ბათუმში, 26 მაისის 13 ნომერში, ჩამონგრეული სახლის ადგილზე აშენებულ ახალ კორპუსში ქალაქის მერიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 წლით სარგებლობაში 256 კვადრატული მეტრი საოფისე ფართობი გადასცა.
ახალ მისამართზე, როგორც ჩანს, ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილება გადადის, რომელიც ოფიციალურად გორგილაძის 54 ნომერში მდებარე კორპუსშია განთავსებული, თუმცა შესასვლელი ლერმონტოვის ქუჩის მხრიდან აქვს.
26 მაისის 13 ნომერში „ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე“ აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა ტენდერი 560 ათას 998 ლარით გამოაცხადა.
შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და მოცულობები განსაზღვრულია დეფექტურ აქტში, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას ერთვის.
ტენდერში წინადადებების მიღება იწყება 2026 წლის 10 ოქტომბერს და 15 ოქტომბერს დასრულდება.
სამუშაოები შესრულების ვადა კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეა.
„შესყიდვა განხორციელდება 2026-2027 წლების ბიუჯეტების ფარგლებში, რასთან დაკავშირებითაც გაცემულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2026 წლის 24 სექტემბრის თანხმობა მრავალწლიან შესყიდვასთან დაკავშირებით“ – წერია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში.
ტენდერის პირობის მიხედვით აჭარის პოლიციის დეპარტამენტი 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მაქსიმუმ 168 299 ლარს გადაიხდის, ხოლო 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით – 392 698 ლარს, თუმცა სამუშაოების საბოლოო ღირებულება ტენდერის დასრულების შემდეგ დაზუსტდება.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩის N13-ში საცხოვრებელი კორპუსი 2021 წლის 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. გამოძიების ვერსიით, სახლის ჩამონგრევა საყრდენი კედლის მოშლამ გამოიწვია. შემთხვევას 9 ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. მერიამ 20 ათასი ლარი გამოყო ჩამონგრეული კორპუსის დემონტაჟის პროექტისთვის, ხოლო ახალი კორპუსის აშენება ქალაქის ბიუჯეტს 8 მილიონი ლარი დაუჯდა.
ამ ახალი კორპუსის პირველ სართულზე, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 256 კვადრატული მეტრი ფართობის სახელმწიფოსთვის გადაცემაზე ბათუმის საკრებულოს და მერიას ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2025 წლის 14 ნოემბერს მიმართა.
„გაცნობებთ, რომ ქონების ეროვნულ სააგენტოში შემოსულია შსს-ს წერილი, რომელიც ეხება, ქალაქ ბათუმში, 26 მაისის ქუჩა, N13-ში მდებარე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის საკითხს, შემდგომში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით,“ – ეწერა ქონების სააგენტოდან ბათუმის თვითმმართველობაში გაგზავნილ წერილში.
საჯარო რეესტრის მიხედვით, ბათუმის საკრებულოს მიერ 2025 წლის პირველ დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე აღნიშნული ფართობის მოსარგებლე შინაგან საქმეთა სამინისტროა. რეესტრის მონაცემებით სამინისტროსთვის უფასო სარგებლობის უფლებით აღნიშნული ფართობი 10 წლითაა გადაცემული.
ამ თემაზე:
შსს ბათუმში ჩამონგრეული სახლის ადგილას აშენებულ კორპუსში 256 კვ.მ-ს ითხოვს






