აჭარაში „ოცნების“ მთავრობას ისევ უჭირს ქონების სარფიანად გასხვისება.
2026 წლის ორ კვარტალში, მეორე მცდელობის მიუხედავად, აჭარის მთავრობამ აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი შენობა კვლავ ვერ გაყიდა და 15 სექტემბერს განმეორებით აუქციონზე გაიტანა. მთავრობას ფასი არ შეუმცირებია, შეცვალა მხოლოდ ფასის გადახდის პირობები.
2026 წლის ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიშის მიხედვით, აჭარის მთავრობამ 6 თვეში სხვადასხვა ქონების გასასხვისებლად 32-ჯერ გამოაცხადა აუქციონი, მათ შორის იყო განმეორებითი აუქციონებიც, თუმცა მათი უმეტესობა ჩაიშალა, ქონება ვერ გაასხვისეს.
მთავრობა ამ შეფერხებას სამრეწველო ზონაში ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის, მთავარი და მეორეხარისხოვანი გზების საბოლოო პროექტის დაზუსტებას უკავშირებს:
„არ დასრულებულა რიგი სამართლებრივი დავები უძრავი ქონებების გამოთავისუფლების თაობაზე. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიმდინარე პროცედურების ნაწილი ვერ დასრულდა აღნიშნულ კვარტალში, რის გამოც 50-მდე შეფასებული უძრავი ქონების გამოცხადება ვერ მოხერხდა, რამაც გამოიწვია მოსალოდნელი შემოსულობების შეუსრულებლობა“ – განმარტავს აჭარის ეკონომიკის სამინისტრო ანგარიშში.
სამინისტრომ ასევე დააზუსტა, რომ საჭირო იყო განსაზღვრულიყო „საინვესტიციო ნაკვეთების შესაბამისობა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან“.
2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის არაფინანსური აქტივების კლების [ასეა დასათაურებული ქონების გაყიდვა ბიუჯეტში] გეგმა 30 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული, ფაქტობრივი შესრულება კი 7 მილიონ 861 800 ლარია.
სამინისტროს ინფორმაციით, 6 თვეში ძირითადი კაპიტალის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა 2 მილიონ 549 200 ლარი შეადგინა, ხოლო მიწის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა – 5 მილიონ 312 600 ლარი.
ძირითადი კაპიტალი შეიძლება იყოს მანქანა-დანადგარები, მოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალებები ან სხვა ფიქსირებული აქტივები, რომლებიც ავტონომიური რესპუბლიკის ბალანსზე ირიცხებოდა.
რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს შენობას, ამ შემთხვევაში აჭარის მთავრობა პირობიანი აუქციონით ყიდის უმაღლესი საბჭოს ყოფილ შენობას ჩაქვში – 13 147 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ შენობას, რომელიც 2508.53 კვ.მეტრია. საწყისი ფასი 4 900 000 ლარია, ბიჯი – 125 000 ლარი.
ახალი პირობების შესაბამისად, მყიდველმა საბოლოო საპრივატიზებო საფასური 2 ეტაპად უნდა გადაიხადოს. კერძოდ, 2026 წლის პირველ დეკემბრამდე საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 30%, 2027 წლის პირველ მარტამდე კი – დარჩენილი თანხა.
შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში მყიდველმა 8 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
ასევე, მყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 42 თვეში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღებაც უნდა უზრუნველყოს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ჩაქვიდან ბათუმში 2020 წელს გადაიტანეს. საბჭო ბათუმში იმ შენობაში განთავსდა, სადაც მანამდე ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, მანამდე კი – ქალაქის N1 საავადმყოფო იყო. ეს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
არაფინანსური აქტივების, ანუ ქონების სარფიანად გასხვისების პრობლემა აჭარის მთავრობას პირველად არ აქვს, ამაზე არაერთხელ მიუთითა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმაც.
აუდიტის მოსაზრებით, მთავრობამ იცის, რომ იმ ღირებულების ქონებას ვერ გაყიდის, რა რიცხვებსაც ის ბიუჯეტში პროგნოზირებს, მაგრამ ეს იმისთვის სჭირდება, რომ ბიუჯეტი ფორმალურად გაზარდოს და შთაბეჭდილება მოახდინოს.
ფაქტი კი ის არის, რომ აჭარის მთავრობამ არაფინანსური აქტივების ნაწილში გაწერილი გეგმა ვერც 2025- 2024 წლებში შეასრულა, ვერც 2023 და ვერც 2022 წელს. მიუხედავად ასეთი შედეგებისა, მთავრობაში საპროგნოზო მაჩვენებელში რიცხვებს მაინც ზრდიდნენ, რაც ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს არამხოლოდ შესრულების, არამედ დაგეგმვის პრობლემასთანაც.






