28 სექტემბერს, კიევის ცენტრში, რუსული დარტყმის შედეგად უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობას ხანძარი გაუჩნდა.
ბოლო ცნობებით, მინიმუმ ერთი ქალი დაიღუპა, ოთხი პირი კი დაშავდა. ადგილზე გრძელდება სამაშველო სამუშაოები.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, 28 სექტემბერს, კიევში რუსეთის თავდასხმების შედეგად უკვე 19 ადამიანი დაშავდა და მათ შორის სამი ბავშვია.
„კიევში საჰაერო თავდასხმის შესახებ განგაში თითქმის უწყვეტად გრძელდება. არსებობს დრონების საფრთხე“ – წერს უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“.
რუსეთის თავდასხმაზე წერს ტელეგრამზე ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. იგი ხაზს უსვამს, რომ რუსეთმა კიევში დაარტყა სამედიცინო დაწესებულებასაც.
„დღეს შუადღისას რუსებმა ასევე დაარტყეს სამედიცინო დაწესებულებას დედაქალაქის ცენტრში. მაშველები ახლა ცდილობენ ხანძრის სწრაფად ჩაქრობას.
… მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ ტერორისტები გააგრძელებენ მოქმედებას, თუ მათ აქ, უკრაინაში არ შეაჩერებენ. და ჩვენ არ შეგვიძლია თვალის დახუჭვა ასეთ სასტიკ თავდასხმებზე. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ – გლობალური გადაწყვეტილებითა და ძალით. ჩვენ ვენდობით ევროპის, ამერიკის და ჩვენი სხვა პარტნიორების ძალას, რომლებსაც შეუძლიათ სიცოცხლის დაცვაში დახმარება“ – წერს ზელენსკი.






