მთავარი,სიახლეები

ელენე, 65 წლის დამოუკიდებელი ტაქსის მძღოლი

06.03.2019 • 2322
ელენე, 65 წლის დამოუკიდებელი ტაქსის მძღოლი

„15 წელია ტაქსის მძღოლი ვარ და მხოლოდ ორჯერ გადამაგდეს კლიენტებმა, გოგომ სამი ლარი არ გადამიხადა და წავიდა, ერთხელაც ბიჭმა არ გადაიხადა ოთხი ლარი, სულ ეგ იყო. ღამის სამამდე ვმუშაობ და საეჭვო ხალხს და არაფხიზელებს მანქანაში არ ვისვამ, ერთს მივანათებ ფარებს და უკვე ვიცი ვინ ვინ არის, პატარა გოგო ხომ აღარა ვარ? ტაქსის კომპანიებში არასოდეს ვიმუშავებ, დამოუკიდებელი ტაქსისტი ვარ“, – ამბობს 65 წლის ტაქსის მძღოლი, ელენე მენთეშაშვილი.

25 წელია რაც ავტომანქანას მართავს. შინდისფერი „ოპელ ასტრა“, რომელიც ახლა აქვს, ელენე მენთეშაშვილის მესამე ავტომანქანაა, აქამდე ორი ჟიგული გამოიცვალა.

ელენე მენთეშაშვილის ფოტო დღეს დილით მისმა კლიენტმა გაავრცელა საკუთარ ფეისბუქგვერდზე. პოსტს ორი ათასზე მეტი გაზიარება და ასზე მეტი კომენტარი აქვს.

ელენე თბილისში, ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობს, საკუთარი სახლი კი დაგირავებული აქვს. ამბობს, რომ ტაქსის მძღოლობით ცდილობს ეს თანხა შეაგროვოს და ბინა არ დაკარგოს.

„ღმერთმა მძღოლობის მარიფათი მომცა, ყველას ეგ არ შეუძლია. ხანდახან მომეშლება ხოლმე ნერვები საცობებში, მაგრამ აბა როგორ არ გაბრაზდები – ქალაქში ნახევარზე მეტმა ტარება არ იცის და ვერ გაიგებ მართვის მოწმობა რაში მისცეს.

შაბათ-კვირასაც ვმუშაობ, არ მეზარება. ჩემი ნებაა მუშაობაც და დასვენებაც, მაგრამ არ მეზარება“, – ამბობს ელენე.

30 წელი პურის მაღაზიაში იმუშავა, მერე – მარკეტში, ბოლოს მაღაზიის გამგე გახდა, მაგრამ პრივატიზაციის შემდეგ მაღაზიამ მუშაობა შეწყვიტა და ელენე უსამსახუროდ დარჩა. მანქანის ტარება ახალგაზრდობიდანვე იცოდა და ამიტომ ტაქსის მძღოლობა გადაწყვიტა, ჟიგული იყიდა და საქმეს შეუდგა.

ელენე მენთეშაშვილი ჩვეულებრივი ტაქსის მძღოლი არ არის: ერიდება საცობებს, არასდროს მოძრაობს გარეუბნებში და ქალაქის მხოლოდ ცენტრალურ ნაწილში გადაადგილდება. არც ტაქსების კომპანიაში აპირებს არასდროს გაერთიანებას და, როგორც თვითონ ამბობს, დაუგეგმავი გრაფიკით, თავისუფლად მუშაობა ურჩევნია.

ტაქსებს შორის კონკურენცია თბილისში დიდია, მაგრამ ელენე ამ კონკურენციას უმკლავდება, მისი ძირითადი კლიენტები მეზობლები და შემთხვევითი მგზავრები არიან, ვინც ქუჩაში გააჩერებს, ზოგიც ნომერს სთხოვს, რომ შემდეგ ჯერზეც გამოიძახოს…

ელენე საკუთარ ტაქსის რეკლამას არ უკეთებს. ამბობს, რომ ეს არ სჭირდება და კლიენტები რეკლამის გარეშეც ჰყავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: