მთავრობა ვერც აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილ შენობას ყიდის და ვერც სხვა ქონებას – 32 აუქციონი

აჭარაში „ოცნების“ მთავრობას ისევ უჭირს ქონების სარფიანად გასხვისება.

2026 წლის ორ კვარტალში, მეორე მცდელობის მიუხედავად, აჭარის მთავრობამ აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი შენობა კვლავ ვერ გაყიდა და 15 სექტემბერს განმეორებით აუქციონზე გაიტანა. მთავრობას ფასი არ შეუმცირებია, შეცვალა მხოლოდ ფასის გადახდის პირობები.

2026 წლის ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიშის მიხედვით, აჭარის მთავრობამ 6 თვეში სხვადასხვა ქონების გასასხვისებლად 32-ჯერ გამოაცხადა აუქციონი, მათ შორის იყო განმეორებითი აუქციონებიც, თუმცა მათი უმეტესობა ჩაიშალა, ქონება ვერ გაასხვისეს.

მთავრობა ამ შეფერხებას სამრეწველო ზონაში ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის, მთავარი და მეორეხარისხოვანი გზების საბოლოო პროექტის დაზუსტებას უკავშირებს:

„არ დასრულებულა რიგი სამართლებრივი დავები უძრავი ქონებების გამოთავისუფლების თაობაზე. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიმდინარე პროცედურების ნაწილი ვერ დასრულდა აღნიშნულ კვარტალში, რის გამოც 50-მდე შეფასებული უძრავი ქონების გამოცხადება ვერ მოხერხდა, რამაც გამოიწვია მოსალოდნელი შემოსულობების შეუსრულებლობა“ – განმარტავს აჭარის ეკონომიკის სამინისტრო ანგარიშში.

სამინისტრომ ასევე დააზუსტა, რომ საჭირო იყო განსაზღვრულიყო „საინვესტიციო ნაკვეთების შესაბამისობა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან“.

2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის არაფინანსური აქტივების კლების [ასეა დასათაურებული ქონების გაყიდვა ბიუჯეტში] გეგმა 30 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული, ფაქტობრივი შესრულება კი 7 მილიონ 861 800 ლარია.

სამინისტროს ინფორმაციით, 6 თვეში ძირითადი კაპიტალის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა 2 მილიონ 549 200 ლარი შეადგინა, ხოლო მიწის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა – 5 მილიონ 312 600 ლარი.

ძირითადი კაპიტალი შეიძლება იყოს მანქანა-დანადგარები, მოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალებები ან სხვა ფიქსირებული აქტივები, რომლებიც ავტონომიური რესპუბლიკის ბალანსზე ირიცხებოდა.

რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს შენობას, ამ შემთხვევაში აჭარის მთავრობა პირობიანი აუქციონით ყიდის უმაღლესი საბჭოს ყოფილ შენობას ჩაქვში – 13 147 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ შენობას, რომელიც 2508.53 კვ.მეტრია. საწყისი ფასი 4 900 000 ლარია, ბიჯი – 125 000 ლარი.

ახალი პირობების შესაბამისად, მყიდველმა საბოლოო საპრივატიზებო საფასური 2 ეტაპად უნდა გადაიხადოს. კერძოდ, 2026 წლის პირველ დეკემბრამდე საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 30%, 2027 წლის პირველ მარტამდე კი – დარჩენილი თანხა.

შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში მყიდველმა 8 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ასევე, მყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 42 თვეში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღებაც უნდა უზრუნველყოს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ჩაქვიდან ბათუმში 2020 წელს გადაიტანეს. საბჭო ბათუმში იმ შენობაში განთავსდა, სადაც მანამდე ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, მანამდე კი – ქალაქის N1 საავადმყოფო იყო. ეს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

არაფინანსური აქტივების, ანუ ქონების სარფიანად გასხვისების პრობლემა აჭარის მთავრობას პირველად არ აქვს, ამაზე არაერთხელ მიუთითა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმაც.

აუდიტის მოსაზრებით, მთავრობამ იცის, რომ იმ ღირებულების ქონებას ვერ გაყიდის, რა რიცხვებსაც ის ბიუჯეტში პროგნოზირებს, მაგრამ ეს იმისთვის სჭირდება, რომ ბიუჯეტი ფორმალურად გაზარდოს და შთაბეჭდილება მოახდინოს.

ფაქტი კი ის არის, რომ აჭარის მთავრობამ არაფინანსური აქტივების ნაწილში გაწერილი გეგმა ვერც 2025- 2024 წლებში შეასრულა, ვერც 2023 და ვერც 2022 წელს. მიუხედავად ასეთი შედეგებისა, მთავრობაში საპროგნოზო მაჩვენებელში რიცხვებს მაინც ზრდიდნენ, რაც ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს არამხოლოდ შესრულების, არამედ დაგეგმვის პრობლემასთანაც.

ვინ გახდა მოსკოვის სამიზნე უკრაინის რკინიგზაზე განხორციელებული თავდასხმისას

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი

რუსეთის შეიარაღებული ძალები საჰაერო ომს დასავლეთით აფართოებენ. ისინი მიზანმიმართულად ბომბავენ სამგზავრო მატარებლებსა და სასაზღვრო ჰაბებს პოლონეთის სიახლოვეს, რათა უკრაინის სატრანზიტო ქსელი მწყობრიდან გამოიყვანონ.

ატლანტიკური საბჭოს ფორუმზე დასავლელმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ მოსკოვის ამოცანაა, გაანადგუროს საბაზისო ეკონომიკური ცხოვრება უკრაინაში და გამოცადოს დასავლეთის სიმტკიცე.

ატლანტიკური საბჭოს 14 სექტემბრის დისკუსიას წინ უძღოდა იმ სარკინიგზო შემადგენლობის დაბომბვა, რომელშიც უცხოელი დელეგატები მგზავრობდნენ.

გენერალმა დევიდ პეტრეუსმა განაცხადა, რომ პოლონეთის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში, მის მატარებელში სამჯერ გამოაცხადეს ევაკუაცია, გვერდითა მატარებლის ლოკომოტივს კი დრონი დაეცა:

„მატარებლიდან მგზავრები სამჯერ ჩამოიყვანეს. იქვე ბენზინგასამართი სადგური და მეზობელ ლიანდაგზე მდგარი ლოკომოტივი დაიბომბა. რუსეთი ცდილობს, უკრაინამ ვერ შეასრულოს სახელმწიფოს ფუნქცია, ვერ გადაიყვანოს მგზავრები, ვერ გადაზიდოს ტვირთი და სამხედრო აღჭურვილობა.

გადამწყვეტია არა ის, თუ ვინ რას გამოიგონებს სხვაზე ადრე, არამედ ის, თუ ვინ განავითარებს ამ გამოგონებას, ვინ გააფართოებს მის წარმოებას, ან გააუმჯობესებს მას უფრო სწრაფად, ვიდრე მოწინააღმდეგე კონტრზომებს მოიგონებს. ეს ომი ადაპტაციის ომია“.

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, რომლის მატარებელმა დაბომბვამდე ცოტა ხნით ადრე გაიარა, თქვა, რომ მსგავსი თავდასხმები კრემლის პანიკაზე მეტყველებს:

„რუსები მოძრავ მატარებელს ადვილად არ ურტყამდნენ. როგორც ვხედავთ, ეს შეიცვალა. ისინი დღეს უფრო აგრესიულად ესხმიან თავს გმირ უკრაინულ რკინიგზას. ესაა პუტინის სასოწარკვეთილება. მას სურს, გაზარდოს ტერორიზმი და დააშინოს უკრაინელი ხალხი.

ეს დავითისა და გოლიათის ბრძოლაა. დავითს ხელთ უპყრია შურდული, რომლითაც რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურას ანადგურებს. რატომ ვთხოვთ უკრაინელებს, რომ შურდული ძირს დადონ? ეს სრული სიგიჟეა. პუტინს მთელი უკრაინა სურს“. 

პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ კვასნევსკიმ განაცხადა, რომ მოსკოვს მოწინააღმდეგის სრული დამორჩილება სურს:

„პუტინის ნამდვილი ამოცანაა, მთელი უკრაინა რუსეთის გავლენის ზონაში მოაქციოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ომი წლების განმავლობაში გაგრძელდება, უკრაინის და რუსეთის კონფლიქტი კი მომავალ თაობებს გადაეცემა“.

ატლანტიკური საბჭოს მკვლევარმა კლარა მალუდეროვიჩმა გაიხსენა, როგორ იმალებოდა მინდორში უკრაინის მოქალაქეებთან ერთად:

„ჩვენს მატარებელში უმთავრესად ქალები და ბავშვები მგზავრობდნენ. ის სამხედრო სამიზნე არ იყო. შემაძრწუნებელია, როდესაც თავს ზემოთ შაჰედის ხმა გესმის და იცი, რომ გხედავენ“. 

თავდასხმების შესაჩერებლად სპიკერებმა დასავლეთს სთხოვეს, უკრაინას პატრიოტის რაკეტები, აგრეთვე საჰაერო თავდაცვის სხვა ტექნოლოგიები გაუგზავნონ; ამას გარდა, კიევს 27 მილიარდის დოლარის საბიუჯეტო დეფიციტის დაფარვაში დაეხმარონ და გაამკაცრონ რუსეთის ენერგეტიკაზე დაწესებული სანქციები.

მათი აზრით, უკრაინამ ნატოში გაწევრიანების გარანტია უნდა მიიღოს, რითაც პუტინს გამარჯვების თეორია ხელიდან გამოეცლება.

ჩამონგრეული სახლის ადგილზე აშენებულ ახალ კორპუსში პოლიცია ოფისს ნახევარ მილიონად მოიწყობს

ბათუმში, 26 მაისის 13 ნომერში, ჩამონგრეული სახლის ადგილზე აშენებულ ახალ კორპუსში ქალაქის მერიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 წლით სარგებლობაში 256 კვადრატული მეტრი საოფისე ფართობი გადასცა.

ახალ მისამართზე, როგორც ჩანს, ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილება გადადის, რომელიც ოფიციალურად გორგილაძის 54 ნომერში მდებარე კორპუსშია განთავსებული, თუმცა შესასვლელი ლერმონტოვის ქუჩის მხრიდან აქვს.

26 მაისის 13 ნომერში „ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე“ აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა ტენდერი 560 ათას 998 ლარით გამოაცხადა.

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და მოცულობები განსაზღვრულია დეფექტურ აქტში, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას ერთვის.

ტენდერში წინადადებების მიღება იწყება 2026 წლის 10 ოქტომბერს და 15 ოქტომბერს დასრულდება.

სამუშაოები შესრულების ვადა კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეა.

„შესყიდვა განხორციელდება 2026-2027 წლების ბიუჯეტების ფარგლებში, რასთან დაკავშირებითაც გაცემულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2026 წლის 24 სექტემბრის თანხმობა მრავალწლიან შესყიდვასთან დაკავშირებით“ – წერია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში.

ტენდერის პირობის მიხედვით აჭარის პოლიციის დეპარტამენტი 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მაქსიმუმ  168 299 ლარს გადაიხდის, ხოლო 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით – 392 698 ლარს, თუმცა სამუშაოების საბოლოო ღირებულება ტენდერის დასრულების შემდეგ დაზუსტდება.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩის N13-ში საცხოვრებელი კორპუსი 2021 წლის 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. გამოძიების ვერსიით, სახლის ჩამონგრევა საყრდენი კედლის მოშლამ გამოიწვია. შემთხვევას 9 ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. მერიამ 20 ათასი ლარი გამოყო ჩამონგრეული კორპუსის დემონტაჟის პროექტისთვის, ხოლო ახალი კორპუსის აშენება ქალაქის ბიუჯეტს 8 მილიონი ლარი დაუჯდა.

ამ ახალი კორპუსის პირველ სართულზე, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 256 კვადრატული მეტრი ფართობის სახელმწიფოსთვის გადაცემაზე ბათუმის საკრებულოს და მერიას ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2025 წლის 14 ნოემბერს მიმართა.

„გაცნობებთ, რომ ქონების ეროვნულ სააგენტოში შემოსულია შსს-ს წერილი, რომელიც ეხება, ქალაქ ბათუმში, 26 მაისის ქუჩა, N13-ში მდებარე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის საკითხს, შემდგომში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით,“ – ეწერა ქონების სააგენტოდან ბათუმის თვითმმართველობაში გაგზავნილ წერილში.

საჯარო რეესტრის მიხედვით, ბათუმის საკრებულოს მიერ 2025 წლის პირველ დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე აღნიშნული ფართობის მოსარგებლე შინაგან საქმეთა სამინისტროა. რეესტრის მონაცემებით სამინისტროსთვის უფასო სარგებლობის უფლებით აღნიშნული ფართობი 10 წლითაა გადაცემული.

ამ თემაზე:

შსს ბათუმში ჩამონგრეული სახლის ადგილას აშენებულ კორპუსში 256 კვ.მ-ს ითხოვს

 

 

14-მილიონიანი პროექტის შეფერხების მიზეზად ბათუმის მერია მოსახლეობის ინტერესებს ასახელებს

14-მილიონიანი პროექტის შეფერხების მიზეზად ბათუმის მერია სატრანსპორტო ნაკადების ინტენსიურ მოძრაობას და მოსახლეობის ინტერესებს ასახელებს.

საუბარია აეროპორტის გზატკეცილის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესზე, გზატკეცილის N1-დან 93-მდე. მერიაში აცხადებენ, რომ 14-მილიონიანი პროექტი მოსახლეობის ინტერესებისა და სატრანსპორტო ნაკადების გამო შეფერხდა.

მერიის ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის ორ კვარტალში კომპანიას 10 მილიონი ლარი უნდა ჰქონოდა ათვისებული, თუმცა შესრულება მხოლოდ 10 პროცენტი იყო.

ბათუმის მერია ამ საკითხთან დაკავშირებით ბიუჯეტის  2 კვარტალის შესრულების ანგარიშში განმარტავს:

„აღნიშნულ ლოკაციაზე დასრულდა ასფალტ-ბეტონის 2 ფენის დაგების სამუშაოები და მიმდინარეობს ბორდიურების და გარე განათების მოწყობის სამუშაოები. აღნიშნული გზატკეცილის მონაკვეთი წარმოადგენს ბათუმის ერთ-ერთ ცენტრალურ და მაღალი დატვირთვის მქონე საავტომობილო გზას, სადაც დღის სხვადასხვა მონაკვეთში ფიქსირდება ინტენსიური სატრანსპორტო მოძრაობა.

შესაბამისად, საპროექტო სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაოების უსაფრთხოდ და ტექნოლოგიური მოთხოვნების დაცვით შესრულება გზაზე მოძრაობის ნაწილობრივი ან სრული შეზღუდვის გარეშე შეუძლებელი იყო.

ასევე, გასათვალისწინებელი იყო ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები, მიმდებარე კომერციული ობიექტების ფუნქციონირება, ტურისტული სეზონის პერიოდში ქალაქში გაზრდილი სატრანსპორტო ნაკადები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილების აუცილებლობა“.

მერია ასევე განმარტავს, რომ მიმდინარე  საკურორტო სეზონის დროს ამ ქუჩაზე გადაადგილების შეზღუდვა მოსახლეობას დისკომფორტს შეუქმნიდა, რადგან მიმდებარე ქუჩებიც ჩაკეტილი იყო:

„ხელშეკრულების მიმდინარეობის პროცესში, პარალელურად სხვა ხელშეკრულებების ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა ბათუმის სხვა ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც სრულად იყო შეზღუდული მოძრაობა, დამატებით აეროპორტის გზატკეცილის შეზღუდვა კი გამოიწვევდა სატრანსპორტო კოლაფსს და მოსახლეობას შეუქმნიდა დისკომფორტს.

ასევე, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში გამოვლინდა რიგი ტექნიკური საკითხები და აუცილებელი გახდა არსებულ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში კორექტირების შეტანა. გამომდინარე აქედან ვერ განხორციელდა კვარტალური გეგმით გათვალისწინებული ასიგნების ათვისება“  – განმარტავს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.

შესყიდვების პორტალზე არსებული ინფორმაციით  ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე მერიამ ტენდერი 2024 წლის ბოლოს გამოაცხადა. შესყიდვის საწყისი ღირებულება 15 მილიონ 132 770 ლარი იყო. 2025 წლის 26 თებერვალს ხელშეკრულება 13 მილიონ 995  000 ლარზე გააფორმეს.

2025 წლის აპრილში კომპანიას 2 მილიონ  700 000 დაურიცხეს ავანსის სახით, თუმცა სამუშაოები დაუყოვნებლივ ვერ დაიწყო ზემოთ მითითებული მიზეზების გამო. მალევე ამას კიდევ ერთი პრობლემა დაემატა. შემსრულებელმა კომპანიამ მერიას აცნობა, რომ პროექტი, რომლითაც უნდა ემუშავა, დასაზუსტებელი იყო:

„აქვე, დამკვეთის, საზედამხედველო კომპანიისა და საპროექტო ორგანიზაციის მიერ ფაქტობრივად არსებული მდგომარეობის ადგილზე შესწავლის შედეგად  დადგინდა, რომ აუცილებელია კორექტირების შეტანა არსებულ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში.

კერძოდ, საჭირო გახდა გარკვეული ტექნიკური გადაწყვეტილებების დაზუსტება და არსებული პროექტის ადაპტირება ფაქტობრივ პირობებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამუშაოების ხარისხიანად, უსაფრთხოდ და მოქმედი სამშენებლო ნორმების სრული დაცვით შესრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამჟამად მიმდინარეობს კორექტირებისათვის საჭირო შესაბამისი დოკუმენტაციის, ტექნიკური გადაწყვეტილებებისა და შეთანხმებების მომზადება, რის დასრულების შემდგომაც შესაძლებელი იქნება სამუშაოების შეუფერხებლად გაგრძელება სრულ მასშტაბში“.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კომპანიას სამუშაოების შესრულების საბოლოო ვადა 2026 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით გაუგრძელეს.

თავდაპირველი შეთანხმებით, კომპანიას სამუშაოები 2026 წლის  30 მაისის ჩათვლით უნდა დაესრულებინა.

ამ დროისთვის, შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, კომპანიას ჩარიცხული აქვს 4 მილიონზე მეტი ლარი.

რაზე გაფორმდა მესამე შეთანხმება ამ თემაზე ვრცლად ნახეთ აქ:

ბავშვებისთვის სახიფათო გადასასვლელი „დინამო ბათუმის“ აკადემიასთან – მერიაში კითხვას არ პასუხობენ | ვიდეო

 

ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში მოძრაობა 2 თვით აიკრძალება – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის შემოვლით გზაზე, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი [ასაქცევი]-სარფის საავტომობილო გზის ნაწილია, გვირაბების ელექტრო და მექანიკური სისტემების სამონტაჟო სამუშაოები ჩატარდება.

„სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულების მიზნით, 28 სექტემბრიდან ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ ღამის საათებში დროებით შეიზღუდება:

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 00:00-დან 07:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას – 02:00-დან 07:00 საათამდე.

აღნიშნული რეჟიმი ორი თვის განმავლობაში იმოქმედებს.

დღის საათებში ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება,“ – აცხადებს დეპარტამენტი.

შეზღუდვის პერიოდში, ფოთი–სარფის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი ბათუმის შემოვლითი გზის 92-ე კმ-ზე არსებული მახინჯაურის სატრანსპორტო კვანძიდან ქალაქ ბათუმის გავლით იმოძრავებს და სენაკი–ფოთი–სარფის საავტომობილო გზას 109-ე კმ-ზე დაუკავშირდება.

სარფი–ფოთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი კი, იმავე მარშრუტით, საპირისპირო მიმართულებით იმოძრავებს.

გვირაბი ბათუმის შემოვლით გზაზე / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

დასავლეთ საქართველოში გაავდრდება – გაფრთხილება ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ.

სააგენტოს ცნობით, 28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1-ელი ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთის მთიან და მაღალმთიან რაიონებში – ზოგან ძლიერი ინტენსივობის.

შესაძლებელია ელვა-ჭექა, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“ – წერს სააგენტო.

რუსეთის დარტყმის შედეგად კიევში მეცნიერებათა აკადემიის შენობა იწვის

28 სექტემბერს კიევის ცენტრში რუსეთის დარტყმის შედეგად უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობას ხანძარი გაუჩნდა.

ბოლო ცნობებით, მინიმუმ ერთი ქალი დაიღუპა, ოთხი პირი კი დაშავდა. ადგილზე გრძელდება სამაშველო სამუშაოები.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, 28 სექტემბერს კიევში რუსეთის თავდასხმების შედეგად უკვე 19 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვია.

„კიევში საჰაერო თავდასხმის შესახებ განგაში თითქმის უწყვეტად გრძელდება. არსებობს დრონების საფრთხე“ – წერს უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“.

რუსეთის თავდასხმაზე წერს ტელეგრამზე ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. იგი ხაზს უსვამს, რომ რუსეთმა კიევში დაარტყა სამედიცინო დაწესებულებასაც.

„დღეს შუადღისას რუსებმა ასევე დაარტყეს სამედიცინო დაწესებულებას დედაქალაქის ცენტრში. მაშველები ახლა ცდილობენ ხანძრის სწრაფად ჩაქრობას.

… მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ ტერორისტები გააგრძელებენ მოქმედებას, თუ მათ აქ, უკრაინაში არ შეაჩერებენ. და ჩვენ არ შეგვიძლია თვალის დახუჭვა ასეთ სასტიკ თავდასხმებზე. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ – გლობალური გადაწყვეტილებითა და ძალით. ჩვენ ვენდობით ევროპის, ამერიკის და ჩვენი სხვა პარტნიორების ძალას, რომლებსაც შეუძლიათ სიცოცხლის დაცვაში დახმარება“ – წერს ზელენსკი.

ძველ ბათუმში ხანძრის შედეგად ორი ბინა დაიწვა

28 სექტემბერს ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ქუთაისის ქუჩების კვეთაზე მდებარე ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე ორი ბინა დაიწვა, ერთი ბინა კი ხანძრის ქრობის დროს წყლის ჩასვლის შედეგად დაზიანდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და პოლიცია. აქვე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. ექიმის დახმარება დასჭირდა ერთ ქალს, რომელმაც მსუბუქი დაზიანება მიიღო ხელზე.

ხანძარი ძველ ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“
ორი ბინა სრულად დაიწვა, მესამე ბინა კი წყლის ძლიერმა ნაკადმა დააზიანა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქირით გადაყვანა შესთავაზეს სამივე ოჯახს, თუმცა ამ დროისთვის შეთავაზებას დასთანხმდა მხოლოდ ერთი ოჯახი.

ხანძარი ძველ ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“
ხანძარი ძველ ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“

სად შეძლებთ ძაღლებისა და კატების ცოფზე აცრას უფასოდ – მისამართები აჭარაში

28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში შესაძლებელი იქნება ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაცია ცოფზე – კამპანიას სურსათის ეროვნული სააგენტო ატარებს ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნული დღეების განმავლობაში აცრის უფასოდ გაკეთება ბათუმში და აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტშია შესაძლებელი შემდეგ მისამართებზე:

  •  ბათუმი – 6 მაისის პარკი;
  • ხულო – სტალინის ქ. №2 (აჭარის რეგიონული სამმართველოს შენობა);
  • შუახევი – სელიმ ხიმშიაშვილის ქ. №1 (აჭარის რეგიონული სამმართველოს შენობა);
  • ქედა – 26 მაისის ქ.№ 2 (აჭარის რეგიონული სამმართველოს შენობა);
  • ხელვაჩაური – დიდ აჭარის ქ. 23 (აჭარის რეგიონული სამმართველოს შენობა);
  • ქობულეთი – თავისუფლების ქ.N 19.
ცხოველების უფასო ვაქცინაცია შესაძლებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით. რეგიონებში ამცრელი პუნქტების ზუსტი მისამართები შეგიძლიათ ნახოთ სააგენტოს გვერდზე.
ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე 28 სექტემბერს 2007 წლიდან აღინიშნება. თარიღი უკავშირდება ფრანგი იმუნოლოგის, ლუი პასტერის გარდაცვალების დღეს. სწორედ პასტერმა შექმნა ცოფის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა 1885 წელს.
ამ დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ გზით დაავადების პრევენცია. ცოფის კონტროლის გლობალურმა ალიანსმა (GARC) 2026 წლის გზავნილად განსაზღვრა „ერთად უფრო ძლიერები“. გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ეს გზავნილი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად მნიშვნელოვანია ყველა რგოლის ჩართულობა ცოფთან ბრძოლისას.

ორი ავარია ერთ დღეში – როგორია ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა

27 სექტემბერს ბათუმში ორი ავტოავარია მოხდა – შუადღისას, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მიკროავტობუსი ქვეითებს დაეჯახა, რის შედეგადაც 5 წლამდე ბავშვი დაიღუპა და 3 ადამიანი დაშავდა, მეორე ავარია კი იმავე საღამოს ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მოხდა ბათუმში, რის შედეგადაც 2 მოზარდი დაშავდა.

ხელვაჩაურის გზაზე დაშავებულებიდან ერთი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. დაშავებული 33 კვირის ორსული ქალია.

მას თავის ტვინის შერყევა და მხრის ტრავმა აქვს. კლინიკის ცნობით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეეხება ავარიის შედეგად დაშავებულ მოზარდებს – ორივე მათგანი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება. კლინიკის ცნობით, ერთი მოზარდი უკვე პალატაში გადაიყვანეს, მეორე კი რეანიმაციულ განყოფილებაშია, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

აჭარაში ანტირაბიულ კაბინეტს წელს 4452-მა პაციენტმა მიმართა – რა უნდა ვიცოდეთ ცოფზე

დღეს, 28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით საქართველოში ყოველწლიურად ცოფზე საეჭვო ცხოველთან კონტაქტის და სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანების გამო ანტირაბიულ კაბინეტს სამედიცინო მომსახურებისთვის  60 000-დან 62 000-მდე დაზარალებული მიმართავს. პაციენტთა მომართვიანობა მაღალია აჭარაშიც.

აჭარაში ანტირაბიულ კაბინეტს წელს, 2026 წლის აგვისტოს ჩათვლით, 4452-მა პაციენტმა მიმართა, 2025 წელს კი – 6015-მა. 

ცოფის პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით  ანტირაბიული კაბინეტების საქმიანობის რეგულარულ მონიტორინგს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს, ეს პროცესი მოიცავს პაციენტების შესახებ შეტყობინებების მიღებასა და აღრიცხვას, ანტირაბიული პროფილაქტიკური მკურნალობის მიმდინარეობის მონიტორინგს, აცრების შეწყვეტის შემთხვევაში პაციენტთა შემდგომ მეთვალყურეობას, შესაბამისი ინფორმაციის გაცვლას ვეტერინარულ სამსახურთან და სხვა ტერიტორიულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებთან, სტატისტიკური ანგარიშების მომზადებას და ა.შ.

სამინისტროს ცნობით, დაზარალებულ პაციენტთა საერთო რაოდენობიდან 31% 15 წლამდე ბავშვია.

მიმართვათა რაოდენობა, როგორც წესი, მატულობს გაზაფხულიდან, პიკს აღწევს ივლის-აგვისტოს თვეში, რაც აიხსნება ზაფხულის პერიოდში ცხოველებთან ადამიანების მეტი კონტაქტით, უშუალო შეხების ალბათობის ზრდით და დამსვენებელთა რაოდენობის მატებით – აცხადებს სამინისტრო.

ცხოველის მიერ დაკბენის, დადორბვლის ან დაკაწვრის დროს პირმა აუცილებლად უნდა მიმართოს უახლოეს სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებას რაც შეიძლება სწრაფად, სადაც ექიმი განსაზღვრავს მოქმედების შემდეგ ტაქტიკას.

აჭარაში ანტირაბიული სერვისის მიღება შეიძლება ბათუმის რესპუბლიკური, კლინიკური საავადმყოფოს და მუნიციპალიტეტების სამედიცინო დაწესებულებების ბაზაზე არსებულ ანტირაბიულ კაბინეტებში, ხოლო 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – ბათუმის იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ანტირაბიულ კაბინეტში.

სამინისტროს ინფორმაციით, 2025-2026 წლებში აჭარაში ცოფის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივით და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მხარდაჭერით 2007 წელს დაწესდა.

ცოფის პროფილაქტიკური ვაქცინაცია საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან მიმდინარეობს.

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს ქორწინება აიძულა

პოლიციამ მარნეულში ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულა ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელ მამაკაცს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამნაშავე ქალი ბრალდებულის სახით დააკავეს“ – წერს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 28 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 531 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +2 090. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 385 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 25 450 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 50 477 ერთეული [+49]
  • MLRS – 2 165 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 679 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 443 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 537 228 ერთეული [+1 382]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 774 ერთეული [+12]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 154 735 ერთეული [+490]
  • სპეცტექნიკა – 4 763 ერთეული [+7]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 118 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმში ავარიის შედეგად ორი მოზარდი დაშავდა

დღეს, 27 სექტემბერს, კიდევ ერთი ავარია მოხდა ბათუმში, ვაჟა-ფშაველასა და გურამიშვილის ქუჩების კვეთასთან.

პირველადი ინფორმაციით, დაშავდა ორი მოზარდი, რომლებიც მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ.

როგორც პირდაპირ ჩართვაში გამოცემა „აჭარა თაიმსს“ უთხრეს ამ ქუჩაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა, ავტომანქანა მოტოციკლს დაეჯახა, რომელზეც მოზარდები იყვნენ და შემდეგ სახლის ეზოში შევარდა.

ადგილზე იმყოფება პოლიცია.

გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო.

_______________________

ფოტოზე: კადრი „აჭარა თაიმსის“ პირდაპირი ჩართვიდან.

 

ამავე თემაზე: 

ბათუმში 5 წლამდე ბავშვი დაიღუპა ავარიის შედეგად – არიან დაშავებულები

ელენე ხოშტარია კლინიკიდან რუსთავის ქალთა ციხეში გადაჰყავთ

ელენე ხოშტარია „ვივამედის“ კლინიკიდან რუსთავის ქალთა ციხეში გადაჰყავთ. ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ თავად დაწერა ფეისბუქზე. იგი აღნიშნავს, რომ მკურნალობას ციხეში გააგრძელებს.

„დღეს ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში. მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია. ამიერიდან, მკურნალობას შერეულად გავაგრძელებ – ციხეში და ვივამედში. კლინიკაში თვეში ერთხელ მოვალ ხოლმე წამლების მისაღებად და შესამოწმებლად.

დიდი მადლობა ვივამედს, ყველა ექთანს, დამლაგებელს, ყველა თანამშრომელს ყურადღებისთვის. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ პენიტენციურ სამსახურთან გვქონდა კონსტრუქციული და საქმიანი თანამშრომლობა. მადლობა ყველა იმ ოფიცერს, რომელთანაც ამ პერიოდის განმავლობაში შეხება მქონდა. მიხარია, რომ ისინი გავიცანი. მათზე, რომ გამოვალ, მერე ვილაპარაკებ ბევრს.

ახლა კი დროებით, ერთი თვით, დავბრუნდები რუსთავის ქალთა ციხეში.

დიდი მადლობა ჩემს ექიმებს – მაკა იოსელიანს, ანი ქავთარაძეს და ყველას, ვინც შესაძლებელი გახადა ჩემი მკურნალობა“ – წერს ელენე ხოშტარია.

ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალად დასდეს სხვისი ნივთის დაზიანება (სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი). საქმე ეხება თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე ფლომასტრით გაკეთებულ წარწერას — „რუსული ოცნება“. ელენე ხოშტარიას ეს წარწერა ფაქტობრივად იყო სოლიდარობის აქტი, რომელიც სტუდენტის მიერ ბანერზე წარწერის გამო დაკავებას ეხმიანებოდა.

სასამართლომ ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, თუმცა, პოლიტიკოსმა უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე და მას 1,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობა ციხეში ყოფნის დროს გაუარესდა. 

2026 წლის მარტში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ელენე ხოშტარიასა და სხვა პოლიტიკურ პატიმართა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები არის პოლიტიკურად მოტივირებული და მიმართულია გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.

ბათუმში 5 წლამდე ბავშვი დაიღუპა ავარიის შედეგად – არიან დაშავებულები

ავტოავარია მოხდა ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე დღეს, 27 სექტემბერს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქვეითებს მიკროავტობუსი დაეჯახა, რის შედეგადაც 5 წლამდე ასაკის ბავშვი დაიღუპა.

ავარიის შედეგად 3 პირი დაშავდა, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილნი. პირველადი ინფორმაციით, დაშავებულებს შორისაა ავარიის შედეგად დაღუპული ბავშვის დედა.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 276-ე მუხლით.

შსს-ს ცნობით, მძღოლი გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში. მიმდინარეობს გამოძიება.

„ბათუმელები“ დეტალებს აზუსტებს. ინფორმაცია განახლდება. 

სროლა სკოლაში, თურქეთში – პოლიციამ 15 წლის მოზარდი და მისი ოჯახის წევრები დააკავა

თურქეთში 7 ადამიანი დააკავეს სკოლის მიმდებარედ სროლასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც 11 მოსწავლე დაშავდა.

შემთხვევა 22 სექტემბერს მოხდა მანისას პროვინციაში – 15 წლის მოზარდმა ცეცხლსასროლი იარაღით ესროლა მოსწავლეებს.

მედიის ცნობით, დაკავებულებს შორისაა თავად 15 წლის მოზარდი, მისი ოჯახის წევრები და სანადირო აღჭურვილობის მაღაზიის მფლობელი, რომელსაც თავდასხმისას გამოყენებული საბრძოლო მასალის გაყიდვაში ადანაშაულებენ. საქმეზე სულ 10 ბრალდებული წარსდგა სასამართლოს წინაშე და მათგან შვიდს: მოზარდს, მის დედას, მამას, ბაბუას, ბიძაშვილს, მეგობარსა და მაღაზიის მფლობელს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

არსებული ინფორმაციით, მოზარდის სახლის ჩხრეკისას აღმოაჩინეს იდეოლოგიური ხასიათის ჩანაწერები და მანიფესტის მსგავსი ტექსტები. ხელისუფლებას თავდასხმის მოტივი საჯაროდ ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა, თურქული მედია წერს, რომ მოზარდმა თავდასხმის მოტივად ბულინგი დაასახელა.

დაშავებული მოსწავლეებიდან სამი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

თურქეთში სკოლაში იარაღით თავდასხმები გავრცელებული არ არის, თუმცა 2026 წელს ეს უკვე სკოლაში სროლის მესამე შემთხვევაა.

შედეგად, თურქეთმა არასრულწლოვანების მიერ ცეცხლსასროლ იარაღზე წვდომასთან დაკავშირებული სასჯელები გაამკაცრა. ბავშვზე პასუხისმგებელ პირებს შესაძლოა უფრო მკაცრი სასჯელი დაეკისროთ, თუ დაუდევრობა ხელს შეუწყობს ბავშვის მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენას ან სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებას. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უსაფრთხოდ შენახვაზე პასუხისმგებლობა მშობელს ეკისრება.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 სექტემბრის 21 საათიდან 28 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტეს რაიონში – წვიმა, შესაძლებელია ჭექა-ქუხილი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
    ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
    ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 3 ბალი იქნება. ზღვის წყლის ტემპერატურა +23 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 29-30 სექტემბერს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად წვიმა. 

________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 27 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 528 970 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 690. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 384 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 25 442 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 50 428 ერთეული [+57]
  • MLRS – 2 163 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 677 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 443 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 535 846 ერთეული [+1 826]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 762 ერთეული [+14]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 154 245 ერთეული [+517]
  • სპეცტექნიკა – 4 756 ერთეული [+7]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 118 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინის შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა კრასნოდარში, ილსკის ნავთობის ქარხანაში

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„აფხაზეთი გახდა განზე გადადებული ტრავმა” – სოხუმელი მკვლევარი ომისა და კოლექტიური ტრავმის შესახებ

კოლექტიური მეხსიერებისა და იდენტობის მკვლევარი ქეთევან ეფაძე 2 წლის იყო, როცა დევნილად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ასაკის გამო ბევრი რამე არ ახსოვს, ამბობს, რომ ომისა და დევნილობის ტრავმა მშობლებისგან მიიღო.

იგი გვიხსნის, რომ ამ პროცესს ტრავმის ტრანსგენერაციული გადაცემა ჰქვია – როცა იმ მოვლენის ტრავმულ შედეგებს განიცდი, რაც თავად ფიზიკურად არ გადაგიტანია, მაგრამ განიცადა და გადაიტანა (ან, ვერ გადაიტანა) წინა თაობამ. ქეთევან ეფაძე სწორედ ომის ტრავმებს, ამ ტრავმების შედეგად ჩამოყალიბებულ იდენტობებს და აფხაზეთის ომის შესახებ მეხსიერების პოლიტიკას იკვლევს.

აკადემიური ცოდნის გაზიარების პარალელურად, ქეთევან ეფაძე პირად ტრავმებსა და გამოცდილებებზეც გვესაუბრა. გვიამბო, რამდენად მძიმედ აისახა მის ბავშვობაზე მშობლების, განსაკუთრებით, მამის პოსტტრავმული სტრესული აშლილობა აფხაზეთში ბრძოლის შემდეგ და როგორ გაუჭირდა ამ გამოცდილებასთან გამკლავება ზრდასრულ ასაკშიც კი.

ქეთევანი 2 წლის მატეოს დედაა. მისი შვილი ახლა ზუსტად იმდენი წლისაა, რამდენისაც თავად, როცა ომი და დევნილობა გამოცადა, რაც ტრავმა დარჩა და რასთან გასამკლავებლადაც წლები დასჭირდა.

რა იქნება თქვენი, როგორც მშობლის არჩევანი? – ვკითხეთ მას შემდეგ, რაც აგვიხსნა, რომ ტრავმების გადაცემა არა მხოლოდ ბუნებრივი და თავისთავადი პროცესია, არამედ არჩევანია.

„მე არჩევანი უკვე გავაკეთე და ეს არის აფხაზეთის შესახებ მეხსიერების გადაცემა, თუმცა არა ისეთი მძიმე ფორმით, როგორც მე მივიღე“, – გვიპასუხა მან.

„ბათუმელები“ ქეთევან ეფაძეს ესაუბრა არჩევანზე, რომელსაც მშობლები შვილებისთვის წარსული გამოცდილების გადაცემასთან დაკავშირებით აკეთებენ; ამ არჩევანის მიზეზებსა და შედეგებზე, აფხაზეთის ომის შესახებ კოლექტიურ მეხსიერებასა და ამ მეხსიერების ფორმირების პროცესზე.

  • ქეთევან, მოგვიყევით ომისა და დევნილობის პირადი ისტორია. როგორც ვხვდები, სწორედ ამან განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი.

2 წლის ვიყავი, როცა ომი დაიწყო. ჩემმა მშობლებმა დიდხანს ვერ გააცნობიერეს, რომ ომი დაიწყო და ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ყველაზე გვიან წამოსული დევნილები სოხუმიდან.

ბაბუა იყო საკმაოდ გავლენიანი პირი სოხუმში, მან შეძლო თვითმფრინავის დაქირავება და ოჯახის ნაწილი გადმოვფრინდით, მათ შორის მე, დედა და ჩემი და.

ერთადერთი მოგონება, რომელიც სოხუმიდან მახსოვს, ეს არის მამა სამხედრო ფორმაში, რომელთან დაშორებაც მაიძულეს. მამა ყოველთვის ძალიან მიყვარდა, ამიტომ ძალიან მძიმე იყო ეს კადრი, ეს ამბავი. ცხადია, 2 წლის ასაკში ვერ ვაცნობიერებდი, რომ გარშემო ტყვიებს ისვროდნენ.

წამოსვლამდე, რამდენიმე დღე, ვიმალებოდით მთიან აფხაზეთში. ასეთი გამოცდილებებიც ახდენს ცხოვრებაზე გავლენას. მაგალითად, რა სიზმრებს ხედავ მერე ამ ტრავმის შემდეგ, როგორია შენი კომუნიკაცია დანარჩენ სამყაროსთან, რამდენია შენი ნდობა სხვა პირებისადმი და რა გრჩება წარსულიდან.

დიდი ხნის მანძილზე მქონდა დევნის შეგრძნება. შეგრძნება, რომ ვიღაც მომდევს და არანაირ გარემოში თავს უსაფრთხოდ არ ვგრძნობდი. ძალიან მიჭირდა ღამით შუქის ჩაქრობა, იმიტომ რომ სიბნელეში ვერ ვიძინებდი; მეგონა, კარი გაიღებოდა და ვიღაც შემოვიდოდა. ეს ყველაფერი ბავშვობაში დაიწყო და ძალიან დიდხანს გამყვა. იქამდე, ვიდრე იმის გადააზრება არ დავიწყე, თუ რა მოხდა და როცა ეს დავიწყე, ვიყავი 25 წლის.

  • მამაზე გვიამბეთ და ომზე, რომელიც პირადად მან გამოიარა. რა გავლენა ჰქონდა ამას მასზე და თქვენზე, როგორც მის შვილზე?

მამაჩემი იყო მოხალისე ამ ომში. ომის დაწყებამდე ის მუშაობდა სადოქტორო ნაშრომზე. სწავლობდა ლვოვში, უკრაინაში, ეკონომიკის ინსტიტუტში, სადაც ჰყავდა შვეიცარიელი ხელმძღვანელი და იკვლევდა საბჭოთა კავშირის მაკროეკონომიკურ სტრუქტურებს. მას განსაზღვრული ჰქონდა თავისი ცხოვრება. იცოდა, რა უნდა ეკეთებინა მომავალში. დაგეგმილი ჰქონდა, რომ როცა დაიცავდა თავის ნაშრომს, წასულიყო და ემოგზაურა დასავლეთ ევროპაში. ჰყავდა ცოლი და ორი შვილი და მომავლის ბედნიერ სცენარს წარმოიდგენდა მთელი ოჯახისთვის.

ომი მისთვის მოულოდნელად დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკის დონეზე იყო რაღაც ნიშნები, რომ დაძაბულობა არსებობს, ომზე არ ვფიქრობდით. ამის მიუხედავად, მამაჩემის გადაწყვეტილება, შეერთებოდა ქართველ სამხედროებს, არ იყო სპონტანური. ეს იყო ძალიან კარგად გააზრებული გადაწყვეტილება, რომ ის იცავს საკუთარ მიწას და იცავს შვილებს დარბევისგან.

ახალგაზრდა ინტელექტუალი მთლიანად მოექცა ომის ჩარჩოში. კაცი, რომელმაც ომამდე იარაღის სროლა არ იცოდა, უეცრად გადაიქცა ამ ომის ტყვედ. ის ძალიან გვიან წამოვიდა აფხაზეთიდან. ომის დამთავრებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ დატოვა ტერიტორია და როცა ჩამოვიდა თბილისში, ის იყო სხვა მამა. ის არ ჰგავდა იმ მგრძნობიარე ადამიანს, რომელიც მე ძალიან მიყვარდა.

მამა იღვიძებდა ღამით და ყვიროდა ჩემთვის გაუგებარ რუსულ ენაზე. მერე, როცა ხვდებოდა, რომ გაგვაღვიძა, რასაკვირველია, ემოციურად აღვიქვამდი ამ მომენტს – დიდხანს ტიროდა და ჩემთვის მიუღებელი იყო, რომ მამა, მთასავით კაცი, ტირის. რა ხდება მის თავს? კითხვები მქონდა და ამ კითხვებს ხმამაღლა ვერ ვსვამდი.

კიდევ ერთი მომენტი მის ტრანსფორმაციაში იყო ის, რომ გახდა ძალიან რელიგიური. კაცი, რომელსაც იქამდე ნაკლებად ჰქონდა რწმენა, იყო მარქსისტი მემარცხენე ინტელექტუალი, უცებ გახდა ძალიან რელიგიური ადამიანი. მთლიანად გადაერთო ხატვაზე – ეს ეხმარებოდა ტრავმის დაძლევაში.

თერაპიის ერთ-ერთი გზა იყო 5 წლის ცნობისმოყვარე შვილისთვის კითხვებზე პასუხის გაცემა: ვეკითხებოდი, რატომ იღვიძებდა ღამით. მითხრა, რომ მოხვდა ალყაში. მე არ ვიცოდი, რა იყო ალყა. მერე მითხრა, რომ ალყა ისაა, როცა შენ გარშემო მტრები არიან შემოკრებილი და შეიძლება ნებისმიერ წუთს მოკვდე. მე არ ვიცოდი, რა იყო სიკვდილი, 5 წლის ასაკში ცოტა ადრეა, გააცნობიერო ეს. 

მაშინ რატომღაც წარმოვიდგინე, რომ მამა იყო გმირი და ეს ყველას მოვუყევი. ვყვებოდი, რომ მამაჩემი ალყიდან მარტო გამოვიდა – რასაკვირველია, იქ სხვებიც იყვნენ და ერთად გაარღვიეს ალყა, მაგრამ მე ვყვებოდი ისე, როგორც წარმომედგინა.

ამას ემატებოდა სხვა მძიმე, სისხლიანი ისტორიები, ომის სცენები და ამასთან ცხოვრება არ იყო ადვილი. ერთია, რა ტრავმა გამოიარე ომის დროს, დევნილობის სიდუხჭირე და სიმძიმე და მეორეა ის, რომ ამ ყველაფერს, ამ ისტორიებს იგებ ბავშვი, რომელიც არ ხარ მზად ამ ისტორიების მისაღებად, იმიტომ, რომ ძალიან ადრეა შენთვის. 

როცა ამ ყველაფერს ვყვებოდი მეგობრებთან, ეგონათ რომ ვიგონებდი. ძალიან ვბრაზდებოდი, რომ არავის აინტერესებდა და არავის ესმოდა რას ვამბობდი. ხანდახან სიცილის საბაბიც ხდებოდა ჩემი მოყოლილი ისტორიები სხვა ბავშვებში. გარკვეულწილად ეს ჩემს მარგინალიზებას იწვევდა. ამიტომ, ჩავიკეტე. საუბრის სურვილი აღარ მქონდა.

ცხადია, ამ გადმოსახედიდან, მესმის იმ ბავშვების. ბავშვს სჭირდება სახალისო ისტორია და არ უნდა კოშმარი, რომელიც შენ გადაგხდა თავს.

თუმცა, ეს ჩემთვის კიდევ ერთი ინდიკატორია იმისა, რომ აფხაზეთის ომის ტრავმა არ იყო კოლექტიური ტრავმა. ეს რომ ასე ყოფილიყო და სხვა მშობლებს ელაპარაკათ სახლებშიც, რომ აფხაზეთი დავკარგეთ და ეს ცუდია, ამ ბავშვებს შეიძლება ასეთი მიუღებლობა არ ჰქონოდათ. იმას კი არ ვამბობ, რომ ისინიც ტრავმირებულები უნდა ყოფილიყვნენ, უბრალოდ, შეიძლება თანაგანცდა ჰქონოდათ.

  • ინტერვიუს დაწყებამდე ახსენეთ, რომ ტრავმის გადაცემა არის არჩევანი. იმ გამოცდილების ფონზე, რომელიც გაგვიზიარეთ, რა იქნება თქვენი, როგორც მშობლის არჩევანი?

მე გავაკეთე უკვე არჩევანი და ეს არის აფხაზეთის შესახებ ცოდნის გადაცემა. არ ვიცი, მერე როგორ შეაფასებს ამ ყველაფერს, მაგრამ მატეო რომ გაჩნდა, ძალიან პატარა როცა იყო და ვაძინებდი, ჩემი იავნანა იყო მოგონება სოხუმზე, ანუ როგორია ქალაქი სოხუმი. ახლაც, სახლში ეღიმებათ ხოლმე [ოჯახის წევრებს], იავნანას ჩამნაცვლებელი ერთ-ერთი სიმღერა არის „გამარჯობა, აფხაზეთო შენი“. ყოველ ღამით, ამ სიმღერით მთავრდება ხოლმე მისი საღამო.

რასაკვირველია, მას ტრავმულ მომენტებს არ ვუყვები, მაგრამ როცა სოხუმზე და აფხაზეთზე ვუყვები, იცის, ხვდება, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩემთვის. ტრავმულ ნარატივებს არ გადავცემ. მინდა, რომ კარგი აფხაზეთი ახსოვდეს. არ მინდა იგივე უსახლობის განცდა ჰქონდეს ყველგან, როგორც მე. მინდა მეორე სახლი იყოს ის და პირველი აქ, სადაც ცხოვრობს.

  • მიუხედავად იმისა, რომ სოხუმში დაიბადეთ, ომის და ზოგადად, აფხაზეთის შესახებ პირადი მეხსიერება არ გაქვთ, რადგან მხოლოდ 2 წლის იყავით, როცა იქიდან წამოხვედით. თქვენი ოჯახის დევნილობის დასაწყისშიც ბავშვი იყავით. ამიტომ, ალბათ, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ დევნილთა მეორე თაობას ეკუთვნით. თქვენი შვილი მესამე თაობა გამოდის. თქვენი ოჯახის მაგალითზე, სწორი იქნება თუ არა იმის თქმა, რომ მეორე თაობის დევნილებში ომის ტრავმა უფრო მძაფრია, ვიდრე შემდეგ თაობებში?

დევნილობის წლები უკვე ცხადად მახსოვს. ეხსომებათ მათაც, ვინც იქ [აფხაზეთში] დაბადებულა ან აქ – 90-იან წლებში. 2000-იანი წლების პირველი ნახევრის ჩათვლით, განსაკუთრებით მძიმე წლები იყო. მაშინ ყალიბდებოდა აფხაზეთის ომის ტრავმა დევნილთა ჯგუფში და დევნილის იდენტობა.

დევნილთა მეორე თაობაში ძლიერია მეხსიერება წარსულზე – აფხაზეთზე, აფხაზეთის ომზე.

სამეცნიერო ლიტერატურაში ამ მდგომარეობას პოსტმეხსიერებას უწოდებენ.

ჩემი თაობა პოსტმეხსიერების თაობაა. მე მშობლების მსგავსად მახსოვს სოხუმი და აფხაზეთი. ომის დროს პატარა ვიყავი, თუმცა ტრავმული ანარეკლები არსებობს ჩემს გონებაში იმის შესახებ, რაც მოხდა. 

წარსულის მეხსიერება ჩემში ცოცხლდება იმ სახე-ხატების მეშვეობით, რომელიც მშობლებმა შექმნეს ჩემში: როგორი იყო ქალაქი სოხუმი ომამდე და ომის დაწყების მომენტში, როგორი იყო ჩვენი ურთიერთობა აფხაზებთან ომამდე და ომის დაწყების მომენტში, რა დანაკარგები მივიღეთ ომის დროს და როგორ გაქრა ის იდენტობები, რომელიც ნაცნობი იყო ჩემი მშობლების თაობისთვის და მერე, უცებ მათ ნულიდან მოუწიათ ყველაფრის თავიდან დაწყება.

ჩემში პოსტმეხსიერება ძალიან ძლიერია. ჩემი მშობლების ისტორიები მე განვიცადე და აღვიქვი, როგორც საკუთარი თვალით ნანახი და საკუთარი სხეულით განცდილი. მესამე თაობაში უკვე სუსტია ეს მეხსიერება. თუმცა, აქ ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, როგორ გადასცემს, მაგალითად, ჩემი თაობა თავისი შვილების თაობას ამ მეხსიერებას.

არიან ოჯახები, სადაც ამ მეხსიერების გადაცემა ძლიერია. იმიტომ, რომ მშობლები, ჩემი თაობა, თვლის, რომ მათმა შვილებმა უნდა იცოდნენ, რას ნიშნავს აფხაზეთი, სოხუმი და სხვა მშობლიური ადგილები მათთვის.

ძალიან ბევრი ნაცნობი მყავს, რომელთაც ძალიან ცხადად წარმოუდგენიათ, რომ დღეს თუ არა ხვალ სოხუმში დაბრუნდებიან, აფხაზეთში დაბრუნდებიან. მათ სურთ, რომ მათმა შვილებმა იცოდნენ მათი საცხოვრებელი ადგილები, იცოდნენ, რა უნდა წაიღონ თან, სად უნდა წავიდნენ, რა დახვდებათ იქ და ა.შ. ოღონდ ეს წარსულის სურათებია. იმიტომ, რომ აწმყოში რა დახვდებათ იქ, თუ ოდესმე დაბრუნდებიან, არავინ იცის.

თუმცა, რადგანაც მათი სურვილი, მათი ლტოლვა იმ დაკარგულის დაბრუნებისკენ ძლიერია, მათ სურთ, რომ მათმა შვილებმაც იცოდნენ წარსული ისე, როგორც მათ იციან.

ასევე, არიან ისეთი ოჯახებიც, სადაც ცდილობენ შვილებს ნაკლებად ესაუბრონ წარსულ ტრავმებზე. შესაბამისად, აფხაზეთიც ამ მეხსიერების გადაცემაში ისეთი ცოცხალი არ არის, როგორც, ვთქვათ, აი, წინა შემთხვევაში. მე მათ უფრო პრაგმატულ ადამიანებს დავარქმევდი, ან გულნატკენ რეალისტებს, რომლებსაც უფრო კომპლექსური წარმოდგენა აქვთ აფხაზეთის დაბრუნების საკითხზე.

მათ კარგად ახსოვთ და კარგად იციან, რას ნიშნავს იყო პოსტმეხსიერების მატარებელი, რასაც ახლავს ბევრი ვალდებულება და ტვირთია.

პირველი განცდა, ეს არის მუდმივი უსახლობის განცდა. სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან უსახლოდ ხარ. სახლი არ გაქვს, იმიტომ რომ შენი სახლი იქ [აფხაზეთში] არის, დამწვარია და სანამ იქ არ დაბრუნდები, იქამდე ვერ თვლი, რომ შენი ადგილი იპოვე. თითქოს სხეული ერთ ადგილას იმყოფება, ერთ მომენტში და შენი ცნობიერების ქრონოტოპი არის სხვა დრო და სხვა ადგილი – წარსული, სოხუმი.

მე სოხუმზე ვაკეთებ აქცენტს, იმიტომ რომ მე სოხუმიდან ვარ, ვიღაცისთვის შეიძლება ეს გაგრა იყოს, ან ოჩამჩირე.

  • თქვენი სამეცნიერო მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის კოლექტიური მეხსიერების კვლევა. აგვიხსენით, რა არის კოლექტიური მეხსიერება აფხაზეთის შესახებ მეხსიერების მაგალითზე.

კოლექტიური მეხსიერება არის გაზიარებული წარმოდგენა წარსულზე. მე, თქვენ, სხვა ქართველებს აფხაზეთის ომი გვახსოვს ერთნაირად. თუმცა, თუ უფრო სიღრმისეულად დავუკვირდებით, არსებობს განსხვავებებიც. აი, მაგალითად, დევნილებს აფხაზეთის ომზე უფრო დეტალიზებული წარმოდგენა აქვთ, ეს მათ უშუალო გამოცდილებაშია, უფრო მეტი იციან.

მე რომ არადევნილებთან დავიწყო აფხაზეთის ომზე ლაპარაკი, ზუსტად იმავე მოვლენებს, იმავე ისტორიებს გავიხსენებ, რასაც თქვენ. ასე მუშაობს კოლექტიური მეხსიერება. ის იქმნება გაზიარებული ნარატივებით და სწორედ იმიტომ გვახსოვს ერთნაირად წარსული. ჩვენ ორივე მივეკუთვნებით ერთ ერს.

ამ 34 წლის მანძილზე დაახლოებით მსგავსი ტიპის ნარატივებს ვეცნობოდით, ერთი და იგივე ხმები გვესმოდა საჯარო სივრცეში და ამან განაპირობა საერთო წარმოდგენების ჩამოყალიბება წარსულზე. კოლექტიური მეხსიერება იმის გაცნობიერებაა, რომ წარსული ერთნაირად გვეკუთვნის ყველას, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს.

თუმცა, თუკი დევნილთა ჯგუფში დავიწყებ ომზე საუბარს, ჩემი საუბარი კიდევ უფრო დეტალიზებული იქნება. აუცილებლად გავიხსენებ ოჯახის პირად ტრაგედიებს, რომელიც ამ ომს მოჰყვა. შეიძლება საჯარო გახსენების სივრცეში ეს ისტორიები ნაკლებად ამოითქვას, მაგრამ როდესაც ერთი დევნილი მეორეს შეხვდება, საუბარი აუცილებლად ამ მიმართულებით წავა. ჩვენ ვიხსენებთ იქ დაღუპულ მეზობლებს, ოჯახის წევრებს, დატოვებულ კერას და წინაპართა საფლავებს. სხვა ტიპის თხრობა მიდის საერთოდ. ამას ჰქვია ნარატივი ნარატივში – დიდი ეროვნული ნარატივის ჩარჩოში კიდევ უფრო დეტალიზებული შიდა მეხსიერებაა.

  • როგორ შეიძლება შეიცვალოს კოლექტიური მეხსიერება აფხაზეთის შესახებ, როცა თანდათან მცირდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც აფხაზეთში უცხოვრიათ და ომსაც პირადად მოესწრნენ? უკვე 33 წელი გავიდა ომის დასრულებიდან, ბევრი დევნილი გარდაიცვალა, ვინც მაშინ ახალგაზრდა იყო, უკვე ხანდაზმულები არიან.

მნიშვნელოვანი გავითვალისწინოთ. რომ კოლექტიური მეხსიერების შექმნა არ ხდება მხოლოდ ოჯახური ისტორიებით. ნარატივები იქმნება სახელისუფლებო დონეზე. პოლიტიკოსები ქმნიან ამ ნარატივებს.

თანამედროვე აფხაზეთში აფხაზეთის ომზე მეხსიერების პოლიტიკა არის ძალიან ძლიერი, ჩვენგან განსხვავებით. ჩვენთან ბევრი საკითხი მიჩქმალულია. თვალი რომ გადავავლოთ, მაგალითად, სკოლის სახელმძღვანელოებს, ორი წინადადებით წერია, რა მოხდა აფხაზეთში 92-93 წლებში. იგივე ხდება პროფესიულ საისტორიო ნარატივებშიც. ანალიტიკა და გადააზრება აკლია წარსულს.

27 სექტემბერს რომ გავიაროთ გმირთა მემორიალთან, ვის დავინახავთ იქ? აუცილებლად დავინახავთ ომის ვეტერანებს – მამაჩემი არასდროს არ გამოტოვებდა, როგორც ცუდადაც არ უნდა ყოფილიყო ამ შეკრებას. აუცილებლად მიდიოდა 27 სექტემბერს მემორიალთან. საჯარო პირებიც სტუმრობენ მემორიალს, იმ მიზეზით, რომ უბრალოდ ევალებათ, რომ იქ იყვნენ.

ჩემი შეფასებით, მეხსიერების პოლიტიკა აფხაზეთის შესახებ ძალიან სუსტია. თუ გვინდა ვნახოთ, რას ნიშნავს ძლიერი მეხსიერების პოლიტიკა, უნდა გადავხედოთ აფხაზურ ნარატივებს, აფხაზურ პრესას, აფხაზურ საისტორიო და ლიტერატურულ ტექსტებს: ვინ ლაპარაკობს აფხაზეთის ომზე, როგორია მისი საუბრის ტონი, რას იხსენებს, როგორ ხდება ომის სცენების არტიკულაცია სკოლაში. სკოლის მოსწავლეებმა ძალიან პატარა ასაკიდან იციან უკვე აფხაზური ნარატივი ამ ომზე. ცხადია, ქართულ ნარატივს არავინ მოუყვება, მათ სასკოლო კურიკულუმების ნაწილია სამხედრო მემორიალების ნახვა. დაღუპულთა საფლავებთან მიჰყავთ და ეუბნებიან, რომ იქ დაკრძალული ადამიანები არიან გმირები, რომლებიც „ქართველ ოკუპანტებთან“ ბრძოლას შეეწირნენ.

შესაბამისად, ერთი მხრივ გვაქვს მეხსიერება, რომელიც ძალიან ანტიქართულია, ძალიან ძლიერია და ამ მეხსიერებაზე იზრდება აფხაზთა თაობები და მეორე მხრივ გვაქვს პასიური ქართული მეხსიერება, რომლისთვისაც აფხაზი არის ძმა.

ჯერ კიდევ გადაუაზრებელია ძალიან ბევრი საკითხი. ზოგადად, მეხსიერების ტრაექტორია ყოველთვის უნდა იყოს მომავლისკენ. ეს არ არის მარტო წარსულის პასიური გახსენება. მეხსიერების პოლიტიკა იქმნება იმ გათვლით, რომ ამან რაღაც სარგებელი უნდა მოგიტანოს მომავალში. რა მესიჯები გვაქვს, რატომ გვაქვს, საით მივდივართ ამ მეხსიერების პოლიტიკით – აი, ამას სჭირდება მეტი გადააზრება, ამას სჭირდება მეტი მუშაობა.

  • როგორ ფიქრობთ, რა ახსნა აქვს ამას? რატომ არის სუსტი ქართულ საზოგადოებაში აფხაზეთის შესახებ მეხსიერება ან რატომ გართულდა ამ გამოცდილების გადააზრება?

ამის ასახსნელად უნდა დავბრუნდე 1990-იანებში. ეს ჩემი პერსპექტივაა და შეიძლება ვინმე არ მეთანხმებოდეს, ან სხვა მოსაზრება ჰქონდეს ამის შესახებ, მაგრამ მე ასე ვხედავ:

ტრავმა ყალიბდება მაშინ, როცა მოვლენა დასრულდება და საზოგადოებას აქვს უნარი, შეაფასოს, რა მოხდა მის თავს. ჩემი აზრით, ქართველებმა დავაგვიანეთ აფხაზეთის მოვლენების შეფასება

იმისათვის, რომ შეიქმნას ტრავმის ნარატივი, უნდა იყოს სპიკერი, ვინც ლაპარაკობს, ვინც ამოთქვამს, რა მოხდა ტრავმული ცვლილების დროს. ეს ნარატივი უნდა იყოს დაწყობილი და მას უნდა იზიარებდეს ყველა. სხვა შემთხვევაში კოლექტიური ტრავმა არ შეიქმნება.

თუკი მე ვლაპარაკობ საკუთარ ტრაგედიაზე და ეს მხოლოდ ჩემს ტრაგედიად რჩება, მაშინ ის კოლექტიური აღარ არის, ინდივიდუალურია.

აი, ეს მოხდა 90-იანებში:

ათასობით დევნილი უცებ ჩამოდის სოხუმიდან და აფხაზეთის სხვა ქალაქებიდან საქართველოს სხვა ტერიტორიებზე. მას ხვდება ადგილობრივი საზოგადოება – მასპინძელ საზოგადოებას ეძახიან მას სამეცნიერო ლიტერატურაში – რომელთანაც სოციო-კულტურული განსხვავებები ნაკლებია, იმიტომ რომ ჩვენც ქართველები ვართ და სადაც მოვდივართ, აქაც ქართველები გვხვდებიან. თუმცა, ამ დროს არის დიდი კონკურენცია რესურსებზე. დანგრეულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ ყველანი. ეს არის პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მახასიათებელი. ამის გამო, მასპინძელ საზოგადოებას არ უნდა გაითავისოს, რა გადაგვხდა ჩვენ თავს. ამიტომ ხდება დევნილთა ჯგუფის მარგინალიზება.

ამას გარდა, არ გამოჩნდა კარგი ორატორი, რომელსაც შეეძლო ამოეთქვა ეს ტრავმა, მიეცა მწყობრი სახე საკუთარი სათქმელისთვის, დაერწმუნებინა საზოგადოება, რომ რაც აფხაზეთში მოხდა, ყველა ქართველს ეხება.

ტერიტორიას ქვეყანა კარგავს, სხვა თუ არაფერი. ეს განცდის დონეზე მაინც უნდა აღიქმებოდეს ძლიერად. დევნილებიდან არ გამოჩნდნენ ისეთი ორატორები, ვინც ამაზე დაიწყებდა ლაპარაკს. მე რომ მახსენდება 90-იანი წლების დევნილთა საუბრები, ეს იყო უკიდურესად ფრაგმენტული ნარატივები. ტრავმაგამოვლილ ადამიანს უჭირს ლაპარაკი. მისი ნარატივი არის დაქსაქსული, დანაწევრებული, არ არის მწყობრი, ხშირად იმეორებს ერთსა და იმავეს, ვერ გაიგებ, რა მოხდა. დევნილებს ეს აკლდათ – საკუთარი ნარატივის წინ წამოწევა, გაზიარება. თუ ლაპარაკობდნენ, აუცილებლად ყვიროდნენ და ყვირილის მოსმენა ნაკლებად უნდება ვინმეს, ხომ?!

მეორე მხრივ, საზოგადოებაც არ იყო მზად, მოესმინა ეს ყველაფერი. იმიტომ, რომ იმას თავისი უჭირს – უშუქობაა, გაზი არ არის ქვეყანაში, სამოქალაქო ომია და სამოქალაქო ომის შედეგები კიდევ უფრო მძიმეა, იმიტომ რომ არანაკლები ადამიანი დაიღუპა ამ სამოქალაქო ომში, ვიდრე აფხაზეთში. საზოგადოება არ არის მზად, რომ მოისმინოს დევნილთა გასაჭირი. 

ტრავმა თუ არ ჩამოყალიბდა დროულად, გარკვეული პერიოდის შემდეგ დაგვიანებული ტრავმის ჩამოყალიბება უკვე განზე გადადებული ტრავმაა.

ჩემი აზრით, აფხაზეთი გახდა განზე გადადებული ტრავმა. აფხაზეთს სახელი დაერქვა 2008 წლის ომის დროს. ჩემი სუბიექტური აღქმა არის ასეთი, რომ 2008 წლამდე ეს არ იყო კოლექტიური ტრავმა მთელი საქართველოსთვის. 

  • რა შეიცვალა 2008 წლის ომის დროს, ან შემდეგ?

2008 წელს უფრო აშკარა იყო ომის ვიზუალიზაცია. ჩვენ ვნახეთ ქუჩაში დაყრილი ცხედრები, ძალიან მძიმე კადრები, დაჭრილი ადამიანები, სამხედროები, რომლებიც სისხლის ბოლო წვეთამდე იცავდნენ თავიანთ სამშობლოს… მერე გაუჩნდა საზოგადოებას კითხვა – აქამდეც ხომ იყო დევნილთა ტალღა და ნეტა იმათ თავს რა მოხდა? რა მოხდა აფხაზეთში?

მე მახსოვს, ჩვენი ოჯახის მეგობრებიც კი სვამდნენ ამ კითხვებს, ჩემი მეგობრები პირადად მეკითხებოდნენ მაშინ, 2008 წელს, თქვენ რა გზა გამოიარეთო და შემდეგ წუხდნენ – რა რთული იქნებოდა ეს ყველაფერიო. აი, მაშინ დაიწყო ტრავმის ჩამოყალიბება.

ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, აფხაზეთის ტრავმამ ფორმირება დაასრულა უფრო გვიან, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ისტორიულმა ანალოგიებმა კიდევ ერთხელ გამოაღვიძა საზოგადოების წარმოსახვა, ჩააფიქრა ქართველები იმაზე, რომ აფხაზეთის მოვლენებსაც იგივე ვიზუალი, იგივე სიმძიმე ექნებოდა.

  • დევნილობაზე ვისაუბროთ. იმ ტრამვზე, რომელიც ამ გამოცდილების მქონე ადამიანებს გაქვთ. ომისგან განსხვავებით დევნილობის შესახებ თქვენი მეხსიერება და შესაბამისად, ტრავმები უფრო ცოცხალია.

თავიდან ყველა დევნილი უარყოფს საკუთარ დევნილობას. დანაკარგების უარყოფა ხდება. რეალობას არ იღებ და ჯერ კიდევ გგონია, რომ რაღაცის გამოსწორება შეიძლება. ეს არის ყველაზე დიდი ილუზია, იმიტომ რომ დაკარგულია უკვე, რაც დასაკარგი იყო და შენ არაფრის შეცვლა არ შეგიძლია.

საკუთარი უღონობის, საკუთარი უმწეობის მიღება არის ყველაზე რთული დევნილობის მდგომარეობაში.

მახსოვს, როცა ვცხოვრობდით დევნილთა თავშესაფარში, კართან იდო დედაჩემის ჩემოდანი, სოხუმიდან წამოღებული. თითქოს ველოდით, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დავბრუნებულიყავით. ამასობაში გავიდა 6 წელი და ხვდები, რომ არ ვბრუნდებით. სკოლაში დავდივარ უკვე და ვკითხულობ – რად გვინდა ეს ჩემოდანი? არ ვბრუნდებით მაინც. ეს ჩემი კითხვა იყო გამოფხიზლებასავით, როცა თითქოს გაიაზრეს ჩემმა მშობლებმა, რომ ეს ჩემოდანი კართან აღარ უნდა იდოს.

დევნილობის იდენტობის ჩამოყალიბება ხდება უკვე მოგვიანებით, როდესაც იღებ იმას, რაც გადაგხდა. იღებ, რომ ამ დანაკარგით უნდა იცხოვრო, უნდა გააგრძელო ცხოვრება. ხვდები, რომ ტრავმა რჩება და მასზე გამარჯვება არავის შეუძლია.

ერთადერთი გამოსავალია მიიღო, რაც მოხდა და გააგრძელო ცხოვრება. დანაშაულის შეგრძნება, საკუთარი უმწეობის განცდაში ცხოვრება, საკუთარი თავის მუდმივად მსხვერპლად წარმოსახვა ვერ გეხმარება ცხოვრების გაგრძელებაში. ნაბიჯი უნდა გადადგა წინ. ნაბიჯს გადადგამ წინ და ძლიერი ხარ მაშინ, როდესაც შენი არჩევანი ხდება გადარჩენა და მომავლისკენ ყურება.

ეს ძალიან გაუჭირდათ ჩემს ოჯახში. ბევრ დევნილს გაუჭირდა. თითზე ჩამოსათვლელია ის ხალხი, ვისაც ეყო გამბედაობა და მენტალური რესურსი, რომ ამას გამკლავებოდა და ადაპტირება დაეწყო რეალობასთან. ცხოვრება მართლა ნულიდან დავიწყეთ, როგორც სოციალური თვალსაზრისით, ისე მენტალური თვალსაზრისით. უკვე 2000-იანი წლები იყო, როცა ჩემმა მშობლებმა მიიღეს დევნილობა, როგორც იდენტობა.

იმ პერიოდში საზოგადოებაში კარგი არაფერი ისმოდა დევნილებზე – „დევნილები სადღაც შეიჭრნენ”, „დევნილები იღებენ სოციალურ დახმარებას ამ გაჭირვებულ ქვეყანაში”, “ზედმეტი ბარგია ეს ხალხი სახელმწიფოსთვის” და ა.შ.. ამ დროს სირცხვილია დევნილობა. ანუ, დევნილი ხარ, მარგინალიზებული საზოგადოების წევრი ხარ, სოციალური დახმარების რიგში გიწევს დგომა, სადაც შენზე კარგს არაფერს არ ლაპარაკობენ. ამიტომ, ისევ წარსულში მიდიხარ – როგორ ცხოვრობდი, რა იყო შენი იდენტობა, როგორ გაღიარებდნენ სანაცნობოში, ყველაფერი გქონდა და უცებ ამ უბედურ მდგომარეობაში აღმოჩნდი.

ჩემი შეფასებით, დევნილობის იდენტობის ტრაექტორიაც მიყვება აფხაზეთის დაკარგვის ტრავმის ტრაექტორიას: 2008 წლის შემდეგ დევნილობა უცებ ხდება საამაყო იდენტობა. აღარ არის სირცხვილი, რომ დევნილი ხარ. შეგიძლია ღიად თქვა, რომ დევნილი ვარ და ვცხოვრობ თავშესაფარში. ეს აღარავის უკვირს. არ მიიჩნევს არავინ, რომ შენ ხარ სოციალური ბანდიტი, რომ სახელმწიფო გაძარცვე ოდესღაც, ან სოციალურ დახმარებას იღებს – ეს აღარ გაწერია სახეზე.

ახლა უკვე როცა ამბობ, რომ დევნილი ხარ, ივარაუდება, რომ შენ დიდი დანაკარგი მიიღე წარსულში. ჩემს მაგალითზე რომ გითხრათ, სკოლაში მრცხვენოდა, უნივერსიტეტში უკვე შემეძლო ლაპარაკი, რომ დევნილი ვარ და ახლა ამაყად ვამბობ, რომ ვარ დევნილი.

  • რეალობის მიღება ხომ არ აღიქმებოდა იმ წარსულზე უარის თქმად, რომლის გაცოცხლებაც მომავალში უნდათ დევნილებს? სხვაგვარად რომ ვიკითხო – იმის აღიარება, რომ შენი ამჟამინდელი სახლი არის თბილისში, ბათუმში ან სხვაგან, ხომ არ აღიქმებოდა აფხაზეთის სახლზე უარის თქმად?

იმის მიღება, რომ ხვალვე ვერ წახვალ აფხაზეთში, არ ნიშნავს იმას, რომ არასდროს დაბრუნდები. დევნილებმა იციან, რომ დაბრუნება რთული, დროში გაწელილი პროცესია, მაგრამ ყველაზე პრაგმატულ დევნილებსაც აქვთ სადღაც იმედი, რომ ოდესღაც ეს მოხდება.

მასპინძელი ადგილის მიღება – მასპინძელ ადგილს ვეძახი ტერიტორიებს, სადაც ჩვენ დავფუძნდით – ნიშნავდა არა წარსულზე უარის თქმას, არამედ ორმაგ მდგომარეობაში ცხოვრების მიღებას: ჩვენ ახლა ვართ აქ, იმიტომ რომ გვჭირდება, რომ გადავრჩეთ, მაგრამ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით ხვალ ან ზეგ. ეს არის.

ახლაც ძალიან სიმბოლურად ცოცხლდება ეს მესიჯი ყველა შეკრებაზე, სადაც ბევრი დევნილი იყრის თავს. ერთ-ერთი სადღეგრძელო აუცილებლად აფხაზეთში დაბრუნებას ეხება. სულ არის საუბარი – როდის ვბრუნდებით აფხაზეთში, რა იქნება ხვალ და ა.შ. ეს თემები კიდევ ცოცხალია და ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხს აქვს იმედი უკან დაბრუნების.

  • ბევრი ვისაუბრეთ კოლექტიურ მეხსიერებაზე – როგორც ქართულ, ისე აფხაზურ ნარატივებზე. იმაზე, როგორ ტრანსფორმირდა ეს მეხსიერება წლებთან ერთად და რატომ არის საჭირო მისი გაძლიერება. გაგვიზიარეთ არა თქვენი ანალიზი, არამედ სურვილი – როგორ გინდათ იყოს ქართული საზოგადოების კოლექტიური მეხსიერება აფხაზეთის შესახებ?

რთული კითხვაა. მეხსიერების პოლიტიკის კრიტიკა უფრო ადვილია, ვიდრე მეხსიერების პოლიტიკის შექმნა, იმიტომ, რომ ბევრ რამეზე გიწევს ფიქრი, მაგრამ საკმარისი დრო გავიდა უკვე, რომ ამაზე ვისაც ევალება, იმან დაიწყოს ფიქრი.

დავიწყებ იმით, რასაც არ ვისურვებდი – ეს არის, რომ ქართული მეხსიერების პოლიტიკა აგებული იყოს სიძულვილზე, ისევე როგორც ეს არის აფხაზურში. აფხაზური მეხსიერების პოლიტიკა დაფუძნებულია სიძულვილის პოლიტიკაზე და, რასაკვირველია, სიძულვილის ობიექტი აქ არის ქართველი. როგორც ჩვენ აღვიქვამთ რუსებს, რომ არის კოლონიზატორი, დამპყრობელი, სწორედ ისე აღიქვამენ აფხაზები ქართველებს.

ამასთანავე, მეხსიერების პოლიტიკა მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული. უნდა ვიცოდეთ, რას გვაძლევს მომავალში.

მეხსიერებას ქმნიან ინტელექტუალები და პოლიტიკური ელიტა. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოსთვის. მარტივად რომ ვთქვათ, ძლიერი მეხსიერების პოლიტიკის არქონა ნიშნავს ამ ტერიტორიის სიმბოლურად დათმობას.

ქუჩაში რომ გავაჩეროთ სკოლის მოსწავლე და ვთხოვოთ, აფხაზეთის ომის ერთი გმირის სახელი მაინც გვითხრას, ან ერთი ადგილი, სადაც, მაგალითად, ცენტრალური ბრძოლები მიმდინარეობდა, ან ის, რატომ მოხდა ეს მოვლენა საერთოდ, რა დავკარგეთ ამის მერე, ალბათ, ვერ გვიპასუხებს. ამ დონეზე მაინც უნდა ისწავლებოდეს სკოლებში აფხაზეთის ომი.

  • დასასრულს, თქვენ პროფესიულ არჩევანზე მოგვიყევით. როგორ და რატომ გადაწყვიტეთ ამ საკითხების კვლევა, მაშინ, როცა როგორც ახსენეთ, ამ თემებზე საუბარიც კი რთული იყო თქვენთვის? როგორ ახერხებთ ბალანსის დაცვას აკადემიური კვლევისას, როცა პირადად შეგეხოთ ეს ყველაფერი?

25 წლამდე ამ თემებზე ლაპარაკი ჩემთვის ისეთი მტკივნეული იყო, რომ გავრბოდი საუბრიდან. ბავშვობაში ტაბუ დავადე ამ თემას. მერე მოხდა ისე, რომ სწავლა გავაგრძელე კულტურის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე, თსუ-ში და ძალიან გამიმართლა, რადგან იქ დაიწყო ჩემი ტრანსფორმაცია. ერთ-ერთ სემინარზე კურსელმა ძალიან ცუდ კონტექსტში მოიხსენია დევნილები. კარგად მახსოვს, როგორი ბრაზი ვიგრძენი – რამდენი წელი გავიდა და კიდევ ეს თემები ტრიალებს საზოგადოებაში, ხომ უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი?! მაშინ ვიგრძენი საკუთარი ხმის მნიშვნელობა. თუ არ მოგწონს, რასაც სხვები ლაპარაკობენ, მაშინ ამოიღე ხმა – ეს იყო ჩემი შინაგანი დიალოგი საკუთარ თავთან.

ძალიან დამეხმარა კულტურის კვლევების კათედრა. ამ ინსტიტუტში დაინახეს, რომ მე მაქვს ლაპარაკის სურვილი და ხელი შემიწყვეს დამეწყო ამ საკითხების კვლევა. მაშინ დავიჯერე, რომ ჩემი ხმა მნიშვნელოვანია და მე აფხაზეთის კვლევა გამომივა. თუმცა, როცა პირველად წავიკითხე აფხაზური ნარატივები, დიდი ინტენსივობის ემოციები ვიგრძენი და მივხვდი, ჯერ კიდევ არ ვიყავი მზად.

რამდენიმე წელი დამჭირდა, გადამეხარშა ემოციები. სადოქტორო პროგრამაზე ვიკვლიე კონფლიქტური ქართულ- აფხაზური იდენტობების ფორმირება სტალინურ და პოსტ-სტალინურ საქართველოში. ახლა უკვე აფხაზეთზე მაქვს მთლიანად ფოკუსი და ძალიან მარტივია ჩემთვის აფხაზური ტექსტების კითხვა და ანალიზი.

________________

ფოტოზე: ქეთევან ეფაძე, ენგურის ხიდი/ფოტოკოლაჟი

სკოლები, რომელთა რემონტსაც სამინისტრო სასწავლო წლის დაწყების შემდეგ იწყებს

სასწავლო პროცესის დაწყებიდან მალევე სარემონტო სამუშაოების გამო ონლაინ რეჟიმზე გადასვლა ან სკოლის შეცვლა მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის არაერთ გამოწვევასთან არის დაკავშირებული.

აჭარის განათლების სამინისტრომ 12 საჯარო სკოლების რემონტზე ტენდერი ან ზაფხულის მიწურულს გამოაცხადა, ან სექტემბერში. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სკოლების მოსწავლეები წელს სხვა სკოლებში გადაანაწილეს ან სწავლის გაგრძელება უწევთ სარემონტო სამუშაოების პარალელურად. კიდევ 7 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე ტენდერი 2024 წელს გამოაცხადეს, მაგრამ სამუშაოები დღემდე არსად არ დასრულებულა.

ქალაქებში ეს ერთი სკოლიდან მეორეში, ერთი ცვლიდან მეორე ცვლაში ან შეიძლება სხვა ქუჩაზე გადასვლას უკავშირდება, მაგრამ  სოფლებში, სადაც ერთი სოფლიდან მეორე სოფელში გიწევს სკოლაში წასვლა, ეს გაცილებით რთულია ბავშვებისთვის. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამისთვის საჭიროა ბავშვების წინასწარ მომზადება. გარდა ამისა აუცილებელია, რომ ძალიან კარგად იყოს ორგანიზებული მათი გადაადგილება.

ხშირად ამას ემატება შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურება და ის წინასწარ შეთანხმებულ ვადაში არ სრულდება, რაც კიდევ უფრო ართულებს შექმნილ ვითარებას.

სკოლების რეაბილიტაციის პროცესის არაეფექტურად წარმართვასა და ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლის ხარვეზებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ვრცელი ანგარიში მიუძღვნა გასულ წელს.

ერთი მხრივ სკოლების გამართულობა, უსაფრთხოების საკითხის მოწესრიგება დგას დღის წესრიგში, მეორე მხრივ კი ამ პროცესის ისე წარმართვაა გამოწვევა, რომ ამან სასწავლო პროცესი არ დააზიანოს. ფაქტია, რომ 2026 წლის სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ეს საკითხი დიდი დისკუსიის და უკმაყოფილების საგანია.

რამდენ სკოლაში ვერ დაიწყო წელს აჭარაში სასწავლო პროცესი სარემონტო სამუშაოების გამო, რამდენი ახალი სკოლა უნდა ყოფილიყო დასრულებული და ვერ დასრულდა, რამდენ სკოლას მოუწევს უახლოეს მომავალში საკლასო ოთახების სარემონტოდ გათავისუფლება? – ამაზე ინფორმაციას აჭარის განათლების სამინისტრო არ აქვეყნებს. „ბათუმელებმა“ ეს სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოარკვია.

შესყიდვების პორტალზე არსებული მონაცემებით, აჭარის განათლების სამინისტრომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოებზე ტენდერი 11 სექტემბერს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 27 სექტემბერს იწყება და 2 ოქტომბერს დასრულდება. საწყისი ღირებულება 753 641 ლარია.

ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები სკოლის შენობის ორივე სართულს კედლებზე არსებული საღებავის 100 პროცენტით დაფხეკას ითვალისწინებს. იგივე სამუშაო უნდა ჩატარდეს ბიბლიოთეკაში, დირექტორის კაბინეტსა და დერეფანში. შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალშია ასევე დერეფანში არსებული მეტლახისა და  საკლასო ოთახებში, კაბინეტებსა და ბიბლიოთეკაში არსებული ლამინატის დემონტაჟი.

იმავე ტენდერის ფარგლებში შემსრულებელს დაევალება კედლებზე არსებული კაფელისა და ბათქაშის, პლასტიკატის ჭერის და მეტალო-პლასტმასის კარების დემონტაჟი. პირობა ითვალისწინებს საკლასო ოთახების, კაბინეტისა და დერეფნის კედლებისა და ჭერის შეღებვას 100%-ით, დერეფნის იატაკზე ტექნოგრანიტის ფილებისა და საკლასო ოთახებსა და კაბინეტების იატაკზე ეკოლოგიურად სუფთა ლამინატის მოწყობას, სანიტარული კვანიტარული კვანძების გამოცვლას და სკოლის ტერიტორიის შემომსაზღვრელი ახალი ლითონის ღობის მოწყობას.

წყავროკის სკოლა – ფოტო სატენდერო დოკუმენტებიდან

წაყავროკას საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლას სხვა სკოლაში აგრძელებენ.

2026 წლის 7 სექტემბერს აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხითის საჯარო სკოლის კონსტრუქციის გამაგრებისა და იატაკის მოწყობის სამუშაოებზე, ამ შემთხვევაში წინადადებების მიღება 28 სექტემბერს უნდა დასრულდეს. შესყიდვის საწყისი ღირებულება 387 542 ლარია.

დოკუმენტების მიხედვით, ერთსართულიანი ხის სკოლის შენობის არსებული კონსტრუქციული სისტემა წარმოდგენილია ლითონის ბოძებისა და ხის კოჭების ერთობლიობით, სადაც კუსტარულად არის მოწყობილი ბეტონის გადახურვის ფილა. პროექტით გათვალისწინებული სადემონტაჟო სამუშაოები მოიცავს არსებული ხის იატაკის, კუსტარულად დასხმული ბეტონის გადახურვის ფილისა და ხის კოჭების სრულ დემონტაჟს.

მოსაწყობი სამუშაოების ფარგლებში არსებული ლითონის ბოძები შეივსება B-25 კლასის ბეტონით, ხოლო ბოძების შემკვრელად მოეწყობა ორტესებრი კოჭი, რომელზეც შემდგომში მოეწყობა 15 სმ სისქის რკინა-ბეტონის ფილა. დაზიანებული იატაკი ჩანაცვლდება ახალი, გემბანური ტიპის ხის იატაკით. გარდა ამისა, იმ ადგილებში, სადაც ბეტონი ეხება ხეს, აუცილებლად მოწყობა იზოლაცია.

უჩხითის სკოლა – ფოტო სატენდერო დოკუმენტებიდან
უჩხითის ხის სკოლას რომ შეშის ღუმელით ათბობენ ეს ახალი ამბავი არ არის, სოფელში ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემა ჯერ არ შესულა
უჩხითის სკოლის სარდაფი – ფოტო სარენდერო დოკუმენტებიდან

2026 წლის 3 სექტემბერს სამინისტროს ტენდერი გამოუცხადებია ასევე სოფელ ქვედა ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებზე, წინადადებების მიღება 24 სექტემბერს დასრულდა და ახლა შერჩევა-შეფასების ეტაპია. ტენდერის პირობების შესაბამისად, მიმწოდებელმა სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 12 თვეში უნდა დაასრულოს. შესყიდვის საწყისი ღირებულება 2 მილიონ 79 000 ლარია.

ჩხუტუნეთის სკოლა, ფოტო სატენდერო დოკუმენტებიდან

პირველ სექტემბერს აჭარის განათლების სამინისტროს ტენდერი გამოუცხადებია ასევე შუახევში 3 სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაციის სამუშაოებზე, წინადადებების მიღება დასრულდა 22 სექტემბერს, ჯერ ხელშეკრულება დადებული არ არის.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, დაგეგმილია სოფლების – კარაპეტის, ქიძინიძეებისა და ოლადაურის სკოლების რეაბილიტაცია. შესყიდვის საწყისი ღირებულება 634 982 ლარია. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მიმწოდებელმა სამუშაოები უნდა შეასრულოს ხელშეკრულების დადებიდან 3 თვის ვადაში.

აჭარის განათლების სამინისტრომ 2026 წლის აგვისტოში ბათუმის #15-ე სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 2 მილიონ 871 823 ლარზე ხელშეკრულება გააფორმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მიმწოდებელმა სამუშაოები უნდა დაასრულოს ხელშეკრულების დადებიდან 18 თვეში.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ვადის გაზრდის საფუძველი არ იქნება მეტეოროლოგიური მოვლენები, ასევე ობიექტის მიმდებარედ მიმდინარე სხვა სამუშაოები. ამ დრომდე არსებული პრაქტიკით იგივე მიზეზებით მიმწოდებელს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადა არაერთხელ გაუზარდეს.

2026 ივლისში განათლების სამინისტრომ შეისყიდა ასევე ბათუმის #25 საჯარო სკოლის ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულება დადებულია 30 ივლისს, ღირებულება 921 456 ლარია საწყისი ღირებულება 1 მილიონ 151 821 ლარი იყო. სამინისტროს მოთხოვნაა, რომ სამუშაოები დასრულდეს ხელშეკრულების დადებიდან  5 თვეში. რამდენად რეალურია ეს მოთხოვნა 5 თვეში გამოჩნდება.

განათლების სამინისტროს შეუსყიდია ასევე ბათუმის #8 საჯარო სკოლის სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ ტენდერის შერჩევა-შეფასების ეტაპი დასრულებულია, თუმცა ჯერ გამარჯვებულთან ხელშეკრულება ატვირთული არ არის. ტენდერის პირობების მიხედვით, მიმწოდებელმა სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 5 თვეში უნდა დაასრულოს. ხელშეკრულების ღირებულება 587 689 ლარია. 

ჯერ არ დასრულებულა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს #2 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები. ეს მომსახურება სამინისტრომ 2026 წლის მარტში შეისყიდა, ხელშეკრულების ღირებულება  696 711 ლარია, ამ დროისთვის გადახდილია 139 340 ლარი. ეს იმას ნიშნავს, რომ შესრულებულია სამუშაოების 20 პროცენტი. 

თითქმის ყველა შეთანხმებაში კატეგორიულად არის მითითებული, რომ გამოყენებული უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების სისტემა, ხოლო სამშენებლო მასალები უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა.

ჯერ არ დასრულებულა ასევე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხელშეკრულება 2026 წლის აპრილშია გაფორმებული, ღირებულება 616 977 ლარია, ამ დროისთვის  გადახდილია 188 304 ლარი, ანუ შესრულებულია 31%.

2026 წლის დასაწყისში განათლების სამინისტრომ ასევე შეისყიდა მახუნცეთის სკოლის პროექტი, ხელშეკრულება 2026 წლის აპრილშია გაფორმებული 759 831 ლარზე, თუმცა ამ დრომდე ერთი მიღება-ჩაბარების დოკუმენტიც კი არ არის ატვირთული. შესაბამისად, არც თანხაა ჩარიცხული.

2026 წლის აგვისტოში აჭარის მთავრობამ უმაღლეს საბჭოს ორი კვარტლის ანგარიში წარუდგინა. ამ ანგარიშის მიხედვით – „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ ქვეპროგრამის 6 თვის გეგმა 4 მილიონ 198 300 ლარი იყო, საკასო ხარჯი 3 მილიონ 896 700 ლარი.

მთავრობის ინფორმაციით, მიმდინარეობს 7 საჯარო სკოლის მშენებლობა. მათ შორის არის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლა, სადაც დაწყებულია დამატებითი კორპუსის მშენებლობა და ძირითადი კორპუსის რეაბილიტაცია. ასევე, ახალი კორპუსის მშენებლობა. ეს პროექტი გათვლილია 2024-2028 წლებზე, სამუშაოებს შპს „მშენებელი 2016“ ასრულებს.

„ამ ეტაპზე დასრულდა დამატებითი კორპუსის მშენებლობა, მიმდინარეობს შიდა კეთილმოწყობის სამუშაოები და ეზოს კეთილმოწყობა.“

ასევე დაწყებულია ქობულეთის #2 საჯარო სკოლის დამატებითი კორპუსის მშენებლობა და ძირითადი კორპუსის ნაწილობრივი რეაბილიტაცია [პროექტი გათვლილი 2026-2028 წლებზე] საბიბლიოთეკო სივრცის მოსაწყობად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რასაც შპს „მშენებელი 777“ ასრულებს.

ანგარიშის მიხედვით, სახურავის მოწყობის ეტაპზეა ბათუმის #31-ე საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტი, რომელიც 2025 წელს დაიწყო და 2027 წელს უნდა დასრულდეს. სამინისტროს ინფორმაციით, პარალელურად მიმდინარეობს შიდა სამუშაოებიც.

2027 წელს უნდა დასრულდეს ბათუმის #14 საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია და დამატებითი კორპუსების მშენებლობა-სამუშაოებს ახორციელებს შპს „ფორუმ კონტრაქტს ლიმიტედის საქართველოს ფილიალი“. სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დასრულდა ახალი კორპუსის მშენებლობა, მიმდინარეობს შიდა კეთილმოწყობის სამუშაოები და მეორე კორპუსის მშენებლობა.

იგივე კომპანია აშენებს ბათუმის #18-ე სკოლას, ამ დროისთვის მიმდინარეობს შენობის კონსტრუქციული სამუშაოები.

2025 წელს დაიწყო და გრძელდება ასევე  ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლის მშენებლობა, სამუშაოებს ახორციელებს შპს „მშენებელი 2017“.

2024 წელს დაუწყიათ და თითქმის დასრულებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მთავრობის ინფორმაციით, ამ დროისთვის აქ შპს „NEW PALACE“ შიდა და ფასადის სამუშაოებს ასრულებს.

დასრულების ეტაპზეა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის სკოლის სამუშაოები, ამ დროისთვის მიმდინარეობს შიდა სარეაბილიტაციო და ფასადის მოწყობის სამუშაოები.

მთავრობა ასევე წერს, რომ დასრულდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლის სამუშაოები – მიმდინარეობს სააქტო და სპორტული დარბაზების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სკოლის სარეაბილიტაციო პროცესის დასრულებამდე მოსწავლეებისა და მასწავლებლების გადაადგილების ხარჯის სახით განათლების სამინისტროს 2026 წლის 2 კვარტალში 2 მილიონი ლარი ჰქონდა გათვალისწინებული, საკასო ხარჯი – 1 მილიონ 922 900 ლარია.

2 000 ლარია ჯარიმა გზიდან და ავტობანიდან 100-200 მეტრში შეუთანხმებელი მშენებლობისთვის – ახალი კანონი

საავტომობილო გზებზე ან გზების გასწვრივ სამშენებლო სამუშაოებისთვის, რომელიც გზების დეპარტამენტთან არ იქნება შეთანხმებული, ჯარიმა 2 ათასი ლარია.

საუბარია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაში არსებულ გზებზე.

შესაბამის კანონს მიხეილ ყაველაშვილმა ხელი 2026 წლის 16 სექტემბერს მოაწერა და ის ძალაში 2026 წლის 19 სექტემბრიდან შევიდა.

სამშენებლო სამუშაოების წარმოება ან მშენებლობა საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეუთანხმებლად გამოიწვევს დაჯარიმებას – საავტომობილო გზაზე ან გზის გასწვრივ, ორივე მხარეს 100 მეტრის მონაკვეთში, ხოლო ავტობანის გასწვრივ ორივე მხარეს – 200 მეტრში.

გზების დეპარტამენტს მასთან შეუთანხმებელი სამუშაოების შეჩერების, შეწყვეტის, ნაგებობის სრული ან ნაწილობრივი დემონტაჟის უფლებაც მიეცა.

„საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაში არსებულ საავტომობილო გზაზე, გზისპირა ზონაში მასთან შეუთანხმებლად სამშენებლო საქმიანობის განხორციელება/ნაგებობის განთავსება გამოიწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 194​2 მუხლის შესაბამისად.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებისთანავე სამართალდამრღვევს, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ვერ დგინდება − ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მიწის ნაკვეთით მოსარგებლეს აძლევს მითითებას და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას − არაუმეტეს 1 თვისა სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ან აღნიშნულ დეპარტამენტთან შეუთანხმებლად განხორციელებული/მიმდინარე სამშენებლო საქმიანობის/ნაგებობის განთავსების შეჩერების/შეწყვეტის ან/და პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების/ნაგებობის დემონტაჟის მიზნით,“ – აღნიშნულია „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულ კანონში.

ამავე კანონით საავტომობილო გზების დეპარტამენტი უფლებამოსილია:

  • „სამართალდამრღვევის მიერ მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში მისთვის განსაზღვრული ვადის გასვლისთანავე მიიღოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი − დადგენილება (მათ შორის, ელექტრონული დადგენილება) სამშენებლო საქმიანობის/ნაგებობის განთავსების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების/ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის თაობაზე;
  • მითითების მიცემის გარეშე მიიღოს აღნიშნული დადგენილება, თუ სამართალდამრღვევი ვერ დგინდება და სამშენებლო მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა;
  • საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს განახორციელოს შესაბამისი საავტომობილო გზის ან/და მისი შემადგენელი ნაწილის აღდგენითი/სარეაბილიტაციო სამუშაოები.
  • აღნიშნული დადგენილება საჩივრდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. აღნიშნული დადგენილების გასაჩივრება მის მოქმედებას/აღსრულებას აჩერებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.“

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 194​2 მუხლის მიხედვით კი:

  1. საავტომობილო გზაზე ან გზისპირა ზონაში [გზების დეპარტამენტთან] შეუთანხმებლად ან/და შეთანხმების პირობების დარღვევით სამშენებლო საქმიანობის განხორციელება/ნაგებობის განთავსება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
  2. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.
  3. ამ მუხლის პირველი ნაწილით ან/და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, რასაც შედეგად მოჰყვა საავტომობილო გზის ან/და მისი შემადგენელი ნაწილის დაზიანება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
  4. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირველად ჩადენისას დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.“

აღნიშნულ მუხლს ახლავს შენიშვნაც:

„1. ამ მუხლის მიზნებისთვის სამართალდამრღვევი შეიძლება იყოს:

ა) მშენებლობის ნებართვის/შეთანხმების მფლობელი;

ბ) შეუთანხმებელი მშენებლობის განმახორციელებელი პირი;

გ) შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან ამ შენობა-ნაგებობით ან მიწის ნაკვეთით მოსარგებლე − თუ მშენებლობის განმახორციელებელი პირი ვერ დგინდება;

დ) შეუთანხმებელი მშენებლობის განხორციელებისას, თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, − უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი, ხოლო თუ ეს პირი ვერ დგინდება − მიწის ნაკვეთით მოსარგებლე.“

  • საავტომობილო გზებსა და გზისპირა ზონებში – გზის ღერძიდან 200 მეტრის ფარგლებში ორივე მხარეს – გზების მფლობელთან შეუთანხმებლად მშენებლობა რომ აიკრძალებოდა, ამის შესახებ ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2026 წლის თებერვალში გაავრცელა.

ამ თემაზე:

ავტომაგისტრალიდან 200 მეტრის ფარგლებში მშენებლობა გზის მფლობელთან უნდა შეთანხმდეს

აფეთქება ათენში – ბოლო ცნობებით დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის არიან ტურისტები

საბერძნეთის დედაქალაქში, ათენში, საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევას ბოლო ცნობებით 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბერძნული მედიის თანახმად, ორსართულიანი სახლის ჩამონგრევა ათენის ტურისტულ ზონაში, პლაკაზე, შესაძლოა, გაზის აფეთქებას მოჰყვა. ხელისუფლება აცხადებს, რომ სპეციალისტები მიზეზის დასადგენად მუშაობენ.

შემთხვევა პარასკევს, 25 სექტემბერს მოხდა. დღეს, 26 სექტემბერს, ბოლო ცნობების თანახმად, სახლის ჩამონგრევის შედეგად 4 ამერიკელი ტურისტი და 2 ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა. მაშველებმა ცხედრები ნანგრევებიდან ამოასვენეს.

საბერძნეთის პოლიციის ცნობით, ჩამონგრეული სახლის მეზობელი შენობებიდან მოსახლეობა ევაკუირებულია.

_______________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/GEORGE VITSARAS

„ლელო“ითხოვს გასაჯაროვდეს ხელშეკრულება გონიოს პოლიგონის გასხვისებაზე – „ამის უკან დგას ივანიშვილი“

დღეს, 26 სექტემბერს, გონიოში ბრიფინგი გამართა „ძლიერი საქართველო – ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ.

„ლელო“ ითხოვს გასაჯაროვდეს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც „ოცნების“ მთავრობამ გონიოს ყოფილი პოლიგონისა და მიმდებარე ტერიტორიები, ჯამში 258,8 ჰექტარი, „იგლ ჰილს საქართველოს“ მიმდინარე წლის ივლისში უზუფრუქტით გადასცა.

„იგლ ჰილს საქართველოს“ 66,67 პროცენტის მესაკუთრე არაბული კომპანია „იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედია“, ხოლო წილის 33,33 პროცენტი სახელმწიფოს ეკუთვნის, რომლის მმართველი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროა.

„ეს არის გონიოს პოლიგონის ყოფილი ტერიტორია, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ – არაქართულმა ოცნებამ სინამდვილეში, მიიღო გადაწყვეტილება, გონიოს ეს უნიკალური ტერიტორია და კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორია გადასცეს არაბულ კომპანიას, რომელმაც თითქოსდა 6-მილიარდიანი ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ერთი წელი გავიდა ამ აფიორის და ტყუილის შემდეგ, რაც პრომო-ბიჭუნად იქცა ირაკლი კობახიძე არაბული კომპანიისა, საუბრობდა 2 თუ 3 ბინის გაყიდვაზე და ამ დროს არაფერი ხდება, არც ინვესტიცია ჩანს.

ეს არის ხელშეკრულება, რომელიც არის გასაიდუმლოებული. რატომ შეიძლება იყოს გასაიდუმლოებული ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გარიგება, რომელზეც სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში „არაქართულ ოცნებას“ აქვს აღებული ისეთი ვალდებულებები, რომელიც არის ანტისახელმწიფოებრივი?!“ – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. 

ირაკლი კუპრაძემ ასევე განაცხადა, რომ „არაბული ინვესტიციის“ არავითარი ეკონომიკური დასაბუთება არ არსებობს და მაგალითად დაასახელა უნგრეთი:

„რეალურად, ეს ეყრდნობა ტყუილს. მსგავსმა პროექტებმა, მაგალითად, არ იმუშავა უნგრეთში, ბუდაპეშტთან ახლოს, სადაც მსგავსი პროექტი, ამავე კომპანიის, ჩავარდა, კრახით დასრულდა და არაფერი საერთო არ გააჩნია არც ეკონომიკასთან, არც განვითარებასთან.

ყველაფერი ჰგავს მხოლოდ და მხოლოდ კორუფციულ გარიგებას, რომლის უკანაც, რა თქმა უნდა, ვერ იდგებიან ეს პატარა ბიჭები, მდინარაძე და კობახიძე, ამის უკან დგას პერსონალურად ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ხეირობს ქართული მიწების გასხვისებით იმ კომპანიებზე, რომლებიც საქართველოს არანაირ სიკეთეს არ მოუტანენ.

გასაჯაროვდეს ხელშეკრულება და ეს ხელშეკრულება თავად ამხელს ივანიშვილს და მის არაქართულ ოცნებას არასახელმწიფოებრივ ნაბიჯებში და გადაწყვეტილებებში“ – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

იგი ასევე შეეხო რისკებსაც, რაც, მისივე თქმით, ამ ინვესტიციის შედეგად ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოდინებამ შეიძლება გამოიწვიოს.

„ბათუმში ვხედავთ რამდენად შეცვლილია რუსეთის მოქალაქეების შემოდინებით სოციალური სურათი, რაც, სავარაუდოდ, მომავალში გამოიწვევს ძალიან მძიმე კრიზისს. მათ შორის პოლიტიკურ კრიზისს, იმიტომ, რომ ყოველთვის ასე ხდება – როცა რუსეთის მოქალაქეები მასიურად ჩამოდიოდნენ საქართველოში, იღებდნენ ბინადრობის უფლებებს, შემდეგ პუტინის რეჟიმი იღებს ამ პროცესს არგუმენტად, ცუდი, ბოროტი, დანაშაულებრივი ქმედებების ჩასადენად“ – თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე „ოცნების“ მთავრობას „არაბული ინვესტიცია“ აქვს დაანონსებული, 2026 წლის აგვისტოში კი გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის მიმდებარედ, „ოცნების“ მთავრობამ ზღვაში ცალკე საკადასტრო ერთეულად დაარეგისტრირა 82 ჰექტარი ტერიტორია არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთად.

ზღვაში დარეგისტრირებული ტერიტორიაც სავარაუდოდ „არაბულ ინვესტიციას“ უკავშირდება, ვინაიდან აქ „იგლ ჰილსის“ ესკიზის მიხედვით ნავმისადგომი და იახტების შესასვლელი უნდა მოეწყოს.

სახელმწიფომ გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიის არაბულ-ქართულ კომპანიაზე გადაცემის ხელშეკრულებაც გაასაიდუმლოვა.

„ბათუმელებმა“ უზუფრუქტის ხელშეკრულების ასლი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდანაც გამოითხოვა 2026 წლის 20 ივლისს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

ამავე თემაზე:

რას ცვლიან არაბული ინვესტიციის გამო ჭოროხის დელტაში – ინტერვიუ

 

უკრაინის შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა კრასნოდარში, ილსკის ნავთობის ქარხანაში

26 სექტემბრის ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთში, კრასნოდარის მხარეში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს.

ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

დარტყმის შედეგად ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.

შეტევის შესახებ წერენ რუსული წყაროებიც ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით. კრასნოდარის მხარის გუბერნატორის ცნობით, არის მსხვერპლი.

ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 6.6 მილიონი ტონა ნავთობია. ქარხანა იღებს, ინახავს და ამუშავებს ნახშირწყალბადის ნედლეულს და აწარმოებს ნავთობპროდუქტებს.

გენერალურმა შტაბი წერს, რომ ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსული ჯარების მოსამარაგებლად გამოიყენება.

____________________

ფოტო: ტელეგრამი/Exilenova+

 

ვილი სანიოლის ახალგაზრდული ნაკრების ქართველი მწვრთნელი შეცვლის

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. სვანაძე მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვილი სანიოლს შეცვლის.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრები ავრცელებს.

სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში გუნდმა 57 მატჩი ჩაატარა.

სანიოლი გუშინ, 25 სექტემბერს, ერთა ლიგის მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიასთან წაგებული მატჩის შემდეგ გაათავისუფლეს.

ნაკრების ცნობით, რამაზ სვანაძე დღემდე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა და ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორჯერ იასპარეზა.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო სამ შეხვედრაში სვანაძეს მისი ასისტენტი გიორგი ადამია შეცვლის.

ბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ მკვლელობის ბრალდებით ძებნილი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს.

“დაკავებული, შვეიცარიის კონფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, მკვლელობის ბრალდებით იძებნებოდა” – წერს შსს.

უწყების ცნობით, დაკავებული უკრაინის მოქალაქეა.

მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 26 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 527 280 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 710. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 376 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 25 435 ერთეული [+20]
  • საარტილერიო სისტემა – 50 371 ერთეული [+96]
  • MLRS – 2 160 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 673 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 443 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 534 020 ერთეული [+1 445]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 748 ერთეული [+12]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 153 728 ერთეული [+576]
  • სპეცტექნიკა – 4 749 ერთეული [+8]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 118 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთის თავდასხმა კიევზე – დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 14 წლის მოზარდი

დრონების თავდასხმის შედეგად რუსეთში ნავთობის კიდევ ერთი ქარხანა გაჩერდა

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა

დღეს, 25 სექტემბერს, ბათუმში სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა.

შს სამინისტროში ინფორმაციას ადასტურებენ.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

გონიოში უზბეკურ რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გონიოში უზბეკურ რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერა.

სააგენტოს ცნობით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს ინდივიდუალური მეწარმე ა. კ.-ის (მისამართი: გონიო, ანდრია პირველწოდებულის მეოთხე ჩიხი N4) კუთვნილი უზბეკური რესტორანი.

„ინსპექტირების შედეგად ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. დარღვეული იყო მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც.

ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, რესტორანი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი“ – წერს სააგენტო.

რუსეთის თავდასხმა კიევზე – დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 14 წლის მოზარდი

დღეს, 25 სექტემბერს, უკრაინაში, კიევის სოლომიანსკის რაიონში რუსული დრონების განხორციელებული თავდასხმის შედეგად საოფისე შენობა დაზიანდა. ვრცელდება ცნობები ოთხი დაღუპულის შესახებ.

წინასწარი ინფორმაციით, 15:30 საათის მონაცემებით, საოფისე შენობის მახლობლად, სადაც დრონი დაეცა, ავტოსადგომზე მანქანები იწვის და 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

პირველადი ინფორმაციით 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია.

25 სექტემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევს დრონებით ჯერ კიდევ გამთენიისას შეუტიეს და თავდასხმა გაგრძელდა დღისითაც. რუსული დარტყმის შედეგად დაშავდა მინიმუმ 27 ადამიანი, ბოლო ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 14 წლის ბიჭი.

_______

ფოტო: უკრაინის სამაშველო სამსახური/telegram

რა გვესმის, როცა აღარ გვესმის – მეორე იმპლანტის ამბავი

ავტორი: ნათია კაპანაძე, ნიუ იორკი

___

„გავიმარჯვე-ბ!”

ვუთხარი ჩემს თავს დილის 04:17 საათზე სადარბაზოს სარკეში, როცა მეორე კოხლეარული იმპლანტის ოპერაციისთვის ჩავიარე. სამახსოვრო ფოტო გადავიღე და შევამოწმე, ხომ ნამდვილად ისევ ის  ვიყავი, აქამდე რომ მომიყვანა.

საკუთარი ხმა ჯერ კიდევ ჩამესმა – ბუნებრივად, თან რაღაცნაირად ძალდაუტანებლად. გამოსათხოვარივით. მარცხენა მხარეს ნარჩენი სმენა სტეროიდების მეშვეობით ოდნავ გააცოცხლეს და ბოლო ადამიანური ჟღერადობა, არამკაფიოდ, თუმცა მაინც ისმოდა.

ოპერაციის დღეს, 17 სექტემბერს, დილის 06:00 საათზე, ბრაიანტ პარკთან ახლოს, კლინიკის სარეგისტრაციოში უნდა ვყოფილიყავი და ჩემი ხელმოწერით დამეფიქსირებინა თანხმობა – გადაიკვეთოს მოსმენის ყველა ადამიანური, ბუნებრივი შესაძლებლობა. რომ ამიერიდან მთლიანად მივენდობი ტექნიკას, ტექნოლოგიას, მედიცინას, ცივილიზაციას. 

რეალურად, ხელს ვაწერ სრულ აკუსტიკურ სიყრუეს.

„შეხედე, როგორ მოგექცა ცხოვრება!“ –  გავიფიქრე სადარბაზოს კარის გამოღებამდე. ვერც მივხვდი, საიდან გაჩნდა ეს წინადადება და, ჩემდა უნებურად, ისევ სარკესთან მივბრუნდი. არ მინდოდა საკუთარი თავი შემცოდებოდა. არ მინდოდა აზრის შეცვლა ან ტირილი ოპერაციამდე… სარკეში კი ისევ მე ვიყავი – ნათია კაპანაძე, უშიშარი ქალი, იურისტი, უფლებადამცველი, მედიამენეჯერი და ცოტა ჟურნალისტიც.

თითქოს ყველაფერი გავიარე, მაგრამ წინ ახალი თავია. მთების უკან სხვა მთები დაგხვდება. თან ამ გზაზე ჯერ ყველაფერი არ გაგივლია – ვუთხარი ჩემს თავს – ბევრი რამ არ იცი. არ იცი, რა გვესმის, როცა აღარ გვესმის.

  • 05:05 საათი – კლინიკამდე

თაიმ სქვერთან, პარკის კუთხეში ამოვედი. ჯერ ძალიან ადრეა რეგისტრაციამდე, თუმცა მინდა უფრო დიდხანს ვიყო ჩემს ამჟამინდელ თავთან მარტო. ჩემდა უნებურად, სოლო მოგზაურობას დაემსგავსა ეს მეოთხე ოპერაცია. თუ მე შევძელი, სხვაც შეძლებს.

უბრალოდ ვსეირნობ.

დილის ბინდში, ის-ის არის ქუჩის კონტეინერებს აღებენ გარემოვაჭრეები. ნიუ-იორკის ცნობილი ბეიგელების, კროასანების და სხვადასხვა დასახელების, თუმცა საბოლოოდ ერთი გემოს მქონე ყავის შანსები ანათებს. ჩემთვის იმ დილით შინაარსი დაკარგა ყველაფერმა – ყველა ბრენდულმა მაღაზიამ, გალერეამ, სამკაულმა თუ ტკბილეულმა, ხელის გაწვდენაზე რომ გთავაზობს ნიუ-იორკი. არაფრის ჭამას, არაფრის თვალიერებას, არაფრის ყიდვას აზრი აღარ აქვს, საოპერაციოდ მივდივარ.

„ანუ ამ დღის შემდეგ ადამიანურად ვეღარ გავიგონებ. რაღაცები დაიხვეწება, შევეჩვევი, სიგნალების გაშიფრას შევძლებ და ნელ-ნელა…“ –  ვიმხნევებ ჩემს თავს ათასჯერ წაკითხული ინფორმაციით.

ღმერთო ჩემო, აქამდე როგორ არ გამახსენდა – მოდი, რაც მიყვარს, ბოლოჯერ მოვუსმენ! არ შემრცხვება და ვიტყვი, როგორ ამომივარდა გული ამის მოფიქრებისას. ავნერვიულდი კიდეც – როგორ უნდა მოვასწრო კლინიკამდე მისასვლელ 19 წუთში ყველა საყვარელი მუსიკის ბოლოჯერ მოსმენა? დროს ვკარგავ, სჯობს პირველი ჩავრთო და მერე – სხვები!

პირველი რა იყოს, ადგილებს როგორ მივანიჭებ? სინატრას My Way ჩავრთე. განა ვუსმენ, ვფიქრობ: შემდეგი რა იქნება, როგორ იქნება? სხვა გზა არ მაქვს, მუსიკა ძალიან ხმამაღალზეა, მაგრამ ნიუ-იორკს ვერ გააღვიძებ, მართლა არასდროს სძინავს. მეორე… მეორე რა მოვასწრო – „ჩაკრულო“.

ზუსტად იმ კუთხეში, Bread Bakery-ს წითელ ჯიხურში ჩემი საყვარელი ნუშის კროასანები და კაპუჩინო რომ აქვთ. „ხიდისთავს შევკრათ პირობა, ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია…“ – ჩაესმათ ბრაიანტ პარკის უსახლკაროებს, ბეიგელების გამყიდველებს და მეც, ცოტათი, მაგრამ მაინც.

ბეთჰოვენის მეცხრე თუ მთვარის სონატა? მეცხრე დავიწყე, მაგრამ გრძელია და დანარჩენს გონებაში აღვიდგენ. მოდი, უშიკიშვილის „მრავალჟამიერი“ იყოს. ნინო ქათამაძეც, მაგრამ რომელი? ნინოს ყველა სიმღერას მომავალში გონებაში აღვიდგენ, მის ხმას რა დამავიწყებს! გიული ჩოხელი – ჰო, „მზე ჩემი კარგი მეგობარია“! ჯერ მზე არ ანათებს, მაგრამ სულში ჩამეღვარა ქარვისფერი ძალა. ნანი… ნანისაც აღვიდგენ, დრო არ მეყოფა, „სულს მოგცემ“ – ვასწრებ! ისე მიხარია, ცრემლები მდის. თან ვერც ვჩერდები, მივდივარ და მივდივად, კლინიკამდე ცოტა დრო დამრჩა.

რამე ძალიან სასიამოვნო, რაც ძალიან, ძალიან მიყვარს… რაც ახლა ჩემ სულში ჩაანათებს – როლებში შევედი – ჩემი და ჩემი დისშვილების საერთო სიმღერა! ვასწრებ Twist Again! ცოტას ვცეკვავ, როგორც თბილისში ჩემ გოგოებთან ერთად. გეფიცებით, ეს სიმღერა უხდება თოჯინობანას, კაფეობანას, სამსახურობანას… მოკლედ, ყველა შესაძლო თამაშს, თვით სახლის დალაგებას ან სახლური შაურმის გამოგონებასაც კი. აგერ, პაციენტობანასაც. დაე, ვისაც ყურები აქვს, ისმინოს.

მე ვწყვეტ. ნეტავ როდის გავაგრძელებთ ამ მუსიკას ერთად? ახლა კი მეგობარი მირეკავს, თურმე მანქანა დააყენა და მოსაცდელში ერთად ავდივართ.

  • 07:06 საათი – მოსაცდელი და განსაცდელი

უკვე საოპერაციო ტანსაცმელი მაცვია. ცისფერი ქუდი მოვირგე, იასამნისფერი წინდებიც. მეცინება ჩემს თავზე: შემოსასვლელში საკუთარი წონა რომ დაავიწყდა, გვარისა და სახელის ჩაწერა აერია. რომ მკითხოს ვინმემ – არ ვღელავ. არააა, სულაც არა!

მე ხომ ვიცი, ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი ოპერაცია. იურისტისთვის, ვისი მთელი პროფესიაც სიტყვასა და მოსმენაზეა აგებული, სმენის დაკარგვა ბევრად სცილდება ბიოლოგიას, ქირურგიას და მედიცინას – ეს არის დარტყმა პროფესიულ იდენტობაზე. დაავადება კი თითქოს გეჯახება, დეციბალ-დეციბალ განგრევს, ძალას გაცლის, გცდის.

თუმცა არასდროს შევჩერებულვარ. ვიცი, ჩემამდე ბევრმა გაიარა ეს გზა, ვიცი – მხოლოდ მე არა ვარ ის, ვინც სიჩუმეს ხმად აქცევს: მოსამართლე თეოდორ ბურცოსი, სმენის დაკარგვის შემდეგაც კარიერაზე რომ არ თქვა უარი, ტექსტი მისივე თვალწინ რომ იბეჭდებოდა სასამართლო დარბაზში – ის ცოცხალი მტკიცებულებაა, რომ მართლმსაჯულება აკუსტიკაზე მაღლა დგას.

ჰელენ კელერი, ხელით რომ „ისმენდა“ ლაპარაკს და ამის მიუხედავად მთელი მსოფლიო შეაძრწუნა თავისი ხმით. ბობ გარფილდი NPR-ზე, ჩემსავით იმპლანტით რომ განაგრძობდა ეთერს. ევლინ გლენი, ბარაბანზე რომ უკრავს არა ყურით, არამედ იატაკის ვიბრაციით, ფეხების ტერფებით. ისინი ყველანი, თავიანთი დროისა და ადგილის მიუხედავად, ერთსა და იმავეს გვასწავლიან: მოსმენა და უფლებების დაცვა ბევრად უფრო ღრმა, შინაგან სივრცეებში ვიბრირებს. ეს სინამდვილეში, მთელი ჩვენი არსია.

მეოთხე ოპერაციის დილას, ყველაზე ნათლად ვიცოდი, რატომ გამოვიარე ასეთი გრძელი გზა, რატომ ვეძებდი შესაძლებლობებს თურქეთში, გერმანიაში… როგორ და რის ფასად აღმოვჩნდი ნიუ-იორკში და ახლა თხელი სამედიცინო ხალათით, ცისფერი ქუდით და იასამნისფერი წინდებით ერთი ნაბიჯიღა დამრჩა, ხელის გაწვდენაზეა ჩემი ოცნება – გავაგრძელო ჩემი თავი საუკეთესო ვერსიით, გეგმითა და სურვილებით.

განსაცდელია, გავცდები და მორჩა!

  • 07:20 საათი – ქირურგიული გუნდი

ტრადიციულად, საოპერაციო ჯგუფის თითქმის ყველა წევრი გავიცანი – შემოდიან, მამხნევებენ, მეუბნებიან, რომ ეს მეორე იმპლანტია, შესაძლოა მეტი თავბრუსხვევა მქონდეს და უნდა გავუმკლავდე.

ბოლოს ჩემი ქირურგიც გამოჩნდა. შედარებით ახალგაზრდაა. ზოგიერთი პაციენტის შეფასებით, მას მკვეთრად გამოხატული ნიუ-იორკული ეგო აქვს, მაგრამ ეს ახლა გადამწყვეტი არ არის. სიმართლეს – ჩემი სმენა რომ მცირდებოდა და დაავადება პროგრესირებდა, ზუსტად ამ ექიმთან შეხვედრისას შევეჯახე. ამდენად, ვენდობი ამ ადამიანებს, ამ სამედიცინო სისტემას და ცივილიზაციის განსაკუთრებულ მიღწევას – კოხლეარულ იმპლანტს.

  • 07:26 საათი – საოპერაციო ბლოკი

საოპერაციოსკენ გადანაცვლების დროა. თეთრი დერეფნის მინებზე ვხედავ ჩემს თავს, რომელიც ასეთი აღარასდროს იქნება. თითქოს უკან მომყვება ყველა დაღლილობა, ტკივილი, იმედგაცრუება, ბრძოლა და მე წინ ვარ. თითქოს ერთი ჩაძინებაღა დამრჩა ძველი სიმძიმეების გადასაჭრელად და ახალ გამოწვევებთან ადაპტირებისთვის.

გადანათებულ საოპერაციოში ყველა სახე ნაცნობია. მე ღრმად, ძალიან ღრმად ჩავისუნთქე. ისინი კი იწყებენ ფეხებისა და ხელების დამაგრებას საოპერაციო მაგიდაზე. ვგრძნობ ფეხებზე დამცავებს, მაფარებენ თბილ პლედებს, ვენაში წამალი შედის. ჯერ ქუდს მისწორებს ძალიან სასიამოვნო ღიმილის ქერა ანესთეზიოლოგი და შემდეგ სახესთან მიახლოვდება მართვის მომწვანო აპარატი.

ღმერთო, ვინ ვარ – იცი, რა მინდა – იცი, დანარჩენი შენ იცი… – გადამწყვეტ მომენტამდე კიდევ ერთხელ შევახსენე. 

ისეთი ლამაზია საოპერაციოს ზედა განათება – ალბათ, ოდესმე დავხატავ, სხვებმაც რომ იცოდეთ.

  • 10:30 საათი – ოპერაციის შემდეგ

გაგიკვირდებათ და Whole Foods-ის ყავის რიგში ვდგავარ. თუ ყოველდღიური ყავის აღმოჩენა უნდა ვინმეს, მაგათი კაპუჩინო ნუშის რძითა და სულ ცოტა დარიჩინით საოცარია. ხანდახან რიგში დგომა მოგიწევთ, მაგრამ ამად ღირს. მეც ველოდები, ჩემი ჭიქა ავიღო, მოვსვა… და ვიღაც ხელზე მექაჩება, ყავას მართმევს:

„გილოცავ, ნათია, შენი ოპერაცია წარმატებით დასრულდა!“ – ასე ვკითხულობ ტუჩების მოძრაობას და ვხედავ ორ ადამიანს; აღარც ყავაა და აღარც რიგი.

მარჯვენა იმპლანტს მაწვდიან, თავზე რომ მივიმაგრო. ჩემი კერძო მაუწყებლობა ჩავრთე და სამყაროსთან კავშირი აღდგა.

„გამარჯობა, – ვუპასუხე მშვიდად, – ახლახან ყავის რიგი დამაკარგვინეთ“. „რა სამწუხაროა, სამაგიეროდ სხვა შემოთავაზებები გვაქვს, – იცინის ექთანი კეთილი ღიმილით. – მოდი, დავიწყოთ. ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ახლა მთავარია, მშვიდად გაიაროთ შემდეგი პროცესი: აკრძალულია სიმძიმეების აწევა, მკვეთრი მოძრაობები, არ არის ნებადართული ცურვა ექვსი კვირის განმავლობაში, არც იოგა; ნებადართულია მხოლოდ ფეხით სიარული, იმოძრავეთ უსაფრთხო ადგილებში… საჭიროებისას დარეკეთ 911-ში… მოძრაობისას ჭრილობა დაიცავით, მაგალითად, თხელი შარფით…“

„შარფი? შარფი მაქვს! – გამეხარდა ეს რომ მითხრა. – იცით, ჩემმა უფროსმა დამ გამომიგზავნა თბილისიდან. რაღაცნაირად სულ იცის, რა შეიძლება დასჭირდეს ადამიანს და უკვე გამომიგზავნა. ისეთი ლამაზია და ისეთი თხელია. იცით, ჩემი და ახლა თბილისშია, არაფერი არ იცის ამ ოპერაციაზე. საერთოდ, არავინ იცის. რა საჭიროა სხვების ნერვიულობა. იმპლანტის აქტივაციისას ვეტყვი. ძალიან მენატრება…“ – ექთანს ჩემი ცივი ხელი ეჭირა და იღიმებოდა.

„თქვენ გყავთ დები?“ – ვკითხე და ჩამეძინა.

„შოკოლადის თუ ვანილის?“ – ამ კითხვამ გამომეღვიძა. „შოკოლადის თუ ვანილის პუდინგი, რომელს აირჩევთ?“ „ვანილის, რა თქმა უნდა,“ – ვუპასუხე ღიმილით, მაგრამ ჭამის ძალა არ მქონდა. „მე გაჭმევთ. მეორესაც ხომ არ შეძლებთ?“ – გამახსენდა, რომ ჩემი და ჩატის გათვლებით, ერთი პუდინგის ენერგია საკმარისი არ არის. მეორეც! წვენიც ორი მჭირდება – სადღაც 530 კალორიამდე უნდა ავიდე, რომ მოძრაობა შევძლო, თან გული არ ამერიოს.

„თქვენ საიდან ხართ?“ – ვკითხე. „ფილიპინელი ვარ“. „მართლა? მგონია, ყველა ფილიპინელი მიყვარს ერთი მამაცი ქალის გამო, „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ რომ დაწერა“. ვინ არის ავტორი? 30 წამი დამჭირდა და გავიხსენე. ისე გამეხარდა: „რესა, მარია რესა!“ „არ ვიცნობ, მაგრამ დავინტერესდები. ახლა კი თქვენი პირველი ტესტის – სიარულის დროა. მეორე იმპლანტის მთავარი რისკი თავბრუსხვევაა. ამაზე ყველამ გაგაფრთხილათ. მე ახლა თქვენ გვერდით ვარ, მაგრამ თქვენი პასუხისმგებლობაა, მშვიდად და უსაფრთხოდ მართოთ გადაადგილების პროცესი ახლაც და მომავალშიც“.

როდესაც კოხლეარული იმპლანტის ოპერაციას იკეთებ, სამედიცინო პერსონალი მართლაც ხაზგასმით გაფრთხილებს: ემზადე ძლიერი თავბრუსხვევისთვის, გულისრევისთვის, წონასწორობის დაკარგვისა და რამდენიმედღიანი სრული უღონობისთვის. თუმცა, 2026 წლის 17 სექტემბერს, ოპერაციიდან რამდენიმე საათში, ჩემმა ფილიპინელმა ექთანმა კორიდორში რომ გამიყვანა, გაოგნებული დარჩა. თავბრუსხვევა თითქმის არ მქონია, მხნედ და მყარად დავდიოდი. მე კი მეგონა, ჩემ გვერდით მარია რესა იდგა, მასწავლიდა, როგორ დავამარცხო დიქტატორი, და უკვირდა, როგორ არ ვეცემოდი.

  • სხეულის გაძლიერების ალგორითმი – ხუთი შესაძლებლობა მათთვის, ვინც ჩემნაირ გზას გაივლის

ეს პირველი წარმატებული ტესტი უბრალო „იღბალი“ არ ყოფილა. ეს იყო თვეების განმავლობაში შეგნებულად აგებული, სხეულისა და გონების მომზადების შედეგი – ვიცი, ბოლომდე ვერასოდეს დავადგენ, რომელმა ნაბიჯმა რამდენად შეუწყო ხელი საბოლოო შედეგს. ამის მიუხედავად, თუ ვინმე ჩემნაირ გამოწვევებს ებრძვის, მინდა იცოდეს, რა ვცადე მე.

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შევისწავლე სმენადაქვეითებული ადამიანის ყველა შესაძლო გამოწვევა და ადამიანის ბიოლოგიური რესურსების ალგორითმები. ChatGPT, Gemini და Claude, Google-თან ერთად, გახდა ჩემი მთავარი ინსტრუმენტი – მათში დავამუშავე ჯანსაღი კვება, ოპერაციამდელი და ოპერაციის შემდგომი პროტოკოლები, მენტალური მზადება, კოორდინაციისა და ვესტიბულური კომპენსაციის ვარჯიშები. ვიპოვე უახლესი კვლევები, პაციენტთა პროფილები, გამოცდილებები სოციალურ ქსელებში.

თავად მზადება 2024 წლის 10 დეკემბრიდან დავიწყე, როცა საბოლოოდ დადასტურდა სმენის პროგრესირებადი რეგრესი. ორი ოპერაციის ფონზე, წარმატების ნაცვლად, უკუსვლა დაიწყო. შოკისა და იმედგაცრუების ტალღის ჩაცხრომის შემდეგ, ძალა მოვიკრიბე და ხუთი მიმართულება გამოვკვეთე, რომლებზეც ერთდროულად ვმუშაობდი:

  1. შინაგანი რესურსების მართვა – კულტურული თერაპია და სტოიციზმი აქტიური საჯარო და უფლებადამცველის საქმიანობის გამო არაერთ ტოქსიკურ ამბავში გავიარე – ვხუმრობდი, ზურგში დანა რომ აღარ მხვდება, რკინის ნაკლებობა დამეწყო. ისე მოხდა, რომ ხელახლა მომიწია გააზრება, რატომ და რა მინდა მესმოდეს. წინასაოპერაციო მზადებაში არაერთი დანაკარგი შემხვდა, თუმცა საბოლოოდ სტოიციზმსა და მარკუს ავრელიუსს დავუბრუნდი – ვისწავლე ფოკუსირება მხოლოდ იმაზე, რაც ჩემს კონტროლქვეშ იყო. მეცნიერება ადასტურებს, რომ სასიამოვნო აქტივობები ააქტიურებს დოფამინს და ამცირებს სტრესის ჰორმონებს – ოპერა, ნიუ-იორკის შოუები და მუზეუმებში ხეტიალი, მჯეროდა, სწორედ ასე თრგუნავდა ჩემს ნეირონულ სტრესს.

თუ ამ გზას გაივლით: მოძებნეთ ის, რაც თქვენს ტვინს ასაზრდოებს, უბრალოდ ამოისუნთქეთ

  1. დისციპლინირებული კვება და უჯრედული მეტაბოლიზმი 2025 წლის მაისიდან ხორცისა და თევზის მიღება შევწყვიტე. ჩემი კახური წარსულის გამო, მწვადთან განშორება ადვილი არ იყო, მაგრამ ბოლოს ჯანმრთელობის სასარგებლოდ დასრულდა. 500 დღის განმავლობაში, მინიმუმ 1500 კალორიის შენარჩუნებით, სრულად გარდავქმენი გემოვნება. მცენარეული, ანტიოქსიდანტებით მდიდარი რაციონი მეცნიერულად უკავშირდება სისტემური ანთების შემცირებას – და მჯეროდა, რომ ეს ხელს უწყობდა ორგანიზმის საერთო მზაობას.

თუ ამ გზას გაივლით: ცვლილებას უკიდურესობა არ სჭირდება – საკმარისია სწორი მიმართულება.

  1. ვესტიბულური აპარატის ვარჯიში წყალში წონასწორობის დაცვა მთავარი გამოწვევა გახდა. ზაფხულის 3 თვის განმავლობაში, დილის 6 საათიდან, ყოველდღიურად 2 საათს ვუთმობდი წყალში ვარჯიშს – ეს არის ვესტიბულური რეაბილიტაციის აღიარებული ფორმა: ჰიდროსტატიკური წნევა და უწონადობა ასტიმულირებს და საშუალებას გაძლევს, ისწავლო წონასწორობის კომპენსაცია, დაცემის შიშის გარეშე. მჯეროდა, რომ სწორედ ამან შეამსუბუქა მეორე ოპერაციის შემდგომი ვესტიბულური შოკი – თუმცა ეს ცალკე, ინდივიდუალურად გაზომვადი არ არის.

თუ ამ გზას გაივლით: წყალი გასწავლით ხელახლა, როგორ ენდოთ საკუთარ სხეულს.

  1. გამძლეობა და სისხლის მიმოქცევა ვარჯიშისა და ცურვის პარალელურად, ყოველდღიურმა 19 000-22000 ნაბიჯმა ორგანიზმს კარგი რეზერვი მისცა. რეგულარული აერობული აქტივობა ცნობილია, რომ აუმჯობესებს პოსტოპერაციულ აღდგენას. მე დავიჯერე, რომ ყველა გადადგმული ნაბიჯი დამეხმარა, მხნედ დამედგა ფეხი მიწაზე ოპერაციის შემდეგ.

თუ ამ გზას გაივლით: იცოდეთ, არ არსებობს იდეალური ციფრი. მთავარია, თანმიმდევრობა.

  1. მომავლის პოზიტიური მოტივაცია ჩემთვის ცხოვრება გემოა. გემო და გემოვნება. სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ოპერაციამდე საკუთარ თავთან უამრავი პირობა დავდე – ახალი მუზეუმი, ახალი ყავის ბარი, გამოფენა თუ პროექტი. ამ გეგმით საკუთარ თავს ვაძლევდი მკაფიო სიგნალს: წინ მხოლოდ აღდგენა და გამარჯვება ელოდა.

თუ ამ გზას გაივლით: დაუდეთ საკუთარ თავს პატარა-პატარა პირობა – უბრალოდ, წარმოიდგინეთ კონკრეტული სასიამოვნო რამ, რაც წინ გელოდებათ.

  • 10:59 საათი – გამარჯვების ტესტი

„გაოცებული ვარ თქვენი გამძლეობით“, – გამიმეორა ჩემმა ფილიპინელმა ექთანმა, როცა სკამზე დამსვა. „ახლა კი მომზადების და სახლში წასვლის დროა. დაგეხმაროთ თუ მეგობარს დავუძახოთ?“ „თავად შევძლებ“. „წარმოუდგენელია, რომ შეძლებთ“. თუ ორ წუთს მომცემთ, ორივე დავრწმუნდებით… მეორე ტესტიც ჩავაბარე. წარმატების მიზეზი მხოლოდ მე ვიცოდი.

  • 11:06 საათი – ავტოსადგომი

როცა ავტოსადგომთან დაბალ აგურის კედელზე ჩამოვჯექი, იმ წუთში მართლა გავიაზრე, რომ შემდეგ ეტაპსაც გავუმკლავდი. მაგრამ „თავში არ უნდა ამვარდნოდა“ და კიდევ უფრო ფრთხილად უნდა მევლო. იმ მომენტში ძლივს დავიჯერე, რომ მესამე სართულიდან ლიფტით მეგობართან ერთად ჩამოვედი და ახლა მანქანაში ჩავჯდები.

რამდენიმე სამახსოვრო ფოტოს შემდეგ, მანქანის სალონში ვუყურებდი ჩემს თავს. რამდენადაც გული მწყდებოდა, რომ Whole Foods-ის ყავა არ მქონდა, იმდენად მიხაროდა, რომ სიზმარიც კი მახსოვს.

  • 12:06 საათიდან – 23:56 საათამდე

შუადღისას უკვე საკუთარ საწოლში ვიყავი. თეთრი პლასტმასის დამცავით, ყვითელი სმაილი რომ მიაკრეს, ვენაზე პატარა ნაჩხვლეტით და ძილის აუტანელი სურვილით. საწოლის თავთან მომარაგებული წყალი, ბანანები და წამლებია. ყველა პროდუქტი, ოდენობა და შემადგენლობა საჭიროებების მიხედვით მაქვს გადამოწმებული მინიმუმ ორ ჩატთან. მთელი ეს გარემო კი სრულიად საკმარისია ბედნიერებისთვის.

17 სექტემბერი იმდენად სწრაფად გავიდა, იმდენ ძილსა და გაღვიძებაში, რომ ყველა ჯერზე მარცხენა მხარეს პლასტმასის თეთრ დამცავს ვეხებოდი. ხელახლა დარწმუნება მჭირდებოდა, რომ ნამდვილად ჩაიარა ოპერაციამ.

საღამოსკენ ძლიერმა ტკივილმა გამაღვიძა. მივხვდი, რომ საწოლში ვზივარ და ოთხ ბალიშზე მძინავს. თავთან წყალი, ბანანები და წამლებია ხელუხლებელი. გამაყუჩებელი მჭირდება. ეს ცისფერი აბი რაღაცნაირად გადადის და ერევა სხეულს ნისლად, სითბოდ, შემსუბუქებად.

პირველ სიზმარს ვხედავ – მწვანე ტყავის ბოტასებსა და ჯინსებზე ვცნობ, მზია ამაღლობელია. რაღაცნაირი ჭარხლისფერი და ლურჯი კუბიკებიანი ზედა აცვია, აეროპორტში ვხვდები. ამბობს, რეაბილიტაციისთვის ჩამოვედიო. ვეხუმრები: ვადამდე გამოშვება ჰქვია ამას თუ უდროოდ, თუ დროულად? რეაბილიტაციის მეტი რა ვიცი და ცოდნას გაგიზიარებ-მეთქი, ვპირდები. მეღვიძება და ჭარხლისფერ და ლურჯ წიგნებს ვხედავ ტუმბოზე.

შემდეგ სიზმარში ჩემ სახლში ვარ აივანზე, ბათუმში. ზღვიდან ნიავი უბერავს. უცებ სანაპიროსკენ მივრბივარ – როგორც ჭეშმარიტი ბათუმელი სექტემბრის მზიან დღეს, მთელი დღით შეზლონგზე ვწვები. მზის, ზღვისა და ქვების სუნს ვგრძნობ. ჩემი სახლის სუნს. ჰაერი მთელ სხეულზე მოძრაობს და მთელ სხეულშია. თვალს რომ ვახელ, ჭერზე დაკიდებულ ამერიკულ ფენს ვხედავ.

მესამე სიზმარში მაკდონალდსში ვართ მე და ჩემი ძმიშვილები. ის თეთრი ზედები აცვიათ, გუშინ სკოლაში მისვლის სურათში, ფეისბუქიდან რომ ჩამოვტვირთე. მათ ლოყებსა და კისრებში ჩემსავე სურნელს ვგრძნობ. თითქოს მათ თვალებში დანახულ ჩემს თავს ხელახლა ვიყვარებ… მინდა მართლა ისეთი ვიყო, მათ რომ ვგონივარ, და მეღვიძება ჩემს ხელებს შორის, წეღან ბარიერად რომ დავიმაგრე თავის დასაფიქსირებლად.

ადგომის ძალა მაქვს.

  • 23:53 საათი

გავიმარჯვე! ვუთხარი ჩემ თავს 17 სექტემბერს, საღამოს 23:53 წუთზე, ტუმბოზე დამაგრებულ სარკეში, როცა მეორე კოხლეარული იმპლანტის ოპერაცია ნამდვილად გადავიტანე. პირველი აპარატიც არ გამიაქტიურებია – დასვენება მჭირდებოდა და მეგონა, ვერაფერს გავიგონებდი. მეგონა, იმპლანტის აქტივაციამდე საერთოდ, საერთოდ ვერაფერს გავიგონებდი.

მოულოდნელად კი ვიგრძენი სხეულის შიგნიდან ამოხეთქილი ბგერების ტალღა, როგორ დაეტაკა ნესტოებს. დაეტაკა და გაარღვია აქამდე დაფარული გზა. შეაღწია ისე, როგორც ჰაერი შედის ჩვენ ფილტვებში – გვავსებს და გვაცოცხლებს. მე ჩემი ხმა ჩემი საკუთარი სახის ძვლებით მესმოდა. სულ რომ არაფერი გვესმოდეს, საკუთარი თავის მაინც გვესმის. 

გავიგონე! ნამდვილად გავიგონე სიტყვა – გავიმარჯვე.

მესმოდა ზუსტად ისე, ახლა თქვენ ცხვირზე ხელს რომ მოიჭერთ და გესმით. თანაც ეს არ იყო გონებაში დაბადებული სიტყვა, ეს იყო სხეულში არსებული განცდები. გულიდან ამოსულიო, რომ იტყვიან. თითქოს ამ ნაკადს ტვინამდე უნდა მიეღწია და დაერწმუნებინა – ასეთი გრძელი და მძიმე გზის მიუხედავად, მთელი სხეული იძახდა: მე გავიმარჯვე და შენ გესმისო.

მეგონა, მომეჩვენა. გავიმეორე ათჯერ, ასჯერ, უთვალავჯერ. და უფრო მეტიც – როცა გავჩუმდი, მესმოდა ის ხმები, რომელმაც ძალა მომცა ამ გზაზე მევლო. მესმოდა ის სიტყვებიც, წინ რომ მელოდება. მესმოდა ის გამარჯვებები, სხვა სმენადაქვეითებულებს რომ დახვდებათ ამ მძიმე გზაზე. მესმოდა ცივილიზაციის, ხვალ და ზეგ უკეთეს სმენის აპარატებს, მედიკამენტებსა და სამედიცინო სერვისებს რომ შექმნის ტკივილების დასამარცხებლად.

უბრალოდ, მომავლის მესმოდა!

  • საჭირეობისამებრ:

თქვენი ცხოვრების ყველაზე რთულ დღეებში – თუ მიწაზე დანარცხების ტკივილისგან ძვლები გემსხვრევათ, თუ დაიღლებით და ძალა სულ გამოგეცლებათ, თუნდაც მართლაც არაფერი გესმოდეთ – ღრმად ჩაისუნთქეთ, შემდეგ ცხვირზე ხელი ოდნავ მოიჭირეთ და ერთადერთი სიტყვა უთხარით საკუთარ თავს: გავიმარჯვე-ბ!

შედეგი გარდაუვალია.

სასულიერო კლუბები აჭარის 13 საჯარო სკოლაშიც გახსნეს

2026 სასწავლო წელს, აჭარის 13 საჯარო სკოლაში სასულიერო კლუბები გაიხსნა, სადაც ე.წ „ღირებულებით გაკვეთილებს“ ჩაუტარებენ მოსწავლეებს.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე 8 სასულიერო კლუბია გახსნილი ბათუმის საჯარო სკოლაში, 2 – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და 3 კლუბი, ქობულეთის საჯარო სკოლებში.

„სასწავლო წლის განმავლობაში იგეგმება აღნიშნული კლუბების რაოდენობის გაზრდა“-გვწერენ განათლების სამინისტროდან.

სასულიერო კლუბები სახელწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. კერძოდ, სახელმწიფო აფინანსებს სასულიერო პირის ხელფასს, – 650 ლარის ოდენობით თვეში, რომელიც ამ კლუბშია დასაქმებული.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით სასულიერო კლუბები 141 საჯარო სკოლაშია გახსნილი, [სულ 175 კლუბი იყო ივლისის მონაცემებით] თუმცა, ამ რიცხვში შედის თუ არა აჭარაში გახსნილი სკოლები, დაზუსტებული არ არის.

განათლების სამინისტრო 2026 წლის ივლისში წერდა, რომ სასულიერო კლუბებში 4 375 მოსწავლე იყო ჩართული.

კლუბებში დასაქმებული სასულიერო პირების ხელფასებზე თვეში 113 750 ლარზე მეტი დაიხარჯება, რაც წელიწადში მინიმუმ 1 მილიონ ლარზე მეტია.

________________

ამ თემაზე:

„თუ მღვდელი გასწავლის, დანაშაულისკენ აღარ გაიხედავ?“ – მასწავლებელი სკოლებში შექმნილ კლუბებზე

პროკურატურა: მოქალაქეებს მისაღებ ფასად სახლების აშენებას დაჰპირდნენ და 365 ათასი ლარი თაღლითურად მიითვისეს

პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთან ერთად, მოქალაქეებს თითქოსდა მისაღებ ფასად საცხოვრებელი სახლების და კოტეჯების აშენებას და საჭირო ნებართვების და მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევას დაჰპირდა და დაზარალებულებთან ე.წ. მოჩვენებითი გარიგებები გააფორმა.

„აღნიშნული მოტივით ბრალდებული სხვა პირთან ერთად, მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულების კუთვნილ 365 273 ლარს“ – წერს პროკურატურა.

ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურისვე ცნობით, ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ჯგუფის მეორე წევრს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.

დრონების თავდასხმის შედეგად რუსეთში ნავთობის კიდევ ერთი ქარხანა გაჩერდა

რუსეთში, როსტოვის რეგიონში, ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, დროებით შეაჩერა მუშაობა.

მედიის ცნობით, ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა წელიწადში დაახლოებით 5 მილიონ ტონა ნავთობს, ანუ დღეში დაახლოებით 100 000 ბარელს ამუშავებს. მისი წარმოების უმეტესი ნაწილი ექსპორტზე გადის.

ასევე, 25 სექტემბრის ღამეს, რუსეთის ქალაქებში: ულიანოვსკსა და პერმში აფეთქებები გაისმა. დრონები თავს დაესხნენ როგორც ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს.

__________

ფოტოზე: აფეთქება პერმში, 25 სექტემბერი. წყარო: telegram

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 სექტემბრის 21 საათიდან 26 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 21 – 26 გრადუსი სითბო
    ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო
    ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება. ზღვის წყლის ტემპერატურა +23 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 27 სექტემბერს დღის ბოლოს და შემდეგი ორი დღე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად წვიმა. 

________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

Exit mobile version