ბათუმში ქალები 8 მარტს უფასოდ იმგზავრებენ

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, დღეს, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება მხოლოდ ქალებისთვის.

ამ დროისთვის ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების გადაადგილების მარშრუტი ნაწილობრივ შეცვლილია. მაგალითად, მუნიციპალური ავტობუსები N: 15, 8, 4, 1 და 1ა,  ქალაქიდან ბონის მიმართულებით მოძრაობისას მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „ბონთან“ [ფარეხი, ბაზარი] აღარ გაივლიან.  მიზეზი მაიაკოვსკის ქუჩის მონაკვეთის ჩაკეტვაა ავტოსადგურის მიმდებარედ, სადაც  გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს.

გოგებაშვილის ქუჩიდან მანთაშევის შლაგბაუმზე აღარ გადადიან N1 და N15 საქალაქო ავტობუსები და მიდიან ბაქოს ქუჩით. N15 აგრძელებს გზას, N1 კი გადადის ბარცხანის ხიდზე.

N8, N4 და N1ა ავტობუსები კი წერეთლის ქუჩიდან შავშეთის ქუჩის გავლით გადავლენ ბაგრატიონის ქუჩაზე და ამ ქუჩით იმოძრავებენ ბონის კულტურის სახლამდე [გოგოლის ქუჩა]. ეს ავტობუსები უკან, ქალაქში დაბრუნდებიან მაიაკოვსკის ქუჩით, ანუ, უკანა მიმართულებაზე ეს ავტობუსებიც გამოივლიან ბონის ბაზართან.

ციხისძირში საბაგირო გზა და პირსი გაკეთდება – გენგეგმა დამტკიცებულია

ციხისძირში, ავტომაგისტრალიდან პლაჟამდე საბაგირო გზისა და პლაჟზე პირსის მშენებლობის გეგმას ქობულეთის მუნიციპალიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა. ციხისძირში ველო და საფეხმავლო ბილიკების მოწყობაცაა დაგეგმილი. სამომავლოდ ამ პროექტების განხორციელებას, დაბა ჩაქვი-კურორტ ციხისძირის სანაპირო ზოლის განაშენიანების რეგულირების გეგმა ითვალისწინებს.

„ციხისძირის ტერიტორიაზე დაგეგმარდა ახალი სატრანსპოტო ქსელი მისასვლელი გზებითა და შესაბამისი საპარკინგე ადგილებით. აქვე დაიგეგმა როგორც პასიური ისე აქტიური დასვენებისა და გართობის უბნები, გამწვანებული რეკრეაციული ზონით, ტყეპარკი ფეხმავალი მარშრუტებითა და ველობილიკები. ციხისძირის უღელტეხილის მაღლივ წერტილში განთავსდა საბაგირო გზა „ზიპლაინით“, საიდანაც ვეშვებით ზღვის პლაჟის მიმართულებით. აქვე განთავსდა ზღვის ტრანსპორტის გასაჩერებელი პირსი, რაც კიდევ ერთ დამატებით მისასვლელს ქმნის უბანში მოსახვედრად“ – აღნიშნულია რეგულირების გეგმაში.

„კონკრეტული შემოთავაზება ასეთი პროექტის განხორციელებაზე არ ყოფილა. მაგრამ პერსპექტივაში, მომავალში უნდა გაკეთდეს ველობილიკები, საბაგირო გზა, პირსი… ეს არის ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტი, რომელიც დააკავშირებს საწყლოსნო ტურიზმს სახმელეთო ტურიზმთან“, – ამბობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი, ასლან ქათამაძე.

კითხვაზე თუ ვინ დააფინანსებს კონკრეტულ პროექტს, ასლან ქათამაძე ამბობს რომ „პროექტს სახელმწიფიო განახორციელებს, თუ მუნიციპალიტეტი, ჯერ არ არის გადაწყვეტილი და არ აქვს ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა. ესაა გენერალური გეგმის ნაწილი, ზოგადი გეგმა და უნდა განხორციელდეს“.

დაბა ჩაქვი-კურორტ ციხისძირის სანაპირო ზოლის განაშენიანების რეგულირების გეგმა და ახალი რეგულაციები ჩაქვი-ციხისძირის ზოლში უკვე მოქმედებს. ამ გეგმით, „ციხისძირში განაშენიანებული სივრცეები კავშირში უნდა იყოს საბაგირო გზის ინფრასტრუქტურასთან და მრავალმიზნობრივ [საფეხმავლო, საველოსიპედო] გზების/ბილიკების სისტემასთან და მორგებული ბუნებრივ გარემოსთან“.

წყარო: ციხისძირის სანაპირო ზოლის განაშენიანების რეგულირების გეგმა

ამ თემაზე:

ჩაქვი-ციხისძირის სანაპირო ზოლისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა

 

საპენსიო სააგენტოს დირექტორი მოსამართლეებს: ფულის დაგროვების კულტურა არ გვაქვს

“ბელგია, კანადა, ავსტრია, ჩილე, უნგრეთი… ამ ქვეყნებში საპენსიო შენატანი სავალდებულოა, როგორც დასაქმებულისთვის, ასევე დამსაქმებლისთვის,” – უთხრა მოსამართლეებს ლევან სურგულაძემ, საპენსიო სააგენტოს დირექტორმა. მან დღეს, 7 მარტს, მოწმის სახით მისცა ჩვენება სასამართლოს.

საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე საპენსიო შენატანის წინააღმდეგ სარჩელს განიხილავს. მოსარჩელეები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების შეჩერებასაც ითხოვენ. ერთ-ერთი ნორმა კი, საპენსიო შენატანის სავალდებულოობას ეხება.

“თუ შეჩერდება, ეს დააზიანებს მთლიანად პროცესს… ჩაშლის სერიოზული საფრთხე შეიქმნება, ვეღარ იქნება მიღწეული ის მნიშვნელოვანი მიზნები, რაც უნდა დადგეს,” – აღნიშნა საპენსიო სააგენტოს  ხელმძღვანელმა და იქვე დააზუსტა, რომ შესაძლოა ეს “სტაბილური და უზრუნველყოფილ ცხოვრების” მიზანს შეეხოს, ასევე “მასშტაბურ საინვესტიციო კაპიტალს”.

საპენსიო სააგენტოს უფროსს მოსამართლე მანანა კობახიძემ შეახსენა, რომ გასაჩივრებულია არა მთლიანად საპენსიო რეფორმა, არამედ კონკრეტული მუხლები.

“მაინც ფიქრობთ, რომ სავალალო იქნება შედეგი?” – იკითხა მოსამართლემ.

“კი. თუ სავალდებულოობის ნაწილი მოიხსნა, რეფორმა ჩაიშლება… ჩვენ ფულის დაგროვების კულტურა ნაკლებად გვაქვს. ჩვენ, ძირითადად, მომავლიდან ვსესხულობთ ფულს…”- აღნიშნა ლევან სურგულაძემ.

ლევან სურგულაძეს მოსამართლეებმა ასევე ჰკითხეს, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო საპენსიო შენატანის სავალდებულო წესს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.

“სტატუს კვოს აღდგენას არაფერი უდგას წინ… ყველას შეგვიძლია დავუბრუნოთ თანხა,” – თქვა საპენსიო სააგენტოს დირექტორმა.

მთავარი ფოტო: ლევან სურგულაძე

 

ჩაქვი-ციხისძირის სანაპირო ზოლისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაბა ჩაქვი-კურორტ ციხისძირის სანაპირო ზოლის განაშენიანების რეგულირების გეგმა დაამტკიცა. ტერიტორია, რომელზედაც ვრცელდება ახალი რეგულაციები, მოიცავს დაბა ჩაქვის, ბუკნარისა და ციხისძირის სანაპირო ზოლს – მდინარე ჩაქვისწყლის შესართავიდან ე.წ. ბობოყვათის რეზიდენციამდე. ბუკნარსა და ციხისძირში ეს ტერიტორია მოქცეულია ძირითადად ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალსა და ზღვას შორის.

ამ ტერიტორიაზე რეგულირების ახალი წესები 2019 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „იმ ობიექტებზე, რომლებზეც განაშენიანების რეგულირების წესების ძალაში შესვლამდე შეთანხმებულია არქიტექტურული პროექტი, ან წარდგენილია განაცხადი პროექტის შეთანხმებაზე ან/და გაცემულია მშენებლობის ნებართვა, ვრცელდება განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი რეგულირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ახალი წესები უფრო ხელსაყრელ პირობებს ითვალისწინებს და მის გამოყენებაზე მოთხოვნას აყენებს განმცხადებელი“.

ამ ობიექტებზე კ-1 და კ-2 კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების შეცვლა შესაძლებელია განაშენიანების რეგულირების გეგმით დამტკიცებული წესების შესაბამისად. ცვლილებებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია შეითანხმებს.

დაბა ჩაქვისა და ციხისძირის ტერიტორიული განვითარების ძირითადი მიზნები [დოკუმენტიდან]:

[checklist]

  • ტერიტორიის ურბანული  განვითარების  პოლიტიკის  ჩამოყალიბება  და  ქალაქთმშენებლობითი  დოკუმენტაციის შემუშავება დაბალანსებული და მდგრადი განვითარებისთვის
  • ტურისტულ-სარეკრეაციო, საკუროტო და სამკურნალო პოტენციალის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება; სპორტულ-გასართობი კომპლექსების განვითარება
  • ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის განვითარება გარემოს ხარისხის ამაღლებისა და მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდის გზით
  • ურბანულ-ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება;
  • მოსახლეობისათვის ჯანსაღი, უსაფრთხო და მოხერხებული საარსებო გარემოს შექმნა
  • სივრცის /ტერიტორიების/ გამოყენებისა და განვითარების საკითხებში სახელმწიფოს, ადგილობრივი თვითმმართველობის, ფიზიკური და იურიდიული, საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესების ურთიერთშეთანხმება

[/checklist]

უფლებრივი ზონირების დოკუმენტების განხორციელების მიზნით, ტერიტორია იყოფა ლანდშაფტურ-სარეკრეაციო, სამხედრო დანიშნულების, სარეკრეაციო, საკურორტო-სარეკრეაციო, საცხოვრებელ, სატრანსპორტო, საზოგადოებრივ-საქმიან და სპეციალურ ზონებად.

განაშენიანებაში მოქცეულ ტერიტორიაზე გამოყოფილია ნაკვეთები ვილებისთვის [მაქსიმუმ 3-სართულიანი], საოჯახო სასტუმროებისთვის [მაქსიმუმ 5-სართულიანი], მსხვილი სასტუმროებისთვის [მაქსიმუმ 10-სართულიანი].

ჩაქვი-ციხისძირის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსთან უშუალოდ დაკავშირებული ტერიტორია კი მოიცავს დაბა ჩაქვს და იმ ნაწილს, სადაც რკინიგზის სადგურია განთავსებული. გეგმაში აღნიშნულია, რომ „დაბა ჩაქვის რკინიგზის სადგურის შემდგომი განვითარება მნიშვნელოვანი იქნება ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის სატრანსპორტო მომსახურებისთვის, ამასთან ამ დასახლებაში შესაძლებელია განვითარდეს საცხოვრებელი განაშენიანებაც“.

რეგულაციის ფარგლებში, დასახლებული ტერიტორიების პარალელურად, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, დამუშავდა სოფელ ციხისძირისა და ბუკნარის არეალში ნაკლებად დასახლებული ლანდშაფტურად შედარებით რთული რელიეფის განაშენიანების მქონე ტერიტორიის პერსპექტიული განაშენიანებაც:

„საინვესტიციო კუთხით მომავალში მიმზიდველობის უზრუნველყოფის მიზნით ტერიტორია დაიგეგმა როგორც სარეკრეაციო ზონა. გათვალისწინებული იქნა არსებულ მრავალფეროვან ლანდშაფტზე მინიმალური ანთროპოგენური ჩარევის უზრუნველყოფა. სარეკრეაციო ზონაში ძირითადად განთავსდა მისთვის დამახასიათებელი სამი ტიპის განაშენიანების ნაკვეთები“.

პირველი ტიპის ნაკვეთები წარმოადგენს დაბალი სიმჭიდროვის ინდივიდუალური სამ სართულამდე მანსარდით საცხოვრებელი სახლებითა და აგარაკებით განაშენიანებულ ნაკვეთებს, ფართობით 400-დან 800 კვ.მ-დე;
მეორე ტიპის ნაკვეთები ხუთ-ექვს სართულამდე საოჯახო ტიპის სასტუმრო შენობებით, ნაკვეთები ფართობით 1000-დან 2000 კვ.მ-დე;
მესამე ტიპის ნაკვეთები განაშენიანდა შედარებით დიდი მოცულობის, მაღლივი ტიპის სასტუმრო შენობებითა და კომპლექსებით, ნაკვეთები ფართობით 6000-დან 12000 კვ.მ-დე ფარგლებში.

ამ გეგმით, სოფელ ციხისძირისა და ბუკნარის არეალში დაგეგმარებული ტერიტორიის საერთო იერსახისა და ესთეტიკური მთლიანობის შენარჩუნების მიზნით, „ახალი მშენებლობის ან/და არსებული შენობების რეკონსტრუქციისას, თუ შენობა ნაგებობას გააჩნია ქანობიანი სახურავი ან მანსარდული ტიპის სართული – აუცილებელია ასეთი ტიპის სახურავი მოეწყოს აგურის ფერის პერფორირებული თუნუქით ან სხვა მასალით შესაბამისი ფერის (აგურის ფერი) შენარჩუნებით, გამონაკლისების გარეშე“.

დაბა ჩაქვისა და ციხისძირის სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები არეგულირებს ქალაქთმშენებლობით საკითხებს, განსაზღვრავს სამართალურთიერთობას მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს; ადგენს უძრავი ნივთების განვითარების, გამოყენებისა და განაშენიანების სპეციალურ პირობებს.

განაშენიანების გეგმით 200 მ2-მდე ფართობის მიწის ნაკვეთზე დასაშვებია საზოგადოებრივი   და საყოფაცხოვრებო მომსახურების/დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსება განაშენიანებისათვის დაშვებულ არეალებში, ფუნქციური ზონით დადგენილი პარამეტრების შესაბამისად. განაშენიანებისათვის დაშვებულ არეალებში 200 მ2-მდე ფართობის მიწის ნაკვეთზე დასაშვებია არსებული ნაგებობის რეკონსტრუქცია ფაქტობრივი ძირითადი გაბარიტების უცვლელად.

მიწის ნაკვეთებს და შენობა-ნაგებობებს, რომლებიც არ შეესაბამება დამტკიცებული წესების მოთხოვნებს, ენიჭებათ შეუსაბამო მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების სტატუსი. ხოლო მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს, რომლებიც თავიანთი მახასიათებლებით არ შეესაბამება შესაბამისი ზონის განაშენიანების რეგულირების მოთხოვნებს და შესაბამისობის უზრუნველყოფა შეუძლებელია, ენიჭება განპირობებული (იძულებითი) შეუსაბამო მიწის ნაკვეთებისა და შენობა- ნაგებობების სტატუსი.

ასეთი ნაკვეთებისა და ნაგებობების შემდგომი განვითარება  [ტერიტორიის  გაფართოება, ფუნქციის/გამოყენების შეცვლა, რეკონსტრუქცია] ხორციელდება მხოლოდ შეუსაბამობის აღმოფხვრის ან შემცირების პირობით. შემცირების პირობები შესაძლებელია განისაზღვროს ეტაპობრივად, საბოლოო აღმოფხვრის მიზნით. შეუსაბამობის აღმოფხვრის შემთხვევაში კი, შეუსაბამო სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს ეხსნება შეუსაბამო სტატუსი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საპროექტო ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავებისას გამოვლინდა მნიშვნელოვანი ტერიტორიის ისტორიული მეხსიერება და ის ობიექტები, რომლებიც მეტ-ნაკლებად ინარჩუნებენ მიკროკვარტლის ავთენტურობას. გასათვალისწინებელია შემდეგი სახის რეკომენდაციები:

[checklist]

  • აღნიშნული ტერიტორიის განვითარება უნდა დაიგეგმოს სწორედ ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტის უნიკალურობის გათვალისწინებით. ახალმშენებლობისას ორიენტირი უნდა იქნეს აღებული მოცულობის ჰარმონიზება არსებულ  გარემოსთან
  • შესაძლებელია ახალი შენობის\შენობების განთავსება ძეგლის მიმდებარედ, თუმცა გასააზრებელია სწორედ შენობის მხატვრულ-სივრცობრივი კავშირი. ძეგლის  ინდივიდუალური დამცავი ზონების (კანონი კულტურული-მემკვიდრეობის შესახებ) შესაბამისად ახალი მოცულობა\მოცულობები უნდა ითვალისწინებდეს ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს და კორექტულად  ჩაეწეროს მასში
  • მოხდეს არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სრულყოფილი კვლევა და განხორციელდეს სარესტავრაციო სამუშაო
  • ასევე საპროექტო უბანზე გხვდება მე-19-20 საუკუნის (მოდერნის, ნეოკლასიკური) სტილის სააგარაკო სახლები, რომლებსაც არ გააჩნია ძეგლის სტატუსი. აუცილებელია მათი სრულყოფილი კვლევა და სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება (გაეწიოს რეკომენდაცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე)“.

[/checklist]

რეგულირების გეგმით გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის ქალაქთმშენებლობითი შეზღუდვა და განსაზღვრულია მათი არეალები. კერძოდ: არსებული და სამომავლო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ფიზიკური და ვიზუალური დაცვის ზონები; პეტრას ციხის, ნაკრძალისა და ანტიკური და ადრებიზანტიური სამარხოვნის დაცვის არეალები; არქეოლოგიური ზონა; სანიტარიული დაცვის ზონები; მდინარეთა გასხვისების ზოლები.

დაბა ჩაქვი-კურორტ ციხისძირის სანაპირო ზოლის ტერიტორია, რომლისთვისაც განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა

 

ხულოს სოფელ ფაჩხაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხულოს სოფელ ფაჩხაში, ბახმაროს უბანში, სურმანიძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ამ სახლის ახლოს მდებარე ორი სახლის გადარჩენა მოხერხდა.

საცხოვრებელი ხის იყო, გარდა ამისა, ბახმაროს უბანი სოფელ ფაჩხის დასახლებული პუნქტიდან მოშორებით მდებარეობს, ამიტომ ხანძრის დროული ლიკვიდაცია ვერ მოხერხდა.

ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

შავი ზღვის მონიტორინგის ყველაზე მასშტაბური პროექტი EMBLAS+ ბრუნდება

შავი ზღვის მონიტორინგის პროექტი ემბლას+ დაიწყო. ემბლას პროექტი პირველად 2016 წელს ჩატარდა, როცა ბათუმში უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების 40-მდე მეცნიერით დაკომპლექტებული ჯგუფი,  რუმინეთის კვლევითი გემით Mare Nigrum-ით შემოვიდა. მეცნიერებმა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს მონიტორინგი ჩაატარეს, რომელიც ბიოლოგიურ, ფიზიკურ-ქიმიურ და მყარი მცურავი ნარჩენების კვლევებს მოიცავდა. ასეთი კვლევა შავ ზღვაზე 1991 წლის შემდეგ არ ჩატარებულა.

ევროპის ყველაზე დიდი სამეცნიერო-კვლევითი გემი ,,მარე ნიგრუმი” ბათუმში 2019 წლის აგვისტოში შემოვა.

ჯერ კიდევ წინა მონიტორინგის ფარგლებში მიმდინარე კვლევების პარალელურად (რომელთა მიზანია შავი ზღვის გარემოს მონაცემების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესება, ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის (MSFD) შესაბამისად). ეს პროექტი ითვალისწინებს მცირე ზომის ქმედებებს შავი ზღვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც ძირითადად საზღვაო ნარჩენებს ეხება.

წინა კვლევის ერთ-ერთი მიზანი შავი ზღვის დანაგვიანების შეფასება იყო. შედეგების მიხედვით აღმოჩნდა, რომ შავი ზღვა, კვლევის ფარგლებში შემოწმებული ლოკაციების მიხედვით – ყველაზე მეტად დაბინძურებული საქართველოშია.

მარინოლიტერი – ასე უწოდებენ ზღვაში სხვადასხვა წარმოშობის ნაგავს. ეს შეიძლება იყოს: პოლიომერიული მასალა, პენოპლასტი, ქაღალდი, ტოტები, ფიჩხები და სხვა ნივთები, რაც მდინარეების ან სხვა გზებით ხვდება ზღვაში და მის ზედაპირზე დაცურავს. როგორც კვლევის ერთ-ერთმა მონაწილემ, გარემოს ეროვნული სააგენტოს თევზაობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, არჩილ გუჩმანიძემ 2016 წელს “ბათუმელებთან” საუბარში აღნიშნა, შავი ზღვის დანაგვიანების მაჩვენებელი იმაზე გაცილებით უფრო ცუდია, ვიდრე მეცნიერები ელოდნენ – „სამწუხაროა, მაგრამ მთლიანად შავ ზღვაში, სადაც ჩვენ ვაწარმოეთ დაკვირვება, ყველაზე დიდი რაოდენობის მარინოლიტერი საქართველოს წყლებში აღინიშნა. ასევე საგულისხმოა ის, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით ნაგავი კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვაო სექტორის მიმდებარე წყლებშია“.

შავი ზღვის ერთობლივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა უნიკალური დაკვირვებები, რომლებიც არასდროს შესრულებულა შავი ზღვის კვლევის ისტორიაში. ყველაზე მასშტაბური კვლევის ანგარიშიდან შავი ზღვის შესახებ საინტერესო ფაქტებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე: შავი ზღვის დიაგნოზი – ახალი ფაქტები ყველაზე მასშტაბური კვლევის ანგარიშიდან.

მოსალოდნელზე მეტად დაბინძურებული შავი ზღვა

 

 

რატომ დუმს სამინისტრო საპატრიარქოსა და რუსულ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმის გაფორმებაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საქართველოს საპატრიარქოს ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტსა და რუსეთის ფედერაციის – დონის როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმის გაფორმებაზე კომენტარს არ აკეთებენ. საპატრიარქოს უნივერსიტეტს ხიჭაურში [შუახევის მუნიციპალიტეტი], საპატრიარქოს გავლით, მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს – წელიწადში სამ მილიონზე მეტ ლარს იღებს ბიუჯეტიდან.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რადგან უნივერსიტეტს სახელმწიფო დაფინანსება აქვს, უნდა იყოს თუ არა მისი საგანმანათლებლო პოლიტიკა  ქვეყნის პოლიტიკასთან თანხვედრაში? მით უმეტეს იმ ფონზე, როცა საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილია და რუსეთი აღიარებულია ოკუპანტ ქვეყნად როგორც საქართველოს მიერ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

საქართველოს განათლების სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, უნივერსიტეტი ავტონომიურია და თვითონ იღებს გადაწყვეტილებას.

რუსულ უნივერსიტეტთან მემორანდუმის გაფორმების დღეს ხიჭაურის რექტორმა, სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა განაცხადა, რომ ეს ურთიერთობები ხელს შეუწყობს რუსეთ-საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის დაწყებას.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ რუსეთის – დონის როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ბესარიონ მესხს 2000 და 2006 წლებში მიღებული აქვს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ჯილდო, მედალი – „სამშობლოს ღირსების ორდენი“, 2013 წელს კი მან მადლობა უშუალოდ პრეზიდენტ პუტინისგან მიიღო.

ბესარიონ მესხი ასევე დაახლოებულია საეკლესიო წრეებთან. სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ჯილდოები.

ქმნის თუ არა ამ ტიპის ურთიერთობები პოლიტიკურ უხერხულობას და როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს პასუხი მსგავს შემთხვევებზე?

განათლების სპეციალისტის, სიმონ ჯანაშიას აზრით, რუსულ უნივერსიტეტებთან საგანმანათლებლო ურთიერთობები არ იქნებოდა პრობლემა იმ შემთხვევაში, ამ უნივერსიტეტებს რომ ჰქონდეთ დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და არ იყვნენ რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკის პირდაპირი გამტარებლები.

„ზოგადად, პრობლემა არ იქნებოდა იმ შემთხვევაში, რუსეთის უნივერსიტეტები რომ იყვნენ ავტონომიურები. მაგრამ რუსული უნივერსიტეტები არის მთავრობის დანამატი და ხშირ შემთხვევაში, მთავრობის დაკვეთით ატარებენ კონფერენციებს პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე.

ამას თუ გავითვალისწინებთ, მაშინ პრობლემა მარტო ის კი არ არის, რომ რუსეთის უნივერსიტეტია, არამედ მთავრობის ნაწილთან აქვს ურთიერთობა და რუსული მთავრობის პოლიტიკის გამტარებლები ხდებიან საქართველოში“.

სიმონ ჯანაშიას თქმით, რუსული უნივერსიტეტები გაცვლით პროგრამებსაც პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე აფინანსებენ, მათ შორის დასავლეთშიც.

„ბრიტანეთში როცა სკრიპალები (სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლა) მოწამლეს, მაშინ რუსეთმა გამოუცხადა თავის სტიპენდიატებს, რომ დაბრუნდით რუსეთში, ხომ ხართ პატრიოტებიო. ანუ ასე მარტივად არ უყურებენ რუსები გაცვლით პროგრამებს – საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე აფინანსებენ და აქედან გამომდინარეა ეს პრობლემა“.

როგორც ჯანაშია ამბობს, ამის მიუხედავად, საქართველოს საპატრიარქოს, ზოგადად, ამ მიმართულებით აქვს პრობლემა და უფრო მეტად ურთიერთობს რუსეთის საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან, ვიდრე დასავლეთთან:

„დათბობა“ შეიძლება, თუ დავთმობთ იმას, რაც გვეკუთვნის და იმაშიც თუ დავეხმარებით სტუდენტებს, რომ ამ იდეოლოგიაზე მოიქცნენ, მაშინ არა მგონია, რაიმე სასიკეთო ამბავი გამოვიდეს“.

სიმონ ჯანაშიას თქმით, განათლების სამინისტრო მსგავს ურთიერთობებს უნივერსიტეტებს ვერ დაუშლის, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ სახელმწიფო დაფინანსებას იღებს, შეუძლია რეკომენდაციის მიცემა.

„შეუძლია კონსულტაციები გამართოს უნივერსიტეტთან და აუხსნას რა არის ქვეყნის პრიორიტეტები. თან, თუ ამ უნივერსიტეტს უნდა, რომ თავისი სტუდენტებისთვის უცხოეთში წასვლის შესაძლებლობები შექმნას, სხვა პროგრამებიც არსებობს, თუნდაც „ერასმუს+“, რაშიც ის არ მონაწილეობს. ამიტომ ეს აჩენს ეჭვს, რომ ამ უნივერსიტეტის და რუსეთის მთავრობის ინტერესები შეიძლება ემთხვეოდეს. და ეს პრობლემაა“.

სიმონ ჯანაშიას თქმით, განათლების სამინისტროს, საპატრიარქოსთან დადებული შეთანხმების გამო არ შეუძლია ტბელ აბუსერიძის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაფინანსება შეუწყვიტოს:

„იურიდიულად ეს შეუძლებელია, რადგან არსებობს საკონსტიტუციო შეთანხმება და საპატრიარქო წყვეტს მისცეს უნივერსიტეტს თუ არ მისცეს. სახელმწიფოს ანგარიშსაც კი არ აჩვენებენ რაში ხარჯავენ ფულს, მაგრამ ურთიერთობა საპატრიარქოს და სამინისტროს აქვთ და არის ბევრი ეპისკოპოსი, რომელიც უარყოფითად არის განწყობილი რუსული პოლიტიკის მიმართ. ცხადია, რეკომენდაციის გაწევა შეუძლია, მაგრამ პრობლემაა ის, რომ სინამდვილეში უნივერსიტეტი უნივერსიტეტთან კი არ თანამშრომლობს, არამედ დაიწყო თანამშრომლობა რუსეთის მთავრობასთან“.

რუსეთის დონის როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ხიჭაურის, ტბელ აბუსერიძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი პირველ მარტს გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს როგორც სტუდენტების, ასევე ლექტორ-მასწავლებლების გაცვლასაც.

მთავარი ფოტო სხალთის ეპარქიის ფეისბუქგვერდიდან. მემორანდუმის ხელმომწერი მხარეები ხიჭაურის უნივერსიტეტში მემორანდუმის გაფორმების დღეს.

ამავე თემაზე: 

ხიჭაურის უნივერსიტეტმა რუსულ უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

როდის გავსხლათ ვაზი – მევენახის რჩევა

როდის და რა მეთოდით უნდა გავსხლათ ვაზი, რა მნიშვნელობა აქვს გასხვლას ვაზისთვის და როგორ აისახება გაუსხვლელობა ნაყოფზე, ამის შესახებ გვესაუბრა ლევან ბოლქვაძე, აგრონომი, მევენახე, დირექტორის მოადგილე აგროსერვისცენტრში.

ვაზის გასხვლის საუკეთესო დრო არის მისი მოსვენების პერიოდი, ანუ ჯერ კიდევ მასში წვენთა მოძრაობის დაწყებამდე. ეს პერიოდი არის ზუსტად ახლა, თუმცა ბევრგან ვაზს წვენთა მოძრაობა უკვე დაწყებული აქვს, რადგან გასული თვეები იყო თბილი და ვაზი უკვე წყალს აქცევს, ანუ „ტირის“. გასხვლა შესაძლებელია დაიწყოს დეკემბრის ბოლოდან და გაგრძელდეს მარტის შუა რიცხვებამდე. თუმცა მარტის ბოლოს, თუკი ფერმერს გაუსხვლელი დარჩება ვაზი, რომელშიც წვენთა მოძრაობა უკვე კარგადაა დაწყებული, გაუსხვლელობას მაინც სჯობს დაგვიანებით გასხვლა.

ვაზს გასხვლა სჭირდება დარგვის პირველივე წელს. დარგვისთანავე მას უნდა გავუკეთოთ საყრდენი ჭიგო მანამ, სანამ მუდმივ შპალერის საყრდენს დავუმაგრებთ. პირველ წელს უნდა გავზარდოთ მისი ერთი ყლორტი. შესაძლოა რამდენიმე კვირტი განვითარდეს, მაგრამ ყველაზე ჯანმრთელი უნდა შევარჩიოთ და ის უნდა მივაკრათ საყრდენ ჭიგოზე, რომელსაც მთელი ვეგეტაციის პერიოდში სისტემატურად უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ სიმაღლეში კარგად გაიზარდოს. რამდენჯერაც სიმაღლეში მოიმატებს, იმდენჯერ უნდა მივაკრათ საყრდენს. დანარჩენი ყლორტები უნდა მოვაცილოთ და შევწამლოთ.

დარგვის პირველ წელს ვაზი იზრდება დაახლოებით ორმეტრომდე, რომელიც შემოდგომით მომწიფდება და მიიღებს ყავისფერ შეფერილობას. შემდეგ კი დეკემბრის ბოლოდან მარტის შუა რიცხვებამდე შესაძლებელია მისი გასხვლა. გასხვლა უნდა ვაწარმოოთ შემდეგი მეთოდით: თუ ლერწი ბაზალურ ნაწილში, საძირეზე გამომავალია, ანუ მიწამდე არის 6-7 მილიმეტრზე ნაკლები, მაშინ ის უნდა გაისხლას ნამყენიდან ორ კვირტზე, ანუ ნამყენიდან დარჩება ორი კვირტი და ამის ზემოთ უნდა გავსხლათ. თუ ლერწი 8 მილიმეტრზე მეტია, უკვე შესაძლებელია შტამპის ფორმირება, ანუ ერთი მეტრის სიმაღლეზე გადავჭრათ და დანარჩენი მოვაცილოთ, მივაკრათ ისევ საყრდენზე ან შპალერზე, შემდგომ კი უკვე მწვანე ოპერაციებია ჩასატარებელი. მიწიდან ანუ ნამყენიდან ყველაზე ზევით რომელი კვირტიცაა, იქ დავტოვებთ ორ ყლორტს, დანარჩენს კი მოვაცლით. ეს არის პირველი წლის გასხვლის პროცედურა.

ხნოვანი ვაზების – ტალავერების შემთხვევაში ატარებენ მოკლე სხვლას ანუ ე.წ. ყლორტიდან ყლორტამდე უნდა დავტოვოთ 4-5 კვირტიანი ყლორტი, დანარჩენი რამდენზეც არ უნდა იყოს გაზრდილი, უნდა მოვაცილოთ. პირველი სასხლავი რგოლიდან მეორე სასხლავ რგოლამდე მინიმუმ 30 სანტიმეტრი უნდა იყოს.

ხოლო რაც შეეხება შპალერზე ფორმირებულს, ე.წ. ვაზის ზვრებს, აუცილებლად უნდა დავტოვოთ ერთი ორკვირტიანი სამამულე ყლორტი, რომელიც მომავალში უნდა დავტვირთოთ ნაყოფისთვის და, ასევე, უნდა დავტოვოთ 8-10 სანაყოფე კვირტი, რომელიც უნდა გადაკავდეს – გადაიხაროს ნელი მოხვრით ისე, რომ შპალერს ჰორიზონტალურად აეკვრას. მცენარეთა შორის მანძილი ამ დროს მწკრივში არის  მეტრ-ნახევარი – ორი მეტრი, ვაზის სიძლიერის მიხედვით.

გარდა გაზაფხულზე ვაზის გასხვლისა, მას მთელი ზაფხულის პერიოდში, როცა ყლორტი გაიზრდება, სჭირდება მწვანე ოპერაციები. ეს გულისხმობს განასხლავ ადგილებში ამოყრილი ყლორტებისგან გათავისუფლებას, მას ნამხვრევებს ეძახიან, რაც ე.წ. ფოთლის იღლიაში ვითარდება და აუცილებლად უნდა მოვაცილოთ. გარდა ამისა, ვაზი ყლორტს ამოიყრის განაკაწრის ადგილზე ან სხვაგან, ამისგანაც უნდა გათავისუფლდეს ვაზი. მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში მინიმუმ ორჯერ  ტარდება ეს ოპერაცია, ხოლო სამ-ოთხჯერ სჭირდება ფოთლის იღლიაში დამატებითი ამონაყარი ყლორტის მოცილება. პირველი ასეთი ოპერაცია ტარდება ივლისის თვეში, მტევანი რომ კარგად განათდეს და მომწიფდეს.

დაუშვებელია ვაზის გაუსხლავი დატოვება, ასე ვაზი თანდათან დაკნინდება და ნაკლებმსხმოიარე გახდება. თუ საერთოდ არ გავსხლავთ ვაზს და მივუშვებთ, მაგალითად, ხეზე, ის პირველ წელიწადს კარგად მოისხამს, მეორე წელს კი, მთელ მხარს გაიხმობს თავისით, ასეა, მაგალითად იზაბელები, რომლებიც არ არის კულტურული ჯიში, გაშვებულია ხეზე და ხშირად შეიმჩნევა, რომ ის თავისით იხმობს ერთ მხარეს, ანუ მას სჭირდება ზედმეტების მოცილება.

თავდაპირველად გამოუცდელმა ფერმერმა აუცილებლად უნდა მიიღოს რჩევები გამოცდილი ფერმერისგან ან სპეციალისტისგან, რადგან არასწორად გასხვლა მოქმედებს არა მარტო იმ წლის, არამედ მომავალი წლის მოსავალზეც.

Wolt უკვე ბათუმშია

საერთაშორისო ტექნოლოგიურმა კომპანია Wolt-მა ბათუმში ოპერირება დაიწყო. Wolt ახლა უკვე ბათუმელებს და მის სტუმრებს შესთავაზებს საკვების მიტანის სწრაფ და კომფორტულ სერვისს ისეთი რესტორნებიდან, როგორიცაა მაკდონალდსი, საბვეი, პრივეტ იზ ბატუმა, უოლი, პორტო ფრანკო და სხვები, და ამ რესტორნების სია მუდმივად განახლებადი და მზარდი იქნება.

მთელი ამ თვის მანძილზე Wolt-ის მიტანის სერვისი ბათუმში უფასო იქნება. ასევე ყველა მომხმარებელს ეძლევა შანსი გაუზიაროს ვოლტის გამოცდილება და პრომო კოდი მეგობარს და ორივემ 5 ლარი მიიღონ საჩუქრად.

Wolt ბათუმელებს მრავალ სიახლეს, საინტერესო აქციებს და გემრიელ სერვისს ჰპირდება.

Wolt-ის შესახებ

Wolt საკვების მიტანის ფინური კომპანიაა, რომელიც 2014 წელს ჰელსინკში დაარსდა. დღეს Wolt-ის სერვისით სარგებლობა მსოფლიოს 14 ქვეყანასა და 45-მდე ქალაქშია შესაძლებელი. მათ შორისაა: კოპენჰაგენი, ტალინი, პრაღა, თელ-ავივი, ბუდაპეშტი, თბილისი და ახლა უკვე ბათუმიც.

Wolt-ის მთავარი უპირატესობა საკვების მიტანის სერვისისადმი გამორჩეულ მიდგომაშია – Wolt ცდილობს ყველა ქალაქში საუკეთესო რესტორნები აღმოაჩინოს და მომხმარებელს მის მახლობლად მდებარე რაც შეიძლება მეტი რესტორნიდან შესთავაზოს კერძების მიტანის სწრაფი სერვისი. მოხერხებული აპლიკაცია და გამართული ონლაინ მხარდაჭერა კი, ამ პროცესს მარტივს და სასიამოვნოს ხდის.

საქართველოში Wolt 2018 წლის მაისში შემოვიდა. დღეს Wolt-ის აპლიკაციით კერძების გამოძახება თბილისის 200-მდე რესტორნიდან არის შესაძლებელი და მისი სერვისით ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.

დაგროვებითი პენსიის გაუქმებაზე დავა საკონსტიტუციოში – პირველი სხდომა

„დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის ვალდებულება არღვევს დასაქმებულის ნების ავტონომიას და დამსაქმებელს აიძულებს საპასუხო სარგებლის მიღების გარეშე საპენსიო ფონდში ფინანსური შენატანის გაკეთებას,“ – მიიჩნევენ მოსარჩელეები და დაგროვებითი პენსიის ახალ რეგულაციებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ. დღეს, 7 მარტს, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს, განიხილება თუ არა სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ არსებითად. დავის საგანი კანონის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ რამდენიმე მუხლია. 

დაგროვებით საპენსიო სქემას რამდენიმე მოსარჩელე ჰყავს: მოქალაქეები ედუარდ მარიკაშვილი და დავით თორაძე, ასევე ორგანიზაციები – „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „თორაძე და პარტნიორები“.

მოსარჩელეების კიდევ ერთი არგუმენტი არის ის, რომ დაგროვებითი პენსიისთვის შენატანის გაკეთების ვალდებულება ახალი გადასახადის დაწესებას უტოლდება, რაც კონსტიტუციის მიხედვით, რეფერენდუმის ჩატარების გარეშე დაუშვებელია. ისინი სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებასაც ითხოვენ, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე არ მიიღებს. „სადავო ნორმების მოქმედება გამოუსწორებელ ზიანს გვაყენებს,“ – დასძენენ ისინი.

“ეს თანხა სრულად ვეღარ დაუბრუნდება დამსაქმებელს, ან დასაქმებულს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, ამ ფულს ჭამს ინფლაცია,” – მიმართა მოსამართლეებს მოსარჩელე ედუარდ მარიკაშვილმა.

“კარგად გაგვარკვიეთ, რას ნიშნავს ინფლაცია ჭამს?” – იკითხა მოსამართლე თემურ ტუღუშმა.

ედუარდ მარიკაშვილმა მოსამართლეს განუმარტა, რომ უკვე გადახდილი თანხის დაბრუნების მექანიზმი არ არსებობს და რომც შეიქმნას, ეროვნული ვალუტა ინფლაციას განიცდის და ფულს მოქალაქე იმავე ღირებულებით ვეღარ დაიბრუნებს, რა ფასიც ახლა აქვს.

ედუარდ მარიკაშვილმა თავის გამოსვლაში “ბექა წიქარიშვილის საქმეზეც” ისაუბრა იმ კუთხით, რომ პარლამენტს არ აქვს შეუზღუდავი უფლება, დააწესოს შეზღუდვები “კეთილშობილური მიზნების მისაღწევად”.

მოსარჩელეები ხაზს უსვამენ დისკრიმინაციაზეც.

“მაგალითად, ვინც ახლა დასაქმებული არაა და სიღარიბეში ცხოვრობს, მისი სიბერე კიდევ უფრო რთული იქნება… ეს უსამართლო მოპყრობაა,” – აღნიშნა ედუარდ მარიკაშვილმა.

“თუკი ეს შენატანია და არაა გადასახადი, რატომ არის მისი გადახდა სავალდებულო?” – იკითხა კიდევ ერთმა მოსარჩელემ, ადვოკატმა დავით თორაძემ. ის კომპანია “თორაძე და პარტნიორებს” წარმოადგენს და დამსაქმებლის მხრიდან დანახულ პრობლემაზე ისაუბრა.

“როცა ვიხდი შენატანს, იქედან რაღაც სარგებელს უნდა ვიღებდე… მაგალითად, ჩვენ ვუხდით ჯანმრთელობის დაზღვევას თანამშრომლებს იმიტომ, რომ კარგ დამსაქმებლად გამოვჩნდეთ. ამ შემთხვევაში, რა არის ჩემი სარგებელი? თანაც, ის ნებაყოფლობითი არ არის,” – თქვა დავით თორაძემ.

მოსამართლე მანანა კობახიძე დაინტერესდა, როგორი იქნება დამსაქმებლის პოზიცია, თუკი დასაქმებული ვალდებული აღარ იქნება საპენსიო შენატანი გააკეთოს ბიუჯეტში, ხოლო კომპანიას თანამონაწილეობის ვალდებულებას დაუტოვებენ.

“ეს უკვე ჩემი ნებაა, ჩემი ავტონომიაა…”- უპასუხა მოსამართლეს დავით თორაძემ.

“აღარ აიყვანთ სამსახურში?” – ჩაეკითხა დამსაქმებელს მოსამართლე მანანა კობახიძე.

“თუკი ის თანახმა იქნება გააკეთოს საპენსიო შენატანი, ეს უკვე ჩვენი სახელშეკრულებო ურთიერთობის ნაწილი იქნება,” – დააზუსტა დავით თორაძემ.

მოსარჩელეების არგუმენტებს პარლამენტი არ იზიარებს. იურისტმა ქრისტინე კუპრავამ პარლამენტის პოზიცია გააცნო მოსამართლეებს, რაც, ძირითადად, აქცენტირებულია იმაზე, რომ საპენსიო შენატანი ისევ მოქალაქეებს უბრუნდებათ, ხოლო “დისკრიმინაციის დამადასტურებული კონკრეტული საფუძვლები წარმოდგენილი არ არის”.

პარლამენტის წარმომადგენელმა ასევე ხაზი გაუსვა რამდენიმე სხვა ქვეყნის პრაქტიკას, სადაც საპენსიო შენატანი ასევე სავალდებულოა.

“იმ ქვეყნებში ეს საკუთრების უფლების ხელყოფად არ აღიქმება,” – აღნიშნა ქრისტინე კუპრავამ.

სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება. დღესვე მოსამართლეები საპენსიო სააგენტოს უფროსის, ლევან სურგულაძის პოზიციას მოისმენს. ის მოწმის სახით დაიკითხება.

 

ლიბიიდან ჩამოსვენებულ ქართველ მეზღვაურს დღეს გორში დაკრძალავენ

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 7 მარტს, გორში დაკრძალავენ ქართველ მეზღვაურს, დავით რაზმაძეს, რომლის ცხედარიც ლიბიიდან გუშინწინ ჩამოასვენეს.

ქართველი მეზღვაური მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემ MV Dogan Bey-ზე მუშაობდა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გემი ლიბიის ნავსადგურ Misurata-ში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან გაუჩინარდა ღამით, მორიგეობის დროს. ფაქტი მოხდა 7 იანვარს, მაგრამ დავით რაზმაძის ახლობლებს მეზღვაურის დაკარგვის შესახებ მხოლოდ 16 იანვარს შეატყობინეს. სამძებრო სამუშაოების შედეგად მეზღვაურის ცხედარი 21 იანვარს იპოვეს და მისი გადმოსვენება საქართველოში მხოლოდ ახლა მოხერხდა.

დავით რაზმაძეს საქართველოში ჰყავს ბებია, რომელიც გორში ცხოვრობს. სხვადასხვა მედიის ცნობით, მეზღვაურის დედა უცხოეთში მუშაობს. თავად კი ბათუმში, ბიძასთან გაიზარდა.

დავით რაზმაძის მამა, ზაზა რაზმაძე, 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს, დაბომბვის შემდეგ გადაღებული ცნობილი ფოტოს გმირი იყო. ფოტოზე ის გარდაცვლილ ძმას დასტიროდა. თავად ზაზა რაზმაძე 2014 წელს კარალეთში, დევნილთა დასახლებაში დაიღუპა უბედური შემთხვევის შედეგად.

 

პრემიერ-მინისტრი: პედაგოგი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია იქნება

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი ინიციატივა „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ წარადგინა. პრემიერის განცხადებით, განათლების ბიუჯეტი ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედი იქნება, რაც გამოიწვევს კერძო სექტორის მხრიდან ინვესტიციების წახალისებას.

„ეს ნიშნავს, რომ განათლების სექტორი გახდება ჩვენს ეკონომიკაში დომინანტი,“-ამბობს პრემიერი.

მამუკა ბახტაძის თქმით, ამ რეფორმით საქართველო კონკურენციას გაუწევს მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო ცენტრებს:

„ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან იქნება ყველაზე ხარისხიანი უმაღლესი სასწავლებლები, საქართველოს უნივერსიტეტები მოხვდებიან საერთაშორისო ტოპ-რეიტინგებში და აღარ იქნება საჭირო, რომ ჩვენი შვილები და მომავალი თაობა საზღვარგარეთ გავგზავნოთ ბაკალავრის თუ  მაგისტრის დიპლომის მისაღებად“.

ბახტაძის თქმით, ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი განათლება იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და არა პრივილეგია.

„ეს ნიშნავს, რომ სკოლამდელი და ზოგადი განათლება უსწრაფესი ტემპებით გავა მსოფლიო დონეზე, ხოლო პედაგოგი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია საქართველოში.

ეს იმას ნიშნავს, რომ გაიხსნება ისეთი პროფესიული სასწავლებლები, სადაც ახალგაზრდები დაეუფლებიან ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და ხელობებს. მიიღებენ ევროპულ სერტიფიკატს და დასაქმდებიან მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან ქვეყანაში“.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, რეფორმა ხელს შეუწყობს მეცნიერების განვითარებას და საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიები, საცდელი მეურნეობები, კვლევითი ცენტრები, ინსტიტუტები, „შესაბამისად, ეს ნიშნავს ახალ აღმოჩენებს“.

პრემიერის განცხადებით, ხსნა არის განათლებულ საქართველოში.

მამუკა ბახტაძემ პრეზენტაციისას განაცხადა, რომ საქართველო გახდება მკაფიო ლიდერი რეგიონში, „თანდათანობით მივიღებთ დიდ გარდატეხას ეკონომიკასა და ბიზნესში“.

პრემიერის აზრით, ძალიან მალე „ჩვენ (საქართველოს) ხელახლა აღმოგვაჩენენ, როგორც ყველაზე განათლებული და თავისუფალი ადამიანების ქვეყანას“.

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის საგაკვეთილო პროცესში ამერიკელი პედაგოგები ჩაერთვებიან

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ამერიკელ სტუმრებს – სოფი ჰედვიგ კუდრჟიცკს და მაქსინ ლორნა პონდს უმასპინძლეს. ამერიკელი პედაგოგები აქტიურად ჩაერთვებიან საგაკვეთილო პროცესში, რის შემდგომაც პედაგოგებთან ერთად დაგეგმავენ მოსწავლეზე მორგებულ გაკვეთილებსა და დამატებით ღონისძიებებს, რათა მოსწავლე უფრო მეტად ჩაერთოს სწავლის პროცესში და გახდეს უფრო მოტივირებული.

პროფესიული ზრდისა და საგაკვეთილო პროცესის უკეთ წარმართვის მიზნით, მასწავლებლებს ინტენსიურ რეჟიმში ჩაუტარდებათ ტრენინგები.

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებს კი ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა იცხოვრონ ამერიკულ გარემოში და შეძლონ თავისუფალი კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე.

შეხვედრა ამერიკელ სტუმრებთან

 

ხვალიდან ბათუმში გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალ, 8 მარტს, ბათუმში გამოიდარებს.  სინოპტიკოსების ცნობით, დღეს ღამის საათებში იწვიმებს, ხვალ კი ღრუბლიანი, თუმცა უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან – 17-22 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5-10 გრადუსი ყინვა 
  • ღამით: 3-8 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 9-10 მარტს, აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

აბუსერიძის ქუჩის მარჯვენა ზოლში მოძრაობა 3 თვით გადაიკეტება

ბათუმის მერიის ცნობით, 12 მარტიდან ბათუმში სატრანსპორტო მოძრაობა გადაიკეტება ტბელ აბუსერიძის ქუჩის მარჯვენა ზოლში.

„ლორიასა და გრიბოედოვის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში ხორციელდება წყალარინების A კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც 1200 მმ-იანი თვითდენითი კოლექტორის მოწყობა 8 მეტრის სიღრმეზე მიმდინარეობს.

სამუშაოები ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება და 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

სამუშაოების დასრულებამდე სატრანსპორტო მოძრაობა აბუსერიძის ქუჩის მეორე ზოლში ორმხრივად იქნება შესაძლებელი,“ – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

ავტომანქანა სახლს დაეჯახა – დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს

სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. თვითმხილველის თქმით, ავარიის შემდეგ ერთ-ერთი ავტომანქანა ბორდიურზე გადავიდა და საცხოვრებელი სახლის კედელს შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებული 49 წლის კაცი გულ-მკერდის დაჟეჟილობით ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ფოტო: შორენა ამაღლობელი

მინისტრის მოადგილე: არჩევნებთან კავშირში არ არის სტრუქტურა, რომელსაც ახალგაზრდებისთვის ვქმნით

„კვალიფიკაციის ამაღლება და არაფორმალური განათლება არის ტოპინიციატივა, გართობასთან ერთად,“ – აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დავითაძე ასე ახალგაზრდების მოთხოვნებს აღწერს. ის უკვე ერთი თვეა ახალგაზრდებს აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ხვდება და საჭიროებების გამოკვეთას ცდილობს.

ალექსანდრე დავითაძე მინისტრის მოადგილედ პირველ თებერვალს ზუსტად ამ მიზნით დანიშნეს – ახალგაზრდული მიმართულების გაძლიერება. მაშინ მინისტრმა, ინგა შამილიშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ კონცეფცია მომზადდებოდა იმის შესახებ, თუ რას გააკეთებს სამინისტრო კონკრეტულად ახალგაზრდებისთვის. მინისტრის განცხადებამდე კი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სამინისტროს მისამართით თქვა: „უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო ახალგაზრდობის საქმეთა მიმართულებით“.

რა კონცეფცია მოამზადა განათლების სამინისტრომ ახალგაზრდებისთვის? – „ბათუმელების“ ამ შეკითხვის საპასუხოდ, ალექსანდრე დავითაძემ გვიპასუხა, რომ კონცეფციაზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა და პროექტების სამუშაო განხილვა, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყება. ალექსანდრე დავითაძე ადასტურებს, რომ ახალგაზრდული პროგრამებისთვის ცალკე სტრუქტურული ერთეული შეიქმნება – „სამინისტროს ქოლგის ქვეშ“.

„ჯერ ვერ გეტყვით კონკრეტულად, როდის შეიქმნება, ან რამდენი საშტატო ერთეული დასჭირდება ცალკე სტრუქტურას… უწყებაში შეიძლება დასაქმდეს ყველა, ვისაც ახალგაზრდული სულისკვეთება აქვს. კადრების შერჩევის ფორმაზე ჯერ ვერ გეტყვით, როგორ იქნება, მაგრამ, ჩემი აზრით, იქ მხოლოდ ახალგაზრდები არ უნდა იყვნენ წარმოდგენილი. ახალგაზრდებიც უნდა იყვნენ, რადგან ნათქვამია – „მუნჯის ენა ყველაზე კარგად დედამ იცისო“, – აღნიშნა ალექსანდრე დავითაძემ „ბათუმელებთან“.

დაანონსებული საბიუჯეტო ხარჯების შემცირების ფონზე ახალი საბიუჯეტო სტრუქტურის შექმნა ხომ არ უკავშირდება მმართველი პოლიტიკური ძალის გაძლიერების მცდელობას მომავალი არჩევნებისთვის? – მინისტრის მოადგილის მტკიცებით, ახალ სტრუქტურას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ ექნება.

„ეს პროგრამები იქნება იმ მოზარდებზეც, რომლებიც 18 წლამდე არიან… ისინი არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ,“ – დასძინა ალექსანდრე დავითაძემ.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ გაიზრდება ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსებაც, თუმცა რამდენით, ჯერჯერობით, უცნობია. ამ დროისთვის ამ მიმართულებით გათვალისწინებული ბიუჯეტი დაახლოებით 490 ათასი ლარია.

ალექსანდრე დავითაძემ არც კონკრეტული პროგრამები დაგვისახელა, რაზეც შესაძლოა ახალმა სტრუქტურამ იმუშაოს.

„ეს იქნება ძირითადად ახალგაზრდების ინტერნაციონალიზაციისკენ მიმართული პროგრამები… როგორც შეხვედრები აჩვენებს, მოთხოვნა არის გაცვლით პროგრამებზე, არაფორმალურ განათლებაზე, მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერებაზე, ასევე გართობაზე… ყველა ეს მიმართულება გაძლიერდება,“ – გვითხრა ალექსანდრე დავითაძემ.

რა იგულისხმება „გართობაში“ და რა სახის გართობას დააფინანსებს სამინისტრო ბიუჯეტის ფულით?

„გართობაში იგულისხმება მხოლოდ შემეცნებითი პროგრამები, მხოლოდ ეს,“ – დასძინა მინისტრის მოადგილემ ჩვენთან საუბრის დროს.

 

 

 

 

„შიშველი მონა ლიზა ნახევრად და ვინჩის დახატულია” – კვლევითი რესტავრაციის ცენტრი

ე.წ. „შიშველი მონა ლიზა“ – დიდ ტილოზე ნახშირით შესრულებული ესკიზია და  „მონა ვანას“ სახელითაა ოფიციალურად ცნობილი. ,,მონა ვანა“ მონა ლიზას გრაფიკულ ესკიზად მიიჩნევა. ესკიზი 2017 წელს აღმოაჩინეს საფრანგეთის მახლობლად და მაშინვე ჩააბარეს საფრანგეთის კვლევითი რესტავრაციის ცენტრს.

ამ ცენტრის (C2RMF) ახალმა ანალიზმა აჩვენა, რომ ესკიზი, ერთდროულადაა შესრულებული და ვინჩისა და მისი მოსწავლის მიერ.

„არსებობს ბევრი ნიშანი იმისა, რომ ამ ნახატზე დიდი ნაწილი ლეონარდოს შესრულებულია“ – ამბობს მატიე დელდიკი, კონდეს მუზეუმის კურატორი გამოცემა artsy – სთან ინტერვიუში. მისი თქმით ნახატის ერთ ნაწილზე ლეონარდოს მარცხენა ხელის ტექნიკის კვალია აშკარა, მეორე ნაწილი კი და ვინჩის მოსწავლის მიერაა შესრულებული მარჯვენა ხელით.

წყარო: artsy.net

მინისტრი რესპუბლიკურის აღჭურვა, მართვა, გადამზადებაზე: გადაუდებელი აუცილებლობა არ გვაქვს

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის აღჭურვისთვის ფინანსების გამოყოფის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. „დაანონსებულია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მიერ სახელმწიფო კლინიკების განვითარების კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც უნდა განვიხილოთ როგორც ახალი კლინიკის აღჭურვის თემა, ასევე მისი სამომავლო მართვის თემაც“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ზაალ მიქელაძემ.

მინისტრი ამბობს, რომ რაოდენობრივად ყველაფერი დათვლილია და იციან ზუსტი ჩამონათვალი, თუ რა სჭირდებათ, დაწყებული მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურიდან, დასრულებული ბოლო საწოლამდე: „ფინანსურად მისი დათვლა დიდ დროს არ მოითხოვს. უბრალოდ, ზუსტი ფასები რომ დაადგინო, ბაზარი უნდა შეისწავლო და ინტერესთა გამოხატვაზე განცხადება გააკეთო, რაც ერთიან კონცეფციაზე მუშაობის გამო არ კეთდება.“

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საჭიროებებისა და დაუზუსტებელი ფასების გათვალისწინებით, ახალი კლინიკის აღჭურვას დაახლოებით 35 მილიონი ლარი მაინც  დასჭირდება.

მინისტრის თქმით, „ხმაური გამოიწვია იმან, რომ ცენტრალიზებულად მოხდება რაღაცები ახლაც და შემდგომში, მართვის პერიოდშიც. ეს ვიღაცას აშინებს, მაგრამ რეალურად გაადვილებს მართვასაც ადგილზე, რადგან იქნება ადგილობრივი შპს, იქნება სახელმწიფო კლინიკა. გაყიდვა და გასხვისება, ვინც არ უნდა აანონსოს, არ იქნება, ყველაფერი გაკეთდება საერთო პროექტის [კონცეფციის] ფარგლებში. აქ იქნება ერთიანი მართვა შესყიდვებისა და ხარისხის ნაწილში და არა მთლიანად შპს-ს მართვა.“

ზაალ მიქელაძე ამბობს, რომ ადრე, როცა არ იყო საუბარი ერთიან კონცეფციაზე, მისი იდეა იყო, რომ ახალ კლინიკაში ხარისხის მიმართულებით მართვა კვალიფიციური, გამოცდილი პირისთვის გადაეცათ: „ამან გამოიწვია ხმაური – ვიღაცა შემოჰყავთო. თუმცა, ჩვენ, ეს იდეა არ გადაგვიდია. უბრალოდ, საქართველოს ჯანდაცვამ თქვა, რომ თავად იზრუნებს ამ კუთხით, რადგან ხარისხთან მიმართებაში არის ბევრი კითხვა და ეს დასამალი არ არის… ამიტომ, თუ გამოცდილ კადრს საქართველოს ჯანდაცვა დაიქირავებს, ამაში, პირადად, ცუდს ვერაფერს ვხედავ, ვინც როგორ არ უნდა აპროტესტოს ეს თემა. სრული მენეჯმენტის გაქირავებაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია გარკვეულ მიმართულებაში გამოცდილი კადრების ჩართვაზე“.

ბათუმში ახალი კლინიკის მშენებლობა, ერთი წლის დაგვიანებით, მაგრამ თითქმის დასრულებულია. ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ახალი შენობის აღჭურვაზე თანხა დღესაც არ არის გამოყოფილი? – „მესმის აბსოლუტურად, რომ თანხა არ ჩანს და ეს არის რეალობა. არ იყო თანხა სოფლის პროგრამისთვის, „ოცნების ქალაქისთვის“, მაგრამ როცა დადგა საჭიროება, გამოჩნდა თანხაც. ასე რომ, ამის რესურსი სახელმწიფოს აქვს და თანხაც გამოინახება, როგორც კი ერთიან კონცეფციაზე მუშაობა დასრულდება. გვესმის, რომ რესპუბლიკურის თანამშრომლებს ეჩქარებათ, თან მოარული ხმები, რომ ვიღაცა გიყიდის, ექიმი ვარ მესმის და თანავუგრძნობ, ვინაიდან ასეთი ხმები ადამიანს, ბუნებრივია, ააღელვებს… თუმცა, მინდა ვთქვა და ვუთხარი კიდეც კოლეგებს, რომ  მე დღეს რეგიონში არ მაქვს არც საწოლების პრობლემა, არც რეანიმაციის. პაციენტი, რომ რჩებოდეს ქუჩაში, მაშინ, რა თქმა უნდა, გადაუდებელი აუცილებლობით წამოვიწყებდით ამ თემას. ანუ, ეს არ არის გადაუდებელი აუცილებლობა. რა თქმა უნდა, მათთვის არის სასიცოცხლო  ვინც იქ მუშაობს [რესპუბლიკურ საავადმყოფოში], მაგრამ ეს არ არის ისეთი საკითხი, რომ ჩვენ ხვალვე გამოვაყოფინოთ თანხა სახელმწიფოს ამ მიმართულებით. სჯობს იყოს თანმიმდევრული, სწორი ნაბიჯები, რომ მივიდეთ საბოლოო შედეგამდე“, – აცხადებს ზაალ მიქელაძე.

კითხვაზე, თუ როდის დასრულდება კონცეფციაზე მუშაობა და დაახლოებით როდის გამოიყოფა თანხა შენობის აღჭურვისთვის, მინისტრი პასუხის გაცემისგან თავს იკავებს: „შეთანხმებულად განვაცხადებთ, როცა კონკრეტულად გამოჩნდება ეს თანხა, როგორც ცენტრალურში, ასევე ჩვენს ბიუჯეტში. რესპუბლიკურის თანამშრომლებს კი მოვუწოდებ, ნუ აყვებიან მოარულ ხმებს. მე ვიყავი იქ, თუ კითხვა გაუჩნდებათ კიდევ მივალ, ღია ვარ ურთიერთობაში“.

რაც შეეხება მედპერსონალის გადამზადებას, მინისტრის თქმით, ასეთი რამ არ იგეგმება: „ქვეყანა აძლევს სერტიფიკატს კონკრეტულ სპეციალისტს და ის უფლებამოსილია ამ სერტიფიკატის ფარგლებში აწარმოოს საქმიანობა. აქ ხარისხებად ვერ დავყოფთ, თუ ერთი და იგივე სერტიფიკატი გადაეცა, ვთქვათ, ორ კარდიოლოგს, ვერ გადავწყვეტ, რომ ერთს სჭირდება გადამზადება, მეორეს არა. ამას მე ბიუჯეტურადაც ვერანაირად ვერ გავამართლებ. მაგრამ, მაგალითად, თუ გვინდა ბავშვთა სამსახურსაც ჰქონდეს რეგიონში ალტერნატივა და თუ ეს დაიგეგმება რესპუბლიკურში, დაგვჭირდება ახალი მიმართულება. ასეთ დროს ვიშუამდგომლებთ საქართველოს ჯანდაცვასთან, რომ ცალკე გამოიყოს კვოტა და შესაძლებლობის ფარგლებში პროგრამულად ჩვენც დავეხმარებით. იმის მოლოდინი, რომ ქვეყნის გარეთ გავუშვათ გარკვეული პერიოდი, ამისთვისაც მზადა ვართ, ოღონდ, ეს უფრო დინამიური პროცესია. ასე წინასწარ აიღო და ვიღაცა სადღაც გაუშვა, სერტიფიცირებული ექიმი, დიდ გამართლებას ამაში ვერ ვხედავ“.

მინისტრის თქმით, მუშაობის პროცესში გამოჩნდება, რა მიმართულებაში იქნება ხარვეზი: „მაგალითად, ნეფროლოგია [და არა უროლოგია] ვთვლით, რომ ცოტა სუსტი რგოლია. რამდენიმე დღის წინ ბელორუს კოლეგებს შევხვდი, ისინი მზად არიან და ჩვენც მზად ვართ თუ გამოჩნდება კადრი, რომელიც გამოთქვამს სურვილს, რომ ერთი-ორი წლით წავიდეს გადასამზადებლად ამ კუთხით, ჩვენ შევუწყობთ მაქსიმალურად ხელს. თორემ ასე ერთიან კურსებზე ისედაც იყვნენ პოლონეთში, ისრაელში, ბალტიისპირეთში. თუმცა ეს არის დახმარება კვალიფიკაციის ამაღლებაში და ეს ვერ იქნება სრული გადამზადება. უხერხულ მდგომარეობაში ვერ ჩავაყენებთ სხვა ექიმებს. იმიტომ, რომ ერთი კოლეგა მუშაობს რესპუბლიკურში და მას დავუფინანსო სადღაც სწავლა [რაც საკმაოდ ძვირია] – რა დააშავა შემდეგმა ექიმმა?“

„რესპუბლიკურში შეიძლება ეშინიათ კონკურენციის, მესმის, რომ ადამიანურად რთულია, როცა კონკურენტი გამოგიჩნდება, მაგრამ ზოგად პროფილში ჩემი მთავარი აქცენტი, გარდა კოლეგების დაცვისა, არის მოქალაქეებისთვის ხარისხიანი და უსაფრთხო ჯანდაცვის მიწოდება. ამიტომ, როცა ახალ შენობაში გადავალთ, თუ წარმოიქმნება დეფიციტი რაიმე მიმართულებით, ჩვენ არავინ გვიკრძალავს გამოვაცხადოთ კონკურსი. გარწმუნებთ, ირგვლივ იმდენი კერძო კლინიკაა, სადაც სხვადასხვა კაბალური ხელშეკრულება აქვთ და ა.შ. თუმცა, ძალიან ბევრი პირად ურთიერთობებში და საუბრებში მზად არის, რომ წამოვიდეს აქ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იმათ, ვინც იქ მუშაობს რამენაირად ჩავაჩოჩებთ. მესმის, ისინი ამდენი წელი დარჩნენ და ელოდებიან ახალი კლინიკის გახსნას, თუმცა ჩვენ არ შევუშლით ხელს სხვებს, რომ სახელმწიფო კლინიკაში გააგრძელონ მოღვაწეობა. ამასთან, არ ვიქნებით მკაცრები და კაბალურები ისე, როგორც კერძო კლინიკები, ჩვენ დავუტოვებთ მათ თავისუფლებას, რომ სახელმწიფო კლინიკასთან ერთად, თუ სურვილი ექნებათ, გარკვეული საათებით გააგრძელონ მორიგეობა კერძო კლინიკებში – ესეც გარკვეული გამოცდილებაა, რომელსაც შემოიტანენ სახელმწიფო კლინიკაში“, – აცხადებს ზაალ მიქელაძე.

ამ თემაზე:

როგორ გამოიყურება ახალი რესპუბლიკური და როდის გაიხსნება 2,2 მილიონით გაძვირებული შენობა (ფოტო)

რაზე ისაუბრა ლადო აფხაზავამ ბათუმში გამართულ შეხვედრაზე

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს და გლობალური ჯილდოს ათეულის ნომინანტი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა მოსწავლეებს და სტუდენტებს შეხვდა. ის ბათუმში მოიწვია  გამომცემლობამ – „წიგნები ბათუმში“.

ლადო აფხაზავამ შეხვედრაზე კითხვებს უპასუხა და სწავლების საკუთარ მეთოდსა და კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საგანმანათლებლო სივრცეში გვჭირდება კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანები. ხშირია შემთხვევები, როცა ორგანიზაციაში ხელმძღვანელი რაღაცას იტყვის და ყველა ეთანხმება. წესით, უნდა იყოს დებატები.

მქონია ისეთი შემთხვევა, როცა მოსწავლე გაბრაზებული იყო ჩემზე და უხეში სიტყვები მაკადრა, მაგრამ კმაყოფილი დავრჩი, რადგან მე ლანგარზე დამიდო აღსაზრდელმა, თუ რა მქონდა გამოსასწორებელი. იმაზე მეტი ბედნიერება რა არის, როდესაც მოსწავლე კლასში ყველაფერს დაგილაგებს“.

ლადო აფხაზავას აზრით, მასწავლებელს არ უნდა გაუკვირდეს, თუკი მოსწავლე ცუდად მიმართავს: „როცა მასწავლებელი ხარ, უნდა იცოდე, რომ ის არის აღსაზრდელი და უნდა აღზარდო. თუ ყველა კრიტიკაზე, რაც ბავშვებიდან წამოვა, აგრესიას დაუმატებ, მაშინ არაფერი არ გამოვა“.

ლადო აფხაზავა შეხვედრაზე.
ფოტო: ლელა დუმბაძე

შეხვედრის მონაწილე ერთ-ერთი სტუდენტის აზრით, დღევანდელ ახალგაზრდებს აქვთ შიში კრიტიკის მიმართ, რადგან, მისი თქმით, კრიტიკულად განწყობილი ადამიანები უფრო იჩაგრებიან საზოგადოების მხრიდან.

ლადო აფხაზავამ განმარტა, რომ ის საუბრობდა კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობაზე და არა, უბრალოდ, გაკრიტიკებაზე.

მენტორ მასწავლებელს კითხვები დაუსვეს კოლეგებთან დაკავშირებითაც.

„მასწავლებლების დიდი ნაწილი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, მაგრამ ისეთებიც არსებობენ, ლამის სკამი რომ მესროლა იმის გამო, შენ რატომ გაიმარჯვე და მე არაო. იყო ასეთი საუბრებიც: „რად გინდოდათ კაცო ეს ლანჩხუთელი მასწავლებელი“, „ამაზე მეტი მცოდნე და განათლებული არ იყო საქართველოში?“.

ვიღაცებმა „გამოძიებები“ ჩაატარეს და გამოარკვიეს, რომ თურმე არ ვყოფილვარ პროფესიით მასწავლებელი. მე არ ვაპირებ მათთან კამათს, რადგან  სკოლაში ბავშვებს სიტყვის თავისუფლებას ვასწავლი.“

ლადო აფხაზავას თქმით, ყველას შეუძლია დაწეროს ონლაინსივრცეში საკუთარი აზრი, მაგრამ ამ თავისუფლებაში არ უნდა იყოს სიძულვილის ენა. „როცა სიძულვილის ენაა, ეს უკვე პრობლემაა“, – ამბობს პედაგოგი.

ლადო აფხაზავას მსმენელებმა ჰკითხეს პედაგოგებისა და მოსწავლეების ურთიერთობაზეც. მისი აზრით, პედაგოგი მოსწავლისთვის როლური მოდელი უნდა გახდეს.

„მე უბრალო ადამიანი ვარ. სახლში ჭურჭელსაც ვრეცხავ, სკოლაში იატაკს ვწმენდ, ფანჯრებიც დამიწმენდია, რადგან შაბათ-კვირას უამრავი სტუმარი მოდის და დამლაგებელი, რომელიც 120 ლარს იღებს ხელფასს, ყველა შაბათს ვერ დაალაგებს სკოლას. ამიტომ მეც ვეხიდები“.

მოსწავლეები და სტუდენტები ლადო აფხაზავასთან შეხვედრაზე „წიგნები ბათუმში“.

აფხაზავას აზრით, სკოლაში გაკვეთილების გარდა სხვა კომუნიკაცია არ არის, რაც ძალიან პრობლემურია.

„მშობლები რომ სასკოლო ცხოვრებაში ჩაგვერთო, მოვიფიქრე ასეთი პროექტი – „ჩვენი შინაური ცხოველი“. ბავშვებმა მოიყვანეს გოჭები, ბეკეკოები, ძაღლები, კატები… ყველა ცხოველი იყო დაბანილი, მოწესრიგებული. მშობლებს მოჰყავდათ ხელში აყვანილი. შემდეგ ბავშვები ყვებოდნენ თავიანთი ცხოველების შესახებ და ეს ძალიან მოსწონდათ მშობლებს. მასწავლებლები კი გაბრაზდნენ, როცა მშობელი შევიდა სკოლაში და რაღაც ინიციატივები წამოვიდა მათგან.

გავაკეთეთ პროექტი -„ეთნო რძლები“, სადაც სოფელში მცხოვრებმა ყველა ეთნოსის წარმომადგენელმა საკუთარი სამზარეულო წარმოადგინა. ყველას ეგონა, რომ ამ სუფრას პირველი მასწავლებლები მიუსხდებოდნენ, მაგრამ მე ვუთხარი, რომ რადგან მოსწავლეებისთვის გაკეთდა, ადგილი მათთვის უნდა დაგვეთმო. ცოტა გამიბრაზდნენ ამის გამო“.

ლადო აფხაზავამ სკოლების ონლაინგვერდებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ის, რომ სკოლა დღეს ნაკლებად არის ორიენტირებული ბავშვზე, ეს ყველაფერში ჩანს.

ლადო აფხაზავა მოსწავლეებს ბათუმში სწავლების საკუთარ მეთოდებზე ესაუბრება.
ფოტო: ლელა დუმბაძე

„ერთხელ სკოლაში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, ფოტოც კი ვერ დავდე ვებგვერდზე. ღონისძიების დროს წინ განლაგდნენ შაოსანი მასწავლებლები, შემდეგ ბავშვებმა ვარდებიც მისცეს და პანაშვიდს დაემსგავსა სიტუაცია. მე ვთქვი, რომ ასეთ სურათს ვებზე არ დავდებდი და ისევ გამიბრაზდნენ. თუ სკოლა მოსწავლეზეა ორიენტირებული, ასე ელემენტარულში რატომ ვიჭრებით“.

ლადო აფხაზავას აზრით, დღეს პედაგოგები ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ სახელმწიფომ მოსწავლეების უფლებები გაზარდა, ისინი კი შეზღუდა, რაც არარეალურია. მისი აზრით, სკოლაში ყველას თავისი ფუნქცია აქვს და ეს როლი უნდა შეასრულონ.

„საჯარო სკოლაში მე, პირადად, ვარ მშობლის მიერ დაქირავებული, რადგან სკოლა ბავშვის ვაუჩერით ფინანსდება, ამიტომ სკოლაში ბავშვი და მშობელია მთავარი. თუმცა ეს არ იგრძნობა. კერძო სკოლაში როცა მშობელი მიდის, დირექცია ფეხზე დგება, ფულს იხდის და აბა როგორო, საჯარო სკოლაშიც ფულს იხდიან მშობლები“.

ერთ-ერთი შეკითხვა მოზარდების სქესობრივ განათლებას შეეხებოდა.

ლადო აფხაზავას აზრით, სქესობრივი განათლების საკითხში არაფორმალური განათლება არ შეიძლება.

„ეს უნდა გადაწყვიტოს სახელმწიფომ. ფორმალური განათლება უნდა დაიშვას და სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, რომელ ასაკში არის ეს განათლება მისაღები. სახელმწიფომ უნდა ჩართოს ექსპერტები, ფსიქოლოგები და დანერგოს ფორმალური სისტემა“.

 

ვინ დაწვა პუშკინის ქუჩაზე სახლი და სავაჭრო ობიექტები – სასამართლო განხილვა

„კარგი გადაწყვეტილებაა, რომ აღარ შიმშილობთ,“ – ამ სიტყვებით მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბრალდებულს მიმართა. 22 წლის ბრალდებულს გამოძიება პუშკინის ქუჩაზე, სავაჭრო ობიექტებში ხანძრის გაჩენას ედავება. ის ბრალს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად 21 დღე შიმშილობდა.

საუბარია გასული წლის 30 აგვისტოს პუშკინის ქუჩა 24-ში გაჩენილ ხანძარზე, რის შემდეგაც საცხოვრებელი სახლი და 6 სავაჭრო ობიექტი სრულად დაიწვა. ხანძრისგან მიყენებული ზიანი მილიონ 300 ათას ლარად შეფასდა.

ამ ფაქტიდან 4 თვის შემდეგ, გასული წლის დეკემბერში, პროკურატურამ ზესტაფონში მცხოვრები ბესარიონ ბ. დააკავა, თუმცა დაცვის მხარის მტკიცებით, ამას არც ერთი მოწმე არ ადასტურებს.

„ის დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიდეოსათვალთვალო კადრში გამოჩნდა, როცა შენობაში შედის და მერე იქედან გამოდის… არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს, რაც ბრალდებულის მიერ ამ დანაშაულის ჩადენას დაადასტურებს. ბესო იმ ჩიხში, უბრალოდ, მოსაშარდად შევიდა,“ – გვითხრა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა მზია ზოიძემ.

ადვოკატის მტკიცებით, ბრალდებული გასული წლის ზაფხულში გონიოში, ერთ-ერთ რესტორანში მუშაობდა უფროს მზარეულად, საზაფხულო სეზონის დასრულების შემდეგ კი, ზესტაფონში დაბრუნდა.

„მე მივიღე ოპერატიული ინფორმაცია 15 სექტემბერს,“ – უთხრა მოსამართლეს მოწმის სახით დაბარებულმა გამომძიებელმა, როინ ართმელაძემ. – „ეს არ იყო კონფიდენტისგან მიღებული ინფორმაცია, პირადი კონტაქტი იყო… მან მითხრა, რომ ამ პირმა გააჩინა ხანძარი.“

„მან პირადად დაინახა, რომ ხანძარი ბესარიონმა გააჩინა?“ – იკითხა ადვოკატმა მზია ზოიძემ.

„არა. ფაქტს არ შესწრებია. ასე რომ ყოფილიყო, მაშინ მოწმე იქნებოდა…“ – აღნიშნა მოწმემ.

მოწმე პოლიციელების თქმით, მათ მიიღეს „ოპერატიული ინფორმაცია“ დამნაშავის შესახებ. თუმცა არც ამ ინფორმაციის ავტორი  ყოფილა თვითმხილველი. სხვა პირდაპირი მტკიცებულება კი საქმეში არ არსებობს.

დღესვე მოსამართლემ კიდევ ერთი გამომძიებლის ჩვენება მოისმა, რომელმაც სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღო და საქმეს დაურთო.

„იქ ჩანდა, ეს პატივცემული სადაც გადაადგილდებოდა,“ – თქვა გამომძიებელმა ზურაბ მამულაძემ.

ვიდეოჩანაწერები მოსამართლეს ჯერ არ უნახავს, თუმცა ადვოკატის თქმით, იქ მხოლოდ ის ჩანს, როგორ შედის ბრალდებული ხანძრის გაჩენამდე ნახევარი საათით ადრე შენობაში და რამდენიმე წუთში ისევ ქუჩაში ბრუნდება.

„იქ მეტი არაფერია დაფიქსირებული… გამოძიებას ისიც არ აქვს დადგენილი, კონკრეტულად რისგან, რა ნივთიერებისგან არის გაჩენილი ხანძარი,“ – ამბობს ადვოკატი მზია ზოიძე.

„იმავე დღეს სხვა ვიდეოკამერის ჩანაწერიც არსებობს,“ – გვითხრა სასამართლო პროცესის შემდეგ პროკურორმა ზურაბ კონცელიძემ. მისი თქმით, „სხვა ვიდეოში“ ჩანს, როგორც ცდილობს იქვე ახლოს მდებარე ქუჩაზე ბრალდებული ბუჩქისთვის ცეცხლის წაკიდებას.

პროკურორის განმარტებით, შესაძლოა, პირდაპირ ვერავინ დაინახა, ვინ გააჩინა ხანძარი, „მაგრამ იმ ჩიხში ბრალდებულის გარდა არავინ შესულა ხანძრის გაჩენამდე ნახევარი საათით ადრე,“ – დასძინა პროკურორმა.

ზურაბ კონცელიძემ დაგვიდასტურა, რომ ამ დრომდე გამოძიებას არ აქვს დადგენილი, რა მოტივით წაუკიდა ცეცხლი ბრალდებულმა სავაჭრო ობიექტებს პუშკინის ქუჩაზე.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში ბესარიონ ბ.-ს სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

 

 

ელენე, 65 წლის დამოუკიდებელი ტაქსის მძღოლი

„15 წელია ტაქსის მძღოლი ვარ და მხოლოდ ორჯერ გადამაგდეს კლიენტებმა, გოგომ სამი ლარი არ გადამიხადა და წავიდა, ერთხელაც ბიჭმა არ გადაიხადა ოთხი ლარი, სულ ეგ იყო. ღამის სამამდე ვმუშაობ და საეჭვო ხალხს და არაფხიზელებს მანქანაში არ ვისვამ, ერთს მივანათებ ფარებს და უკვე ვიცი ვინ ვინ არის, პატარა გოგო ხომ აღარა ვარ? ტაქსის კომპანიებში არასოდეს ვიმუშავებ, დამოუკიდებელი ტაქსისტი ვარ“, – ამბობს 65 წლის ტაქსის მძღოლი, ელენე მენთეშაშვილი.

25 წელია რაც ავტომანქანას მართავს. შინდისფერი „ოპელ ასტრა“, რომელიც ახლა აქვს, ელენე მენთეშაშვილის მესამე ავტომანქანაა, აქამდე ორი ჟიგული გამოიცვალა.

ელენე მენთეშაშვილის ფოტო დღეს დილით მისმა კლიენტმა გაავრცელა საკუთარ ფეისბუქგვერდზე. პოსტს ორი ათასზე მეტი გაზიარება და ასზე მეტი კომენტარი აქვს.

ელენე თბილისში, ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობს, საკუთარი სახლი კი დაგირავებული აქვს. ამბობს, რომ ტაქსის მძღოლობით ცდილობს ეს თანხა შეაგროვოს და ბინა არ დაკარგოს.

„ღმერთმა მძღოლობის მარიფათი მომცა, ყველას ეგ არ შეუძლია. ხანდახან მომეშლება ხოლმე ნერვები საცობებში, მაგრამ აბა როგორ არ გაბრაზდები – ქალაქში ნახევარზე მეტმა ტარება არ იცის და ვერ გაიგებ მართვის მოწმობა რაში მისცეს.

შაბათ-კვირასაც ვმუშაობ, არ მეზარება. ჩემი ნებაა მუშაობაც და დასვენებაც, მაგრამ არ მეზარება“, – ამბობს ელენე.

30 წელი პურის მაღაზიაში იმუშავა, მერე – მარკეტში, ბოლოს მაღაზიის გამგე გახდა, მაგრამ პრივატიზაციის შემდეგ მაღაზიამ მუშაობა შეწყვიტა და ელენე უსამსახუროდ დარჩა. მანქანის ტარება ახალგაზრდობიდანვე იცოდა და ამიტომ ტაქსის მძღოლობა გადაწყვიტა, ჟიგული იყიდა და საქმეს შეუდგა.

ელენე მენთეშაშვილი ჩვეულებრივი ტაქსის მძღოლი არ არის: ერიდება საცობებს, არასდროს მოძრაობს გარეუბნებში და ქალაქის მხოლოდ ცენტრალურ ნაწილში გადაადგილდება. არც ტაქსების კომპანიაში აპირებს არასდროს გაერთიანებას და, როგორც თვითონ ამბობს, დაუგეგმავი გრაფიკით, თავისუფლად მუშაობა ურჩევნია.

ტაქსებს შორის კონკურენცია თბილისში დიდია, მაგრამ ელენე ამ კონკურენციას უმკლავდება, მისი ძირითადი კლიენტები მეზობლები და შემთხვევითი მგზავრები არიან, ვინც ქუჩაში გააჩერებს, ზოგიც ნომერს სთხოვს, რომ შემდეგ ჯერზეც გამოიძახოს…

ელენე საკუთარ ტაქსის რეკლამას არ უკეთებს. ამბობს, რომ ეს არ სჭირდება და კლიენტები რეკლამის გარეშეც ჰყავს.

გამოცდების ეროვნული ცენტრი: 2019 წელს ეროვნულ გამოცდებზე რაიმე ცვლილება არ იგეგმება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით,  2019 წელს  ერთიანი ეროვნული გამოცდები, წინა წლების მსგავსად, ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება და ამ მიმართულებით ცვლილება არ იგეგმება.

„რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივას,  სრულად ელექტრონულ ფორმატზე გადასვლას  ან ვიდეოდავალებების ინტეგრირებას, ეს არის სამომავლო გეგმა და  ამას  სჭირდება განსაკუთრებული  მომზადება.

მნიშვნელოვანი ფაქტორია აბიტურიენტების  მზაობაც.  ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა და შესაძლოა ჩატარდეს მცირე ჯგუფთან პილოტირება ამ ტიპის შეფასების მოსამზადებლად, თუმცა ვიდეოდავალებების გამოყენება არ იგეგმება არც პილოტირების ეტაპზე,“- უთხრეს „ბათუმელებს“ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ „ნეტგაზეთთან“ საუბარში აღნიშნა, რომ სკოლის გამოცდებთან დაკავშირებით, კარგი იქნება, თუ „ყოველ წელს მოხდება საგნების როტაცია“, თუმცა ის ამავე დროს დასძენს, რომ ეს არის მხოლოდ სურვილი და ამასთან დაკავშირებით ცენტრს რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღია.

„მიმდინარეობს კონსულტაციები, გრძელდება მსჯელობა. ცენტრი მზად არის  შენიშვნებისა და განსხვავებული მოსაზრებების მოსასმენად. ეს არის სამუშაო პროცესი და ამ პროცესში ჩართულია ყველა დაინტერესებული მხარე. დეტალური ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება“.

გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ დისკუსიები და კონსულტაციები იმისთვის იმართება, რომ  „პროფესიონალების, დაინტერესებული მხარეების  აზრი მაქსიმალურად გავითვალისწინოთ და შემოთავაზებული მოდელი დავხვეწოთ. გადაწყვეტილებები კი საზოგადოებას წინსწრებით გავაცნოთ“.

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სიახლე ოთხ გამოცდას (ქართულ ენასა და ლიტერატურას, ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს) შეეხება. მნიშვნელოვანი სიახლეა გრანტის განაწილების წესშიც: გასულ წლებში ორი ან მეტი არჩევითი საგნის ჩაბარებისას ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის ან გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაში აბიტურიენტი კარგავდა გრანტის მიღების შესაძლებლობას, ახლა ეს შეზღუდვა მოხსნილია და აბიტურიენტს გრანტის მიღების შესაძლებლობა ამ შემთხვევაშიც აქვს.

რეგიონებში იწყება დისკუსიები ევროპასა და ნატოზე

ნატოს საინფორმაციო ცენტრი საქართველოს რეგიონებში მოსახლეობასთან უშუალო შეხვედრებს იწყებს. 18 თვის განმავლობაში ევროინტეგრაციის თემებზე სხვადასხვა სპიკერი ისაუბრებს, მოსახლეობას კი კონკრეტულ კითხვებზე პასუხის მიღება შეეძლება.

რეგიონებში ევროინტეგრაციის თემებზე 600-ზე მეტი დისკუსია გაიმართება.

“ამ პროექტის ფარგლებში აჭარის რეგიონში დაგეგმილია 100 შეხვედრა… სპიკერები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იქნებიან,” – ამბობს ირმა გაბინაშვილი, ნატოს საინფორმაციო ცენტრის რეგიონული წარმომადგენელი.

მისივე თქმით, დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი თემა ანტიდასავლური პროპაგანდა იქნება.

პირველი შეხვედრა დღეს, ბათუმში, საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა. ირაკლი ტაბლიაშვილმა თანამედროვე კონტექსტზე ისაუბრა ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით.

ირაკლი ტაბლიაშვილმა იმ ქვეყნების შესახებაც ისაუბრა, რომლებიც წლების წინ ნატოს წევრები არ იყვნენ და იყო სკეპტიკური დამოკიდებულება ევროინტეგრაციის რეალურობაზე.

დღევანდელ შეხვედრას საკრებულოს წევრები და მერიის ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ბელჰაუსში სრულ კოლექციაზე 40, ხოლო შეკვეთილ ავეჯზე 45%-იანი ფასდაკლებაა

ავეჯის სახლი „ბელჰაუსი“ მომხმარებელს საქართველოში არსებულ ყველა ფილიალში რბილი ავეჯის სრულ ასორტიმენტზე 40 %-იან ფასდაკლებას სთავაზობს, ხოლო ვინც შეუკვეთავს, მისთვის ფასდაკლება 45% იქნება.

„ბელჰაუსი“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც უპირეტასობას ანიჭებენ ხარისხს, ფასსა და მრავალფეროვნებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის გვიპოვეთ ფეისბუქზე: ბელჰაუსი Belhouse

ან გვეწვიეთ  მისამართებზე: ბათუმი, გორგილაძის ქუჩა N88, ბათუმი მოლი, მე-3 სართული.

თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა N14 ; თბილისი, ლუბლიანას ქუჩა N11; თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი N12

ტელ.: +995 32 230 95 50

„გივი სიხარულიძისთვის „ხელოვნების ქურუმის“ წოდება ქალთა მიმართ სიძულვილის წახალისებაა“

ორგანიზაციები: „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ და „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)“  მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან  მსახიობ გივი სიხარულიძისთვის „ხელოვნების ქურუმის“ წოდების მინიჭება წარმოადგენს ქალთა უფლებებისადმი სიძულვილის წახალისებას და ხელს უწყობს საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების გამყარებას, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სხვადასხვა ჯგუფის მიმართ სიძულვილის გამომჟღავნება  პროფესიულ საქმიანობაში დაბრკოლებას არ წარმოადგენს.

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში 2019 წლის პირველ მარტს მსახიობ გივი სიხარულიძის საიუბილეო საღამო გაიმართა, სადაც  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა გივი სიხარულიძეს „ხელოვნების ქურუმის“ ჯილდოსთან ერთად საპატიო სიგელიც გადასცა. მოგვიანებით, ჯილდოს გადაცემასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ განმარტა, რომ მსახიობს ჯილდო ქორეოგრაფთა კავშირის წარდგენით მიენიჭნა.

გივი სიხარულიძემ გასული წლის ნოემბრის თვეში ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ საჯაროდ აღიარა, რომ ქალზე იძალადა. „ამასთან, მსახიობი ცნობილია ქალთა მიმართ თავისი სექსისტური დამოკიდებულებით. მას არაერთ გადაცემასა თუ ინტერვიუში საჯაროდ გამოუხატავს სიძულვილი ჰომოფობიურ და სექსისტურ ნიადაგზე, აღუნიშნავს, რომ არ აღიარებს გენდერულ თანასწორობას და ქალებს კაცთა დაქვემდებარებაში მყოფებად მოიაზრებს.

სახელმწიფო უწყებები მაქსიმალურად უნდა ზრუნავდნენ, ხელი შეუწყონ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას, ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, სტერეოტიპების ნგრევას. აღნიშნულის საპირისპიროდ კი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ჯილდოს და საპატიო სიგელი გადასცა იმ პირს, ვინც განსაკუთრებულ აგრესიას ამჟღავნებს გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და გამოირჩევა ჰომოფობიური და სექსისტური განცხადებებით. რითაც,სახელმწიფო  არათუ ხელს უწყობს გენდერული დისკრიმინაციის  აღმოფხვრასა და სტერეოტიპების ნგრევას, პირიქით – თავად გვევლინება ქალთა უფლებების მიმართ სიძულვილის წამხალისებლად, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოვუწოდებთ, გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოიჩინოს გულისხმიერება გენდერული დისკრიმინაციის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მიმართ, რათა თავიდან აიცილოს ქალთა უფლებების მიმართ სიძულვილის წახალისების შემთხვევები“.

როცა ყოფილი პატიმარი ათსულიან ოჯახს არჩენს

48 წლის ბადრი გობრონიძის ათსულიან ოჯახში, სადაც ის მეუღლესთან, დასთან, დედასთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს, მხოლოდ ორი ადამიანი მუშაობს – თავად ბადრი და მისი და.

8 წელი სახანძრო სამსახურში მუშაობდა და ინდმეწარმეობასაც ეწეოდა. 2009-2012 წლებში კი ბადრი ციხეში აღმოჩნდა – ფინანსური გადაცდომების ბრალდებით მიუსაჯეს პატიმრობა. ერთი მუხლით რვა წელს უსჯიდნენ, მერე მუხლით – ხუთს. ჯამში 13 წელი უნდა ყოფილიყო პატიმრობაში, თუმცა, როგორც ბადრი ჰყვება, საპროცესო გარიგებით გათავისუფლდა, რისთვისაც ოჯახმა 20 000 ლარი გადაიხადა.

ბადრი გობრონიძეს ახლა მეტალოპლასტმასის, ლამინატის, ხის პანელებისა და თაბაშირ-მუყაოს ტიხრების საამქრო აქვს. საამქროში სამნი მუშაობენ და თანაბრად ინაწილებენ მოგებასა და ზარალსაც.

სარემონტო მასალებზე მუშაობა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების დამზადება გათავისუფლების შემდეგ ისწავლა.

„ციხიდან გათავისუფლების შემდეგ სახანძროში ვეღარ ვიმუშავებდი ნასამართლობის გამო. იძულებული გავხდი, ახალი საქმე მესწავლა. ოჯახს დიდი ზიანი მიადგა ჩემი პატიმრობით, ფეხს რომ წამოკრავ რაიმეს, წაიქცევი და ძლივს დგები – ასე ვარ, ვწვალობ და ნელ-ნელა ფეხზე ვდგები“, – ამბობს ყოფილი პატიმარი.

ბადრი გობრონიძემ ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის შესახებ თანასოფლელისგან შეიტყო, პროგრამაში ჩაერთო და მას შემდეგ, რაც მისი საქმიანობა შეამოწმეს, საამქროსთვის საჭირო ინვენტარი გადაეცა უფასოდ.

ბადრის თქმით, ამ დახმარებას მისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

„კარგად იცით, როგორ უჭირთ ყოფილ პატიმრებს დასაქმება, ნებისმიერი საქმის თავიდან დაწყება. ბევრი ასეთი პროექტი უნდა არსებობდეს, ჩემ ირგვლივ ამ პროგრამის დახმარებით ბევრმა ყოფილმა პატიმარმა მეცხოველეობას მიჰყო ხელი, ზოგმა თხილი მოაშენა, ან საამქრო მოაწყო“. – ამბობს პროექტის ბენეფიციარი.

მიუხედავად იმისა, რომ ბადრი სოფელში ცხოვრობს და მიწის ნაკვეთიც აქვს, იქ ვერაფერი მოჰყავს, რადგან მიწა დაქანებულია, შესაბამისად, შეუძლებელია ნაკვეთის დამუშავება პროდუქტის მოსაყვანად.

მეტალოპლასტმასის საამქროში მუშაობა ბადრი გობრონიძისთვის ერთადერთი საშუალებაა ათსულიანი ოჯახის სარჩენად.

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

როგორ გამოიყურება ახალი რესპუბლიკური და როდის გაიხსნება 2,2 მილიონით გაძვირებული შენობა (ფოტო)

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა მშენებელ კომპანიასა და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონს“ შორის დადებული ბოლო შეთანხმებით 2018 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

გარდა ამისა, ახალი საავადმყოფოს მშენებლობის პროექტი 2 211 987 ლარით გაძვირდა. შესაბამისად, მშენებლობა აჭარის ბიუჯეტს, საბოლოოდ, 24 384 751 ლარი დაუჯდება. ამ თანხის 93% [22 741 273 ლარი] მშენებელი კომპანიისთვის უკვე გადარიცხულია.

როდის დასრულდება მშენებლობა? – შპს „სტადიონში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ძირითადი, მათ შორის სახანძრო და შიდა კოსმეტიკური სამუშაოების 99,99 პროცენტი დასრულებულია და ახლა გარკვეულ ხარვეზებს ასწორებენ. ამიტომ, მშენებელ კომპანიას ვადა აღარ გაუგრძელდება და მას მშენებლობის დასრულების ვადის დარღვევისთვის ყოველდღიურად პირგასამტეხლო ერიცხება. მშენებელ კომპანიას ამ დროისთვის ჯარიმა დაახლოებით 80 ათასი ლარი აქვს გადასახდელი.

შპს „სტადიონში“ ამბობენ, რომ მშენებლობა 2019 წლის აპრილამდე საბოლოოდ დასრულდება. 2019 წლის 5 აპრილამდე აქვს ვადა კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის წარდგენილ საბანკო გარანტიასაც.

შპს „საბა კონსტრაქშენთან“ საავადმყოფოს მშენებლობაზე ხელშეკრულება 2016 წლის 18 იანვარს გაფორმდა და მშენებლობა 2018 წლის 18 მაისამდე უნდა დასრულებულიყო. ხელშეკრულებაში ცვლილება 11-ჯერ შევიდა.

„სტადიონში“ აცხადებენ, რომ პროექტის 2,2 მილიონი ლარით გაძვირება ახალი რეგულაციების ამოქმედებამ გამოიწვია, რაც თავდაპირველ პროექტში არ იყო გათვალისწინებული: „პროექტში შევიდა ცვლილება სახანძრო უსაფრთხოების კუთხით, ასევე გაუმჯობესდა სამედიცინო აირების მხრივ და სხვა. ობიექტი უკვე დაერთებულია ელექტროქსელზე, საკანალიზაციო და წყლის სისტემებზე. შენობას ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტებთან ერთად ჩავიბარებთ. რაც შეეხება ექსპლუატაციაში მიღებას – მშენებლობის ნებართვის გამცემი ბათუმის მერიაა და ეს საკითხიც მის კომპეტენციაში შედის“.

მშენებლობის დასრულების შემდეგ დღის წესრიგში დადგება საავადმყოფოს სამედიცინო ინვენტარით აღჭურვის საკითხი, რისთვისაც თანხა ამ დრომდე არ არის გამოყოფილი – არც აჭარის და არც საქართველოს ბიუჯეტში.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ შენობაში სასწრაფოდ ამოქმედებას მოითხოვს საავადმყოფოს თანამშრომელთა ერთი ჯგუფი. ერთ-ერთი ბოლო აქცია საავადმყოფოს თანამშრომლებმა 2019 წლის 16 თებერვალს გამართეს. მათ ეჭვი აქვთ, რომ სახელმწიფო გეგმავს რესპუბლიკურის ახალაშენებული შენობა კორპორაცია „ევექსს“ მიჰყიდოს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გასული წლის ნოემბერში განაცხადა, რომ ამ კლინიკის გაყიდვა არ იგეგმება და ის სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება.

საავადმყოფოს აღჭურვის, მედპერსონალის გადამზადებასა და საავადმყოფოს მართვის შესახებ ახალ ინფორმაციას „ბათუმელები“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან ელოდება და მიღებისთანავე მოგაწვდით.

