მთავარი,სიახლეები

როცა 1 ექთანი 50 მძიმე პაციენტს უვლის – შინმოვლა

10.02.2019 • 1948
როცა 1 ექთანი 50 მძიმე პაციენტს უვლის – შინმოვლა

ნინო ქათამაძე და ნატალია კონცელიძე ბათუმში ყოველდღიურად  7 – 8 ოჯახში მიდიან. ისინი „შინმოვლის პროგრამის“ ექთნები არიან. ნინოს ჯამში 50 პაციენტი აბარია, ნატალიას – 49. ვეკითხები, როგორ ახერხებთ ამდენ პაციენტის მომსახურებას-მეთქი. მპასუხობენ: „შევეჩვიეთ, სხვა რა გზა გვაქვსო.“ ნატალია კონცელიძე ამბობს იმასაც, რომ მისი 49 ბენეფიციარიდან 15-ის მდგომაროება რთულია და მათ ყოველდღე სჭირდებათ შინმოვლა. „დღეჩაგდებით ვახერხებ მისვლას“, – დასძენს ექთანი.

შინმოვლის პროგრამას ბათუმის მერია საქველმოქმედო ფონდ „კარიტასთან“ ერთად ახორციელებს. პროგრამა ბათუმში მცხოვრები 100 ადამიანის ბინაზე მომსახურებას ითვალისწინებს. მერია ამ პროგრამაში მედიკამენტებისა და ჰიგიენური ნივთების შეძენას აფინანსებს. წელს ამისთვის ბიუჯეტიდან 64 800 ლარი დაიხარჯება. ამდენივეს დახარჯავს ფონდი „კარიტასი“ ორი ექთნის ხელფასისა  და მგზავრობის ანაზღაურებაზე.

შინმოვლის პროგრამის ექთნის ხელფასი ხელზე 624 ლარია. ექთნებს აძლევენ მგზავრობის თანხასაც, თვეში – 37 ლარს. ნინო ქათამაძე მესამე წელია შინმოვლის პროგრამაშია ჩართული.

„დღეში დაახლოებით 6-7 ოჯახში მივდივარ… ახლა 97 წლის ქალთან მოვედი, მძიმე მდგომარეობაშია, ხანდახან ღამეც მიწევს გამოსვლა, როცა მირეკავენ, აბა, გათენებას ხომ ვერ დაველოდები?“ – გვიყვება ნინო ქათამაძე გორგილაძის ქუჩაზე ერთ-ერთი პაციენტის ოჯახში. მას ჩვენ მომსახურების გაწევის შემდეგ გავესაუბრეთ.

ექთანი თითო ოჯახში დაახლოებით 40 წუთს რჩება. მან პაციენტს ყველა საჭირო სამედიცინო და ჰიგიენური პროცედურა უნდა ჩაუტაროს, ასევე, უნდა დაეხმაროს და ასწავლოს პაციენტის მომვლელს, მაგალითად, წნევის გასინჯვა, მედიკამენტების მიღების წესები ან ნაწოლის დამუშავება… პროგრამის მიხედვით, ექთანმა თვეში მინიმუმ სამჯერ უნდა მოინახულოს თითოეული ბენეფიციარი.

შინმოვლის პროგრამაში ჩართულნი არიან ოჯახის ექიმებიც. ექთნების თქმით, ოჯახის ექიმთან ხშირად პაციენტის ნაცვლად მათ უწევთ მისვლა იმისთვის, რომ საჭირო მედიკამენტისთვის რეცეპტი მიიღონ, შემდეგ აფთიაქშიც გაიარონ და პაციენტთან წამლებით ხელში მივიდნენ. პროგრამაში ჩართული არ არის სოციალური მუშაკი, არც ფსიქოლოგი.

„ერთი სოციალური მუშაკის დამატებაც იქნებოდა კარგი, რომელიც მსგავს პრობლემებს მოუგვარებს პაციენტებს… ყველა ერთ უბანში არაა. ზოგი ურეხშია, ზოგი – აეროპორტის დასახლებაში. ერთი მაინც რომ იყოს დამხმარე, კარგი იქნება, თუნდაც პამპერსების შეძენაში ვინც დაგვეხმარება,“ – ამბობს ნინო ქათამაძე.

ექთანს ზოგჯერ ფსიქოლოგის როლში ყოფნაც უწევს. ნინო ქათამაძის თქმით, პირიქით, სიამოვნებს კიდეც, როცა ადამიანები საკუთარ ცხოვრებაზე გულწრფელად უყვებიან…

„ეჩვევი ადამიანს, ისიც გეჩვევა. ბოლოს 33 წლის რამაზ ჭაღალიძე გარდაიცვალა, ორი წელი ავადმყოფობდა, ძალიან განვიცადე… ხშირად ხდება ასე, ეჩვევი ადამიანს, მერე კვდებიან, ნერვიულობ, განიცდი, გენატრება, მე მათი ყოველი დღე მაინტერესებს,“ – გვიყვება ნინო ქათამაძე.

ნინო ქათამაძე პროფესიით ექთანია. მას მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს და უფროსი ვაჟიც. ამბობს, რომ ხელფასი არსებული პირობების გათვალისწინებით საკმარისი არ არის, მაგრამ სამსახურით კმაყოფილია.

ნინო ქათამაძე

ხელფასზე საუბარი ეუხერხულება ნატალია კონცელიძესაც. მას ბაგრატიონის ქუჩაზე შევხვდით ჟუჟუნა კომახიძის ოჯახში. ოთახში შესვლისთანავე ექთანმა ის პროცედურები აგვიღწერა, რასაც ყოველდღე, თითოეულ პაციენტთან აკეთებს, მერე ლოგინზე ჩამომჯდარ პაციენტს გახედა და თქვა:

„ძალიან მიყვარს თითოეული მათგანი… ქალბატონი ჟუჟუნაც მარტოა ახლა. ისეა, თავის სატკივარს არასდროს შეგადერდებს. ზოგი ისე გისაყვედურებს, გული დაგწყდება, ჩვენს საქმეზე კი არა, ისე. რაღაც პრობლემა აქვთ, ან ოჯახის წევრს და აგრესიული ხდება. ზოგიერთს საერთოდ არ აქვს მადლიერების გამოხატვის უნარი, თუმცა საბოლოოდ ყველას ვუმეგობრდებით,“ – ამბობს ნატალია კონცელიძე.

განსაკუთრებით ბავშვები ახსოვს ექთანს, ვისთანაც დადის. ასეთი სულ 17-ია. ნატალია კონცელიძე გვიხსნის, რომ  პაციენტთან მისვლა და უცებ წამოსვლა არ გამოვა, ამიტომ შეადგინა ასეთი განრიგი – დღეგამოშვებით მიდის მძიმე პაციენტებთან.

გყოფნით მგზავრობისთვის გამოყოფილი თანხა? – ნატალია კონცელიძეს შეკითხვა ღიმილს ჰგვრის. „როცა ჰიგიენური ნივთები ჩამოდის, პამპერსები და ასე შემდეგ, მაშინ ვიყენებ ამ ფულს, ტაქსს ვქირაობ და ოჯახებში ერთიანად მიმაქვს,“ – ამბობს ის.

ექთნებს მუშაობა უწევთ არასამუშაო საათებშიც, მათ შორის, შაბათ-კვირასაც. ნატალია კონცელიძე პროგრამაში ფსიქოლოგის ჩართვის საჭიროებასაც ხედავს:

„როცა დავიწყე მუშაობა, ძალიან დავიძაბე ამ პაციენტებს, ბავშვებს როცა ვუყურებდი. ვფიქრობდი, რომ ვერ ვიმუშავებდი, ვერ გავართმევდი თავს. შემდეგ ფსიქოლოგმა ჩაგვიტარა ტრენინგი და დავიწყე სხვანაირად ფიქრი. მე კმაყოფილი ვარ ამ სამსახურით,“ – გვითხრა ნატალია კონცელიძემ.

ნატალია კონცელიძე

განსხვავებულად აღწერენ შინმოვლის პროგრამის გამოწვევებს ბათუმის მერიაში. ჯანდაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტის, ნინო ლომთათიძის თქმით, სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის საჭიროების საკითხი აქამდე არავის დაუსვამს. ნინო ლომთათიძემ ასევე უარყო ის ციფრები, რაც ექთნებმა დაგვისახელეს მძიმე პაციენტებთან დაკავშირებით.

„15 და 16 პაციენტი არც ერთს არ ჰყავს… ისეთი პაციენტი, რომელსაც ყოველდღიურად სჭირდება მოვლა, თითოს ეყოლება მაქსიმუმ ხუთი,“ – გვითხრა მან.

ბათუმის მერიის თანამშრომელს არ აქვს ინფორმაცია, რა ანაზღაურებას იღებენ ექთნები მერიის „შინმოვლის პროგრამაში“. იგი ირწმუნება იმასაც, რომ მონიტორინგს ახორციელებს და მადლობის წერილებსაც იღებს.

„ჩვენ ხელფასის ნაწილში არ შევდივართ. მთავარია, პაციენტებს არ აკლიათ მომსახურების ხარისხი, ამის მოთხოვნა არ დამდგარა. არც „კარიტასს“ და არც ექთნებს ამისთვის არ გაუსვამთ ხაზი. ჩვენ მონიტორინგს ვახორციელებთ უმაღლეს დონეზე და არის ნორმალური შედეგი, მადლობის წერილებიც იყო,“ – აღნიშნა ნინო ლომთათიძემ.

„შინმოვლის პროგრამაში“ ჩართვა შეუძლიათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ქრონიკული დაავადება აწუხებთ და 100 ათასამდე ქულა აქვთ სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში. პროგრამით ასევე სარგებლობენ შშმ პირები და ასაკით პენსიონერები, რომლებსაც მომვლელი არ ჰყავთ.

ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ რიგში მხოლოდ ორი ადამიანია და ბენეფიციარების რაოდენობის გაზრდის საკითხი არ დგას დღის წესრიგში. მერიას ასევე აქვს შინმოვლის პროგრამა ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებისთვის, რომელსაც „ბათუმის სამედიცინო ცენტრი“ ახორციელებს.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: