„დუმილი და უმოქმედობა ღალატის ტოლფასია“- პოლიტპატიმარ მანუჩარ მიქელაძის წერილი ციხიდან

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მანუჩარ მიქელაძე, გლდანის ციხიდან წერილს ავრცელებს, სადაც საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„მივმართავ გამარჯვების მოლოდინით დაღლილ ჩვენს საზოგადოებას.

როდესაც ჩვენს ქვეყანას ჰყავს ძალაუფლება მიტაცებული ხალხის მძარცველი, მჩაგვრელი, კორუმპირებული, ქვეყნის მტერთან კოლაბორანტი, დასანქცირებული, არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც კლავს ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს, ქვეყნიდან გარბიან ჩვენი თანამოქალაქეები და მათ ადგილს უკონტროლოდ შემოსული უცხოელები ანაცვლებენ, საზოგადოება კი დაყოფილი და გახლეჩილია, ამ დროს ჩვენი დუმილი და უმოქმედობა ღალატის ტოლფასია ქვეყნის წინაშე.

სამშობლოს სიყვარული მხოლოდ სადღეგრძელოებით არ გამოიხატება, მას ბრძოლა, თავგანწირვა, შრომა და მოვლა-პატრონობა სჭირდება.

წინაპრების თავგანწირვით მოვედით დღემდე, ჩვენ კი საკუთარი ქვეყნის, ჩვენი შვილების ევროპული მომავლის განადგურებას ვუყურებთ და არ ვრეაგირებთ. ეს არ არის პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.

როდემდე შეიძლება ითმინო პოლიტიკური უმსგავსობა ქვეყანაში და ეს დამამცირებელი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ. მოგმართავთ, რომ კარგად გაიზროთ შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა, გაიაზროთ თქვენი პასუხისმგებლობა შვილების წინაშე. გამოფხიზლდი, გაბრაზდი და გააპროტესტე ეს დანაშაულებრივი ქმედებები ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ.

გააპროტესტე ოპოზიციის უმოქმედობა და მოუწოდე დაუყოვნებლივ მოქმედებისკენ. გამოსავალი ისევ ჩვენშია.

გამოდი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავლის დასაცავად და დადექი გამარჯვებამდე. ეს ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია. ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ, გჯეროდეს გამარჯვების“-წერს მანუჩარ მიქელაძე ციხიდან.

მანუჩარ მიქელაძე პარტია „ახლების“ წევრია და ის 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს.

„წარმოუდგენელია მრავალწლიანი ისტორიის გადაწერა, მით უფრო დავიწყება“ – პაველ ჰერჩინსკი

დღეს, 10 ოქტომბერს, ევროპის დღეზე კახეთში, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკიც იმყოფებოდა, სადაც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, სადაც თითოეული ხმა, ერთიან მელოდიას ქმნის. „ჩვენ გვსურს, ევროპის მრავალხმიანობაში, ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს“-ამბობს ევროკავშირის ელჩი.

„წელს პირველად ავღნიშნავთ ევროპის დღეს კახეთში. აქ ხომ განსაკუთრებულად იგრძნობა თავისუფალი ქართული სული, კულტურა და ტრადიციები. ის სიმდიდრე, რომელსაც საქართველო ევროპას სძენს.

გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, უკვე თითქმის 80 წელია ვრჩებით მშვიდობის, დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის კუნძულად. ის რაც გვაქვს, დიდი შრომით, მონდომებით და საერთო პრინციპებისადმი ერთგულებით შევქმენით, ამიტომაც, არის ჩვენთვის ასეთი ძვირფასი. ამიტომაც გვინდა, ეს სიკეთე გავუზიაროთ მათ, ვინც პატივს სცემს ჩვენს საერთო წესებს.

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას გავს. 27 დამოუკიდებელი სახელმწიფო, ძლიერ ერთობას ქმნის. ისევე როგორც, თითოეული ხმა ქმნის ერთიან მელოდიას. ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში, ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს.

ევროკავშირისა და საქართველოს მეგობრობა, საქართველოს დამოუკიდებლობიდან იწყება. მართალია ამ მჭიდრო კავშირს ბოლო პერიოდის ანტიევროპული რიტორიკა ძალიან აზიანებს, თუმცა ვერ შეცვლის, წარმოუდგენელია მრავალწლიანი ისტორიის გადაწერა. მით უფრო დავიწყება, რამდენიმე წელში. ჩვენ გავაგრძელებთ, საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდაჭერას.

თქვენ არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება, ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე! და რადგან დღეს, კახეთში ვართ ნება მომეცით, ჩემი გამოსვლა ამ სიტყვებით დავასრულო, – „წუთისოფელი ასეა, დღეს ღამე უთენებია, რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“-განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ კახეთში, სადაც ევროპის დღეები წელს პირველად იმართება.

სამინისტრო 866 231 ლარს დახარჯავს მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიაზე

განათლების სამინისტრო წელსაც ნახევარ მილინზე მეტ ლარს დახარაჯავს ღონისძიებაზე, სადაც მასწავლებლების დაჯილდოებას აპირებს.

სამინისტრო 866 231 ლარის მომსახურებას გამარტივებული ტენდერით შეისყიდის.

„მასწავლებლის ეროვნული დღის ფარგლებში, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით“-წერია განცხადებაში, რომლითაც „ოცნების“ განათლების მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართავს და ცერემონიისთვის საჭირო თანხების, გამარტივებული წესით დახარჯვას ითხოვს.

სამინისტრომ, რომელმაც ჯერ კიდევ წლის დასაწყისში იცის, რომ მსგავსი ღონისძიება უნდა გამართოს ოქტომბერში, გამარტივებული შესყიდვის მიზეზად ისევ „შემჭიდროებულ ვადებს“ ასახელებს.

სამინისტროს განცხადებით, წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონია თბილისის ნაცვლად ქუთაისში გაიმართება, „რომლის მიზანია, საგანმანათლებლო და სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებების დედაქალაქში კონცენტრაციის შემცირება და ამ მიმართულებით, რეგიონების დატვირთვა“.

„მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება, შესყიდვის ობიექტის საბოლოო მოცულობის და ტექნიკური მოთხოვნების ჩამოყალიბება საჭიროებდა საკითხის დამატებით შესწავლას და ახალი ლოკაციის სპეციფიკის გათვალისწინებას, ტექნიკური დავალების საბოლოო ფორმირებისთვის“-წერს ღირსიაშვილი.

ამ „შემჭიდროებულ ვადებში“, სამინისტროს ბაზრის კვლევაც მოუსწრია.

„ელექტრონული ფოსტის საშუალებით მოწვევა გაეგზავნა ამ მიმართულებით მომსახურე რვა კომპანიას.

თანამშრომლობის სურვილი გამოხატეს კომპანიებმა: შპს “კოლექტიკამ”, შპს “კონსიერჟ თბილისმა” და შპს “ლუმა დეველოპმენტმა”. შპს “კოლექტიკას” მოწოდებული კონცეფცია და ბიუჯეტი (უმცირესი ფასი) სრულად აკმაყოფილებს სამინისტროს მიერ შემუშავებული ტექნიკური დავალების მოთხოვნებსა და ღონისძიების საჭიროებებს“-აცხადებს სამინისტრო.

ეს „უმცირესი ფასი“ კი მთლიანობაში 866 231 ლარია, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაიხარჯოს.

მასწავლებლის ეროვნული პრემია 10 მასწავლებელს გადაეცემა, რომლებიც ასევე ბიუჯეტიდან, 10-10 ათასი ლარით დასაჩუქრდებიან.

სამინისტროს მიერ დაჯილდოებული მასწავლებლები, ძირითადად ხელისუფლების მიერ ლოიალობით გამოირჩევიან და კრიტიკას გაურბიან.

_______________

მსგავს თემაზე:

რა კითხვებს გაურბიან ხელისუფლების მიერ დაჯილდოებული პედაგოგები

პროკურატურამ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე, გამოძიება შეწყვიტა

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე დაწყებული გამოძიება უკვე დაასრულა.

„მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დაწესებულების დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის შემოწმების პროცესში, მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ 2025 წლის 29 დეკემბერს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების სავარაუდო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

გამოძიების მსვლელობისას საქმეზე გამოიკითხა ათეულობით მოწმე, მათ შორის ამავე დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები; ჩატარებული იქნა საექსპერტო კვლევები; დამუშავდა და გაანალიზდა ათეულობით საათის ვიდეოჩანაწერი; ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით გიორგი დავითაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3, 4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის (დამამძიმებელ გარემოებაში განხორციელებული მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება). მას სასჯელის სახით განესაზღვრა 17 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, იგი 2025 წლის 10 ოქტომბერს პენიტენციური სამსახურის №8 დაწესებულებიდან გადაყვანილი იქნა პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის №6 დაწესებულებაში. 2025 წლის 21 დეკემბერს, დაახლოებით 10:30 საათზე, გიორგი დავითაძის საკნის გეგმიური შემოწმების დროს, მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს, ამავე დროს იმუქრებოდა თვითდაზიანებითა და მორიგე განწესის წევრების ფიზიკური შეურაცხყოფით. აღნიშნულის გამო, იგი გადაყვანილი იქნა №6 დეესკალაციის ოთახში, სადაც კვლავ აგრძელებდა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების სიტყვიერ შეურაცხყოფას და იყო აგრესიული. დეესკალაციის ოთახში გადაყვანის შემდეგ, გიორგი დავითაძის პირადი შემოწმების მიზნით, კანონის მოთხოვნების დაცვით მის მიმართ გამოყენებული იქნა იძულების პროპორციული ზომა.

კერძოდ, დაწესებულების სამმა თანამშრომელმა განახორციელა მსჯავრდებულის გაკავება, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა გ.ვ.-მ გიორგი დავითაძეს ჩაუტარა პირადი შემოწმება, სხეულზე გარედან ზედაპირული შეხების გზით. შემოწმების პროცესში, ასევე გამოყენებული იქნა მეტალო-დეტექტორიც. შემოწმების პროცესში, გიორგი დავითაძის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

2025 წლის 26 დეკემბერს, გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანისა და მისი პირადი შემოწმებიდან 5 დღის შემდეგ, №6 პენიტენციურ დაწესებულებაში შესულ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან გასაუბრებისას გიორგი დავითაძეს მისი გაუპატიურების ფაქტი არ უხსენებია, განმარტა, რომ დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელი, ვინმე ,,კვარა” მას გაუპატიურებით დაემუქრა და სამედიცინო ხელთათმანით ხელი შარვალში ჩაუცურა. ასევე განმარტა, რომ დაწესებულების თანამშრომლები სისტემატიურად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.

სახალხო დამცველის აპარატიდან პროკურატურაში გადმოგზავნილი ინფორმაციის საფუძველზე, გიორგი დავითაძემ, მასთან შესულ გამომძიებელს, უარი განუცხადა ადვოკატის გარეშე რაიმე სახის ინფორმაციის მიწოდებაზე. თავის მხრივ გიორგი დავითაძის ადვოკატმა, 2025 წლის 29 დეკემბერს გამომძიებელთან კომუნიკაციის დროს, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით, უარი განაცხადა საპატიმრო დაწესებულებაში შესვლაზე. ასევე, 2026 წლის 9 იანვრის კომუნიკაციის დროს განმარტა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კვლავ ვერ შეძლებდა პენიტენციურ დაწესებულებაში გამოცხადებას და მსჯავრდებულის ოჯახის წევრებთან შეთანხმებით, გიორგი დავითაძის ინტერესებს დაიცავდა სხვა ადვოკატი.

გიორგი დავითაძე გამოიკითხვა 2026 წლის 12 იანვარს ადვოკატის მონაწილეობით. მხოლოდ გამოძიების ამ ეტაპზე დააფიქსირა მან, მის მიმართ სავარაუდო სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედების განხორციელების შესახებ. ამავე დროს, გიორგი დავითაძემ ადვოკატის თანდასწრებით უარი განაცხადა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე და მიუთითა, რომ მომხდარი ფაქტის დროს არანაირი ფიზიკური დაზიანება არ მიუღია. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გიორგი დავითაძის მიერ გამოკითხვისას დასახელებული თითქოსდა მასზე მოძალადე ვინმე ,,კვარა”, როგორც შემდეგ განმარტეს – გიორგი კვარაცხელია საერთოდ არ მუშაობს აღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებაში.

2026 წლის 3 ივლისს გიორგი დავითაძის ადვოკატმა, პროკურატურას მომართა შუამდგომლობით გიორგი დავითაძის დაზარალებულად ცნობის შესახებ. პროკურორის მიერ იმავე დღეს გამოტანილი იქნა დასაბუთებული დადგენილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გიორგი დავითაძის მხარეს არ გაუსაჩივრებია, არც ზემდგომ პროკურორთან და არც სასამართლოში, როგორც ამას ითვალისწინებს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.

გამოძიების ფარგლებში ასევე ჩატარდა ფონოვიდეოსკოპური და ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზა, რა დროსაც ექსპერტმა წამობრივი სიზუსტით გაშიფრა დეესკალაციის №6 საკანში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები და სრულად აღადგინა გიორგი დავითაძის პირადი შემოწმების პროცესში განხორციელებული მოქმედებები.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ვიდეოჩანაწერებზე გიორგი დავითაძის ძალადობისკენ მიმართული ქმედება არ ფიქსირდება. ამასთან, ამავე ვიდეოჩანაწერებს მონტაჟის კვალი არ აღენიშნება. შესაბამისად, განსახილველი დასკვნით ცალსახად გამოირიცხა გიორგი დავითაძის მიმართ დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელების ფაქტი.

ამდენად, საქმეზე მოპოვებული და განხილული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ გიორგი დავითაძის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. იგი არსებით წინააღმდეგობაში მოდის საქმეზე შეკრებილ უტყუარ მტკიცებულებებთან. რის გამოც, 2026 წლის 9 ოქტომბერს, დანაშაულის არ არსებობის გამო მოცემულ საქმეზე შეწყდა გამოძიება“- ცხადებს პროკურატურა.

________________

ამ თემაზე:

„ოცნების“ კოალიციის ყოფილი დეპუტატის თქმით, ციხეში მის შვილზე ძალადობენ

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 550 910 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 420. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 406 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 25 515 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 51 000 ერთეული [+50]
  • MLRS – 2 201 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 699 ერთეული [+6]
  • თვითმფრინავი – 443 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 556 926 ერთეული [+1 591]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 917 ერთეული [+9]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 160 946 ერთეული [+534]
  • სპეცტექნიკა – 4 812 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 126 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთის თავდასხმა ავტობუსებზე კრამატორსკში – დაიღუპა 30 ადამიანი

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„მეზობელმა სამი კარტოფილი და ნახევარი პური მოგვიტანა. ბავშვებს ვაჭამეთ, ჩვენ არ გვიჭამია“

„დღეს მეზობელმა გამოგვიტანა სამი კარტოფილი და ნახევარი პური. კარტოფილი მოვხარშეთ და ის ვაჭამეთ ბავშვებს. მე და ჩემი მეუღლეს ლუკმა არ ჩაგვიდია პირში“- ამბობს 32 წლის ლევან ოზაშვილი, რომელიც მეუღლესთან, ლიკა გუგავასთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში სხვის სახლში ცხოვრობს.

ოჯახს სამი თვეა სოციალური დახმარებაც შეწყვეტილი აქვს, რის გამოც, როგორც მშობლები ამბობენ, მცირეწლოვანი ბავშვები საკვების და წამლის გარეშე არიან დარჩენილი.

„ხან ვის ვთხოვ 20 ლარის ჩარიცხვას და ხან ვის. სახელმწიფოდან არავინ გვეხმარება. ერთხელ მოგვიტანეს მერიიდან მაკარონი და რაღაცები და მას შემდეგ არავის მოვუკითხივართ. არც სოციალური მუშაკი მოსულა. რადგან კახეთიდან გურიაში გადმოვედით და მისამართი შევიცვალეთ, დახმარება შეგვიწყვიტეს“ – გვეუბნება ლევან ოზაშვილი.

„კარაქიანი პური მინდა“ – ამბობს 4 წლის ბიჭი, რომელიც დერეფნის ბოლოდან გამორბის. დედა ამბობს, რომ ცოტა კარაქი აქვთ სახლში, მაგრამ არ აქვთ პური.

ლევან ოზაშვილი შვილთან ერთად.

„პური არ მაქვსო შვილს რომ ეტყვი, წარმოიდგინონ აბა თავიანთი თავი ჩემს ადგილას. რა გავაკეთო არ ვიცი. ორი წელი იქნება ბავშვებს ხორცი არ უჭამიათ და ნატრობენ ძალიან. დღესაც მომთხოვა ბიჭმა, მაგრამ ხორცი კი არა, პურიც კი არ გვაქვს სახლში.

სოციალურს რომ ვიღებდი, მაშინაც მაკარონს, ზეთს და ასეთ რამეს ვყიდულობდი და ხორცის ფული აღარ მრჩებოდა. არც არავინ გვეხმარება სახელმწიფო უწყებებიდან, მარტო იმის თქმა იციან – „თუ ვერ უვლით, მინდობით გავიყვანთ“. დედას შვილი როგორ უნდა დააშორო, ეს როგორ შეიძლება. თვითონ მშობლები არ არიან? შვილები არ ჰყავთ?“- ამბობს ლიკა გუგავა.

უმცროსი ბავშვი ერთი წლისაა. გაღვიძების შემდეგ სულ ტირის. დედა ამბობს, რომ „ჰუმანაზე“ ჰყავს, მაგრამ დიდი ხანია საკვებს ვერ ყიდულობს.

„რაღაც სხვა ფაფა მოგვიტანეს, მაგრამ ბავშვმა არ მიიღო. მუცელი ქვასავით აქვს, ვერ იძინებს. თბილ წყალში ვსვამ და ეს ცოტა შვებას აძლევს. სულ იღებს წამალს, რომელიც 15 ლარი ღირს და ვერ ვიყიდე, ამიტომ უჭირს მონელება და ტირის“- გვეუბნება ლიკა.

მშობლები თავიანთ მძიმე ამბებსაც გვიზიარებენ.

„დედოფლისწყაროში, სოფელ ოზაანში გავიზარდე, იქ ვცხოვრობდი, მაგრამ მძიმე ცხოვრება მქონდა. უთანხმოება მქონდა მშობლებთან და სახლიდანაც არაერთხელ გავქცეულვარ. დაიჯერებთ? შუა ზამთარში თბილისში ნახევრად აშენებულ კარკასებში მეძინა ხოლმე, როცა სახლიდან გამოვრბოდი.

21 წლის ასაკში ლიკა გავიცანი და შემიყვარდა. ლიკასაც მძიმე ცხოვრება აქვს გამოვლილი, 9-შვილიან ოჯახში გაიზარდა და ისიც კი ვერ მოახერხა რომ სკოლა დაესრულებინა“ – ამბობს ლევანი.

„არ მქონდა ხელშეწყობა ოჯახში. მერე ბებიასთან გადავედი ცოტა ხნით და მე-8 კლასამდე მოვახერხე სკოლაში სიარული, თუმცა ატესტატი ვეღარ ავიღე“- გვეუბნება ლიკა.

საუბარში ისევ ლევანი ერთვება, რომელიც ამბობს, რომ მშობლები მათი ურთიერთობის წინააღმდეგი იყვნენ.

„რადგან ლიკა ღარიბი ოჯახიდან იყო, არ უნდოდათ. ჩვენ მდიდარი გოგო გვინდოდაო. არაერთხელ სცადეს ჩვენი დაშორება, მაგრამ ვინც გიყვარს, იმასთან უნდა იცხოვრო, მე ასე მიმაჩნია“-ამბობს ლევან ოზაშვილი.

ოზაშვილები 3 შვილთან ერთად, სხვის სახლში ცხოვრობენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში

უსახლკარო ოჯახი რეგიონიდან რეგიონში გადადის უკეთესი ცხოვრების მოლოდინში, თუმცა ამბობენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობის და გულგრილობის გამო, ფეხი ვერსად მოიკიდეს.

„ეს სახლიც ერთმა კარგმა ოჯახმა დაგვითმო. წესით ქირა უნდა გადაგვეხადა, მაგრამ როცა სოციალური შეგვიჩერეს, ვეღარ გადავიხადეთ. სახლის მეპატრონეები კარგი ადამიანები არიან და აქ დარჩენის უფლება მოგვცეს. რაც შეუძლიათ, აქეთ გვეხმარებიან.

წინა მდგმურებს დენის ფული არ გადაუხდიათ და ვიღაც გოგომ დაგვიფარა ნაწილი, გაზის ფული სახლის მეპატრონემ გადაიხადა, მაგრამ თუ დახმარება არ გვექნება, შეიძლება შუქიც გაგვითიშონ და ბავშვებს სიბნელეში მოუწიოთ ყოფნა.

ლანჩხუთის მერიაში რომ მივდივართ და სამუშაოს ვთხოვთ, იქნებ სადმე დაგვასაქმოთ მეთქი, აქაურები არ ხართ და ვერ დაგასაქმებთო. სოფელ კოდაში რომ ვცხოვრობდით, არც იქ დაგვასაქმა ვინმემ “- წუხს ლიკა.

ვიდეო:

ოჯახი გასულ არჩევნებსაც იხსენებს:

„არჩევნების დღეს გამგებელმა წაგვიყვანა თავისი მანქანით, ოღონდ ჩვენ მოგვეცით ხმა და სახლსაც მოგცემთ და სამუშაოსაცო, მაგრამ დანაპირები არ შეასრულა. თვითონ კია თანამდებობაზე. ცოტა ხნის წინ მივწერე, შვილები მშიერი მყავს და 20 ლარი მაინც დამირიცხე მეთქი და მე სად მაქვს ფულიო – ასე მიპასუხა.

ჩემ შვილებს „დვარეცები“ არ უნდათ, ერთი ოთახი მისცენ, რომ იმედით ვიყო, სახლის პატრონი არ მოვა და არ მეტყვის, – „დაცალე ბინა“.

მე მინდა მუშაობა. ფეისბუქზე გვერდები აჭრელებული მაქვს, ვეძებ სამუშაოს, მუშადაც ვიმუშავებ, მაგრამ არავინ მეხმიანება. ძალიან მინდა ხეზე მუშაობა ვისწავლო და ვიმუშაო. ერთი 900 ლარი გვქონდა დახმარება და ისიც შეგვიჩერეს“ – ამბობს ლევანი.

„მაგასაც კი იძახიან, თუ უჭირს რაღას აჩენსო. ღმერთი გვაძლევს და რა ვქნათ, აღარ უნდა გვყავდეს?“ – ამბობს ლიკა გუგავა.

___________________

ლიკას და ლევანის ოჯახის დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ საბანკო ანგარიშებზე:

თიბისი – GE86TB7691445064300103

საქართველოს ბანკი – GE97BG0000000609810031

მიმღები – ლია ოზაშვილი

„პაპუაშვილს ცენტრფორვარდის ფუნქცია აქვს დასავლეთის თავდასხმების ფრონტზე“ – ინტერვიუ

„ირანის ელჩის ექსცენტრული და თავხედურ ქცევაზეც არ მახსოვს შალვა პაპუაშვილის რეაქცია. მისი რისხვა ექსკლუზიურად არის მიმართული იმ ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში ზრუნავდნენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე…

პაპუაშვილს აქვს ცენტრფორვარდის ფუნქცია მინიჭებული დასავლეთის მიმართ შეურაცხყოფების და თავდასხმების ფრონტზე,“ – მიიჩნევს დიპლომატი გიორგი ბადრიძე, მას „ოცნების“ ინტერესზე ვესაუბრეთ: ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი 2027 წელს.

მაშინ, როცა „ოცნება“ აქტიურად ეწევა ანტიდასავლურ კამპანიას, რა გათვლით შეიძლება მოქმედებდეს ბიძინა ივანიშვილი?

„თეორიულად შესაძლებელია, რომ მიზანი ზუსტად ეს იყოს: მიიღოს უარი სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ, ჩემი აზრით, „ოცნებას“ საბაბების ძებნა დასავლეთთან ურთიერთობების გასაფუჭებლად უკვე აღარ სჭირდება.

ივანიშვილი რეალობად აქცევს თავის ძალიან ადრეულ იდეას, რომელიც ჰქონდა ჩამოყალიბებული, რომ საქართველო არის პატარა სოფელი, მას არ უნდა ჰქონდეს საერთაშორისო მნიშვნელობა და ეს არ უნდა იყოს დავის საგანი დასავლეთსა და რუსეთს შორის. საქართველო უკვე არის თვითიზოლაციაში…

ივანიშვილის ხელისუფლების ქცევა იძლევა დამატებით სტიმულს, რომ ამ ქვეყნებმა ეძიონ, მათ შორის, ცენტრალურმა აზიამ, ეძიოს საქართველოს ალტერნატიული მარშრუტი,“ – გვითხრა გიორგი ბადრიძემ.

„ბათუმელებმა“ დიპლომატთან, გიორგი ბადრიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. გიორგი ბადრიძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.

  • ბატონო გიორგი, მკვეთრი, ანტიევროპული პოლიტიკის გათვალისწინებით, „ოცნების“ სურვილია, 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო გახდეს – ეს ივანიშვილს სჭირდება იმის წარმოსაჩენად, რომ თითქოს ევროკავშირი თავად ამბობს უარს საქართველოზე?

დავიწყებ იმით, რომ არ ვიცი შორს მიმავალი რა გეგმა შეიძლება არსებობდეს, მაგრამ აბსოლუტურად არარეალისტურია 2027 წლისთვის ეუთოს თავმჯდომარეობის საკითხში საქართველოს მხარდაჭერის მოპოვება ეუთოს წევრი ქვეყნებისგან. ეს ივანიშვილის ხელისუფლებას ალბათ ძალიან კარგად მოეხსენება. მე აქ პირდაპირ ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხს ვერ ვხედავ, რადგან ეუთო წარმოადგენს 57 ქვეყნის ერთობას. რა თქმა უნდა, დიდი ნაწილი ამ ქვეყნებისა არის ევროკავშირის წევრი.

ევროკავშირის წევრი არცერთი ქვეყანა არ დაუჭერს მხარს ამ საკითხს, მაგრამ არიან სხვა ქვეყნები, მათ შორის, აშშ, კანადა, ევრაზიის ქვეყნები. არა მგონია, ივანიშვილის ხელისუფლებას ევროკავშირის გარეთაც ჰქონდეს მხარდაჭერა.

გიორგი ბადრიძე

აქ მნიშვნელოვანი ის, რომ ეუთო წარმოადგენს ზუსტად იმგვარ ორგანიზაციას, რომელიც არ ჩამოუვარდება ევროკავშირს იმ პრინციპებში, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება, უფრო სწორად, ივანიშვილის ხელისუფლება დღენიადაგ აქტიურად არღვევს.

ეუთო გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან აღმოსავლეთ და დასავლეთის ბლოკებს შორის ურთიერთობების დასარეგულირებლად შედგებოდა სამი ნაწილისგან: პირველი, ეს იყო ერთგვარი თანხმობის მიღწევა უსაფრთხოების, პოლიტიკის სფეროში და გულისხმობდა სტაბილური საზღვრების აღიარებას. ეს უკვე დასავლეთის ინიციატივა იყო, სამაგიეროდ კომუნისტური ბლოკის ქვეყნებს, ანუ საბჭოთა კავშირს, უნდა ეღიარებინა ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები საკუთარ ქვეყანაში და იმ ქვეყნებში, რომელსაც საბჭოთა კავშირი აკონტროლებდა.

ამით იმის თქმა მინდა, რომ თავიდანვე ეუთო იყო ფასეულობითი ორგანიზაცია, რომელსაც სურდა დასავლეთის ინიციატივით ადამიანის უფლებების სტანდარტების დამკვიდრება იმ ქვეყნებში, სადაც ეს უფლებები აქტიურად ილახებოდა. სანაცვლოდ ის სთავაზობდა ქვეყნებს საზღვრების აღიარებისა და განიარაღების  საკითხებს, რომელიც ასევე იყო საბჭოთა ბლოკის ინტერესებში.

დღეს საქართველო, რომელიც ყველაზე თვალში საცემად და სწრაფად გარდაიქმნება ამ სფეროში, ანუ ადამიანის უფლებებს ყველაზე აქტიურად არღვევს, მისი მხრიდან ეუთოს თავმჯდომარეობაზე პრეტენზია, ცხადია, არარეალისტურად უნდა მივიჩნიოთ.

  • 2025 წლის არჩევნებზე, მაგალითად, ეუთო „ოცნებამ“ არ მოიწვია – კენჭისყრის დღემდე რამდენიმე დღით ადრე მოიწვია, რაც შეუძლებელს ხდიდა არჩევნებზე დაკვირვებას. ეუთოს საკითხის გააქტიურება ივანიშვილს დასჭირდა შიდა აუდიტორიისთვის, თუ დასავლეთს ევაჭრება? 

ეუთოს დამკვირვებლები აბსოლუტურად ყველა არჩევნებს ესწრებიან წევრ ქვეყნებში, ორი გამონაკლისით – ეს არის რუსეთი და ბელარუსი. ახლა ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ შუალედურ არჩევნებზე ისინი ალბათ არ მოიწვევენ ეუთოს დამკვირვებლებს. ყველა შემთხვევაში, რუსეთისა და ბელარუსის კამპანიაში ყოფნა მაინცდამაინც სახარბიელო არ უნდა იყოს არავისთვის. ამ სფეროში ივანიშვილის ხელისუფლებას სრულიად ჩამოყალიბებული რეპუტაცია აქვს. შესაბამისად, მე ვერ ვივარაუდებ, ამ განცხადების მიზანი რა არის.

თეორიულად შესაძლებელია, რომ მიზანი ზუსტად ეს იყოს, მიიღოს უარი სხვადასხვა ქვეყნისგან, მაგრამ, ჩემი აზრით, „ოცნებას“ საბაბების ძებნა დასავლეთთან ურთიერთობების გასაფუჭებლად უკვე აღარ სჭირდება.

ევროკავშირი, შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ურთიერთობები საქართველოსთან კრიზისულ მდგომარეობაში არ შესულიყო. ძალიან დიდხანს – საჭიროზე მეტხანს – ჩვენი პარტნიორები არ იმჩნევდნენ რეალურ უკუსვლას საქართველოს დემოკრატიულ სტანდარტებში, მაშინ როცა საქართველო თავისი შინაარსით, პოლიტიკური სისტემის შინაარსით რუსეთს და ბელარუსს უფრო უახლოვდებოდა, ვიდრე მის მიერ გაცხადებულ მიზანს – ევროკავშირში გაწევრიანებას.

ამიტომაც, მგონია, რომ საბაბების ძებნა „ოცნებისთვის“ მაინცდამაინც არ არის საჭირო. ამ ყველაფერს ეს ხელისუფლება აკეთებს ღიად და გამომწვევად. ეს დაპირისპირება არის თვალნათელი, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ გვასაღებენ რუსეთის მიმართ დათმობებს, კაპიტულაციას, როგორც პრაგმატიზმის გამოხატულებას და ამის პარალელურად, სრულიად ხელოვნურად და ცალმხრივად ხდება კონფრონტაცია დასავლეთთან.

  • თუმცა „ოცნება“ ამ დრომდე არ ამბობს, რომ ქვეყანა აღარ მიდის ევროპისკენ. ვისმენთ განცხადებებს, რომ ევროპულ ინტეგრაციას ვცდილობთ, მაგრამ ჩვენი პირობები გვაქვს… ევროკომისარმა მარტა კოსმა აღნიშნა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში გამართული დისკუსიაზე: „საქართველოში ყველაზე მეტად მისი ხალხის შთამაგონებს საკუთარ ევროპულ გზაზე მტკიცედ მდგარი…“ 

რუსული კანონების შემოღება – გარდა იმისა, რომ რეალურად ისედაც აქტიურად ებრძოდნენ სამოქალაქო საზოგადოებას – იყო პირდაპირი განაცხადი იმისა, რომ ევროკავშირის დემოკრატიული სტანდარტების საწინააღმდეგო მიმართულებით მივდივართ. ახლა, მაგალითად, იგივე პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი სხვა არაფერია, თუ არა განაცხადი, რომ ჩვენ ვმოძრაობთ რუსეთის მიმართულებით და ევროკავშირის საწინააღმდეგოდ, იმის მიუხედავად, რომ ეს პარტიები პრაქტიკულად ისედაც აკრძალულია: მათი ხელმძღვანელები უმეტესად ციხეებში სხედან და რეალურად მათი გავლენა პოლიტიკაზე ნულთან ძალიან ახლოს არის.

ივანიშვილის ხელისუფლება არის ინიციატორი ევროკავშირთან დაპირისპირების. ეს იმდენად ნათელია, არ ვიცი, ვინ დაიჯერებს, რომ აი, ივანიშვილის ხელისუფლებას სინამდვილეში უნდოდა ევროკავშირში გაწევრიანება. თუმცა ევროკავშირმა გააკეთა ისე, რომ ეს შეუძლებელი გახდა.

  • იგივე პარტიების აკრძალვაზე არსებული სარჩელით ხომ არ ცდილობს ივანიშვილი ევაჭროს ევროკავშირს? ვიდრე ივანიშვილმა არ იცის, როგორ შეიძლება დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, შესაძლებელია, ის იტოვებს გარკვეულ საკითხებს ევროკავშირთან მისაბრუნებლად? 

არ ვიცი, რის გამოვაჭრება შეუძლია ივანიშვილს. ყველაზე მეტი, რასაც შეიძლება ივანიშვილმა მიაღწიოს, არის ის, რომ ევროკავშირმა საბოლოოდ ჩახსნას საქართველო თავისი დღის წესრიგიდან, როგორც ეს თქვეს, რომ მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა. ამაზე პასუხი იყო აბსოლუტურად ცინიკური და მე ვიტყოდი, აღმაშფოთებელი, რომ ქაღალდზე კანდიდატობა სჯობია ქაღალდზე სახელმწიფოდ ყოფნასო, ანუ თითქოს ევროკავშირში გაწევრიანება სახელმწიფოებრიობას ართმევს ქვეყნებს და არ ამტკიცებს ამ სახელმწიფოებრიობას, არ ზრდის მის კეთილდღეობას, სოციალურ, ეკონომიკურ და სხვა ნებისმიერ სფეროში.

ბრმა უნდა იყო და ცხოვრობდე გამოქვაბულში, რომ არ იცოდე – ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან მსოფლიოში ყველაზე სტაბილური და მაღალი კეთილდღეობის სახელმწიფოები, რომელთა სუვერენიტეტი არის გარანტირებული ცალკე ევროკავშირის მხრიდან, ცალკე – ნატოს მხრიდან.

  • როცა დასავლეთს აქვს ინტერესი იგივე შუა დერეფნის მიმართ, არ უშვებთ, რომ შესაძლოა ივანიშვილს აქვს იმედი, რომ ევროპასთან მაინც შეძლებს ურთიერთობის დალაგებას?  

მთელი ჩემი დიპლომატიური კარიერა, ჩემი სამუშაო წარმოადგენდა იმის მტკიცებას ჩვენი პარტნიორებისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო მათი ინტერესებისთვის და ამის ერთ-ერთი საბუთი იყო საქართველოს უნარი – დააკავშიროს ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს, უფრო ადგილობრივ დონეზე თურქეთი, აზერბაიჯანი და კასპიის რეგიონი, მაგრამ საქართველოს მხოლოდ მაშინ აქვს ამგვარი ფუნქციის შესრულების უნარი და სანდოობა, როგორც ევროპელი, ისე ჩვენი ცენტრალური აზიის მეზობლებისთვის, თუ ის არის სუვერენული და დასავლეთში ინტეგრირებული სახელმწიფო.

როგორც კი საქართველო ხდება – სხვების თვალში უკვე ასეა – რუსეთის გავლენის სფეროში მყოფ სახელმწიფო, მაშინ იკარგება ეს ფასეულობა და უნარი, რომ სანდო პარტნიორად იქნეს განხილული ამ უზარმაზარ სისტემაში. შესაბამისად, წარმოიქმნება ისეთი ალტერნატიული პროექტები, რომლებიც ახლა უკვე აქტიურად განვითარების სტადიაში, მაგალითად, აზერბაიჯანის, სომხეთის და თურქეთის მონაწილეობით.

ივანიშვილი აქცევს რეალობად თავის ძალიან ადრეულ იდეას, რომელიც ჰქონდა ჩამოყალიბებული, რომ საქართველო არის პატარა სოფელი, მას არ უნდა ჰქონდეს საერთაშორისო მნიშვნელობა და ეს არ უნდა იყოს დავის საგანი დასავლეთსა და რუსეთს შორის. საქართველო უკვე არის თვითიზოლაციაში. ინერციით, დიპლომატიურ დონეზე მხოლოდ და არა პოლიტიკურ დონეზე, რაღაც კონტაქტები პერიოდულად არსებობს, მაგრამ ძალიან დაბალ დონეზე.

რეალური თანამშრომლობა და პარტნიორობა, რომელიც ადრე ძალიან აქტიურად ვითარდებოდა საქართველოსთან, აღარ განიხილავენ, არა მარტო ევროკავშირი, არამედ ჩვენი უშუალო მეზობლებთანაც. გასაგებია, რომ აზერბაიჯანს თავისი ინტერესები ყოველთვის ჰქონდა ამ დერეფნის მიმართ, რომელიც სამხრეთზე უნდა გავიდეს და დააკავშიროს ის ნახიჭევანთან და აქედან გამომდინარე თურქეთთან, მაგრამ დღეს ივანიშვილის ხელისუფლების ქცევა იძლევა დამატებით სტიმულს, რომ ამ ქვეყნებმა ეძიონ, მათ შორის, ცენტრალურმა აზიამ, ეძიოს საქართველოს ალტერნატიული მარშრუტი.

შესაბამისად, ეს არის არამხოლოდ პოლიტიკური თვითიზოლაცია, რაც უკვე რეალობაა, არამედ იზოლაცია და დაკარგვა საკუთარი როლი იმ საერთაშორისო სატრანსპორტო პროექტებში, რომელზედაც მუდმივად ხდება ხოლმე აპელირება, რომ აი, ჩვენ ვართ ასეთი მნიშვნელოვანი მოთამაშე თურმე საერთაშორისო ინფრასტრუქტურაში.

სინამდვილეში, მნიშვნელოვანი ვიყავით, პოტენციურად კვლავაც ვართ, მაგრამ ასეთი პოლიტიკა ამ როლს და ამ ფუნქციას საქართველოს სრულად უკარგავს.

  • რას უნდა ველოდეთ ევროკავშირისგან, რა რესურსი არსებობს, რომ საქართველოში დემოკრატია გადარჩეს? მაგალითად, რა შეიცვლება, თუ ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქე აღარ იქნება, ან მისი დასანქცირებით? 

არ ვიცი, არის თუ არა ან როგორ შეიძლება იყოს საქართველოში დემოკრატიის გადარჩენა ევროკავშირისთვის დიდი პრიორიტეტი. ევროკავშირი აძლევდა საქართველოს შესაძლებლობებს, რომ გამხდარიყო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი, თანასწორუფლებიანი წევრი. თუ საქართველო ამ შესაძლებლობას არ გამოიყენებს, ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების ხელისუფლებები, ვერ აუხსნიან თავიანთ მოქალაქეებს, რატომ უნდა ხარჯონ რაღაც რესურსი რომელიღაც ქვეყანაში დემოკრატიის დასახმარებლად?

ისინი ეხმარებოდნენ საქართველოს მრავალი ათწლეულის განმავლობაში და მილიარდობით ევროს ხარჯავდნენ ჩვენ დასახმარებლად. ეს ხდებოდა იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ცდილობდა დემოკრატიის გამყარებას და ევროკავშირში ინტეგრაციას. ქვეყანა, რომელიც ამ ყველაფერზე უარს ამბობს – გარედან ეს ასე გამოიყურება, არავინ დაიწყებს ამ ქვეყნის ძალით შეყვანას ევროკავშირში. უამრავი საკითხი აქვთ მოსაგვარებელი ამ ქვეყნებს.

ამიტომაც, ჩვენ არ უნდა ვიყოთ იმ იმედით, რომ ევროკავშირში სანქციებით, ან რაღაც სხვა ზომებით შეეცდებიან დემოკრატიის გადარჩენას. ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ. ვიცით, რომ არის უზარმაზარი აპათია საზოგადოებაში, ერთ-ერთი მიზეზი არის ის მდგომარეობა, რაც არსებობს ოპოზიციურ ფლანგზე, სრულიად დასუსტებულზე, მათ შორის, ურთიერთბრძოლით. მე არ ვარ პოლიტიკის ექსპერტი და ვერ გეტყვით, რა შეიძლება გაკეთდეს. მე ვიცი, რომ ის, რაც კეთდება, უკეთეს შემთხვევაში, არაა საკმარისი იმისთვის, რომ საზოგადოებამ, ხალხმა დაინახოს მოქმედი რეჟიმის დამაჯერებელი ალტერნატივა.

  • როცა „ოცნება“ აცხადებს, რომ ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა უნდა რომ გახდეს, პაპუაშვილმა იკითხა: „რა თანხებით“ და „ვისი დაფინანსებით“ მონაწილეობდნენ ვარშავაში მიმდინარე ეუთოს კონფერენციაში „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია და საიას ხელმძღვანელი თამარ ონიანი? ამ განცხადებას გამოეხმაურე ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, შვეიცარიის წარმომადგენელი. ანტიდასავლური განცხადებებით განსაკუთრებით შალვა პაპუაშვილი გამოირჩევა ივანიშვილის დაჯგუფებაში. ეს რაზე მიუთითებს? 

პაპუაშვილზე შემიძლია ერთი რამ გითხრათ: ის ალბათ ყველაზე გამოკვეთილი ფიგურაა ანტიდასავლური გამოხტომებით. მე არ მახსენდება და თუ ვცდები, მადლობელი ვიქნები, ვინმე თუ შემახსენებს, შალვა პაპუაშვილის ერთ ანტირუსულ განცხადებას, რომელიც მიმართულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციასთან დაკავშირებით, ან რუსეთის ოკუპაციის შედეგად იქიდან გამოყრილი ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დასაცავად.

სულ ბოლოს ირანის ელჩის ექსცენტრული და თავხედურ ქცევაზეც არ მახსოვს შალვა პაპუაშვილის რაიმე რეაქცია. მისი რისხვა ექსკლუზიურად არის მიმართული იმ ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში აქტიურად ზრუნავდნენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე, მის ინტეგრაციაზე ევროპულ სტრუქტურებში. ეს სრულიად აშკარაა. ფაქტია, რომ პაპუაშვილს აქვს ცენტრფორვარდის ფუნქცია მინიჭებული დასავლეთის მიმართ შეურაცხყოფების და თავდასხმების ფრონტზე.

თავის დროზე, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი რიგებიდან გამოყო ჯერ ფრაქცია, რომელიც მერე ცალკე პარტიად ჩამოყალიბდა იმ მიზნით, რომ მათი პირით ელაპარაკა „ოცნებას“ დასავლეთთან აგრესიულად. დღეს ყველა ფსევდო დამოუკიდებელმა პარტიამ დაკარგა თავისი ფუნქცია – „ქართული ოცნების“ ოფიციალური ხელმძღვანელობა ყველაზე რადიკალურ, კონფრონტაციულ პოლიტიკას ატარებს და რიტორიკას იყენებს დასავლეთის საწინააღმდეგოდ.

ეს იგივე ხალხია, რომელიც გვიმტკიცებს, რომ რუსეთის მიმართ დათმობა არის პრაგმატიზმი და ომიდან თავის არიდების საშუალება.

  • მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ ირჩევს ევროპას. ამ საკითხს როგორ უყურებს ივანიშვილი, თქვენი აზრით? 

ისე აქტიურად მუშაობენ საშინაო პროპაგანდისტულ ფრონტზე, რომ ალბათ თვლიან, რომ გარკვეულ წარმატებას უკვე მიაღწიეს. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ მარტო ტროლები არ მუშაობენ ანტიდასავლური კამპანიისთვის. იგივე ირანის ელჩის პოსტზე ცოცხალი ადამიანები წერდნენ:  კარგია, თუ გადავხედავთ ქეთევან წამებულის, წმინდა დედოფლის ამბის ისტორიას და აღმოვაჩინოთ, რომ ირანი კი არ არის ამაში დამნაშავე, არამედ ვიღაც სხვა.

ცოტა ხნის წინ გვითხრეს, რომ რუსეთმა კი არ უღალატა ერეკლე მეორეს, არამედ თურმე გერმანელებმა უღალატეს…

არ ვიცი, რეალურად რამდენია ასეთი ადამიანი, ვინც ამგვარ პროპაგანდას იჯერებს. ნუ, ვიღაცები აშკარად არიან და ალბათ გათვლა იმაზეა, რომ მათ რიცხვი იმდენად დიდია უკვე, რომ ის, რასაც აქამდე აკეთებდნენ შეფარვით, შეუძლიათ ახლა გააკეთონ ღიად და პირდაპირ თქვან, რომ ჩვენ არასდროს არ გვინდოდა ევროკავშირში, როგორც სინამდვილეშია და ეს იყო ტაქტიკური მოსაზრებებით გაკეთებული.

იტყვიან, რომ ახლა ჩვენ ვართ გათავისუფლებული ევროკავშირის დიქტატისგან და ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა გამოიხატება რუსეთის მიმართ დანებებასა და კაპიტულაციაში.

ერთი პრობლემა აქვთ: თაობა, რომლებსაც გვახსოვს, რას ნიშნავს რუსეთისადმი დანებება, ჯერ კიდევ არც ისე ხანდაზმულები ვართ, რომ სკლეროზი გვქონდეს. გვახსოვს ისიც, რაც შევარდნაძემ 90-იან წლებში სცადა: ზუსტად რუსეთის მიმართ კაპიტულაცია, დსთ-ში შეიყვანა საქართველო, რუსული სამხედრო ბაზები დააკანონა, რამაც რუსულ საოკუპაციო ძალებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მისცა მშვიდობისმყოფელის სტატუსი და სამაგიეროდ მიიღო ტერაქტი 1995 წელს.

შევარდნაძისთვისაც კი, ნათელი გახდა, რომ თურმე არ მუშაობს და მიზანს არ აღწევს რუსეთის მიმართ ყველაფრის დათმობა და, პირველ რიგში, თავისუფლების.

აინშტაინს აქვს ნათქვამი, რომ იმავეს მცდელობა სხვა შედეგის მოლოდინით არის გონებრივი აშლილობის გამოვლინება.

„ვითო წილი იყიდა ჩვენს კომპანიაში“ – რა ისმის „თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერში

დღეს, 9 ოქტომბერს, რადიო „თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელიც, გამოცემის ცნობით, ჩაწერილია 2024 წელს და რომელშიც ისმინება, როგორ სთხოვს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ნანა ყენიშვილი კომპანია „ბიტექსჩეინჯის“ წარმომადგენელს, დავით ორჯონიკიძეს ბიზნესის წილს. „ 51 პროცენტი რომ თქვენა გქონდეთ და 49% რომ ჩვენა გვქონდეს? ხომ მაქვს 300 მილიონი [ბრუნვა], ძალიან კარგად მილიარდიცა მქონდეს ბრუნვა. ანუ, მარტივი არი, ჩვენთვის არი მარტივი იმიტომ, რომ უკვე ვიცით“, – ისმის ჩანაწერში.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, ფარული ჩანაწერი სუსთან შეთანხმებით 2024 წელსაა გაკეთებული, ბიტექსჩეინჯმა“ ჩანაწერი სუსს გადასცა, რასაც სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია. კომპანიაში კი ეროვნული ბანკი შემოწმებაზე შევიდა და პირიქით – „ბიტექსჩეინჯი“ ნახევარი მილიარდი ლარით დააჯარიმა. 

ასევე, რადიო „თავისუფლება“ წერს, რომ მოიპოვა დოკუმენტები, რომელთა მიხედვით, ყეინიშვილის შესაძლო კანონდარღვევების შესახებ ინფორმაცია, სულ მცირე, რამდენიმე თვეა იციან ეროვნულმა ბანკმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

„ამ უწყებებს რადიო თავისუფლებამ შეკითხვები 6 ოქტომბერს გაუგზავნა. შეკითხვების გაგზავნიდან 3 დღის შემდეგ პასუხები არ მიგვიღია“, – წერს „თავისუფლება“.

დღეს, 9 ოქტომბერს კი საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.

„თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებულ მოკლე ხმოვან ჩანაწერში ისმის დიალოგი, რომელიც, გამოცემისვე ცნობით, ნანა ყენიშვილსა და კომპანიის წარმომადგენელს, დავით ორჯონიკიძეს შორის შედგა:

ნანა ყენიშვილი: ჩვენსაში შემოვიდეს თქვენი 50 პროცენტით თქვენი კომპანია…

დავით ორჯონიკიძე: დიახ…

ნანა ყენიშვილი: ვითო წილი იყიდა ჩვენს კომპანიაში. 51 პროცენტი რომ თქვენა გქონდეთ და 49% რომ ჩვენა გვქონდეს? ხომ მაქვს 300 მილიონი [ბრუნვა], ძალიან კარგად მილიარდიცა მქონდეს ბრუნვა. ანუ, მარტივი არი, ჩვენთვის არი მარტივი იმიტომ, რომ უკვე ვიცით.

დავით ორჯონიკიძე: დიახ.

ნანა ყენიშვილი: შენ უბრალოდ არ იცი პსპ-ეს რა კაი შემოსავალი აქვს…

დავით ორჯონიკიძე: ეგ თქვენს პსპ-ს აქვს კარგი შემოსავალი და ყველას არა აქვს…

ნანა ყენიშვილი: არა. ნებისმიერს აქვს, თუ ააწყობ. მე ძალიან კარგად ვიცი მოძრაობის წესები. ძალიან კარგად ვიცი, წითელზე როდის უნდა გავჩერდე, მწვანეზე როდის უნდა გავიარო…

დავით ორჯონიკიძე: გაქვთ კიდევ ურთიერთობა ბატონ ბიძინასთან?

ნანა ყენიშვილი: აბა! ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ადამიანია.

დავით ორჯონიკიძე: ჩვენთვისაც, ნამდვილად.

ნანა ყენიშვილი: ახლა ვის რა აზრი აქვს არ ვიცი, მაგრამ მაგას არასდროს არ შევეხები.

„რადიო თავისუფლება“ დღეს, 9 ოქტომბერს, ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებას აანონსებს ამ თემაზე.

ამავე დროს, პროკურატურის განცხადების შემდეგ განცხადება გაავრცელა ეროვნულმა ბანკმაც. ბანკის განცხადებით, „გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, ვიდრე საკითხის გარშემო არ დადგება სრული სიცხადე, ეროვნული ბანკის საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან“.

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტმა 2023 წლის 21 სექტემბერს დანიშნა. ყეინიშვილამდე საკანონმდებლო ორგანომ იმავე თანამდებობაზე გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები დაიწუნა.

ფოტოზე: ნანა ყენიშვილი, nbg.gov.ge

ამავე თემაზე: 

პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მიმართ გამოძიება დაიწყო

 

4 წელი მიუსაჯეს პირს, რომელიც წვევამდელებს ჯარისგან თავის არიდებაში ეხმარებოდა – პროკურატურა

თბილისის საქალაქო სასამართლომ წვევამდელების მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში, დოკუმენტების გაყალბების და გამოყენებაში დახმარების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტებზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 – 2026 წლებში, ბრალდებული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფთან ერთად, წვევამდელებს და მათი ოჯახის წევრებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში დახმარებას ჰპირდებოდა, რის სანაცვლოდაც მათგან მოტყუებით მიიღო ჯამში 24 200 ლარი.

„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ 2024-2026 წლებში ბრალდებული თანამზრახველებთან ერთად ყალბი სამედიცინო ისტორიის შექმნით დოკუმენტებს აყალბებდა. შედეგად, ავადმყოფობის სიმულაციის და ყალბი სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენით, სსიპ „გ. აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის“ მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისია წვევამდელს სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან ათავისუფლებდა.

ასევე, ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა საბრძოლო მასალა, რასაც მის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა“ – წერს პროკურატურა.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია – 6 ეპიზოდი), 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 19.180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობის მცდელობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 19.180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობის მცდელობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), 25.356-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში დახმარება), 25.362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი დოკუმენტის დამზადებაში და გამოყენებაში დახმარება), 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა და შენახვა) და სასჯელის ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ბათუმში 87 მძღოლი დააჯარიმეს ავტომობილის მავნე გამონაბოლქვის გამო

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 2026 წლის 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 751 ფაქტი გამოავლინეს.

430 სამართალდარღვევა გამოვლენილია თბილისში, 173 – ქუთაისში, 87 – ბათუმში, 61 კი – რუსთავში.

დეპარტამენტის ცნობით, 649 სამართალდარღვევა ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 102 შემთხვევაში კი დააჯარიმეს იურიდიული პირები.

„425 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 306 – მიკროავტობუსების, 18 სატვირთო ავტომობილის, 2 კი ავტობუსის მძღოლების/მფლობელების მიერაა ჩადენილი“ – წერს უწყება.

ჯამში, 2026 წელს, პირველ ცხრა თვეში, გამოვლენილია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 6856 ფაქტი.

სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმის გადამეტებისთვის ჯარიმა ფიზიკური პირის შემთხვევაში პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე კი – 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია.

მიზნიდან შედეგამდე – თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის – FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა

თიბისი FoxPrep.ai-ის გენერალური პარტნიორი გახდა. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების პროცესს უმარტივებს და თითოეულ მოსწავლეს საკუთარ მიზანზე მორგებულ სასწავლო გეგმას სთავაზობს. FoxPrep.ai ცალკე მიმართულებით სამაგისტრო გამოცდებისთვის მომზადებასაც მოიცავს.

პლატფორმაზე მოსწავლე ირჩევს სასურველ უნივერსიტეტს, პროგრამასა და საჭირო ქულას. შემდეგ FoxPrep.ai მის მიმდინარე ცოდნას აფასებს, საპროგნოზო ქულას ითვლის და აჩვენებს, რომელ თემებზე უნდა იმუშაოს შედეგის გასაუმჯობესებლად.

სასწავლო პროცესი სრულად პერსონალიზებულია. მოსწავლე მიმდინარე დონიდან სასურველ შედეგამდე მისასვლელ, თემების მიხედვით გაწერილ გეგმას იღებს. სავარჯიშოები ეროვნული გამოცდებისთვის საჭირო მასალას ეფუძნება და კითხვების სხვადასხვა ფორმატს მოიცავს. პლატფორმაზე ასევე ხელმისაწვდომია ხელსაწყოები, რომლებიც აბიტურიენტს ეხმარება, გაიგოს, სად შეიძლება მოხვდეს მიღებული ქულით.

ამასთან, თიბისიმ განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადა მათ, ვინც FoxPrep.ai-ს წლიური პაკეტის შეძენას გადაწყვეტს – მოსწავლის ბარათით შეძენის შემთხვევაში, 40%-იანი მომენტალური ქეშბექი გექნებათ.

ახალი თაობისა და განათლების მხარდაჭერა თიბისის გრძელვადიანი ხედვის ნაწილია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აბიტურიენტების მხარდაჭერა, რადგან უნივერსიტეტისთვის მომზადება ახალგაზრდების ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.

თიბისი, როგორც ინოვაციებზე ორიენტირებული კომპანია, ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს ადამიანებისთვის ყოველდღიური პროცესების გასამარტივებლად და ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად იყენებს. FoxPrep.ai კი, სწორედ ასეთი პროდუქტია – ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ის სწავლას უფრო პერსონალურს ხდის და აბიტურიენტებს საკუთარი მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ სვლაში ეხმარება.

„ოცნებამ“ 93 სიტყვა აკრძალა, რის გამოც მედია ჯარიმდება – „გამჭვირვალობა“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, კომუნიკაციების კომისია  ცენზორის როლის შესრულებას განაგრძობს.

„1 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე კომისიამ კრიტიკული ტელევიზია „ფორმულა“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის უკვე მესამედ – ამჯერად 10 000 ლარით დააჯარიმა.

საერთო ჯამში, ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ ამ მიზეზით მოხსენებითი ბარათები უკვე 7-ჯერ (4-ჯერ „ფორმულას“, 3-ჯერ „ტელეკომპანია პირველს“) შეუდგინა და მათ საფუძველზე, ისინი პირველად ჯერ სიტყვიერად გააფრთხილა, შემდეგ – თითოეული ჯერ 2500 ლარით, მომდევნო ჯერზე კი – 5000 ლარით დააჯარიმა (დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს).

უკვე 1 ოქტომბერს კი – ფორმულა დამატებით 10 000 ლარით დააჯარიმა. დიდი ალბათობით, კომისია მავნე პრაქტიკას კვლავაც გააგრძელებს და უახლოეს მომავალში, იმავე მიზეზით ახლა უკვე „ტელეკომპანია პირველსაც“ დააჯარიმებს, რადგანაც, როგორც წესი, კომისია ერთ შეკრულ წრეზე მოძრაობს და მაუწყებლებს რიგრიგობით აჯარიმებს“ – წერს „გამჭვირვალობა-საქართველო“.

ორგანიზაციის შეფასებით, აშკარაა, რომ კომუნიკაციების კომისია ამ გზით, ისედაც მძიმე ფინანსურ პირობებში მყოფი ტელევიზიების პარალიზებას ცდილობს.

„კომისიას მათთვის მაუწყებლობის ლიცენზიის შეჩერების უფლებამოსილებაც აქვს, რაც განსაკუთრებით საგანგაშოა.

მართალია, კომისიამ პარალელურად მონიტორინგის რეჟიმში პროსამთავრობო არხებიც – „იმედი“, „პოსტვ“, „რუსთავი 2“ – მოაქცია, თუმცა პროცესებზე დაკვირვება ტოვებს განცდას, რომ აღნიშნულს მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს და დაინტერესებული მხარეებისთვის ობიექტური დამკვირვებლისა და არბიტრის როლის ჩვენებას ემსახურება.

იმთავითვე ნათელი იყო, რომ კომისიის მიზანი მხოლოდ კრიტიკული მედიების დასჯა და ფინანსური ჯარიმების გზით მათი დასუსტება ან/და დახურვა იყო“- წერს გამჭვირვალობა-საქართველო.

ორგანიზაციის შეფასებით, კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს შინაარსობრივი მონიტორინგის დაწყებით მას შემდეგ დაემუქრა, რაც 2026 წლის 24 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა პროსამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზიები – „იმედი“ და „პოსტ ტვ“ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შესახებ განზრახ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისა და რუსული დეზინფორმაციის მხარდაჭერისთვის დაასანქცირა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, კომუნიკაციების კომისია მაუწყებლებს, როგორც წესი, მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევას, ასევე ამბების პირადი  დამოკიდებულებისა და მოსაზრების საფუძველზე გაშუქებას ედავება.

კომისიის მიერ კრიტიკული ტელევიზიებისთვის აკრძალულ სიტყვებსა და ფრაზებს შორისაა: „რეჟიმი“, „სინდისის პატიმრები“, „ოლიგარქი“, „ცრუ მოწმე პოლიციელები“, „პოლიტიკური პატიმრები“, „პოლიტიკური ტყვეები“, „რეპრესიული პოლიტიკა“, „ივანიშვილის პრემიერი“, „ე.წ. განათლების რეფორმა“, „ქართული ოცნების პოლიცია“, „უკანონო პატიმრობა“, „სქროლვა-სქრინვის სამმართველო“, „ოცნების ხელისუფლება“, „რეპრესიული კანონები“, „რეჟიმის სასამართლო“, „ივანიშვილის პრეზიდენტი“, „ოცნების სუსი“, „სასამართლო კლანი“ და ა.შ.

გარდა კონკრეტული სიტყვებისა და ფრაზების აკრძალვისა, კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს ამბების მშრალად, შეფასებისა და ანალიზისგან სრულად დაცლილად გაშუქებას სთხოვს. მაგალითად, მოხსენებითი ბარათების მიხედვით, კომისია დაუშვებლად მიიჩნევს ჟურნალისტებისა და წამყვანების შემდეგ ტექსტებსაც:

„სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ახალი ეტაპი და კანონის ჩანაცვლება ქუჩის წესრიგით. ქართული ოცნება ეგრეთწოდებული მორალის პოლიციის ჩამოყალიბებას იწყებს. არაფორმალურ დანაყოფს MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილი  უხელმძღვანელებს. ჩეჩნური ტიპის რაზმი მყისიერი რეაგირებით ემუქრება ყველას, ვინც მათი  შეფასებით სიწმინდეებს, რელიგიას წინაპრებს და ისტორიას შეურაცხყოფს“.

„არაფორმალური დანაყოფის ხელმძღვანელმა პრაქტიკულად ძალადობა კამერების წინ დააანონსა.

ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი ჯგუფის სიწმინდეების რელიგიის და ისტორიის შეურაცხყოფაზე მყისიერ რეაგირებას გეგმავს. ეს იდეა კი თურმე ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის შემდეგ გაუჩნდა. რეალურად ოცნებამ ჩეჩნური მოდელი დააკოპირა, სადაც სპორტსმენებს ოფიციალურ მანდატს ანიჭებენ და ძალადობის ნებას რთავენ. მმართველი გუნდი და მისი მხარდაჭერილი ძალები თავად გადაწყვეტენ, ვინ, რა ფორმით დასაჯონ და როგორ ჩაახშონ კრიტიკული ხმა“.

„პოლიციამ აქტივისტებზე ნადირობა გვიან ღამით დაიწყო. ჯერ დააკავეს თორნიკე თოშხუა. კაცი, რომელმაც ციხე რამდენიმე კვირის წინ დატოვა, ქუჩის გამოკითხვას ატარებდა, თუმცა, პოლიციას ნერვებმა უმტყუნა და რამდენიმე წამში დააკავეს, რამაც დიდი სოლიდარობა გამოიწვია და რამდენიმე წუთში საკრებულოსთან ათობით ახალგაზრდა გაჩნდა“.

„ოცნებას ვაშინგტონშიც პრორუსი პოლიტიკოსი ეიმედება. პროპაგანდა ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის აღდგენად ასაღებს ოლიგარქის დეპუტატების ვაშინგტონში ვიზიტს. რეალურად კი მათი მასპინძელი კონსპიროლოგი უკრაინის წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკოსია, კრემლთან მჭიდრო კავშირებით“.

