28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში შესაძლებელი იქნება ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაცია ცოფზე – კამპანიას სურსათის ეროვნული სააგენტო ატარებს ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით.
სააგენტოს ცნობით, აღნიშნული დღეების განმავლობაში აცრის უფასოდ გაკეთება ბათუმში და აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტშია შესაძლებელი შემდეგ მისამართებზე:
- ბათუმი – 6 მაისის პარკი;
- ხულო – სტალინის ქ. №2 (აჭარის რეგიონული სამმართველოს შენობა);
- შუახევი – სელიმ ხიმშიაშვილის ქ. №1 (აჭარის რეგიონული სამმართველოს შენობა);
- ქედა – 26 მაისის ქ.№ 2 (აჭარის რეგიონული სამმართველოს შენობა);
- ხელვაჩაური – დიდ აჭარის ქ. 23 (აჭარის რეგიონული სამმართველოს შენობა);
- ქობულეთი – თავისუფლების ქ.N 19.
ცხოველების უფასო ვაქცინაცია შესაძლებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით. რეგიონებში ამცრელი პუნქტების ზუსტი მისამართები შეგიძლიათ ნახოთ სააგენტოს გვერდზე.
ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე 28 სექტემბერს 2007 წლიდან აღინიშნება. თარიღი უკავშირდება ფრანგი იმუნოლოგის, ლუი პასტერის გარდაცვალების დღეს. სწორედ პასტერმა შექმნა ცოფის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა 1885 წელს.
ამ დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ გზით დაავადების პრევენცია. ცოფის კონტროლის გლობალურმა ალიანსმა (GARC) 2026 წლის გზავნილად განსაზღვრა „ერთად უფრო ძლიერები“. გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ეს გზავნილი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად მნიშვნელოვანია ყველა რგოლის ჩართულობა ცოფთან ბრძოლისას.




