სიახლეები

ეს საკუთარი მოქალაქეების მძევლად აყვანაა – ეთნიკური აზერბაიჯანელები მარიამ ჯაშის განცხადებაზე

05.03.2019 • 2943
ეს საკუთარი მოქალაქეების მძევლად აყვანაა – ეთნიკური აზერბაიჯანელები მარიამ ჯაშის განცხადებაზე

„როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, მე აქ ვიხდი გადასახადებს და საჯარო მოხელისგან, რომელსაც მე ვუხდი ხელფასს, ვითხოვ, რომ ჩემზე და ჩემს უფლებებზე საუბრისას, სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე არ გააკეთოს აქცენტი“, – ასე ეხმაურება ლეილა მამედოვა საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომის შემდეგ დეპუტატ მარიამ ჯაშის მიერ გაკეთებულ განცხადებას, როდესაც მან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების მდგომარეობაზე ისაუბრა. 2019 წლის 26 თებერვალს დეპუტატმა თქვა, რომ „აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების უფლებები საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების უფლებებს უნდა გაუთანაბრდეს, როგორც განათლების, ასევე სხვა სერვისებზე“.

მარიამ ჯაშის ეს განცხადება ქართულ მედიასივრცეში რამდენიმე ოფიციალურმა და არაოფიციალურმა პირმა გააკრიტიკა და საკითხი ამით ამოიწურა, მაგრამ აზერბაიჯანულ თემში ეს განცხადება ჯერ კიდევ დისკუსიის საგანია. ყველა ის პირი, ვისაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობს, რომ თავს დამცირებულად გრძნობს. მათ ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია, რა სახის რეაგირება შეიძლება ჰქონდეთ დეპუტატის ამ განცხადებაზე, რომელსაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა გამაოგნებელი“ უწოდა, ხოლო სახალხო დამცველმა თქვა, რომ „მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით გამოყოფა მიუღებელია“.

„საქართველოს აზერბაიჯანელი ახალგაზრდების კავშირის“ ხელმძღვანელის, ლეილა მამედოვას აზრით, მოქალაქემ თავისი უფლებების დაცვა იმ ქვეყნისგან უნდა მოითხოვოს, რომლის მოქალაქეც თავად არის:

„მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, მიუხედავად ჩემი ეთნიკური წარმომავლობისა, ვარ ქართველი, რადგან ვარ საქართველოს მოქალაქე და საკუთარ სახელმწიფოსგან ვითხოვ პატივისცემას. ვითხოვ, რომ განმიხილოს როგორც საქართველოს თანაბარუფლებიანი მოქალაქე და ჩემი უფლებები არ შეადაროს, გაათანაბროს, რომელიმე ქვეყნის მოქალაქის უფლებებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი კანონები და ჩვენი კონსტიტუცია“.

ლეილა მამედოვა

„ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის“ მეცნიერ თანამშრომელი, ქართველოლოგი ოქტაი ქაზუმოვი მიიჩნევს, რომ დეპუტატ ჯაშის განცხადება არის როგორც „სამართლიანი“, ისე „უსამართლო“. სამართლიანია, როდესაც მეზობელ სახელმწიფოში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით უფრო მეტის გაკეთება სურს და საამისოდ საჯარო და ღია მოწოდებებს აკეთებს. უსამართლოა – რადგან იგი საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელებს ჯერ კიდევ მეზობელი სახელმწიფოს ორგანულ ნაწილად მიიჩნევს.

ოქტაი ქაზუმოვის თქმით, თუ მარიამ ჯაში საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელებს არ „ჩარევდა“ ამ საკითხში და ისე ისაუბრებდა აზერბაიჯანის მოქალაქე ქართველების უფლებებზე, ეს იქნებოდა და არის კიდეც სამართლიანი:

„მაგრამ როცა ვიღაცას, მეზობელ სახელმწიფოს „დაამუნათებ“ შენივე მოქალაქეების ეთნიკური ნიშნის გამოყენებით, ანუ არა საერთაშორისო კონვენციებს, არამედ ეთნიკურ ფაქტორს ერთგვარ „ვაჭრობის საგნად“ აქცევ, მოსახლეობას მინიმუმ სამი ასპექტით ამცირებ: შენ მათ სრულუფლებიან მოქალაქეებად არ აღიქვამ, ამით საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელებსა და აზერბაიჯანის მოქალაქე ქართველებს ერთგვარ „მძევლებად“ განიხილავ, ქვეყნის მოქალაქეებს შორის განხეთქილება შემოგაქვს“.

ოქტაი ქაზუმოვი

ოქტაი ქაზუმოვის აზრით, დეპუტატმა მისდაუნებურად ღრმად ფესვგამდგარი სტერეოტიპი გამოაჩინა: „მარიამ ჯაში აცხადებს, რომ ჩვენ „კარგად“ ვექცევით „თქვენიანებს“ და, შესაბამისად, თქვენც „კარგად“ მოექეცით ჩვენიანებსო. ახლა მთავარია ყველამ ერთად დავძლიოთ იგი [სტერეოტიპი]“.

„საქართველოს აზერბაიჯანელ ახალგაზრდების კავშირის ხელმძღვანელის“, ლეილა მამედოვას დაკვირვებით, აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების პრობლემებს, ბოლო წლებია, საზოგადოება კონტურ [საგნის საერთო გარეგანი მოხაზულობა] არგუმენტად იყენებს დისკუსიებში, როდესაც საუბარი ეხება საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების პრობლემებს:

„მე შეიძლება არ ვიცნობ აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების პრობლემებს, მაგრამ რომელიმე ქვეყანაში ეთნიკური ან რელიგიური უმცირესობების, ზოგადად, უმცირესობების უფლებები თუ ირღვევა, პირველ რიგში, საუბარია ადამიანის უფლებებზე და, შესაბამისად, იქ არსებულმა ინსტიტუტებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა ერთობლივად უნდა იმუშაონ ამ პრობლემების მოგვარებაზე. როცა ირღვევა ადამიანის უფლებები, ეს ნებისმიერი გზით უნდა იქნას მოგვარებული, მაგრამ ამის ასე გამოხატვა, რომ უფლებები უნდა გათანაბრდეს, ძალიან არასწორია“.

სამირა ბაირამოვა კი ის აქტივისტია, რომელიც რამდენჯერმე პირადად იმყოფებოდა აზერბაიჯანში, კახში, სადაც ქართველები ცხოვრობენ.  სამირას ინფორმაციით, რომელიც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა, აზერბაიჯანში 14 900 ქართველი ცხოვრობს. ისინი კომპაქტურად არიან დასახლებული კახის რაიონში.

სამირა ბაირამოვა აცხადებს, რომ პირადად მოინახულა კახში ეკლესიები და ადგილობრივებს ესაუბრა: „როგორც მითხრეს, სოფლებში, სადაც, ძირითადად, ეთნიკური ქართველები ცხოვრობენ, შიდა გზების პრობლემა აწუხებდათ. ქართული ენის შენარჩუნების პრობლემაზე არ უსაუბრიათ, მათ თავისებური კილო აქვთ. ასევე მითხრეს, რომ იქაურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს ერთი და იგივე პრობლემა აწუხებთ – სიტყვის თავისუფლება, ჩინოვნიკების მხრიდან უსამართლო ქცევა“.

სამირა ამბობს, რომ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დასადგენად საჭიროა სიღრმისეული კვლევა, რადგან „ერთჯერადი  ვიზიტებით, სამწუხაროდ, რეალური სურათის დანახვა რთულია“: „შესაბამისად, მიუღებელია ქალბატონი ჯაშის განცხადება, აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების უფლებების გათანაბრებაზე, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების უფლებებთან. ქალბატონი ჯაში ვერ შეადარებს 233 ათასი ადამიანის უფლებას 14 000 ათასის უფლებას. მას შეუძლია 14 000 ქართველის უფლება, რომლებიც ცხოვრობენ აზერბაიჯანში, შეადაროს მცხეთასა და კასპში მცხოვრები აზერბაიჯანელების ყოფას, სადაც იგივე პრობლემა აქვთ – არც აზერბაიჯანული სკოლაა, არც თეატრი და ასევე ენის შენარჩუნების პრობლემაც“.

სამირა ბაირამოვა

სამირა ბაირამოვას სათემო რადიო „მარნეულში“ საავტორო გადაცემა მიჰყავს. ერთ-ერთ ბოლო გადაცემაში საქართველოს პარლამენტის წევრ რუსლან გაჯიევის, რომელიც იმ კომიტეტის [განათლების, მეცნიერებისა და კულტურის] წევრია, რომელსაც მარიამ ჯაში ხელმძღვანელობს, ჰკითხა, იზიარებს თუ არა თავისი კოლეგის განცხადების პათოსს „უფლებების გათანაბრების“ შესახებ. რადიოს ეთერში დეპუტატმა თქვა, რომ ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უფლებების გათანაბრება ან შედარება მისთვის მიუღებელია.

„საქართველოს აზერბაიჯანელი ახალგაზრდების კავშირის“ ხელმძღვანელს, ლეილა მამედოვას მიაჩნია, რომ ეს არ არის მხოლოდ მარიამ ჯაშის მიდგომა. „ეს ქართული საზოგადოების დამოკიდებულებაა [არა მხოლოდ აზერბაიჯანელების, არამედ, ზოგადად, ეთნიკური უმცირესობების მიმართ], რომ საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქე, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, ქართველი არ არის. რატომღაც ჩვენთან მხოლოდ ეთნიკური ქართველი მიიჩნევა ქართველად. მაგრამ თუ ჩვენ ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, ეს წარმოდგენები უნდა შეიცვალოს. ამისთვის კი პოლიტიკური ნებაა საჭირო“.

„რა თქმა უნდა, გულსატკენია და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ხელისუფლებაში, ზოგადად, არ ესმით რა არის ინტეგრაცია, ხოლო მასზე აპელირება აქამდე დემაგოგიის ფარგლებს ვერ გასცდა და ჩანს, რომ კიდევ კარგა ხანს ვერ გასცდება. საჯარო თუ სახელმწიფო მოხელეებისთვის გაუგებარია ეს ფენომენი, მათ ამის გასაგებად არაფერი გაუკეთებიათ და, ალბათ, ამიტომაცაა, რომ ინტეგრაცია რეალურ ცხოვრებაში სტიქიურად ხდება თუ ხდება, ვიდრე გააზრებულად“, – ამბობს ოქტაი ქაზუმოვი და აღნიშნავს, რომ ეს საკითხი ყოველდღიურად განიხილება აზერბაიჯანულ თემში ყველა დონეზე – საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან დაწყებული, რიგითი მოსახლეობით დამთავრებული.

„ვფიქრობ, სანამ რამე საჯარო მიმართვას მოვამზადებდეთ (ეს აუცილებელია), საინტერესო იქნება თავად ქალბატონი ჯაშის პოზიციის კიდევ ერთხელ მოსმენა“, – დასძენს თბილისში მცხოვრები ქართველოლოგი.

ავტორი: აიდან იუსუბოვა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: