მთავარი,სიახლეები

რას ჰყვება ბათუმში დარჩენილი 16 ვეტერანიდან ხუთი

09.05.2019 • 3537
რას ჰყვება ბათუმში დარჩენილი 16 ვეტერანიდან ხუთი

ბათუმში მეორე მსოფლიო ომის 16 ვეტერანი ცხოვრობს – რვა კაცი და რვა ქალი. საუბარი, კომუნიკაცია და ფრონტის ამბების გახსენება მათგან მხოლოდ ექვსს შეუძლია. „ბათუმელები“ ხუთ მათგანს შეხვდა. ბათუმში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ყველა ვეტერანი 90 – წელს გადაცილებულია. 9 მაისს ისინი ომში გაწვევის, გერმანელებთან შეტაკებებისა და შინ დაბრუნების ამბებს იხსენებენ.

„кавказская дикарка”- 98 წლის ვეტერანი გოგოლა კარანაძე

98 წლის გოგოლა კარანაძე დღემდე, ყოველ ახალ წელს, ღამის 12 საათზე თავად ისვრის თოფს სახლიდან. ფრონტზე რადიოტელეგრაფისტისა და მზვერავის მოვალეობას ასრულებდა. ომში кавказская дикарка-ს ეძახდნენ – ბრძოლის ველზე გრძელი, შავი თმით წავიდა და ომი ისე დასრულდა, არც შეუკრეჭია.

„რადიოში სტალინის ხმა გაისმა: დებო და ძმებო, კომკავშირელებო, ომი დაიწყო და დაგვეხმარეთ, ამოგვიდექით გვერდითო – ამბობდა. ამის გამგონეს მე რა გამაჩერებდა სახლში. პატივცემულო, ომში მივდივარ მე-მეთქი, დირექტორს ვუთხარი მეათეკლასელმა. რას ამბობ გოგო, რა დროს შენი ომიაო – მიპასუხა. წითელარმიელებს წყალს ხომ მაინც მივაწვდი-მეთქი ვთქვი და აზრი არ შემიცვლია.

სად წახვალ შვილოო – იყვირა დედაჩემმაც, კომკავშირელი ვარ და აბა რა უნდა ვქნა-მეთქი, არ ვეპუებოდი. გამოგიგზავნი სამკუთხედ ბარათებს და ვიქნებით ასე. თუ აღარ მოვა წერილი, ალბათ მკვდარი ვიქნები-მეთქი“, – იხსენებს გოგოლა კარანაძე.

კავკასიასა და უკრაინის მესამე ფრონტზე იბრძოდა. 1945 წელს დრეზდენის ახალგახსნილ მეორე ფრონტს შეუერთდა.

ხარკოვში რადიოტელეგრაფისტის სამთვიანი კურსი გაიარა, რის შემდეგაც ფრონტზე წაიყვანეს.

„მივდიოდით, მივდიოდით, კაცმა არ იცის სად. აბა, ეშელონი დაცალეთ, გვბომბავენო! გვითხრეს გზაში. გადავედით მატარებლიდან ზურგჩანთებით. საბრძოლო აღჭურვილობით, ღამე იყო, ტყეში ვიმალებოდით, ყინავდა, ფეხი გვისრიალებდა. გათენდა და დავინახე: ტყე სავსე იყო მკვდრებით. ახალგაზრდა ბიჭებით. გული მისტიროდა. მაშინ ვიფიქრე, რომ სანამ ცოცხალი ვიქნებოდი, მტერს სამშობლოს არ დავანებებდი, სიცოცხლეს შევწირავდი.

ჩემი საქმე ომში რადიომიმღებით და ბინოკლით დგომა იყო. მტრის თვალთვალი, რომ არ შემოგვპარვოდნენ. დედა! რას ვხედავ! გავიხედე და მოფრინავს გერმანული მზვერავი სამხედრო ვერტმფრენი. აბა, ატყდებოდა სროლა, თუ ჩამოაგდებდნენ ხომ კარგი, თუ არა და, გააქცევდნენ მაინც. ვინ უყურებდა წვიმას, თოვლს, ყინვას. ოღონდ ჯარი გადაგვერჩინა. ვიმალებოდით სანგრებში, მიწისქვეშა ორმოებში. სამი ბატალიონი გადავარჩინე სიკვდილს“, – იხსენებს ომის ვეტერანი.

გოგოლა კარანაძე ომს ტრავმის გარეშე ვერ გადაურჩა. თვალში დაჭრეს და დრეზდენის საგზაო ჰოსპიტალში იწვა ერთი თვე. მის საბრძოლო დანაყოფში ხუთი მზვერავი და რადიოტელეგრაფისტი ქალი იყო.   

   

ვასილი ტოტსკი – გერმანელებისგან გაქცეული ტყვე

94 წლის ვასილ ტოტსკიმ 16 წლის ასაკში დააღწია თავი გერმანელების ტყვეობას. როცა მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში გერმანელებმა უკრაინა დაიკავეს, ახალგაზრდები მასობრივად მიჰყავდათ გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში მძიმე ფიზიკური სამუშაოს შესასრულებლად. ვასილიც ამ ახალგაზრდებს შორის იყო.

„ზაპოროჟიას ოლქში ვცხოვრობდი, აავსეს გერმანელებმა ორი ვაგონი ახალგაზრდა, ტყვე უკრაინელებით და ღამის ორ საათზე ზაპოროჟიიდან გერმანიის გზას გაგვიყენეს. დედამ და დამ გახუხული პური და მოხარშული ქათამი გამატანა – გზაში რაღაც ხომ უნდა ჭამოო. მიმქონდა ზურგჩანთით. ვაგონებს ორი შეიარაღებული გერმანელი მეთვალყურეობდა, ვაგონი გზადაგზა ჩერდებოდა, ტუალეტში ჩავიდოდით. მოვწევდით და გზას ვაგრძელებდით. გადავლახეთ დნეპრი, გავიარეთ დნეპროპეტროვსკი და ერთგან, როცა გავჩერდით, კაცი შეგვხვდა, წყლით სავსე ვედროებს ეზიდებოდა: სად მიდიხართ, გაიქეცით გერმანელებისგან სანამ დროა, წითელარმიელები მალე კიევსაც დაიბრუნებენ და სანამ ჩვენს ტერიტორიაზე ხართ გაიქეცით, იქ კარგი ამბისთვის არ მიყავხართ, ყველას ამოგხოცავენ, გერმანიაში დაგხვრეტენო. რაღაც უნდა მოგვეფიქრებინა.

მორიგ ადგილას გაჩერდა ვაგონი. ჩამოვედით, მოვწიეთ, საპირფარეშოში შევედით რამდენიმე ბიჭი ერთად, უკანვე გავიდა რამდენიმე რიგრიგობით. მე და ჩემი მეგობარიც შევედით და ვიცდით. აღარ გამოვდივართ. გავიტრუნეთ. მალე ვაგონის დაძვრის ხმა გაისმა, ბორბლების ხმა ახლაც ჩამესმის ყურში, რომელიც ნელ-ნელა გვშორდებოდა და მივხვდით – გადავრჩით, ვაგონი უჩვენოდ წავიდა, ვერ შეგვნიშნეს!“- იხსენებს ვასილ ტოტსკი 78 წლის წინანდელ ამბავს.

გერმანელების ტყვეობას თავი დააღწია და წითელ არმიაში ჩაეწერა. ომზე საუბარს თავს არიდებს, ურჩევნია ომისშემდგომ ამბებზე ილაპარაკოს, ამბავზე, თუ როგორ მოხვდა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ბათუმში.

1945 წელს ომის დასრულებისთანავე ბერლინიდან თბილისში მატარებლით 2500 ჯარისკაცი ჩამოვიდა, მათ შორის იყო ვასილი ტოტსკიც. თბილისიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ანაწილებდნენ ჯარისკაცებს. ვასილმა ბათუმი წამოსვლა არჩია. მეგობარმა უთხრა, რომ აქ იყო მზე, ზომიერი ჰავა, თითქმის არასდროს ყინავდა, და პალმას ქოქოსი ესხა, იყო ბანანის ხეებიც.

„ეს რომ გავიგე, არც დავფიქრებულვარ, ისე წამოვედი ბათუმში. წარმომედგინა, რომ მთელ ცხოვრებას ქოქოსის რძის სმაში გავატარებდი. თან სკოლის წლებში მახსოვდა უკრაინაში მოჰქონდათ პატარ-პატარა ტკბილი ფორთოხლები, თითო 50 კაპიკი ღირდა და ყველა ამბობდა, რომ ეს საოცარი ხილი საქართველოდან იყო ჩამოტანილი. სხვა რა მინდოდა, ვგიჟდებოდი ფორთოხალზე და პალმებზე“.

ბათუმში ჩამოსულს ზომიერი ჰავაც დახვდა, ციტრუსიც და პალმებიც, მაგრამ მითი ბათუმში ქოქოსისა და ბანანის ხეებზე ვასილს დაემსხვრა.

„კარგა ხანს მე და ჩემს მეგობარს გვეგონა, რომ ბათუმში საოცარი რამ: უტკბესი პომიდორი აღმოვაჩინეთ, მაგრამ მერე აგვიხსნეს, რომ ეს ხილი იყო და ხურმა ერქვა“, – იხსენებს 94 წლის ომის ვეტერანი და კომუნიზმის იდეაზე იწყებს საუბარს.

„კომუნიზმი ეს იყო ზღაპარი დიდებისთვის. ყველას თანასწორობის იდეა – უტოპია. თქვენ ეს კაბა გაცვიათ, მაგალითად, სამსახურში, ვიღაც კი თხრილების წმენდაზე მუშაობს და აცვია ტალახიანი შარვალი, ხელებზე მაზოლები აქვს შრომისგან, რომ იარსებოს. როგორ ვიქნებით ყველანი მსგავსები და თანასწორები? შეუძლებელია. თუმცა ადამიანებს სჭირდებათ ზღაპრები, სჭირდებათ იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუ არის იმედი, სიცოცხლე გრძელდება. ჩემი ცოლი მოკვდა, სასაფლაოზე წევს, მის გვერდით დამასაფლავებენ, მეუბნებიან, რომ იქ მე მას შევხვდები, არადა, ხომ ვიცი – ვერაფერსაც ვერ შევხვდები. ასეა კომუნიზმიც: უნდა გეშრომა, გეშრომა თავდაუზოგავად, სტახანოვურად, გქონოდა იმედი, რომ საერთო სიკეთისთვის აკეთებ ყველაფერს, რომ მომავალს შენ აშენებ“, – ყვება მეორე მსოფლიო ომის 94 წლის ვეტერანი.

„ყველაზე მძაფრად ომიდან თანამებრძოლები მახსოვს, ჩემს თვალწინ რომ ეცემოდნენ ფრონტზე

ევგენი დუნდუა 93 წლისაა, მისი მამა 37 წლისა დაიღუპა სევასტოპოლთან ბრძოლაში და უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა. როგორც ევგენი ჰყვება, გერმანელებისთვის მამის სიკვდილის გამო სამაგიეროს გადახდა სურდა და 14 წლისამ ასაკი მოიმატა, ფრონტზე რომ გაეგზავნათ. იბრძოდა ტუაფსესა და ტაივანის კუნძულებზე.

„ყველაზე მძაფრად რა უნდა მახსოვდეს ომიდან? რა თქმა უნდა, მოკლული თანამებრძოლები, ჩემს თვალწინ რომ ეცემოდნენ. 4 თვე გავატარე ფრონტზე, მეზარბაზნე ვიყავი. ორივე მკლავში დავიჭერი, დიდხანს ხელები პარალიზებული მქონდა. ახლაც მაქვს შრამები. სამხედრო ჰოსპიტალში ვიწექი დიდხანს და შინ, ბათუმში გამომისტუმრეს. ბრძოლას ვეღარ გავაგრძელებდი. როცა ომი დამთავრდა, გამოვჯანმრთელდი და ხელები ამიმუშავდა, მეზღვაური გავხდი – ცურვა დავიწყე. ხელებში რომ არ დავჭრილიყავი, ალბათ მეც დავიღუპებოდი სხვებივით“, – ამბობს ომის ვეტერანი.

ევგენი დუნდუას მეუღლე უკრაინიდანაა, მათი შვილი, ნატა დუნდუა უკრაინელი ბებიას მონათხრობს იხსენებს:

„ბებიას არ უყვარდა ომზე ლაპარაკი, ამ თემაზე სულ დუმდა. ერთხელ წამოსცდა, ომზე რაღაც და გაგვიკვირდა, მერე იხსენებდა ხოლმე ომის დაწყებას უკრაინაში. ტომატის საყიდლად წავიდა მაღაზიაში და სამლიტრიანი ქილით ბრუნდებოდა შინ, როცა სროლა ატყდა ყველა მხრიდან, „ომი დაიწყოო“ ვიღაც ქალს უყვირია და ბებიას ქილა ხელიდან დავარდნია, შინისკენ გაქცეულა, მის ირგვლივ დახოცილი ხალხი ცვიოდა. რამ გადამარჩინა, არ ვიციო – ჰყვებოდა. ბაბუაჩემს ხრიკი მოუფიქრებია, მაშინ უკრაინაში ტიფი როცა ემართებოდათ, სახლის კარებზე აწერდნენ დიდი ასოებით თურმე, რომ ოჯახში ტიფიანია. ბაბუასაც ასე მიუწერია კარზე. გერმანელებს ამ ავადმყოფობის თურმე ძალიან ეშინოდათ და ტიფიანების სახლებს არ ეკარებოდნენ. ასე გადაურჩა ბებია სიკვდილს“, – იხსენებს ნატა.

არნახული სილამაზე იყო, მტვრის ბუღში გახვეული, განათებული ბრძოლის ველი და სიხარულის ყიჟინა

„ფრონტზე საკუთარ სიკვდილზე არ ფიქრობ. მთავარია, რაც გევალება შეასრულო, ამხანაგი რომ მოგიკვდება, იმ ღამეს არ დაგეძინება, შენ მიდიხარ წინ და ტოვებ მეგობარს, რომელსაც არ იცი რომელი მხეცი შეჭამს მოყინულს, ტყეში“, – ამბობს 94 წლის სერგო ტაბაღუა.

