განათლება,მთავარი,სიახლეები • •

სამინისტრო 866 231 ლარს დახარჯავს მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიაზე

10.10.2026
სამინისტრო 866 231 ლარს დახარჯავს მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიაზე

განათლების სამინისტრო წელსაც ნახევარ მილინზე მეტ ლარს დახარაჯავს ღონისძიებაზე, სადაც მასწავლებლების დაჯილდოებას აპირებს.

სამინისტრო 866 231 ლარის მომსახურებას გამარტივებული ტენდერით შეისყიდის.

„მასწავლებლის ეროვნული დღის ფარგლებში, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით“-წერია განცხადებაში, რომლითაც „ოცნების“ განათლების მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართავს და ცერემონიისთვის საჭირო თანხების, გამარტივებული წესით დახარჯვას ითხოვს.

სამინისტრომ, რომელმაც ჯერ კიდევ წლის დასაწყისში იცის, რომ მსგავსი ღონისძიება უნდა გამართოს ოქტომბერში, გამარტივებული შესყიდვის მიზეზად ისევ „შემჭიდროებულ ვადებს“ ასახელებს.

სამინისტროს განცხადებით, წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონია თბილისის ნაცვლად ქუთაისში გაიმართება, „რომლის მიზანია, საგანმანათლებლო და სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებების დედაქალაქში კონცენტრაციის შემცირება და ამ მიმართულებით, რეგიონების დატვირთვა“.

„მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება, შესყიდვის ობიექტის საბოლოო მოცულობის და ტექნიკური მოთხოვნების ჩამოყალიბება საჭიროებდა საკითხის დამატებით შესწავლას და ახალი ლოკაციის სპეციფიკის გათვალისწინებას, ტექნიკური დავალების საბოლოო ფორმირებისთვის“-წერს ღირსიაშვილი.

ამ „შემჭიდროებულ ვადებში“, სამინისტროს ბაზრის კვლევაც მოუსწრია.

„ელექტრონული ფოსტის საშუალებით მოწვევა გაეგზავნა ამ მიმართულებით მომსახურე რვა კომპანიას.

თანამშრომლობის სურვილი გამოხატეს კომპანიებმა: შპს “კოლექტიკამ”, შპს “კონსიერჟ თბილისმა” და შპს “ლუმა დეველოპმენტმა”. შპს “კოლექტიკას” მოწოდებული კონცეფცია და ბიუჯეტი (უმცირესი ფასი) სრულად აკმაყოფილებს სამინისტროს მიერ შემუშავებული ტექნიკური დავალების მოთხოვნებსა და ღონისძიების საჭიროებებს“-აცხადებს სამინისტრო.

ეს „უმცირესი ფასი“ კი მთლიანობაში 866 231 ლარია, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაიხარჯოს.

მასწავლებლის ეროვნული პრემია 10 მასწავლებელს გადაეცემა, რომლებიც ასევე ბიუჯეტიდან, 10-10 ათასი ლარით დასაჩუქრდებიან.

სამინისტროს მიერ დაჯილდოებული მასწავლებლები, ძირითადად ხელისუფლების მიერ ლოიალობით გამოირჩევიან და კრიტიკას გაურბიან.

_______________

მსგავს თემაზე:

რა კითხვებს გაურბიან ხელისუფლების მიერ დაჯილდოებული პედაგოგები

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: