ბათუმი,მთავარი,სიახლეები

მერიამ 20 ათასი ლარი გამოყო ჩამონგრეული კორპუსის დემონტაჟის პროექტზე

18.10.2021 •
მერიამ 20 ათასი ლარი გამოყო ჩამონგრეული კორპუსის დემონტაჟის პროექტზე

ბათუმის მერია 20 ათას ლარს გადაიხდის იმის დასადგენად, თუ რამდენი ლარი დაიხარჯება 26 მაისის ქუჩაზე იმ კორპუსის დასაშლელად, რომლის სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა. ჩამონგრეული სადარბაზოს მიმდებარე ბინებიდან კი, მერიამ ოჯახები გაიყვანა.

ბათუმში, 26 მაისის №13-ში მდებარე სახლის დარჩენილი ნაწილის დემონტაჟისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელშეკრულება შპს „სამშენებლო-საპროექტო ჯგუფთან“, გადაუდებელი აუცილებლობით, ტენდერის გარეშე აქვს გაფორმებული.

ხელშეკრულების მიხედვით, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე კორპუსის დარჩენილი ნაწილის დანგრევის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა კომპანიამ მერიის სამმართველოს 2021 წლის 26 ოქტომბრამდე უნდა ჩააბაროს.

„…ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა ექსპერტიზა. დასკვნის საფუძველზე ირკვევა, რომ ძლიერი დაზიანების გამო არსებული შენობა მთლიანად დასანგრევია“, – აღნიშნულია შესყიდვების პორტალზე მერიის სამმართველოს მიერ ატვირთულ განაცხადში.

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში წერია: „ვიზუალური კვლევით მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, ქ. ბათუმში, 26 მაისის ქუჩა N13-ში, 26 მაისის ქუჩაზე განთავსებული შენობის ნაკვეთური იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში, რომლის აღდგენა-გამაგრებითი ღონისძიებების ჩატარება არარენტაბელურია. საჭიროა განხორციელდეს შენობის დემონტაჟი სპეციალურად დამუშავებული პროექტის მიხედვით, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით“.

ექსპერტიზის დასკვნით, სახლის იმ ნაწილს, რომელიც კლდიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და ასევე მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის კონსტრუქციებზე, ნგრევას მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია და მათი ტექნიკური მდგომარეობა დარჩა უცვლელი. თუმცა, აუცილებელია ამ შენობებშიც ჩატარდეს სრულფასოვანი კვლევა:

ექსპერტიზის დასკვნიდან

ამასთან, უკვე ცნობილია, რომ სარემონტო სამუშაოების გამო მზიდი კედლები დაზიანებულია მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსშიც:

8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი იყო. ამ ადგილას ახალი, იმავე სიმაღლის კორპუსის აშენება იგეგმება:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/370475/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: