მთავარი,სიახლეები

EMC მწვანე კონცხზე მშენებლობის დაშვების გამო ბათუმის საკრებულოს სასამართლოში უჩივის

27.11.2018 • 2860
EMC მწვანე კონცხზე მშენებლობის დაშვების გამო ბათუმის საკრებულოს სასამართლოში უჩივის

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა [EMC]  არასამთავრობო ორგანიზაცია “ბათომის” სახელით, ბათუმის  საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. EMC იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს, რომლის საფუძველზეც, მწვანე კონცხის მნიშვნელოვნად გამწვანებულ სივრცეში საკრებულომ 28-სართულიანი სასტუმროს კომპლექსის მშენებლობა დაუშვა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება საკრებულომ ქალაქგანვითარების პრინციპებისა და საჯარო ინტერესების უგულებელყოფით მიიღო.

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 სექტემბრის დადგენილებით, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე, შპს “ელიტ კონსტრაქშენ გრუპის” საკუთრებაში არსებულ 20 366 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, სასტუმროსა და სხვა ფუნქციური დანიშნულების კომპლექსის ასაშენებლად დაამტკიცეს განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ).

ამ გადაწყვეტილებით, მწვანე კონცხზე არსებულ მიწის ნაკვეთს შეეცვალა ფუნქცია და არსებული საკურორტო-სარეკრეაციო ზონის ნაცვლად, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის სტატუსი მიენიჭა, რაც მაღალი ინტენსივობის განაშენიანების ზონას წარმოადგენს.

„ეს თანხვედრაში არ არის მწვანე კონცხზე არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობასთან. ასევე ეწინააღმდეგება ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარეკრეციო სივრცეების შენარჩუნების საჯარო ინტერესს“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაცია განმარტავს ასევე, რომ ზონის ცვლილების გარდა, მნიშვნელოვანი დარღვევაა სადავო გადაწყვეტილებით კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაზრდა, რაც განსაზღვრავს სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობის ზღვრულ პარამეტრებს [მოცულობას]. კოეფიციენტების გაზრდა მხოლოდ კანონმდებლობით წინასწარ გაწერილი კრიტერიუმების საფუძველზე შეიძლება, „რაც მოცემულ შემთხვევაში უგულებელყოფილი იქნა“.

კომპანიის მიერ წარდგენილი პროექტის თანახმად, მესაკუთრის მიზანია ამ ტერიტორიაზე 42-სართულიანი და 30-სართულიანი სასტუმროს კომპლექსის მშენებლობა. კომპლექსში შემავალი ფუნქციური სახეობებია: სასტუმრო; აპარტოტელი; საოფისე; კაფე-ბარი; რესტორანი; საბანკეტო და საკონფერენციო დარბაზები; სპა და ფიტნეს დარბაზები, 50 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს.

ბათუმის საკრებულოს საბოლოო გადაწყვეტილებით, შენობის სართულიანობა 28-მდე შეიზღუდა, თუმცა ასეთი განაშენიანებაც მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება  სარეკრეაციო სივრცეების განვითარების პრინციპებს.

EMC-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარების პრობლემურობასთან ერთად, ასევე კითხვის ნიშნები ჩნდება უშუალოდ მიწის ნაკვეთის გასხვისებასთან დაკავშირებითაც.

მწვანე კონცხზე, ზღვის სანაპიროსთან მდებარე 20 366 კვ.მ მიწის ნაკვეთი 2017 წლის 28 სექტემბერს, შპს „ელიტ კონსტრაქშენ გრუპ“-ს საკუთრებაში საქართველოს მთავრობის განკარგულებით, პირდაპირი მიყიდვის წესით 931 000 ლარად (1 კვ.მ-45.71 ლარი) გადაეცა.

ხელშეკრულების თანახმად, მითითებული თანხა კომპანიას  გრაფიკის შესაბამისად, სამ ნაწილად, ერთი წლის განმავლობაში უნდა გადაეხადა, ხოლო ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში ამ ადგილზე უნდა განხორციელდეს არანაკლებ 4 000 000 ლარის ინვესტიცია.

შპს “ელიტ კონსტრაქშენ გრუპი” მთავრობის განკარგულების გამოცემამდე, მხოლოდ ერთი თვით ადრე, 2017 წლის 21 აგვისტოს დაფუძნდა. შესაბამისად, უცნობია ის კრიტერიუმები, თუ რის საფუძველზე გადაწყვიტა საქართველოს მთავრობამ, მწვანე კონცხის მნიშვნელოვანი ტერიტორიის ისეთ კომპანიაზე გასხვისება, რომელსაც მსგავსი საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების არანაირი გამოცდილება არ გააჩნდა. კომპანიის ასი პროცენტის მფლობელი დაჩი ჩაგანავაა, დირექტორი კი ლერი ბოლქვაძე.

სახელმწიფოსგან მითითებული მიწის ნაკვეთის შესყიდვის შემდეგ, 2017 წლის 19 დეკემბერს, ამ ტერიტორიაზე დარეგისტრირდა სს „ბანკი ქართუ“-ს იპოთეკა. ხელშეკრუელების თანახმად, აღნიშნული უძრავი ნივთის ღირებულება კომპანიის მიერ სახელმწიფოსთვის გადასახდელ 931 000 ლარზე ბევრად მეტად, 1 215 000 აშშ დოლარად არის შეფასებული.

EMC-ის განმარტებით, სარჩელის პირველადი მიზანია უზრუნველყოს მწვანე კონცხზე არსებული სარეკრეაციო დანიშნულების სივრცის შენარჩუნება და მისი საჯარო გამოყენება, კერძო ბიზნეს-ინტერესების მიერ საჯარო სიკეთეების მითვისებისა და ქალაქების სოციალური სივრცეების განადგურების პროცესის შეჩერება:

„ჩვენი შეფასებით, არსებული სივრცის გამოყენება მისი რეკრეაციული რესურსის მაქსიმალური შენარჩუნებით და მაღალი საჯარო ხელმისაწვდომობის პირობებით უნდა განხორციელდეს, რაც თავის მხრივ საჯარო დემოკრატიულ დისკუსიებს, ექსპერტულ დასკვნებსა და ამ რესურსის მდგრადი განვითარების პრინციპებს უნდა დაეფუძნოს.“

EMC-ის განმარტებით, ეს დავა არის მცდელობა, გარემოს დაცვისა და ქალაქების ურბანული განვითარების პრობლემატიკაზე გაიზარდოს სასამართლო კონტროლი და შეიქმნას შესაბამისი სასამართლო პრეცედენტები. აღსანიშნავია, რომ ეს გამოწვევები განსაკუთრებით კრიტიკულად დგას ბათუმში, სადაც წლებია რეკრეაციულ და ისტორიულ სივრცეებში მაღალი ინტესივობის, მაღალსართულიანი შენობა-ნაგებობები შენდება. ეს ქალაქში სოციალური, კულტურული სივრცეების განადგურებასა და ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავებას განაპირობებს.

 

„ბათუმელებმა“ ამ პროექტის შესახებ 2018 წლის სექტემბერში წერდა:

მწვანე კონცხზე კომპანია 27-სართულიანი შენობის აშენებას გეგმავს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: