დღეს, 28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით საქართველოში ყოველწლიურად ცოფზე საეჭვო ცხოველთან კონტაქტის და სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანების გამო ანტირაბიულ კაბინეტს სამედიცინო მომსახურებისთვის 60 000-დან 62 000-მდე დაზარალებული მიმართავს. პაციენტთა მომართვიანობა მაღალია აჭარაშიც.
აჭარაში ანტირაბიულ კაბინეტს წელს, 2026 წლის აგვისტოს ჩათვლით, 4452-მა პაციენტმა მიმართა, 2025 წელს კი – 6015-მა.
ცოფის პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით ანტირაბიული კაბინეტების საქმიანობის რეგულარულ მონიტორინგს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს, ეს პროცესი მოიცავს პაციენტების შესახებ შეტყობინებების მიღებასა და აღრიცხვას, ანტირაბიული პროფილაქტიკური მკურნალობის მიმდინარეობის მონიტორინგს, აცრების შეწყვეტის შემთხვევაში პაციენტთა შემდგომ მეთვალყურეობას, შესაბამისი ინფორმაციის გაცვლას ვეტერინარულ სამსახურთან და სხვა ტერიტორიულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებთან, სტატისტიკური ანგარიშების მომზადებას და ა.შ.
სამინისტროს ცნობით, დაზარალებულ პაციენტთა საერთო რაოდენობიდან 31% 15 წლამდე ბავშვია.
მიმართვათა რაოდენობა, როგორც წესი, მატულობს გაზაფხულიდან, პიკს აღწევს ივლის-აგვისტოს თვეში, რაც აიხსნება ზაფხულის პერიოდში ცხოველებთან ადამიანების მეტი კონტაქტით, უშუალო შეხების ალბათობის ზრდით და დამსვენებელთა რაოდენობის მატებით – აცხადებს სამინისტრო.
ცხოველის მიერ დაკბენის, დადორბვლის ან დაკაწვრის დროს პირმა აუცილებლად უნდა მიმართოს უახლოეს სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებას რაც შეიძლება სწრაფად, სადაც ექიმი განსაზღვრავს მოქმედების შემდეგ ტაქტიკას.
აჭარაში ანტირაბიული სერვისის მიღება შეიძლება ბათუმის რესპუბლიკური, კლინიკური საავადმყოფოს და მუნიციპალიტეტების სამედიცინო დაწესებულებების ბაზაზე არსებულ ანტირაბიულ კაბინეტებში, ხოლო 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – ბათუმის იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ანტირაბიულ კაბინეტში.
სამინისტროს ინფორმაციით, 2025-2026 წლებში აჭარაში ცოფის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივით და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მხარდაჭერით 2007 წელს დაწესდა.
ცოფის პროფილაქტიკური ვაქცინაცია საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან მიმდინარეობს.






