მთავარი,სიახლეები

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შესაძლოა ბოლომდე „ანაგმა“ მიიყვანოს

05.03.2019
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შესაძლოა ბოლომდე „ანაგმა“ მიიყვანოს

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, შესაძლოა, მთლიანად „ანაგმა“ დაასრულოს. კომპანია შპს „სტადიონს“ მეორე ეტაპის სამუშაოების შესრულებას ყველაზე დაბალ ფასად, 20 მილიონ 780 ათას ლარად სთავაზობს.

„ანაგი“ სტადიონის მშენებლობის პირველ ეტაპზე გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებულია, რომელმაც სტადიონის რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მშენებლობა, ასევე, ლითონის სახურავის მოწყობა მთლიანად დაასრულა. მემბრანული გადახურვა კი 50%-ია გაკეთებული. სტადიონზე ყველაზე ბოლოს უნდა დამონტაჟდეს სკამები და მოეწყოს მინდვრის საფარი.

მშენებლობის მეორე ეტაპზე შესასრულებელია გარე ტერიტორიის კეთილმოწყობის, მათ შორის გამწვანების, პარკინგის, ელექტრომომარაგების სისტემისა და განათების, ასევე, IT ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები; უნდა მოეწყოს დაცვისა და უსაფრთხოების სისტემების ინფრასტრუქტურული (საინჟინრო კომუნიკაციების) ქსელები და სხვა.

უცნობია, ეყოლება თუ არა ცალკე ტექნიკური ზედამხედველი მეორე ეტაპის სამუშაოებს. შპს „სტადიონში“ გვითხრეს, რომ „ეს შეთანხმების საკითხია“.

შპს „სტადიონმა“ მეორე ეტაპის სამუშაოებზე ტენდერი 2019 წლის 7 თებერვალს გამოაცხადა, წინადადებების მიღება კი პირველ მარტს შეწყდა. სატენდერო თანხა 21 922 803 ლარი იყო. ტენდერი, რომელიც აუქციონის გარეშეა გამოცხადებული, შერჩევა-შეფასების ეტაპზეა, ამიტომ ჯერ უცნობია, მონაწილეობს თუ არა მასში სხვა პრეტენდენტი „ანაგის“ გარდა.

ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე [პირველი ეტაპი] კომპანია „ანაგთან“ ხელშეკრულება 99 448 408 ლარზეა გაფორმებული [დღგ-ს გარეშე].

მშენებლობის პირველი და მეორე ეტაპები, ანუ მთლიანად საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, 2020 წლის 15 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.

ამ დროისთვის არ არის გადაწყვეტილი, თუ რა ფერის სკამები დამონტაჟდება სტადიონზე; ვისი სახელობის იქნება ბათუმის ახალი სტადიონი ან საერთოდ, იქნება თუ არა ვინმეს სახელობის.

აჭარის მთავრობას არც ის აქვს გადაწყვეტილი, თუ ვინ გაუწევს მენეჯმენტს ახალაშენებულ სტადიონს.

ბათუმის სტადიონი / რენდერი

 

მთავარი ფოტო: ბათუმის მშენებარე საფეხბურთო სტადიონი / ფოტო: აჭარის ეკონომიკის სამინისტრო

ამ თემაზე:

დიდი ფული არც ისე დიდი სტადიონისთვის

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: