორდინატორი ნუგზარ აბულაძე.
აგიტატორ როინ აბულაძის თქმით კი, მისთვისმთავარია, რომ ხალხს არ ატყუებს, რადგან „ტყუილი მამაკაცს არ ეკადრება, ქალს კი შეიძლება ეს მხოლოდ ჭორაობაში ჩაეთვალოს“. თუმცა კითხვაზე, რატომ ეპატიება ქალს ტყუილი, მით უმეტეს, როცა მას პრეზიდენტობა სურს? – ის ჯერ ბოდიშს იხდის: „ქალებთან ბოდიში“, შემდეგ კი გენდერულ ბალანსზე იწყებს საუბარს:
„თუ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ გენდერულ თანასწორობაზე, მაგას მნიშვნელობა არა აქვს – მე, მაგალითად, მიმაჩნია, რომ ქალი უფრო ლოიალური და უფრო დამთმობი, უფრო შემრიგებლური იქნება. იყვნენ ქალი პიროვნებები აღიარებული ყველაფერში და ახლა რა იქნება აქ დასაძრახი, მე ვერ წარმომიდგენია საერთოდ“.
კოორდინატორის ანაზღაურება 150 ლარია. ეს თანხა ერთხელ უკვე მიიღეს კოორდინატორებმა. კიდევ ერთხელ 150 ლარის გადახდას მათ მეორე ტურის შემდეგ ჰპირდებიან.
საიდან ბინძურდება შავი ზღვა და აკვატორიის რა ნაწილია დაბინძურებული ნარჩენებით – ამის დასადგენად მუშაობა ხუთმა ქვეყანამ ერთობლივად დაიწყო: ბულგარეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, უკრაინა, საქართველო. პროექტის ფარგლებში საერთო ინტერნეტპლატფორმა შეიქმნება, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს მშობლიურ ენაზე შეეძლება ინფორმაციის მიღება შავ ზღვაში ნარჩენებთან დაკავშირებით. მომხმარებელს პლტაფორმაზე ინფორმაციის დამატების საშუალებაც ექნება, რომელიც გადამოწმების შემდეგ აისახება საიტზე.
დღეს, 21 ნოემბერს, პროექტის MARLITER კოორდინატორი ნინო ცხადაძე გარემოს დაცვის საკითხებით დაინტერესებულ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე, მეცნიერებს შეხვდა. ერთ-ერთი შეკითხვა, რაც ნინო ცხადაძეს დაუსვეს, ლურჯი ალმის გამოჩენას ეხებოდა ბათუმის სანაპიროზე. ლურჯი ალამი სუფთა პლაჟსა და წყალს ნიშნავს.
უნდა ველოდოთ თუ არა ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ლურჯ ალამს ბათუმში – ეს კითხვაც დავუსვით ინტერვიუს დროს ნინო ცხადაძეს, პროექტის MARLITER კოორდინატორს საქართველოში.
ქალბატონო ნინო, კონკრეტულად რა ნარჩენების აღწერაზეა საუბარი? შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბათუმში დაბინძურების ერთ-ერთი კერა დღემდე არის ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ნარჩენები.
ამ პროექტის ფარგლებში საუბარია მხოლოდ მყარ ნარჩენებზე, შესაბამისად, ნავთობი და ასე შემდეგ ვერ აისახება იმ ინტერნეტპლატფორმაზე, რის შექმნაც იგეგმება. ეს საიტი 2021 წლის იანვრისთვის იქნება მზად. პროექტის ლიდერი ქვეყანა არის ბულგარეთი, კონკრეტულად კი, არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი BSNN, საბერძნეთიდან პროექტში მონაწილეობს სალონიკის უნივერსიტეტი, უკრაინიდან – ოდესის სამეცნიერო ცენტრი, რუმინეთიდან – არასამთავრობო ორგანიზაცია „მარე ნოსტრუმი“ და საქართველოდან – შავი ზღვის ეკო აკადემია. პროექტის მიზანია გარემოსდაცვითი მონიტორინგის სფეროში თანამშრომლობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
რატომ არ ჩაერთო თურქეთი და რუსეთი პროექტში?
პროექტი მოამზადა ბულგარეთის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა, მან შეარჩია პარტნიორები სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში. თურქეთი არ ჩაერთო, ასე არ არის, რამდენიმე პროექტია ამ მიმართულებით და თურქეთი აუცილებლად იქნება წარმოდგენილი სხვა პროექტში. დღევანდელ შეხვედრაზეც ითქვა, რომ თურქეთი არის ერთ-ერთი დამაბინძურებელი შავი ზღვის და ეს ცნობილი ფაქტია, თუმცა, ბულგარეთისთვის თურქეთი არ წარმოადგენს პრობლემას. პროექტში ჩართული არ არის ასევე რუსეთი, რადგან იგი არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა და არც ასოცირებულია. საბოლოოდ ამ პროექტის მიზანია დაიდოს ზუსტი მონაცემები და ამ მონაცემის საფუძველზე დაიგეგმოს კონკრეტული ღონისძიებები, რაც შეამცირებს ნარჩენების რაოდენობას შავ ზღვაში.
ამ დროისთვის რა არის ცნობილი – რამდენად არის დაბინძურებული შავი ზღვა და საიდან?
ზუსტი მონაცემები არ არის, მაგრამ დაბინძურების კერები რომ არსებობს, ფაქტია. ცნობილია ასევე, რომ დაბინძურების 95 პროცენტი მოდის პლასტმასის ნივთებზე. ეს ნივთები, ძირითადად, ზღვაში ხვდება მდინარეებიდან. ჩვენი მდინარეებიდანაც ჩადის ზღვაში ნარჩენები. ბევრ სოფელში ჩვენთან არ არის ნაგვის ურნები და მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნივთებს მდინარის პირას ყრის… ეს ნივთები საბოლოოდ ხვდება ზღვაში, ნაწილი დეგრადაციას განიცდის გარკვეული დროის შემდეგ, ილექება და ყლაპავენ თევზები. შემდეგ ეს იწვევს სერიოზულ დაავადებებს. პლასტიკატი არის სერიოზული დამაბინძურებელი.
რამდენად შესაძლებელია დაბინძურების კერებზე ზუსტი ინფორმაციის მოგროვება?
დღეს ჩვენ შევხდით ამ თემით დაინტერესებულ ყველა ორგანიზაციას, მათ უნდა მოგვაწოდონ ეს მონაცემები. ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი იქნება გარემოს დაცვის სამინისტრო, რომელსაც გარკვეული ინფორმაცია აქვს დაბინძურების კერებზე. ჩვენ ამ ინფორმაციას აუცილებლად გამოვითხოვთ. აქვე, შეხვედრაზე ითქვა, რომ მდინარე მეჯინისწყალი ყოფილა ერთ-ერთი დამაბინძურებელი და ეს შეხვედრის სხვა მონაწილეებმა, მაგალითად, არ იცოდნენ. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, რომ ინფორმაცია შეგროვდეს და გავცვალოთ ეს ინფორმაცია.
ვინ დაამუშავებს ამ ინფორმაციას და იქნება თუ არა პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაცია განახლებადი?
კი, ინფორმაცია იქნება მუდმივად განახლებადი. მომხმარებელს ექნება გამოხმაურების შესაძლებლობა, მაგალითად, დაბინძურების კონკრეტული კერის შესახებ გაქვთ ინფორმაცია და ის არ არის აღნიშნული იმ გეოფიზიკურ რუკაზე, რომელიც საიტზეა გამოქვეყნებული, თქვენ შეგიძლიათ მიწეროთ საიტის ადმინისტრაციას და ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, ეს მონაცემიც დაემატება რუკას… პლატფორმის ამოქმედებამდე შეგროვებულ ინფორმაციას დაამუშავებს ოდესის სამეცნიერო ცენტრი, ელექტრონული რუკების შექმნას კი სალონიკის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს. პროექტს ევროკავშირი აფინანსებს და მისი საერთო ბიუჯეტი 770 ათასი ევროა.
შეხვედრაზე ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელმა იკითხა ლურჯ ალამთან დაკავშირებით. როდის იქნება შესაძლებელი ბათუმის პლაჟზეც გამოჩნდეს ეს ალამი, როგორც სუფთა წყლის ნიშანი?
ლურჯი ალმის მინიჭების პროცესი საკმაოდ რთულია, ამას რამდენიმე წელი მაინც დასჭირდება. ჯერ საუბარია მონაცემების შეგროვებაზე იმის გასარკვევად, თუ რისი გაკეთებაა შემდგომში საჭირო. ამ პროექტის დასრულების შემდეგ შესაძლებელია შემდეგ ეტაპი იყოს ლურჯი ალმის პროცესის დაწყება.
აფხაზური მარილის – „აპირპილ-ჯიკას“ და მეგრული აჯიკის დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს. ეს სტატუსი ქართულ საკმაზს ქეთევან პაპავასა და არჩილ ზამბახიძის პროექტ „ქართული გემოს მემკვიდრეობის” ფარგლებში მიენიჭა.
ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, „აპირპილ-ჯიკას“(ანუ, მარილი – „აჯიკა“ (аџьыка), წიწაკიანი მარილი – „აპირპილ-ჯიკა“ და შეკმაზული მარილი – „აჯიკ-ცაცა“) წარმოშობა აფხაზ მწყემსებთან არის დაკავშირებული. მისი პირველადი დანიშნულება – ქურდობის პრევენცია უნდა ყოფილიყო, კერძოდ, საქონლის მეპატრონეები პირუტყვის საძოვრებზე გაშვებამდე მწყემსებს ცხოველების გამოსაკვებ მარილს აძლევდნენ (ეს უკანასკნელი, საქონელს მადას უღვიძებდა, შესაბამისად, ისინი მეტ წყალსა და მეტ საკვებს იღებდნენ, რაც მათ წონას მატებდა; ხოლო, გამომდინარე იქიდან, რომ იმ დროისათვის, მარილი საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტი იყო და დაქირავებული მწყემსები მას იპარავდნენ ან თავად იყენებდნენ, მეპატრონეები “ცხვრის საგზალს”, ცხარე წიწაკას აყრიდნენ. თუმცა წიწაკიანი მარილი მეცხვარეებისათვის უფრო საინტერესო აღმოჩნდა და დროდადრო, მათ თავადაც დაიწყეს სანელებლებისა და ბალახეულის დამატება.
„კოლხური, კერძოდ კი აფხაზური და მეგრული „აპირპილ-ჯიკას“ ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად ქცევა, ისტორიული და პოლიტიკური მნიშვნელობისაა, რამდენადაც ეს პროცესი კიდევ უფრო ცხადყოფს აფხაზეთის, როგორც ჩვენი ერთიანი კულტურის ორგანულ კავშირს,” – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის აჭარის საჯარო სკოლებში 267 ათოსანი სწავლობს საბაზო საფეხურზე, გასულ წელს კი 252 სწავლობდა.
ათოსან მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს სამინისტრომ დღეს, 21 ნოემბერს, საჩუქრად კომპიუტერები გადასცა. კომპიუტერები ათოსან მოსწავლეებს პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში გადაეცათ.
სამინისტროს განმარტებით, კომპიუტერით ის მოსწავლეები დაასაჩუქრეს, რომლებმაც გასულ სასწავლო წელს საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანი დამრგვალების გარეშე 10 ქულა იყო.
ათოსნებისთვის კომპიუტერების გადაცემის ცერემონიაზე იმყოფებოდა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე. „ბათუმელების“ კითხვაზე, უკავშირდებოდა თუ არა დაჯილდოებაზე ამ პირების ყოფნა საპრეზიდენტო არჩევნებს, განათლების სამინისტროში გვითხრეს, რომ ეს არჩევნებს არ უკავშირდება.
როგორც იურისტები განმარტავენ, საკრებულოსა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან და მათ საარჩევნო აგიტაციაში ჩართვა კანონით არ ეკრძალებათ. თუმცა დაჯილდოებაზე მათი ყოფნა შესაძლოა გავლენას ახდენდეს ამომრჩევლის ნებაზე.
საინტერესო სიუჟეტი, რომანტიკული, მაგრამ არა ეროტიკული, მინიმუმამდე დაყვანილი ძალადობის სცენები, ახალი, უცნობი კულტურა და ემოციების ფეიერვერკი – ეს არ არის ყველა ის მიზეზი, რის გამოც კორეული დორამა საქართველოში პოპულარული გახდა. ათასობით თინეიჯერი ქვეყნის მასშტაბით გატაცებულია დორამებით.
სიტყვა „დორამა“ თავდაპირველად იაპონური ტელესერიალების აღსანიშნავად გამოიყენებოდა, დღეს კი აზიური სერიალების საერთო სახელია. არსებული კორეული, ჩინური, იაპონური და ტაივანური დორამებიდან, ყველაზე პოპულარული კორეულია, შემდეგ მოდის იაპონური. ქართული საიტების სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში, ისე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, უფრო პოპულარული კორეული დორამებია.
დორამების პოპულარობის ზრდასთან ერთად ქვეყანაში გამოჩნდნენ ახალგაზრდები, რომლებიც ენთუზიაზმით თარგმნიან დორამებს ქართულად. koreamania.ge და animetv.ge კი ის საიტებია, რომლებზეც სამოყვარულო თარგმანები იდება.
მარიამ გაბრიჭიძე
მარიამ გაბრიჭიძე მომავალი ისტორიკოსია. სწავლობს, მუშაობს, თავისუფალ დროს კი კორეულიდან და ინგლისურიდან დორამებს ქართულად თარგმნის.
„19 წლის ვიყავი, კორეული დორამა რომ აღმოვაჩინე. თანდათან ჩამითრია, შემდეგ თარგმნა დავიწყე. კორეული ჩემით ვისწავლე დორამებიდან. თარგმნა ოთხი წლის წინ დავიწყე. ერთი სერიის თარგმნას ხუთი-ექვსი საათი მაინც სჭირდება, მით უმეტეს, თუ უყურებ და ისე თარგმნი, რომ სიტყვა სიტყვაზე დასვა. ჩემი ნათარგმნია „სამოთხის ხე“, რომელიც koreamania.ge-ზე დევს,“ – ამბობს მარიამი.
საკმაოდ შრომატევად სამუშაოს მარიამი, ისე როგორც ყველა, ვინც დორამებს ქართულად თარგმნის ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, საკუთარი სურვილით ასრულებს.
„დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ დორამას თარგმნა ჩემთვის ერთგვარი განტვირთვაა. კორეული დორამების სიყვარულმა კორეული ენა მასწავლა. საერთოდაც, ძალიან ბევრს სწავლობ დორამიდან – სწავლობ ადამიანების მოსმენას, ქცევას, კულტურას. აბსოლუტურად სხვა სამყაროა,“ – ამბობს მარიამი.
დანიელი 25 წლისაა. ის ყველაზე უფროსია Kmania-ს იმ ჯგუფში, რომლებიც კორეულ დორამებს ქართულად თარგმნის. პროფესიით ვებდეველოპერია. ამბობს, რომ ოთხი წლის წინ შემთხვევით აღმოჩენილმა დორამამ ჩაითრია, შემდეგ ფეისბუქზე ჯგუფი იპოვა, სადაც გაწევრიანდა. ოთხი წლის წინ, ქართველი თინეიჯერები დორამებს ძირითადად რუსულად უყურებდნენ, ან ინგლისური სუბტიტრებით დადებას ელოდნენ.
„მაშინ დამებადა იდეა და ვიკითხე – რას იტყოდით ქართულად რომ იდებოდეს სერიები-მეთქი. გამოხმაურება ძალიან დიდი იყო. შემდეგ უკვე რამდენიმე ამყვა, დავმეგობრიდით და დავიწყეთ თარგმნა. ფანკლუბი ვართ, როლებსაც იმ დონეზე გვიყვარს დორამა, რომ გადავწყვიტეთ სხვა ახალგაზრდებსაც და არამარტო მათ, მივცეთ საშუალება ქართულ ენაზე ნახონ დორამები. გახმოვანებაზე უარი ვთქვით, რადგან პროფესიონალურად ვერ გავახმოვანებდით. სუბტიტრებზე გავაკეთეთ არჩევანი. ვცდილობთ სერიები დათქმულ დროს დავამატოთ საიტზე. მაგრამ ზოგჯერ ხდება ისე, რომ ვაგვიანებთ. არავის არ გვაქვს შესაფერისი სიმძლავრის კომპიუტერები. ხან გაჭედავს, ხან რაღაც ხდება. დრო სჭირდება ყველაფერს,“ – ამბობს დანიელი.
ანა ბადაშვილი
Kmania-ს კიდევ ერთი მთარგმნელი ანა ბადაშვილი 17 წლისაა, აბიტურიენტია და ეროვნული გამოცდებისათვის ემზადება. დორამებს ინგლისურიდან თარგმნის. ამბობს, რომ ასე ერთდროულად ორ კურდღელს იჭერს.
„დორამების თარგმნა დაახლოებით 2-3 თვის წინ დავიწყე, როდესაც Kmania-ს შევუერთდი. ვთარგმნი ინგლისურიდან, კორეული არ ვიცი, სამწუხაროდ. საშუალოდ 2 საათი მჭირდება ერთსაათიანი სერიის სათარგმნად. ვცდილობ, ეს პროცესი ჩემი ინგლისურის გასაუმჯობესებლად გამოვიყენო, თან ასე ხალხს უფრო მეტ დორამას ვაცნობ,“ – ამბობს ანა.
ანასტასია ჯღარკავაც Kmania-ს მთარგმნელთა გუნდის წევრია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობს, მუშაობს და თავისუფალ დროს დორამებს თარგმნის.
ანასტასია ხსნის თუ რატომ მოსწონს დორამა.
“მოკლეა – არ გამოირჩევა რამდენიმე სეზონით და ათასობით სერიით,” – ამბობს ის. მისი თქმით, პოპულარობა “არა კონკრეტულად დრამებმა, არამედ აზიურმა ქვეყნებმა და მათმა კულტურამ, მათმა ენამ მოიპოვა. დორამა კი საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა ახლოს იყო იმ ენასა და კულტურასთან, რომელიც გაინტერესებს”.
koreamania.ge-ის მიერ ქართულად ნათარგმნი დორამები
თუ animetv.ge-ზე შეხვალთ და რომელიმე დორამას ერთ სერიას მაინც ჩართავთ, შეუძლებელია არ დაგამახსოვრდეთ ხმა, რომელიც ამ დორამებს ქართულად ახმოვანებს. დავითი, რომელსაც დორამების მოყვარულები იაგამის სახელით იცნობენ, ხუთი წელია, რაც ქართულ ინტერნეტსივრცეს ქართულენოვანი ანიმებით ამარაგებს. დორამების თარგმნა ერთი წლის წინ დაიწყო.
ყველაფერს მარტო აკეთებს – თარგმნის, ასწორებს, ახმოვანებს და საიტის პროგრამულ უზრუნველყოფასაც თვითონ ახერხებს. პროფესიით ვებ დეველოპერია. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ცდილობს გახმოვანების ტემპი არ დააგდოს და მაყურებელი დორამებით მოამარაგოს.
„თარგმანსაც, აწყობასაც, გახმოვანებასაც ვაკეთებ მარტო. საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ სურვილი დუბლირების და დავიწყეთ ერთობლივი გახმოვანება. ტექნიკურად ხდება ასე – ჩვენ ჩვენთვის ვახმოვანებთ სახლებში, ბოლოს ვაჯამებთ და გამოდის ერთი საერთო ნამუშევარი,“ – ამბობს დავითი.
მისი თქმით, გახმოვანების დროს მთავარი მოტივატორები ის ადამიანები არიან, ვინც მის მიერ გახმოვანებულ დორამებს ელოდებიან.
„მიუხედავად იმისა, რომ მარტო ვზივარ და მარტო ვახმოვანებ, ყველა ის ადამიანი, ვინც შემდგომ უყურებს ამ ჩემს გახმოვანებულს, მგონია, რომ მათთან ჩემი ემოციები მიდის. ამ ხუთი წლის მანძილზე ბევრი მაყურებელი დაგროვდა და რაღაცნაირი სიყვარული მაქვს თითოეულის მიმართ. ისიც კი სასიამოვნოა, რომ ვიღაც ჩემს გაკეთებულ საქმეს უყურებს.
ამ წლების მანძილზე ძალიან დიდი დრო მაქვს დათმობილი ამ ყველაფრისთვის. მაგრამ როცა ვფიქრობ, რომ ეს ვიღაცისთვის გასახარი იყო, ვიღაცისთვის სარგებლის მომტანი, აღარ მენანება ის დრო, რომელიც გახმოვანებაში მაქვს გატარებული,“ – ამბობს დავითი.
კითხვაზე, რამ განაპირობა დორამებისადმი ახალი თაობის ასეთი დიდი სიყვარული, დავითი ამბობს, რომ მთავარი გასაღები გულწრფელობა და სილაღეა, რომლითაც არის სავსე ყველა დორამა.
„დორამები დასავლური ფილმებისგან განსხვავდება. არ არის ძალადობა. ეს ჟანრი და თემატიკა ყველაზე მეტად გამოხატავს სითბოს და იმ თბილ ურთიერთობებს, რომელიც დღესდღეობით ჩვენ, ყველას გვაკლია. ალბათ ამიტომ მოვიდა ყველაზე ახლოს დღევანდელ თაობასთან“.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ტელევიზიის გარდაცვლილი თანამშრომლის, 26 წლის ზუკა ფაღავას ექიმს, ბეჟან ხოზრევანიძეს, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ საექიმო საქმიანობის სერტიფიკაცი ერთი თვით შეუჩერა.
26 წლის ზუკა ფაღავა წელს, 31 მარტს, კლინიკა „მედცენტრში“ გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის გაჩერება დასახელდა. ზუკა ფაღავას ოჯახის წევრები და კოლეგები მიიჩნევდნენ, რომ გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, არაკვალიფიციური მკურნალობა ყოფილიყო.
ზუკა ფაღავას გარდაცვალების ფაქტის შესასწავლად სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიმართა.
ზუკა ფაღავას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს – სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით [ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე].
განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ სამინისტრო აპირებს, სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ დააბრუნოს. სფეროთი დაინტერესებული პირების ერთი ნაწილი გოგებაშვილის „დედა ენას“ თანამედროვე მოთხოვნებთან შეუსაბამოდ მიიჩნევს, ნაწილი კი მისი სკოლებში დაბრუნების მომხრეა. რას გულისხმობს მინისტრი „დედა ენის“ დაბრუნებაში მაშინ, როცა სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები უკვე შესულია? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების ხელმძღვანელი, თამარ ჯაყელი საუბრობს.
ქალბატონო თამარ, განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ შეიქმნა საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც სკოლებში გოგებაშვილის „დედა ენის“ დაბრუნებაზე იმსეჯელებს. თქვენ, როგორც განათლების სპეციალისტს, მიგაჩნიათ, რომ „დედა ენის“ დაბრუნება სკოლაში აუცილებელია? ამის საჭიროებას ხედავთ თუ ვერა?
მინდა დავაზუსტო, რომ როცა ვსაუბრობთ გოგებაშვილისეულ „დედა ენაზე“, აქ გოგებაშვილისეული მეთოდი იგულისხმება და არა 1912 წელს გამოცემული წიგნი, რომლის ახლა დაბეჭდვა ნამდვილად ბევრ უხერხულობას შექმნის. საერთოდ, „დედა ენის“ დაბრუნება-არდაბრუნების საკითხი ძალიან კომპლექსური და რთული თემაა.
სოციალურ ქსელებში კომენტარებს როცა გადავხედე, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ სწორედ გოგებაშვილის „დედა ენის“ ძველი გამოცემის დაბრუნებაზეა საუბარი. ეს ასე არ არის?
პირდაპირ კოპირებაზე არავინ საუბრობს. ეს გაუგებრობაა ნამდვილად. უბრალოდ, როცა ვლაპარაკობთ გოგებაშვილისეულ მეთოდზე, აქ უფრო გოგებაშვილისეულ ანალიზურ-სინთეზური მეთოდის კონკრეტულ ხორცშესხმაზეა საუბარი. გოგებაშვილი უამრავ დეტალს აქცევდა ყურადღებას, მაგალითად, ასოების რიგის დადგენის, საანალიზო სიტყვათა შერჩევის პრინციპს და ა.შ. რეალურად, ამ მეთოდმა მიაღწია იმას, რომ ხელს უწყობს ბავშვის კითხვის უნარების განვითარებას, დეკოდირების პროცესის ავტომატიზებას. ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპია გააზრებული კითხვის დაუფლების გზაზე.
რაც უფრო სწრაფად აღწევს ბავშვი მოქნილ კითხვას, მით უფრო მალე შეგვიძლია კითხვის, როგორც გაგება-გააზრების უნარებზე ვიმუშაოთ მასთან. ამ მხრივ საოცარი სამუშაოა ჩატარებული გოგებაშვილის მიერ თავის დროზე, მაგრამ დღევანდელ კონტექსტში სხვა პრობლემა იჩენს თავს. გოგებაშვილს რამდენიმე ძირეული პრინციპი ჰქონდა, რომელიც აქტუალობას არც დღეს კარგავს. მეორე პრინციპი იყო სასწავლო საქმიანობის ცხოვრებასთან დაკავშირება.
რა იგულისხმება ცხოვრებასთან დაკავშირებაში?
ადრე წერა-კითხვის სასწავლებლად ბავშვებს სთავაზობდნენ უფრო საეკლესიო ხასიათის ტექსტებს. გოგებაშვილმა ამის წინააღმდეგ გაილაშქრა და თქვა, რომ ბავშვს უნდა შევთავაზოთ ის სიტყვები, რომლებიც მის ყოველდღიურ გარემოს უკავშირდება. მაშინ იყო აგრარული ყოფა, ამიტომ ეს ტექსტები გაჯერებულია სასოფლო-სამეურნეო ყოფაცხოვრების ამსახველი სიტყვებით. დღეს კი პოსტინდუსტრიულ ეპოქაში ვცხოვრობთ, იმდროინდელი სასოფლო-სამეურნეო რეალიები უცნობია ჩვენი ბავშვებისთვის. ამიტომ აქ უკვე გვერღვევა პრინციპი, თუკი ჩვენ უცვლელი სახით დავტოვებთ ამ სახელმძღვანელოს.
მაგალითად, გუთანს, სახნისს ან სხვა რომელიმე სასოფლო-სამეურნეო სიტყვას ბავშვი ვერ გაიგებს?
დიახ, არის კიდევ სხვა უამრავი სიტყვა, რომელიც თანამედროვე ბავშვებისთვის უცნობ სამყაროს განეკუთვნება. მსგავსი სიტყვები უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, მაგრამ არა საანბანო პერიოდში, კითხვის დაუფლების პროცესში.
გამოდის, ახალი სახელმძღვანელო უნდა შეიქმნას გოგებაშვილის მეთოდზე და არა პირდაპირ გადმოიწეროს „დედა ენა“?
სწორედ აქ იჩენს პრობლემა თავს. შინაარსის თანამედროვე კონტექსტთან ადაპტირების პროცესში შეიძლება დავკარგოთ საანბანო ნაწილის მძივივით აწყობილი თანმიმდევრობა. ახალი წიგნები, რომლებიც შეიქმნა, უწყობს თუ არა ხელს საანბანო პერიოდის უნარების განვითარებას, ეს ყველაფერი სანახავია. მე არ ვიცი.
პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სახელმძღვანელოების გრიფირება და ბეჭდვა დასრულდა. სკოლებში შესულია ახალი სახელმძღვანელოები. თუკი გოგებაშვილისეული „დედა ენა“ ასეთი მნიშვნელოვანი იყო, აქამდე რატომ არ იმსჯელა სამინისტრომ ამ საკითხზე, ახლა რას შეცვლის ეს?
2013 წელს გოგებაშვილისეულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კულტურის სამინისტროში 2014 თუ 2015 წელს შექმნილი იყო კომისია და კონკურსი გაიარა გოგებაშვილის მეთოდის ადაპტირებულმა ვერსიებმა. გამოვლინდა ორი სახელმძღვანელო, რომლებიც საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის გოგებაშვილისეულ მეთოდს შეესაბამება. მაგრამ ამ სახელმძღვანელოების გავრცელებას გარკვეული დაბრკოლებები შეექმნა.
რატომ?
როგორც ვიცი, ერთ-ერთმა გრიფი ვერ მიიღო. უფრო სწორად, გრიფი ენიჭებოდა არა ცალკეული კლასის სახელმძღვანელოს, არამედ სახელმძღვანელოების სერიას, შესაბამისად, ეს სახელმძღვანელო გრიფის გარეშე დარჩა. მეორე სახელმძღვანელო კი ვერ მოხვდა ე.წ. სახელმწიფო შესყიდვებში. ანუ ფინანსურმა კომპონენტმა ითამაშა როლი.
როგორც ვიცი, სამინისტრო იმ სახელმძღვანელოებს ბეჭდავდა, რომლებიც სკოლების უმრავლესობამ აირჩია. ეს იმას ნიშნავს, რომ ადაპტირებული „დედა ენა“ სკოლებმა არ აირჩიეს?
ეს საკითხები არ ვიცი, თუმცა სამინისტროს შეუძლია სახელმძღვანელოს მნიშვნელობიდან და ღირებულებიდან გამომდინარე იმსჯელოს მის დაბეჭდვაზე.
თქვენ როგორ ფიქრობთ, გოგებაშვილისეული მეთოდი უფრო ამართლებს თუ ის, რაც უკვე შევიდა 2018 წელს სკოლებში?
ჩემი მოსაზრებები მაქვს, მაგრამ, ვფიქრობ, უხერხული იქნება, თუ ამაზე ხმამაღლა ვისაუბრებ. თუმცა ერთი სახელმძღვანელო ვიცი, რომელიც არ არის გოგებაშვილისეული მეთოდით გაკეთებული, მაგრამ კარგია, გამართულია კითხვის სწავლების მეთოდიკა. სხვა სახელმძღვანელოც ვიცი, რომელიც თითქოს გოგებაშვილის ადაპტირებულ ვარიანტს წარმოადგენს (ოღონდ, მას არ აქვს კულტურის სამინისტროს კომისიის დასტური), მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან პრობლემატურია და ბევრი გაუგებრობაა შიგნით. მე გოგებაშვილის დედა ენის ადაპტირებული მეთოდის, გათანამედროვებული შინაარსის მომხრე ვარ, თუკი ადაპტირება ხარისხიანად გაკეთდება.
განათლების მინისტრი საუბრობდა, რომ „დედა ენის“ შემოტანის საკითხზე „მხარეებთან შევთანხმდებითო“. ვინ არიან მხარეები, ანუ ვისთან მიდის ამ საკითხზე შეთანხმება, ვის ინტერესებში შედის ეს საკითხი?
მე არ მაქვს ამაზე ინფორმაცია, მხოლოდ შინაარსობრივ საკითხებში ვარ ჩართული.
25 ნოემბერს, 13:00 საათზე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ხილის ფესტივალი გაიმართება.
ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 33 სახეობის ციტრუსი, „ასევე, ხეხილ-კენკროვნები, ბაღის ფიტოგეოგრაფიული განყოფილებების ეგზოტური ხილი და კაკლოვნების მრავალფეროვნება.
დამთვალიერებელს საშუალება მიეცემა, შეიძინოს ბაღის სანერგეში გამოყვანილი ციტრუსის ნერგები“.
ფესტივალში მონაწილეობენ საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“ და მეწარმეები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა სახის წვენებს, ჯემებს, მურაბებსა და მანდარინის ჩიფსებს.
ფესტივალი გაიმართება ზედა პარკის ახალ პანორამულ გადასახედზე. უახლოესი შესასვლელი – მწვანე კონცხისა და უღელტეხილის სალაროები.
25 ნოემბერს ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე შესვლა ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის უფასო იქნება.
რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება გააფორმა. ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია Hunan Road and Bridge Construction Group-ია. პროექტის ღირებულება 732 296 478 ლარია, ხოლო სამუშაოების განხორციელების ვადად 3 წელია განსაზღვრული.
პროექტი ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე 35 ახალი ხიდისა [18 ხიდი – თბილისი-არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 – არგვეთა-თბილისის მიმართულებით] და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება. გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები. ასევე, დაგეგმილია 3 სატრანსპორტო კვანძის მოწყობა.
ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკისგან მიღებული სესხით დაფინანსდება. აღნიშნული მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის.
ხევი-უბისას გზა რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის შემადგენელი ნაწილია. ეს მონაკვეთი ოთხ სექციადაა დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევი, ხევი-უბისა, უბისა-შორაპანი და შორაპანი არგვეთა.
რიკოთის მთლიან მონაკვეთზე ახალი ავტომაგისტრალის ასაშენებლად დაახლოებით 3 მილიარდი ლარი დაიხარჯება, თუმცა ეს თანხა სატენდერო პროცედურების შემდეგ დაზუსტდება – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში. აქვე ამბობენ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის გავლას წითელი ხიდიდან სარფამდე [სიჩქარის შეზღუდვის გათვალისწინებით] დღეს დაახლოებით 8 საათი სჭირდება, ამ პროექტის დასრულების შემდეგ კი, ამ დერეფნის დაფარვა 4,5 საათში იქნება შესაძლებელი.
კურორტ გოდერძიზე ტურისტული სეზონი ოფიციალურად 8 დეკემბერს გაიხსნება. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, კურორტზე მიმდინარე 16 საინვესტიციო პროექტის ღირებულება ამ ეტაპზე 129 მილიონი ლარია და საბოლოოდ კურორტი ერთდროულად 1 000-ზე მეტი ვიზიტორის მიღებას შეძლებს.
კურორტი ზღვის დონიდან 2300 მეტრზე მდებარეობს.
კურორტი გოდერძი. ფოტო: აჭარის მთავრობაკურორტი გოდერძი. ფოტო: აჭარის მთავრობაკურორტი გოდერძი. ფოტო: აჭარის მთავრობაკურორტი გოდერძი. ფოტო: აჭარის მთავრობაკურორტი გოდერძი. ფოტო: აჭარის მთავრობა
ინდონეზიის სანაპიროზე გამორიყული, დაღუპული ვეშაპის კუჭიდან ცხოველთა უფლებებზე მომუშავეებმა რამდენიმე კილოგრამი პლასტმასი ამოიღეს, მათ შორის 115 ცალი პლასტმასის ჭიქა და რამდენიმე წყვილი რეზინის ჩუსტი. ვეშაპის კუჭში, მთლიანობაში, 6 კილოგრამი პლასტმასის სხვადასხვა ნივთი იპოვეს.
9.5 მეტრის სიგრძის დაღუპული ძუძუმწოვარი ორშაბათს კუნძულ სულავეიზე გამორიყა ოკეანემ. ვეშაპის კუჭში აღმოჩნდა:
4 ცალი პლასტმასის ბოთლი
25 ცალი ცელოფნის პარკი
115 ცალი პლასტმასის ჭიქა
რამდენიმე წყვილი რეზინის ჩუსტი
დაახლოებით 3.2 კილოგრამი პლასტმასის სადენები
დაახლოებით 140 გრამი პლასტმასისგან დამზადებული სხვადასხვა დეტალი.
რადგან ოკეანის ბინადარის სხეული იმ დროს იპოვეს, როდესაც თითქმის გახრწნილი იყო, შეუძლებელი აღმოჩნდა სიკვდილის ზუსტი მიზეზის დადგენა. „მაგრამ, რაც ჩვენ ვნახეთ, ნამდვილად არის საშინელება“, – აცხადებს გარემოსდაცვითი მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი ინდონეზიაში.
ინდონეზიის ხელისუფლების განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია პლასტმასის წარმოების შემცირება და გამოყენება. ისინი არ გამორიცხავენ, რომ პლასტმასის საგნებით ოკეანეებში ახლაც ბევრი ბინადარი შეიძლება იღუპებოდეს.
ინდონეზიაში უკვე მუშაობენ იმაზე, რომ მაღაზიებში აღარ გამოიყენონ ცელოფნის პარკები. 2025 წლისთვის კი ქვეყანა პლასტმასის გამოყენების შემცირებას 70%-მდე გეგმავს. ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ ამ ამოცანას ადამიანები გაიგებენ, თუ დაინახავენ, რომ პლასტმასი ყველას საერთო მტერია.
წინასაარჩევნოდ საკრებულოს მუშაობა შეაჯამა ფრაქციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ . ანგარიში ოპოზიციურმა ფრაქციამ მხარდამჭერებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო. ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრას პარტიის ლიდერებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე კითხვები არ დასმულა.
კორუფციის ნიშნები ერთ-ერთი საკითხი იყო, რაზეც დღეს მირდატ ქამადაძემ, ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელმა ისაუბრა. მისი თქმით, კორუფციის ნიშნებს შეიცავდა ახალი ავტობუსების შეძენა, ასევე, ბათუმის ახალი სასაფლაოს მოწყობის პროექტი.
„მერიამ თითო ავტობუსში 76 ათასი ევრო გადაიხადა. ჩვენ მივწერეთ ამ კომპანიას ელექტრონულად და გვიპასუხეს, რომ ავტობუსის საცალო ფასი გადასახადების ჩათვლით 63 ათასი ევროა. როცა ტენდერი ცხადდება და ერთიანად ყიდულობ საქონელს, ცნობილი პრაქტიკაა, რომ ფასი ბევრად დაბლა იწევს… ჩვენ მოვიწვიეთ მერი ამ საკითხზე საკრებულოში, მაგრამ არ მოვიდა. ვიცე-მერმა კი გვითხრა, რომ ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა… რატომ მიიღო მონაწილეობა ასეთ ტენდერში მხოლოდ ერთმა კომპანიამ, ეს აჩენს კითხვებს,“ – აღნიშნა მირდატ ქამადაძემ.
საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია, ასევე, აპროტესტებს ააიპ „ბათუმის სასაფლაოებისთვის“ დამატებით 190 ათასი ლარის გამოყოფას. მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ ორგანიზაციას ამ დრომდე არ ჩაუბარებია ანგარიში საკრებულოსთვის, თუ რაში დაიხარჯა აქამდე გამოყოფილი 4 მილიონი და რატომაა დღემდე დაკეტილი ბათუმის ახალი სასაფლაო.
ბათუმის მუნიციპალიტეტის მუშაობას „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე, კრიტიკულად აფასებს მშენებლობების კუთხით. ოპოზიციის თქმით, ინიციატივა არ გაიზიარა საკრებულომ იმის შესახებ, რომ მშენებლობების სიმაღლეში გაზრდის ნებართვების, ე.წ. კა2-ის გაცემის პროცესში საზოგადოება აქტიურად ჩაერთოს და გადაწყვეტილებები დისკუსიის გზით მიიღონ.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მირდატ ქამადაძემ ისაუბრა, ქუჩებისთვის სახელების შეცვლაა: ლერმონტოვის ქუჩისთვის ამერიკელი სენატორის – მაკკეინის, ხოლო გრიბოედოვის ქუჩისთვის ცხინვალში გატაცებული და შემდეგ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის სახელების დარქმევას ოპოზიცია რამდენიმე თვეა ითხოვს, თუმცა საკრებულოს ამ საკითხებზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
„ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიში არ მოუსმენიათ საკრებულოს უმრავლესობის წევრებს.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, 18 ნოემბერს საბაჟო გამშვებ პუნქტ სარფში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის გ.ზ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 5 007.05 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს.
არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების წონა სულ 89.3 გრამი იყო.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა შეეფარდა 5 007.05 ლარის ოდენობით.
სამართალდამცველებმა დღეს, 20 ნოემბერს, იმ ავტომობილის მძღოლი დააკავეს, რომელიც სამი დღე იძებნებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევა 18 ნოემბერს ჭარნალი-ახალსოფლის საავტომობილო გზაზე მოხდა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი დაშავებული კი – საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით ავარიის შემდეგ ავტომანქანა ნაწილებად დაშალა და მიიმალა. 1989 წელს დაბადებული გ.ს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ავტომანქანის ნაწილები პოლიციელებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო რეგიონებში ახალგაზრდების ერთთვიან გადამზადებას იწყებს თანამედროვე (IT) ტექნოლოგიებში. პროექტისთვის 82 ათასი ლარია გამოყოფილი ბიუჯეტიდან და როგორც სააგენტოში გვეუბნებიან, 200-მდე პირი უნდა გადამზადდეს.
საქართველოს ტექნოპარკის წარმომადგენლის, თეონა ჩუხრუკიძის თქმით, ადგილები შეზღუდულია, რის გამოც, მსურველების შერჩევა ტესტირების საფუძველზე მოხდება. „ერთ ტექნოცენტრში ათი მსურველის აყვანას ვგეგმავთ,“ – გვითხრა მან.
თანამედროვე ტექნოლოგიებში ახალგაზრდებს ჯეოლაბის სპეციალისტები გადაამზადებენ.
თეონა ჩუხრუკიძის ინფორმაციით, გადამზადების მსურველთა ასაკი შეზღუდული არ არის, თუმცა იგი აქვე დასძენს, რომ „გადამზადდებიან მხოლოდ ახალგაზრდები“.
როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში აცხადებენ, მსურველებს თანამედროვე კომპიუტერულ პროგრამებში ტრენინგი საქართველოს ათ რეგიონში ჩაუტარდებათ, შემდეგ ადგილებში: ჭოპორტი, ბაღდათი, ხარაგაული, ზუგდიდი, ახმეტა, თბილისი, კასპი, გორი, თელავი, რუხი.
„პროექტის შედეგად მსმენელები დაეუფლებიან საბაზისო ცოდნას ისეთ საკითხებში, როგორიცაა საიტის სტრუქტურის შემუშავება HTML5-ის საშუალებით, საიტის დიზაინის აწყობა CSS-ის საშუალებით, ინტერაქციებისა და ანიმაციების გამოყენება CSS3-ის საშუალებით, CSS პრეპროცესორთან (SCSS) მუშაობა, სტატიკური ვებგვერდის შექმნა, დაარსებულ ვებგვერდში ცვლილებების შეტანა“.
მსურველების შერჩევა ტესტირების საფუძველზე მოხდება. გამარჯვებულების ვინაობა 22 ნოემბერს გახდება ცნობილი, ტრენინგები კი 24 ნოემბერს დაიწყება.
ბათუმში გამოკითხული რესპონდენტების 46%-ს ოჯახში აქვს მანქანა. კვლევის თანახმად, ყოველ 1000 მოსახლეზე ავტომობილს 136 პირი ფლობს, მათგან 6% აქვს ორი მანქანა და 1%-ს – სამი. ეს უკანასკნელები ყველაზე ინტენსიურად მგზავრობენ კერძო ტრანსპორტით [81%] მაშინ, როდესაც ისინი, ვისაც ერთი მანქანა აქვთ, მას იყენებენ პირადი გადაადგილებისთვის ნახევარზე ნაკლებ შემთხვევაში. კვლევის ავტორების აზრით, ეს შეიძლება აიხსნას საწვავის ფასით ან მრავალსულიანი ოჯახებით, სადაც წევრებს განსხვავებული გრაფიკი აქვთ.
პერიფერიულ არეალში ოჯახში მანქანის ქონის საშუალო რაოდენობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ თითქმის ყველა ოჯახს აქვს საკუთარი ავტომობილი, რაც, ძირითადად, განპირობებულია ქალაქთან წვდომის საჭიროებით. უცნაური ფაქტია, რომ კვარიათსა და გონიოს გარკვეულ ნაწილში, სადაც შემოსავლის ყველაზე დაბალი დონეა, თითქმის ყველა ოჯახში აქვთ ავტომანქანა, მაგრამ მას არ იყენებენ. ესეც შეიძლება აიხსნას სეზონის დასრულებით [სეზონზე მანქანებს იყენებდნენ ტურისტების სანაპირომდე ან ციხესიმაგრემდე მისაყვანად].
კვლევა პროექტის „მწვანე ქალაქების“ ფარგლებში გაეროს განვითარების პროგრამის [UNDP] დაკვეთით გერმანულმა კომპანიამ A+S Consult GmbH-მა ჩაატარა.
გადაადგილების მაჩვენებლები
კვლევის მიხედვით, ბათუმში გადაადგილების დონე, დღეში მგზავრობის საშუალო რაოდენობა [1 სულ მოსახლეზე] 1,47-ს უტოლდება. ეს დაბალი მაჩვენებელია პარიზისა [4] და აშშ-ის [3,8] მაჩვენებლებთან შედარებით, თუმცა დამახასიათებელია საქართველოსთვის. უკანასკნელი კვლევით თბილისის მობილობის გადაადგილების დონე 1,55 იყო.
43% შეადგინა ბათუმში იმ პირთა მაჩვენებელმა, რომლებსაც გამოკითხვის წინა დღეს საერთოდ არ უმგზავრიათ, თბილისში კი კვლევამ აჩვენა, რომ ასეთი პირები 35%-ს შეადგენდნენ. ჩვეულებრივ, ბათუმის მცხოვრებლები დღეში ორჯერ მგზავრობენ, თუმცა 3-4-ჯერ მგზავრობათა რიცხვი აღემატება დედაქალაქის მაჩვენებელს. შინ დარჩენილთა შორის კი ჭარბობენ ქალები.
სპეციალისტების აზრით, ზოგადად, გადაადგილების ეს მაჩვენებელი შეიძლება აიხსნას იმით, რომ კვლევა ჩატარდა ტურისტული სეზონის შემდეგ, როცა მცხოვრებთა ნაწილს ხშირად არ უწევს გარეთ გამოსვლა, მათ გარდა, ვისაც ბავშვები სკოლაში ან ბაღში მიჰყავს. გადაადგილების დაბალი მაჩვენებლის სხვა მიზეზი შეიძლება იყოს არაეფექტური სატრანსპორტო სისტემა და მოსახლეობის არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მგზავრობისთვის საჭიროა მეტისმეტად დიდი ძალისხმევა ან მეტისმეტად დიდი დანახარჯი, ადამიანები, უბრალოდ, თავს აარიდებენ გადაადგილებას, როცა ეს შესაძლებელია.
კვლევის მიხედვით, გადაადგილებაზე მოთხოვნა უმეტესად კონცენტრირებულია ძველ ბათუმში, გონიო-კვარიათისა და კახაბრის უბნებში. ადმინისტრაციული ერთეულები ასევე განსხვავდებიან ურბანული გადაადგილების კოეფიციენტებით. როგორც ეს ქვემოთ მოცემულ გამოსახულებაზე ჩანს, ხიმშიაშვილის უბანი ლიდერობს მოსახლეობის გადაადგილების მაჩვენებლით.
რატომ მიდიან ქალები სამხრეთისკენ
კვლევის მიხედვით, ქალებისა და კაცების მიზნები განსხვავდება – კაცებისთვის პოპულარული ზონა ქალაქის ცენტრია, მაშინ, როდესაც ქალები უფრო სამხრეთ ნაწილისკენ გადაადგილდებიან.
მგზავრობის დაახლოებით 50%-ის მიზეზია სავალდებულო გადაადგილება [სკოლა, უნივერსიტეტი და სამსახური]. მგზავრობის მეოთხედზე მეტი სხვა მიზნით ხორციელდება. ნაკლები ქალი მიემართება სამსახურისკენ, უფრო ხშირად ისინი დადიან საყიდლებზე, ნათესავების მოსანახულებლად და დაყვებიან სხვა ადამიანებს [სხვა ადამიანების წამოსაყვანად მანქანით მგზავრობაში კაცები ჭარბობენ].
ტურისტული სეზონის დასასრულით აიხსნება ქალაქის შორი უბნებისკენ ნაკლები ადამიანის მოძრაობაც [ინტერესის ზონები და ადგილები, რომლებიც სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს]. მიუხედავად ამისა, ის დიდ ზეგავლენას არ ახდენს კონტინენტურ პერიფერიულ არეალებზე [ხელვაჩაური, მახინჯაური, მახვილაური, შავლიძეები].
მონაცემები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით
ბავშვები, ძირითადად, დადიან სკოლაში და სხვადასხვა კლასგარეშე ჯგუფში [სპორტულ, კულტურულ წრეებზე], 17-22 წლის ასაკობრივი კატეგორიის ადამიანები დადიან უნივერსიტეტებში, ხოლო მათგან 6%-მა დაიწყო მუშაობა;
22-31 წლის ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქეები, გარდა იმისა, რომ მიემართებიან სამსახურისკენ, მათი მგზავრობის 12% სხვა ადამიანების თანმხლებისგან შედგება [შესაძლოა, მათ ჰყავთ შესაბამისი ასაკის შვილები, რომელთაც თანმხლები სჭირდებათ]. რაც შეეხება 31-55 წლის ასაკობრივ ჯგუფს, აქ მთავარი დანიშნულება მაინც სამსახურია [28%]; 55 წელს გადაცილებული ადამიანები უფრო ხშირად საყიდლებზე დადიან. რაც შეეხება სხვადასხვა დონის შემოსავლის მქონე ოჯახებს, სავარაუდოდ, ისინი, ვისი შემოსავალიც 300 ლარზე ნაკლებია, იშვიათად დადიან ფორმალურ სამსახურში.
პიკის საათები
მოძრაობის განრიგი აჩვენებს, რომ სწავლის მიზნით გადაადგილების პიკის საათებია დილის 8:00 – 9:00 სთ. უკან დაბრუნებისას პოპულარულია 13:00 – 14:00 სთ. [უფროსი ასაკის სტუდენტები ბრუნდებიან 17:00 – 18:00 სთ-ზე]. ემთხვევა დანიშნულების ადგილები: „სახლი-სხვა“ და „სხვა-სახლი“ კომბინაციას, როდესაც ხდება სასწავლო დაწესებულებებში სხვა პირების თანხლება. დასაქმებული ადამიანებისთვის პიკის საათებია 8:00 – 9:00 საათი და 18:00 – 19:00 საათი. ამის შემდეგ ყველაზე პოპულარული ტიპის საქმიანობაა „სხვა“.
რაც შეეხება დანიშნულების „სხვა“ ვარიანტებს, როგორც წესი, ყველაზე პოპულარული ვარიანტია სხვა ადამიანის თანხლება, მშობლების, მეგობრების მონახულება და საყიდლებზე სიარული. ადამიანები ამჯობინებენ სხვების თანხლებას, ადმინისტრაციული პროცედურების გავლას სავალდებულო საქმიანობებამდე და შემდეგ მოდის სხვა უფრო პოპულარული მიზეზები, რაც სავალდებულო საქმიანობების შემდეგ ხორციელდება [განსაკუთრებით საყიდლებზე სიარული, რესტორნებში კვება და მეგობრების მონახულება].
მგზავრობის ხანგრძლივობა
ბათუმში მგზავრობის საშუალო ხანგრძლივობა 23 წუთია და იცვლება დანიშნულების მიხედვით – დაწყებული 32-წუთიანი მგზავრობით „სამსახური-სამსახური“ მიზნით [აქ შედის მიწოდება-მიტანაც] და გაგრძელებული 29-26,5 წუთის ხანგრძლივობის მგზავრობით – ერთის მხრივ უნივერსიტეტისკენ და უკან, მეორე მხრივ სკოლისკენ ან ბაღისკენ [16,6 – 18 წუთი]. სავარაუდოდ, ამის მიზეზია ქალაქში მხოლოდ ორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არსებობა.
სატრანსპორტო სახეობების გამოყენება
ქალებს შორის ყველაზე პოპულარული სატრანსპორტო საშუალებაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ფეხით გადაადგილება. რაც შეეხება დანიშნულებას, სამივე სახეობის გადაადგილების საშუალება გამოიყენება შინ მისასვლელად და სხვა მიზნებისთვის, მაგრამ უნივერსიტეტის სტუდენტები, ძირითადად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ. ბავშვები სკოლაში ძირითადად ფეხით დადიან, სამსახურში მგზავრობისთვის პოპულარულია როგორც საზოგადოებრივი, ასევე კერძო ტრანსპორტი. ტაქსით სარგებლობენ შინ ან სხვა ადგილას მისასვლელად [რესტორნებში ან ნათესავების, მეგობრების მოსანახულებლად].
საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საშუალო ხანგრძლივობა 30 წუთია, კერძო ტრანსპორტს 25 წუთი სჭირდება, ხოლო ფეხით გადაადგილების ხანგრძლივობა 15 წუთია.
რესპონდენტების 31%-ს აქვს მართვის მოწმობა, მათგან ერთი მეოთხედი ქალია. მდედრობითი სქესის მძღოლების საშუალო ასაკი მამრობითისაზე ნაკლებია. მძღოლების ორივე ჯგუფი აჩვენებს ავტომანქანებით სარგებლობის დაახლოებით ერთნაირ მონაცემებს. მართვის მოწმობის მქონე კაცების მხოლოდ 39%-მა და ქალების 31%-მა ისარგებლა წინა დღეს ავტომობილით და შეასრულა საშუალოდ ორი მგზავრობა.
ქვეითთა გადაადგილება
მოკლე მანძილებზე ფეხით გადაადგილება ყველაზე პოპულარულია ახალგაზრდებს შორის – ასეთი გადაადგილების საშუალო ხანგრძლივობა, უნივერისტეტთან დაკავშირებული გადაადგილებების გარდა, 13-17 წუთამდე მერყეობს. უფრო ხანგრძლივი დრო სჭირდებათ სტუდენტებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მისასვლელად ან უკან გზაზე [20-23 წუთი]. კიდევ უფრო ნაკლებია იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ერთმანეთს სწავლასა და მუშაობას უთავსებენ – საშუალოდ 10 წუთი. კვლევის მიხედვით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ სტუდენტები სამუშაოს უნივერსიტეტთან ახლოს ეძებენ.
ველოსიპედით განხორციელდა გადაადგილებათა 0,2%, როდესაც კვლევის მიხედვით, ქალაქში 1000 ადამიანზე 61 ველოსიპედი მოდის. ეს ასევე შეიძლება აიხსნას თბილი პერიოდისა და ტურისტული სეზონის დასრულებით. გამოკითხვის მომენტისთვის ველოსიპედით მხოლოდ კაცები მგზავრობდნენ.
სატვირთო ტრანსპორტი
კვლევის თანახმად, ბათუმის დღევანდელი ეკონომიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სატვირთო ტრანსპორტს. ბათუმს რეგიონის ლოჯისტიკურ ცენტრად გარდაქმნის შავ ზღვასთან მდებარეობა, რკინიგზის ხაზითა და ნავთობსადენით. საქართველოს რკინიგზა ერთ-ერთი გადამწყვეტი დამაკავშირებელია ევრაზიული ტრანზიტისთვის და ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის უმოკლეს კავშირს ემსახურება. საქართველოს სარკინიგზო სისტემა აკავშირებს აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის სარკინიგზო სისტემებს. ბათუმისა და ფოთის პორტებიდან სარკინიგზო ხაზები კავკასიასა და ცენტრალურ აზიას პირდაპირ აკავშირებს შავი ზღვის რეგიონთან. თურქეთის საზღვართან ბათუმის ახლო მდებარეობა სატვირთო ავტომობილებით ტრანზიტის პოტენციალს ქმნის.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ასეთი მოძრაობა შეზღუდულია, კვლევის ავტორები იმედს გამოთქვამენ, რომ ბათუმის შემოვლითი გზის მიმდინარე მშენებლობა გზას გაუხსნის ამ პოტენციალს რეგიონში – მეტ სატრანზიტო მოძრაობას.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტ სარფში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მ.ყ.-ს, სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისა და წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმებისას, 21 970 კგ. ნარკოტიკული ნივთიერების, მორფინი-კოდენის შემცველი, ყაყაჩოს თესლი გამოავლინეს.
უწყების ცნობით საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 22 ნოემბერს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გრიპზე უფასო აცრის ერთდღიანი აქცია ჩატარდება. გრიპის აცრა შეუძლიათ მხოლოდ ზრდასრულებს.
გრიპზე აცრის მსურველებმა რეგიონებში უნდა მიმართონ უბნის ექიმს, ბათუმში კი შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებს:
პირველ პოლიკლინიკას, რომელიც აბუსერიძის ქუჩაზე მდებარეობს;
საოჯახო მედიცინის ცენტრს თამარის დასახლებაში;
ბათუმის მე-4 პოლიკლინიკას, რომელიც ტაბიძის ქუჩის 7 ნომერში მდებარეობს
და საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრს, ბარათაშვილის ქუჩაზე.
ექსკავატორი, რომელიც ბათუმის იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე დგას, ნაკვეთის მესაკუთრის თქმით, მათ არ დაუქირავებიათ და იქ ამ დროისთვის რაიმე სამუშაოებს არ ახორციელებენ. ეს ტერიტორია, სადაც 6 შენობის აშენებაა დაგეგმილი, „სილქ როუდის“ შვილობილი კომპანიის – „ბათუმი რივიერას“ საკუთრებაშია. ექვსი შენობიდან ყველაზე მაღალი – „სილქ თაუერი“ კი, სავარაუდოდ, 42-სართულიანი იქნება. პროექტის განხორციელება ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ფინანსური თანამონაწილეობით იგეგმება.
პროექტის დაწყება, როგორც კომპანია „ბათუმი რივიერაში“ გვითხრეს, დამოკიდებულია იმ გეგმარებით დავალებაზე, რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტისგან უნდა მიიღონ. ასეთი დავალების გაცემას კი, ბათუმის მერია და საკრებულო აჭიანურებენ.
თქვენი ინფორმაციით, რატომ არ გასცემს გეგმარებით დავალებას ბათუმის მუნიციპალიტეტი? – ამ კითხვაზე „ბათუმი რივიერას“ დირექტორმა ასე გვიპასუხა: „კარგი კითხვაა, რომელზეც პასუხი არ მაქვს. არ ვიცი. ველოდებით, როდის დაინიშნება საკრებულოს სხდომა.“
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დავალება ჯერ მიღებული არ აქვს, კომპანიამ ტერიტორიაზე გეოლოგიური კვლევა ჩაატარა.
„გეოლოგიური კვლევა დასრულდა და შედეგებიც გვაქვს“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში „ბათუმი რივიერას“ დირექტორმა გიორგი კაპანაძემ.
კითხვაზე – კვლევის შედეგად შესაძლებელია თუ არა აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი შენობების აშენება და ხელოვნური ტბის მოწყობა? – გიორგი კაპანაძემ გვიპასუხა:
„შენობის აშენება შეიძლება ნებისმიერ ნიადაგზე. კვლევა კი იმისთვის არის საჭირო, რომ სწორი ფუნდამენტი შეირჩეს… ტექნიკურად მაქ ხელოვნური ტბის გაკეთებაც შესაძლებელია. რაც შეეხება ტექნიკას, რა ესკავატორია, არ ვიცი. ჩვენი შეყვანილი არ არის. მაქ ჩვენ ჩავატარეთ რამდენიმე სამუშაო. ჯერ ერთი – ტერიტორია არქეოლოგიური კვლევისთვის გავთხარეთ, სადაც გვეგონა, რომ ძველი [მეფის რუსეთის დროინდელი] ფორტის ნაწილები იყო დარჩენილი. აჭარის არქეოლოგიის ინსტიტუტი დავიქირავეთ მაგისთვის, მაგრამ ვერაფერი ვიპოვეთ. ამის შემდეგ ჩავატარეთ გეოლოგიური კვლევა. მეტი სამუშაო მაქ არ ჩატარებულა. შეიძლება ვინმემ თავისი ნებით შეიყვანა რამე ტექნიკა. მაგიტომ მინდოდა შემოგვეღობა ეგ ტერიტორია, მაგრამ ნებართვა მერიამ არ მოგვცა“.
„რივიერას“ ტერიტორია, ბათუმი / 19.10.2018 / გურამ მურვანიძის ფოტო
ქალაქის მერიაში ერთი თვის წინ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „რივიერას“ ტერიტორიაზე კომპანიისთვის გეგმარებითი დავალების მიცემა-არმიცემის საკითხს ქალაქის საკრებულო უახლოეს სხდომაზე გადაწყვეტდა.
მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს „უახლოესი სხდომა“ რამდენჯერმე ჩატარდა, ეს საკითხი დღის წესრიგში არ იყო. მეტიც, შესაბამისი პროექტი დღესაც არ არის გადაგზავნილი საკრებულოში.
აღნიშნულ საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება 2018 წლის 29 სექტემბერს დაიწყო. 19 ოქტომბერს კი, საკრებულოს ღია კარის სხდომაზე, საზოგადოება „ბათომმა“ საკრებულოს „რივიერასთან“ დაკავშირებული პროცედურების შეჩერება სთხოვა.
„ბათუმელები“ იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით გეგმარებითი დავალების გაცემის საკითხზე ბათუმის მერიას კვლავ დაუკავშირდა.
ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „მოხდება საკითხის საჯარო განხილვა, რომლის შემდეგაც მერია მიმართავს საკრებულოს“. რატომ არ მოხერხდა საჯარო განხილვის ორგანიზება დღემდე, რატომ ჭიანურდება პროცესი ან ხომ არ შეჩერებულა პროცესი ოფიციალურად? – მერიაში ვერ გვიპასუხეს და საკითხის განხილვის თარიღად კვლავ „უახლოეს მომავალი“ დაგვისახელეს.
გეგმარებითი დავალების გაცემა-არგაცემის საკითხი საკრებულომ უნდა გადაწყვიტოს. საკრებულოს შესაბამისი განკარგულების პროექტი კი, ქალაქის მერიას მეორე თვეა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვს ატვირთული.
მედეა ვასაძემ მედიასაშუალებებით უნდა უარყოს ინფორმაცია, რომელიც მან ირაკლი ჭეიშვილის შესახებ 2015 წელს გაავრცელა. უმაღლესი საბჭოს ყოფილმა დეპუტატმა, მედეა ვასაძემ, მოქმედ დეპუტატს, ირაკლი ჭეიშვილს, მორალური ზიანისთვის, ასევე, 1 ლარი უნდა გადაუხადოს.
ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მან ირაკლი ჭეიშვილის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი მურმან დუმბაძის ნაწილში. მოსამართლეს არ განუმარტავს მიღებული გადაწყვეტილება.
სასამართლო დავა სამი წლის წინ დაიწყო. დავის საგანი 2015 წელს „რუსთავი 2“-ის ეთერში ირაკლი ჭეიშვილის შესახებ გასული სიუჟეტი გახდა, სადაც იმ დროისთვის უმაღლესი საბჭოს წევრი, მედეა ვასაძე ამბობს, რომ ირაკლი ჭეიშვილის მეგობარმა ჭეიშვილის დახმარებით აჭარაში ნარკოტიკული ნივთიერება შემოიტანა. იმ პერიოდისთვის პარლამენტარი მურმან დუმბაძე აცხადებდა, რომ ნარკოტიკი ირაკლი ჭეიშვილის სამსახურებრივი ავტომანქანით შემოიტანეს. ირაკლი ჭეიშვილმა ეს ინფორმაცია საქმიანი რეპუტაციის შელახვად მიიჩნია და ფაქტის საჯაროდ უარყოფა მოითხოვა.
“პირველად ეს ინფორმაცია გაავრცელა მედეა ვასაძემ, შემდეგ გაიმეორა მურმან დუმბაძემ. ჩვენთვის მთავარი იყო დადასტურებულიყო ის, რომ პირველწყარომ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა,” – ამბობს პაატა გოგალაძე, ირაკლი ჭეიშვილის ადვოკატი.
სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადებას დღეს მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე არ ესწრებოდნენ.
აჭარის მთავრობა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბათუმის უნივერსიტეტის [ბსუ] 100 სტუდენტი, მათ შორის მაღალმთიანი აჭარიდან, ჩინეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში ჩაერთვება. „ბათუმელების“ ინფორმაციით კი, ჯერ არც სტუდენტები შეურჩევიათ, არც გამგზავრებისა და სწავლების ვადებია დადგენილი და არც სხვა დეტალებია გარკვეული. არც ის არის ცნობილი, ვინ დააფინანსებს ამ სტუდენტების ჩინეთში ცხოვრების ხარჯებს.
მთავრობის ინფორმაციით, თანამშრომლობის მიზნით, ბათუმის უნივერსიტეტში მყოფ ჩინეთის დელეგაციის წევრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო პროექტები და გაცვლითი პროგრამები განიხილეს.
მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, ასევე, რომ სტუდენტები ჩანგშას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ისწავლიან. გაცვლითი პროგრამა საქართველო-ჩინეთის ასოციაციის იმ მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება, რომელსაც ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციის დირექტორმა დავით ებრალიძემ და ჩანგშას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორმა ფუ ჰანგუანიმ მოაწერეს ხელი.
მხარეთა შეთანხმებით, უნდა შემუშავდეს ერთობლივი საგანმანათლებლო სადოქტორო პროგრამები, ჩატარდება სამეცნიერო პროექტები, კონფერენციები, საზაფხულო სკოლები და სემინარები. მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს საგანმანათლებლო, სამეცნიერო, მეთოდოლოგიური ლიტერატურის გაცვლასა და სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების მართვის გამოცდილების გაზიარებას.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 ნოემბრის 21 საათიდან 21 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 13 – 18 გრადუსი
ღამით: 5 – 10 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის სანაპიროზე 15 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა.
ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ბათუმში, ხელოვნების უნივერსიტეტსა და ზუბალაშვილის ქუჩას შორის არსებულ ტერიტორიაზე სკვერის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. ახალი სკვერის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან 1 375 451 ლარი გამოიყოფა.
ტერიტორიის ფართობი, სადაც სკვერი მოეწყობა, 3 518 კვ.მეტრია. სკვერში მოეწყობა შადრევანი და საპირფარეშო.
ტენდერის პირობების მიხედვით, სკვერის მოწყობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღეში უნდა დასრულდეს. წინადადებების მიღება 2018 წლის 5 დეკემბერს დაიწყება და 10 დეკემბერს შეწყდება.
სკვერი მერიის მიერ შესყიდული ესკიზის მიხედვით გაკეთდება.
ბათუმის მერიამ ზუბალაშვილის, ასათიანისა და თავდადებულის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს დააანონსა.
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ტექნიკის მაღაზია გაქურდეს და მობილური ტელეფონები მოიპარეს. მაღაზიის მინის კარი დღეს დილით მეპატრონეს ჩამტვრეული დახვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავეები და მიმდინარეობს მათი ძებნა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მიხედვით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
ტექნიკის მაღაზია გორგილაძის ქუჩაზე, მანანა ქველიაშვილის ფოტო
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, „ჯეოსელის“ ოფისის წინ, ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავებული კაცი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულის მრავლობითი მოტეხილობა ჰქონდა და მდგომარეობა მძიმეა.
დაზარალებული დაახლოებით 60 წლისაა.
გუშინ კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ქალი დაიღუპა ბათუმში. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ გუშინდელი შემთხვევის შემდეგ მძღოლი იძებნება.
ბათუმში მყოფმა სამმა უცხოელმა სტუდენტმა საქართველო რამდენიმე დღეში უნდა დატოვოს. სახელმწიფომ მათ უსაფრთხოების მიზეზით უარი უთხრა ბინადრობაზე. სახელმწიფოსგან მიღებული ოფიციალური წერილით სტუდენტებისთვის გაუგებარია, რატომ ან სად ქმნიან ისინი საფრთხეს, ან თუ საფრთხეს ქმნიან, რატომ არ ითხოვს მათ გაძევებას სახელმწიფო. ერთ-ერთმა უცხოელმა სტუდენტმა სასამართლოს მიმართა იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ.
სტუდენტები, რომლებსაც საქართველომ ბინადრობა არ მისცა, ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში, BAU-ში, მედიცინას სწავლობენ. ამ უნივერსიტეტში სულ 36 სტუდენტია და ყველა უცხოელი. მათგან ბინადრობა წელს 9-ს დასჭირდა.
„სამს უარი უთხრეს, დანარჩენს კი ხარვეზი დაუდგინეს… ზოგს ნასამართლეობის შესახებ ცნობის წარმოდგენა მოსთხოვეს თავიანთი ქვეყნებიდან, ზოგს გარკვეული დოკუმენტაციის ლეგალიზაცია. გასულ წელს ნოტარიულად დამოწმებული ასლებიც კი მიიღეს, წელს – გართულდა,“ – გვიყვება თეა მიქელაძე, ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსი.
უცხოელი სტუდენტები ჯერ უმაღლეს სასწავლებელში აბარებენ, ჩამოდიან და ამის შემდეგ ითხოვენ ბინადრობას. თეა მიქელაძე განმარტავს, რომ ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეს, მაგალითად, თურქეთიდან ან იორდანიიდან, ბინადრობა არ სჭირდებათ, რადგან მათ სასწავლო ვიზის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში შეუძლიათ საქართველოში დარჩენა.
„რაც შეეხება ერაყელებს, ეგვიპტელებს, ირანელებს და ასე შემდეგ, მათ მხოლოდ 90 დღე შეუძლიათ აქ დარჩენა წლის განმავლობაში… ლეგალურად ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ მათ აქვთ 45-დღიანი ვადა, რომ მოითხოვონ ბინადრობის ნებართვა. წინა წლებშიც იყო პრობლემა, მაგრამ ამ რაოდენობით არა. გასულ წელს, ჯამში, 4 სტუდენტს შეექმნა პრობლემა. წელს კი ცხრას დასჭირდა ნებართვა და ცხრავე პრობლემურია. პრობლემაა ასევე საზღვარზე შემოსვლა. მაგალითად, ერთი სტუდენტი არ შემოუშვეს ბათუმის გამშვები პუნქტიდან. იგივე სტუდენტი ორი თუ სამი დღის შემდეგ თბილისიდან შემოვიდა,“ – ამბობს თეა მიქელაძე.
სტუდენტებმა ბინადრობაზე უარი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან მიიღეს. ეს იუსტიციის სამინისტროს უწყებაა. სამინისტროდან მიღებულ წერილში წერია, რომ ბინადრობის ნებართვაზე უარი მათ კანონის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით უთხრეს.
იუსტიციის სამინისტროს მიერ მითითებული კანონის კონკრეტული მუხლები ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებს ადგენს:
„არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ“, „იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს“.
რაზე დაყრდნობით მიიჩნია იუსტიციის სამინისტრომ ამ სტუდენტების ქვეყანაში ყოფნა საფრთხის შემცველად? – ამ შეკითხვით იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მივმართეთ. უწყებაში კომენტარს დაგვპირდნენ, თუმცა ამ დრომდე იგი არ მიგვიღია.
იურისტი გიორგი ხიმშიაშვილისთვის გაუგებარია კიდევ ერთი საკითხი – „ყველაზე უცნაური არის ის, რომ ამ მოტივით უარს ეუბნებიან ხშირ შემთხვევაში იმ პირებს, რომლებიც უკვე საქართველოში იმყოფებიან და მათ მიმართ არავითარი პროცედურული ღონისძიება საქართველოდან გაძევების არ მიმდინარეობს. ლოგიკურად, თუ ეს ადამიანები მართლაც ასეთი საფრთხის მატარებლები არიან, მაშინ სახელმწიფომ ისინი უნდა გააძევოს ქვეყნიდან, მაგრამ ასეთ რეაგირებას სახელმწიფო არ ახორციელებს… გვაქვს გონივრული ვარაუდი, რომ ეს მხოლოდ ქაღალდზე ასახული შაბლონური პასუხია, რომელსაც საფუძვლად არავითარი ფაქტობრივი გარემოებები არ უდევს,“ – გვითხრა „იურიდიული მრჩევლის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ხიმშიაშვილმა, იგი ერთ-ერთი უცხოელი სტუდენტის ინტერესებს სასამართლოში დაიცავს.
სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ ქვეყანაში დარჩენის ვადა ხანგრძლივდება დავის დასრულებამდე. თუმცა იურისტი ამბობს, რომ სასამართლო დავა მსგავს სიტუაციაში თითქმის ფორმალურ ხასიათს ატარებს. დავა ფორმალურია, რადგან კანონი უშვებს შესაბამისი ორგანოს მხრიდან დასაბუთების არქონას, როცა ბინადრობაზე უარს გეუბნებიან.
უცხოელი სტუდენტები არიან ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. აქ სამედიცინო ფაკულტეტზე 478 უცხოელი სწავლობს. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ ბინადრობის პრობლემა ჯერ არ დაფიქსირებულა, რადგან ახალ სტუდენტებს, რომლებიც უცხო ქვეყნიდან არიან, ბინადრობა ჯერ არ მოუთხოვიათ.
„სამწუხაროდ, ამ მოტივით უარს ეუბნებიან სტუდენტებს, ბიზნესმენებს და ადამიანებს, რომელთაც შეუძლიათ საქართველოში ფინანსური რესურსების დაბანდებით ხელი შეუწყონ ეკონომიკის განვითარებას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამგვარი გადაწყვეტილებით სახელმწიფოს თავადვე აფერხებს ეკონომიკის განვითარებას და ყველა იმ დარგის, სადაც შეიძლება უცხოელთა გონებრივი, ფინანსური თუ ადამიანური რესურსებით მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს სახელმწიფოს,“ – მიიჩნევს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.
ბიზნესის კუთხით პრობლემის შექმნაზე საუბრობენ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციაშიც. თეა მიქელაძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსი ამბობს, რომ საკითხის გარკვევა იუსტიციის და განათლების სამინისტროებში სცადა, თუმცა უშედეგოდ.
„იუსტიციის სახლში გვითხრეს, რომ ისინი უგზავნიან დოკუმენტაციას შესაბამის უწყებებს და თითოეული უწყებიდან უნდა მოვიდეს დასტური, ან უარყოფა. რეალურად ისინი გადაწყვეტილებას მაშინ იღებენ, თუკი ექვსი უწყებიდან სამი თანახმაა ბინადრობის მიცემაზე, სამი – წინააღმდეგი. განათლების სამინისტროში რეალურად არ აქვთ ინფორმაცია, რატომ აძლევენ, ან არ აძლევენ ბინადრობას, ისინი ვერ ერევიან ამ სიტუაციაში. შესაბამისად, ჩვენთვისაც უცნობია მიზეზი, რის გამო ეუბნებიან სტუდენტებს უარს ბინადრობაზე,“ – აღნიშნავს თეა მიქელაძე.
2015 წელს საფრანგეთმა ქართველ სტუდენტებს არ მისცა სასწავლო ვიზები. მაშინ საქართველოში საფრანგეთის საკონსულომ განმარტა, რომ უარი აპლიკანტების დოსიეების სტანდარტული შესწავლის საფუძველზე მიიღეს.
„ეს კიდევ სხვა შემთხვევა, როცა უცხო ქვეყანაში ვერ შედიხარ… ბათუმში მყოფი უცხოელი სტუდენტების შემთხვევაში კი, ისინი უკვე აქ არიან, ლეგალურად შემოვიდნენ და სწავლობენ, მათ ქვეყნის დატოვება უწევთ,“ – დასძენს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.
„აზერბაიჯანის საკონსულო ჩართულია ამ პროცესში, კონსული იმყოფებოდა სასამართლო პროცესზე და ჰქონდა კომუნიკაცია დაკავებულთან. ამ ეტაპზე სხვა ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით“, – მხოლოდ ამ მწირი ინფორმაციით შემოიფარგლა დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრო მირტაგ ასადოვთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხისას.
„ბათუმელები“ 14 ნოემბრის შემდეგ ცდილობს გაარკვიოს, რა ვითარებაში და რატომ დააკავეს საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა.
მირტაგი ასადოვი „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ თავმჯდომარეა. ოჯახის ინფორმაციით, ასადოვმა 7 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, გადაკვეთა წითელი ხიდის საბაჟო-გამშვები პუნქტი აზერბაიჯანის მიმართულებით.
14 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ 7 ნოემბრის შემდეგ თითქმის 4 დღის განმავლობაში დაკავებული სასულიერო პირის ადგილსამყოფელისა და ბედის შესახებ ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ. სწორედ ამის გამო ისინი საქართველოს საელჩოს აზერბაიჯანში მოუწოდებდნენ, დაინტერესებულიყო დაკავებული საქართველოს მოქალაქის მდგომარეობით.
სამი დღის წინ მირტაგი ასადოვის საქმეზე „ბათუმელები“ აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს ზურაბ პატარაძეს დაუკავშირდა. ჩვენ გვაინტერესებდა, რა ინფორმაცია მიაწოდა ასადოვმა საელჩოს და სხვა რა გარემოებები იკვეთება მისი დაკავების საქმეში. ელჩი ზურაბ პატარაძე შეგვპირდა, რომ საქმის დეტალებში უკეთ გარკვევის შემდეგ, მეორე დღესვე მოგვაწვდიდა ინფორმაციას. დღეს, 19 ნოემბერს კი, მან გვითხრა, რომ შვებულება აიღო და ბათუმში დაბრუნდა.
„ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ვღებულობთ ყველა ზომას იმ დოზით, რა დოზითაც ჩვენ ეს გვეხება და კანონმდებლობა გვაძლევს საშუალებას. როცა საუბარია საქართველოს მოქალაქეზე, რა თქმა უნდა, საქართველოს საელჩო არის ჩართული ყველა იმ პროცესში, რაც ჩვენს მოქალაქეებს ეხებათ. სხვა დეტალებზე დაელაპარაკეთ საკონსულოს. ამ ეტაპზე სად ვართ სამართლებრივად, რა ხდება, რა ინფორმაცია მოგვაწოდეს – ამ ყველაფერზე დაგელაპარაკებათ საკონსულო“, – გვითხრა ზურაბ პატარაძემ.
ბაქოში საქართველოს საკონსულოში „ბათუმელებს“ დამატებით ის უთხრეს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის უნდა მიგვემართა.
საქართველოში მოქმედ 15 არასამთავრობო ორგანიზაციას ეჭვი აქვს, რომ ასადოვის დაკავება შესაძლოა უკავშირდებოდეს მის საქმიანობას:
„შეიხი მირტაგიასადოვი საქართველოს მოქალაქეა და რელიგიურ და საქველმოქმედო მოღვაწეობასთან ერთად აქტიურად მუშაობს საქართველოში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვასა და თანასწორობის ხელშეწყობაზე. ის განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩევა სახელმწიფოს იმ პოლიტიკის მიმართ, რომელიც საქართველოში მუსლიმური რელიგიური ორგანიზაციების კონტროლსა და ინტერვენციაზე არის ორიენტირებული. ხშირად გამოხატავს ქართველი აზერბაიჯანელი თემის უკმაყოფილებებს და საჭიროებებს და ამგვარად სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის მნიშვნელოვან გამოცდილებას ქმნის რეგიონში”, – ვკითხულობთ 14 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სესხების საკითხს სჭირდება რეგულირება, მიხარია, რომ ამ გზით მივდივართ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებისთვის დავალიანების განულების ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.
„ყველამ იცის, რომ ჭარბვალიანობა არის ერთ-ერთი ძალიან მძიმე პრობლემა. მე არაერთხელ მაქვს ჩემი აზრი გამოთქმული ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემს წინა, სამაჟორიტარო წინასაარჩევნო კამპანიაშიც ვსაუბრობდი ამ საკითხზე, თუ რამდენად რთულია ასეთ ქვეყანაში, როცა მაგალითად ინტერნეტით შეიძლება მცირე კრედიტების აღება. ამ ყველაფერს სჭირდება რეგულირება და მე ბედნიერი ვარ, რომ ამ გზით მივდივართ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს საპატრიარქომ მონაზონ სიდონიასთვის ტოლერანტობის ქომაგის ჯილდოს გადაცემის გამო განცხადება გაავრცელა. საპატრიარქოს განცხადებით, მონაზონი სიდონია საქართველოს ეკლესიის წევრი არ არის.
„დედა სიდონია კარგა ხანია საბერძნეთის ეკლესიის დაქვემდებარებაშია და დიდი სქემაც [ბერ-მონაზვნის უმაღლესი ასკეტური ხარისხი მართლმადიდებელ ეკლესიაში] იქ მიიღო. დიდსქემოსნობა, ფაქტიურად, განდეგილური ცხოვრების წესს ნიშნავს, რაც ამ პიროვნებისთვის, სამწუხაროდ, საერთოდ უცხო აღმოჩნდა. იგი არ მოქმედებს არც საბერძნეთის და არც საქართველოს ეკლესიის კანონმდებლობით და ამდენად, მის საჯარო ქმედებებთან არც ერთ ეკლესიას კავშირი არა აქვს,“ – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.
ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მონაზონ სიდონიას ტოლერანტობის ქომაგის სტატუსი მისი საქმიანობიდან გამომდინარე მიანიჭეს და არა იმის გამო, რომ ის რომელიმე ეკლესიის წევრია.
„ეს არჩევანი გაკეთდა არა იმის გამო, რომ დედა სიდონია საპატრიარქოს წევრია, არამედ იმის გამო, რასაც აკეთებს ეს ადამიანი. ეს არის ადამიანი, რომელიც არის დამცველი ეთნიკური ჯგუფების, იმ ადამიანების, ვისაც თანადგომა სჭირდება. წლების განმავლობაში ვხედავთ ჩვენ ამას. ეს ღიაობა და ეს თანამშრომლობის სურვილი დააფასა რელიგიათა საბჭომ.
საპატრიარქოს განცხადება ღიმილის მომგვრელია, უაზრობაა თავისი არსით. ვერ ვხვდები რა საჭირო იყო იმის დემონსტრირება, რომ მათთვის [საპატრიარქოსთვის] ისეთი ადამიანები, რომლებიც ტოლერანტულები არიან, მიუღებელია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რამდენად სწორი არჩევანი გააკეთა საბჭომ,“ – უთხრა ბექა მინდიაშვილმა „ბათუმელებს“.
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრის ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა ყოველწლიური ტოლერანტობის ქომაგის ჯილდოს მფლობელები 16 ნოემბერს დაასახელეს.
ავტორი: აკაკი ბერიძე, ლექტორი, საერთაშორისო სამართლის დოქტორანტი
2008 წლის აგვისტოში, როცა საერთაშორისო სამართლის რეიტინგული ჟურნალები ჩვეულებრივ შვებულებაში იყვნენ და სტატიების გამოქვეყნებაზე დროებითი პროფესიული შესვენება ჰქონდათ აღებული, 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტმა ეს შვებულებები შეაჩერა და სტატიების გამოქვეყნება დაიწყო ერთი-მეორეზე მიყოლებით.
თუ გადავხედავთ იმ დროინდელ პრესას, გარდა ამერიკული და რუსული ჟურნალებისა, აქტიურობდნენ საერთაშორისო სამართლის ისეთი კლასიკური ქვეყნები, როგორიცაა ნიდერლანდები, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და სხვები.
ბევრმა შეიძლება იკითხოს, რა მნიშვნელობა ჰქონდა მედიაში რომელიღაც ექსპერტის მოსაზრებებს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ გარდა პოლიტიკური, საინფორმაციო და საზოგადოებრივი დატვირთვისა, საერთაშორისო სამართლის მეცნიერებაში არსებობს ერთი დაუწერელი კანონი, ყოველი კონკრეტული მოვლენის საერთაშორისო სამართლებრივი შეფასებისას ყოველთვის იყენებენ აღიარებული ექსპერტების მოსაზრებებს საერთაშორისო ფორუმებზე საკუთარი პოზიციის გასაძლიერებლად არა-მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციები, ეროვნული მთავრობები, არამედ თვით საერთაშორისო სასამართლოებიც კი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს აქვს საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძლიერი სკოლა, ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდებოდა ამ კრიტიკულ სიტუაციაში საერთაშორისო აკადემიური წრეების მხარდაჭერა 8 აგვისტოს ომის საერთაშორისო სამართლებრივი შეფასებისათვის.