ახალი საავადმყოფოს შენობა ბათუმში / 6.03.2019 / ფოტო: მანანა ქველიაშვილი
ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო / 11.01.2019 / ფოტო: შპს „სტადიონი“
ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო / 11.01.2019 / ფოტო: შპს „სტადიონი“
ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო / 11.01.2019 / ფოტო: შპს „სტადიონი“

ამავე თემაზე:

ახალი კლინიკისთვის აჭარის 2019 წლის ბიუჯეტში თანხა არ იქნება – რაში დაიხარჯება 65 მილიონი ლარი

 

 

მოზარდები პირადი ცხოვრებით შანტაჟის შესახებ [ვიდეო]

მოზარდები სკოლაში არა მარტო ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ, არამედ სქესის ნიშნის მიხედვით ძალადობასაც რომ განიცდიან, ეს კვლევითაც დასტურდება. რამდენიმე დღის წინ კი, ერთ-ერთი ბათუმელი მოზარდის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა დახურულ ჯგუფში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა კონკრეტული ფაქტის შესახებ შეიტყო საზოგადოებამ. საქმეზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ დაისჯება თუ არა ვინმე, ჯერჯერობით, გაურკვეველია. მოზარდები, რომლებსაც ამ საკითხზე „ბათუმელები“ სხვადასხვა ფორმატში ესაუბრა, ამბობენ, რომ მათ თაობაში პირადი ცხოვრებით შანტაჟის შესახებ სხვა არაერთ შემთხვევაზე სმენიათ. ზოგი კი ამბობს, რომ პირადად ყოფილა შანტაჟის მსხვერპლი.

რა იციან მოზარდებმა პირადი ცხოვრების შესახებ, რამდენად მზად არიან იმისთვის, რომ დაიცვან პირადი უსაფრთხოება როგორც სკოლაში, ასევე ონლაინსივრცეში? რას ასწავლის მათ სკოლა და როგორია მათი განათლების ხარისხი პირადი ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით, იციან თუ არა მოზარდებმა, რომ ჩაგვრა თუ პირადი ცხოვრების ხელყოფა შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაული იყოს?

ქეთი სიხარულიძე, მოსწავლე.

ქეთი სიხარულიძე მეთორმეტეკლასელია. ის ამბობს, რომ მოზარდების უმეტესობას, მათ შორის არც მას, არ აქვს შესაბამისი ცოდნა, თუ როგორ უნდა დაიცვას პირადი ინფორმაცია, რადგან ამაზე ნაკლებად საუბრობენ როგორც სკოლაში, ისე ოჯახში.

გიორგი ბალაძე მეტერთმეტეკლასელია, მისი აზრით, ჩაგვრის ობიექტი რომ არ გახდე, ამისთვის მეტი სიფრთხილეა საჭირო, რადგან, ძირითადად, ინფორმაციის გავრცელების წყარო თვითონ მოზარდები არიან: „ერთი მეგობარი მეორეს უზიარებს პირად ინფორმაციას, ვისაც, წესით, ენდობა. თუმცა შემდეგ ის სხვა  კიდევ სხვას უზიარებს და ამ ფორმით ხდება მისი გასაჯაროება“.

გიორგის თქმით, „ის ვიდეოები, რაც აქამდე იყო გავრცელებული, სწორედ ამ გზით გავრცელდა. შენ თვითონ არ უნდა გააკეთო ისეთი რამ, რომ ასეთი შედეგი მოჰყვეს“.

გიორგის აზრით, მოზარდები უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ არ შეიძლება სხვისი ცხოვრების ამსახველი კადრების სხვისთვის გადაცემა. ამ ყველაფრისგან თავის დაცვა კი შესაბამისი ცოდნით არის შესაძლებელი:

„მე ვიცი, როგორ უნდა დავიცვა პირადი ინფორმაცია, კიბერუსაფრთხოების ბევრი მექანიზმი არსებობს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბოლომდე დაცული ვართ და რომ შეიძლება ვინმემ არასასურველი ინფორმაცია არ გაგივრცელოს“.

ლიკა და გიორგი, მეთერთმეტეკლასელები.
ფოტო: „ბათუმელები“, ლელა დუმბაძე

ლიკა მელაძეც მეთერთმეტეკლასელია. მისი აზრითაც, კიბერბულინგისგან და, ზოგადად, ფსიქოლოგიური ძალადობისგან იმ შემთხვევაში იქნები დაცული, თუ შენს პირად ინფორმაციას არ მიაწვდი სხვას: „თუ ხელში ჩაგივარდება სხვისი პირადი ინფორმაცია, არ უნდა გააზიარო და ამის პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ მოზარდები. ვფიქრობთ, ჩვენს ასაკშიც უნდა გვქონდეს ცოდნა, თუ რა არის დანაშაული და რომ ამის გამო შეიძლება დაისაჯო კიდეც. სხვანაირად ბულინგის მაჩვენებელი არ შემცირდება“.

ლიკა საუბრობს შემთხვევებზე, როცა პირადი ინფორმაცია თანატოლებს გაუზიარებიათ და შემდეგ ეს ფაქტი გამხდარა კონფლიქტის მიზეზი.

„თუ პატარები არიან, ასეთ დროს, ძირითადად, სკოლის დირექცია ერევა, იბარებს მშობელს და შემდეგ მშობელი წყვეტს რა უნდა გააკეთოს. მაგრამ მოზარდების შემთხვევაში მშობლებამდე არ მიდის ხშირად ინფორმაცია, ზოგი ნათესავს ურეკავს და კონფლიქტში გადადის“, – ამბობს ლიკა. მისი დაკვირვებით ეს არის კონფლიქტის მოგვარების აპრობირებული მეთოდი.

„მოგვარება არის ის, რომ კომპრომატები უნდა მოისპოს“, – ამბობს გიორგი. – „ასეთ დროს კონფლიქტი გარდაუვალია. მე, პირადად, აუცილებლად ვუჩივლებ პოლიციაში და სამართლებრივ გზას მივმართავ“.

სამართლებრივი გზის მომხრეა ლიკაც.

მოზარდები გვეუბნებიან, რომ ისინი ყველაზე მეტად სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას განიცდიან და შედარებით უმტკივნეულოდ რეაგირებენ სხვა ტიპის ბულინგზე.

„მინახავს ჩემი სახელითა და გვარით დარეგისტრირებული ყალბი ფეისბუკმისამართები, მაგრამ ვინც ბოლომდე მიყვება, ხვდება, რომ ეს შენ არ ხარ და მაინც გამოიჭერ ტყუილში. ასეთ დროს ადვილია ინფორმაციის გადამოწმება და სიმართლის გარკვევა, ამიტომ ეს ნაკლებად მტკივნეულია“, – გვეუბნება ლიკა.

გიორგის თქმით კი, მოზარდები  სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ კადრებისა თუ ფოტოების გავრცელებას უფრო მტკივნეულად იმიტომ აღიქვამენ, რომ ადვილად ხდებიან ჩაგვრის, დაცინვის ან მუქარის ობიექტები როგორც ოჯახის წევრების მხრიდან, ასევე ნაცნობ-მეგობრებისგან.

„წნეხშია საზოგადოების მხრიდან და ამას ძალიან განიცდიან. ბევრი ვიცი ასეთი შემთხვევა და ასეთ დროს ძალიან დასცინიან ხოლმე მსხვერპლს“.

„ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე ამ თემებზე. ვსაუბრობთ იმაზეც, რა არის ეთიკური ან არასამართლებრივი და ვინც უსმენს, ის არც აკეთებს. ზოგი ფიქრობს, რომ თუ ვინმეს ვიდეოს გაავრცელებს, უფრო „მაგარი ტიპი“ გამოჩნდება, ამიტომ, ვფიქრობ მოზარდებს კანონის შიში უნდა ჰქონდეთ“, – ამბობს ლიკა.

ნიკა ბოლქვაძე, მოსწავლე.

ნიკა ბოლქვაძის აზრით, მსგავს თემებზე ხშირად უნდა საუბრობდნენ სკოლაში მოსწავლეები და მასწავლებლები. „სამართლებრივი ცოდნა გვჭირდება. ვფიქრობ, ასეთი საკითხების ცოდნა მნიშვნელოვანია“.

„ბათუმელები“ კიდევ ერთ მოზარდს, მეთორმეტეკლასელ ნიკას ესაუბრა, ის ამბობს, რომ აქამდე არ უფიქრია, როგორ უნდა დაიცვას თავი კუბერბულინგისგან, თუმცა ცდილობს, ისე არავინ გაანაწყენოს, რომ მისი დაჩაგვრის სურვილი გაუჩნდეთ. „მეც ვცდილობ ზომიერი ვიყო ურთიერთობებში“, – გვეუბნება ის. ნიკას თქმით, ხშირად სმენია, როცა მოზარდები ვერ უძლებენ ფსიქოლოგიურ წნეხს და სიუციდის მცდელობებიც აქვთ“.

გივი მათითაიშვილი, მოსწავლე

გივი მათითაიშვილი მეთორმეტეკლასელია. მას მიაჩნია, რომ მოზარდები უფრო ნაკლებად იქნებიან ბულინგის მსხვერპლი, თუ მშობლებსა და მოზარდებს შორის მეტი დიალოგი იქნება. ის ასევე საუბრობს იმაზე, რომ სკოლამ უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მოსწავლეებს.

მოზარდები, რომლებსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, გვიყვებიან იმის შესახებ, რომ მათ სჭირდებათ უფრო მეტი სიახლოვე მშობლებთან, რომ შეეძლოთ მათ ცხოვრებაში არსებულ სირთულეებსა და გამოწვევებზე ღიად საუბარი და ყველაზე მისაღები გამოსავლის პოვნა კონკრეტულ მომენტში.

მოზარდები ასევე აღნიშნავენ, რომ სკოლა უნდა იყოს უფრო მეტად ორიენტირებული ბავშვთა და, ზოგადად, ადამიანის უფლებების შესახებ სწავლებაზე, რომ მოზარდებმა შემდეგ  ცხოვრებაში შეძლონ ამ ცოდნის გამოყენება.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 6 მარტის  21 საათიდან  7  მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა. მთაში მოსალოდნელია თოვა, დღისით – ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში – ქარბუქი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან – 17-22 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0-5 გრადუსი ყინვა 
  • ღამით: 3-8 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 8-9 მარტს მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

ქალთა მიმართ ძალადობის გააზრება – 8 მარტს ბათუმში კონფერენცია გაიმართება

პარასკევს, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს ბათუმში გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით – „ქალთა მიმართ ძალადობის გააზრება“.

კონფერენცის მიზანია ინფორმაციის გაცვლა იმ ჯგუფებს შორის, რომლებიც, ერთი მხრივ, მუშაობენ ქალთა ძალადობის წინააღმდეგ, მეორე მხრივ კი, თავად არიან ბენეფიციარები.

კონფერენცია სასტუმრო Le Port-ში დილას, 10:35 წუთზე გაიხსნება.

პირველ პრეზენტაციას თიკო ცომაია და ია შალამბერიძე წარადგენენ, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან [GIPA]. პრეზენტაციის თემაა „რატომ კლავენ კაცები ქალებს – ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგის პროექტის შედეგები- www.femicide.ge“. 

პანელი I – მედია და საზოგადოება 

[checklist]

  • ძალადობის ნატიფი ფორმები – მომხსენებელი: თამარ თანდაშვილი, ფსიქოლოგი, მწერალი
  • რას ცვლის მედიაგაშუქება – მომხსენებელი: ჯაბა ანანიძე – „გაზეთ  ბათუმელების“ ჟურნალისტი
  • დისკუსია – მოდერატორი: ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი

[/checklist]

პანელი II – სახელმწიფოს პასუხი მოძალადეებს

[checklist]

  • შინაგან საქმეთა  სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევები, შედეგები და გეგმები – მომხსენებელი: გოგა ხატიაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი
  • ქალთა მიმართ ძალადობა- ბრძოლის მიღწევები და გამოწვევები  მომხსენებელი: ნათია სონღულაშვილი -აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი
  • დისკუსია – მოდერატორი: მარი კორინთელი, გამომცემელი, მთარგმნელი, რედაქტორი

[/checklist]

პანელი III – სასამართალო ძალადობის წინააღმდეგ

[checklist]

  • მტკიცებულებების (მსხვერპლის დაკითხვისას) გამოკვლევისას წარმოშობილი პრობლემები და გადაჭრის გზები – მომხსენებელი: დავით მამისეიშვილი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე
  • „სტამბოლის კონვენციასთან“ ჰარმონიზაციის მიზნით საქართველოს კანონმდებლობაში შესული ცვლილებები და ესპანური მოდელის თავისებურებები ოჯახში ძალადობის თემაზე – მომხსენებელი: საბა ცაგარეიშვილი – „ინოვაციების და რეფორმების ცენტრის“ იურისტი
  • დისკუსია – მოდერატორი: სულხან სალაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე

[/checklist]

პანელი IV – მსხვერპლის გზა

[checklist]

  • მოტაცებიდან დამოუკიდებლობამდე – მანანა ბოლქვაძე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი
  • როგორ მუშაობს სახელმწიფო სერვისები ძალადობის მსხვერპლთათვის და დაზარალებულებისთვის – ბექა მაჭუტაძე, ბათუმის ადამიანის ვაჭრობის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების, თავშესაფრის ხელმძღვანელი
  • დისკუსია – მოდერატორი: ნათია ზოიძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მკვლევარი

[/checklist]

კონფერენცია ტარდება ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში – „ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი“. პროექტს ახორციელებს “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი”, ხოლო პროექტის პარტნიორია „თავისუფალი ჟურნალისტთა სახლი“.

კონფერენციის ორგანიზატორია „გაზეთ ბათუმელების“ & „ნეტგაზეთის” მარკეტინგის სამსახური.

კონფერენციაზე დასასწრებად მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ელ.ფოსტა: batumipress@gmail.com მობ: 555 267 262; 555 928 928

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შესაძლოა ბოლომდე „ანაგმა“ მიიყვანოს

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, შესაძლოა, მთლიანად „ანაგმა“ დაასრულოს. კომპანია შპს „სტადიონს“ მეორე ეტაპის სამუშაოების შესრულებას ყველაზე დაბალ ფასად, 20 მილიონ 780 ათას ლარად სთავაზობს.

„ანაგი“ სტადიონის მშენებლობის პირველ ეტაპზე გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებულია, რომელმაც სტადიონის რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მშენებლობა, ასევე, ლითონის სახურავის მოწყობა მთლიანად დაასრულა. მემბრანული გადახურვა კი 50%-ია გაკეთებული. სტადიონზე ყველაზე ბოლოს უნდა დამონტაჟდეს სკამები და მოეწყოს მინდვრის საფარი.

მშენებლობის მეორე ეტაპზე შესასრულებელია გარე ტერიტორიის კეთილმოწყობის, მათ შორის გამწვანების, პარკინგის, ელექტრომომარაგების სისტემისა და განათების, ასევე, IT ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები; უნდა მოეწყოს დაცვისა და უსაფრთხოების სისტემების ინფრასტრუქტურული (საინჟინრო კომუნიკაციების) ქსელები და სხვა.

უცნობია, ეყოლება თუ არა ცალკე ტექნიკური ზედამხედველი მეორე ეტაპის სამუშაოებს. შპს „სტადიონში“ გვითხრეს, რომ „ეს შეთანხმების საკითხია“.

შპს „სტადიონმა“ მეორე ეტაპის სამუშაოებზე ტენდერი 2019 წლის 7 თებერვალს გამოაცხადა, წინადადებების მიღება კი პირველ მარტს შეწყდა. სატენდერო თანხა 21 922 803 ლარი იყო. ტენდერი, რომელიც აუქციონის გარეშეა გამოცხადებული, შერჩევა-შეფასების ეტაპზეა, ამიტომ ჯერ უცნობია, მონაწილეობს თუ არა მასში სხვა პრეტენდენტი „ანაგის“ გარდა.

ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე [პირველი ეტაპი] კომპანია „ანაგთან“ ხელშეკრულება 99 448 408 ლარზეა გაფორმებული [დღგ-ს გარეშე].

მშენებლობის პირველი და მეორე ეტაპები, ანუ მთლიანად საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, 2020 წლის 15 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.

ამ დროისთვის არ არის გადაწყვეტილი, თუ რა ფერის სკამები დამონტაჟდება სტადიონზე; ვისი სახელობის იქნება ბათუმის ახალი სტადიონი ან საერთოდ, იქნება თუ არა ვინმეს სახელობის.

აჭარის მთავრობას არც ის აქვს გადაწყვეტილი, თუ ვინ გაუწევს მენეჯმენტს ახალაშენებულ სტადიონს.

ბათუმის სტადიონი / რენდერი

 

მთავარი ფოტო: ბათუმის მშენებარე საფეხბურთო სტადიონი / ფოტო: აჭარის ეკონომიკის სამინისტრო

ამ თემაზე:

დიდი ფული არც ისე დიდი სტადიონისთვის

ეს საკუთარი მოქალაქეების მძევლად აყვანაა – ეთნიკური აზერბაიჯანელები მარიამ ჯაშის განცხადებაზე

„როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, მე აქ ვიხდი გადასახადებს და საჯარო მოხელისგან, რომელსაც მე ვუხდი ხელფასს, ვითხოვ, რომ ჩემზე და ჩემს უფლებებზე საუბრისას, სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე არ გააკეთოს აქცენტი“, – ასე ეხმაურება ლეილა მამედოვა საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომის შემდეგ დეპუტატ მარიამ ჯაშის მიერ გაკეთებულ განცხადებას, როდესაც მან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების მდგომარეობაზე ისაუბრა. 2019 წლის 26 თებერვალს დეპუტატმა თქვა, რომ „აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების უფლებები საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების უფლებებს უნდა გაუთანაბრდეს, როგორც განათლების, ასევე სხვა სერვისებზე“.

მარიამ ჯაშის ეს განცხადება ქართულ მედიასივრცეში რამდენიმე ოფიციალურმა და არაოფიციალურმა პირმა გააკრიტიკა და საკითხი ამით ამოიწურა, მაგრამ აზერბაიჯანულ თემში ეს განცხადება ჯერ კიდევ დისკუსიის საგანია. ყველა ის პირი, ვისაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობს, რომ თავს დამცირებულად გრძნობს. მათ ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია, რა სახის რეაგირება შეიძლება ჰქონდეთ დეპუტატის ამ განცხადებაზე, რომელსაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა გამაოგნებელი“ უწოდა, ხოლო სახალხო დამცველმა თქვა, რომ „მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით გამოყოფა მიუღებელია“.

„საქართველოს აზერბაიჯანელი ახალგაზრდების კავშირის“ ხელმძღვანელის, ლეილა მამედოვას აზრით, მოქალაქემ თავისი უფლებების დაცვა იმ ქვეყნისგან უნდა მოითხოვოს, რომლის მოქალაქეც თავად არის:

„მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, მიუხედავად ჩემი ეთნიკური წარმომავლობისა, ვარ ქართველი, რადგან ვარ საქართველოს მოქალაქე და საკუთარ სახელმწიფოსგან ვითხოვ პატივისცემას. ვითხოვ, რომ განმიხილოს როგორც საქართველოს თანაბარუფლებიანი მოქალაქე და ჩემი უფლებები არ შეადაროს, გაათანაბროს, რომელიმე ქვეყნის მოქალაქის უფლებებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი კანონები და ჩვენი კონსტიტუცია“.

ლეილა მამედოვა

„ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის“ მეცნიერ თანამშრომელი, ქართველოლოგი ოქტაი ქაზუმოვი მიიჩნევს, რომ დეპუტატ ჯაშის განცხადება არის როგორც „სამართლიანი“, ისე „უსამართლო“. სამართლიანია, როდესაც მეზობელ სახელმწიფოში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით უფრო მეტის გაკეთება სურს და საამისოდ საჯარო და ღია მოწოდებებს აკეთებს. უსამართლოა – რადგან იგი საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელებს ჯერ კიდევ მეზობელი სახელმწიფოს ორგანულ ნაწილად მიიჩნევს.

ოქტაი ქაზუმოვის თქმით, თუ მარიამ ჯაში საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელებს არ „ჩარევდა“ ამ საკითხში და ისე ისაუბრებდა აზერბაიჯანის მოქალაქე ქართველების უფლებებზე, ეს იქნებოდა და არის კიდეც სამართლიანი:

„მაგრამ როცა ვიღაცას, მეზობელ სახელმწიფოს „დაამუნათებ“ შენივე მოქალაქეების ეთნიკური ნიშნის გამოყენებით, ანუ არა საერთაშორისო კონვენციებს, არამედ ეთნიკურ ფაქტორს ერთგვარ „ვაჭრობის საგნად“ აქცევ, მოსახლეობას მინიმუმ სამი ასპექტით ამცირებ: შენ მათ სრულუფლებიან მოქალაქეებად არ აღიქვამ, ამით საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელებსა და აზერბაიჯანის მოქალაქე ქართველებს ერთგვარ „მძევლებად“ განიხილავ, ქვეყნის მოქალაქეებს შორის განხეთქილება შემოგაქვს“.

ოქტაი ქაზუმოვი

ოქტაი ქაზუმოვის აზრით, დეპუტატმა მისდაუნებურად ღრმად ფესვგამდგარი სტერეოტიპი გამოაჩინა: „მარიამ ჯაში აცხადებს, რომ ჩვენ „კარგად“ ვექცევით „თქვენიანებს“ და, შესაბამისად, თქვენც „კარგად“ მოექეცით ჩვენიანებსო. ახლა მთავარია ყველამ ერთად დავძლიოთ იგი [სტერეოტიპი]“.

„საქართველოს აზერბაიჯანელ ახალგაზრდების კავშირის ხელმძღვანელის“, ლეილა მამედოვას დაკვირვებით, აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების პრობლემებს, ბოლო წლებია, საზოგადოება კონტურ [საგნის საერთო გარეგანი მოხაზულობა] არგუმენტად იყენებს დისკუსიებში, როდესაც საუბარი ეხება საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების პრობლემებს:

„მე შეიძლება არ ვიცნობ აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების პრობლემებს, მაგრამ რომელიმე ქვეყანაში ეთნიკური ან რელიგიური უმცირესობების, ზოგადად, უმცირესობების უფლებები თუ ირღვევა, პირველ რიგში, საუბარია ადამიანის უფლებებზე და, შესაბამისად, იქ არსებულმა ინსტიტუტებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა ერთობლივად უნდა იმუშაონ ამ პრობლემების მოგვარებაზე. როცა ირღვევა ადამიანის უფლებები, ეს ნებისმიერი გზით უნდა იქნას მოგვარებული, მაგრამ ამის ასე გამოხატვა, რომ უფლებები უნდა გათანაბრდეს, ძალიან არასწორია“.

სამირა ბაირამოვა კი ის აქტივისტია, რომელიც რამდენჯერმე პირადად იმყოფებოდა აზერბაიჯანში, კახში, სადაც ქართველები ცხოვრობენ.  სამირას ინფორმაციით, რომელიც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა, აზერბაიჯანში 14 900 ქართველი ცხოვრობს. ისინი კომპაქტურად არიან დასახლებული კახის რაიონში.

სამირა ბაირამოვა აცხადებს, რომ პირადად მოინახულა კახში ეკლესიები და ადგილობრივებს ესაუბრა: „როგორც მითხრეს, სოფლებში, სადაც, ძირითადად, ეთნიკური ქართველები ცხოვრობენ, შიდა გზების პრობლემა აწუხებდათ. ქართული ენის შენარჩუნების პრობლემაზე არ უსაუბრიათ, მათ თავისებური კილო აქვთ. ასევე მითხრეს, რომ იქაურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს ერთი და იგივე პრობლემა აწუხებთ – სიტყვის თავისუფლება, ჩინოვნიკების მხრიდან უსამართლო ქცევა“.

სამირა ამბობს, რომ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დასადგენად საჭიროა სიღრმისეული კვლევა, რადგან „ერთჯერადი  ვიზიტებით, სამწუხაროდ, რეალური სურათის დანახვა რთულია“: „შესაბამისად, მიუღებელია ქალბატონი ჯაშის განცხადება, აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების უფლებების გათანაბრებაზე, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების უფლებებთან. ქალბატონი ჯაში ვერ შეადარებს 233 ათასი ადამიანის უფლებას 14 000 ათასის უფლებას. მას შეუძლია 14 000 ქართველის უფლება, რომლებიც ცხოვრობენ აზერბაიჯანში, შეადაროს მცხეთასა და კასპში მცხოვრები აზერბაიჯანელების ყოფას, სადაც იგივე პრობლემა აქვთ – არც აზერბაიჯანული სკოლაა, არც თეატრი და ასევე ენის შენარჩუნების პრობლემაც“.

სამირა ბაირამოვა

სამირა ბაირამოვას სათემო რადიო „მარნეულში“ საავტორო გადაცემა მიჰყავს. ერთ-ერთ ბოლო გადაცემაში საქართველოს პარლამენტის წევრ რუსლან გაჯიევის, რომელიც იმ კომიტეტის [განათლების, მეცნიერებისა და კულტურის] წევრია, რომელსაც მარიამ ჯაში ხელმძღვანელობს, ჰკითხა, იზიარებს თუ არა თავისი კოლეგის განცხადების პათოსს „უფლებების გათანაბრების“ შესახებ. რადიოს ეთერში დეპუტატმა თქვა, რომ ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უფლებების გათანაბრება ან შედარება მისთვის მიუღებელია.

„საქართველოს აზერბაიჯანელი ახალგაზრდების კავშირის“ ხელმძღვანელს, ლეილა მამედოვას მიაჩნია, რომ ეს არ არის მხოლოდ მარიამ ჯაშის მიდგომა. „ეს ქართული საზოგადოების დამოკიდებულებაა [არა მხოლოდ აზერბაიჯანელების, არამედ, ზოგადად, ეთნიკური უმცირესობების მიმართ], რომ საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქე, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, ქართველი არ არის. რატომღაც ჩვენთან მხოლოდ ეთნიკური ქართველი მიიჩნევა ქართველად. მაგრამ თუ ჩვენ ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, ეს წარმოდგენები უნდა შეიცვალოს. ამისთვის კი პოლიტიკური ნებაა საჭირო“.

„რა თქმა უნდა, გულსატკენია და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ხელისუფლებაში, ზოგადად, არ ესმით რა არის ინტეგრაცია, ხოლო მასზე აპელირება აქამდე დემაგოგიის ფარგლებს ვერ გასცდა და ჩანს, რომ კიდევ კარგა ხანს ვერ გასცდება. საჯარო თუ სახელმწიფო მოხელეებისთვის გაუგებარია ეს ფენომენი, მათ ამის გასაგებად არაფერი გაუკეთებიათ და, ალბათ, ამიტომაცაა, რომ ინტეგრაცია რეალურ ცხოვრებაში სტიქიურად ხდება თუ ხდება, ვიდრე გააზრებულად“, – ამბობს ოქტაი ქაზუმოვი და აღნიშნავს, რომ ეს საკითხი ყოველდღიურად განიხილება აზერბაიჯანულ თემში ყველა დონეზე – საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან დაწყებული, რიგითი მოსახლეობით დამთავრებული.

„ვფიქრობ, სანამ რამე საჯარო მიმართვას მოვამზადებდეთ (ეს აუცილებელია), საინტერესო იქნება თავად ქალბატონი ჯაშის პოზიციის კიდევ ერთხელ მოსმენა“, – დასძენს თბილისში მცხოვრები ქართველოლოგი.

ავტორი: აიდან იუსუბოვა

„ჩემი შემოსავალი ეს იყო, რა ვქნა ახლა?“ – კვადროციკლის გამქირავებლები აქციას გეგმავენ

„ეს რომ აკრძალეს, ვინმემ ჩვენზე თუ იფიქრა, რა უნდა ვქნათ?“ – ეს კვადროციკლისა და ელექტრომობილების ერთ-ერთმა გამქირავებელმა გვითხრა ბათუმის ბულვარში. ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, პირველი მაისიდან ბათუმის ბულვარში კვადროციკლების, მოტოციკლებითა და ელექტრომობილებით სეირნობა აიკრძალება. ეს გადაწყვეტილება საკრებულომ დღეს, 5 მარტს, მიიღო.

საკრებულოს გადაწყვეტილების საპასუხოდ ბულვარში საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. კვადროციკლის გამქირავებლები ეთანხმებიან ბულვარის ადმინისტრაციას და საკრებულოს იმაში, რომ სიტუაცია ხშირად უმართავი იყო, თუმცა მათი აზრით, აკრძალვა გამოსავალი არ არის.

„უნდა მიეღოთ რეგულაციები, როგორ გაუმჯობესებულიყო. კი, იყო ქაოსი, მაგრამ ახლა რა უნდა ქნას ამდენმა ხალხმა? იცით თქვენ რამდენი ადამიანი მუშაობდა ამ საქმეზე? ხალხს სესხი აქვს აღებული და ტენდერს უცდიდა ისევ. რომ იძახიან დაზიანდა ხალხიო, არავინ არ დაზიანებულა ჩემთან. ან თუ დაზიანებაა, ველოსიპედით მოსიარულეც ზიანდება მასე,“ – ამბობს ნოდარ დუმბაძე.

ბადრი ყურშუბაძე დანახარჯზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მან და კვადროციკლის სხვა გამქირავებლებმა გაიღეს. მისი თქმით, საკრებულოს გადაწყვეტილება ათეულობით ოჯახს დააზარალებს.

„ერთი კვადროციკლი, ჩამოყვანის ხარჯიანად, 700 დოლარი ჯდება. მე არ დამიხარჯავს, მეგობრისაა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. 100 ცალი იყიდა და ამის იმედი ჰქონდა… ითქვა, რომ სხვაგან შეიძლება მოეწყოს ამისთვის ადგილიო, მაგრამ სხვაგან სად, ქუჩაში ვერ ივლი ამით,“ – გვითხრა ბადრი ყურშუბაძემ.

მოსაზრებას, რომ კვადროციკლით ხშირად ადამიანები ზიანდებოდნენ, ეთანხმება ელექტრომანქანების კიდევ ერთი გამქირავებელი მამუკა ქათამაძეც. იგი მიიჩნევს, რომ თუკი დაცვის პოლიცია სიტუაციას გააკონტროლებდა, პრობლემა მოგვარდებოდა.

„პრობლემა იყო ასევე კვადროციკლების დიდი რაოდენობა. თუკი იმ რაოდენობის კვადროციკლი იქნებოდა აქ, როგორც ეს ტენდერით იყო გათვალისწინებული, მაშინ აღარ იქნებოდა პრობლემა…. დაცვის პოლიციას კი არ უნდა ეძინოს, უნდა ნახოს, ვინ სად დადის და დააჯარიმოს, თუ ვინმე ზოლზე არ მოძრაობს.

მე ახლაც სეზონს ვუცდიდი, რომ რამე მეშოვა. ამით ვირჩენდი თავს, ახლა რა ვქნა? ქვევითაც თქვეს ბიჭებმა საპროტესტო აქცია გავმართოთ მერიასთანო, სხვა გამოსავალი არ ვიცი“, – უთხრა „ბათუმელებს“ მამუკა ქათამაძემ.

ნოდარ დუმბაძე

პირველი მხატვარი ქალი აჭარიდან – გამოფენა ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში

დღეს, 5 მარტს, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში პირველი აჭარელი  მხატვარი ქალის, მუთებერ ვარშანიძის საიუბილეო გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე მხატვრის ორი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

“წითელარმიელის დაბრუნება” – ასე ჰქვია მუთებერ ვარშანიძის ზეთით შესრულებულ ნამუშევარს, რომელიც სოცრეალიზმის ნიმუშადაა მიჩნეული. ნახატი მუზეუმში 1968 წელს მიიტანეს მხატვრის ოჯახის წევრებმა. მეორე ნამუშევარი, ნატურმორტი, საგამოფენოდ გადასცა მუზეუმს მხატვრის დისშვილმა, ქეთევან თალაკვაძემ. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო “აჭარისტანის” 1932 წელს დაბეჭდილი  რუკა, რომლის მხატვრული ელემენტებით გაფორმება ასევე მუთებერ ვარშანიძეს ეკუთვნის.

პირველი აჭარელი ქალი მხატვრის შესახებ  მწირი ცნობები მოიპოვება. ცნობილია, რომ ის თურქეთში დაიბადა. გასაბჭოების შემდეგ მისი ოჯახი ბათუმში დაბრუნდა. მხატვარი საქართველოში 1936 წელს გარდაიცვალა, 30 წლის ასაკში.

მუთებერ ვარშანიძის საიუბილეო გამოფენა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში

Exit mobile version