„ივანიშვილის ხელისუფლება ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების გზას უხშობს და დეზინფორმაციას კიდევ უფრო აძლიერებს, რომ საკუთარი დანაშაული ისევ ევროპას გადააბრალოს. ქართული ოცნების წარმომადგენლები ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ ეს შედეგი ევროპის ორმაგი მიდგომების გამო დადგა და არა მათი პოლიტიკის გამო, რაც ცხადად ფასდება, როგორც დემოკრატიისგან და ევროპული ღირებულებებისგან გადახვევა. ამ დეზინფორმაციისთვის რეჟიმს ძალისხმევის გაძლიერება კიდევ უფრო სჭირდება იმ ფონზე, როცა უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები უკვე რეალურად იხსნება… “.

„… ამ შეძახილებსაც კი ირანის პარლამენტში ირაკლი კობახიძე უპრობლემოდ ისმენდა და ტერორისტების გვერდითაც იდგა“ და სხვა.

კომუნიკაციების კომისია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების მხრიდან ამ სიტყვებისა და ფრაზების გამოყენება „ორგანოების/ინსტიტუციების საქმიანობის მიმართ მაუწყებლის მოსაზრებისა და პირადი დამოკიდებულების გამოხატვას წარმოადგენს. ამდენად, სახეზეა, მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება, რითაც ადგილი აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევას“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საგანგაშოა კომუნიკაციების კომისიის ხელში მაუწყებლების შინაარსობრივი რეგულირების ბერკეტის არსებობა და აღნიშნულის საფუძველზე, მათთვის ფინანსური სანქციების დაწესებისა და ლიცენზიის შეჩერების უფლების მინიჭება.

„მით უფრო, როდესაც საქართველოში მყარად დამკვიდრებული და აშკარად გამოკვეთილი სახელმწიფოს მიტაცების ფონზე, წლებია, კომისია „ქართული ოცნებისადმი“ ლოიალური და მასთან დაკავშირებული კომისიონერებით არის დაკომპლექტებული (კომუნიკაციების კომისიის წევრების შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს) და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით არაერთი კითხვის ნიშანი არსებობს მმართველი გუნდის ინტერესების გატარებისა და მიკერძოების თვალსაზრისით.

კომუნიკაციების კომისია არ უნდა ოპერირებდეს ცენზორის პოზიციიდან და ის არ უნდა იყოს გამოყენებული კრიტიკული მაუწყებლების დასჯის მექანიზმად. ხოლო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, სადავო საკითხები თვითრეგულირების მექანიზმების ფარგლებში უნდა იხილებოდეს.

სწორედ ამ უკანასკნელის წახალისება და ხელშეწყობა უნდა იყოს კომუნიკაციების კომისიის მთავარი მიზანიც და არა „ქართული ოცნების“ ინტერესების სამსახურში ჩადგომა და მაუწყებლების დასჯა მმართველი პარტიის წარმომადგენლების კრიტიკისა და მხილებისთვის“ – წერს ორგანიზაცია.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 ოქტომბრის 21 საათიდან 10 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
    ღამით: 9 – 14 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
    ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება. ზღვის წყლის ტემპერატურა +23 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 11-12 ოქტომბერს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. 

________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ბებია მოზარდ გოგოს თანასოფლელ კაცზე გათხოვებას აიძულებდა, ის დააკავეს – შსს

შს სამინისტრო ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების თანახმად, ბებია მოზარდ გოგოს თანასოფლელ კაცზე გათხოვებას აიძულებდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულა ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელ მამაკაცს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამნაშავე ქალი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბებიის დაკავებაზე ანალოგიური ბრალდებით და უცვლელი ტექსტით შს სამინისტრო ინფორმაცია 28 სექტემბერსაც გაავრცელა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 9 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 9 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 549 490 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 710. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 402 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 25 509 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 50 950 ერთეული [+67]
  • MLRS – 2 199 ერთეული [+5]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 693 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 443 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 555 335 ერთეული [+1 757]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 908 ერთეული [+18]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 160 412 ერთეული [+617]
  • სპეცტექნიკა – 4 810 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 126 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთის თავდასხმა ავტობუსებზე კრამატორსკში – დაიღუპა 30 ადამიანი

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმის სანაპიროზე მერიამ კიდევ ერთი ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვა გასცა

შპს „სიფერლი“ ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, #27 -ში, სანაპიროსთან ახლოს 47- სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გეგმავს.

კომპანიას უკვე დაწყებული აქვს ამ ადგილას მდებარე, გამოსყიდული ორსართულიანის სახლების დემონტაჟი. სამშენებლო ფართობი 1640 კვ.მეტრია.

მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, გასულ წელს დამტკიცებული განაშენიანების დეტალური გეგმის საფუძველზე, 2026 წლის 15 ივლისს გასცა. დამტკიცებული გენგეგმა აქ 3 ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს, თუმცა აქ ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვაა გაცემული.

მომიჯნავე ტერიტორიაზე კი კიდევ სამი ცათამბჯენის მშენებლობის განაშენიანების დეტალური გეგმა აქვს საკრებულოს დამტკიცებული და ამაზე „ბათუმელები“ ადრეც წერდა.

რენდერები განაშენიანების დეტალური გეგმებიდან, რომლებიც აჩვენებს, რა მასშტაბის მშენებლობას გეგმავდნენ კომპანიები
მონიშნულია ცათამბჯენის მშენებლობის ადგილი, რომლის მშენებლობის ნებართვაც გიორგი ცინცაძემ 2026 წლის ივლისში გასცა

შპს „სიფერლი“ მედეა ბოჭორიშვილმა დააფუძნა. ის „ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებლის, გია ბიწაძის მეუღლეა. თავად დამფუძნებელი გია ბიწაძე და „ალიანს ჯგუფთან“ დაკავშირებული სხვადასხვა კომპანიის დირექტორებიც „ოცნების“ მხარდამჭერები და შემწირველები არიან.

იგივე მისამართზე შპს „სიფერლის“ მიერ მერიაში წარდგენილი განაშენიანების გეგმის კონცეფციის მიხედვით, რომელიც საკრებულომ დაამტკიცა, გეგმარებითი ერთეული საერთო ჯამში მიწის 13 ნაკვეთს აერთიანებს 14 ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლით. ფართობი სულ 7300 კვ.მეტრია. დოკუმენტი საკრებულომ 2025 წელს დაამტკიცა.

მონიშნულია მიწის ნაკვეთი, სადაც შპს „სიფერლი“ სამი 60-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს, თუმცა, სამშენებლო ნებართვის მიხედვით, პირველი ცათამბჯენი 47-სართულიანი უნდა იყოს.
მშენებლობის ადგილი

კონცეფციის მიხედვით, რომელიც მერიას წარუდგინეს, გეგმარებით ერთეულში მოქცეული მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ განვითარებისთვის დაგეგმილი იყო ქალაქმშენებლობის პარამეტრების ცვლილება, მათ შორის განაშენიანების ინტენსივობის კ2-კოეფიციენტის გაზრდა დადგენილი 2,5-დან 17,0-მდე.

სამშენებლო მიწის ნაკვეთებს სამხრეთის მხრიდან ესაზღვრება თამარ მეფის გამზირი, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან – სამეზობლო მიწის ნაკვეთები, ხოლო ჩრდილოეთით – სანაპირო ზოლი და შავი ზღვა.

ამ დროისთვის შეთანხმებული პროექტის შესაბამისად ჯერ დაგეგმილია ერთი შენობის მშენებლობა, რომლის სიმაღლეც 166 მეტრი იქნება.

მშენებელ კომპანიას მერიამ კ2 კოეფიციენტის გადამეტების სანაცვლოდ ე.წ. მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით კოეფიციენტის გაზრდის შედეგად მიღებულ ნამატ ფართობში დაგეგმილი ბინების 10 პროცენტის მერიისთვის გადაცემა ან შესაბამისი ფასის გადახდა დაავალა ბიუჯეტის სასარგებლოდ, როგორც ეს კანონით არის დადგენილი.

გარდა ამისა, სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით, დამატებით მაკომპენსირებელ ღონისძიებად კომპანიას განუსაზღვრეს დაგეგმილი პროექტის გასწვრივ გზის გაფართოებისათვის საჭირო ხარჯის ანაზღაურება ბიუჯეტის სასარგებლოდ ან შესაბამისი შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა და ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა.

ამ თემაზე ვრცლად:

თამარის დასახლებაში 6 ცათამბჯენის აშენებას გეგმავენ „ოცნების“ დეპუტატები და მათი პარტნიორები

18-18 წელი მიუსაჯეს ბათუმში მამა-შვილს – გონიოს ხიდზე მკვლელობის მცდელობის საქმე

8 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მამა-შვილს, ბადრი და როლანდ უნანოვებს.

სასამართლოს განაჩენის მიხედვით, მათ განზრახ მკვლელობა სცადეს.

განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 8 ოქტომბერს გამოცხადდა ადვოკატების დასკვნითი სიტყვის და ბრალდებულების ხმაურიანი, საბოლოო სიტყვების მოსმენის შემდეგ.

საუბარია 2025 წლის 10 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე: პროკურატურის ვერსიით, მამა-შვილმა, შურისძიების მიზნით, დაზარალებულად მიჩნეული პირი ავტომანქანაში ჩაისვეს და მდინარე ჭოროხზე, გონიოს გაუქმებული ხიდიდან დღის საათებში გადააგდეს.

2025 წლის 10 დეკემბრიდან დღემდე სტანისლავ სუხარევი, რომელიც 40 წლისაა და გამოძიებამ დაზარალებულად მიიჩნია, არავის უნახავს. არც მისი ცხედარი უპოვია გამოძიებას.

პროკურატურის მტკიცებით, კაცი ბრალდებულმა მამა-შვილმა მოკლა.

გაუჩინარებული კაცის, სტანსილავ სუხარევის ყოფილ მეუღლეს – ინგა უზუნოვას პროკურატურის ვერსიის სჯერა. მან 2026 წლის 27 ივლისის სასამართლო სხდომის შემდეგ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მისი ყოფილი ქმარი, ვისთანაც საერთო 12 წლის შვილი ჰყავს, „ფულის გამო მდინარეში გადააგდეს, როგორც ქვა“. მისთვის უცნობია, რის გამო ჩაურიცხეს სტანისლავს ფული, რომლის დაბრუნებასაც სთხოვდნენ.

განაჩენის გამოცხადებამდე ადვოკატებმა მიხეილ მიქანაძემ და პაატა ბოლქვაძემ დღევანდელ სხდომაზე ბევრი ისაუბრეს იმაზე, რომ პროკურატურამ ამ საქმეზე უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა ვერ შეძლო.

მთავარი მტკიცებულება სტანისლავის დედის ჩვენება და ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერია, სადაც პროკურატურის ვერსიით ჩანს, რომ ბადრი უნანოვს თავისი „პრიუსით“ გონიოს ხიდისკენ მიჰყავს სტანისლავი.

„…დაზარალებულის დედამ თქვა, არ მახსოვს, რამდენი ადამიანი იყო მოსული ჩემს შვილთანო. შესაძლოა, ციფრები აგერიოს, მაგრამ ადამიანების რაოდენობა? მან თავდაპირველად თქვა, რომ სტანისლავთან მხოლოდ ბადრი იყო მისული, პროკურორის შეხსენების მერე კი, ახსენა მეორე ადამიანი, რომ თითქოს იქ როლანდიც [ბადრის შვილი] იყო მისული, მაგრამ საერთოდ არ მახსოვს, რას აკეთებდაო,“ – პროკურორს მიმართა ადვოკატმა მიხეილ მიქანაძემ.

პროკურატურის მტკიცებით, სტანისლავს 75 ლარი უნდა მიეცა ბადრი და როლანდ უნანოვებისთვის, რომლის გადახდაზეც იგი თანახმა იყო, მაგრამ მამა-შვილი 150 ლარს ითხოვდა. დასტურდება, რომ დაზარალებულად მიჩნეული კაცი და მსჯავრდებულები ერთად მუშაობდნენ სხვადასხვა მშენებლობაზე.

გამოძიების მტკიცებით, მას შემდეგ, რაც სტანისლავმა მამა-შვილს ფული არ გადაუხადა, უნანოვებმა სტანისლავს სახლში მიაკითხეს, სცემეს და შემდეგ წაიყვანეს გონიოს გაუქმებულ ხიდთან. პროკურატურის ვერსიით, კაცს ხელკეტი რამდენჯერმე ჩაარტყეს და მდინარეში გადააგდეს.

ადვოკატების ვერსიით: როლანდ უნანოვი [ახალგაზრდა მსჯავრდებული] საერთოდ „არაფერ შუაშია“, როგორც ამას ერთ-ერთ მიმოწერაში სტანისლავი თავად ახსენებს და ადასტურებს, რომ მას ბადრი უნანოვისთვის მართლაც აქვს მისაცემი 75 ლარი.

დაცვის მხარის ვერსიით, სტანისლავს სახლში „პრიუსით“ მხოლოდ ბადრი უნანოვმა მიაკითხა, გამოართვა თავისი 75 ლარი და შემდეგ თავის გზაზე წავიდა, სტანისლავის გაუჩინარება კი მამა-შვილს არ უკავშირდება.

„შურისძიება ამოძრავებდაო, როცა აცხადებს ბატონი პროკურორი, რა იყო მოტივი? თანხა ჰქონდა მისაცემი 75 ლარიო, მაგრამ როგორც ირკვევა მარიხუანას გამო და დედამისმა დაადასტურა, მე გადავიხადე ეს ფულიო. მეტი რა მოტივი უნდა ჰქონოდა მამა-შვილს, რომ კაცი ხიდიდან მდინარეში გადაეგდოთ?“ – მოსამართლეს გახედა ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ.

„75 ლარს რომ ახსენებთ, იქ 150 ლარიც ახსენეთ. ის ჩანაწერი გრძელდება და ამბობს დაზარალებული, რომ მას რატომღაც 150-ს სთხოვდნენ,“ – ადვოკატებს უპასუხა პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ.

ადვოკატებმა კიდევ ერთ დამაეჭვებელ გარემოებას გაუსვეს ხაზი – პოლიციის განყოფილებაში, სადაც თავდაპირველად მამა-შვილი მიიყვანეს, დაზარალებულის დედამ ვერ თქვა, რომ ხედავდა იმ ადამიანებს, ვინც მის შვილს მიაკითხეს სახლში და „სახლიდან ცემით წაიყვანეს“.

„მან ფოტოსურათით ამოიცნო ბრალდებულები,“ – მოკლე რეპლიკით შემოიფარგლა პროკურორი პაატა ცეცხლაძე.

„ეს ამოცნობა შედგა შემდეგ, მანამდე კი ერთ ოთახში იყვნენ დაზარალებულის დედა, ბრალდებულები და ვერ თქვა, რომ ეს ადამიანები არიანო: შეიძლება იყვნენ, შეიძლება -არაო.

დაზარალებულს სჯერა გამოძიების, უნდა, რომ ვინმე დაისაჯოს და ამიტომ მხარი დაუჭირა პროკურატურის ვერსიას,“ – ხანდაზმულ ბადრი უნანოვს ადვოკატის ნათქვამი მოეწონა და გისოსებით გამოყოფილ სივრცეში ხან მარჯვენა მხარეს ჩამოეყრდნო გისოსებს, ხან – მოსამართლის მხარეს გადაინაცვლა. ახალგაზრდა ბრალდებული ამ დროს გაუნძრევლად იჯდა. იგი დროდადრო თუ გადმოხედავდა პროკურორს.

„არანაირად არ მომხდარა იმის იდენტიფიცირება, რომ სწორედ დაზარალებულად მიჩნეული პირი ჩააგდეს მდინარეში,“ – კიდევ ერთ საეჭვო გარემოებას ჩაეჭიდა ადვოკატი მიხეილ მიქანაძე. საქმის მასალების მიხედვით, 112-ზე თავდაპირველად ერთ კაცს დაურეკავს: მდინარის პირას ვიყავი, როცა დავინახე კაცი მდინარეში ჩავარდნის ხმაო…

მდინარეში ჩაგდებული კაცი მაშველებმა რამდენიმე დღე ეძებეს, მაგრამ ცხედარს ვერსად მიაგნეს.

ვიდეო-სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში ფიქსირდება, რომ ბადრი უნანოვი თავისი კუთვნილი „პრიუსით“ მართლაც აკითხავს სტანისლავს სახლში დეკემბრის იმ დილას, როცა სტანისლავი გაუჩინარდა.

„მე კი არა, ექსპერტიზამაც ვერ დაადასტურა, რომ „პრიუსი“ ნამდვილად ბადრი უნანოვს ეკუთვნის, რომელიც მიდის გონიოს ხიდისკენ… ვერც იმის ამოცნობაა შესაძლებელი, ვინ უზის ბადრი უნანოვს გვერდით,“ – კადრების გარჩევადობის პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ.

დაცვის მხარის ვერსიით, „პრიუსში“ ბადრი უნანოვს შვილი კი არა, მისთვის უცნობი თურქი მგზავრი ეჯდა, რომელსაც კონკრეტული თანხის სანაცვლოდ მოემსახურა, როგორც ტაქსი.

პაატა ბოლქვაძის კიდევ ერთი აქცენტი სატელეფონო ანძის ჩანაწერებია, რომლის მიხედვითაც, მკვლელობის მცდელობის ჩადენის სავარაუდო დროს, მამა-შვილი ფიზიკურად ერთად არ იყო.

„ხიდზე ასევე არავითარი დნმ-ის კვალი არაა ამოსული. მოკვლა რომ სდომოდათ, ამ ადგილიდან რატომ გადააგდებდნენ? ამაზე უფრო დიდი სიმაღლიდან ბავშვობაში მეც ვხტებოდი…“- დაასრულა ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ.

„მგონი, აქამდე სხვა პროცესზე იჯდა ეს ადვოკატი,“ – რეპლიკით ისარგებლა ისევ პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ.

„დაზარალებულის დედის ჩვენებაზე როცა საუბრობთ, ამ ქალს იმ თვეში ალბათ საერთოდ არ უძინია, რაღაც რიცხვები აერიაო… დაზარალებულის დედამ ილაპარაკა ამ სხდომაზე, რომ ნამდვილად ამ ორმა ადამიანმა სცემა მის შვილს სახლში და წაიყვანეს სახლიდან, წაათრიესო, ასე თქვა და მას შემდეგ ჩემი შვილი აღარ მინახავსო.

იგი ახლაც ელოდება თავის შვილს და თავშესაფარშია 80 წლის ქალი.

ასეთი ხიდიდან გადაგდებულს რა მოკლავდაო, ადვოკატი ამბობს. ხელკეტს რომ რამდენჯერმე ჩაარტყამ ადამიანს და ჩააგდებ 8 მეტრი სიმაღლის ხიდიდან 75 ლარის გულისთვის, ეს დასტურდება,“ – ხმას აუწია პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ.

„გთხოვთ, ემოციები დაიოკეთ,“ – პროკურორს გამოხედა ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ.

„ემოციები კი არა, ბადრი უნანოვმა თავად დაადასტურა, კი, ვიყავი იმ დღეს ჭოროხზე, ნაგავი გადავყარეო, გასაგებია, რასაც გულისხმობს „ნაგავში“, – ადვოკატს ისევ მიუბრუნდა პროკურორი.

„ვეთანხმები ადვოკატებს, თავს უდანაშაულოდ მივიჩნევ“, – ფეხზე წამოდგა და მხოლოდ ერთი წინადადების თქმა ამჯობინა როლანდ უნანოვმა და ისევ ბრალდებულის სკამზე ჩამოჯდა.

„მე ომის მონაწილე ვარ, ავღანეთის ომში ვიყავი, ჩემი შვილი კი აგვისტოს ომის მონაწილეა, მოდი, დამიდექი გვერდით“, – შვილს წამოდგომა სთხოვა ბადრი უნანოვმა და მოსამართლეს თავდაპირველად საკუთარი გვარის შესახებ უთხრა, სვანები ვართო, შემდეგ კი, დასძინა, პენსიონერი ვარ, მხატვარ-რესტავრატორი და ბევრს სახლზე მიმუშავიაო.

ბრალდებული არ ფარავდა ღელვას და გისოსებიდან ხშირად ხელებით მიმართავდა მოსამართლეს:

„არ წამიყვანია მე [დაზარალებული], მე ავიღე ჩემი ფული მისგან და შემდეგ წავიყვანე ის თურქი… ჩემი შვილი საერთოდ არ იყო იმ დღეს ჩემთან ერთად, იგი სასწავლებელს ასრულებდა, როცა გავიგე, გაიქცა საომრადო, თქვენსავით კი არ იმალებოდა…

აჭარაში სისტემა გაფუჭებულია, გაფუჭებულია პოლიცია, პროკურატურა, წამალს თვითონ ყიდიან, ვითომ ნარკოტიკს იღებენ და ამ დროს ნარკოტიკის განადგურების კადრებს არასდროს გვაჩვენებენ. ბარიგები ხართ,“ – პროკურორს მიმართა ბრალდებულმა.

პროკურორმა ისევ ვერ დამალა აღშფოთება. მოსამართლემ პროკურორს შენიშვნა მისცა და შემდეგ ბრალდებულსაც:

„საბოლოო სიტყვას რადგან ამბობთ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ყველაფრის თქმის უფლება გაქვთ?“ – თქვა მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა.

ბადრი უნანოვი შვილს მიუჯდა გვერდით და გაჩუმდა.

საბოლოო სიტყვის მოსმენის შემდეგ მოსამართლე სათათბიროდ გავიდა, იქიდან დაბრუნებულს კი, არაფერი განუმარტავს – მხოლოდ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და მდუმარე დარბაზი მალე დატოვა.

ამ თემაზე:

„გაუქმებულ ხიდთან მიიყვანეს და ჭოროხში გადააგდეს“ – მკვლელობის საქმე ბათუმის სასამართლოში

„ნუ დამინგრევთ ოჯახს“ – 3 შვილის დედა სახელმწიფოს სთხოვს მის მეუღლეს მისცენ ბინადრობის უფლება

ბათუმში მცხოვრები სამი შვილის დედა სახელმწიფოს სთხოვს, რომ ოჯახი არ დაუნგრიოს.

სამი შვილის დედა იამზე ბოლქვაძე, საქართველოს მოქალაქეა. ის თურქეთის მოქალაქეზეა დაქორწინებული. წყვილს ქორწინებაში სამი შვილი –  12 წლის ბიჭი, 7 და 5 წლის გოგოები ჰყავთ.

იამზეს მეუღლეს, აღით ჩელიქს თურქეთ-საქართველოს საზღვარი ბოლოს 2017 წლის 28 სექტემბერს აქვს გადმოკვეთილი.

იამზეს მეუღლე წლების განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან საქართველოში ბინადრობის უფლებას. მიუხედავად იმისა, რომ იამზესა და აღითის სამივე შვილი საქართველოშია დაბადებული, საქართველოს მოქალაქეები არიან, აღით ჩელიქს საქართველოში ბინადრობის უფლება ამ დრომდე არ აქვს.

„ჩემი მეუღლე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში 2017 წლიდან. მცირეწლოვანი ბავშვები გვყავდა, მე ფიზიკურად არ შემიძლია, ამიტომ მარტო ჩემი მეუღლე მუშაობდა. არაერთხელ მივედით იუსტიციაში, გვინდოდა საქართველოში ცხოვრების კანონიერი ბინადრობა გაგვეკეთებინა. ყოველ მისვლაზე უარი გვითხრეს.

მიზეზად გვეუბნებიან, რომ საზღვრის კვეთა სჭირდებათ. ჩემი მეუღლე, საზღვარს ვერ კვეთდა, რადგან პატარა ბავშვები გვყავს, ერთადერთი მარჩენალი მეუღლე იყო აქამდე, ბინის ქირა, კვება, ჯანმრთელობის დაცვა – ყველაფერი ჩემი მეუღლის კისერზე იყო და ვერ მიდიოდა ამიტომ საქართველოდან.

ახლა ისეთი კანონი გამოვიდა, რომ ჩემი მეუღლე ორი თვეა უმუშევარია. ვერსად ვეღარ მუშაობს, გვეშინია არ წაიყვანონ, ქვეყნიდან არ გააძევონ – მერე სამი ან ხუთი წელი ქვეყანაში ვერ შემოვა. ჩვენ ვერ მივდივართ თურქეთში, ბავშვები აქ დადიან სკოლაში, ბაღში, აქ გვაქვს ყველაფერი, თურქეთში ვერ წავალთ.  გვინდა, რომ ჩემს მეუღლეს მისცენ ბინადრობის უფლება და ვიცხოვროთ აქ, საქართველოში,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ იამზე ბოლქვაძე.

„ახლა გვთხოვენ საზღვრის კვეთის დაფიქსირებას. მაგრამ საზღვარი რომ გადაკვეთოს, აღარ შემოუშვებენ უკან და სამი შვილით დავრჩები მარტო, ქუჩაში. ან ქირა როგორ გადავიხადო, ან ბავშვები როგორ გამოვკვებო, ან როგორ უნდა ვიცხოვრო?

ანდაც ბავშვები როგორ გაძლებენ უმამოდ? ჩემი შვილები მიჯაჭვული არიან მამაზე. ჩემი უმცროსი გოგო მამამისის გარეშე არ იძინებს. ემოციურად როგორ უნდა გაუძლოს ბავშვმა ამ ყველაფერს?

პირველი შვილი რომ შემეძინა, თითქმის ერთი წელი საავადმყოფოში მყავდა, ძლივს გადამირჩინეს. მეორე შვილი რომ შემეძინა, მასაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. წლების განმავლობაში ჩემი მეუღლე მუხლჩაუხრელად მუშაობდა, რომ ოჯახი ერჩინა. სულ პრობლემები გვქონდა, ამიტომ ვერ გადავიდა საზღვარზე,“ – გვიხსნის იამზე ბოლქვაძე მის ოჯახში არსებულ სიტუაციას და მიზეზს, რატომ ვერ გადაკვეთა ამ დრომდე მისმა მეუღლემ საზღვარი.

მე ვერ ვახერხებ მუშაობას, ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს. ახლა უკვე ქირაც გადასახდელი გვაქვს, კომუნალურიც გადასახდელი გვაქვს, რა გავაკეთო არ ვიცი. ვის მივმართო უკვე აღარ ვიცი. იქნებ დაგვეხმაროს ვინმე და მისცენ ჩემს მეუღლეს ბინადრობის უფლება. ნუ დამინგრევენ ოჯახს,“ – ამბობს იამზე ბოლქვაძე.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. გვაინტერესებდა, არსებულ სიტუაციაში, რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ, რომ სამი შვილის დედა, არ დარჩეს მეუღლის გარეშე და მრავალგზის მოთხოვნილი ქვეყანაში ბინადრობის უფლება, მიიღოს მისმა მეუღლემ.

სსგს-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პირის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია პერსონალური მონაცემია და მისი მესამე პირზე, მათ შორის მედიაზე გაცემა შეუძლებელია.

2026 წლის პირველი სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვა განსხვავებულად რეგულირდება.

მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: განცხადება, უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი, საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოს მოქალაქესთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2026 წლის სექტემბრამდეც არაერთგზის მიმართა იამზე ბოლქვაძემ და მისმა მეუღლემ იუსტიციის სახლს, თუმცა იამზეს თქმით, „იმის გამო, რომ საზღვრის კვეთის დოკუმენტს ითხოვდნენ, იუსტიციაში საბუთებიც არ ჩაიბარეს“.

___

ამავე თემაზე

რატომ გააძევეს აუტისტური სპექტრის მქონე 7 წლის ალექსის მამა ქვეყნიდან – „ბავშვი ძალიან განიცდის“

ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დანიშნეს

ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დანიშნეს. ინფორმაცია „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მამუკა კახიძე ბათუმის პოლიციის უფროსად დანიშვნამდე ხელვაჩაურის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

ბათუმის პოლიციის უფროსი 2025 წლის სექტემბრიდან მამუკა ჩელებაძე იყო. „მამუკა ჩელებაძე განაგრძობს შსს-ში მუშაობას“ – გვითხრეს სამინისტროში.

ჩელებაძე ბათუმის პოლიციის უფროსად მას შემდეგ დანიშნეს, რაც მოძალადე პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე თბილისში გადაიყვანეს.

ამ თემაზე:

ცემა, ფურთხება და გინება – რა მუხლით დაიწყო გამოძიება ირაკლი დგებუაძის საქმეზე

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა თაროზე შემოდო ბათუმში ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე

მოსამართლე ნინო სახელაშვილს ჯერ კიდევ არ დაუწყია 12 წლის მოზარდის საქმის არსებითი განხილვა, რომელსაც ცეკვის მასწავლებელმა სცემა.

მასწავლებელს 2 წლის წინ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ის არ დაუკავებიათ. ამის შემდეგ საქმე ნინო სახელაშვილს გადაეცა განსახილველად, თუმცა მას ეს საქმე დღემდე თაროზე აქვს შემოდებული [ასე ამბობენ ხოლმე წლობით გაჭიანურებულ საქმეებზე].

როგორც ბავშვის მამა, გოჩა მელაძე აცხადებს, ცეკვის მასწავლებელი თავის საქმიანობას აგრძელებს.

გოჩა მელაძის ინფორმაციით, ადვოკატი პერიოდულად ეხმიანება მოსამართლის თანაშემწეს კითხვით, როდის დაიწყებს მოსამართლე საქმის არსებით განხილვას. ის კი სხვადასხვა მიზეზს ასახლებს: „ხან ბევრი საქმე აწერიაო, ახლახან ქორწილი ჰქონია მოსამართლეს და არ ეცალა“.

როგორც ჩანს, მოსამართლე ნინო სახელაშვილისთვის ბავშვის უფლებების დაცვა პრიორიტეტი არ არის, ამიტომაც 12 წლის მოზარდის საქმე უკვე 2 წელია თაროზე შემოდო.

12 წლის მოზარდს ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ცეკვის მასწავლებელმა სცემა. ერთი გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელმა ბავშვზე არაერთხელ იძალადა, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ფაქტს სხვა ბავშვებიც ესწრებოდნენ. ეს ყველაფერი სავარჯიშო დარბაზში დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირა.

მომხდარის შემდეგ მასწავლებელი სამსახურიდან დაითხოვეს, რის შემდეგაც მან დირექტორს უთხრა, რომ ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გაასაჩივრებდა.

ბავშვზე ძალადობის ფაქტზე „ბათუმელებმა“ სტატია 2024 წლის 9 ოქტომბერს გამოაქვეყნა,  [გამოვაქვეყნეთ ძალადობის ამსახველი ვიდეოც] 10 ოქტომბერს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც წერდნენ, რომ  წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

„მოქალაქეებს ტროტუარზე დგომისთვის სჯიან, მასწავლებელი კი ბავშვზე ძალადობისთვის არ დასჯილა“, – აცხადებს გოჩა მელაძე.

__

ამავე თემაზე:

 

ბათუმში ცეკვის მასწავლებელმა ბავშვს სცემა – დაწყებულია გამოძიება | ვიდეო

 

რატომ არ მისცეს ადვოკატს საშუალება პატიმართან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერები გამოეტანა – პენიტენციური საიას პასუხობს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ორგანიზაციის ადვოკატს საქმიანობაში ხელი შეეშალა.

განცხადება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გუშინ, 7 ოქტომბერს გაავრცელა, პენიტენციურმა სამსახურმა მას დღეს, 8 ოქტომბერს უპასუხა განცხადებით.

7 ოქტომბერს, საიას ადვოკატი უფლებადაცვითი საქმიანობის ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა პატიმარ გიორგი დავითაძესთან, რომელიც პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

საიას ცნობით, პატიმართან შეხვედრის დასრულების შემდეგ, დაწესებულების დატოვებისას, ადვოკატს არ მისცეს პატიმართან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიუთითებს კანონმდებლობაზე და წერს, რომ მართალია, ადვოკატს აქვს უფლება ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრის შემდგომ დაწესებულებიდან გამოიტანოს სხვადასხვა სახის ჩანაწერი, მაგრამ დასაბუთებული ვარაუდის შემთხვევაში პენიტენციური სამსახურის მოსამსახურე უფლებამოსილია გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს.

პენიტენციური არაფერს წერს განცხადებაში იმაზე, რომ ადვოკატს, როგორც საია აცხადებს, ფიზიკურად არ მისცეს ჩანაწერების სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან გატანის უფლება და იგი, ადვოკატისვე თქმით, იძულებული გახდა ჩანაწერები დაეხია.

„პენიტენციური კოდექსის 115-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. პენიტენციური დაწესებულების მიერ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე მიღებული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე, ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილის ადრესატისთვის გაგზავნას, უზრუნველყოფს დაწესებულება. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია მოწმდება.

შემოწმება მოიცავს კორესპონდენციის ვიზუალურ დათვალიერებას მისი შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო, უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე უფლებამოსილია, გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და, საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა.

პენიტენციური კოდექსის 95-ე მუხლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს შეუზღუდავად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე შეხვდეს თავის ადვოკატს, რომელიც ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ საადვოკატო საქმიანობას. საკანონმდებლო აქტის არცერთი ნორმა არ განსაზღვრავს ადვოკატის უფლებას, ბრალდებულთან/ მსჯავრდებულთან შეხვედრის შემდგომ დაწესებულებიდან გამოიტანოს სხვადასხვა სახის ჩანაწერი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის შემთხვევაში არის პენიტენციური სამსახურის მოსამსახურე უფლებამოსილი გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური, როგორც ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ასევე, თითოეულ ადვოკატს აძლევს შესაძლებლობას, დაწესებულების მეშვეობით მოხდეს კორესპონდენციის გაგზავნა, შესაბამისი წესით. ყველა ამ ნორმის შესახებ ინფორმირებულია ყველა მოქმედი ადვოკატი. შესაბამისად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებული განცხადება საქმიანობაში ხელისშეშლასთან საფუძველს მოკლებულია“ – წერს უწყება.

საია საქართველოს სახალხო დამცველისგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს შემთხვევა, როგორც უფლებადაცვითი ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელების, ისე პატიმრის სამართლებრივი დახმარებისა და კონფიდენციალური კომუნიკაციის გარანტიების დაცვის კუთხით და ყურადღება მიაქციოს პატიმრის უსაფრთხოებასა და შესაძლო ზეწოლის რისკებს.

ამავე დროს, ორგანიზაცია მიმართავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას – მოახდინოს დროული და ქმედითი რეაგირება ადვოკატის პროფესიული უფლებების დასაცავად და შესაბამისი ორგანოების წინაშე დააყენოს მსგავსი შეზღუდვების აღკვეთის საკითხი.

ასევე, საია მოითხოვს პროკურატურისგან, დაიწყოს გამოძიება და შეისწავლოს ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლის გარემოებები.

პატიმარი გიორგი დავითაძე ბადრაგებს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ამ თემაზე მან სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე განაცხადა და თქვა, რომ ფაქტი მოხდა დეესკალაციის ოთახში, სადაც კამერაა დამონტაჟებული. დავითაძემ განაცხადა, რომ  ექსპერტიზების მოთხოვნის შემდეგ მასზე წარმოუდგენელი ზეწოლა დაიწყო. იგი ამბობს, რომ სუიციდის მცდელობა ჰქონდა.

ფოტოზე: კადრი პენიტენციური სამსახურის გავრცელებული ვიდეოდან, რაზე დაყრდნობითაც პენიტენციური აცხადებს, რომ გიორგი დავითაძე ცრუობს, რომ მასზე სექსუალური ძალადობა მოხდა. ამავე დროს, ამავე კადრებზე დაყრდნობით კვალიფიციური უფლებადამცველები და იურისტები აცხადებენ, რომ ვიდეო არ გამორიცხავს სექსუალური ძალადობის ფაქტს პატიმარზე და აჩენს ბევრ კითხვას. 

აჭარის მთავრობის შენობას დაანგრევენ – სად გადავიდნენ სამინისტროები

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობა რომელიც ბათუმში, მამია კომახიძის ქუჩა N119-ში მდებარეობს, გამაგრებას არ ექვემდებარება და განიხილება ალტერნატიული ვარიანტები, მათ შორის იმავე ადგილზე ახალი შენების აშენება – უთხრეს „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურში. ეს ნიშნავს, რომ შენობას, რომელშიც აჭარის სამი სამინისტრო იყო განთავსებული, დიდი ალბათობით, დაანგრევენ.

ხუთსართულიანი შენობა, რომელშიც აჭარის ეკონომიკის, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები იყო, ამ დროისთვის დაცლილია.

ამავე მისამართზე ეზოში მდებარე ერთსართულიან შენობაში კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კანცელარიაა განთავსებული.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კანცელარია კომახიძის ქუჩაზე დასანგრევი კორპუსის უკანა ეზოში, ამ შენობაშია განთავსებული. 8.10.2026

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის აპარატი და სამინისტროს რამდენიმე დეპარტამენტი ბათუმის საფეხბურთო სტადიონის შენობაში გადავიდა, თანამშრომლების ნაწილი კი ონლაინ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

რაც შეეხება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, როგორც ადრე აცხადებდნენ, სამინისტრო ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სამშობიარო სახლის შენობაში გადავიდა. შეიცვალა სამინისტროს დებულებაც, რომლის მიხედვითაც „სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქალაქ ბათუმი, რუსთაველის ქუჩა №39/26 მაისის ქუჩა №3.“.

ეს შენობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და 2013 წლიდან იჯარით იყო გადაცემული „ბათუმის სამშობიარო სახლისთვის“. დღეისთვის შენობის მხოლოდ ნაწილს იყენებს შპს „სამშობიარო სახლი“ ამბულატორიული და საკონსულტაციო განყოფილებებისთვის.

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო კი, ბაქოს ქუჩაზე, „აგროსერვისცენტრის“ შენობაში განთავსდა. მისამართი ამ სამინისტროს დებულებაშიც შეცვალეს და ჩაწერეს, რომ „სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ბაქოს ქუჩა №18.“.

ამ თემაზე ვრცლად: სად გადადიან აჭარის სამინისტროები – შენობა ავარიულია და მას ცლიან

ახალი შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით და ასევე სამომავლოდ ამ ახალ შენობაში იგეგმება თუ არა აჭარის ყველა სამინისტროს განთავსება – ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გვაქვს.

ზემოთ აღნიშნული სამი სამინისტროს გარდა აჭარაში კიდევ ორი სამინისტროა.

განათლების სამინისტრო ისევ ლადო გუდიაშვილის ქუჩაზეა, ცალკე შენობაში.

აჭარის კულტურის სამინისტრო კი, მიმდინარე წლიდან ბათუმში ბაქოს ქუჩა N8-ში მდებარე შენობაშია განთავსებული. აქ 513 კვადრატული მეტრი ფართობი სამინისტროს ბათუმის მერიამ უსასყიდლო უზუფრუქტით გადასცა – სამინისტროს არსებობის ვადით.

სამინისტროსთვის აღნიშნული ფართობის გადაცემაზე ხელშეკრულება 2026 წლის 13 თებერვალსაა გაფორმებული.

რაც შეეხება მამია კომახიძის ქუჩაზე მდებარე მთავრობის შენობის ავარიულობას, ექსპერტიზამ დასკვნა 2026 წლის ივლისში მოამზადა.

სამშენებლო დგარებით შენობის დროებით გამაგრებაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 17 874 ლარი გადაიხადა უტენდეროდ – გადაუდებელი აუცილებლობით. ხელშეკრულება კომპანია „ანაგთან“ გაფორმდა.

ბათუმში კომახიძის ქუჩაზე აჭარის მთავრობის შენობა სამინისტროებისგან დაცალეს / ამ შენობას დაანგრევენ / ფოტო: 8.10.2026

აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობამ ახალი ადმინისტრაციული შენობის პროექტის მომზადებაში 8 წლის წინ 542 800 ლარი დახარჯა, თუმცა ეს პროექტი აღარ განუხორციელებია. ამ პროექტით, მაშინდელი გათვლებით ახალი შენობის ასაშენებლად 28 მილიონი ლარი იყო საჭირო.

პროექტში ნახევარ მილიონზე მეტი ლარი 2018 წელს გადაიხადეს აჭარის ბიუჯეტიდან. მაშინ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მშენებლობისთვის საჭირო თანხა არ ჰქონდათ.

სახელმწიფო აუდიტმა კი 2019 წელში განაცხადა, რომ ამ პროექტის ხარჯთაღრიცხვა [ანუ იმ თანხის ოდენობა რაც მშენებლობისთვისაა გათვლილი] მომდევნო პერიოდში რეალურ ფასებთან შედარებით უკვე შეუსაბამო იქნებოდა.

„ბაზარზე ფასების ცვლილების გათვალისწინებით, შემდგომში ამ პროექტის სახარჯთაღრიცხვო ნაწილის გამოყენება შესაძლოა არარელევანტური გახდეს“ – წერდა აუდიტი.

ამ თემაზე:

აჭარის მთავრობა ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენებას გეგმავს

 

რუსეთის თავდასხმა ავტობუსებზე კრამატორსკში – დაიღუპა 30 ადამიანი

8 ოქტომბერს, დილით, რუსულმა ძალებმა დონეცკის რეგიონში, კრამატორსკს შეუტიეს.

უკრაინული მედიის ცნობით, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად მინიმუმ 30 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. სამუშაოები ადგილზე გრძელდება.

თავდასხმის დროს ტრანსპორტს მგზავრებს გადაჰყავდა.

9 ოქტომბერი კრამატორსკში გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა, მათ შორის 5 ბავშვია – რუსეთის სარაკეტო თავდასხმა უკრაინაში

უკრაინაში, ქალაქ პრილუკიში საცხოვრებელ კორპუსზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, მათ შორის ხუთი ბავშვია.

რუსეთის სარაკეტო თავდასხმა ქალაქ პრილუკიში მდებარე საცხოვრებელ სახლზე 7 ოქტომბერს განხორციელდა. შენობა ჩამოინგრა და ნანგრევებში მოჰყვნენ სახლში მცხოვრები ადამიანები. მაშველები დილიდან მუშაობდნენ ადგილზე და მათ შეძლეს 15 ადამიანის გამოყვანა ნანგრევებიდან.

დღეს, 8 ოქტომბერს, დილით, უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ დილის მონაცემებით, დაღუპულია 22 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი. დაშავდა კიდევ 54 ადამიანი, მათ შორის შვიდი ბავშვი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 8 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 547 780 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 830. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 399 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 25 502 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 50 883 ერთეული [+47]
  • MLRS – 2 194 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 692 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 443 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 553 578 ერთეული [+1 702]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 890 ერთეული [+12]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 159 795 ერთეული [+667]
  • სპეცტექნიკა – 4 806 ერთეული [+6]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 126 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთის თავდასხმა ავტობუსებზე კრამატორსკში – დაიღუპა 30 ადამიანი

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ოზურგეთის სასამართლო შარშან მიღებულ განაჩენს პატიმარს ახლაც არ აბარებს

ოზურგეთის სასამართლო ამ დრომდე არ აბარებს განაჩენს პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს, რომელიც 9 თვეზე მეტია უკვე ციხეშია.

მსჯავრდებულ ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატი, ანა აკოფოვა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დღემდე ვერ იღებს პასუხს სასამართლოდან, რატომ არ ბარდება მსჯავრდებულს განაჩენი, რომ იგი გაასაჩივროს ზემდგომ ინსტანციაში. კანონის მოთხოვნაა, სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის მიღებიდან 14 დღეში განაჩენი მსჯავრდებულს ჩაბარდეს.

ლაშა ჩაჩანიძეს 8 წლით აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთა. მას ეს განაჩენი 2025 წლის 30 დეკემბერს მოსამართლე ია ბარამიძემ გამოუტანა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში. ია ბარამიძე ამ დროისთვის ოზურგეთში ერთადერთი მოსამართლეა.

რატომ არღვევს სასამართლო კანონით დადგენილ ვადას და არ აბარებს პატიმარს განაჩენს მისი მიღებიდან თითქმის 10 თვის განმავლობაში? – „ბათუმელები“ ოზურგეთის სასამართლოს დაუკავშირდა, თუმცა გვიპასუხეს, რომ ჩვენ, მედიასაშუალება არ წარმოვადგენთ პროცესის მონაწილე რომელიმე მხარეს და სასამართლო ინფორმაციას არ მოგვაწვდის.

ლაშა ჩაჩანიძის და კიდევ რამდენიმე პატიმრის ბადრაგების მიერ სავარაუდო ცემის საქმეზე გამოძიება პროკურატურამ გუშინ, 6 ოქტომბერს დაიწყო. ეს ის პატიმარია, რომელიც მე-6 დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს და გიორგი დავითაძეს შეძახილებით სოლიდარობა გამოუცხადა. ადვოკატი ანა აკოფოვა აცხადებს, რომ ჩაჩანიძეს 2 ოქტომბერს მე-6 დაწესებულებაში რეზინის ხელკეტებით სცემეს.

ადვოკატ ანა აკოფოვას თქმით, სასტიკად ნაცემი ლაშა ჩაჩანიძე კიდევ სამ ნაცემ მსჯავრდებულთან ერთად  მე-6 დაწესებულებიდან ბათუმის ციხეში დაუსაბუთებლად გადმოიყვანეს.

როდის და ვის გადასცემენ ბათუმში ბინებს გალიფ ოზთურქითვის ჩამორთმეულ კორპუსებში

2026 წლის იანვარში აჭარის მთავრობა უსახლკარო მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქისთვის ჩამორთმეულ კორპუსებში ბინებს გადასცემდა. ამ ბინების განაწილებისას მთავრობა ბათუმის მერიაში შესული განაცხადებით აპირებს იხელმძღვანელოს.

გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე აჭარის მთავრობაში განმარტეს, რომ ბინები „გალიფ ოზთურქის კორპუსებში“ ამ დროისთვის საცხოვრებლად გამოსაყენებლად მზად არ არის და შესაბამისი სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი უნდა გამოცხადდეს.

2026 წლის 7 ოქტომბერს, მერიიდან მოგვწერეს, რომ კორპუსების მდგრადობას სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო სწავლობს და მერია ამ ეტაპზე შესაბამის დასკვნას ელოდება. სავარაუდოდ ამის შემდეგ გამოაცხადებენ ტენდერს, რომლითაც უნდა შეისყიდონ კორპუსების საცხოვრებელ ბინებად გადაკეთების სამუშაოები.

ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს უკანონოდ აშენებული 7 კორპუსი მისი გასამართლების შემდეგ ჩამოართვეს და ბათუმის მერიას გადასცეს.

ამ კორპუსების მშენებლობა ბიზნესმენმა უკანონოდ ისე დაიწყო და დაასრულა, რომ შესაბამის სტრუქტურებს, რომლებსაც უკანონო მშენებლობის კონტროლი ევალებოდათ, მისთვის ხელი არ შეუშლიათ, ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ბიზნესმენმა, რამდენიმე დაჯარიმების მიუხედავად, მშენებლობა დაასრულა.

2026 წლის ივნისში ბათუმის მერიამ საკრებულოში განკარგულების პროექტი წარადგინა, რომლითაც ტერიტორიას, სადაც „ოზთურქის ბინებია“ განთავსებული, სტატუსი შეუცვალეს. საკრებულომ ამ ადგილს საცხოვრებელი ზონის სტატუსი მიანიჭა.

როდის და ვის გადასცემს ბათუმის მერია ბინებს ოზთურქითვის ჩამორთმეულ კორპუსებში, ამას მერიაში მოქმედი კომისია გადაწყვეტს, რომელსაც მერის მოადგილე ნუკრი დეკანაძე ხელმძღვანელობს. მერიის ინფორმაციით, ამ კომისიამ პირველი სამუშაო სხდომა 2026 წლის მაისში გამართა.

პირველი სხდომიდან 4 თვის შემდეგ მერიიდან მოგვწერეს, რომ ამ ეტაპზე თითოეული განაცხადის დეტალური შესწავლა მიმდინარეობს. ამ პროცესის დასრულების შემდეგ კი, მერია სხვადასხვა სხვადასხვა უწყებებიდან საჭირო ინფორმაციას გამოთხოვს, რის შემდეგაც შეგროვილი მასალების შესფასების შედეგად მიიღებენ გადაწყვეტილებას.

ამ ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ უსახლკარო მოქალაქეები 2026 წლის ზამთარსაც ნაქირავებ ბინებში გაატარებენ. უსახლკარო მოქალაქეების უმეტესობა ამბობს, რომ ქირაობენ დაბალფასიან ბინებს, რადგან მეტის საშუალება არ აქვთ, რას იმას ნიშნავს იმას, რომ რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება.

„რატომ მოვედი და უსახლკარო ვარ. ქირით ვცხოვრობ ისეთ პირობებში ვარ, ღმერთს ვეხვეწები, რომ წვიმა არ იყოს, სახლში შემოდის. სოციალურად დაუცველი ვარ. ლუკა ასათიანის ქუჩაზე ნაქირავებში ვცხოვრობ, 300 ლარს ვიხდი. რას მეუბნებიან? – მოიცადე, მოიცადეო, 15 წელია ვიცდი“ – უთხრა „ბათუმელებს“ 30 სექტემბერს საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც სხვა უსახლკაროებთან ერთად მერიაში მივიდა და მერთან შეხვედრა მოითხოვა.

საუბარია მოქალაქეებზე, რომლებიც აცხადებენ რომ უსახლკაროები არიან და რამდენიმე წელია მართავენ აქციებს ბათუმის მერიასა და აჭარის მთავრობასთან: ისინი სოციალური სახლებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

მოქალაქეები აცხადებენ, რომ სოციალურად დაუცველები, მარტოხელა დედები, შშმ პირები და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები არიან, თუმცა, წლებია მათი საცხოვრებელი პირობები, შემოსავლები ან მოთხოვნის რეალურობა „ოცნების“ მთავრობას არ შეუსწავლია.

  • ბათუმში არ დაიწყო არც „იაფი სახლის“ მშენებლობა

მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ე.წ. იაფი სახლის პროექტთან დაკავშირებით მიმდინარეობს „საკითხის განხილვა და დეტალების დაზუსტება“. კონკრეტულად რას განიხილავენ და რა დეტალებს აზუსტებენ – არ ვიცით, რადგან ჯერ არ არის ცნობილი, იპოვა თუ არა მერიამ ადგილი იაფი სახლის ასაშენებლად.

„შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია“ – მოგვწერეს მერიიდან. 

2024 წლიდან დღემდე მერიას ბათუმში ე.წ. იაფი სახლის მშენებლობა არ დაუწყია. ეს პროგრამა სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეებს ბინის თვითღირებულების ფასად გამოსყიდვას სთავაზობს.

ბათუმის ყოფილმა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა, ჯერ კიდევ 2024 წელს საკრებულოს სხდომაზე ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტა, რომ მერია იაფი სახლის ასაშენებლად ადგილს ეძებდა.

ამის შემდეგ „იაფი სახლის“ მშენებლობის ადგილად ე.წ. გოროდოკის დასახლება დაასახელეს. მერიის შესაბამისმა სამსახურმა, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ, ბაზრის კვლევაც კი ჩაატარა.

დოკუმენტების მიხედვით, მერიას ვოლსკის ქუჩაზე, #13-ში, 200 ოჯახზე გათვლილი კორპუსი უნდა აეშენებინა, თუმცა მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა.

„იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში ბინები ბოლოს მერიამ 2023 წელს გაანაწილა. ამის შემდეგ მოქალაქეებმა პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების შეტანა დაიწყეს, ამის პარალელურად მერიამ შეცვალა პროგრამის კრიტერიუმები, ხოლო ზოგი დეტალი დააზუსტა. 

  • აჭარის მთავრობისა და მერიის საბინაო ფონდი – დაკეტილი ბინები

აჭარის მთავრობის ბალანსზე, ასევე ბათუმის მერიის საბინაო ფონდში ასობით ბინაა, რომლებიც წლებია მერიას, ისევე როგორც მთავრობას, დაკეტილი აქვს. გარდა ამისა, სოციალური სახლების მშენებლობისა და ავარიული სახლების ჩანაცვლების მიზნით ბათუმის მერია ბიუჯეტიდან სოლიდურ თანხას ხარჯავს, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში არცერთ სამთავრობო უწყებას არ გამოუქვეყნებია განცხადება იმის შესახებ, თუ რამდენ უსახლკარო ოჯახს გადაეცა ბინა და რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელეს გადაწყვეტილების მიღებისას.

ბინების გასაცემად მერიას, ისევე როგორც მთავრობას, კრიტერიუმები აქვს დაწესებული.

ბოლო წლებში ამ ფონდის შევსებაში თავისი როლი აქვს„ ავარიული სახლების პროგრამასაც“.

ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში მერია ახალი შენობებით იმ საცხოვრებელ სახლებს ანაცვლებს, რომლებიც, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, საგანგაშო მდგომარეობაშია და მათი მდებარეობით მშენებელი არ ინტერესდება. პროგრამა მრავალწლიანია და მისი ბიუჯეტი 80 მილიონი ლარია.

ძირითად შემთხვევაში ბათუმში ავარიულ სახლებთან მიმართებაში მშენებლების ინტერესი მაღალია უფრო ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარე ტერიტორიების მიმართ. სამშენებლო კომპანიები 2 -5-სართულიანი სახლების ათვისების სანაცვლოდ 15-30 სართულიანი კორპუსების აშენების ნებართვებს ითხოვენ, ავარიულ სახლებში მცხოვრები ოჯახები რომ დააკმაყოფილონ და შემოსავალიც ნახონ.

მშენებლების უმეტესობას, რომლებიც ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობენ, ზონაში დადგენილი განაშენიანების კოეფიციენტი არ აკმაყოფილებთ და მაქსიმალურის მიღება სურთ. ასეთ შემთხვევაში კანონი ნამატი ფართობის 10 პროცენტის მერიისთვის გადაცემას ითვალისწინებს.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუ მშენებელს დადგენილი კოეფიციენტის მიხედვით 8-სართულიანი სახლის მშენებლობა შეეძლო და კოეფიციენტის გაზრდის შემთხვევაში 10-სართულიანი სახლი ააშენა, ნამატი ფართობის 10% მან მერიას უნდა გადასცეს.

კოეფიციენტის გაზრდის შემთხვევაში ნამატი ფართობის 10% ბათუმის მერიის საკუთრებაში გადადის არამხოლოდ ავარიული სახლების, არამედ ნებისმიერ შემთხვევაში. ამას კანონი აწესებს ერთგვარი კომპენსაციის სახით.

ასევე, მაკომპენსირებელი ღონისძიება სხვაც შეიძლება იყოს – მაგალითად სკვერის მოწყობა, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ინდივიდუალური სახლების აშენება და ასე შემდეგ. ეს მუნიციპალიტეტსა და მშენებელს შორის შეთანხმების საგანია.

ამ დრომდე არსებული პრაქტიკით, ბათუმის მერია მშენებლებს, რომლებიც კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე მასშტაბური მშენებლობის პროექტებისთვის კოეფიციენტის გაზრდაზე თანხმობას იღებენ, ძირითადად ნამატი ფართობის 10 პროცენტის გადაცემაზე უთანხმდება.

„გვიან ღამე მოვიდნენ, უნდა გაგასახლოთო“ – 83 წლის პედაგოგის ისტორია სტალინურ რეპრესიებზე | ვიდეო

„ერთ მშვენიერ ღამეს მოვიდნენ, უნდა გაგასახლოთო. 2 საათი მოგვცეს. გათენებამდე უკვე გზაში ვიყავით“, – იხსენებს 83 წლის პედაგოგი, თამარ გოგიტიძე 76 წლის წინანდელ ამბავს.

როცა სტალინური რეპრესიები გოგიტიძეების ოჯახს შეეხო, თამარი პირველ კლასში იყო. ოჯახში მის გარდა 7 მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობდა.

აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში მცხოვრები ოჯახი 2,5 წლით ყაზახეთში, მაშინდელი სლავიანკის რაიონში, სოფელ კიზილტანში გადაასახლეს. ბათუმიდან ალმაატამდე [ახლანდელი ალმათი], ცხოველების გადასაყვანი ვაგონით მგზავრობისთვის, მათ 15 დღე დასჭირდათ.

  • „გავახილე თვალები და ოთახის შუაში დგას ოთხი თოფიანი კაცი“

„მამაჩემი იყო მოწინავე კოლმეურნე, ყველა დავალებას ასრულებდა. ზოგი ურჩი იყო, არ ეთანხმებოდა, მაგრამ მამა ძალიან კეთილსინდისიერად მუშაობდა. კოლმეურნეობაში გამგეობის წევრი იყო. მაშინ თამბაქო ირგვებოდა, კარტოფილი ირგვებოდა, ხილი მოდიოდა უსასრულო რაოდენობით და კოლმეურნეობა ძალიან კარგად ართმევდა თავს თავის საქმიანობას.

როგორ გაჭირვებულად ვცხოვრობდით იცი?! ოთახის შუში იყო ბუხარი, იქეთ ხის ტახტი, აქეთაც ხის ტახტი, იქეთ ლოგინი ეგო, აქეთაც ლოგინი ეგო.

ერთ მშვენიერ ღამეს, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოვიდნენ. გვიან ღამე. გავახილე თვალები და ოთახის შუაში დგას ოთხი თოფიანი კაცი, სამხედრო. ახლავს ერთი ქართველი, აჭარელი, რომელიც უთარგმნიდა მამაჩემს იგენის ნათქვამს. ისინი იყვნენ რუსები. მოკიდეს მამაჩემს ხელი და ყველაფერი – ახორი, ნალია, რამდენი სიმინდი გვქონდა, რამდენი ძროხა გვყავდა, რამდენი თუთუნი გვქონდა აღწერეს. მერე შემოვიდნენ სახლში. ჩვენ ვწევართ ბავშვები. ოთხი ლოგინი იყო იმ ოთახში დაგებული.

უთხრეს, რომ უნდა გაგასახლოთ ცოლ-შვილთან ერთადო. კარგი იქნება თუ არ იყვირებთ, არ იტირებთ…. მოიკალათებთ ყველაფერს – ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ა.შ. ამა და ამ სახის ტვირთის წაღება შეგიძლიათო. 2 საათი მოგვცეს.

მაგრამ, როგორ წავიღებდით, როცა ჩვენ ვცხოვრობდით გზიდან შორს?! ზამთარია. თოვლია. დეკემბრის თვე იყო. 1951 წელი. გზები არ იყო.

მხოლოდ ტანსაცმელი წავიღეთ. საჭმელს – სიმინდს და ასეთ რაღაცებს რაფერ წაიღებ?! „გრუზავიკი“ მანქანით, ე.ი. ღია მანქანით. პატარა, მსუბუქი მანქანა მაშინ არ არსებობდა.

ტანსაცმელი ჩაალაგეს და დიდი რაოდენობით თუთუნი, დასაჭრელი, დასამუშავებელი თუთუნი მეშოკებში ჩატენეს – ეს გამოგადგებაო, ასწავლეს მამაჩემს.

არ ჰქონდათ ფული. 2 მანეთი ფული ჰქონდა მამაჩემს. მეზობლებს რაც ჰქონდათ – 8 მანეთი, 10 მანეთი… ყველამ ჩამოუდო ჯიბეში. იმ თოვლიან გზაზე მეზობლებმა აგვიყვანეს და ჩაგვსვეს მანქანაში. გათენებამდე გზაში ვიყავით უკვე. ჩვენს გარდა სოფლიდან ორი ოჯახი იყო.

დედაჩემის დედაც სტუმრად გვყავდა. თურმე ის ოჯახიცაა გასახლებული. იქიდან ამოვიდა მანქანა და ის ქალი წაიყვანეს. არ შეიძლებოდა, რომ არ წაეყვანათ ის ქალიც. სხვა სტუმრებიც გვყავდა იმ ღამეს.

სხვათა შორის, ბებია მყავდა ინვალიდი. პარალიჩი [დამბლა] ჰქონდა მიღებული. მამაჩემს სურვილი ჰქონდა, რომ რადგან ბებიაჩემი ავადმყოფი იყო, ძმისთვის დაეტოვებინა. არა. არაფრით არ ქნეს. აუცილებლად უნდა გახლდეს შენი ოჯახის წევრიო და ისიც წავიყვანეთ.“

  • მგზავრობა ცხოველის გადასაყვანი ვაგონებით

„ჩაგვიყვანეს ქალაქში [ბათუმში] და ჩაგვსვეს ცხოველების გადასაყვან მატარებელში. ცხოველების საჭმლის ნარჩენები იყო. ფეჩი იდგა. ქვანახშირის ფეჩი. დანთებაც არ ვიცოდით იმ ფეჩისა, ნახშირის ფეჩი ხმარებაში ვინმეს არ ჰქონდა.

იმ ვაგონში ბევრი ვიყავით – იქნებოდა 6-7 ოჯახი. ხულოდანაც იყო ოჯახი, მაჭახლიდანაც იყო… ვაგონში ჩვენი სოფლელი არ იყო არავინ.

15 დღე და ღამე ვიმგზავრეთ. მე-15 დღეს ჩავედით ალმაატაში.

იქაც მასეთი „გრუზავიკი“ მანქანა მოვიდა და გადაგვიყვანეს სოფელ კიზილტანში. კიზილტანი – იყო ასეთი სოფელი სლავიანკის რაიონში.

იმ სოფელს ჰქონდა კლუბი. 2 ღამე ვიყავით სოფლის კლუბში დაახლოებით 40 ოჯახი. დაგვაბინავეს. ყველას თავისი ბარგი-ბარხანასთან ეძინა ჩაცმული, დახურული, გაკოჭილი, დაბინძურებული, დასაბანი, მშიერი.

გზადაგზა, დიდ ქალაქებში რომ შევდიოდით, საჭმელს მოგვიტანდნენ. საჭეს მოგვიტანდნენ, მაგრამ „კალბასს“ არ გვაჭმევდა ბებიაჩემი, ღორისა არისო. ჩვენი ოჯახი მუსლიმი იყო. „გრეჩიხა“ რომ მოიტანეს, ცოცხის თესლისგანაა გაკეთებულიო და იმას ვინმემ პირი არ წააკარა, არ შეჭამეს, მაგრამ, მშიერი არ ვიყავით, რაღაცა გვქონდა – ყველი გვქონდა, კარაქი გვქონდა, პურს გვაძლევდნენ.“

  • სტალინის სიკვდილი და დაბრუნება

„გაგვანაწილეს მიწის სახლებში. მიწის სახლი წარმოგიდგენიათ?! ზევიდანაც მიწაა. გამოთხრილივითაა.

ერთი ხულოდან ოჯახი – ბებია და ბაბუა იყვნენ მარტო, მამაჩემმა შეიფარა. ჩვენ მრავალსულიანი ოჯახი რომ ვიყავით, ცოტა დიდი სახლი მოგვცეს. იმათაც ბევრი კარაქი და ყველი ჰქონდათ წამოღებული. კაი ხანს იმით ვირჩენდით თავს. მერე იმათ პატრონი გამოუჩნდათ და წაიყვანეს.

ყოველ დღე შეიკრიბებოდა ეს ჩვენი ქართველი საზოგადოება და სწერდნენ წერილებს სტალინს, მაგრამ პასუხი ერთხელაც არ მოსულა. როგორც ჩანს, არ მიდიოდა მასთან [წერილები]. პასუხი არ მიუღია ვინმეს კითხვაზე, რატომ ვიყავით გადასახლებულები, მაგრამ ყურადღება არ გვეკლო: კვირაში ერთხელ კომენდანტი, ცხენზე შემჯდარი, ჩამოივლიდა და დაგვათვალიერებდა როგორ ვიყავით.

ბებია მომიკვდა ყაზახისტანში. ერთი დაც მომიკვდა ყაზახისტანში და იქ მყავს დასაფლავებული.

მერე, მოგვივიდა გათავისუფლების ბრძანება [1953 წელს]. უნდა წამოვსულიყავით და ამ დროს მოკვდა სტალინი. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ყველა ტიროდია – ქალი, კაცი… კარგად მახსოვს, ალმაატიდან აქამდე [ბათუმამდე] მატარებლიდან განუწყვეტელი კივილის ხმა ისმოდა. საზოგადოებას ეგონა, რომ ქვეყანა დაიქცეოა სტალინის გარეშე.“

  • გადასახლების სავარაუდო მიზეზები

თამარ გოგიტიძემ გადასახლების ზუსტი მიზეზები არ იცის. თუმცა, ვარაუდობს, რომ ეს მის ბიძებს უნდა უკავშირდებოდეს: ორივე მშობლის ძმას განათლება თურქეთში მქონდა მიღებული – ერთი მათგანი სასულიერო პირი იყო, მეორე კი სასულიერო მსაჯული, იგივე ყადი.

„მამის ძმას თურქული განათლება ჰქონდა მიღებული სტამბოლში. ყადი იყო [სასულიერო მოსამართლე]. ახალგაზრდა, საქორწილო ბიჭი იყო. 1937 წელს, უცებ მოვიდნენ, დაიჭირეს და არავინ არ იცის, რა ბედი ეწია. დედამისი სიკვდილამდე იმ შვილის გამო ტიროდა.

დედაჩემის ძმაც ხოჯა იყო [მუსლიმი სასულიერო პირი]. ცოლ-შვილიანი კაცი იყო – 5 შვილი ჰყავდა. მაშინ არეულობა იყო ქვეყანაში – ომი იყო და სოციალისტური წყობა კარგად არ იყო დამკვიდრებული. დედაჩემი ძმას მთავრობამ შპიონობა სთხოვა – მაშინ გადასვლა-გადმოსვლა იყო თურქეთში. მე მაგას ვერ შევასრულებო და დარჩა იქ [თურქეთში], აღარ გადმოვიდა. გაუშვეს, მაგრამ უკან აღარ დაბრუნდა.

გადასახლება დაშინებისთვის იყო. უნდა ეჩვენებინათ ხალხისთვის, რომ თუ არ დამემორჩილები, ასე დაგსჯი.

ასეთი რამე ღმერთმა არავის გამოაცდევინოს. არავის თავზე ღმერთმა ასეთი უბედურება არ დაატრიალოს“.

„ამიტომაც არის ივანიშვილი დამალული, ხმას არ იღებს“ – ინტერვიუ

„პარტიების აკრძალვა იოლია, მაგრამ ხალხის აკრძალვა შეუძლებელია,“ – მიიჩნევს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი პარტიების აკრძალვის შესახებ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელს პოლიტიკური ვაჭრობისთვის იყენებს, მათ შორის, ევროპარლამენტთან, რომელიც ხვალ საქართველოს შესახებ ახალ რეზოლუციას მიიღებს.

„პარტიების აკრძალვა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა სიტუაცია იქნება იგივე რუსეთში და ვისთან მოუწევს ანგარიშის სწორება ივანიშვილს… ივანიშვილს კბილებით უჭირავს დრო,“ – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

რამდენად გაუვა ივანიშვილს პარტიების აკრძალვაც საქართველოში? – „ბათუმელებმა“ კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო პაატა, ხვალ ევროპარლამენტში ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის დარღვევის შემთხვევებთან დაკავშირებით აპირებენ რეზოლუციის მიღებას ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით. დღეს დისკუსია შეეხო პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სარჩელს, რომლის განხილვასაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი იწყებს. რა ეტაპზე გადადის დემოკრატიის კრიზისი საქართველოში?

კრიზისი გადადის იმ ეტაპზე, რომ საქართველო ადასტურებს ცალსახად, არ მაინტერესებს ევროკავშირიო. „ოცნებას“ სურს, რომ ევროკავშირმა თვითონ თქვას უარი საქართველოზე, შემდეგ კი, თავი ამომრჩევლის წინაშე იმართლოს:  ჩვენ ხომ არ გვითქვამს უარი ევროკავშირზე, ვამბობდით, რომ ჩვენი პირობებით და ხედვით გვინდოდა ევროკავშირის წევრობა და აი, თავად უარი გვითხრესო.

ამიტომაც, რაც არ უნდა დაუთმოს ევროკავშირმა საქართველოს, „ოცნება“ ამას ვერ დაინახავს – მათ არ სურთ ევროკავშირი.

ივანიშვილი რომ დაბრუნდა პოლიტიკაში და ღარიბაშვილმა უარი თქვა რუსულ კანონპროექტზე, ამის გამო ჩვენ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. მაშინ ევროკავშირმა დაინახა ქართველი ხალხის ნება და ისიც, რომ იმდროინდელი „ქართული ოცნება“ ანგარიშს უწევდა ხალხის ნებას. და მოგვცეს კანდიდატის სტატუსი.

უცებ ვხედავთ, რომ ბრუნდება ივანიშვილი პოლიტიკაში, ისევ ცვლის ღარიბაშვილს და სვამს კობახიძეს. ასე იწყება ის პოლიტიკა, რაც ჩვენ დღეს გვაქვს. ჩემი რწმენით, ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკაში და დღემდე მის არწასვლაში მთავარი ამოცანაა, არ დაუშვას საქართველოს უნებლიეთ თუ ნებით ჩათრევა ამ მოძრაობაში – ევროკავშირი იქნება ეს, თუ ნატო.

  • ამჯერად ივანიშვილი პირდაპირ ხედავს ევროპისგან დასანქცირების საფრთხეს, თუ თქვენი აზრით, ის პირდაპირ ასრულებს კრემლის მითითებას?

ჩემთვის მესამე უფრო მნიშვნელოვანია – ძალაუფლების შენარჩუნება. მას, პირველ რიგში, სჭირდება ძალაუფლების შენარჩუნება – ამიტომაც დაბრუნდა საქართველოში. რატომღაც ჩვენ გვგონია, 2012-ში დაბრუნდა ივანიშვილი, მაგრამ იგი დაბრუნდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. ჩვენ ისტორიის მოყოლას ვიწყებთ შუიდან. როცა ივანიშვილმა ვერ იპოვა საერთო „ნაციონალურ მოძრაობასთან“, შემდეგ იწყება უკვე მისი საჯარო გამოსვლები. მან იმ პერიოდში საქართველო იპოვა, როგორც „სეიფი“, რომელსაც შეეძლო ის და მისი ოჯახი გადაერჩინა.

სააკაშვილთან ურთიერთობამ მიახვედრა, რომ ეს არ არის ის ძალა, რომელსაც ენდობა. შემდეგ კოალიციაზე გააკეთა გათვლა 2012 წელს და იქაც ნახა, რომ კოალიცია ფიქრობდა დემოკრატიაზე, ევროპულ ინტეგრაციაზე და კოალიცია არ გამორიცხავდა, მაგალითად, არჩევნების წაგებას.

მესამე ეტაპია ზურაბიშვილი პირველივე ტურში რომ აგებს გრიგოლ ვაშაძესთან არჩევნებს და ხვდება, რომ დემოკრატებთან ლაპარაკი არ გამოვა. იგი უკვე აბარებს საქართველოს რუსეთს.

მიუძღვნა ივანიშვილმა რუსეთს საქართველო და უთხრა: მე ვაკეთებ იმას, რაც თქვენ გინდათ, არ მივდივარ ევროპაში, არ მივდივარ ნატოში, არანაირად არ ვმონაწილეობ არანაირ საერთაშორისო კონტაქტებში, მაგრამ ვინარჩუნებ ძალაუფლებას, არ მოვდივარ თქვენთანაც, დიპლომატიურ ურთიერთობას არ აღვადგენ, არ მოვდივარ ოდკბ-ში და ასე შემდეგ.

ამავე დროს იწყება კავშირების დამყარებას ირანთან, ჩინეთთან, არაბულ სამყაროსთან, რათა შეიქმნას კომფორტის ზონა.

ახლა უკვე ივანიშვილს სიკვდილის ეშინია – ტყვიაგაუმტარ, ბრონირებულ სივრცეშია მუდმივად. მას ეშინია რუსეთის. ამას გარდა, პირდაპირ შესაძლოა არა, მაგრამ არაერთი ქართველი იბრძვის უკრაინაში და საკმაოდ წარმატებულად. ისინი ფლობენ თანამედროვე სამხედრო გამოცდილებას და შესაბამის უნარ-ჩვევებს.

  • როგორ აპირებს ივანიშვილი, თქვენი დაკვირვებით, ძალაუფლების შენარჩუნებას, როცა საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანი ევროპაა და ის ევროპისკენ მიმავალ გზას კეტავს?

შეინარჩუნებს, თუ ეს ბოიკოტი გაგრძელდება, მაგალითად, იგივე პარლამენტში. ივანიშვილმა სრულად მოასუფთავა ქართველი ხალხის ნების რეალიზაცია პარლამენტში, საკრებულოებში, მერიებში. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ოპოზიცია რომ ყოფილიყო პარლამენტში 45 პროცენტით, ისინი ვერაფერს ვეღარ გააკეთებდნენ. ბრწყინვალე ოპერაცია ჩაატარა ივანიშვილმა.

ქართველი ხალხის ნება არის მკაფიო, მაგრამ ქართველი ხალხის ნება დღეს არსად არ ჩანს, გარდა სამზარეულოებისა – სამზარეულოებშია ქართველი ხალხის ნება. „ოცნებას“ სჭირდება ძალაუფლების შენარჩუნება რუსეთის პოლიტიკის ანგარიშის გაწევით. რუსეთს პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებთან თავისი პირადი ანგარიშები აქვს. უკრაინასთან ვხედავთ, რასაც აკეთებს, ბელარუსთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან. თითოეულთან ცალ-ცალკე დღის წესრიგი აქვს რუსეთს.

ვიდრე არ მოხდება ქართველი ხალხის ნების გამოხატვა მკაფიოდ, ჯერჯერობით ივანიშვილი მართავს სიტუაციას.  ყველაფერი დამოკიდებულია, საბოლოო ჯამში უკრაინის ფრონტზე. ივანიშვილი ცდილობს, როგორმე თავის სასარგებლოდ გაწელოს დრო. ივანიშვილს კბილებით უჭირავს დრო.

  • ახლა უკვე პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას იწებს საკონსტიტუციო სასამართლო. რამდენად შეიძლება ეს გამოუვიდეს ივანიშვილს, მით უფრო, როცა პარტიის წევრიც შეიძლება არ იყო და მაინც აგიკრძალონ ახალი პარტიის დარეგისტრირება?

ჩემი აზრით, დროს წელავენ. ჯერ შეიტანეს სარჩელი, მერე „ფედერალისტები“ დაამატეს და ახალი შეიტანეს, მერე კიდევ შეცვალეს, რომ ეს ვადა გახანგრძლივებულიყო. [საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი მისი წარმოებაში მიღებიდან 9 თვეში უნდა განიხილოს]. არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ ვინმე მიამატონ.

სასამართლოს შეუძლია ასევე გაწელოს დრო და თუ საჭირო დარჩება, რაღაც დროში თქვას, რომ ვერ ხედავს აუცილებლობას, აიკრძალოს პარტიები. ვფიქრობ, ჩამოყალიბებული ჯერ კიდევ არ არიან: აკრძალონ, თუ არ აკრძალონ. სასამართლო, ცხადია, იმ გადაწყვეტილება მიიღებს, რასაც ივანიშვილი ეტყვის.

თუ პარტიების აკრძალვას აპირებენ, ეს უნდა გადაწყდეს 2028 წლის მაის-ივნისამდე. სექტემბერში დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია. მე არ ვამბობ, რომ  აკრძალვა არ იქნება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ პარტიები უფრო არ აკრძალონ.

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სიტუაცია იქნება იგივე რუსეთში და ვისთან მოუწევს ანგარიშის სწორება ივანიშვილს. წარმოიდგინეთ, რომ სასამართლო უარს ამბობს პარტიების აკრძალვაზე, ან პარტიას უკან გამოაქვს სარჩელი, ევროპა ხომ ამას მიესალმება ნებისმიერ შემთხვევაში? ამიტომაც, შესაძლოა, ეს აღმოჩნდეს ე.წ. დამოკლეს მახვილი, შეგნებულად ჩამოკიდებული საქართველოს და ევროპის თავზე, რომ „იცოდეთ, მე ამის გამკეთებელი ვარ“.

ესეც ვერაგულად და გარეწრულად გათვლილი მექანიზმია.

  • თქვენი აზრით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე საუბარი ივანიშვილს უფრო პოლიტიკური ვაჭრობისთვის აწყობს და რეალურად პარტიების აკრძალვას ვერ შეძლებს?

ჩემი აზრით, უფრო ვაჭრობაა, აი, აგურებს რომ აგროვებს ადამიანი ეზოში, მაგრამ სახლი არ შენდება, ასეა. შესაძლებელია, კრიტიკულ მომენტში უცებ აშენდეს ეს სახლი, ანუ პარტიები აკრძალონ.

ამასობაში, ივანიშვილი პერსონალური ავტორიტარიზმიდან გადავიდა პარტიულ ავტორიტარიზმზე, ანუ კობახიძესაც საშუალებას აძლევს პარტია შექმნას და გარკვეული პარტიული ქმედებები განახორციელოს, მაგალითად, მდინარაძე ციხეში არ ჩასვეს და ისევ ე.წ. დამოკლეს მახვილივით გამოკიდეს. ამ დროს გადაუარეს ღარიბაშვილის ხალხს და ასე შემდეგ.

  • ფიქრობთ, რომ ეს პარტიული ხაზის გაძლიერებაა ივანიშვილის უშუალო ჩართულობის გარეშე?

საქართველოში ავტოკრატია ვერ იარსებებს ბუნებრივად – ძალიან პატარა და ღარიბი სახელმწიფოა. ავტოკრატიას სჭირდება დიდი რესურსი, როგორიც რუსეთია, ან ჩინეთი. უხეშად რომ ვთქვათ, ამისთვის „უფასო ფულია“ საჭირო.

ამიტომაც, ავტოკრატიას, პირველ რიგში, სჭირდება ბევრი ფული. მადლობა უფალს, საქართველოში არ არსებობს არანაირი ნავთობი და გაზი. არანაირი საშუალება არ არსებობს, რომ აქ მიწიდან ფული ამოვიდეს, რომელსაც გადაუხდი პოლიციელს, მოკლას თავისი ახლობელი…

ამასობაში, ივანიშვილი აღარაა ახალგაზრდა – ის უფრო მიდის, ვიდრე მოდის და აშკარად მისი შვილები არ არიან ძალიან დაინტერესებული ამ პროცესებით.

  • არსებობს ცოტნე ივანიშვილის გააქტიურების მცდელობა – „ოცნება“ მართავს პერიოდულად ახალგაზრდული ფრთის შეხვედრებს რეგიონებში.

გარკვეული მცდელობები არის, მაგრამ არაა მკაფიო. ჯერ სულ ცოტა პარლამენტის წევრი მაინც უნდა გახდეს ეს ახალგაზრდა კაცი, მინიმუმ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მაინც, უნდა ისწავლოს პოლიტიკა, თუმცა გამორიცხული არაფერია.

საქართველოში საბჭოთა კავშირის დროსაც არ იყო ქართული ავტორიტარიზმი. ეს იყო საბჭოთა ავტორიტარიზმი – იყვნენ სტალინი, ბერია და სხვა ქართველები, მაგრამ მატერიალურად დიდ რესურსს უნდა ფლობდე. გარდა ამისა, ხალხი არ ჰყავს ივანიშვილს. ეს უმთავრესი ფაქტორია. ყველა სახელგანთქმული პოლიტიკოსი – ჩინეთი იქნება ეს თუ საქართველო, პოლიტიკაში მოდის ახალგაზრდობიდან.

ამ დროს ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ შიგნითაც კი არაა პოპულარული. არჩევნების წინ უნდა მიიღოს ივანიშვილმა გადაწყვეტილება: გაუშვას, თუ არ გაუშვას კობახიძე. პაპუაშვილიც არაა პოპულარული, მაგრამ პარტიის შიგნით პაპუაშვილი უფრო პოპულარულია, ვიდრე კობახიძე.

კალაძეს კი, თავისი ციხესიმაგრე აქვს თბილისის მერიაში თავისი ხალხით და, სავარაუდოდ, არც უნდა პრემიერობა. იცი, რომ ამ გზით ნებისმიერ დროს მარტივად შეიძლება ჩამოიშორონ.

ივანიშვილმა იცის, რომ მოსახლეობაში დიდია წინააღმდეგობა, რაც გამოჩნდა არჩევნებზეც, როცა 900 ათასმა კაცმა ხმა მისცა ოპოზიციას 2024 წელს თუნდაც ცესკოს მონაცემებით. ამის გაყალბება ძნელი იქნება ძალიან.

  • ახლა ამ ადამიანებს ეუბნებიან, რომ თქვენი აზრი იკრძალება. თუ მართლაც აკრძალავენ პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში, რა რესურსი დარჩება ბრძოლის გასაგრძელებლად?

პარტიების აკრძალვა იოლია, მაგრამ ხალხის აკრძალვა შეუძლებელია. შეხედეთ, რამდენ ხანს წვალობდა პუტინი, რათა ნავალნის ხალხი ამოეძირკვა და „იაბლოკოც“ კი აკრძალა საბოლოო ჯამში, ხომ? პარტიების აკრძალვა აბსოლუტურად ნორმალური სცენარია, რომ ეს მოხდეს, მაგრამ, ჩემი აზრით, პარტიებმა უნდა გამონახონ გამოსავალი. აქ სხვადასხვა ვარიანტია, მაგალითად, იმ პარტიას დაუჭირონ მხარი, რომელსაც შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა. უნდა გამოჩნდეს მკაფიოდ, რომ ივანიშვილს არ ჰყავს ამომრჩეველი.

თუ ყველა პარტია აკრძალეს, ივანიშვილმა იცის, რომ ხალხი შესაძლოა მართლა იმდენად გამწარდეს, რევოლუციასაც გამოკრას ხელი.

ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკური ძალების გადაჯგუფება მოხდება. პუტინიც კი ვერ კლავს რუსი ხალხის ნებას. ვინც რუსეთში დარჩა, იმ ხალხის ნებასაც კი ვერ კლავს.

  • ევროპა რა რესურსს ხედავს, რომ საქართველოში დემოკრატია გადარჩეს? გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსმა შეგვახსენა კიდევ ერთხელ, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანაა მხოლოდ ქაღალდზე. ევროკომისიამ დაამტკიცა გაფართოებამდელი პოლიტიკის გადახედვის პაკეტი, თუმცა პერსპექტივის მქონე ქვეყნების ჩამონათვალში აღარ არის საქართველო.

ევროკავშირის ინტერესია არა უშუალოდ საქართველო, არამედ კავკასია, როგორც შუა დერეფანი.

„ქართული ოცნების“ პრობლემაა, რომ მან მოუწია ქართველის ხალხის ნების გათვალისწინება და დაწერა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მას შეეშინდა ხალხის რევოლუციური განწყობისა. ახლა ჰგონია „ოცნებას“, რომ ნელა-ნელა ეს სურვილი ხალხში ჩააცხრო და ქართველი ხალხი აღარ არის საშიში. ეს „ოცნების“ აზრით კარგად აჩვენა 4-მა ოქტომბერმაც: ხალხი არ წავიდა არჩევნებზე, მაგრამ არც რევოლუციის გზით არ წავიდა.

ამიტომაც, „ოცნება“ უფრო თამამი და უტიფარი გახდა.

დღემდე უცნობია, რატომ შეხვდა თბილისში ჩამოსული ალიევი პირდაპირ ივანიშვილს ყოველგვარი ფორმალობების დაცვის გარეშე? ჩემი აზრით, ალიევი ჩამოვიდა იმისთვის, რომ მას შუა დერეფნის გარანტიები მიეღო.

სხვათა შორის, ალიევს უნდა დამოუკიდებელი პოლიტიკა და არ აწყობს, ყველაფერში ამერიკას გაუწიოს ანგარიში… ალიევი ასევე გახდა თავისი პარტიის სამუდამო ლიდერი და იქ პრაქტიკულად თურქეთსაც უთხრა, ჩვენ რაც გვჭირდებოდა, ყველაფერი ვიყიდეთო. ამერიკა და თურქეთი არ უნდა იყოს აზერბაიჯანისთვის ერთადერთი პარტნიორი.

ამიტომაც, ალიევი ჩამოდის თბილისში და გარანტიას იღებს ივანიშვილისაგან, რომ აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები იქნება მკაფიო. ალიევს სურს დამოუკიდებელი, კავკასიური პოლიტიკა და არამხოლოდ კავკასიური, საერთოდ აზიური.

ამ მოცემულობაში არ სჭირდება „ქართულ ოცნებას“ არანაირი ევროკავშირი. ამის მომხრე არის მხოლოდ და მხოლოდ ქართული საზოგადოება. ამიტომ ქართულ საზოგადოებას სჭირდება მობილიზაცია და დაჯერება, რომ შანსი არსებობს – საქართველომ რაღაცნაირად არ დაკარგო ეს შესაძლებლობა.

ივანიშვილი უკვდავი არაა, არც ახალგაზრდაა. კობახიძე რომ ეყოლება ამდენ ხანს ლიდერად, რა თქმა უნდა, პრობლემაა. თუ არჩევნების წინაც არ გაუშვა კობახიძე, მაშინ მას მართლაც არავინ ჰყავს, ესე იგი, კატასტროფა ხდება პარტიის შიგნით, ვერავინ ვერ იპოვა – ვინმე ბანკირი, ან ტექნოკრატი…

  • მარიამ ქვრივიშვილი გახდა დღეს ვიცე-პრემიერი…

არაა ქარიზმატული ფიგურა აშკარად, იგი უფრო დისკრედიტებულია, ვიდრე წარმატებული. შესაძლოა, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იყოს, მაგრამ ქვრივიშვილს ლაპარაკი საზოგადოებასთან არ უყვარს. შესაძლოა ძალიან თავხედურად, მაგრამ კობახიძეს, ან პაპუაშვილს ლაპარაკი შეუძლიათ.

რეგიონებს თუ გადავხედავთ, სულ ღარიბაშვილის ხალხია. რატომ გამწარდნენ ასე ღარიბაშვილზე და რატომ დაიწყო წერილების წერა? – მან იგრძნო ძალა, რომ პარტიაში სუსტი პოზიციები აქვს კობახიძეს და შეიძლება შიგნიდანაც კი დაარტყას.

ღარიბაშვილს ჰქონდა ძალიან ძლიერი, მამა-პაპური და ძლიერი კორუფციის ქსელი: მეც თუ შევჭამ, თქვენც ჭამეთ. ეს რეგიონებში განსაკუთრებით მკაფიოდ დასანახია, სადაც თითოეული ბიზნეს-ობიექტი, სასტუმრო, რესტორანი თუ აფთიაქი გადანაწილებულია, საკრებულოს წევრებზე, თანამდებობის პირებზე…

ამ ფონზე, მგონია, რომ კობახიძე მარტოა, მას არც ფული არ აქვს, არც ხალხი ჰყავს. ვინ უნდა ნახოს გულანთებული კობახიძემ, როცა იგი არაფერს არ გთავაზობს? ღარიბაშვილი კორუფციას მაინც სთავაზობდა ადამიანს, ოპოზიცია – ევროპას, კობახიძე რას მთავაზობს? კობახიძე ვერ ქმნის ვერანაირ ქსელს.

სხვათა შორის, მამუკა მდინარაძემ მოინდომა ღარიბაშვილის კორუფციის გადმოფორმება თავის თავზე. ღარიბაშვილმა დაიწყო საუბარი მას შემდეგ, როცა მის ოჯახს მიადგნენ: ღარიბაშვილი თავისი წერილებით სინამდვილეში გვიყვება, როგორ იმართება საქართველო: „ასე შევთანხმდით,“, „გავრიგდით“ – არანაირი კანონები, არანაირი კონსტიტუცია…

თავისთვის ღარიბაშვილი 5 წელს ელოდებოდა, მაგრამ ამ დროს მდინარაძემ გადაწყვიტა მისი მოცილება. ღარიბაშვილმა იგრძნო: „ქართული ოცნების“ ბირთვი არის მის მხარეს.

ჩემი აზრით, ივანიშვილი ეძებს ახალ, ქარიზმატულ ლიდერს, მაგრამ ვერ პოულობს, ძალიან უჭირს და ამიტომაც დუმს. ამხელა სკანდალია „ქართულ ოცნებაში“ – ღარიბაშვილის წერილებს ვგულისხმობ – არ გამოხმაურებია. გახარიას შემთხვევის შემდეგ თუ გახსოვთ 1 კვირაში გამოჩნდა და გაემიჯნა გახარიას, მოღალატეაო.

ოთხი ბავშვი დაიღუპა უკრაინაში რუსეთის შეტევის შედეგად

7 ოქტომბერს უკრაინაში, ქალაქ პრილუკიში საცხოვრებელ შენობაზე რუსული რაკეტის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. დაღუპულებს შორის ოთხი ბავშვია. დაშავდა 55 ადამიანი.

ზელენსკის განცხადების თანახმად, ოთხი დაღუპული ბავშვიდან 3 ერთი წლის იყო, კიდევ ერთი ბავშვი კი – 8 წლის.

მაშველებმა 15 ადამიანი გადარჩენა და გამოყვანა შეძლეს ნანგრევებიდან. მათ შორის ერთი ბავშვის.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა  ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკიზე სარაკეტო იერიში დღეს, 7 ოქტომბერს, დილით, მიიტანეს. შეტევის შედეგად აფეთქება მოხდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში, რომელიც ჩამოინგრა.

ადვოკატს არ მისცეს პატიმართან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება – საია

ახალგაზრდა იურისტთა აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ორგანიზაციის ადვოკატს საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს და ფაქტს საგანგაშოს უწოდებს.

დღეს, 7 ოქტომბერს, საიას ადვოკატი უფლებადაცვითი საქმიანობის ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა პატიმარ გიორგი დავითაძესთან, რომელიც პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

საიას ცნობით, პატიმართან შეხვედრის დასრულების შემდეგ, დაწესებულების დატოვებისას, ადვოკატს არ მისცეს პატიმართან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება.

საია აღნიშნულ ქმედებას აფასებს როგორც საადვოკატო საქმიანობაში ჩარევას, ორგანიზაციის უფლებადაცვითი საქმიანობის ხელშეშლას და პატიმრისთვის ეფექტიანი სამართლებრივი დახმარების გაწევის დაბრკოლებას. „ადვოკატის საქმიანობის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და მასში ჩაურევლობა საქართველოს კანონმდებლობით დაცული პრინციპებია“ – აცხადებს ორგანიზაცია. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განმარტავს, რომ პატიმრის ადვოკატთან შეხვედრის უფლება არ შემოიფარგლება მხოლოდ შეხვედრაზე დაშვებით და იგი გულისხმობს სამართლებრივი დახმარების რეალურად მიღების შესაძლებლობას, რისთვისაც ადვოკატს უნდა შეეძლოს კლიენტისგან მიღებული ინფორმაციის დოკუმენტირება და შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისთვის გამოყენება. შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის აკრძალვა ამ შესაძლებლობას უშუალოდ აფერხებს და გაუმართლებლად ზღუდავს.

„მომხდარი განსაკუთრებით საგანგაშოა იმის გათვალისწინებით, რომ ადვოკატის შეხვედრა უკავშირდებოდა პატიმრის განცხადებებს შესაძლო მძიმე სექსუალური ძალადობის შესახებ. ასეთ გარემოებებში სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ეფექტიანი გამოძიება და არ შექმნას დაბრკოლებები ინფორმაციის დოკუმენტირებისა და სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გამოყენებისთვის.

საიას ადვოკატი ჯუმბერ ქათამაძე რამდენიმე საათის განმავლობაში იყო დაყოვნებული პენიტენციურ დაწესებულებაში, რის შემდეგაც იძულებული გახდა, დაეხია საკუთარი ჩანაწერები და მხოლოდ ამის შემდეგ დაეტოვებინა დაწესებულება“ – წერს საია.

საია საქართველოს სახალხო დამცველისგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს შემთხვევა, როგორც უფლებადაცვითი ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელების, ისე პატიმრის სამართლებრივი დახმარებისა და კონფიდენციალური კომუნიკაციის გარანტიების დაცვის კუთხით და ყურადღება მიაქციოს პატიმრის უსაფრთხოებასა და შესაძლო ზეწოლის რისკებს;

ორგანიზაცია მიმართავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას – მოახდინოს დროული და ქმედითი რეაგირება ადვოკატის პროფესიული უფლებების დასაცავად და შესაბამისი ორგანოების წინაშე დააყენოს მსგავსი შეზღუდვების აღკვეთის საკითხი.

ასევე, საია მოითხოვს პროკურატურისგან, დაიწყოს გამოძიება და შეისწავლოს ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლის გარემოებები.

ორგანიზაცია წერს, რომ მათი წარმომადგენლები შესაბამისი რეაგირების მისაღებად ცდილობდნენ სახალხო დამცველთან დაკავშირებასაც. ამასთან, ისინი ესაუბრნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს და მიაწოდეს ინფორმაცია მომხდარის შესახებ მაშინ, როდესაც ადვოკატი ჯერ კიდევ პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პატიმრის უფლებების დაცვა ვერ იქნება დამოკიდებული იმ უწყების ნებართვაზე, რომლის თანამშრომლების ქმედებებზეც იგი ჩივის. დამოუკიდებელი სამართლებრივი დახმარება და ადვოკატთან ურთიერთობის კონფიდენციალურობა უფლებების დაცვის აუცილებელი გარანტიებია და არა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ დასაშვები პრივილეგია.

აქვე განვმარტავთ, რომ საია პატიმარ გ. დავითაძის საქმესთან მიმართებით განხორციელებული დოკუმენტირების შესახებ უახლოეს პერიოდში მიაწვდის საზოგადოებას უფრო ვრცელ ინფორმაციას“ – იუწყება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ბათუმში 18 და 19 წლით პატიმრობა მიუსაჯეს უცხოეთის ორ მოქალაქეს – ნარკოტიკების საქმე

ბათუმის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დამნაშავედ ცნო და მათ 18 და 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 3748.803 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და შექმნეს პირობები მისი უკანონო რეალიზაციისთვის.

„აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება და დაფასოებისთვის საჭირო ნივთები შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოიღეს“ – აცხადებს პროკურატურა.

უწყება არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან მსჯავრდებულები.

„მთელი საპატიმრო აპროტესტებდა დავითაძის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას“ – ალეკო ელისაშვილი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი, რომელიც თავადაც იმავე ციხეში ზის, სადაც სასჯელს გიორგი დავითაძე იხდის, დღეს, 7 ოქტომბერს, ციხიდან წერილს ავრცელებს და აცხადებს, რომ დავითაძის სოლიდარობის ნიშნად №6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების პატიმრებმა პროტესტი გამოხატეს და არაერთმა პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ მსჯავრდებული დავითაძე არის ვაჟკაცი და გამბედავი ბიჭი და ყველა ღირსეული პატიმარი სოლიდარულია მის მიმართ.

პენიტენციური დეპარტამენტი 2 ოქტომბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით იტყუება და თავს იკატუნებს. საათების განმავლობაში მთელი საპატიმრო აპროტესტებდა დავითაძის მიმართ ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას. იყო ხმამაღალი პროტესტი, ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები.

არაერთმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება.

ისეთი ხმაური იყო და ისეთი ძლიერი პროტესტი, რომ ციხის ადმინისტრაციამ დაიწყო პატიმრების გაყვანა. გაყვანები იყო ხმაურიანი და დაუდგენელია, როგორ ეპყრობოდნენ მაგ დროს პატიმრებს.

აღსანიშნავია, რომ იმ ღამეს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე დარეკვის საშუალებას არ აძლევდნენ პატიმრებს.

ციხეში კვლავ დაძაბული სიტუაციაა. ამ ვითარების განმუხტვისთვის აუცილებელია გაირკვეს, სად არიან გადაყვანილი პატიმრები და რა მდგომარეობაში არიან ისინი ახლა. უტარდებათ თუ არა შესაბამისი დახმარება. ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს.

ვითარების განმუხტვა არ მოხდება დროული, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიების გარეშე.

თანამდებობები დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ პენიტენციური დეპარტამენტის უფროსმა, №6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დირექტორმა და ყველა ბადრაგმა, ვინც იმ სადისტურ ინციდენტში რაიმე ფორმით იღებდა მონაწილეობას, და ყველა ამ პირმა პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე სრული სიმკაცრით“, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

  • რა ხდება?

პატიმარი გიორგი დავითაძე აცხადებს, რომ ის ციხეში ბადრაგებმა გააუპატიურეს. ამ საკითხზე მან სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, კამერის ჩანაწერში ჩანს აღნიშნული ფაქტი და რომ დეესკალაციის საკანში ამ დროს 10 ადამიანი იმყოფებოდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს გიორგი დავითაძის განცხადებას. უწყებამ კადრებიც გაავრცელა და თქვა, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება – დათვალიერებას, რაზეც დავითაძემ „კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“.

უწყების პოზიციით, „მხოლოდ ამის შემდეგ, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით“.

დავითაძის დედა აცხადებს, რომ გავრცელებული ვიდეომასალა სრული არაა და მას ნანახი აქვს 5 ფაილი, 20 წუთამდე კადრები.

მსჯავრდებულის ოჯახის წევრებმა 3 ოქტომბერს რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია გამართეს და მოითხოვეს, სრულად და ხმით გასაჯაროვდეს ვიდეოკადრები. ოჯახი ასევე ითხოვს ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის გადადგომასა და ამ საქმეზე მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას. საქმეს სახალხო დამცველის აპარატიც სწავლობს.

სახლის ნანგრევებში 3 ბავშვის ცხედარი იპოვეს – რუსეთის თავდასხმა უკრაინაში

უკრაინაში, ქალაქ პრილუკიში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა ნანგრევებში სამი ბავშვის ცხედარი იპოვეს.

ბოლო ცნობებით, მინიმუმ 40 ადამიანი დაშავდა, სამაშველო სამუშაოები ადგილზე გრძელდება.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა  ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკიზე სარაკეტო იერიში დღეს, 7 ოქტომბერს, დილით, მიიტანეს. შეტევის შედეგად აფეთქება მოხდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში, რომელიც ჩამოინგრა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 7 ოქტომბერს, განაცხადა, რომ რუსული ბალისტიკური რაკეტები ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს დღეს, ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეს, უკრაინისთვის მტკივნეული და დემონსტრაციული დარტყმის მიყენება სურდა.

„დღეს, პუტინის დაბადების დღეზე, რუსეთის არმიამ მას ჩერნიგოვის ოლქში, პრილუკიში, საცხოვრებელი კორპუსის დანგრევა „აჩუქა“. ეს იყო ჩვეულებრივი ხუთსართულიანი შენობა“ – თქვა მან.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, 7 ოქტომბრის ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური საჰაერო დარტყმა განახორციელა, გამოიყენა „ისკანდერის“ ტიპის და საზღვაო ფრთოსანი რაკეტები, „შაჰედის“ დრონები და სხვა იარაღი. ოფიციალური კიევის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მტრის 161 სამიზნე გაანადგურა.

 

ბულგარეთში ჩაძირული გემის ეკიპაჟის წევრები ვერ იპოვეს – სამაშველო ოპერაცია შეწყდა

ბულგარეთში, შავ ზღვაში შეწყვიტეს 6 ოქტომბერს დრონის დარტყმის შედეგად ჩაძირული გემის სამძებრო სამუშაოები.

„ჩაძირული სატვირთო გემ ALFA WATAN-ის ეკიპაჟის სამძებრო ოპერაცია შეწყდა და აღარ განახლდება. მეზღვაურების კვალი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი“, – ციტირებს ბულგარული მედია საზღვაო ადმინისტრაციის აღმასრულებელი სააგენტოს სამაშველო ოპერაციების მთავარ დირექტორს, რუმენ ნიკოლოვს.

ადგილზე მხოლოდ გადაბრუნებული სამაშველო ნავი, სამი სამაშველო ტივი და გემის აღჭურვილობის ნაწილები იპოვეს, რომლებიც ზღვის ზედაპირზე ტივტივებდნენ. მედიის ინფორმაციით, დაკარგული ეკიპაჟის პოვნის იმედი ფაქტობრივად არ არსებობს.

ბორტზე სავარაუდოდ 10-დან 20-მდე წევრი იმყოფებოდა. ამ დრომდე არ ვრცელდება დაზუსტებული ინფორმაცია, რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ეკიპაჟის წევრები.

„ბათუმელები“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დაუკავშირდა კითხვით, ხომ არ იმყოფებოდნენ აღნიშნულ გემზე ქართველი მეზღვაურები. სააგენტოში გვაცნობეს, რომ აღნიშნულ გემზე საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ. 

დაუდასტურებელი ინფორმაციით, გემს მარილი გადაჰქონდა და ეგვიპტიდან რუმინეთში მიცურავდა.

დრონები ბულგარეთის სანაპიროდან 80 საზღვაო მილის დაშორებით ორ სატვირთო გემს 6 ოქტომბერს დაეჯახა. სატვირთო გემი ALFA WATAN-ი ძლიერი აფეთქების შემდეგ რამდენიმე წამში ჩაიძირა.

მედიის ცნობით, მეორე გემის მდგომარეობა, რომლის ეკიპაჟის 18 წევრი, თურქეთის და ინდოეთის მოქალაქეები გადაარჩინეს, ასევე კრიტიკულია. გემი, სავარაუდოდ, ჩაიძირება.

___________________

ფოტოზე: კომერციული გემი ALFA WATAN-ი.

 

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა

თიბისისა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, 3 ოქტომბერს, საქართველოში პირველად საერთაშორისო AI კონფერენცია „Crossroad AI“ გაიმართა.

კონფერენციამ შექმნა სივრცე, სადაც საერთაშორისო გამოცდილება და ადგილობრივი AI შესაძლებლობები ერთმანეთს შეხვდა და ახალი თანამშრომლობებისთვის საფუძველი შეიქმნა. ღონისძიებას 500-ზე მეტი ქართველი და უცხოელი AI პროფესიონალები, ინჟინრები, მკვლევრები და ტექნოლოგიური ლიდერები ესწრებოდნენ.

თიბისი ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების მიმართულებით AI ეკოსისტემის განვითარების მოწინავე ბრენდია საქართველოში და ტექნოლოგიური განათლების მთავარი მხარდამჭერია. თიბისი აქტიურად უწყობს ხელს ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის სფეროს განვითარებას, AI ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინიციატივების განხორციელებასა და ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას. სწორედ ამ ხედვის ნაწილია Crossroad AI-ის მხარდაჭერაც.

წლევანდელი Crossroad AI-ის მთავარი თემა იყო ხელოვნური ინტელექტის გავლენა ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე, მათ შორის დეველოპმენტზე, პროდუქტების შექმნასა და კომპანიების კორპორატიულ ფუნქციებზე.

კონფერენციაში 20-მდე საერთაშორისო და ქართველი სპიკერი მონაწილეობდა წამყვანი AI კომპანიებიდან. სპიკერებმა რეალური გამოცდილება გააზიარეს და ისაუბრეს იმაზე, რა მუშაობს დღეს და როგორ იცვლება AI-ის განვითარებასთან ერთად ინჟინრების, პროდუქტის გუნდებისა და მენეჯერების ყოველდღიური საქმიანობა.

მოწვეულ 25 სპიკერს შორის იყვნენ ისეთი წამყვანი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები, როგორიცაა Anthropic/Claude, Google/Gemini, YouTube, Hugging Face, ElevenLabs, Make და სხვა.

კონფერენცია ორ – Builders და Applied  მიმართულებას აერთიანებდა და მოიცავდა AI-ზე დაფუძნებულ დეველოპმენტს, AI აგენტებს, ღია და ხმოვან მოდელებს, პროდუქტებსა და ბიზნესპროცესებში AI-ის გამოყენებას. ღონისძიების ფარგლებში მენეჯერებისა და დეველოპერებისთვის პრაქტიკული ვორქშოფებიც ჩატარდა.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოში შეიქმნას გარემო, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ AI-ის მიმართულებით თანამედროვე ცოდნა, განივითარონ შესაბამისი უნარები და აქტიურად ჩაერთონ ტექნოლოგიური მომავლის შექმნაში.

Exit mobile version