2008 წლის 12 აგვისტოს ბრიტანულმა „გარდიანმა“ გამოაქვეყნა ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის თავმჯდომარის, 21-ე საუკუნის საერთაშორისო სამართლის მეცნიერების ერთ-ერთი არქიტექტორის, იტალიელი პროფესორის ანტონიო კასესეს სტატია – „მგელი, რომელმაც საქართველო შეჭამა“. ეს არ ყოფილა უბრალო სტატია სტატიისთვის და ინტერვიუსთვის, საინფორმაციო ომის პირობებში კასესემ მიწასთან გაასწორა ყველა ის არგუმენტი, ვინც საქართველოს ბრალს სდებდა 8 აგვისტოს დროს შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვისთვის.
აკაკი ბერიძე
რა თქმა უნდა, ჩემი, როგორც წინამდებარე სტატიის ავტორის პოზიცია არ მდგომარეობს იმაში, რომ მოვახდინო ანტონიო კასესეს სტატიაზე დაყრდნობით ჩემი მოსაზრებების აგება და ჩამოყალიბება. შესაძლოა ის, რაც გარდიანზე ვახსენე ზემოთ, უფრო ეპილოგის ადგილს უნდა იჭერდეს, ვიდრე პროლოგისას ჩემს მოსაზრებაში, მაგრამ ეს შეგნებულად გავაკეთე, რადგან როგორც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ვუყურებ რა საქართველოში ორი პარტიის წინასაარჩევნო დაპირისპირებას, და მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკისგან ამ ეტაპზე დისტანცირებული ვარ, ჩემს პროფესიულ მოვალეობად ვთვლი მკითხველს გავუქარწყლო ერთგვარი შიშები, ავუხსნა გასაგებად, რას უნდა ველოდოთ ჰააგისგან მიმდინარე გამოძიების ჭრილში.
დავიწყოთ იქედან, რომ ჰააგას დღემდე არ გააჩნია ქალაქის სტატუსი, ის ჰოლანდიის ერთ-ერთი სოფელია. მიუხედავად ამისა, ის საერთაშორისო სამართლის „მექაა“. მას მსოფლიოს საერთაშორისო სამართლის დედაქალაქად აღიარებენ. ჰააგაში არის 4 სასამართლო: მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (ICJ), საერთაშორისო სისხლის სასამართლო (ICC), ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი (ICTY) და საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო (IAC). გარდა ამისა, ბევრი ისეთი საერთაშორისო სამართლებრივი კვლევითი ინსტიტუცია, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია საერთაშორისო სამართლის მეცნიერება.
სამწუხაროდ, საქართველოს უკვე ორჯერ მოუწია ჰააგაში განთავსებული სასამართლოების გამოყენება რუსეთ-საქართველოს ომის კონტექსტში.
პირველი სარჩელი, რომელიც ჰააგაში წავიდა იყო 8 აგვისტოს ომის დამთავრებიდან ძალიან მალე. რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელი საქართველომ 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა და რუსეთის ხელისუფლება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ადგილობრივი სეპარატისტული ხელისუფლებების დახმარებით, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციასა და რასიზმში დაადანაშაულა. სარჩელი აერთიანებდა არა მარტო 2008 წლის კონფლიქტის ფაქტებს, არამედ 1990 წლიდან 2008 წლამდე დაფიქსირებულ შემთხვევებს და ამ ქმედებების შეწყვეტის დავალდებულებას ითხოვდა. მიმაჩნია, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ შეცდომით შეიტანა ეს სარჩელი სამართლებრივი კუთხით, და უფრო პოლიტიკური ინსპირაცია ჰქონდა მას.
საერთოდ, საერთაშორისო სამართალში თავისებური ქცევა ახასიათებთ დიდ სახელმწიფოებს. ისინი ხელს არ აწერენ სენსიტიურ საერთაშორისო კონვენციებს, რადგან სურთ არ იქონიონ ვალდებულებები საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ. არც ეს კონვენცია ყოფილა რუსეთის ფედერაციის მიერ ხელმოწერილი, ეს საბჭოთა მემკვიდრეობის ნაწილია. სწორედ ამის შედეგი იყო ალბათ, რომ საქართველომ ვერ მონახა რუსეთის ხელმოწერილი სხვა კონვენცია, რომელზეც დავას ააგებდა საერთაშორისო სასამართლოში. იგივე გააკეთა უკრაინამ ყირიმის კონფლიქტის შემდეგ.
ბევრი საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი 2008 წელს ამ სარჩელის შეტანას იმიტომ ეწინააღმდეგებოდა, რომ კონვენციის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი დაუშვებლად იქნებოდა ცნობილი. გარდა ამისა, სუფთა საერთაშორისო სამართლებრივი პერიპეტიებისა, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო გაეროს ერთ-ერთი ორგანოა, რომელზეც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს (მათ შორის, რუსეთს) დიდი გავლენა აქვთ და საქართველო ალბათ ვერ გადაწონიდა რუსეთის პოლიტიკურ ძალას გაეროს დონეზე.
მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო: სასამართლომ გადაწყვეტილების მისაღებად იხელმძღვანელა დისკრიმინაციის ლიკვიდაციის კონვენციის 22-მუხლით, რომელშიც ნათქვამია, რომ კონფლიქტი პირდაპირი მოლაპარაკებების ან ამავე კომიტეტის საშუალებით უნდა მოწესრიგდეს. საწყენია სასამართლოს გადაწყვეტილებაში შემდეგი ჩანაწერი – ქართულმა მხარემ აღიარა, რომ რუსეთის წინააღმდეგ რასობრივი დისკრიმინაციის საერთაშორისო კონვენციის ასამოქმედებლად, ანუ საკითხის დასასმელად, ყველა ეტაპი და პროცედურა არ გაუვლია. ქართულმა მხარემ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში საქმე სარჩელის არასწორად შეტანის გამო წააგო.
განსხვავებით მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსგან, სადაც სახელმწიფოთაშორის დავებს განიხილავენ, საერთაშორისო სისხლის სასამართლო ადგენს ინდივიდუალურ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იმ დანაშაულებზე რომის სტატუტის წევრ ქვეყნებში, რაც საერთაშორისო სამართლის მიხედვით არის უმძიმესი დანაშაულები და მიუტევებელია მსოფლიო თანამეგობრობისთვის.
2016 წლის 27 იანვარს, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) წინასასამართლო პალატამ ჩათვალა, რომ 2008 წლის აგვისტოს წინ, მიმდინარეობისას და შემდეგ შესაძლოა მომხდარიყო ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ.
ესიყოპირველიშემთხვევასაერთაშორისოსისხლისსასამართლოსისტორიაში, როდესაც გამოძიება უნდა დაწყებულიყო საერთაშორისო კონფლიქტზე და ევროპაში არსებულ სიტუაციაზე. მანამდე საერთაშორისო სისხლის სასამართლოს არ ჰქონია ასეთი შემთხვევა. სწორედ ამიტომ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები ხუმრობით ამ სასამართლოს ზოგჯერ აფრიკელების დამსჯელ სასამართლოსაც უწოდებენ, გამომდინარე იქედან, რომ აფრიკაში მომხდარ დანაშაულობებს იძიებდნენ.
წინა-სასამართლო პალატის სამმა მოსამართლემ პროკურორ ფატუ ბენსუდას დართო ნება დაეწყო რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება. ჰააგის სასამართლომ შესასწავლად 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდი განსაზღვრა. გამომდინარე იქედან, რომ კონფლიქტი მიმდინარეობდა რამდენიმე დღეს, მისასალმებელია ის, რომ გამოძიება ვრცელდება არა უშუალოდ 8 აგვისტოდან კონფლიქტის დამთავრებამდე, არამედ იკვლევს კონფლიქტის ესკალაციის პრეისტორიას. შესაბამისად, ICC იძიებს სამხრეთ ოსეთში და მის მიღმა საქართველო-რუსეთის შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე სავარაუდოდ ჩადენილ კაცობრიობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულებს, გენოციდს.
შეიძლება სკეპტიკოსები საქართველოს ხელისუფლებას ბრალს სდებენ იმაში, რომ მან არ გამოიყენა ე.წ. კომპლემენტარობის პრინციპი სრულყოფილად და თვითონ არ მოახდინა ამ კონფლიქტის პერიოდში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და საერთაშორისო სისხლის სასამართლოსათვის მიწოდება, მაგრამ ეს გამართლებადია რამდენიმე ფაქტორის გამო:
სასამართლო თვითონ ახალისებს წევრ ქვეყნებს არ გამოიყენონ კომპლემენტარობის პრინციპი და საქართველო ალბათ ამ ტენდენციას გაჰყვა;
საერთაშორისო სისხლის სასამართლოს აქვს უკეთესი ბერკეტები მოახდინოს იმ პირების და ფაქტების მსჯავრდება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის, ასევე გამოძიების ბოლომდე მიყვანისათვის;
საერთაშორისო სისხლის სასამართლო მიუხედავად იმისა, რომ ადგენს საგამოძიებო დოკუმენტებს, ბრალის წარდგენა, გამოძიების დაწყება, განაჩენის გამოტანა, მისი თითოეული დოკუმენტი არის საერთაშორისო სამართლის ნაწილი. მნიშვნელოვანია, რომ ამ დოკუმენტებში ჩაიწერა ორი მთავარი რამ:
კონფლიქტიარისსაერთაშორისოდამისიერთიმხარეარისრუსეთისფედერაცია,ხოლომეორესაქართველო, დეფაქტოცხინვალიმხარეარაა – მასზეხორციელდებაკონტროლირუსეთისფედერაციისმიერ. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, ვინაიდან აქამდე კონფლიქტს ჰქონდა არა-საერთაშორისო კონფლიქტის სტატუსი და რუსეთი გადიოდა მშვიდობისმყოფელად.
საქართველო, როგორც რომის სტატუტის წევრი ქვეყანა, ვალდებულია სასამართლოს გადასცეს პირები, რომელზეც ჰააგის სასამართლო დაკავების ორდერს გასცემს. იგივე ვალდებულება არ აქვს რუსეთს (ისევე როგორც აშშ-ს, ჩინეთს, ისრაელს, კორეას, იაპონიას), რომელიც არასდროს ყოფილა რომის სტატუტის წევრი ქვეყანა და 2016 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებაზე თავისი ხელმოწერაც კი უკან გაიწვია.
საქართველოს მოქალაქეებზე დაკავების ორდერების გაცემის შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა ვალდებული იქნება დააკავოს ეს ადამიანები და გადასცეს სასამართლოს.
რუსეთის მოქალაქეებს ამ მხრივ არაფერი ემუქრებათ: რუსეთი არ არის სასამართლოს წევრი ქვეყანა, არ თანამშრომლობს სასამართლოსთან, იმთავითვე უნდობლობას უცხადებს გამოძიებას და არ აქვს ის ვალდებულებები, რომელიც საქართველოს გააჩნია. აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, რუსეთი არ გადასცემს თავის მოქალაქეებს ჰააგას. თუმცა არსებობს მეორე გზა: ეს ადამიანები შეიძლება, დააკავონ რუსეთის ფარგლებს გარეთ, როდესაც გადაკვეთენ ჰააგის სასამართლოს რომელიმე წევრი ქვეყნის საზღვარს. სულ მსოფლიოს 123 ქვეყანაა ჰააგის სასამართლოს წევრი.
დღეს საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება მოსაზრებები, რომ ICC დააკავებს სამხედროებს, პოლიტიკოსებს, რაც არ შეესაბამება რეალობას. სასამართლოს თავისებურება არის ის, რომ ის ახდენს მხოლოდ იმ პირების მსჯავრდებას, ვინც „უშუალოდ ბრძანების გამცემია და პასუხისმგებელია ბრძანების გაცემაზე“.
სასამართლო არ შედის დაბალი რანგის ჯარისკაცების ქმედებების განსჯაში.
ასევე, პირდაპირი თვალსაზრისით, სასამართლო არ ადგენს, კონფლიქტის რომელი მხარეა დამნაშავე, რუსეთი თუ საქართველო. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მხრიდან მოხდება მაღალი თანამდებობის პირების დაკავება და მსჯავრდება, ამან შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს თვი დეოკუპაციის პროცესსა და კონფლიქტის დარეგულირებაზე. იმ შემთხვევაშიც კი, რომ დადგინდეს ქართული მხარის ბრალეულობა კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში ან გენოციდში (რისი ალბათობაც ფაქტობრივად გამორიცხულია) არ შეიცვლება კონფლიქტის სტატუსი, მისი საერთაშორისო ხასიათი და რუსეთის ფედერაციის სტატუსი, როგორც ოკუპანტისა.
გამომდინარე იქედან, რომ საქმე პრეცედენტულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ისტორიაში მნიშვნელოვანია საქართველომ ყურადღება დაუთმოს ამ მიმართულებით მუშაობას. კერძოდ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უშუალოდ ომის დროს დაზარალებული მოსახლეობის, სამოქალაქო მოსახლეობის მიერ მიწოდებულ მტკიცებულებებსა და ჩვენებებს, ასევე განდევნილი ლტოლვილების წვდომას მართლმსაჯულებისადმი. იმ ფონზე, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარეობს დავა ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევებზე (საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის დარღვევებზე), მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სასარგებლოდ გამოტანილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები ერთგვარი ელექსირი აღმოჩნდეს ჰააგისათვის და მტკიცებულებით ნაწილში გამოიყენოს სტრასბურგში საქართველოს სასარგებლოდ დაყენებული მტკიცებულებები ჰააგამ.
გარდა ამისა, სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევას ახდენს ფარული და ღია გზით. კერძოდ, პროკურორი თავად ახორციელებს წევრი ქვეყნებისთვის ცნობის გარეშე შესაბამისი თანამდებობის პირების დაკითხვას და მტკიცებულებების ამოღებას. მნიშვნელოვანია ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავი შეიკავონ ქვეყნისათვის წამგებიანი პოზიციის დაფიქსირებისგან, ვინაიდან ეს არაპირდაპირ გავლენას ახდენს სასამართლოზე და ჩამოყალიბდეს ერთიანი პოლიტიკა ჰააგის სასამართლოში მიმდინარე დავაზე.
ბათუმის მერია რუსთაველისა და თამარ მეფის ქუჩებზე რამდენიმე კორპუსის ფასადის შესაცვლელად ესკიზებისთვის 14 300 ლარს დახარჯავს. საცხოვრებელი ბინების ექსტერიერის საუკეთესო ესკიზის გამოსავლენად კონკურსი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა.
შეიცვლება ბათუმის დრამატული თეატრის მიმდებარედ მდგარი 12-სართულიანი კორპუსების ფასადები – [ახმეტელის N1-ში, N3-ში, N5-ში, N7-სა და N9-ში და რუსთაველის N10-ში]. ასევე ე.წ. კგბ-ს ბინების ფასადები [რუსთაველის ქ. N57-ში, N59-სა და N61-ში] და ვაჟა ფშაველას N5. ბენზეში, თამარის დასახლებაში, ზღვის პირას მდგარი 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლების ექსტერიერი [თამარ მეფის გამზირი N5-ში, N7-სა და N9-ში].
ჯამში კორპუსების ექსტერიერის ესკიზებისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ბათუმის მერიას 14 300 ლარი აქვს გათვალისწინებული.
საკონკურსო პირობების მიხედვით:
ესკიზური პროექტი გადაწყვეტილი უნდა იყოს თავისუფალი და კრეატიული დიზაინის კონცეფციით. ესკიზურ პროექტში გათვალისწინებული მასალა უნდა იყოს მაღალხარისხიანი, მსუბუქი, ბიომდგრადი, სასურველია ჰქონდეს კედლის თბოსაიზოლაციო, ნესტგამძლე, ხმაურსაწინააღმდეგო თვისებები; უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ადამიანის ჯანმრთელობისათვის, მდგრადი ტემპერატურის ხშირი და სწრაფი ცვლილების მიმართ, მონტაჟის შესაძლებლობა ნებისმიერ ამინდში, მასალა 100%-ით არ უნდა იწვოდეს. ასევე შესაძლებელია გამოყენებული იქნას პანორამული და ვიტრაჟული შემინვა მაღალხარისხიანი პროფილური სისტემებით.
საკონკურსო წინადადებების მიღება 23 ნოემბერს დაიწყება და 28 ნოემბერს დასრულდება. მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღეში. კონკურსში გამარჯვებული ნამუშევარი გადადის შემსყიდველის საკუთრებაში, ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, საავტორო უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
ესკიზის შერჩევის შემდეგ, ტენდერი გამოცხადდება ფასადების რეაბილიტაციაზე, რისთვისაც თანხას მომავალი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებენ.
გარდა ამ კორპუსებისა, უკვე გამოცხადებულია ტენდერი რუსთაველის 41-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ფასადისა და სახურავის რეაბილიტაციაზე, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტში 531 346 ლარი გამოიყო.
ეს ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. ვინაიდან ტენდერი აუქციონის გარეშეა გამოცხადებული, ელექტრონულ სისტემაში მონაწილეები ღიად არ ჩანს. ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ყველაზე დაბალ ფასს – 466 446 ლარს, კეთილმოწყობის სამმართველოს შპს „ლადა“ სთავაზობს.
მთავარი ფოტო: ბათუმი, ახმეტელის ქუჩაზე მდებარე 12-სართულიანი კორპუსები / მანანა ქველიაშვილის ფოტო
„ბათუმის ციხის უფროსების საქმის“ განხილვა შესაძლოა თავიდან დაიწყოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი მოსამართლე დავით მამისეიშვილი სხვა სასამართლოში გადავა სამუშაოდ, ხოლო სამუშაო ადგილის შეცვლამდე სათადარიგო მოსამართლე არ დაინიშნება. ამ ეტაპზე „ციხის უფროსების საქმის“ განხილვა ისევ შეჩერებულია და არც სათადარიგო მოსამართლეა დანიშნული. დავით მამისეიშვილი კი, სამუშაო ადგილის შეცვლას აპირებს.
ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების – გიორგი ვეკუას და ზაზა ჯიქიას საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, დავით მამისეიშვილი განიხილავს. თუკი საქმეს სათადარიგო მოსამართლე არ ჰყავს, რომელიც პერიოდულად ეცნობა საქმის მასალებს, ამ შემთხვევაში ახალმა მოსამართლემ ყველა მოწმის ჩვენება, რომელიც დაკითხულია, ხელახლა უნდა მოისმინოს.
ამ დრომდე მოსამართლეს დაახლოებით 40-მა ყოფილმა პატიმარმა მისცა ჩვენება იმის შესახებ, თუ როგორ აწამებდნენ მათ ციხეში. დასაკითხია 100-ზე მეტი მოწმე, თუმცა 2018 წლის მაისის შემდეგ პროცესი არ გამართულა.
მოსამართლე დავით მამისეიშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოში აპირებს გადასვლას და წლის ბოლომდე მოსამართლეთა კონკურსის შედეგს ელის. მას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უკვე გაესაუბრნენ.
„ბათუმელებმა“ დავით მამისეიშვილს დღეს, 19 ნოემბერს, ერთ-ერთი სასამართლო სხდომის შემდეგ ჰკითხა, რატომ შეჩერდა საქმის განხილვა ისევ [2018 წლის მაისამდეც ამ საქმეზე სასამართლო პროცესი ერთი წლის განმავლობაში არ ტარდებოდა]და რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი საქმის განმხილველი მოსამართლე თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადავა სამუშაოდ. დავით მამისეიშვილმა გვითხრა, რომ მორიგი პროცესი უკვე ჩანიშნულია, ხოლო სათადარიგო მოსამართლის დანიშვნა ამ ეტაპზეც შეიძლება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მენეჯერის თქმით, დავით ვეკუას და ზაზა ჯიქიას საქმის განხილვა 18 დეკემბერს განახლდება.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის, პაატა დიასამიძის განმარტებით, სათადარიგო მოსამართლეს სასამართლოს თავმჯდომარე ნიშნავს. „კანონი არ ადგენს კონკრეტულ წესს, როდის უნდა დაინიშნოს სათადარიგო მოსამართლე – კონკრეტული მოსამართლისთვის საქმის გადაცემის დროს თუ მაშინ, როდესაც სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლე ამა თუ იმ მიზეზით ვერ ახერხებს საქმის განხილვის გაგრძელებას,“ – აღნიშნავს პაატა დიასამიძე.
საია-ს იურისტი არასწორად მიიჩნევს სასამართლო სისტემაში დღეს დამკვიდრებულ პრაქტიკას, რაც სათადარიგო მოსამართლეების დანიშვნას უკავშირდება:
„საერთო სასამართლოებში დღეს არსებული პრაქტიკის მიხედვით, სათადარიგო მოსამართლეს ნიშნავენ საქმის განმხილველი მოსამართლის ჩამოცილების შემთხვევაში. ეს, ვფიქრობთ, არასწორია… სათადარიგო მოსამართლის დანიშვნა უნდა მოხდეს საქმის განმხილველი მოსამართლისათვის სისხლის სამართლის საქმის გადაცემის პარალელურად, ისეთი გარემოების (მაგალითად, საქმის მოცულობა, მტკიცებულებათა სიმრავლე, რაც მიუთითებს საქმის განხილვის ისეთი დროით გაგრძელების შესაძლებლობაზე, რა დროსაც გონივრულობის ფარგლებში მოსალოდნელია საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობის ცვლილება) გათვალისწინებით, რაც სისხლის სამართლის საქმის მიღებისთანავე აჩენს იმის გონივრულ ვარაუდს, რომ ამ საქმის დასრულება შესაძლებელია ვერ შეძლოს სასამართლოს უცვლელმა შემადგენლობამ. ასეთი გონივრული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში, საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს თავმჯდომარემ უნდა დანიშნოს სათადარიგო მოსამართლე, რომელიც შეცვლის სასამართლო შემადგენლობიდან გასულ მოსამართლეს,“ – გვითხრა პაატა დიასამიძემ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც „ციხის უფროსების საქმეს“ უკავშირდება, კანონში შესული ცვლილებაა, რომლის მიხედვითაც, სასამართლო ვალდებულია 2019 წლის პირველ იანვრამდე დაასრულოს იმ საქმის განხილვა, სადაც ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება. ეს წესი მხოლოდ იმ საქმეებზე ვრცელდება, რომლის განხილვაც სასამართლომ 2016 წლამდე დაიწყო. „ციხის უფროსების საქმე“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2014 წლის 4 მარტიდან განიხილება.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო ამ ვადაში ვერ დაასრულებს საქმის განხილვას – საია-ს იურისტების განმარტებით, კანონი ზუსტად არ განსაზღვრავს, რა ხდება მსგავს ვითარებაში.
ქალაქის ურბანული და ეკონომიკური განვითარებისთვის ბათუმის მერიამ 2019 წლის ბიუჯეტში 550 000 ლარი გაითვალისწინა. ამას დაემატება 700 000 ლარიც, რომელიც მიმდინარე წლის ბიუჯეტში ქალაქის სივრცით ტერიტორიული დოკუმენტის მოსამზადებლად გაითვალისწინეს. მერიის განმარტებით, ეს დოკუმენტი გენგეგმის ნაწილი იქნება.
ბათუმის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ედნარ ნატარიძის განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხიდან 500 000 ლარი ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის მოსამზადებლად, ხოლო 50 000 ლარი ეკონომიკური ფორუმის მოწყობაზე დაიხარჯება.
სივრცით-ტერიტორიული გეგმის მომზადებაზე ბათუმის მერიას ტენდერი ჯერ არ გამოუცხადებია.
ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ინფორმაციით, დასრულებულია მნიშვნელოვანი ეტაპი, მომზადებულია სატენდერო წინადადება და მერია ტენდერის გამოცხადებას „წელსვე მოასწრებს“.
„ტექნიკურიდავალება, რომელიც დაკონტრაქტებულ, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტს მოვამზადებინეთ – გაიარა არაერთი საჯარო განხილვა: ეს იყო საკრებულო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები. ამ ორგანიზაციებიდან წამოსული შენიშვნების განხილვის მიზნით, ჩატარდა ასევე არაერთი შეხვედრა. დღეს დოკუმენტზე მუშაობა დასრულებულია და წელსვე გამოვაცხადებთ ტენდერს“, – განაცხადა ლაშა კომახიძემ.
ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმა რამდენიმე დოკუმენტს აერთიანებს: მიწათსარგებლობის გეგმას, ისტორიულ განაშენიანებას, სივრცით მოწყობას და ა.შ.
გენგეგმის მომზადებაზე საუბარი ბათუმში 2004 წლიდან დაიწყო. ამ დროიდან მოყოლებული მის მომზადებაზე მუშაობის დაწყების პირობას თითქმის ყველა მერი დებდა. დღემდე ეს პირობა შეუსრულებელია.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, პირადად არავითარ უძრავ-მოძრავ ქონებას არ ფლობს. ერთადერთი ქონება, რომელიც 2009 წელს, სამემკვიდრო მოწმობით მიუღია გრიგოლ ვაშაძეს [თბილისში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე 97 კვადრატული მეტრი ბინა], 2012 წელს თავის მეუღლისთვის – ნინო ანანიაშვილისთვის უჩუქებია.
გრიგოლ ვაშაძის მიერ 2012 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციაშიც, რომელიც მან ბოლოს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში შეავსო, ქონების გრაფაში მხოლოდ ნინო ანანიაშვილის ქონებების ჩამონათვალი აქვს მითითებული [ამ წლის შემდეგ მას ისეთ თანამდებობაზე არ უმუშავია, რომ დეკლარაციის შევსების ვალდებულება ჰქონოდა].
გრიგოლ ვაშაძის ბოლო დეკლარაციის მიხედვით, ნინო ანანიაშვილს თბილისში, მეტეხის აღმართზე, აქვს 1000 კვადრატული მეტრი ფართობის სახლი. დეკლარაციაში გრიგოლ ვაშაძე წერს, რომ ამ ქონების ღირებულება 1 მილიონი ამერიკული დოლარია. ასევე 140 კვადრატული მეტრი ბინა მოსკოვში, კოტელნიჩესკაიაზე. ამ ქონების ღირებულებად კი მითითებულია 2.5 მილიონი ამერიკული დოლარი.
ნინო ანანიაშვილს 110 ჰექტარი მიწის ნაკვეთი აქვს წინანდალში. მისი მეუღლის შეფასებით, ამ ქონების ღირებულება 2 მილიონი ამერიკული დოლარია.
საჯარო რეესტრის მონაცემებით კი, 2013-2014 წლებში ნინო ანანიაშვილს მცხეთაში ორ სხვადასხვა მისამართზე ჯამურად 3148 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი უყიდია.
2012 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გრიგოლ ვაშაძეს თავისი ორივე შვილი ოჯახის წევრად ჰყავს მითითებული. ქალიშვილი არასრულწლოვანია, ხოლო უფროსი შვილი – ნოდარ ვაშაძე, დეკლარაციის მიხედვით, რუსეთის დედაქალაქში ცხოვრობს. იმ დროისთვის 33 წლის ნოდარ ვაშაძეს არავითარი ქონება და შემოსავალი არ ჰქონია.
საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 583 022 ლარი დაიხარჯება. მეორე ტური მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ჩატარდება. არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, 42 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] დადგენილებით, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა შემდეგნაირად გადანაწილდა:
ცესკომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესიც დაამტკიცა. აჭარაში ექვსი საარჩევნო ოლქის მიერ სულ 139 790 ლარი დაიხარჯება, რაც 80 620 ლარით ნაკლებია პირველ ტურთან შედარებით:
ცესკოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის 28 ოქტომბრის არჩევნების ჩასატარებლად [პირველი ტური] აჭარის ექვსი საარჩევნო ოლქისთვის 220 410 ლარი იყო გამოყოფილი.