საავტომობილო გზებზე ან გზების გასწვრივ სამშენებლო სამუშაოებისთვის, რომელიც გზების დეპარტამენტთან არ იქნება შეთანხმებული, ჯარიმა 2 ათასი ლარია.
საუბარია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაში არსებულ გზებზე.
შესაბამის კანონს მიხეილ ყაველაშვილმა ხელი 2026 წლის 16 სექტემბერს მოაწერა და ის ძალაში 2026 წლის 19 სექტემბრიდან შევიდა.
სამშენებლო სამუშაოების წარმოება ან მშენებლობა საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეუთანხმებლად გამოიწვევს დაჯარიმებას – საავტომობილო გზაზე ან გზის გასწვრივ, ორივე მხარეს 100 მეტრის მონაკვეთში, ხოლო ავტობანის გასწვრივ ორივე მხარეს – 200 მეტრში.
გზების დეპარტამენტს მასთან შეუთანხმებელი სამუშაოების შეჩერების, შეწყვეტის, ნაგებობის სრული ან ნაწილობრივი დემონტაჟის უფლებაც მიეცა.
„საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაში არსებულ საავტომობილო გზაზე, გზისპირა ზონაში მასთან შეუთანხმებლად სამშენებლო საქმიანობის განხორციელება/ნაგებობის განთავსება გამოიწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1942 მუხლის შესაბამისად.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებისთანავე სამართალდამრღვევს, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ვერ დგინდება − ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მიწის ნაკვეთით მოსარგებლეს აძლევს მითითებას და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას − არაუმეტეს 1 თვისა სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ან აღნიშნულ დეპარტამენტთან შეუთანხმებლად განხორციელებული/მიმდინარე სამშენებლო საქმიანობის/ნაგებობის განთავსების შეჩერების/შეწყვეტის ან/და პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების/ნაგებობის დემონტაჟის მიზნით,“ – აღნიშნულია „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულ კანონში.
ამავე კანონით საავტომობილო გზების დეპარტამენტი უფლებამოსილია:
- „სამართალდამრღვევის მიერ მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში მისთვის განსაზღვრული ვადის გასვლისთანავე მიიღოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი − დადგენილება (მათ შორის, ელექტრონული დადგენილება) სამშენებლო საქმიანობის/ნაგებობის განთავსების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების/ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის თაობაზე;
- მითითების მიცემის გარეშე მიიღოს აღნიშნული დადგენილება, თუ სამართალდამრღვევი ვერ დგინდება და სამშენებლო მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა;
- საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს განახორციელოს შესაბამისი საავტომობილო გზის ან/და მისი შემადგენელი ნაწილის აღდგენითი/სარეაბილიტაციო სამუშაოები.
- აღნიშნული დადგენილება საჩივრდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. აღნიშნული დადგენილების გასაჩივრება მის მოქმედებას/აღსრულებას აჩერებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.“
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1942 მუხლის მიხედვით კი:
- საავტომობილო გზაზე ან გზისპირა ზონაში [გზების დეპარტამენტთან] შეუთანხმებლად ან/და შეთანხმების პირობების დარღვევით სამშენებლო საქმიანობის განხორციელება/ნაგებობის განთავსება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
- ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.
- ამ მუხლის პირველი ნაწილით ან/და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, რასაც შედეგად მოჰყვა საავტომობილო გზის ან/და მისი შემადგენელი ნაწილის დაზიანება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
- ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირველად ჩადენისას დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.“
აღნიშნულ მუხლს ახლავს შენიშვნაც:
„1. ამ მუხლის მიზნებისთვის სამართალდამრღვევი შეიძლება იყოს:
ა) მშენებლობის ნებართვის/შეთანხმების მფლობელი;
ბ) შეუთანხმებელი მშენებლობის განმახორციელებელი პირი;
გ) შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან ამ შენობა-ნაგებობით ან მიწის ნაკვეთით მოსარგებლე − თუ მშენებლობის განმახორციელებელი პირი ვერ დგინდება;
დ) შეუთანხმებელი მშენებლობის განხორციელებისას, თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, − უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი, ხოლო თუ ეს პირი ვერ დგინდება − მიწის ნაკვეთით მოსარგებლე.“
- საავტომობილო გზებსა და გზისპირა ზონებში – გზის ღერძიდან 200 მეტრის ფარგლებში ორივე მხარეს – გზების მფლობელთან შეუთანხმებლად მშენებლობა რომ აიკრძალებოდა, ამის შესახებ ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2026 წლის თებერვალში გაავრცელა.
ამ თემაზე:
ავტომაგისტრალიდან 200 მეტრის ფარგლებში მშენებლობა გზის მფლობელთან უნდა შეთანხმდეს