„ბერლინთან ახლოს ვიბრძოდით, მთელი ფრონტი განათებული იყო, 75-ჯერ გავისროლე ზარბაზნიდან, თვითმფრინავების შტურმი დაიწყო. ყვავ-ყორნების ომს ჰგავდა. რაც კი გერმანიას მოწინავე თვითმფრინავები ჰყავდა, ყველა აქ იყო.

მზვერავი ვარ, ვისთვის მესროლა ვეღარ ვარჩევდი. რამდენიმე საათის განმავლობაში თვითმფრინავების ერთი წყება ჩამოვარდებოდა, მეორე წყება მოფრინდებოდა.

ჩვენი ფეხოსანთა რაზმი მიდიოდა, გერმანელების ერთი პოზიცია მოთელა წინა ხაზმა, მერე მეორე, მესამე… „ურააა“ ყვიროდნენ წითელარმიელები, იცით ეს რა იყო? არნახული სილამაზე. მტვრის ბუღში გახვეული, განათებული ბრძოლის ველი და სიხარულის ყიჟინა.

„ვაი, ვაი…“ მომესმა ამ დროს. ჩემს პოლკში ქართველი არ ყოფილა. მივატოვე ზარბაზანი და გავიხედე. სისხლში ცურავდა. სიცოცხლისკენ აღარ იყო. მისი ჯიბისკენ წავიღე ხელი. როცა ჯარისკაცი კვდება, მეორე ჯარისკაცი ვალდებულია ჯიბიდან პატარა, წყალგაუმტარი კაფსულა ამოუღოს, სადაც მისი მისამართი და ვინაობა წერია. დღესაც ვნანობ, რატომ წავიღე ხელი მომაკვდავის ჯიბისკენ. ვკვდები, ხომ? – როგორც კი ჯიბეს შევეხე მიხვდა, რომ კვდებოდა. იმ მომენტიდან გადავწყვიტე მთელი ცხოვრება ომის ამბებისთვის მიმეძღვნა, ასეთი ამბებისთვის. 31 წიგნი მაქვს გამოცემული – ყველა ომზეა“, – გვიყვება სერგო ტაბაღუა. ომის საშინელებების ნახვის შემდეგ მან უარი თქვა სამხედრო კარიერაზე და წიგნების წერა, სტუდენტებისთვის ლექციების კითხვა არჩია.

ფრონტზე 16 წლისა წავიდა. წინა დღით სახლში ვახშამი მოუწყეს. მეზობელმა შაშიკო ჯოჯუამ თბილი შალის წინდები ერთ ღამეში მოუქსოვა ომში წასაღებად. სერგომ კი, როცა პოლონეთში შევიდა წითელი არმია, შაშიკოს მადლიერების ნიშნად იქაური საკაბე ჩამოუტანა.

„400 კილომეტრი რუმინეთამდე გადავიარეთ ფეხით აგვისტოში. შიმშილი… სიცხე… სად ვეყარეთ, ჩვენც არ ვიცოდით

ქეთევან ლორია ერთი წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა. ფრონტზე 16 წლისა წავიდა, შინ მხოლოდ დედა და უმცროსი და დარჩა, მაგრამ ომიდან მის დაბრუნებას სამტრედიის სოფელ ნიგორზღვაში მთელი სოფელი ელოდა.

„მახსოვს, 400 კილომეტრი რუმინეთამდე გადავიარეთ ფეხით აგვისტოში. რა არ გამოვიარეთ ამ გზაზე. შიმშილი… სიცხე… სად ვეყარეთ, ჩვენც არ ვიცოდით. ერთხელ სადღაც მინდორზე აღმოვჩნდით. წამოვწექი და რაღაც დამეცა სახეზე, ყურძნის მარცვლები იყო. დავკრიფეთ მტვრიანი ყურძენი და ვჭამეთ. კითხვა მიყვარდა ძალიან, მაგრამ ვის ეცალა ომში ამისთვის. ომი რომ დამთავრდა, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე და მერე  56 წელი ვიმუშავე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მეჯინისწყლის რვაწლიან სკოლაში.

სანამ ინსტიტუტში ჩავაბარებდი, დედაჩემმა კინაღამ მომკლა, სად გვაქვს სწავლის ფულიო. ობლად გამზარდა, გათოშილი ხელებით. არაფრის საშუალება ჩვენ არ გვქონდა, მაგრამ დავიჟინე და მაინც ვისწავლე.

ათეისტობიდან თეოლოგობამდე მივედი. ყოველდღე ვლოცულობ. ღმერთის იმედი მაქვს“, – ამბობს ქეთევან ლორია.

ავტორები: თამარ ნერგაძე, ია ფრანგიშვილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: