მთავარი,სიახლეები

„გივი სიხარულიძისთვის „ხელოვნების ქურუმის“ წოდება ქალთა მიმართ სიძულვილის წახალისებაა“

06.03.2019 • 1719
„გივი სიხარულიძისთვის „ხელოვნების ქურუმის“ წოდება ქალთა მიმართ სიძულვილის წახალისებაა“

ორგანიზაციები: „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ და „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)“  მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან  მსახიობ გივი სიხარულიძისთვის „ხელოვნების ქურუმის“ წოდების მინიჭება წარმოადგენს ქალთა უფლებებისადმი სიძულვილის წახალისებას და ხელს უწყობს საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების გამყარებას, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სხვადასხვა ჯგუფის მიმართ სიძულვილის გამომჟღავნება  პროფესიულ საქმიანობაში დაბრკოლებას არ წარმოადგენს.

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში 2019 წლის პირველ მარტს მსახიობ გივი სიხარულიძის საიუბილეო საღამო გაიმართა, სადაც  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა გივი სიხარულიძეს „ხელოვნების ქურუმის“ ჯილდოსთან ერთად საპატიო სიგელიც გადასცა. მოგვიანებით, ჯილდოს გადაცემასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ განმარტა, რომ მსახიობს ჯილდო ქორეოგრაფთა კავშირის წარდგენით მიენიჭნა.

გივი სიხარულიძემ გასული წლის ნოემბრის თვეში ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ საჯაროდ აღიარა, რომ ქალზე იძალადა. „ამასთან, მსახიობი ცნობილია ქალთა მიმართ თავისი სექსისტური დამოკიდებულებით. მას არაერთ გადაცემასა თუ ინტერვიუში საჯაროდ გამოუხატავს სიძულვილი ჰომოფობიურ და სექსისტურ ნიადაგზე, აღუნიშნავს, რომ არ აღიარებს გენდერულ თანასწორობას და ქალებს კაცთა დაქვემდებარებაში მყოფებად მოიაზრებს.

სახელმწიფო უწყებები მაქსიმალურად უნდა ზრუნავდნენ, ხელი შეუწყონ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას, ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, სტერეოტიპების ნგრევას. აღნიშნულის საპირისპიროდ კი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ჯილდოს და საპატიო სიგელი გადასცა იმ პირს, ვინც განსაკუთრებულ აგრესიას ამჟღავნებს გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და გამოირჩევა ჰომოფობიური და სექსისტური განცხადებებით. რითაც,სახელმწიფო  არათუ ხელს უწყობს გენდერული დისკრიმინაციის  აღმოფხვრასა და სტერეოტიპების ნგრევას, პირიქით – თავად გვევლინება ქალთა უფლებების მიმართ სიძულვილის წამხალისებლად, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოვუწოდებთ, გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოიჩინოს გულისხმიერება გენდერული დისკრიმინაციის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მიმართ, რათა თავიდან აიცილოს ქალთა უფლებების მიმართ სიძულვილის წახალისების შემთხვევები“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: