ავტორი: ნათია კაპანაძე, ნიუ იორკი
___
„გავიმარჯვე-ბ!”
ვუთხარი ჩემს თავს დილის 04:17 საათზე სადარბაზოს სარკეში, როცა მეორე კოხლეარული იმპლანტის ოპერაციისთვის ჩავიარე. სამახსოვრო ფოტო გადავიღე და შევამოწმე, ხომ ნამდვილად ისევ ის ვიყავი, აქამდე რომ მომიყვანა.
საკუთარი ხმა ჯერ კიდევ ჩამესმა – ბუნებრივად, თან რაღაცნაირად ძალდაუტანებლად. გამოსათხოვარივით. მარცხენა მხარეს ნარჩენი სმენა სტეროიდების მეშვეობით ოდნავ გააცოცხლეს და ბოლო ადამიანური ჟღერადობა, არამკაფიოდ, თუმცა მაინც ისმოდა.
ოპერაციის დღეს, 17 სექტემბერს, დილის 06:00 საათზე, ბრაიანტ პარკთან ახლოს, კლინიკის სარეგისტრაციოში უნდა ვყოფილიყავი და ჩემი ხელმოწერით დამეფიქსირებინა თანხმობა – გადაიკვეთოს მოსმენის ყველა ადამიანური, ბუნებრივი შესაძლებლობა. რომ ამიერიდან მთლიანად მივენდობი ტექნიკას, ტექნოლოგიას, მედიცინას, ცივილიზაციას.
რეალურად, ხელს ვაწერ სრულ აკუსტიკურ სიყრუეს.
„შეხედე, როგორ მოგექცა ცხოვრება!“ – გავიფიქრე სადარბაზოს კარის გამოღებამდე. ვერც მივხვდი, საიდან გაჩნდა ეს წინადადება და, ჩემდა უნებურად, ისევ სარკესთან მივბრუნდი. არ მინდოდა საკუთარი თავი შემცოდებოდა. არ მინდოდა აზრის შეცვლა ან ტირილი ოპერაციამდე… სარკეში კი ისევ მე ვიყავი – ნათია კაპანაძე, უშიშარი ქალი, იურისტი, უფლებადამცველი, მედიამენეჯერი და ცოტა ჟურნალისტიც.
თითქოს ყველაფერი გავიარე, მაგრამ წინ ახალი თავია. მთების უკან სხვა მთები დაგხვდება. თან ამ გზაზე ჯერ ყველაფერი არ გაგივლია – ვუთხარი ჩემს თავს – ბევრი რამ არ იცი. არ იცი, რა გვესმის, როცა აღარ გვესმის.
- 05:05 საათი – კლინიკამდე
თაიმ სქვერთან, პარკის კუთხეში ამოვედი. ჯერ ძალიან ადრეა რეგისტრაციამდე, თუმცა მინდა უფრო დიდხანს ვიყო ჩემს ამჟამინდელ თავთან მარტო. ჩემდა უნებურად, სოლო მოგზაურობას დაემსგავსა ეს მეოთხე ოპერაცია. თუ მე შევძელი, სხვაც შეძლებს.
უბრალოდ ვსეირნობ.
დილის ბინდში, ის-ის არის ქუჩის კონტეინერებს აღებენ გარემოვაჭრეები. ნიუ-იორკის ცნობილი ბეიგელების, კროასანების და სხვადასხვა დასახელების, თუმცა საბოლოოდ ერთი გემოს მქონე ყავის შანსები ანათებს. ჩემთვის იმ დილით შინაარსი დაკარგა ყველაფერმა – ყველა ბრენდულმა მაღაზიამ, გალერეამ, სამკაულმა თუ ტკბილეულმა, ხელის გაწვდენაზე რომ გთავაზობს ნიუ-იორკი. არაფრის ჭამას, არაფრის თვალიერებას, არაფრის ყიდვას აზრი აღარ აქვს, საოპერაციოდ მივდივარ.
„ანუ ამ დღის შემდეგ ადამიანურად ვეღარ გავიგონებ. რაღაცები დაიხვეწება, შევეჩვევი, სიგნალების გაშიფრას შევძლებ და ნელ-ნელა…“ – ვიმხნევებ ჩემს თავს ათასჯერ წაკითხული ინფორმაციით.
ღმერთო ჩემო, აქამდე როგორ არ გამახსენდა – მოდი, რაც მიყვარს, ბოლოჯერ მოვუსმენ! არ შემრცხვება და ვიტყვი, როგორ ამომივარდა გული ამის მოფიქრებისას. ავნერვიულდი კიდეც – როგორ უნდა მოვასწრო კლინიკამდე მისასვლელ 19 წუთში ყველა საყვარელი მუსიკის ბოლოჯერ მოსმენა? დროს ვკარგავ, სჯობს პირველი ჩავრთო და მერე – სხვები!
პირველი რა იყოს, ადგილებს როგორ მივანიჭებ? სინატრას My Way ჩავრთე. განა ვუსმენ, ვფიქრობ: შემდეგი რა იქნება, როგორ იქნება? სხვა გზა არ მაქვს, მუსიკა ძალიან ხმამაღალზეა, მაგრამ ნიუ-იორკს ვერ გააღვიძებ, მართლა არასდროს სძინავს. მეორე… მეორე რა მოვასწრო – „ჩაკრულო“.
ზუსტად იმ კუთხეში, Bread Bakery-ს წითელ ჯიხურში ჩემი საყვარელი ნუშის კროასანები და კაპუჩინო რომ აქვთ. „ხიდისთავს შევკრათ პირობა, ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია…“ – ჩაესმათ ბრაიანტ პარკის უსახლკაროებს, ბეიგელების გამყიდველებს და მეც, ცოტათი, მაგრამ მაინც.
ბეთჰოვენის მეცხრე თუ მთვარის სონატა? მეცხრე დავიწყე, მაგრამ გრძელია და დანარჩენს გონებაში აღვიდგენ. მოდი, უშიკიშვილის „მრავალჟამიერი“ იყოს. ნინო ქათამაძეც, მაგრამ რომელი? ნინოს ყველა სიმღერას მომავალში გონებაში აღვიდგენ, მის ხმას რა დამავიწყებს! გიული ჩოხელი – ჰო, „მზე ჩემი კარგი მეგობარია“! ჯერ მზე არ ანათებს, მაგრამ სულში ჩამეღვარა ქარვისფერი ძალა. ნანი… ნანისაც აღვიდგენ, დრო არ მეყოფა, „სულს მოგცემ“ – ვასწრებ! ისე მიხარია, ცრემლები მდის. თან ვერც ვჩერდები, მივდივარ და მივდივად, კლინიკამდე ცოტა დრო დამრჩა.
რამე ძალიან სასიამოვნო, რაც ძალიან, ძალიან მიყვარს… რაც ახლა ჩემ სულში ჩაანათებს – როლებში შევედი – ჩემი და ჩემი დისშვილების საერთო სიმღერა! ვასწრებ Twist Again! ცოტას ვცეკვავ, როგორც თბილისში ჩემ გოგოებთან ერთად. გეფიცებით, ეს სიმღერა უხდება თოჯინობანას, კაფეობანას, სამსახურობანას… მოკლედ, ყველა შესაძლო თამაშს, თვით სახლის დალაგებას ან სახლური შაურმის გამოგონებასაც კი. აგერ, პაციენტობანასაც. დაე, ვისაც ყურები აქვს, ისმინოს.
მე ვწყვეტ. ნეტავ როდის გავაგრძელებთ ამ მუსიკას ერთად? ახლა კი მეგობარი მირეკავს, თურმე მანქანა დააყენა და მოსაცდელში ერთად ავდივართ.
- 07:06 საათი – მოსაცდელი და განსაცდელი
უკვე საოპერაციო ტანსაცმელი მაცვია. ცისფერი ქუდი მოვირგე, იასამნისფერი წინდებიც. მეცინება ჩემს თავზე: შემოსასვლელში საკუთარი წონა რომ დაავიწყდა, გვარისა და სახელის ჩაწერა აერია. რომ მკითხოს ვინმემ – არ ვღელავ. არააა, სულაც არა!
მე ხომ ვიცი, ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი ოპერაცია. იურისტისთვის, ვისი მთელი პროფესიაც სიტყვასა და მოსმენაზეა აგებული, სმენის დაკარგვა ბევრად სცილდება ბიოლოგიას, ქირურგიას და მედიცინას – ეს არის დარტყმა პროფესიულ იდენტობაზე. დაავადება კი თითქოს გეჯახება, დეციბალ-დეციბალ განგრევს, ძალას გაცლის, გცდის.
თუმცა არასდროს შევჩერებულვარ. ვიცი, ჩემამდე ბევრმა გაიარა ეს გზა, ვიცი – მხოლოდ მე არა ვარ ის, ვინც სიჩუმეს ხმად აქცევს: მოსამართლე თეოდორ ბურცოსი, სმენის დაკარგვის შემდეგაც კარიერაზე რომ არ თქვა უარი, ტექსტი მისივე თვალწინ რომ იბეჭდებოდა სასამართლო დარბაზში – ის ცოცხალი მტკიცებულებაა, რომ მართლმსაჯულება აკუსტიკაზე მაღლა დგას.
ჰელენ კელერი, ხელით რომ „ისმენდა“ ლაპარაკს და ამის მიუხედავად მთელი მსოფლიო შეაძრწუნა თავისი ხმით. ბობ გარფილდი NPR-ზე, ჩემსავით იმპლანტით რომ განაგრძობდა ეთერს. ევლინ გლენი, ბარაბანზე რომ უკრავს არა ყურით, არამედ იატაკის ვიბრაციით, ფეხების ტერფებით. ისინი ყველანი, თავიანთი დროისა და ადგილის მიუხედავად, ერთსა და იმავეს გვასწავლიან: მოსმენა და უფლებების დაცვა ბევრად უფრო ღრმა, შინაგან სივრცეებში ვიბრირებს. ეს სინამდვილეში, მთელი ჩვენი არსია.
მეოთხე ოპერაციის დილას, ყველაზე ნათლად ვიცოდი, რატომ გამოვიარე ასეთი გრძელი გზა, რატომ ვეძებდი შესაძლებლობებს თურქეთში, გერმანიაში… როგორ და რის ფასად აღმოვჩნდი ნიუ-იორკში და ახლა თხელი სამედიცინო ხალათით, ცისფერი ქუდით და იასამნისფერი წინდებით ერთი ნაბიჯიღა დამრჩა, ხელის გაწვდენაზეა ჩემი ოცნება – გავაგრძელო ჩემი თავი საუკეთესო ვერსიით, გეგმითა და სურვილებით.
განსაცდელია, გავცდები და მორჩა!
- 07:20 საათი – ქირურგიული გუნდი
ტრადიციულად, საოპერაციო ჯგუფის თითქმის ყველა წევრი გავიცანი – შემოდიან, მამხნევებენ, მეუბნებიან, რომ ეს მეორე იმპლანტია, შესაძლოა მეტი თავბრუსხვევა მქონდეს და უნდა გავუმკლავდე.
ბოლოს ჩემი ქირურგიც გამოჩნდა. შედარებით ახალგაზრდაა. ზოგიერთი პაციენტის შეფასებით, მას მკვეთრად გამოხატული ნიუ-იორკული ეგო აქვს, მაგრამ ეს ახლა გადამწყვეტი არ არის. სიმართლეს – ჩემი სმენა რომ მცირდებოდა და დაავადება პროგრესირებდა, ზუსტად ამ ექიმთან შეხვედრისას შევეჯახე. ამდენად, ვენდობი ამ ადამიანებს, ამ სამედიცინო სისტემას და ცივილიზაციის განსაკუთრებულ მიღწევას – კოხლეარულ იმპლანტს.
- 07:26 საათი – საოპერაციო ბლოკი
საოპერაციოსკენ გადანაცვლების დროა. თეთრი დერეფნის მინებზე ვხედავ ჩემს თავს, რომელიც ასეთი აღარასდროს იქნება. თითქოს უკან მომყვება ყველა დაღლილობა, ტკივილი, იმედგაცრუება, ბრძოლა და მე წინ ვარ. თითქოს ერთი ჩაძინებაღა დამრჩა ძველი სიმძიმეების გადასაჭრელად და ახალ გამოწვევებთან ადაპტირებისთვის.
გადანათებულ საოპერაციოში ყველა სახე ნაცნობია. მე ღრმად, ძალიან ღრმად ჩავისუნთქე. ისინი კი იწყებენ ფეხებისა და ხელების დამაგრებას საოპერაციო მაგიდაზე. ვგრძნობ ფეხებზე დამცავებს, მაფარებენ თბილ პლედებს, ვენაში წამალი შედის. ჯერ ქუდს მისწორებს ძალიან სასიამოვნო ღიმილის ქერა ანესთეზიოლოგი და შემდეგ სახესთან მიახლოვდება მართვის მომწვანო აპარატი.
ღმერთო, ვინ ვარ – იცი, რა მინდა – იცი, დანარჩენი შენ იცი… – გადამწყვეტ მომენტამდე კიდევ ერთხელ შევახსენე.
ისეთი ლამაზია საოპერაციოს ზედა განათება – ალბათ, ოდესმე დავხატავ, სხვებმაც რომ იცოდეთ.
- 10:30 საათი – ოპერაციის შემდეგ
გაგიკვირდებათ და Whole Foods-ის ყავის რიგში ვდგავარ. თუ ყოველდღიური ყავის აღმოჩენა უნდა ვინმეს, მაგათი კაპუჩინო ნუშის რძითა და სულ ცოტა დარიჩინით საოცარია. ხანდახან რიგში დგომა მოგიწევთ, მაგრამ ამად ღირს. მეც ველოდები, ჩემი ჭიქა ავიღო, მოვსვა… და ვიღაც ხელზე მექაჩება, ყავას მართმევს:
„გილოცავ, ნათია, შენი ოპერაცია წარმატებით დასრულდა!“ – ასე ვკითხულობ ტუჩების მოძრაობას და ვხედავ ორ ადამიანს; აღარც ყავაა და აღარც რიგი.
მარჯვენა იმპლანტს მაწვდიან, თავზე რომ მივიმაგრო. ჩემი კერძო მაუწყებლობა ჩავრთე და სამყაროსთან კავშირი აღდგა.
„გამარჯობა, – ვუპასუხე მშვიდად, – ახლახან ყავის რიგი დამაკარგვინეთ“. „რა სამწუხაროა, სამაგიეროდ სხვა შემოთავაზებები გვაქვს, – იცინის ექთანი კეთილი ღიმილით. – მოდი, დავიწყოთ. ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ახლა მთავარია, მშვიდად გაიაროთ შემდეგი პროცესი: აკრძალულია სიმძიმეების აწევა, მკვეთრი მოძრაობები, არ არის ნებადართული ცურვა ექვსი კვირის განმავლობაში, არც იოგა; ნებადართულია მხოლოდ ფეხით სიარული, იმოძრავეთ უსაფრთხო ადგილებში… საჭიროებისას დარეკეთ 911-ში… მოძრაობისას ჭრილობა დაიცავით, მაგალითად, თხელი შარფით…“
„შარფი? შარფი მაქვს! – გამეხარდა ეს რომ მითხრა. – იცით, ჩემმა უფროსმა დამ გამომიგზავნა თბილისიდან. რაღაცნაირად სულ იცის, რა შეიძლება დასჭირდეს ადამიანს და უკვე გამომიგზავნა. ისეთი ლამაზია და ისეთი თხელია. იცით, ჩემი და ახლა თბილისშია, არაფერი არ იცის ამ ოპერაციაზე. საერთოდ, არავინ იცის. რა საჭიროა სხვების ნერვიულობა. იმპლანტის აქტივაციისას ვეტყვი. ძალიან მენატრება…“ – ექთანს ჩემი ცივი ხელი ეჭირა და იღიმებოდა.
„თქვენ გყავთ დები?“ – ვკითხე და ჩამეძინა.
„შოკოლადის თუ ვანილის?“ – ამ კითხვამ გამომეღვიძა. „შოკოლადის თუ ვანილის პუდინგი, რომელს აირჩევთ?“ „ვანილის, რა თქმა უნდა,“ – ვუპასუხე ღიმილით, მაგრამ ჭამის ძალა არ მქონდა. „მე გაჭმევთ. მეორესაც ხომ არ შეძლებთ?“ – გამახსენდა, რომ ჩემი და ჩატის გათვლებით, ერთი პუდინგის ენერგია საკმარისი არ არის. მეორეც! წვენიც ორი მჭირდება – სადღაც 530 კალორიამდე უნდა ავიდე, რომ მოძრაობა შევძლო, თან გული არ ამერიოს.
„თქვენ საიდან ხართ?“ – ვკითხე. „ფილიპინელი ვარ“. „მართლა? მგონია, ყველა ფილიპინელი მიყვარს ერთი მამაცი ქალის გამო, „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ რომ დაწერა“. ვინ არის ავტორი? 30 წამი დამჭირდა და გავიხსენე. ისე გამეხარდა: „რესა, მარია რესა!“ „არ ვიცნობ, მაგრამ დავინტერესდები. ახლა კი თქვენი პირველი ტესტის – სიარულის დროა. მეორე იმპლანტის მთავარი რისკი თავბრუსხვევაა. ამაზე ყველამ გაგაფრთხილათ. მე ახლა თქვენ გვერდით ვარ, მაგრამ თქვენი პასუხისმგებლობაა, მშვიდად და უსაფრთხოდ მართოთ გადაადგილების პროცესი ახლაც და მომავალშიც“.
როდესაც კოხლეარული იმპლანტის ოპერაციას იკეთებ, სამედიცინო პერსონალი მართლაც ხაზგასმით გაფრთხილებს: ემზადე ძლიერი თავბრუსხვევისთვის, გულისრევისთვის, წონასწორობის დაკარგვისა და რამდენიმედღიანი სრული უღონობისთვის. თუმცა, 2026 წლის 17 სექტემბერს, ოპერაციიდან რამდენიმე საათში, ჩემმა ფილიპინელმა ექთანმა კორიდორში რომ გამიყვანა, გაოგნებული დარჩა. თავბრუსხვევა თითქმის არ მქონია, მხნედ და მყარად დავდიოდი. მე კი მეგონა, ჩემ გვერდით მარია რესა იდგა, მასწავლიდა, როგორ დავამარცხო დიქტატორი, და უკვირდა, როგორ არ ვეცემოდი.
- სხეულის გაძლიერების ალგორითმი – ხუთი შესაძლებლობა მათთვის, ვინც ჩემნაირ გზას გაივლის
ეს პირველი წარმატებული ტესტი უბრალო „იღბალი“ არ ყოფილა. ეს იყო თვეების განმავლობაში შეგნებულად აგებული, სხეულისა და გონების მომზადების შედეგი – ვიცი, ბოლომდე ვერასოდეს დავადგენ, რომელმა ნაბიჯმა რამდენად შეუწყო ხელი საბოლოო შედეგს. ამის მიუხედავად, თუ ვინმე ჩემნაირ გამოწვევებს ებრძვის, მინდა იცოდეს, რა ვცადე მე.
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შევისწავლე სმენადაქვეითებული ადამიანის ყველა შესაძლო გამოწვევა და ადამიანის ბიოლოგიური რესურსების ალგორითმები. ChatGPT, Gemini და Claude, Google-თან ერთად, გახდა ჩემი მთავარი ინსტრუმენტი – მათში დავამუშავე ჯანსაღი კვება, ოპერაციამდელი და ოპერაციის შემდგომი პროტოკოლები, მენტალური მზადება, კოორდინაციისა და ვესტიბულური კომპენსაციის ვარჯიშები. ვიპოვე უახლესი კვლევები, პაციენტთა პროფილები, გამოცდილებები სოციალურ ქსელებში.
თავად მზადება 2024 წლის 10 დეკემბრიდან დავიწყე, როცა საბოლოოდ დადასტურდა სმენის პროგრესირებადი რეგრესი. ორი ოპერაციის ფონზე, წარმატების ნაცვლად, უკუსვლა დაიწყო. შოკისა და იმედგაცრუების ტალღის ჩაცხრომის შემდეგ, ძალა მოვიკრიბე და ხუთი მიმართულება გამოვკვეთე, რომლებზეც ერთდროულად ვმუშაობდი:
- შინაგანი რესურსების მართვა – კულტურული თერაპია და სტოიციზმი აქტიური საჯარო და უფლებადამცველის საქმიანობის გამო არაერთ ტოქსიკურ ამბავში გავიარე – ვხუმრობდი, ზურგში დანა რომ აღარ მხვდება, რკინის ნაკლებობა დამეწყო. ისე მოხდა, რომ ხელახლა მომიწია გააზრება, რატომ და რა მინდა მესმოდეს. წინასაოპერაციო მზადებაში არაერთი დანაკარგი შემხვდა, თუმცა საბოლოოდ სტოიციზმსა და მარკუს ავრელიუსს დავუბრუნდი – ვისწავლე ფოკუსირება მხოლოდ იმაზე, რაც ჩემს კონტროლქვეშ იყო. მეცნიერება ადასტურებს, რომ სასიამოვნო აქტივობები ააქტიურებს დოფამინს და ამცირებს სტრესის ჰორმონებს – ოპერა, ნიუ-იორკის შოუები და მუზეუმებში ხეტიალი, მჯეროდა, სწორედ ასე თრგუნავდა ჩემს ნეირონულ სტრესს.
თუ ამ გზას გაივლით: მოძებნეთ ის, რაც თქვენს ტვინს ასაზრდოებს, უბრალოდ ამოისუნთქეთ
- დისციპლინირებული კვება და უჯრედული მეტაბოლიზმი 2025 წლის მაისიდან ხორცისა და თევზის მიღება შევწყვიტე. ჩემი კახური წარსულის გამო, მწვადთან განშორება ადვილი არ იყო, მაგრამ ბოლოს ჯანმრთელობის სასარგებლოდ დასრულდა. 500 დღის განმავლობაში, მინიმუმ 1500 კალორიის შენარჩუნებით, სრულად გარდავქმენი გემოვნება. მცენარეული, ანტიოქსიდანტებით მდიდარი რაციონი მეცნიერულად უკავშირდება სისტემური ანთების შემცირებას – და მჯეროდა, რომ ეს ხელს უწყობდა ორგანიზმის საერთო მზაობას.
თუ ამ გზას გაივლით: ცვლილებას უკიდურესობა არ სჭირდება – საკმარისია სწორი მიმართულება.
- ვესტიბულური აპარატის ვარჯიში წყალში წონასწორობის დაცვა მთავარი გამოწვევა გახდა. ზაფხულის 3 თვის განმავლობაში, დილის 6 საათიდან, ყოველდღიურად 2 საათს ვუთმობდი წყალში ვარჯიშს – ეს არის ვესტიბულური რეაბილიტაციის აღიარებული ფორმა: ჰიდროსტატიკური წნევა და უწონადობა ასტიმულირებს და საშუალებას გაძლევს, ისწავლო წონასწორობის კომპენსაცია, დაცემის შიშის გარეშე. მჯეროდა, რომ სწორედ ამან შეამსუბუქა მეორე ოპერაციის შემდგომი ვესტიბულური შოკი – თუმცა ეს ცალკე, ინდივიდუალურად გაზომვადი არ არის.
თუ ამ გზას გაივლით: წყალი გასწავლით ხელახლა, როგორ ენდოთ საკუთარ სხეულს.
- გამძლეობა და სისხლის მიმოქცევა ვარჯიშისა და ცურვის პარალელურად, ყოველდღიურმა 19 000-22000 ნაბიჯმა ორგანიზმს კარგი რეზერვი მისცა. რეგულარული აერობული აქტივობა ცნობილია, რომ აუმჯობესებს პოსტოპერაციულ აღდგენას. მე დავიჯერე, რომ ყველა გადადგმული ნაბიჯი დამეხმარა, მხნედ დამედგა ფეხი მიწაზე ოპერაციის შემდეგ.
თუ ამ გზას გაივლით: იცოდეთ, არ არსებობს იდეალური ციფრი. მთავარია, თანმიმდევრობა.
- მომავლის პოზიტიური მოტივაცია ჩემთვის ცხოვრება გემოა. გემო და გემოვნება. სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ოპერაციამდე საკუთარ თავთან უამრავი პირობა დავდე – ახალი მუზეუმი, ახალი ყავის ბარი, გამოფენა თუ პროექტი. ამ გეგმით საკუთარ თავს ვაძლევდი მკაფიო სიგნალს: წინ მხოლოდ აღდგენა და გამარჯვება ელოდა.
თუ ამ გზას გაივლით: დაუდეთ საკუთარ თავს პატარა-პატარა პირობა – უბრალოდ, წარმოიდგინეთ კონკრეტული სასიამოვნო რამ, რაც წინ გელოდებათ.
- 10:59 საათი – გამარჯვების ტესტი
„გაოცებული ვარ თქვენი გამძლეობით“, – გამიმეორა ჩემმა ფილიპინელმა ექთანმა, როცა სკამზე დამსვა. „ახლა კი მომზადების და სახლში წასვლის დროა. დაგეხმაროთ თუ მეგობარს დავუძახოთ?“ „თავად შევძლებ“. „წარმოუდგენელია, რომ შეძლებთ“. თუ ორ წუთს მომცემთ, ორივე დავრწმუნდებით… მეორე ტესტიც ჩავაბარე. წარმატების მიზეზი მხოლოდ მე ვიცოდი.
- 11:06 საათი – ავტოსადგომი
როცა ავტოსადგომთან დაბალ აგურის კედელზე ჩამოვჯექი, იმ წუთში მართლა გავიაზრე, რომ შემდეგ ეტაპსაც გავუმკლავდი. მაგრამ „თავში არ უნდა ამვარდნოდა“ და კიდევ უფრო ფრთხილად უნდა მევლო. იმ მომენტში ძლივს დავიჯერე, რომ მესამე სართულიდან ლიფტით მეგობართან ერთად ჩამოვედი და ახლა მანქანაში ჩავჯდები.
რამდენიმე სამახსოვრო ფოტოს შემდეგ, მანქანის სალონში ვუყურებდი ჩემს თავს. რამდენადაც გული მწყდებოდა, რომ Whole Foods-ის ყავა არ მქონდა, იმდენად მიხაროდა, რომ სიზმარიც კი მახსოვს.
- 12:06 საათიდან – 23:56 საათამდე
შუადღისას უკვე საკუთარ საწოლში ვიყავი. თეთრი პლასტმასის დამცავით, ყვითელი სმაილი რომ მიაკრეს, ვენაზე პატარა ნაჩხვლეტით და ძილის აუტანელი სურვილით. საწოლის თავთან მომარაგებული წყალი, ბანანები და წამლებია. ყველა პროდუქტი, ოდენობა და შემადგენლობა საჭიროებების მიხედვით მაქვს გადამოწმებული მინიმუმ ორ ჩატთან. მთელი ეს გარემო კი სრულიად საკმარისია ბედნიერებისთვის.
17 სექტემბერი იმდენად სწრაფად გავიდა, იმდენ ძილსა და გაღვიძებაში, რომ ყველა ჯერზე მარცხენა მხარეს პლასტმასის თეთრ დამცავს ვეხებოდი. ხელახლა დარწმუნება მჭირდებოდა, რომ ნამდვილად ჩაიარა ოპერაციამ.
საღამოსკენ ძლიერმა ტკივილმა გამაღვიძა. მივხვდი, რომ საწოლში ვზივარ და ოთხ ბალიშზე მძინავს. თავთან წყალი, ბანანები და წამლებია ხელუხლებელი. გამაყუჩებელი მჭირდება. ეს ცისფერი აბი რაღაცნაირად გადადის და ერევა სხეულს ნისლად, სითბოდ, შემსუბუქებად.
პირველ სიზმარს ვხედავ – მწვანე ტყავის ბოტასებსა და ჯინსებზე ვცნობ, მზია ამაღლობელია. რაღაცნაირი ჭარხლისფერი და ლურჯი კუბიკებიანი ზედა აცვია, აეროპორტში ვხვდები. ამბობს, რეაბილიტაციისთვის ჩამოვედიო. ვეხუმრები: ვადამდე გამოშვება ჰქვია ამას თუ უდროოდ, თუ დროულად? რეაბილიტაციის მეტი რა ვიცი და ცოდნას გაგიზიარებ-მეთქი, ვპირდები. მეღვიძება და ჭარხლისფერ და ლურჯ წიგნებს ვხედავ ტუმბოზე.
შემდეგ სიზმარში ჩემ სახლში ვარ აივანზე, ბათუმში. ზღვიდან ნიავი უბერავს. უცებ სანაპიროსკენ მივრბივარ – როგორც ჭეშმარიტი ბათუმელი სექტემბრის მზიან დღეს, მთელი დღით შეზლონგზე ვწვები. მზის, ზღვისა და ქვების სუნს ვგრძნობ. ჩემი სახლის სუნს. ჰაერი მთელ სხეულზე მოძრაობს და მთელ სხეულშია. თვალს რომ ვახელ, ჭერზე დაკიდებულ ამერიკულ ფენს ვხედავ.
მესამე სიზმარში მაკდონალდსში ვართ მე და ჩემი ძმიშვილები. ის თეთრი ზედები აცვიათ, გუშინ სკოლაში მისვლის სურათში, ფეისბუქიდან რომ ჩამოვტვირთე. მათ ლოყებსა და კისრებში ჩემსავე სურნელს ვგრძნობ. თითქოს მათ თვალებში დანახულ ჩემს თავს ხელახლა ვიყვარებ… მინდა მართლა ისეთი ვიყო, მათ რომ ვგონივარ, და მეღვიძება ჩემს ხელებს შორის, წეღან ბარიერად რომ დავიმაგრე თავის დასაფიქსირებლად.
ადგომის ძალა მაქვს.
- 23:53 საათი
გავიმარჯვე! ვუთხარი ჩემ თავს 17 სექტემბერს, საღამოს 23:53 წუთზე, ტუმბოზე დამაგრებულ სარკეში, როცა მეორე კოხლეარული იმპლანტის ოპერაცია ნამდვილად გადავიტანე. პირველი აპარატიც არ გამიაქტიურებია – დასვენება მჭირდებოდა და მეგონა, ვერაფერს გავიგონებდი. მეგონა, იმპლანტის აქტივაციამდე საერთოდ, საერთოდ ვერაფერს გავიგონებდი.
მოულოდნელად კი ვიგრძენი სხეულის შიგნიდან ამოხეთქილი ბგერების ტალღა, როგორ დაეტაკა ნესტოებს. დაეტაკა და გაარღვია აქამდე დაფარული გზა. შეაღწია ისე, როგორც ჰაერი შედის ჩვენ ფილტვებში – გვავსებს და გვაცოცხლებს. მე ჩემი ხმა ჩემი საკუთარი სახის ძვლებით მესმოდა. სულ რომ არაფერი გვესმოდეს, საკუთარი თავის მაინც გვესმის.
გავიგონე! ნამდვილად გავიგონე სიტყვა – გავიმარჯვე.
მესმოდა ზუსტად ისე, ახლა თქვენ ცხვირზე ხელს რომ მოიჭერთ და გესმით. თანაც ეს არ იყო გონებაში დაბადებული სიტყვა, ეს იყო სხეულში არსებული განცდები. გულიდან ამოსულიო, რომ იტყვიან. თითქოს ამ ნაკადს ტვინამდე უნდა მიეღწია და დაერწმუნებინა – ასეთი გრძელი და მძიმე გზის მიუხედავად, მთელი სხეული იძახდა: მე გავიმარჯვე და შენ გესმისო.
მეგონა, მომეჩვენა. გავიმეორე ათჯერ, ასჯერ, უთვალავჯერ. და უფრო მეტიც – როცა გავჩუმდი, მესმოდა ის ხმები, რომელმაც ძალა მომცა ამ გზაზე მევლო. მესმოდა ის სიტყვებიც, წინ რომ მელოდება. მესმოდა ის გამარჯვებები, სხვა სმენადაქვეითებულებს რომ დახვდებათ ამ მძიმე გზაზე. მესმოდა ცივილიზაციის, ხვალ და ზეგ უკეთეს სმენის აპარატებს, მედიკამენტებსა და სამედიცინო სერვისებს რომ შექმნის ტკივილების დასამარცხებლად.
უბრალოდ, მომავლის მესმოდა!
- საჭირეობისამებრ:
თქვენი ცხოვრების ყველაზე რთულ დღეებში – თუ მიწაზე დანარცხების ტკივილისგან ძვლები გემსხვრევათ, თუ დაიღლებით და ძალა სულ გამოგეცლებათ, თუნდაც მართლაც არაფერი გესმოდეთ – ღრმად ჩაისუნთქეთ, შემდეგ ცხვირზე ხელი ოდნავ მოიჭირეთ და ერთადერთი სიტყვა უთხარით საკუთარ თავს: გავიმარჯვე-ბ!
შედეგი გარდაუვალია.






