მთავარი,სიახლეები

„პრობლემა აღმოიფხვრა“- საქართველოს ელჩი თურქეთში დოლისყანის ტაძრის შესახებ

11.05.2019 • 2132
„პრობლემა აღმოიფხვრა“- საქართველოს ელჩი თურქეთში დოლისყანის ტაძრის შესახებ

მეათე საუკუნის ცნობილი ქართულ ტაძართან დაკავშირებით, საქართველოს ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავა „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ „პრობლემა აღმოიფხვრა“.

“უკვე მიიღეს ზომები და არ დაუშვებენ დოლისყანის მონასტერთან საპირფარეშოს მშენებლობას. ასევე შედგა კომუნიკაცია სოფლის რწმუნებულთან, რომელმაც დაადასტურა, რომ სამუშაოები უკვე შეწყვეტილია,” – ამბობს გიორგი ჯანჯღავა “ბათუმელებთან”.

ელჩის თქმით, სოციალურ ქსელში ფოტოების გავრცელებისთანავე, გუშინ [10 მაისს], გვიან საღამოს დაუკავშირდა თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობისა და მუზეუმების გენერალური დირექტორის მოადგილესა და რესტავრაციის სამმართველოს უფროსს.

“თურქული მხარის თქმით, ისინი არ ფლობენ ინფორმაციას დოლისყანის ტაძარში საპირფარეშოს მშენებლობის შესახებ და ასევე, არ გააჩნიათ მსგავსი პროექტი. თუმცა, შეგვპირდნენ, რომ აუცილებლად გამოიკვლევდნენ ამ საკითხს. ასევე, მათ გამოთქვეს მოსაზრება, რომ შესაძლოა, ადგილი აქვს ადგილზე თვითნებურ გადაწყვეტილებას. ნებისმიერ შემთხვევაში, თურქულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი არ დაუშვებენ მსგავს მშენებლობას.

ზემოაღნიშნულმა პირებმა დაავალეს ართვინის კულტურის სამსახურის უფროსს, ადგილზე თანამშრომლების მივლინება და საკითხის შესწავლა. ახლახან დაგვიკავშირდა რესტავრაციის სამმართველოს უფროსი, რომელმაც გვაცნობა, რომ ადგილობრივების მხრიდან მოხდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, რის შესახებაც კულტურის სამინისტრო ინფორმირებული არ იყო,” – ამბობს გიორგი ჯანჯღავა.

„დოლისყანის კარიბჭეში ტუალეტი შენდება!“ – ამ სათაურით ფოტოები ფეისბუქში 10 მაისს ბუბა კუდავამ გაავრცელა.

“კარიბჭეში უკვე ამოთხრილია ორმოები, რომლებიც რკინის ცხაურითაა დაფარული (ზედ ქვები აყრია). ჩალაგებულია მილები, ტაძარში შეტანილია შესაბამისი მასალა და დღე-დღეზე ალბათ ბეტონსაც დაასხამენ,” – წერდა ბუბა კუდავა.

მთავარი ფოტო: დოლისყანის ეკლესია, საქართველოს ძეგლები https://www.dzeglebi.ge

გადაბეჭდვის წესი


ასევე: