საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებსა და გზისპირა ზონებში – გზის ღერძიდან 200 მეტრის ფარგლებში ორივე მხარეს – გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალული იქნება მშენებლობა. ასეთ შეზღუდვას ითვალისწინებს „ოცნების“ მთავრობის დადგენილების პროექტი, რის შესახებაც ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის ინფორმაციით ახალი „რეგულაცია შეეხება იმ მონაკვეთებს, რომლებიც უკვე ექსპლუატაციაშია ან სადაც მიმდინარეობს ან დაგეგმილია მაგისტრალური გზების მშენებლობა და მოდერნიზაცია. მათ შორისაა თბილისი–სენაკი–ლესელიძე, სენაკი–ფოთი–სარფი, თბილისი–წითელი ხიდი, თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხი, მარნეული–სადახლო, თბილისის შემოსავლელი და სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთი.“
„ახალი რეგულაცია მომზადებულია „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე და მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების დაცვასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას…
მნიშვნელოვანია, რომ გზების მიმდებარე ტერიტორიებზე ქაოტურმა და უნებართვო საქმიანობამ არ შეაფერხოს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, არ შექმნას უსაფრთხოების დამატებითი რისკები და არ დააზიანოს გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია.
გზისპირა ზონაში დაუკითხავი საქმიანობის შეზღუდვა უზრუნველყოფს გზების გამართულ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას“ – წერს გზების დეპარტამენტი.
„ოცნების“ მთავრობამ 2026 წლის 12 თებერვალს გამოსცა დადგენილება – „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე/საავტომობილო გზების მონაკვეთებზე და გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 200 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ – რომელიც 2026 წლის 19 თებერვლიდან ამოქმედდება.
ამ დადგენილების მიხედვით გზების მფლობელთან შეუთანხმებლად სამშენებლო საქმიანობა (გზის ღერძიდან 200 მეტრი ორივე მხარეს) აკრძალულია შემდეგი გზების გასწვრივ:

მთავარი ფოტო: გრიგოლეთი-ქობულეთის ავტობანი / „ბათუმელების“ არქივიდან






