14-მილიონიანი პროექტის შეფერხების მიზეზად ბათუმის მერია სატრანსპორტო ნაკადების ინტენსიურ მოძრაობას და მოსახლეობის ინტერესებს ასახელებს.
საუბარია აეროპორტის გზატკეცილის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესზე, გზატკეცილის N1-დან 93-მდე. მერიაში აცხადებენ, რომ 14-მილიონიანი პროექტი მოსახლეობის ინტერესებისა და სატრანსპორტო ნაკადების გამო შეფერხდა.
მერიის ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის ორ კვარტალში კომპანიას 10 მილიონი ლარი უნდა ჰქონოდა ათვისებული, თუმცა შესრულება მხოლოდ 10 პროცენტი იყო.
ბათუმის მერია ამ საკითხთან დაკავშირებით ბიუჯეტის 2 კვარტალის შესრულების ანგარიშში განმარტავს:
„აღნიშნულ ლოკაციაზე დასრულდა ასფალტ-ბეტონის 2 ფენის დაგების სამუშაოები და მიმდინარეობს ბორდიურების და გარე განათების მოწყობის სამუშაოები. აღნიშნული გზატკეცილის მონაკვეთი წარმოადგენს ბათუმის ერთ-ერთ ცენტრალურ და მაღალი დატვირთვის მქონე საავტომობილო გზას, სადაც დღის სხვადასხვა მონაკვეთში ფიქსირდება ინტენსიური სატრანსპორტო მოძრაობა.
შესაბამისად, საპროექტო სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაოების უსაფრთხოდ და ტექნოლოგიური მოთხოვნების დაცვით შესრულება გზაზე მოძრაობის ნაწილობრივი ან სრული შეზღუდვის გარეშე შეუძლებელი იყო.
ასევე, გასათვალისწინებელი იყო ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები, მიმდებარე კომერციული ობიექტების ფუნქციონირება, ტურისტული სეზონის პერიოდში ქალაქში გაზრდილი სატრანსპორტო ნაკადები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილების აუცილებლობა“.
მერია ასევე განმარტავს, რომ მიმდინარე საკურორტო სეზონის დროს ამ ქუჩაზე გადაადგილების შეზღუდვა მოსახლეობას დისკომფორტს შეუქმნიდა, რადგან მიმდებარე ქუჩებიც ჩაკეტილი იყო:
„ხელშეკრულების მიმდინარეობის პროცესში, პარალელურად სხვა ხელშეკრულებების ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა ბათუმის სხვა ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც სრულად იყო შეზღუდული მოძრაობა, დამატებით აეროპორტის გზატკეცილის შეზღუდვა კი გამოიწვევდა სატრანსპორტო კოლაფსს და მოსახლეობას შეუქმნიდა დისკომფორტს.
ასევე, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში გამოვლინდა რიგი ტექნიკური საკითხები და აუცილებელი გახდა არსებულ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში კორექტირების შეტანა. გამომდინარე აქედან ვერ განხორციელდა კვარტალური გეგმით გათვალისწინებული ასიგნების ათვისება“ – განმარტავს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.
შესყიდვების პორტალზე არსებული ინფორმაციით ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე მერიამ ტენდერი 2024 წლის ბოლოს გამოაცხადა. შესყიდვის საწყისი ღირებულება 15 მილიონ 132 770 ლარი იყო. 2025 წლის 26 თებერვალს ხელშეკრულება 13 მილიონ 995 000 ლარზე გააფორმეს.
2025 წლის აპრილში კომპანიას 2 მილიონ 700 000 დაურიცხეს ავანსის სახით, თუმცა სამუშაოები დაუყოვნებლივ ვერ დაიწყო ზემოთ მითითებული მიზეზების გამო. მალევე ამას კიდევ ერთი პრობლემა დაემატა. შემსრულებელმა კომპანიამ მერიას აცნობა, რომ პროექტი, რომლითაც უნდა ემუშავა, დასაზუსტებელი იყო:
„აქვე, დამკვეთის, საზედამხედველო კომპანიისა და საპროექტო ორგანიზაციის მიერ ფაქტობრივად არსებული მდგომარეობის ადგილზე შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ აუცილებელია კორექტირების შეტანა არსებულ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში.
კერძოდ, საჭირო გახდა გარკვეული ტექნიკური გადაწყვეტილებების დაზუსტება და არსებული პროექტის ადაპტირება ფაქტობრივ პირობებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამუშაოების ხარისხიანად, უსაფრთხოდ და მოქმედი სამშენებლო ნორმების სრული დაცვით შესრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამჟამად მიმდინარეობს კორექტირებისათვის საჭირო შესაბამისი დოკუმენტაციის, ტექნიკური გადაწყვეტილებებისა და შეთანხმებების მომზადება, რის დასრულების შემდგომაც შესაძლებელი იქნება სამუშაოების შეუფერხებლად გაგრძელება სრულ მასშტაბში“.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კომპანიას სამუშაოების შესრულების საბოლოო ვადა 2026 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით გაუგრძელეს.
თავდაპირველი შეთანხმებით, კომპანიას სამუშაოები 2026 წლის 30 მაისის ჩათვლით უნდა დაესრულებინა.
ამ დროისთვის, შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, კომპანიას ჩარიცხული აქვს 4 მილიონზე მეტი ლარი.
რაზე გაფორმდა მესამე შეთანხმება ამ თემაზე ვრცლად ნახეთ აქ:
ბათუმში ანგისის სტადიონთან გადასასვლელ ხიდს აღარ ააშენებენ – რა შეცვალეს 14 მილიონიან კონტრაქტში






