მთავარი,სიახლეები

ზაზა ხალვაშის განმარტება – რატომ ვერ მოხვდა ოპერატორი მამუკა ჩხიკვაძე ASC-ის ნომინანტთა სიაში 

10.02.2019
ზაზა ხალვაშის განმარტება – რატომ ვერ მოხვდა ოპერატორი მამუკა ჩხიკვაძე ASC-ის ნომინანტთა სიაში 

ქართული ფილმის – “ნამეს” ოპერატორმა გიორგი შველიძემ 9 თებერვალს, ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების მიერ დაწესებული მთავარი პრიზი მიიღო საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის. ის ნომინირებული იყო წლის აღმოჩენის სექციაში. ოპერატორის წარმატება ბათუმში განხილვის საგანი გახდა, რადგან ფილმზე რეალურად ორი ოპერატორი მუშაობდა – გიორგი შველიძე და მამუკა ჩხიკვაძე. ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების ASC-ის დაჯილდოების ნომინანტი კი მხოლოდ გიორგი შველიძე გახდა.

ბათუმის დრამატული თეატრის თანამშრომელი მიხეილ გაბაიძე ფეისბუქზე წერს: “გულდასაწყვეტია თუ მეტი არა, როცა ქართული კინოს, ოპერატორული ოსტატობის ამდენად დიდი გამარჯვებისას მამუკა ჩხიკვაძის სახელი არ ისმის, ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების მიერ დაჯილდოვებულის გვერდით… თუ ამას საკუთარ თავზე არ გამოცდი ალბათ ვერ გაიგებ რა ფიქრები ტრიალებს „ჭოჭის“ [მამუკა ჩხიკვაძე] გულში”.

მიხეილ გაბაიძე არ არის ერთადერთი, ვინც ამ საკითხზე დღეს საჯარო თუ დახურულ შეხვედრებზე საუბრობს ბათუმში. სწორედ ამიტომ დავუკავშირდით ფილმის რეჟისორს, ზაზა ხალვაშს და ვკითხეთ, გიორგი შველიძესთან ერთად ნომინაციაზე რატომ არ იყო წარდგენილი კიდევ ერთი ოპერატორი – მამუკა ჩხიკვაძე, რომელიც ასევე მუშაობდა „ნამეს“ გადაღებაზე.

რეჟისორმა ზაზა ხალვაშმა გვითხრა, რომ ამ საკითხზე უკვე განმარტა ფეისბუქზე და გვთხოვა, ჩვენც ეს განმარტება გამოვიყენოთ. ზაზა ხალვაშის თქმით, იმ კომენტარით, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ამ თემაზე საუბარი ამოწურა.

“როგორც ჩანს, ეს საკითხი უკვე უნდა დავაზუსტოთ: გიორგი შველიძე ფილმის დამდგმელი ოპერატორია, ხოლო მამუკა ჩხიკვაძე (ჭოჭი) – მეორე ოპერატორი. ძალიან “გულდასაწყვეტია, თუ მეტი არა”, რომ ამის ახსნა მიხდება თქვენთვის, ჩემთვის ძვირფასი ადამიანებისთვის. ინგლისურ ტიტრებიან ვერსიაში ორივე ერთად წერია, რაც თავად შველიძის დაჟინებული მოთხოვნით გაკეთდა, ხოლო ოფიციალურად და ქართულ ვერსიაში კი ეს სუბორდინაცია ამ სახით არის წარმოდგენილი, როგორც მოგახსენეთ. ამერიკის კინოაკადემიამ, რა თქმა უნდა, დამდგმელი ოპერატორი წარადგინა პრემიაზე და გავიმარჯვეთ! და ეს არა მარტო ერთი პიროვნების წარმატებაა, ფილმის მხატვრული ღირებულების ჩამოყალიბებაში ყველას თავისი წილი მიუძღვის, მათ შორის ჩემს მეგობარს, მამუკა ჩხიკვაძეს. ამიტომ წუხილი იმის გამო, რომ ვიღაცას არ მიაგეს სათანადო ყურადღება, უსაფუძვლოდ მიმაჩნია,” – წერს ზაზა ხალვაში.

“ბათუმელები” დაუკავშირდა ოპერატორ მამუკა ჩხიკვაძეს. ის ამბობს, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურს და არც საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას აპირებს.

რეჟისორ ზაზა ხალვაშის ფილმი “ნამე“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა და საქართველო-ლიტვა-საფრანგეთის კოპროდუქციას წარმოადგენს.

ეროვნულმა კინოცენტრმა „ნამე“ 2019 წლის „ოსკარზე“ წარადგინა უცხოენოვანი ფილმების სექციაში, თუმცა იგი უცხოენოვანი ფილმების საბოლოო სიაში ვერ მოხვდა.

რეჟისორ ზაზა ხალვაშის ფილმი – „ნამე“ არაერთი საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: