მთავარი,სიახლეები

რა რისკებს შეიცავს „ოცნების ქალაქში“ კორპუსების აშენება – შეფასება

06.02.2019 • 3030
რა რისკებს შეიცავს „ოცნების ქალაქში“ კორპუსების აშენება – შეფასება

აჭარის მთავრობამ დღეს, 6 თებერვალს, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთათვის კორპუსების აშენება დააანონსა. ამ გადაწყვეტილებით მთავრობა ცდილობს, გადაჭრას ამ ტერიტორიაზე უკანონოდ გაშენებულ დასახლებაში მცხოვრებთა პრობლემა. ადამიანები აქ 2012 წლის არჩევნების შემდეგ უკანონოდ ცხოვრობენ და აცხადებენ, რომ ისინი ეკომიგრანტები ან აჭარის მაღალმთიანეთში, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახები არიან.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, დღეს განაცხადა, რომ „ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობა ბიუჯეტიდან დაფინანსდება და ამისათვის პირველ ეტაპზე 10 მილიონი ლარი გამოიყოფა. მან აღნიშნა, რომ ოჯახები საცხოვრებელ ფართობებს კონკრეტული კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა კრიტერიუმებზეა საუბარი. მას ასევე არ დაუსახელებია, რამდენი ოჯახისთვის იგეგმება ბინის გადაცემა.

რა რისკებს შეიცავს მთავრობის გადაწყვეტილება – „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთ ბინები გადასცეს? „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი მალხაზ ჭკადუა მიიჩნევს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება პოზიტიურია იქ მცხოვრები ადამიანებისათვის, თუმცა გარკვეული რისკები არსებობს:

მალხაზ ჭკადუა

„ჩვენ 2013 წლიდან ვეუბნებით აჭარის მთავრობის ხელმძღვანელობას, რომ საჭიროა კვალიფიციური კვლევა, თუ რა ტიპის საჭიროებები უდგათ ამ ადამიანებს, ვინ არიან ეს ოჯახები, რა შემოსავალი აქვთ, დადასტურება, რომ ნამდვილად დგას ის საჭიროებები, რაზეც თვითონ ამბობენ. კვლევა, რითაც მთავრობა დაინახავდა, თუ რა პროექტის განხორციელება შეიძლება, რა დაჯდება ამ პრობლემის მოგვარება. იყო კომისიაც, თუმცა, სამწუხაროდ, ამ კომისიის ნამუშევარი, ფინალური დოკუმენტი, სადაც წავიკითხავდით რეალურად რასთან გვაქვს საქმე, ჩვენ არ გვინახავს.

ახლა, რადგან აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა ასეთი ამბიციური გეგმის შესახებ, რომელიც, ბუნებრივია, პოზიტიურად იმოქმედებს ადამიანების ცხოვრებაზე, იმედია, მთავრობას უკვე ხელთა აქვს დოკუმენტი, კვლევა და რაოდენობა იმ ოჯახებისა, რომლებსაც ნამდვილად სჭირდებათ ახალი საცხოვრებელი გარემო. თუ ეს კვლევები ჩატარებული არ არის და თუ მათ არ იციან ეს რამდენ ადამიანს ეხება, მაშინ შეიქმნება ქაოსი, იმიტომ, რომ უნდა განისაზღვროს, ვის აქვს განსაკუთრებული საჭიროება და ვისთან შეიძლება გარკვეულ გადავადებაზე მუშაობა. იმედი მაქვს, რომ მთავრობას აქვს ეს დოკუმენტები, სხვა შემთხვევაში შეიქმნება ძალიან არასასურველი გარემო და არსებობს გარკვეული რისკები.

რისკები არსებობს იმისა, რომ შეიძლება ამ ოჯახების რაოდენობა გაიზარდოს ახლა, როცა უკვე ითქვა, რომ კორპუსები აშენდება. შეიძლება გამოჩნდნენ არაკეთილსინდისიერი აქტორები, რომლებიც შეიძლება იქ არ ცხოვრობდნენ, მაგრამ შეეცდებიან ისარგებლონ ამ მდგომარეობით. ამიტომ ყველაფერს სჭირდება ზედმიწევნით შესწავლა. ასევე არსებობს რისკი, რომ ის პირველადი თანხა, ათი მილიონი, რაზეც იყო საუბარი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მხრიდან, არ დაიხარჯოს ზედმიწევნითი სკრუპულოზურობით და გაჩნდეს გარკვეული კითხვის ნიშნები. ყველა ეტაპს სჭირდება მონიტორინგი, მონიტორინგს კი სჭირდება დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობა. ამ დოკუმენტებზე უნდა ჰქონდეს წვდომა საზოგადოების ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ ვიცოდეთ, სად მიდის მთავრობა, როგორ მიდის და რამდენი ოჯახის დაკმაყოფილებაზეა საუბარი.

იდეალურ შემთხვევაში კრიტერიუმების მონახაზი [თუ რა კრიტერიუმებით გაიცემა ბინები] უკვე უნდა ჰქონდეს აჭარის მთავრობას. მონახაზს იმიტომ ვამბობ, რომ კრიტერიუმების შემუშავების დროს შესაბამისი სპეციალისტები ერთვებიან, რომელებმაც იციან, რამდენსულიან ოჯახს რა ფართობის ბინა სჭირდება, ჩვენ ხომ აქ ერთგვაროვან ოჯახებზე არ გვაქვს საუბარი… არის ოჯახები, სადაც შვიდი სულია, ან – სამი. არის ისეთი ოჯახებიც, სადაც რამდენიმე ადამიანი უკვე თავისი შვილებით ცხოვრობს, ანუ მათ სჭირდებათ სხვა ფართობის ბინები. იმედი მაქვს, კრიტერიუმებზე მუშაობა დაწყებულია და შემდეგ მთავრობამ ეს კრიტერიუმები გააცნო შესაბამის სპეციალისტებს“.

ამავე თემაზე: „ოცნების ქალაქის“ საკითხი აჭარის ბიუჯეტში ისევ ვერ მოხვდა 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: