მთავარი,სიახლეები

ვინ დაწვა პუშკინის ქუჩაზე სახლი და სავაჭრო ობიექტები – სასამართლო განხილვა

06.03.2019 • 1358
ვინ დაწვა პუშკინის ქუჩაზე სახლი და სავაჭრო ობიექტები – სასამართლო განხილვა

„კარგი გადაწყვეტილებაა, რომ აღარ შიმშილობთ,“ – ამ სიტყვებით მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბრალდებულს მიმართა. 22 წლის ბრალდებულს გამოძიება პუშკინის ქუჩაზე, სავაჭრო ობიექტებში ხანძრის გაჩენას ედავება. ის ბრალს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად 21 დღე შიმშილობდა.

საუბარია გასული წლის 30 აგვისტოს პუშკინის ქუჩა 24-ში გაჩენილ ხანძარზე, რის შემდეგაც საცხოვრებელი სახლი და 6 სავაჭრო ობიექტი სრულად დაიწვა. ხანძრისგან მიყენებული ზიანი მილიონ 300 ათას ლარად შეფასდა.

ამ ფაქტიდან 4 თვის შემდეგ, გასული წლის დეკემბერში, პროკურატურამ ზესტაფონში მცხოვრები ბესარიონ ბ. დააკავა, თუმცა დაცვის მხარის მტკიცებით, ამას არც ერთი მოწმე არ ადასტურებს.

„ის დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიდეოსათვალთვალო კადრში გამოჩნდა, როცა შენობაში შედის და მერე იქედან გამოდის… არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს, რაც ბრალდებულის მიერ ამ დანაშაულის ჩადენას დაადასტურებს. ბესო იმ ჩიხში, უბრალოდ, მოსაშარდად შევიდა,“ – გვითხრა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა მზია ზოიძემ.

ადვოკატის მტკიცებით, ბრალდებული გასული წლის ზაფხულში გონიოში, ერთ-ერთ რესტორანში მუშაობდა უფროს მზარეულად, საზაფხულო სეზონის დასრულების შემდეგ კი, ზესტაფონში დაბრუნდა.

„მე მივიღე ოპერატიული ინფორმაცია 15 სექტემბერს,“ – უთხრა მოსამართლეს მოწმის სახით დაბარებულმა გამომძიებელმა, როინ ართმელაძემ. – „ეს არ იყო კონფიდენტისგან მიღებული ინფორმაცია, პირადი კონტაქტი იყო… მან მითხრა, რომ ამ პირმა გააჩინა ხანძარი.“

„მან პირადად დაინახა, რომ ხანძარი ბესარიონმა გააჩინა?“ – იკითხა ადვოკატმა მზია ზოიძემ.

„არა. ფაქტს არ შესწრებია. ასე რომ ყოფილიყო, მაშინ მოწმე იქნებოდა…“ – აღნიშნა მოწმემ.

მოწმე პოლიციელების თქმით, მათ მიიღეს „ოპერატიული ინფორმაცია“ დამნაშავის შესახებ. თუმცა არც ამ ინფორმაციის ავტორი  ყოფილა თვითმხილველი. სხვა პირდაპირი მტკიცებულება კი საქმეში არ არსებობს.

დღესვე მოსამართლემ კიდევ ერთი გამომძიებლის ჩვენება მოისმა, რომელმაც სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღო და საქმეს დაურთო.

„იქ ჩანდა, ეს პატივცემული სადაც გადაადგილდებოდა,“ – თქვა გამომძიებელმა ზურაბ მამულაძემ.

ვიდეოჩანაწერები მოსამართლეს ჯერ არ უნახავს, თუმცა ადვოკატის თქმით, იქ მხოლოდ ის ჩანს, როგორ შედის ბრალდებული ხანძრის გაჩენამდე ნახევარი საათით ადრე შენობაში და რამდენიმე წუთში ისევ ქუჩაში ბრუნდება.

„იქ მეტი არაფერია დაფიქსირებული… გამოძიებას ისიც არ აქვს დადგენილი, კონკრეტულად რისგან, რა ნივთიერებისგან არის გაჩენილი ხანძარი,“ – ამბობს ადვოკატი მზია ზოიძე.

„იმავე დღეს სხვა ვიდეოკამერის ჩანაწერიც არსებობს,“ – გვითხრა სასამართლო პროცესის შემდეგ პროკურორმა ზურაბ კონცელიძემ. მისი თქმით, „სხვა ვიდეოში“ ჩანს, როგორც ცდილობს იქვე ახლოს მდებარე ქუჩაზე ბრალდებული ბუჩქისთვის ცეცხლის წაკიდებას.

პროკურორის განმარტებით, შესაძლოა, პირდაპირ ვერავინ დაინახა, ვინ გააჩინა ხანძარი, „მაგრამ იმ ჩიხში ბრალდებულის გარდა არავინ შესულა ხანძრის გაჩენამდე ნახევარი საათით ადრე,“ – დასძინა პროკურორმა.

ზურაბ კონცელიძემ დაგვიდასტურა, რომ ამ დრომდე გამოძიებას არ აქვს დადგენილი, რა მოტივით წაუკიდა ცეცხლი ბრალდებულმა სავაჭრო ობიექტებს პუშკინის ქუჩაზე.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში ბესარიონ ბ.-ს სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: