მთავარი,სიახლეები

გიგა ფარტენაძის მკვლელობაზე გასამართლებულმა ციხეში თვითმკვლელობა სცადა

10.02.2019 • 3033
გიგა ფარტენაძის მკვლელობაზე გასამართლებულმა ციხეში თვითმკვლელობა სცადა

9 თებერვალს, 20:59 საათზე თვითმკვლელობა სცადა N9 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა შოთა შანიძემ. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური დაწესებულება ავრცელებს. უწყების ცნობით, შოთა შანიძე დაწესებულების თანამშრომლებმა გადაარჩინეს. შოთა შანიძეს 15-წლიანი სასჯელი აქვს მისჯილი ბათუმელი გიგა ფარტენაძის მკვლელობაზე. გიგა ფარტენაძე გეგუთის ციხეში 2014 წელს მოკლეს.

„1989 წელს დაბადებულმა შოთა შანიძემ საკნის საპირფარეშოში სუიციდის მცდელობა განახორციელა. მან პოლიეთილენის პარკით საპირფარეშოს კარის სახელურზე სცადა თავის ჩამოხრჩობა. შოთა შანიძე N9 პენიტენციურ დაწესებულებაში 2017 წლის 26 იანვარს იქნა შესახლებული და ამ დღიდან მსჯავრდებულის მიმართ, მისივე განცხადების საფუძველზე, უსაფრთხოების ღონისძიებები ხორციელდება. კერძოდ, იგი იზოლირებულად, სხვა პატიმრებისგან განცალკევებით არის განთავსებული საკანში, სადაც მის მიმართ ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობა მიმდინარეობს. სწორედ უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობისა და ტექნიკური უზრუნველჰყოფის სამმართველოს თანამშრომლების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა მსჯავრდებულის გადარჩენა. იგი სასწრაფო წესით ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს“, – წერია უწყების მიერ დღეს, 10 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

შოთა შანიძის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

შოთა შანიძე და კიდევ ორი პირი 2015 წელს გაასამართლეს გიგა ფარტენაძის მკვლეობაზე. გარდაცვლილის ოჯახს მიაჩნია, რომ გიგა ფარტენაძის მკვლელობის დროს მის საკანში ამ სამი პირის გარდა სხვა პირებიც იმყოფებოდნენ, ეგრეთ წოდებული მაყურებლები, მაგრამ მათ გამოძიებამ ხელი დააფარა.

საუბარია გეგუთის ციხის ყოფილი დირექტორზე და სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელზე დიმიტრი დარბაისელზე. გიგა ფარტენაძის ოჯახი ახლაც ითხოვს  ციხის მაშინდელ ადმინისტრაციისა და ბადრაგს წევრების მკვლელების მფარველობისთვის დასჯას.

შოთა შანიძე გიგა ფარტენაძის მკვლელობაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. სწორედ ამიტომ მან 3 იანვარს შიმშილობა გამოაცხადა. პენიტენციური დაწესებულების ცნობით, შოთა შანიძე „ითხოვდა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადახედვას და მის უდანაშაულოდ ცნობას, ასევე მთავარი პროკურატურისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელების დასჯას, მსჯავრდებულმა შიმშილობა 10 იანვარს შეწყვიტა. მიმდინარე წლის 6 თებერვალს შანიძემ გამოაცხადა შიმშილობა და ითხოვდა მსჯავრდებულ გიგა ფარტენაძის გარდაცვალების ფაქტზე საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას. მსჯავრდებულმა შანიძემ შიმშილობა შეწყვიტა 7 თებერვალს“.

შოთა შანიძე 2014 წლის მკვლელობის ფაქტამდეც მძიმე მუხლებით იყო გასამართლებული და მას 33-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: